div#header

Wednesday, November 12, 2008

აფხაზური ენა - კომუნიკაციის პერსპექტივა აჭარაში

”_ თქვენი ყველაზე კარგი მეფე დავით აღმაშენებელი ხომ იყო?
_ მე დავეთანხმე.
_ აღმაშენებელმა ყივჩაყები ჩამოასახლა, მაგრამ ახლა სად არიან ეს ყივჩაყები?”
ამ კითხვებს ბათუმში ეთნიკური აფხაზები ეთნიკურ ქართველებს უსვამენ.
კომუნიკაცია მთავრობასა და ეთნიკურ აფხაზებს შორის აჭარაში აფხაზური ენის კურსების გახსნის თაობაზე აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეწყდა...


ეთერ თურაძე/ბათუმელები
ფოტო: ნათია როყვა- აფხაზური უბანი ბათუმში

აფხაზები აჭარაში
”თქვენმა კარგმა მეფემ ყივჩაყები ქართველებს შეაზილა”, _ უთხრა ერთ-ერთმა ბათუმელმა აფხაზმა ზემოთ დასმული კითხვების შემდეგ დავით ჩხაიძეს. ჩხაიძე ბათუმის მე-17 სკოლის ქართული ენის პედაგოგია და თავის მოსწავლეებთან ერთად აფხაზების მუჰაჯირობის ისტორიას იკვლევდა. კვლევის დროს პედაგოგი და მოსწავლეები ბათუმელი აფხაზების ბევრ ოჯახში მივიდნენ და მათი ერთგვარი ნდობაც მოიპოვეს. კითხვებიც მაშინ დაისვა.

აჭარაში 1 558 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. მათ შორის 800 -ბათუმში, 645 კი - ხელვაჩაურში. ეს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემია. ასეთივე ციფრია 1989 წლის აღწერის შედეგებში _ 1600-მდე. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აჭარაში მცხოვრები აფხაზების დიდი ნაწილი 1992 წლის მოვლენების შემდეგ სოხუმში გადასახლდა, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს.
”არ გამიგია, რომ 92 წლის ომის შემდეგ ვინმე ბათუმიდან წავიდა და მით უფრო ახლა. სად უნდა წავიდე, სამშობლო ისაა, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც ცხოვრობ. მე იქეთ (აფხაზეთში) ნათესავებიც კი არ მყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, არც ისინი წასულან”, _ ამბობს ნონა ხალითბა.

ნონა ხალითბა ერთ-ერთი გამონაკლისია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისგან, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრესასთან საუბარს არ გაურბის. უმრავლესობამ ინტერვიუზე უარი გვითხრა. ნინო ხალითბამ ამის ზუსტი მიზეზი არ იცის, ისე კი ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს შიშის გამოა: ”პივზაოდზე მცხოვრებ აფხაზებს ნათესავები ჰყავთ იქეთ, შეიძლება საკუთარი თავის გამო ეშინიათ, შეიძლება იმათ გამო”.
კიდევ ერთი აფხაზი, ასლან სმირბა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელ პირველ პირებს არაერთხელ შეხვედრია (მისი შუამავლობით აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა ქართველი სტუდენტები, რომლებიც გალის რაიონში გასულ წელს დააპატიმრეს), ამბობს, რომ აჭარაში ქართველებსა და აფხაზებს შორის კარგ ურთიერთობებს თავისი მიზეზები აქვს: ”ჩვენი წინაპრები იძულებულნი იყვნენ 1867 წელში აფხაზეთიდან რუსეთის იმპერიას გამოქცეოდნენ. აჭარაში შემოღწეულ აფხაზებს მუსრს ავლებდა შიმშილის ტიფი. მაშინ აჭარლებმა და გურულებმა დააწესეს ”გადარჩენის ხარკი” _ ჩვენი წინაპრებისთვის საჭმელსა და ტანსაცმელს ურმებით ეზიდებოდნენ. ამის დავიწყება არ შეიძლება. ეს ჩემი თაობის აფხაზებმაც კი იციან”.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მას შემდეგ რაც მეფის შამილი დაამარცხა, მუსლიმანი აფხაზები აყარა თავიანთი სამშობლოდან. აფხაზები თავდაპირველად მაშინდელი ოსმალეთის სახელმწიფოს სიღრმეში ჩასახლდნენ. ზოგიერთი მათგანი კი, ამჟამად ბათუმში მცხოვრები აფხაზების წინაპრები, პირველი ჩასახლების ადგილიდან აჭარაში ჩამოვიდნენ.
ბათუმელი აფხაზების ისტორიის მკვლევარი, პედაგოგი დავით ჩხაიძე ამბობს, რომ ბევრი აფხაზი მეგობარი და შორეული ნათესავი ჰყავს. თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ნათესავები ”გაქართველდნენ”: ”მათ გაორებას საკუთარი ისტორიის არცოდნაც იწვევს. ისტორია რომ იცოდნენ, ასეთი დაბნეული არ იქნებიან. ისტორიის სახელმძღვანელოში არაფერი წერია თუ ვინ არიან აჭარაში მცხოვრები აფხაზები და რა გადახდათ თავს”.

დავით ჩხაიძე ამბობს, რომ აჭარაში მცხოვრებმა აფხაზებმა ტრადიციების შენარჩუნება მცირე დოზით მოახერხეს: ”აფხაზები აჭარლებისგან განსხვავებულად მხოლოდ ხალვას ამზადებენ. უფრო იშვიათად, ძალიან ტრადიციულ ოჯახებში სხვა რამეც შეინარჩუნეს, მაგალითად, ერთ-ერთ ოჯახში რძალს მამამთილი 17 წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მამამთილი როცა ოთახში შედიოდა, რძალი ოთახიდან გადიოდა”.

ჩხაიძე ამბობს, რომ ადგილობრივი აფხაზები ყველაზე მტკივნეულად მაინც ენის დაკარგვის საკითხს აღიქვამენ. აფხაზური ენა თითქმის აღარავინ იცის.

აფხაზური ენა - თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა

ნონა ხალითბა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს და თავისი სამსახურით კმაყოფილიცაა, ბევრი აფხაზური ტრადიცია (რძალ-მამამთილის ურთიერთობა) დიდად არ მოსწონს. მოსწონს, როცა სტუმარს, თუნდაც ის პატარა ბავშვი იყოს, ოთხმოცი წლის აფხაზი, მაგალითად, მისი ბებია, ფეხზე ადგომით ეგებება. თუმცა მას ტრადიციების დაკარგვაზე უფრო სხვა რამ აწუხებს. ეს ენაა. აფხაზური არ იცის და ძალიან უნდა, რომ ბათუმში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნას. ამბობს, რომ მისი თაობის აფხაზებს მშობლიური ენის უცოდინრობა აწუხებთ.
აფხაზური ენა არც დედით ქართველმა სმირბამ და არც მისმა შვილებმა იციან. თუმცა ნონა ხალითბა ამბობს, რომ კურსებისთვის ხალხის შეგროვება როცა დაიწყო, სმირბას შვილები პირველი ჩაეწერნენ.

”კურსების გახსნის იმედი გადაწურული მქონდა, _ ამბობს ხალითბა _ რადგან აფხაზური ენის პედაგოგის პრობლემას ვერაფერი მოვუხერხეთ. არ მეგონა, სამინისტროში თუ მომისმენდნენ; უფროსი თაობის აფხაზებიც იმას მეუბნებოდნენ, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი. მაგრამ ეს საკითხი აჭარის განათლების სამინისტრომ მოულოდნელად მოაგვარა. ერთ დღეს მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ აფხაზურის ორი თუ სამი სპეციალისტი იპოვა. საქმე ფართობის გამოყოფაზე იყო მისული, მაგრამ აგვისტოს ომი დაიწყო. 30-კაციანი ჯგუფი დაკომპლექტებულია”.

ომის შემდეგ ნონას განათლების სამინისტროდან არავინ შეხმიანებია. მას კი ერიდება, რომ ასეთ ვითარებაში აფხაზური ენის კურსების გახსნაზე ვინმე შეაწუხოს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე, რომელიც ნონას აფხაზური ენის კურსის გახსნაში ეხმარებოდა, ”ბათუმელებთან” ამბობს: ”ოთახის გამოყოფას ვაპირებდით სკოლის ბაზაზე. ასევე ვგეგმავდით პედაგოგის დაფინანსებას. სახელმძღვანელოები თბილისიდან უნდა ჩამოგვეტანა. ახლა, ალბათ, პედაგოგის პრობლემა იქნება, რადგან მისი ჩამოყვანა სოხუმიდან იგეგმებოდა. კონფლიქტის მიუხედავად, კურსების გახსნის ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, კონტაქტები გაწყდა _ ის გოგონა, რომელიც ამ საქმეს კურირებდა, აღარ გამოჩენილა”.

ამავე თემაზე

იონა არშბა: თუ ჩემს ეთნოსს დავკარგავ, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.

4 comments:

Anonymous said...

ასეთი თემების გამო მიყვარს ეს გაზეთი.
აფხაზური და სხვა ენობრივი უმცირესობების შესწავლასა და დაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ მიმართუელბით განათლების სამინისტრო (ეხლა რეკლამა გამომდის, მაგრამ ჩემი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებაა) გეგმავს გარკვეულ ინვესტიციებს 2009 წელს და სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. ასე რომ, დაფინანსების მოპოვება განათლების სამინისტროსგანაც შეიძლება აფხაზური ენის სწავლების და ა.შ. ინიციატივებისთვის.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ პრობლემას მასწავლებელთან დაკავშირებით: ჩემი აფხაზი თანამშრომელი გირჩევთ მიმართოთ კავკასიურ სახლს და იმათ შეუძლიათ, თურმე, გიშოვოთ აფხაზური ენის მასწავლებელი. ჩემი აზრით, ბათუმში აფხაზური ენისა და კულტურის პრომოციის კარგი საფუძვლები შეიძლება ჩაიყაროს. ამას სახელმწიფოც დააფინანსებს და დონორებიც.

Newspaper Batumelebi said...
This comment has been removed by the author.
Newspaper Batumelebi said...

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

აუცილებლად გადავცემთ ჩვენს რესპონდენტებს კავკასიურ სახლთან დაკავშირებით ინფორმაციას

Anonymous said...

dzalian kargi iqneba tu aseti kursebi gaixsneba da amis iniciativa da mondoba kartvelebisgan unda modiodes