div#header

Tuesday, December 30, 2008

ის, რაც ჩვენ შორის დგას - დიტო ცინცაძის ფილმი “მედიატორი”


ავტორი: დათო გაბუნია/სპეციალურად "ბათუმელებისთვის"

დიტო ცინცაძე თავის ახალ ფილმშიმედიატორითავად თამაშობს ერთ-ერთ როლსთუმცა, ეს ჰიჩკოკისებური ეკრანზე წამიერი გაელვება კი არა, ნამდვილი როლია, თანაცლამის ერთ-ერთი მთავარი როლი. ცინცაძე ფილმში გაურკვეველი ეროვნების ქილერია, რომელსაც ძალიანაც კი მონდომებია, კარიერას თავი დაანებოს და შავ-ბნელი წარსული დაივიწყოს, მაგრამ ვინ აცლისმისტიურიშემკვეთი” (შესანიშნავი გერმანელი მსახიობი, ბურგჰარტ კლაუსნერი ქართველ მაყურებელს ცინცაძის წინა ფილმიდანკაცი საელჩოდანუთუოდ ემახსოვრება) მოულოდნელად გამოჩნდება და დალაგებულ ცხოვრებას აურევს. ფილმის სიუჟეტის დალაგებულად მოსაყოლად, სულ მცირე, აკა მორჩილაძე უნდა იყო: ვინ ვის კლავს, ვინ ვისი საყვარელია, სად ხდება მკვლელობა, როგორ, რატომ და .. ალბათ, შეუძლებელია, ამ ფილმის სიუჟეტი მეგობარს ისე უამბო, რომ რამდენჯერმე მაინც არ გაიჭედო და უკან მიბრუნება არ მოგიხდეს. ჰოდა, შინაარსის მოყოლას არ შევუდგები, თან თავს იმით დავიმშვიდებ, რომ მაინც ერთხელ საკუთარი თვალით ნანახი ჯობია მრავალჯერ მოყოლილს.


მორჩილაძე ტყუილად როდი ვახსენე, ფილმის სცენარის თანაავტორი, ცინცაძესთან ერთად, სწორედ ის გახლავთ. მკითხველს, რომელიც კარგად იცნობს აკა მორჩილაძის რომანებს, უთუოდ გაახსენდება მისი დეტექტივისხვა” – “მედიატორისპერსონაჟების ერთი ნაწილი ამ რომანიდან ამოიზარდა, თუმცა, ფილმი გაცილებით ჩახლართული და მრავალპერსონაჟიანი გამოდგა. პერსონაჟების ასეთი სიუხვე დიდი რისკია რეჟისორისთვის, რომელიც ფილმს საქართველოში იღებსაბა, საიდან უნდა მოიყვანო ამდენი კარგი მსახიობი, ვინც ყოფით სცენებს ანტიკურ ტრაგედიად არ აქცევს და დამაჯერებლად ითამაშებს. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, “მედიატორშიმსახიობები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ მოახერხებს თამაშსმეორე პლანისა და ეპიზოდურ როლებშიც კი არსად იპარება სიყალბე, ბოზი ბოზს ჰგავს, კრიმინალი კრიმინალს და .. ფილმიდან უთუოდ დაგამახსოვრდებათ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების მთელი გალერეასასტუმროს ადმინისტრატორი (ზაზა კოლელიშვილი), ნარკობარიგა (ზაზა ბურჭულაძე), ბორდელის დიასახლისი (ნატო მურვანიძე), მესაფლავე (ნოდარ ხუციშვილი), ახალგაზრდა კრიმინალი (დათო იაშვილი) და სხვ. ისინი ფილმის თითოეულ მცირე ეპიზოდს საყურებლად საინტერესოს ხდიან, მთავარი გმირების ისტორიებში პატარ-პატარა დეტალები შეაქვთ და ფილმის საერთო წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებენ. თამამად ვიტყვი, რომ სამსახიობო ოსტატობის ასეთი ნაკრები ახალ ქართულ კინოში ძალიან იშვიათია. ძირითადად, იმით ვკმაყოფილდებით, ფილმებში ერთი-ორი მსახიობი თუ ართმევს თავს წარმატებით დაკისრებულ ამოცანას, ”მედიატორშიკი მთელი ფეიერვერკია, კასტინგი ზედმიწევნით ზუსტი და საინტერესოა. ვისაც ფილმი უნახავს, დამეთანხმება, რომ ხუთიდან სამი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს ერთ ჩავარდნილ სცენასაც კი ვერ უპოვით. გიორგი ნაკაშიძეპირმყრალი და ჯმუხი გამომძიებელი, გაუთავებლად რომ იგინება და ჩახლართული მკვლელობის გამოძიებას ცდილობს, ფილმის მთავარი კოლორიტია: მისი სიმკაცრის მიღმა გულუბრყვილო და სითბოს მონატრებული ბავშვი იმალება, რომელსაც მძიმე პროფესია ავალდებულებს ასეთი იყოს. გიორგი ნაკაშიძე აგერ უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ ქართულ თეატრალურ სკოლაში გამოვლილი მსახიობი კინოშიც შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს და დაშტამპული თეატრალურობა ეკრანზე არ გადაიტანოს.


მის ანტიპოდსმედიატორშიმერაბ ნინიძე თამაშობს საიდუმლოებით მოცული კრიმინალი, გამომძალველი, რომელსაც თბილისში ყოფილი მეუღლე დარჩენია. ნინიძე ნაკაშიძის პერსონაჟისგან კარდინალურად განსხვავებულ სახეს ქმნის: მინიმუმამდეა დაყვანილი ექსპრესია, თავშეკავებული და მოზომილია ემოციები, ყველაზე ტრაგიკულ სცენაშიც კისადაც მისი პერსონაჟი ყოფილ ცოლთან ერთად წევს და დაღუპულ შვილს იხსენებს, თან ქალთან ურთიერთობის აღდგენას უშედეგოდ ცდილობს. ფილმის სიუჟეტური ხლართები, შეიძლება, დროთა განმავლობაში დაგავიწყდეთ, მაგრამ მერაბ ნინიძის გმირის დავიწყება, ალბათ, ძნელი იქნება.


კიდევ ერთ საინტერესო სახეს ფილმში რუსი მსახიობი, ვიქტორია ისაკოვა ქმნისიგი მეძავია, რომელიც შემთხვევით გაეხვა კრიმინალურ ისტორიაში. მსახიობი წარმატებით იცილებს თავიდან კლიშეებს, რომელსაც ასე მივეჩვიეთ ქართველიკინო-მეძავებისგან”, მისი პერსონაჟი ზომიერად ვულგარულია; ისაკოვა ერიდება ჰიპერბოლებს, არსად არ აჭარბებს და ფილმის საერთო განწყობაში ზედმიწევნით კარგად ჯდება. იმავეს ვერ ვიტყვით კიდევ ორ მთავარ გმირზე, რომელთაც მარიკა გიორგობიანი და იუენ ბრემნერი თამაშობენ, მათი სახეები სქემატურია და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ გაცვეთილი სამსახიობოილეთებითააშესრულებული. თუმცა, სცენარი ისეა აგებული, რომ ერთ პერსონაჟზე დიდხანს არ ჩერდება მაყურებლის მზერა და თამაშის ნაკლოვანებები არც ისე თვალშისაცემია.


100 წუთის მანძილზე მაყურებლის წინაშე ერთი და იგივე ისტორია რამდენჯერმე თამაშდება, სხვადასხვა პერსონაჟის თვალთახედვიდან, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვიგებთ სასაფლაოზე მოკლული ბრიტანელის შესახებ, თუმცა კი, სტანდარტული, მეინსტრიმული დეტექტივისთვის ცინცაძის ფილმი მოსაწყენადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. მარტივი სათქმელი არ არის, ეს განზრახ გაწელილი დრამატურგია რაღაც იდეას ემსახურება თუ უბრალოდ, მცდარი გათვლაა. აკა მორჩილაძის პროზისთვის დამახასიათებელია აუჩქარებელი თხრობით ტკბობა, თუნდაც მის დეტექტიურ რომანებში, კვანძის გახსნა მეორადი მნიშვნელობისაა, ავტორს დეტექტიური სიუჟეტები მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ ფორმად, შაბლონებად სჭირდება და მათში სრულიად ახლებურ, განუმეორებელი ენით აღწერილ სამყაროს ქმნის. ”მედიატორისშემთხვევაში კი მორჩილაძის სალიტერატურო ენის ეკრანზე გადმოტანა მაინცდამაინც წარმატებით ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ფილმს ყველაფერი წესრიგში აქვსმსახიობების ნამუშევარი, ვიზუალურ-მუსიკალური მხარე და .. ფილმის სარეკლამო ბანერებზე დიდი ასოებით წაწერილი ფრაზა: ”ის, ვინც ჩვენ შორის დგას” – სიმპტომატური აღმოჩნდა. ამ ფილმსა და მაყურებელს Oორის ჟანრების აღრევა დგას. თუ ეს პრიორი კომერციული კინოა, მაშინ ფილმი ნამდვილად სუსტი ყოფილა; აკა მორჩილაძისა და დიტო ცინცაძის დინჯი დრამატურგია ფილმს ნამდვილად ვერ ხდის მძარფსიუჟეტიანს. ”მედიატორი”, როგორც გასართობი/სანახაობრივი კინო, ალბათ, ვერაფრით დააინტერესებს დასავლეთ ევროპის და შეერთებული შტატების პუბლიკას, გარდა ეგზოტიკურგვარებიანი ნიჭიერი მსახიობებისა. და თუ ფილმს შევხედავთ საავტორო კინოს თვალთახედვიდან, მაშინ სულ სხვა ხასიათის პრეტენზიები გაგვიჩნდება. ცინცაძის წინა 3 ფილმისგან (”გასროლის შიში”, ”რევერსი”, ”კაცი საელჩოდან”) განსხვავებითმედიატორსძალიან აკლია ირონია. სამწუხაროდ, აქა-იქ გამომკრთალი ხუმრობები მთლიანი დრამატურგიული ხაზისსერიოზულობასვერ ანეიტრალებსსერიოზულად გადაღებული დეტექტივი კი, ზემორენახსენებ ჰიჩკოკს თუ არ ჩავთვლით, ცოტას თუ გამოსვლია.


თუმცა, ქართული კინოს კონტექსტიდან გამომდინარე, ფილმის ეკრანებზე გამოსვლა უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თითზეჩამოსათვლელ ქართულ ფილმებს შორის ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, რომ ასეთი ხარისხის ნამუშევარი ბლომად მოგვეპოვება.

იმედი ჯერ ადრეა, მაგრამ ოცნებით მაინც ვოცნებობ, რომ ოდესმე ასარჩევად გვექნება საქმეჩვენც, და ქართველ რეჟისორებსაცროცა მოუნდებათ, სერიოზულ კინოს გადაიღებენ, როცა მოუნდებათნაკლებად სერიოზულს. ორივეს აქვს არსებობის უფლება. და ქართველი მაყურებლები კინოში მხოლოდ იმიტომ არ ვივლით, რომ ჩვენსა და ფილმს შორის ქართველი რეჟისორები დგანან.


Thursday, December 25, 2008

გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისთვის

ანდრო ბარნოვი
ექსპერტი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე
სპეციალურად "გაზეთი ბათუმელებისთვის"

აგვისტოში რუსეთმა საქმე ვერ მოამთავრა. ამიტომ საქართველოშიც, რუსეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ძალიან ბევრი მსჯელობა და მკითხაობაა იმაზე, თუ რა მოხდება გაზაფხულზე. განაახლებს რუსეთი აგრესიას? ვინ და როგორ შეაჩერებს რუსეთს? როგორი იქნება ევროპის, ამერიკის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, მოკლედ, როგორი იქნება მთელი მსოფლიოს მომავალი? ამის გადასაწყვეტად უახლოეს მომავალში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა სახის ბალანსი ჩამოყალიბდება აშშ-სა და რუსეთს შორის.

ჩვენი ხელისუფლება, ახლანდელიც და ადრინდელიც, მუდმივად იძახდა, რომ რუსეთმა თავად არ იცის, რა უნდა. აგვისტოს ომის შემდეგ ამ კითხვებს აღარავინ სვამს. უკვე ცხადია, რომ აქ ორი ძირითადი თემა ფიგურირებს: მოსკოვს სურს კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსების მონოპოლიზება და ნატოს შემოსვლის აღკვეთა კავკასიაში. ამ მისწრაფებების მიზეზები შემდეგია: რუსეთის ეკონომიკა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივები პირდაპირაა მიბმული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზე. გარდა იმისა, რომ ფასების კონტროლი მოსკოვის ინტერესებში შედის, რუსეთს არ სურს, თავის სამხრეთ საზღვრებთან გამდიდრებულ-გაძლიერებული სახელმწიფოები იხილოს, რადგან ეს გარემოება ცენტრალური აზიის დამოუკიდებლობის ზრდას გამოიწვევს, რეგიონში გაიზრდება ჩინეთისა და ირანის ჩართულობა და რუსეთს მოესპობა იმის საშუალება, რომ ოდესმე ისევ ერთპიროვნული ლიდერი გახდეს ევრაზიაში.

დაახლოებით იგივე ლოგიკა მუშაობს სამხრეთ კავკასიაშიც. ერთის მხრივ, სამხრეთ კავკასია ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსებისთვის "ალტერნატიული" დერეფანია, რომელიც რუსეთის მარშრუტის გვერდის ავლას ხდის შესაძლებელს, მეორეს მხრივ კი ნატოს კავკასიაში შემოსვლა მოსკოვისთვის იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის მსგავსად, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ხარისხიც ბევრად ამაღლდება და რუსეთს სულ უფრო შეუმცირდება იმის შესაძლებლობა, რომ აქ გავლენა დაიბრუნოს. ამას გარდა, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ეს გარემოებები პირდაპირ აისახება რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობაზეც კი. მაგალითად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში გამაგრებული ნატო ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყებს პრობლემების შექმნას, რაც კასპიის რეგიონიდან რუსეთის საბოლოო და სრულ განდევნას გამოიწვევს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მოხდეს აშშ-ს განდევნა ცენტრალური აზიიდან, კავკასიიდან და ევროპიდან, რადგან ეს სწორედ ის ჯაჭვია, რომელიც კონტინენტზე აშშ-ს გავლენას უზრუნველყოფს. ამ ჯაჭვში სამხრეთ კავკასიას ცენტრალური ადგილი უჭირავს და აქედანვე ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის კონტროლი რუსეთისთვის გადამწყვეტი საკითხია. აგვისტოს ომიც სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მოახლოვდა, მეორეს მხრივ, რეგიონულ დონეზე, დაიწყო ყარსის რკინიგზის მშენებლობა და, ასევე, ძალიან რეალისტური გახდა ნაბუკოს პროექტი, რომელმაც ევროპის რუსეთზე დამოკიდებულება უნდა დაასრულოს. ანუ, რუსეთისთვის გაჩნდა უკვე ძალიან ბევრი ნიშანი იმისა, რომ მას პოზიციების საბოლოოდ დათმობა მოუწევდა.

აგვისტოში ომის გაჩაღებით რუსეთს სურდა, რომ აშშ-ს სტრატეგიის ცენტრალური რგოლი, სამხრეთ კავკასია, მოეკლა, კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებზე ამგვარად ზეწოლა მოეხდინა და ენერგო-მარშრუტების რუსეთზე გატარებაზე დაეთანხმებინა, ევროპა კი დაეყენებინა მძიმე არჩევანის წინაშე და ისეთ პირობებზე დაეყოლიებინა, რაც აშშ-ს როლის თანდათანობით შემცირებას გამოიწვევდა. კრემლის მიერ გაჟღერებული "ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა" სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც.

ჩვენ ახლა ამ პროცესების შუაგულში ვიმყოფებით, როგორც გეოგრაფიული, ასევე პროცესის მიმდინარეობის თვალსაზრისით. აგვისტოს აგრესიის შედეგად რუსეთმა დამკვიდრებული სისტემა სერიოზულად შეარყია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ვერ დაანგრია, მნიშვნელოვანი მუქარები შეუქმნა მას. ეს მუქარები კი, ძირითადად, ისევ საქართველოში იყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზების გაყვანიდან ორი წელიც არაა გასული, რუსეთი აგრესიულად შემობრუნდა უკან და მისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რუსეთმა თავისი სამხედრო ძალების ახლებური განლაგებით ისეთი დისპოზიცია შექმნა, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ან სამხრეთ-კავკასიური კორიდორის ფიზიკური დაკავება შესძლოს ადვილად, ან ისეთ ქაოსს შეუწყოს ხელი, რომელიც საქართველოს დერეფნის ფუნქციას დაუკარგავს. ამისთვის რუსეთს შეუძლია სეპარატიზმის დამატებითი კერები შექმნას საქართველოში, რისი ნიადაგიც ნამდვილად არსებობს.

თუ ამას ვერ მოახერხებს, მაშინ მოსალოდნელია, რომ კრემლი პირდაპირი აგრესიის გაგრძელებას მიანიჭებს უპირატესობას.

ამიტომ, თუ რუსეთის პოზიციიდან შევხედავთ ვითარებას, აქ არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა: ან უნდა სასწრაფოდ შეწყდეს საუბრები საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და რუსეთს საშუალება მიეცეს, რომ მისი სამხედრო ძალები გამუდმებული მუქარის ფორმატში დარჩნენ ჩვენს ტერიტორიაზე და ან – რუსეთმა უნდა განაახლოს აგრესია და მოამთავროს ერთხელ დაწყებული საქმე. ანუ, ნატოში ინტეგრაციაზე საქართველომ ან ნებით უნდა თქვას უარი, ან რუსეთის იძულების წყალობით. რუსეთის მეორე მიზანია საქართველოს, როგორც ენერგოდერეფნის ფუნქციის შეზღუდვა. თუ პირველ საკითხში თავისი ინტერესი დაიკმაყოფილა, მაშინ რუსეთი შეიძლება დათანხმდეს საქართველოსთვის შეზღუდული დერეფნის ფუნქციის დატოვებას, ვთქვათ, ევროპის ენერგო-მოხმარების კრიტიკული მინიმუმის ფარგლებში, ოღონდ ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებს კვლავ ღიად დატოვებს, რომ მომავალში ზეწოლის ბერკეტები შეინარჩუნოს. რუსეთის ინტერესებიდან და მათი დღევანდელი ხედვიდან გამომდინარე, სხვა სცენარს მოსკოვი, ალბათ, არ დათანხმდება.

ალტერნატიული სცენარი რუსეთზე ზეწოლას მოითხოვს. ასეთი ზეწოლის განხორციელება კი მხოლოდ ორ ქვეყანას შეუძლია. ესენია პირველ რიგში აშშ და, ასევე, თურქეთი. პრობლემა აქ ისაა, რომ დიდი ალბათობით, ამ ქვეყნების მიერ რუსეთზე ზეწოლა სერიოზულ კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ, აშშ-ც და თურქეთიც, ალბათ, გარკვეულ დათმობებს ამჯობინებენ, ვიდრე ღია კონფრონტაციაზე წასვლას. ორივე სახელმწიფოსთვის მთავარი ის იქნება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ინტერესების, ანუ ენერგო-რესურსების კავკასიური მარშრუტის თაობაზე გარანტიები მიიღონ. პრინციპში, ასეთი გარიგება შესაძლებელი იქნება, თუ რუსეთმა დაინახა, რომ წითელ ზოლს მიაღწია და ამის იქით წასვლის უფლებას აღარ მისცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ განცხადებებს დღეს ვერ ვხედავთ, ძალთა რეგიონული ბალანსის თვალსაზრისით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ასეთ "წითელ ზოლს" ასახავს. ანუ, ერთის მხრივ, სამხრეთ კავკასიის ენერგო-დერეფნის როლი შენარჩუნებულია, მეორეს მხრივ კი რუსი სამხედროები ამ დერეფანს "აკონტროლებენ".

ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის ინტერესების საბოლოო დაზიანებით შეიძლება, ანუ ან რუსები უნდა გავიდნენ და ან – დერეფანი უნდა ჩაიკეტოს. მაგრამ ყველაზე საყურადღებო აქ ისაა, რომ რუსეთის მიმართ გამოთქმული გაფრთხილებები დღემდე უმეტესად არასერიოზულად გამოიყურება და ვითარება უფრო ესკალაციისკენ მიდის, ვიდრე _ მოლაპარაკებებისკენ. ეს, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ მხარეები ფიქრობენ და აკვირდებიან ერთმანეთს, თანაც წინ ზამთარია და ყველამ იცის, რომ რამდენიმე თვე კიდევ შეიძლება ამ გაურკვეველი მდგომარეობის გაწელვა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ გაზაფხულზე შედგება ან "გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისათვის", ან _ დაიწყება მოლაპარაკებები, რომელიც ყველა მხრიდან ძალითაც იქნება გამაგრებული. ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე დღეს არ არსებობს არსად _ არც რუსეთში, არც აშშ-ში და არც თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ცოტა რამის შეცვლა შეუძლია, საკეთებელი მაინც ბევრია და ეს უპირველეს ყოვლისა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებაში უნდა გამოიხატოს.

ამერიკა-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება

{ემზარ დიასამიძე/ბათუმელები}
ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო ხელშეკრულება ახალ წლამდე დაიდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები აკეთებენ. ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის ღია ვერ იქნება, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. მათი აზრით, ხელისუფლებას ხალხის ნდობის მანდატი უკვე დაკარგული აქვს, ამიტომ ისინი ხელშეკრულების საზოგადოებისთვის გაცნობას ითხოვენ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტები, ხშირ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებისთვის დახურულია. თუმცა, "საერთო პათოსი, თუ რა ვალდებულებას იღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, სასურველია, საზოგადოებამ მეტი იცოდეს დოკუმენტის თაობაზე”.

მაშინ, როცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა მაპ-ზე უარი გვითხრეს, ამერიკა ცალმხრივად დებს საქართველოსთან სამხედრო შეთანხმებას. მსგავსი შეთანხმება ამერიკამ უკრაინასთან უკვე გააფორმა. რას მოიმოქმედებს ნატო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკას რუსეთთან დაპირისპირება მოუწევს?

არეშიძის აზრით, რუსეთ-ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირება, სავარაუდოდ, არ იქნება: "როგორც ვიცი, სამხედრო ძალების განლაგებაზე საუბარი არ მიდის. დახმარებაში, ალბათ, იარაღის, აღჭურვილობის მოწოდება, სამხედრო ინფრასტრუქტურაში თანხის ჩადება იგულისხმება. შეიძლება საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნაში დაგვეხმარონ, შესაძლებელია ჩაგვრთონ პატრიოტის სისტემის გამოყენებაშიც, რომელიც ნატოს გააჩნია რეგიონში, მაგალითად, თურქეთში. ეს ის სისტემაა, რითაც ამერიკა ერაყის პირველ ომში ისრაელს იცავდა. ასევეა საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება, თანამგზავრული სისტემების უფრო ინტენსიურად გამოყენება და სხვა”.

ბუნებრივია, ამერიკის ახალი ინიციატივა მძაფრ რეაქციას გამოიწვევს მეზობელ რუსეთში. თუმცა, რეაქცია დამოკიდებული იქნება ამერიკის ქმედებებზე. არეშიძის აზრით, თუკი აშშ აქ საკუთარი ჯარების განლაგებას დაიწყებს, ამაზე რუსეთს მძაფრი რეაქცია ექნება და ამას შეიძლება ახალი სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვეს: "გამორიცხული არაა, რუსეთმა დაასწროს და სამხედრო ოპერაცია თავად წამოიწყოს. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო დახმარება მხოლოდ შეიარაღების მოწოდებას მოიცავს, მაშინ, ალბათ, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან".

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მოვლენებში რუსეთი საქართველოსთან ერთად მთავარ დამნაშავედ ამერიკას აცხადებს და მას `სააკაშვილის რეჟიმის~ შეიარაღებასა და ომის დაწყების წაქეზებაში ადანაშაულებს, ბოლო დროს აშშ-სთან მიმართებაში რუსი პოლიტიკოსები რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისიც კი განაცხადა, რომ მას ამერიკელები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას შეჰპირდნენ. ამასთან, ობამას ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შემდეგ განახლდება ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობაც.

ზუსტად ამ მოვლენებს უსწრებს წინ საქართველო-აშშ-ს სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობაში მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. ექსპერტების აზრით, რუსეთის ვარაუდი მხოლოდ ვარაუდია: "ლავროვი ბევრ ურთიერთგამომრიცხავ რამეს ამბობს. რაც შეეხება ობამას, დარწმუნებული ვარ, იმავე პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში, რაც ახლა აქვს ამერიკას. განსხვავება ის იქნება, რომ ჰილარი კლინტონი, რომელიც ამ პოლიტიკას გააკონტროლებს, ჩვენ ხელისუფლებას ბევრად უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარებას მოსთხოვს რუსეთთან მიმართებაში".

არეშიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე, ამ ეტაპზე, უსაფუძვლოა: "სააკაშვილს ეს პროცესი არ დაუწყია და ვერც დაიწყებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებაში, ჯერჯერობით, ტაიმ-აუტი აქვთ აღებული. ისინი ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას ელოდებიან. თანაც, მათ ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ სააკაშვილთან საქმე არ ექნებათ

ზუთხის გადაშენების საფრთხე

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ზუთხების კონსერვაციის კვლევის პროექტი დასრულდა. კვლევის შედეგებით, უნიკალური ჯიშის თევზი გადაშენების პირასაა. მათი ხელოვნური კვლავწარმოების დაწყების გარეშე რამდენიმე წელიწადში ქართული წყლებიდან ზუთხი გაქრება.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

შავი ზღვის ამ პრობლემით საერთაშორისო ბუნებისდამცველი ორგანიზაციები დაინტერესდნენ. კრიტიკული ეკოსისტემების შენარჩუნების ფონდისა (ჩEPF) და მსოფლიო ველური ბუნების საზოგადოების (ჭჭF) კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, ზუთხების კონსერვაციის კვლევის პროექტი ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
კვლევის მიხედვით, ნეგატიური დინამიკა მართლაც საგანგაშოა. თუ 1976-1979 წლებისთვის ზუთხისებრთა რაოდენობა შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში 78 ათასი ეგზემპლარით იყო განსაზღვრული, 1983 წლისთვის უკვე 35 ათასამდე ჩამოვიდა. ამჟამად ზუთხების მაქსიმალური რაოდენობა 10 ათასს აღწევს: "კომუნისტურ პერიოდში ზუთხის შემცირების მიზეზი ქაფშიის ინტენსიური რეწვა (ამის თანჭერილი ხშირად ზუთხიცაა, რადგან მათით იკვებება), გარემოს დაბინძურება, კაშხლების აშენება და არალეგალური რეწვის მაღალი დონე იყო. სახარბიელო მდგომარეობა არც ახლა გვაქვს", _ აცხადებს პროექტის დირექტორი არჩილ გუჩმანიძე.

ქვირითის პერიოდში თევზი კოლხეთის დიდ მდინარეებში შედის. ენგურზე კაშხლის აშენებამ ეს მდინარე ამ მხრივ გამოუსადეგარი გახადა. კაშხალი აშენდა ჭოროხზეც, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა თევზის აქ შემოსვლა. მდინარე ხობისწყლის შესართავში კი ყულევის პორტი აშენდა. დარჩა მხოლოდ მდინარე რიონის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი ვარციხეჰესამდე.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს წყლებში მსოფლიო წითელ წიგნში შეტანილი ატლანტიკური ზუთხის ოდენობა 75-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ეს თევზი ბოლო 50 წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფიქსირდება. დანარჩენი ხუთი სახეობიდან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში კოლხური ზუთხია, თუმცა ისიც საფრთხეშია. ეს სახეობა საქართველოს გარდა არსად ბინადრობს.

გუჩმანიძის განცხადებით, ტოფობის პერიოდში ჩვენს მდინარეებში ზუთხის ერთეული რაოდენობა შემოდის. ამ დროს თევზაობას დამღუპველი შედეგი მოაქვს: `ისეთი დიდი მდინარეც კი, როგორიც რიონია, გადაკეტილია ბადეებითა და სხვა თევზმჭერი მოწყობილობებით. ზუთხს სრული გადანდგურებისგან მხოლოდ ბუნებრივი პირობები იცავს, რადგან ტოფობის პერიოდში, გაზაფხულზე მდინარეები დიდდება და ბადეებით ვეღარ თევზაობენ. მართალია, გარემოს დაცვის სამსახურები გვიმტკიცებენ, რომ ბრაკონიერობა მინიმუმდეა დასული, მაგრამ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა და ჩვენ მიერ შესწავლილი ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს".

საერთაშორისო ბუნებისდამცველი ორგანიზაციები საქართველოში ზუთხისებრთა კვლავწარმოების პროექტების დაწყებას გეგმავენ. თუმცა, სანამ ქვეყანაში გარემოს დაცვის სათანადო პირობები არ შეიქმნება, პროექტის დაფინანსებისგან ყველა თავს იკავებს. `გამოვა, რომ ხელოვნური კვლავწარმოებით ბრაკონიერებს შემოსავალი გაეზრდებათ. ერთადერთი შანსი გვრჩება, გენეფონდის გადასარჩენად შეიქმნას ფერმა. ამას შვეიცარიის ჭჭF-ი აფინანსებს", _ აცხადებს გუჩმანიძე.

პროექტის მიხედვით იგეგმება თევზსაშენი მცირე მეურნეობის მოწყობა, სადაც ციმბირულ ზუთხს მოაშენებენ (ხელოვნურ წყალსატევებში ადგილობრივ ზუთხს კარგი ზრდის ტემპი არ ახასიათებს). "ფერმის შემოსავლით მოვაშენებთ ადგილობრივ ზუთხებს, რათა ისინი განადგურებას გადავარჩინოთ. ამასთან, შეიქმნება სასწავლო ბაზა და ზუთხსაშენებისთვის სპეციალისტებს მოვამზადებთ", _ ამბობს გუჩმანიძე.

ახალ პროექტს, სავარაუდოდ, ისევ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს: "საქართველო წყლის ტემპერატურული რეჟიმით საუკეთესო ადგილია, ამიტომ ამ თევზის ხელოვნურ წყალსატევებში წარმოება შეიძლება. ეს, ერთის მხრივ, ქვეყნისთვის იქნება დიდი ეკონომიკური ეფექტის მომტანი და ბრაკონიერობასაც თავისთავად შეუშლის ხელს. შემდეგ, როცა ფერმა მომძლავრდება, ენდემური ჯიშების მომრავლება და ბუნებაში გაშვება დაიწყება".

მსოფლიო კრიზისი და საქართველო

მსოფლიო ფინანსურ კრიზისის მიზეზებზე, მისგან გამოსვლის გზებსა და პერიოდზე თავის მოსაზრებებს გაზეთ „ბათუმელებს“ ეკონომიკის დოქტორი დავით ქათამაძე უზიარებს.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

_ ბატონო დავით, რა გახდა ფინანსური კრიზისის მიზეზი?
_ კრიზისის წარმოშობის მიზეზად ზოგი ჩინეთს ასახელებს, ზოგი _ ამერიკას. ერთი ვერსიით, ამერიკაში იპოთეკური სესხები იყო გაცემული და ვეღარ დააბრუნეს. ხალხი იღებდა ბანკიდან ფულს, ბინებს იძენდა და ხელფასიდან იხდიდა. მაგრამ შემდეგ სამუშაო ადგილების შემცირებას მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაცემა მოჰყვა. როგორც მანამდეც ვარაუდობდნენ, ჩინეთმა თანდათან დაიპყრო ბაზარი და კონკურენტებს საფრთხე შეუქმნა. ამერიკულთან შედარებით ნაკლები ხარისხით, მაგრამ მთლიანობაში ფასი-ხარისხის თანაფარდობით, ჩინურმა პროდუქციამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას და მათ შორის ამერიკასაც გაუწია კონკურენცია. იმის გამო, რომ ამერიკელმა და ევროპელმა მწარმოებლებმა პროდუქცია ვერ გაასაღეს, სამუშაო ადგილები შეკვეცეს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ვეღარ გადაიხადა სესხები და ბანკებმაც თანხები ვერ მიიღეს, ციკლი გაწყდა და ავტომატურად აისახა მსოფლიო საბანკო სისტემაზე.
_ კრიზისის შესახებ მოულოდნელად გამოცხადდა, ეს ეტაპობრივად არ უნდა მომხდარიყო?
_ ამას დაერთო მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიც. ხარჯები თავდაცვისუნარიანობაზე გაიზარდა. ეს ინფორმაცია თავიდან დამალული იყო, მაგრამ შემდგომ მაინც გაჟონა.
_ საუბარია იმაზეც, რომ ეს, ერთგვარად, აფერის შედეგია.
_ ასეთი რამ არ გამიგია. ეს მაინც უფრო ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების შედეგია. ჩინეთის ფაქტორის გარდა, რომელიც ეკონომიკურ დარტყმად შეიძლება ჩაითვალოს, არის რუსეთისა და ერაყის პოლიტიკური მიმართულება. ბუშის რეიტინგიც იმიტომ დაეცა, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო, ამერიკის ფინანსური მდგომარეობა გართულდა.
_ ანუ, ეს მოსალოდნელი იყო?
_ ამერიკაში მოსახლეობის ცხოვრების დონე კარგა ხანია დაეცა. შეიძლება ჩვენი გადასახედიდან ძნელია იმის თქმა, რომ მათ გაუჭირდათ, მაგრამ ფასი-ხელფასის თანაბარდობაში იქ მასობრივი კრიზისი, ერაყში გაწეული ხარჯების გამო, უკვე იყო.
_ როგორ გავრცელდა ეს ევროპაზე?
_ გლობალიზაციის პირობებში ჯაჭვურად ვრცელდება რეაქციები. ისინი ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებული არიან.
_ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში და ეს რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს?
_ კრიზისი უახლოეს ექვს-შვიდ წელს გაგრძელდება. ეკონომიკაში გონივრული მართვის პირობებშიც კი, კრიზისიდან გამოსვლას დრო სჭირდება. მაგალითად, საქართველო 20 წელია კრიზისშია, რადგან გონივრულად ვერ ვმართავთ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1998 წელს ხუთი წელი მოგვცა იმისთვის, რომ აღმავლობა დაწყებულიყო. ამ პერიოდში ჩვენთვის სტრატეგიულად პრიორიტეტულ დარგებზე საკუთარი ტარიფების გამოყენების ნება დაგვრთო, მაგრამ ეს პერიოდი არ გამოყენებულა. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ამეხსნა საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლები. მათი გათვლებით ხუთი წელი ის დროა, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლისთვის სჭირდება.
_ ამ მიზეზებს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, იაფი მუშახელისა და, შესაბამისად, პროდუქტის სახით, როგორ ეშველება?
_ ეკონომიკას ახასიათებს თვითბალანსი, კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანები თანახმა არიან იმ პირობებში და იმ ხელფასებზე იმუშაონ. ისეთი გაზრდილი მოთხოვნები არ აქვთ, როგორც ამერიკელებსა და ევროპელებს. თუმცა, ალბათ, ახლა დასავლეთშიც მოუწევთ შედარებით ცუდ პირობებში ცხოვრებაზე შეგუება, აზია კი აღმასვლას განაგრძობს. ასე მდგომარეობა შედარებით გათანაბრდება. ასპროცენტიანი გამოთანაბრება არ მოხდება, მაგრამ გლობალიზაციას ეს პროცესები ახლავს.
_ ეს პროცესები საქართველოზე როგორ აისახება?
_ ღია ეკონომიკის პირობებშიც კი, დიდი ქვეყნები მაინც ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას. ჩვენ იმ მცირე ერებს მივეკუთვნებით, რომლებიც სხვაზე არიან დამოკიდებული. ახლა კიდევ უფრო მეტ გრანტსა და სესხს ავიღებთ, 2,5 მილიარდი სესხი ქვეყანამ დამატებით უკვე აიღო. ეს ყველაფერი კრიზისს ცოტათი შეგვიმსუბუქებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ჩვენი კრიზისი უფრო გახანგრძლივდება. ამ ვალებს დაბრუნება უნდა.
_ ამ ეტაპზე ნასესხები თანხით კრიზისის გადატანა უფრო გაგვიიოლდება?
_ ჩვენ ახლაც იმაზე მეტად გაგვიჭირდება, ვიდრე ევროპელებს და ამერიკელებს. მაგარამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინაც კი, როცა აღმავლობა დაიწყება, ჩვენ კვლავაც დავრჩებით დაბალი კეთილდღეობის დონეზე.
_ ანუ, თუ სხვები ამ მდგომარეობიდან დაახლოებით ხუთ წელიწადში გამოვლენ, ჩვენ ამისთვის გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდება...
_ შესაძლებელია, კრიზისი მსოფლიოში 2014-2015 წლებისთვის დაძლეულ იქნას, მაგრამ ეს საქართველოზე არ აისახება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან არ იქნება აღმავლობის პროცესები, მაგრამ სწორი მართვის პირობებშიც კი, ნორმალური ცხოვრების პერიოდი, ალბათ, 2018-2019 წლებში იქნება.
_ ეს ძალიან შორსაა...
_ გეთანხმებით, მაგრამ რას იზამ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ შეცდომებს ისევ არ დავუშვებთ. კრიზისმა ჩახვევაც იცის. ჟენევაში ისევ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და, სამწუხაროდ, კვლავაც არის აგვისტოს მოვლენების გამეორების საშიშროება. ინვესტორები გავიდნენ ქვეყნიდან, მათი დაბრუნებისთვის, პირველ რიგში, სამშვიდობო გარანტიები გვჭირდება. ამიტომაც კრიზისიდან რეალურად გამოსვლისთვის ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გონივრულობის გამოჩენაც გვმართებს. ამერიკის ინტერესებს კავკასიის არც ერთი ქვეყანა არ უწევს ამხელა პროპაგანდას. აზერბაიჯანმა და სომხეთმა კარგი ტაქტიკა აირჩიეს. ევროპამ 2009 წლიდან კავკასიის ქვეყნებზე გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული სიკეთით სამივე ქვეყანა ისარგებლებს, ჯოხი კი ჩვენ გადავიტეხეთ. დაბალანსებული პოლიტიკა აუცილებელია. ამის გარეშე კრიზისიდან გამოსვლის შანსები ნაკლებია.

არაეფექტური ბიუჯეტი

რამდენიმე დღეში საკრებულო ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი 97,325 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები უკვე გადაეგზავნა შესაბამის კომისიას. განათლებისა და კულტურის კომისიისგან 15 შენიშვნაა შესული, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილისგან _ 30-მდე. არის შენიშვნები არასამთავრობო სექტორიდანაც. "ყველა შენიშვნა სერიოზული და არგუმენტირებულია", _ ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ე.წ. უფასო სასადილოების პროგრამა სასურსათო ბარათების სისტემით უნდა შეიცვალოს, `ეს უფრო მეტ ფინანსურ რეზერვს შექმნის". ოპოზიციას შენიშვნები აქვს სანიაღვრე არხებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროგრამებზე. მათი აზრით, პროგრამაში არ არის გაწერილი თუ რა მოცულობის სამუშაოებზეა საუბარი: რამდენი სანიაღვრე ობიექტია გასაკეთებელი, რამდენი იქნება გაწეული ხარჯი და როგორ მოაგვარებს პრობლემას, დიდი რაოდენობის ნალექის მოსვლის შემთხვევაში. `ასევე არ ჩანს ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პროგრამაში რა მოცულობის სამუშაოებზეა საუბარი".

მთლიანობაში, ბიუჯეტის პროექტი არაეფექტურადაა შეფასებული. `მკაფიოდ არ აჩვენებს ხარჯების ეფექტიანობას. დასახული მიზნები არ არის თვალნათელი, სოციალური პროდუქტი და სოციალური შედეგი ერთმანეთშია არეული", _ აღნიშნულია ოპოზიციის შენიშვნებში.

მომავალი წლის ბიუჯეტში (მთავრობის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ პრიორიტეტი სოციალური სფეროა) საგრძნობლად მცირდება სოციალური სფეროს დაფინანსება. წელს ჯანდაცვის პროგრამებზე 973 ათასი ლარი დაიხარჯა, მომავალი წლისთვის კი _ 273 ათასი ლარია გამოყოფილი. სხვა სოციალურ პროგრამებზე 2008 წელს 2,329 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალი წლისთვის კი 1,759 მილიონი ლარია.

ბიუჯეტში ორი მილიონი ლარი მწვანე ნარგავების, ორ მილიონზე მეტი ლარი კი არქიტექტურული კომპოზიციების განსათავსებლადაა გათვალისწინებული. როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ ღლონტი ამბობს, ეს იდეა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს ეკუთვნის, თუმცა არსებობს თუ არა კონკრეტული პროექტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ სად უნდა განთავსდეს აღნიშნული კომპოზიცები, ვინ იქნებიან ავტორები და ა.შ. _ უცნობია. "ეს ორი მუხლი ქალაქის ბიუჯეტის თითქმის ხუთი პროცენტია. არაფერია ნათქვამი რატომაა ეს პრიორიტეტი", _ წერია ფრაქცია "რესპუბლიკელების" შენიშვნებში.

კომპოზიციების დადგმა არც ვახტანგ ღლონტისთვისაა პრიორიტეტული. "ამ ტიპის კომპოზიციები ევროპის ქალაქებში კეთდება, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ თანხის ნაწილი გენერალ მაზნიაშვილისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის კომპოზიციების დასადგამად გადმოსროლილიყო~, _ ამბობს იგი. მისი თქმით, ეს ადამიანები ბათუმის გადასარჩენად ხმლით იბრძოდნენ. მან შენიშვნები შეიტანა პირველი ქალაქის თავის, ლუკა ასათიანისა და ეგნატე ნინოშვილის ბიუსტებთან დაკავშირებითაც. ამ ორი ბიუსტის დადგმა წელს იგეგმებოდა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს სილამაზის კონკურსი. მათი აზრით, ეს პროექტი კომერციული უნდა გახდეს. ამ ასპექტში ვახტანგ ღლონტი ოპოზიციას არ ეთანხმება. იგი ამბობს, რომ "სილამაზის კონკურსი" ქალაქისთვის, "მორალური კუთხით, შეიძლება ქალაქის ნიშა გახდეს". ღლონტს სურვილი აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსდეს პროექტი _ "ჩემი სახელი და გვარია ბათუმი", რომელიც 1000 ლარის ოდენობით საპატიო ჯილდოსაც მოიცავს. დაუჭერს თუ არა მხარს 2009 წლის ბიუჯეტს ვახტანგ ღლონტი, ჯერჯერობით, უცნობია. "იმას მეკითხებით კაი ბიჭი ვარ თუ არა? სიურპრიზად დავტოვოთ, ნუ დავასწრებთ მოვლენებს", _ ამბობს იგი.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს კი ხუთი შენიშვნა "ამხანაგობის" პროგრამის ირგვლივ აქვს. მისი აზრით, "ამხანაგობა" თვიმმართველობის პირველი რგოლია და თუ ასეთი რგოლები არ განვითარდა, წარმატების მიღწევა შეუძლებელია: "ამასწინათ მოვისმინე განათლების მინისტრის ანგარიში, რომელმაც საბჭოთა "ზავხოზი" გამახსენა. საუბარი მხოლოდ იმაზე იყო თუ რამდენი სკოლა გარემონტდა და სად შეიღება კედელი. სამაგიეროდ არაფერი უთქვამს საგანმანათლებლო მხარეზე. თვითმმართველობის შემთხვევაშიც ასეა. აქცენტი კეთდება მხოლოდ ციფრებზე, რაღაც პროცენტებზე, მაგრამ არც ერთი პროგრამა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული არ არის".

სტიქიის პირისპირ

ბერიძეების სახლი სოფელ ხერთვისში 11 დეკემბერს მეწყერმა ნაწილობრივ დაანგრია. მეწყერი დილით განვითარდა, ამიტომ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლი არ არის. წვიმის დროს ბერიძეების სახლი შეიძლება მთლიანად დაინგრეს.

ნათია როყვა/ბათუმელები

საბედნიეროდ, მეწყრულ მოვლენას ხელვაჩაურში ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია, ოღონდ თორმეტსულიანი ოჯახი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩა (მათ შორის ორი პატარა ბავშვია). "დათვი არ ვარ, ტყეში რომ ვიცხოვრო", _ ამბობს ოჯახის უფროსი უშანგი ბერიძე. ბერიძეები დღისით სახლის იმ ნაწილში ცხოვრობენ, რომელიც ნგრევას გადაურჩა, ღამეს კი მეზობლებთან ათევენ.

"სახლი დეფორმირებულია, აღინიშნება გრუნტი წყლების გამოვლინებები. საშიში გეოლოგიური პროცესების გამო შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს. საკარმიდამო ნაკვეთი საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს", _ წერია გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც უკვე რვა წელია ბერიძეების ოჯახში ინახება. ამ დასკვნაში კიდევ ბევრი მიზეზია ჩამოთვლილი, რის გამოც სახლში ცხოვრებას გეოლოგები შეუძლებლად მიიჩნევენ.

მიუხედავად ამისა, მრავალსულიანი ოჯახი დახმარებას სახელმწიფოს წლებია უშედეგოდ თხოვს. მათთვის ძალიან საშიში გასული კვირა იყო, მეწყერმა სახლის ნაწილი დაანგრია (პირველ სართულზე სამზარეულო და მეორე სართულის ნახევარი). ნგრევის დროს შინ ბერიძეების მხოლოდ ერთი შვილი, ოთარი იმყოფებოდა.

"სახლმა რყევა რომ დაიწყო, 12 საათი იქნებოდა. გარეთ გამოვიქეცი, თორემ ნანგრევების ქვეშ მოვყვებოდი. გადავრჩი~, _ ყვება 25 წლის ოთარი; "ჯერ სახლის ჩამონგრევის და მერე ბიჭის ღრიალის ისეთი ხმა იყო, მეგონა ეს საცოდავები ნანგრევებში მოყვნენ" _ ამბობს მეზობლის ქალი.

ბერიძეების ოჯახი მიწის მონაცვლეობას ითხოვს. 2001 წლიდან დღემდე ყველა გამგებელს მიმართეს, მათ შორის ასლან თავდგირიძესაც, რომელიც ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრია და წინასაარჩევნოდ დახმარებას დაჰპირდა კიდეც.
ოჯახის დიასახლისმა, სახლის დანგრევის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებით სცადა მთავრობის ყურადღების მიქცევა. `საგანგებოდ ჩამოვედი ბათუმში და აჭარის ტელევიზიას მივმართე დახმარების თხოვნით. დამპირდნენ, რომ ამოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენი ამბის გაშუქება არ ისურვეს~, _ ამბობს ნაზიკო შველიძე.

როცა ბერიძეების მეზობლებმა შეიტყვეს, რომ მათი ამბის გასაშუქებლად `ბათუმელების~ ჟურნალისტი იყო მისული, მთელი სოფელი დამეწყრილის ეზოში შეიკრიბა. შეშფოთებული მეზობლების მოთხოვნა ასეთია: "ამ ოჯახს რამენაირად დავეხმაროთ". ისინი სოფელში გეოლოგების ასვლასაც ითხოვენ.

"სანამ მიწა არ დაგვმარხავს, მანამდე არ დაგვეხმარება მთავრობა", _ ამბობს დიასახლისი, რომელიც მხარდასაჭერად შეკრებილ მეზობლებს ყავას უხარშავს. ღუმელი სახლის იმ ნაწილში უდგას, რომელიც ჯერ კიდევ არ დანგრეულა. მასპინძელი სტუმრებს ხის მაგიდასთან ეპატიჟება. მაგიდასთან კედელზე პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოა გაკრული წარწერით _ "საქართველო სიღარიბის გარეშე".

"მთავრობა იცვლება, მაგრამ ჩემი დამხმარე კაცი არაა, _ ამბობს ბატონი უშანგი. - ამას რომ ვამბობ, ზოგი ოპოზიციონერს მეძახის, მარა არაა მასე, ჩემი პრეზიდენტის სურათი აგერ მაქვს გაკრული".

წელს, აჭარაში, სექტემბერ-ოქტო¬მბერში მეწყერმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში ჩავლეიშვილების ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა, სოფელ ახალსოფელში _ ერთი, ქობულეთში, სოფელ ხალაში კი _ ექვსი ადამიანი.
ხერთვისში, უშანგი ბერიძის სოფელში, სულ 45 კომლი ცხოვრობს. აქ ამბობენ, რომ რამდენიმე ეროზირებული ოჯახი მთავრობამ უკვე დააკმაყოფილა. ამჟამად საფრთხე მხოლოდ სამ ოჯახს ემუქრება. ერთი სახლი უკვე დაინგრა, ორი ოჯახიც მეწყრის შიშით ცხოვრობს.

თანასოფლელების თქმით, გადაუდებელი დახმარება დავით გვიანიძის ოჯახსაც ესაჭიროება, რადგან მისი სახლის ქვეშაც წყალი დგას ანუ ყოველი გაწვიმება შეიძლება მსხვერპლით დასრულდეს.

ბერიძეების ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა II კატეგორიაში იყო. ამ კატეგორიაში ხვდება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია იმდენად, რომ საცხოვრებლად გამოუსადეგარია; სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. ამჯერად კი, ბერიძეები, ფაქტობრივად, I კატეგორიაში (სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად) აღმოჩნდნენ.

დაზარალებულებს განსახლებას სხვა რეგიონში სთავაზობენ
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოად¬გილის ირაკლი ბარამიძის განცხადებით, ბერიძეების ოჯახის შესახებ ინფორმაციას მანამ არ ფლობდნენ, ვიდრე ამის შესახებ "ბათუმელებმა" არ აცნობა. ყოველ შემთხვევაში, სამინისტროში დაზარალებულთა ოჯახის შესახებ არც ვინმეს უცნობებია და არც განცხადება არ შესულა.

ირაკლი ბარამიძე, რომელიც დაზარალებულთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წევრიცაა, აცხადებს, რომ თუ აღნიშნულ ოჯახს სურვილი ექნება, ჯანდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოში უზრუნველყოფს ბინით: "კონკრეტულად, ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია საცხოვრებელი სახლები, ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონებში, სადაც ეკომიგრანტი ოჯახები უნდა შევასახლოთ. რაც შეეხება მიწის მონაცვლეობას, ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია".

დაზარალებულთა მხრიდან თანხმობის შემთხვევაში ოჯახის სხვა რეგიონში ჩაყვანას სამინისტრო უზრუნველყოფს, ანუ გაიღებს ტრანსპორტირების ხარჯებს. "ეკომიგრანტები ადგილზე დამკვიდრებისთვისაც მიიღებენ თანხას. თუმცა, ეს თანხა დაკონკრეტებული არაა _ შეიძლება 700 ან 1000 ლარი იყოს ", _ აცხადებს მინისტრის მოადგილე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფელ ხერთვისში დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ამ დღეებში ადგილზე შეისწავლიან.

"წინასწარ არ ვიცით რამდენი დაზარალებული გვეყოლება. გარკვეული თანხა დაზარალებულებისთვის ყოველთვის არის მიმართული, გნებავთ ბიუჯეტიდან, ან სარეზერვო ფონდიდან"_ აცხადებს ბარამიძე _ გაზაფხულზე სამთავრობო კომისია აჭარის ყველა სოფელში მონიტორინგს ჩაატარებს. მუნიციპალიტეტის, საკრებულოს თავმჯდომარეები და სოფლის რწმუნებულები გვაწვდიან ინფორმაციას დაზარალებულთა შესახებ, შემდეგ ამ ინფორმაციის საფუძველზე ყველა გამგეობაში მივდივართ და ვამოწმებთ დაზარალებულებს".

კითხვაზე, ვის ეკისრება დაზარალებულთა სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, მინისტრის მოადგილე პასუხობს: "ვისაც ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული ოჯახის შესახებ, ვფიქრობ ნაწილობრივ ყველას".

აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თუ პრევენციული ზომების გასატარებლად მიზნობრივი პროგრამები დაფინანსებული არ ყოფილა. შესაბამისი ხარჯები არც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი.
`სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების ფონდი¬სთვის~ 746 000 ლარი მხოლოდ 2007 წლის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, ანალოგიური ფონდი კი მიმდინარე წლიდან აღარ არსებობს.
აჭარის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სარეზერვო ფონდში 1,5 მილიონი ლარია გაწერილი.

ფასები მთის კურორტებზე– შევძლებთ თუ ვერა დასვენებას?

ექიმები ამბობენ, რომ აჭარის ზღვისპირა ზოლში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მთებში გასვლა, თუნდაც ორი კვირით, აუცილებელია. ბათუმელებისთვის ბაკურიანი და გუდაური ყველაზე სასურველი კურორტებია, თუმცა ამ კურორტებზე დასვენება, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაძვირდა.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები

ბათუმში ნესტიანობა განსაკუთრებით ზამთრობით მატულობს. ამ გარემოდან თუნდაც ათი დღით გაცლა, სასურველი სწორედ ამ სეზონზეა. `აჭარა მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, ამიტომაც, როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს, მშრალ ჰავაზე ყოფნა მინიმუმ ორი კვირით სჭირდებათ. თუ ბავშვს ბრონხიალური ან ალერგიული დაავადებები აწუხებს, მას მშრალი მთის ჰავა გადაუდებლად ესაჭიროება", _ ამბობს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ექიმი, ნინო კვაჭაძე.

ბაკურიანსა და გუდაურში დასვენება იაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ წელს ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. შარშან სასტუმრო `ვილა ბაკურიანი~ დამსვენებელს ასეთ პირობებს სთავაზობდა: ორადგილიანი ნომერი _ 80 დოლარი; ლუქსი _ 150 დოლარი (სამჯერადი კვებით); ახლა ორადგილიანი _ 140 დოლარი; ლუქსი _ 180 დოლარი (შვედური სამზარეულოთი) ღირს.

წელს, ბაკურიანსა და გუდაურში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებს ლარის დევალვაციამ და ბუნებრივი აირის გაძვირებამაც პრობლემები გაუჩინა. ერთი კუბ/მეტრი ბუნებრივი აირი ბაკურიანში 81, ხოლო გუდაურში 71 თეთრი ღირს. ამის შედეგია, რომ სასტუმროს მეპატრონეებმა ნომრები, სულ მცირე, 20 ლარით გააძვირეს.

ქალბატონი ნატო, რომელსაც ბაკურიანში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს, ამბობს, რომ მის სასტუმროში ერთი ადამიანის ღამის გათევა, კვების გარეშე, 35 ლარი ეღირება, ხოლო კვების ჩათვლით _ 60 ლარიდან (კვებას გააჩნია). ბაკურიანში იმედი აქვთ, რომ წელს ტურისტები მაინც ეყოლებათ.

ტურსააგენტოების ინფორმაციით კი, მოთხოვნა მთის კურორტებზე, ჯერჯერობით დაბალია. ბათუმში არსებული სააგენტო "ჯემინის" დირექტორის, ლია რომანაძის თქმით, მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.

იგივეს ამბობს სააგენტო "ხინოს" წარმომადგენელი, გია ჭანკურაძეც: "მთის კურორტებიდან ბათუმში მოთხოვნა, ძირითადად, ბაკურიანზეა, მაგრამ წელს არავის მოუმართავს. ამის მიზეზი ფასებია".

ბათუმელი ნანა ცეცხლაძე ბაკურიანში წასვლას ყველაფრის მიუხედავად გეგმავს: "იქ ყოველ წელს დავდივარ და ვიცი, რა ფასებიცაა, მაგრამ ეს ჩემთვის აუცილებელია. დღევანდელ პირობებში გართობის მიზნით წასვლა თითქმის შეუძლებელია".

მარიამს ბრონხული პრობლემები აქვს. ელენეს, ბავშვის დედას, შვილის ზაფხულში სურამში, ხოლო ზამთარში ბაკურიანი მინიმუმ სამი კვირით დასვენება ექიმმა ურჩია: `სამი კვირით ისეთ ძვირ კურორტზე წასვლა, როგორიც ბაკურიანია, ჩემი ოჯახისთვის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის ეს აუცილებელია. მე უმუშევარი ვარ, ჩემი ქმარი მძღოლია".

ბაკურიანში სერვისი და გართობის საშუალებები ისეთივეა, როგორიც შარშან იყო: საბაგირო გზები, თოვლმავლები და თხილამურები. ვისაც ეს არ იზიდავს, შეუძლია ცხენით ისეირნოს. ბავშვებისთვის კი ციგებისა და პატარა ზომის თოვლმავლების დაქირავებაა შესაძლებელი.
წელს გუდაურსა და ბაკურიანში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტთა 40-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. საგულისხმოა, რომ შარშან, ამავე პერიოდში ბაკურიანს 40 ათასი, ხოლო გუდაურს _ 22 ათასი ტურისტი სტუმრობდა.

2008 წელს, საქართველოში, ერთ მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას გეგმავდნენ, მათი შემოსვლა, ძირითადად, აჭარის ზღვისპირა ზოლში იგეგმებოდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, წელს აჭარაში, ნოემბრის ჩათვლით, 279 162 ტურისტი ჩამოვიდა. 2007 წელს კი აჭარაში 352 085 ადამიანმა დაისვენა, აქედან 112 299 უცხოელი იყო.

გუდაური _ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარე კურორტი, სიმაღლე, ზღვის დონიდან, 2003 მეტრი. აქ თოვლი ნოემბრიდან მაისის თვის ჩათვლით დევს. ფერდობებზე თოვლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.

ბაკურიანი, სამთო-სათხილამურო კურორტი, ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. აქ უნიკალური მთის კლიმატია. კურორტის სიმაღლე 1700 მეტრი, ფერდობის მაქსიმალური სიმაღლე _ 2850 მეტრი, საბილიკო გზა _ ხუთი კილომეტრია.

ადლიის სანაპირო ზოლში ბულვარი გაკეთდება

მომავალ წელს, ადლიის სანაპირო ზოლში მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდებათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ბათუმში ჩაასახლებენ. ამ ტერიტორიაზე ბულვარის გაგრძელება იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან გეგმაში, ამ პროექტს გონიოს სანაპიროც მიუერთდეს.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობას მერიის საბინაო ფონდიდან ექვსი საცხოვრებელი ბინა გადასცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ეს ბინები მთავრობას იმ ოჯახების დასაკმაყოფილებლად სჭირდება, რომლებიც მომავალი წლიდან, ბულვარის გაგრძელების პროექტის გამო, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დატოვებენ.

საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხის ირგვლივ დასაბუთებულ ინფორმაციას ითხოვდა: `ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად ამ ოჯახებს გადაეცემა თუ არა ეს ბინები. მოგვეცით ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ოჯახს ეხება განსახლება და არიან თუ არა ისინი თანახმა".

ოპოზიციის ამ მოთხოვნას გიორგი კირთაძემ ასე უპასუხა: "ამ ადამიანების განსახლებას აჭარის მთავრობა აპირებს. სიასთან დაკავშირებით მას მიმართეთ".

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არქიტექტორის, ედნარ მამულაიშვილის ინფორმაციით, ადლიის სანაპირო ზოლი ახალი პროექტით, ბათუმის საზღვრებში მოექცევა. "ამიტომ პროექტის გეგმაც ბათუმის მერიას უნდა ჰქონდეს. ჩვენთან ეს საკითხი არ განიხილება".
აჭარის მთავრობას ამ ინფორმაციის მოთხოვნით "ბათუმელებმა" მიმართა. მთავრობის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ მოცემულ ეტაპზე "აჭარის არ მთავრობის აპარატში არ არის დაცული ინფორმაცია, თუ რა საცხოვრებელი ბინები გადაეცა ბათუმის საკრებულოს მიერ აჭარის მთავრობას მოქალაქეთა განსახლებისთვის. თუკი თვითმმართველი ბათუმის საკრებულოში, მერიაში ან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში (აჭარის არ ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილ ორგანოში) მოიპოვება თქვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, უნდა მიმართოთ აღნიშნულ ორგანოებს".

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჰენრი სანიკიძე ადასტურებს, რომ ეს ბინები ნამდვილად გადაეცა აჭარის მთავრობას. თუმცა, რამდენ ოჯახს შეეხება განსახლება და როდის დაიწყება პროცესი, ინფორმირებული არ არის: `ეს იმის მიხედვით მოხდება, როცა დაზუსტდება ყველაფერი და ოფიციალურად გამოქვეყნდება პრესაში".

ჰენრი სანიკიძის განცხადებით, ბულვარის გაგრძელების პროექტი დამუშავების პროცესშია, ამიტომ რამდენ ოჯახს მოუწევს საცხოვრებლის დატოვება, ზუსტი მონაცემი არ არსებობს: `თუ ეს ბინები საკმარისი არ აღმოჩნდა, სხვა რეზერვი გამოინახება. ჯერჯერობით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ ვისაუბრებ".

ადლიის ზღვისპირა ზოლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის, თუმცა გაფართოების შემდეგ, ის ბათუმის საზღვრებში მოექცევა. ამ ზოლში ათობით ოჯახია დასახლებული. შესაბამისად, ამ ოჯახებს, საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზეც მოუწევთ უარის თქმა. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კი, ტურიზმია.
კახაბრის საკრებულოს თავმჯდომარის (ამ საკრებულოში შედის ადლიაც), თენგიზ თავდგირიძის თქმით, შესაძლებელია, განსასახლებელთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. `პროექტს არ ვიცნობ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, სანამდე გრძელდება ბულვარის გაფართოება".

"როგორც ვიცი, ბულვარის პროექტი მხოლოდ ადლიის სანაპირო ზოლს მოიცავს და გონიოზე არ ვრცელდება", _ ამბობს გონიოს საკრებულოს თავმჯდომარე, როინ ჯაფარიძე. ამ ინფორმაციას ჰენრი სანიკიძეც ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ "პერსპექტივაში ყველაფერია შესაძლებელი. ამ ეტაპზე ნებისმიერი ვარიანტი განიხილება".

ნავთობი, წყალი და ნაგავი- ეკოსაფრთხეები ერთი უბანში

ნავთობის სუნი, დაბინძურებული მდინარე და ძლიერი წვიმის შიში _ ეს ბათუმის ერთი პატარა ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებია. დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრები ორმოცდაათამდე ოჯახის ჯანმრთელობა და საყოფაცხოვრებო პირობები საფრთხის წინაშე დგას. მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის კვლევის შედეგებს ელოდება, აჭარაში კი შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

ნავთობის სუნი
"ყელში რომ ჩაგაფრინდება, ასე გგონია,
გახრჩობს..."
ბარცხანაში, დიმიტრი ბაქრაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დილაობით ფანჯარას არავინ აღებს. ბაქრაძის ქუჩიდან ორმოცდაათამდე მეტრში მდებარე ნავთობ-ტერმინალიდან გავრცელებული სუნი ქუჩის მცხოვრებლებს თავბრუს ახვევს. ამ ქუჩასთან ტერმინალი ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს, მაგრამ აქ მცხოვრებთა თქმით, ნავთობპროდუქტების ასეთი ძლიერი სუნი არასდროს ყოფილა.

ნავთისა და ნავთობპროდუქტების სუნი ქუჩაზე პერიოდულად დგას, ძირითადად, დილაობით და შაბათ-კვირას.
ნავთობის სუნი მიმდებარე ქუჩებზეც აწუხებთ, მაგრამ ბაქრაძის ქუჩას ტერმინალისგან მხოლოდ მდინარე ბარცხანა ჰყოფს, ნავთობის მილების ერთი ნაწილი ამ ქუჩაზე გადის და სუნი ყველაზე მძაფრად აქ იგრძნობა. არქივის მონაცემებით, ეს უბანი 1926 წლიდან აღებაშია.

ეკა გოგიბერიძე: "ვის ჰყავს პატრონი, რომ გაარკვიოს, რამდენად მოქმედებს ნავთობის სუნი ჯანმრთელობაზე... რამდენიმე თვეა ალერგიული ხველა დამეწყო, საჭმელს დილით ვერ შეჭამ, რამდენიმე ბავშვს ასთმა დაემართა. ყველას ექიმთან მისვლის საშუალება არც აქვს".
ეკა გოგიბერიძე ამბობს, რომ ხუთი წლის შვილი სოფელში წაიყვანა, სუნს მოარიდა. მისი თქმით, ნავთობის სუნის გამო ბავშვს ჭამა უჭირს.

აქაურებმა მერიასა და გარემოს დაცვას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ნინო ყურშუბაძე: `დილით ფანჯარას ვერ გააღებ, პირიქით, უნდა დახურო, სუნი სახლში რომ არ შემოვიდეს, ეს დიდზეც მოქმედებს და ბავშვზე მით უფრო. ყელში რომ ჩაგაფრინდება, ასე გგონია, გახრჩობს".

აკაკი ქორიძე: "დილით და შაბათ-კვირას უნდა ნახოთ რა სუნია, როცა ნავთს ქაჩავენ მილებით. კბილების პრობლემა დამეწყო, ექიმი მეუბნება, რომ ამის მიზეზი შეიძლება ეს სუნიც იყოს".

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ `ბათუმელებთან~ დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რამდენიმე წლის წინ იგი გამოკვლევებს ატარებდა და დადგინდა, რომ ბენზე-ბარცხანას დასახლებაში მცხოვრებთ ხშირად უმწვავდებათ ბრონქული ასთმა და სხვადასხვა ალერგიული დაავადებები. ვახტანგ ბერიძე: "ნავთობპროდუქტების სისტემატურად ჩასუნთქვა კონიუქტივიტს, ბრონქოსპაზმსა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. შესაძლებელია, ეს ასთმის მაპროვოცირებელიც გახდეს, ან უკვე არსებული დაავადება გაამწვავოს. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების მძაფრმა სუნმა შეიძლება ნერვული სისტემაც დააზიანოს".

რამდენიმე კვირის წინ ამ უბანში ეკოლოგიური ინსპექციისა და ტერმინალის თანამშრომლები მივიდნენ. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის ტერმინალიდან მომდინარე სუნი.
გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ტერმინალზე შემოტანილი ნავთობპროდუქტების ხარისხსა და მასში ქიმიური მინარევების დონეს ტერმინალი სწავლობს და შედეგებს გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობებს. აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი გიორგი ერმაკოვი: "ტერმინალმა სიტუაციის შესასწავლად დრო მოითხოვა. ლაბორატორიულ ანალიზს დამოუკიდებელი ექსპერტიც ატარებს. ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე გადავწყვეტთ, დარღვეულია თუ არა უსაფრთხოებისა და სანიტარული დაცვის ნორმები".

გიორგი ერმაკოვმა "ბათუმელებთან" ხაზი გაუსვა იმას, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია პრობლემას არ გაურბის, მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელიც მათ მუშაობას აფერხებს. კერძოდ, აჭარაში არ არის ლაბორატორია, სადაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოიკვლევენ. შესაბამისად, ჰაერის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საშუალება მხოლოდ ტერმინალის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
გიორგი ერმაკოვის განცხადებით, აჭარის გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებს და ლაბორატორიის ჩამოტანა რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

ეკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია `ჭაობის~ თავმჯდომარე იზო მაჭუტაძე ამბობს, რომ ტერმინალიდან ნავთობპროდუქტების სუნის გავრცელება უკვე დარღვევაზე მიუთითებს. დადგენილი ნორმების დაცვის შემთხვევაში სუნი არ უნდა ვრცელდებოდეს: `ჩვენს ქვეყანას აქვს გარემოს დაცვის კარგი პრინციპები, მაგრამ რიგ შემთხვევებში კანონი ვერ მუშაობს. თუ ტერმინალთან ახლოს მცხოვრებლები დაამტკიცებენ, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, შეუძლიათ კომპენსაცია მოითხოვონ".

წყლის სტიქია
"ეზო არასოდეს შრება, გუბეებში კი ნავთი
ტივტივებს..."
ნავთობის სუნი ერთადერთი არ არის, რაც ბარცხანის დასახლებაში აწუხებთ. სამი თვის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ბარცხანა ადიდდა და წყალმა ეზოებსა და სახლებში შეაღწია. აქაურებს მდინარის მსგავსი ადიდება არ ახსოვთ. წყალმა ქვის ჯებირები ჩამოშალა და ეზოში სათავსოები დააზიანა.
ეთერ ქამადაძე: "ისედაც ბრონხები მაწუხებს, თან ნავთის სუნი, თან წყალი... სახლი ნახევრად წყალში დგას, აქ არ იცხოვრება. ჩემს ეზოში წყლის მილია გახეთქილი მიწის ქვეშ. ეზო არასოდეს შრება, გუბეებში კი ნავთი ტივტივებს..."

გიმა ჩახოიანი მდინარის პირას ცხოვრობს. მის ეზოში ნავთობის მილები გადის, რომელთაც ნავთობის გადაქაჩვისას ცეცხლსასროლი იარაღის ხმა აქვს. სუნისა და ხმაურის გარდა ქალბატონ გიმას ახლა მდინარის ადიდებისაც ეშინია: `ერთხელ კიდევ რომ ადიდდეს, წყალი ყველაფერს წაიღებს, სახლს დაანგრევს. ნიაღვრის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა აქაურობას. მერია 250 ლარით დაგვეხმარა დაზარალებულებს, მაგრამ... არ ვიცი, რაზე ვიფიქრო _ წყალზე, ნავთის სუნსა თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე".

ლალი შეროზია ამბობს, რომ მის ეზოში წყალი წელამდე იდგა და იქაურობა სახანძრო სამსახურის მანქანებით გაწმინდეს: "წყალმა ეზოს ღობე გამოანგრია, ეზოში წელამდე წყალი იდგა, სახლებში შეაღწია, პირველი სართულები დატბორა. მეზობლების `ქუხნები~ წაიღო, ჩვენი სასწაულის წყალობით გადარჩა".

"ბათუმელებთან" მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნეს, რომ ქალაქის მერია ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი ღონისძიებების გატარებასაც გეგმავს. თენგიზ პეტრიძე, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე: "სანიაღვრე არხი ბოლომდე უნდა გაიწმინდოს და გაღრმავდეს, რომ წვიმის შემთხვევაში წყალი ქუჩაზე არ გადმოვიდეს. თუ საჭირო იქნება, ჯებირებსაც გავამაგრებთ, მაგრამ სათავსოები მდინარის პირასაა გაკეთებული. კანონით, მდინარესთან ასე ახლოს დამხმარე ნაგებობების აშენება იკრძალება, მაგრამ ხალხს ამის გაგონება არ უნდა".

მოსახლეობის განცხადებით, მხოლოდ სანიაღვრე არხის გაწმენდა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ჯებირების გაუმაგრებლობის შემთხვევაში ძლიერი წვიმა რამდენიმე საათში გაავსებს არხს და სახლები ისევ დაიტბორება.

ნაგავი
მდინარე, რომელშიც პირუტყვის ლეში აგდია,
ზღვაში ჩაედინება
ქუჩაზე, სადაც ორმოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს, არც ერთი ნაგვის ურნა არ დგას. მოსახლეობის ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრის. ტერმინალის მილები ნაირფერი პარკებითაა მორთული. ნაგავი კი მდინარეს მიაქვს, რომელიც დაახლოებით ნახევარ კილომეტრში ზღვაში ჩაედინება.

ბარცხანის სანაპირო ზოლი ზაფხულში დამსვენებლებითაა სავსე. თავად ბარცხანის მოსახლეობა აქ საბანაოდ არ დადის, რადგან იციან, რომ დაბინძურებული მდინარის წყალი პლაჟის მახლობლად ჩაედინება ზღვაში.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა მდინარეში მკვდარ ცხოველებსაც ნახავთ. რეპორტაჟის მომზადებისას `ბათუმელების~ ფოტოობიექტივში მდინარეში ჩაგდებული ბატკნის ლეში მოხვდა. ბაქრაძის ქუჩაზე ეს არ უკვირთ, აქ ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ხშირია. ქუჩისაგან საკმაოდ მოშორებით ცხოველების ბაზრობა იმართება და გარდაცვლილ პირუტყვს მოვაჭრეები პირდაპირ მდინარეში ყრიან.

მომავალი წლისთვის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები გარემოს დაბინძურების წყაროების აღმოფხვრა, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ეკო-ტურიზმის განვითარებაა. იმავე ბიუჯეტის პროექტში ისიც არის აღნიშნული, რომ მომავალ წელს არ დაფინანსდება ატმოსფერულ ჰაერსა და წყლებზე მონიტორინგის მიზნობრივი პროგრამა. როგორ განხორციელდება აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები და რამდენად აისახება ეს ერთი კონკრეტული ქუჩის მაგალითზე, ამას "ბათუმელები" 2009 წლიდან მიადევნებს თვალს.

არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება

"იმის თქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, იმის მიუხედავად, დამნაშავეა ის თუ არა, აუცილებელი იყო, როცა როინ შავაძე მოკლეს"; "საზოგადოებას თავისი აზრი აუცილებლად უნდა გამოეხატა, როცა ჩინოვნიკი ნარკოტიკზე დააკავეს და ისევ თანამდებობაზე დატოვეს"; "საზოგადოება აუცილებლად უნდა შეკრებილიყო პარლამენტის წინ, რადგან დეპუტატებს რეაგირება არ ჰქონოდათ სახალხო დამცველის ანგარიშზე, რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი".

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ზემოთ ჩამოთვლილი მესიჯები ბათუმში მოქმედ არასამთავრობოებს ეკუთვნით. ამ სექტორში აღიარებენ, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივობამ იკლო. არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის~, თავმჯდომარე ლელა გაფრინდაშვილის აზრით, საზოგადოებას მკაფიოდ ვერ წარმოუდგენია, სად არის მისი ადგილი. "საზოგადოების ავტონომიურობა კი, სოციალური პროტესტის არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, დღეს სამოქალაქო და პოლიტიკურმა სექტორმა როლები გაცვალეს, რაც საზოგადოების აქტიურობას ხელს უშლის: "ხალხის თანამშრომლობა პოლიტიკოსებთან რაღაც დოზით დასაშვებია, მაგრამ მათთან ფარული ალიანსები სამოქალაქო საზოგადოების საქმე არ არის".

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით კი ეს როლი მათ პოლიტიკოსებს დაუთმეს. "იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა ასოცირებულნი ვიყოთ მათთან, _ აცხადებს "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, გენო გელაძე. - ნებისმიერი სამოქალაქო აქტივობის დროს პოლიტიკური სახეები წინა რიგებში დგებიან და ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ადებენ".

გელაძე გარკვეულ ბრალს ამაში მედიასაც სდებს: `ავიღოთ თუნდაც ხელვაჩაურის მიწების ამბავი. აქცია ნამდვილად არ იყო პოლიტიკოსებისგან მართული, მაგრამ ჟურნალისტებმა მაინც პოლიტიკური სახე ჩაწერეს და აჩვენეს, რომ თითქოს ყველაფრის ინიციატორი ისინი იყვნენ".
გელაძეს მიაჩნია, რომ არც ერთ საზოგადოებრივ აქტივობას, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გამოიხატა, საქართველოში შედეგი არ ჰქონია: "შესაბამისად, ჩვენც და მოსახლეობაც შევეგუეთ იმ სტერეოტიპს, რომ აქციებით არაფერი მიიღწევა".

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის თქმით, "თუ აქციაზე ჩემთან ერთად პოლიტიკოსიც დგას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იდენტური ვართ".

ჩარკვიანის აზრით, ეს პრობლემა იმ განცდით არის გამოწვეული, რომ თუ ხელისუფლებაში არ მოხვალ, ისე ვერაფერს შეცვლი. "რაღაც გაორებულ რეალობაში ვცხოვრობთ, _ ამბობს იგი. _ დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, ენჯეო სექტორის თუნდაც ლოკალური მუშაობით, საზოგადოება სრულად მიიღებს იმ ინფორმაციას, რაც მას უფლებების დასაცავად სჭირდება. თუ ხელისუფლება ხალხს აზრის გამოხატვის საშუალებას აღარ მისცემს, ეს განცდა აუცილებლად გადაიქცევა დიდ სამოქალაქო აქტივობაში".

ჩარკვიანის აზრით, ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად "წერტილოვანი დარტყმებიც" მნიშვნელოვანია. "ეს შეიძლება იყოს ყველა მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, რაზეც საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაქცია".

"წერტილოვანი დარტყმების" მომხრეა "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი, ირაკლი ანანიძეც. მისი აზრით, საზოგადოებრივი აქტივობა იმიტომ გახდა არაეფექტური, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებმა იმატა: `იმდენად მიეჩვია საზოგადოება ასეთ ამბებს _ "ნარკოტიკზე აიყვანეს", "იარაღი ჩაუდეს", "მოკლეს", რომ აქტივობა ნიჰილიზმში გადაიზარდა".

ანანიძის აზრით, აქტივობას ზოგჯერ ხელს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობაც უშლის: "როცა შავაძე მოკლეს, საზოგადოებას უნდა ეთქვა, რომ სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია, მაგრამ ვშიშობდით არ გვევნო ქვეყნისთვის, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, შეიძლებოდა პროტესტი ბადრი ქაჯაიასთან დაკავშირებით გამოგვეხატა, რომელიც ხალხის ხარჯზე მაღალ ხელფასს იღებდა, ნარკოტიკზე დააკავეს, მაგრამ ისევ მუშაობს".
არასამთავრობოები აღიარებენ, რომ მათ კოორდინირებული მუშაობა აკლიათ, რაც ხალხისა და სამოქალაქო სექტორის ერთიანობას აფერხებს.

ბათუმელი მცირე მეწარმეების ბიზნეს-რისკები

კონკრეტულ ევროპულ საფირმო მაღაზიებს თუ არ ჩავთვლით, ბათუმში საახალწლო ფასდაკლებები არ არის. როგორც მცირე მეწარმეები აცხადებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენთან მაღაზიების უმეტესობა გაკოტრების პირასაა მისული.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები

მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მაღაზიებში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ფასებმა მოიმატა კიდეც. ამის გამომწვევ მიზეზად საქონლის შემოტანის პროცედურების გართულება სახელდება. ტანსაცმლით მოვაჭრეები, ტვირთს, ძირითადად, თვითმფრინავით ეზიდებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, 21 ნოემბრამდე ამ გზით შემოტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადებს არ იხდიდნენ, ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა.

როგორც მარიამ ქართველიშვილი ამბობს, გაუგებრობაში პირველად 20 ნოემბერს მოყვა. თვითმფრინავიდან ჩამოსულს ფინანსურმა პოლიციამ ბარგი ჩამოართვა: `ფინანსური პოლიცია აეროპორტს დაეცა და 21 ნოემბერს ყველა მოვაჭრეს ტვირთი ადლიაში განაბაჟებინა".

აეროპორტში ამოქმედებული განბაჟების პროცედურის შედეგად გაზრდილ ფასებსა და ვაჭრობის შემცირებაზე საუბრობენ ბაზრობებზეც. სავაჭრო ცენტრ `მოსკოვში“ დასაქმებულ როენა ერქომაიშვილს ტანსაცმელი სტამბულიდან დიდი ხანია ჩამოაქვს: `აქამდე თვითმფრინავის ბილეთის ფასში 30 კილო ბარგი შედიოდა. ახლა ამ ტვირთის განბაჟებასაც ითხოვენ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დამამცირებელია ჩვენს საბაჟოზე პროცედურის გავლა. ისეთი დამოკიდებულება აქვთ, თითქოს რაღაც მოპარული მოგაქვს“.

ამავე სავაჭრო ცენტრის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ამბობს: `ბათუმი-სტამბულის რეისი მოსახერხებელი იყო, რადგან 30 კილოგრამი ტვირთი უფასოდ, ყოველგვარი განბაჟების გარეშე მომქონდა. ახლა 250 ლარი ბილეთში უნდა გადავიხადო, თან ტვირთიც უნდა განვაბაჟო. ამიტომ მირჩევნია ავტობუსით ვიმგზავრო, 90 ლარი დამიჯდება".

ფასების გაზრდასა და მის თანმდევ პრობლემებზე ყურადღებას როენა ერქომაიშვილიც ამახვილებს: `მგზავრობა ძვირი ჯდება. აქაც, ქირის ჩათვლით, უამრავი გადასახადია. ამდენ თანხას ხარჯავ და გამოდის, რომ პურის ფულიც არ გრჩება, სახელწიფოსთვის მუშაობ. საბაჟოზეც მახრჩობელა სიტუაციაა. ადამიანებს ცუდად ექცევიან. ვფიქრობ, საბაჟოზე კონკრეტული გადასახადი უნდა დაწესდეს და კანონდარღვევებიც აღარ იქნება".
აეროპორტში განბაჟების პროცედურის ამოქმედების შედეგად ფასების ზრდაზე საუბრობენ ე.წ. ხოფის ბაზრობასა და ზ. გამსახურდიას (ყოფილი ორჯონიკიძის) ქუჩაზე მდებარე მაღაზიებშიც. აქ დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ მაღაზიებში ვაჭრობა აღარაა: "ადრე ჩამოტანილ საქონელზე ფასები იგივეა, მაგრამ ახლა საქონლის შემოტანა გაძვირდა, ფასები გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა".

მცირე მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ზუსტად იმ ფასებში წარმოებს განბაჟება, რა ფასადაც თვითონ ყიდიან საქონელს. `მაგრამ როცა ვერ ვყიდი საქონელს, მაშინ რა ვქნა?~ _ ამ კითხვას ქართველიშვილი სვამს.
ბათუმის აეროპორტის საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირები ამბობენ, რომ კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ (შესაბამისად, ვინაობას ვერ ვასახელებთ). მათ არაოფიციალურად აგვიხსნეს, რომ აეროპორტის საბაჟო სამსახური მისი გახსნის დღიდან ფუნქციონირებს და საბაჟო კონტროლი ყოველთვის მკაცრად ტარდებოდა. `ახლა, უბრალოდ, კონტროლი გაძლიერდა, რადგან ნარკოტიკის დიდი ოდენობის შემოტანის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება განბაჟებას, შემოსული საქონელი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, სპეციალურ მანქანაში თავსდება, შემდეგ ეს მანქანა ილუქება და ტვირთი მეპატრონეს იმ ტერმინალში მიაქვს განსაბაჟებლად, სადაც მას ურჩევნია, მაგალითად, ადლიაში ან სადმე სხვაგან~, _ ამბობს აეროპორტის საბაჟოს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.

ე.წ. ხოფის ბაზრობის, სავაჭრო ცენტრ `მოსკოვისა~ და გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ მაღაზიებში დასაქმებული `ბათუმელების~ მიერ გამოკითხული მცირე მეწარმეები ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისინი თავიანთი ბიზნესის შეფერხების მთავარ მიზეზს არა ეკონომიკურ კრიზისით, არამედ `აეროპორტში დაწყებული განბაჟებით~ ხსნიან.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე რამდენად ახდენს გავლენას, ცალკე თემაა. თუმცა, ერთი რამ მაინც საინტერესოა. რა კეთდება იმისთვის, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მუშაობა შეძლონ?

ეკონომისტი დავით ირემაძე არსებულ მდგომარეობას მთლიანობაში ასე აფასებს: `მომხარებელმა ყველა სფეროში იკლო. ამას ახლავს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობაში ფულადი რესურსების შემცირება და სხვა. ეს, საერთო ჯამში, არსებული ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული".