div#header

Wednesday, September 24, 2008

შიში და პანიკა - სტიქიის ზონა

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან ამ დროისთვის 135 ოჯახს საკუთარ სახლში აღარ ეცხოვრება, უსაფრთხო ზონაშია გასაყვანი. პოტენციური რისკის ზონაში მოქცეულია 447 საცხოვრებელი სახლი, რომელიც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასა და შემდეგ სათანადო კონტროლზე აყვანას საჭიროებს.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები

”ჩვენი ინფორმაციით, დღეს და ხვალ (1 და 2 ოქტომბერს) ცუდი ამინდია მოსალოდნელი, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, მეწყერი გააქტიურდეს”, _ აცხადებს გეოლოგი ტარიელ ტუსკია. მისივე თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა ორთაბათუმისა და ხალას საკრებულოების სოფლებში.

ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების წინასწარი პროგნოზით, რომელიც ინტერნეტშია გავრცელებული (ბათუმში ასეთი სადგური ორი წლის წინ გააუქმეს), აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მის მიმდებარე რაიონებში 1 და 2 ოქტომბერს იწვიმებს. ხანმოკლე ნალექია მოსალოდნელი 3 ოქტომბერს ღამით, ხოლო 4 ოქტომბერს გამოიდარებს. ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება 5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე (მოსკოვის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, აჭარის სანაპირო ზოლში 5 და 6 ოქტომბერსაც წვიმაა მოსალოდნელი).
სხვადასხვა მეტეოსადგურების მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონში 11 ოქტომბრიდან გამოიდარებს და მშრალი ამინდები 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

გეოლოგების თქმით, ამინდის გაუმჯობესებას ზამთრის მოახლოების გამო ისედაც არ უნდა ველოდოთ, თუმცა, ბოლო დროს მოსული დიდი რაოდენობის ნალექით გაჟღენთილი ნიადაგი გამოშრობას კარგ ამინდშიც ვერ მოასწრებს. გეოლოგები მეწყერსაშიშ ზონაში დღეს არსებულ ვითარებას შენელებული მოქმედების ნაღმს ადარებენ.

`საშიშროება რეალურია, დაზღვეული არაფრისგან ვართ, ამიტომ ვეუბნებით ადამიანებს, რომ გავიდნენ უსაფრთხო ადგილას. კონკრეტულ სახლებში კი, რომც არ იწვიმოს, გაჩერება მაინც საშიშია. უმნიშვნელო მიწისძვრამ ან რაიმე სხვა ტექტონიკურმა რყევამ შესაძლოა პოტენციურ უბნებშიც გამოიწვიოს ნიადაგის ამოძრავება და საშიშროება შექმნას~, _ აცხადებს ტარიელ ტუსკია.

სპეციალისტების თქმით, არის ადგილები, სადაც მეწყრული პროცესი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შედეგად შეჩერდება. ეს სამუშაოები კი შესაბამის ფინანსებსა და დროს მოითხოვს. აუცილებელია საყრდენი კედლების მოწყობა-გამაგრება, სადრენაჟე არხების მოწყობა, ზედაპირული წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა, სათანადო გამტარუნარიანობის მილებში მათი გაშვება და ა.შ. ამ სამუშაოების ჩატარება გარკვეულ ადგილებში, შესაძლოა, 1 000-დან 10 000-ლარამდეც კი დაჯდეს.
სტიქიამ რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში კიდევ ექვსი ადამიანის, მათ შორის სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დავითაძეების 15-სულიანი ოჯახიდან სტიქიას თავი ათმა დააღწია. დაიღუპა ოჯახის ნათესავი, მეზობლად მცხოვრები დავით გაბაიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მისაშველებლად მივიდა.
სოფლის მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების გატარებასა და უსაფრთხო ზონაში გაყვანას აჭარის მთავრობისგან ითხოვს. მთავრობამ კი ისინი გააფრთხილა, რომ თავი ახლობლებსა და ნათესავებს შეაფარონ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ემზარ ძირკვაძის განცხადებით, დროებითი საცხოვრებლის გამოყოფის თხოვნით მათთვის არც ერთ დაზარალებულს არ მიუმართავს: `მათი მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა, თორემ ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება. ალტერნატიული ფართიც არის _ გარკვეული შენობები, კერძო სასტუმროებიც, სადაც შეიძლება ამ ხალხის დროებით განთავსება... რაც შეეხება მუდმივი საცხოვრებლის გამოყოფას, ამ სიტუაციაში ვერ მოხერხდება. ეს დროებითი მოვლენაა, როგორც გვეუბნებიან, სიტუაცია ჩაწყნარდება~.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს დროებით წასასვლელი არსად აქვს, მინისტრის თქმით, `საკმარისია, უბნის რწმუნებულს მიმართოს, ის დაუყოვნებლივ კავშირზე გამოვა ჩვენთან. ადამიანებს ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ~.
დაეხმარება თუ არა პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებაში სახელმწიფო მოსახლეობას და რა ფორმით _ ფინანსურად თუ სამშენებლო მასალის გადაცემით _ ჯერ გაურკვეველია.

ემზარ ძირკვაძის თქმით, საკარმიდამო ნაკვეთებთან მიმართებაში, რომლებზეც გეოლოგებს ექნებათ უარყოფითი დასკვნა, დახმარების გაწევას აზრი არ აქვს. ასეთ ოჯახებს ადგილმონაცვლეობას შესთავაზებენ: `ხელისუფლება აპირებს დახმარებას, მაგრამ რა მასშტაბებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და თუ რეგიონს გარეთ ისურვებს ვინმე გასვლას, 90-სახლამდე უკვე შეძენილია კახეთში. ადგილზეც ვეძებთ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს~.

ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში დაზიანებული 56 ხიდიდან აღდგენილია 16, შიდა სასოფლო გზების 386-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 253 კილომეტრი უკვე გაწმენდილია. დაზიანებულია 30-ზე მეტი წყლის სათავე ნაგებობა და 12 საცხოვრებელი სახლი. ზარალს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტორთა ჯგუფი ითვლის. მინისტრის მოადგილის, სულხან ჯორთმენაძის ინფორმაციით, თუ მდგომარეობა კიდევ არ გართულდა, საბოლოო აუდიტორული დასკვნა ერთ კვირაში იქნება.

ამ ეტაპზე სტიქიურ ზონაში მოქცეულ აჭარის მაღალმთიანეთში არსებული მდგომარეობა და მოვლენების შესაძლო განვითარების საკითხი სამთავრობო დონეზე არ განიხილება.
საზოგადოება `ჭაობის~ პრეზიდენტის, იზოლდა მაჭუტაძის განცხადებით, ორთაბათუმსა და ხალაში სტიქიური პროცესების გააქტიურება, ძირითადად, აგარის მთაზე ტყის გაჩეხვამ გამოიწვია. ტყე აქ, მერქნის საზღვარგარეთ გატანის მიზნით, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში უმოწყალოდ იჩეხებოდა. მაჭუტაძის აზრით, ხელისუფლებამ პრიორიტეტად გარემოს დაცვა უნდა გაიხადოს და მოსახლეობის ალტერნატიული საწვავით მომარაგებაზე იფიქროს: `ისეთი ტერმინები, როგორიცაა `ტყეკაფი~ და `სანიტარული ჭრა~, დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილია. აჭარის ტყეებში ხის ჭრა საერთოდ უნდა აიკრძალოს~.
რაც შეეხება ბათუმს, ქალაქს დატბორვის საფრთხე კვლავ ემუქრება. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო ბოლო დღეებში 500-ზე მეტი სახლი, ეზო თუ სავაჭრო ობიექტი დაიტბორა. მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი დგინდება.
ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის განცხადებით, მობილიზებულია ცხრა სახანძრო ავტომანქანა. დატბორვის შემთხვევაში ისინი მოსახლეობის დასახმარებლად მზად არიან. სამსახურთან უფასოდ დაკავშირება მობილური ტელეფონის საშუალებითაც შეიძლება ნომერზე _ 011.





ლია მუხაშავრია: უსუსური რეფორმა უდღეურ სახელმწიფოში


ლია მუხაშავრია /სპეციალურად ბათუმელებისთვის
ფოტოზე: ლია მუხაშავრია

მოსამართლეთა მუდმივი ვადით დანიშვნის წინადადება, ჩემი აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დამკვიდრებისათვის საკითხის ნაჩქარევად და ზედაპირულად გადაწყვეტის უსუსური მცდელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კიდევ ერთი ე.წ. ფასადური გადაწყვეტილების მიღების მცდელობა, რაც არამც და არამც არ მოიტანს ნამდვილი მართლმსაჯულების გაჩენას ჩვენს უდღეურ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, სახელმწიფო არ არსებობს და ვერ ფუნქციონირებს მანამ, სანამ მას ხელისუფლების ისეთი უმნიშვნელოვანესი შტო არ გააჩნია, როგორიც სასამართლოა.

სასამართლოს უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება ორ კერძო პირს, მაგალითად, სიკოსა და ნიკოს შორის წარმოშობილი სადავო საკითხის გადაწყვეტა კი არ არის, არამედ ხელისუფლების ორ დანარჩენ შტოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის დავის გადაწყვეტა. თუკი კანონმდებელმა კანონით განსაზღვრა რაღაც, რაც არასწორად, ან თავის სასარგებლოდ გაიგო და განახორციელა, როგორც კანონიერი უფლება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მათ შორის მისმა მეთაურმა, მაგალითად, პრეზიდენტის სახით და პრეზიდენტის ეს ქმედება გახდა სადავო საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, როგორც უკანონო, სასამართლოს უნდა შეეძლოს და უნდა გადაწყვიტოს ამ დონის დავა.

ამასთან, მისი გადწყვეტილება უნდა იყოს იმდენად კანონიერი, მიუკერძოებელი და მხარეთაგან დამოუკიდებელი, რომ არც ერთ მხარეს არ გაუჩნდეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლის და მისი ნებაყოფლობით არაღსრულებისა და უპატივცემულობის გამოხატვის სურვილიც კი. აი, ეს არის სასამართლო.

ბუნებრივია, თუკი სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ არც ერთი ხელისუფლების შტო არ გაგვაჩნია, შესაბამისად, თუ არ გაგვაჩნია ხელისუფლების შტოები, არ გვქონია თავად ხელისუფლება, ანუ სახელმწიფო...

ამიტომ, პრეზიდენტი მუდმივად დანიშნავს მოსამართლეებს, 20 წლით თუ 30 წლით, მნიშვნელობას მოკლებულია იმ კანონის მოქმედების პირობებში, როგორიც არის თუნდაც კანონი `მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~, რომელზედაც უარყოფითი დასკვნა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გააკეთა თვით ვენეციის კომისიამ და რომელიც დღემდე არავის გაუუქმებია. სწორედ ეს კანონი საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს ცნობილი მოსამართლეების სასამართლოდან დათხოვნას ორი წლის წინ.

აღმასრულებელ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, მუდმივადაა დანიშნული მოსამართლე თუ დროებით, ხელთ უპყრია მისი სამსახურიდან ანუ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ისეთი ეფექტური ბერკეტი, რომელიც ყველა მოსამართლეს უკლებლივ, ხელისუფლებისადმი მორჩილ მოსამართლედ აქცევს. ანუ მოსამართლის დანიშვნის ვადას ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს.
ამ ერთი შესაძლებლობის მოხმობით, თუმცა შეიძლება მოსამართლეთა საქმიანობაში პირდაპირი ჩარევისა და მათზე ზემოქმედების სხვა საფუძვლების ჩამოთვლის გარეშეც ითქვას, რომ ერთადერთი დანიშვნის ვადის შეცვლა მდგომარეობას ვერ შეცვლის! საჭიროა კომპლექსური მიდგომა და არა მარტო კანონმდებლობის შეცვლა და დახვეწა, არამედ არსებული პრაქტიკის, დამოკიდებულების და გნებავთ, პოლიტიკური ნების შეცვლა, რაც მეტად შრომატევადი, თუ შეუძლებელი ამოცანა არ გახლავთ იმ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ყველა და ჩვენი საბრალო, მიკერძოებული და დამოკიდებული სასამართლო და მისი მოსამართლეები არიან დღეს.

ვითარება იმდენად სავალალო და მძიმეა, რომ მხოლოდ ანტიკორუფციული მოსაზრებები არ არის მთავარი. საუბარია გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ფასეულობებზე, როგორიცაა სახელმწიფოში სადავო საკითხების სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კულტურის, ტრადიციისა და უამრავი რამის შესახებ, ურომლისოდაც არ არსებობს სახელმწიფო, ცივილიზაცია და თანამედროვე ადამიანთა ცხოვრება. ამიტომ, მეჩვენება, რომ მხოლოდ კორუფციის შიში, აქ მოსატანი არ არის იმ საშიშროებასთან შედარებით, რასაც გვიქადის დიდი ხნის მანძილზე მართლმსაჯულების გარეშე არსებობა. მეტი რომ არა ვთქვათ, ეს სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მათ შორის არსებული სადავო საკითხების გადასაწყვეტად სასამართლოს ნაცვლად მიმართავენ ძალას, იარაღს და სხვა მისთანებს, რაც საითკენ მიგვაქანებს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს... სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ფუნქციონირების საჭირბოროტო საკითხი საჭიროა ფართო განხილვის საგანი გახდეს და ღია დისკუსიისა და განხილვის შემდეგ ყველა ერთად მივიდეთ რაიმე სახის კონსენსუსამდე, როგორი მოსამართლე გვჭირდება, სად და როგორ შეიძლება ამ მოსამართლეთა მოძებნა, დანიშვნა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესის საკითხი (თუმცა გასაგებია მისი ინტერესის სფერო რატომაც არის), არც მხოლოდ იურისტების, ვინაიდან, იურისტებს ცოტა არ იყოს შეიძლება გაუჭირდეთ დღეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო მეტად მისაღები მოდელის მოფიქრება და შეთავაზება. ჩვენ ხომ იმაშიც კარგად დავრწმუნდით, რომ რაც კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში და თან კარგა ხანია, ჩვენთვის არ არის მთლად მორგებული და დიდ ხანს ვერ გასტანს... ამიტომ, მე პირადად მადლობელი ვარ, რომ ამ დისკუსიის მონაწილე აღმოვჩნდი და ვიმედოვნებ, ამ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გააქტიურებით, შეიძლება და, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად შეიძლება მოვსინჯოთ, მეშინია ვთქვა, ვცადოთ, სასამართლოსთვის საფუძვლის ჩაყრა...



რას შეცვლის უვადოდ დანიშნული მოსამართლე?


საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივით, მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან. რას შეცვლის ეს ქართულ სასამართლო სისტემაში და რა ხარვეზებია კანონში, რომლითაც მოსამართლეები ხელმძღვანელობენ. "ბათუმელები" ამ თემაზე იურისტსა და მოსამართლეებს ესაუბრა.
ნათია როყვა/ბათუმელები
ფოტოზე: მოსამართლე როინ კახიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, გენო ქარცივაძე ამ ინიციატივას დადებითად აფასებს: `უფრო მეტი გარანტია იქნება თავისუფლების, მასზე ზეწოლას ვერ მოახდენენ~. თუმცა, ეს ვერ იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. ქარცივაძის თქმით, კანონი, რომლითაც მოსამართლესთან კონტაქტი იკრძალება, პრაქტიკაში მხოლოდ ადვოკატებზე ვრცელდება, პროკურორები და გამომძიებლები კი მოსამართლეებს ნებისმიერ დროს ხვდებიან: `თუ ეს დარეგულირდა, მაშინ ჩავთვლი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ ერთი ნაბიჯი გადადგმულია~.

მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე განსხვავებული პოზიცია აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძეს: `იდეა არ მომწონს, რადგან ვთვლი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის განუსაზღვრელი ვადით არჩეული მოსამართლე არაფერს შეცვლის. ვფიქრობ, ადამიანი მოსამართლედ 15-20 წელი უნდა მუშაობდეს. ამ დროის განმავლობაში იგი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს, რის შემდეგ პენსია უნდა დაენიშნოს. 65-წლამდე ისეთივე რეჟიმში მუშაობა, როგორშიც ახლა მიწევს, შეუძლებელია~.

კახიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ასახელებს: `არა მარტო მძიმე სასჯელების, ნებისმიერი დანაშაულის განხილვა, თუ მხარე მოითხოვს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა უნდა აწარმოოს. ამ შემთხვევაში, ადამიანის ბრალეულობას მე აღარ გადავწყვეტ~.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაზე კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვის სტადიაშია. კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე, სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. ამავე სასამართლოს მოსამართლეები (რომლებიც 10 წლის ვადით არიან დანიშნულნი) ამბობენ, რომ პროკურატურისგან ზეწოლას არ განიცდიან და მათ მხოლოდ კანონმდებლობა ზღუდავს.

`არავინ მირეკავს და მავალებს, რა გადაწყვეტილება გამოვიტანო, კანონმდებლობით ვარ შეზღუდული. გადაწყვეტილების მიღებაში პროკურორია შეზღუდული, თორემ მოსამართლე თავისუფალია~, _ აცხადებს როინ კახიძე.
იმავეს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გოჩა ფუტკარაძეც, რომ გადაწყვეტილების მიღებისას აბსოლუტურად დამოუკიდებელია და `მოსამართლე მხოლოდ კანონმდებლობითაა შეზღუდული~.

გოჩა ფუტკარაძე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებს განიხილავს. მოსამართლე თვლის, რომ ვინაიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაძლებელია, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ზოგისთვის სტიმული იყოს: `ისიც შეიძლება, რომ საქმეების რაოდენობამ და დაძაბულმა სამუშაო დღემ ზოგის ნერვებსა და ფსიქიკაზე იმოქმედოს და ათ წელზე უფრო ადრეც მიატოვოს საქმიანობა~.

კანონმდებლობით შეზღუდვას მოსამართლეები ასე განმარტავენ, მაგალითად: ხულიგნობისთვის კანონი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლეს არ აქვს უფლება, თუნდაც განსასჯელის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე (ან ოჯახური მდგომარეობის გამო), ის არ დააპატიმროს; მოსამართლეს არ აქვს უფლება პირობითი სასჯელი შეუფარდოს კონკრეტულ პირს. მოსამართლეების თქმით, ასეთი უფლებით (ანუ საპროცესო გარიგებით) მხოლოდ პროკურორები სარგებლობენ.
როინ კახიძე: `პროექტის თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნა აღარ მოხდება პრეზიდენტის მიერ, მოსამართლე თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მაგრამ ეს საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა~.


დავით ამაღლობელი: სწორი პოლიტიკა ინფლაციას გამორიცხავს


უცხოეთიდან დაპირებული დახმარებების მიღების სავარაუდო ვადებზე, მისი განკარგვის მეთოდებსა და იმაზე, როგორ დაიხარჯება ეს თანხები, `ბათუმელებთან" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ამაღლობელი საუბრობს:

ირმა ზოიზე/ბათუმელები
ფოტოზე: დავით ამაღლობელი

დ.ა: არსებობს წინასწარი ინფორმაცია, ქვეყანამ რა მოცულობის დახმარებები შეიძლება მიიღოს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისე ცალკეული ქვეყნებიდან. მაგალითად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა, რომ ამერიკის მთავრობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს საქართველოს. გადაწყვეტილება მიღებულია და 450 მილიონი დოლარი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიყოფა. დანარჩენ თანხას, სავარაუდოდ, მომავალ წელს მივიღებთ. ერთადერთი, უკრაინამ განაცხადა, რომ 10 მილიონი დოლარით დაეხმარებოდა საქართველოს და ეს თანხა გადმორიცხა კიდეც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აქ პოზიცია ბოლომდე გაჟღერებული ჯერ არ არის. ოქტომბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია მეორე საერთაშორისო კონფერენცია ბრიუსელში, სხვა საერთაშორისო ორგანზაციები და ქვეყნები იქ უკვე საბოლოოდ დაადასტურებენ, თუ რა მასშტაბის დახმარება გაეწევა საქართველოს უახლოეს წლებში. ნაწილი პირდაპირ ბიუჯეტში ჩაირიცხება და, შესაბამისად, იქვე გაიწერება მისი დახარჯვა. დანარჩენი ნაწილი ცალკეულ პროექტებზე იქნება მიმართული.
ბათ: როგორ მოხდება მათი განკარგვა?
დ.ა. საქართველოში პროექტების აღსრულების მექანიზმები მსოფლიო ბანკს აქვს ჩამოყალიბებული და, შესაძლოა, მისი საშუალებით მოხდეს ამ თანხების განკარგვა. საუბარია, რომ ინფრასტრუქტურის აღსადგენი პროექტებისთვის სახსრები მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით გაიცეს.
ბათ: თანხები თავიდანვე მიზნობრივად გამოიყოფა, თუ ქართული მხარე შესთავაზებს პროექტებს?
დ.ა. ეს ორმხრივი პროცესია. თანხის ერთი ნაწილი დაზიანებული სამოქალაქო ობიექტების აღდგენას მოხმარდება, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის აღსადგენ პროექტებზე. გზებში ჩადებული ინვესტიცია, ასევე ენერგეტიკაში, წყლის სისტემებში, ჯანდაცვასა და განათლებაში დახარჯული თანხა ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.
ბათ: დაახლოებით რა თანხაზე შეიძლება საუბარი?
დ.ა. შეიძლება ორი-სამი მილიარდი დოლარი იყოს. ჩვენ ამ თანხის ერთბაშად მიღებაზე არ ვლაპარაკობთ. ეს სამი-ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.
ბათ: ზარალი, ალბათ, სამ-ოთხ მილიარდზე დიდია.
დ.ა. პირდაპირ ზარალს თუ გულისხმობთ, ზარალი გაცილებით ნაკლები იყო. რაც შეეხება, არაპირდაპირს, ანუ შეუსრულებელ საინვესტიციო პროექტებს, აქ გათვლა სწორედ იმაზეა გაკეთებული, რომ რაღაც პერიოდში, დაახლოებით ერთი-ორი წლის შემდეგ, ძველი ინვესტიციები ისევ დაიწყებს შემოსვლას. ამას ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დასახულმა ღონისძიებებმა უნდა შეუწყოს.
ბათ: საქართველოს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც საკმაოდ დიდი თანხები გადმოეცა, მაშინ სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ აღებული ვალდებულებები დღეს ქვეყანას ტვირთად აწევს. ხომ არ არის იგივე მოსალოდნელი?
დ.ა. შემოსული თანხის დიდი ნაწილი ამ ქვეყნების საჩუქარია. რაც შეეხება სესხებს, რა თქმა უნდა, ესეც იქნება, მაგრამ შეღავათიანი პირობებით. იგი ქვეყანას მძიმე ტვირთად არ დააწვება, რადგან ვალის მოცულობა ჩვენი ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით საკმაოდ დაბალია.
ბათ: როგორია ეროვნული ბანკის როლი თანხის განკარგვის საკითხში?
დ.ა. პრიორიტეტებს მთავრობა განსაზღვრავს. ჩვენი როლია უზრუნველვყოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რათა ინფლაციური საფრთხეები არ შეიქმნას.
ბათ: ინფლაცია მოსალოდნელია?
დ.ა. თუ ყველაფერი სწორად იქნება დაგეგმილი და განხორციელებული, არ არის მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის სახარჯო პოლიტიკა შესაბამისობაში იყოს ეროვნული ბანკის ერთიან მაკროეკონომიკურ მიზნებთან.
ბათ: რამდენად დამოუკიდებელია ეროვნული ბანკის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში?
დ.ა. ბანკი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.
ბათ: დღეს რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ და თუ ითვალისწინებენ მას?
დ.ა. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას თუ რა მოცულობის დეფიციტი შეიძლება დაგეგმოს. ეს მაჩვენებელი შემდგომ მთლიან მაკროეკონომიკურ სურათს განსაზღვრავს, მოახდენს გავლენას მონეტარული მასის მოცულობაზე ქვეყანაში, რომელიც ინფლაციის მთავარი ფაქტორია. ჩვენი ამოცანაა დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა დაგეგმავს, ეროვნული ბანკის მიერ დასახულ ინფლაციურ ამოცანებთან შესაბამისობაში იყოს.
როცა ჩვენ ვნახავთ 2009 წლის ბიუჯეტს, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში, უფრო კონკრეტულად გავაკეთებთ პროგნოზს. შეგვიძლია კონკრეტული ციფრობრივი მაჩვენებლები დავდოთ.
ბათ: დონორების მიერ გადმოსარიცხ თანხებთან დაკავშირებით რას სთავაზობთ ხელისუფლებას?
დ.ა. მეეჭვება, ახალ ბიუჯეტში, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში იქნება წარდგენილი, სრული მასშტაბით იყოს გაწერილი საერთაშორისო დახმარებები. რადგან ჯერ არ არის სრული ინფორმაცია.
საერთოდ, დიდი დახმარების შემოსვლაც პრობლემაა, მაგრამ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით ამ თანხის სწორად განკარგვა შესაძლებელია. მისი დიდი ნაწილი სასურველია გაიწეროს ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. ეს ყველაფერი გაზრდის მთლიან შიდა პროდუქტს. თანხა ნაკლებად უნდა დაიხარჯოს პენსიებზე, დახმარებებსა და ასეთი ტიპის სოციალურ პროექტებზე.
ბათ: მაგრამ ჩვენთან დევნილების დაბინავების პრობლემაა, მათთვის დახარჯული თანხა კი სამომხმარებლო ხარჯებში გადის.
დ.ა. მათ იმდენი უნდა მიიღონ, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. დახმარების კუთხით გასაცემი თანხა იმდენად დიდი მოცულობის არ არის, რომ პრობლემა შექმნას.
ბათ: გათვლილია დევნილებისთვის დასახარჯი თანხის რაოდენობა?
დ.ა. დიახ, ბიუჯეტში ეს უკვე გაიწერა და ეროვნულმა ბანკმა გაწერილ თანხებზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო, დადებითი დასკვნა გააკეთა. ამ ეტაპზე სრულიად მისაღებია სახელმწიფომ გაზარდოს ხარჯები, რადგან კერძო სექტორი ამ დროს ხარჯებს ამცირებს. ეკონომიკური ზრდა რომ არ შეჩერდეს, ეს აუცილებელია.
ბათ: ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეყნის რესურსებით ხდება ომის შედეგების რეაბილიტაცია?
დ.ა. სახელმწიფოს ჰქონდა დანაზოგი, რომელიც გამოიყენა. ბიუჯეტი, ხარჯვითი ნაწილი, 323 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს თანხა, ძირითადად, სწორედ დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად იქნება მიმართული.
ბათ: ანუ, ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმია?
დ.ა. რაღაც ნაწილში მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ რაღაცა უკვე კონკრეტულად გადაწყვეტილია. ის, რომ ამერიკა 450 მილიონი დოლარით წელს დაგვეხმარება, ეს უკვე ვიცით. სახსრები კონკრეტულ დროში რომ გაიწეროს, შემდეგ კონკრეტულ სახელმწიფოებთან გვექნება კონსულტაციები.



წითელი ზონა


გადაცემა “წითელი ზონა” დეკემბრიდან ისევ განახლდება საზოგადოებრივ არხზე და “თოფიან კაცსაც” აჩვენებს - განუცხადა “ბათუმელებს” გადაცემის ავტორმა გოგი გვახარიამ. აქვს თუ არა გვახარიას უფლება “წითელი ოთახიდან დამოძღვროს საზოგადოება” - ეს კითხვა აქტუალური გასულ კვირას კრიტიკოს ზაზა შათირიშვილის ინტერვიუს შემდეგ გახდა. ამ ინტერვიუში კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ გვახარიას ლენინზე მიჰყავდა გადაცემები

ნანა კვაჭაძე/გაზეთი ბათუმელები

ფილოლოგმა და კრიტიკოსმა ზაზა შათირიშვილმა „წითელი ზონის” წამყვანი გაზეთ “რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მეტს აქტიურობენ ის ადამიანები, ვინც საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში იყვნენ შემჩნეული, მაგალითად გოგი გვახარია მოიყვანა და განაცხადა, რომ “ადამიანები, რომლებსაც ლენინზე მიჰყავდათ გადაცემები და შაბათობით ეკრანიდან გვეუბნებოდა, საბჭოთა ბელადი რა კარგიაო, წითელი ოთახიდან არ უნდა გვმოძღვრავდნენ“.

`ბათუმელები” დაინტერესდა, რა გადაცემაზე იყო საუბარი და ზაზა შათირიშვილს დავუკავშირდით. შათირიშვილის თქმით, გოგი გვახარიას 80-იანი წლების დასაწყისში მიჰყავდა გადაცემები, სადაც გადიოდა ფილმები ლენინზე და საუბრობდნენ, ბელადის რამდენად საინტერესო სახე შექმნა ამა თუ იმ რეჟისორმა თუ მსახიობმა. მან „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ როცა დესოვიეტიზაციაზეა საუბარი, ეს იმ ადამიანებმა არ უნდა გააკეთონ, ვინც ლენინზე გველაპარაკებოდა. შათირიშვილის თქმით, გადაცემას, რომელიც გვახარიას მიჰყავდა, რამდენადაც ახსოვს, ”კინოლენინიანა” ერქვა: ”რამდენიმე გადაცემა მაქვს ნანახი, მახსოვს, ფილმი ”თოფიანი კაცი”, მგონი გადიოდა პანფილოვისა და ეიზენშტეინის ფილმებიც. ”თოფიანი კაცი” ყველაზე კარგად მახსოვს, იქ იყო ფრაზა, როგორ შექმნა მსახიობმა ბელადის დასამახსოვრებელი სახე”.

შეკითხვაზე, გადაცემაში მსახიობისა და რეჟისორის ოსტატობაზე იყო საუბარი თუ საბჭოთა ბელადებზე, ზაზა შათირიშვილმა გვიპასუხა, რომ ბელადის დამაჯერებელ სახეზე საუბარი თავისთავად შეიცავს რაღაც რეკომენდაციებს.

`ბათუმელები” გადაცემა ”კინოლენინიანას” შესახებ ინფორმაციის მისაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივს დაუკავშირდა. როგორც არქივში გვითხრეს, ამჟამად მასალების განახლება მიმდინარეობს და განახლებულ მონაცემთა ბაზაში გადაცემა ”კინოლენინიანა” არ მოიპოვება, შესაბამისად ვერც მისი წამყვანის ვინაობის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია.

ბატონ ზაზა შათირიშვილთან ინფორმაციის გადამოწმებისას კრიტიკოსმა დააზუსტა, რომ გადაცემას ერქვა ”ამბავი ნამდვილი ადამიანისა”, საბჭოთა მწერლის, ბორის პოლევოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომელიც საბჭოთა მფრინავის, ალექსანდრე მერესიევის გმირობას ეძღვნებოდა.

გოგი გვახარიამ „ბათუმელებთან” დაადასტურა, რომ 80-იან წლებში ნამდვილად მიჰყავდა გადაცემა ”ამბავი ნამდვილი ადამიანებისა”, მაგრამ ამ გადაცემათა ციკლში ფილმი ”თოფიანი კაცი” (მიხეილ რომის სურათი, რომლის ერთ-ერთი გმირი ლენინია) არასოდეს უჩვენებია და გადაცემებში არც საბჭოთა ბელადების მხატვრული სახეები არ განუხილავს: ”1985-86 წლებში გაზეთ ”კომუნისტში” დაიბეჭდა ჩემი რეცენზია ფილმზე `კუკარაჩა”. ამის შემდეგ, ჩემი ხელმძღვანელი და მასწავლებელი ტატა თვალჭრელიძე ორი წელი არ მესალმებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ”კომუნისტში” დაიბეჭდა სტატია და როგორ ფიქრობთ, “თოფიანი კაცის” ჩვენებას რა მოჰყვებოდა ჩემს ცხოვრებაში?! ზაზა შათირიშვილს რაღაც ეშლება ნამდვილად”.

”კინოფილმი ”თოფიანი კაცი” აუცილებლად გავა `წითელ ზონაში~, _ დღეს უკვე შეიძლება ამის გაკეთება” - დასძინა გადაცემა „წითელი ზონის“ ავტორმა.

`ბათუმელებთან” ზაზა შათირიშვილმა გადაცემა ”წითელ ზონაზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ როცა მასმედია, ფაქტობრივად, არ არსებობს და ზემოდან ინერგება ყველაფერი, დიდი ეჭვი არსებობს, რომ ესეც (წითელი ზონა) ზემოდან გაკეთებული დეიდეოლოგიზაციური გადაცემაა: ”კომუნისტურ პერიოდში რა როლსაც ასრულებდნენ იდეოლოგიური გადაცემები, დაახლოებით იმავე როლს თამაშობს ეს გადაცემაც. თავისუფლება და დემოკრატია იდეოლოგია კი არ არის, ეს პირველ რიგში, ცარიელი ფორმაა, რომელიც ივსება სხვადასხვა შინაარსით. თუ ამ ფორმას მხოლოდ ერთი შინაარსით დატვირთავ, ნებისმიერი იდეოლოგია ტოტალიტარული გახდება”.

მასალის მომზადებისას რამდენიმე კითხვა კიდევ გაგვიჩნდა და რადგან ჩვენი რესპოდენტის პასუხები გარკვეულ ბრალდებასაც შეიცავდა და მეტ დასაბუთებას მოითხოვდა, ზაზა შათირიშვილს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და ვთხოვეთ, იქნებ კონკრეტული მაგალითებით დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა, როცა ”წითელ ზონას” ზემოდან გაკეთებული და იდეოლოგიური გადაცემა უწოდა. პასუხად ბატონმა ზაზამ მოგვწერა, რომ მისი აზრით, ნებისმიერი გადაცემა იდეოლოგიურია და, საზოგადოდ, ნებისმიერი გამონათქვამი თავის თავში შეიცავს პოლიტიკურსა და იდეოლოგიურ შინაარსებს: ”ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა ასახული სხვადასხვა ჯგუფთა ინტერესი მედიაში. აქედან გამომდინარე, სრულიად ნეიტრალური გადაცემა - მაგალითად, ვაგნერის ოპერის ტრანსლაცია - ასეთ სიტუაციაში იდეოლოგიურ დატვირთვას იძენს. გვახარიას გადაცემები მხოლოდ იმიტომ შეიცავს "დამატებით დატვირთვას~, რომ I არხზე გადის, რომელიც ხელისუფლების მიერ კონტროლდება. აქ კონკრეტულ პიროვნებაში როდია საქმე, არამედ იმ კონტექსტში, სადაც ჩვენ გვიწევს მოღვაწეობა. ნებისმიერი ავტორის ნებისმიერი საავტორო პროგრამა, რომელიც საზოგადოებრივ არხზე ან რუსთავი II-ზე (და ა.შ.) გადის, უკვე "საეჭვოა". სხვათა შორის, ასევე, საეჭვოა ის ინტერვიუ, რომელსაც მე "ბათუმელებს" ვაძლევ.”

რადიო " თავისუფლების" პროექტი " წითელი ზონა" კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დარჩება, რომელთანაც რადიო " თავისუფლებას" სამწლიანი კონტრაქტი აქვს დადებული. როგორც გოგი გვახარიამ გვითხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არავითარი პრობლემა ან მითითება არ ყოფილა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებით, თუმცა გადაცემის ავტორმა ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი მმართველობის მოსვლის შემდეგ ახალი გადაცემები ჯერ-ჯერობით არ მომზადებულა.

შეკითხვაზე, თუ რამდენად იდეოლოგიური გადაცემაა " წითელი ზონა", გოგი გვახარიას პასუხი არა აქვს: “წითელი ზონა” არის ამერიკული რადიოს პროექტი. ზაზა შათირიშვილის წერილებში ჩანს, რომ მას არ უყვარს ამერიკული იდეოლოგია და ალბათ ეს უფრო აღიზიანებს, ვიდრე საბჭოთა იდეოლოგია. ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს რუსულ ფილოსოფიურ სივრცეში, რომელიც თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ დღეს ცოტა მოდიდან გადავიდა და როგორც ჩანს ეს აწუხებს. სხვათა შორის ბატონი ზაზა ძალიან ხშირად იყო გადაცემა " ფსიქოს" სტუმარი და ყველაზე მეტი დადებითი რეცენზია აქვს დაწერილი ჩემს გადაცემაზე. მიკვირს, ეხლა რა მოხდა მის ცხოვრებაში".

ამ დროისათვის გოგი გვახარია არ აპირებს უპასუხოს ზაზა შათირიშვილის კრიტიკას, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, აპირებდა სასამართლოსთვის მიემართა: " გავიგე, რომ ეს ძალიან რთულია. აღმოჩნდა რომ მე უნდა ვირბინო არქივებში და ვამტკიცო, რომ ასეთი გადაცემა არ ყოფილა და არა თვითონ. ამის დრო ნამდვილად არა მაქვს".

ბათუმის თეატრი პატრიოტულ თემაზე დადგმული სპექტაკლებით


ბათუმის დრამატულ თეატრში ახალი სეზონი 30 სექტემბერს გაიხსნა. კარლო გოლდონის პიესა, ”ორი ბატონის მსახური” ბათუმელი მაყურებლისათვის ახალი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც თეატრის მმართველმა აღნიშნა, თეატრის სცენაზე სპექტაკლი სეზონის დახურვამდე სულ ორჯერ გავიდა. ეს უფრო ძალების მოსინჯვას ჰგავდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრემიერაა.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სეზონს ახალ სპექტაკლებზე მუშაობის პროცესში შეხვდა. ამჟამად თეატრში ახალი სპექტაკლი მზადდება. ოთარ ბაღათურიას პიესას _ `მეფე ლირი მოხუცებულთა თავშესაფარში~ რეჟისორი ენვერ ჩაიძე დგამს და მასში მონაწილეობას ბათუმის თეატრის უფროსი თაობის მსახიობები მიიღებენ. თეატრის მმართველის, ზაზა ხალვაშის აზრით, ეს ერთდროულად საინტერესოა და, გარდა ამისა, მარკეტინგული გათვლაცაა, რადგან ამ სპექტაკლით თეატრი ეცდება დარბაზს დაუბრუნოს უფროსი თაობის მაყურებელი. გარდა ამისა, შეიცვალა თეატრის ესთეტიკა, ეს უკვე ახალი თეატრია, ახალი მსახიობებითა და სპექტაკლებით.

განახლებულ თეატრალურ სეზონზე პატრიოტული თემატიკის სპექტაკლების დადგმა იგეგმება. წინა წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით პატრიოტულ თემაზე შექმნილ სპექტაკლებს ადევნებს თვალს. ამის დადასტურება მარჯანიშვილის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი `ქაქუცა ჩოლოყაშვილია~, რომელსაც დღემდე ბევრი მაყურებელი ჰყავს.

ბათუმის თეატრი რუსეთ-საქართველოს ომს, ფრიდონ ხალვაშის პატრიოტულ მოტივებზე დაწერილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით შეეხმიანება. პიესაში `ხიხანის ძახილი~ მოთხრობილია აჭარის საქართველოსთან დაბრუნების ისტორია. სპექტაკლზე ქართველი დრამატურგი, ირაკლი სამსონაძე მუშაობს.

ზაზა ხალვაშმა `ბათუმელებთან~ საუბრისას აღნიშნა, რომ პიესა შემთხვევით არ აურჩევიათ: `პიესაში სელიმ ხიმშიაშვილის ისტორიაა მოთხრობილი, ის თავის მოკვეთის დროს ამბობს: `თქვენ შეიძლება ჩემს ტანს თავი მოაშოროთ, მაგრამ აჭარას საქართველოს ვერასდროს ვერ მოსწყვეტთ~. მინდა ეს აფხაზ და ოს ძმებს გავაგონო~.
ზაზა ხალვაში, მართალია, კინორეჟისორია, მაგრამ ამჯერად ბათუმელ მაყურებელს მისი სასცენო რეჟისურის შეფასებაც შეეძლება. იგი დრამატული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის პიესის დადგმას აპირებს.

`გუშინდელნი~ შალვა დადიანის რეჟისორობით გასული საუკუნის 20-იან წლებში იხილა ბათუმელმა მაყურებელმა. ზაზა ხალვაში თვლის, რომ ეს სპექტაკლი თანამედროვე რეალობაში სულ სხვა ჟღერადობას შეიძენს: `პიესის ერთ-ერთი გმირი ამბობს; `ჩვენ, რუსებმა გადაგარჩინეთ ფიზიკურად და გაქციეთ კულტურულ ერად~. საინტერესოა, როგორი ჟღერადობა ექნება ამას დღეს, როცა ჩვენ დავინახეთ რუსეთის რეალური სახე. ეს იქნება სპექტაკლი-პროტესტი, შალვა დადიანის პიესის ახალი წაკითხვა~.

თეატრი საშობაოდ ბავშვებისთვისაც გეგმავს სიურპრიზს. დრამატული თეატრის სცენაზე ქართული ზღაპრების გმირები გაცოცხლდებიან, ოღონდ ეს არ იქნება ტრადიციული დევი და ნაცარქექია. სპექტაკლი უფრო თანამედროვედ, კომპიუტერული თამაშის მსგავსად წარიმართება, ისე, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეჩვეული ბავშვებისთვის გასაგები და მოსაწონი აღმოჩნდეს.

2009 წლის სეზონზე კი ბათუმელი მაყურებელი სცენაზე უცხოელი რეჟისორის ნამუშევარს იხილავს. ლიტველი რეჟისორი, ლინას ზაიკაუსკასი ბათუმის თეატრის მოწვევით სპექტაკლის დადგმას აპირებს. რა სპექტაკლზე იმუშავებს ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი რეჟისორი, ბათუმის დასთან ერთად, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, თავად ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია რეზონანსი _ რეჟისორს სპექტაკლის პოლონეთში ჩატანა სთხოვეს.

ბათუმის დრამატული თეატრის მხატვრული კონსულტანტი რობერტ სტურუაა. მას ბათუმის თეატრში კაბინეტიც აქვს, რომელიც, ძირითადად, დაკეტილია. რობერტ სტურუას ბათუმის თეატრი ყოველ ახალ სპექტაკლს უთანხმებს და კონსულტაციებს იღებს, გამონაკლისი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა სტურუას მოსწავლემ, ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი თავაძემ თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით სპექტაკლი `ჭალას ჩიტი მომკვდარიყო~ დადგა. აღმოჩნდა, რომ რობერტ სტურუა იმავე სპექტაკლზე რუსთაველის თეატრში მუშაობდა. თეატრის მოყვარულებს ჰქონდათ საშუალება ეს სპექტაკლები ერთმანეთისთვის შეედარებინათ.
ბათუმის დრამატული თეატრი წელს ევროპული თეატრების ასოციაციის წევრი გახდა, სადაც ორასამდე თეატრია გაერთიანებული. იგეგმება დასის საერთაშორისო ფესტივალებზე გამგზავრება _ ასე თეატრი ცდილობს რეგიონულ მასშტაბებს გასცდეს და უფრო პოპულარული გახდეს.

პოპულარობა კი მაღალ ბიუჯეტს ითხოვს. თეატრის მმართველმა `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ერთი სპექტაკლის ბიუჯეტი შეიძლება ხუთი ათასიდან ორ მილიონ ლარამდე იყოს. ზაზა ხალვაშმა არ დაასახელა რა თანხა სჭირდება ბათუმის თეატრს ერთი სპექტაკლის მოსამზადებლად, თუმცა ის კი გაგვიმხილა, რომ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, რეჟისორ გიორგი თავაძის სპექტაკლი `ორი ბატონის მსახურია~.



სოფელი მეწყერის პირისპირ

კოკისპირულმა წვიმებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში 70-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. ქვემო აგარაში მეწყერი რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ვისაც წასასვლელი აქვს, ღამეს სახლში აღარ ათევს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.
ნათია როყვა/ბათუმელები

`შუაღამე იყო, პირველი საათი იქნებოდა. ყველას გვეძინა. სახლის ზანზარზე გაგვეღვიძა, შუქი არ გვქონდა, კარების გაღება დავაპირეთ, მაგრამ ვერ გავაღეთ. ფანჯრიდან გავიხედე გარეთ და დავინახე, რომ სახლზე მიწა იყო მოწოლილი, ბათუმში ჩემს შვილთან დავრეკე. ის ამოვიდა, მეზობლისგან კიბე ითხოვა და ისე გამოგვიყვანა ფანჯრიდან. სახლში რვა სული ვიმყოფებოდით.

კოკისპირულად წვიმდა, გზის გაკვლევა გვიჭირდა. დილით როცა ამოვედი, კარ-მიდამო განადგურებული დამხვდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ცოცხლები გადავრჩით, ბავშვებიც სახლში იყვნენ~, _ ყვება დურსუნ ფაღავა, რომელიც სახლში ახლაც კიბით, ფანჯრიდან შედის.

მათი თქმით, ისინი ეზოში დაყრილმა ხის მორებმა და რკინის ღობემ გადაარჩინა. ქვით ნაკეთი ავტოფარეხი, რომელიც სახლის წინ იდგა, მიწაშია ჩატანილი, არსად ჩანს ორი მანქანა ხის მორი, რომელიც სახლთან ეყარა… ორსართულიანი სახლის ნახევარიც ჩამოშლილ მიწაშია ჩაფლული.

`გეოლოგები იყვნენ, ფოტოები გადაიღეს, შეათვალიერეს, დასკვნას მთავრობას წარვუდგენთო, გვითხრეს. რა იქნება, ჯერჯერობით, არაფერი ვიცით~, _ ყვებიან ოჯახის წევრები. მეზობლის კაცები წაქცეულ ხეებს ჩეხავენ, ზამთრისთვის შეშას ამზადებენ. იქვე ახლოს მეზობლის ბიჭი ვებერთელა ხის კენწოროზეა გასული და ტოტებს აცლის. `როცა ძლიერი ქარი და წვიმაა, ტოტები ხის ფესვებს აქანებს. ეს კი საშიშია, მიწა ჩამოშვავდება, სახლთან ახლოსაა, ამიტომაც ჭრიან ხის ტოტებს~, _ ამბობს ბესო, რომელიც ჩაისუბნის ცენტრში, სამარშრუტო ტაქსთან შემხვდა. სწორედ მან ითავა სოფელში `ბათუმელების~ მეგზურობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო. და ეს თავისებურად დაასაბუთა: `თუ გაზეთში გამოაქვეყნებთ, იქნებ ჩემს მეზობლებს ვინმემ ყურადღება მიაქციოს~.

ეთერ ჩხაიძე მარტოხელაა. მისი სახლის ქვეშ მიწა `ჩამოშვავდა~. წასასვლელი არსად აქვს, `ერთი ასეთი წვიმა და ამ სახლთან ერთად მეც ჩამიყოლიებს მეწყერი~, _ ამბობს შეწუხებული რესპონდენტი. დახმარების სათხოვნელად რომ წავიდეს, როგორც თავად ამბობს, ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომაც აჭარის ხელისუფლებას გაზეთის საშუალებით მიმართავს: `ყველას ვთხოვ, ხელვაჩაურის გამგებელს, ბატონ ლევან ვარშალომიძეს, ერთი სასახლე ნაკვეთი მომცენ. პატარა ქოხს ჩავდგამ და მშვიდად მაინც დავიძინებ~.

`ზედა აგარა უფრო დაზიანებულია, ვიდრე _ ქვედა. აქ გზა ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძის ძმამ გაწმინდა~, _ ამბობენ აგარელები. ძლიერმა წვიმებმა მოსავალი გაანადგურა. ოჯახებს დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ ზარალზე არავინ საუბრობს. `რახან ცოცხლები ვართ, ზარალს აღარ დავეძებთ~, _ ამ სიტყვებს ყოველი შემხვედრი იმეორებს. სწორედ მათ მეზობელ სოფელში, მასაურაში დაანგრია მეწყერმა ილია ჩავლეიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ოჯახის ოთხი წევრიც იმსხვერპლა. მეწყრის შედეგად დაღუპულები მეზობლის სახლიდან გასულ კვირას გაასვენეს. 17 წლის თამთა ჩავლეიშვილს დედა, მამა, ძმა და და დაეღუპა. იგი ბათუმის #1 საავადმყოფოდან ოჯახის წევრების დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გაწერეს. როგორც სოფელში ამბობენ, თამთა ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება…

რამდენიმე კილომეტრი ვიარე ატალახებულ გზაზე, მაგრამ ზემო აგარამდე ვერ მივაღწიე. როგორც მითხეს, იქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. უკან დაბრუნებისას სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე. მიკროავტობუსში ადამიანები, რატომღაც მეწყერსა და მის საფრთხეებზე კი არა, ომზე მსჯელობდნენ. ზოგი სააკაშვილისა და `ნატოს~ ქომაგი იყო, ზოგიც რუსეთ-საქართველოს ომის გამო სააკაშვილს ადანაშაულებდა. წინა რიგებში `ენერგო-პროს~ ამბავს განიხილავდნენ, სხვები კი იმ ფირმის წარმომადგენლების დაჭერას ვარაუდობდნენ, ვინც ჩაისუბნის საჯარო სკოლა `ვითომ გაარემონტა~.


ბიზნესმენების დაკავება

სავაჭრო ცენტრ შპს `ბათუმი~-ის (ე.წ. ხოფის ბაზრობა) დირექტორები, ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე ბათუმის #3 საპყრობილეში ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მოწილეების მიმართ არსებულ დავალიანებას ედავებიან. არაოფიციალურად კი, მათ ბაზრობის წილის დათმობას სთხოვენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ილია ანანიძე ძმის, თადარიგში მყოფი მოსამართლის, დავით ანანიძის ოპოზიციონერობისთვის ისჯება.

ემზარ დიასამიძე, ნათია როყვა

ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი ილია ანანიძეს ეკუთვნის, 28,5 _ ასლან აბაშიძის დას, ნარგიზ აბაშიძეს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს _ 20 პროცენტი, ხოლო 1,5 პროცენტი ჯონი ზოიძის საკუთრებაა.
დაკავებულის ადვოკატის, ლევან მამულაძის განმარტებით, ილია ანანიძეს `ბრალი პარტნიორების თანხების მითვისებაში ედება~. მისივე ინფორმაციით, იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს. ბიზნესმენი თბილისის ჯგუფმა დააკავა და ორთვიანი პატიმრობაც თბილისში შეუფარდეს. ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულებს სახელმწიფო თანხის _ 300 ათასი ლარის მითვისებას ედავებიან. `ახლა გზაში ვარ, საქმის დეტალები ზეპირად არ მახსოვს~, _ ამბობს მამულაძე.
ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ნარგიზ აბაშიძე `ბათუმელებთან~ აღნიშნავს, რომ ილია ანანიძესთან უკმაყოფილება მართლა ჰქონდა, მაგრამ დირექტორის დაკავების ფაქტს ამ უთანხმოებას არ უკავშირებს: `ჩვენ შორის პატარა უთანხმოება იყო, მაგრამ ეს ამბავი ოჯახებს არ გასცდენია. მაგის გამო არც მთავრობისთვის და არც სასამართლოსთვის არ მიმიმართავს, არაფერში ჩავრეულვარ. მათი დაკავების შემდეგ ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ მეწილე ვარ… ამ დაკავებაში ბრალი არ მიმიძღვის და არც საქმეში ვარ ჩახედული~.
თუ ვინ დააწერინა ახსნა-განმარტება, ქალბატონი ნარგიზი პასუხობს: `არ ვიცი, ჩამოსულები იყვნენ~.
ბაზრობის დირექტორების დაკავების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა დირექტორის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, დავით ანანიძის ვაჟმა, იოსებ ანანიძემ: `დირექტორები აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებული. მათი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ საწარმოს მეწილეებთან დივიდენდები სრულად არა აქვთ განაწილებული. დირექტორები ამას არ უარყოფენ და აღიარებენ, რომ მეწილეებს დივიდენდები ეკუთვნით და მიიღებენ კიდეც. ეს საკითხი პრობლემური რომც იყოს, სამოქალაქო საქმეა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არასწორია~.
დაკავებულები _ ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე თბილისში 7 აგვისტოსვე გადაიყვანეს, (ბაზრობას დედაქალაქის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებდნენ). ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომლის არაოფიციალური განცხადებით (მან კომენტარის საჯაროდ გაკეთება არ ისურვა), _ `მოსამართლე თავდაპირველად თავს იკავებდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისგან, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო. ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა ნახევარი საათი ითხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად. პროცესი სამი საათის შემდეგ განახლდა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის იგივე მტკიცებულებები უკვე საკმარისი იყო~.
ცნობილია, რომ დაკავებულის ძმა, თადარიგში მყოფი მოსამართლე, დავით ანანიძე გასული წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციას თანაუგრძნობდა. მან 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სიით ქედის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყარა კენჭი. არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლებამ ანანიძეებს სწორედ ეს ვერ აპატია.
ე.წ. `ხოფის~ ბაზრობა ბოლო 4 წლის განმავლობაში ფინანსური პოლიციის სამიზნე არაერთგზის გახდა. ერთ-ერთი შემოწმებისას ფინანსური პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბაზრობის ოფისიდან, საქმის შესწავლის მიზნით, კომპიუტერული ტექნიკაც კი წაიღეს, რაც დღემდე არ დაუბრუნებიათ (`ბათუმელებმა~ ეს ინფორმაცია არაოფიციალურად მოიპოვა). ბაზრობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.
ილია ანანიძესა და ჯონი ზოიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ჯერ უცნობია.



“იმედის” კრიზისი- როგორ ელაპარაკებიან ჟურნალისტები საზოგადოებას

ტელეკომპანია `იმედის~ რეგიონალური ბიუროები გაუქმდა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, რეგიონული კორპუნქტების მუშაობის შეჩერება ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

`ვიცი, რომ გაუქმდა გორისა და თელავის კორპუნქტი. აჭარასთან დაკავშირებით იყო საუბარი, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. კომპანიაში საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეიქმნა. ჩვენი ფინანსები სარეკლამო შემოსავლებს ემყარება. იქედან გამომდინარე, რომ ბაზარი დანგრეულია, არაპოპულარული გადაწყვეტილებებს ვიღებთ~, _ აცხადებს ბიძინა ბარათაშვილი.

ბათუმში `იმედის~ კორესპონდენტი, მერაბ წულუკიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ წარმომადგენლობებს შეეხო. მისი თქმით, იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში, გარკვეული შუალედით ისარგებლებს, რადგან უმაღლესი საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში მუშაობს. არჩევნების შემდეგ კი ისევ `იმედში~ დაბრუნდება. მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის თანამშრომელიცაა. საარჩევნოდ ამ ტელევიზიაშიც შვებულებით სარგებლობს.

ჟურნალისტების პოლიტიკაში ან საჯარო სამსახურებში გადანაცვლებამ, ბოლო დროს შეუქცევადი სახე მიიღო. საქართველოში ეს პროცესი განსაკუთრებით ვარდების რევოლუციისა და 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გააქტიურდა. `რუსთავი 2~-ის წამყვანი ჟურნალისტების ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი გახდა, ნაწილი კი _ ძალოვან და სხვა საჯარო სტრუქტურაში გადავიდა სამუშაოდ.

ჟურნალისტების გაჩინოვნიკების პროცესი ტელეკომპანია `იმედის~ დახურვასაც მოჰყვა. კომპანიის სახე _ გიორგი თარგამაძე, თავის გუნდთან ერთად პარლამენტში მივიდა. 3 ნოემბრის არჩევნებში კი `იმედის~ კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, `ქართული დასიდან~ მაჟორიტარად იყრის კენჭს.

მერაბ წულუკიძის აზრით, ჟურნალისტების გაჩინოვნიკებას, ძირითადად, ფინანსური მოტივაცია უდევს. `დიდ როლს თამაშობს ფინანსური ინტერესები, რადგან ყველას გვაქვს პირადი პრობლემები და გეგმები~, _ ამბობს იგი და ჟურნალისტების გაპოლიტიკოსების ტენდენციებს პოზიტიურად აღიქვამს. რაც შეეხება მის არჩევანს, იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა მარტო მატერიალურ, ასევე პროფესიულ ინტერესსაც უკავშირდება.
`ჟურნალისტებმა თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ საქმეს მაინც დილეტანტურ დონეზე ვაკეთებთ. ამიტომ უსკო-ში მუშაობით არჩევნებთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მივიღებ და გამოცდილებასაც დავაგროვებ~, _ ამბობს იგი.

წულუკიძეს მიაჩნია, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობით, იგი არც ეთიკის კოდექსს არღვევს და არც საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, რადგან ამ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულება მას ამის უფლებას აძლევს. მისი აზრით, საარჩევნო კომისია სამთავრობო დაწესებულება არ არის, ამიტომ დისკომფორტსაც არ გრძნობს. გარდა ამისა, არჩევნების დასრულებამდე მას `იმედში~ შემცვლელი ეყოლება.

უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, მერაბ წულუკიძე ისევ აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდება. იგი ამბობს, რომ ყველა საჯარო ორგანიზაციას, ღიაობის მიუხედავად, შიდა სამზარეულო აქვს, ამიტომ არ გამორიცხავს, ეს კოზირი საზოგადოების სასარგებლოდ გამოიყენოს.

რამდენად ენდობა მაყურებელი იმ ჟურნალისტს, ვინც ცდილობს აჩვენოს საზოგადოებას, რომ ის მიუკერძოებელი, კრიტიკულია, მაგრამ ამავე დროს იმ სტრუქტურის ნაწილია, ვისთან დაკავშირებითაც შეიძლება უამრავი კითხვა გაჩნდეს?
მერაბ წულუკიძის აზრით, ჟურნალისტის მიმართ საზოგადოების ნდობა არა კონკრეტულ სტრუქტურაში მუშაობით, არამედ მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით განისაზღვრება. `ნებისმიერ მიწოდებულ ინფორმაციაში კარგად ჩანს, რა დოზით აწვდი სიყალბეს ან სიმართლეს, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ელაპარაკები მას~.




ქართული ეკონომიკის აბსურდი

როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსული ტანკები თბილისისკენაა მომართული, ქალაქს კი რუსული კომპანია _ ”რაო ჰესი” აჩახჩახებს, საომარი რიტორიკა ძალიან სასაცილოა”, _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. გთავაზობთ მის შეფასებებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათ: ყაზახებმა უარი განაცხადეს ფოთსა და ბათუმში ინვესტიციების ჩადებაზე. როგორ ფიქრობთ, რა ზიანი მიადგება ამით ქართულ ეკონომიკას?
გ.ხ. ამ ინვესტიციების შეჩერებას როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური ისაა, რომ როცა მაღალი პოლიტიკური რისკებია ქვეყანაში, როგორც წესი, არც ერთი საღად მოაზროვნე ინვესტორი გრძელვადიან ინვესტიციას არ ჩადებს.
რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზს, _ ყაზახები არც არასდროს აპირებდნენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ბათუმში. ეს გარკვეული აქტივების ხელში ჩაგდების მიზნით განაცხადეს და ოქროს გორების სიტყვიერი აშენება დაიწყეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ რეგიონში ბაზარი დატვირთულია, ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აზრი არ აქვს. თავიდანვე ცხადად ჩანდა, რომ წმინდა წყლის ბლეფი იყო. ახლა კი მიეცათ საბაბი თავიანთი პირვანდელი ჩანაფიქრი გამოაცხადონ არგუმენტებით.
ბათ: როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ ეს ინვესტიცია ბლეფი იყო?
გ.ხ. არ გამოვრიცხავ, რომ თავის დროზე ხელისუფლებაც შეცდომაში შეიყვანეს. ვინც იცნობს რეგიონის ინფრასტრუქტურას, რუმინეთისა თუ ბულგარეთის ფონზე, ამ ქარხნის გაკეთებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში, შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიტიკურ თამაშებზე მეტად ტექნოლოგიური სვლებია გაკეთებული.
ბათ: მარცვლეულის ტერმინალის აგებაც ფუჭი დაპირება იყო? ისინი ხომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რუსეთის გვერდის ავლით შეძლებდნენ მარცვლეულის გატანას.
გ.ხ. ამას მათთვის მნიშვნელობაც ჰქონდა და სტრატეგიული დანიშნულებაც, ანუ ბიზნესმოტივაცია ფოთში ამ მხრივ მათთვის არსებობდა. მაგრამ ყაზახებმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებიდან გამომდინარე თქვეს უარი ამ პროექტზე.
ბათ: საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია, რა შეფასებას მისცემთ ამას?
გ.ხ. შემიძლია დავეთანხმო ამ ინფორმაციას. საქართველოს ოკუპაცია რუსეთს დღეს არ განუხორციელებია, ეს იყო ოკუპაციის დასკვნითი ეტაპი. პროცესი ათი წელია მიმდინარეობს და ძირითადი მონოპოლური სისტემები რუსეთის ხელშია. როცა ვლაპარკობთ, რომ რუსული ტანკები მომართულია თბილისისკენ და ამ დროს თბილისი რუსული კომპანიის, `რაოჰესის~ მიერაა გაჩახჩახებული, საომარი რიტორიკა ძალიან სასაცილოა. ეს არის ეკონომიკური აბსურდი, რაშიც ხელისუფლება დღემდე გვამყოფებს. მით უფრო, რომ რუსული ინვესტიციების ჩადება დღესაც გრძელდება.
ბათ: რომელ ინვესტიციაზეა საუბარი?
გ.ხ. აი, მაგალითად, `თბილისის წყალი~. არსებობს ეჭვი, რომ აქაც რუსული ინტერესებია. `თელასი~, იგივე `ენერგოპრო~ აჭარაში... რა თქმა უნდა, ჩვენი ჩინოვნიკებიც სადღაც იქვე ახლოს არიან.
ბათ: რუსეთი ცდილობს ენგურჰესზე კონტროლის დამყარებას, რა შეიძლება მოჰყვეს ამას და თუ არსებობს რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ ზამთარში ქვეყანა ენერგოკრიზისის წინაშე არ დადგეს?
გ.ხ. რუსეთი კი არ ცდილობს, არამედ რაც უნდა იმას აკეთებს. თუ მიიღეს რუსეთში ამის გადაწვეტილება, გააკონტროლებენ კიდეც. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს არ მოხდება. თუ თეორიულ შანსს დავუშვებთ, რომ ენგურჰესი მართლა რუსეთის ხელში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ენერგოპრობლემები შეიქმნება.
ბათ: კიდევ რა ბერკეტი აქვს რუსეთს ენერგოკრიზისის დასაწყებად?
გ.ხ. ბევრი ბერკეტი შეიძლება გამოიყენოს, როგორც ჩვენი ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით _ მთელი ქვეყანა ტროას ცხენებით აქვს გავსებული. ასე, რომ ამ ცხენებიდან შეიძლება ჯარისკაცუნები გამოვიდნენ. შეძახილების გარდა, ამ ხელისუფლებას სხვა რაიმე დამცავი მექანიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ აქვს. ერთი თვის წინ რუს გენერალს შეეძლო ტაქსში ჩამჯდარიყო და გორიდან თბილისში ჩამოსულიყო, ისე რომ მისი გამჩერებელი არავინ იყო.
ბათ: ოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში კომპანია, `სილქროუდ ტრანსატლანტიკური ალიანსი~ დაარსდა, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით იქნება დაკავებული. რამდენად ეფექტური იქნება ამ კომპანიის მცდელობა?
გ.ხ. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ლობისტური ჯგუფი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ინვესტორის მოზიდვას კარების გაღება და მუხლებში ჩავარდნა კი არ სჭირდება, არამედ, ქვეყანამ ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ ინვესტორები თვითონ მოვიდნენ. ლობისტური ჯგუფების მეშვეობით ვიღაც ძალით შემოაგდო... ასეთი რამ არ ხდება. საქართველოში საინვესტიციო გარემო ცუდია და არა მხოლოდ ომის გამო. ომამდეც ასე იყო. ჩვენ გვაქვს ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალისტური ფორმაცია, როდესაც ხელისუფლება არის ყველა ბიზნესის დირექტორი. ასეთ მაღალ პოლიტიკურ რისკებს კი, ნორმალური, ცივილიზებული ინვესტორი ყოველთვის ერიდება.
ბათ: ესე იგი, თუ ამ კომპანიის მეშვეობით რაიმე ინვესტიცია შემოვიდა, ყველა შემთხვევაში, ნომენკლატურული იქნება?
გ.ხ. გარეგნულად, ჯერჯერობით, ასეა. აქ ხელისუფლების გარეშე ბიზნესი არ კეთდება.
ბათ: საქართველო ევროპულმა ტურსააგენტოებმა თავიანთი მარშრუტებიდან ამოიღეს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
გ.ხ. ბუნებრივია, ამოიღებდნენ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეკონომიკური რისკები ჩვენი სინამდვილიდან მალე გავა.
ბათ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მზად არიან, ქართული მუშახელი ლეგალურად დაასაქმონ. ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე?
გ.ხ. როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სხვა ქვეყნები მზად არიან დაასაქმონ ჩვენი მუშახელი, უკვე ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საქმე ცუდადაა. ეკონომიკის ზრდის ინდიკატორი სამუშაო ადგილებია. თუ ჩვენი მუშახელი იძულებულია სხვაგან წავიდეს, ესე იგი, ჩვენ არც ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს და არც ეკონომიკა.


გაურკვევლობა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირგვლივ

საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ `რესპუბლიკელების~ განაცხადი განიხილა და მათი მოთხოვნა ფრაქციის შექმნის თაობაზე, დააკმაყოფილა.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

როგორც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ჩხეიძე აცხადებს, დოკუმენტაციას იურიდიული ხარვეზი არ ჰქონია.
მანამდე კი `რესპუბლიკელები~ აცხადებდნენ, რომ თუ კომისია დროულად არ შეიკრიბებოდა, მოქალაქეებს საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში შეხვდებოდნენ.
დავით ჩხარტიშვილის განცხადებით, ახალი ფრაქციის შექმნით ბათუმის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყება: `ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქმა პირდაპირ აირჩიოს მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც რამდენიმე ალტერნატივიდან იყოს არჩეული~. მისივე თქმით, დემოკრატია რომ დანერგო, ჯერ პიროვნული დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვო: `ამაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც თათბირობდნენ და ბევრი რამის შეცვლასაც აპირებდნენ, თუმცა ამის აღიარება ხმამაღლა მაინც ვერ შეძლეს~.

დავით ჩხარტიშვილი საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო. აგვისტოს ომის შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დატოვა ნაცმოძრაობის რიგები და ოპოზიციაში გადავიდა. `რესპუბლიკელებს~ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდათ.

საკრებულოში არ გამორიცხავენ კიდევ ერთი ფრაქციის შექმნასაც. `ლეიბორისტ~ დავით რობაქიძის აზრით, ამის ინიციატორი, შესაძლებელია საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია გახდეს, რომელსაც, დეპუტატების თქმით, ბოლო დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან უთანხმოება აქვს. უთანხმოების ოფიციალური მიზეზი არ ხმაურდება.

დეპუტატების ინფორმაციით, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე მისულმა ვარშალომიძემ თქვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს უცხოეთში სწავლის გაგრძელება უნდა. დეპუტატების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქაჯაია საკრებულოს თავმჯდომარე ვეღარ იქნება.

ბადრი ქაჯაია ოფიციალურად ჯერ კიდევ თანამდებობაზე რჩება, თუმცა ვარშალომიძის `შეთავაზების~ შემდეგ ის სამსახურში იშვიათად ჩნდება.

რა მოხდა კოდორში?

რა ხდებოდა კოდორში ომის დროს, რა რაოდენობის და ღირებულების იარაღი ჩააბარა რუსებს ქართულმა არმიამ, რა ააფეთქეს, იყო თუ არა მსხვერპლი, ვინ გასცა კოდორის დატოვების ბრძანება, რატომ ვერ ამყარებდნენ კავშირს კოდორში მყოფი მეთაურები თავდაცვის სამინისტროსთან, რატომ აღმოჩნდა თითქმის რვა ათასი ჯარისკაცი იზოლაციაში _ ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, პასუხი დღემდე ოფიციალურად არავის გაუცია. ხუთდღიანი ომის შემდეგ კი 53 დღე გავიდა. კოდორში მებრძოლი ჯარისკაცი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ითხოვა, ამ კითხვებს მეტნაკლებად სცემს პასუხს.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

_ კოდორში როგორ მოხვდით?
_ ჯარში კონტრაქტით გასულ წელს წავედი. რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ ჩვენი ნაწილი კოდორში გაამწესეს. იქ ომის დაწყებამდე შვიდი თვით ადრე წაგვიყვანეს და 14 აგვისტოს გამოვედით.
_ ცხინვალის კონფლიქტი რომ დაიწყო, იმ დღეს რა ვითარება იყო კოდორში?
_ ჩვენთან საომარი მოქმედებები უფრო ადრე, 5 აგვისტოს დაიწყო. აფხაზები ჩვენი პოზიციების დაბომბვას არტილერიით ცდილობდნენ. 7-ში უკვე მსხვილკალიბრიანი იარაღით დაგვიწყეს სროლა. ჰაერში ავიაცია გამოჩნდა, გვბომბავდნენ. ყველა სარადარო დანადგარი აგვიფეთქეს. მტრის ავიაციას მხოლოდ ვიზუალური დანახვის შემდეგ ვესვროდით. ერთ-ერთმა ჩვენმა ჯარისკაცმა მათი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.
ლათას მხრიდან, წინახაზზე ძლიერი ტექნიკა და ხალხი შემოიყვანეს. ჩვენ საკმარისად მომზადებული ვიყავით და მათი წინსვლა შევაჩერეთ. ისინი ინტენსიურად გვიხსნიდნენ ცეცხლს ხმელეთიდან და ჰაერიდან, მაგრამ ისე ვიყავით გამაგრებული, ვერ გვწვდებოდნენ. საბოლოო ჯამში, კოდორში არც ერთი ჯარისკაცი კი არ დაგვიკარგავს, მხოლოდ ერთი დაიჭრა მსუბუქად.
_ ამბობენ, კოდორში ღალატს ჰქონდა ადგილიო…
_ სამწუხაროდ, ჰქონდა. ყველაზე ბრძოლისუნარიანმა ნაწილმა, სპეცრაზმმა, რომელიც 700 მებრძოლს ითვლიდა, ომის დაწყების პირველსავე დღეს დაყარა იარაღი და გამოიქცა. ეს ნაწილი საკმაოდ სერიოზული ძალა იყო. როგორც ვიცი, მათ სამშობლოს ღალატის ბრალდება აქვთ წაყენებული. ისინი სპეციალიზებული იყვნენ დესანტთან საბრძოლვებლად და სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციის შესასრულებლად.
_ როდის გაიგეთ სპეცრაზმის გამოქცევის ამბავი?
_ ეს ჩვენ თვალწინ მოხდა. ერთი ჯგუფი, მათ შორის მეც, რაღაც დანადგარის დასამონტაჟებლად სპეცრაზმის მისახმარებლად გაგვიშვეს. ამ დროს გადმოფრინდა რუსების ავიაცია. სპეცრაზმელებმა ყველაფერი დაყარეს – იარაღი, აღჭურვილობა და ა.შ. დასხდნენ ყველგანმავალ მსუბუქ ავტომანქანებზე (ჯიპებსა და პიკაპებზე) და თბილისისკენ წამოვიდნენ.
_ თქვენ როდის დატოვეთ ხეობა და რატომ?
_ როცა ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი მოაწერეს და, ფაქტობრივად, ცხინვალში საომარი მოქმედებები შეჩერდა, ჩვენთან ბრძოლა გრძელდებოდა. მერე ზურგში დესანტი გადმოგვისხეს. მათი მოგერიებაც შევძელით, მაგრამ შემდეგ მეთაურმა, როცა შეხედა, რომ მდგომარეობა გამოუვალი იყო _ რამდენ ხანსაც არ უნდა ვყოფილიყავით, არავინ მოგვეშველებოდა, ხოლო მოწინააღმდეგე ყოველ საათში აძლიერებდა ძალებს, გადაწყვიტა, ჯარისკაცების ტყვილად ჩახოცვას, ხეობას გამორიდებოდა.
_ მოსახლეობას რა ბედი ეწია?
_ როცა ცხინვალის ომის დაწყების შესახებ გავიგეთ და კოდორზეც დაიწყო შეტევები, ჩვენი ბრიგადის მეთაურმა, გივი აგლაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობა ხეობიდან გაეხიზნა და გავხიზნეთ კიდეც, რითაც მოსახლეობის დაცვის პრობლემა მოვიხსენით. იქ ომის პერიოდში აღარავინ იყო.
_ ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა კოდორის მოვლენებს?
_ იყო მოსახლეობის ნაწილი, რომელიც რუსებისა და აფხაზების შემოსვლას მიესალმა კიდეც. ჩვენს წინააღმდეგ ხშირ დივერსიებს აწყობდნენ _ მშვიდობიან პერიოდში რამდენჯერმე გადაგვიჭრეს საველე კაბელები; მოსასმენი აპარატებით ჩვენს საუბრებს ისმენდნენ. პირველად რომ ჩავედით კოდორში, იმ წუთშივე ვიგრძენი, უმეტესობას როგორ არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა. ბევრი იყო პროქართულად ანუ პროთბილისურად განწყობილი, მაგრამ თბილისს ბევრიც აგინებდა. ამიტომაცაა, რომ ბევრი დევნილი დაბრუნდა უკან, კოდორში.
_ ე.ი. კოდორში იძახდნენ დამოუკიდებელ აფხაზეთს გაუმარჯოსო?!
_ კი, ზოგჯერ იძახდნენ და ამას ასაბუთებდნენ კიდეც. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენი სამხედროების იქ ასვლამდე, როცა `მონადირე~ აკონტროლებდა იქაურობას, უფრო კარგად ცხოვრობდნენ. სოხუმშიც უპრობლემოდ ჩადიოდნენ და ეკონომიკურადაც უკეთესად იყვნენ. ჩვენ იქ რუსული პროდუქციის შემოტანა, რომელიც უფრო იაფი ღირდა, აღვკვეთეთ და ამაზე წუხდნენ.
_ ცხინვალსა და სენაკში რუსებს ქართული ჯარის ტექნიკა და იარაღი დარჩათ, კოდორში რა მოხდა?
_ არტილერიის გარდა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი წამოვიღეთ. რისი წამოღებაც ვერ შევძელით, ადგილზე ავაფეთქეთ, გავანადგურეთ, კოტეჯებიდან დაწყებული ტყვიაწამლით დამთავრებული. ასევე დავტოვეთ ამერიკული ავტომატები _ ემ-4. ამ იარაღით რუსული კალაშნიკოვების შეცვლა იგეგმებოდა, მაგრამ იარაღი ამოგვიტანეს, ტყვია-წამალი კი _ არა, ამიტომაც ცარიელი ავტომატები ჩვენთვის გამოუსადეგარი იყო. ყველაზე ბოლოს ჩვენი 150-კაციანი ჯგუფი გამოვიდა. ტერიტორიები დავნაღმეთ, სატყუარები გავაკეთეთ, ერთი სიტყვით, `სიურპრიზები~ დავტოვეთ და ისე წამოვედით.
_ აგლაძემ ჯარის გამოყვანა თავად გადაწყვიტა თუ ბრძანება მიიღო?
_ რამდენადაც ვიცი, თავად გადაწყვიტა. კავშირი თბილისთან რამდენიმე დღით ადრე აღარ გვქონდა.
_ ამაზე აგლაძეს პრობლემა ხომ არ შექმნია?
_ არა, პირიქით, დააწინაურეს, რადგან ჯარი გადაარჩინა და სამხედრო დავალებები პირნათლად შეასრულა. იგი სახმელეთო ჯარების სარდალი გახდა.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოდორელ ჯარისკაცთა დიდ ნაწილს დეზერტირობის ბრალდება წაუყენეს. რა ხდება?
_ ჩვენ საბოლოოდ ქუთაისში უნდა დავბანაკებულიყავით. უფროსობამ გამოგვიცხადა, რომ ქუთაისში იარაღს ჩავაბარებდით და მერე სახლებში გაგვიშვებდნენ. მოხდა ისე, რომ ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ბრძანება შეიცვალა _ ცხინვალისკენ უნდა დავძრულიყავით. იქ ჩარჩენილი ჩვენი მოსახლეობა და სამხედრო ნაწილები უნდა გამოგვეყვანა. ამ დროს საბრძოლო განწყობა უკვე ჩვენს ნაწილშიც შეირყა. ბევრმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა დაყარა იარაღი და წავიდა. ბატალიონში 300 კაცი დავრჩით, დანარჩენი, ერთი ამდენი _ წავიდა. ორი კვირის უკან ნაწილში ეს საკითხი განვიხილეთ. პირობითად თუ ვიტყვი, შიდა სასამართლო იყო. უფროსობა არკვევდა, რა ვითარებაში, რატომ დაიშალა ჯარი. ვინც ქუთაისიდან წამოვიდა და უარი განაცხადა შემდეგი დავალებების შესრულებაზე, მათ სულ ცოტა, ჯარიდან გაუშვებენ. შესაძლოა, კონტრაქტის დარღვევისთვის ჯარიმა მთელი სიმკაცრით არ დააკისრონ _ 14 ათასი ლარი არ გადაახდევინონ, მაგრამ რაღაც რაოდენობას, ალბათ, გადაახდევინებენ. ყველას დეზერტირობის მუხლი წაუყენეს და ისე გაუშვეს. მარტო ჩვენი ბატალიონიდან დაახლოებით 250 კაცი წავიდა. როგორც ვიცი, ამ რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე ყველა ბატალიონიდან გაუშვეს, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ეს ზუსტი ინფორმაციაა. ჩვენს ნაწილებში საკონტრაქტო პირობით ახალი მიღება უკვე დაიწყო.

უცხოეთში მყოფი ქართველი ომსა და... ხელისუფლებაზე

როგორც აქედან ჩანს, ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული

პაატა ჯალაღონია, სალონიკი.


საქართველოდან 35-კაციანი ჯგუფი უკვე ექვსი თვეა სასწავლო პროგრამით საბერძნეთში ვიმყოფებით და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით ვიღებთ. თუმცა, საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს, ქართული საიტებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. ჩვენი ინფორმაციის წყარო, ძირითადად, უცხოური მედია იყო.

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელზეც, როგორც ჩანს, პასუხის გაცემას არავინ ჩქარობს, არადა, უმძიმესი შედეგი გვაქვს სახეზე. არავინ იცის, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა, რატომ დავტოვეთ ცხინვალის რეგიონი, გორი და მიმდებარე სოფლები, რატომ დავტოვეთ მოსახლეობა შეიარაღებული არმიის პირისპირ ბედის ამარა, რატომ დავუტოვეთ სამხედრო შეიარაღების თითქმის ნახევარი მოწინააღმდეგეს...

საუბედუროდ, ალბათ, ხელისუფლებამაც არ იცის რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე ჩანს.
ოთხმოცდაათიან წლებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ომის წაგება ხელისუფლებამ ჯარისკაცებს გადააბრალა, აქაოდა, არადისციპლინირებული ჯარი გვყავდაო. დღესაც იგივე მეორდება. როგორც ჩანს, უნდათ ყველაფერი ჯარისკაცებს გადააბრალონ. არადა, როგორც მაშინ, ახლაც ჯარმა ყველაფერი გააკეთა, სარდლობისგან მიტოვებულმა თვითორგანიზებისა და სიცოცხლის ფასად ბოლომდე გმირულად იბრძოლა, სარდლობის დილეტანტიზმისა თუ ღალატის გამო კი შედეგი ისევ სავალალო გვაქვს და ისევ ეძებენ გზებს პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მიზეზები კი ბევრი აქვთ (სამწუხაროდ, აზრსმოკლებული).

ისიც კი ითქვა, ოთხმოცი ათასი რუსის ჯარისკაცი გვებრძოდაო ცხინვალში. ამის სიტყვების ავტორს ჯარი, ალბათ, მხოლოდ აღლუმზე ჰყავს ნანახი და ეტყობა, იმავე ფორმით ეგონა ცხინვალშიც განლაგებული. სხვაგვარად ამდენი ჯარისკაცი ტექნიკის ჩათვლით, როგორ დაეტეოდა იმ ფართობზე, გაუგებარია.

ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთმა მისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. როდის ჰქონდა რუსეთს სხვა სახე, არ ვიცი. ვისაც ეგონა, რომ რუსეთს სხვა სახეც აქვს, ეტყობა ჩვენი უახლოესი წარსულის შესახებ არ სმენია ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაზე წარმოდგენა არ აქვს.

ცალკე ყურადღების ღირსია განცხადება იმის შესახებ, რისთვისაც გამოიყვანეს ჯარი კონფლიქტური რეგიონებიდან - თბილისის დაცვა გვინდოდაო. ალბათ, ამ განცხადების ავტორსაც არ უფიქრია განცხადების შინაარსზე, თორემ ნამდვილად მიხვდებოდა, რომ თბილისთან იმ ჯართან მოგვიწევდა ბრძოლა, რომელსაც ჯავის ვიწრო ხეობიდან ან რიკოთიდან შემოვუშვებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისთან ვერ გაჩნდებოდნენ, რადგან ტელეპორტაცია მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა საფრთხე და არანაირი გეგმა არ არსებობდა მის თავიდან ასაცილებლად, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებამ და ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირთა არაკომპეტენტურობამ სწორედ ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.

როგორც აქედან ჩანს, კონფლიქტის შემდგომ ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის ილუზიის შექმნას ცდილობს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გაუჩნდა (მათივე აზრით) და ქვეყნის ხსნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში ხედავს, ნაწილი კი (ყოფილი ხელისუფალიც) უხვად არიგებს ანტიქართულ ინტერვიუებს უცხოურ მედიაში და ამ გზით აპირებს რეიტინგის ამაღლებას.
ბევრი რამ იწერება საქართველოს შესახებ, ზოგი რამ ადეკვატური, ზოგი _ არაადეკვატური, ჩვენ კი, სამწუხაროდ, დღემდე ვრჩებით ილიას `ბედნიერ ერად~.

ახალი სატელეფონო სადგური ბათუმში

`გაერთიანებული ტელეკომი~ ბათუმში ახალი ინდექსის სატელეფონო ქსელის დანერგვაზე მუშაობს. `ტელეკომი~, რომელსაც კონკურენტები ბაზარზე მონოპოლისტს უწოდებენ, მოსახლეობას კარგ სატარიფო პირობებს სთავაზობს. კომპანიის ახალი, 9-იანი ინდექსიდან `ტელეკომის~ ყველა ინდექსთან დაკავშირება, მათ შორის, თბილისშიც, უფასოა.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

`ალო, ალო... დადეთ ყურმილი, ქალბატონო, დადეთ ყურმილი...~ ეს ცნობილი ფრაზა კინოფილმიდან `ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი~ ყველას კარგად გვახსოვს. ვის და რატომ სთხოვს მდივანი დადოს ყურმილი, კითხვაც არავის ებადება, რადგან ბევრი ყოფილა მსგავს მდგომარეობაში _ ტელეფონზე ლაპარაკის დროს უცხო პირი გერთვება... თუმცა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა საგრძნობლად გამოკეთდა. ქალაქში შემოსულმა კავშირგაბმულობის ახალმა კომპანიებმა სატელეფონო კავშირები ისეთ დასახლებებშიც გაიყვანეს, სადაც მანამდე ქსელი საერთოდ არ იყო.

ბათუმში ამ დროისთვის რვა სხვადასხვა ინდექსის (1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 9) სატელეფონო ქსელი მუშაობს. მათი მფლობელები სხვადასხვა კომპანიები არიან. `საქართველოს გაერთიანებულ ტელეკომს~ კი ქართულ ბაზარზე ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავს. მას კონკურენტები მონოპოლისტადაც აღიქვამენ. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, თბილისის აბონენტების 80 პროცენტი მათი მომსახურებით სარგებლობს. ახლა იგივე შეიძლება აჭარაზეც ითქვას.

`გაერთიანებული ტელეკომი~ აჭარაში 2, 4, 5 და 7 ინდექსით დაწყებულ აბობენტებს ემსახურება. ცოტა ხნის წინ კი, 9-იანი ინდექსით, უკაბელო ტელეფონების დამონტაჟებაც დაიწყეს. ამ მომსახურებით სარგებლობაზე 2000 აბონენტმა გამოთქვა სურვილი. უკაბელო და ფიქსირებულ, ანუ კაბელურ სატელეფონო კავშირებს კომპანია კლიენტებს სურვილის მიხედვით სთავაზობს. ორივე მათგანს გააჩნია კარგი და ცუდი მხარე. `უკაბელო ტელეფონების პრივილეგია ის არის, რომ ის შეგიძლია მობილურის მსგავსად მოიხმარო. რაიონის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას წაიღო~, _ ამბობს გაერთანებული ტელეკომის~ რეგიონული მმართველი მერაბ სტეფანია.

მომსახურების ეს პაკეტი უფრო რთულ რელიეფზეა გათვლილი _ იქ, სადაც კაბელის გაყვანა ძნელია და, შესამაბისად, ძვირი ჯდება. ტელეფონის დადგმის ღირებულება, რომელშიც აპარატის ფასიც შედის, 140 ლარია, სააბონენტო გადასახადი _ 5 ლარი. `გაერთიანებული ტელეკომის~ აბონენტებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავშირება უფასოა. გაერთიანებულ ტელეკომს მარტო თბილისში 40-მდე ინდექსი ეკუთვნის.
სხვა ქსელებთან დაკავშირება წუთი 6 თეთრი ეღირება, უკაბელოსთან _ ერთი თეთრი, მობილურზე დარეკვა _ 25 თეთრი. `შეგიძლიათ `გაერთიანებული ტელეკომის~ აბონენტებს დაუკავშირდეთ თბილისში და უფასოდ ესაუბროთ. ჩვეულებრივ აკრიფოთ თბილისის კოდი _ 822 და შემდეგ ქალაქის ნომერი~, _ განმარტავს კომპანიის რეგიონული ხელმძღვანელი.

`გაერთიანებული ტელეკომის~ ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი ხარისხიანი მომსახურებაა, ამიტომაც ინფრასტრუქტურის გაახლებას, პირველ რიგში, ახალი ციფრული სატელეფონო სადგურების დამონტაჟებით იწყებენ. ბათუმში ასეთი აპარატურა უკვე 30 ათას აბობენტზე დამონტაჟდა. `თუ დღემდე 7-იანი ინდექსი ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულად (ის სხვებთან შედარებით უფრო კარგად მუშაობდა), ახლა ყველა ინდექსი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ერთნაირად კარგი ხარისხით იმუშავებს და გაცილებით უკეთესად, ვიდრე 7-იანი~, _ ამბობს მერაბ სტეფანია.

ახალი სადგურების გარდა, არხებში გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი კომპანიას საშუალებას აძლევს მოსახლეობა სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოს. მითუმეტეს, რომ ახლა ის თავის მომხმარებელს არა მხოლოდ საკაბელო, არამედ ინტერნეტმომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი ხარისხთან ერთად სხვა კომპანიებს კონკურენციას ტარიფითაც უწევენ. ინტერნეტით სარგებლობისთვის ე.წ. `მინიპაკეტი~ 45 ლარი ღირს. ტარიფები მოთხოვნის შესაბამისად ექვს ჯგუფად იყოფა, ყველაზე ძვირი კი, 260 ლარი, `ბიზნესმაქსის~ შეძენა ჯდება.

`გაერთიანებულმა ტელეკომმა~ შპს `აჭარის ელექტროკავშირი~ 100-პროცენტიანი წილით 2007 წლის ნოემბერში შეიძინა. იგი კომპანიას ოთხი მილიონი ლარი დაუჯდა. საერთოდ კი, ყოფილი ელექტროკავშირის პრივატიზებაში `გაერთიანებულმა ტელეკომმა~ 90 მილიონი დოლარი გადაიხადა. ქონების გასხვისების შემდეგ, ინვესტორმა სახელმწფოსგან მართვის უფლების გარდა მიიღო სასადგურე და სახაზო საკაბელო მეურნეობა თავისი ჭებით, სატელეფონო ბოძებითა და კაბელებით. `გაერთიანებული ტელეკომის~ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მოძველებული ინფრასტრუქტურისა და დანგრეული კომუნიკაციების აღსადგენად საკმაოდ დიდი თანხა გაიღეს.

თუმცა, აჭარაში, მეტნაკლებად, განსხავებული სიტუაცია დახვდათ. ასლან აბაშიძეს კავშირგაბმულობა აინტერესებდა და, შესაბამისად, კომპანიის ქონებაც სრულად ჰქონდა აღრიცხული. ამან ახალ კომპანიას მუშაობა გაუადვილა. მერაბ სტეფანია, რომელიც აქ მანამდეც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ამბობს: `კომპანიის ხელმძღვანელობამ სწორედ მოწესრიგებული საინფორმაციო ბაზის გამო გადაწყვიტა გეგმა შეეცვალა და ბათუმის კავშირგაბმულობის განვითარებაში იმაზე მეტი თანხა ჩაედო, ვიდრე მანამდე გეგმავდა. სატელეფონო არხები და ჭები წლების განმავლობაში შენდებოდა და რეგისტრირდებოდა. ბათუმის საკაბელო მეურნეობის არხების რაოდენობა, მიმართულებები, არხებში გატარებული კაბელების რაოდენობა, ტევადობა დაიხაზა და დღეს მის ელექტრონულ ვერსიას ვფლობთ~.

გარდა ამისა, კომპანიამ ოთხი მინისადგური შექმნა იმ ტერიტორიებზე, სადაც მანამდე ქსელები არ არსებობდა. ამ არხებით სარგებლობისთვის ისინი დამატებით თანხებს უკვე სხვა კომპანიებისგანაც იღებენ. მართალია, ეს კომპანიის შემოსავლის ნაწილია და თანხას სატელეფონო მომსახურებიდანაც იღებენ, თუმცა მოძველებული აპარატურით სარგებლობის გამო ხარჯები დიდი, მოგება კი _ ნაკლები იყო.

რაც შეეხებათ კომპანიის მფლობელებს. მათი ვინაობა კონკრეტულად არ სახელდება. აცხადებენ, რომ `გაერთიანებულ ტელეკომს~ ინვესტორების ჯგუფი ფლობს - საინვესტიციო ფონდში ბევრი ყაზახური კომპანია და ქართველი ინდივიდი შედის. მათ ინვესტიციები მხოლოდ საკომუნიკაციო სფეროში არ აქვთ განხორციელებული, ინვესტიციები დააბანდეს უძრავ ქონებაში, ტურიზმის განვითარებაში და ა.შ.


სენტიმენტალური პროპაგანდა

ქართველი ტელემაყურებელი ქართულ სატელევიზიო სივრცეში მოულოდნელ ცვლილებებს შეჩვეულია: გადაცემებისა და ტელეარხების დახურვა, გადაცემების გაუქმება ან ერთი არხიდან მეორეზე გადატანა... ამ მხრივ, ბოლო სიახლე ტელეკომპანია ”მზის” ახალი სატელევიზიო პროექტის _ ”პროფილის” სხვა არხის ეთერში გასვლა იყო. ხუთშაბათობით მაია ასათიანი ”პროფილს” ამჯერად ”რუსთავი 2”-ის ეთერში უძღვება.
ნინო ძანძავა/ბათუმელები
ფოტოზე: მაია ასათიანი- "პროფილის" წამყვანი; წყარო: http://www.rustavi2.com/

გადაცემა "რუსთავი 2"-ზე 11 სექტემბრიდან გავიდა, ჯერჯერობით, მხოლოდ ორჯერ. სხვა გადაცემებისგან "პროფილს" ის განასხვავებს, რომ აქ ვერ მოისმენთ კამათს, დისკუსიას ან თემის გარშემო სხვადასხვა აზრის განვითარებას. გადაცემას მრავალი თემა და ერთი, ყველასათვის მისაღები აზრი აქვს.

“პროფილში ყველაფერი სხვანაირად ჩანს”, – წერია რუსთავი 2-ის ვებ-გევრდზე “პროფილისთვის” განკუთვნილ გრაფაში. ამავე გრაფაში წააწყდებით წარწერას: “ერთადერთი ადამიანური თოქშოუ პოლიტიზებულ სატელევიზიო სივრცეში”. საინტერესოა ამგვარი შეფასებითი განსაზღვრება რას გულისხმობს, იქნებ “ადამიანობა” წამყვანის ხმაში რესპოდენტების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი ინტონაციებში უნდა ვეძიოთ, სტუდიაში მოწვეული სტუმრების ცრემლიან თვალებში ან ჟურნალისტის პირდაპირ შეხებით კონტაქტს მოწვეულ სტუმრებთან, მაგალითად, 12 სექტემბრის გადაცემაში მაია ასათიანი შვილმკვდარ დედას მკლავზე უსვამდა ნაზად ხელს. 18 სექტემბრის გადაცემაში ის არც სხვა კონტაქტებს ერიდება: რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს ბრონირებულ ჟილეტს ხდის, რომელიც ამ უკანასკნელს მანმადე თენგო გოგოტიშვილმა ჩააცვა ჟურნალისტური ამტანობის სადემონსტრაციოდ. ქალების მონაწილეობით შემოსვა-განძარცვის სცენებით კი, დამეთანხმებით, ქართული სატელევიზიო სივრცის პირდაპირი ეთერი განებივრებული არაა. ამ სახის ეროტიკას ბრონირებული ჟილეტი, როგორც ქალის მასკულინიზაციის ელემენტი, განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
დიახ, `პროფილში~ მოვისმინეთ, რომ თურმე საომარი ვითარების ამსახველ ჟურნალისტიკაში ქალები არანაკლებ პროფესიონალიზმს იჩენენ, ვიდრე მამაკაცები. თურმე ქალებიც შეიძლება იყვნენ გამბედავები და გულადები.

გადაცემის პირველი და ყველაზე საპატიო სტუმარი, ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იყო. მისი პატივისცემის აქტი მაია ასათიანის მიერ გოგოტიშვილისთვის მელხიორის ჩანგლის რიტუალური გადაცემით გამოიხატა. მელხიორის კი იმიტომ, რომ `ოქროს ჩანგლები სულ რუსებმა წაიღეს~, - ამბობს გადაცემის წამყვანი, რომელიც ცდილობს შავი იუმორით გააჯეროს `პროფილი~.

შავი იუმორი არ არის იუმორის ერთადერთი სახე, რომლითაც გადაცემა მდიდრდება. აქ არამხოლოდ სიცილი, არამედ დაცინვაც მოსწონთ. საომარი ვითარების დროს უკბილო ხუმრობებით თავმომწონე გოგოტიშვილის, რომელიც ხალხის გამხნევების მისეულ მეთოდს `პროპაგანდისტულ თერაპიას~ უწოდებს, რასისტული ხუმრობებიც სცოდნია. სექტემბრის დასაწყისში შავნაბადას ბატალიონის საწვრთნელი ოპერაციის გადაღების დროს დაღუპულ ოპერატორ გოჩა რამიშვილთან დაკავშირებით მას ასეთი კურიოზი გაახსენდა (სტუმრებთან მიმართვისას ასათიანმა ქართველი ჟურნალისტებისთვის საყვარელ სიტყვა `კურიოზს~ ამჯერად თავი აარიდა და რესპონდენტებს ტრაგიკული პათოსით რამიშვილზე `პატარა ისტორიების~ გახსენება სთხოვა):
`მახსოვს, ერთხელ, პარიზში მოვხვდით, დიდი არეულობები იყო, შავკანიანებმა და ბიჭ-ბუჭებმა მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა. მე და გოჩა დემონსტრაციის შუაგულში მოვხვდით. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 50-ათასიანი ბრბო, მართლა ბრბო, რომელთა შორის ეთნიკური ფრანგი, ალბათ, ხუთი პროცენტი იყო. დანარჩენები იყვნენ ვიღაც მაროკოელები და ეჭვი მაქვს, რომ ფრანგულიც ძალიან კარგად არ იცოდნენ. მე და გოჩა ვდგავართ შუაში და ვიღებთ.

მას ლინზა ჰქონდა წამოღებული, შუშა, რომელიც ლამაზ გამოსახულებას აყენებს. და არ ეზარებოდა ამ ლინზის წამდაუწუმ გამოცვლა. ვეუბნები, გოჩა, მიტინგია, დაანებე თავი, რას აკეთებ, გადაიღე. ერთ მომენტში მივტრიალდი და მესმის ისეთი მამა-პაპური ქართული გინება... მოვტრიალდი, ვხედავ, გოჩა ვიღაცას მისდევს - საკუთარ თავზე ორჯერ დიდს სიმაღლეში და სიგანეში, ვიღაც ზანგს, რომელსაც გოჩას მხრების სიგანე კისერი აქვს, მისდევს და უტრიალებს დედის სულს. თურმე ეს მისულა, მოუგლეჯია კამერიდან ლინზა და მირბის. შევარდა თავისნაირებში. ვხედავ, ზუსტად ნახევარ წუთში, მოდის გოჩა გამარჯვებული სახით. მე ვუთხარი, იქ რამ შეგიყვანა, მაიმუნების გროვაში-მეთქი, მართლა საშინელი ადამიანები იყვნენ~.

გოგოტიშვილის მიერ რასისტული ტექსტის წარმოთქმას დარბაზში ხორხოცი მოჰყვა. არავინ გააღიზიანა `ვიღაც მაროკოელების~ ან `მაიმუნების გროვის~ ხსენებამ, რაც მთავარია, გადაცემის წამყვანს, არათუ უკმაყოფილება, შეცბუნებაც კი არ დაეტყო სახეზე. მის მიერ ქსენოფობიის ასეთი სიცხადით გამოვლინების გაპროტესტებაზე საუბარიც ზედმეტია. ყველამ ერთსულოვანი ტაში შემოსცხო დარბაზში, სადაც `ერთადერთი ადამიანური~ გადაცემა გადის.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენი საერთო აქვთ იმავე რუსულ და ქართულ სატელევიზიო არხებს იმ განსხვავებით, რომ რუსები პროფესიონალიზმში გვიგებენ. შეიძლება აიტანო ჟურნალისტის სიყალბე, რომელიც მის ინტონაციებში, სიტყვებსა და პოზებში აისახება, შეიძლება თვალი აარიდო ასე გათამაშებულ შოუებს, მაგრამ როგორ უნდა აიტანო რასიზმის ქადაგება ტელესივრცეში, რომლის მსგავსება პროპაგანდისტულ არხებთან და განსაკუთრებით `მტერი რუსეთის~ ტელეარხებთან, სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება?


ნინო დანელია: თენგო გოგოტიშვილმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს

იმის გასარკვევად თუ რამდენად ჯდება ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების ფარგლებში თენგო გოგოტიშვილის განცხადება, `გაზეთი ბათუმელები~ მედიამ¬კვლევარ ნინო დანელიას ესაუბრა

ნინო ძანძავა/ბათუმელები
`მსგავსი რასისტული და კაცთმოძულე შეფასებები არის სრულიად არაეთიკური და ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი.

არაეთიკურში შეიძლება იგულისხმებოდეს ისეთი მიმართვები, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივ საუბარში იყენებენ, მაგრამ ჟურნალისტური და უფლებადაცვითი საზოგადოება შეთანხმდა კონკრეტულ სიტყვებსა და საკითხებზე და ყველამ ერთად თქვა, მოდით სიუჟეტებსა და რეპორტაჟებში მსგავსი შეურაცხმყოფელი და არაეთიკური სიტყვები არ გამოვიყენოთო.

ცხადია, თუკი შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხარ მსოფლიო პროფესიონალური წრის ნაწილი, ასეთ რამეზე უარი უნდა თქვა. ადამიანის შედარება მაიმუნთან და ხაზგასმა იმისა, რომ ეს ადამიანი არის უფრო დაბალი რასის, ვიდრე შენ, თეთრკანიანი, ცალსახად მიუღებელია. გოგოტიშვილი, ზოგადად შემჩნეულია, არაეთიკურ სიუჟეტებში, პროფესიულ სტანდარტებს ხშირად არღვევს: რაც უნდა ემოციურად იყო განწყობილი რუსი ჯარისკაცებისა და ოკუპანტების მიმართ, ქილიკი ამ თემაზე და ადამიანებზე, ცხადია, არაპროფესიონალიზმია. მაგრამ მისი უკანასკნელი შეფასებითი გამოთქმა, რომლის ტირაჟირებაც `პროფილში~ მოხდა, ცალსახად მიუღებელია. ჩემთვის კიდევ უფრო საშიში ისაა, რომ ამას სტუდიაში თუ პროფესიულ წრეებში მყისიერი კრიტიკა არ მოჰყვა. მითუმეტეს, რომ იქ ისხდნენ ჟურნალისტები. ეს იმ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, სადაც პროფესიონალი ჟურნალისტები არიან, მეორე დღესვე იქნებოდა შეფასება, გაკიცხვა და დაგმობა ამგვარი საქციელისა.

ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე გადიოდა რეალითი შოუ, სადაც რიგითმა მონაწილემ მეორე მონაწილეს, ინდოელ ქალს, შეურაცხყოფა მიაყენა. მან თქვა, რომ ინდოელები საჭმელს ძაღლებივით ჭამენ. მთელი ქვეყანა შეირყა ამ შეფასებით. მაშინვე ითქვა, რომ ეს რასისტული შეფასებაა, რადგანაც ამ ადამიანმა ეთნიკური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მოახდინა.

არხის ჟურნალისტები და გადაცემის პროდიუსერები ამას ვერც გათვლიდნენ. ისინი, არხის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდიდა. ქვეყნის სახელით ინდოეთს ბოდიში მოუხადა ტონი ბლერმაც. ბიზნესწრეებში კი დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად შეუშლიდა ხელს ეს ფაქტი ბრიტანეთისა და ინდოეთის ბიზნეს-კავშირებს.

აქ კი, საქმე გვაქვს არამხოლოდ რიგითი მონაწილის მიერ გაკეთებულ შეფასებასთან, არამედ ლაპარაკია ერთ-ერთი წამყვანი არხის წამყვანი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ რასისტულ განცხადებაზე, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ნეგატიური შეფასება. ამ ადამიანმა როგორღაც უნდა გააცნობიეროს, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი თუნდაც ქართული საზოგადოების წინაშე.

იურიდიული ტიპის პასუხისმგებლობის მექანიზმი თუ არსებობს ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, უფრო მგონია, რომ არა. ერთადერთი, თუკი არის ქვეყანაში მოქმედი მედია საბჭო, უნდა მოხდეს ამ ადამიანის პროფესიული შეფასება. ეს არის არხის შიდახელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ ამ არხს, არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, არამედ წინას, მსგავსი კეთილსინდისიერება ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით არ გამოუჩენია. რეალითი შოუ გამახსენდა, როდესაც ადამიანი შოუდან გააგდეს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და პირიქით არხის ხელმძღვანელი ამ ამბავს აფიშირებასა უკეთებდა და ამბობდა, რომ სწორედ სექსუალური ორიენტაციისთვის დაისაჯა ეს ადმიანი. ანუ პრეცედენტი იმისა, რომ სხვა სტილითა და შეხედულებებით მცხოვრები ადამიანების გაკიცხვა და მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ამ არხზე შესაძლებელია, მანამდეც იყო. ამიტომ ახლა სამწუხაროდ, არა მგონია რომ ან არხის შეიგნით ხელმძღვანელობა ან პროდიუსერთა ჯგუფი აღშფოთდეს მოცემული ფაქტით. შეიძლება აღშფოთდნენ ცალკეული ჟურნალისტები, რაც უკვე კარგია. ბიბლიას მოვიხმობ ამ შემთხვევაში – თუ მაჩვენებ შვიდ მართალ ჟურნალისტს, ესე იგი ჟურნალისტიკა გადარჩება.


მოკლული სპეცრაზმელის ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრეს

სპეცრაზმის მიერ მოკლული 23-ე ბატალიონის ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს. შავაძე სპეცრაზმმა ბათუმში, 16 აგვისტოს, სპეცოპერაციით დააკავა. ოპერაციის დროს სპეცრაზმელები თვითმხილველებს ეუბნებოდნენ, რომ შავაძეს სამშობლოს ღალატი და ცხინვალში ათობით თანამებრძოლის დაღუპვა ედებოდა ბრალად. რამდენიმე საათში ოჯახის წევრებმა ჯარისკაცის ნაწამები გვამი ბათუმის პროზექტურაში იპოვეს.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

შავაძის გარდაცვალების დღიდან აჭარის პროკურატურაში საქმე მისი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა, ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, ოჯახი დაზარალებულად დღემდე არ ცნეს: `დაზარალებულად ცნობაზე ოჯახს უარი უთხრეს. მიზეზი არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობაა, რასაც ვაპროტესტებთ. პირიქით, ისინი დაზარალებულად უნდა ცნონ და თუ საკმარის მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებენ, მერე შეიძლება ამ დადგენილების გაუქმება~.
პროკურატურამ გარდაცვლილის ინტერესების დაცვაზე ადვოკატსაც უარი უთხრა. ეს იმით ახსნეს, რომ შავაძის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო აღძრული, შეწყდა. ოფიციალურად, შავაძე სპეცრაზმმა ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შენახვა-გადატანის ბრალდებით დააკავა. `ბრალდებულის გარდაცვალება საქმის შეწყვეტის საფუძველი არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. გვინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, რითაც შავაძის უდანაშაულობა დადგინდება და მისი რეაბილიტაცია მოხდება~, _ აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, შავაძემ, თითქოს, თბილისში გადაყვანის დროს, სპეცრაზმელებს წინააღმდეგობა გაუწია და ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში გაქცევაც მოახერხა. `სპეცრაზმელები იძულებული გახდნენ, მისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ძალოვანები შეეცდებიან ეს ვერსია მტკიცებულებებით გაამყარონ, მაგრამ საქმეში უამრავი ხარვეზია, რაც მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს, - ამბობს პაპიძე. - შავაძეს სიკვდილამდე მრავალგზის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მათ შორის, სხეულზე რამდენიმე ადგილის მოტეხილობა, რის გამოც გაქცევას ვერ მოახერხებდა~.
გარდაცვლილის მეუღლემ, ციცინო შავაძემ მოწმის სახით ჩვენება პროკურატურას უკვე მისცა. მისი მტკიცებით, სპეცრაზმის დაკავებამდე ჯარისკაცს სახლში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაკითხეს და წაიყვანეს. ციცინო შავაძემ მათში ამ უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი ჩიქოვანი ამოიცნო. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ფაქტს სხვა პირებიც ადასტურებენ: `როინ შავაძე 15 აგვისტოს ახალ სამსახურში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილში გამოცხადდა. როცა მას კუდ-მა მიაკითხა და დასაკითხად წაიყვანა, მან თანამშრომლები და ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენა. ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში მისმა თანამშრომლებმა აღიარეს. მათი თქმით, შავაძე ყოფილ კგბ-ს შენობაში ვიღაც კაცთან დასაკითხად მიიყვანეს, როგორც სამშობლოს მოღალატე. ამ კაცმა ჩიქოვანს უსაყვედურა, შავაძე აქ რატომ მომიყვანეო და გაათავისუფლა, მეორე დღეს კი შავაძე სპეცოპერაციით დააკავეს~.
ადვოკატის აზრით, ნარკოტიკულ დანაშაულზე ჯარისკაცი სულ სხვა უწყებას, სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს (სოდ-ს) უნდა დაეკავებინა, აქ კი საქმეში კუდ-ი ფიგურირებს. ამასთან, ადვოკატის თქმით, საეჭვოა მისი თბილისში გადაყვანის მარშრუტიც: `რატომ მიჰყავდათ იგი მანქანით თბილისში ქობულეთის გავლით, როცა 16 აგვისტოს გორში რუსები იდგნენ და გზა ქართველი შეიარაღებული ჯგუფებისათვის გადაკეტილი იყო. ერთადერთი შემოვლითი გზა მესხეთ-ჯავახეთზე გადიოდა და თბილისში ჩასასვლელად სპეცრაზმს ბათუმი-ახალციხის გზით უნდა ესარგებლა~.
რაც შეეხება შავაძის წამების ფაქტს, ჯერ ექსპერტიზის დასკვნა მზად არ არის, ამიტომაც ამაზე საუბარი ნაადრევია.

წვიმის შემთხვევაში, მეწყერი კიდევ უფრო გააქტიურდება

მოვლენებს აჭარის გეოლოგიის ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელ, გეოლოგი ტარიელ ტუსკია აფასებს.
თედო ჯორბენაძე/ ბათუმელები
- ბატონო ტარიელ, ბოლოდროინდელი მეწყრული პროცესები მხოლოდ კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია?
- ეს იყო კატასტროფული მოვლენა. ამ რაოდენობის ნალექი რამდენიმე წელია არ მახსოვს. ისეთ ადგილებში იყო წყალდიდობა, რომ შეიძლება ატმოსფერულ ანომალიადაც ჩავთვალოთ. ასეთ პირობებში კი სტიქიურ მოვლენებს ვერ გაექცევი, მითუმეტეს, მეწყერს და თანაც ჩვენთან, სადაც თითქმის ყოველი გოჯი მიწა ათვისებულია. ასეთ ანომალიურ ნალექს კატასტროფული შედეგი უნდა მოჰყოლოდა.
- მეწყერის გამომწვევი სხვა ფაქტორები თუ არსებობდა?
- ჩვენთან რთული გეოლოგიური პირობებია. მაღლობები აგებულია ლატერიტური ქანებით. ამ ქანებთან მიმართებაში კი ფორმულა არ მოქმედებს, ანუ ვერ განსაზღვრავ, რა რაოდენობის ნალექის მიმართ და რა პერიოდში იქნება ნიადაგი მდგრადი. ასეთ კანონზომიერებას ეს ქანები არ ემორჩილება. მაგალითად, სადაც შანთაძე დაიღუპა, ახალსოფელში, ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთ პატარა მონაკვეთში, მიწის იმოდენა მასა თუ წამოვიდოდა, სახლი რომ დაენგრია. ზოგადად, გეოლოგიურ აგებულებასთან ერთად, სტიქიის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ზემოქმედებაცაა _ მიწა გადათხარა, ჩამოჭრა, სახლი აიშენა და არ გაამაგრა სათანადო კედლით, რათა ნიადაგის მდგრადობა გარანტირებული ყოფილიყო; სოფლებში გაყვანილია სარწყავი არხები და სხვა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის თითქმის ყველა სოფელში ისეთ ადგილებში ცხოვრობს ხალხი, სადაც გაჩერება არ შეიძლება.
- ეს ხალხი რამდენადაა ინფორმირებული ამის შესახებ?
ტ.ტ: ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით გლეხს, რომ, აი, ამ ფერდზე ხე არ მოჭრა, არ დაამუშაო, მაგრამ ნიადაგის სიმცირის გამო, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. არ ვამართლებ მის მოქმედებას, ისე გამოდის, საკუთარ თავს ძირს უთხრის თავისი ხელით... ეს ყველაფერი არის ადამიანის ზემოქმედებისგან გამომდინარე. ადრე ეკონომიკური მდგომარეობა სხვაგვარი იყო და მეწყრული პროცესებიც ნაკლებად ვითარდებოდა _ გაზი შემოდიოდა, ხე-ტყე ნაკლებად იჭრებოდა.
სახლის აშენების, იმავე გზის გაყვანის დროსაც კი, გეოლოგების დასკვნა აუცილებელია. ბოლო დროს ასეთი დასკვნის გარეშე არ აძლევენ მშენებლობის უფლებას, თუმცა აქ სხვა პრობლემაა სოფლის მოსახლეობისთვის _ გეოლოგიური სამსახურები დღეს კერძო სტრუქტურაა. შესაბამისი დასკვნის გაკეთება, სულ მცირე, 200-300-ლარი ჯდება, გააჩნია რა საინჟინრო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
- აჭარაში გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო?
- როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ვთვლი, რომ ჩვენს რეგიონში და, საერთოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, გეოლოგიური, მითუმეტეს, საინჟინრო-გეოლოგიური სამსახურის გაუქმება, არასწორია. ასეთ რეგიონში ყოველთვის წარმოიშობა მეწყრული პროცესები. მართალია, ამ პროცესების შეჩერებას და აღმოფხვრას დიდი საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და თანხა სჭირდება, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მორალური იმედი მაინც ვიყავით გლეხისთვის. მივდიოდით და ვეუბნებოდით, აქ საშიშია ცხოვრება, აქ – არა, ეს ბევრს ნიშნავდა.
- რეგიონის გეოლოგიური შესწავლა რამდენად აუცილებელია?
- აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ წყლები შესწავლილ და გადაყვანილ იქნას უსაფრთხო მიმართულებით, დაზუსტდეს ადგილები, სადაც საყრდენი კედლის აგებაა აუცილებელი და ა.შ. ეს გამოკვლეული უნდა იყოს საფუძვლიანად, რაც სამომავლოდ ბევრ პრობლემას მოხსნის და სტიქიის შედეგად მოსახლეობასა და სახელმწიფოზე მიყენებულ ზარალსაც შეამცირებს. რამდენჯერ მომისმენია გლეხებისგან, რომ აქ ასი წელია არაფერი მომხდარა და არც არაფერი მოხდებაო. გეოლოგიური პროცესისთვის 100 წელი არაფერია. წამის მეასედი უფროა, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია.
- აჭარის მაღალმთიანეთისა და ზღვისპირა რაიონების მთის სოფლებს შორის განსხვავება თუ არსებობს, მეწყრული პროცესების განვითარების თვალსაზრისით?
- მკვეთრი განსხვავება არ არის. პირობითად ვამბობთ, მაღალმთიან აჭარას, თორემ ქობულეთისა და ხელვაჩაურის ბევრ სოფელში ნაკლები დახრილობა არ აქვს ფერდს და უფრო მჭიდროდაცაა დასახლებული. თითქმის ყველა სოფელში ისეთ ადგილებში ცხოვრობს ხალხი _ შესაბამისი პირობების შემთხვევაში, იქ გაჩერება არ შეიძლება.
მაღალმთიან აჭარაში მეწყერი გაზაფხულზე აქტიურდება. მთელი ზამთარი თოვლი დევს, ნიადაგი იჟღინთება და როცა ინტენსიური დნობა იწყება, მიწა იმდენად გაჯერებულია წყლით, რომ მეწყრული პროცესები აქტიურდება. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი ასეთი რამ წვიმების შედეგად ხდება. არის გეოლოგიური პროცესების ციკლი. როდის მოვა ნალექი, რა რაოდენობის, რას გამოიწვევს და ა.შ. ამას რაღაც კანონზომიერებაში ვერ მოაქცევ.
მაგალითად, 1991 წელს ქობულეთის რაიონში, სოფელ წითელ ოქტომბერში კატასტროფული მოვლენები განვითარდა. თითქმის ნახევარი სოფელი მთლიანად დაინგრა. მაშინ ასევე დაზიანდა აჭყვა, აჭყვისთავი, ჩაქვი _ ჩაქვის სათავე ნაგებობაც, მსხვერპლიც იყო. მოკლედ, ამ რაიონებში ატმოსფერულ ნალექებს მეწყრული პროცესები ყოველთვის ახლდა.




სტიქიის ზონა

17 წლის თამთა ჩავლეიშვილს დედა, მამა, ძმა და და დაეღუპა. მხოლოდ ის და ბაბუა გადარჩნენ. იგი ბათუმის #1 საავადმყოფოდან ოჯახის წევრების დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გაწერეს. ჩავლეიშვილების მეზობლები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ დამეწყრილი ოჯახის გადარჩენას; მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ახალსოფელშიც. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, სასწრაფო დახმარებასა და სამაშველო სამსახურს ადგილზე მისვლა დააგვიანდათ.

თედო ჯორბენაძე

მასაურა
სოფელ მასაურაში ილია ჩავლეიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მეწყერმა მთლიანად დაანგრია. მეწყრის შედეგად დაღუპული ოთხი მიცვალებული მეზობლის სახლიდან გუშინ გაასვენეს. მთავრობა გადარჩენილებს სახლის აშენებასა და სხვა სახის დახმარებასაც ჰპირდება. დაკრძალვის ხარჯებიც მთავრობამ გაიღო.
მანამდე კი გეოლოგებმა საკარმიდამო ადგილი უნდა შეისწავლონ.
შეიძლეობდა თუ არა ამ ადამიანების გადარჩენა? მეზობლების თქმით, შეიძლებოდა, ერთი მათგანის მაინც, სამაშველო სამსახურს მისვლა რომ არ დაეგვიანებინა.
`მეწყერი, სადღაც ღამის ორ საათზე ან უფრო ადრე ჩამოწვა. ოჯახის ორი წევრი `ზილით~ წავიყვანეთ ბათუმში, საავადმყოფოში, სადღაც ოთხი საათი იქნებოდა. არადა, სასწრაფოშიც და მაშველებთანაც დარეკილი გვქონდა...~ _ ყვებიან ჩავლეიშვილების მეზობლები.
სხვა რამეს ამბობს ამ პროცესების ერთ-ერთი მონაწილე, მასაურას რწმუნებული როსტომ ჩახვაძე: `რას ამბობთ, მაშველებსა და სასწრაფოს ნამდვილად არ დაუგვიანებიათ, დაზარალებულებიც მათ წაიყვანეს საავადმყოფოში~.

ახალსოფელი
მეწყერმა ადამიანის სიცოცხლე ახალსოფელშიც იმსხვერპლა. დაიღუპა შანთაძეების ოჯახის ერთი წევრი. `სტიქია ღამის ორ საათზე განვითარდა, მაგრამ ოჯახის ბებია ოთხ საათამდე ვერ ამოვიყვანეთ. მას თავი და ხელები უჩანდა, - ამბობს თვითმხილველი გურამ ფუტკარაძე. - იგი გონიოს პოლიციის დახმარებით გადავარჩინეთ. პოლიციელები როგორ გაჩნდნენ, არ ვიცი, მგონი მეზობლის ვილისით მოვიდნენ~.
გარდაცვლილის მეუღლე და დედა საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს. `სასწრაფო დახმარებაც იყო გამოძახებული და სამაშველო ჯგუფიც, მაგრამ ისინი ახალსოფელში, ბათუმიდან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, ღამის ოთხ საათამდე ვერ მოვიდნენ. დაზარალებულები მეზობლის `რაფით~ წამოვიყვანეთ, `რაფს~ `სიდენიებიც~ კი არ ჰქონდა!~ _ ამბობს გურამ ფუტკარაძე.

სასწრაფო დახმარება

ხელვაჩაურის სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმი, ბადრი პაქსაძე: `ჯგუფი, ახალსოფელში გამოძახებიდან საათნახევარში მივიდა. გზები დატბორილი იყო. აეროპორტში, მეჯინისწყალსა და ახალსოფლის ცენტრში წყალი ერთი მეტრის სიმაღლეზე იდგა. პირველი მანქანა წყალმა დააზიანა, მეორეც ოპერატიულად გამოვიძახეთ.
დროულადაც რომ მივსულიყავით, გარდაცვლილების გადარჩენას მაინც ვერ შევძლებდით, 0,1 პროცენტიც არ არსებობდა ამის შანსი. ზუსტად ვერ ვიტყვი, შემთხვევიდან რამდენ ხანში დადგა სიკვდილი, ეს მაშველებს უფრო ეცოდინებათ~.

მაშველები
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი, დიომიდე კორძაძე: `ჩვენი სამსახურის პირადი შემადგენლობა ყველგან მუშაობდა. ვინც დაიღუპა, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო. თითქოს, ადგილზე მისვლა დავაგვიანეთ, - ეგ ჭორებია, მაგრამ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რეალური სურათის გასაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართეთ~.

მასაურელები
ბესო ოსაშვილი: აქვე ვცხოვრობ. მეზობელი ზაურ კონცელიძე მოვარდა, გამაღვიძა და მითხრა, რომ მის სახლში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროს ჩავლეიშვილის ყვირილი გავიგონეთ, ტიროდა _ მეწყერია ჩამოწოლილი, მიშველეთო. სირბილით მოვედით. მიწას იმ ოთახების კედლები შეენგრია, სადაც ოჯახის წევრები იწვნენ. სახლი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული და იქედან ბავშვის ხმაც ისმოდა. მოცვივდნენ მეზობლებიც. ერთ საათში ვნახეთ უმცროსი ბავშვი, მერე მისი დედა, მერე მამა _ და დაახლოებით 4-5-საათისკენ ამოვიყვანეთ მეორე ბავშვი, ყველა გარდაცვლილი. მესამე ბავშვი გადარჩა ცოცხალი, ნანგრევებიდან გამოძრომას თვითონ ცდილობდა~.
ისმაილ ჩავლეიშვილი: `მხოლოდ ჩემი ძმა და მისი ერთი შვილიშვილი გადარჩა ცოცხალი. პირველის ნახევარზე, ჯუმბერი, მეორე ძმისშვილი, და კიდევ ორი ახლობელი იყვნენ ჩემთან, სვამდნენ... გვიანზე ყვირილი გავიგონე და ვიფიქრე, ჩემი ძმა ავად გახდა-მეთქი... 63 წლის კაცი ვარ და ასეთი წვიმა, ქუხილი არ მახსოვს, მეწყერი მითუმეტეს~.
მევლუდ მახარაძე: `ასეთი უბედურება დატრიალდა და ახლა რასაც ვაკეთებ, გიკვირს ხომ? გლახა გზაა ძალიან და სტუმარი რომ მოდის, სირცხვილია... თუ არ ვცდები, 65-წელში იყო წყალდიდობა, მაგრამ ასეთი ამბავი არ ყოფილა. მეწყრისგან სახლებს ვერ დაიცავ...
აქვე პატარა მონაკვეთში ათამდე მეწყერია ჩამოსული და გზებია ჩახერგილი, რომ დაგჭირდეს, სახლამდე ვერ მიხვალ. მარტო აქ 14 მოსახლეა ჩაკეტილი. ფეხითაც ვერ გაივლი. ვიწრო ბილიკებით გადავდივართ... საწვავი და ტრანსპორტი, ტრაქტორი მოგვცენ და გზას ჩვენაც გავაკეთებთ... რა ვიცი, კიდევ ღმერთია მომხმარე. ძალიან გვიჭირს~.
გეოლოგები
გეოლოგი ტარიელ ტუსკია: `წინასწარი მონაცემებით, მდგომარეობა ცუდია, დაახლოებით 35-40 ოჯახი გეოლოგების რჩევით, საკუთარი სახლებიდან უკვე გაიყვანეს. მარტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 300-400 მეწყრული კერა არსებობს. მეწყერსაშიშ ზონაშია სამოცი სახლი, ეს ციფრი შესაძლებელია შემცირდეს, თუ წვიმა არ იქნება. ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, მეტეოროლოგები კი ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ამჟამად ხუთი ადგილობრივი და რვა თბილისიდან მოწვეული გეოლოგი ქობულეთში, მეწყერსაშიშ სოფლებს ვსწავლობთ. ზუსტი დასკვნა სამ-ოთხ დღეში მომზადდება~.

ოფიციალური ინფორმაცია
`პირველადი მონაცემებით, ბათუმში დატბორილია 400-მდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალი.
ხელვაჩაურის რაიონში დანგრეულია 13 ხიდი და 11 საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია 42 სახლი, ხოლო დატბორილია 400-მდე სახლი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები სოფელ ჩაქვსა და ჩაისუბანშიც~.



ჯარისკაცის მონათხრობი მეოთხე ბრიგადის შესახებ

როგორ შეიჭრა მე-4 ბრიგადა ცხინვალში, როგორ განადგურდა იგი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რასაც ბრიგადის დაშლა მოჰყვა? ამ ყველაფრის შესახებ ინკოგნიტო ჯარისკაცი საუბრობს, რომელიც შესაძლოა, მოღალატის ან დეზერტირის მუხლით გაასამართლონ.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

`ომის დაწყებამდე მე-4 ბრიგადამ ვაზიანში, ამერიკელებთან ერთად წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ამბობდნენ, რომ, თითქოს, ოსეთისთვის გვამზადებდნენ. ნოემბერში ჩვენი ბრიგადიდან 600 ჯარისკაცი ერაყში უნდა წავეყვანეთ. წვრთნებშიც სწორედ ისინი ვმონაწილეობდით, ვინც ერაყში უნდა წავსულიყავით. ცხინვალში წასვლის შესახებ 7 აგვისტომდე ორი დღით ადრე გავიგეთ, ისიც არაოფიციალურად. გვითხრეს, რომ ცხინვალში რაღაც ცვლილებები იყო მოსალოდნელი და შესაძლებელია, კონფლიქტის რეგიონში გადავესროლეთ. ცხინვალისკენ შვიდში დავიძარით. მთელი ღამე მივდიოდით. სამი ოსური სოფელი გავიარეთ. წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ჩვენს წინ დაზვერვის ჯგუფები მიდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, სად შეგვეძლო გავლა. სოფლები, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. გამთენიისას ქალაქის მისადგომებს მივუახლოვდით.

მოწინააღმდეგე ცხინვალში გველოდა. ისინი, ძირითადად, სახლებში იყვნენ ჩასაფრებულები და იქიდან გვესროდნენ. 10-15-კაციან ჯგუფებად დავიყავით და შეტევები წამოვიწყეთ. ქალაქის მისადგომებთან ჯუჯა ნაძვები იყო და იქ ვიმალებოდით, იერიშებს ვამზადებდით. სულ ოთხი შეტევა განხორციელდა. ძირითადად, სნაიპერები მუშაობდნენ. პირველსავე შეტევაზე ბევრი ბიჭი დაგვეჭრა. ერთ-ერთი შეტევის დროს ასეულის მეთაური დაიღუპა: ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა და იქ ერთ-ერთ ჯარისკაცთან ერთად დაიწვა.

8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ავიაციამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ გვიხაროდა, რომ ავიაცია გვეხმარებოდა. ვისი თვითმფრინავები ბომბავდნენ ცხინვალს, არ ვიცოდით. ამ დროს რატომღაც ხაზზე მოსაწყობად გამოგვიძახეს. ყველანი დანიშნულ ადგილზე შევიკრიბეთ. ერთი თვითმფრინავი შემობრუნდა, თავზე გადაგვიფრინა და ბომბები დაგვიშინა. რა მოხდა, არ ვიცი. ეტყობა, პილოტმა დაგვინახა და დაგვბომბა. თუმცა ჩვენი დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. დაბომბვის შედეგად უამრავი ჯარისკაცი დაგვეჭრა და დაგვეღუპა. როგორც მერე აღმოჩნდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩვენს ბრიგადას წამოღებული არ ჰქონდა.

გამოუსწორებელი შეცდომა იყო მწყობრის მოწყობა, რადგან ომის დროს ასეთი რამ წარმოუდგენელია. მე იმით გადავრჩი, რომ ჩვენ ოცეულს მწყობრამდე 20 მეტრი გვაშორებდა. აფეთქების ტალღამ ხეს მიმანარცხა. გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, ახლოს მდგომმა თანამებრძოლმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დავშლილიყავით. ირგვლივ უამრავი დაჭრილი და დაღუპული იყო. ყველაფერი აირია. ჯარი უმეთაუროდ დარჩა.

ჯგუფებად დავიყავით და ზონიდან გამოსვლა დავიწყეთ, ოღონდ, სად უნდა შევკრებილიყავით, არ ვიცოდით. მანქანებზე, პირველ რიგში, დაჭრილები და ცხედრები მოვათავსეთ. გადარჩენილებმა, ვინც როგორ შევძელით, ისე წამოვედით. იმ გზით წამოვედით უკან, რომლითაც შევედით. იარაღი და აღჭურვილობა სრულად წამოვიღეთ. ბევრი ისეთ პანიკაში იყო, გზაში იარაღი და ბრონეჟილეტებიც კი დაყარეს. უკან ოსური სოფლები გვქონდა გასავლელი და მტერი რომ დაგვხვედროდა, რა უნდა ექნათ? 20-30 კილომეტრი ფეხით გავიარეთ. გორის რაიონის რომელიღაც სოფელს მივაღწიეთ. იქ მოსახლეობამ შეგვიფარა, დიდი სიყვარულით მიგვიღეს.

დილით გადავწყვიტეთ, რომ გორში გაგვერკვია, სად უნდა წავსულიყავით. ადგილობრივმა მცხოვრებმა ფორდის მარკის მიკროავტობუსით წამოგვიყვანა. სამხედრო პოლიციაში მივედით. იქ გვითხრეს, რომ მეოთხე ბრიგადის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და გვირჩიეს, ბაზაზე დავბრუნებულიყავით. თბილისში წავედით. მძღოლმა საწვავი საკუთარი ფულით ჩაასხა და წაგვიყვანა.

ვაზიანში მხოლოდ ერთი ოფიცერი ვნახეთ. საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი იყო. ერთადერთი, რაშიც ჩვენი დაკვალიანება შეძლო, გვითხრა, რომ ბაზა იბომბებოდა და ყაზარმაში არ გავჩერებულიყავით. ღამე ბაზის ტერიტორიაზე, კარვებში გავათიეთ.
მეორე დღეს თავის ტკივილი გამიძლიერდა. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მაწუხებდა. რაღაც ხმები მესმოდა. ლიტერატურიდან ვიცი, ასეთ დროს შეიძლება გააფრინო, ანუ ფსიქიკურად დაავადდე. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. ცხედრების, დასახიჩრებული გვამების შიში არ მქონდა, მაგრამ ნანახით დათრგუნული ვიყავი. ვერაფრით ვიძინებდი. ჯარში ისე უახლოვდები ადამიანებს, როგორც ოჯახში. როცა მეგობრებისგან რამდენიმე წუთში ხორცის ნაგლეჯებს ხედავ, რაც არ უნდა ძლიერი ფსიქიკა გქონდეს, მაინც დიდი დარტყმაა. იძულებული გავხდი, სახლში წამოვსულიყავი და მკურნალობა დამეწყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ რამე გაირკვეოდა, დაერეკათ. არაფერი გარკვეულა და არავის დაურეკავს.

არაოფიციალურად გავიგე, რომ ჩვენ წინააღმდეგ, შესაძლოა, მოღალატეობის მუხლით ძიება დაიწყოს, თუმცა რა ხდება, დღემდე ვერ გავარკვიე. ჩემს მდგომარეობაში 50-მდე ჯარისკაცია.

დევნის ობიექტი ისინი აღმოვჩნდით, ვინც ფეხით გამოვედით და უმისამართოდ დავრჩით. ტრანსპორტით წამოსულები თურმე სოფელ ნიქოზში შეიკრიბნენ. ეს მერე გავიგეთ, ჩვენთვის არავის დაურეკავს. ერთხელ გვკითხეს, 8 აგვისტოს მერე თუ მიიღეთ ოპერაციებში მონაწილეობაო. უარყოფითი პასუხის შემდეგ გვითხრეს, თავისუფალი ხართო. ახლა ჯარში მარცხის მიზეზებს ეძებენ და უნდათ ჯოხი დაბალი ღობეზე – ჯარისკაცებზე გადატეხონ. ჩვენთვის არც აგვისტოს ხელფასი მოუციათ, არც ჯარში გვაბრუნებენ და არც საბუთებს გვიბრუნებენ. ადვოკატების საშუალებით ვცდილობთ გავარკვიოთ ჩვენი მდგომარეობა.

ვცდილობ, გავაანალიზო, რა მოხდა. მე ჯარისკაცი ვარ და შტაბში რა ხდებოდა, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, ცხადია, რომ ყველაფერი სტიქიურად, მოუმზადებლად დაიწყო. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყალიც კი არ წაგვიღია ჯარისკაცებს. რაც მათარებში გვქონდა, მხოლოდ ის იყო ჩვენი რესურსი. როცა მტრის ტერიტორიაზე შედიხარ და საბრძოლო ოპერაციებს აწარმოებ, იქ ადგილობრივი რესურსის გამოყენება სახიფათოა. რამდენად ხარ გარანტირებული, რომ წყალი მოწამლული არ იქნება? საბრძოლო ოპერაციების ისტორიებში ძალზე ხშირია ასეთი შემთხვევები. დაზღვეული ამისგან არავინ არის. დაჭრილები წყალს ითხოვდნენ და არ იყო. სისხლს რომ კარგავს ადამიანი, მას სითხე ესაჭიროება, რომ ორგანიზმმა დაკარგული სისხლი სწრაფად აღიდგინოს. ქართულ სოფლებში შესვლამდე წყალი არ დაგვილევია.

მოუმზადებლობასთან ერთად ბევრი საბედისწერო შეცდომა იქნა დაშვებული. ჯარის შესახებ ბევრი წიგნი წამიკითხავს და ასეთი რამ არსად მინახავს, რომ ცეცხლის დროს ბატალიონის მეთაური იერიშზე პირველი მიდიოდეს. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჯარი შეტევაზე უშუალოდ მეთაურებს წაეყვანათ. მეთაურის დაღუპვის შემდეგ ჯარი რჩება უფუნქციო. როცა დავალების მიმცემი აღარ არის, ჯარმა არ იცის, რა არის ჩაფიქრებული და ოპერაცია როგორ უნდა გაგრძელდეს. ფუნქციები დაეკარგათ სერჟანტებსაც. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ბრიგადის განადგურება, უფრო სწორად დაშლა. პირველივე შეტევის დროს ასეულის მეთაური დავკარგეთ. არ იყო განსაზღვრული, ვის უნდა შეეცვალა იგი.ამ კონფლიქტის დროს თავი იჩინა ჯარში არსებულმა არასახარბიელო მდგომარეობამ. გარეგნულად თითქოს თანამედროვე ჯარი გვყავს, მაგრამ სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, მდგომარეობა არაჯანსაღია. როგორც ყველა სფეროში, საკადრო პოლიტიკა აქაც ახლობლობით წყდება. გარდა ამისა, ოფიცერი რომ გახდე, 6-თვიანი კურსის გავლაა მხოლოდ საჭირო. ამიტომაც არის, რომ ოფიცერთა უმეტესობა პირტიტველა, გამოუცდელი ბიჭები არიან. კი ბატონო, `დედავშინა~ აღარ არსებობს, სამაგიეროდ, ოფიცრებს დიდი უფლებები აქვთ. ისინი სერჟანტის ფუნქციებსაც ითავსებენ, რაც არ შეიძლება. ამის გამო კონტრაქტორების უმეტესობა ჯარიდან წამოსვლაზე ფიქრობს. სიტყვიერად ყველაფერი დასავლურად კეთდება, მაგრამ სინამდვილეში, შინაარსით რუსული ტიპის ჯარი გვყავს.