div#header

Friday, September 19, 2008

ფოთი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

ფოთის ერთთვიანი ოკუპაცია დასრუდა. 13 სექტემბერს, დილაადრიან რუსულმა სამხედრო ტექნიკამ და ცოცხალმა ძალამ ქალაქის ტერიტორია დატოვეს. რუსებმა, წასვლამდე, ფოთის სამხედრო ბაზებზე ნაძარცვი ქონებით დატვირთული `ურალის~ მარკის მანქანები გაისტუმრეს და ერთი დღით ადრე დაუშვეს, როგორც რუსეთის, ისე დსთ-ეს დროშები. მოგვიანებით კი, ფოთის დე-ოკუპაცია ავტომატების ზალპით აღნიშნეს.

ლაშა ზარგინავა, ფოთი

პირველი რუსული ჯავშანმანქანა, რომელმაც სხვა დანარჩენებს დაძვრის ნიშანი მისცა, დილის 7 საათზე, ნაბადას უბანში განთავსებული ერთ-ერთი ბლოკპოსტიდან გამოვიდა. მოგვიანებით ჯავშანმანქანების რაოდენობა, რომლებმაც ქალაქი გადაკვეთეს, ექვსამდე გაიზარდა, კოლონის შემადგენლობაში იყო ოთხი `ურალიც~.

თუმცა, სანამ რუსები აიბარგებოდნენ, წინა ღამით დიდი დღესასწაული მოიწყვეს, საგუშაგოებიდან ღამის განმავლობაში ისმოდა სიმღერის, სადღეგრძელოების და ბოლოს სროლის ხმა. ამის შემსწრე, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რუსი ოკუპანტების გასვლის მოლოდინში მყოფი ჟურნალისტებიც გავხდით.

გაცილება, მიუხედავად იმისა, რომ დილის რვა საათი იყო, ფოთელებმა რუს ოკუპანტებს მაინც მოუწყვეს, ბევრმა რუსულ ტანკებს ყვავილებიც კი ესროლა, რაზეც ჯარისკაცებს რეაქცია არ ჰქონდათ. ისე მათაც ეტყობოდათ, რომ წასვლას ჩქარობდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქიდან გასვლამდე, ერთ-ერთ ჯარისკაცთან გასაუბრება მაინც მოვახერხე:

- თქვენ გგონიათ, რომ აქ გაჩერება რომელიმე ჩვენგანს ეხალისებოდა? არა, ჩვენც გვყავს ოჯახები... ბრძანება გვქონდა და ვასრულებდით...

- თქვენ ამ ბრძანების მიხედვით მთელმა მსოფლიომ ოკუპანტები გიწოდათ. ამაზე გსმენიათ, ოფიცრებისგან რა ინფორმაცია გქონდათ?

- ჩვენ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ჩამოვედით, ოფიცრებისა არ ვიცი, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი აქამდე და თუ საჭირო გახდა, კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, სახლიდან დედაჩემი როცა მირეკავდა, სულ მეუბნებოდა, ისეთ რამეს ნუ გააკეთებ, რომ სინდისი დაგიმძიმდესო. დედაჩემი ეკლესიური ქალია და ჩვენც ასე გვზრდიდა. მე კიდე ვეუნებოდი, რომ იმას ვაკეთებ, რასაც სამხედრო კანონი მავალდებულებს.

- რუსულ კანონმდებლობაში სადმე წერია, რომ უცხო ქვეყნის ოკუპაცია უნდა მოახდინო, ან დახოცო უდანაშაულო ხალხი, დაუწვა სახლი, იმარადიორო...

- ისეთ რამეს მეუბნებით, რასაც ვერც ერთი აქ მყოფი ადამიანი არ წყვეტს, თუნდაც ოფიცრები. ფოთში ამის გაკეთებას ვერიდებოდით, ბევრი ბრძანება შეუსრულებელი დაგვრჩა, ეს უნდა დაგვიფასოთ.

- რა უნდა დაგიფასოთ, ის რომ ფოთის მოსახლეობა ერთთვიან ტყვეობაში გყავდათ, თუ ის, რომ ააფეთქეთ, გაქურდეთ და გაანადგურეთ სამხედრო ბაზები, მთვრალები იჭრებოდით კერძო დაწესებულებებში...

- უნდა წავიდე... ისე, რასაც ახლა ამბობთ... ქართველ ჯარისკაცებს უფრო მეტი გაუკეთებიათ ცხინვალში და, საერთოდ, ოსეთში...

ამის შემდეგ რუსი ჯარისკაცი ისევ ჩაჯდა თავის ჯავშანმანქანაში და კოლონასთან ერთად გზა განაგრძო.

რუსული ჯარის ფოთიდან გასვლის შემდეგ, ყოფილი ბლოკსაგუშაგოების ტერიტორიაზე მუშაობა თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფმა დაიწყო. პირველად განაღმვითი სამუშაოები მე-7 კილომეტრზე, წყალგამყოფ ხიდთან ჩატარდა. ჯგუფის უფროსის, ირაკლი მაისურაძის განცხადებით, რუსული საგუშაგოს ტერიტორიის დათვალიერებისას მათ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მისი ვარაუდით, რუსებს მიწაში ჩაფლული ჰქონდათ ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვები, თუმცა ეს ჭურვები, როგორც გაირკვა, თან გაიყოლეს. მაისურაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე უსაფრთხოა.

განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყოფილი ბლოკსაგუშაგოების დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებსაც მოგვეცა, თუმცა დასათვალიერებელი ბევრი არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ წყვილ რუსულ ჩექმას და სკამს, რომელიც, ალბათ, საზღვაო დაცვის ძალების შტაბიდან იყო მოპარული. ასევე დარჩა სანგრები, რომელიც ფოთელებს დიდხანს მოაგონებს, რომ აქ რუსების ბაზა იყო.

რუსებმა დატოვეს სენაკის რაიონის სოფლები, ისინი ფოთის პარალელურად გავიდნენ თეკლათიდან, მენჯიდან და ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისიდან. რაც შეეხება სოფელ ქვედა ჩხოროწყუს, იქ რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებიან. პირიქით, რამდენიმე `კამაზის~ მარკის ავტომანქანით გაურკვეველი დანიშნულების შეფუთული ნივთები შეიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, რუსები ამ დღეებში ჩხოროწყუდან გასვლას არ აპირებენ.

14 სექტემბერს, მათ წალენჯიხის რაიონის სოფელ კანთში ცხრა ჯავშანტრანსპორტიორი და ორი `ურალის~ მარკის ავტომანქანა შეიყვანეს. როგორც წალენჯიხის რაიონის გამგებელთან, გია მებონიასთან გავარკვიეთ, მათ დამატებითი ძალების შეყვანის შესახებ არაფერი იცოდნენ; ასევე უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტეს რუსებმა წალენჯიხაში პოზიციების გამაგრება.

No comments: