div#header

Friday, October 31, 2008

ავადმყოფი ბავშვის მამა მეორე დღეა შიმშილობს

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}

16 წლის ჯაბა მურვანიძის მშობელი, გოგიტა მურვანიძე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობის წინ მეორე დღეა შიმშილობს. იგი ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო თანხას ითხოვს, რომელსაც აჭარის ხელისუფლება შეჰპირებია.

”ოპერაცია გერმანიაში უნდა გაკეთდეს და 40 ათასი ევრო ღირს. ჩემი თხოვნით, ოპერაციის ღირებულება 10 ათას ევრომდე შემიმცირეს. თანხის ნახევარს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მაძლევს, ნახევარს კი ლევან ვარშალომიძე დამპირდა, თუმცა მასთან მისვლას ვეღარ ვახერხებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი მეუბებიან, რომ ვინც შემპირდა იმას მიაკითხეთო”, _ აცხადებს მურვანიძე.

მურვანიძე როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც საყვედურობს: ”ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლებაში რომ მოვალ, მერე მოგხედავო. ხელისუფლებაში ვინც არის, ის მხოლოდ დაპირებებს იძლევა”, _ აცხადებს გოგიტა მურვანიძე.

მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე არც ერთი მათგანი არ ფიქრობს. ”ამ ბავშვებს ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტები, კვება... მიკვირს ამ ხალხის, მაგათაც ხომ ჰყავთ ოჯახები”.

გოგიტა მურვანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს პროტესტს უცხადებს: ”როცა ჯაბას თვალებში ჩახედავენ, იმ ადამიანების სახეები მაინტერესებს, ქვეყნის აშენებას და დამშვენებას რომ გვპირდებიან. თუ ერთი ბავშვის ტრაგედია საკმარისი არ იქნება მათთვის, მაშინ ათეულ ასეთ ბავშვს მოვუყვან და ნახოს საზოგადოებამ, ვინ გვპირდება ქვეყნის გადარჩენას”.

ლევან ვარშალომიძე კანონს არღვევს - უსკოს ახალი წესები

{ლელა დუმბაძე/ გაზეთი ბათუმელები}

”აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არალეგიტიმურია”, _ აცხადებენ ”რესპუბლიკელები”, რადგან კანონი, რომლითაც არჩევნები ტარდება, უმაღლეს საბჭოს არ მიუღია. ”საკანონმდებლო პროცედურის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა, რადგან გადაწყვეტილებას იღებს არა აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, არამედ უმაღლესი საარჩევნო კომისია”, _ აცხადებს მურმან დუმბაძე.

ახალი დადგენილება სახელისუფლებო პრესაში გამოქვეყნდა და ხელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე აწერს. დადგენილების მიხედვით, პოლიტიკური პარტია, რომელიც ხუთ პროცენტიან ბარიერს გადალახავს, უმაღლეს საბჭოში ერთ წარმომადგენელს შეიყვანს.

აჭარის უმაღლესი საბჭო 18-კაციანი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელშიც ექვსი მაჟორიტარი იქნება წარმოდგენლი. ამიტომ, ამ რაოდენობის წარმომადგენლობით ორგანოსთვის, ხუთ პროცენტიანი ბარიერის დაწესება დაუშვებელია, ანუ უმაღლეს საბჭოში ერთი ადამიანის შესაყვანად ნებისმიერ პარტიას 8,1 პროცენტი სჭირდება. ”12-ის ხუთი პროცენტი 0,6 პროცენტია, რაც ერთ კაცს არ ნიშნავს. რას აპირებს ხელისუფლება, ნახევარ კაცს შეყვანას?” - კითხულობს მურმან დუმბაძე. დუმბაძის განცხადებით, უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი მაშინ ვერ გათვალა, როცა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში გასამარჯვებლად ხუთ პროცენტიან ბარიერს დაუჭირა მხარი: ”ამ რაოდენობის წარმომადგენლობით ორგანოში დაწესებული ბარიერი შეცდომა იყო. ახლა ამის გამოსწორებას შეეცადნენ, თუმცა უარესი რამ გამოუვიდათ”. დუმბაძის თქმით, ”ამ დადგენილებით ხელისუფლება უმაღლეს საბჭოში სატელიტი ოპოზიციური პარტიების შეყვანას ცდილობს, რადგან ევროპის თვალში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების იმიტაციის შექმნა სურს”.

კანონის დარღვევის გამო, ”რესპუბლიკელებმა” სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოტივით, პროკურატურას მიმართეს.

Wednesday, October 29, 2008

სოზარ სუბარი: 7 ნოემბერს ვაპირებ გავიდე ხალხთან

საქართველოს სახალხო დამცველის პოლიტიკაში წასვლაზე ბოლო დღეებში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია. ამბობენ, რომ სოზარ სუბარი 7 ნოემბერს აქციაზე გავა და პარტიის შექმნის შესახებ გააკეთებს განცხადებას. კიდევ ერთი ინფორმაციით, სუბარი ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებაზე მუშაობს. თავად სახალხო დამცველი, რომელიც უცხოეთიდან გუშინ დაბრუნდა, მის ირგვლივ გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციას არ ადასტურებს. სუბარი ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლას იქამდე არ აპირებს, სანამ სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურება. კანონით კი სუბარი ამ თანამდებობაზე კიდევ ერთ წელს იქნება. `ბათუმელები~ სუბარს პოლიტიკაში წასვლასა თუ 7 ნოემბერთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა:
ნათია როყვა/ ბათუმელები
ფოტოზე: სოზარ სუბარი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე

_ ბატონო სოზარ, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში მიდიხართ და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებთ კენჭისყრას. სიმართლეა?
_ რა თქმა უნდა, ტყუილია.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ ვრცელდება ეს ინფორმაცია?
_ არ ვიცი. შესაძლოა, ბევრს არ მოსწონს, რომ სახალხო დამცველი ვარ. ეს ინფორმაცია უკვე ოთხი წელია ვრცელდება _ ხან ამბობდნენ, რომ გაეროში მივდივარ ელჩად, ახლა იმას ამბობენ, რომ პოლიტიკაში მივდივარ და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ. როცა ჩემი განცხადება არ მოსწონთ ან არ აქვთ პასუხი, მსაგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელებას იწყებენ.
_ რომელიმე პარტიიდან თუ გქონდათ შემოთავაზება?
_ შემოთავაზება არ მქონია, ისე კი ყოველთვის ვთანამშრომლობ პოლიტიკურ პარტიებთან. ახლა სახალხო მოძრაობა ჩამოვაყალიბეთ, რომელშიც პოლიტიკოსები (და არა პარტიები), არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნებიან გაერთიანებული.
ხშირად ამბობენ, რომ სახალხო მოძრაობა სცილდება სახალხო დამცველის ფუნქციებს, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა. მოძრაობის ჩამოყალიბება შემდეგმა გარემოებამ გადამაწყვეტინა: როდესაც ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ელაპარაკები ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიის არარსებობაზე, ხელისუფლება კი არის ყრუ და მუნჯი და არ იძლევა პასუხს, გამოდის, უნდა მიმართო იმას, ვინც ხელისუფლების წყაროა ანუ ხალხს.
ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ დავიცვათ ერთმანეთის უფლებები და ვიბრძლოთ დემოკრატიისთვის. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანაში დემოკრატია არ გვექნება. საქართველოში სახალხო დამცველის არჩევის წესი არსებობს, მაგრამ არ არსებობს გადარჩევის წესი. ეს მანდატი ბევრი ქვეყნის ომბუდსმენს არ აქვს. მაგალითად, შვედეთში პარლამენტს ომბუდსმენის გადარჩევა შეუძლია, მაგრამ შვედეთის ომბუდსმენმა იმის მეათედი რომ თქვას, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს მოხსენებებში, შვედეთში რევოლუცია მოხდება. საქართველოს სახალხო დამცველი სარგებლობს სრული იმუნიტეტით, ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანის უფლებების დასაცავად.
როცა აშკარად ვხედავ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის წყარო არის ხელისუფლება და პოლიტიკური ნებაა, რომ ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, ბუნებრივია, ბოლომდე უნდა გამოვიყენო ის მანდატი, რომელიც კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული. ეს რომ არ გავაკეთო, გამოდის, ცუდი სახალხო დამცველი ვიქნები.
_ ანუ პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავთ?
_ არაფერს არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, გაისად წავიდე ან ათი წლის შემდეგ.
_ 7 ნოემბრის აქციაზე გასვლას თუ აპირებთ?
_ ვაპირებ, გავიდე ხალხთან. შარშანაც ვიყავი, როდესაც უკანონო დარბევა განხორციელდა. სპეცრაზმი სახალხო დამცველის საცემად გამოუშვეს. ცხადია, ახლაც გავალ. ესაა დღე, როცა ქართველმა ხალხმა უნდა აიმაღლოს ხმა ძალადობის წინააღმდეგ. მართალია, მას შემდეგ ომი, სისხლის ღვრა გადავიტანეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 7 ნოემბერი არ გავიხსენოთ _ დღე, როცა ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლა საკუთარი ღირსების დასაცავად.და ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ.
_ ორი დღის წინ პრეზიდენტმა ისაუბრა ერთიანობაზე, ეს თქვენ როგორ გესმით?
_ ჩვენ არა ვართ ცხვრის ფარა, რომელიც ერთიანი უნდა იყოს კომბალმომარჯვებული მწყემსის გარშემო. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ღირებულებების გარშემო. ღირებულებების გარშემო ერთიანობა კი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა ბათუმელი როინ შავაძის მკვლელობის წინააღმდეგ. როცა გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები დაისჯებიან, მაშინ ვიქნებით ერთიანი. ერთიანობა უნდა იყოს იმაში, რომ `იმედი~ დაუბრუნდეს მის მფლობელს და ტელევიზიები პროპაგანდას კი არა, ინფორმაციებს გვაწვდიდნენ. ამ ერთიანობას მივესალმები, თუმცა, როცა ჩვენს საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ, დღეს ამისი იმედი არ მაქვს.


ახალგორი - პროვოკაციის პლაცდარმი

რამდენად რეალურია და რამდენადაა საქართველო მზად ახალი ომისთვის? _ `ბათუმელების~ კითხვებს ასოციაცია `სამართალი და თავისუფლების~ დირექტორი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი, ირაკლი სესიაშვილი პასუხობს:

- იმდენად, რამდენდაც კრემლის პოლიტიკა არ ექვემდებარება ცივილიზებულ ნაბიჯებს და მას, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაც დაემსგავსა, გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის სიღრმეში ოკუპანტების სამხედრო ფორმირებებია შემოჭრილი, საფრთხეები არსებობს და ამ საფრთხეების ნეიტრალიზაცია საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას კვლავაც მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ომში გამარჯვების ჯერ კიდევ სჯერა.
- რა შედეგების მომტანი იქნება მორიგი კონფლიქტი?
ი.ს: თუ კონფლიქტს ქართული მხარე განაახლებს, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს იმიჯს. დასავლეთმა, ფაქტობრივად, ჩვენ სრული ოკუპაციისგან გვიხსნა. თუ ამ შეთანხმებას დავარღვევთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. აღარ ვისაუბრებ იმ ტრაგედიაზე, რომელიც ომის შედეგად შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნისთვის.
- ანუ, ქვეყანა ახალი ომისთვის მზად არაა?
- მზად ნამდვილად ვერ ვიქნებით მრავალი მიზეზის გამო. ვერავინ შეძლებს, ასე უმოკლეს ვადაში ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანად გადაქცევას. ამას სჭირდება ახალი ხელმძღვანელობა, მეტი პროფესიონალიზმი, დრო და რესურსები, რაც ამ ეტაპზე ქვეყანას არ გააჩნია. პირველ რიგში, საჭიროა შეიარაღებული ძალების მართვა ჩაბარდეს პროფესიონალ პირებს, რომელთაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გაუაზრებელ ამოცანებს არ დაუსახავს.
- საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები თუ მიიღო?
- სავარაუდოდ, არა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ძვირი სიამოვნებაა. ამდენად, მოკლე ვადაში მისი გამართვა, მათ შორის ტექნიკურად, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ მხრივ შეიძლება დაგვეხმაროს, აშშ-ია, რომელიც დღეს თავისი არჩევნებით არის დაკავებული.
- თქვენი აზრით, რა იყო ცხინვალის ომის მარცხის ძირითადი მიზეზი?
- 1. ის, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ; 2. ჩვენი ხელისუფლება დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და იმაში, რომ რუსული ბომბები არ ფეთქდება; 3. ჩვენი შეიარაღებული ძალები ასეთი სამხედრო ოპერაციისთვის არ იყო მზად; 4. ჯარს მართავდნენ არაკომპეტენტური პირები.
ამ ომამდე არასწორმა პოლიტიკამ მიგვიყვანა. ხელისუფლებას სჭირდება თუნდაც ერთი მცირე გამარჯვება იმისათვის, რომ მცირე დოზის პოლიტიკური რეაბილიტაცია განიცადოს. ახალგორში არსებული ვითარება პირდაპირ მიანიშნებს, რომ რუსები ამ ტერიტორიას სწორედ რომ პროვოკაციების პლაცდარმად გამოიყენებენ. ნებისმიერ პროვოკაციას კი შეიძლება მორიგი სამხედრო დაპირისპირება მოჰყვეს.
- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ”დასავლეთის მოთხოვნას საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე~, პრეზიდენტი რუსული ტანკების თბილისში შემოსვლის საფრთხეებით პასუხობს.
_ სამწუხაროდ, ყველა შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ კრიზისიდან გამოსვლა, ჩემი აზრით, მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი რეალურად დავიწყებთ დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობას და ამ კონფლიქტების მოგვარებას ასევე ცივილურად შევხედავთ. ჩვენ გვჭირდება დემოკრატია, როგორც გზა სტაბილურობისკენ. სტაბილურობა ნიშნავს ეკონომიკურ გაძლიერებას, ძლიერ ეკონომიკას მოაქვს კეთილდღეობა, ეს ყველაფერი კი ერთად არის გასაღები ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად.
ჩვენ უნდა დავარწმუნოთ აფხაზებიც და ოსებიც, რომ დემოკრატიულ და მდიდარ ქვეყანაში თანაცხოვრება სჯობია იმპერიალისტურ რუსეთთან ყოფნას, და რომ მხოლოდ ერთად ყოფნის პირობებშია შესაძლებელი მათი ეთნიკური ინტერესების რეალური დაცვა. ამ ყველაფრის შეთავაზების დრო დადგება, უბრალოდ, ჩვენ იმ დროისთვის მზად უნდა ვიყოთ.


კინოკამერის მეორე მხარეს- ვიტოლდ სტოკი ბათუმში

საავტორო კინოს ფესტივალი ერთდროეულად ორ კინოთეატრში _ `თბილისსა~ და ”ინტერნაციონალში” მიმდინარეობს. საკონკურსო პროგრამის გარდა საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს ფესტივალის რეტროსპექტივას, რომელშიც ერიკ რომერისა და ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმებია წარმოდგენილი.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
საავტორო კინოს ფესტივალზე ყველაზე ხალხმარავალი დელეგაცია, როგორც წესი, პოლონეთიდანაა. წელს პოლონური კინო ფესტივალზე კიშლოვსკის რეტროსპექტივითა და რამდენიმე საკონკურსო სურათითაა წარმოდგენილი. ჩამოსულ სტუმრებს შორის ქშიშტოფ კიშლოვსკის რამდენიმე ფილმის ოპერატორი ვიტოლდ სტოკიც იყო.

პოლონელი ვიტოლდ სტოკი 1982 წლის შემდეგ ლონდონში ცხოვრობს და, ძირითადად, იქ მუშაობს. ამბობს, რომ ბევრ რეჟისორთან, მათ შორის ჟიურის თავმჯდომარე, პაველ პავლოკოვსკისთანაც უმუშავია. ვიტოლდ სტოკი პავლიკოვსკის ფილმის _ `სტრინგერის~ ოპერატორია:
_ ვერ ჩამოვთვლი რამდენი ფილმი მაქვს გადაღებული, ძალიან გრძელი სია გამოვა. თან ყველა შვილივათაა, არ მინდა მიკერძოებული ვიყო. თუმცა ისეც ხდება, რომ შვილებს შორისაც გიყვარს ერთი უფრო ძლიერად. ჩემთვის ასეთი კიშლოვსკისთან გადაღებული ფილმებია. კიშლოვსკი არ იღებდა სურათს სხვა რეჟისორების მსგავსად. მას საიდუმლოს ჩვენება შეეძლო. მისი გმირები ყოველთვის შინაგანი შეგრძნებების მიხედვით იქცევიან. ეს მას ჰგავს.
_ რამდენად ჰგავდა კიშლოვსკი საკუთარი ფილმის გმირებს?
_ შეიძლება ჰგავდა კიდეც, მაგრამ ის ძალიან გულთბილი ადამიანი იყო. შეეძლო ადამიანების გამოცნობა და დანახვა. არიან რეჟისორები, რომლებიც ეძებენ სენსაციებს, რომ ხალხი მოიზიდონ და გაართონ, მას კი შეეძლო ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც საკუთარ თავში ატარებდნენ რაღაც საიდუმლოს.
_ კიშლოვსკის რომელ ფილმებზე გიმუშავიათ და ადვილი იყო თუ არა მასთან მუშაობა?
_ საკმაოდ ბევრ ფილმზე გვიმუშავია ერთად. ძირითადად, ეს იყო სატელევიზიო, დოკუმენტური ფილმები, რამდენიმე მხატვრული ფილმიც. კიშლოვსკი ძალიან რბილი და ლოიალური ადამიანი იყო, ყველასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, არ სჭირდებოდა განსაკუთრებული ინიციატივის გამოჩენა და `ხასიათის ჩვენება~, ისედაც ყველანი მის ირგვლივ ვტრიალებდით, ასე ბუნებრივად ხდებოდა.
კინოს სამყაროში ბევრი ყალბი ადამიანი ტრიალებს, მათთან ურთიერთობა ძნელია, თუმცა მე ამ მხრივ გამიმართლა, ყოველთვის კარგ რეჟისორებთან მიწევდა მუშაობა.
_ რა განაპირობებს ოპერატორის სამუშაოს სირთულეს?
_ პრინციპში, ყველა კარგ რეჟისორთან მუშაობა ძალიან ადვილია. თუ რეჟისორმა იცის რა უნდა, ყველაფერი ძალიან მარტივია. კარგი რეჟისორი ხედავს გმირს და იცის რა უნდა ოპერატორისგან. როცა თავიდანვე იცი რას აკეთებ, მუშაობა ადვილია.
_ რამდენადაა დამოკიდებული ოპერატორის ნამუშევარი რეჟისორზე?
_ ძნელია ამის განსაზღვრა. ფილმში ხან რეჟისორია ძლიერი, ხან, მსახიობი, კომპოზიტორი, ან ოპერატორი. ხან სამკუთხედია, ხან ოთკუთხედი... არის შემთხვევა, როცა მსახიობი სჯობს რეჟისორსაც და ოპერატორსაც. მაგალითად, თუ სტალონე თამაშობს, არავის აინტერესებს არც რეჟისორი და არც ოპერატორი, იქ სტალონეა მთავარი.
_ არის ფილმები, სადაც ოპერატორია მთავარი?
_ არის ასეთი ფილმებიც, მაგრამ ნაკლებად ცნობილი და მართალი გითხრათ, ასეთი ფილმები არც თუ ისე მომწონს.
_ როგორც წესი, პუბლიკა იცნობს მსახიობს, რეჟისორს, კომპოზიტორს... ოპერატორი კი ხშირად რჩება ჩრდილში. თუ გიფიქრიათ ამაზე და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
_ რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ ეს ფაქტია. ყველა ფილმს აქვს გამოსახულება, რომელსაც ქმნის ოპერატორი, თუმცა მაყურებელი ხედავს მსახიობებს და არა ოპერატორს, ამას ვერ შეცვლი. მთავარი რეჟისორია, ის დირიჟორია და მართავს ორკესტრს, ერთმაც რომ ვერ დაუკრას კარგად, კონცერტი ჩაიშლება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავხდი ოპერატორი. საქმე ის გახლავთ, რომ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ათი წლის ვიყავი, როცა მამამ მაჩუქა კამერა და მას შემდეგ ხელიდან არ გამიშვია. ვიღებდი ყველას და ყველაფერს, ერთი სიტყვით, შემეყარა ვირუსი, რომლისგანაც დღემდე ვერ განვიკურნე. მახსოვს, ჩემი პირველი ფილმიც _ საშინელება იყო.


სკოლების საფრთხე- დაბერებული პროფესია

ვაუჩერულ დაფინანსებაზე, რეპეტიტორსა თუ ”მინუსებიან სკოლებზე”, მასწავლებლების კადრის დაბერების საშიშროებასა და განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე `ბათუმელებს~ ექსპერტი განათლების სფეროში პაატა პაპავა ესაუბრა.

ნათია როყვა/ბათუმელები

_ ბატონო პაატა, სასკოლო განათლების რეფორმას როგორ აფასებთ?
_ სასკოლა სისტემაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის დეცენტრალიზაციის პროცესია. ამაში სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას ვგულისხმობ. ეს, ცხადია, სტრატეგიული თუ ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებისას პრობლემებს იწვევს, მაგრამ უზარმაზარი ძვრაა დემოკრატიისკენ. ვიცი რამდენიმე სკოლა, სადაც ფინანსური დამოუკიდებლობა განათლების ხარისხზე დადებითად აისახა.
_ ვაუჩერულ დაფინანსებაზე რას იტყვით, ე.წ ”მინუსებიანი სკოლების” ფინანსური მდგომარეობა როგორ უნდა გამოსწორდეს?
_ ვაუჩერული დაფინანსება დიდი პრობლემაა. ვაუჩერული დაფინანსება არათანაბარ პირობებში აყენებს მოსწავლეებს; არის სკოლები, სადაც ფინანსებს სკოლის განვითარებისთვის ინახავენ, სხვა სკოლებში კი, კომუნალურ ხარჯებსა და მასწავლებლების ხელფასებს ძლივს წვდებიან. ერთ სკოლაში ბავშვი იღებს სხვა ხარისხის განათლებას, მეორეში _ სხვას. ეს მოსაგვარებელია. ვიცი, რომ განათლების სამინისტროში ამ პრობლემაზე მუშაობენ. იმედია, ვაუჩერების განაწილებაში ცვლილებები იქნება; მეორეს მხრივ კი, ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესია და არაა ისეთი ბურუსით მოცული, როგორც იყო.
_ თქვენთვის ცნობილ რა სიახლეს გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში?
_ აკრედიტაციას, რომელმაც, ჩემი აზრით, ისეთივე ეფექტი უნდა გამოიღოს, როგორც უნივერსიტეტებში. ეს, როგორც ტექნიკური რესურსის, ასევე პროგრამული კუთხით, ხარისხზე იქნება ორიენტირებული. ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში მოსალოდნელი სისტემური ცვლილება, ამ პროცესის დეცენტრალიზაცია მიდის. ვიცი, რომ განათლების სამინისტრო და სხვა საჯარო ცენტრები, რომლებიც სამინისტრომ დააფუძნა, მთლიან დეცენტრალიზაციას გეგმავენ. დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებისთვის ასეთი საშუალების მიცემით მასწავლებელიც, მოსწავლეც და სკოლაც მოიგებს.
_ როგორ ფიქრობთ, არსებული დაბალი ანაზღაურების პირობებში პედაგოგს რამდენად ექნება იმის განწყობა, რომ დარჩეს სკოლაში და თანაც ბოლომდე დაიხარჯოს?
_ ფაქტია, ანაზღაურება ვერ ეწევა მოთხოვნებს. თუ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს თვალს გადავავლებთ (საგნობრივ სტანდარტებს, ეთიკის კოდექსს და სხვა მოთხოვნებს), დავრწმუნდებით, რომ მასწავლებლების მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მასწავლებელმა ეს სტანდარტები დააკმაყოფილოს, თანაც მოტივაცია არ არსებობს.
სტატისტიკური მონაცემებით, მოქმედი მასწავლებელი სკოლას არ ტოვებს. ამას სხვადასხვა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ, მაგალითად, სულიერი სიამოვნება. ფინანსური მოტივი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. თუმცა, დღეს ძალიან ბევრი მასწავლებელი გადადის სხვა სამსახურში, განსაკუთრებით ახალგაზრდები.
მეორე უზარმაზარი პრობლემა ისაა, რომ პროფესიაში არ შემოდის ახალი რესურსი, ახალი ნაკადი. თუ გადავხედავთ უნივერსიტეტებს, მასწავლებლების კადრის დაბერების საშიშროების წინაშე ვდგავართ. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა მონახოს რესურსი და გაზარდოს ხელფასები. ამის გარეშე, შესაძლებელია, ძალიან მალე, კატასტროფული სურათი მივიღოთ. ანუ, ადამიანურ რესურსში გარღვევა იქნება.
_ ნაკლები რაოდენობის მოსწავლესთან როცა მუშაობს მასწავლებელი, უფრო მაღალ ხელფასს იღებს, ვიდრე პირიქით. ესეც გამართლებულია?
_ ვფიქრობ, გათვლებში შეცდომაა დაშვებული, რაც ნამდვილად გადასახედია.
_ თორმეტწლიან სწავლებას როგორ შეაფასებდით?
_ 12-წლიანი სწავლება ძალიან კარგი და საჭიროა, თუ სკოლა სწორი მიმართულებით წარმართავს სასწავლო პროცესს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამაინი უფრო მოწიფულ ასაკში ირჩევს პროფესიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, სტატისტიკის მიხედვით იქ, სადაც 12-წლიანი სწავლებაა, უფრო ნაკლებია საკუთარი პროფესიით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი. პროფესიის არჩევა თითქმის ყველაფერს განსაზღვრავს _ ცხოვრების წესს, ღირებულებას. თუ სკოლა მოახერხებს იმას, რაც მე დასავლეთში ვნახე, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი: მოსწავლე ბოლო ორი წელი პროფესიულ ორიენტირებაზე ინტესიურად უნდა მუშაობდეს.
_ ამჟამად სკოლაში ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
_ არ არის სასწავლო პროგრამები. ზოგადად დაგეგმვის პრობლემაცაა. რაღაც სტანდარტები არის, მაგრამ მათ რეალიზებას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება.
_ პედაგოგების სერტიფიცირებაზე რას იტყვით?
_ სადაც პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამა მუშაობს, ყველგან იზრდება მასწავლებლის პრესტიჟი, მუშაობის ხარისხი. ცალსახად დადებითად ვაფასებ პედაგოგთა სერტიფიცირებას.
_ არსებობს ინფორმაცია, რომ სახელმძღვანელოების ყოველწლიური ცვლა გარკვეული წრეების ბიზნეს ინტერესებში შედის.
_ ამის დამადასტურებელი ფაქტები არა მაქვს და არც საქმეა გამოძიებული, მაგრამ ბევრისგან მსმენია ეს ამბავი. პროცესი ბოლომდე გამჭვირვალე რომ არაა, ფაქტია. არ იციან წიგნების ტირაჟი, რაც გამომცემელს საშუალებას აძლევს არასწორად იმუშაოს ავტორებთან. ცხადია, ამის ბოროტად გამოყენება მარტივია, მაგრამ ძნელია იმის თქმა, როგორ იყენებენ ამას და არის თუ არა ამის უკან დიდი შეთანხმება.
_ შინაარსობრივად როგორია წიგნები, სპეციალისტების მოსაზრებებს ხომ არ იცნობთ?
_ ძალიან შორსაა ეს წიგნები დასავლური სტანდარტებისგან, საერთაშორისო დონისგან, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად იხვეწება. ესეც პროცესია.
_ მოსწავლეების უმრავლესობა რეპეტიტორებთან ემზადება. ეს ვისი ბრალია, სკოლის, პედაგოგის თუ განათლების სისტემის?
_ ზოგადად, ეს კულტურული ფენომენია, ანუ იმას ნიშნავს, რომ ვინარჩუნებთ კულტურაში განათლებას. სხვა მხრივ კი ეს ძალიან ინდივიდუალურია, ძნელია იმის შეფასება, მართლა სჭირდება თუ არა ბავშვს რეპეტიტორთან სიარული.
_ თქვენი აზრით, ამჟამინდელი დაკვეთა სკოლების მიმართ როგორია, ვის ზრდის სკოლა?
_ იმის გათვალისწინებით თუ რამდენი სტუდენტი სწავლობს ფუნდამენტური მეცნიერების ფაკულტეტზე, რას სწავლობენ, რას წერენ, რა ექსპერიმენტებს ატარებენ, არაა მაინცადამაინც სახარბიელო სურათი. თუნდაც იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა წლებში იყო. ახლა უკან მიდის საქმე. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ვიტყვით, რომ ამის დაკვეთა არ არსებობს, ადეკვატური შეფასება არ იქნება, რადგან მეცნიერების ფონდი შეიქმნა.
დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესია. ნაკლები მოთხოვნაა ფუნდამეტური მეცნიერებების _ ფიზიკისა და მათემატიკის სპეციალობებზე. ამ მიმართულებით კი პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

გამართლებული პატიმარი ციხეში რჩება

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ნარკოტიკულ დანაშაულზე ეჭვმიტანილი დავით პაპიძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პაპიძე ისევ პატიმრობაში რჩება. ახლა გამოძიება მას გაქცევის მცდელობაში სდებს ბრალს.

ემზარ დიასამიძე

დავით პაპიძე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ბრალდებით 2008 წლის მარტში სარფში დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ 23 წლით პატიმრობა ემუქრებოდა.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პაპიძესთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი, ციალა აბაშიძე, ვინმე კოკობინაძე და ცხადაძე. ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ოთხივე სარფში დააკავეს: `ჩხრეკისას ცხადაძეს ერთგრამამდე ნარკოტიკი აღმოაჩნდა. კოკობინაძეს ნარკოტიკი ვერ უპოვეს, მაგრამ უმტკიცებენ, რომ მან ერთგრამამდე ნივთიერება გადაყარა, რაც ქუჩაში აღმოაჩინეს. ციალა აბაშიძეს კი ნარკოტიკი უპოვეს ჩანთაში. კოკობინაძემ და ცხადაძემ დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ მათ ნარკოტიკი თურქეთიდან პაპიძემ გადმოუტანა. მეტი სამხილი სამართალდამცავებს არ გააჩნდათ. პაპიძეს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ჰქონია და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა~.
კოკობინაძემ და ცხადაძემ ჩვენება შეცვალეს, რითაც პაპიძე გამართლდა. `დაკავებულებმა თქვეს, რომ ნარკოტიკი პაპიძეს არ ჩამოუტანია. მათ კანონი ამის უფლებას აძლევს, რადგან ჩვენების შეცვლაზე სასჯელი მხოლოდ დაზარალებულსა და მოწმეს ეკისრება. მათ კი გამოძიებას ჩვენება მისცეს როგორც ეჭვმიტანილებმა. შესაბამისად, მათ მოითხოვეს, რომ მოსამართლემ მხოლოდ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით იხელმძღვანელოს~.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ პაპიძე გაამართლა: მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა, მაგრამ პაპიძეს წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთი საქმის გამო ჰქონდა მისჯილი. ადვოკატის თქმით, მას სასამართლოში ბადრაგთან ინციდენტი მოუვიდა: `ამაზე მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა _ თითქოს მან სასამართლოდან სცადა გაქცევა. ინციდენტი ბადრაგის პროვოცირებული იყო~.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო ციალა აბაშიძე, რომლის ჩანთაშიც გრამზე მეტი ნარკოტიკი აღმოაჩინეს. მას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სეპარატიზმის ახალი საშიშროება

{ლაშა ზარგინავა/ ფოთი/ სპეციალურად ბათუმელებისთვის}

რუსულმა ინტერვენციამ, მატერიალურის გარდა, ადამიანებს სერიოზული მორალური პრობლემებიც შეუქმნა. სამეგრელო, ქართლის შემდეგ, ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალდა. რუსულ-ქართული ომის დღეებში და მის შემდეგაც, რეგიონში სეპარატიზმის ნიშნების შეტანა რუსული პოლიტიკის განუყოფელი იარაღი გახდა.

აგრესიული რუსეთი და რუსეთუმე ქართველი პოლიტიკოსები ამ იარაღს საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური ძნელბედობის ჟამს იყენებენ. თუმცა, ყველა დროში ეს მხოლოდ საუბრის, უფრო სწორად, შანტაჟის დონეზე რჩებოდა და ახლაც ასეა.

1940-იანი წლების ცნობილი `მეგრელთა საქმე~, რომელიც თითქოს ბერიას მეთაურობით მეგრელთა სეპარატიზმის გამოვლინება იყო, საქართველოდან სამეგრელოსა და სვანეთის ოლქებად გამოყოფას ითვალისწინებდა. მაგრამ ბერიამ ამ სიტუაციასაც თავისი გამჭრიახობით დააღწია თავი, სტალინი კი გარდაიცვალა და პროექტი ვერ განხორციელდა.
ამის შემდეგ რუსეთი ამ თემით მუდმივად ვაჭრობს. აგრესიულად განწყობილმა ოფიციალური რუსეთის პოლიტიკამ, მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში მათ პირველადი შეიარაღებული ინტერვენციის შემდეგ, ტაქტიკა შეცვალეს და მოსახლეობას თავი `მხსნელებად~ მოაჩვენეს, მყარი დასაყრდენი ძალა ვერ იპოვეს. რუსეთმა საინფორმაციო-იდეოლოგიური ომი წააგო. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ომის დღეებში, ფაქტობრივად, საკუთარი თავის იმედადღა დარჩა და ხელისუფლებამ ისინი, უხეშად რომ ვთქვათ, მიატოვა.

რუსეთში დღემდეა შემორჩენილი ბერიასეული ჩეკისტური მოქმედების გეგმა, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს კიდევ ერთხელ ამოქმედდა. პირველი, რაც რუსეთის სარდლობამ იდეოლოგიური ომის მოსაგებად გააკეთა, სამეგრელოში წარსულში სამსახურგავლილი ადამიანების გამწესება გახლდათ. ჩაბანი, რომელიც ამ რეგიონში ყოველგვარ სამხედრო ოპერაციას აკონტროლებდა, ადრე ხობში მსახურობდა. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ფოთში მიმდინარე პროცესებს ის ოფიცრები ედგნენ სათავეში, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობდა და მსახურობდა.

რუსეთს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი აქვს სამეგრელოს, სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. სამეგრელო და აჭარა მას თუნდაც იმის გამო სჭირდება, რომ ორივე რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები _ პორტი აქვს. სვანეთი კი, გარდა იმისა, რომ საზღვრებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხსნის, ხე-ტყის რესურსითაც მდიდარია.
ვინ შეიძლება გახდეს აგრესიული რუსეთის მზაკვრული გეგმის განხორციელების დასაყრდენი საქართველოში?! ეს ის ცენტრალური კითხვაა, რომელმაც აქტუალობა განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ შეიძინა. როდესაც ამაზე იწყება მსჯელობა, პირად საუბრებსა და არა მარტო, ექსპერტების დონეზეც, აქცენტი კეთდება სამ პიროვნებაზე _ ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე და ემზარ კვიციანი. თუმცა, ყველას ავიწყდება საქართველოდან სამოქალაქო დაპირისპირებისას გადახვეწილი ადამიანები, რომლებმაც ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღეს გარანტირებული ხელშეუხებლობა და ახლაც რუსეთს, ან ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს აფარებენ თავს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მათ შორის ბევრია, წარსულში საქართველოს პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერიც, ე.წ `ზვიადისტიც~. ამ ადამიანებსა და მათ ლიდერებზე, რუსეთისგან ამჟამად გარკვეული გარანტიების პირობების შეთავაზება, ამაზე ქართული მედია ხშირად საუბრობს, იქნებ არა შემთხვევითია.

ასლან აბაშიძეს, ბუნებრივია, თავისი კავშირები და გავლენა აჭარის რეგიონში ახლაც აქვს. მით უმეტეს, ამის პრობლემა არ ექნება ემზარ კვიციანს, რომელიც წლების განმავლობაში იმავე ფეოდალური ვარიაციებით მართავდა კოდორის ხეობას, როგორც ამას აკეთებდა აბაშიძე აჭარაში. აგვისტოს ომის, ანუ მას შემდეგ, რაც კოდორის ხეობა აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ერთ-ერთმა პირველებმა დატოვეს, კოდორში აშკარად გაჩნდა ამ ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და ძველის ნოსტალგია.

ძველში, რა თქმა უნდა, კვიციანი იგულისხმება, თავად კვიციანი კი _ რუსეთთან ალიანსშია, რადგან ის ამ დრომდე აფხაზეთს აფარებდა თავს, სადაც რუსეთის ფაქტობრივი იურისდიქციაა.

ცალკე საუბრის თემაა იგორ გიორგაძე, რომელსაც დასაყრდენი ყველგან ჰყავს, მათ შორის _ სამეგრელოში და მითუმეტეს, ფოთში, სადაც ის წლების განმავლობაში უშიშროების სამსახურს ედგა სათავეში. იმდროიდან მოყოლებული, გიორგაძე ყველას ახსოვს; ბუნებრივია, ბევრი ახსოვს და შესაძლო კონტაქტი აქვს თავად გიორგაძეს.
მოკლედ, რუსეთის შესაძლო მოკავშირეები ბლომად არიან. ომის დღეებში დაწყებული პროპაგანდისტული მანქანა, რუსეთმა ისევ დაქოქა. სამეგრელოს რაიონებში დაიწყო პროკლამაციების გავრცელება, რომელშიც რუსეთს თავშეფარებული `დიასპორა~ ქართულ მოსახლეობას მოუწოდებს, სააკაშვილის ხელისუფლება ისეთი პრეზიდენტით შეცვალონ, რომელიც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დაამყარებს და გაამყარებს.
მოკლედ, რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ კუთხური სეპარატიზმის საშიშროება არ არსებობს, რეალურად, არსებობს და სათანადოდ შეფასება და გათვალისწინებაც სჭირდება. რეგიონში, რომელიც თავის დროზე, თუნდაც `მხედრიონის~ შემოსევისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, სამეგრელოს ავტონომიის თემა კიდევ ერთხელ ამოატივტივეს იატაკქვეშა ძალებმა. პრინციპში, სამეგრელო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და აფხაზეთთან სიახლოვის გამო, ყოველთვის რჩებოდა პოლიტიკური დუღილის ეპიცენტრად და სხვადასხვა ინტერესების გატარების ობიექტად, მათ შორის _ რუსეთის.



პროტესტი ”ბათოილის” ლიანდაგს

ბათუმში, ვოლსკის ქუჩის მცხოვრებლები ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. ლიანდაგის დაგებას შპს `ბათოილი~ გეგმავს. ამ ტერიტორიაზე ნავთობბაზა ფუნქციონირებს. აქვე გადის მაღალი ძაბვის ხაზებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე კი ქარხნები _ ფარმაცევტული ”ბათფარმა” და ზეთისმწარმოებელი `ბათოილი~ ფუნქციონირებს.
ლელა დუმბაძე/ ბათუმელები

მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკოლოგიური გარემო ისედაც დაბინძურებულია და ლიანდაგის დაგებით ახალი პრობლემები შეექმნებათ. `ეკოლოგიურად მძიმე გარემო გვაქვს. მუდმივად სატვირთო მანქანები მოძრაობენ და ახლა ლიანდაგიც მოუნდათ. აღარ ვიცხოვროთ?~ _ აცხადებს შოთა ყუბანეიშვილი.

ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ ფირმას მოსახლეობისთვის პროექტი არ წარუდგენია. `არ უთქვამთ, როგორ აპირებენ გეგმის განხორციელებას. დადიან და ნახაზებს აკეთებენ. ცდილობენ, მოსახლეობის აზრი გაყონ _ კომპენსაციის შეთავაზება დაიწყეს. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით _ 1000 ან 2000 ლარი ჩვენს ჯანმრთელობას ვერ უზრუნველყოფს. საფრთხე სახლებსაც ემუქრება, რადგან მყარი ფუნდამენტი არ აქვს”.

ნუნუ ბრუნჯაძეს აინტერესებს, ლიანდაგის დაგების შემთხვევაში `ქუჩაში გამოსული პატარების უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს~.

აქ მცხოვრებთა ინფორმაციით, თავდაპირველად ლიანდაგის ხაზის დაგება ბარცხანის ხიდიდან იგეგმებოდა, თუმცა გეგმები შეიცვალა: `ზეთის ქარხანა ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა და ყველაფრის უფლებას აძლევენ. `ბათფარმაში~ კი გია ცხომელიძე მუშაობს, `ნაციონალების~ კანდიდატი~.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მათ ინტერესებს არ დაიცავს, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს: `ხმა რომ სჭირდებათ, მაშინ ხომ გვაკითხავენ, ახლა დაიცვან ჩვენი უფლებები. თუ არ მოგვხედავენ, არჩევნებზე არ წავალთ~.

ვოლსკის ქუჩის მცხოვრებლებმა, ორი თვის წინ, ამ პრობლემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს განცხადება გაუგზავნეს, რომელიც განსახილველად ქალაქის მერიას გადაეგზავნა. მერიის ოფიციალურ წერილში, რომელსაც ვიცე-მერი, ვანო ჭეიშვილი აწერს ხელს, ნათქვამია: `...გაცნობებთ, რომ შპს `ბათოილი~ ვოლსკის ქუჩაზე ლიანდაგის ხაზის აღდგენას ამჟამად არ აწარმოებს. მან მოახდინა მხოლოდ ტერიტორიის აგეგმვა და ჩაატარა აზომვითი სამუშაოები. ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობას, მათ შორის რკინიგზის ხაზის მშენებლობას, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ნებართვა სჭირდება. რაც შპს `ბათოილს~ ამჟამად არ გააჩნია~.

მოსახლეობამ მერიის პასუხი 17 სექტემბერს მიიღო, თუმცა ეჭვობენ, რომ არჩევნების შემდეგ ”ბათოილს” პროექტს აუცილებლად დაუმტკიცებენ.

ვარშალომიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიშნავს

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ მათ საკრებულოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა წარუდგინა. ეს კანდიდატურა, საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ნაციონალების ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძეა.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ოპოზიციის მტკიცებით, კირთაძის კანდიდატურის გამო, უმრავლესობის წევრებიც კი აღშფოთდნენ, თუმცა ლევან ვარშალომიძის რჩეულისთვის ხმის მიცემას მაინც აპირებენ. ახალი საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი უახლოეს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. გიორგი კირთაძეს, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე, ნაციონალი ნოდარ დუმბაძე ჩაანაცვლებს. `რესპუბლიკელ~ დავით ჩხარტიშვილის განცხადებით, `ვარშალომიძის ბრძანებები, თვითმმართველობის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედებას ჰგავს~.

”კირთაძე მატყუარაა. მან საჯაროდ იცრუა, როცა განაცხადა, რომ ”რესპუბლიკელებმა” ბოდიში მოვუხადეთ ”ნაციონალებს”, მათ საარჩევნო ბუკლეტში დაფიქსირებული `ჩამოსულების~ გამო შენიშვნა რომ მივეცით”, _ განაცხადა თემურ ყურაშვილმა.
დავით ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ `ლევან ვარშალომიძე `ჩამოსული~ კადრია და ადგილობრივებს საკუთარი არჩევანის გაკეთება უნდა აცალოს.

`ლეიბორისტ~ დავით რობაქიძის თქმით, საკრებულოს წევრების უმრავლესობა ვახტანგ ღლონტის კანდიდატურას უჭერდა მხარს, `თუმცა, ლევან ვარშალომიძის წინადადების წინააღმდეგ ვერ წავიდნენ~.

საკრებულოს თავმჯდომარე, ბადრი ქაჯაია პრესასთან კომენტარს ისევ არ აკეთებს. უმრავლესობის წევრი, ქართლოს მახარაძე კი ვარშალომიძის მხრიდან გიორგი კირთაძისთვის რეკომენდაციის გაწევას უარყოფს. `ჩვენი სურვილია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იყოს~, _ აცხადებს მახარაძე. იგი კირთაძის ნოდარ დუმბაძეთი ჩანაცვლებას ადასტურებს. `ვნახოთ, ალბათ, ნოდარი იქნება”.
რაც შეეხება გიორგი კირთაძეს, მას ამის შესახებ საუბარი არ სურს. ამბობს, რომ საკრებულოს სხდომას დაელოდება.

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე იზრდება

განმეორდება თუ არა რუსული ინტერვენცია, როგორ აისახება ჩრდილო კავკასიური კონფლიქტები საქართველოზე, რას უნდა ველოდოთ ჟენევის შეხვედრიდან და როგორ დამთავრდება წლევანდელი 7 ნოემბერი? ამ საკითხებზე ”ბათუმელები” პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები - რუსული ტანკები ენგურჰესზე.

-ბატონო პაატა, ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაციის დაწყებასა და რუსული ტექნიკის გაორმაგებაზე ტელევიზიებით ვრცელდება კადრები. საომარი მოქმედებების განახლებას არც ვანო მერაბიშვილი გამორიცხავს. როგორ ფიქრობთ, რისთვის ემზადება რუსეთი და რისთვის საქართველო?
-დიდი ხანია თბილისში არ ვარ, რაჭაში ვიმყოფები და მხოლოდ რადიოზე თუ მიმიწვდება ხელი. როცა რაღაცის შეფასებას ვახდენ, ყოველთვის ვამოწმებ ინფორმაციას, როგორც აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ასევე პირადი კავშირებით. შესაბამისად, მე ახლა ამის საშუალება არ მაქვს. თუმცა, ვიცი, რომ მხოლოდ ქართულ წყაროებზე დაყრდნობა სანდო არ არის. რაკი მერაბიშვილმა დაადასტურა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეა, რადგან ძალიან ხშირად მერაბიშვილიც ტყუის. ვფიქრობ, რუსეთის გააქტიურება 18 ნოემბერთანაა კავშირში, როცა ჟენევაში მოლაპარაკებების ეტაპი უნდა განახლდეს. რუსეთს სურს შექმნას იმის ილუზია, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მისი არსებობა აუცილებელია.
ქართული მხარე ომით ვერ იქნება დაინტერესებული, რადგან მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოშლილია.
-დეკემბერში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების განახლება რამდენად შესაძლებელია?
-მანამდე ჟენევის შეხვედრაა, შემდეგ კი ნატოს მინისტერიალი. ყველამ ვიცით, რომ მაპს არ გვაძლევენ, თუმცა რუსეთს მაინც ეშინია, ამიტომ დაძაბულობას ქმნის. ის ქართული მხარის პროვოკაციაში ჩათრევას ცდილობს.
- ქართულმა მხარემ რა უნდა გააკეთოს ახალი ომის ასაცილებლად?
-- მაქსიმალურად უნდა აამუშაოს ევროკავშირის დამკვირვებლები. როგორც ვიცი, ისინი ყოველდღე წერენ ანგარიშებს და ეროკავშირის შტაბს აწვდიან. ამ ინფორმაციას თუ არსად არ ავრცელებენ, ესეც განგაშის ნიშანია. სანამ ჟენევის შეხვედრა არ დასრულდება, ძნელია იმის თქმა, რისი მონიტორინგის უფლება აქვთ. ისინი, ჯერჯერობით, მხოლოდ ე.წ. `ბუფერულ ზონებში~ არიან.
-ამერიკელ და რუს გენერლებს ჰელსინკში საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ. თქვენი აზრით, ისინი რაზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ?
-ეს შეხვედრა იყო არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის და ეჭვი მეპარება, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოს საწინააღმდეგო იყოს. ამერიკაში, სანამ არჩევნები არ დასრულდება და ახალი ადმინისტრაცია არ დაიწყებს მუშაობას, რუსეთთან ურთიერთობებს არავინ გადახედავს. 20 იანვარს ინაუგურაცია იქნება. ასე, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, საქართველოსთვის თებერვალ-მარტამდე ვერ მოიცლის.
-ამით, ალბათ, ისარგებლებს რუსეთი. რა გართულებებს უნდა ველოდეთ?
-პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ დროისა და გეოგრაფიის ფაქტორს, კლიმატსაც კი, დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, რუსეთი ეცდება ეს ფაქტორი მის სასარგებლოდ გამოიყენოს.
- საუბარია გალის რუსულ სამხედრო ქალაქად გადაქცევაზე, ეს რა საფრთხეებს შეიცავს?
- აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე იზრდება. ადრე არ მჯეროდა ამის. თუ რუსეთს სურს, რომ სოჭის ოლიმპიადა უზრუნველყოს, უსაფრთხოების ზონა მეტ-ნაკლებად შორს, ვთქვათ, გალის რაიონში უნდა გადმოიტანოს. როგორც ჩანს, ისინი ფსოუზე სახელმწიფო საზღვრის მოსპობასა და ამ საზღვრის დადგენას მდინარე ენგურის გასწვრივ აპირებენ. თუ ეს ვერსია განხილვადია, მაშინ, ცხადია, საფრთხე არსებობს.
- ოლიმპიადის ჩატარება ეჭვის ქვეშ იდგა, რატომ დაუთმეს რუსეთს?
- ევროპამ შუამავლის როლი, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის საქმეში ითავა. დანარჩენს ჟენევის კონფერენცია გადაწყვეტს. იქ გამოჩნდება, რამდენად გაუვიდა რუსეთს და რა სახელი დაერქმევა კონფლიქტის მხარეებს. თუმცა, ყველაფერს ეს შეხვედრა მაინც ვერ გადაწყვეტს, მაგალითად, ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსს... მნიშვნელოვანია ოცეულის შეხვედრა ვაშინგტონში ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც 15 ნოემბერს შედგება. იქაც გამოჩნდება, რა დონეზეა მსოფლიოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულება. საქართველოსთვის ოლიმპიადის ჩატარება მაინც საფრთხეებს წარმოადგენს, რადგან რუსეთში ბევრი ფული შევა და სწრაფად მოხდება აფხაზეთის ინფრასტრუქტურის ათვისება.
- ჩრდილო კავკასიაში განვითარებული მოვლენები თუ აისახება საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე?
- თუ ეს პროცესები რუსეთის პროვოცირებულია და უნდა, რომ კავკასიაში ერთი ხელის მოსმით დაამყაროს სიმშვიდე, მაშინ არაფერში წაადგება საქართველოს. თუმცა, რუსეთი ხშირად იქცევა სულელურად. ვფიქრობ, ჩრდილო კავკასიაში გრძელვადიანი პერმანენტული აჯანყებები არ იქნება. შეიძლება მხოლოდ პატარ-პატარა აჯანყებები, ტერაქტები და ისლამური საფრთხეები გაჩნდეს, რაც საქართველოს სულაც არ აძლევს ხელს. საქართველო ისლამურ სახელმწიფოებს შორის, შეიძლება სატრანზიტო ქვეყნადაც იქცეს.
- სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთი სამეგრელოსა და სვანეთის ავტონომიების შექმნაზე მუშაობს და სიტუაციასაც აკონტროლებს... რამდენად რეალურია ეს და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ამ მუხტის შესაჩერებლად?
- რუსეთს ასეთი სულელური და უპერსპექტივო პროექტები აჭარასა და სამეგრელოში ჰქონდა. ქართველები ხშირად იქცევიან არასწორად, მაგრამ როგორც ერი, შექმნილია. ეს გეგმა ვერ განხორციელდება.
- 7 ნოემბერს იგეგმება ოპოზიციის აქცია თბილისში. რას ფიქრობთ ამ აქციაზე?
- ეს იქნება წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მას 7 ნოემბერს არ აპატიებენ.
- შეიძლება, ხელისუფლებამ თქვას, რომ ოპოზიციაში არიან რუსეთის აგენტები და მის დაკვეთას ასრულებენ. თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით.
- თუ რუსეთის აგენტებში ჩემნაირ ხალხს ეძებენ, კარგად ყოფილა ხელისუფლების საქმე. ხელისუფლებას ყველგან აგენტები ელანდება, სხვა არაფერი დარჩენია. აქციის შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლებას 7 ნოემბერი შეახსენოს და აჩვენოს ის, თუ როგორ უნდა ატარებდეს აქციას ერი, რომელმაც სამხედრო წარუმატებლობა იწვნია, და არა ტაშ-ფანდურით.


სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

{ნათია როყვა/ბათუმელები}
რუსთაველის უნივერსიტეტი ახორციელებს სოციალურ პროგრამას „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“. პროგრამის მიხედვით, შეღავათები მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც: ა) აქვთ სანიმუშო აკადემიური მოსწრება, სასწავლო წლის განმავლობაში, ყველა სასწავლო დისციპლინაში გააჩნიათ შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა); ბ) მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახთა კატეგორიას, არიან რეგისტრირებული სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რეესტრში და გააჩნიათ არაუმეტეს 100 000 ქულა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარადგინოს განცხადება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სტუდბილეთი ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ; სუბსიდიების სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

სოციალური პროგრამის ფა¬რ¬გლებში, სწავლის საფასურის 100%-იანი შეღავათები ენიჭებათ მშობლების მზრუნველობამოკლებულ (დედ-მამით ობოლ) სტუდენტებს, თუ მათ ოფიციალურად არ ჰყავთ მზრუნველი ან მეურვე კანონით დადგენილი წესით.
ამ კატეგორიის სტუდენტმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სტუდბილეთი ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი; მშობლების გარდაცვალების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.

ასევე, პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, სწავლების მეორე კურსიდან. სოციალურ პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს სტუდენტი, რომელიც იღებს სახელობით ან სხვა სახის სახელმწიფო სტიპენდიას.

2007-2008 სასწავლო წელს დანიშნული სოციალური შეღავათები შეუნარჩუნდებათ სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წლისთვის, თუ მათი მდგომარეობა შეესაბამება გასულ სასწავლო წელს დადგენილ კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა წარადგინოს ნიშნების ფურცელი და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის კანცელარიაში, 2008 წლის 4 ნოემბრამდე, I კორპუსი, ოთახი №1.
გასულ წელს ეს პროგრამა 20 ათასი ლარით დაფინანსდა, წელს გამოსაყოფი თანხის რაოდენობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.


ოპოზიციას ფაქტები არ აქვს

ლელა დუმბაძე
”კონსერვატორ” დავით ბაციკაძის განცხადებით, ხელისუფლება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კომისიის წევრების მოსყიდვას ცდილობს: ”კომისიის ჩვენს წევრებს, არჩევნების შემდეგ სამსახურებს შეჰპირდნენ, ზოგს 300 ლარი პირდაპირ შესთავაზეს”.

ბაციკაძის განცხადებით, შეთავაზება, ძირითადად, კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან ან მმართველი პარტიის წევრებისგან მოდის. ისინი კომისიის წევრებს დარღვევებზე თვალის დახუჭვას სთხოვენ. ბაციკაძის ინფორმაციით, `ნაციონალები~ ხმების გაყალბებას სკოლის მოსწავლეებითაც გეგმავენ: ”ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ პირადად მითხრა, რომ ყველა სკოლას დავალებული აქვს, მაღალი კლასის მოსწავლეებს პირადობის მოწმობები დაუმზადონ. უნდათ, რომ ეს საარჩევნო უბნებზე შესასვლელად გამოიყენონ”.

საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მოსყიდვის ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს ადგილი არ აქვს.

”ქართული დასისა” და პარტია _ ”ჩვენ თვითონ”, მაჟორიტარი კანდიდატები, ილია წულუკიძე და ზურაბ ცეცხლაძე ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები მათ არ დაუფიქსირებიათ. დაახლოებით იმავეს იმეორებს `ქართული პოლიტიკის~ მაჟორიტარობის კანდიდატი, მალხაზ მახარაძეც: `დასაბუთებით ის შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრები ეწევიან აგიტაციას, სხვა შემთხვევა ჩემთვის ცნობილი არ არის”.

`ნაციონალების~ მიმართ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეტენზია აქვთ `ქრისტიან-დემოკრატებს~. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ დარღვევებზე მათ ინფორმაცია პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფსაც მიაწოდეს.

თარგამაძის განცხადებით, ბათუმის მერიისთვის 12 მილიონი ლარის გამოყოფა წინასარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა: `სხვა ფაქტებიც გვაქვს, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები პარტიის შტაბებში იკრიბებიან და გარკვეულ თანხებს გასცემენ. თუმცა, ამის ვიდეო ან აუდიო მასალით დადასტურება ძნელია”.

თარგამაძის თქმით, ბოლო დღეებში ძალოვანებიც გააქტიურდნენ, ისინი რაიონებში არიან მიმაგრებული: `ადგილი აქვს ზეწოლას, მუქარასა და შემწეობების შეწყვეტას. ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ტრაქტორზე მუშაობს, უთხრეს, რომ თუ ხმას `ნაციონალებს~ არ მისცემს, ტრაქტორს გამოემშვიდობება~. `ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერის აზრით, ამ ფაქტებზე დროულად უნდა ატყდეს განგაში, თუმცა დასძენს, რომ ადამიანებს ამ ფაქტების ხმამაღლა აღიარების ეშინიათ.

საარჩევნო კანონმდებლობით და იმ მემორანდუმით, რომელიც 17 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმდა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკრძალებათ. მათ შორის, მინისტრებს, დეპარტამენტის უფროსებს, ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, წევრებსა და გამგეობის ხელმძღვანელებს. ასევე, ყველა საჯარო მოსამსახურეს. გამონაკლისია მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები არც `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას~ დაუფიქსირებია. ასოციაციის იურისტის, თეონა დიასამიძის განცხადებით, სახელისუფლებო კანდიდატებს მერი და მინისტრები დაჰყვებიან, `თუმცა, ისინი ამას დასვენების დღეებში აკეთებენ, რაც დარღვევად არ ითვლება, ამიტომ მონიტორინგი ამ კუთხით აღარ გაგვიგრძელებია”.

საარჩევნო კანონმდებლობით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება შემთხვევა, როცა სახელმწიფო შენობა-ნაგებობების გამოყენების უფლება მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ეძლევა. ასევე, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საინფორმაციო საშუალებები; უფლება არ აქვთ შეღავათიან ფასებში გამოიყენონ სატრანსპორტო საშუალებები. სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაში კი, საწვავის ხარჯები პარტიის ბიუჯეტიდან უნდა იქნეს გაღებული.
იურისტ გენო ქარცივაძის აზრით, ”ვერ ვიტყვით, რომ კანონი სრულფასოვანია, რადგან სახელისუფლებო პარტიას შეზღუდვა არ აქვს”.



აჟიოტაჟი ქალთევზასთან დაკავშირებით

{გაზეთი ბათუმელები}
ამ დღეებში ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადლიელმა მეზღვაურებმა შავ ზღვაში ქალთევზა დაიჭირეს. ასევე გავრცელდა ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები თავისი კომენტარებით, რომ ქალთევზა ბათუმის ერთ-ერთ მუზეუმშია მოთავსებული და მის შესასწავლად მალე ჩამოვლენ გერმანელი მეცნიერები.

ინფორმაცია ქალთევზას დაჭერის შესახებ არ დასტურდება. გონიოს სასოფლო თემის გამგებელმა, როინ ჯაფარიძემ თქვა, რომ ამის შესახებ მასაც სმენია, მაგრამ დადასტურებით არაფერი იცის. `მეც გავიგე, რომ ადლიელი მეთევზის ბადეში მოჰყვა ქალთევზა, მაგრამ ვინ არის ეს მეთევზე, არ ვიცი”.

თავად კახაბრის სასოფლო თემის (რომლის შემადგენლობაში შედის ადლია) თავმჯდომარე თენგიზ თავდგირიძე, მეთევზეებთან ინფორმაციის კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ ამბობს, რომ `ეტყობა, ვიღაცამ ჭორი გაავრცელა და ზედ ვიდეოკადრებიც მიაყოლა”.

ქალთევზას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბათუმელმა სპეციალისტებმაც გაიგეს. ისიც ითქვა, რომ ქალთევზა აკვარიუმშია მოთავსებული. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ადლიელი მეზღვაურების ბადეს არავითარი ქალთევზა არ ამოჰყოლია.
”ქალთევზას” კადრები, რომელიც ბათუმში გავრცელდა, 2007 წელს დაიდო ვებგვერდზე www.youtube.com იქვე განმარტების სახით წერია, რომ ერთ-ერთმა ქალმა ყურანს ”გადააბიჯა”, რის შემდეგაც ქალი თევზად გადაიქცაო.

video

ცრუ ჩვენება მოკლულის ოჯახის წინააღმდეგ

ბათუმში, ჯონი ცივაძის წინააღმდეგ, ცრუ ჩვენების ბრალდებით, სასამართლო პროცესი დაიწყო. თავის დროზე, ცივაძის ჩვენებით, თბილისში, კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის მამას კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. ცივაძემ ახლახან აღიარა, რომ მაშინ ცრუ ჩვენება მისცა. ვაზაგაშვილი სამართალდამცავებს შვილის მოკვლისთვის უჩიოდა და მის გასაჩუმებლად, როგორც თვითონ აცხადებს, ზეწოლას ახორციელებდნენ.

ემზარ დიასამიძე

ზურა ვაზაგაშვილი თავის მეგობრებთან ერთად სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, კორტებთან მოკლეს. დაღუპულის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ რადგან იგი სიმართლის გარკვევისთვის იბრძვის, ძალოვნები მასზე პირდაპირ და ირიბ ზეწოლას ახორციელებენ.

ვაზაგაშვილი ამბობს, რომ 2007 წლის 23 მაისს, მას თავს დაესხნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს BMW-ს მარკის ავტომანქანა: `სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 20-მდე ადამიანი ყაჩაღურად დამესხა თავს და მანქანა ისე წამართვეს, მოტივი არ უთქვამთ. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე მათგანი პოლიციელი იყო. როცა მეზობლები შეიყარნენ და ჩოჩქოლი ატყდა, ამასობაში კი ადვოკატები და ჟურნალისტებიც მოვიდნენ, განმიმარტეს, რომ მანქანა მოსამართლის ბრძანებით მიჰყავდათ, მაგრამ ბრძანება არ უჩვენებიათ. მანქანის ამოღების შესახებ ბათუმელი მოსამართლის, ნინო ვაშაყმაძის ბრძანება რამდენიმე საათის შემდეგ წარმომიდგინეს”.

გამოძიების მასალებით, ჯონი ცივაძის მიერ 2005 წლის 5 ოქტომბერს პროკურატურაში შეტანილ საჩივარში წერია, რომ მას BMW-ს მარკის ავტომანქანა 2004 წლის მაისში მოპარეს.
ძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული მანქანა იური ვაზაგაშვილს ჰყავდა.

ორი დღის წინ ცივაძემ სწორედ ეს ჩვენება შეცვალა და ბათუმის სასამართლოს შემდეგი განმარტება მისცა: `მანქანა ჩოგბურთელ ლეილა მესხისგან 1999 წელს შევიძინე, როცა ბათუმის კორტების დირექტორი ვიყავი. თუმცა, მასზე მხოლოდ გენერალური მინდობილობა მქონდა და ისიც 2002 წლამდე. ეს მანქანა სპეცდაკვეთით იყო დამზადებული”.
ცრუ ჩვენებაში კი ცივაძეს ეწერა, რომ მას პირადი მანქანა ასლან აბაშიძის ბათუმიდან წასვლის შემდეგ მოპარეს.

ვაზაგაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ცივაძე ძალოვნების დავალებით მოქმედებდა: "ავტომანქანა 2005 წელს დავით ბერუაშვილისგან ვიყიდე, ბერუაშვილმა კი 2003 წელს ლაშა ნებიერიძისგან. ამ არაკაცის ცრუ ჩვენებით ჩემი უფლებები ფეხქვეშ გაითელა~.
პროცესზე ადვოკატმა ხატიაშვილმა ვაზაგაშვილის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა: `ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ხელშეუხებელია. ვაზაგაშვილს წაართვეს საკუთრება, რომელიც დღემდე ვერ დაიბრუნა და აქედან გამომდინარე, იგი დაზარალებულია”.

ვაზაგაშვილის დაზარალებულად ცნობის წინააღმდეგი პროკურორი წავიდა. შესაბამისად, მოსამართლე თემურ კაკაბაძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეს მალე სტრასბურგის სასამართლო განიხილავს: `ვაზაგაშვილის ოჯახს ძალოვნებმა ორი ავტომანქანა წაართვეს და, ჯერჯერობით, არც ერთს არ უბრუნებენ, რაც არის ადამიანის საკუთრების უფლების უხეში დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან. საჩივარი შემაქვს აჭარის პროკურორის, ვასილ როინიშვილის წინააღმდეგ, რომლის მითითებით ცივაძის საჩივარი არასწორად გამოიძიეს, რის გამოც ვაზაგაშვილს მანქანა უკანონოდ წაართვეს და დღემდე არ უბრუნებენ. სარჩელი უკვე შესულია ევროსასამართლოში. პროკურორებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ. არც ერთ პროკურორს, ჰიტლერის პერიოდში იყო ეს თუ სტალინის, უკანონო საქმეები ბოლომდე არ შერჩენია და არც ამათ შერჩებათ”.

იური ვაზაგაშვილს სამართალდამცავები არც იმ მანქანას უბრუნებენ, რომელშიც მისი შვილი მოკლეს. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა ამ საქმის დეტალების გასაიდუმლოებას დღემდე ცდილობს: `კორტებთან დაცხრილული ავტომანქანაც ვაზაგაშვილების საკუთრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დიდი ხნის წინ დასრულდა, ოჯახს დღემდე არც იმ მანქანას უბრუნებენ. ძალოვანებმა თქვეს, რომ მანქანის ჩაცხრილვა აუცილებელი იყო, რადგან მასში მსხდომმა თავად გახსნეს ცეცხლი პოლიციელების წინააღმდეგ. ერთ-ერთ საგამოძიებო დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ მანქანის უკანა საქარე მინა იყო გატეხილი, საიდანაც დამნაშავეები პოლიციას ესროდნენ. სპეცოპერაციის დროს გადაღებულ კადრებზე კი ჩანს, რომ ჩაცხრილული ავტომანქანის უკანა საქარე მინა მრთელია. ორ წელზე მეტია ვითხოვთ მანქანის კრიმინალურ ექსპერტიზას, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ”.

ჯონი ცივაძის ადვოკატის, ნადიმ მალაყმაძის განცხადებით, ცივაძეს შეცდომა გამოუცდელობით მოუვიდა: `მან მესხისგან მანქანა ნამდვილად იყიდა, რომელიც შემდეგ გიორგი აბაშიძემ წაართვა. რევოლუციის შემდეგ, როცა მანქანა თბილისში ნახა, იფიქრა, რომ პოლიციის მეშვეობით დაიბრუნებდა. მას სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული, რაც ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია. მან ადვოკატი მას შემდეგ აიყვანა, როცა ბრალი წაუყენეს. რაც შეეხება ვაზაგაშვილს, ცივაძემ საერთოდ არ იცოდა, მანქანა თუ მას ჰყავდა. ეტყობა, ძალოვანებს თავიანთი ინტერესი ჰქონდათ და ამით ისარგებლეს”.
ცივაძის სასამართლო პროცესი 5 ნოემბრისთვის გადაიდო, რა დროსაც საქმის მთავარი მოწმის, ლეილა მესხის დაკითხვა იგეგმება.

ცივაძე განსხვავებული ჩვენებების მიცემასა და გამოძიების შეცდომაში შეყვანას აღიარებს და პატიებას ითხოვს. მას სამ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა ემუქრება.


აჭარის ტელევიზია საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დატოვა

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა. ტელერადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა ცეცხლაძის თქმით, ნათია ზოიძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

"ტელევიზიის ხელმძღვანელობას მისთვის თანამდებობის დატოვება არ მოუთხოვია. პირიქით, მისი მხრიდან ამის თაობაზე როგორც კი გაჟღერდა, გვქონდა მცდელობა, რომ გადაეთქვა, მაგრამ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, _ აცხადებს თეა ცეცხლაძე და დასძენს, _ იმუშავებს თუ არა ჟურნალისტად ნათია ზოიძე ტელევიზიაში, ესეც მასზეა დამოკიდებული".
"თანამდებობიდან ჩემი სურვილით წამოვედი, თუმცა თეა ცეცხლაძე გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა", _ ამბობს ნათია ზოიძე, რომელიც არ აკონკრეტებს რაში გამოიხატა თეა ცეცხლაძის `დახმარება~. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს: `აჭარის ტელევიზიიდან საერთოდ წამოვედი, ამ ეტაპზე ჯანმრთელობას მივხედავ და შემდეგ ჟურნალისტიკაში აუცილებლად დავბრუნდები".

არაოფიციალური ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი "იმედის" კორესპონდენტი აჭარაში, მერაბ წულუკიძე იქნება. მერაბ წულუკიძე ამჟამად უსკოს პრესცენტრის უფროსია. ცეცხლაძე კი ამბობს, რომ ახალი კანდიდატურის საკითხი ჯერ არ განუხილავს.


მართლმადიდებლური კინოფესტივალის ქრონიკები

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
კინოფესტივალების სეზონი ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალმა ”წმინდა ანდრიას ჯვარმა” გახსნა. 18-22 ოქტომბერს კინოთეატრ `თბილისში~ მართლმადიდებლურ თემაზე შექმნილი მხატვრული, დოკუმენტური, სატელევიზიო, ანიმაციური და სტუდენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ მათ შორის ოთხი საუკეთესო შეარჩია და ფესტივალის მთავარი პრიზით, წმინდა ანდრიას ჯვრით დააჯილდოვა.

ნომინაციაში - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, დაჯილდოვდა პიტერ ბესაროში (უნგრეთი) ფილმისათვის ”მონასტერი”; საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის პრიზი გადაეცა ალექსანდრე სტალიაროვს (უკრაინა) ფილმისათვის ”წმინდა პეტროვიჩი”, რომელიც ორი ადამიანის მეგობრობასა და სიყვარულზე გვიამბობს. ქართველი რეჟისორები, ვანო არსენიშვილი და ნინო ორჯონიკიძე დაჯილდოვდნენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის ”ხიდი”. ფილმი გადაღებულია ენგურის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველ დღე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადადიან ამ ხიდზე. ფილმი გადაღებულია ახალი წლის ღამეს.

ნომინაციაში, საუკეთესო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, დააჯილდოვა ალექსანდრე აკულოვი (უკრაინა), ფილმისათვის ”მომლოცველი”.
წლევანდელ ფესტივალზე გრანპრი არ გაუციათ. ფესტივალის დაწყებამდე ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალისთვის ეს ნომინაცია მიზანშეწონილი არ იყო.

ფესტივალი საქართველოში განვითარებულ აგვისტოს მოვლენებსაც გამოეხმაურა იოსებ ტყებუჩავას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით ”საქართველოს პატრიარქი გორისა და ცხინვალის ეპარქიებში”. ფილმის რეჟისორი თან ახლდა პატრიარქს, რომელიც გორსა და ცხინვალიდან დევნილების გამოყვანასა და ომში დაღუპული ადამიანების გადმოსვენებას ცდილობდა.

ფესტივალზე სიახლე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”მეტეხი” (რეჟისორი ბექა შუბითიძე), რომელიც მაყურებელმა სტერეოეფექტებით ნახა.

ჟიურიმ წელს ოთხი სპეციალური პრიზი გასცა: მხატვრული ენისა და ლაკონიზმისთვის დაჯილდოვდა აკაკი ლომსაძე ანიმაციური ფილმისათვის `შობა~; ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის, თემის შერჩევისა და გულმოდგინე დამუშავებისთვის ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ვახტანგ სულაქველიძე, სადებიუტო ფილმისათვის ”ერთადერთი რუსთაველზე”. პრიზი გადაეცათ ასევე სოფო დაუშვილს, ფილმისათვის ”პატარა მეომარი” და პოლონელ რეჟისორს, ირჟი ლუბახს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმისათვის ”ღვთისმშობელი”, რომელშიც ასახულია პოლონელი არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა სუდანში, მეშვიდე-მერვე საუკუნეების ნუბიის ხატწერის ისტორია.
გასულ წელს მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალმა ქართულ კინოსათვის გაწეული ღვაწლისთვის `წმინდა ანდრიას ჯვრით” თენგიზ აბულაძე დააჯილდოვა. ამჯერად ქართულ დოკუმენტურ კინოში გაწეული ღვაწლისათვის ”წმინდა ანდრიას ჯვრით” დაჯილდოვდა რეზო თაბუკაშვილი. ფესტივალზე ჩამოსული იყო უმცროსი რეზო თაბუკაშვილი, რომელმაც ჯილდო აიღო.

`წმინდა ანდრიას ჯვარი~ გადაეცა ასევე რეჟისორ ალექსანდრე ჟღენტს, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისთვის. რეჟისორმა 1971 წელს გადაიღო ფილმი ”ცოტნე დადიანი”. ფილმი ფესტივალზეც აჩვენეს.
ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს შორის იყვნენ ალექსანდრე აკულოვი, მართლმადიდებლური ფესტივალის, ”პაკროვის” გენერალური დირექტორი და კიევის იონის მონასტრის არქიმანდრიტი მამა იონა, რომელმაც სრულიად უკრაინისა და კიევის მიტროპოლიტის, ვლადიმირის მილოცვა გადასცა ფესტივალის მაყურებლებს.

ფესტივალზე თორმეტი ქვეყნიდან სამოცამდე ფილმი იყო წარმოდგენილი.
`წმინდა ანდრიას ჯვრის” თანადამაარსებლები არიან საზოგადოება ”მეოხი” და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

Tuesday, October 28, 2008

რეგიონული მედიის მიმოხილვა

ია ანთაძე/ რადიო თავისუფლება


მიმდინარე კვირაში რეგიონული მედია ბევრს წერდა ჟურნალისტების პრობლემებზე. ყურადღების ეპიცენტრში ლაგოდეხის ტელევიზია მოექცა. კვირის დასაწყისში „რადიო ჰერეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტის, თოქ–შოუ „სტუდია დიალოგის“ წამყვანის – ეკა კუპატაძის – სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ჟურნალისტის განცხადებით, მისთვის გათავისუფლების მიზეზი ტელევიზიის ხელმძღვანელს არ აუხსნია, თუმცა, ეკა კუპატაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მისი მცდელობა, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გადაცემაში ობიექტურობა შეძლებისდაგვარად მაინც დაეცვა.

კვირის ბოლოს ლაგოდეხის ტელევიზიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა. ინტერნეტული გაზეთის „მედია.გეს“ ცნობით, 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „ლაგოდეხის“ დირექტორს ლალი ხუბულავას ტელეფონით უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა და დაემუქრა, შენს შვილს „გავაფუჭებთ“, თუკი სამსახურიდან მარინა გოგოლაძეს არ გაათავისუფლებო. გოგოლაძე „სტუდია დიალოგის“ ახალი წამყვანია, ეკა კუპატაძის შემცვლელი. ერთ–ერთი გადაცემის მიმდინარეობისას, როდესაც ტელევიზიას ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კაკალაშვილი სტუმრობდა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ევა ლომთაძემ, პირდაპირ ეთერში დარეკა და გოგოლაძეს უთხრა, შენ ისე წაიყვანე გადაცემა, თითქოს, ლაგოდეხში კარგი არაფერი გაკეთებულა; ამაზე ხვალ საკრებულოში დავილაპარაკოთო. მუქარის შინაარსი უფრო ნათელი გახდება, თუ დავაზუსტებთ, რომ ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე, პარალელურად, საკრებულოშიც მუშაობს. ტელევიზიის დირექტორი ადასტურებს, რომ დეპუტატმა კაკალაშვილმა მას პირადად უთხრა: გოგოლაძე ჩემი მტერია და არ მინდა, რომ გადაცემის წამყვანი იყოსო.

გურჯაანის გაზეთ „პროგრესში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედის“ კახეთის ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელთან, ჟანა დიდებაშვილთან, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს. ინტერვიუს გაცნობის შემდეგ ჩნდება პირდაპირი ეჭვი, რომ დიდებაშვილის დათხოვნა, შესაძლოა, მის მიერ მომზადებულ მასალებს უკავშირდება, რომელთა შორის ყველაზე გახმაურებული ვაზის აჩეხვის შარშნდელი სიუჟეტი იყო.

ფოთის გაზეთი „რეზიუმე“ კი აქვეყნებს გიორგი გირკელიძის ინტერვიუს „ქრონიკის“ ყოფილ წამყვანთან, ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილთან, რომელიც, ჯერჯერობით, აგრეთვე უსამსახუროდაა დარჩენილი. ჯავახიშვილის შეფასებით: „თითქმის მთელი მედიასივრცე ერთ დიდ მარიონეტების თეატრს დაემსგავსა“.

მიმდინარე კვირის რეგიონული გაზეთების გაცნობისას ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ისევე, როგორც მედიისა და ხელისუფლების გაუმჭვირვალი და მუქარანარევი ურთიერთობის შესახებ.

მეორე ტენდენცია, რომელმაც ასევე იჩინა თავი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებია. გაზეთი „რეზიუმე“ ბეჭდავს ლაშა ზარგინავას სტატიას, რომელიც ფოთში ძალაუფლების გადანაწილებისთვის გაჩაღებულ მორიგ ბრძოლას ეხება. ჟურნალისტის ცნობით, თანამდებობიდან ჯერ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე შურღაია გადააყენეს, შემდეგ კი – მისი მოადგილე ტუღუში. ქალაქის მერი ვანო საღინაძე და გუბერნატორი ზაზა გოროზია უფრო სწრაფები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ: ლაშა ზარგინავას ხელთ არსებული ინფრომაციით, შეიძლებოდა, ყველაფერი პირიქით მომხდარიყო, რადგან შურღაია, თანამოაზრეებთან ერთად, საკრებულოში ქალაქის მერის იმპიჩმენტს ამზადებდა.

გამგეობასა და საკრებულოს შორის დაპირისპირების კონტურები გაზეთ „ჩემი ხარაგაულიდანაც“ გამოსჭვივის. ამ ქალაქში საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ გამგეობის მიერ 9 თვის ბიუჯეტის შესრულება შეაფასა, როგორც „არასაკმარისი“. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გასულ კვირაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი მძიმე ბრალდებების ფონზე გადადგა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთლად დალაგებულად საქმე არც ნაციონალურ მოძრაობაშია.