div#header

Wednesday, August 27, 2008

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ (რომან) შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ახლობლების მტკიცებით, შავაძე სასტიკად იყო ნაწამები.

ემზარ დიასამიძე/გაზეთი ბათუმელები

გარდაცვლილის მეუღლის, ციცინო შავაძის განცხადებით, ცხედარი სასტიკად ნაწამები იყო: “მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი დამტვრეული ჰქონდა _ სკოჩით მივაბნიეთ. მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა. ცხინვალში სასწაულით გადარჩენილი, სახლში ასეთ დღეში ჩააგდეს”.

ბათუმელი სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო. ოჯახის ინფორმაციით, შავაძე სამშვიდობო მისიით ავღანეთსა და ერაყშიც იმყოფებოდა.

შავაძე სპეცრაზმმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟის მიდამოებთან 16 აგვისტოს დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ, 20 შეირაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში დაესხა თავს, წააქციეს და სასტიკად სცემეს: `ისე არაადამიანურად ურტყამდნენ, გამვლელები შოკში ჩავარდნენ. ზოგმა მიშველებაც კი სცადა. სპეცნაზელები ყვიროდნენ, რომ დაკავებული სამშობლოს მოღალატეა და მის სინდისზე ათეულობით ჯარისკაცის სიცოცხლეა~.
ციცინო შავაძე იხსენებს, 16 აგვისტოს როგორ უშედეგოდ ეძებდა ქმარს: `როინის დაკავებიდან რამდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა ნაცნობი და მითხრა, რომ ჩემი ქმარი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე ახლობელს დავურეკე და პოლიციაში მივედით. იქ გვითხრეს, რომ როინი არ დაუკავებიათ. შემდეგ სამხედრო პოლიციაში მივედით, ხელვაჩაურის ნაწილში, სადაც მსახურობდა, პატრულში, სოდ-ში და კუდ-ში. მის კვალს ვერსად მივაკვლიეთ~.

შავაძის ახლობლებმა დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობასაც მიმართეს. ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, ძალოვანი უწყებები შავაძის დაკავების ფაქტს უარყოფდნენ: `მოგვიანებით, საღამოს საათებში, შსს აჭარის მთავარ სამმართველოდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სერჟანტი თბილისის სპეცრაზმს ჰყავდა აყვანილი და დასაკითხად დედაქალაქში წაიყვანეს~.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ამ ინფორმაციის მიღებიდან სახლში დაბრუნებულებს, ერთი საათის შემდეგ, `ბენზეს~ პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ `როინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. სასწრაფოდ წავედით, მაგრამ როინი უკვე მორგში ჰყავდათ~.
მისივე განმარტებით, დაკავების წინა ღამეს შავაძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაკითხეს, სადღაც წაიყვანეს, დაკითხეს და უკან გამოუშვეს: `ღამის 3 საათი იქნებოდა, ვიღაცამ დაურეკა, ეზოში ჩამოდი, საქმე გვაქვსო. ჩემმა მეუღლემ ფანჯარა გააღო და ვიღაცას დაუძახა, მაქ რას დგეხართ, ამოდითო. შემდეგ ფოსტლებით ჩავიდა ეზოში. ფანჯარაში გადავიხედე. ჩემმა ქმარმა იმათ უთხრა, არ გრცხვენია ბიჭებო, ასე რომ მოდიხართ ჩემთან, რა პრობლემაა, სადაც გინდათ იქ წამოვალო~.

ციცინო შავაძის თქმით, კუდ-ის თანამშრომლები მაყუჩიანი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. შავაძე წაიყვანეს და ორი საათის შემდეგ მოიყვანეს: `გაგიჟებული იყო. სამშობლოს ღალატს მაბრალებენო. ვერ წარმოედგინა ასეთ ბრალს თუ წაუყენებდნენ~.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, გასვენებაში თანამებრძოლებმა მისვლა ვერ გაბედეს: `მისი სამშობლოს მოღალატეობის შესახებ იმდენი ხმა ვრცელდებოდა, რომ ბევრმა მოსვლა ვერ გაბედა. გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ როინმა სიკვდილს გადაარჩინა და ბოდიშს იხდიდნენ, რომ ვერ მოდიოდნენ~.

ოჯახის წევრებისთვის ძალოვანების ვერსიაც შეურაცმყოფელია: `ამბობენ, რომ ნარკოტიკზე დააკავეს. ეს შეუძლებელია, რადგან მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა და ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. ომში წასვლის წინა დღეს სისხლის შემოწმება გაიარა~.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახლობლებმა დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მიმართეს: `ვერც ერთმა ადვოკატმა ჩვენი ინტერესების დაცვა თავზე ვერ აიღო. სუბარის დახმარებით ჩვენს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, გენო ქარცივაძე იცავს, მაგრამ ეტყობა მასაც ეშინია. უკვე ათი დღე გავიდა და ჯერ ჩვენი დაზარალებულებად ცნობაც კი არ მომხდარა~.

ადვოკატ ქარცივაძის თქმით, საქმე აღძრულია შავაძის განზრახ მკვლელობის მუხლით და აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, გიორგი რატიაშვილი იძიებს: `ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. როცა ოჯახის წევრების დაზარალებულად ცნობა მოხდება, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მერე მექნება~.

შავაძეს მორგში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტი მამუკა მეტრეველი ამბობს, რომ მას ექსპერტიზის შედეგებზე საუბრის უფლება არ აქვს: `ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის. ლაბორატორიიდან ველოდებით შედეგებს. ჩვენ დასკვნას გამოძიებას გადავცემთ და მერე დაზარალებულებს ექნებათ მისი გაცნობის უფლება~.
გამომძიებელი გიორგი რატიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. `ვერაფერს გეტყვით. დაუკავშირდით გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს და ყველა კითხვაზე ის გაგცემთ პასუხს~.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირება კი, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა (საიტზე დაფიქსირებულ ნომრებს არავინ პასუხობს).
`გაქცევის მცდელობის გამო მოკლეს და ახლა იმასაც ვიძიებთ, რამდენად აუცილებელი იყო ამ ღონისძიების გატარება~, _ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან პროკურატურიდან. როინ შავაძის გარდაცვალების ცნობაში წერია, რომ იგი ქობულეთში გარდაიცვალა.


3 comments:

d.g. said...

შემზარავი ამბავია....
და თან ჟურნალიზმის თვალსაზრისით საოცრად გამართულად გადმოცემული სტატიაში. არავითარი მიკერძოება, სრული სიზუსტე და პროფესიონალიზმი.
ამ ყევლაფრით სტატიაში გადმოცემული ამბავი სულ არ კარგავს სიმძაფრეს, პირიქით.
ნეტავ როდის მოეფინება ნათელი ამ ამბავს, ღმერთმა უწყის.

Newspaper Batumelebi said...

დიდი მადლობა

შორენა ძნელაძე said...

ჰო, ვეთანხმები, თმების გლეჯის გარეშეც შეიძლება საშინელ ფაქტზე გულწრფელად და ზუსტად წეროს ჟურნალისტმა. მომწონს ასეთი მიდგომა.