div#header

Wednesday, September 10, 2008

სარკოზის ახალი შეთანხმება და იძულებითი მორჩილება

8 სექტემბერს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზს შორის ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას:რუსული ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიებს ერთი თვის ვადაში დატოვებენ; ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის, სულ ცოტა, 200 დამკვირვებელი განთავსდება; ეუთოს დამკვირვებლები ცხინვალში დაბრუნებას შეძლებენ; გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში დარჩებიან; 15 ოქტომბერს საერთაშორისო განხილვები დაიწყება; სააკაშვილმა ძალის არგამოყენების პირობა დადო.
ამ შეთანხმების ანალიზი ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ.

ეთერ თურაძე/ბათუმელები
_ ბატონო პაატა, რა პოზიტიური შედეგები შეიძლება მიიღოს საქართველომ 8 სექტემბრის შეთანხმებით?
_ შედეგი ერთი ან ორი თვის შემდეგ დადგება. გუშინ დაიწყო პროცესი. ევროპამ მიაღწია ცეცხლის, ომის შეწყვეტას. ახლა იწყება ამ შედეგების გაფორმება. სადამდე მივლენ, ეს მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებები დაიწყება 15 ოქტომბერს და ალბათ, თვის ბოლოსთვის ახალ ხელშეკრულებებს მივიღებთ. შეიძლება ასეთი შეფასება გავაკეთოთ - გუშინ დაწყებულმა პროცესმა უნდა მიგვიყვანოს რაღაც შეთანხმებამდე. ალბათ, ცალკე იქნება შეთანხმებები სამხრეთ ოსეთის, ცალკე _ აფხაზეთის მიმართულებით. _ ამ რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს?
_ ქართული მხარე შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ რაც ამდეხანს გვქონდა, იმაზე უარეს ვარიანტს მივიღებთ. აქამდე ხომ ვიყავით უკმაყოფილო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებით, ახლა უფრო მეტად ვიქნებით უკმაყოფილოები. რუსები კიდევ უფრო მეტად გაავრცელებენ თავის გავლენას, როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით _ რუსეთს მივეცით საშუალება, ჩავეთრიეთ საომარ მოქმედებებში. რუსები ტყუილად არ გაიხარჯნენ, ტყუილად არ შეირცხვინეს სახელი მსოფლიოში. გახდა აგრესორი, ოკუპანტი მხარე და ახლა მაქსიმალურად გაიფორმებს როგორც აფხაზეთს, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას.
_ ეს მაქსიმალური რა იქნება, მიიერთებს?
_ რა მნიშვნელობა აქვს მიიერთებს თუ არა _ ჯარებს განათავსებს, ეკონომიკას რუსულ ეკონომიკად აქცევს, პასპორტებს დაარიგებს. ყველაფერი იქნება, გარდა გაფორმებისა.
_ გუშინ საუბარი იყო დევნილების დაბრუნებაზე...
_ ღმერთმა უწყის, ეს რამდენ წელს გაგრძელდება, შეიძლება 10-15 წელიც კი. ახალ დევნილებს უფრო მალე დააბრუნებენ. მაგრამ ქართველები იცხოვრებენ არა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, არამედ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი რაღაც წარმონაქმნის ქვეშ.
ხალხი ინდივიდუალურად გადაწყვეტს მიიღებენ თუ არა არაქართულ პასპორტებს: ზოგი მიიღებს, ზოგი _ არა. ადამიანებს ექნებათ ორმაგი ცხოვრება.
_ გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ თქვა, რომ სააკაშვილმა ძალის არგამოყენების დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც მედვედევს გადაეცა. აქამდე ამ სახის დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარს ამბობდნენ, რადგან აფხაზეთსა და ოსეთს მხარედ არ აღიარებდნენ...
_ მე დოკუმენტი არ მინახავს. როცა გამოაქვეყნებენ, მერე შეიძლება საუბარი. კარგი რომ იყოს, გამოაქვეყნებდნენ. რატომ უნდა იღებდეს თავისთავზე სახელმწიფოს მეთაური (სააკაშვილი) სხვა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას, არ მესმის. სახელმწიფოს მეთაური თავის ხალხის წინაშეა ვალდებული და არა მტრული სახელმწიფოსი.
ამ დოკუმენტით, ალბათ, თავის ხელისუფლებას უფრთხილდება. ალბათ, გარანტიები მიიღო, რომ დარჩება ხელისუფლებაში. მაგას ხომ საქართველო ფეხებზე ჰკიდია. მთავარია, თავი გადაირჩინოს და თავისი ჯგუფი გადაარჩინოს.
_ საბოლოოდ მაინც ხომ გამოჩნდება, რას მოაწერა ხელი?
_ როცა გამოჩნდება, გვიან იქნება. მაშინ სხვა რაღაც იქნება დღის წესრიგში.
მე ის უფრო მაშფოთებს, რომ რუსეთი ცალსახად აღარ თვლის საქართველოს ტერიტორიებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და ჯარებს იქ ტოვებს. ჩვენი პროპაგანდა ბრიყვულად იმეორებს, რომ რუსები ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანენ. რა, აფხაზეთი და ოსეთი აღარაა საქართველო? ცალსახად უნდა უთხრან მოსახლეობას, რომ აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან არათუ გაიყვანს რუსეთი ჯარს, პირიქით _ შეიყვანს, სამხედრო ბაზები ექნება. ასე რომ, საქართველოდან რუსეთს ჯარი არ გაჰყავს.
ახლა პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად მიდის. ჩვენ მივაღწიეთ იმას (რა არის ამაში წარმატება, არ ვიცი), რომ აღარ არსებობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. ძალიან უნდოდა სააკაშვილს და მიაღწია ამას. უხეშად ვიტყვი, ჩვენ გვაუპატიურებენ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებთ.
- თქვენი აზრით, მაქსიმალურად რომ ეცადათ ამ პროვოკაციისგან თავის არიდება, რუსეთის გაჩერება, თუნდაც დეკემბრამდე, შესაძლებელი იყო?
_ მაქსიმალურად კი არა და მინიმალურად უნდა ეცადა _ ჯარები ცხინვალსა და ოსურ სოფლებში არ უნდა შეეყვანა. სულ არ იყო მაქსიმალური გადაწყვეტილება საჭირო, რასაც დღემდე აკეთებდა, ახლაც ის უნდა გაეკეთებინა, არ უნდა ეპასუხა პროვოკაციაზე. მაგრამ ვიღაცამ დააჯერა, რომ ახლა კარგი დროა ოსეთის ასაღებად, ოლიმპიადაა და ასე შემდეგ...
- ამ ვიღაცაზე ხშირად საუბრობენ, ვინაა ეს ვიღაცა?
_ რა მნიშვნელობა აქვს ვინ, ვიღაცამ დააჯერა, რომ ახლა კარგი დროა. სააკაშვილს ჰკითხეთ. ან ვის რაში აინტერესებს ეგ ვინაა. პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზეა. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, კი ის ხალხია პასუხისმგებელი, ვინც სააკაშვილი აირჩია, ქართველი ერი.
- სარკოზიმ თქვა, რომ `შეიძლება ეს არ არის ბრწყინვალე შედეგი, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეგვეძლო~. ეს მაქსიმუმი რა შედეგია საქართველოსთვის?
_ ჩვენ არაფრისთვის მიგვიღწევია, ამას მიაღწია სარკოზიმ. სარკოზი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარეა და ის ბედნიერია, რომ საომარი მოქმედებები გააჩერა. ის მთელი ცხოვრება კონფლიქტის მომგვარებელი იქნება. მან ქულები ჩაიწერა თავისი ხალხის წინაშე და ამას შემდგომში გამოიყენებს. ქართველი ხალხისა და სარკოზის წარმატებები სხვადასხვაგვარია. მან გააჩერა სისხლის ღვრა, თითქოსდა, თბილისი აღებისგან გადაარჩინა. კი ბატონო, მაგრამ წარმატება სულ სხვა რამეა. მას სულ არ აინტერესებს, რუსეთმა აღიარა თუ არა აფხაზეთი. მთავარია, რომ ომი აღარაა.
თუ რა იქნება, ამაზე ჟენევაში ილაპარაკებენ. საუბარია იმაზე, ეს როგორ გაფორმდება.
- თქვენი აზრით, როგორ გაფორმდება?
_ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ღრმა ორმოში ჩავვარდით, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ჭაში აღმოვჩნდით. თუ ჩვენებმა ვერ დაიცვეს საქართველოს ინტერესები, სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით დავკარგავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს იცით რას ჰგავს, ექიმმა ხელი რომ უნდა მოგაჭრას, მაგრამ არ გეუბნება, შენ კი გგონია, რომ ხელი შეიძლება გადაგირჩეს. გაგიკეთებენ ნარკოზს და რომ გაიღვიძებ, ხელი აღარ გექნება.
რა იქნება, არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებულია ჟენევის მოლაპარაკებაზე. თავის დროზე ჯაბა იოსელიანი მონაწილეობდა ასეთ მოლაპარაკებებში და დღემდე ყველა იმის გვარს ახსენებს, ცუდ დოკუმენტებს მოაწერა ხელიო. ვნახოთ, როგორ კარგ დოკუმენტებს მოაწერს ხელს სააკაშვილი.
- ევროკავშირი მუდმივად აფიქსირებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს...
- გუშინდელ დოკუმენტში არსად წერია, რომ მხარეები საქართველოს ტერიტოტრიულ მთლიანობას იცავენ. 8-ში საუბარი იყო, რომ ევროპა არ მიესალმება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. შედეგებს თაობები 20-25 წლის შემდეგ იგრძნობენ. დღეს რაც მოხდა, ვერ გავიაზრებთ. ამას ჰქვია კატასტროფა. კატასტროფა, რომლის შედეგებს ანგარიში უნდა გაუწიო. თუ მთა დაინგრა, იმ მთას ვეღარ ააშენებ. ჩვენ სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით დავკარგეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შანსები. ეს ის შედეგებია, რომელსაც ქართველი ხალხი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს. ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არხეინადაა. ვერ აღიქვამს ამ მდგომარეობას ან, უბრალოდ, იტყუება. თვალში ნაცარს ხომ გვაყრიან, როცა გვეუბნებიან, რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოდანო. როცა სააკაშვილი ამბობს, რომ რუსებს საერთაშორისო ძალები ჩაენაცვლება, ეგეც სიცრუეა, არავინ ჩაენაცვლება რუსებს. დამკვირვებლები ჩამოვლენ და შეამოწმებენ, როგორ ახორციელებს რუსეთი სამშვიდობო ოპერაციებს.
_ თქვენი აზრით, გამოსავალი აღარ არსებობს?
_ ახლა გამოსავალს ჩვენ აღარავინ გვეკითხება. გამოსავალი არის ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება. ევროპა იცავს თავის ინტერესებს და არანაირად არ დაიცავს ჩვენს ინტერესებს თუ ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაიცვა იგი. შევიგნოთ, რომ რუსეთის ყველას ეშინია. ყველა ებრძვის რუსეთის აგრესიას, რომელიღაცა X სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს X სახელმწიფო ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი სამშობლო, საქართველოა. ისინი ჭკუას ისწავლიან ჩვენ უბედურებაზე, მათაც იგივე რომ არ დაემართოთ.
- დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაციები სააკაშვილის წასვლაზეც...
- ახლა რა მნიშვნელობა აქვს მაგას - გინდ შეცვალე და გინდ - არა. სააკაშვილმა ქვეყანა დააჩოქა. იძახის, არ დავიჩოქეთო, მაგრამ არათუ დააჩოქა, წაკუზა კიდევაც. მორჩა, აღარაფერი გვეშველება. არის ქართული ანდაზა - ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოს. კი არ გააცოცხლოს, გადაათრიოსო. ახლა კეთილი ინებოს სააკაშვილმა და რაც გააფუჭა, გამოასწოროს. სააკაშვილს შეიძლება კიდევაც აწყობს აქაურობისგან მოცილება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, რაც 8 აგვისტოს წამოიწყო, გამოასწოროს.
ორჯერ მივმართე ღია ეთერით - გამოცდილება მაქვს, ვთქვათ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში და ჩამრთეთ პროცესებში-მეთქი. ზედაც არ შემომხედეს. დღეს თქვენი გაზეთით ვთავაზობ თანამშრომლობას, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. რა რეაქცია ექნება? არანაირი. მას ისეთი ხალხი სჭირდება, ვინც მის დანაშაულებრივ აზროვნებას ემორჩილება.
- თქვენი აზრით, რატომ არ არის საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ქვეყანაში დიდი ტრაგედია, კატასტროფა მოხდა...
- წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის ”ბედნიერი ერი”, თუ ამანაც არ დაგაკმაყოფილათ, წაიკითხეთ ”კაცია ადამიანი?!”. იქნებ მერე მაინც მივხვდეთ, რა მდგომარეობაში ვართ.

No comments: