div#header

Wednesday, September 10, 2008

ლევან ბერძენიშვილი: არ მჯერა, რომ ტელეფონით სამშობლოს ღალატი შეიძლება

ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის წევრ, ლევან ბერძენიშვილთან.
ნანა კვაჭაძე/ ბათუმელები


_ ბატონო ლევან, პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაკავების შემდეგ პოლიტიკური პარტიების მხრიდან თითქმის არავითარი შეფასება არ ყოფილა, როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ ვფიქრობ, რომ დაპატიმრების შესახებ თვითონ ცოტნე გამსახურდიამაც იცოდა. განცხადებები არ გაკეთებულა, რადგან ინფორმაციაა ნაკლები. იყო ცალკეული განცხადებები, მე ვთქვი, რომ არ მჯერა მისი დანაშაულის, მაგრამ ამის მტკიცება არ შემიძლია, რადგან ფაქტები არ მაქვს. ვფიქრობ, მას გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებით და პრეზიდენტი, ალბათ, არჩევნების წინ შეიწყალებს ან მანამდე... არ მჯერა, რომ ცოტნე გამსახურდია 20 წელი იქნება ქართულ ციხეში, ისე როგორც არ მჯერა, რომ ტელეფონით სამშობლოს ღალატი შეიძლება. გახსოვთ, როგორ იყო დაპატიმრებული ირაკლი ბათიაშვილი.
რაიმე სპეციალური განცხადების გაკეთება იმ კაცზე, რომელიც რუსეთში სტატიას სტატიაზე აქვეყნებდა და ჩემთვის მიუღებელ აზრებს ავითარებდა, არ შემიძლია. წინასწარ იმის განცხადება, ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ის წმინდანია, მაშინ როცა ის თავის დროზე ჯერ აბაშიძესთან მუშაობდა და მერე მოსკოვის მერიასთან თანამშრომლობდა _ არ შემიძლია. როცა გაირკვევა, რომ ის უდანაშაულოა, ჩვენ მას დავიცავთ, როგორც ნებისმიერს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რამდენიმე მუხლით, მათ შორისაა ბათუმში 90-იან წლებში მომხდარი ცნობილი ინციდენტიც და, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატის ბრალდებაც, რომელიც გულისხმობს ნოემბრის თვეში მის სატელეფონო საუბრებს.
- მაშინ საუბარი იყო თქვენზე და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერზეც. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც საფრთხე შეიძლება თქვენც გემუქრებოდეთ?
- მე ბატონ გამსახურდიას არ ვიცნობ, მას არასოდეს შევხვედრივარ და ამიტომ არ ველოდები, რომ მის დაპატიმრებას ამ მიმართულებით რაიმე განვითარება მოჰყვება. მე და გოგა ხაინდრავა ამ ადამიანს არ ვიცნობთ და ჩვენზე გამოსასვლელი ამ საქმიდან არ არის, მე არაფერს ველი.
- ხომ არ არის მოსალოდნელი შალვა ნათელაშვილის დაკავება და საერთოდ, რამდენად მოსალოდნელია რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით?
- ვერ გეტყვით. რეპრესიები შეიძლება ვინმეს თავში ჰქონდეს, მაგრამ ეს იმდენად არასწორია, რომ მსოფლიო ამას არ მიიღებს. ფაქტია, რომ დღეს საქართველო მოქმედებს მსოფლიოს კარნახის მიხედვით. ჩვენს პრობლემებს წყვეტს ევროკავშირი, ისინი კი არ იბრძოლებენ იმ ქვეყნის ინტერესებისთვის, რომელშიც პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდება.
- მოსალოდნელია თუ არა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნებით გამოვა?
- სანამ ქართულ მიწაზე დგას თუმდაც ერთი რუსი ჯარისკაცი, ვგულისხმობ კონფლიქტის რეგიონის გარეთ, ასეთი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არ იქნება. რა მოხდება შემდეგ, ვერ გეტყვით. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება აღიაროს თავისი შეცდომები, შეიძლება არ აღიაროს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. რომ არ ვარგა, ეს ფაქტია, მაგრამ ახლა რუსეთის კარნახით მისი გადაყენება არ მოხდება.
- დავით უსუფაშვილი იმყოფებოდა ამერიკაში ნინო ბურჯანაძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად. როგორ შეაფასებთ ქართველი პოლიტიკოსების ამერიკულ ვიზიტს?
- დავით უსუფაშვილი რამდენიმე თვით ადრე იყო იქ მიწვეული დემოკრატების ყრილობაზე. დანარჩენები წავიდნენ თავისი ნებით, ყოველი შემთხვევისთვის, დემოკრატებმა რომ გაიმარჯვონ, იქ რომ ახსოვდეთ ასეთი პოლიტიკოსების არსებობა. ნინო ბურჯანაძე ორივე ყრილობაზე იყო, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების, ეს მისთვის დამახასიათებელია. იმის გამოხატვა, თუ ვის უჭერს მხარს, მას არ შეუძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატებს და გვაქვს წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს შეერთებულ შტატებში ობამას გამარჯვების შემთხვევაში. საქართველო უყვარს მთელ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ოღონდ არის განსხვავება; ბარაკ ობამას უყვარს დემოკრატიული საქართველო, მაკ კეინს უყვარს ნებისმიერი საქართველო. რომელი უფრო სასარგებლო აღმოჩნდება ქვეყნისთვის, არ ვიცი. ვფიქრობ, თავისი ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო ბარაკ ობამა აღმოჩნდება, რომელიც ახალგაზრდაა, ენერგიულია და ინტერნეტი იცის.
მაკ კეინმა თქვა, ინტერნეტით არ ვსარგებლობ, არც ელექტრონული ფოსტა მაქვსო. მოკლედ, 21-ე საუკუნეში ისე ცხოვრობს, როგორც მე-19 საუკუნის კაცი. ეს ამერიკელების გადასაწყვეტია, ორივე კანდიდატს თანაბარი პირობები აქვს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
- აჭარის არჩევნებში არც გაერთიანებული ოპოზიცია და არც `რესპუბლიკელები~ არ იღებენ მონაწილეობას, ამას რითი ახსნით?
- ოკუპირებულ ქვეყანაში არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს. მიხეილ სააკაშვილი პატიოსან არჩევნებს არ ჩაატარებს და ფარსში მონაწილეობა, რომ ქვეყანაში თურმე არჩევნები და საზეიმო მდგომარეობაა _ ჩვენ არ შეგვიძლია. საარჩევნო კანონმდებლობა ისეთია, ვისაც უნდა, იმას გაიყვანენ. ასეთი საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში, ამ ჩამორჩენილი დემოკრატიის ქვეყანაში, ჯერ არ ყოფილა. ამიტომ მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არავითარი აზრი არ ჰქონდა.
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ ბათუმი იტყვის, რომ ბერძენიშვილს სჯობს ბაღათურია, პრობლემა არ არის. ორივე ბათუმელია და ეს გემოვნების საკითხია.



No comments: