div#header

Wednesday, August 20, 2008

პაატა ზაქარეიშვილი ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესახებ

"რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს და ექნებათ 10-კილომეტრიან ზონაში მონიტორინგის უფლება", - ექვს პუნქტიანი შეთანხმებაზე "ბათუმელებთან" კომენტირებისას აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადებული სამშვიდობო გეგმას საქართველოს პრეზიდენტმა 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.
ნესტან ცეცხლაძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: 24 საათი

შეთანხმების პუნქტები:
1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.


_ ბატონო პაატა, იქნებ განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს შეთანხმების თითოეული ეს პუნქტი?
_ ამ ექვსი პუნქტიდან მხოლოდ მეხუთე პუნქტია მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ მე-5 მე-6 მუხლები ძალიან კაბალურია საქართველოსთვის და ძალიან შემაშფოთებელი. იძლევა ორმაგი და ბუნდოვანი წაკითხვის საშუალებას და, შესაბამისად, ეს საქართველოს ცუდად მოუბრუნდება. მართლაც სამარცხვინოა ამ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველო.
მეხუთე პუნქტში იგულისხმება ის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის სტატუსის შემუშავებამდე განახორციელებენ სამშვიდობო ოპერაციას. ეს დროებითი პოზიცია შეიძლება სამუდამო იყოს. დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.
_ ცოტათი ბუნდოვანია მე-5 მუხლი. რა იგულისხმება უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელებაში?
_ ძალიან ბუნდოვანია და ბევრ რამეს გულისხმობს. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ უკვე გამოაგზავნა წერილი, სადაც ჩანს რას გულისხმობენ - რუსებს უფლება აქვთ, 10-კილომეტრიან ზოლში განახორციელონ მონიტორინგი. ანუ ეს სცილდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს.
_ ამ 10-კილომეტრიან ზოლში არ ხვდება გორი, არა?
_ და ეს უნდა გვიხაროდეს? სამაგიეროდ ხვდება ქვეყნის ცენტრალური გზატკეცილი. ტრასაზე მუდმივად ვნახავთ რუსულ სამხედროებს რუსული დროშით. თუ არ ვცდები იგოეთი ხვდება…
_ შეთანხმების მე-6 პუნქტი საერთაშორისო დისკუსიების დაწყების შესახებ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე რას ნიშნავს?
_ ძალიან ზოგადია. პირველ ვარიანტში საერთოდ ეწერა სტატუსის შემუშავება, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა. კოსოვოშო მოხდა ასე. სერბეთი გამოთიშეს და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესთავაზეს კოსოვოს სტატუსი. მე ასე წავიკითხავდი ამ პუნქტს, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის პრინციპულობას ამ მუხლის მიმართ. ეს მუხლი იმდენად ზოგადია, შეიძლება კარგიც კი ყოფილიყო საქართველოსთვის, რომ არა რუსეთის პრინციპულობა. ამ მუხლში სულ სხვა რაღაცას დებენ, ვიდრე იკითხება.
_ და რაც შეეხება კოდორის ხეობას?
_ ამ შეთანხმებაში კოდორი არ იგულისხმება. კოდორი სხვა მოვლენაა. 2006 წელს იქ განხორციელდა ოპერაცია, ქართული შენაერთები შევიდნენ და ჩაითვალა, რომ დაირღვა მოსკოვის ხელშეკრულება. ახლა აფხაზებს ჩაუვარდათ ხელში შესაძლებლობა შეექმნათ პირობები, რათა თვითონაც დაერღვიათ მოსკოვის ხელშეკრულება. რაკი ქართველებმა დაარღვიეს, ჩვენც დავარღვევთო და დაიკავეს ტერიტორია. რუსებმა დაბომბეს კოდორი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ ვითომ აფხაზებმა გააკეთეს. აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება, რომელიც უკვე იყო დარღვეული ქართველების მიერ, მათი მოსაზრებით.
_ მაშინ როგორ შეიძლება უზრუნვეყოს საქართველოს მთავრობამ კოდორის უსაფრთხოება?
_ არაფერი, დაკანონდება უკანონობა, ანუ მოგვბაძეს ჩვენ აფხაზებმა, თქვენ სჩადიოდით უკანონობას, რასაც გინდოდათ იმას აკეთებდით და ახლა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდაო. დაირღვა მოსკოვის ხელშეკრულება. უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება, რადგან მოსკოვის ხელშეკრულება ვეღარ იმუშავებს - მოსკოვის ხელშეკრულებით იქ არც ქართველები უნდა იყვნენ და არც აფხაზები. უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება ახალი რეალობებიდან გამომდინარე.
_ საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, ბოლო 2 პუნქტის გათვალისწინებით. თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა დაიკანონა მათი უფლებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მეტი გავლენები. თუ აქამდე დადებული იყო ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის 1992 წელს, დღეს დაიდო რუსეთსა და საფრანგეთს შორის. მათი დოკუმენტია: საფრანგეთმა ხელი მოაწერინა საქართველოს და რუსეთმა - ბაღაფშსა და კოკოითს. ანუ, რანგით ქვემოთ ჩამოვედით, სამწუხაროდ. დოკუმენტში სარკოზის ხელმოწერაა და ქვემოთ სააკაშვილის. დიპლომატიაში ეს ძალიან სერიოზული რამეა. გვერდი-გვერდზე უნდა იყოს ხელმოწერები, თუ თანასწორები არიან. აშკარად ჩანს, რომ სარკოზი სთავაზობს სააკაშვილს რაღაცას. იმათ დოკუმენტში კიდევ რუსები სთავაზობენ ბაღაფშს და კოკოითს რაღაცას. ბაღაფშს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ამ დოკუმენტთან, რატომ მოაწერინა ხელი რუსეთმა არ ვიცი.
_ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე დაბრუნების შესახებ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
_ მოვლენები დამთავრდა. მორჩა. რუსეთმა მიიღო თავისი. რუსეთმა თავისი ულტიმატუმი დაგვიყენა და მიიღო ეს ულტიმატუმი. რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს და ექნებათ 10-კილომეტრიანი ზონაში მონიტორინგის უფლება.

2 comments:

შორენა ძნელაძე said...

ბ–ნი ზაქარეიშვილი, როგორც ყოველთვის საინტერესოდ მსჯელობს. კარგი იქნებოდა, ეს ინტერვიუ იმათაც წაეკითხათ, "გულაძგერებულები" ლექსებს რომ კითხულობენ და დროშებს აფრიალებენ გამარჯვების აღსანიშნავად.
რამდენად მართებულია ზაქარეიშვილის მსჯელობა, ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ შეცდა ამჯერად. თავადაც არ იქნება, მგონი, წინააღმდეგი, რომ ამ სიტუაციაში ცდებოდეს.
და კიდევ ერთი იმედი: ამ ინტერვიუს და მსგავსი კომენტარების გამო, იმედია, ფე–ეს–ბეს აგენტად და ხალხის მტრად არავინ შერაცხავს. როგორც ვხვდები, კუდიანებზე ნადირობას უკვე ცდილობენ, რომ "გამარჯვებული" ხალხის "დემორალიზაცია" ემანდ, არავინ გებედოს... სამწუხაროა.

Anonymous said...

რატომ არ იყო გაუქმებული დაგომისის ხელშეკრულება თუ ეს აძლებდა რუსეთს უფლებას დაეპყროთ საქართველო?