div#header

Wednesday, October 15, 2008

ევრო - ქართველებისთვის საიმედო ვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით დიდი რაოდენობის კრედიტი კომერციულმა ბანკებმა ვაჭრობის სფეროზე გასცეს. ამას შემდეგ სესხებით მრეწველობა და მშენებლობა მოდის. კომერციული ბანკების კრედიტების ყველაზე დიდი ხვედრითი წილი, 80 პროცენტზე მეტი, სწორედ ამ სამ სფეროზე მოდის.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ გრძელვადიანი სესხების გაცემის ტენდენციაზეც მიუთითებს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების 70-პროცენტიდან 45 პროცენტი სწორედ გრძელვადიანი სესხია. აქედან აგვისტოს ბოლოსათვის იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით 842 მილიონი ლარი გაიცა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 პროცენტით მეტია. უცხოური ვალუტით კი ორგანიზაციებმა 2,2 მილიარდი ლარის სესხი მიიღო.

ყველაზე მეტად სესხები ბანკებს უძრავი ქონების ოპერაციებზე, კომერციული საქმიანობისა და კვლევების სფეროში აქვთ გაცემული. ამ სფეროების დაკრედიტირებისთვის კომერციულმა ბანკებმა, გასულ წელთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტი თანხა - 129,2 მლნ ლარი გაიღო. ბანკებმა 29,2 მილიონი ლარი ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროსაც ასესხა, თუმცა ეროვნული ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, სესხების საერთო მოცულობაში იგი უმნიშვნელოა.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 45.7 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 7.9 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი 20.9 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1 სექტემბრისთვის 633.1 მლნ ლარით განისაზღვრა (28.6 პროცენტით მეტი, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
13.6 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 410.5 მლნ ლარია (შესაბამისად, 36.0 პროცენტით მეტი).

ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 1.9-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 სექტემბრისათვის 2.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების შესახებ კი ეროვნული ბანკის მონაცემებით აგვისტოს ბოლოს ბანკში თანხის შენახვას ადამიანები წინა ორი წლისგან განსხვავებით, უცხოურ ვალუტაში, უფრო ზუსტად კი ევროში ამჯობინებენ. თუმცა, საერთო მონაცემით დეპოზიტზე თანხის შეტანის პროცენტი გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის დეპოზიტის მოცულობამ 2,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0,7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბანკის მომაცემებით, ერთ თვეში ფიზიკური პირების დეპოზიტები 17.1 პროცენტით, ანუ 260.0 მლნ ლარით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 8.5 პროცენტით, ანუ 129.0 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან, ამავე პერიოდში 1.3 პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და სექტემბრის დასაწყისისათვის 10.7 პროცენტი შეადგინა.


No comments: