div#header

Wednesday, September 3, 2008

ტყვეობა არაინფორმირებულობის გამო


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქართულ მხარეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი ყველა ქართველი ტყვე გადმოეცა. 21 აგვისტოს 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ტყვეთა უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები იყვნენ, ძირითადად _ ქალები.

ნინო ძანძავა/ სპეციალურად “ბათუმელებისთვის”
ფოტო: 24 საათი

21 აგვისტოს 12 ქალბატონი ქალაქ რუსთავის მე-17 სკოლაში დააბინავეს। როგორც ისინი აცხადებენ, ტყვეების საერთო რაოდენობა 150-160 ადამიანს შეადგენდა. უმეტესად დაკავებული იყვნენ სამაჩაბლოს რაიონის მცხოვრებლები (კეხვი, თამარაშენი, ქსუისი) - ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ვერ ან არ დატოვეს ხეობა. ვერ დატოვეს მოხუცებმა და ლოგინად ჩავარდნილებმა, ხოლო არ დატოვეს მათ, ვინც თავიდანვე ობიექტურად ვერ შეაფასეს არსებული სიტუაცია.

`ადრეც იყო შეტაკებები - შარშანწინ და მერე ჩაწყნარდა. ახლაც გვეგონა, დღეს ჩაწყნარდება, ხვალ ჩაწყნარდება, მაგრამ უფრო და უფრო დაიძაბა მდგომარეობა~, - ამბობს კეხვიდან დევნილი დალი მაგალიშვილი, რომელმაც ცხინვალის იზოლატორში ცხრა დღე გაატარა.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მდგომარეობის პერიოდულ გამწვავებას შეჩვეული იყო, სამაჩაბლოში სროლები იშვიათად არ ისმოდა। თავდაპირველად მათ ჩათვალეს, რომ სერიოზული განგაშისა და სახლების დატოვების მიზეზი არც ამჯერად ჰქონდათ. ხოლო, როცა ვითარება ბოლომდე გააცნობიერეს, უკვე გვიანი იყო.

არის თუ არა მთავრობის ვალი გააფრთხილოს საკუთარი მოსახლეობა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და რატომ არ აღასრულა ჩვენმა მთავრობამ ეს ვალი – ამ საკითხზე დღეს ხმამაღლა არავინ მსჯელობს। ამ კითხვებს მხოლოდ ისინი სვამენ, ვინც ხელისუფლების დაუდევრობის თუ შეგნებული პოზიციის მსხვერპლი თავად გახდა: `ოფიციალურად არავის უთქვამს ხეობა დაიცალოსო, ოფიციალურად რომ ყოფილიყო გამოცხადებული, მაშინ ყველანი წამოვიდოდით. გვეგონა, რომ ეს ჭორია და ხალხი შიშისგან მირბის, თორემ არავითარ შემთხვევაში არ დავრჩებოდი. მაინც ყველაფერი დავკარგე და რა მიზანი ჰქონდა ამდენ წამებას, ნაკლები მსხვერპლი მაინც იქნებოდა~, - ამბობს ქალბატონი მანანა (თამარაშენი).

საომარი მოქმედებების შესახებ კანონში ამ სახის ვალდებულება მითითებული არ არის, ამაზე, არც პრეზიდენტის მიერ 9-18 აგვისტოს `საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ~ ბრძანებულებაშია საუბარი। მაგრამ არსებობს მორალური ვალდებულებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ასეთივე ვალდებულების უგულვებელყოფაა ინფორმაციის დამალვა ან არ გამჟღავნებაც. მაშინ, როდესაც რუსეთის არმია სენაკამდე იყო მოსული, პარლამენტის თავჯდომარე და ხელისუფლების აპარატის წარმომადგენლები სატელევიზიო ეთერით ავრცელებდნენ ინფორმაციას `რუსების მიერ ზუგდიდის რაიონს სოფელ ხურჩის დაკავების თაობაზე~.

`პანიკის საფუძველი არ არსებობს~, - ამ გაზეპირებული განცხადებით მიმართავდნენ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აღარ ჰქონდათ იმედი, რომ მათ დაიცავდნენ.
სამაჩაბლოში კარგი დღე არც მას დაადგათ, ვინც საკუთარი სახლის დატოვება გადაწყვიტა। მოსახლეობის ნაწილი ტყეებს აფარებდა თავს, ზოგი შემთხვევით გადარჩა, ზოგს ჯარისკაცები დაეხმარნენ. კეხვის მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონებს, თინასა და მარიკას არ გაუმართლათ – ტყვიამ ისინი ტყეშიც მოძებნა.

ყოფილი ტყვე ქალები კი იმასაც ამბობენ, რომ არა ოსური მილიცია და ცხინვალის იზოლატორი, ცოცხლები ვერ გადარჩებოდნენ, რადგან გორამდე ჩაღწევის იმედი ცეცხლის გახსნიდან ორ დღეში უკვე აღარავის ჰქონდა।

რუსთავის სკოლაში შეფარებულთა შორის გასულ დღეებზე საუბარი ბევრს არ სურს. 22 აგვისტოს გაზეთ `ბათუმელებს~ მხოლოდ სამი ქალბატონი ესაუბრა. ისიც იმ პირობით, თუ მათი საუბარი ცხინვალში დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებამდე არ გახმაურდებოდა. ყველას ეშინოდა მათ მიერ ინფორმაციის გაცემას იქ დარჩენილები არ დაეზარალებინა.
28 აგვისტოს ყველა ტყვე გათავისუფლდა. ღამის ორ საათზე ცხინვალიდან რამდენიმე მამაკაცი რუსთავის სკოლაშიც მიიყვანეს. სტრესში მყოფ ყოფილ ტყვეებს საუბარი უჭირთ: `საშინელ პირობებში ვცხოვრობდით, არც მინდა გახსენება: ანტისანიტარია, ცემა, მკვდრების დამარხვა…~ _ ამბობს 36 წლის ლევანი, სოფელ ზემო აჩაბეთიდან.
ახალგაზრდა მამაკაცთაგან ის ერთ-ერთი იყო, ვინც სამი დღის განმავლობაში დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების დამარხვით იყო დაკავებული। `20-25 კაცს გვამუშავებდნენ. ახალგაზრდებს გვარჩევდნენ, მოხუცებს იზოლატორში ტოვებდნენ. 44 მკვდარი დაგვამარხინეს, ქართველი ბიჭები. ჯერ მოლურჯო-მომწვანო პარკ-ტომრებში გვადებინებდნენ და მერე კუბოში გვასვენებინებდნენ. გვამები გახრწნილი იყო, დამატლული. პირიდან წყალი ამოსდიოდათ. ეტყობა აწუხებდათ, რომ ქალაქის შესასვლელ ქუჩებში ეყარნენ. პარკები და კუბოები იქვე მიგვქონდა. მერე ტრაქტორით გაჭრეს მიწა და ერთიანად ჩავაწვინეთ. ზედ ცხინვალთან, რამდენიმე კილომეტრში შენობის კარკასია, სკოლას თუ ინსტიტუტს აშენებდნენ ადრე. ამ კარკასის უკან, 100-150 მეტრში დავმარხეთ~.

ქართულ მხარეს ჯარისკაცთა ცხედრები მხოლოდ 27 აგვისტოს გადმოეცა। მათგან უმეტესობა ამოუცნობია – ჯარისკაცები, რომლებიც არ გააფრთხილეს, რომ სამაჩაბლოში რუსეთთან საომრად მიჰყავდათ და არა მორიგი სპეცოპერაციის ჩასატარებლად, დიდი ხნის განმავლობაში ტყეებში და გზებზე უპატრონოდ ეყარნენ. ეს მაშინ, როდესაც ცალკეული ადამიანები (პაატა ზაქარეიშვილის სახით) მთავრობას დაჟინებით სთხოვდნენ, ცხედრების გადაცემის საქმე მათთვის, როგორც გამოცდილი და ოსების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისთვის მიენდოთ, საკითხის დროულად მოგვარების მიზნით.

43 ჯარისკაცის ცხედარი დღეს მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე განისვენებს. თუ რა ბედი ეწიათ ომში დაღუპულ დანარჩენ სამხედროებს, ადვილი და ამავდროულად, ძნელი წარმოსადგენია.


No comments: