div#header

Thursday, October 23, 2008

აჭარა - ”ქრისტიან-დემოკრატების” მეორე სამშობლო

”ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო გაზეთში, მსხვილი შრიფტით დაბეჭდილ სლოგანს, _ აჭარა ჩემი მეორე სამშობლოა, ”რესპუბლიკელებმა” პოლიტიკური ავანტიურა უწოდეს. ”ქრისტიან-დემოკრატებმა” გაზეთის 70 ათასი ეგზემპლარი უკვე დაარიგეს.
ლელა დუმბაძე/გაზეთი ბათუმელები

აჭარის უმაღლესი საბჭოს ”რესპუბლიკელი” დეპუტატი, მურმან დუმბაძე ამ ფრაზის მორალურ და პოლიტიკურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას: ”ამ ავადმყოფური აზრის ქაღალდზე გადატანა, სხვა არაფერია თუ არა აჭარის, როგორც ისტორიულ-გეოგრფიული მხარის გასაყიდ საქონლად წარმოჩენა”. დუმბაძის აზრით, გიორგი თარგამაძის პირველი სამშობლო რუსეთია.

`რესპუბლიკელების” თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მსგავსი ფრაზების გავრცელებას ეწინააღმდეგება, ამიტომ მისი გამავრცელებელი ორგანიზაცია უნდა აიკრძალოს: `ვინც ამბობს, რომ აჭარაში მხოლოდ აჭარის ადგილობრივი მკვდრი უნდა დამკვიდრდეს, ვინც ამბობს, რომ რევოლუციის შემდეგ აჭარა გათავისუფლდა და არის _ `თავისუფალი აჭარა, ერთიან საქართველოში~, ვინც ფიქრობს, რომ აჭარა არის მისთვის მეორე სამშობლო, ამას მხოლოდ ერთადერთი შეფასება შეიძლება მიეცეს, _ უგუნურება და ავანტიურა”.

მურმან დუმბაძის თქმით, გიორგი თარგამაძე ”თავის პირველ სამშობლოში” დეპუტატი ”მეორე სამშობლოდან” გახდა: თარგამაძემ მსგავსი ვაჭრობა წინასაარჩევნოდაც დაიწყო, როცა მთავარ ლოზუნგად მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის განსაზღვრა წამოაყენა. ეკელესია არ არის ადამიანის მიერ დაარსებული ინსტიტუტი, ამიტომ სახელმწიფოს ჩარევა საეკლესიო საქმეებში, მით უმეტეს პოლიტიკურად, შესაძლოა, საეკლესიო განხეთქილების საფუძველი გახდეს. ამიტომ პოლიტიკური ავანტიურა უნდა აიკრძალოს~.

`რესპუბლიკელებმა~ სამშობლოს ცნება კონსტიტუციურადაც განიხილეს: `საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. საქართველოს სახელმწიფოს სრული დასახელება არის _ საქართველო”.

ბათუმის კინოფესტივალი დღეს იხსნება

ფესტივალი 7 დღეს გაგრძელდება და სტუდენტებისათვის ბილეთის ფასი განახევრდება
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
ფოტო: ფესტივალის აფიშა

დღეს ბათუმში საერთაშორისო საავტორო კინოს მესამე ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის პირველ დღეს არასაკონკურსო სურათს, ანდჟეი ვაიდას `კატინის~ აჩვენებენ. შემდეგ დღეებში საერთაშორისო ჟიური, ბრიტანელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის თავმჯდომარეობით, საკონკურსო ფილმების პროგრამას ნახავს, ფესტივალის ბოლო დღეს კი საუკეთესო ფილმებს დააჯილდოვებს. პარალელურად გაიმართება არასაკონკურსო ფილმების ჩვენება და ცნობილი რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა.

2008 წლის საავტორო კინოს ფესტივალზე ოცამდე ქვეყნიდან ორმოცდაათამდე ფილმი იქნება წარმოდგენილი. პრიზები ექვს ნომინაციაში გაიცემა: გრან-პრი საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და პრიზები ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამების დირექტორი ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ხელმძღვანელი ქშიშტოფ კამიშევია, რომელიც გასულ წელს საავტორო კინოს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო.
საკონკურსო პროგრამა ოცამდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმისგან შედგება. მაყურებელი ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების დიდ ნაწილს ქართული სუბტიტრებით ან ქართული გახმოვანებით ნახავს.

ქართველი მაყურებლისთვის საკონკურსო პროგრამაში შესული დოკუმენტური ფილმებიდან შეიძლება ზოგიერთი ნაცნობიც აღმოჩნდეს. მაგალითად, ნინო კირთაძის ფილმი `დურაკოვო, ბრიყვთა სოფელი~, რომელიც მოგვითხრობს მოსკოვის შორიახლოს მდებარე უცნაურ დასახლებაზე, სადაც მიხეილ მოროზოვი ახალ მოძრაობას უყრის საფუძველს.

დოკუმენტური კინოს პროგრამაშია ცნობილი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას 90-წუთიანი სურათი `მარადონა~. ფილმი სკანდალური ფეხბურთელის ცხოვრებაზეა გადაღებული და მთავარ როლსაც მარადონა ასრულებს.

მრავალფეროვანია მხატვრული ფილმების პროგრამაც. პროგრამაშია რუსი რეჟისორის, ანა მელიკიანის გახმაურებული სურათი `ქალთევზა~, რომელიც სანდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა. ამერიკულმა გამოცემამ _ `Vარიეტყ~ ანა მელიკიანი მსოფლიოს ათი ყველაზე პერსპექტიული რეჟისორის სიაში შეიყვანა. ფილმი პატარა ზღვისპირა ქალაქში გაზრდილ გოგონაზეა, რომელიც მეგაპოლისში ჩადის.

საკონკურსო პროგრამაშია ასევე ფილმი, რომელიც 2007 წელს კანის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. რუმინელი რეჟისორის, კრისტიან ნემესკუს მხატვრული ფილმი `ოცნება კალიფორნიაზე~ მოგვითხრობს დრამატულ ამბავს, რომელიც კოსოვოს ომის დროს ვითარდება. `ნატოს~ სამხედრო მატარებელს დოკუმენტების გარეშე გადააქვს სამხედრო შეიარაღება. მატარებელს პატარა რუმინულ სოფელში აჩერებენ და სოფელში რადიკალურად იცვლება სიტუაცია. ფილმის გადაღება რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა, 2006 წლის აგვისტოში 27 წლის კრისტიან ნემესკუ ხმის რეჟისორთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მხატვრული ფილმების სექციაში მაყურებელი ნახავს პოლონელი რეჟისორის, ვიესლავ სანივსკის ფერად ფილმს `მართლმსაჯულების სიდიადე~, რომელიც პოლონური ფილმების ფესტივალის პრიზიორია. ვიესლავ სანივსკი 1977 წლიდან ანდჟეი ვაიდას ასისტენტია. კითხულობს ლექციებს პოლონეთისა და სხვა ქვეყნების კინოსკოლებში.

სანიევსკის ფილმები რეჟისორის სამშობლოში, პოლონეთში, სოციალიზმის ეპოქაში აკრძალული იყო.

ერთი სიტყვით, საავტორო კინოს ფესტივალის მრავალფეროვანი საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა კინოს მოყვარულებს საკმაოდ დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს. ბილეთების შეძენა უშუალოდ ფესტივალის მიმდინარეობის დროსაა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია და მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ამ ბილეთით რამდენიმე ფილმი ნახოთ. აბონიმენტის ფასი კი 30 ლარია, რომლითაც მთელ კვირას ისარგებლებთ. ფესტივალი განსაკუთრებულ შეღავათებს სთავაზობს სტუდენტებს, რომელთაც ნახევარ ფასში შეეძლებათ ბილეთებისა თუ აბონიმენტების შეძენა.

ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი `არგანი~, ოფიციალური პარტნიორები კი არიან: ბათუმის მერია, ავიაკომპანია `აირზენა~, კინოფესტივალის პარტნიორი სასტუმროა `ინტურისტ პალასი~, მედია მხარდამჭერი `გაზეთი ბათუმელები~. გარდა ამისა, ფესტივალს სხვა მეგობრებიც ჰყავს; ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი მესამე წელია ფესტივალის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, წელს პოლონეთიდან ჩამოსულ ათკაციან დელეგაციას და კიშლოვსკის ფილმების ჩამოტანის ხარჯებს ინსტიტუტი ფარავს.

ფესტივალზე არასაკონკურსო ფილმების სექციაში რამდენიმე გერმანულ სურათს წარმოადგენს გოეთეს ინსტიტუტი, ჰოლანდიური ფილმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Hოლანდ Fილმ-ი და ჰოლანდიის საელჩო. ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც.




ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს მესამე ფესტივალის პროგრამა

BIAFF 2008-ს გახსნის ფილმი _ ”კატინი”, ანჯეი ვაიდა, 2007;
BIAFF 2008-ს დახურავს ფილმი - ”აღთქმა”, ემირ კუსტურიცა, 2007.

BIAFF 2008 - საკონკურსო სექცია
მხატვრული კინო

`ოცნება კალიფორნიაზე~ - ქრისტიან ნემესკუ,
უნგრეთი, 2007;
`დელტა~ -კორნელ მუნდრუცო, გერმანია,
უნგრეთი, 2008;
`მართლმსაჯულების სიდიადე~ - ვიესლავ
სანივსკი, პოლონეთი, 2007;
`ხადაკი~ - პიტერ ბროსენს, ჯესიკა ჰოუფ ვოდვორფი, ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, 2006;
`კლასი~ - ირამგ რააგი, ესტონეთი, 2007;
`სამოთხის ჩიტები~ - რომან ბალაიანი,
უკრაინა, 2008;
`ქალთევზა~ - ანა მელიქიანი, რუსეთი, 2007;
`საფეხურები~ - მაიკ დე იონგი,
ნიდერლანდები, 2006;
`ზამთრის ძილი~ - სიამაკ შაიაგი, ირანი, 2007;
`ცოდვის ჩურჩული~ - ალგიმანტას პიუპა,
ლიტვა, 2007.

დოკუმენტური კინო
`დურაკოვო, ბრიყვთა სოფელი~ - ნინო კირთაძე, საქართველო, 2007;
`სახლის ხმები~ - შტეფან შვიტერტი, შვეიცარია, გერმანია, 2007;
`მარადონა~ - ემირ კუსტურიცა, ესპანეთი, საფრანგეთი, 2007;
`შეხედულება~ - სერგეი ლოზნიცა, გერმანია, რუსეთი, 2008;
`წმინდა წიგნის აჩრდილები~ - არტო ჰალონენი, ფინეთი, დანია, შვეიცარია, გერმანია, 2007;
`ქვათა დუმილი~ - კშიშიტოფ კოპზუნსკი, პოლონეთი, აშშ, 2007;
`შამპანურის ჯაშუში~ - ნადავ შირმანი, ისრაელი, გერმანია, 2007;
`მონასტერი~ - პერნილ გროენკაიერი, დანია, 2006;
`მაღლა იანგზე~ - იუნგ ჩანგი, კანადა, 2007;
`ქალებმა ყველაფერი იციან~ - მეირა აშერი, ნიდერლანდები, ისრაელი, 2007.

ჟიურის წევრებთა ფილმები
`ჩემი სიყვარულის ზაფხული~ - პაველ პავლიკოვსკი, დიდი ბრიტანეთი, 2004;
`ჭერი~ - რეზო ესაძე, საქართველო, 2003.

ქართული ფილმები
`მოკითხვა გადაეცი საქართველოს~ -
გიორგი ჯანელიძე, 2006;
`პილოტი~ - ალექსანდრე კვატაშიძე, 2007;
`ქვენტინის სათვალე~ - ირაკლი გერსამია, 2007;
`მესამე ნახევარი~ - სალომე საღარაძე, 2007;
`საშიში ვეფხვი~ - სალომე მაჩაიძე, 2006;
`უცნობი ჯარისკაცები~ - შალვა შენგელია, 2008.

არასაკონკურსო ჩვენება
`ზამთრის ძილი~ - საიამა შაიეხი, ირანი, 2007;
`შემოდგომის ბურთი~ - ვეიკო ოუნპუუ,
ესტონეთი, 2007;
`მსახიობის დანაშაული~ - ელზა კატალდო,
ბრაზილია, 2007;
`ვოლსბერგენი~ _
ნანუკ ლეოპოლდი, ბელგია,ჰოლანდია, 2007.

რეტროსპექტივა

ქშიშტოფ კიშლოვსკი
`ამატორი~, პოლონეთი, 1979;
`მოკლე ფილმი სიყვარულზე~ , პოლონეთი, 1988;
`ვერონიკას ორმაგი ცხოვრება~, პოლონეთი, 1991;
`სამი ფერი: ლურჯი, საფრანგეთი~, პოლონეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, 1993;
`სამი ფერი: თეთრი~, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, 1993;
`სამი ფერი: წითელი~, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, 1994;
რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ერიკ რომერი
`კლერის მუხლი~, საფრანგეთი, 1970;
`ლამაზი ქორწილი~, საფრანგეთი, 1982;
`პოლინი პლიაჟზე~, საფრანგეთი, 1983;
`ჩემი შეყვარებულის მეგობარი~, საფრანგეთი, 1987;
`ჩემი ღამე მოდთან~, საფრანგეთი, 1969.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები
`მონსოს მეფუნთუშე~, საფრანგეთი, 1963;
`შარლოტა და მისი სტეიკი~, საფრანგეთი, 1960;
`სუზენის კარიერა~, საფრანგეთი, 1963.

ჭურვები და რუსული პროკლამაცია ხურჩაში


{გენკა ყალიჩავა. ზუგდიდი. სპეციალურად ბათუმელებისთვის}

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, 19 ოქტომბერს, გამთენიისას სროლების ხმა ისმოდა. ისროდნენ, როგორც ავტომატებიდან ისე ყუმბარმტყორცნებიდანაც. სროლები დაახლოებით ოც წუთს გაგრძელდა. ჭურვები თორიების და მიქალტაძეების სახლებს დაეცა. რამდენიმე წუთიანი ინტერვალის შემდეგ კი ფეთქებადი მოწყობილობა ქართული პოლიციის საგუშაგოსთან ჩამოვარდა და აფეთქდა. მსხვერპლი არ არის.

ხურჩელი რესპოდენტის თქმით, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა: `მაგრამ გაქცევა არც გვიცდია, სახლების დატოვებას აზრი არ ჰქონდა. სროლების ხმა სხვადასხვა მხრიდან ისმოდა. ამიტომ სახლში ყოფნა უფრო უსაფრთხოდ ჩავთვალეთ~.

სოფელი ხურჩა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დავალებით, შემოვლითი გზების ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობა ინციდენტების დროს ერთმანეთს ტელეფონით უკავშირდება და ინფორმაციასაც ასე ცვლიან. ხურჩელი ქალბატონი ყვება, რომ მას ნაბაკევიდან დაურეკეს: `მეკითხებოდნენ, თქვენთან რა ხდებაო?! გაურკვევლობაში აღმოვჩნდი, ვერ ვუპასუხე. ჩვენები ამბობენ, აფხაზები და რუსები ისვრიანო. როცა ეს ვუთხარი _ მან მითხრა, ნაბაკევში არაფერი ხდებაო. არ დავუჯერე~.

ხურჩაში მომხდარი ინციდენტის პარალელურად რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ თაგილონისა და ზუგდიდის რაიონის სოფელ შამოგონას დამაკავშირეებელი საცალფეხო ხიდი ააფეთქეს. ამით კი ის შემოვლითი გზებიც მოიჭრა, რითაც დევნილები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. ახლა ხურჩაში, ნაბაკევსა და შამგონაში სიმშვიდეა, თუმცა როგორც იქაურები ამბობენ, მოჩვენებითი სიმშვიდე.


ზემოთ აღნიშნული ინციდენტების შემდეგ, გალის რაიონიდან შემოფრენილმა ვერტმფრენებმა სოფელ ნაბაკევსა და ხურჩაში რუსულ ენაზე დაწერილი პროკლამაციები ჩამოყარეს. პროკლამაციებში ეწერა, რომ თითქოსდა რუსეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობას და მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებენ წინ აღუდგენ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას, რომელიც შეერთებული შტატების მიერ იმართება.

პროკლამაცია, რომელიც შვეულმფრენებმა დიდი რაოდენობით ჩამოყარეს, შვიდ პუნქტს მოიცავს. შვიდივე პუნქტი ერთნაირი სულისკვეთებით არის შედგენილი, აქებს რუსერთს და აძაგებს შეერთებულ შტატებს, რომლის მარიონეტადაც მოიხსენიებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

პროკლამაციაში განსაკუთრებით მეოთხე და მეექვსე პუნქტებია საყურადღებო. მეოთხე პუნქტი: `მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, კონსტიტუციური მეთოდებით ჩამოაგდონ სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ქართველი ხალხი ჰუმანიტარულ კატასტროფაში ჩააგდო და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დააყენა. ამიტომ ქართველმა ხალხმა დემოკრატიული არჩევნებით უნდა აირაჩიოს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას გაატარებს და მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს მეზობელ რუსეთთან. რუსეთში მყოფი ქართული დიასპორა ამას მხარს დაუჭერს~. ციტატის დასასრული.

რას ფიქრობენ ამაზე თანაქალაქელები და ზუგდიდში მცხოვრები დევნილები: `არამგონია ეს ქართველების დაწერილი იყოს. ან შეიძლება ისინი შეაშინეს და დააწერინეს~;
`რატომ უნდა მითხრას მე, აქ მცხოვრებ ქართველს მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა, შევცვალე პრეზიდენტი. დიახ, სააკაშვილთან ერთად უნდა მოვაგვაროთ პრობლემები და ურთიერთობა რუსეთთან~;
`არასწორად მოიქცნენ იქაური ქართველები, პრეზიდენტი ავირჩიეთ და ვადის ამოწურვის შემდეგ თუ იქნება ალტერნატივა, მაშინ ვიფიქრებთ მის გადარჩევაზე. ეს მათ რატომ უნდა გვითხრან~;
`ეს ხელისუფლება რომ ღირსი არაა მართოს საქართველო, ფაქტია, მაგრამ რუსეთში მყოფ ქართველებს ეს არ უნდა დაეწერათ~.
პროკლამაციის მეექვსე პუნქტი - ციტატა: `მადლობას ვუხდით რუსეთის სამშვიდობო ძალებს ქართველი და ოსი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, და ასევე სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ, ოს და რუს დედებს, რომელთა შვილებიც ომის დროს დაიღუპნენ~.
მეექვსე პუნქტის შინაარსზე რესპოდენტები ამბობენ: `რუსეთს ქართველებისთვის ჰუმანიტარული დახმარება რომ გაუწევია, არ ვიცოდი. ეს ხომ ტყუილია! ასეთ რამეს რუსეთი ყოველ დღეს ავრცელებს. ამერიკიდან და ევროპიდან რომ მივიღეთ დახმარება, ეგ ვიცი და მადლობა მათ~;
`ასეთი რამ არსად მსმენია. რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარება არა, მაგრამ ბომბები ჩამოგვირიგა~.
`მესმის იმ ქართველების, რომლებიც იქ ცხოვრობენ. დააშინეს და დაწერეს, რა უნდა ექნათ! მჯერა, რომ ეს მათი გაკეთებული არ არის~.
მიმართვა, უფრო სწორად პროკლამაცია, თითქოსდა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა მოსკოვში, ჟურნალისტთა ცენტრალურ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე შეადგინეს. პრესკონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა `ქართველები სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ~.




შეკითხვები ვანო მერაბიშვილს


დღეს, 15-იდან 18-საათამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი ონლაინ რეჟიმში უპასუხებს მოქალაქეების კითხვებს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. შეკითხვების დასმა შესაძლებელია სამინისტროს ფორუმზე forum.mia.gov.ge


კითხვის დასასმელად აუცილებელია დარეგისტრირება ფორუმზე.


წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი.

Wednesday, October 22, 2008

"ჩამოსულები"- ნაცმოძრაობა აჭარაში სეპარატიზმს აღვივებს?

`ნაციონალური მოძრაობა~ და მისი რეგიონალური ლიდერი, ლევან ვარშალომიძე, წინასაარჩევნოდ ახალ პოლიტიკურ ტერმინს ამკვიდრებენ. ეს ტერმინია _ "ჩამოსულები".

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

წინასაარჩევნო ბუკლეტში, რომელიც 100 ათასი ტირაჟითაა დაბეჭდილი, ასეთი რამ წერია: `ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ აჭარაში სამუშაო ადგილები იქმნებოდეს. პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და არა უცხოელებისა და ჩამოსულებისთვის~.
არის თუ არა ეს სეპარატიზმის გაღვივება? `რესპუბლიკელი~ მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილად არის სეპარატიზმის გაღვივება, `ნაციონალ~ გიორგი კირთაძეს კი მიაჩნია, რომ არა: `ჩამოსული~ როგორ მესმის? ზუსტად ისე, როგორც გვიწერია. ეს გულისხმობს, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა აჭარის მცხოვრები უნდა იყოს. შემდეგ კი, ბუნებრივია, საქართველოს სხვა ნებისმიერი მკვიდრი~.
როგორც კირთაძე ამბობს, `რესპუბლიკელებმა~ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, `პირად საუბრებში ბოდიშიც კი მოიხადეს~.

საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეობის სამ ფორმას ცნობს, _ უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და საქართველოს მოქალაქე. ეს უკანასკნელნი კი, მიუხედავად ენობრივი, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორუფლებიანობით სარგებლობენ.
ოპოზიციის განცხადებით, სეპარატისტული ბუკლეტის გავრცელება უნდა აიკრძალოს, გამოცემის ინიციატორები კი პასუხისგებაში მიეცნენ. `მსგავსი ტერმინოლოგიისა და იდეოლოგიის დამკვიდრება იმ რეგიონში, რომელიც სახელმწიფოებრივი აზროვნების ფლაგმანია, დაუშვებელია~, _ ამბობს მურმან დუმბაძე.

სხვათა შორის, ლევან ვარშალომიძის (რომელიც რეგიონში `ჩამოსულების~ დასაქმების წინააღმდეგია) მთავრობის აპარატის უფროსი არაადგილობრივი ვლადიმერ წერეთელია. აჭარის ბიუჯეტიდან ოთხი წლის განმავლობაში ბინის ქირავნობის თანხას, 600 ლარს უხდიდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ეკა ხერხეულიძეს, რომელიც თბილისელია. `ჩამოსულები~ არიან უმაღლესი საბჭოს პრეს-მდივანი, ნინო გრძელიძე და მთავრობის აპარატის თანამშრომელი მირიან ლებანიძე, აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან კიკნაველიძე, აჭარის პროკურორი, ვასილ როინიშვილი და ბევრი სახელმწიფო მოხელე.

ვარშალომიძემ ამ ტიპის განცხადება საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინაც გააკეთა. მაშინ მოსახლეობის პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ პიკს აღწევდა. ადგილობრივების დასაქმების აუცილებლობა აჭარის პირველმა პირმა ადგილობრივი არჩევნების წინ ისევ გაიხსენა.

დავით დარჩიაშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრი:
საარჩევნო ბუკლეტი არ მინახავს და `ჩამოსულის~ მნიშვნელობას ზუსტად ვერ შევაფასებ, მაგრამ თუ რაღაც ბუნდოვნად არის ნათქვამი, ძალიან ცუდია და გამოსასწორებელია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ ნიშნავს ადამიანების შეზღუდვას კუთხურობის ნიშნით.
არის თუ არა გამართლებული, პოლიტიკოსების მხრიდან აქცენტების გაკეთება კუთხურობაზე? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ საუბარია იმის გამოსწორებაზე, რაზეც გულისწყრომას გამოხატავდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და არა იმაზე, რომ კახელს ან გურულს რაიმე სოციალური შეზღუდვები ჰქონდეს.

ერთი შეხედვით, ეს ფრაზები შეიძლება მოგეჩვენოს კუთხურობის წახალისებად, მაგრამ აქცენტები აქ სულ სხვა რამეზეა გაკეთებული. მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლო აჭარაში გადმოვიდა, სულაც არ იყო საჭირო ყველა კადრი შლეიფივით თბილისიდან გადმოჰყოლოდა. ადგილობრივი რესურსის დასაქმება, არ ნიშნავს კუთხურობის წახალისებას. მაგრამ არც ის შეიძლება, თუ ყველა ჩამოსულს დასაქმებაზე უარს ეტყვიან. ეს უკვე მეორე უკიდურესობა იქნება.

სეპარატიზმის კუთხით უღრუბლო ისტორია არ გვაქვს, ამიტომ უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს გარკვეული შიში. სეპარატიზმი პოლიტიკური უფლებების მოთხოვნა, ნაციონალიზმის წახალისება და გაღვივებაა. დანარჩენი ინტერპრეტაციებია, რომელიც შეიძლება სუბიექტური იყოს. სეპარატიზმის გამოვლინებები კი ვარშალომიძეში არც მე შემინიშნავს და არც ცენტრალურ ხელისუფლებას~.
თემურ ჩაჩავა _ ჩაისუბნის მცხოვრები (70 წლის):
`მთავარია, ადამიანი დასაქმებული იყოს და რომელი კუთხის მკვიდრია, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, შენს ქალაქში, რეგიონში რომ იშოვი სამსახურს, ამას რა სჯობს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დასაქმების უფლება აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე. რა, მე თბილისში რომ წავიდე, სამუშაო არ უნდა მომცენ? ადამიანების კუთხური ნიშნით დაყოფა არასწორია~.
რევაზ მიქელაძე - შუახევის მკვიდრი (65 წლის):
`საარჩევნო კლიპები მაქვს ნანახი და ამ გამოთქმების არ მჯერა. არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება დაგვასაქმებს. წლებია, დაპირებები გვესმის, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი უცხოელებზე გაყიდეს, საქართველოს მოქალაქეებს კი კრედიტებიც არ მოგვცეს.
სიტყვა _ `ჩამოსული~ როგორ აღვიქვი? რა ვიცი, ზოგი ჩამოსულებს სოფლის მცხოვრებს ეძახის, ზოგიც უცხოელს... ზუსტად ვერ გეტყვით, ამ სიტყვაში `ნაციონალებმა~ ვინ იგულისხმეს. თუ სხვა კუთხის მცხოვრებლები იგულისხმეს, მაშინ ცუდია, რადგან ქართველების გადახარისხება კუთხური ნიშნით, არ შეიძლება~.

პოლიტიკა ქალების გარეშე

აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიებში ქალები თითქმის არ არიან შეყვანილი. არჩევნებში მონაწილე რვა პარტიას სიაში მხოლოდ თითო ქალი, გამსვლელ სიაში კი არც ერთია (გარდა ნაციონალებისა). წინა არჩევნებზე `ნაციონალური მოძრაობა~ უმაღლეს საბჭოში ოთხი ქალით იყო წარმოდგენილი. ამჯერად მხოლოდ ერთი ჰყავთ.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები


რვიდან სამი პარტია ქალებს საერთოდ არ ენდო. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ტენდენცია მათაც შენიშნეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მერაბ ქიძინიძეს საარჩევნო სიებში ქალების სიმცირე არ მოსწონს. მისი თქმით, ეს ფაქტი უმაღლეს საბჭოში სტუმრად მყოფმა უცხოელმა დიპლომატებმაც აღნიშნეს. `ქალები პოლიტიკაში პროდუქტიულები არიან, განსაკუთრებით კონფლიქტური სიტუაციების დროს, ამიტომ მათი იგნორირება არ შეიძლება~, _ ამბობს დეპუტატი.

აჭარის არჩევნებში `ქართულმა დასმაც~ უპირატესობა მამაკაცებს მიანიჭა. პარტიის ხელმძღვანელის, ჯონდი ბაღათურიას დასკვნა ამ საკითხზე ასეთია: `საარჩევნო სიაში ადამიანები იმის მიხედვით ხვდებიან, თუ რამდენად შესწევთ პოლიტიკური ძალა~.
`ქრისტიან დემოკრატების~ ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით კი, ამ საარჩევნოდ მათი უარყოფითი მხარე სწორედ ისაა, რომ სიაში ქალები არ ჰყავთ. მისი აზრით, აჭარაში პოლიტიკოსი ქალების რესურსი ნაკლებია. "პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კანდიდატი ქალია თუ კაცი. თუმცა, ქალები, რომლებიც თავიანთ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, ძალიან ნაკლები არიან", _ ამბობს იგი.
თარგამაძე დასძენს, რომ ქალების საკითხს პოლიტიკაში, შაბლონურად არ უდგება. მისი თქმით, მთავარია, ეს ადამიანები არა ვიზუალური ეფექტისთვის არსებობდნენ პოლიტიკაში, როგორც დღესაა, არამედ პოლიტიკური განვითარებისთვის თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას: `ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს ქალებად და კაცებად, ქართველებად და არაქართველებად. მთავარია, შეიქმნას პოლიტიკური კონკურენციის სტიმული~.
ამ საარჩევნოდ ქალი კანდიდატების რეკორდი მხოლოდ `კონსერვატორებმა~ მოხსნეს. მათ სიის ათეულში ექვსი ქალი ჰყავთ. თუმცა ეს პარტია არჩევნებში აღარ მონაწილეობს. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს საარჩევნო სიის ქალებით დაკომპლექტება, პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბადრი ცინცქილაძემ განაცხადა: `ამ არჩევნებს ასეთი სია მოუხდებოდა".

ცინცქილაძეს არაკონკურენტუნარიანი არჩევნები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა ამ მოსაზრებას დავით ბაციკაძე უარყოფს და ამბობს, რომ მათ სხვა პარტიებს მაგალითი მისცეს: `ძალიან ცოტა "მანდილოსანი" მონაწილეობს ამ არჩევნებში. ვფიქრობ, ცუდი ტენდენციაა~. მისი აზრით, უმაღლეს საბჭოს წევრთა რაოდენობა იმდენადაა შემცირებული, რომ უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, არც ერთ ქალ კანდიდატს არ აქვს.
ბაციკაძე მეორე ტენდენციაზეც საუბრობს, რომელიც მისი აზრით, პოლიტიკური მოსაზრებით გაჩნდა: `სიებში ადამიანების ეთნიკური ნიშნით შეყვანა, მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილია~.

ბათუმელი ზაირა გულუას აზრით, ქართულ პოლიტიკაში დღემდე არ არსებობენ ისეთი კანდიდატები, ვის გამოც არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა ღირს.
ამირან კეჟერაძისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი ქალია თუ მამაკაცი. თუმცა მიაჩნია, რომ `ქალი პოლიტიკაში მაინც უნდა იყოს, რადგან მშვიდობის სიმბოლოა~.
გული გათენაძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალების სიმრავლე, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვას განაპირობებს. თუმცა, მას საქართველოში ასეთი პოლიტიკოსი ქალი არ ეგულება. `თინა ხიდაშელს და ეკა ბესელიას არაუშავს~, _ ამბობს იგი.

ინგა ბაგრატიონი მნიშვნელოვან მოვლენებს მუდმივად ადევნებს თვალს. მისი აზრით, აჭარის არჩევნებში კანდიდატ ქალთა სიმწირე ამომრჩეველზე გავლენას მოახდენს. `შეიძლება არც კი წავიდე~, _ ამბობს ინგა.

მსოფლიო პოლიტიკა რამდენიმე ქალ პოლიტიკოსს იცნობს, რომლებმაც ძლიერი სახელმწიფო მოღვაწის იმიჯი დაიმკვიდრეს. მათ შორის არიან, რკინის ლედიდ წოდებული მარგარეტ ტეტჩერი და ინდირა განდი.

თანამედროვე პოლიტიკაში პოპულარობით სარგებლობს ჰილარი კლინტონიც, რომელიც აქტიურად ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობის მოპოვებას. მნიშვნელოვან ფიგურებად რჩებიან გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.

ძლიერი პოლიტიკური სახის შექმნას ნინო ბურჯანაძეც ცდილობდა. მან გარკვეულ პერიოდში, საზოგადოების თვალში, ძლიერი პოლიტიკოსი ქალის იმიჯიც კი დაიმკვიდრა. თუმცა, როგორც ამომრჩეველთა ნაწილი ამბობს, იგი საბოლოოდ ქვეყნის პრეზიდენტისა და პირადი კეთილდღეობის ტყვე გახდა.

`ბათუმელების~ მიერ გამოკითხული მოქალაქეების აზრით, საქართველოში ქალები პოლიტიკურ სახეებს იმიტომ ვერ ქმნიან, რომ შინაგანი სიმტკიცე აკლიათ, რის გამოც პოლიტიკოსი მამაკაცების მხრიდან ადვილად სამართავი ხდებიან. მათი მოსაზრებით, ქართულ პოლიტიკაში ქალი ფასადია.

აჭარის არჩევნებს ეუთო არ დააკვირდება

ლელა დუმბაძე/ ბათუმელები
უმაღლესი საბჭოს არჩევნებს მხოლოდ სამი უცხოური ორგანიზაცია დააკვირდება: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). ეუთოს სადამკვირვებლო მისია ამ არჩევნებზე არ იმუშავებს. ისინი, ძირითადად, `სამართლიანი არჩევნების~ დასკვნებს დაეყრდნობიან.

`სამართლიანი არჩევნების~ წარმომადგენლის, ნინო დოლიძის განცხადებით, მათი სამი მოთხოვნიდან უსკომ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. ისინი ვიდეოთვალის დამონტაჟებას ყველა საარჩევნო უბანში ითხოვდნენ. უსკომ კი საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ვიდეოთვალი დამატებით, მხოლოდ ქობულეთის 14 უბანში დამონტაჟდება, რაც არჩევნების გამჭვირვალობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ნინო დოლიძის თქმით, უსკოში სხდომები რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა, პარტიული წარმომადგენლების მხრიდან ნაკლები აქტიურობა შეინიშნება. უბნები 13 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიებში `რესპუბლიკელების~ ნაცვლად მეშვიდე წარმომადგენელი `ქართულმა დასმა~ შეიყვანა, ისიც რამდენიმე უბანზე.
წინა არჩევნების დროს დარღვევები იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამიტომ `სამართლიანმა არჩევნებმა~ უსკოში თანამდებობის პირთა კომპეტენტურად შერჩევის საკითხიც დააყენა. დოლიძის თქმით, `ბევრ უბანში კომისიის თავმჯდომარედ და მდივნად ისევ ის ადამიანები დანიშნეს, რომელთა არაკვალიფიციურობის გამო, საპარლამენტო არჩევნების დროს, რიგი უბნების შედეგები მთლიანად გაუქმდა~.

სასჯელი მეთაურების ბრძანების შესრულებისთვის

აგვისტოს ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ერთ ნაწილს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუუქმა. ჯარიმის სახით თითოეულ მათგანს 14 ათას ლარს სთხოვენ. ადვოკატების განცხადებით, ჯარისკაცებს ბრალად მეთაურთა ბრძანების შესრულება ედებათ.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

ჯარისკაცმა გიორგი დიასამიძემ ქართულ ჯარში სამსახური წელს, თებერვალში დაიწყო. არსებული წესის მიხედვით, კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა და მე-5 ქვეით ბრიგადაში ჩაირიცხა. აგვისტოს ომში, როგორც თვითონ ამბობს, ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ მათი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან გამოვიდა. მისი თქმით, საბრძოლო პოზიციებიდან უკან დახევის ბრძანება მეთაურმა გასცა.
მათი ნაწილი თბილისის ზღვასთან დაბანაკდა. დიასამიძე ამბობს, რომ 11 აგვისტოს, კაპიტანმა სადუნაშვილმა მათი ასეული მოაწყო და იარაღის ჩაბარების ბრძანება გასცა: `შემდეგ გვიბრძანა _ ვისაც წასვლა გინდათ, წადით, ვისაც დარჩენა, დარჩითო. ბიჭებმა სახლებში წამოსვლა გადავწყვიტეთ. როცა დავჭირდებოდით გამოგვიძახებდნენ~.
სახლში წამოსულ დიასამიძეს ორ დღეში დაურეკეს, ანუ ნაწილში 16 აგვისტოს გამოიძახეს. მისი თქმით, სამსახურში ვადაზე ადრე, 14 აგვისტოს მივიდა, თუმცა ის და მისი თანამებრძოლები მალე ისევ დაითხოვეს.

მოგვიანებით, უკვე 9 სექტემბერს დაიბარეს და განუცხადეს, რომ `სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელისა~ და `საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო~ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვილია. თავდაცვის სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას _ 14 ათას ლარს ითხოვს.

ჯარისკაცის ადვოკატის, რუსუდან ბასკურიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ყველა დათხოვნილ ჯარისკაცს იდენტური დოკუმენტი გაუგზავნა. მისი თქმით, დოკუმენტი იურიდიული ხარვეზებით არის შედგენილი, რადგან ჯარისკაცებს ზიანის ანაზღაურებას უკანონოდ თხოვენ: `კანონით, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, იმ ჯარისკაცმა, რომელსაც ერთ წელზე მეტი აქვს ნამსახური, 14 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, ვისაც ორი წელი, 10 ათასი, ხოლო ვისაც სამ წელზე მეტი, 5 ათასი ლარი. გათავისუფლებულ ჯარისკაცთა უმეტესობა ახალწვეულია და ერთ წელზე მეტი ნამსახური არ აქვთ. ერთწელზე ნაკლებ ვადებთან დაკავშირებით ჯარიმებზე ხელშეკრულებაში არაფერი წერია~.

რუსუდან ბასკურიძემ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ჯარისკაცის, ავთანდილ გობაძის სასამართლო პროცესი პირველ ინსტანციაში უკვე მოიგო. თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ადვოკატს იმედი ქავს, რომ პროცესი საბოლოოდ მათ სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, მისი თქმით, ყველა დათხოვნილი ჯარისკაცის საქმე იდენტურია და შედეგიც ერთნაირი უნდა დადგეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ჯარისკაცებთან დადებული ხელშეკრულება კაბალურია და მასში მარტო თავდაცვის სამინისტროს ინტერესებია გათვალისწინებული: `ეს ხელშეკრულება ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს არის შედგენილი. როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელშეკრულების ფორმას ადგენენ~.

ჯარისკაცების ერთადერთი დანაშაული, ადვოკატის განცხადებით, მეთაურის ბრძანების შესრულებაა: `ჯარისკაცი უსიტყვოდ ასრულებს მეთაურის ბრძანებას. თუმცა კანონში არის ერთი მომენტი, რომლის მიხედვითაც, თუ მეთაური უკანონო ბრძანებას გასცემს (ვთქვათ, კონსტიტუციის საწინააღმდეგო), იგი არ უნდა შეასრულონ. სწორედ ამ მოტივით უყენებენ ჯარისკაცებს ბრალდებებს. უმეტესობას ეს `შეცდომა~ გამოუცდელობით მოუვიდა. ამის დასტური ისაა, რომ დათხოვნილთა უმეტესობა ახალწვეულია. ძველ კონტრაქტორებს ასეთი პრობლემა რომ ჰქონდეთ, არ მსმენია~.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ინწკირველის განცხადებით, `ეს საქმე არც მეთაურის სიტყვითა თუ ბრძანებით გადაწყდება და არც იმით, თუ რას ამბობენ ჯარისკაცები. ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. სამწუხაროდ, ბევრმა ჯარისკაცმა ნებაყოფლობით ჩააბარა იარაღი და თქვა, რომ წყვეტს კონტრაქტს. როცა ჯარისკაცი კონტრაქტს წყვეტს, ხელშეკრულების პირობებს უნდა გაეცნოს. მეთაურს კი არა, მამაღმერთს რომ ეთქვა, წადიო და წამოსულიყვნენ, მაინც კონტრაქტის შეწყვეტად ჩაეთვლებოდათ. მათ უნდა სცოდნოდათ, ამაზე რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ~.


უვადო პატიმრები

რამდენიმე დღის წინ, მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შიმშილობდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, პატიმარს თავისი საქმის სტრასბურგში გასაჩივრება უნდოდა და როცა გაიგო, რომ სისხლის სამართლის საქმე უზენაეს სასამართლოში დაუკარგავთ, შიმშილობა დაიწყო.

ნათია როყვა/ბათუმელები

`შევხვდით და შევაწყვეტინეთ შიმშილობა. საქმის დაკარგვასთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობს~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსმა, მაია გიგინეიშვილმა.

ისინი, ვისაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, კანონის თანახმად, ოჯახის წევრები ექვს თვეში ერთხელ, ერთი საათით ინახულებენ. `გააჩნია საპყრობილეს რეჟიმს, თუ მკაცრი რეჟიმის საპყრობილე არაა, მაშინ თვეში ერთხელ ხვდებიან ოჯახის წევრებს, მაგრამ ერთმანეთს შუშის კედელი აშორებთ. ახლა ამ კანონის შეცვლაზე საუბრობენ, რადგან იგი დასახვეწია~, _ ამბობს მაია გიგინეიშვილი.

საქართველოში უვადო პატიმრობა 72 ადამიანს აქვს მისჯილი, აქედან სამი ქალბატონია. ვლადიმერ არუთინიანი, რომელსაც თბილისში, პრეზიდენტებზე, ბუშსა და სააკაშვილზე ტერაქტის მოწყობის მცდელობა ბრალდება, მეშვიდე საპყრობილეშია მოთავსებული. 67 პატიმარი კი რუსთავის მეექვსე საპყრობილეში იმყოფება.

გიგინეიშვილის ინფორმაციით, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ისინი უკეთეს პირობებში არიან, _ `აქვთ ტელევიზორი და რადიო; ასევე სარგებლობენ ყოველდღიური გასეირნების უფლებით, ისევე როგორც ტუბერკულოზით დაავადებულები~.

დანარჩენ პატიმრებს სამ დღეში ერთხელ ასეირნებენ, რაც დიდი პრობლემაა სასჯელაღსრულების სისტემაში, ისევე როგორც სამედიცინო პრეპარატების არარსებობა. `ციხეში წამლებით უზრუნველყოფა საერთოდ ვერ ხერხდება, მაგრამ ეს მხოლოდ უვადოებს არ ეხება~, _ ამბობს მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსი.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები უვადო პატიმრობამისჯილებთან იმ შემთხვევაში შედიან, თუ მონიტორინგს ატარებენ ან რომელიმე პატიმარი განცხადებით მიმართავს: `ხშირად ითხოვენ ჩვენთან საუბარს, უფრო თავის საქმეზე ჩივიან, ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამთ~, _ ამბობს მაია გიგინეიშვილი.

გიგინეიშვილის თქმით, მას, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალება არ ეხება: `ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ პრაქტიკაში არ მომხდარა~.
და ბოლოს, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა და რეალიზება; ასევე თუ ადამიანს რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დაუმტკიცდა.

პრეზიდენტის რეზიდენციის შეჩერებული მშენებლობა

სახლი, რომელიც ბათუმში, აბაშიძის გამზირზე პრეზიდენტის რეზიდენციად კეთდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ, დაიწუნა. "სივრცე არ მოეწონა", _ ამბობს შენობის დარაჯი, გიორგი სიორიძე, რომელიც ობიექტს მარტოდ ყარაულობს. თუმცა იქვე დასძენს, რომ შენობის დასათვალიერებლად მისული პრეზიდენტი, არ უნახავს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. მისი რეკონსტრუქცია გაზაფხულზე დაიწყო. ადრე შენობაში საგარეო საქმეთა წარმომადგენლობა ფუნქციონირებდა, რამდენიმე თვის წინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უზურფრუქტით გადასცეს. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შენობის სავარაუდო დაწუნების შემდეგ, მისი გაყიდვა დაიგეგმა. გამოჩნდა პირველი მსურველიც. შენობის ყიდვას რუსეთის მოქალაქე, დუმას წევრი სიმონ დავიდოვი აპირებდა, რომელიც ბათუმში სავაჭრო ცენტ `მოსკოვს~ ფლობს.

გიორგი სიორიძე, რომელიც ობიექტს იცავს ამბობს, რომ ვინმე დავიდოვი სახლის სანახავად 15 სექტემბერს მძღოლთან ერთად მივიდა. `მითხრა, სახლი მე ვიყიდეო, თუმცა ამის შემდეგ არც თვითონ და არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი აღარ გამოჩენილა~.
შეჩერდა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც, რომელსაც შპს `პრიზმა~ ასრულებდა. შპს ძირითადად, სამთავრობო შეკვეთებს ასრულებს. ბობოყვათისა და ავლაბრის რეზიდენციაზე `პრიზმა~ მუშაობს.

ფირმის სამუშაოთა მწარმოებელი, გია ნაკაშიძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს: `წასული ვიყავი და არ ვიცი, რა მოხდა. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დავიწყებთ თუ არა სამუშაოებს~. ნაკაშიძე არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, რა თანხა დაიხარჯა შენობის რეკონსტრუქციაზე.
შეჩერებული სამუშაოების შესახებ ან იმაზე, მართლა გაიყიდა თუ არა შენობა, ინფორმაციას არც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, ივანე ნონიაშვილი ფლობს. `გადავამოწმე ინფორმაცია და მითხრეს არ ვიცითო~, _ ამბობს იგი.

ინფორმაციას არც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ფლობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ შენობა შპს `სახელმწიფო უზრუნველყოფის~ ბალანსზეა და მას საწარმოთა მართვის სააგენტო განაგებს. `სახელმწიფო უზრუნველყოფის~ ხელმძღვანელი, მირიან მდივანი კი ამბობს, რომ შენობის გაყიდვა მართლაც იგეგმებოდა, `დავიდოვს ჰქონდა ყიდვის სურვილი, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი გაურკვეველია~.

მისი თქმით, `შენობის რემონტი, პრინციპში, დასრულდა. მას სახელმწიფო დავალების საფუძველზე ვარემონტებდით".
შენობის რეკონსტრუქცია, როგორც მირიან მდივანი ამბობს, შპს-ეს ბიუჯეტიდან დაფინანსდა. თუმცა რა თანხები დაიხარჯა, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს, _ `მშენებლებს ეცოდინებათ~.


ტურისტული სესხების სამაშველო ოპერაცია

ქობულეთსა და ხელვაჩაურში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებსაც ტურისტული სესხი ჰქონდათ აღებული, სახელმწიფომ სესხის პროცენტების დასაფარად სამი მილიონი ლარი გამოყო. ბანკებმა კი ძირი თანხის ამოღება ერთი წლით შეაჩერეს.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

ამ სესხით მხოლოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები წვრილი მეწარმეები ისარგებლებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, სულხან ჯორთმენაძე ამას ასე ხსნის: "ქობულეთი და ხელვაჩაური მხოლოდ სეზონზე მუშაობს. ბათუმში კი საოჯახო სასტუმროებს ზამთარშიც სტუმრობენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტულად ეს ჩავთვალეთ. შეიძლება დაფინანსება გავაგრძელოთ".

განცხადების გაკეთებიდან ორ დღეში აჭარის ფინანსთა სამინისტროს აპლიკაციის ფორმების შესავსებად 100-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მეწარმეები შიშობენ, რომ `სესხი ყველას არ შეხვდება~.

ეკა გოგოლიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც სესხის აღება სურს, თუმცა ამისი დიდი იმედი არ აქვს: `პადპოლნა~ გავიგე, რომ ქობულეთში სესხი სულ თორმეტ ადამიანს უნდა მისცენ და ისიც მხოლოდ ვარშალომიძის ახლობლებს. დღეს აპლიკაციის ფორმა მაინც წამოვიღე. თუ ეს სესხი ავიღე, მართლა შეღავათი იქნება. წელს კი გაგვიყინეს ეს გადასახადები, მაგრამ მომავალში იმდენი გამოდის, რომ მხოლოდ ბანკების თანხას გამოვიმუშავებთ: თუ 3700 ლარი მქონდა გადასახადი, მომავლიდან 5000 ლარზე მეტის გადახდა მომიწევს. კარგი იქნებოდა, ერთი წლით გადაევადებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. სახელმწიფო სესხს კარგი პირობით იძლევა, პროცენტიც მისაღებია".

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, სულხან ჯორთმენაძის თქმით: `ბანკებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია სესხის გაცემისა და მოცულობის შესახებ და საპროცენტო განაკვეთი ამის მიხედვით გავთვალეთ. კომერციულმა ბანკებმა ტურისტულ სეზონზე სულ 12 მილიონი ლარის სესხი გასცა. ამ თანხის პროცენტი, ჩვენ მიერ გათვლილ თანხაში ჯდება~.

ხელისუფლება მხოლოდ სესხის იმ პროცენტს დააფინანსებს, რომელიც მეწარმეებს მიმდინარე წელს ჰქონდათ დასაფარი და რომელიც აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო ვერ დაფარეს. პროექტი ძირი თანხის დაფარვას არ ითვალისწინებს.
ხელისუფლების მიერ გამოყოფილი სესხი რვაპროცენტიანია და ხუთი წლის ვადით გაიცემა. აქედან ორი წელი საშეღავათო პერიოდია, ანუ მეწარმე არაფერს იხდის. `სესხი, ძირითადად, იმ მეწარმეებს მიეცემათ, ვინც წელს სახლი გაარემონტა დამსვენებლის მისაღებად, ან რესტორანი გააკეთა და სეზონის ჩაშლის გამო შემოსავალი ვერ მიიღო~, _ ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება ძირ თანხებს, ბანკებმა მისი ამოღება ერთი წლით თავიანთი ინიციატივით გააჩერეს.
`პროკრედიტ ბანკის~ პიარ-სპეციალისტი თეა ჩუბინიძე ამბობს, რომ მათ პოლიტიკა რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრეს: `როცა საომარი სიტუაცია შეიქმნა, გასაგები იყო, რომ აჭარის რეგიონიც დაზარალდებოდა. სეზონი, ფაქტობრივად, ჩაიშალა, ამიტომ გარკვეული ზომები მივიღეთ. ექსპერტებმა ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილეს, ანუ სესხი ერთმნიშვნელოვნად არ გადაგვივადებია. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მაინც რეფინანსირება მოხდა _ ძირი თანხის გადახდის დრო გადავადდა. ეს აჭარის მთავრობისგან დამოუკიდებლად, გაცილებით ადრე გადავწყვიტეთ~.

დავალიანების მქონე პირების საქმის შესწავლას ხელისუფლებაც ინდივიდუალურად, აპლიკაციების შევსებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აპირებს. მცირე მეწარმეებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შეეძლებათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ სასესხო ხელშეკრულების ქსეროასლი, საგადასახადო სამსახურიდან და კომერციული ბანკიდან დავალიანების შესახებ ცნობები უნდა წარუდგინონ.

სულხან ჯორთმენაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სესხი, რომელიც პროცენტების დასაფარად არის გამოყოფილი, რაც შეიძლება მალე გაიცეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სააპლიკაციო ფორმების გაცემა უკვე დაიწყო.
`იაფი სესხების~ პროგრამა ამჯერადაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. თუმცა, ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას ეკუთვნის. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროგრამით მოსახლეობაც იხეირებს და ბანკებიც აღარ დაზარალდებიან: `საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ადამიანები იღებენ სესხს და ამასთან ვალდებულებასაც, რომ დამატებით პროცენტებს გადაიხდიან. ბანკი სწორედ ამ პროცენტების საშუალებით არსებობს. ჩავთვალეთ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი სწორედ ასეთი პროექტის განხორციელება იყო. გვინდა ეს პროექტი სწრაფად განხორციელდეს".

ცნობილია, რომ ტურისტული სესხები ბანკებმა კახეთსა და სვანეთშიც გასცეს. თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი თქმულა იმის შესახებ, რამდენად აპირებს სახელმწიფო ამ რეგიონებში მცხოვრები ინდმეწარმეების დახმარებას.

როდის დაიკლებს საწვავზე ფასი საქართველოში?

ინტერვიუ "ვისოლის" გენერალურ დირექტორთან
ეთერ თურაძე/ბათუმელები
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი თითქმის 50 პროცენტით გაიაფდა, მაგრამ ეს საქართველოში ბენზინის ფასზე თითქმის არ ასახულა. რატომ არ გაიაფდა საწვავი? `ბათუმელების~ კითხვებს საქართველოში ამ პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორის _ `ვისოლის~ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა პასუხობს:
_ სხვა კომპანიებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენი კომპანიის ქსელში სხვადასხვა პროდუქტზე ფასები დაახლოებით 35-40 თეთრით შემცირდა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ყველაზე მაღალი ფასი ჩვენთან 2.30 ლარის ფარგლებში მერყეობდა. დღეს 2 ლარის, 1,95 _ 1,85 ფარგლებშია. კლება ყოველკვირეულად ხდება. ბოლოს ფასი პარასკევს შევამცირეთ.
_ თუმცა, ფასის მატების დროს ცოტა სხვაგვარად ხდება _ საერთაშორისო ბაზრის მონაცემები საქართველოში დაუყოვნებლივ აისახება.
_ როცა იზრდებოდა ფასი, ჩვენ 20-30 თეთრით არასოდეს გაგვიზრდია _ მაქსიმუმ 5-10 თეთრით იმატებდა. შესაბამისად, იმავე პროცედურით ხდება შემცირება. მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებული ცვალებადობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა. ფასმა ბარელ ნავთობზე მნიშვნელოვნად ბოლო ერთ კვირაში დაიკლო. ამ პერიოდში ფასების შემცირება ჩვენც დავიწყეთ.
_ დღეს ერთი ბარელი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე 73 დოლარი ღირს. ამასთან შედარებით ადგილობრივ ბაზარზე ფასი ძალიან მაღალი ხომ არ არის?
_ ჩვენთან ფასი იმპორტირებული პროდუქციის ადეკვატურია. 73 დოლარი კი ორ კვირაში ჩამოყალიბებული ფასია. ეს ფასი 10-15 დღის წინ არ გვქონდა. მაშინ 90-100-იანი ნიშნული იყო. იტალიიდან საწვავის იმპორტირებისთვის, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს, მინიმუმ 20 დღე გვჭირდება. ახლაც ოცი დღის წინ არსებული ფასით ვხელმძღვანელობთ.
როცა ფასები იცვლება, მასზე რეაგირება იმ წამსვე არ ხდება, ჩვენ გარკვეული ნაშთები გვაქვს. სხვა დროს, პირადად მე, არაერთხელ განმიცხადებია, რომ რადგან ნაშთი არსებობს, ფასს არ ვზრდით. ანუ ყოველთვის ვცდილობთ მოსახლეობას ეტაპობრივად ვაცნობოთ, შესაძლო ზრდის შესახებ.
_ რამდენად მოსალოდნელია ნავთობის ფასის კლება მსოფლიო ბაზარზე და თუ ასე გაგრძელდა, რა მოხდება ქართულ ბაზარზე?
_ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ძნელია. ჩვენ ამ პროდუქტის ფასწარმოქმნაში მონაწილეობას არ ვიღებთ. რაც შეეხება აქტიურობას, ფასების ვარდნა შესაძლებელია შეჩერდეს. ამ კვირაში იმავე ოპეკის - ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების შეხვედრა იგეგმება. იმის გამო, რომ ფასები დავარდა, გადაწყდა, ნავთობის მოპოვება მილიონი ბარელით შემცირდეს. ეს ფასის მომატებას გამოიწვევს. საერთო ჯამში ასეთი პროგნოზის გაკეთება შეიძლება: ერთი კვირის განმავლობაში დაცემის ტენდენცია აღარ გაგრძელდება.
ჩვენ სადისტრიბუციო ქსელი ვართ, ამიტომ დაბალი ფასები ჩვენთვის აქტიურ მომხმარებელს ნიშნავს. ჩვენ ინტერესებში საწვავზე მაღალი ფასი არ შედის, პირიქით _ სხვა კომპანიებს უნდა გავუწიოთ კონკურენცია. სწორედ ამიტომ გვინდა დაბალი ფასი და უფრო მეტი ბრუნვა.
_ თუ დღევანდელი ფასი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა, თქვენი კომპანია საწვავს რა ფასად გაყიდის?
_ ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ, საერთო ჯამში, ფასების ეტაპობრივი შემცირებაა მოსალოდნელი. შემდგომი იმპორტი, ალბათ, 5-10-თეთრით შემცირების საშუალებას მოგვცემს.
_ თქვენი აზრით, რა არის მოსალოდნელი _ ფასების მატება, კლება თუ შენარჩუნება?
_ პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისული სიტუაციიდან მალე რომ ვერ გამოვა, ალბათ, ცხადია. ფასების სწრაფ ზრდას ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ. თუმცა, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. პირადად მე, მინდა, რომ ფასები უფრო შემცირდეს.
_ ანუ გინდათ თქვათ, რომ შიდა ბაზარზე ფასებს ხელოვნურად არ ინარჩუნებთ?
_ ხელოვნურად ფასების შენარჩუნება შიდა ბაზარზეც კი, შეუძლებელია. მე თუ შევინარჩუნებ ფასს, სხვა კომპანია გაყიდის იაფად. ასე რეალიზაცია გაჩერდება. დიდ კომპანიებში ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ იმ ფასებისა და თვითღირებულების თანმიმდევრული ვართ, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ. არანაირი ხელოვნური შეჩერებები არ ხდება, რადგან ბაზარზე იმდენი მოთამაშეა, რაიმეს ხელოვნურად შეჩერებაზე საუბარი ზედმეტია. `ვისოლის~ რაც შეიძლება დაბალი, მომხმარებლისთვის მისაღები ფასი და კონკურენციაში გამარჯვება აინტერესებს. კონკურენციაში კი ის კომპანია იმარჯვებს, რომელსაც ფასები აქვს კონკურენტუნარიანი.

ქედაში ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

{ბათუმელები}
მომავალი წლის გაზაფხულზე, ქართული იმპორტიორი კომპანიები _ სააქციო საზოგადოება `მადნეული~ და შპს `კვარციტი~ ქედის რაიონის სოფელ მერისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავენ.
ამის შესახებ ხელი მემორანდუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და `კვარციტის~ ხელმძღვანელმა მოაწერეს.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ `ქარხნის აშენების შემთხვევაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი და მათი 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება~.

`დოკუმენტს ხელი რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით მოეწერა~, _ განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

უცხოელი ინვესტორები ბათუმში

{ირმა ზოიძე/ბათუმელები}
აჭარის მთავრობის ინიციატივით, ბათუმში საერთაშორისო ბიზნესფორუმი - `სამშენებლო ბიზნესი 2008~ მოეწყო. შეხვედრას 37 უცხოელი ინვესტორი ესწრებოდა. უცხოელი ბიზნესმენები სასტუმროების, ასევე საცხოვრებელი სახლების მშენებლობით დაინტერესდნენ.
სასტუმრო `ინტურისტ პალასში~ შეხვედრა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გახსნა. ფორუმს უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან ჩამოსული ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
სხვადასხვა ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს რეგიონის ხელისუფლებამ აჭარაში საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები გააცნო.

`ფორუმის წევრებს ბიზნესპაკეტები მოვუმზადეთ. ბევრი მათგანი დაინტერესდა და უფრო დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს. ახლა ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის სამართლებრივსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე~, _ ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ვარშალომიძე.
ბიზნესმენები ბათუმს დღეს დატოვებენ.

ჟოლოს გაყიდვის პერსპექტივა

300 ათასი ლარი ეს ის თანხაა, რომელიც მცირე მეწარმეს საშუალებას აძლევს მის მიერ მოყვანილი ნედლეული თანამედროვე ტექნოლოგიებით გადაამუშაოს და გაყიდოს კიდეც. `იაფი სესხების~ პროგრამის გამარჯვებულის, ბეგლარ მიქელაძის საქმიანობა ადასტურებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივა არსებობს.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

ნედლეული, რის გადასამუშავებლადაც ფერმერს იაფი სესხი მისცეს, ჟოლოა. თუმცა, დანადგარებს, რომლებიც ერთი კვირაა, რაც კიევიდან ჩამოიტანა, სხვა კენკროვნების გამოსაშრობადაც გამოიყენებს.

აგვისტოში, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, პროდუქტების გამოსაშრობი აპარატების ჩამოტანა დაუგვიანდა და ჟოლოს მეორე, საშემოდგომო მოსავლის ჩირად ქცევის გეგმაც ჩაიშალა. თუმცა, აპარატები უქმად მაინც არ იქნება _ მეწარმემ 300 ტონა ვაშლის გადამუშავებისა და გამოშრობის დაკვეთა მიიღო.

ბიზნესმენი ამბობს, რომ თანამედროვე მეთოდებით, ინფრაწითელი სხივებით გამომშრალი ჩირი, სასარგებლო თვისებებს 90 პროცენტით ინარჩუნებს: `ძალიან ეკონომიურია. ნებისმიერი ნაყოფის ჩირად გადასაქცევად მაქსიმუმ, ერთი საათია საჭირო, მინიმუმ კი 20 წუთი. გააჩნია რის გამოშრობას აპირებ. მაგალითად, ჟოლოს, რაზე მუშაობასაც ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება. ჩვეულებრივ გამოშრობას გაცილებით მეტი ხარჯი აქვს~.

ბეგლარ მიქელაძის თქმით, ამ აპარატებს რეგიონში ანალოგი არ აქვს და ამიტომაც დარწმუნებულია, რომ შეკვეთები ექნება. თუმცა, მცირე საწარმოს დატვირთვას მხოლოდ შეკვეთებით არ აპირებს. იაფი სესხის ერთ-ერთი პირობის თანახმად, პროდუქცია თავად უნდა მოკრიფოს, გადაამუშავოს და ბაზარზეც თავად გაიტანოს.

გაისად მოცვის შემოტანას აპირებს, რომელსაც მყიდველი უკვე გამოუჩნდა: `სეზონზე 300 ტონა მოცვი უნდა გადავამუშავო, კლიენტი უკვე მყავს~. თუმცა, საწარმო მხოლოდ პროდუქტის გადამუშავებით არ შემოიფარგლება. ეს იქნება ეტიკეტით და ყველა საჭირო სასაქონლო ნიშნით შეფუთული პროდუქცია. მეწარმე ევროპაში გეგმავს მის გატანას, სადაც კენკროვნები საკმაოდ ძვირად იყიდება.

კენკროვნების სასარგებლო თვისებების შესახებ ევროპაში კარგად იციან და ამიტომაც მას კულინარიასა და სამედიცინო სფეროშიც აქტიურად იყენებენ. `იქ ყველა კერძზე, ხორციანზეც კი, ჟოლოთი, მაყვლითა და მოცვით შემზადებულ საწებლებს აკეთებენ~, _ ამბობს მეწარმე.

სწორედ მოთხოვნის გათვალისწინებით გააკეთა მან ამ კულტურებზე აქცენტი. ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ ექნება.
ბიზნესმენის აზრით, ამ აპარატურაში გადამუშავებული პროდუქტი თავისუფლად შეიძლება გავიდეს ევროპის ბაზარზე. უკრაინული დანადგარები ისოს სტანდარტებზეა აგებული: `უკრაინელები ამ დანადგარებს ევროპაში ყიდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ აპარატში გამოშრობილი ნაყოფი ხარისხიანია. ჩვენი პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა, ამ დანადგარში გადამუშავებული ნაყოფი გემოსა და ფერს ინარჩუნებს. წყლის დასხმის შემდეგ ის შეიძლება, როგორც ახალდაკრეფილი კენკრა, ისე მიირთვათ. ჩვენ ყველა იმ მოთხოვნასა და სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, რაც პროდუქციის ევროპაში გასატანად არის საჭირო~.

მეწარმემ კენკროვნების მისაღები სააქმროსთვის საკუთარი სახლის პირველი სართული გამოყო. დანადგარების დამონტაჟებამდე `იაფი სესხით~ საამქრო კაპიტალურად გაარემონტა: `ყველა სისტემა გამართულია. აქ დასაქმებული ადამიანები სუფთა გარემოში იმუშავებენ~.

ბეგლარ მიქელაძეს 20 ადამიანის დასაქმების ვალდებულება აქვს აღებული. აქ კიდევ რამდენიმე სხვა აპარატიც დამონტაჟდება. ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი ჰაერის ამოსატუმბი დაზგა, რომელიც გადამუშავებული კენკრის შესაფუთად გამოიყენება, მეწარმემ უკვე შემოიტანა. რამდენიმე დღეში კი უცხოეთიდან ისეთ აპარატს ელოდება, რომელიც კენკროვნებს გაყინავს. მოთხოვნა, როგორც გამომშრალ პროდუქციაზე, ისე გაყინულზეც დიდია: `დაკვეთილი გვაქვს და იტალიიდან უნდა შემოვიტანოთ შოკური გაყინვის აპარატი. სპეციალური პროგრამის საშუალებით, აპარატში ტემპერატურა -40, -60 გრადუსამდე ეცემა. შემდეგ -18 გრადუსს აღწევს. ეს ისეთი ტექნოლოგიაა, რომლის შემთხვევაშიც ნაყოფი დაკრისტალებას ვერ ასწრებს და ხარისხი არ იკარგება. ნაყოფი ვიზუალურადაც კარგად უნდა გამოიყურებოდეს: მოზრდილი ზომის და დაუზიანებელი უნდა იყოს~.

შელახული კენკრის გადამუშავებისთვის კი საწარმოში ჯემებისა და წვენების გადამუშავების დანადგარებსაც ამონტაჟებენ. ბეგლარ მიქელაძე ვარაუდობს, რომ ამ სახის პროდუქტი ნაკლები იქნება და მის გაყიდვას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს.
ფერმერს კიდევ ერთი გეგმა აქვს, სასათბურე მეურნეობის შექმნაზე მუშაობს. მას ერთ ჰექტარზე ჟოლოს პლანტაცია აქვს გაშენებული და ჟოლოს ცნობილი ჯიშების გამოყვანაზეც ფიქრობს. მას ამ საქმეში რეგიონის ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს: `ისეთ მცირემიწიან რეგიონში, როგორიც აჭარაა, ამ კულტურის შემოტანა მომგებიანია. ჟოლო ორმოსავლიანია, გაზაფხულსა და შემოდგომაზე იძლევა ნაყოფს. ფასიც საკმაოდ კარგი აქვს, კილოგრამში 2-3 ლარს ვიხდი. ამ დანადგარებით წელიწადში 800-დან 1000-ტონამდე ნედლეულის გადამუშავება შემიძლია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეს იდეა მოეწონათ. იმედია, გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებენ~.


გაეროს პროგრამა ბიზნესმენების დასახმარებლად

გაეროს განვითარების პროგრამით აჭარაში ახალი პროექტი ამოქმედდა, რომელიც სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ წინსვლაზეა ორიენტირებული. ფონდი რეგიონში ერთდროულად ხუთი მიმართულებით იმუშავებს.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

პროექტით გათვალისწინებულია: სამუშაო ბაზრის შესწავლა და კვალიფიცირებული კადრების მომზადება, დამწყები ბიზნესმენების ხელშეწყობა, ქალაქის ეკონომიკური განთვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი კულტურების დამკვიდრება. ყველა ამ მიმართულებით მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით აპირებს. განსაკუთრებული სიახლე კი ე.წ. `ბიზნესინკუბატორია~, რომელიც დამწყები ბიზნესისთვის იქმნება.
ბიზნესინკუბატორი დამწყებ საქმოსნებს საქმიანობის სწორედ იმ ეტაპზე ეხმარება, როცა მათ ყველაზე მეტად უჭირთ თავის დამკვიდრება. მისი საშუალებით გაცილებით იოლად და სწრაფად არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ხშირად, ახალდამწყებ ბიზნესმენს, მხოლოდ საკუთარ ცოდნასა და ინტუიციაზე დაყრდნობით უწევს გადაწყვეტილების მიღება. კვალიფიციური იურისტის, ეკონომისტისა და ბუღალტრის დასაქმებაზე ოცნებაც კი შეუძლებელია. ქართულ რეალობასაც თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა არა მარტო დამწყებ, არამედ უკვე შემდგარი მეწარმეებისთვის ბიზნესის არასწორი მართვა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი საკითხებია.

ბიზნესინკუბატორის წევრების ყველაზე დიდი პრივილეგია სწორედ კვალიფიციური კადრებია, რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩევიან. ისინი დამწყებ ბიზნესმენებს არა მარტო კონსულტაციებს გაუწევენ სამართლებრივ, ბუღალტრულ და ეკონომიკურ საკითხებში. მოწვეული სპეციალისტები ინკუბირებული კომპანიებისთვის ყველა ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებსაც შეასრულებენ.

ამ სამსახურის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების ეფექტურად და ნაკლები ხარჯებით მოგვარებაცაა. ამ არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციის წევრებს საერთო საოფისე ფართობი, ინვენტარი, ტექნიკა და კომუნიკაციის საშუალებები ექნებათ.

ბიზნესინკუბატორის ყოველდღიური მართვა დირექტორს ევალება, რომელიც ინკუბატორის ფინანსურ და სამართლებრივ მუშაობას უზრუნველყოფს. მანვე უნდა იფიქროს რესურსებისა და მომსახურების პირობებზე. დირექტორს ევალება კონსულტაციების, ტრენინგების ორგანიზება და ინკუბატორს გარეთ არსებულ ორგანიზაციებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობა.

ინკუბატორი იარსებებს საწევრო შენატანების საშუალებით, რომელსაც თავად ინკუბირებული ორგანიზაციები გადაიხდიან. გადასახადის ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერის, ლაშა კომახიძის თქმით, ჯერ არც ის არის ცნობილი, თუ ვინ შეიძლება გახდნენ ინკუბატორის წევრები: `კვლევების საფუძველზე გამოჩნდება, თუ რა მოთხოვნა იქნება ახალდამწყები ბიზნესმენებისაგან და რა ტიპის დამწყებ ბიზნესმენებს მოუყრის თავს ჩვენი ინკუბატორი, თუმცა, ჩემი ვარაუდით, ეს შერეული, სხვადასხვა მცირე მეწარმეების ორგანიზაცია იქნება~.

ბიზნესინკუბატორში გაწევრიანებისთვის გარკვეული სახის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა აუცილებელი. ის, რომ დამწყები ბიზნესმენის საქმიანობას, მოგების თვალსაზრისით, კარგი პერსპექტივები აქვს, გაწევრიანებისთვის განმსაზღვრელი ვერ გახდება.

`ჩვენ ორიენტირებული ვართ ბიზნესზე, რომელიც დღეს ფეხს იდგამს და მისი განვითარების შემდგომ წარმოების გაზრდისა და ადამიანების დასაქმების პერსპექტივას ქმნის~, _ აცხადებს ლაშა კომახიძე.

ინკუბაციის პროცესში მონაწილეობის მსურველი ავსებს აპლიკაციის ფორმას, რომელშიც მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი მეწარმის მისწრაფებები, შესაძლებლობები და მათი ურთიერთშესატყვისობა. სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე ინკუბატორის დირექტორი და კონსულტანტთა ჯგუფი, მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმავენ წინასააპლიკაციო ღონისძიებების ნუსხას. გაეროს რეგიონალური წარმომადგენლის განცხადებით, ბიზსესინკუბატორმა საქმიანობა პროექტის მიხედვით, მომავალი წლის მაისში უნდა დაიწყოს.

ინკუბატორის დამაარსებლები რუმინეთისა და აჭარის მთავრობები და გაეროს განვითარების ფონდია. სამეთვალყურეო საბჭოც სწორედ მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. მისი ფუნქცია, ძირითადად, მონიტორინგია.

ბიზნესინკუბატორის შექმნის იდეა ამერიკელებს ეკუთვნით. მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, როცა ეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე იდგა, დამწყებმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს საკუთარ თავზე მისი შედეგები, პრობლემებისგან თავის დაღწევა საკუთარი რესურსების გაერთიანებით გადაწყვიტეს. იდეამ იმდენად გაამართლა, რომ მისი გამოყენება უფრო მოგვიანებით, 70-იან წლებში ევროპაშიც დანერგეს.

საერთო კადრების, ფართისა თუ სხვა რესურსების გამოყენების მცდელობა საქართველოშიც ბევრ დამწყებ ბიზნესმენს აქვს, თუმცა ეს სამართლებრივად გაფორმებული და ფუნქციურად განსაზღვრული არ არის. ბიზნესინკუბატორი კი, ყველა შესაძლო პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს.


ახალი პროექტი ბათუმის უნივერსიტეტში

ნათია როყვა/ბათუმელები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პროექტის მომზადება დაავალა, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტისთვის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-ექსპერიმენტული ბაზის შექმნას. ანუ უნივერსიტეტი აღიჭურვება მატერიალური და ტექნიკური ბაზით, თანამედროვე აპარატურით, დანადგარებითა და ხელსაწყო იარაღებით.

პროექტს მთავრობაში ამ კვირის ბოლოს წარადგენენ. რამდენიმემილიონიან პროექტს მთლიანად აჭარის მთავრობა დააფინანსებს.

გარიცხული სტუდენტების აღდგენა გრძელდება

{ნათია როყვა/ბათუმელები}

რუსთაველის უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი, რომელიც გაირიცხა ფინანსური დავალიანების გამო, აღდგება განცხადების საფუძველზე, გარიცხვიდან ათი წლის ვადაში. `ამჯერადაც ბევრი განცხადებაა შემოსული. შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას~, _ აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე.


რექტორი რეფორმასა და ნათესავურ კლანზე

ალეკო ბაკურიძე: "ამერიკაში, სამსახურებში უფროსი არავის უყვარს, სამსახური არავის მოსწონს, მაგრამ ყველა მუშაობს. ჩვენთან კი საქმისადმი დამოკიდებულება არასწორადაა გაგებული. უნივერსიტეტი კიდევ ჩვეულებრივი სამსახური არაა... როდესაც დისერტაცია დავიცავი, ეს იმ დროს იყო კარგი, მაგრამ შეუძლებელია ყოველთვის მაგით ვიამაყო..."

რუსთაველის უნივერსიტეტის დაბალი რეიტინგის შეცვლის მიზნით, რექტორის ბრძანება სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებმა უკვე მიიღეს; სტუდენტებისა და ექსპერტების გამოკითხვით, პროფესორ-მასწავლებლების მუშაობის ხარისხის შემოწმებაც იგეგმება. სამსახურის დაკარგვის მომლოდინე თანამშრომლები რექტორს უნივერსიტეტში `ნათესაური კლანის~ შექმნას ედავებიან. მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შესახებ `ბათუმელები~ ალეკო ბაკურიძეს ესაუბრა.
ნათია როყვა

_ ბატონო ალეკო, თქვენი აზრით, როგორია ბათუმის უნივერსიტეტის რეიტინგი სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან მიმართებაში?
_ ჩვენთან გრანტიან სტუდენტთა რაოდენობა მცირეა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი რეიტინგი საშუალოც არაა. ხარვეზები, ძირითადად, საქმის სწორად წარმართვასა და ადმინისტრაციაშია.
_ უნივერსიტეტი პროგრამული აკრედიტაციის გავლას შეძლებს?
_ საზოგადოებამ არ უნდა იფიქროს, რომ აქ დაბალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი მუშაობს. ადამიანური რესურსებით ნამდვილად არ გაუჭირდება, თუმცა, გაყვითლებული ფურცლებითაც კითხულობენ ლექციებს, და ასეთ ვითარებაში რომელ პროგრამულ აკრედიტაციაზეა საუბარი.
_ ვინ კითხულობს ლექციებს გაყვითლებული ფურცლით?
_ ამის შემოწმება უკვე დავიწყეთ. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მინიმუმ ორი დეპარტამენტის ანგარიშს ვსწავლობთ. უკვე შევადგინეთ კითხვარი, ლექტორს შევისწავლით ანონიმურად, სტუდენტების გამოკითხვითა და იმ სპეციალობაში მომუშავე ექსპერტების შეფასებით. დასკვნების შეჯერების შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ქიმიის, ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტების კვლევას მალე დავასრულებთ.
_ თუ გაირკვევა, რომ პროფესორ-მასწავლებლები სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მათთან ხელშეკრულებას გააუქმებთ?
_ დავიბარებთ და ავუხსნით რა პრობლემებია, მივცემთ გონივრულ ვადას გამოსწორებისთვის. თუ არა, ბუნებრივია, შევწყვეტთ ხელშეკრულებას.
_ ზოგადად, ბათუმის უნივერსიტეტში დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სწავლების ხარისხს რა შეფასებას მისცემთ?
_ ერთიც და მეორეც უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან. არ შეიძლება ყველაფერი ისწავლებოდეს და ყველანაირი სამეცნიერო ნაშრომი კეთდებოდეს ბათუმში, ამის არც ადამიანური რესურსია და არც მატერიაული. უნდა კეთდებოდეს ის, რაც ჩვენი რეგიონისთვის პრიორიტეტულია.
ვაპირებ, სწავლება გავხადო სამსემესტრიანი _ ორ სემესტრს სტუდენტები ჩვეულებრივი განრიგით ისწავლიან, მესამე სემესტრი იქნება საერთაშორისო. სტუდენტები უცხოელი პარტნიორების მიერ ჩატარებულ ლექციებს მოისმენენ.
_ ეს დამატებით გადასახადთან იქნება დაკავშირებული?
_ არა. ჩვენ უზრუნველვყოფთ სტუდენტების საცხოვრებელ პირობებს. საგარეო საქმეთა სამსახური მთლიანად შევცვალე. ახალი პიროვნებები, რომლებიც მოვიყვანე, აქტიურად არიან ჩართული ამ საქმიანობაში, ხელშეკრულებები გაფორმებულია ინგლისთან, გერმანიასთან, საბერძნეთთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან.
_ `ბათუმელების~ ელფოსტაზე შემოვიდა ვრცელი წერილი, წერილის ერთი მონაკვეთზე თქვენი კომენტარი ვფიქრობ საინტერესოა. წერილში წერია: `ამჟამად მოქმედი რექტორის წინასაარჩევნო გამოსვლა ვიმნეს რომ მოესმინა, იფიქრებდა მაქსიმუმ ერთ თვეში ევროპული უნივერსიტეტი გავხდებით და ხელფასებიც შესაბამისი გვექნებაო. მაგრამ, როგორც თანდათანობით გამოიკვეთა, ვერც ახალმა რექტორმა გაუძლო ზეწოლას (დაწყებული მიხეილ მახარაძით _ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარით და დამთავრებული სხვა წვრილფეხა ჩინოვნიკებით) და ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც იყო. უფრო მეტიც, სასწავლო პროცესი გაუარესდა კიდეც~.
_ ვინც ეს დაწერა, ის სხვაგან მუშაობდა და აქ მუშაობა იმიჯად ჰქონდა. სასწავლო პროცესი კი არ გაუარესდა, სასწავლებელი, რომელიც მათთვის მეორე სამსახური იყო, როცა შუა ლექციიდან მიდიოდნენ, უნივერსიტეტს ემსგავსება. თუ დამისახელებთ ერთ ლექციას, რომელიც არ ჩატარდა ან ჩაიშალა, ის ლექტორი ჩემთან ვერ იმუშავებს. გამორიცხულია, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ვაპატიო. ზეწოლა არავისგან მაქვს. მაგას ვერ უძლებს ის, ვისაც სკამი, ხელფასი და თანამდებობა აინტერესებს. ამათგან მე არც ერთი არ მაინტერესებს.
_ თუ არ გაინტერესებთ, რატომ მიიღეთ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა?
_ ეს არის ჩემთვის სპორტული ჟინი. მონაწილეობას ვიღებ იქ, სადაც კონკურსია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აკადემიის ინსტიტუტში დამიძახეს და მითხრეს მობრძანდით ბატონო დირექტორადო, ცდება, იქაც მყავდა კონკურენტები. ესაა ჩემი ადამიანური ვალდებულება, ჩემი კუთხეა და შემიძლია საქმე ვაკეთო.
_ უნივერსიტეტში ამბობენ, ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ახალი საგნები გამოიგონა, მაგალითად, `აუდიტის მენეჯმენტიო~. ცალკეულ მასწავლებლებს ახალი საგნები გაუნაწილა არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პირადი შეხედულებით. მათი თქმით, ამ ფაკულტეტზე, სწავლების მხრივ, სრული ქაოსია. ამაზე რას იტყვით?
_ უნივერსიტეტია არ არის სოფლის სკოლა, სადაც ერთი ინგლისურის მასწავლებელი ჰყავთ. დეპარტამენტში შეიძლება ისწავლებოდეს 15 დისციპლინა. ერთ ლექტორზე მიბმული სწავლა რატომ უნდა იყოს, იმდენად უნდა ერკვეოდეს ყველა ყველა მიმართულებაში, რომ როტაციული სისტემით უნდა შედიოდნენ ლექციებზე. ყველას თავისი ხედვა და მეცნიერული მიდგომა აქვს, ერთმანეთს ამიტომაც უნდა ენაცვლებოდნენ ლექტორები.
_ თქვენს მოადგილეს, ალექსანდრე ლაშხს, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ბრძანება გაუგზავნეთ, ეს რამ გამოიწვია?
_ სასწავლო და აკადემიურ დეპარტამენტებს გავუგზავნეთ გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და ალექსანდრე ლაშხს ვერ გამოვტოვებდი. ბევრი ფიქრობს ჩემზე, რომ `ახალი ცოცხია~, მაგრამ მე ყოველთვის ერთგული ვრჩები. საქმისთვის არასოდეს მიღალატია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რექტორის გვერდით კლანური მმართველობა შეიქმნება _ ეს გამორიცხულია.
_ ამბობენ, რომ სამსახურში ახლობლები დაასაქმეთ, მაგალითად, პირადი მდივანი.
_ ყოფილი მდივანი შემოვიდა და მითხრა, იქნებ ვინმე შეარჩიოთო. ირმა ცეცხლაძე მოვიყვანე, ჩემი ნათესავია, მაგრამ ჩემი მდივანი ჩემი სინდის-ნამუსია. პირადმა მდივანმა ჩაი ხომ უნდა შემომიტანოს... აქ უცხოს ვერ შემოვიყვან, ეს ჩემთვის მიუღებელია. სადაც მიმუშავია, ერთადერთი ადამიანი - მდივანი, ყველგან მიმყავდა.
_ მძღოლიც გაათავისუფლეთ?
_ მძღოლიც ჩემი მოვიყვანე. სამსახურის მანქანით არ ვსარგებლობ, თბილისში დავდივარ ხშირად ოჯახში და მატარებს. ყველაფერს ხომ არ ვილაპარაკებ. `წყალი მიდგება მოდგება და კალაპოტში ჩადგება~. ეს თემები წინ წამოწეული იმიტომაა, რომ ადამიანები საქმით არ არიან დაკავებული.

ჯარი რომ არ ყოფილიყო...

ოჩხამურელი ჯარისკაცი, გიორგი შაინიძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიღუპა. ”ახლა ტელეფონები უნდა გამოვრთოთ” - ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება იყო



ემზარ დიასამიძე

გიორგი შაინიძე ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში დაიბადა და გაიზარდა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ბათუმში, 25-ე ბრიგადაში, გენერალ დუმბაძის დროს გაიარა. აჭარის რევოლუციის შემდეგ იგი კომანდოს ბატალიონში ხელშეკრულებით მუშაობდა.
`გიორგი ოთხწლიანი კონტრაქტით მსახურობდა. ხელშეკრულების ვადა გაზაფხულზე იწურებოდა. ახალი სამსახურის დაწყებაზე ფიქრობდა, თუმცა ჯარში დარჩენასაც არ გამორიცხავდა~, _ გვიყვება დაღუპული ჯარისკაცის მამა, დავით შაინიძე.
მისი საბრძოლო ისტორიის შესახებ მხოლოდ რამდენიმე შტრიხია ცნობილი. `ამათ ბრიგადას, როგორც სპეცდანიშნულების რაზმს, ისეთი ფუნქცია ჰქონდა. ბიჭები მოგვიყვნენ, იმისთანა ამბავი იყო, ტყვიებისა და ცეცხლის წვიმა მოდიოდა, მაგრამ როცა დაეცა, გამოყვანა მოვასწარითო. შეიძლება ბიჭებს გადაღებული აქვთ ბრძოლის მომენტები, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით~, _ ამბობენ მშობლები.
გიორგი შაინიძე კომანდოს ბატალიონში წარჩინებული ჯარისკაცი იყო. 2006 წელს იგი ექვსი თვის განმავლობაში კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. 2007 წელს ამავე მისიით, ახლა უკვე შვიდი თვით, ერაყში იმყოფებოდა. ბოლო ექვსი თვე ბათუმში, ადლიის საზღვაო ქვეითთა ბატალიონში მსახურობდა და ცხინვალშიც სწორედ ამ ბატალიონის შემდაგენლობაში იბრძოდა. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო.
გიორგი ოჯახში ერთადერთი ვაჟიშვილი იყო. მის მშობლებს ერთი ვაჟი ადრე დაეღუპათ. მშობლებთან კი მისი უცროსი და, ეკა ცხოვრობს.
გიორგის დაოჯახება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, მშობლების თქმით, ამ მხრივ მოვლენა მართლაც ტრაგიკულად განვითარდა: `ქორწილი 26 აგვისტოსთვის დავნიშნეთ. ყველა სამზადისი მოთავებული გვქონდა. საქორწილო დარბაზიც კი დავიქირავეთ. ნიშნობა 8 აგვისტოს უნდა გადაგვეხადა~. 8 აგვისტოს, დილით, გიორგი ცხინვალის მისადგომებთან პირველივე შეტევის დროს, ყუმბარის ნამსხვრევებისგან გარდაიცვალა.
გიორგის მშობლები უკანასკნელად 7 აგვსიტოს, საღამოს ესაუბრნენ: `საღამოს რვა თუ ცხრა საათი იქნებოდა, გორიდან დაგვირეკა, სწავლებაზე ვართო. არ უთქვამს, ასეთ ამბავში თუ იყო. ომის დაწყებაზე წარმოდგენა არ გვქონდა. ვკითხე რას აკეთებთ, სად ჩახვედით-მეთქი?.. არაფერი არ ვიციო. მერე მითხრა, რომ ღამით მესიჯით შეგვეხმიანებოდა. ახლა ტელეფონები უნდა გავთიშოთო~, _ ამბობს მანანა შაინიძე, ჯარისკაცის დედა.
ოჯახი მათ მიმართ გამოჩენილ ყურადღებაზე, განსაკუთრებით კი გიორგის თანამებრძოლების მზრუნველობაზე საუბრობს. `ბიჭები ოჩხამურში თითქმის ყოველდღე ადიან. სასაფლაო მათ გააკეთეს და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად კიდევ ათასი რამის გაკეთებას აპირებენ~, _ ამბობს გიორგის მამა.
`ეს ამბავი რომ გავიგეთ, გორში (ცხედარი ჰოსპიტალში იყო გადმოსვენებული) მანქანა გავგზავნეთ, თუმცა იგი მთავრობამ თავისი მანქანით ჩამოასვენა. დაკრძალვის ხარჯებითაც სახელმწიფო დაგვეხმარა. მას რაც ეკუთვნოდა, კომპენსაცია, 14 500 ლარი მოგვცეს. ლევან ვარშალომიძე იყო ტირილში ამოსული. 1000 ლარი მან მოგვცა, 1000 ლარი კიდევ ქობულეთის გამგეობამ, 3000 ლარი ბიზნესმენმა ბაკურიძემ, მგონი თენგიზმა მოგვცა~, _ განაცხადა დავით შაინიძემ.
გიორგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. დაღუპული ჯარისკაცის მშობლებს, სოციალურ უზუნველყოფასა თუ დასაქმებაზე ჯერ არ უფიქრიათ. დავით შაინიძის თქმით: `დასაქმებაზე ხელისუფლებისგან ჯერ ლაპარაკი არ ყოფილა. აქ რაით უნდა დასაქმდე კაცი? მიწა ჩვენ არ გვაქვს და წყალი. ზაფხულობით, ქობულეთში თუ ფილების დაგებაზე გამოჩნდება საქმე, წავიმუშავებ. ეს არის და ეს. თუ სადმე კერძოდ წახვალ და ხელობაზე ან მუშად იმუშავებ, თორემ სხვანაირად თავის რჩენა აქ შეუძლებელია. ოჩხამურში მასობრივი უმუშევრობაა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ოჩხამურელი ახალგაზრდების უმეტესობა ჯარში მსახურობს ხელშეკრულებით. ჯარი რომ არ ყოფილიყო, ეს ბიჭები სად უნდა წასულიყვნენ და რა უნდა გაეკეთებინათ, არ ვიცი~.