div#header

Wednesday, December 17, 2008

ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნები 20 დეკემბრიდან გაიხსნება



ციტრუსების გადამამუშავებელ ქარხნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ. ხელვაჩაურელმა გლეხებმა ამას ახსნა მოუძებნეს _ "ენესი დეკემბრის ბოლომდე გაფუჭდება და ჩასაბარებელიც არაფერი იქნება".
ირმა ზოიძე /ბათუმელები

"გუშინ ვესაუბრე შპს "ციტროს" ხელმძღვანელს. ისინი მალე დაიწყებენ მუშაობას. ამას გარდა, ხელვაჩაურში ამუშავდება "ნარინჯი", _ აცხადებს ციტრუსის რეალიზაციის შტაბის ხელმძღვანელი, ოთარ ღორჯომელაძე.

წელს აჭარაში 45 ათას ტონა მოსავალს ელოდნენ, 24 ათასი ტონა უკვე რეალიზებულია, 15-20 ათასი ტონა ხარისხიანი მანდარინი კი ჯერ კიდევ არაა რეალიზებული.
ახალწლამდე უკრაინაში კიდევ ერთი გემი გავა, რომელიც ხუთი ათას ტონა მანდარინს გაიტანს. შტაბის ხელმძღვანელის თქმით, სამი დღის წინ, ამავე ბორანით სამი ათასი ტონა მანდარინი წაიღეს. სულ უკრაინაში აჭარიდან 7885 ტონა მანდარინი გაიტანეს. ქართული ციტრუსი ასევე გაიყიდა სომხეთში _ 1138 ტ. ბელორუსში _ 247 ტ. რუსეთში, აზერბაიჯანის გავლით _ 34 ტ. მოლდავეთში _ 20 ტ. დანარჩენი შიდა ბაზარზე გაიყიდა.

იმის გამო, რომ კრეფის სეზონი ადრე დაიწყო და თბილი ამინდებიც უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, გლეხებს ციტრუსის ნაწილი გაუფუჭდათ კიდეც, თუმცა საახალწლოდ მოთხოვნა გარე და შიდა ბაზარზე კვლავაც იქნება. `მოსახლეობა არ ჩქარობს გაყიდვას, ახალი წლისთვის ინახავს, _ ამბობს შტაბის ხელმძღვანელი. - წელს მანდარინი არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც გააქვთ _ კახეთში, გორში".

მეციტრუსეები მანდარინის ფასით კმაყოფილი არ არიან. თავის მხრივ, ტრანსპორტირების გაძვირების გამო გადამზიდავებიც ჩივიან. შტაბის უფროსი ტარიფების ზრდას რუსეთის მხრიდან ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს უკავშირებს: "ილიჩოვსკში, სამხრეთ უკრაინაში, საბაჟოზე მომსამსახურეები შეცვალეს. თანამდებობებზე რუსები მოვიდნენ და მათი ზეწოლის შედეგად, ერთი პერიოდი, საბაჟოზე დღგ-ს 800 დოლარიდან ითვლიდნენ. ამას ოფიციალურად ვერ ამბობდნენ, მაგრამ სიტყვიერად ითხოვდნენ. ეს პრობლემა პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ გადაწყდა. პრობლემები იყო აზერბაიჯანისა და რუსეთის საზღვრებზე, სამხრეთ კავკასიაში, დაღესტანსა და ინგუშეთში. დაბრკოლებები იყო წითელ ხიდზეც, ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე, მაგრამ მაინც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა ყაზახეთშიც ელიან ჩვენს ციტრუსს.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, შტაბის ხელმძღვანელის თქმით, იქ მანდარინი "არაკანონიერი გზებით ანუ საბაჟოს გვერდის ავლითაც" შეაქვთ.

No comments: