div#header

Wednesday, December 17, 2008

ომბუდსმენი როინ შავაძის მეუღლისადმი მუქარის ფაქტების შესწავლას ითხოვს

{ბათუმელები}
სოზარ სუბარმა საქართველოს მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას როინ შავაძის მეუღლისადმი მუქარის ფაქტების შესწავლის რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოკლული ჯარისკაცის მეუღლეს, ციცინო შავაძესა და მის ძმას _ ამირან კონცელიძეს ახსნა-განმარტებები ჩამოართვა.

ციცინო შავაძის განმარტებით, მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მას ტელეფონზე დაურეკეს და დაემუქრნენ. კერძოდ, მას სთხოვდნენ, რომ ოჯახი აღარ დაინტერესებულიყო როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტით. იგი აცხადებს, რომ მას ეზოში დახვდა უცხო ქალი, რომელმაც გაჩუმების სანაცვლოდ მატერიალური და სხვა სახის დახმარება შესთავაზა. ციცინო შავაძე ამბობს, რომ მას იმ ქალის ამოცნობა შეუძლია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება ციცინო შავაძის ძმაზე, ამირან კონცელიძეზე. მისი განმარტებით, 1 ნოემბერს სამსახურში მიაკითხა უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც მისი დის გაჩუმების სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი შესთავაზა და თუ ამას არ დათანხმდებოდა, ავტოკატასტროფით დაემუქრა. ორი დღის შემდეგ მასთან ისევ მივიდნენ უცხო პირები და ამჯერად 50 ათასი შესთავაზეს. ამირან კონცელიძე იძულებული გახდა სამსახურისთვის თავი დაენებებინა.

სახალხო დამცველმა მასალები საქართველოს მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას გადაუგზავნა და რეკომენდაციით მიმართა, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ციცინო შავაძისა და ამირან კონცელიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.


No comments: