div#header

Wednesday, August 27, 2008

აჭარა ომის დროს და შემდეგ

[ნესტან ცეცხლაძე, გაზეთი ბათუმელები]

”ბოლოს გორიდან მყავდა დამსვენებელი. ერთი ოთახი მქონდა გაქირავებული. როცა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა, წავიდნენ და უკან დაბრუნდნენ მეგობრებთან ერთად. უფასოდ შევუშვი, შემეცოდნენ”-ამბობს გონიოს მცხოვრები 47 წლის შუშანა აბაშიძე.

ტურისტების უმრავლესობამ აჭარა, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით დაახლოებით 34 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა აჭარაში საომარი მოქმედებების დაწყების დროს.

- ”უცხოელი ტურისტების უმრავლესობამ აჭარა თურქეთის გზით დატოვა” - განგვიცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ დიასამიძემ – პირველივე დღეებში მოგვმართა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა კორპუსებმა დავხმარებოდით მათ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში.

თავდაპირველად, 8 აგვისტოს, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო, მოსახლეობა და დარჩენილი ტურისტები აჭარაში თავს ყველაზე უსაფრთხო ადგილას გრძნობდნენ.

9 აგვისტოს ღამე კი მთელს ბათუმში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროს განხორციელდა ბათუმის პორტის და ტერმინალის 2000 მდე თანამშრომლის ევაკუაცია. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და მთელი ღამე ქალაქის დაბომბვას ელოდა.
10 აგვისტოს ღამე კი თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელი დაიბომბა, რომელიც სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს, თუმცა არავინ დაშავებულა.

- ”იმის იმედი მქონდა, რამე მოხდა, თურქეთის საზღვართან მივალ, იქ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ასე ადვილად რუსეთი ვერ დაარტყამდა ” - განგვიცხადა 33 წლის მაია აფრიდონიძემ, რომელმაც აჭარა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დატოვა და თბილისში დაბრუნდა, სახლში. აფრიდონიძის მსგავსად ბევრი ფიქრობდა, რომ თურქეთის საზღვრიდან 20-იოდე კილომეტრში მდებარე ქალაქი ბათუმი უსაფრთხო იყო სწორედ ნატოს საზღვრის გამო.

თუმცა მაშინ როცა აჭარაში უსაფრთხოდ თავს თურქეთის მეზობლობის გამო გრძნობდნენ თავს, თურქეთის საკონსულო თავისი მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანაზე ზრუნავდა: ”კონსულმა გვითხრა დატოვეთ აქაურობაო, მაგრამ არ დავტოვე. ბევრი ბიზნესმენი წავიდა, თუმცა ახლა ბრუნდებიან” - გვითხრა აჭარაში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მუსტაფა კათიფოღლუმ

ბათუმში ჩარჩენილი შეშფოთებული მგზავრების თბილისში გადასაყვანად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით 2-მა ავიაკომპანიამ ბათუმი-თბილისის ავიარეისების შესრულება დაიწყო. ბევრმა მგზავრმა სწორედ ამ გზით დატოვა აჭარა.
- ”წავიდნენ და დაგვტოვეს მარტო” - აცხადებს 35 წლის გიორგი წერეთელი, რომელიც გონიოში ერთერთიბუნგალოს მეპატრონეა - ”ჰოლანდიელი დიჯეი გვყავდა ჩამოყვანილი და ძლივს გავიყვანეთ თურქეთში”.

წერეთელმა ბუნგალოს გასამართად 30.000 ლარი სესხი აიღო ბანკიდან, 15.000 ლარად კი სკუტერი შეიძინა. კაფემ სულ 4 დღე იმუშავა. ახლა მეპატრონემ არ იცის, როგორ უნდა გადაიხადოს ბანკიდან აღებული სესხი. ასეთივე მდგომარეობაშია ბევრი ბიზნესმენი, თუ მცირე მეწარმე.

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის და სერვისის განვითარებისთვის ბანკებს დიდი ოდენობით სესხები აქვთ გაცემული, თუმცა კონკრეტულ თანხას არც ერთი ასახელებს. ბიზნესმენების ნაწილმა უკვე მიმართა აჭარის მთავრობას თხოვნით, გაუწიონ შუამდგომლობა ბანკებთან სესხების გადახდის გადავადების შესახებ. პროკრედიტბანკის პრესამსახურმა განგვიცხადა, რომ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სესხის გადახდის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე.
ტურისტული სეზონისგან მიყენებულ ზარალის დათვლას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ცოტა მოგვიანებით აპირებს: ”ამის გაანგარიშება უნდა მოხდეს ტურისტების შესაძლო რაოდეობის, მათ მიერ დღეში დახარჯული თანხის და იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მიადგა ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს. ანუ აქ არ იგულისხმება მხოლოდ საბიუჯეტო ზარალი” - განაცხადა დიასამიძემ.

ტურისტული საბიუჯეტო ზარალი, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტში აისახება,სავარაუდოდ არ იქნება 6 მილიონ ლარზე მეტი – განაცხადა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული უწყების ხელმძღვანელმა, ზურაბ ბერიძემ. მისივე თქმით, ტურისტული ობიექტებიდან ივნის-ივლისში საბიუჯეტო შემოსავლებმა დაახლოებით 3 მილიონი ლარი შეადგინა.
თუმცა ქვეყნის ბიუჯეტს ასევე დააკლდება თანხები სარფის საბაჟოდან და ბათუმის პორტისა და ტერმინალის შეფერხებული მუშაობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო.
რკინიგზის და საავტომობილო გზის გადაკეტვამ თურქეთიდან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა ამ დროისთვის ზარალის შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

აჭარის ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციებს საფრთხე არ ემუქრება. მათ შორის რუსულ და ყაზახურ ინვესტიციებს, რადგან აჭარის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ”ინვესტიციას ეროვნება არ აქვს”.

ამავე დროს 2 დღიანიპაუზის შემდეგ ბათუმში განახლდა სასტუმროების მშენებლობა, რომელშიც ჩადებულია თურქული და ყაზახური ინვესტიციები.

მას შემდეგ რაც ბათუმის პორტში აშშ-ს სამხედრო ხომალდი ”მაკ ფოლი” შემოვიდა, აჭარის მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს. ამერიკულ გემს ხალხი საქართველო-ამერიკის დროშებით დახვდა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე კი მოსახლეობა ევროკავშირის დროშებით გამოვიდა.





1 comment:

Anonymous said...

ხო, რაც მთავარია, როგორც ჩვენი ხელისუფლება ამბობს, თურმე ნუ იტყვით და რუსეთს გაცილებით დიდი ეკონომიკური ზარალი მიადგა... ნეტავ ჩვენ რა ხეირი ამით, თორემ, კაი, ბატონო, მიადგეს...