div#header

Wednesday, August 20, 2008

გაქცევის ქრონიკები






მანანა ცეცხლაძე "ბათუმელებთან"ომის პირველი დღესა და თავისი ოჯახის დევნილობაზე საუბრობს. მისი ოჯახი ახლა "კარვების ქალაქშია" შეხიზნული.

ნინო ძანძავა/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: ნინო ძანძავა

მე გორიდან ვარ. ჩემი სახლი სატანკო ბატალიონის წინ დგას. 7 აგვისტოს, ქართული ტანკები იქ იყო განლაგებული. ტანკები პერიოდულად გამოჰყავდათ, ბენზინს ასხამდნენ და ისევ უკან აყენებდნენ. როცა ტანკები მთებიდან უკან ბრუნდებოდნენ, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ ქართული დროშები ააფრიალეს, წავიდნენ და მთელი ღამე ცხინვალის მხარეს ცაზე სროლებს ვხედავდით. ეს ხდებოდა რვაში გამთენიისას. ვერ ვისვენებდი, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და იქიდან გადავცქეროდი, მთელი ღამე არ გვძინია. დილით ბაზარში წავედი, მეთქი რა ხდება გავიგო. ბაზარში როგორც კი მივედი, 15 წუთი არ იყო გასული, ბომბი ჩამოვარდა.
თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავები გვეგონა. გორიჯვართან რომ დაეცა, თქვეს, ეტყობა ჩვენებს ჩამოუვარდათო.

ბაზარში ატყდა აურზაური. ყველაფერი დავყარე, რაც კი ნაყიდი მქონდა. მსხვერპლი არ მინახავს. თქვეს, პერაშკს რომ დაატარებდა, ის ქალი მოკვდაო.
სახლში ვეუბნები, ხალხნო გვბომბავენ-მეთქი. სიცილად არ ეყოთ მეზობლებს. არაო, ქალაქს ვინ დაბომბავსო. რუსეთის ჯარმა ბომბები შეიძლება ისეთ ადგილზე ჩამოყაროს, რომ შეგვაშინოს, მაგრამ დასახლებულ ადგილზე რომ ჩამოაგდოს - ეგ არ არსებობსო.

ჩვენ როცა წამოვედით, დაგვცინოდნენ. ამ დროს ტელევიზორში არაფერს აცხადებდნენ. გამოვედით, ხალხი თბილისისკენ გარბოდა. ჩემი ძმაც იქვე ცხოვრობს. ძმიშვილს ვუთხარი, წამოდით შვილო-მეთქი. რას წამოვალთო, მანქანა ჰყავდათ, რაც იქნება იქნებაო. სულ გრუხუნი ისმოდა, გული მისკდებოდა ისე მივდიოდი.
ცხრაში, დილით, გორში ვაპირებდი წამოსვლას, ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ ჩემი ბინა აფეთქდა. ჩემი ძმა რეზერვში იყო, ძმისშვილები და რძალი კი იქ იყვნენ.
ვერ ვუკავშირდები ვერც ძმას, ვერც ძმიშვილებს და თბილისიდან ჩამოვედი. შიგ ხომ არ მოყვნენ-მეთქი. პატრული არ გვიშვებდა, მაგრამ როგორც იქნა შევედით. ჩემი ძმის ოჯახი სახლში ყოფილა. უნდა ებანავათ, თურმე ონკანი ვერ მოუშვეს ვერაფრით და გარეთ გავიდნენ. ბომბი ჩამოვარდა და მათი მეზობლები დაიხოცნენ. ამბობენ, რომ კორპუსში 17 ადამიანი დაიღუპა. ისეთ დროს ჩამოაგდეს, ხალხს რომ ეძინა. დაჭრილებიც აუარება. ჩემი ძმის სადარბაზო მეორე სართულამდე ჩამოიტანა.
გრუხუნში დავბორიალობდი, ვერ ვიხსენებდი საბუთები სად მქონდა. ტელევიზორი იყო მეორე ოთახში გადავარდნილი, ფანჯრები აღარ იყო.

გული მიგრძნობდა ბაზებს არ დასცხონ-მეთქი. იქ რომ ვცხოვრობდი, ყოველთვის შიში მქონდა რაღაცის... საბედნიეროდ გადავრჩით.
ამბობდნენ, მსხვერპლი არა გვყავსო. 7-ში ღამე დაბომბვის მერე, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. 8-ში დილით ეგეთი მსხვერპლი იყო და მერე რაღა იქნებოდა.
პირველ დღეს 40 კაციაო ამბობდნენ, დაჭრილიც და დაღუპულიც. დაღუპული პირველ დღეს 9-10 არისო, მერე აბა...

ჩემი ქმარი თბილისში მუშაობს და ბინა ჰქონდა ქირით აღებული, ბიჭებთან ერთად. ეს ბიჭები წავიდნენ, ცოლ-შვილი იმათაც გორში ჰყავდათ. ეს ბინა თურმე ლიფტთან ყოფილა და ღამე ერთი სამჯერ წამოვხტი, გვეგონა გვბომბავდნენ. შიში გამომყვა.
ახლა ქირას ვეღარ გადავიხდით, სამუშაო აღარ არის და ვიღა დაგვარჩენდა აბა? გვითხრეს, გვჭირდება ეს ბინაო, წამოვედით და გუშინ აქ მოვედით. სხვა წასასვლელი არ გვაქვს. აქ არის ჩემი სოფლელი ბიჭიც. მე სოფელში, აძვიში მშობლები მყავს.
გუშინ წავიდა მამაჩემი თბილისიდან. აძვიში დედაჩემი იყო მარტო და ფეხით წავიდა. დედაჩემიც, მამაჩემიც პრინციპიანი ხალხია. დაგვხოცონ და ჩვენ სახლში ვიქნებით, არსად წავალთო. ჩვენთან ქართველები და ოსები ძალიან ახლოს არიან. ჩვენს მაღლა არცევი და აძვისთავია (ოსური სოფლები). იმ ხალხს, ჩვენი ოჯახის წევრებად ვთვლით. გუკა, დათო... რა ვიცი, ყველა ისე არიან ჩვენთან, როგორც ერთი ოჯახი. მამაჩემმა და დედაჩემმა თქვეს, ისინი არ გაგვიმეტებენო - ჩვენი ოსები. ჩემმა ძმამ დაურეკა იქ ოსს - რა ხდებაო და ნუ გეშინიათო, ასე უთხრეს.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მათთან. ომი რომ იყო პირველად, ერთმანეთს ვინახავდით. ოსებს არ ვუჭირვებდით, ერთმანეთს მხარში ვედექით. ამ სამ სოფელში ისეთი მარადიორობა არ ხდება, როგორც, მაგალითად, კარალეთში. ესენი უფრო ქართული დასახლებებია. მეჯვრისხევს ღრომი ინახავსო, ჯერჯერობით. ღრომი ოსური სოფელია და ერთად არიან.
რუსებიც რა, ესენი კაზაკები და ჩეჩნები არიან, ფაქტიურად. დედამაც ეგა თქვა, რომ გამოიარეს, ოსები არ იყვნენო.

სანტემ ამოგვიტანა ქვეყანა რაღაცეები, მოსახლეობა ამოდის, აი, ეს (ლეიბი), ოჯახმა მომიტანა, ბავშვი გყავთო. მოსახლეობა მხარში გვიდგას. ძალიან ვებრალებით.
ჰუმანიტარული ტანსაცმელი ჯერ არ მიგვიღია. მოსახლეობამ მოიტანა, მაგრამ ისეთი გამოუსადეგარია, ბალიშად ვიყენებთ, თავი რომ ავიმაღლოთ.

ლეიბები მოიტანეს, მაგრამ ხუთ-ხუთი აიღო ხალხმა, არათანაბრად გაანაწილეს. რაღაცას რომ მოიტანენ, ზედახორაა. ვეუბნები - ხალხნო, პირველ რიგში ბავშვებს მიეცით-მეთქი. ხალხი ძალაობს მაინც. უკვე ისეა დაშინებული, დაპანიკებული.
როცა ვიყავით ვაჟა ფშაველას 20 ნომერში, იწერდნენ უცხოელი ჟურნალისტები, იწერდნენ და გვისვამდნენ კითხვას, ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდისო? ვეუბნებოდით, რომ არა.

No comments: