div#header

Sunday, November 30, 2008

ია ანთაძე: ღია წერილი საქართველოს ჟურნალისტებს

ია ანთაძე, ჟურნალისტი

ძვირფასო კოლეგებო, მოგმართავთ ყველას, მათ – ვისთანაც მრავალი წელია, ვმეგობრობ და მათაც – ვისაც მხოლოდ შორიდან ვიცნობ, ან, შესაძლოა, ჯერჯერობით, არც ვიცნობდე. მინდა თქვენ და, თქვენი მეშვეობით, საქართველოს მთელ მოსახლეობას გავაცნო ერთი ინიციატივა, რომელიც თითოეული ჩვენგანის პროფესიული მისიის შესრულებას ეხება. ამ ინიციატივის ავტორები არიან ჟურნალისტები – ჩვენი კოლეგები და მეგობრები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

რეგიონული ჟურნალისტების საუკეთესო ნაწილი მზად არის, ნებაყოფლობით უარი თქვას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით“ მინიჭებულ თითქმის შეუზღუდავ თავისუფლებაზე და შექმნას კონკრეტული ეთიკური პრინციპების ჩამონათვალი, რომელთაც განუხრელად დაიცავს თავის საქმიანობაში.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (რომელსაც მე ვხელმძღვანელობ) და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია უკვე ორი წელია, კოორდინაციას ვუწევთ რეგიონული ჟურნალისტების მიერ არჩევნების გაშუქებას. მიმდინარე წელს, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენ შევძელით, ერთობლივად შეგვემუშავებინა შვიდი პრინციპი, რომლებიც თანაბრად მისაღები აღმოჩნდა რეგიონული პრესისთვის და რადიოკომპანიებისთვის. საპარლამენტო არჩევნები სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად გაშუქდა საქართველოს ათ ქალაქში.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ რაიმე განსაკუთრებულ ხარვეზებს შეიცავს. პირიქით, ეს არის ძალიან ლიბერალური, კარგი კანონი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჟურნალისტების უფლებებს და საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად თამამად დავუპირისპირდეთ ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკებს. მაგრამ ამ კანონით მინიჭებულ დიდ თავისუფლებას ყველა ჟურნალისტი კეთილსინდისიერად არ იყენებს და ამით აკნინებს ნდობას ზოგადად ჟურნალისტის პროფესიისადმი. კანონი მაქსიმალურად გვაცილებს პასუხისმგებლობის ტვირთს, რაც ზოგიერთ ჩვენგანს უბიძგებს, ნაკლები სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ მოვალეობებს საზოგადოების თუ კონკრეტული ადამიანების მიმართ.

სწორედ ამიტომ, რეგიონულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც პროფესიული ღირსებით გამოირჩევიან, გადაწყვიტეს, საკუთარი ნებით შექმნან ახალი, უფრო შეზღუდული ჩარჩო, რომელსაც ჩვენ საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიას დავარქმევთ. ქარტია იქნება პრინციპების ერთობლიობა, რომელთაც ასევე ერთობლივად შევიმუშავებთ და რომელთა დაცვის პირობას თითოეული მსურველი საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებს. ხელმომწერები იქნებიან არა მედიაორგანიზაციების მფლობელები, არამედ კონკრეტული ჟურნალისტები. სწორედ ამ პროცესში გვინდა ჩაერთოს საქართველოს ყველა ჟურნალისტი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიული სტანდარტი და საკუთარი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე; ყველა, ვინც მზად არის, წინ აღუდგეს ტყუილის თუ ნახევრად სიმართლის გავრცელებას.

ქარტიის პრინციპების ჩამოყალიბებისა და ხელმოწერის შემდეგ, ხელმომწერები კენჭისყრით ავირჩევთ საბჭოს, რომლის წევრები როტაციის წესით შეიცვლებიან და რომელიც მუდმივად თვალყურს მიადევნებს, რამდენად ვიცავთ ჩვენ – ხელმომწერები – ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე დადებულ პირობას. ის ჟურნალისტები, რომლებიც ერთობლივად შემუშავებულ წესებს დაიცავენ, საბჭოს თანხმობით მიიღებენ ქარტიის ლოგოს – ერთგვარ ხარისხის ნიშანს, რომელიც მუდმივად დაერთვება მათ ნამუშევარს. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე ჩვენგანი დაარღვევს წინასწარ შემუშავებულ პირობებს, ლოგოს დაკარგავს. ლოგო იქნება როგორც ვიზუალური, ისე – ხმოვანი, სპეციალურად რადიოს ჟურნალისტებისთვის.

ქარტიის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც პრინციპების შემუშავებაშიც გვეხმარებიან და შუამავლობასაც გაგვიწევენ როგორც დიდი მედიაორგანიზაციების მფლობელებთან, ასევე, ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, დაგვეხმაროს ქარტიის მომზადებასა და მონიტორინგში, აგრეთვე, დაეხმაროს დამწყებ ჟურნალისტებს პროფესიულ ზრდაში ქარტიის ლოგოს მისაღებად.

საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ და თითოეული მათგანი საკუთრივ გადაწყვეტს, ენდობა თუ არა ქარტიის დაცვისთვის გაცემულ ხარისხის ნიშანს.

ღია წერილის დასასრულს გულწრფელად ვიტყვი, რომ ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოწოდება ხშირად სამართლიანად იყო გაიგივებული ცენზურის მცდელობასთან. ინიციატივის და ტექსტის ავტორებიც, როგორც წესი, ჟურნალისტიკის მიღმა მდგომი ადამიანები იყვნენ. ამჯერად ინიციატივა გვეკუთვნის ჩვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც ვაცნობიერებთ ჩვენს პროფესიულ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, ფორმალიზებული სახე მივცეთ ჩვენს მოვალეობებს საზოგადოების წინაშე.

საქართველოს თითოეულ ჟურნალისტს, რომელსაც მიმართვის წაკითხვის შემდეგ სურვილი გაუჩნდება, შემოურთდეს რეგიონული ჟურნალისტების ინიციატივას ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iaantadze@yahoo.com

აქვე გაგაცნობთ რეგიონული ჟურნალისტების მიმართვას, რომლის ტექსტი ერთობლივად დაიწერა გუდაურში, სამუშაო შეხვედრისას:

რეგიონული ჟურნალისტების მიმართვა კოლეგებისადმი

ძვირფასო კოლეგებო, რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა, ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, დავინახეთ საჭიროება, შევიმუშაოთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, რომელთა დაცვა საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის ამაღლებაში დაგვეხმარება.
გვინდა, ამ პროცესში საქართველოს ყველა ჟურნალისტი ჩაერთოს. გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ იმ ეთიკური ნორმების ჩამოყალიბებაში, რომლებიც აუცილებელია ქართული მედიის შემდგომი განვითარებისთვის და, იმავდროულად, აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტით.

მოვიპოვოთ მაღალი ნდობა პრინციპულობითა და პასუხისმგებლობით.

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“
გაზეთი „კახეთის ხმა“
გაზეთი „სპექტრი“
ტელეკომპანია „გურჯაანი“
გაზეთი „ხალხის გაზეთი“
გაზეთი „ქართლის ხმა“
გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
გაზეთი „ხალხის გაზეთი“
გაზეთი „P.S.”
ტელეკომპანია „რიონი“
რადიო „ძველი ქალაქი“
გაზეთი „სამტრედიის მაცნე“
გაზეთი „გურია ნიუსი“
გაზეთი „გურიის მოამბე“
გაზეთი „რეზიუმე“
„გაზეთი ბათუმელები“
„ტელეარხი 25“
გოგა აფციაური, ჟურნალისტი


No comments: