div#header

Friday, October 3, 2008

“სამი სახლი” - ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი

“სამი სახლი” სამი ისტორიისგან შედგება, რომლებსაც მატერიალური სახით ერთი ნახატი აკავშირებთ, მორალური თვალსაზრისით კი ადამიანების უნარი შეიწყნარონ, მიუტევონ და უყვარდეთ.

ნინო ძანძავა/ბათუმელები

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, კინოკომპანია დამოუკიდებელი კინოპროექტისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” ერთობლივი ძალისხმევით ზაზა ურუშაძემ, ავტორმა ფილმებისა “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”, “აქ თენდება”, ახალი ნამუშევარი შექმნა. 24 სექტემბერს ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. იმ საღამოს რუსთაველის კინოთეატრში, როგორც ყოველთვის, საშინელი პროექცია იყო. ცუდი პროექცია კი განსაკუთრებით სწორედ ისეთ ფილმებს ვნებს, როგორიც ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარი “სამი სახლია”, ფილმებს, რომლებსაც ესთეტიზმზე აქვთ პრეტენზია. აკი თავად რეჟისორმა განაცხადა, რომ ეს არ არის ტრადიციული ქართული კინო - ეს ევროპული ტიპის ნამუშევარია. თუ პროდუქტის შეფუთვის მიხედვით ვიმსჯელებთ, ევროპულობა ესთეტიზაციისკენ ლტოლვაა. ხოლო თუ არატრადიციულობაში ქართული კინოსთვის დახურული ჰომოსექსუალობის თემა იგულისხმება, მაშინ რეჟისორის განცხადება ასეა თუ ისე ამართლებს ნათქვამს. სხვა მხრივ ცოტა გაუგებარია, რას შეიძლება ნიშნავდეს ტრადიცული ქართული ან მითუმეტეს ევროპული კინო. `სამი სახლი~ არ არის ქართველი რეჟისორებისთვის საყვარელ იგავის ჟანრში გადაწყვეტილი ნამუშევარი, თუმცა ამ ჟანრს ყველა ქართული ფილმი ნამდვილად არ მისდევს. თავის მხრივ ევროპული კინოც არაა ჰომოგენური ცნება...

“სამი სახლი” სამი ისტორიისგან შედგება, რომლებსაც მატერიალური სახით ერთი ნახატი აკავშირებთ, მორალური თვალსაზრისით კი ადამიანების უნარი შეიწყნარონ, მიუტევონ და უყვარდეთ.

სცენარის ავტორი - ზაზა ურუშაძე – შეეცადა გამართული და მყარ ხერხემალზე აგებული ისტორია შემოეთავაზებინა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით შეეკრა იგი, გაემდიდრებინა სიუჟეტი სახასიათო პერსონაჟებით ანუ გამოეყენებინა ყველა ის დეტალი, რომელსაც კინოდრამატურგიის კლასიკურ სახელმძღვანელოებში ამოიკითხავთ. ფილმიც სწორედ ასეთი – კლასიკურ, შესაბამისად ტირაჟირებულ გამოცდილებებზე ორიენტირებული გამოვიდა.

თუმცა კლასიკური სახელმძღვანელოების გამოყენება საჭიროა არაა იმისთვის, რომ ფილმში ყალბი დიალოგები არ გქონდეს. გასაგებია, რომ ქართულ კინოს არ ყავს მიშელ ოდიარი, ვისი დიალოგების ზღვაშიც თავის დროზე ანი ჟირარდო სხვა ფრანგ მსახიობებთან ერთად ბანაობდა და რომელიც, ამავე ქალბატონის თქმით, ტანზე მომდგარი სამოსივით ეკვროდა მსახიობს.

ამ მხრივ ყველაზე ნაკლებად და ამავე დროს ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი შეიძლება ფილმის პირველი ეპიზოდი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედების გმირები XIX საუკუნის არისტოკრატები არიან. ეპოქა პირველ ეპიზოდში გაჟღერებული ფრაზების პათოსს ასეა თუ ისე ამართლებს.

“სამი სახლი” ბოლო პერიოდის ქართულ კინოპროდუქციაში გამორჩეული ნაწარმოებია. ფილმის ყურების დროს იგრძნობა რეჟისორის მცდელობა დახვეწილობა შესძინოს სურათს. პირველ რიგში ეს ეხება ტექნიკურად გამართულ კინოგადაღებას. ეკრანზე არ ჩანს ჭუჭყი, გამოსახულება ნათელია იქ, სადაც რეჟისორი ამის საჭიროებას გრძნობს და პირიქით. იგივეს ვერ ვიტყვით გახმოვანებაზე. მსახიობების დიალოგებს განსაკუთრებულ სიყალბეს სწორედ გახმოვანება სძენს (სამივე ეპიზოდში). დეკორაციების მხატვრებმა (ჯიმშერ ბერძენიშვილი, გია ლაფერაძე, ირაკლი მჭედლიძე, მალხაზ ალავიძე), კოსტიუმების მხატვარმა (თინათინ კვინიკაძე) და ფილმის დამდგმელმა მხატვარმა (თეა თელია) სამი ეპოქის ეკრანული სახის შექმნას კარგად გაართვეს თავი. პირველ ნაწილში მათ ქართული არისტოკრატიული გარემო აღადგინეს, მეორეში – გასული საუკუნის 40-იანი წლები, მესამეში კი – თანამედროვე ეპოქა. როდესაც ფილმს ქართული რეალობის კვალობაზე კარგი დაფინანსება აქვს, ტექნიკური თვალსაზრისით მისი უზრუნველყოფა პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება გქონდეს საჭირო რეკვიზიტი, დეკორაცია, კოსტიუმები, მაგრამ მხოლოდ ბორჯომის ძველწარწერიანი ბოთლით, ირაკლი თოიძის პლაკატით (Родина-мать зовёт!) და ძველი სიგარეტის კოლოფით ეპოქის სურათს ვერ შექმნი. ჩამოთვლილი საგნები ფილმის მეორე, შავ-თეთრ ეპიზოდში ჩანს, რომელიც ემოციურად ყველაზე დატვირთული და დრამატულია. სწორედ აქ ვაწყდებით რეჟისურის პრობლემას, რომელიც ზაზა ურუშაძის ნამუშევრის მთავარი პრობლემაა. ეპიზოდის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა პერიოდში ვითარდება. ნატა მურვანიძის პერსონაჟი მეუღლის, გარდაცვლილი საბჭოთა გენერლის ცხედარს ქმრის საყვარლის ბინაში აკითხავს. ქმრის საყვარლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგანაც გენერალი სწორედ მას ჩააკვდა ხელში.

ამბავი, თავისთავად, ძალიან მომგებიანი და საინტერესოდ მოსათხრობია, მითუმეტეს, როდესაც გვერდით გყავს ისეთი მსახიობი, როგორიც ნატა მურვანიძეა. სცენარისტი ზაზა ურუშაძე რეჟისორ ზაზა ურუშაძეს კარგ საშუალებას აძლევს საბჭოთა ტერორის და შიშის კომიკური ელემენტებით გაჯერებული ატმოსფერო შექმნას, ატმოსფერო, რომელიც ვერ იქმნება ვერც რეკვიზიტის, ვერც კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულების, ვერც სამსახიობო შესრულების ხარისხის და ვერც ნატა მურვანიძის უსაშველოდ ფოტოგენიური გარეგნობით მანიპულირებისას. ამ მხრივ ნატა მურვანიძის ეკა ანდრონიკაშვილის პერსონაჟთან დამშვიდობების და ჩაბნელებულ დერეფანში მისგან პირობის მიღების სცენა მთელ ეპიზოდში საუკეთესოა. ოპერატორი გიორგი ბერიძე და რეჟისორიც თითქოს უკანასკნელ სცენებში ახერხებენ გათავისუფლებას - იქ სადაც სიგარეტის კოლოფები, ბორჯომის ბოთლები და პლაკატები არაა გადასაღები და სადაც მინიმალური საშუალებები - ღრმა დერეფანი და ორი მსახიობი რჩება ამოცანის გადასაწყვეტად. ეპიზოდის დასასრულს მკვდარი გენერლის მთვრალ გენერლად გასაღების სცენა მართალია სასაცილოა, მაგრამ კინომოყვარულს `ქარწაღებულებიდან~ ეშლი უილკისის პერსონაჟის გახსენების ცდუნებას მაინც ვერ აძლევინებს, თანაც მაშინ როცა ურუშაძის ფილმი ნამდვილად არ არის ციტატებით გაჯერებული პოსტმოდერნისტული ნამუშევარი.

“სამი სახლის” პირველი და მეორე ნაწილები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ოპერატორების გადაღებულია (გიორგი შველიძე, გიორგი ბერიძე) და ორ განსხვავებულ სიტუაციას ასახავს, რიტმის თვალსაზრისით იდენტურია. ნელი პანორამების ხშირი გამოყენება, აუღელვებელი ტემპი და დინჯი მონტაჟი ფილმს მცირე დოზით დაძაბულობას მატებს. მაგრამ დაძაბულობის მიღწევა აქ ისევე არ არის ბოლომდე რეალიზებული, როგორც რეჟისორის სხვა მცდელობები შექმნას საშუალოზე მაღალი დონის კინონაწარმოები. ფილმის მესამე ნაწილი დინამიური მონტაჟის პრინციპს მისდევს, მოვლენების განვითარება და დროში ბმა აჩქარებულია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე გარემო (ან გარემოზე შექმნილი სტერეოტიპი) კარნახობს ფილმის ავტორს ნამუშევრის ფორმას.

ფილმის ეპიზოდები არ შედიან ერთმენეთთან წინააღმდეგობაში, არც იდეური და არც ფორმალისტური თვალსაზრისით. ყველაფერი მწყობრად მიედინება. по кадрикам, როგორც ეიზენშტეინი იტყოდა. როდესაც უყურებ ფილმის შავ-თეთრ ნაწილს და ეკრანზე ასეთ ფაქტურულ მსახიობს ხედავ, რომელიც თავის დაჭერის მანერით და მიმიკით ფასბინდერის მსახიობ ქალებს გაგონებს, გინდება იხულიგნო და რეჟისორის სიმწყობრე თავდაყირა დააყენო, დაარღვიო მისი მოწიწება არაფერი შეეშალოს და წესრიგი არ დაერღვეს.

სანამ ადამიანები ეკრანებზე არ ნახავენ “სამი სახლის” მსგავს ბევრ ფილმს, ისინი ვერ მოახერხებენ სათანადოდ გაბრაზებას, მათი სურვილი შეცვალონ ან შექმნან ახალი კინო, არ იქნება საკმარისად მძლავრი. ამიტომ ქართულ ეკრანებზე ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის გამოჩენა თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასეთი ფილმები გადაარჩენენ ქართულ კინემატოგრაფს, მოამზადებენ მას ხელახალი დაბადებისთვის.

ახალი სანიტარული პოლიგონი


დაბა ჩაქვში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აგება იგეგმება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2009-2010 წლისთვის უნდა დასრულდეს და იგი შვიდი მილიონი ევრო დაჯდება. მშენებლობას გრანტის სახით შვედეთი დააფინანსებს. გაუქმდება ბათუმისა და ქობულეთის ნაგავსაყრელები.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები/ ქობულეთის ნაგავსაყრელი

ნაგავსაყრელი პოლიგონისა და ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, იგეგმება. ქარხანაში ნარჩენების გადამუშავების გზით მეორადი პროდუქციის წარმოება მოხდება, მაგალითად, პლასტმასის ბოთლების ჩამოსასხმელად საჭირო მასალა, დამუშავდება ქაღალდი და მინაც. გადამუშავებული კვების პროდუქტების ნარჩენებისგან კი, შესაძლებელია, სასუქი დამზადდეს.

ამჟამად ე.წ. სკოუპინგის პროექტს განიხილავენ, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას გულისხმობს. `სკოუპინგის ეტაპი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, მაგრამ ეს პროექტი საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მოთხოვნები კი, რომლის ხელშეწყობითაც ეს პროექტი კეთდება, ძალიან მკაცრია”, _ ამბობს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი, ირაკლი გორაძე.

დოკუმენტი აჭარის გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ განსახილველად მუნიციპალიტეტებს გადაუგზავნა. მასში შენიშვნების შეტანის ვადა 15 ოქტომბრამდეა. ამის შემდეგ დოკუმენტი დამუშავდება და პროექტის საჯარო განხილვის 120-დღიანი ეტაპი დაიწყება.

დოკუმენტში წინასწარ განსაზღვრულია ის რისკები, რაც შეიძლება ქარხნის ექსპლუატაციის შემთხვევაში გაჩნდეს, მაგალითად, ჰაერისა და წყლის დაბინძურება.
ირაკლი გორაძის განცხადებით, მსგავსი რისკები მინიმალურია, რადგან გადასამუშავებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ძირითადად, მყარია და არ შეიცავს ქიმიურ ან ტოკსიკურ ნარჩენებს.

მისივე თქმით, ჩაქვში ასაშენებელი გადამამუშავებელი ქარხნიდან “არასასურველი ნივთიერებების ზღვაში ჩადენა არ მოხდება, რადგან სანაპირო ზოლში სპეციალური საიზოლაციო კედელი გაკეთდება. გამდინარე წყლები კი, სპეციალურ გამწმენდ ნაგებობაში გატარდება. გადამუშავების დროს ატმოსფეროში გაზები რომ არ გამოიყოს, დამონტაჟდება გაზების შემგროვებელი ტექნოლოგიები, რომელიც მეთანის წვას მოახდენს. ქარხნის მიმდებარე ტერიტორია განაშენიანდება და იზოლირებული იქნება”.

საზოგადოება, “ველური ბუნება _ ჭაობის” პრეზიდენტის, იზო მაჭუტაძის აზრით, ნაგვის დახარისხება ნაგავსაყრელზე არ უნდა მოხდეს - `ცივილიზებულ ქვეყნებში ნაგავს მოსახლეობა ოჯახში ახარისხებს და ამ ფორმით ხდება ნაგავსაყრელისთვის მიწოდება”.

მაჭუტაძის აზრით, ნაგავსაყრელი ზღვასთან ახლოსაა, რის გამოც ქარი ორმხრივად მოძრაობს ზღვიდან მთებისკენ და პირიქით, რაც ჰაერში ნაგვის სუნის გაფანტვას გამოიწვევს. მისი აზრით, პროექტში ტექნიკური დეტალები ძუნწადაა წარმოდგენილი.
ვის დაექვემდებარება ახალი სანიტარული პოლიგონი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. `რადგან სამ მუნიციპალიტეტს (ხელვაჩაურს, ბათუმსა და ქობულეთს) ემსახურება, დაქვემდებარების საკითხი სადავო გახდა~, _ ამბობს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი, ნოდარ კონცელიძე. მისი აზრით, შესაძლებელია ქარხანა დამოუკიდებელ სტრუქტურად დარჩეს ან მთავრობას დაექვემდებაროს.

ქობულეთსა და ადლიაში, ჭოროხის შესართავთან არსებული ნაგავსაყრელები, რომლებიც გარემოს აბინძურებს, დაიხურება.
ნაგავსაყრელების დახურვის პროექტზეც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი მუშაობს. ნოდარ კონცელიძის განცხადებით, ნაგავსაყრელებზე დღეს არსებული ნარჩენები აღარ გადამუშავდება, რადგან ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული: “ნაგავსაყრელების დახურვა უფრო ეკოლოგიური თვალსაზრისით იყო რეკომენდებული” .

ნაგავსაყრელების დახურვა, მიწით (ან თიხით) და სპეციალური ბოჭკოვანი საფარით დაფარვას გულისხმობს. დახურვის შემდეგ ნაგავსაყრელზე მცენარეებიც დაირგვება. `წარმოქმნილი გაზები ჰაერში რომ არ გაიფრქვეს, სპეციალური ტექნოლოგიები აქაც დამონტაჟდება”.

იზო მაჭუტაძე ნაგავსაყრელების ამ ფორმით დახურვასაც ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ნაგავსაყრელზე ხეების განაშენიანება გაზის ემისიის შეგროვებას გამოიწვევს, რაც შესაძლებელია გაუთვალისწინებელი პროცესების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

ნოდარ კონცელიძის განცხადებით, ადლიის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების სიმაღლე 12 მეტრს აღწევს. გრუნტი რბილია, ამიტომ ამ ტერიტორიაზე კაპიტალური მშენებლობის განხორციელება, სულ ცოტა, 20 წელი არ შეიძლება.