div#header

Friday, September 19, 2008

ბიზნესმენებისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდა

კომერციულ სტრუქტურებს აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება 22 თეთრით გაუძვირდათ. მათ ერთი კუბური მეტრი აირით სარგებლობა 72 თეთრი უჯდებათ.

/ბათუმელები/

მას შემდეგ, რაც 2008 წლის ივლისში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მომხმარებელთა კატეგორიად დაყოფის შესახებ ბრძანებულება მიიღო, აირის მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება მიეცათ კომერციული სექტორისთვის ტარიფები თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრათ. საყოფაცხოვრებო სექტორში მოხმარებული ბუნებრივი აირის ფასს კი კვლავ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს და იგი კვლავაც 50 თეთრია.

ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა მომწოდებელს საშუალება აქვს თავისით განსაზღვროს მეწარმეებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი. შპს `აჭარის ბუნებრივ აირში~ აცხადებენ, რომ ფასის მომატება მხოლოდ დადგენილების შედეგი არ არის და გაზის მიწოდების ტარიფი მათთვისაც გაიზარდა. `ჩვენ ბუნებრივ აირს `იტარა საქართველოდან~ მომატებული ფასით ვიღებთ, ამიტომაც იძულებული გავხდით, ფასი ჩვენც გაგვეზარდა~.

აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, კომერციული სექტორისთვის ტარიფი კიდევ უფრო განსხვავებული _ 72 თეთრია. ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მომხმარებელ საწარმოებს იგი 2 თეთრით ნაკლები უჯდებათ. `აჭარის ბუნებრივ აირში~ აცხადებენ, რომ აჭარაში აირის მოხმარება გაცილებით უფრო მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა რეგიონებში, რადგან ბუნებრივი აირი გაცილებით ნაკლებ ტერიტორიას მიეწოდება.

რეგიონში სულ 6 ათასი მომხმარებელია. მათგან საწარმო მხოლოდ 100-ია. ზაფხულში მოწოდებული გაზის 70 პროცენტს კომერციული სექტორი მოიხმარს, ზამთარში კი მოსახლეობისა და მეწარმეების მიერ დახარჯული ბუნებრივი აირის მოცულობა თითქმის ერთნაირია. მართალია, ტარიფის მომატებით თავად მეწარმეები უკმაყოფილო არიან, მაგრამ ენერგეტიკის სხვა წყაროებთან შედარებით გაზი მაინც უფრო იაფი ჯდება და ამიტომ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, არც ერთ საწარმოს გაზის მიწოდებაზე უარი არ უთქვამს.

მოსახლეობისთვის გაზის მოხმარების ტარიფის გაძვირება, როგორც შპს `ჭარის ბუნებრივ აირში~ აცხადებენ, ჯერ არ იგეგმება.

No comments: