div#header

Wednesday, October 15, 2008

დასაქმებული ვარშალომიძე დაუსაქმებელი აჭარისთვის

`აჭარის ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ამიერიდან მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტებს დაუჭერს მხარს, სადაც ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ დასაქმებულთა არანაკლებ 90 პროცენტისა იქნება აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა. ვარშალომიძის დასაქმების პროგრამით აჭარის ყოველ ახალ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი აჭარის მკვიდრი იქნება. ნაციონალური მოძრაობა დასაქმებული აჭარისთვის!~

ირმა ზოიძე/ბათუმელები

ადგილობრივ ტელევიზიებში წინასაარჩვენოდ გამოტანილი ნაციონალების ამ სარეკლამო რგოლის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პრიორიტეტი დასაქმებაა. ამ პრობლემის გადაჭრას კი ადგილობრივი მთავრობა ინვესტორებისთვის გარკვეული პირობების წაყენებით აპირებს.

კლიპს თუ დავუჯერებთ, ამას ლევან ვარშალომიძე გეგმავს. მისი სტატუსის შესახებ კლიპში არაფერია ნათქვამი, შინაარსით კი მხოლოდ ის ჩანს, რომ ეს ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის.

საინტერესოა, რამდენად შეიძლება ეს წინასაარჩევნო დაპირებები რეალური იყოს. არის თუ არა დღეს ქვეყანაში ინვესტორების ისეთი მოზღვავება, რომ ლევან ვარშალომიძემ პირობებით ელაპარაკოს მათ, ან რამდენად აქვს ლევან ვარშალომიძეს სამართლებრივად უფლება, დემოკრატიულ ქვეყანაში, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გადაწყვიტოს, რას და როგორ გაასხვისებს რეგიონში.

შეხსენებისთვის _ ლევან ვარშალომიშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი, გარკვეულ შემთხვევებში, მართლაც აძლევს ავტონომიის პირველ პირს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლებას. მას, პრეზიდენტის მსგავსად, შეუძლია აჭარის ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს. კანონში ეს ცვლილება ხელისუფლებაში ვარშალომიძის მოსვლის შემდეგ შევიდა. მთავრობის თავმჯდომარემ, როგორც ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ჩანს, ამ პრივილეგიით სულ ცხრაჯერ ისარგებლა. თუმცა, პირობაში დასაქმების თაობაზე არაფერია ნათქვამი.

არსებობს პრივატიზების კიდევ ერთი წესი, სადაც გარკვეული პირობების ჩადება შესაძლებელია. ეს, ეგრეთ წოდებული `პირობადადებული აუქციონია~. აუქციონის მონაწილე ინვესტორმა თავიდანვე იცის, თუ რა ობიექტის მშენებლობა სურს მთავრობას, რა ვადებში, რა პირობებით, აქვე შესაძლებელია დასაქმების ვალდებულებაც არსებობდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია ფასი და არა პირობა. `აუქციონზე იმაზე საუბარი, დისკუსია, ვინ მეტს გადაიხდის, ვინ რას გააკეთებს, იმ შემთხვევაშიც კი შეუძლებელია, თუ ვინმეს დათქმულზე უკეთესი პირობის შეთავაზება სურს~, _ ამბობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების უფროსი, ზურაბ ჭურკვეიძე.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო კონკურსის წესით გაეყიდა ობიექტი. ამ შემთხვევაში ინვესტორს შეეძლო სრულად დაეხატა სურათი, რას და როგორ გააკეთებდა. 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონკურსი აუქციონმა შეცვალა. `კონკურსის შემთხვევაში ინვესტორები ამბობდნენ, რას გააკეთებდნენ და მათგან საუკეთესო წინადადება ირჩეოდა. აუქციონის დროს კი სამინისტრო თავად აყენებს პირობას და შემდეგ, ვინც მეტს გადაიხდის, მასთან გაფორმდება ხელშეკრულება. კონკურსის წესით გაყიდვისას ფასი იშვიათად იცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი თანხაა~, _ ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.
ეს ტენდენცია გასული წლის მონაცემებით ჩანს კიდეც: 2008 წელს სამინისტროს მიერ პრივატიზირებულ 69 ობიექტიდან მხოლოდ 14 გაიყიდა პირობიანი აუქციონით, სამი კი პირდაპირი მიყიდვის წესით. 52 ობიექტის გაყიდვისას მთავარი თანხა იყო.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ 2008 წელს გამართული 14-პირობებიანი აუქციონიდან 11 შემთხვევაში სხვა პირობებთან ერთად დასაქმებაც დევს. ინვესტორებმა ამ ხელშეკრულებით ათასამდე `საქართველოს მოქალაქის~ დასაქმების ვალდებულება აიღეს. თუმცა, იმავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინვესტიციების განხორციელების დროს, ძირითადად, მაინც უპირობო აუქციონები ტარდება.
რეგიონული ხელისუფლების ინიციატივა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკის ექსპერტის, ნათია თურნავას აზრით, შეიძლება, მხოლოდ დროებით ზომად განიხილოს, რომელიც იქამდე იქნება, `სანამ ქვეყანას უჭირს~. ამასთან, ეს მოთხოვნა ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული. `მთავარია, რომ გაზრდილი პოლიტიკური რისკების მიუხედავად, ინვესტორი ისევ შემოვიდეს. აუცილებელია, ეკონომიკაში მეტი ლიბერალიზმი იყოს~.

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება აქცენტს არა ფისკალურ პოლიტიკაზე, როგორც აქამდე იყო, არამედ დასაქმებაზე აკეთებს, ამით პრიორიტეტებს ცვლის. ექსპერტი თვლის, რომ დიფერენცირებული მიდგომა რაღაც დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წახალისებაა, თუმცა მეორეა, თუ რამდენად რეალურია საქართველოში ამჟამად ამის გაკეთება: `მოთხოვნების დამძიმება, ალბათ, მთლად სწორი პოლიტიკა არ არის. თუმცა, თუ ინვესტორი არ ზარალდება, შეიძლება `მოვთხოვოთ~ კიდევაც ასეთი პირობებით მუშაობა. უბრალოდ, ჩვენ შეიძლება მათ გავაგებინოთ, რომ ამ საქმის გაკეთება ადგილობრივებსაც არანაკლებ შეუძლიათ~.

გაზრდილი პოლიტიკური რისკების ფონზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო სამი თვის მონაცემებით სულ 145 მილიონი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა, მათ შორის უცხოური 116 მილიონია. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს, ძირითადად, უკვე აღებული ვალდებულების განხორციელების შედეგია.

რეკლამის შეფასებას თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი, იურისტი ასლან ჭანიძე აკეთებს: `რგოლში გამოყენებული ფრაზა `ნაციონალური მოძრაობა მხარს მხოლოდ იმ პროექტებს დაუჭეს...~ ცოტა გამაღიზიანებელია. არ მომწონს, როცა პარტიას ხელისუფლებასთან აიგივებენ. ეს ქვეყანას ღუპავს~.

ვარშალომიძეზე აქცენტების გადატანას ასლან ჭანიძე ასე აფასებს: `პირველად როცა მოვისმინე რეკლამა, ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მთავრობის თავმჯდომარის არჩევნებია. მაგრამ ვიცით, რომ არც მთავრობის თამჯდომარის და არც მით უმეტეს ლევან ვარშალომიძის არჩევნები არ არის. იგი არც ამ პარტიის ლიდერია. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ლევან ვარშალომიძის რეკლამაში ხშირი ჩვენება უფრო მომგებიანია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისა და იმ კანდიდატების, რომლებიც ამ არჩევნებში არიან ჩართულები~.


1 comment:

Anonymous said...

gergegrg