div#header

Thursday, December 25, 2008

ნავთობი, წყალი და ნაგავი- ეკოსაფრთხეები ერთი უბანში

ნავთობის სუნი, დაბინძურებული მდინარე და ძლიერი წვიმის შიში _ ეს ბათუმის ერთი პატარა ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებია. დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრები ორმოცდაათამდე ოჯახის ჯანმრთელობა და საყოფაცხოვრებო პირობები საფრთხის წინაშე დგას. მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის კვლევის შედეგებს ელოდება, აჭარაში კი შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

ნავთობის სუნი
"ყელში რომ ჩაგაფრინდება, ასე გგონია,
გახრჩობს..."
ბარცხანაში, დიმიტრი ბაქრაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დილაობით ფანჯარას არავინ აღებს. ბაქრაძის ქუჩიდან ორმოცდაათამდე მეტრში მდებარე ნავთობ-ტერმინალიდან გავრცელებული სუნი ქუჩის მცხოვრებლებს თავბრუს ახვევს. ამ ქუჩასთან ტერმინალი ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს, მაგრამ აქ მცხოვრებთა თქმით, ნავთობპროდუქტების ასეთი ძლიერი სუნი არასდროს ყოფილა.

ნავთისა და ნავთობპროდუქტების სუნი ქუჩაზე პერიოდულად დგას, ძირითადად, დილაობით და შაბათ-კვირას.
ნავთობის სუნი მიმდებარე ქუჩებზეც აწუხებთ, მაგრამ ბაქრაძის ქუჩას ტერმინალისგან მხოლოდ მდინარე ბარცხანა ჰყოფს, ნავთობის მილების ერთი ნაწილი ამ ქუჩაზე გადის და სუნი ყველაზე მძაფრად აქ იგრძნობა. არქივის მონაცემებით, ეს უბანი 1926 წლიდან აღებაშია.

ეკა გოგიბერიძე: "ვის ჰყავს პატრონი, რომ გაარკვიოს, რამდენად მოქმედებს ნავთობის სუნი ჯანმრთელობაზე... რამდენიმე თვეა ალერგიული ხველა დამეწყო, საჭმელს დილით ვერ შეჭამ, რამდენიმე ბავშვს ასთმა დაემართა. ყველას ექიმთან მისვლის საშუალება არც აქვს".
ეკა გოგიბერიძე ამბობს, რომ ხუთი წლის შვილი სოფელში წაიყვანა, სუნს მოარიდა. მისი თქმით, ნავთობის სუნის გამო ბავშვს ჭამა უჭირს.

აქაურებმა მერიასა და გარემოს დაცვას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ნინო ყურშუბაძე: `დილით ფანჯარას ვერ გააღებ, პირიქით, უნდა დახურო, სუნი სახლში რომ არ შემოვიდეს, ეს დიდზეც მოქმედებს და ბავშვზე მით უფრო. ყელში რომ ჩაგაფრინდება, ასე გგონია, გახრჩობს".

აკაკი ქორიძე: "დილით და შაბათ-კვირას უნდა ნახოთ რა სუნია, როცა ნავთს ქაჩავენ მილებით. კბილების პრობლემა დამეწყო, ექიმი მეუბნება, რომ ამის მიზეზი შეიძლება ეს სუნიც იყოს".

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ `ბათუმელებთან~ დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რამდენიმე წლის წინ იგი გამოკვლევებს ატარებდა და დადგინდა, რომ ბენზე-ბარცხანას დასახლებაში მცხოვრებთ ხშირად უმწვავდებათ ბრონქული ასთმა და სხვადასხვა ალერგიული დაავადებები. ვახტანგ ბერიძე: "ნავთობპროდუქტების სისტემატურად ჩასუნთქვა კონიუქტივიტს, ბრონქოსპაზმსა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. შესაძლებელია, ეს ასთმის მაპროვოცირებელიც გახდეს, ან უკვე არსებული დაავადება გაამწვავოს. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების მძაფრმა სუნმა შეიძლება ნერვული სისტემაც დააზიანოს".

რამდენიმე კვირის წინ ამ უბანში ეკოლოგიური ინსპექციისა და ტერმინალის თანამშრომლები მივიდნენ. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის ტერმინალიდან მომდინარე სუნი.
გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ტერმინალზე შემოტანილი ნავთობპროდუქტების ხარისხსა და მასში ქიმიური მინარევების დონეს ტერმინალი სწავლობს და შედეგებს გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობებს. აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი გიორგი ერმაკოვი: "ტერმინალმა სიტუაციის შესასწავლად დრო მოითხოვა. ლაბორატორიულ ანალიზს დამოუკიდებელი ექსპერტიც ატარებს. ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე გადავწყვეტთ, დარღვეულია თუ არა უსაფრთხოებისა და სანიტარული დაცვის ნორმები".

გიორგი ერმაკოვმა "ბათუმელებთან" ხაზი გაუსვა იმას, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია პრობლემას არ გაურბის, მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელიც მათ მუშაობას აფერხებს. კერძოდ, აჭარაში არ არის ლაბორატორია, სადაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოიკვლევენ. შესაბამისად, ჰაერის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საშუალება მხოლოდ ტერმინალის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
გიორგი ერმაკოვის განცხადებით, აჭარის გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებს და ლაბორატორიის ჩამოტანა რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

ეკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია `ჭაობის~ თავმჯდომარე იზო მაჭუტაძე ამბობს, რომ ტერმინალიდან ნავთობპროდუქტების სუნის გავრცელება უკვე დარღვევაზე მიუთითებს. დადგენილი ნორმების დაცვის შემთხვევაში სუნი არ უნდა ვრცელდებოდეს: `ჩვენს ქვეყანას აქვს გარემოს დაცვის კარგი პრინციპები, მაგრამ რიგ შემთხვევებში კანონი ვერ მუშაობს. თუ ტერმინალთან ახლოს მცხოვრებლები დაამტკიცებენ, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, შეუძლიათ კომპენსაცია მოითხოვონ".

წყლის სტიქია
"ეზო არასოდეს შრება, გუბეებში კი ნავთი
ტივტივებს..."
ნავთობის სუნი ერთადერთი არ არის, რაც ბარცხანის დასახლებაში აწუხებთ. სამი თვის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ბარცხანა ადიდდა და წყალმა ეზოებსა და სახლებში შეაღწია. აქაურებს მდინარის მსგავსი ადიდება არ ახსოვთ. წყალმა ქვის ჯებირები ჩამოშალა და ეზოში სათავსოები დააზიანა.
ეთერ ქამადაძე: "ისედაც ბრონხები მაწუხებს, თან ნავთის სუნი, თან წყალი... სახლი ნახევრად წყალში დგას, აქ არ იცხოვრება. ჩემს ეზოში წყლის მილია გახეთქილი მიწის ქვეშ. ეზო არასოდეს შრება, გუბეებში კი ნავთი ტივტივებს..."

გიმა ჩახოიანი მდინარის პირას ცხოვრობს. მის ეზოში ნავთობის მილები გადის, რომელთაც ნავთობის გადაქაჩვისას ცეცხლსასროლი იარაღის ხმა აქვს. სუნისა და ხმაურის გარდა ქალბატონ გიმას ახლა მდინარის ადიდებისაც ეშინია: `ერთხელ კიდევ რომ ადიდდეს, წყალი ყველაფერს წაიღებს, სახლს დაანგრევს. ნიაღვრის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა აქაურობას. მერია 250 ლარით დაგვეხმარა დაზარალებულებს, მაგრამ... არ ვიცი, რაზე ვიფიქრო _ წყალზე, ნავთის სუნსა თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე".

ლალი შეროზია ამბობს, რომ მის ეზოში წყალი წელამდე იდგა და იქაურობა სახანძრო სამსახურის მანქანებით გაწმინდეს: "წყალმა ეზოს ღობე გამოანგრია, ეზოში წელამდე წყალი იდგა, სახლებში შეაღწია, პირველი სართულები დატბორა. მეზობლების `ქუხნები~ წაიღო, ჩვენი სასწაულის წყალობით გადარჩა".

"ბათუმელებთან" მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნეს, რომ ქალაქის მერია ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი ღონისძიებების გატარებასაც გეგმავს. თენგიზ პეტრიძე, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე: "სანიაღვრე არხი ბოლომდე უნდა გაიწმინდოს და გაღრმავდეს, რომ წვიმის შემთხვევაში წყალი ქუჩაზე არ გადმოვიდეს. თუ საჭირო იქნება, ჯებირებსაც გავამაგრებთ, მაგრამ სათავსოები მდინარის პირასაა გაკეთებული. კანონით, მდინარესთან ასე ახლოს დამხმარე ნაგებობების აშენება იკრძალება, მაგრამ ხალხს ამის გაგონება არ უნდა".

მოსახლეობის განცხადებით, მხოლოდ სანიაღვრე არხის გაწმენდა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ჯებირების გაუმაგრებლობის შემთხვევაში ძლიერი წვიმა რამდენიმე საათში გაავსებს არხს და სახლები ისევ დაიტბორება.

ნაგავი
მდინარე, რომელშიც პირუტყვის ლეში აგდია,
ზღვაში ჩაედინება
ქუჩაზე, სადაც ორმოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს, არც ერთი ნაგვის ურნა არ დგას. მოსახლეობის ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრის. ტერმინალის მილები ნაირფერი პარკებითაა მორთული. ნაგავი კი მდინარეს მიაქვს, რომელიც დაახლოებით ნახევარ კილომეტრში ზღვაში ჩაედინება.

ბარცხანის სანაპირო ზოლი ზაფხულში დამსვენებლებითაა სავსე. თავად ბარცხანის მოსახლეობა აქ საბანაოდ არ დადის, რადგან იციან, რომ დაბინძურებული მდინარის წყალი პლაჟის მახლობლად ჩაედინება ზღვაში.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა მდინარეში მკვდარ ცხოველებსაც ნახავთ. რეპორტაჟის მომზადებისას `ბათუმელების~ ფოტოობიექტივში მდინარეში ჩაგდებული ბატკნის ლეში მოხვდა. ბაქრაძის ქუჩაზე ეს არ უკვირთ, აქ ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ხშირია. ქუჩისაგან საკმაოდ მოშორებით ცხოველების ბაზრობა იმართება და გარდაცვლილ პირუტყვს მოვაჭრეები პირდაპირ მდინარეში ყრიან.

მომავალი წლისთვის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები გარემოს დაბინძურების წყაროების აღმოფხვრა, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ეკო-ტურიზმის განვითარებაა. იმავე ბიუჯეტის პროექტში ისიც არის აღნიშნული, რომ მომავალ წელს არ დაფინანსდება ატმოსფერულ ჰაერსა და წყლებზე მონიტორინგის მიზნობრივი პროგრამა. როგორ განხორციელდება აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები და რამდენად აისახება ეს ერთი კონკრეტული ქუჩის მაგალითზე, ამას "ბათუმელები" 2009 წლიდან მიადევნებს თვალს.

2 comments:

Anonymous said...

რამხელა ამბავია... თუ ასეა გამოაცხადონ ბარემ ეს ქუჩა საშიშ ზონად და ყვითელი ლენტი შემოარტყან :)))

კასანდრა said...
This comment has been removed by the author.