div#header

Wednesday, November 19, 2008

აჭარის ბიუჯეტი მცირდება

მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, წლევანდელზე ორი მილიონით ნაკლები იქნება


აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული. პროექტში გათვალისწინებული არ არის თანხები დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ერთი მილიონით შემცირებულია ჯანდაცვის დაფინანსება, 2,7 მილიონი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩამოაჭრეს. სტიქიის ზონაში მოქცეულ რეგიონში, ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენიანებისთვის გამოყოფილია 900 ლარი. სამაგიეროდ გაზრდილია აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული ხარჯები.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

`წელს და 2009 წელშიც ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპებია მოსალოდნელი~, _ აცხადებს აჭარის მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე კი, 3 ნოემბრის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სწორედ ეკონომიკის გაძლიერებით ასაბუთებდა.

რამდენად ადეკვატურია აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებები, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით: ბიუჯეტში ამ კუთხით თითქმის არანაირი ღონისძიება თუ პროგრამა არ არის დაფინანსებული. მთავრობის თავმჯდომარემ ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც იცოდა, ვინაიდან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 14 ოქტომბერს გადასცეს, ანუ 3 ნოემბრის არჩევნებამდე. ეს ვარიანტი კი თითქმის უცვლელად გადაიგზავნა უმაღლეს საბჭოში.

ცენტრალურ ხელისუფლებაზე მიბმული და მისი მოიმედე ადგილობრივი მთავრობა სამომავლოდ, წლევანდელთან შედარებით, რესპუბლიკურ ბიუჯეტსაც ამცირებს _ 2,3 მილიონი ლარით.
`თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებებით მოხდება უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა. 2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ჩვეულ სწრაფ ზრდას; ხოლო აჭარის რეგიონი იქნება ქვეყნის ფლაგმანი~, _ აღნიშნულია 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც მთავრობამ უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა.

პროექტი მთავრობამ უმაღლეს საბჭოში, კანონით 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს, უმაღლესმა საბჭომ კი 14 დღეში განიხილოს და შენიშვნებთან ერთად ისევ მთავრობას გადაუგზავნოს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონპროექტი 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა 14 ნოემბრისთვის კანონმდებლებს მისი განხილვაც კი არ აქვთ დაწყებული. ამით, ჯერ კიდევ მოქმედმა უმაღლესმა საბჭომ, მის მიერვე მიღებული კანონი დაარღვია.
მთავრობა კი, ვიდრე `აგვისტოს ცნობილი მოვლენებისა~ თუ `მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით~ დაზარალებული საქართველოს ეკონომიკა `ჩვეულ სწრაფ ზრდას გააგრძელებს~, დაფინანსებას უმცირებს აჭარის სოფლის მეურნეობის, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ამასთან, სხვადასხვა უწყების დაფინანსება თითქმის 50 პროცენტით მცირდება.

`გასულ წელთან მიმართებაში, კიდევ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება~, _ აღნიშნულია მთავრობის განმარტებით ბარათში. საპირისპირო მონაცემია ბიუჯეტის პროექტში, სადაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯები ერთ მილიონამდე ლარითაა შემცირებული.

ავტონომიის მთავრობისთვის `პრიორიტეტულია გზების გაუმჯობესა-რეაბილიტაციის პროგრამები... კიდევ უფრო გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება~, თუმცა, იგივე მთავრობა, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსებას 2,7 მილიონი ლარით უმცირებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს.

13 მილიონამდე ლარია გაწერილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის; აქედან 8 167 800 ლარი, როგორც დავალიანება, სამინისტრომ სს `თუსთაშს~ უნდა გადაურიცხოს. განმარტებით ბარათში ისიც აღნიშნულია, რომ `გრანტების მოცულობა 2009 წელში, განსხვავევბით 2008 წლისა, როცა რესპუბლიკურ ბიუჯეტს გრანტები საერთოდ არ მიუღია, შეადგენს 8 167.8 ათას ლარს~, ანუ ზუსტად იმ თანხას, რაც მთავრობამ `თუსთასშს~ უნდა მისცეს (თურქული ფირმა `თუსთაში~ მახინჯაურის გვირაბს აშენებდა. მას მშენებლობის უფლება ჩამოართვეს. ფირმამ ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდა აჭარის მთავრობას ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა).

სტიქიის ზონაში მოქცეული რეგიონის ბიუჯეტიდან, მომავალ წელს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომელთა ხელფასებში 1,3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამავე სამმართველოს სამ მიზნობრივ პროგრამაში კი _ 12 800 ლარი (`ტყის განახლებისა და დაცვის პროგრამა~ _ 1 600 ლარი, `ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენების ღონისძიება~ _ 900 ლარი, `აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი~ _ 10 300 ლარი).

იზრდება აჭარის ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხარჯები. დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 5,4 მილიონი ლარიდან, 4,3 მილიონი `ტელევიზიის საინფორმაციო-სამაუწყებლო ღონისძიებებში~ უნდა დაიხარჯოს.
აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, მთლიანობაში, 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული (თუ ქვეყანაში გადასახადების ოდენობა შემცირდება, გამორიცხული არაა, ეს მაჩვენებელი შემცირდეს). ზემოაღნიშნული თანხიდან საჯარო მოხელეთა ხელფასებში სულ 10,5 მილიონი ლარი (აქედან მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 1,2 მილიონი ლარი) დაიხარჯება, 18,8 მილიონი სხვა მომსახურებაზე, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფას 2,3 მილიონი ლარი მოხმარდება.

ბიუჯეტის კანონპროექტი უმაღლესმა საბჭომ 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 118 667 700 ლარითაა განსაზღვრული.



No comments: