div#header

Wednesday, September 10, 2008

უფასო წიგნები მოსწავლეებს

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე წიგნებს საჩუქრად მიიღებს. სახელმძღვანელოებს საჩუქრად მიიღებენ კერძო სკოლების მე-3, მე-4, მე-6, მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც.

ნათია როყვა/ბათუმელები

`ხელშეკრულებები გამომცემლობებთან ახლა ფორმდება, ამიტომ არ არის გამორიცხული წიგნების სკოლებისთვის გადაცემა სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის დაგვიანებით მოხდეს~, _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების მთავარმა სპეციალისტმა, ნაირა აბულაძემ.
პედაგოგებმა თავად უნდა აირჩიონ თუ რომელი გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნებით იხელმძღვანელონ। სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოები სკოლებს ამიტომაც მათთან შეთანხმების შემდეგ გადაეცემათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი თავის დროზე რამდენიმე გამომცემლობამ გაიმარჯვა (მათ შორისაა `დიოგენე~, `საქართველოს მაცნე~ და `ინტელექტი~).

გამომცემლობა `დიოგენეს~ წარმომადგენლის, თამარ ლაბაძის ინფორმაციით, ამავე გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ავტორები ბათუმში, პედაგოგებთან შეხვედრას ხვალ, 12 საათზე გამართავენ. ბათუმში `დიოგენეს~ წარმომადგენლის, აზა გაბუნიას ინფორმაციით, ჯერჯერობით, ამ გამომცემლობის წიგნები ბაზარზე არ იყიდება. საერთოდ კი, მაგალითად, მე-12 კლასის ქართული ენა-ლიტერატურის სახელმძღვანელო 17 ლარი ეღირება, ისტორიის _ 10, რუსულის _ 6 ლარი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის, კახა კაცაძის ინფორმაციით, მე-12 კლასის სახელმძღვანელოები, მთლიანობაში, დაახლოებით, 75-დან 90-ლარამდე ღირს.
გამომცემლობა `ინტელექტის~ მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოების შეძენა ბათუმში, ჭავჭვაძისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ წიგნების სალონში უკვე შესაძლებელია। `ინტელექტის~ დირექტორის, კახმეგ კუდავას თქმით, ქართულენოვანი სკოლებისთვის წელს გამომცემლობამ 400 დასახელებაზე მეტი სახელმძღვანელო გამოსცა. ცალკე გამოიცა სახელმძღვანელოები რუსული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლებისთვის. წიგნების ტირაჟსა და დახარჯულ თანხას `ინტელექტის~ დირექტორი ასაიუდუმლოებს.

მე-12 კლასში მოსწავლეები რამდენიმე საგანს არჩევით ისწავლიან। არჩევითია უცხო ენა. მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ეძლევა ერთდროულად ორ უცხო ენას დაეუფლოს. არჩევითია ქიმია ან ფიზიკა, თუმცა მსურველს, ამ შემთხვევაშიც, ორივე საგნის სწავლის უფლება ექნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მიერ არჩეულ სახელმძღვანელოებს პილოტირებულ კლასებს გადასცემს. ამ პროგრამისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 757 625 ლარია გამოყოფილი.
აჭარის მთავრობისგან კი საჯარო და კერძო სკოლებისთვის წიგნების შესაძენად გამოყოფილია 1 850 000 ლარი।

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. აჭარის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სწავლა ერთი კვირის შემდეგ დაიწყება. კახა კაცაძის ინფორმაციით, მოსწავლეები დროებით ალტერნატიულ შენობებში ისწავლიან.

No comments: