div#header

Wednesday, November 19, 2008

ხალხის მმართველობა თუ მმართველობა ხალხის ხარჯზე

ოქტომბრის თვეში ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბადრი ქაჯაიას ხელფასისა და პრემიის სახით 6000 ლარი აქვს ხელზე აღებული: 2500 ლარი ხელფასი, 3200 ლარი პრემია, 800 ლარი სადებუტატო სარგო.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

ათ თვეში ბადრი ქაჯაიამ, მთლიანობაში, 39 862 ლარი (დაქვითვის შემდეგ) აიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის პარალელურად, ქაჯაია მიწის მართვის კომისიის თავმჯდომარეც იყო და თვეში 1500 ლარ ხელფასსაც იღებდა.

საკუთარ თავს პრემიებს 15-წევრიან საკრებულოში თანამდებობის პირები ყოველთვიურად უნიშნავენ. მაგალითად, ჯუმბერ კახიძეს სახელფასო ანაზღაურების სახით, ათ თვეში 15 400 ლარი აქვს მიღებული. პრემიალური თანხა _ 10 130, სადეპუტატო სარგო _ 8 ათასი ლარი. ეს მთლიანობაში (დაქვითვის შემდეგ) 25 147 ლარს შეადგენს.

საკრებულოს 15 დეპუტატზე, ათ თვეში, სადეპუტატო სარგოს სახით, დახარჯულია 120 ათასი ლარი. პრემიის სახით _ 59 740 ლარი; თანამდებობის პირებზე კი სახელფასო განაკვეთის მიხედვით _ 83 000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, `პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შესახებ~ კანონით 4720 ლარია; აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის შრომითი ანაზღაურება კი _ 3310 ლარს შეადგენს.

პრემიების განაწილების პრინციპი

ასეთი კონკრეტული პრინციპი არ არსებობს. პრემიების საკითხს თავად საკრებულო წყვეტს. თუმცა, ცნობილია, რომ პრემიას ადამიანს იმ შემთხვევაში აძლევენ, როცა ის არასამუშაო საათებში მუშაობს ან სამუშაო კარგად აქვს შესრულებული.

ამ საკითხსაც ბადრი ქაჯაიას მაგალითზე თუ განვიხილავთ, ასეთი მდგომარეობა იყო: ოქტომბერში, როცა მან 3200 ლარი მიიღო პრემიის სახით, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაჯაია ვარშალომიძის მოთხოვნით თანამდებობას ტოვებდა.
იმ პერიოდში `ბათუმელები~ თითქმის ყოველდღე ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, მაგრამ იგი მობილურზე საუბრისას აცხადებდა, რომ კომენტარს არ აკეთებდა, ხოლო საკრებულოს პრესცენტრში ამბობდნენ, რომ ქაჯაია სამსახურში არ დადიოდა.

ერთადერთი კომენტარი ქაჯაიამ თანამდებობიდან წასვლის დღეს გააკეთა. ”რა დამსახურებისთვის მომცეს პრემია? კომისიას ჰკითხეთ”, _ განაცხადა მან. მისი `რესპუბლიკელი~ კოლეგები კი ამბობენ, რომ `ნაციონალური~ დამსახურებისთვის: ”3 ნოემბრის არჩევნების დროს იგი დილიდან საღამომდე საარჩევნო შტაბში იჯდა”.
თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე, რომელიც ამავე დროს საპრემიო კომისიის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ ბადრი ქაჯაიამ პრემიის სახით მათგან ბოლო საჩუქარი მიიღო (საკრებულოდან წასვლის შემდეგ იგი გზების დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ დანიშნეს). `წლის ბოლოს დიდ პრემიებში ვეღარ მოხვდება, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საჩუქარი მისთვის ოქტომბერში გაგვეკეთებინა”.

ჯუმბერ კახიძის თქმით, საპრემიერო ფონდი `შინაურულად ნაწილდება~. კომისია ყოველი თვის ბოლოს ჯდება და პრემიას თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ანაწილებს. `ამ ციფრების მოსახლეობაში გამომზეურება არ არის ლამაზი, რადგან ბევრი უმუშევარი გვყავს~, _ ამბობს კახიძე, რომელიც ფიქრობს, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაცილებით მეტს იმსახურებენ. პრემიებს საკრებულოში, ძირითადად, რვა თანამდებობის პირი იღებს.

წელს საკრებულოს ბიუჯეტი 853 ათასი ლარია. მარტო ათი თვის განმავლობაში, დეპუტატების ხელფასებზე 262 740 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოს დეპუტატების საქმიანობა

ბადრი ქაჯაიამ საკრებულოს თავმჯდომარედ ორი წელი და ერთი თვე იმუშავა. ამ პერიოდში, როგორც ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, `საკრებულოში არ ტარდება კომისიის სხდომები, იგნორირებულია რეგლამენტი, ყალბდება დოკუმენტაცია, არ ტარდება ბიუროს სხდომები და დებენ ყალბ დოკუმენტებს~. რეგლამენტის დარღვევას ადასტურებს გიორგი კირთაძეც, რომელიც 15 ნოემბერს საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.
საკრებულოს სხდომებზე საკითხების განხილვა-დისკუსია არ მიმდინარეობს.

გადაწყვეტილება მექანიკურად, ხელის აწევ-დაწევით მიიღება. მსგავსი აქტიურობა იყო ბოლოს წინა სხდომაზეც _ 12 საკითხიდან ათი, დეპუტატებმა ყოველგვარი კომენტირების გარეშე, რამდენიმე წუთში დაამტკიცეს.

`ამ წლებში საკრებულოს დისკრედიტაცია გაიზარდა _ ვირტუალურ სამყაროშია~ _ აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი აზრით, საკრებულო უსუსურ ორგანოდ, მოქმედმა ქალაქის მერმა და ხელისუფლებამ აქცია, რადგან ისინი უხეშად ერევიან საკრებულოს ფუნქციებში.

ბათუმის საკრებულოს არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა. ბათუმში 90 ათასი ამომრჩეველია.

24 წლის საკრებულოს თავმჯდომარე

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ოპოზიცია ყოფილი თავმჯდომარისგან ანგარიშის მოსმენას ითხოვდა, თუმცა ბადრი ქაჯაია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ვინც ქაჯაიას შრომა ანგარიშის მოსმენის გარეშეც დაუფასა, მისი მემკვიდრე _ გიორგი კირთაძე იყო. `დიდი მადლობა ბადრის საკრებულოს ჩამოყალიბებისთვის~, _ განაცხადა მან. გიორგი კირთაძე აქამდე `ნაციონალების~ ფრაქციას თავმჯდომარეობდა. უმრავლესობამ განაცხადა, რომ მისი მთავარი ღირსებაც ესაა.

კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციასაც ჰყავდა _ `ნაციონალი~ ბაჩუკი ჩხეიძე; თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა. საკრებულოს 15 წევრიდან ოთხმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, `ლეიბორისტმა~ რობაქიძემ ბიულეტენი გააფუჭა _ ხმა `ეძგვერაძე ბარნაბას~ მისცა. დანარჩენებმა გიორგი კირთაძე აირჩიეს.

ოპოზიცია კირთაძის კანდიდატურას პროტესტით შეხვდა. `24 წლის ბიჭი თავმჯდომარედ?~, `ბარემ კოკა-კოლას ბოთლი დანიშნეთ~ _ განაცხადა დავით ჩხარტიშვილმა. ამ რეპლიკაზე `ნაციონალმა~ გიორგი დიასამიძემ კუნთებზე დაიხედა. `ვიღაცის ხუშტურებით რატომ ვირჩევთ თავმჯდომარეს~, _ თქვა ჩავლეიშვილმა. `რადგან ვარშალომიძეს მოსწონს, იმიტომ~, _ არ ცხრებოდა რობაქიძე.

ოპოზიცია ქალაქის მერსაც გადაწვდა. `რობერტ ჩხაიძე საკრებულოს პატივს არ სცემს, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ?~ _ ჰკითხა უმრავლესობას ირაკლი ჩავლეიშვილმა. `რესპუბლიკელებმა~ დარბაზი დატოვეს.

სხდომაზე ბევრი ითქვა `ქუჩურ და სიაფანდ ნათქვამებსა~ თუ `კაი ტიპობაზე~. ამ ფრაზებით საკრებულოს წევრები, თავმჯდომარის მოადგილეს მიმართავდნენ.

ოპოზიციის შეცდომები

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე ფინანსებთან დაკავშირებით `ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე~ საუბრობს: `ლეიბორისტი~ დავით რობაქიძეც ოპოზიციაა, მაგრამ უსკოს კომისიაშია და ოთხ თვეში 15 ათას ლარს აიღებს.

`რესპუბლიკელებმა~ უსკოში თავიანთი კანდიდატურა მოხსნეს. მათგან კომისიაში ადგილი თემურ ყურაშვილს ეკუთვნოდა. არ მძინებია იმაზე ნერვიულობით, რომ რაღაც აბსურდული პოლიტიკის გამო, ყურაშვილს 15 ათასი ლარი დააკარგვინეს. გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება მეგობარს ასეთი რამ გაუკეთო~.



აჭარის ბიუჯეტი მცირდება

მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, წლევანდელზე ორი მილიონით ნაკლები იქნება


აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული. პროექტში გათვალისწინებული არ არის თანხები დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ერთი მილიონით შემცირებულია ჯანდაცვის დაფინანსება, 2,7 მილიონი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩამოაჭრეს. სტიქიის ზონაში მოქცეულ რეგიონში, ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენიანებისთვის გამოყოფილია 900 ლარი. სამაგიეროდ გაზრდილია აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული ხარჯები.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

`წელს და 2009 წელშიც ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპებია მოსალოდნელი~, _ აცხადებს აჭარის მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე კი, 3 ნოემბრის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სწორედ ეკონომიკის გაძლიერებით ასაბუთებდა.

რამდენად ადეკვატურია აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებები, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით: ბიუჯეტში ამ კუთხით თითქმის არანაირი ღონისძიება თუ პროგრამა არ არის დაფინანსებული. მთავრობის თავმჯდომარემ ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც იცოდა, ვინაიდან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 14 ოქტომბერს გადასცეს, ანუ 3 ნოემბრის არჩევნებამდე. ეს ვარიანტი კი თითქმის უცვლელად გადაიგზავნა უმაღლეს საბჭოში.

ცენტრალურ ხელისუფლებაზე მიბმული და მისი მოიმედე ადგილობრივი მთავრობა სამომავლოდ, წლევანდელთან შედარებით, რესპუბლიკურ ბიუჯეტსაც ამცირებს _ 2,3 მილიონი ლარით.
`თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებებით მოხდება უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა. 2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ჩვეულ სწრაფ ზრდას; ხოლო აჭარის რეგიონი იქნება ქვეყნის ფლაგმანი~, _ აღნიშნულია 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც მთავრობამ უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა.

პროექტი მთავრობამ უმაღლეს საბჭოში, კანონით 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს, უმაღლესმა საბჭომ კი 14 დღეში განიხილოს და შენიშვნებთან ერთად ისევ მთავრობას გადაუგზავნოს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონპროექტი 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა 14 ნოემბრისთვის კანონმდებლებს მისი განხილვაც კი არ აქვთ დაწყებული. ამით, ჯერ კიდევ მოქმედმა უმაღლესმა საბჭომ, მის მიერვე მიღებული კანონი დაარღვია.
მთავრობა კი, ვიდრე `აგვისტოს ცნობილი მოვლენებისა~ თუ `მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით~ დაზარალებული საქართველოს ეკონომიკა `ჩვეულ სწრაფ ზრდას გააგრძელებს~, დაფინანსებას უმცირებს აჭარის სოფლის მეურნეობის, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ამასთან, სხვადასხვა უწყების დაფინანსება თითქმის 50 პროცენტით მცირდება.

`გასულ წელთან მიმართებაში, კიდევ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება~, _ აღნიშნულია მთავრობის განმარტებით ბარათში. საპირისპირო მონაცემია ბიუჯეტის პროექტში, სადაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯები ერთ მილიონამდე ლარითაა შემცირებული.

ავტონომიის მთავრობისთვის `პრიორიტეტულია გზების გაუმჯობესა-რეაბილიტაციის პროგრამები... კიდევ უფრო გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება~, თუმცა, იგივე მთავრობა, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსებას 2,7 მილიონი ლარით უმცირებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს.

13 მილიონამდე ლარია გაწერილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის; აქედან 8 167 800 ლარი, როგორც დავალიანება, სამინისტრომ სს `თუსთაშს~ უნდა გადაურიცხოს. განმარტებით ბარათში ისიც აღნიშნულია, რომ `გრანტების მოცულობა 2009 წელში, განსხვავევბით 2008 წლისა, როცა რესპუბლიკურ ბიუჯეტს გრანტები საერთოდ არ მიუღია, შეადგენს 8 167.8 ათას ლარს~, ანუ ზუსტად იმ თანხას, რაც მთავრობამ `თუსთასშს~ უნდა მისცეს (თურქული ფირმა `თუსთაში~ მახინჯაურის გვირაბს აშენებდა. მას მშენებლობის უფლება ჩამოართვეს. ფირმამ ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდა აჭარის მთავრობას ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა).

სტიქიის ზონაში მოქცეული რეგიონის ბიუჯეტიდან, მომავალ წელს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომელთა ხელფასებში 1,3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამავე სამმართველოს სამ მიზნობრივ პროგრამაში კი _ 12 800 ლარი (`ტყის განახლებისა და დაცვის პროგრამა~ _ 1 600 ლარი, `ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენების ღონისძიება~ _ 900 ლარი, `აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი~ _ 10 300 ლარი).

იზრდება აჭარის ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხარჯები. დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 5,4 მილიონი ლარიდან, 4,3 მილიონი `ტელევიზიის საინფორმაციო-სამაუწყებლო ღონისძიებებში~ უნდა დაიხარჯოს.
აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, მთლიანობაში, 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული (თუ ქვეყანაში გადასახადების ოდენობა შემცირდება, გამორიცხული არაა, ეს მაჩვენებელი შემცირდეს). ზემოაღნიშნული თანხიდან საჯარო მოხელეთა ხელფასებში სულ 10,5 მილიონი ლარი (აქედან მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 1,2 მილიონი ლარი) დაიხარჯება, 18,8 მილიონი სხვა მომსახურებაზე, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფას 2,3 მილიონი ლარი მოხმარდება.

ბიუჯეტის კანონპროექტი უმაღლესმა საბჭომ 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 118 667 700 ლარითაა განსაზღვრული.



ევროკომისარი შავაძის საქმით ინტერესდება

16 აგვისტოს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ქვრივი, ციცინო შავაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს შეხვდა. შეხვედრა დაგეგმილი სამი წუთის ნაცვლად სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

`კომისარმა დაწვრილებით გამომკითხა როინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი. მერე იმით დაინტერესდა თუ რას ვითხოვდი. მე ვუპასუხე, რომ საქმის სამართლიანი გამოძიება მინდა. კომისარი საკითხის პირად კონტროლზე აყვანას შემპირდა, მითხრა, რომ გამოძიების სამართლიანად ჩასატარებლად ყველა ღონეს გამოიყენებს. ჰამარბერგმა თქვა: ფოტოსურათები ვნახე და ეს იმდენად მძიმე შემთხვევაა, მარტო საქართველოს განსახილველი თემა არ არის. ეს სტრასბურგმა უნდა გამოიძიოსო~, _ ამბობს ციცინო შავაძე.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჰამარბერგმა განაცხადა, რომ იგი კონკრეტული საქმეებით არ ინტერესდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმეს კომისია შეისწავლის. `სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი საქმეები სისტემურ ხასიათს იძენს~, _ განაცხადა ჰამარბერგმა.

შავაძის საქმით საფრანგეთის ელჩი, ერიკ ფურნიეც დაინტერესდა. `ელჩი დახმარებას შემპირდა. მან თქვა, რომ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და გამოძიების მიმდინარეობას თვალს მიადევნებს. თქვა, რომ მივა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში და ამ საკითხზე პასუხს წერილობით მოითხოვს~,_ აცხადებს ციცინო შავაძე.

თბილისიდან დაბრუნებული ციცინო შავაძე მისი და მისი ნათესავების მიმართ მუქარის გაგრძელებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ძალოვნებმა მისი ახლო ნათესავების დაშანტაჟება დაიწყეს: `გვესმის, რომ ჩვენს გასაჩერებლად რომელიმე ახლო ნათესავს დაიჭერენ: შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდონ ან სხვა `ფაქტი~ შექმნან. ყველა შეშინებულია~.

მუქარებთან დაკავშირებით შავაძის ოჯახის წევრებმა პროკურატურას ჩვენებები უკვე მისცეს. ადვოკატი რამინ პაპიძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს: `ამ საქმეზე რამდენიმე ადამიანის დაპატიმრებას აპირებენ. ახლა სპეცსამსახურები იმაზე მუშაობენ, თუ ვინ გაწირონ თავიანთი რიგებიდან, რაც, ბუნებრივია, მათთვის ძალიან მტკივნეულია. პარალელურად, ამის შესამსუბუქებლად, _ შავაძის ოჯახის გაჩერებაზეც მუშაობენ. სწორედ ამის გამო მიმართავენ ზეწოლას ოჯახის ახლობლებზე~.

რაც შეეხება შავაძის სისხლის სამართლის საქმეებს, ადვოკატს მისი გაცნობის უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევენ.

ჯარისკაცი როინ შავაძე 16 აგვისტოს მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკზე დაკავებული ჯარისკაცის ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის დროს მოხდა. საზოგადოებაში არსებული ინფორმაციით კი, ის სამართალდამცავებმა მოკლეს, როგორც სამშობლოს მოღალატე.

”ქალწულობის აღდგენა”- სექსის ბედი ტრადიციულ საზოგადოებაში

სტატიაში მოყვანილი ყველა გმირის სახელი პირობითია. ისინი მცირეწლოვნები არიან. მათი გამოსავალი აბორტი იყო.
- მე აბორტი იმიტომ გავიკეთე, რომ არ ვიცოდი ბავშვი სად წამეყვანა;
- მე მუცელი იმიტომ მოვიშალე, რომ დედაჩემს არ მოსწონდა ჩემი ღარიბი შეყვარებული;
- აბორტის გაკეთებას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ... ძაღლზე უარესი ვარ, შვილი გავწირე;
- ბავშვი იმიტომ მოვიშორე, რომ ბავშვის მამამ ჩემთან ქორწინებაზე უარი თქვა;
- აბორტი არ გავიკეთე. ეს ჯოჯოხეთურად ძნელი იყო. ახლა ბედნიერი ვარ _ 24 წლის შვილი მყავს.

ნათია როყვა/ბათუმელები

ქორწინების გარეშე დაფეხმძიმებული 15-20 წლის ბათუმელი გოგონების ისტორიები იდენტურია: ამ გოგონებმა არ იცოდნენ, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, როგორ უნდა ეცხოვრათ; შეყვარებულებმა არ მოისურვეს ამ გოგონებთან ქორწინება; წყვილის მშობლებმა უარი თქვეს `უკანონო~ შვილიშვილების ოჯახებში მიღებაზე.

მშობლებმა 26 წლის ივეტა გ-ს ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგეს, აბორტის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. ის რვა თვე დადიოდა მუცელაკრული და ტყუპები ცოტა ხნის წინ გააჩინა: `დედაჩემი სამშობიაროში მოვარდა და იძახდა, მოგიკლავ შვილებს და შენც მოგკლავო. კიოდა, რომ ჯვარზე ვიყავი გასაკრავი ან ვირზე შესასმელი... გაგიჟებული დედაჩემი რომ დავინახე, თავის მოკვლა ვცადე, ექიმებმა გადამარჩინეს. სახლში არ მიმიღო, ვერც შვილიშვილებმა მოულბეს გული. დროებით მეგობარმა შემიფარა. დედაჩემის შიშით არც ერთი ნათესავი არ მოსულა და დახმარება არ შემოუთავაზებია. კაცი, ვისგანაც შვილები გავაჩინე, უცხოეთშია წასული. ამ ხნის განმავლობაში არ დაურეკავს. თუ ბავშვების მამა ჩვენზე უარს იტყვის, არ ვიცი, რა გვეშველება...~

საქართველოში ქორწინების გარეშე ქალის ფეხმძიმობა ცოდვაცაა და სირცხვილიც _ სირცხვილია ოჯახისთვის, ნათესავებისთვის. გინეკოლოგთანაც სირცხვილის გამო მიჰყავთ გოგონები, ძირითადად, ნათესავებს ან მეგობრებს. `16 წლის გოგონამ აბორტიც ჩემთან გაიკეთა და ქალიშვილობაც `აღიდგინა~. ის ძალიან განიცდიდა ბავშვის მოშორებას, თუმცა, იმისიც ეშინოდა, მუცელი რომ გამეზრდება, კლასელები დამცინებენო. ნათესავი ეხმარებოდა. როგორც შევატყვე, აიძულებდა კიდეც~, _ ყვება ექიმი ერთი გოგონას ისტორიას.

ნატო მ-ს 25 წლის წინანდელი ისტორიაც არაფრითაა განსხვავებული: `ბათუმში დაბრუნება მრცხვენოდა, სტუდენტი, უქმროდ, შვილიანი ჩამოვედი, საზოგადოების მეშინოდა. წლობით სახლში ჩავიკეტე, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. მერვე კლასში იყო ჩემი ბიჭი, როცა მოვიდა და მკითხა, ნაბიჭვარი რატომ დამიძახესო... ეს სიტყვა თანაკლასელმა წამოაძახა... ჩემს შვილს დეპრესია დაემართა, ორი წელი ექიმთან მკურნალობდა. უხერხულ მდგომარეობაში შვილიც და მეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ეს იმათგან მოდიოდა, ვინც მუდამ მაკრიტიკებდა. ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, ახლა 24 წლის შვილი მყავს~.

ექიმები აბორტებს 25 წლის წინაც აკეთებდნენ, `ქალწულების აღდგენის~ პრაქტიკა კი ცოტა დროს ითვლის. ქალწულობის აღსადგენი ოპერაციები საქართველოში `ღირსეულად გათხოვების~ ეფექტური საშუალებაა. სამ გინეკოლოგთან საუბრის შემდეგ, ალბათ, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ ოპერაციას საკმაოდ ბევრი გოგონა იკეთებს. რაც შეეხება ფასებს, თბილისის ფორუმზე ასეთი ინფორმაცია დევს: `ექიმი ვარ და ვიცი, რომ ნებისმიერი გინეკოლოგი აკეთებს ამას. ფასი 200-300 დოლარია და გამორიცხულია, მამაკაცი რამეს მიხვდეს~.
იმავე თბილისის ფორუმზე, რომელსაც საქართველოში ყველა ინტერნეტ გამოცემაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, წერია: ”არც ერთ ქართველ კაცს არ მოსწონს მისი ნათესავი, და, დეიდა, ბიძაშვილი, ვინმეს საყვარელი რომაა, მაგრამ მათ ვიღაცის ბიძაშვილი ჰყავთ საყვარლად, ან დეიდაშვილი ან და...~ იგივე წყარო _ ”აბა, არაქალიშვილი რომ ჩავბარდე ქმარს, ცოდვა არაა”; და იქვე: ”ყველაფერს ავიტან _ 40 რევოლუციას, დისერტაციას კარალიოკის კურკებზე, შიმშილს, უინტერნეტობას, სიცივეს, უდიპლომობას, მაგრამ მომკალით და ვეღარ ვიტან ამ მენტალიტეტს, აღარ შემიძლიააა...”

ყველა ახალგაზრდა მამაკაცის აზრით კი (ვისთანაც ამ თემაზე ვისაუბრეთ), ეს მათ არ ეხება, რადგან, როცა დაქორწინებას გადაწყვეტენ, საცოლეს სკოლაში მოძებნიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს, აჭარაში, სულ ორი ათას სამოცდახუთი აბორტი გაკეთდა, 15_18 წლის პაციენტებში _ 72 აბორტი. ერთ-ერთი ინკოგნიტო გინეკოლოგი კი ამბობს, რომ თვეში, საშუალოდ, 20-30 მცირეწლოვანს უკეთებს აბორტს. ეს ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ აბორტი კანონით დაშვებულია, მაინც ინკოგნიტოდ დარჩენას ითხოვს.

სტერეოტიპი - ”ცოდვის შვილები”
საქართველო გაეროს დეკლარაციას წლების წინ შეუერთდა. ამ დეკლარაციის მიხედვით, ქალი და მამაკაცი თანასწორია. ფსიქოლოგი რუსუდან კეჭაყმაძე: `გაეროს ეს ნორმები მხოლოდ ქაღალდზე წერია… იმ უფლებით, რაც კანონით აქვთ ქალებს მინიჭებული, რეალურად ვერ სარგებლობენ. ჩვენთან საუკუნეების წინ მიღებული ნორმები მოქმედებს. თუ ეს ნორმა ირღვევა, იწყება ზეწოლა, დაცინვა, გაკიცხვა”.

რუსუდან კეჭაყმაძის აზრით, `ეს სტერეოტიპები სიცოცხლეს უწამლავს როგორც ქალს, ისე ბავშვს: შესაძლოა, ბავშვს წამოაძახონ, რომ უკანონოდ გაჩნდა. თუ ბიჭია, ამას მძიმე შედეგი მოსდევს, მოზარდი აგრესიული ხდება. იყო შემთხვევა, როცა ბავშვს დედა ეზიზღებოდა. უმჯობესია, თუ ბავშვს თავიდანვე ეცოდინება, რომ მამა მისი გაჩენის წინააღმდეგი იყო~.
ფსიქოლოგის აზრით, ამ სტერეოტიპების შენარჩუნებას ხელს რელიგიაც უწყობს: `ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე: უნდა გიყვარდეს მოყვასი, მაგრამ, მეორეს მხრივ, რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე, ადამიანს სასტიკად ექცევი. ამ დოგმებზე გაყოლა არამართებულად მიმაჩნია: თუ ადამიანს სასულიერო გზა არ აქვს არჩეული, მაშინ ყველაფერს ისე ვერ გააკეთებ, რასაც მღვდელი გეუბნება. გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა ადამიანს ფეხი არ ჰკრა, ვიდრე ილოცო~.

”უკანონო შვილს”, ”ქალიშვილობის ინსტიტუტის” სტერეოტიპს სირაქლემას პოზად მიიჩნევს ექიმი-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე: ”ორი ქალიშვილი მყავს და, შესაბამისად, ეს საკითხი ჩემთვისაც მტკივნეულია. მაგრამ უმჯობესია, ბოიფრენდის ინსტიტუტი არსებობდეს და შვილებს ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი, ვიდრე ისინი გავწიროთ და დავამახინჯოთ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ალბათ, მეტყვიან, რომ ქართველები ვართ და ჩვენი მორალი გვაქვს, მაგრამ პრობლემა თავის სილაში ჩარგვით ვერ გადაიჭრება”.

ბათუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მარკოზი ამბობს: `ქორწინების გარეშე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მრუშობაა. მაგრამ ეს ცოდვა აბორტის გაკეთებით ჩადენილ ცოდვასთან არ შეიდრება, რადგან მკვლელობა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო საკუთარი შვილის. ცოდვა მრუშობაში გაჩენილ შვილზე არ გადადის. ქალი როცა დაფეხმძიმდება, ბავშვი აუცილებლად უნდა გააჩინოს”.

გაზრდილი ფასები და საარსებო მინიმუმი

დიასახლისი ინგა ნაკაშიძე 34 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მუშაობს რუსულის მასწავლებლად ახალშენის სკოლაში. მისი ხელფასი 90 ლარია. მგზავრობაში სკოლოდან სახლამდე და პირიქით 30-ლარამდე ეხარჯება, ანუ, ფაქტობრივი შემოსავალი თვეში 60 ლარი აქვს. ამ ოჯახს, ყოველდღიურად, საკვებში 15 ლარი სჭირდება. ანუ ინგას ხელფასი ოჯახისთვის მხოლოდ ოთხი დღის სამყოფია.
ნათია კოპალიანი/ბათუმელები

18 პროცეტით გაიზარდა
ოჯახის დღის მენიუ, რაშიც 15 ლარს ხარჯავდნენ, ფასების მომატებამდე, ძირითადად, ასე გამოიყურებოდა: სამი პური, კარტოფილი, ყავა, მწვანილი, მარგარინი, ყველი, ჩაი, შაქარი და სიგარეტი. მენიუში არც ხილი შედის და არც დესერტი. ასევე არ შედის სარეცხი და ჰიგიენისთვს აუცილებელი საშუალებები, ელექტროენერგიისა და სხვა სოციალური გადასახადები.

გასულ კვირას ლარის დევალვაციის შედეგად (ლარი 18 პროცენტით გაუფასურდა _ კურსმა 1.40-დან 1.65-ლარს მიაღწია) სურსათზე ფასები 10_15 პროცენტით გაიზარდა, მაგალითად, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მოვაჭრე მალხაზ მიქელაძის თქმით, შოკოლადი `ქინდერი~, რომელიც 1,10 ლარი ღირდა, ათი თეთრით გაძვირდა. `რაფაელოს~ ფასი 4,80 ლარიდან ხუთ ლარამდე გაიზარდა. ზეთმა 2,90 ლარიდან, 3,40 ლარს მიაღწია. `ხოფის~ ბაზრობაზე საბითუმოდ მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასებმა სადისტრიბუციო ბაზარზე ყველა იმ საქონელზე მოიმატა, რომელიც ლარის გაუფასურების შემდეგ შემოიტანეს უცხოეთიდან. მატებამ 15-20 პროცენტს მიაღწია.

რითი უნდა ვიკვებოთ და რა რაოდენობით? ეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი არ აქვს. ტექნოლოგების თქმით, ზემოთ მოცემული რაციონი იმ სტანდარტებს, რაც თვითონ შეიმუშავეს, არ შეესაბამება.

ოჯახურ პირობებში ქართველი მზარეულების მიერ ოთხ ადამიანზე შემუშავებული მენიუ თავისი დანახჯებით: საუზმე _ ყველი 0,5კგ _ 3,5 ლ, პური 2 _ 1,2 ლ, კარაქი 0,25 _ 3 ლ, მურაბა 0,3 _ 1,5 ლ, ნაღები 1 ქილა _ 3 ლ, ჩაი ან ყავა _ 1 ლ. სულ 12,7 ლარი. მთლიანობაში 16,20 ლარი.
სადილი: პური 2 _ 1,2 ლ, მჭადი 4 კაცზე _ 1,5 ლ, ყველი 0,5კგ _ 3,5 ლ, სალათი 4 კაცზე _ 2,5 ლ, წვნიანი (ასორტიმენტი) _ 10 ლ, ხორცი ან თევზი _ 10,5 ლ, დესერტი _ 5 ლ. სულ 31,2 ლარი.

თუ ვახშმის ფასებსაც გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ დღეში ოთხსულიანი ოჯახი, ნორმალური კვებისათვის, 63 ლარს ხარჯავს, რაც თვეში 1890 ლარს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ერთმა ადამიანმა ნორმალური კვებისათვის, დღევანდელი ფასებით, თვეში 472 ლარზე მეტი უნდა დახარჯოს. საარსებო მინიმუმი კი ამჟამად სულ რაღაც 135 ლარს შეადგენს.

ოფიციოზის მონაცემებით საქართველოში 900 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ანუ ამ ადამიანებს სახელმწიფო იმიტომ ეხმარება, რომ შიმშილობის ზღვარზე არიან. ამ მონაცემებით ინგა ნაკაშიძის ოჯახი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა (მისი მეუღლე ტაქსისტად მუშაობს), მაგრამ არც კვების რაციონის შესაბამისი შემოსავლები აქვს.
2003 წლის ანუ რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა საქონელზე ფასები დინამიურად, რამდენჯერმე გაიზარდა. სულ ბოლოს ეს ერთი კვირის წინ მოხდა. ფასების მომატება კვლავაც მოსალოდნელია.

ადამიანის სხვა მოთხოვნილებები
ფაქტია, რომ ადამიანებს კვების გარდა სხვა რამეც სჭირდებათ, მაგალითად, მედიკამენტები. ფასები წამალზეც გაიზარდა. მედიკამენტების მწარმოებელმა `ბათფარმამ~ ფასები 10 პროცენტით გააძვირა და ესეც მოგების შემცირების ხარჯზე. ჯი-პი_სი-ს სააფთიაქო ქსელის მენეჯერის, ირმა ფუტკარაძის თქმით, ფასები ყველა წარმოების მედიკამენტზე აიწია. მაგალითად, ვენტოლინის აეროზოლი, რომელიც 6.20 ლარი ღირდა უკვე 7.20 ლარი ღირს. ერთი კოლოფი ნოშპა 16 ლარი იყო, ახლა _ 18 ლარი ღირს.

ერთ კვირაში 17-20 პროცენტით გაძვირდა ელექტრო-ტექნიკური საქონელი. მაგალითად, ის სარეცხი მანქანა, რომელიც 10 ნოემბრამდე 1000 ლარი ღირდა, უკვე 1200 ლარი ღირს; ფასებმა `მობის~ ტელეფონების მაღაზიაშიც მოიმატა, 1251-ლარიანი `სამსუნგი I900~ ახლა 1309 ლარი ღირს. ელიტ ელიქრტონიქსის ადმინისტრატორის, ინგა იაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით, ძნელია იმის პროგნიზი, სამომავლოდ რა იქნება.

ფასები გაიზარდა სამშენებლო მასალებზეც. მაგალითად, ზური დავითაძე, რომელიც საღებავებს ყიდის, ამბობს, რომ საღებავი, რომელიც 65 ლარი ღირდა, ახლა 75 ლარი გახდა. დაახლოებით ამ ოდენობით გაიზარდა ფასი ცემენტზეც.

`ელიტ ელექტრონიქსის~ ადმინისტრატორის, ინგა იაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით, ძნელია იმის პროგნიზი, სამომავლოდ რა იქნება.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, გია ხუხაშვილის პროგნოზი კი ასეთია: `ჩემი პროგნიზი არასახარბიელოა. ფასების ზრდის პროცესი დაწყებულია და 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს, ძირითადად, იმპორტირებულ საქონელს ეხება, ჩვენ კი სამწუხაროდ, ამ საქონელზე ვართ ორიენტირებული. ასეთ დროს, როდესაც ხალხი ცხოვრობს გაკოტრების რეჟიმში, ანუ მისი ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს, ყველა ძლიერ სახელმწიფოში იზრდება საარსებო მინუმუმი. საარსებო მინიმუმი ჩვენთანაც აუცილებელად უნდა გაიზარდოს~.

"აფხაზებსაც და სხვებსაც იგივე კითხვა მინდა დავუსვა"

{ივანე შანიძე}

`ბათუმელების~ 43-ე ნომერში დაიბეჭდა ბ-ნ იონა არშბას მოსაზრება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. ამას მინდა შევეხმიანო და თავიდანვე განვაცხადო, რომ ვეთანხმები მისი მოსაზრების ძირითად ლაიტმოტივს, აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების საკითხებს: ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით მეტი სიფრთხილე და სიფაქიზე უნდა გამოვიჩინოთ.

როგორც ჩანს, ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერ-ისტორიკოსები და ლიტერატორები ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ და ამას ბ-ნი ი. არშბას მიერ მოყვანილი მაგალითებიც მოწმობს, რომ არ შეიძლება ამან გარკვეული უკმაყოფილება და უკურეაქცია არ გამოიწვიოს. მაგრამ მე ამ მტკივნეულ საკითხს, ასე ვთქვათ, სხვა მხრიდან მინდა მივაპყრო ბატონი ი. არშბას და უფრო მეტად სხვა ადამიანთა ყურადღება. იმათი, ვისაც გულწრფელად სტკივა და აწუხებს ჩვენი იარები, აფხაზთა, ოსთა და ქართველთა ისტორიული ერთობისა და ურთიერთ სიყვარულის აღდგენის იმედი ასულდგმულებს.

1978-1983 წლებში ვმუშაობდი ბათუმის მეთევზეთა კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ და სამსახურებრივი მოვალეობების გამო ხშირი ურთიერთობა მქონდა სოხუმელებთან, კერძოდ, სოხუმის საკოლმეურნეობათაშორისო გემთშემკეთებელი ქარხნის კოლექტივის ხელმძღვანელობასთან, რომლის დირექტორი იყო აწგანსვენებული რაულ ეშბა, რომელიც როგორც მოგვიანებით გავიგე, ჟიული შარტავასთან ერთად დაღუპულა (დაუხვრეტიათ). სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, თუ როგორ შეიპყრეს და როგორ ექცეოდნენ მათ, რაც ძალზე განვიცადე.

პირადად მე იმ პერიოდში არ მიგრძვნია ქართველებისადმი ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი კოლექტივის წევრები არც თუ ისე იშვიათად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და საყვედურს, ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ზოგიერთი წარმომადგენლის აგრესიული დამოკიდებულების გამოვლინების გამო. მოგეხსენებათ, ეს მეტად ფაქიზი საკითხი იყო და რადგან არ შედიოდა საწარმოო საკითხების სფეროში, ამიტომ შეხვედრებზე ვერიდებოდი ამ საკითხის წამოწევას (იმასაც ვიტყვი, რომ არაერთი მეგობარი თუ ნაცნობი მყავდა აფხაზთა შორის, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან და შემდგომ მუშაობისას გაცნობილნი). მაგრამ, ერთხელ, საქმიანი თათბირის დაწყებამდე რ. ეშბას კაბინეტში ყოფნისას, დიდი მორიდებით მივმართე მას: ძვირფასო რაულ, მე ისე გავიზარდე და ასე ვიცი, რომ აფხაზები და ქართველები ერთნი ვართ. ამას მასწავლიდნენ ჩემი მასწავლებლები, ის წიგნები, რომლებსაც მე ვკითხულობდი და ჩემი მშობლები. რატომ ავლენენ გარკვეულ აგრესიას ზოგიერთი აფხაზები ქართველებისადმი-მეთქი?! რაულმა კი ხისტად მიპასუხა: ცუდად გასწავლიდნენო (საუბარი მიდიოდა რუსულად). მე მივხვდი რაც ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ მაინც შევუბრუნე კითხვა: ნუთუ ის არის ცუდი, როცა გვასწავლიდნენ, რომ ჩვენ ერთნი ვართ, ძმები ვართ და არა უცხონი ერთმანეთისათვის-მეთქი?!
ახლაც ეს კითხვა მინდა გავუმეორო და დავუსვა აფხაზებს და სხვებსაც. ნუთუ ეს არის ქართველთა დანაშაული, ეს არის ქართველთა სიცუდე?!

მე ხელთ არ მაქვს ცნობილი ისტორიკოსის, ნ. ბერძენიშვილის ხსენებული წიგნი, რა და როგორ ეწერა მასში, რა არგუმენტები მოჰყავდათ აფხაზებისა და ქართველების შესახებ, არ ვიცი. შეიძლება, აფხაზები ეთნიკურად მართლაც სხვა ეთნოსია, შეიძლება ნ. ბერძენიშვილი შეცდა ან თუნდაც პატრიოტულ ან სხვა მოსაზრებებით `უღალატა~ მეცნიერებას, მაგრამ ეს არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი და საფუძველი.
უფრო სწორი იქნებოდა, თუ ნ. ბერძენიშვილის ხსენებული დებულება მეცნიერულად იქნებოდა გაანალიზებული და ამის შესახებ გამოქვეყნდებოდა აკადემიურად შეჯერებული აზრი. ამიტომ ქალბატონი შეკრილის ხელმძღვანელობით აფხაზ ინტელიგენტთა ერთი ჯგუფის მიერ მოწყობილი გამოსვლები და მოთხოვნები, ჩემი აზრით, აფხაზი და ქართველი ხალხის არაკეთილმოსურნეთა მიერ ინსპირირებული პროვოკაცია უფრო იყო, ვიდრე აფხაზთა ბედით და მის ეთნოსზე ზრუნვით ნაკარნახები.

სამწუხაროდ, არც ქართველებში და არც აფხაზებში, ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის რიგებში (ხალხში ყოველთვის იყო და არის, მაგრამ ისინი ვერ მართავენ მოვლენათა განვითარებას), არც მაშინ და არც შემდგომ არ მოიძებნა ისეთი ადამიანები, ვინც გულთან მიიტანდა ამ სახიფათო ტენდენციას და ხსენებულ, მზაკვრულად გათვლილ პროვოკაციებს დაუპირისპირებდა მართალ, გაწონასწორებულ, მეცნიერულად დასაბუთებულ სიტყვას და საქმეს. შეიძლება ჩვენ: აფხაზები და ქართველები არც ვართ ერთი ეთნოსის ხალხი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ნუთუ მრავალსაუკუნოვანი ერთად ცხოვრება არაფერს ნიშნავს?! ის, რომ IX-X საუკუნეებიდან მაინც თითქმის XVI-XVII საუკუნეების ჩათვლით აფხაზები და ქართველები ერთი კულტურული ფენომენის, ენისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის არეალში იმყოფებოდნენ, ან ის, რომ იმ სახელმწიფოს ჩამოყალიბება და წარმოქმნა, რომელსაც ჩვენ დღეს ერთიან საქართველოს ვუწოდებთ, დაიწყო აფხაზთა მეფეების მიერ ჯერ ლიხის მთის დასავლეთით მცხოვრები ქართული ტომების, ხოლო შემდგომ ლიხის მთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების მცხოვრებლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევით. რაც XI საუკუნის დასაწყისისთვის ერთიანი აფხაზთა და ქართველთა სამეფოს ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა, ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის, ბაგრატ III-ის გამეფებით, რომელიც დედით აფხაზთა მეფეების მემკვიდრეც იყო.

ისიც ცნობილია, რომ გაერთიანებულ აფხაზთა და ქართველთა სამეფოს თბილისის კარზე, XII საუკუნის ჩათვლით, აფხაზ დიდებულებს პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავათ, ხოლო თამარ მეფემ თავის პირმშოს აფსუურ ენაზე ლაშა ანუ მანათობელი დაარქვა. ეს ამ ხალხისადმი, ერისადმი მშობლიურობისა და პატივისცემის გრძნობით იყო ნაკარნახევი. ან იმას რა ვუყოთ, რომ დღევანდელი აფხაზების თუ უპირატესი არა, დიდი ნაწილი მაინც გააფხაზებული მეგრელები არიან, რომელთაც დასავლეთ ქართული, ანუ ეგრების სისხლი უჩქეფთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართველთა და აფხაზთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს.

აფხაზები იყვნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გნებავთ ეთნოსი უწოდეთ მათ, გნებავთ ხალხი, რომლებმაც შექმნეს და დღემდე მოიტანეს სხვა ქართველებთან ერთად ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ჰქვია. ვგონებ საჭირო არ უნდა იყოს, ხალხების ისტორიაში ჩახედული კაცისთვის, რომ ევროპის (არა მარტო ევროპის) არაერთი ერი, თუნდაც ფრანგები და ინგლისელები, გნებავთ სხვა, ჩამოყალიბდა და თავის თავში აერთიანებს არაერთ ეთნოსს, მაგრამ ეს არ გამხდარა პოლიტიკური, გნებავთ სახელმწიფოებრივი სეპარატიზმის საგანი. და ამ ნიადაგზე ძმათამკვლელი დაპირისპირების მიზეზი, თუ ეს არ იყო გარე იმპერიული ძალების მიერ წაქეზებული, რომელთა უმთავრესი დევიზი იყო: გათიშე და იბატონე.

ბატონი ი. არშბა ერთ ადგილზე წერს, რომ დღემდე არ არის ცნობილი, ვინ დაიწყო პირველმა ომი. ვფიქრობ, ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. სამწუხაროდ, არც ე. შევარდნაძემ და არც ვ. არძინბამ და მათმა გარემოცვამ არ მიიღეს სათანადო ზომები, რომლებიც ძირშივე აღკვეთდა ამ ძმათამკვლელ კონფლიქტს.
ეს ომი, როგორც ყველა ომი, თანმდევი სავალალო შედეგებით, არ ემსახურებოდა ხალხის ინტერესებს, ამაზე ბევრი რამ მოწმობს. ეთნოსის შენარჩუნება და განვითარება კი, მიუხედავად გლობალური მოვლენებით გამოწვეული წინააღმდეგობებისა, სავსებით შესაძლებელია არა თუ სახელმწიფოებრივი ავტონომიური წარმონაქმნის ფარგლებში, არამედ კულტურული ავტონომიის ფარგლებშიც კი, უფრო ეფექტურად, სწორედ ისტორიული წარსულით, ერთობლივი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრებით გადანასკვულ ერთან ერთად. უნდა ვიფიქროთ, რომ ბატონ ნ. ლომოურს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში.
ამავე თემაზე:
იონა არშბა: თუ ჩემს ეთნოსს დავკარგავ, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.
აფხაზური ენა - კომუნიკაციის პერსპექტივა აჭარაში

სამინისტრო ამხანაგობას საკუთრებას ედავება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კერძო საკუთრებაში არსებული ქონების
სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვს. სამინისტროში თვლიან, რომ თავის დროზე მერიასა და ამხანაგობას შორის უკანონო გარიგებას ჰქონდა ადგილი. სამინისტრო სასამართლოში საჯარო რეესტრსაც უჩივის.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები


ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის სასამართლოში სარჩელი საბინაო ამხანაგობა `ერთობის~ წევრ ნანული ჩახვაძისა და საჯარო რეესტრის წინააღმდეგ შეიტანა. სამინისტრო ლუკა ასათიანის #28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბინაო ამხანაგობის საკუთრების _ 75 კვ/მ. ფართობის (სარდაფის) სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვს.
სადავო ფართი _ სახლზე მიმაგრებული მიწა და სარდაფები, ბათუმის მერიამ `ერთობას~ შექმნისთანავე გადასცა საკუთრებაში; ამხანაგობამ კი ეს ფართი თავის წევრს, ნანული ჩახვაძეს დაუკანონა.

სასამართლო პროცესზე სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი სურმანიძემ თავისი მოთხოვნა შემდეგი მტკიცებულებით გაამყარა: `კანონით თვითმმართველობის საკუთრებად ითვლება ის ქონება, რომელიც მას სახელმწიფომ გადასცა და არა ის, რაც არ გადაუცია. აქედან გამომდინარე, მერიას უფლება არ ჰქონდა ეს სარდაფი `ერთობისათვის~ გადაეცა, ხოლო საჯარო რეესტრს ნანული ჩახვაძის საკუთრებად დაერეგისტრირებინა~.
სურმანიძის მტკიცებით, სარდაფის მფლობელი თავდაპირველად მართლაც მერია იყო და ამხანაგობამ ის უკანონოდ მიისაკუთრა: `თავის დროზე ეს შენობა არქიტექტორთა კავშირს გადაეცა. შემდეგ ამ არასაცხოვრებელ ფართში ვიღაც შესახლდა, რომელიც ამხანაგობამ გამოასახლა. თუ ამხანაგობას მიწასთან ერთად არასაცხოვრებელ ფართს გადავცემთ, ყველა კომერციული დაწესებულება, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებშია, ამხანაგობების საკუთრება გახდება~.

საჯარო რეესტრის იურისტი, მანუჩარ მეგრელიშვილი სამინისტროს პოზიციას არ ეთანხმება: `ეს სარდაფი ტექბიუროს 1997 წლის მონაცემებით მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. 2007 წელს კი ძალაში შევიდა კანონი საბინაო ამხანაგობის შესახებ, რომლის მიხედვითაც `ერთობას~ ამ ქონების განკარგვის სრული უფლება აქვს. ანუ ამხანაგობის წევრს არასაცხოვრებელი ფართი კანონიერად დაურეგისტრირდა~.
მეგრელიშვილის ინფორმაციით, `ერთობას~ 314 კვ/მ. ფართობის სარდაფი აქვს საკუთრებაში, რამაც სამინისტროს წარმომადგენელი გაახალისა: `75 კვადრატზე ვდავობთ და აღმოჩნდა, რომ გაცილებით მეტი ფართობი უნდა იყოს ჩვენი~.

სამინისტროს მოთხოვნას არ ეთანხმება ამხანაგობის წარმომადგენელი, იურისტი დურმიშხან გურგენიძე: `ეს ქონება ყოველთვის ქალაქს ეკუთვნოდა და სამინისტროსი არასდროს ყოფილა. კანონით მერია ვალდებულია საბინაო ამხანაგობას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცეს როგორც შენობაზე მიმაგრებული და მიმდებარე მიწის ნაკვეთი, ასევე არასაცხოვრებელი ფართი _ მათ შორის სხვენები და სარდაფები~.
ამ პრობლემის შესახებ ზოგად ინფორმაციას ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაცია `ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონულ ცენტრში~, რომელიც ამხანაგობებთან დაკავშირებით პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის თქმით, `ფართი, რომელზედაც დავა მიმდინარეობს, არქიტექტორთა კავშირს ეკუთვნოდა. რამდენად ჰქონდა მერიას ამ სახლში შექმნილი ამხანაგობისთვის არასაცხოვრებელი ფართების მიცემის უფლება, არ ვიცი. სტანდარტულ საბინაო ამხანაგობებში სამინისტროს მიერ ქონების მასობრივად ჩამორთმევის მოთხოვნის დაყენების ალბათობას გამოვრიცხავ~.

მომასამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აღნიშნა, რომ საკითხი უპრეცედენტოა და გადაწყვეტილების გამოტანას მომზადება სჭირდება. ორკვირიანი მომზადების შემდეგ მოსამართლემ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოქალაქე ჩახვაძეს სარდაფის საკუთრების უფლება ჩამოართვა და `ერთობას~ დაუბრუნა. ხოლო სარჩელის მთავარ მოთხოვნაზე, სარდაფი აღრიცხულიყო სახელმწიფო ქონებად, უარი განაცხადა.

იურისტი გურგენიძე გადაწყვეტილების აბსურდულობაზე საუბრობს: `ჯერ გადაწყვეტილება არ ჩამბარებია, რომ კვალიფიციური კომენტარი გავაკეთო. ზეპირი მოსმენით რაც გავიგე, ისაა, რომ ამხანაგობას დაუბრუნეს ქონება, რაც მან გაასხვისა და უკან დაბრუნება არ მოუთხოვია. საინტერესოა, ამხანაგობა ამ ფართს რამდენჯერაც გაასხვისებს (ვთქვათ გაყიდის), იმდენჯერ დაუბრუნებენ უკან?~

ბათუმი ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე

ბათუმში სატელეფონო მომსახურება 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად, 20 ათას აბონენტს შეუწყდება. ამჟამად ქსელიდან გათიშულია ათასზე მეტი აბონენტი, შესაბამისად გაითიშა ინტერნეტიც. აბონენტების გაფრთხილება ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, ვერ მოახერხა.
ქალაქის ცენტრში აბონენტებს მომსახურება გათიშვიდან სავარაუდოდ, 5-6 დღეში აღუდგებათ, გარეუბნებში კი ქსელის აღდგენას უფრო დიდი დრო დასჭირდება.
ბლიც-ინტერვიუ გ აერთიანებული ტელეკომის რეგიონულ მმართველთან, მერაბ სტეფანიასთან:

ნათია როყვა/ბათუმელები

_ ბატონო მერაბ, რატომ ვერ მოხერხდა მოსახლეობის ინფორმირება?
_ კარგი იქნებოდა, აბონენტები წერილობით გაგვეფრთხილებინა, მაგრამ 20 ათასი აბონენტი გვყავს და ეს შეუძლებელი იყო. ამასთან, რთული იყო განსაზღვრა, რომელი აბონენტი კონკრეტულად როდის გაითიშებოდა. ადრე გამოვაცხადეთ აბონენტების რეგისტრაცია, პარალელურად, აქ მოსულ ადამიანებს ვეუბნებოდით, როდის გაეთიშებოდათ ტელეფონი. ერთი კვირის შემდეგ რეგისტრაცია შევწყვიტეთ. ასობით ადამიანი მოვიდა, ერთ დღეს 235 აბონენტსაც კი მოვემსახურეთ. რეგისტრაციის დროს აბონენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულებაც ფორმდებოდა.
_ ეს პროცესი აღარ გაგრძელდება?
_ აუცილებლად. 1 იანვრიდან ხელშეკრულება ყველა აბონენტთან გაფორმდება.
_ ამჟამად რა სამუშაოები მიმდინარეობს?
_ ჩვენი ძირითადი შენობა განთავსდება 26 მაისის ქუჩაზე, #47-ში, სადაც ამჟამად ქალაქის სატელეფონო ქსელია. მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობის დაცლასთან დაკავშირებით კი კაბელების მიმართულებებიც უნდა შეიცვალოს. ახლა ამიტომ გავთიშეთ აბონენტები. პარალელურად ქსელი განახლდება მთელ ქალაქში. ბათუმში შევიძინეთ ახალი ციფრული სატელიტური სადგურები, ქობულეთისთვის _ სამი ათასი ნომერი. ქედა, შუახევსა და ხულოში ამჟამად მიმდინარეობს ახალი ვერსიის დაპროგრამება, მისი მორგება ახალ ქსელთან.
21-22 ნოემბერს ქსელიდან გაითიშებიან შემდეგ მისამართზე მცხოვრები აბონენტები: 26 მაისის ქუჩა _ #34-38, 27-29; ერას ქუჩა _ #20-38, 19-37; ჰ. აბაშიძის ქ. _ #1-3; მელიქიშვილის ქ. _ #4-6; ჯინჭარაძის ქ. _ #2-16.
_ გადასახადების გაზრდას ხომ არ გეგმავთ?
_ 1 ნოემბრიდან სააბონენტო გადასახადი ერთი ლარით გავაძვირეთ, ანუ აბონენტი ოთხი ლარის ნაცვლდ ხუთ ლარს გადაიხდის, თუმცა გავაუქმეთ წუთობრივი გადასახადი. ჩვენი აბონენტები ერთმანეთში უფასოდ ისაუბრებენ.
_ საქალაქთაშორისო სასაუბრო ტარიფი რამდენია?
_ ჩვენი ქსელის აბონენტები ერთმანეთთან ქვეყნის მასშტაბითაც უფასოდ ისაუბრებენ. სხვა კომპანიის აბონენტებთან საუბარი კი ექვსი თეთრი ეღირება. ეს გადასახადი ვრცელდება 1 და 3-ინდექსიან აბონენტებთან დაკავშირების დროსაც. ანუ ამ შემთხვევაშიც ერთი წუთის ღირებულება ექვსი თეთრია.
_ თბილისის რომელ ინდექსებთანაა საუბარი უფასო?
_ 22, 23, 25, 29, 31-დან 40-ის ჩათვლით, 40, 41, 47, 51, 60-68-ის ჩათვლით, 71-74-ის ჩათვლით, 78 და 90-99-ის ჩათვლით.
_ ერთი ნომრიდან მეორეზე გადართვა ფასიანია?
_ ჩვენი ქსელის შიგნით უფასოა, მაგრამ თუ სხვა ქსელის აბონენტი ჩაერთვება ჩვენს ქსელში, გადასახადი ერთი ლარია.

თამაზ ბაკურიძე ისევ არ შეიწყალეს

{ემზარ დიასამიძე/ბათუმელები}
გუშინ შეწყალების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. კომისიის წევრთა თქმით, შესული განცხადებების დიდი ნაწილი დააკმაყოფილეს. პრეზიდენტს ხელმოსაწერად 120-მდე პატიმრის სია გადაეცა. შეწყალებულებს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს გაათავისუფლებენ.
შეწყალება არ შეეხებათ მძიმე და სამოხელეო დანაშაულისა და ქრთამის აღების ფაქტებზე გასამართლებულებს. შეწყალების კომისიის წევრის, გაზეთ ”24 საათის” მთავარი რედაქტორის, მამუკა ფაჩუაშვილის განცხადებით, შეწყალებულთა სიაში მსუბუქი და ნაკლებადმძიმე მსჯავრდებულები მოხვდნენ, მათ შორის, არ არიან პოლიტპატიმრები: ”პოლიტპატიმრები, ვისითაც ოპოზიცია აპელირებს, კომისიაზე წარმოდგენილი არ იყვნენ. რატომ, არ ვიცი”.

ფაჩუაშვილის თქმით, შესაწყალებელთა სიაში არც ჟურნალისტი თამაზ ბაკურიძეა.
კომისიის წევრია მწერალი ლაშა ბუღაძეც. იგი კომისიის გუშინდელი სხდომით კმაყოფილია: ”შემოსული განცხადებების უმრავლესობა დავაკმაყოფილეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ჩვენ მიერ წარდგენილ ყველა პატიმარს შეიწყალებს. ამის მაგალითად შალვა რამიშვილი გამოდგება, რომელიც ჩვენმა კომისიამ შესაწყალებელთა სიაში ერთხელ უკვე შეიყვანა, მაგრამ ის არ შეიწყალეს. ახლა, რამდენადაც ვიცი, თავად მასაც არ სურს შეწყალება. მოკლედ, ძალიან ბევრ პატიმარს, ვინც შეწყალების სიაშია და გათავისუფლებას ელის, შეიძლება იმედი გაუცრუვდეს”.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, კომისიის წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგა, რადგან შესაწყალებელთა სია იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმებით შედგა.
შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა 14 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. კომისიის წევრები ამბობენ, რომ კიდევ ერთი შეწყალება საახალწლოდ იქნება. მაშინ, სავარუდოდ, სამოხელეო დანაშაულისა და ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულებს შეიწყალებენ.


ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

საკრებულოს უკვე ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გიორგი კირთაძესთან ერთი კვირით ადრე ჩაიწერა. მასალის მომზადების პროცესში იგი თავმჯდომარედ აირჩიეს. ვფიქრობთ, ინტერვიუ ისევ აქტუალურია.

_ ბატონო გიორგი, ლევან ვარშალომიძემ თქვენი კანდიდატურა საკრებულოს მართლა შესთავაზა?
_ არის საუბარი, მაგრამ ვნახოთ. ამას უახლესი მომავალი გვიჩვენებს. ჯერ საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა, ამიტომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ მინდა. თუ საკრებულოს თავმჯდომარე გადადგება, არის რეგლამენტით გათვალისწინებული პერიოდი და შესაბამისი ფორმები თუ როგორ უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა. რაც შეეხება ვარშალომიძეს, ფრაქციის სხდომა, ბუნებრივია, ჩატარდა. ლევან ვარშალომიძე, როგორც პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი, ფრაქციის სხდომებს არცთუ ისე იშვიათად ესწრება. ერთ-ერთ საკითხად თავმჯდომარის საკითხიც იქნა განხილული, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ლევან ვარშალომიძემ გადაწყვიტა, უბრალოდ, საუბრის დონეზე იყო.
_ როგორც თქვეს, თქვენი კანდიდატურის წინააღმდეგი უმრავლესობაშიც ბევრია.
_ კატეგორიულად უარვყოფ ამ აზრს. ის, რომ ვიღაცა ხათრს ვერ უტეხს ვარშალომიძეს და თურმე ამიტომ მომცემს ხმას, აბსურდია.
_ ვარშალომიძემ თქვენზე არჩევანი რატომ შეაჩერა?
_ ვადასტურებ, რომ ამ თემაზე საუბარი იყო, მაგრამ რადგან გაგრძელება აღარ აქვს, ოპოზიციის ჭორებზე დაყრდნობით ნუ ვისაუბრებთ...
_ საკრებულოს რეგლამენტი ხშირად ირღვევა, რატომ?
_ ვაღიარებ, რომ რეგლამენტს ხშირად ვარღვევთ, მაგრამ ეს ფორსმაჟორული სიტუაციებითაა გამოწვეული.
_ როცა მერია არ აწვდის ინფორმაციას საკრებულოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
_ ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ მერიისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ და პასუხსაც ვიღებთ. თუ ღრმად პატივცემული ოპოზიციის დეპუტატები პასუხს ვერ იღებენ, ეს იმის ბრალია, რომ ოფიციალურ მოთხოვნას არ აკეთებენ. თუმცა, მე ინფორმაციას ზეპირი მოთხოვნის შემთხვევაშიც ვიღებ...
_ ითქვა, რომ საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე სწავლის გაგრძელებას აპირებს და ამიტომ მიდის თანამდებობიდან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
_ ჯერჯერობით, ბადრი ქაჯაია აქ არის და მუშაობს. თუ დატოვებს თანამდებობას, ის მაინც ჩვენი გუნდის წევრად დარჩება.
_ თქვენ რა განათლება გაქვთ და თუ აპირებთ სწავლის გაგრძელებას ახლო ან შორეულ პერსპექტივაში?
_ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. ხარისხი დავიცავი და სწავლის გაგრძელებას დოქტურანტურაში ვაპირებ. თუმცა, უახლოეს გეგმებში ეს არ შედის.


პარტიული წმენდა ”ქრისტიან-დემოკრატებში”

”ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, ანზორ თხილაიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა. მან ოფიციალური განცხადებით უსკოს უკვე მიმართა.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ანზორ თხილაიშვილი ამავე პარტიიდან ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა მან არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვა. მიუხედავად ამისა, იგი, როგორც სიის მეორე ნომერი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მაინც ხდებოდა.

კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა უარი დეპუტატობაზე, თხილაიშვილი პასუხობს: ”არ ვიცი... ეს პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ალბათ, იქ იურისტი უფრო სჭირდებოდათ”.
”ქრისტიან-დემოკრატების” ეს იურისტი ნუგზარ ფუტკარაძეა, რომელიც უმაღლეს საბჭოში თხილაიშვილს ჩაანაცვლებს.

ანზორ თხილაიშვილი იმასაც ამბობს, რომ განცხადების დაწერის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო: ”ჩემი მოტივაცია იყო, რომ მაჟორიტარი გავმხდარიყავი _ მას გაცილებით მეტი უფლება აქვს. რადგან ასე არ მოხდა, ამიტომ დეპუტატობაზე საერთოდ უარი ვთქვი”.
თხილაიშვილის აზრით, მას ხმები ხელოვნურად წაართვეს. იგი გუნდში არსებულ ღალატზეც საუბრობს: ”კომისიის 13 წევრიდან 12 მოსყიდული ჰყავდათ. სერიოზული ღალატი გვქონდა გუნდშიც. ზოგიც უშიშროების აგენტი იყო. მე ისიც დავადგინე, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგიდის ქვეშ მოსასმენი აპარატურა შტაბის ერთ-ერთმა წევრმა დამიმონტაჟა”.

ანზორ თხილაიშვილს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დატოვებს თუ არა პარტიას. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი გახდეს: ”მინდა, პარტიის გაძლიერებისთვის ვიბრძოლო და მისი წმენდაც ჩავატარო. გაზაფხულზე აუცილებლად იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და იმისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია უმაღლეს საბჭოში დროის მთქნარებაში გატარებაზე”.

პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანიც ამბობს, რომ თხილაიშვილის გადაწყვეტილება, წინასწარ იყო პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული: ”მას მხოლოდ მაშინ უნდოდა დეპუტატობა, თუ ქობულეთის მაჟორიტარი გახდებოდა”.
კითხვაზე _ თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა, რატომ ჩასვეს თხილაიშვილი სიის მეორე ნომრად _ ახვლედიანი პასუხობს: ”რას ჰქვია, რატომ ჩავსვით... ის წამყვანი ლოკომოტივი იყო ჩვენს პარტიაში და ახლაც მნიშვნელოვან ფიგურად რჩება, თუმცა, დაინიშნება თუ არა `ქრისტიან-დემოკრატების~ რეგიონალურ ხელმძღვანელად, ამ საკითხზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ”. რაც შეეხება, შიდა პარტიულ წმენდას, გიორგი ახვლედიანის თქმით, ეს ყველა პარტიის პრობლემაა: ”სამომავლოდ ბევრი რამის შეცვლას ვაპირებთ”.



”ნაციონალებმა” აჭარის არჩევნებში მილიონზე მეტი დახარჯეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, უსკოში ფინანსური ანგარიშები წარადგინეს. ყველაზე მეტი თანხა, სხვა პარტიებთან შედარებით, დახარჯული ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. ”ნაციონალების” შემოწირულობების ჯამი 1 001 284 ლარია.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

სახელისუფლებო პარტიის დასაფინანსებლად, შპს ”ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსმა” 99,941 ათასი ლარი გაიღო. შპს ”აჭარგანათებამ” 100 000 ლარი, შპს ”ანაგმა” 94,527 ათასი, შპს `გუმბათი 1~-მა _ 99,882 ათასი ლარი და შპს `დელტამ~ _100 000 ლარი.

ეს ის იურიდიული პირებია, რომლებიც ყველაზე ხშირად იღებენ სახელმწიფო დაკვეთებს. არაფულადი შემოწირულობების სახით კი, `ნაციონალებს~ ორი კერძო პირი, გრიგოლ ჩხატარაშვილი და ზაზა ბაჟუნაიშვილი დაეხმარა.

პოლიტიკურ პარტიას საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ 506 ათასი ლარი აქვს დახარჯული. მთლიანობაში, ყველაზე დიდი თანხა _ 424 ათას ლარამდე, `ნაციონალებმა~ სარეკლამო კამპანიისთვის დახარჯეს.

მმართველ პარტიასთან შედარებით, მწირია `ქრისტიან-დემოკრატების~ საარჩევნო ბიუჯეტი _ 69 ათასი ლარი. ძირითადი დამფინანსებელი პარტიის სათავო ოფისია. მათ სარეკლამო პიარისთვის, გარდა საარჩევნო პლაკატებისა, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ.

`ქართული დასის~ დაფინანსება 15 ათასამდე ლარს შეადგენდა. მათი ძირითადი დამფინანსებელიც პარტიის სათავო ოფისია.
სხვა პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიში უსკოში ჯერ არ წარუდგენიათ. არჩევნებში შვიდი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. აქედან, საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ, `ნაციონალურმა მოძრაობამ~ და `ქრისტიან-დემოკრატებმა~ გადალახეს.
`ნაციონალები~ უმაღლეს საბჭოში 15 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი. შუახევსა და ხელვაჩაურში განმეორებითი არჩევნების შემდეგ, `ქრისტიან-დემოკრატებმა~, პროპორციული სიით, ორი კანდიდატის გაყვანა შეძლეს. რადგან `ნაციონალები~ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განმეორებით არჩევნებში, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებენ, `ქრისტიან-დემოკრატებს~ იმედი აქვთ, რომ უმაღლეს საბჭოში მესამე კაცის გაყვანასაც შეძლებენ. ამის შემდეგ, მათ უმაღლეს საბჭოში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობაც მიეცემათ.

ახალი უმაღლესი საბჭო 18-კაციანია. საბჭო მუშაობას რამდენიმე კვირაში დაიწყებს.


10 მილიონი სანიაღვრე სისტემისთვის

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში ახალი კოლექტორი კეთდება. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, მომავალ წელს ქალაქის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის კიდევ 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან მილიონ 400 ათასი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისათვის.

”მომავალ წელს ქალაქის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის კიდევ ათი მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობა ბათუმის სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას 2-3 წელიწადში დაასრულებს”, _ აღნიშნა ვარშალომიძემ.

გაზიფიცირება

{ბათუმელები}
2009 წლის 15 იანვრამდე ბუნებრივ აირს ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს. ამჟამად ამ უბანში ბუნებრივი აირის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. მოგვიანებით, მრიცხველებს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ბუნებრივი აირის მოხმარების მსურველებმა ცენტრალური ხაზიდან საკუთარ სახლებში ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა თავად უნდა გააკეთონ.
უკვე გაწერილია აჭარის 2009 წლის გაზიფიცირების გეგმაც, რაც აღმაშენებლის, ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს, აგრეთვე ბონი-გოროდოკისა და ბარცხანის დასახლებებს მოიცავს.
ბათუმის პარალელურად, ბუნებრივი აირის შეყვანა ქობულეთის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
სამუშაოებს ”სოკარ ჯორჯია” ახორციელებს.


სამშენებლო ბიზნესზე სესხები აღარ გაიცემა

ქართული ბანკები საკრედიტო პოლიტიკას იმ სფეროებშიც შეზღუდავენ, სადაც სესხების მიღება აქამდე შესაძლებელი იყო. სესხები აღარ გაიცემა სამშენებლო ბიზნესზე, ტურიზმი კი ჯერ კიდევ კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ბანკები მომავალი წლიდან უკვე აღარ გეგმავენ კრედიტების გაცემას სამშენებლო ბიზნესზე. ეს განცხადება ბათუმში, სასტუმრო `ინტურისტში~ შეკრებილმა ბანკირებმა გააკეთეს. აჭარაში მოქმედი ექვსი ბანკის ფილიალის მენეჯერებმა კვირას 2009 წლის გეგმებზე ისაუბრეს. შეკრება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ბანკი ”ქართუს” აჭარის ფილიალის დირექტორი, არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბაზარიც ამყარებს: ”ამ ეტაპზე მიწოდება ამ სფეროში აჭარბებს მოთხოვნას”.
სამშენებლო ბიზნესისგან განსხვავებით ბანკის წარმომადგენლები ასე კატეგორიულად არ საუბრობენ ტურიზმის სფეროზე. იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში წელს გაცემული სესხები აგვისტოში შექმნილი ვითარების გამო ბანკებისთვის პრობლემად იქცა. ”ტურისტულ სესხებზე განაცხადები იანვრის შემდეგ შემოდის. ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვაქვს, გავცემთ თუ არა ამ მიმართულებით თანხას. შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები~, _ განაცხადა ”პროკრედიტ ბანკის” რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა, ავთანდილ გოგოლიმ.

ტურისტული სესხების პირობებისა და რისკების გადაფასების აუცილებლობაზე მოსაზრება ექვსივე ბანკის წარმომადგენელმა გამოთქვა, თუმცა, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ტურიზმის სფერო აჭარაში მოქმედი ბანკების ინტერესის სფეროში მაინც რჩება.
ტურისტული სესხების ყველაზე დიდი პორტფელი `პროკრედიტ ბანკს~ აქვს, რომელიც მეტად არის ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასეთი სესხები `საქართველოს ბანკისა~ და `ვითიბი ბანკის~ საკრედიტო პოლიტიკის მხოლოდ 10 პროცენტია. მშენებლობისა და წარმოების სექტორზე ორიენტირებული ”თი ბი სი” და ”ქართუ” ბანკებია. თუმცა, ყველა ბანკი ერთნაირად მაღალი წილით იძლევა სესხებს სავაჭრო და მომსახურების სფეროზე.

ბანკები ყველაზე ნაკლებ პრობლემატურად სავაჭრო და მომსახურების სფეროებს განიხილავენ. ამ სფეროებზე სესხების გაცემა 2009 წელს ჩვეულებრივ გაგრძელდება.
მომავალში ბიზნესსესხების აღების შანსები კვლავაც არ ექნებათ დამწყებ ბიზნესმენებს. თუმცა `ქართუ ბანკის~ რეგიონული მენეჯერის განცხადებით, ისინი მზად არიან დააფინანსონ პარალელური ბიზნესი. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბიზნესს ეწევა და მას ახალი, სრულიად განსხვავებული საქმის დაწყება სურს, შანს მისცემენ.
აგროსესხების მიმართულებით მუშაობა აჭარაში არც მომავალი წლისთვის იგეგმება. ფილიალების წარმომადგენლები ამას რეგიონის მცირემიწიანობითა და აგროსექტორში დაბალი მოსავლიანობით ხსნიან. აჭარის რეგიონისგან განსხვავებით, აგროსესხები წარმატებით გაიცემა შიდა ქართლსა და კახეთში.

`ინტურისტში~ ბანკების მენეჯერთა შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ვახტანგ გოგუაძის განცხადებით, აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტია და ამ სფეროსთვის ყურადღების მიქცევა ღირს: ”ჩვენ ადგილობრივი პროდუქციით მხოლოდ სამი თვე ვიკვებებით, დანარჩენი ცხრა თვე ირანული, თურქული და სირიული პროდუქტები იყიდება...” იმისთვის, რომ ბანკირებს თავიანთი პოლიტიკისთვის გადაეხედათ, ეს არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.
ბანკირების თქმით, აგროსექტორის მიმართულებით რისკებს ისიც ზრდის, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და საკონსერვო მრეწველობა არ არის განვითარებული: ”პრობლემა, ძირითადად, წარმოება-გადამუშავება-რეალიზაციის ჯაჭვის არასრულფასოვნებაშია”.





სეზონი ორჯერ ნაკლები ციტრუსით

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს, გასულ წელთან შედარებით, ციტრუსის ნაკლებ მოსავალს ელიან. ეს, შესაბამისად, მის ფასზეც აისახება. წლევანდელ სეზონზე, სავარაუდოდ, 48-50 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს აიღებენ, მაშინ, როდესაც გასულ წელს საერთო მოსავალმა 103 ათას ტონას მიაღწია.
ირმა ზოიძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები

გონიოში მანდარინი ყველაზე ადრე და კარგად ყვითლდება. აქაური ციტრუსი გემოთიც განთქმულია. თუმცა სოფელში შესვლის დროს `ოქროს რთველისთვის~ დამახასიათებელი გადაძახილები და `სეკატორების~ ტკაცანი არ ისმის. კარგი ამინდების მიუხედავად, ისეთი სიჩუმეა, იფიქრებ, რომ ციტრუსის სეზონი დამთავრდა. მანდარინი მოკრეფილი რომაა, ხეებზე აქა-იქ შერმორჩენილი ნაყოფიც გაფიქრებინებს. თუმცა, ეს მოსავლის სიმცირის გამოა. უწინ კრეფის სეზონი 20-25 დღე მაინც გრძელდებოდა, ისიც იმ შემთხვევაში თუ ამინდებიც შეუწყობდა ხელს. ახლა კი ციტრუსის დაბინავებას ერთი კვირაც არ დასჭირდება.
ბერიძეების ოჯახი წელს ტონანახევარ მოსავალს ელის, მაშინ როცა ადრე შვიდ ტონას კრეფდნენ. მართალია, სამუშაო გაცილებით ნაკლებია და მანდარინის დაბინავებასაც რამდენიმე დღეში აპირებენ. როგორც მთელი სოფელი, რეალიზაციას ისინიც ჩქარობენ. მყიდველები ადგილზე მიდიან და საშუალო მანდარინს 50-60 თეთრად ყიდულობენ.
ბაზარზე კი მანდარინის ფასი 80 თეთრიდან ლარამდე ღირს, მაგრამ, როგორც უმრავლესობას, რამაზ ბერიძესაც ურჩევნია კლიენტს სახლში დაელოდოს: `რა თქმა უნდა, ბაზარზე გატანაც შესაძლებელა, მაგრამ იქ გადაგირჩევ-გადმოგირჩევენ, ჯობს ისევ აქ მისცე იმ ფასში, რასაც იძლევიან. აქ მოსულისთვის მანდარინის ზომა პრობლემური არ არის, მთავარია, მწვანე არ იყოს. თან ტრანსპორტის ხარჯსაც აღარ იხდი”.

სოფელში, ძირითადად, სომეხი ბიზნესმენები დადიან, რომლებსაც ქართული ციტრუსი თავიანთ სამშობლოში მიაქვთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკით, დღემდე ყველაზე მეტი ციტრუსი სწორედ ამ ბაზარზე გავიდა. ამჟამად 2663 ტონა ციტრუსია რეალიზებული. აქედან 123 ტონა სომხეთში, 38 ტონა _ უკრაინაში, ათას ტონამდე კი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეა გატანილი.

უკრაინაში ციტრუსის გადაზიდვები ახლა დაიწყო. მართალია, იქ ქართულ მანდარინს მაღალი ფასი აქვს და ბორანიც ბათუმიდან ოდესის მიმართულებით ყოველ კვირას გადის, მაგრამ გადამზიდავ ფირმებს, ძირითადად, გადაზიდვის ხარჯები უქმნის პრობლემას. შპს `სხალთის~ ხელმძღვანელი, როსტომ ზაქარაძე ამ სეზონზე უკვე მეორედ აგზავნის ციტრუსს უკრაინაში. ჯერ მოგებაზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებით, რომელიც ციტრუსის გადაზიდვას თან ახლავს, შესაძლებელია უარი თქვას მის გატანაზე: `უკრაინის საბაჟოზე გადამყიდველები კილოგრამ მანდარინში ერთ დოლარს იხდიან, ბაზარზე, ბუნებრივია, უფრო ძვირად გააქვთ, მაგრამ ბორანი გაგვიძვირეს _ ერთი ტონის ტრანსპორტირებაში 260 დოლარს ითხოვენ, უკრაინის საბაჟოზეც გაზარდეს საბაჟო გადასახადი. ამიტომ ვერ გადამიწყვეტია, გავაგრძელო თუ არა გატანა”.
უკრაინის საბაჟომ გადაწყვიტა, ტონა ციტრუსის განბაჟება 800-დოლარამდე გაეძვირებინა. `არარეალური ფასი აიღეს. შემდეგ გადახედეს ტარიფებს და საბოლოოდ გასაბაჟებელი თანხა, ტონაზე 400 დოლარი დატოვეს. აქედან აითვლება დღგ და საბაჟო მოსაკრებელი, რაც საბოლოოდ 80 დოლარია~, _ აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, დონარა სურმანიძე.

რაც შეეხება ფასებს, მანდარინი გასულ წელთან შედარებით ორჯერ ძვირი ღირს. `შარშან მოსავალი ბევრი იყო, მაგრამ იაფი ღირდა _ 30-35 თეთრში გავყიდეთ. წელს 60-თეთრამდე ავიდა. არ არის ცუდი ფასი~, _ ამბობს ეთერ დუმბაძე.

წელს არასტანდარტული, გადარჩეული მანდარინის ჩაბარების საშუალებაც იქნება. იმისთვის, რომ მოსახლეობამ ე.წ. `ენესი~ აღარ გადაყაროს, მთავრობამ ხუთი ათას ტონა ციტრუსზე ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. დონარა სურმანიძე ამბობს, რომ ფასს ქარხნები ნაყოფის ხარისხით განსაზღვრავენ, მთავრობა კი ნებისმიერ ნაყოფში, სტანდარტულად, ერთ ფასს გადაიხდის: `ქარხნებში გადაამუშავებენ არასტანდარტულ ნაყოფს _ როგორც მანდარინს, ისე ფორთოხალს, გრეიფრუტს, ლიმონს. ეს პროდუქცია ქარხნამდე გლეხმა უნდა მიიტანოს, ბიზნესმენი თავის ფასს გადაიხდის, სახელმწიფო კი ყოველ კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრს დაამატებს. ქარხნებში რამდენად ჩაიბარებენ ციტრუსს, ჯერ განსაზღვრული არ არის”.

ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, აჭარაში არსებული ციტრუსის გადამამუშავებელი ოთხი ქარხნიდან რომელი ამუშავდება. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, იმისთვის, რომ მოსახლეობას ტრანსპორტირების ხარჯები შეუმცირდეს, ერთი ქობულეთში ამოქმედდება, ერთიც
_ ხელვაჩაურში.
ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნები `ენესის~ მიღებას, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის დაიწყებენ.

ავტოკატასტროფა თურქეთში

თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სტამბულიდან თბილისისკენ მომავალი ავტობუსი გადაბრუნდა. ოფიციალური ინფორმაციით, მასში 39 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

შემთხვევის ადგილზე ჩასული აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ სურმანიძე აცხადებს, რომ ავტოავარიის შედეგად ოთხი მგზავრი გარდაიცვალა. მათი ვინაობა დგინდება. სავარაუდოდ, ორი მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
”წინასწარი მონაცემებით, ისინი მარნეულიდან და თბილისიდან არიან. მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდათ, ამიტომ იდენტიფიკაცია ჭირს. ორი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი ტრაპიზონის კლინიკაში მოათავსეს. ერთ მგზავრს რიზეში გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. 13 მგზავრის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 12 მათგანი კი მსუბუქადაა დაშავებული, მათი საქართველოში გადმოყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს~, _ თქვა თურქეთიდან დაბრუნებულმა ჯამბულ სურმანიძემ.
სტამბული-თბილისის რეისს თურქული კომპანია `მახმუდ ტური~ ახორციელებდა. თურქმა გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს მგზავრთა ნაწილი და მძღოლები. კომპანიის თბილისის ოფისის ხელმძღვანელები ავარიის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებს ჯერ ვერ ასახელებენ _ გამოძიების დასრულებას ელიან. ფირმაში ამბობენ, რომ მზად არიან დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადონ.

თუკი დადგინდა, რომ ავარია ”მახმუდ ტურის” ტრანსპორტის მიზეზით მოხდა, საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია კომპანიას ლიცენზიას გაუუქმებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა `მახმუდ ტურის~ ავტობუსმა ავარია განიცადა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. წუხელ, გვიან ღამისთვის ბათუმის პირველ საავადმყოფოში რვა დაშავებულის გადმოყვანა მოხერხდა.