div#header

Wednesday, December 17, 2008

ნანა კვაჭაძე: თქვი - არა

{ნანა კვაჭაძე/ბათუმელები}
პროფესიით ნეოგრეცისტი ვარ და სტუდენტობის დაახლოებით ორი წელი საბერძნეთში მაქვს გატარებული, ამიტომ და სხვა მიზეზების გამოც, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს.
ბერძნებს ერთი უცნაური, ეროვნული დღესასწაული აქვთ _ „არა“-ს დღე, რომელსაც 1940 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ საბერძნეთის ლიდერმა, იოანის მეტაქსამ ასე უპასუხა მუსოლინის მოთხოვნას, საბერძნეთი ბრძოლის გარეშე დანებებოდა ფაშისტურ იტალიას. მაშინ საბერძნეთმა თქვა `არა~ და ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.

სტუდენტობა და საბერძნეთი ამ დღეებში გამახსენდა, მას შემდეგ, რაც ტელეეკრანზე ვნახე, რა ხდება ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში, სადაც ბერძენი სტუდენტები ინციდენტის დროს პოლიციელების მიერ 15 წლის ბიჭის მკვლელობას აპროტესტებენ.
პოლიცია და მთავრობა ირწმუნება, რომ ეს შემთხვევითობა იყო და დამნაშავეების დასჯაზე საუბრობს, მაგრამ მღელვარება მთელს საბერძნეთში არ წყდება. მერამდენე დღეა ქვებით შეიარაღებული სტუდენტები პოლიციის რაზმების პირისპირ, ქუჩაში დგანან და ტრაგიკული შემთხვევის გამო მთელი მთავრობის გადაყენებას მოითხოვენ.

ბავშვობიდან მოყოლებული, საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც იმართება მიტინგი ან დემონსტრაცია. მე არც ერთ მათგანს არ დავსწრებივარ, რადგან ვთვლიდი, რომ ჩემს პოზიციას რომელიმე პოლიტიკური ძალა სათავისოდ გამოიყენებდა. არ წავსულვარ არც სანდრო გირგვლიანისა და დუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობის საპროტესტო აქციაზე, იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვიყავი და გულით თანავუგრძნობდი მათ ოჯახებს.

ახლა ვშიშობ, რომ ძალიან ვცდებოდი. როგორც ჩანს, არ მეყო ძალა, რომ პროტესტი გამომეხატა, მეთქვა `არა~, არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, არამედ ძალადობასა და განუკითხაობაზე.

როგორც ჩანს, `არას~ თქმის ძალა ამ ქვეყნის ძალიან, ძალიან ბევრ მოქალაქეს არა აქვს. ჩვენ არას არ ვამბობთ, როცა არჩევნებს გვიყალბებენ, როცა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებს სახელმწიფო არღვევს, როცა პოლიციელები ჩვენს თანატოლს კლავენ, როცა ადამიანს დაუდასტურებელ ბრალდებას მიაწერენ და ტყვიებით დაცხრილავენ... მზად ვართ უპირობოდ დავიჯეროთ ათასგვარი ტყუილი და დავხუჭოთ თვალები სიყალბეზე, ოღონდ ჩვენი პატარა კეთილდღეობა არ დაინგრეს.

ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ნებისმიერი პროტესტი პოლიტიზირებული და მართულია. სტუდენტებსაც კი, რომლებსაც არას თქმის ყველაზე დიდი ძალა და უფლება აქვთ, საშინელ კონფორმისტებად ზრდიან უნივერსიტეტებში.

რამდენიმე წლის წინ ვიყავი სტუდენტი და კარგად მახსოვს ჩემი თანატოლების დამოკიდებულება. თითქმის არც ერთი სტუდენტი არ გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის მიმართ, თუკი რომელიმეს სტატუსს დაემუქრებოდა რაიმე საფრთხე. სტუდენტისათვის კი `საფრთხე~ თითქმის ყოველთვის არსებობს და ამის შანტაჟისთვის გამოყენებაც არ არის რთული ამბავი. ამიტომაც ურჩევნია სტუდენტს გაჩუმდეს, თვალები დახუჭოს და ყურები დაიხშოს.

გამოდის, ბავშვობიდან გვასწავლიან, როგორ მოვიწყოთ პატარა, თბილი ბუდე, როგორ შევეგუოთ სიყალბესა და ავტორიტარიზმს, რომ ვიშოვოთ კარგი სამსახური, ბიძიებისა და ბაბუების დახმარებით დავწინაურდეთ, სარფიანად დავქორწინდეთ და ჩვენი შვილებიც ასეთივე `ტრადიციებით~ აღვზარდოთ. ასე იყო ჩემი სტუდენტობის დროს. რამე შეიცვალა? მგონია რომ _ არა.

გასული წლის ნოემბერში ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ. ეს იყო პირველი სტუდენტური პროტესტი აჭარაში. ვნებათაღელვამ მალე ჩაიარა და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა; მეამბოხე სტუდენტების ერთი ნაწილი `დააშოშმინეს~, მეორე ნაწილს კი პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და სავარაუდოდ მალე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ტრიბუნიდან დამოძღვრავენ თანატოლებს. საბერძნეთში ყოფნისას ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრეს, რომ სტუდქალაქის ტერიტორიაზე საბერძნეთის პოლიციას შესვლის უფლება არა აქვს. მოგვიანებით გავიგე, რომ საბერძნეთის კონსტიტუციაში ეს საგანგებოდაც კი არის აღნიშნული. მიზეზი 70-იან წლებში ბერძენი სტუდენტების საპროტესტო აქციები იყო ბერძნული დიქტატურის წინააღმდეგ. მაშინ სპეცდანიშნულების რაზმი ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეიჭრა და სასტიკად გაუსწორდა სტუდენტებს. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობენ. მათ სიმართლის თქმის უფლება დიდი ხანია მოიპოვეს.

2 comments:

Anonymous said...

dzalian kargi xar nan

Anonymous said...

ღმერთო რა საშინელებაა, ასე მგონია პიონერის ჩანაწერებს ვკითხულობ :))