div#header

Saturday, November 8, 2008

იონა არშბა: თუ ჩემს ეთნოსს დავკარგავ, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.

ავტორი: იონა არშბა, პენსიონერი. ბათუმი.
ფოტოზე: იონა არშბა
რედაქციისგან: ”გაზეთი ბათუმელები” მკითხველის წერილებს აქვეყნებს სტილის დაცვით. ბატონი იონა არშბა გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მეხუთე მოწვევის დეპუტატის ოთარ არშბას მამა. ოთარ (თენგიზ) არშბა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის წევრი და სამანდატო კომისიისა და დეპუტატთა ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარეა. არის უშიშროების პოლკოვნიკი. პრესამ ეთნიკურად აფხაზი არშბა 2006 წელს ქართველ მილიარდელთა სიაში დაასახელა.

წარმოშობით ოჩამჩირის რაიონიდან ვარ. ბათუმში 45 წელია ვცხოვრობ. სკოლაში ხუთი წელი ვსწავლობდი აფხაზურად და, შესაბამისად, ვიცი აფხაზური წერა-კითხვა. ახლა კი იმაზე მინდა ვისაუბრო, რა მოხდა და რა ხდება აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში.

2008 წლის 24 მაისს გაზეთ ”სვობოდნაია გრუზიაში” (და სხვა ნომრებშიც) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ ლომოურმა გამოაქვეყნა სტატია - ”აფხაზეთი: ისტორიის ფურცლები და თანამედროვეობა”. ის სტატიაში აანალიზებს და შეფასებებს აძლევს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.

სტატიაში იგი ეხება საკმაოდ ბევრ ისტორიულ საკითხს - აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის წარსულს, მათი განვითარების პრობლემებს. მე ისტორიკოსი არ ვარ და კამათს არ ვაპირებ (ალბათ, ვერც შევძლებ), მაგრამ ამ საკითხებს მაინც უნდა შევეხო. ჩემი აზრით, ლომოური აშკარად არასწორად აშუქებს. მაგალითად, ბატონი ლომოური ამტკიცებს, რომ XX საუკუნის შუაპერიოდიდან აფხაზეთში გაჩდნენ ანტიქართული განწყობის, აგრესიული სეპარატისტები, რომლებიც ძირძველი სამშობლოდან აფხაზეთის გამოყოფაზე მუშაობდნენ. მე ვეთანხმები ლომოურს. იყო და არის ასეთი განწყობები, მაგრამ პროფესორი ამას აცხადებს ”მშრალად”, არ საუბრობს მიზეზებზე.

ლომოურის ლოგიკით გამოდის, რომ აფხაზებმა XX საუკუნის შუა წლებში უცებ დაიწყეს ბრძოლა აფხაზეთის გამოყოფაზე. ცხოვრებაში კი ასე არ ხდება. სჯობდა ლომოურს მიზეზები გამოერკვია.

მე მინდა მოვიყვანო მაგალითი, რომელიც, ჩემი აზრით, აფხაზეთში დაპირისპირების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი იყო და ჩემი აზრით ეს ლომოურსაც უნდა ახსოვდეს. 1967 წელს აფხაზეთში დაიწყო მღელვარება - იმართებოდა მიტინგები, დაიხურა თეატრი, ფილარმონია. ამ მოვლენების გამო შეიქმნა ე.წ. ინტერნაციონალური საგამოძიებო კომისია, რომელშიც მეც შემიყვანეს. სოხუმში მივლინებით ჩავედი. კომისიის ხელმძღვანელობდა საქართველოს პროკურორი პავლე ბერძენიშვილი, რომელიც ყოველ კვირას მოხსენებას უკეთებდა ცკ-ს. გადაწყვეტილი ჰქონდათ სისხლის სამართლის საქმე არ აღეძრათ, ამიტომაც საგამოძიებო ჯგუფი პროცესუალურ მოკვლევით სამუშაოებს ატარებდა.
ჩვენს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აფხაზი ინტელიგენციის ერთმა ჯგუფმა - 6-7-მა პირმა, ქალბატონ შაკრილის ხელმძღვანელობით სსრ კავშირის ცკ-ს სახელზე დაწერა წერილი (პეტიცია) და მოსკოვში წაიღეს. მათი დაბრუნების შემდეგ ყველა დაიკითხა. წავიკითხეთ პეტიციაც. მასში, აფხაზი ხალხის სახელით, ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოდან გამოყოფისა და კრასნოდარის მხარისთვის მიერთებას ითხოვდნენ. ამის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ წიგნს, რომლის ავტორებიც იყვნენ ცნობილი ქართველი ისტორიკოსები, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ყაუჩხიშვილი და სხვები. წიგნში იყო გაკეთებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც აფხაზი ერი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამან აფხაზებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ ჯგუფის წარმომადგენლები დაკითხვისას ამბობდნენ, რომ ქართველებს არ ვუნდივართ, რასაც ეს წიგნი მოწმობს; აფხაზები გადაგვარებას არ ვაპირებთ და რუსებთან ვიქნებითო. ერთი მწერალი ამბობდა: ”არ მგონია, მოსკოვში ბერძენიშვილსა და ყაუჩხიშვილზე ნაკლები მეცნიერები იყვნენ, მაგრამ მათ აფხაზი ერის არსებობა-არარსებობის თაობაზე საკითხის დასმა აზრად არ მოსვლიათო”.

როგორც ვიცი, ის წიგნი მაშინ ცკ-ის დადგენილებით ქსელიდან ამოიღეს.
თუ არ ვცდები, აკადემიკოსი მ. ლორთქიფანიძე გასულ წელს შეეხო ამ საკითხს და გამოთქვა აზრი, რომ ის წიგნი მაშინ არასწორად იქნა ამოღებული. მე, პირადად, წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით რა აზრი არსებობს.

ბატონი ლომოური აფსურდს უწოდებს, გზებზე წესრიგის დამყარების მიზნით, სამხედრო ნაწილების შეჭრას აფხაზეთში. ის ამბობს, რომ უმნიშვნელო ფორმირების შეყვანის საკითხი არძინბასთან იყო შეთანხმებული.

მართალია, შეთანხმება იყო, მაგრამ არა 2000-კაციანი ჯარის, როგორც მოულოდნელად მოხდა, არამედ 250 კაცის კაცის შეყვანა ადგილობრივი ორგანოების დასახმარებლად... ასე დაიწყო ომი. თუმცა, დღემდე ვერ ადგენენ, ეს ომი ვინ დაიწყო. შეუძლებელია არ ვთქვა იმაზე, რაც ახლახან ბ-ნ შევარდნაძემ აღნიშნა: ჯარი აფხაზეთში იმიტომ შევიყვანეთ, რომ რკინიგზაზე ძარცვები გაიზარდა, ზარალმა 12 მილიარდს გადააჭარბა და ამის წინააღმდეგ შსს ბრძოლას ვერ შეძლებდაო. ჯერ ერთი, 12 მილიარდი მთელი აფხაზეთის ქონება არ ღირს და მეორეც, ნეტა ვინ და როდის შეჭამა იგი? ბოლოს და ბოლოს ჰკითხონ მაშინდელ აფხაზეთის შს მინისტრ გივი ლომინაძეს, მცოდნე სპეციალისტს, რომელიც რატომღაც თამაშგარე მდგომარეობაში ჰყავთ. თუ აბსურდზეა საუბარი, ნამდვილი აბსურდი ის არის, რომ გზებზე წესრიგს ტანკებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით ამყარებ.

მომდევნო აბსურდი გახლავთ იმის მტკიცება, რომ მთავრობას აქვს უფლება გადაადგილოს ნებისმიერი სამხედრო დანაყოფი თავის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს და ამას რაიმე შეთანხმება არ სჭირდება. ეს იმიტომ არის აბსურდი, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯარის გადაადგილებაზე არაა საუბარი, ახალი დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურის საკითხების მოგვარებაა საჭირო.

არის მეორე ვარიანტიც - არაფერს არავის არ უთანხმებ, ანუ ყველაფერს საიდუმლოდ აკეთებ, ისე რომ მსგავსი გეგმების შესახებ ვერავინ იგებს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ჯარმა საომარი ოპერაციები უნდა განახორციელოს. 1992 წელს ზუსტად ამას ჰქონდა ადგილი.

მესამე საკითხი: ბატონი ლომოური ამტკიცებს, თითქოს რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს ძალის გამოყენებით ხდის რუსეთის მოქალქეებად, ჩემოდნებით მოაქვთ პასპორტები და არიგებენო. ჩემი აზრით, სიტყვა ”არიგებენ” აქ არ გამოდგება, ვინაიდან პასპორტისა თუ რუსეთის მოქალაქეობის მიღება გარკვეული პროცედურაა. საჭიროა განცხადება, ფოტოსურათები და ა.შ. თუ საქართველოს მოქალაქეს სხვა ქვეყნის პასპორტს ძალით მისცემენ, მგონი დახევს და გადააგდებს. ამ საკითხზე ვინმეს რომ ეჩივლოს, მე არ გამიგია. ამის მოკვლევა არ არის ძნელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ თემაზე საუბარი.

ბატონი ლომოური აცხადებს, რომ სეპარატისტების ლიდერების მტკიცება - აფხაზი ხალხი მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, - აბსურდია. ”რომელ ხალხზეა საუბარი? _ კითხულობს ლომოური, - როცა 300 000 ადამიანი გამოყრილია აფხაზეთიდან”. მინდა აღვნიშნო, რომ იგივე ლომოური ამ ციფრს სხვადასხვა პუბლიკაციაში ცვლის, ხან 400 000, ხან 500 000 ასახელებს. ყველა ეს ციფრი მოგონილია და აი რატომ:
ცნობისათვის, 1989 წელს საქართველოში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რომლის მიხედვით აფხაზეთში 530 ათასი ადამიანი, მათ შორის 240 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ეს არის სტატისტიკა. გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც. მართალია, აფხაზეთში ამჟამად ქართული მოსახლეობა მცირეა, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც ომის შემდეგ იქ დარჩა. გარდა ამისა, ომის შემდეგ, დაახლოებით 50-60 ათასი ქართველი აფხაზეთში საცხოვრებლად დაბრუნდა და, ძირითადად, გალის რაიონში ცხოვრობენ. მესამეც, ქართველების არცთუ ისე მცირე ნაწილი დაფანტულია სხვადასხვა ქვეყნებში და ამ ნაწილის დაბრუნება არა სახელმწიფოზე, არამედ თვით ამ ხალხზეა დამოკიდებული. ასე რომ, აფხაზეთში დასაბრუნებელი ხალხის რაოდენობა, ყველა შემთხვევაში, 300 000 ნაკლები გამოვა.

კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. საუბარია ყველა ლტოლვილის უპირობო დაბრუნებაზე. მხედველობაში მყავს ის ხალხი, ვინც კიტოვანისა და იოსელიანის რაზმებში იბრძოდა. აფხაზური მხარე მათი დაბრუნების წინააღმდეგია. აფხაზები ამბობენ, რომ ასეთი ხალხის სია აქვთ. ჩემი აზრით, თუ იმ მეომრებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს ხოცავდნენ, ერთმანეთს შევახვედრებთ, მათ უსაფრთხოებას ვერც ერთი პოლიცია ვერ დაიცავს. ეს ძალიან რთული საკითხია და ამის მოგვარებას ბევრი მსჯელობა სჭირდება.

ბატონი ლომოური ჯანსაღად მოაზროვნე აფხაზებს საქართველოსკენ მობრუნებას მოუწოდებს. მისი ლოგიკით, აფხაზი ხალხის ის ნაწილი, ვისაც რუსეთისკენ უჭირავს თვალი, არაჯანსაღია.

ლომოურის მოსაზრებით, თუ აფხაზები რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, როგორც ეთნოსიო გაქრებიან. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ცნობილია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში 200 წელზე მეტ ხანს იყო, მაგრამ ენა, კულტურა და სხვა თვისებები არ დაუკარგავს. აპრიორი როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ აფხაზები რუსეთის შემადგენლობაში გაქრებიან.

ამასთან დაკავშირებით მინდა შევეხო იმ აფხაზთა მდგომარეობას, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 1500-1700-ია. აქაურ აფხაზებს, ძირითადად, დაკარგული აქვთ თავიანთი ენა. მხოლოდ უფროსმა თაობამ, ძალიან მცირე ნაწილმა, იცის აფხაზური. ეს მათი ბრალი არ არის. როგორც ირკვევა, კომუნისტების დროს ორჯერ, 1930 და 1962 წლებში დაისვა საკითხი ბათუმში აფხაზური სკოლის გახსნის თაობაზე, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღეს. 1939 წელს კი ჩატარდა ე.წ. რეფორმა, რომლის მიხედვითაც რუსულ სკოლებში რუსების გარდა ბავშვს ვერავინ შეიყვანდა. აფხაზური ანბანი შეიცვალა ქართულით. კონტიგენტის არარსებობის მოტივით დაიხურა აფხაზური სკოლები. ამ მდგომარეობამ მაშინ უკმაყოფილება არა მარტო აფხაზებში, არამედ ქართველებშიც გამოიწვია. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი მდგომარეობა აღსდგა და ხალხიც დაწყნარდა.
და ბოლოს, თუ საუბარია აფხაზი ეთნოსისი შენარჩუნებაზე, მოდით ვიზრუნოთ ყველაზე და არა მხოლოდ იმათზე, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს. ისე გამოდის, რომ მე, როგორც აფხაზი თუ დავკარგავ ჩემს ენას, კულტურას ქართულის ხარჯზე, ზოგიერთი მეცნიერი და პოლიტიკოსი ამას მიესალმება, ტაშს დამიკრავს. თუკი ეს მოხდება რუსულის ხარჯზე, მისაყვედურებს. მე კი მიმაჩია, რომ თუ დავკარგავ ჩემს ეთნოსს, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.
ფაქტი კი სახეზეა.

Wednesday, November 5, 2008

შემცირებული დეპუტატები და გაზრდილი ხარჯები

უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ბიუჯეტიდან ამ სტრუქტურების დაფინანსება გაიზარდა. რატომ გაზარდეს კანონმდებლებმა საკუთარი ხარჯები?

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

”ქართული პარლამენტარიზმისათვის ეს არის ტესტი. 2,3 მილიონმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტში 150 კაცზე მეტი არ უნდა იყოს. ის, ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ამ ხალხს სახეში შეაფურთხებს”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2005 წლის თებერვალში პარლამენტში გაკეთებულ საანგარიშო მოხსენებაში.

”დეპუტატების რიცხვის შემცირების ერთ-ერთი ლოგიკა იყო ეკონომიკური მომენტი, რომ ბიუჯეტის ხარჯები შემცირდებოდა... _ ამბობს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი _ იმის შეფასებას კი, რა მოხდა, ექსპერტიც არ სჭირდება. ხელისუფლებამ ამოცანა კი შეასრულა, მაგრამ მოტივაცია დააყენა თავდაყირა”.

დეპუტატების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოების დაფინანსების გაზრდას ექსპერტი შემდეგნაირად ხსნის: ”აქ საქმე
მარტივადაა. პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში განულებულია. ხელისუფლებამ დანიშვნით შექმნა ”კონსტრუქციული ოპოზიცია”. პოლიტიკური ბრძოლა აღარ მიმდინარეობს და ასეთ არაჯანსაღ ვითარებაში ადამიანები პრიორიტეტს საკუთარი თავისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ანიჭებენ. ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი”.

მიმდინარე წელს, უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსება 600 ათას ლარზე მეტით გაიზარდა, თანამშრომელთა რაოდენობა კი იგივე დარჩა _ 120 ადამიანი (აქედან 30 დეპუტატი).

ახლად არჩეულ უმაღლეს საბჭოში 2009 წელს 93 თანამშრომელი იქნება დასაქმებული (27-ით ნაკლები, აქედან 18 დეპუტატი), თუმცა 2007 წელთან შედარებით სახელფასო ფონდი 172 500 ლარით გაიზრდება.

ანალოგიური ვითარებაა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, პარლამენტში დასაქმებულთა რიცხვი 11 ადამიანით, სახელფასო ფონდი კი თითქმის 4,5 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატთა რაოდენობა 85-ით შემცირდა, მომავალში, 2007 წელთან შედარებით, პარლამენტში მხოლოდ 24 ადამიანით ნაკლები იქნება დასაქმებული, სახელფასო ფონდი კი 3,6 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება. პარლამენტში დასაქმებული 1414 ადამიანის ხელფასებზე 2009 წელს 21 512 100 ლარი დაიხარჯება.

მთლიანობაში კი ქვეყნის პარლამენტი, მიმდინარე წელს, 39 633 000 ლარს დახარჯავს, 2009 წელს კი _ 3 მილიონზე მეტს, 42 963 700 ლარს.
ხუხაშვილის განცხადებით, თუ ადრე შემოსავლების (მაგალითად, საგადასახადო, პოლიცია) და ხარჯვით ნაწილში იყო კორუფცია, ანუ მთლიანად სისტემა იყო კორუმპირებული, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ამოცანა გაამარტივა _ შემოსავლების ნაწილში კორუფცია პრაქტიკულად გააუქმა, ჩათვალა რა, რომ სანაცვლოდ მთელი თანხა ბიუჯეტში შემოედინება:

”ბიუჯეტს კი, როგორც საკუთარ საფულეს ისე უყურებენ. ამ საფულეში ხელებს როგორც უნდათ ისე აფათურებენ. ფაქტობრივად, კორუფციიდან განდევნეს საშუალო და წვრილი ჩინოვნიკები, თუმცა ამით კორუფციის მასშტაბები არ შემცირებულა, პირიქით... კორუფცია არ გულისხმობს მხოლოდ ქეშის, ფულის მიტან-მოტანას, ეს არის ტენდერები, სხვადასხვა სისტემის ლობირება...”

ხუხაშვილის თქმით, ”ჩვენი ბიუჯეტი, კანონმდებლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ნაწილდება არა იმის მიხედვით, თუ სად მეტად გვჭირდება ფული, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელი მინისტრი მოახერხებს მეტი თანხის გადაქაჩვას თავისი უწყებისკენ”.

2009 წლის კანონპროექტში კი, ბიუჯეტი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სეკვესტრირებულია. ”ადამიანს რახან გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად იღებს. აქ დარღვეულია სამართლიანობის პრინციპი _ აცხადებს ექსპერტი _ ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, თავი უფრო ბატონებად მიაჩნიათ, ვიდრე მსახურებად. სინამდვილეში, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება არის მსახური და საკუთარ კეთილდღეობას დამოკიდებულს ხდის საზოგადოების კეთილდღეობაზე~.
ქართული დემოკრატიის ხარისხზე საკუთარი შეფასება აქვს ქვეყნის პრეზიდენტსაც: `აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პარლამენტით, ეს პირველი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა _ პარლამენტარებს ერთმანეთი არ უცემიათ. ეს არის დემოკრატიის საოცარი მიღწევა”.

გია ხუხაშვილი ამ ეტაპზე სისტემურ ცვლილებებს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა თუ მიზნობრიობის მხრივ, არ ელის: ”სანამ ამას საზოგადოება სერიოზულად არ გააპროტესტებს, ალბათ, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო”.


კახა ლომაია: 7 ნოემბრისთვის სამართალდამცავებს სპეციალური წვრთნები უტარდებათ

როგორ ემზადება ხელისუფლება და ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის. კახა ლომაია _ უშიშროების საბჭოს მდივანი, ”ბათუმელებთან” იმაზე საუბრობს, თუ რის გაკეთებას აპირებს საშვიდნოემბროდ საქართველოს ხელისუფლება.
ლელა დუმბაძე /ბათუმელები

_ ბატონო კახა, თუ ელის ხელისუფლება 7 ნოემბრისთვის ფართომასშტაბიან აქციას და როგორ ემზადება ამისთვის?
_ ჯერ 7 ნოემბრის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ. ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია უახლესი წლების ისტორიაში, რომელმაც გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯუფების შიგნით, აზრთა სხვაობის მიუხედავად, დიალოგი წარმოებს. ამ დიალოგის წარმოებისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრია, რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც, მაგრამ უფრო ხელისუფლებას. ამიტომაც მოჰყვა ამ ყველაფერს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გადადგომაზე, რომლის ანალოგს ხშირად ვერ ნახავთ დემოკრატიულ ქვეყნებში.
_ თუ გაჟღერდება იგივე მოთხოვნები, რაც გასული წლის ნოემბერში იყო, როგორი იქნება ხელისუფლების რეაგირება?
_ ის, რომ გამოხატონ უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკის ამა თუ იმ ასპექტის მიმართ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ ეს უფლება, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის გარანტირებულია. ბევრი შეიკრიბება თუ ცოტა, თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს. თუმცა გვესმის, რომ არსებობს კანონის საზღვრები.
_ პროვოკაციებს ელით?
_ არა. ყოველ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებული არიან და სპეციალური წვრთნებიც უტარდებათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამოქალაქო დემონსტრაციების დროს. ხელისუფლება ელის კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიან შეკრებას და არა უკანონო, ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს. ვფიქრობ, საზოგადოების მოლოდინი არ არის სიტუაციის გამწვავება.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 7 ნოემბრის აქცია რუსეთის მხრიდან იყო მართული. ახლაც იგივე განცხადებები გაკეთდება?
_ ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებზეც რუსეთის ზეგავლენა დიდია, მგონი ამის უარყოფას აზრი არ აქვს. პოლიტიკური კონსესუსის მთავარი ფაქტორი ის იქნება, რუსეთის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს რამდენად გამჭვირვალეები იქნებიან არასამთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურები. რუსეთს აქვს ზეგავლენა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილზე, მაგრამ არ მჯერა, რომ გავლენა აქვს მნიშვნელოვან ნაწილზე.
_ ხელისუფლებას აქვს რაიმე ბერკეტები იმისთვის, რომ რუსეთმა ვეღარ გამოიყენოს ეს გავლენა?
_ ჩვენმა საზოგადოებამ რუსეთის აგრესიის დროს ისეთი სამოქალაქო მოწიფულობა გამოიჩინა, რომ ჭკუა არავისგან სასწავლებელი არ აქვს. ყველამ ბრწყინვალედ იცის, უკმაყოფილების გამოხატვის როგორი ფორმაა კონსტიტუციურად დაშვებული.
რუსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ ყველანაირ ვითარებას გამოიყენებს. ეს იქნება პოლიტიკური, ენერგეტიკული თუ სამხედრო. ეს ესმის ოპოზიციის დიდ ნაწილსაც. ხელისუფლება თანამშრომლობს `ქრისტიან-დემოკრატებთან~, `ქართულ დასთან~, `მრეწველებთან~, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე ვთანხმდებით. თუმცა, არსებობს ფუნდამენტური პრინციპები, ეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტია.
_ ორი დღის წინ ბათუმიდან ჯარისკაცები წაიყვანეს თბილისის მიმართულებით, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რას უკავშირდება ეს?
_ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაიდინა, თეორიულად მისი მხრიდან არაფერია გამორიცხული, მაგრამ რაიმე პრაქტიკულ ნიშნებს ვერ ვხედავთ. თუმცა გვესმის, რომ თბილისიდან 60 კილომეტრში რუსული ჯარების დგომა, სტაბილურობის ნიშანი არ არის.

ეკა ბესელია: 7 ნოემბრის აქცია ერთ დღეში ვერ დასრულდება

{ბათუმელები}
_ ქალბატონო ეკა, 7 ნოემბრის აქციაზე მიდიხართ?
_ არა თუ მივდივარ, არამედ ოფიციალურად ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი. გეტყვით, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო მანიფესტაცია იგეგმება.
_ რა მოთხოვნები იქნება?
_ მოთხოვნები ეტაპობრივად გამწვავდება. ვინაიდან ჩვენ ამ დღისთვის ვგეგმავთ ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებას, ბუნებრივია, აქცია ერთ დღეში ვერ დასრულდება. ჩვენი სამოქმედო პროგრამა კონკრეტული ვადებითაა გაწერილი. ეს პროგრამა აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ. მოთხოვნები იქნება მედიის თავისუფლება და `იმედის~ კანონიერ მფლობელისთვის დაბრუნება, საარჩევნო კოდექსის დახვეწა. დაისმება ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. მანიფესტაცია დაიწყება რუსთაველის გამზირიდან და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციამდე გაგრძელდება.
_ როგორ ფიქრობთ, ექნება ხელისუფლებას რეაგირება თქვენს მოთხოვნებზე?
_ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი მშვიდობიანი იქნება, ხელისუფლებას საპროტესტო ტალღის ეშინია. ამის მიუხედავად, ხელისუფლებას აქვს სამზადისი, ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი სამხედრო შენაერთები. თუმცა, არა მგონია, რომ ამ აქციის დარბევა გაბედოს. აქციის მიზანი სწორედ ის არის, რომ ხალხის წინააღმდეგ გამოსვლა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერასოდეს ვეღარ გაბედოს. ხელისუფლებამ არა მარტო შვიდში, რვაშიც დაარბია მიტინგი ბათუმის უნივერსიტეტის წინ და ამაზე რატომღაც ყურადღება არ მახვილდება.
_ თუ არ შესრულდება თქვენი მოთხოვნები, როგორი იქნება შემდეგი ეტაპი?
_ უფრო მწვავე და რადიკალური. საბოლოოდ კი დადგება სააკაშვილისა და მისი მთავრობის უპირობო გადადგომის მოთხოვნა და აქცია ამის შესრულებმადე აღარ დაიშლება.
_ ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდება, რომ ოპოზიცია რუსეთის დაკვეთას ასრულებს...
_ ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთის ინტერესების შესრულებას ხელი სააკაშვილმა შეუწყო. ამიტომ გარე ძალებზე თუ ვსაუბრობთ, რუსეთმა თავისი იმპერიალისტური ამოცანები სააკაშვილის ხელისუფლების წყალობით შეასრულა. არავინ ისე არ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, როგორც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. რუსეთი ასეთ დასაყრდენს ოპოზიციაში ვერასოდეს იპოვის.
_ ყველა ოპოზიციურ ძალაზე შეგიძლიათ ამის თქმა?
_ იმათზე, ვინც ჩვენ გვერდით დგას. ჩვენ ყველა აქციაზე დავგმობთ რუსეთის ინტერესებს და ეს იქნება ყველაზე დიდი ფარი რუსეთის ინტერესებისგან დასაცავად. რუსეთს აწყობს ისეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს საქართველოშია.
_ რამდენად მზადაა საზოგადოება პერმანენტული გამოსვლებისთვის?
_ ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებას მოკლე დროში უნდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს მიგვიყვანს ძალადობამდე. ამიტომ ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ დაღლა ქვეყნის გათავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, არ შეიძლება.

დაკითხავს თუ არა კომისია საზღვაო ძალების სარდალს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ონლაინ-რეჟიმში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა. მინისტრმა ჩვეული დელიკატურობით აარიდა თავი უხერხულ კითხვებს და ასევე ჩვეული დელიკატურობით გასცა პასუხი სასურველს.

ლაშა ზარგინავა/ფოთი/ბათუმელებისთვის

კითხვა-პასუხების რეჟიმში ბევრი ისეთი თემა წამოიჭრა, რომელზეც ადრე პასუხის გაცემა არავის უცდია. მაგალითად, იმავე ფოთთან მიმართებაში, საიდანაც ომის დღეებში რუსმა ოკუპანტებმა მილიონების ქონება გაიტანეს, ამდენივე კი დააზიანეს ან გაანადგურეს. დღემდე უცნობია, რა ოდენობის ქონება დაკარგა საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალებმა, რატომ ვერ მოხერხდა ამ ქონების გადამალვა და ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს?
ამ თემაზე ამომწურავი პასუხი, ჯერჯერობით, ვერც ერთ დონეზე ვერ მივიღეთ, მათ შორის, _ ვერც საზღვაო თავდაცვის ძალების სარდლისგან, რომელმაც ომის დღეებში საკმაოდ დაბნეულად გვიპასუხა: ”ტექნიკის ნაწილი იმიტომ არ იქნა გადატანილ-გადაყვანილი, რომ ჯერ ერთი, ამას სჭირდებოდა ტექნიკა, რომელიც ამ ყველაფერს გადაიყვანდა. იმ მომენტისთვის ეს ტექნიკა მე არ მყავდა და მე რაც შევძელი, ისინი გავარიდე ოკუპანტებს”.

საომარი ვითარების დროს, სანაპირო დაცვაც საზღვაო თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში გადადის, ანუ საზღვაო ძალების სარდალს ემორჩილება. მაშ, რატომ ვერ მოხერხდა წლობით ნაკოწიწები სამხედრო ტექნიკის გაყვანა, როცა თავად ოფიცრებმა ამ მიზნით თავი დროულად დაიზღვიეს... მოკლედ, ფაქტია: რომ დღეს ქართული ფლოტის 80% განადგურებულია და რაც გადარჩა, ისიც იმის წყალობით, რომ პირველი დაბომბვისას მცირე ზომის ხომალდები, ძირითადად, სანაპირო დაცვის, ღია ზღვაში პატრულირებდა.
გაურკვეველი დარჩა, დაიბარებენ თუ არა საზღვაო თავდაცვის სარდალს, ბესიკ შენგელიას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიაში?! პირად საუბრებში ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩათვლით, არ მალავენ, რომ 8 აგვისტოს ღამეს, ანუ როცა ფოთი დაიბომბა, ოფიცრების უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამის საჯაროდ თქმა არავის სურს.

სხვათა შორის, სარდალმა თავის დროზე ჩვენთან ასევე განაცხადა, რომ ტექნიკის დიდი ნაწილი პირველი დაბომბვისას დაზიანდა. `რაც შევძელი, ის გადავმალე, რამდენიმე ათეული~. კითხვის ნიშნები აქაც ბევრია. თუ `რამდენიმე ათეული~ ტექნიკის გადამალვის გადაწყვეტილება მიიღეს, ე.ი. ჰქონდათ ინფორმაცია ბაზის დაბომბვის შესახებ. მაშ იმავე გზებით დანარჩენებიც რატომ ვერ გადაინახეს?

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: მას შემდეგ, რაც ფოთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ, მათ ქალაქის მერს, როგორც თავის დროზე ეს თავად ვანო საღინაძემ განაცხადა, მოსთხოვეს, რომ გემებს პირდაპირ ნავმისადგომებთან, ავიაციის საშუალებით ააფეთქებდნენ. საღინაძემ რუსებს პირობა მისცა, რომ ამას ქართული მხარე ღია ზღვაში გააკეთებდა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. საღინაძის ამ პირობას, პრეზიდენტმა დილის სატელევიზიო გამოსვლაში რატომღაც `სამოქალაქო გმირობა~ უწოდა. რამდენიმე საათში კი, საღინაძის პირობის დარღვევით `გაცოფებული~ რუსი ჯარისკაცები ფოთში დაბრუნდნენ, ყველა მცურავ საშუალებაზე დიდი ოდენობით ტროტილი აიტანეს და ააფეთქეს.

გემების აფეთქების ხმა ფოთში ერთ კვირას ისმოდა, რუსები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მაგრამ ქართული მხარის რეაქცია, თუნდაც მათგან რაიმე გადაერჩინათ, ნულის ტოლი გახლდათ. ამის მომსწრე იმ დღეებში ფოთის სამხედრო ბაზებზე მომუშავე ჟურნალისტები ვიყავით. საპარლამენტო კომისია, საზღვაო თავდაცვის ძალების მიერ დაშვებული შეცდომებით ოდესმე, ალბათ, დაინტერესდება. მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, სავარაუდოდ, ფოთის მერს, ვანო საღინაძესაც მოუწევს.

თუმცა, სანამ ამ საკითხზე ვანო საღინაძის პასუხებს მოვისმენთ, მანამ ამ შეკითხვას თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნაცვლად, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა.
`სამწუხაროდ, გარკვეული რა¬ოდენობა ტექნიკის განადგურდა ომის დროს. ფოთის პორტიდან რუსებმა ვერ წაიყვანეს ვერც ერთი გამართული მცურავი საშუალება, ერთადერთი გამართულ მდგომარეობაში მყოფი კატარღა პოლიციამ გზაში დაწვა. ფოთის პორტში ჩაძირული გემებიდან არც ერთი არ ფუნქციონირებდა. გამართული მცურავი საშუალებების დიდი ნაწილი ბათუმში და სხვა ადგილებში იქნა გადაყვანილი~.
ამ პასუხით შს მინისტრმა თავის პასუხისმგებლობას გადააჭარბა, რადგან საომარი ვითარების დროს სანაპირო დაცვის სამმართველო, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო გადასული.

თუმცა, მინისტრის პასუხში ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: თუ ომის დროს ფოთის პორტიდან წაყვანილი მცურავი საშუალებებიდან არც ერთი გამართული არ იყო და თუ ჩაძირული გემებიდან არც ერთი არ ფუნქციონირებდა, მაშინ ჩნდება კითხვა: რითი დავიწყეთ ომი, მხოლოდ ქვეითი არტილერიით? გამოდის, ქვეყანა ომისთვის მზად საერთოდ არ იყო. ანუ საქართველოს, ავიაციის პარალელურად, სერიოზული პრობლემა საზღვაო საზღვრის დაცვისა და, საერთოდ, სამხედრო საზღვაო თავდაცვის კუთხითაც ჰქონია.


ბორჯომის ტყეები შველას ითხოვს


ომის დროს ტყეების განადგურებით მიყენებული ზარალი მთავრობამ მილიარდნახევრად შეაფასა და ინფორმაცია დონორებს მიაწოდა. გადამწვარი ტყეების რეაბილიტაციის დაწყებაზე, ჯერჯერობით, რამდენიმე ექსპერტი თუ ოცნებობს.

ემზარ დიასამიძე /ბათუმელები

ბორჯომის ტყის მასივებს ხანძარი 15 აგვისტოს მოედო. როგორც მაშინ ქართული მხარე იუწყებოდა, ხანძარი რუსული ავიაციის საჰაერო იერიშების შედეგად გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის ტყეებში, ბუნების განადგურების მიზნით, ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარეს. საქართველოს ხელისუფლება მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლას სთხოვდა, რათა ცეცხლის ლოკალიზებისთვის თურქეთის ავიაცია შემოეშვათ.
`ბათუმელებმა~ ვერ დაადგინა, ხანძრის გაჩენის ფაქტზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თუ არა. ამის შესახებ კომენტარი გენერალური პროკურატურისაგან ვერ მივიღეთ. სახელმწიფო კომისიაში კი აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ხანძრის გაჩენის მტკიცებულება სამართალდამცავებს ჯერ არ მოუპოვებიათ.
ომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა `საომარი მდგომარეობის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შემფასებელი კომისია~, რომელშიც 40-მდე ექსპერტი შევიდა. კომისიას გარემოს დაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა. კომისიამ ბორჯომში რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო.

კომისიის ერთ-ერთი წევრი, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, გივი გავარდაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე უბანი კატასტროფის წინაშეა და აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს: `სადაც ტყე მთლიანად დამწვარია, იქ შეიძლება სტიქიური მოვლენები განვითარდეს, რადგან ნიადაგიც დამწვარია. თუ დაზამთრებამდე დამცავი ჯებირები არ გავაკეთეთ, გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს, განვითარდება მეწყრული მოვლენები და იქ ნიადაგის ნაცვლად კლდოვანი ქანები დარჩება, რომლისგანაც ნიადაგის ჩამოყალიბებას ასი ათასი წელი დასჭირდება. გადამწვარია 950 ჰექტარი. აქედან 250 ჰექტარი მთლიანად განადგურებულია~.

გავარდაშვილის თქმით, ავარიულ უბნებში, ძველი საბურავების გამოყენებით, ტერასების მოწყობა იაფი ჯდება. პირველ ეტაპზე, დაახლოები 100-200 ათასი ლარია საჭირო: `სამწუხაროდ, თანხების გაცემის შესახებ არც კი საუბრობენ. მომავალი წლისთვის გარემოს დაცვის ბიუჯეტი შეამცირეს კიდეც. ჯერჯერობით, მთავრობის დადგენილებით შექმნილი კომისიაც არ დაფინანსებულა. როგორც გვითხრეს, თანხები ევროკავშირის სუბსიდიის შედეგად უნდა გამოიყოს. ექსპედიციები საკუთარი სახსრებით მოვაწყვეთ, რის გამოც ხანძრის შედეგების დეტალური შესწავლა ვერ მოხერხდა. ახლა გარემოს დაცვის მინისტრი შეიცვალა ანუ კაცმა არ იცის, რა ბედი ეწევა შემუშავებულ სტრატეგიას~.

ქართველ ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი თავდგირიძე კი აცხადებს, რომ ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცჯგუფმა გააჩინა: `წაღვერის ტყეებში ხე-ტყის ბიზნესი ბოლო წლებში მერაბიშვილის გარემოცვას ჰქონდა. იქ ტყეები პირწმინდად გაჩეხილია. ამ გაჩეხილ ტყეებს მოუკიდეს ცეცხლი, რაც აგვისტოს მოვლენების დროს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენეს. ეს ჩანს კიდეც, ხეებზე მეტი გადაჭრილი კუნძებია~.

წაღვერში ტყეების პირწმინდად გაჩეხვის შესახებ არაერთი სტატია მოამზადა `კვირის პალიტრის~ ჟურნალისტმა. ძალოვანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეკა ლომიძეც ენდობა: `ჩემი ინფორმაციით, წაღვერის ტყეებში იმ დროს ქართული ჯარის ნაწილები და ტექნიკა იყო შეფარებული. სწორედ ქართული ჯარის ნაწილების დაბომბვის დროს გაჩნდა ხანძარი~.

ადგილობრივ მცხოვრებლებს კი იქ არც ქართული ჯარი უნახავთ და არც რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილი ბომბები. წაღვერის თემის სოფელ დაბის მცხოვრები მიხეილ თედიაშვილი ამბობს: `აქ ქართული ჯარი არ გვინახავს. არც რუსული ავიაციის დაბომბვის ხმები გაგვიგონია. მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და ასეთი ამბავი არ მახსოვს _ ხანძარი ერთი მთიდან მეორეზე ცეცხლის ბურთივით გადადიოდა~.

რუსული ავიაციის მიერ ტყეების გადაწვას ეჭვით უყურებს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მენეჯერი, გიორგი სულამანიძეც: `წაღვერში და ასეული კილომეტრით დაშორებულ ჩვენს პარკში, რამდენიმე ადგილას, ცეცხლი ერთდროულად გაჩნდა. ეს როგორ მოხდა, დადგენილი არ არის. რუსებს ტყის განზრახ დაწვა რომ სდომოდათ, ცეცხლს ისეთ ადგილებში გააჩენდნენ, სადაც მისი ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა~.

სულამანიძის თქმით, ამ შემთხვევაში, რუსებს შეეძლოთ ბორჯომის პარკის ხელუხლებელი ტყეების დიდი ნაწილი გადაეწვათ, ტყის რამდენიმე ათეული ჰექტარია დამწვარი. ცეცხლი დროულად ჩააქრეს ლიკანის პარკშიც.

საქართველოს საგარეო ვალი - ორი მილიარდი დოლარი

ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შეერთებული შტატების, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მთავრობების მიერ გამოყოფილი ოთხმილიარდნახევარი დოლარის განკარგვის, პრიორიტეტებისა და გამჭვირვალობის შესახებ `ბათუმელების~ კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი პასუხობს:
ირმა ზოიძე/ბათუმელები
-დონორების მიერ გამოყოფილი თანხიდან ორი მილიარდი გრანტია, დანარჩენი შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტი. პირველ რიგში, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის, სოციალური პროგრამების დაფინანსება; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა; განსაზღვრულია გარკვეული თანხები ბიზნესგარემოსთვის, შეღავათიანი სესხები გაიცემა კომერციულ სექტორში, ბანკებზე. ეს თანხა ისე უნდა გაიცეს, რომ ბანკებს რესურსი ჰქონდეთ, მათ ბიზნესსექტორი უნდა დააკრედიტონ, კონკრეტულად, მცირე და საშუალო ბიზნესი.
-ე.ი. ბანკები დაბალპროცენტიან სესხებს გასცემენ?
- დიახ. პირველ სესხებს უკვე მოაწერეს ხელი `თი-ბი-სი~-მ და `საქართველოს ბანკმა~. ეს ბანკები 150 მილიონზე მეტ ლარს აითვისებენ.
- ვალი, რომელსაც ახლა ავიღებთ, დამატებით პრობლემას ხომ არ შეუქმნის ქვეყანას?
- საგარეო ვალი იზრდება ორი მილიარდი დოლარით, მაგრამ ეს არ არის პრობლემა: სჯობს საგარეო ვალი აიღო, ვიდრე ქვეყნის სამართავად თანხები არ გქონდეს.
ბათ: ქვეყანა გადამხდელუნარიანია?
- ამ დახმარების მიზანი ქვეყნის ნდობის აღდგენაა, რაც ინვესტირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ნდობის დაკარგვის შემთხვევაში, არა თუ ვალების გასტუმრება, არამედ ნებისმიერი სახის სახელმწიფო ფუნქციის შესრულება გაგვიჭირდება.
ინფრასტრუქტურის აღდგენა და ბიზნესკრედიტების გაცემა ეს უკვე ინვესტიციის წყაროა. ადრე თუ უფრო მეტი კერძო ინვესტიციები მოდიოდა, ახლა ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული ინექციებია. ეროვნული ვალუტა მყარი რომ იყოს, უცხოური ინვესტიციების შემოსვლა აუცილებელია.
- ანუ ვალუტის გამყარებას უცხოური ინვესტიცია განაპირობებს?
- ნებისმიერი სახის ტრანსფერი და შემოსავალი, მაგრამ ამაში დიდი წვლილი კომერციულმა საქმიანობამ უნდა შეიტანოს.
- დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საგარეო ვალი ქვეყანას დიდხანს ტვირთად აწვა. დღეს რა გარანტიები არსებობს, რომ დონორების ფული მიზნობრივად დაიხარჯება?
- იყო პერიოდი, როცა საქართველო ვალებს ვერ ისტუმრებდა და სულ მოლაპარაკებები და პარიზის კლუბში შეხვედრები სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ასეთი პრობლემა იმ შემთხვევაში შეიქმნებოდა, თუ ომის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი დადგებოდა. გამჭვირვალობის გარანტი, პირველ რიგში, საზოგადოება და მედია უნდა გახდეს, შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები.
- თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელის შეხვედრაზე მოითხოვა, რომ თანხის განკარგვის მონაცემები დახურული ყოფილიყო.
- მიჭირს იმის თქმა, რის გამო შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია. ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება ამის კონტროლი. რაც გინდა დააბრალე ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იტყვი, რომ სახელმწიფო სახსრებს პირდაპირ ჯიბეში იდებს. მითუმეტეს, შემოსულ თანხებზეა საუბარი. თუმცა ჩვენთან უფრო სხვა სახის საშიშროებებია, მაგალითად, ფავორიტიზმისა და მიკერძოებულობის.
- თანხის გამოყოფამდე ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ განკარგვაში აქტიურად ჩაერთვებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ეფექტური ხარჯვის გარანტიც ეს გახდებოდა...
- ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჯერ მხოლოდ საერთო ანალიზია გაკეთებული _ რა მოთხოვნები აქვს საქართველოს, როგორ დაზარალდა და რაში სჭირდება დახმარება. უფრო დეტალური გეგმა და მიზნების ჩამოყალიბება არ არის ადვილი. ეს თანხა განაწილდება სამ წელიწადზე. ამ ხნის განმავლობაში მას კონკრეტულ ამოცანებამდე დაიყვანენ და საბიუჯეტო და ეკონომიკურ პროცესებთან დააკავშირებენ. ეს პერმანენტული პროცესია და კორექტირება საჭირო იქნება.
- ანუ თანხის განკარგვის უპირატესობა მაინც საქართველოს მთავრობას მიენიჭება?
- ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი არ იქნება გამჭვირვალე. ქვეყნები, რომლებიც ამ თანხის მობილიზაციას ახდენენ, აუცილებლად მოთხოვენ ანგარიშს იმაზე, თუ როგორ იხარჯება ეს ფული და სად მიდის.
- პრემიერის შეცვლასაც ამას უკავშირებთ?
- არა მგონია, რომ ეს თანხების განკარგვასთან იყოს დაკავშირებული. დონორების თანხის განმკარგველ ორგანიზაციას კვლავაც გურგენიძე ხელმძღვანელობს. როგორც ჩანს, მას ხელისუფლება ფინანსური ნაკადების მოძრაობაში პროფესიონალად მიიჩნევს. ალბათ, ის დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომელიც აიღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას ამ ფინანსების ხარჯვა-გაკონტროლებაზე.
მთავრობა კი, ჩემი აზრით, პოლიტიკური ამინდის გაუმჯობესების მიზნით იცვლება. ახლოვდება 7 ნოემბერი, მოსახლეობაში დაგროვილია უკმაყოფილება და ეს ცვლილებაც აქედან გამომდინარე ხორციელდება. შესაძლოა, ეს ეკონომიკასა და სოციალურ პოლიტიკაში კორექტირებისთვის კეთდება.

ომის ფსიქოზი

ინტერვიუ ექიმ ფსიქიატრ და ფსიქოლოგ ნონა ნაკაშიძესთან.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები


_ ქალბატონო ნონა, ომის შემდეგ ჯარისკაცებს შორის ფსიქიკური პრობლემები ხშირია?
_ ომის შემდეგ ფსიქიკური პრობლემა, მეტნაკლებად, ყველა ადამიანს უჩნდება. ეს მძიმე სტრესია. ძალიან გულგრილი ადამიანი თუ შეძლებს, რომ სტრესი არ დაემართოს. ეს ადამიანების ნორმალური რეაქციაა.
ეტყობა, ჯარისკაცთა უმრავლესობას ომი მაინც ვირტუალურად წარმოედგინა. ჯარში მყოფ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამას სახელმწიფოს სახის შესანარჩუნებლად აკეთებდნენ. ის შემაძრწუნებელი კადრები, რაც კინოებში გვინახავს, თურმე რეალურადაც შეიძლება ნახო: ადამიანების დაგლეჯილი სხეულები _ იმათი სხეულის ნაწილები, ვინც რამდენიმე წუთის წინ შენ გვერდით იყო და ბევრთან მეგობრობდი კიდეც. ბუნებრივია, ამაზე ადეკვატური რეაქცია გექნება. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ყველაზე შემაძრწუნებელ სტრესსაც უმკლავდებიან, მაგრამ სხვა ტიპის ადამიანები ამას ვერ უძლებენ. ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმის ასატანად ყველა ადამიანს რესურსი არ ჰყოფნის.
_ თქვენ ბევრმა ჯარისკაცმა მოგმართათ. როგორია მათი მდგომარეობა?
_ ეს პრობლემა ბევრმა უკვე გადალახა. არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ სტრესის გადახარშვა. სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ცოტას აქვს. მცირე ნაწილმა, შესაძლოა, შრომის უნარი დაკარგოს.
მარცხზე მეტად სტრესული მდგომარეობა გააღრმავა ურთიერთგამომრიცხავმა, გაუგებარმა მდგომარეობამ. საზოგადოებამ ვერ გაარკვია, ამ ომით საბოლოოდ დავმარცხდით თუ გავიმარჯვეთ. ხალხს გაურკვევლობა, დისოციაცია (ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა) დაემართა. ეს განსაკუთრებით მძაფრად ჯარისკაცებზე აისახა.
_ ამ ომის მონაწილე ჯარისკაცების ნაწილი შეიძლება დაისაჯოს. ამას ფსიქოლოგიურად რა გართულება მოჰყვება?
_ თუ ასე იქნება, ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს სამუშაო მოგვემატება. ახლა მათი უმუშევრად დატოვება კიდევ უფრო გაამწვავებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამ ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა. როცა ასეთი რამ ხდება, ადამიანებს ინდივიდუალური განცდები უქრებათ და კოლექტიური შფოთები ეწყებათ. თითქოს ნორმალურია პატრიოტიზმი, მაგრამ მაინც ხდება ადამიანების ზოგადი დისტრესი. მე, პირადად, ამაზე პროტესტი მაქვს.
_ ომით გამოწვეული მასობრივი ფსიქოზის პრობლემა მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს წარმოჩნდა. ეს თანამედროვე ადამიანის პრობლემაა?
_ ეს საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი შეუსწავლელი იყო. ევროპელმა და ამერიკელმა ფსიქიატრებმა ამ პრობლემის შესწავლა ვიეტნამისა და ავღანეთის მოვლენების შემდეგ დაიწყეს. საქართველოში ამაზე ორგანიზებული დახმარება ახლახან დაიწყო. აფხაზეთში არანაკლები სტრესი გადაიტანეს ადამიანებმა, მაგრამ მაშინ მათი დახმარებისთვის არავის ეცალა.
_ ვიეტნამის სინდრომზე რას იტყვით. საქართველოში ეს საკითხი უფრო მკაცრად დადგება?
_ ნაომარი ადამიანის სტრესული მდგომარეობა, როცა საზოგადოებაში ვერანაირ უკუკავშირს ვერ ჰპოვებს, კიდევ უფრო ღრმავდება. როცა საზოგადოებაში არავის აინტერესებს, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული ომში და რა გააკეთა, არათუ დაფასება, უბრალოდ, ინტერესიც არ არის მის მიმართ, მას მიტოვებულობის, უარყოფილის განცდა უჩნდება.
_ ამ ადამიანების რეაბილიტაციისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ ჯარისკაცების პრობლემებზე, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და ისინიც, ძირითადად, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა სახის სოციალური თანადგომა, პირველ რიგში კი _ დასაქმება.
_ სამოქალაქო საზოგადოებაზე რა გავლენა მოახდინა აგვისტოს მოვლენებმა?
_ ძალიან მძიმე. მუდმივად ნეგატიური ფონი როცა ვითარდება, პროტესტი და ბრაზი გროვდება. ჩნდება ვიღაცის დასჯის მოთხოვნა. ამ დროს ხახაში შეუგდებენ ვიღაცას, ვთქვათ მოღალატეს. ამის გამოა, რომ ქუჩაში ადამიანის მოკვლა პროტესტს არ იწვევს, თუნდაც მოღალატე იყოს ანუ სასამართლოს არსებობა არავის ახსოვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს

2007 წლის 5 მაისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალურ სამსახურში მორიგე ექსპერტ-ნარკოლოგმა ალკოჰოლური თრობის ოქმების დანომრილ შეკვრაში 0000447 ოქმის ორივე ეგზემპლარის დანაკლისი აღმოაჩინა. ოქმის ბლანკის გამოყენება შესაძლებელი იყო დანაშაულებრივი მიზნით, დასკვნის გასაყალბებლად. რეგიონული სამსახურის უფროსმა კი თავი შეიკავა დანაკარგის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმირებაზე.

14.05.07 ამის შესახებ წერილობით ვაცნობე შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს უფროსს. ძიება არ დაწყებულა. 20.05.07 ჩემი მოხსენებითი ბარათი გენერალური ინსპექციიდან აჭარის პროკურატურაში შევიდა, ძიება კვლავ არ დაწყებულა. 31.05.07 მე (ნ. თევზაძე) და ექიმი მიქელაძე, ხოლო 4.06.07 ექიმები კელენჯერიძე და მოწყობილი გაგვანთავისუფლეს სამსახურიდან. მანამადე ჩვენთვის ცნობილი გახდა 02.03.07 აჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საეჭვო გარემოებები: საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა, შალიკაშვილმა ჩვენს სამსახურში ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოადგინა მოქალაქეები შალვა ადეიშვილი და თომა ჭუმბურიძე ერთი მხრივ, ხოლო დაზარალებული ხუსეინ ბალაძე შემოწმდა საავადმყოფოში მეორე მხრივ. ჭუმბურიძესა და ადეიშვილზე გაიცა სიმთვრალის, ბალაძეზე სიფხიზლის დასკვნა.
პატიმართა და მიუსაფართა უფლებების დაცვის პრეზიდენტს ნანა ანდღულაძეს აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა ჯონი ბაკურიძემ კი მისწერა, რომ 02.03.07 ავარიის უშუალო მონაწილეთა შორის ჭუმბურიძე ჩანაცვლებულია ჯონი გოხიძით, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია და რომელზედაც ჩვენი რწმენით, ნარკოლოგთა გვერდის ავლით გამოყენებულია დაკარგული ოქმი მარტის დასაწყისში. შეკვრა სამსახურის უფროსის კაბინეტში ინახებოდა.

განთავისუფლების შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, აჭარის პროკურატურას, გენერალურ პროკურატურას, პრეზიდენტს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, იუსტიციის სამინისტროს, ნაცმოძრაობის გენერალურ მდივანს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს, `პოსტსკრიპტუმის~ რედაქციას. ამაოდ...
სასამართლოსა და პროკურატურაში უხეშად დაირღვა კანონი _ 2.03.07 ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებები არც ერთ მოსამართლესა და პროკურორს არ შეუსწავლია. მეტიც, პროკურატურის, სასამართლოს დადგენილებებში იგი საერ¬თოდ¬ არ არის ნახსენები. ასევე, იგნორირებულია 14.05.07 ჩემი მოხსენებითი ბარათი, ექიმ ნარკოლოგთა კოლექტიური განცხადებები, ანდღულაძისადმი საპატრულო პოლიციის უფროსის ჯ. ბაკურიძის პასუხი. და არც ,,რუსთავი 2~-ში სურთ ამ თემის განხილვა.

სასამართლოში შრომითი დავა ჩიხშია შესული. მოქმედი შრომის კოდექსით ადმინისტრაციას შეუძლია მოშალოს შრომითი ურთიერთობა არასასურველ მუშაკთან, კვალიფიკაციას არ აქვს მნიშვნელობა. 2001 წელში სასერტიფიკაციო ტესტირებისას 30 წუთში 100 შესაძლებელიდან მოვიპოვე 99.5 ქულა; წვლილი მიმიძღვის ნარკოლოგიურ საექსპერტო პრაქტიკაში ბიოლოგიური მასალების საკონტროლო ულუფების დალუქვის, დასკვნების დაუყოვნებლივი გაცემის შემოღებაში.

ნარკოლოგების გათავისუფლების რეალური მიზეზი, ბევრ რამესთან ერთად, დაკარგული ოქმის შესახებ შსს გენინსპექციაში გაგზავნილი ჩემი მოხსენებითი ბარათიცაა.
ჩვენ ვითხოვთ კანონის დაცვას. განთავისუფლებული ვართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, რაც მოქმედი შრომის კოდექსის უსუსურობამ, პროკურატურასა და სასამართლოში დამკვიდრებულმა განუკითხაობამ განაპირობა.

შრომის კოდექსში არსებული ხარვეზები, დამნაშავე მოხელეთა დაუსჯელობა, მხილების მექანიზმების არარსებობა, უიმედობის განწყობილე¬ბას ქმნის. პარლამენტს შეუძლია დამნაშავე მოხელეთა ალაგმვა. ნუ მოერიდებით ამ მოხელეთა მხილებას.
გთხოვთ, მომისმინოთ, მოუსმინოთ ჩემს ოპონენტებს, შექმნათ კომისია, შეისწავლოთ ნარკოლოგთა საქმე სამართლიანობის აღსადგენად, დამნაშავეთა დასასჯელად.
ექიმი ნარკოლოგი
ნატო თევზაძე

ერა: ბოიკოტი პოლიტიკურ შოუებს

{ბათუმელები}
აჭარაში ორი ელექტრონული მედია მაუწყებლობს: ”ტელეარხი 25” და `აჭარის ტელევიზია”. პირველს ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები არ უწყობს ხელს, მეორე კი სამთავრობო მაუწყებლობაა. მედიასივრცეში დამკვიდრებას ცდილობს საკაბელო არხი ”ერა”, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ბათუმს ფარავს. წლის ბოლომდე კი, როგორც არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, ”ერა” დასავლეთ საქართველოს მოიცავს.

არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლევან გელიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, მთავარია, არხმა საზოგადოებაში ნდობა მოიპოვოს. ნდობის მოპოვებას კი ისინი გარეგნული იერსახის შეცვლით და ახალი გადაცემების შეთავაზებით შეეცდებიან.
ლევან გელიაშვილის აზრით, აჭარის ტელესივრცეში ხარისხიანი გადაცემების დეფიციტია. `რაღაც კეთდება, მაგრამ უმრავლესობა, ვფიქრობ, საშინელებაა”, _ ამბობს იგი.

გელიაშვილი პოლიტიკური გადაცემების წინააღმდეგია. `ძირს პოლიტიკა! არ გვინდა პოლიტიკური შოუები, მაყურებელმა ტელევიზორთან უნდა დაისვენოს~, _ ამბობს იგი. მისი აზრით, ქართული მედიასივრცე ცდილობს საზოგადოება ხელისუფლება-ოპოზიციად დაყოს, ამიტომ კონფლიქტური გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.
`მინდა, არსებობდეს არხი, სადაც ჩემს ქალაქზე კარგ რამეს გავიგებ~, _ ეს ლევან გელიაშვილის სურვილია. თუმცა, არსებობს თუ არა იგივე მოთხოვნა საზოგადოებაში, ამის კვლევა არხის ხელმძღვანელობას არ ჩაუტარებია. ისინი მხოლოდ სამეგობრო წრის მოსაზრებებით შემოიფარგლებიან. `ბათუმი პატარა ქალაქია და ყველამ ვიცით, ვის რა უნდა”.

ლევან გელიაშვილის აზრით, მაყურებელს ურჩევნია გასართობ შოუს უყუროს, ვიდრე ორი პოლიტიკოსის საათნახევრიან ჩხუბს ეთერში: `ყოველდღე იმის მოსმენა, რომ პენსიები არ გაიზრდება, ცხოვრება გაძვირდა, ძალიან დამღლელია. თანაც მაყურებელი აღარ ფიქრობს იმაზე, იყო თუ არა ინფორმაცია ობიექტურად მიწოდებული, რა დაიბლოკა და არა”.

პოლიტიკურ თოქ-შოუებზე უარის თქმის მიზეზი, ხომ არ არის იმის შიში, რომ არხი დაკარგავს დამოუკიდებლობას. მით უფრო, რომ ძალიან გართულდა ლიცენზიების გაცემაც? ამ კითხვაზე ლევან გელიაშვილს რადიკალური პასუხი აქვს: `არ გვაინტერესებს პოლიტიკა~. იგი ამბობს, რომ არხს სამაუწყებლო ლიცენზია აქვს, ამიტომ პოლიტიკური გადაცემებისთვის ლიცენზიის მოპოვებას არ აპირებენ. `დამატებითი ფურცლების ფრიალია და მეტი პასუხისმგებლობაც გეკისრება, რადგან შეიძლება ერთ დღეს შემოგივარდნენ და მიგახურონ”.

`ერა~ მაყურებელს მალე შესთავაზებს დილის გადაცემა _ `არტ-ინფოს~. გადაცემაში, როგორც გელიაშვილი ამბობს, ყველა სახის ინფორმაცია იქნება, გარდა პოლიტიკურისა. იგეგმება საღამოს გადაცემაც. `მასტერ-კლასი~ ბავშვებისთვის ზღაპრების ინსცენირებას აპირებს. ცოტა ხანში მაყურებელი ახალ ქალაქურ სერიალსაც ნახავს. `ქალაქში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ ინფორმაცია არ არის, ამიტომ ჩანს ყველაფერი ერთი შეხედვით მომაბეზრებელი~.
არხს შემოქმედებითი ჯგუფი ჯერ არ შეურჩევია. `ხელმძღვანელი, პროდიუსერიც და გადაცემების ავტორიც მე ვარ~, _ ამბობს გელიაშვილი. თუმცა, სამომავლოდ ახალი კადრების შერჩევასაც აპირებენ.

პოლიტიკური თოქ-შოუები ქართული სატელევიზიო სივრცეში უკვე აღარ არსებობს. სატელევიზიო სივრცეში განსხვავებული ინფორმაციის დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან დიდი მოთხოვნაა პოლიტიკურ შოუებზე, წამყვანი ტელევიზიებიც კი აქცენტს ტელესერიალებსა და გასართობ გადაცემებზე აკეთებენ.

უმაღლეს საბჭოზე ხუთ წელიწადში 23 მილიონი დაიხარჯა

გასული ოთხი წლის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს შენახვა ხალხს 13 101 800 მილიონი ლარი დაუჯდა. 3 ნოემბრის არჩევნების ჩასატარებლად კი ბიუჯეტიდან 2,7 მილიონი ლარი გამოიყო. მომდევნო წელში უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კიდევ 2,888 მილიონ ლარს აითვისებენ. რა დაუჯდება მოსახლეობას 18 დეპუტატის შენახვა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით, უცნობია. ამას უსკოს შესანახად ყოველწლიურად გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარიც ემატება.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

3 ნოემბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რიგით მე-5, მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა. თუკი საქართველოს დამოუკიდებლობამდე კომუნისტური არჩევნები შინაარსით ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს, არც დემოკრატიული არჩევნები განსხვავდება ერთმანეთისგან.

პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები აჭარაში 1991 წლის 23 ივნისს გაიმართა. მაშინ უმაღლეს საბჭოს უზენაესი საბჭო ეწოდა. მასში სულ 80 დეპუტატი იყო, 40 პროპორციული და ამდენივე მაჟორიტარი წესით არჩეული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები თავისი შინაარსით მომდევნო არჩენებზე გაცილებით სამართლიანი იყო, წინასაარჩევნოდ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებაში მოსულმა `მრგვალმა მაგიდამ~, პრეზიდენტმა გამსახურდიამ, არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ თანაპარტიელები, ასლან აბაშიძე და ნოდარ იმნაძე დანიშნა. ისინი უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ იყვნენ.

არჩევნების წინ, 22 აპრილს, აჭარის ავტონომიის დასაცავად ბათუმში ხალხმრავალი მიტინგი მოეწყო. ამ მოვლენების შემდეგ აბაშიძის კაბინეტში ნოდარ იმნაძე მოკლეს და უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც დაძაბულ ფონზე გაიმართა.

არჩევნებში შვიდი პარტია იღებდა მონაწილეობას. მასში 228 749 ამომრჩევლიდან 137 817-მა, ანუ 60,2 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. კომპარტიის ნაცვლად გამარჯვება ახალმა მმართველმა პარტიამ `მრგვალმა მაგიდამ~ მოიპოვა. პარტიამ არჩევნებში 47,5 პროცენტი მიიღო და 21 მაჟორიტარი გაიყვანა, მაჟორიტარულ არჩევნებში კი 10 მანდატი აიღო.
მეორე ადგილზე რესპუბლიკელები გავიდნენ, 19,81 პროცენტით. კომუნისტებმა 17,57 პროცენტით შვიდი პროპორციული და ექვსი მაჟორიტარული მანდატი აიღეს. ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს თენგიზ ასანიძის `ეკონომიკური აღორძინების კავშირმა~ და ავღანელთა კავშირმა. შესაბამისად, მათ ორ-ორი ადგილი შეხვდათ. ბარიერი ვერ გადალახა რუსთაველის საზოგადოებამ, რომელმაც ხმების 3,46 პროცენტი მიიღო.
უმაღლესი საბჭოს პირველმა სესიამ სკანდალით ჩაიარა. იმნაძის მკვლელობის შემდეგ ასლან აბაშიძეს თანაპარტიელთა დიდმა ნაწილმაც არ დაუჭირა მხარი. ამის გამო სხდომას პრეზიდენტი გამსახურდია დაესწრო და ღია კენჭისყრით დეპუტატები აიძულა აბაშიძისთვის მიეცათ ხმა. ამ ფაქტის გამო გაბრაზებულმა აბაშიძემ, გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად, დაითხოვა და მისი როლის შესრულება რვაკაციან პრეზიდიუმს დაავალა.

მომდევნო არჩევნები 1996 წლის 23 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ასლან აბაშიძე სიტუაციას აჭარაში სრულად აკონტროლებდა და არჩევნების შედეგებიც წინასწარ დაიგეგმა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 100 პროცენტს მიახლოებული გამოცხადება დაფიქსირდა. აქედან `აღორძინება-მოქკავშირის~ ბლოკმა 81,9 პროცენტი მიიღო. 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ კომპარტიამ გადალახა - ორი დეპუტატის გაყვანა მოახერხა. ორი მაჟორიტარის გაყვანა მოახერხეს ტრადიციონალისტებმაც.
აჭარის კონსტიტუცია შეიცვალა 2001 წლის არჩევნებისას _ შეიქმნა აჭარის ორპალატიანი პარლამენტი. წარმომადგენლობითი ორგანო შემცირდა 50-კაცამდე. ასარჩევი იყო 10 სენატორი მაჟორიტარული წესით და 40 პროპორციული წესით. 45 მანდატი `აღორძინებამ~ მოიპოვა, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს მრეწველებმა და ედპ-მ. პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ფორმალობა იყო.

აჭარის რევოლუციის შემდეგაც მხოლოდ საარჩევნო სუბიექტები შეიცვალა. 2004 წლის 24 ივნისის არჩევნებში 30 დეპუტატი აირჩიეს. აქედან 28 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას ერგო. ბარიერი ოპოზიციიდან მხოლოდ რესპუბლიკელებმა გადალახეს. მათ ორი მანდატი მიიღეს.

ბოლო არჩევნები კი დანარჩენებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ადგილები კიდევ უფრო შემცირდა – უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი აირჩა: ექვსივე მაჟორიტარული მანდატი მმართველმა პარტიამ მოიპოვა, 12 პროპორციული ადგილიდან კი ოპოზიციას ფორმალურად ერთი (თეორიულად შეიძლება ორიც) დაეთმო.

2004 წლის 20 ივნისს არჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, თავისი მუშაობის განმავლობაში ძალადაკარგულად გამოაცხადა 22 კანონი, მიიღო 15 ახალი კანონი, 51-ჯერ შეიტანა ცვლილება კანონში, ოთხჯერ დაამტკიცა ბიუჯეტი, მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და დაამტკიცა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.


მურმან დუმბაძე: ”არჩევნები ამბავში და გაგებაში”

ავტორი: მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს
წინა მოწვევის დეპუტატი


საერთოდ, ბედნიერი კაცი ვარ. რა პოლიტიკური გემოვნების ადამიანს არ ნახავ ჩემს პლურალისტულ სამეზობლოში. ნაციონალი, კომუნისტი, მრეწველი, ამღორძინებელი, რესპუბლიკელი, ვიგოდნიკი, დასელი, ქრისტიან-დემოკრატელი, ჩვენ თვითონელი, ასეთელი, ისეთელი.

ამ სააჯაფსანდალო ბედნიერებას პირველი ნოემბრის ბედნიერებაც დაემატა. ამ დღეს, შვიდ მილიონბიუჯეტიანი, უფართობო და უოთახო აჭარის ტელევიზიით, დაქირავებულ ფართში, სავარაუდოდ, სასტუმრო `ინტურისტის~ გემოვნებით გაწყობილ ოთახში მომზადებული წინასაარჩევნო, ოთხი წლის ნანატრი პოლიტიკური თოქ-შოუს ცქერის შანსი გაჩნდა.

გახარებულმა, იმ მიზნით, რომ გამეგო აჭარის არჩევნებისადმი პოლიტპლურალისტების დამოკიდებულება, და სხვებისაც, საღამოს ჩემთან მცირე პურობა გავმართე. შემიძლია დავიფიცო, ღვინო მიშას ნაკარნახევი ყურძნიდან არ დამიწურია, საბაზრო ფასში კახელი გლეხისგან ვიყიდე, ამიტომაც მადლიანი გამოვიდა. პირველი სადღეგრძელო დავლიეთ და გადაცემაც დაიწყო.

მე, როგორც არჩევნებში არამონაწილე პოლიტიკური პარტიის წევრი, მივხვდი, რომ ნაციონალებმა, სადებატოდ ქალბატონი გამოუშვეს, არა გენდერული თანასწორობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის ახალ სახეს, თანაც ქალბატონს, ნაკლები ხიფათი შეხვდებოდა. ნაციონალმა ქალბატონმა ე.წ. ვარშალომიძის დასაქმების მარგალიტი, აჭარის სამოთხის მითი, კიდევ ერთხელ შეგვახსენა: აჭარაში დასაქმდება არა აჭარის მკვიდრი, არამედ მხოლოდ აჭარის ადგილობრივი მკვიდრიო. ამის გაგონებაზე ნაციონალმა მეზობელმა, რომელსაც უკრაინელი ცოლი ჰყავს მითხრა: აუცილებელია, რომ ჩემს ნატალიას სანდრა ერქვას და ჰოლანდიელი იყოს? მე არჩევნებზე წამსვლელი არ ვარო, ჩაიქნია ხელი ნაციონალმა.

სუფრაზე მეზობელი პენსიონერი ბაბუ შემოგვემატა.
დებატებში ბოლშევიკების ლიდერი ჩაერთო _ კოლექტივი უნდა აღვადგინოთო. მეზობელ კომუნისტს, რომელიც კომპარტიის საწევროს კომუნისტურად იხდის, სახე სიხარულისგან უნდა გაბადროდა, რომ ლიდერმა დაამატა, ამიტომ კერძო საკუთრებები უნდა შევზღუდოთ და თანაც ქვეყანა მრავალპარტიული უნდა იყოსო. საკუთრებას არავის მივცემ, მაგი იმპერიალისტების შემოგზავნილია, ღალატობს მარქსიზმ-ლენინიზმს, არც საწევროს გადავიხდი, კომპარტიიდანაც გავალ, და ჩემს დუხსაც ვერ ნახავთ არჩევნებზეო, _ დაიყვირა კომუნისტმა.

ცუდად არ დებატობდა მრეწველი, მაგრამ რად გინდა, კახური რქაწითელის დასალევად მოსვლა და აქედან მხარდაჭერა დაეზარა ჩემს მრეწველ მეზობელს და არჩევნებზე მისვლით მოიკლავდა თავს?

ჯერი ქრისტიან-დემოკრატზე მიდგა. ეს ესაა ლაპარაკი უნდა დაეწყო, რომ ბოლშევიკების ლიდერმა მიახალა: შენ ხუთ პარტია გამონაცვალოო. ქრისტიანმა და თანაც დემოკრატმა არ იწყინა. კი, ბატონო, იქაც ვიყავი, აქაც ვიყავი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრიც ვიყავი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც, მაგრამ, რაც მთავარია, აღორძინების წევრი არ ვყოფილვარ. შენ ჭრუ, უმადუროო!

ახია ჩემზე, 21 მაისს, თარგამაძეს ხმა რომ მივეცი. არჩევნები არა იხვის ტოლმაო, დაიყვირა სუფრის აღორძინების წევრმა.
წინასწარ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არჩევნებზე გადაწყდებაო, დაგვამშვიდა პენსიონერმა ბაბუმ.

დებატების ცქერაში გართულებს, ვიგოდნიკი ისე გაგვეპარა სუფრიდან, ვერც კი მივხვდით.
თოქ-შოუზე დასელი და ჩვენ თვითონელი ისე პასიურობდნენ, რომ ჩემი სუფრის დასელს ჩაეძინა, ჩვენ თვითონელმა კი ყურში ჩამჩურჩულა, ამ პარტიის წევრი კი არ ვარ, სიდედრის ბიძაშვილმა მთხოვა მხარი დაუჭირეო. ლარი არ უდევს ჯიბეში, გამარჯვების შანსი არ აქვს და ჩემს მისვლას არჩევნებზე წყლის ნაყვის ფასი ექნებაო.

გადაცემა დამთავრდა. ბოლო სადღეგრძელო დავლიეთ. ყველამ წინასწარ ვივარაუდეთ, რომ არჩევნებზე თავისი ინიციატივით მივიდოდნენ, არა ფორმალური წესებით, არამედ ვისაც დაახათრებდნენ, ქართული წესით _ `ამბავში და გაგებაში~ და, რა თქმა უნდა, ვიგოდნიკები. ეს იქნებოდა აჭარის რეგიონული არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალპროცენტიანი, კამუფლირებული სწრებადობის არჩევნები, რომელსაც 22 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააფიქსირებდა.
3 ნოემბერს, არჩევნების დღეს, პოლიტპლურალისტები, სხვებიც, ვინც არჩევნებზე არ წავედით, ისევ ჩემთან შევიკრიბეთ. საინფორმაციოებიდან ვიგოდნიკი სამ განსხვავებულ უბანზე დავჩითეთ. მივხვდით, რომ წინასწარი ვარაუდი გამართლდა. ვარშალომიძე ლამის გვემუდარებოდა ახალი კონსტიტუციური ტერმინით _ მოდით, დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრიობაო.

მოგვიანებით პენსიონერი ბაბუც შემოგვესტუმრა. ჩემს კითხვაზე _ რა ქენი ბაბუ, იყავი არჩევნებზე? მიპასუხა, უმაღლესი საბჭოს წევრს მეტი ჭკუა რატომ არა გაქვს, ჩემი პენსიით ამერიკაში როგორ წავალო.

შემრცხვა, `ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არჩევნებზე გადაწყდებაო~ როცა თქვა, თურმე ამერიკის არჩევნებს გულისხმობდა.


კობა ჩხეიძე: ქართული ავტონომია საქართველოში - მრცხვენია...

ავტორი: კობა ჩხეიძე

თურქეთისა და რუსეთის გარიგებით შემდგარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და უზარმაზარი ნაწიბური მდინარე ჩოლოქზე. ჩვენს წინაპრებს არ უბრძოლიათ განსაკუთრებული ქართველობისთვის. ისინი განსაკუთრებული იყვნენ საერთო ქართული საქმისთვის ბრძოლაში, საქართველოს გასაერთიანებლად.

ჩვენ კი განსაკუთრებულნი გვინდა ვიყოთ და ამისთვის მემკვიდრეობით მიღებული `ავტონომია~ გვჭირდება. იგი თავისი არსით მხოლოდ სტატუსი არ არის, ის ფსიქოლოგიური ნაწიბურიცაა.

მაკიაველის ერთი თეზა ამბობს, `ხალხს ძველი ურჩევნია ახალს~ ანუ ცვლილებების წინააღმდეგია ყოველთვის; მხოლოდ ახლის დადგომის შემდეგ აცნობიერებს ძველის მონატრებას, მიუხედავად იმისა, კარგი იყო ის თუ ცუდი.

ჩვენი მეხსიერება კი ასლანური რეჟიმით შემოიფარგლება, რომელმაც ნაწიბურები გაგვიხელა და სეპარატისტულ თემებით თამაშში ჩაგვითრია. ამ თემის პედალირებას ასლანის რეჟიმი ფილმების შექმნით _ `რას გადაურჩა აჭარა~, `ტერორის ანატომია~ და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის მხარდამჭერი საზოგადოების შექმნით ახერხებდა. ქართულმა აზრმა ასლანის აზრებიც წაშალა, მაგრამ ისევ ვერ წაშალა ავტონომია.
და ისევ მოხიბლული ვართ ავტონომიის ხიბლით! მზად ვართ, მილიონობით ლარი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უუფლებო რგოლებზე დავხარჯოთ. ხოლო ის ნომინალური უფლებები, რაც მათ გააჩნიათ, ხალხის დასაქმებას უფრო ემსახურება, ვიდრე, ზოგადად, მათ საქმიანობას. მისი ატრიბუტიკის შესანარჩუნებლად ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარეთ არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაგრძნობინეთ საზოგადოებას თავისი `განსაკუთრებულობაც~.

წინა საარჩევნო კამპანიამ ყველა მონაწილე პარტია ჩართო უხერხულ თამაშებში, არა მარტო `ჩამოსულებით~, `მეორე სამშობლოთი~, ან ამ თემების კრიტიკით, არამედ უბრალო მონაწილეობით, რადგან სეპარატიზმი ერთი მთლიანიდან გამოყოფას ან ავტონომიურობისთვის ბრძოლას გულისხმობს. სეპარატისტებისთვის წარსულიდან ავტონომია გადაიქცა პირობით საბნად, რომელშიც აკანკალებული აზრების გათბობაა შესაძლებელი. ხოლო უმრავლესობისათვის კი უხერხულობად იქცა. კომპლექსების ოდენობა ბევრია და ზოგჯერ სასაცილოც. ჩვენ ვამაყობთ აჭარული ხაჭაპურით, ისევე როგორც კახელი _ ღვინით, ხორუმით, განდაგანით და იმითაც თუ როგორ ვინახავდით ქართულ ანბანს და ქართულ კულტურას. კიდევ ბევრი სხვა რამითაც, მაგრამ ვამაყობთ ავტონომიითაც... პარადოქსია!!!

ჩემსა და თქვენს აზროვნებას ლოგიკა მუდამ არეული ექნება, რადგან ჩვენი კუთხის ქართული შინაარსი განსხვავდება სტატუსისგან.

და ბოლოს, რუსი ექსპერტები ხშირად აჭარას მოიხსენიებენ როგორც თბილისის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, ანუ ისინი ხედავენ ავტონომიას და ჩვენ სხვები ვგონივართ.
მინდა უბრალო ქართველი ვიყო, უბრალო კუთხეში ვცხოვრობდე და სულში არც ერთი ნაწიბური აღარ მქონდეს.

P.შ. ბოთლში ჩატყუებული სეპარატისტი ჯინის გამოშვება, რომელსაც თავისი ინტერესებიც გააჩნია, ყოველთვის შესაძლებელია.


სპეცუბანი და... უმისამართოები

{თედო ჯორბენაძე/ბათუმელები}

არჩევნები შედგა. როგორც უსკოში აცხადებენ, ყველაფერი რიგზეა. უსკოს ინფორმაციით, დარღვევები მხოლოდ სამ უბანზე დაფიქსირდა და კითხვები რომ არ გაჩნდეს, სამივე უბნის შედეგებს გააუქმებენ.

ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც ბათუმში 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად მოავლინეს და რომელსაც ოფიციალური კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს (შესაბამისად, მის ვინაობას ვერ დავასახელებთ), ეგონა, რომ გაუქმებული სამი უბნიდან ერთ-ერთი ბათუმის #74 უბანი, ანუ ის უბანი იქნებოდა, სადაც თვითონ დაესწრო ხმების დათვლას. მაგრამ ამ სტატიის მომზადების დროს #74 უბნის გაუქმების შესახებ უსკოს არაფერი უთქვამს.

#74 სპეცუბანზე ევროკავშირის დამკვირვებლის მიერ აღმოჩენილი დარღვევები და საეჭვო გარემოებები, რაზედაც `ბრიუსელისთვის მომზადებულ ანგარიშში დაწერენ~, ასეთია: `თავიდანვე საეჭვო ის მოგვეჩვენა, რომ შვიდის წუთებისთვის ყუთი ბიულეტენებით უკვე სავსე იყო.

მოგვიანებით, წილისყრის მიხედვით ხმები ვისაც უნდა დაეთვალა თქვა, რომ ამ საქმის კეთება არ შეეძლო. მოკლედ, ამის კეთება იმას დაევალა, `ვისაც შეეძლო~.
როდესაც ხმების დათვლა დაიწყეს, ერთმა დამთვლელმა ყველას გასაგონად სხვები გააფრთხილა, რომ ათ-ათობით გადაწყობილი ბიულეტენების შეკვრისთვის თითო-თითო გამოეკლოთ. ანუ ისედაც გადატენილ საარჩევნო ყუთს ხმებს ხელოვნურად კიდევ ამატებდნენ. ამას ყველა დამკვირვებელი ხედავდა. `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ წარმომადგენელს ვკითხე თუ რატომ არ ახდენდა რეაგირებას. როცა მივხვდი, რომ ის შეშინებული იყო, ამის გამოსწორება პირადად მოვითხოვე~.

ევროკავშირის დამკვირვებლის თქმით, ასეთი უხეში დარღვევები, სხვაგან არც ერთ უბანზე არ დაუფიქსირებია.
რა ხდება #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის ე.წ. 74-ე სპეცუბანზე. ამ უბანზე, ოფიციალური ინფორმაციით, ხმას ძალოვანი უწყების (ძირითადად დაცვის პოლიციის) თანამშრომლები და ე.წ. უმისამართოები აძლევენ. მისამართის გარეშე სიაში შეყვანილი 333 ამომრჩევლიდან (მათ შორის დევნილები) არც ერთზე არ იყო მითითებული მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

3 ნოემბრის არჩევნებისთვის უბანში გამოკრულ სიაში ჩაწერილი ჰყავდათ ის მოქალაქეებიც, რომლებიც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრის გარეთ ცხოვრობენ, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქუთაისში მცხოვრები ადამიანები (250-ზე მეტი ამომრჩეველი).

კანონმდებლობით, აჭარის უმა¬ღ¬ლესი საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.
თუმცა, ამასთან დაკავშირებით უსკოს იურიდიულმა სამსახურმა განმარტა: `უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტისა და საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სამხედროები ხმას დისლოკაციის ადგილზე აძლევენ~.74-ე უბანს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ კანდიდატმა სააკაშვილმა კანდიდატ გაჩეჩილაძეზე ძირითადი უპირატესობა ბათუმში სწორედ ამ უბნიდან შესული ხმებით მოიპოვა.

შავაძის საქმეს ადვოკატს კვლავ არ აცნობენ

{ემზარ დიასამიძე/ბათუმელები}

ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეს ოჯახის ადვოკატს, რამინ პაპიძეს კვლავ არ აცნობენ. 13 სექტემბერს აჭარის პროკურატურამ შავაძის წინააღმდეგ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების საქმე შეწყვიტა.

დაღუპულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სერჟანტი ჯანმრთელ და პატიოსან ცხოვრებას ეწეოდა და ბრალდების გასაქარწყლებლად გამოძიების გაგრძელება მოითხოვა. სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე თემურ კაკაბაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურას საქმის წარმოების გაგრძელება დაევალა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურა ვალდებული იყო ადვოკატისთვის საქმე გაეცნო, მაგრამ მას ამჯერადაც უარი უთხრეს: `მაქსიმალურად ცდილობენ, დრო გააჭიანურონ და საქმე არ გამაცნონ. ახლა პროკურატურაში ახალი პირობა წამიყენეს. მითხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა აქვთ და ამ 10 დღეში თუ აპელაციას არ მიმართავენ, საქმეს მერე გამაცნობენ~ _ ამბობს პაპიძე.


ქობულეთის ციტრუსის ქარხანა აღარ მუშაობს

საწარმო საგადასახადომ დალუქა, გოჩა ძასოხოვი კი პეკინის ოლიმპიადიდან არ დაბრუნებულა

ქობულეთის ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი წლის წინ გახსნა, დალუქულია. შპს `ქართულ პროდუქტში~, რომელიც ამ ქარხნის მფლობელია, საგადასახადო ინსპექცია მუშაობს. ქარხანაში არსებული 760 ტონა გადამუშავებული პროდუქცია შესაძლოა გაფუჭდეს.
ლელა დუმბაძე /ბათუმელები

გახსნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა თქვა: ”ეს არის საქართველოს ეკონომიკის პასუხი დახრჩობის მცდელობაზე. დასრულდა ის დრო, როცა რუსეთის საზღვარზე ავტომანქანებით ვტვირთავდით სოფლის მეურნეობის პროდუქტებს”.

ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც სეზონურად მუშაობს, 9 სექტემბერს დაილუქა. აქ 200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მაგრამ ახლა მხოლოდ დაცვის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება. ისინი ტერიტორიას იცავენ და ქარხნის უმოქმედობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. `გასულ წელს ქარხანამ 12 000 ტონა ციტრუსი მიიღო. ცოტა ხანში ახალი ციტრუსის მიღებაც დაიწყება, ქარხანა კი არ მუშაობს~, _ ამბობენ ისინი.
კომპანიას წინა თვეების სახელფასო დავალიანება არ აქვს, მაგრამ თუ ქარხანამ მუშაობა არ განაახლა, ასობით ადამიანი, შესაძლოა, სამუშაოს გარეშე დარჩეს. ქარხნების დალუქვის გამო, ასევე, შეიძლება, გაიზარდოს კომპანიის ზარალი, რადგან გასულ წელს გადამუშავებულ პროდუქციას სარეალიზაციო ვადები გასდის.

შპს `ქართული პროდუქტი~ 2005 წელს, შპს `ქართულმა შაქარმა~ დააფუძნა, რომლის დიდი ნაწილის მფლობელიც გოჩა ძასოხოვი იყო. მასვე ეკუთვნის გურჯაანის ყურძნის და აგარის ვაშლის გადამამუშავებელი ქარხნები. ქარხნებმა გასულ წელს 2 000 ტონამდე ყურძენი და 28 ათასი ტონა ვაშლი გადაამუშავეს. ამჟამად ეს ქარხნებიც გაჩერებულია. კომპანიას, მხოლოდ საშემოსავლო ნაწილიდან, ბიუჯეტში 50 ათასი ლარი შეჰქონდა.
ბიზნესწილები გოჩა ძასოხოვმა წელს, აპრილში გაყიდა. `ქართული პროდუქტის~ 90 პროცენტის მფლობელი თურქეთის მოქალაქე, სებაჰათინ ივდისი გახდა, დარჩენილი ათი პროცენტის მფლობელი, კი _ რუსეთის მოქალაქე ანატოლი ივჩენკო. ძასოხოვმა აპრილში კუთვნილი წილები შპს `ქართულ შაქარშიც~ გაყიდა, რის შემდეგ `ქართული შაქრის~ 100-პროცენტიანი მფლობელი ჯოზეფ ქეი გახდა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანია `იმედის~ მესაკუთრეცაა.

`ქართულ პროდუქტში~ ჯერ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი შევიდა, შემდეგ კი საგადასახადო ინსპექციის აუდიტის სამმართველო. `ორი დღის შემდეგ, მას საგადასახო ინსპექციის შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაენაცვლა~, _ აცხადებს კომპანიის დირექტორი რამაზ თორთლაძე. მისივე ინფორმაციით, ამ სამსახურმა ფირმა 2007 წლის გაზაფხულზეც შეამოწმა.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ისინი არ ეთანხმებიან მაკონტროლებელი ორგანოების სამოტივაციო წერილს, რის საფუძველზეც ისინი ქარხანაში შევიდნენ: `კუდმა წარმოადგინა ბრძანება, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენს საბუღალტრო აღრიცხვაში გაყალბებული დოკუმენტაცია ინახებოდა. თუმცა ჩხრეკის დროს ეს არ დადასტურდა~.

დირექტორი ვერ ხვდება, რის საფუძველზე დაინტერესდნენ მაკონტროლებელი ორგანოები მათი ბიზნესით: `კომპანიას ბიუჯეტის 220 ათასი ლარი მმართებდა, თუმცა დამატებითი ღირებულების გადასახადში 300 ათასი ლარი წინსწრებით ჰქონდათ შეტანილი. ამიტომ ქარხნების დალუქვის მიზეზი ეს არ უნდა გამხდარიყო~.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კომპანიას შეუძლია წინსწრები თანხა დავალიანების დასაფარავად გამოიყენოს. `ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ საგადასახოს, მაგრამ მოთხოვნა ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილეს~, _ ამბობს თორთლაძე.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ქარხნების გაჩერება ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს, ამიტომ ციტრუსის სეზონზე მუშაობის უფლების მიღების თხოვნით მაკონტროლებლებს მათ უკვე მიმართეს. თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, გოჩა ძასოხოვმა ბიზნესწილები ხელისუფლების ზეწოლით დათმო. `მას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაფინანსება მოსთხოვეს, რაზეც ძასოხოვმა უარი განაცხადა~, _ ამბობენ `რესპუბლიკელები~. მათივე განცხადებით, ქარხნების გახსნა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო პიარ-კამპანიის ნაწილი იყო და არა რეალური ბიზნესის კეთება. თუმცა, დირექტორს არ ახსოვს, რომ ხელისუფლების ან ოპოზიციის სასარგებლოდ კომპანიის ანგარიშიდან თანხები გასულიყო.

რაც შეეხება გურჯაანის ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანას, რამაზ თორთლაძის ინფორმაციით, ის ფინანსთა სამინისტროს მიზნობრივი კრედიტით იყო დაფინანსებული და საწარმომ სახელმწიფოს ვალი ვერ გაისტუმრა: `ხუთ მილიონ-ნახევარი ევროს ექვივალენტი გვქონდა ლარებში აღებული. აქედან, ორი მილიონ შვიდასი ათასი კომპანიას გადახდილი აქვს. საწარმო მომგებიანი არ აღმოჩნდა, ამიტომ, ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, კომპანიამ სახელმწიფოს ვალი ნატურის სახით დაუბრუნა~.

თავად გოჩა ძასოხოვს რაც შეეხება, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, პეკინის ოლიმპიადაზე ის სტუმრის სტატუსით წავიდა და მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. `რომელ ქვეყანაშია, ვერ გეტყვით~, _ ამბობს რამაზ თორთლაძე.


გააძვირებს თუ არა ”სოკარი” ბუნებრივ აირს?

ბათუმის გაზიფიცირებულ უბნებს, ახალი ინვესტორის _ `სოკარ ჯორჯია გაზის~ შემოსვლის შემდეგ, კიდევ რამდენიმე დაემატა. აზერბაიჯანულმა მსხვილმა კომპანიამ ორი ათასი აბონენტისთვის ცენტრალური ქსელი უკვე გაიყვანა. ზამთრის დადგომამდე კი, დაახლოებით ორი ათასი აბონენტის დამატებას გეგმავს.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

კონკრეტულ ქუჩამდე მიყვანილი ცენტრალური ქსელი, მასში აბონენტის ჩართვას არ ნიშნავს. ამიტომაც ძნელია იმის თქმა, ამ ზამთარში თამარისა და ე.წ. `ჭაობის~ დასახლებაში შეძლებენ თუ არა საერთო გაზიფიკაციით სარგებლობას. ცენტრალური ხაზიდან კონკრეტულ მისამართამდე გაზის გაყვანის ხარჯები მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს.

”სოკარ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილის, ვახტანგ ცაავას თქმით, აბონენტმა ხარჯების დაფარვა რომ შეძლოს, თანხის გადახდის გრაფიკი დაწესდება: `კომპანია მზად არის, გარკვეული შეღავათები გაუწიოს მოსახლეობას და გამანაწილებლიდან ბინაში მიყვანამდე გაწეული ხარჯების ნაწილი - 200 ლარის ფარგლებში, თავად გაიღოს. ამ თანხას _ ყოველ თვეში, აბონენტი ცხრა თვის განმავლობაში გადაიხდის, მოხმარებული გაზის ღირებულებასთან ერთად.


რა დაჯდება საერთო ქსელიდან კონკრეტულ სახლამდე გაზის გაყვანა, ამის თქმა კონკრეტული ტერიტორიის გაზომვის გარეშე შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია მანძილსა და შესრულებულ სამუშაოზე. `შეიძლება 200 ლარზე მეტიც დაიხარჯოს. გაზის მილებს მრიცხველამდე ჩვენ მივიყვანთ~, - ამბობს `სოკარის~ წარმომადგენელი. კომპანია თავის საფასურში მრიცხველის ფასსაც შეიყვანს. თავად სახლებში კი, გაზგაყვანილობას შესაბამისი ნებართვის მქონე კერძო სამსახურები ამონტაჟებენ და ამისათვის დამატებითი თანხებია საჭირო.

`სოკარ ჯორჯია გაზს~ საქართველოში კიდევ 30 ქალაქის გაზიფიცირების პასუხისმგებლობა აქვს აღებული. თუმცა, კომპანიამ აჭარაში მუშაობა ჯერ კიდევ ხელისუფლებასთან ოფიციალური შეთანხმების გაფორმებამდე დაიწყო. `მიღება-ჩაბარების აქტი ნოემბერში უნდა გაფორმდეს. ამ თვის ბოლოს, ალბათ, ფორმალური მხარე მოგვარდება და 30 ქალაქსა და რაიონში გაზის მეურნეობას ოფიციალურად გადმოგვცემენ~, _ ამბობს ვახტანგ ცაავა.
ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხების გამო სამუშაოების დაწყება რომ არ დაგვიანებულიყო, აჭარის მთავრობამ კომპანიასთან თანამშრომლობის ცალკე დოკუმენტი გააფორმა. თუმცა, თავად `სოკარის~ ხელმძღვანელობაც ამბობს, რომ პროცესის დაჩქარება მათ ინტერესებშიც შედიოდა: `სასწრაფო ღონისძიებები აჭარის განვითარების პერსპექტივებისა და გადაუდებელი ღონისძიებების გათვალისწინებით გატარდა. სამუშაოები ფორმალური მხარეების მოგვარებამდე დავიწყეთ. გვინდა კარგი ამინდები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ზამთრის დადგომამდე რაც შეიძლება მეტი სამუშაო ჩავატაროთ. ამ დროისთვის ცხრაკილომეტრიანი გაზსადენი აშენდა”.

ბათუმში გაზის მილების გაყვანა დაიწყო თამარისა და `ჭაობის~ დასახლებაში; მალე დაიწყება ძველი ბათუმის უბანშიც. ამ ტერიტორიაზე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გაზის ქსელები ერთდროულად ჩაიდება. მოკლედ, აჭარაში სამი წლის განმავლობაში გაზის ქსელის გაყვანას 50 ათასი აბონენტისთვის აპირებენ.
ქალაქის გაზიფიცირება თანმიმდევრულად მოხდება. ვაჟა ფშაველას ქუჩის შემდეგ მილებს მეზობელ ქუჩებზე გაიყვანენ. კონრეტულ უბანში, დაახლოებით რა დროში მიაღწევს გაზის მილები, შეიძლება იმის გათვალისწინებით ივარაუდო, თუ რამდენად შორსაა ესა თუ ის უბანი ან ქუჩა საერთო ქსელისგან. `ქსელის გაკეთება ქუჩების გამოტოვებით არ შეგვიძლია, ამიტომაც ზოგან წელსვე იქნება ქსელი, ზოგან კი _ უფრო მოგვიანებით. ძალიან მალე ხელვაჩაურის მიმართულებითაც წავალთ~, _ ამბობს ვახტანგ ცაავა.

ნოემბრის ბოლოს `სოკარ ჯორჯია~ გაზსაც თვითონ შემოიტანს. ამ დრომდე გაზის კომპანია `აჭარის ბუნებრივი აირი~ ერთ კუბურ მეტრ გაზს 49,43 თეთრად ყიდის. რა ეღირება აირი ახალი კომპანიის შემოსვლის შემდეგ, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, მოსახლეობისთვის გაზის ფასს სემეკი არეგულირებს და სემეკის ტარიფით გაზის უმაღლესი ფასი ბათუმში 41,8 თეთრია დღგ-ს გარეშე. ბიზნესსექტორს კი გაზის მოხმარების ფასს კანონით კომპანია თავად განუსაზღვრავს. `სოკარ ჯორჯიას~ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ტარიფი, რომელსაც ისინი დააწესებენ, მეწარმეებისთვის მისაღები იქნება. დღეს აჭარაში საწარმოების მცირე ნაწილი მოიხმარს გაზს. თუმცა, კომპანიაში ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

ქალაქის გარეუბნიდან გაზიფიკაციის დაწყებას ვახტანგ ცაავა სწორედ სამრეწველო სექტორის განვითარების პერსპექტივას უკავშირებს: `აჭარის მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა სამრეწველო ზონა, რომელიც მომავალში ბათუმის განაპირა ზოლში უნდა გაშენდეს. ამიტომაც დაჩქარებული ტემპებით დავიწყეთ ქსელის გაყვანა ბაგრატიონის ქუჩაზე, ეს ადგილი მეწარმეებისთვის საინტერესო უნდა გახდეს~.

აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. კომპანია გადასახადების გადამხდელებს შორის პირველ ადგილზეა. როგორც ფირმის წარმომადგენელი ამბობს, კომპანიამ რვა თვის განმავლობაში ბიუჯეტში 150 მილიონი ლარი შეიტანა.

ავტობაზრობა: ვინ იყიდა 102 ათას ევროიანი მანქანა ბათუმში?

ბათუმის ავტობაზრობაზე, შაბათ-კვირას, დაახლოებით ორი ათასი მანქანა დგას. არჩევანი დიდია. აქ ყველა მარკის ავყომანქანას ნახავთ, მაგალითად, ამერიკის სიამაყე, 2004 წლის გამოშვება `ჰუმმურ~ შეგიძლიათ 35 ათას დოლარად შეიძინოთ. ასევე არის სატვირთო მანქანები, ტრაქტორები და მიკროავტობუსები.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები

ავტომანქანების გამყიდველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მანქანების განბაჟება არ გაიაფებულა და ტრანსპორტირების ხარჯებიც იგივეა, მანქანების ფასმა დაიკლო. ამის რამდენიმე მიზეზი სახელდება, ერთი _ ევროს კურსის დავარდნაა, მეორე კი _ უფულობა.
`მყიდველთა რიცხვმა იკლო, ხალხს ფული არ აქვს და მანქანას როგორ იყიდის?~ _ გვითხრა ავტომანქანების ერთ-ერთმა გამყიდველმა.

`ფაქტია, რომ მანქანები არ იყიდება. აქ ომის შემდეგ ნაკლებად დადის ხალხი~, _ გვითხრა კიდევ ერთმა ადამიანმა, რომელიც ამ ბიზნესშია ჩართული _ თავად ჩამოაქვს მანქანები გერმანიიდან.
მანქანების ბაზრობაზე ბათუმში, ძირითადად, იაფფასიანი მანქანები იყიდება. მაგალითად, თუ ომამდე პერიოდში ე-კლასის 1996 წელს გამოშვებული `მერსედეს~-ი 12 ათასი დოლარი ღირდა, დღეს მისი ყიდვა 10 ათასადაა შესაძლებელი; BMჭ_1996 წელს გამოშვებული, ომამდე ხუთი ათას დოლარად იყიდებოდა, ახლა მფლობელი 3,5 ათას დოლარზეც თანახმაა , თუკი გაყიდის.

მეორადი მანქანების ავტობაზრობაზე საკმაოდ დიდი არჩევანი და დაბალი ფასებია. ყველაზე იაფფასიანი მანქანის შეძენა აქ ორი ათას დოლარადაა შესაძლებელი. ბაზარზე ამერიკული მანქანები გაცილებით იაფად იყიდება, რადგან მანქანები ცუდად არის მოვლილი, გარბენიც დიდი აქვს და სათადარიგო ნაწილებიც ძნელად იშოვება.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ მანქანებს საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, ავტომოყვარულები თვლიან, რომ ამერიკულ მანქანას იაპონური სჯობს. ისინი უკეთესად არის მოვლილი, საჭის მარცხენა მხარეს გადატანა დიდ სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენს.
ბაზრობაზე კონკურენტგარეშეა ევროპული მანქანები.
ბათუმში, ბაზრობის გარდა, ერთადერთი ავტოსალონი მოქმედებს. აქ შვიდი ცნობილი მარკის მანქანა იყიდება: `აუდი~, `ფოლცვაგენი~, `პეჟო~, `რენო~, `შკოდა~, `კია~ და `მიცუბიში~. აქედან ყველაზე ძვირადღირებული იყო `აუდი A8~, რომელიც უკვე გაიყიდა. ამ მანქანის შესახებ ბათუში თითქმის ყველა ავტომოყვარულმა იცის. მათი ინფორმაციით, შავი აუდი, რომელიც 102 ათასი ევრო ღირდა, საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩარკვიანის საკუთრებაა.

სალონში არც მანქანების ფასები შეცვლილა. ყველაზე მეტი მომხმარებელი `კიას~ ჰყავს. მაღაზიაში შედარებით დაბალი ფასი სწორედ `კიას~ მარკის ავტომანქანას აქვს და 11860 დოლარი ღირს.

ომამდე, ავტოსალონში, თვეში, საშუალოდ, 15-17 მანქანა იყიდებოდა. აქ გაყიდვები ომიანობის დროსაც არ შეწყვეტილა, უბრალოდ, რაოდენობა შემცირდა და დღეისთვის, საშუალოდ, 8-10 მანქანა იყიდება. ეს ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ ბანკებიდან ავტოსესხების გაცემა გართულდა და სესხის პროცენტიც გაიზარდა. მაგალითად, თუ ადრე ავტოსესხი 14-16%-მდე მერყეობდა, ახლა 16-18%-ს შეადგენს.

არის ბანკები, რომლებიც კლიენტს უპროცენტო ავტოგანვადებას სთავაზობენ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მსურველმა მანქანის ღირებულების 50% უნდა გადაიხადოს. ეს შეთავაზება მისაღები ხდება იმათთვის, ვისაც გარანტირებული სამუშაო ადგილი და მინიმალური ხელფასი 550 ლარი აქვს. არის სხვა გამოსავალიც, თუ ხელფასი 550 ლარზე ნაკლებია, ოჯახის სხვა დასაქმებული წევრის სახელფასო მონაცემებს ამატებენ და ავტოსესხსაც გაძლევენ.

ბევრი ითქვა მეორადი მანქანების შემოტანის აკრძალვებსა თუ მაღალი გადასახადების შემოღებაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით კანონი არ შეცვლილა და, სავარაუდოდ, ეს ცვლილება არც უახლოეს მომავალში იგეგმება.

გახდება თუ არა ბათუმი კანი?!

{ნანა კვაჭაძე}

კინო ძალიან მიყვარს და უკვე მესამე წელია ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს მოუთმენლად ველოდები. ეს ახალგაზრდა ფესტივალია, ბიუჯეტიც მცირე აქვს და გამოცდილებაც, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებს აქვთ ალბათ ყველზე მთავარი _ ენთუზიაზმი.

ფესტივალი 23 ოქტომბერს პოლონურმა სურათმა, ანდჟეი ვაიდას `კატინმა~ გახსნა. ორი თვის წინანდელი რუსეთ-საქართველოს ომი ფესტივალზეც აისახა. ვაიდას `კატინი~, რომელიც კატინის ტყეში საბჭოთა არმიის მიერ ათასობით პოლონელი ჯარისკაცის მკვლელობაზე მოგვითხრობს, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ძალიან აქტუალური სურათი აღმოჩნდა.

ფესტივალის გახსნაზე პოლონური დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რუსული ენის ცოდნის მიუხედავად, პოლონურად მიმართა აუდიტორიას. ეს კარგი მაგალითია ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, რომელთაც `კატინის~ რუსულენოვანი ნაწილის თარგმნა არ ჩათვალეს საჭიროდ, ალბათ, იმ იმედით, რომ რუსული ისედაც ყველამ იცის.
კინო ფესტივალზე არასაკონკურსო პროგრამით აჩვენეს პოლონელი რეჟისორის, იერჟი ლუბაჩის დოკუმენტური ფილმი `გმირი ვეფხისტყაოსნები~, რომელიც საქართველოს ანექსიის შემდეგ, პოლონეთში გადახვეწილი ქართველი ოფიცრების შესახებ მოგვითხრობს. ჩვენებას ქართველი ჯარისკაცებიც ესწრებოდნენ, თუმცა ფილმის დასასრულამდე კინო დარბაზში მხოლოდ ორიოდე ჯარისკაცი დარჩა. როგორც ჩანს, საკმაოდ საინტერესო და ემოციურმა სურათმა მათზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

კინო ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიამ საკმაოდ კარგად ჩაიარა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა ნიშნით დააჯილდოვა საავტორო კინოს ფესტივალმა გივი სიხარულიძე. სცენაზე ”შემხტარმა” (არ ვაჭარბებ!) გივი სიხარულიძემ ისიც გვიამბო, რომ თემურ ბაბლუანის ფილმებში, ”უძინართა მზე” და ”მემკვიდრეობა”, მთავარ როლს ასრულებს და პირადად მას კანის ფესტივალის პრიზიც აქვს მიღებული. ვისაც ეს ფილმები აქვს ნანახი, ალბათ ახსოვს სიხარულიძის მიერ შესრულებული სახასიათო როლები ამ ფილმებში. რაც შეეხება მთავარ როლს, ბატონ გივის ან მეხსიერება ღალატობს, ან ჰგონია, რომ ეს ფილმები ბათუმში ნანახი არა აქვთ.

წელს ფესტივალი გაცილებით უფრო ორგანიზებული იყო. ეს მაყურებლების სიმრავლითა და ფესტივალის მიმართ მასმედიის ინტერესითაც ჩანდა, თუმცა საორგანიზაციო საკითხები კვლავ ფესტივალის `აქილევსის ქუსლად~ რჩება. ფესტივალის პირველ დღეებში კინოდარბაზიდან გამოსული მაყურებული ხან არაზუსტ სინქრონულ თარგმანს, ხან ფილმზე დადებული ტიტრების არათანმიმდევრულობას უჩიოდა. ცალკე პრობლემა იყო ფილმების ჩვენების გრაფიკის დაუცველობა. კონკრეტული ფილმის სანახავად მოსულ მაყურებელს ფესტივალის პირველ დღეებში საათობით უხდებოდა ლოდინი სასურველი სურათის სანახავად.

ნებისმიერი ფესტივალის მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი მაყურებლის მოზიდვაა. ფესტივალები არ კეთდება რამდენიმე ათეული ადამიანისთვის. გასულ წელთან შედარებით, საავტორო კინოს ფესტივალზე მაყურებელთა რაოდენობამ აშკარად იმატა, მაგრამ თუ მაყურებელს ვერ შესთავაზებ ფილმის კარგ თარგმანს, ფესტივალი მიმზიდველი ვერ გახდება. წლევანდელი ფესტივალის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ფილმების არასათანადო თარგმანი იყო, რამდენიმე ფილმის გამოკლებით, რომელთა ერთი ნაწილი ფესტივალის მენეჯერმა თავად თარგმნა და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა.
ფესტივალს არ აქვს საშუალება, რომ მაღალკვალიფიციური მთარგმნელები დაიქირაოს, მაგრამ ეს არ არის მაყურებლის პრობლემა და კრიტიკული დამოკიდებულება აბსოლუტურად გასაგები და გასათვალისწინებელია.

ის, რომ არაორგანიზებულობა ზოგადად დამახასიათებელია ქართული რეალობისთვის, არგუმენტად ვერ გამოდგება. ფესტივალის გახსნაზე არაერთხელ ახსენეს კანის ფესტივალი, რომელიც წლების წინ საფრანგეთის პატარა, პროვინციულ ქალაქში დაიბადა. უცხოელმა სტუმრებმა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს უსურვეს, რომ რეჟისორებს ფილმები კანის ნაცვლად, სწორედ ამ ფესტივალზე ჩამოეტანოთ.
კანამდე ძალიან შორია...
მაგრამ თუ ფესტივალის ორგანიზატორები საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოგვარებაზე არ იზრუნებენ, კარგი კინოფესტივალის ჩატარება მხოლოდ ოცნებად დარჩება.

პავლიკოვსკი: მე კარგი ფესტივალები მიყვარს

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი დასრულდა; გამარჯვებულები ჟიურიმ ყველა ნომინაციაში გამოავლინა. ფესტივალის შეფასება ”ბათუმელებმა” ჟიურის თავმჯდომარეს, რეჟისორ პაველ პავლიკოვსკის სთხოვა.
ნანა კვაჭაძე/ბათუმლები
_ ბატონო პოლ, როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ბათუმის საავტორო კინოფესტივალს შანსი გახდეს ერთ-ერთი წარმატებული რეგიონში?
_ ვფიქრობ, ფესტივალს ნამდვილად აქვს მომავალი. ბათუმი ასეთი ფესტივალისათვის ზედმიწევნით შესაფერისი ადგილია. ქალაქის მდებარეობა, სიდიდე არის აბსოლუტურად ზედგამოჭრილი ფესტივალისთვის. მომეწონა კინოდარბაზები, რომლებშიც მიმდინარეობდა ჩვენება. რა თქმა უნდა, დასახვეწია ტექნიკური მხარე, მაგრამ ეს უკვე ფულის საკითხია. ფესტივალის ორგანიზატორებს სჭირდებათ ფული, უკეთესი ტექნიკური მომზადება, მეტი სტუმარი და ფესტივალის მეგობრები. იცით, ხალხს უნდა აქ ჩამოსვლა, ბევრი იცნობს ქართულ კინემატოგრაფიას, რომელსაც აქვს ისტორია. როცა გავიგე, რომ მიწვევდნენ, ძალიან გამიხარდა, წამოსვლაზე არ დავფიქრებულვარ.
_ რას ფიქრობთ, რამდენად შეეფერებოდა საკონკურსო პროგრამა საავტორო კინოს ფესტივალს?
_ როგორც ვიცი, სასურველი ფილმების მოზიდვა საკმაოდ რთულია. საკონკურსო პროგრამაში იყო რამდენიმე კარგი მხატვრული ფილმი, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო დოკუმენტური ფილმების პროგრამა. გამარჯვებული მხატვრული ფილმის გამოვლენა არ იყო ძნელი, გადაწყვეტილების მიღება უფრო დოკუმენტური ფილმების ნაწილში გაგვიჭირდა. მესმის, ძნელია კარგი ფილმების მოზიდვა, როცა არა გაქვს ფული, დისტრიბუცია, როცა ახლა იწყებ საქმის კეთებას. ვთვლი, რომ მესამე ფესტივალისთვის ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრამა ვნახეთ. ვხედავ, რომ ახალგაზრდა ფესტივალს საკმაოდ კარგი ორგანიზატორები ჰყავს და ეს მახარებს.
_ ზოგადად, გიყვართ კინოფესტივალები?
_ მე კარგი ფესტივალები მიყვარს. არ მიყვარს ინდუსტრიული კინოფესტივალები, ისეთები როგორიცაა კანი ან სანდენსი.
ეს კომერციული, ცინიზმით სავსე ფესტივალებია. არ მიყვარს მოდური ფესტივალები. მათგან განსხვავებით, ისეთ ღონისძებებზე, როგორიცაა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, ცოცხალ, ჯანსაღ აუდიტორიას ხვდები, რაც გაცილებით უფრო საინტერესოა.
_ რამდენადაც ვიცი, სტალინზე აპირებთ ფილმის გადაღებას. რა ეტაპზეა ფილმზე მუშაობა და თუ ჩამოიტანთ ამ ფილმს ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე?
_ შევეცდები, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამას, როგორც წესი, ფილმის პროდიუსერები წყვეტენ. მე მხოლოდ ამ ფილმის რეჟისორი ვარ, ფილმის ფესტივალებზე გატანა ცალკე სტრატეგიაა. ლოკარნოში წავა ფილმი თუ როტერდამში, მე ამაში ვერ ჩავერევი, გადაწყვეტილებას სხვა ხალხი იღებს.
ფილმის სცენარზე მუშაობა სულ ახლახანს დავამთავრე, ახლა უნდა მოვიძიო ფინანსები, რომ გადაღება დავიწყოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
რაც შეეხება ჟანრს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ისტორიული სურათი, მაგრამ შეეხება ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლებს. ეს იქნება ფილმი სემინარელ ბიჭზე, სანამ იგი სტალინი გახდებოდა.

პედაგოგების მზადება სერტიფიცირებისთვის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლამდე უნდა გადაწყვიტოს, ვინ მოამზადებს საჯარო სკოლების მასწავლებლებს სერტიფიცირებისთვის. მანამდე კი, მსურველმა ორგანიზაციებმა აკრედიტაცია უნდა გაიარონ. აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია. როგორც პედაგოგთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები ამბობენ, აკრედიტებულ ორგანიზაციას პედაგოგები თავად აირჩევენ.

ნათია როყვა/ ბათუმელები

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი განათლების მინისტრი, კახა ლომაია მასწავლებელთა გადამზადებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის წინააღმდეგი იყო, პრეზიდენტის მხარდაჭერით გადაწყდა, რომ მასწავლებლებს გადამზადებისთვის ვაუჩერებს გადასცემენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლის, თამუნა ცხადაძის განცხადებით, პედაგოგთა სასერტიფიკაციოდ მომზადებისთვის ბიუჯეტიდან რა თანხა გამოიყოფა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის: `პროექტი მომზადებულია, მაგრამ ბიუჯეტი არაა დამტკიცებული~. წესით, ეს თანხა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა იყოს გაწერილი, თუმცა ეს ასე არ არის. არაოფიციალური ინფორმაციით კი, წელიწადში, ერთ მასწავლებელზე, 500 ლარამდე იქნება გათვალისწინებული.

გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილს ორი პროფკავშირი _ ”საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი” და ”სინდიკატი” _ უკვე გამოთქვამს.
”თავისუფალი პროფკავშირის~ ხელმძღვანელის, მანანა ღურჭუმელაძის ინფორმაციით, თუ მასწავლებლების სურვილიც იქნება, ისინი 75 ათასი პედაგოგის გადამზადებას შეძლებენ. პროფკავშირს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ენის ტრენერები ჰყავს შერჩეული. თავად ტრენერებს თავდაპირველად ექსპერტები გადაამზადებენ, ისინი კი შემდგომში მასწავლებლებთან იმუშავებენ.

მანანა ღურჭუმელაძის განცხადებით, მის ორგანიზაციაში გაწევრიანებული პედაგოგები სერტიფიცირებას იმ შემთხვევაში გაივლიან, თუ მათი ხელფასები გაორმაგდება. რაც შეეხება ტრენერებს, ამას მასწავლებელი თავად გადაწყვეტს, ვისთან სურს გადამზადება. ღურჭუმელაძის აზრით, აუცილებელია ხარისხის გაკონტროლება, მაგრამ არა პროვაიდერების მიერ: `სხვის ხარისხს მე თუ დავიწუნებ, იტყვიან, რომ კონკურენტი ვარ და ამას იმიტომ ვაკეთებ. ვაუჩერის განაღდების უფლება ყველა იმ ორგანიზაციას ექნება, რომელიც აკრედიტაციას გაივლის”.

პროფესიულ გაერთიანება ”სინდიკატში”, რომლის ხელმძღვანელი ტატო შავშიშვილია, თორმეტი ათასი პედაგოგია გაწევრიანებული. პედაგოგების გადამზადების ეფექტურობისთვის ტატო შავშიშვილიც აქცენტს კონკურენციაზე აკეთებს: ”რაც უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება ორგანიზაციას, მით უფრო დავარდება ფასი. ვფიქრობ, ტრენინგების დღევანდელი საბაზრო ფასი 50-60 პროცენტით დაიკლებს”.
შავშიშვილის ინფორმაციით, ამ სწავლების დროს მასწავლებელს ხუთი კრედიტის გავლის საშუალება ექნება, რაც 125 საათია: `პედაგოგის სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად ეს საკმარისია”.

პროგრამული აკრედიტაცია სამი მიმართულებით წარიმართება: 1. საგნობრივი; 2. მიზნობრივი, რაც ინკლუზიური სწავლებისთვის გადამზადებას გულისხმობს; 3. ზოგადი, ანუ სწავლებისა და განათლების თეორიები, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომები.
აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია. უახლოეს მომავალში გადაწყდება, ვინ მოამზადებს მასწავლებლებს. წინასწარი მონაცემებით, კონკურსში _ პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, მონაწილეობას 10-15 ორგანიზაცია მიიღებს. თუ რამდენი მოიპოვებს გადამზადების უფლებას, ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გია ნოდიამ `ბათუმელებთან~ განაცხადა, პედაგოგთა გადამზადება დეკემბრის ბოლოსთვის, სასერტიფიკაციო გამოცდები კი _ 2010 წლიდან დაიწყება. მინისტრის განცხადებით, მასწავლებლებს სერტიფიცირების გასავლელად დრო 2013 წლამდე აქვთ.

იაფი კვერცხი იაფი სესხით

ფირმა "დიადემა" "იაფი სესხის" მიღების შემდეგ საკუთარი პროდუქციის ბაზარზე გატანას დაახლოებით ხუთი თვის თავზე, საახალწლოდ გეგმავს. ფერმა, რომელშიც თურქმა სპეციალისტებმა ახალი ტექნოლოგიები დანერგეს, 12 ათასი ქათმის შენახვის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, სახელმწიფო პროგრამით მიღებული 300 ათასი ლარითა და საკუთარი დანაზოგებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ შვიდი ათასი ქათამი შეიძინეს.
ირმა ზოიძე / ბათუმელები
თანხის დიდი ნაწილი ფერმის აშენებასა და მისი ახალი ტექნოლოგიებით მოწყობაზე დაიხარჯა. თითო კვერცხმდები ქათამი ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით, შპს `დიადემას~ მფლობელს, რეზო დიასამიძეს შვიდი დოლარი დაუჯდა. ვარაუდობენ, რომ შვიდი ათასი ქათმიდან დღეში, საშუალოდ, ექვსი ათასი ცალი კვერცხი უნდა მიიღონ. თუმცა ადგილობრივი ბაზრისთვის ეს საკმაოდ ცოტაა.

”ფერმა მწყობრშია, საკვებიც შემოტანილი გვაქვს. მთელი პროცესი, წყლისა და საკვების მიწოდებით დაწყებული, სკორეს გატანით დამთავრებული, ავტომატიზებულია. ხელით მუშაობა მხოლოდ კვერცხის დაფასოებისა და ყუთებში ჩადებისთვის იქნება საჭირო”, _ ამბობს საწარმოოს ხელმძღვანელი ნოდარ ღოღობერიძე.

ფერმის შენობა იძლევა დამატებითი დანადგარების შემოტანის შესაძლებლობას, ამიტომ მფლობელი პროდუქციის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი კვერცხით საკმაოდ გაჯერებულია, ”დიადემას” მესვეურები თავიანთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე საუბრობენ. ახალი პროდუქცია მათი პირველი პლუსია: ”ჩვენი კვერცხი იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს მაინც იქნება დახლებზე. ფერმაში კვერცხს არ გავაჩერებთ”, _ ამბობს საწარმოს უფროსი.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ფასია, რომელიც ბაზარზე დღეს არსებულ ფასებთან შედარებით რამდენიმე თეთრით ნაკლები იქნება. ფერმის მეპატრონეებს, სხვებისგან განსხვავებით, შესაძლებლობა აქვთ კვერცხის თვითღირებულებას ტრანსპორტირების ხარჯები დააკლონ. ბათუმთან ახლომდებარე სოფლის, ახალშენის ცენტრალურ გზაზე არსებული ფერმიდან ახალი პროდუქტის წამოღება თავად მარკეტების მფლობელებსაც შეეძლებათ. თუმცა, მარკეტში რა ფასად გაიყიდება, ამას უკვე სავაჭრო ცენტრების მეპატრონეები გადაწყვეტენ.

თურქეთიდან ახალშემოყვანილმა ქათმებმა კვერცხის დადება რომ დაიწყონ, ჯერ აკლიმატიზაცია უნდა გაიარონ. მეფრინველეობის საწარმოს ხელმძღვანელის, ნოდარ ღოღობერიძის თქმით: `ცოცხალი არსებაა და გარემოსთან შეჩვევას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. ფერმის შენობაში უცხო პირების შესვლასაც ვერ იტანენ. ძალიან ბევრი საკვების მიწოდებაც არ შეიძლება, კვერცხს არ დადებს. კვერცხის დების უნარს ქათამს ისიც აკარგვინებს, თუ შუქის რეგულირება არ ხდება. ამიტომ, ყველაფერი უნდა აკონტროლო”.
ეს ქათმები კვერცხს 18 თვის განმავლობაში დადებენ. შემდეგ კი მისი შენახვა ძვირი ჯდება, ამიტომ უკვე ხორცის სახით გაიტანენ ბაზრებზე და ახალ პარტიას შემოიყვანენ.

”დიადემას” მფლობელები უდანაკარგოდ მუშაობენ და სკორეს გაყიდვასაც აპირებენ. მითუმეტეს, რომ ფერმას დიდი ვალი აქვს. მართალია, სესხი ერთწლიან შეღავათსაც ითვალისწინებს, მაგრამ ეს ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება და სესხის დაფარვის დროც მალე დაიწყება.

`იაფი სესხის~ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით რეზო დიასამიძე კმაყოფილია. სესხის აღებამდე მას მხოლოდ ტერიტორია ჰქონდა, სადაც შემდეგ ფერმა ააშენა: `მართალია, ქალაქთან ახლოს არის, მაგრამ რადგან ეს ნაკვეთი სოფელს ეკუთვნის, მაინც სოფლის პროდუქტების დამზადებასვფიქრობდით. საწარმოს გახსნის საშუალება სწორედ სახელმწიფო პროგრამამ მოგვცა”.

ბიზნესმენმა პროექტით 60 ადამიანის დასაქმების ვალდებულებაც აიღო. იმის გამო, რომ სამუშაო პროცესი მექანიზებულია, პირველ ეტაპზე ბევრ თანამშრომელს არ საჭიროებს, მაგრამ ბიზნესმენსა და მის პარტნიორებს ბევრი სხვა გეგმაც აქვთ, რის განხორციელების შემთხვევაში გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ.

ფირმის ხელმძღვანელები ფრინველის საკვების დამზადებასაც აპირებენ, რომელსაც საკუთარ ფერმაშიც გამოიყენებენ და გაყიდიან კიდეც.

იმისთვის, რომ მომხმარებელს უფრო მოხერხებული სერვისი შესთავაზონ, `დიადემას~ მფლობელებს გადაწყვეტილი აქვთ, კვერცხი ცალობით კი არა, წონით გაყიდონ, ისე როგორც ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის კი აუცილებელი იქნება დამატებითი აპარატურის შეძენა, რომლითაც კვერცხის უფრო მცირე ზომის შეკვრებს დაამზადებენ. საწარმოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ დაახლოებით 10-12-კვერცხიანი შეფუთვა უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ცალობით. თუმცა ეს უკვე მომავლის პროექტია.

3 ნოემბრის არჩევნების წინასწარი შედეგები

უსკოს ოფიციალური ინფორმაცია
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შედგა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. უკვე ცნობილია წინასწარი მონაცემების შედეგები. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა.
პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:
1. `საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია~ _ 1.6% (2026);
2. პოლიტიკური გაერთიანება `ქართული დასი~ _ 1.55% (1964);
3. პოლიტიკური მოძრაობა `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ _ 1.24% (1565);
4. პოლიტიკური გაერთიანება `ჩვენ თვითონ~ _ 2.07% (2620);
5. `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ _ 78.82% (99582);
10. `გიორგი თარგამაძე _ ქრისტიან-დემოკრატები~ _ 14.71% (18579).
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ამ დროისთვის ექვსივე ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ.
უბნებში შესულია 102 საჩივარი, ოლქებში კი _ ოთხი. დარღვევები იყო, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ მას რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგებზე. დარღვევები დაფიქსირდა ხელვაჩაურის მე-16 და 37-ე უბნებზე. რომ არ დარჩენილიყო რაიმე კითხვის ნიშნები, ამ უბნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ანალოგიური მდგომარეობაა შუახევის 43-ე უბანთან დაკავშირებით.
არჩევნების საბოლოო შედეგები, კანონის შესაბამისად, გამოცხადდება არჩევნებიდან არაუგვიანეს 18 დღისა.

Monday, November 3, 2008

არჩევნები: საარჩევნო სიების უცნაურობები

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის 74-ე უბნის ამომრჩეველთა სიაში შეყვანილნი არიან მოქალაქეები, რომელთა რეგისტრაციის ადგილი აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთაა.

აღნიშნული უბნის სპეციალურ სიაში შეტანილია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქუთაისში მცხოვრები ადამიანების გვარები (250-ზე მეტი ამომრჩეველი).

ზემოაღნიშნულ უბანზე ხმას ძალოვანი უწყების (ძირითადად დაცვის პოლიციის) თანამშრომლები და ე.წ. უმისამართოებიც აძლევენ. ამასთან, მისამართის გარეშე სიაში შეყვანილი 333 ამომრჩევლიდან (მათ შორის დევნილებზეც) არც ერთზე არაა მითითებული მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

კანონმდებლობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.

2,7 მილიონი აჭარის არჩევნებისთვის

{ბათუმელები}
აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებისთვის აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარი გამოყო.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციისთვის კი აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 389 000 ლარია გაწერილი, აქედან 333 000 ლარი მარტო მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისთვის (უსკოში სულ 19 ადამიანია დასაქმებული).

უსკოს მიერ დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშისს უმაღლეს საარჩევნო კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს 11 ნოემბრისა.

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 20 დღისა (11 დეკემბერი) დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში.
უსკო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არაუგვიანეს 26 ნოემბრისა.

27 დეკემბერს კი უნდა დასრულდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საფინანსო ანგარიშის წარდგენა უსკოსთვის.



”ნაციონალების” წინასაარჩევნო შეცდომა


{ბათუმელები}
”აჭარის ნაციონალური მოძრაობა” არარსებული ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს. ყოველ შემთხვევაში პარტიამ ამომრჩევლები მათ მხარდასაჭერად სწორედ ასეთ არჩევნებში მიიწვია.
”3 ნოემბერი
აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები...
გთხოვთ, მობრძანდით და ხმა მიეცით აჭარის ნაციონალურ მოძრაობას” _ წერია ნაცმოძრაობის საარჩევნო ბუკლეტში, რომელიც 45 000 ტირაჟით დაბეჭდა და ამომრჩეველს ოჯახებში დაურიგდა.

”უზენაესი საბჭო” აჭარის საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წლის წინ ეწოდებოდა, მანამ, ვიდრე ასლან აბაშიძის ინიციატივით ”პარლამენტად” არ გადაკეთდა. აჭარის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს შემდგომში აჭარის უმაღლესი საბჭო ეწოდა.
3 ნოემბერს, ანუ დღეს, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევენებია.
რამდენიმე დღის წინ #79 ოლქის მე-17 უბნის ამომრჩევლებს საუბნო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო ხასიათის ფურცლებიც დაურიგა. ცნობარში აღნიშნულია: `თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეგიძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, დაგვიკავშირდით ტელეფონზე ________~; მოკლედ, ტელეფონის ნომერი მითითებული არ არის.
თუმცა, კომისიის წევრებმა ასეთ ამომრჩეველს, ანუ მათ, ვისაც `ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლიათ”, იქვე განუმარტეს: `ან განცხადებით მოგვმართეთ საარჩევნო უბნის შენობაში”.