div#header

Wednesday, September 10, 2008

ომის ზონა- როგორ იქცა ევროპა მირაჟად

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე საქართველო უცხოელების დიდმა ნაწილმა დატოვა. ქვეყანა, რომელსაც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის სურვილი ჰქონდა, უცებ გადაიქცა კონფლიქტურ ზონად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროპა _ შორეულ მირაჟად.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

ნატო ელიზიანი, ტურისტული სკოლის ოფის-მენეჯერი, აგვისტოს პირველ კვირაზე დღემდე ვერ საუბრობს მშვიდად: `ახალ ამბებში თქვეს, რომ სამხრეთ ოსეთში სეპარატისტებთან დაწყებული ბრძოლა რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა და რუსულმა ავიაციამ გორის მოსახლეობა დაბომბა। სამსახურში მისულმა ჩვენი გერმანელი ექსპერტი, კურტ რაიცი მოვიკითხე. მითხრეს, რომ იგი საქართველოდან წავიდა. ჩემთვის ეს იყო იმის დადასტურება, რომ ზუსტად ორ დღეში სტაბილური ქვეყნიდან საქართველო ცხელ წერტილად იქცა~.

ბათუმი ერთ დღეში დაცარიელდა। ტურისტებმა ქალაქი დატოვეს. ბათუმელების ერთი ნაწილი სოფლებში გაიხიზნა. ადამიანებმა დაიწყეს საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა, დახლებზე საღამოობით პური აღარ იყო. რამდენიმე დღეში ეს ისტერია ჩაწყნარდა. 8 აგვისტოს ღამეს ხმა გავრცელდა, რომ ბათუმის დაბომბვა იგეგმებოდა. ქალაქში ქუჩის განათებები გამორთეს და ქალაქი წყვდიადში ჩაიძირა. ნატოს იმ ღამით თბილისიდან მეგობარმა დაურეკა და ურჩია, სარდაფში გაეთია ღამე. `ვუყვირე, რომ ჩემი კორპუსის სარდაფი წყლითაა სავსე და იქ ჩასვლა შეუძლებელია-მეთქი~, _ ამბობს ნატო.

იმ დღეს ბათუმში ბევრმა გაათენა ღამე თეთრად. ქალაქი არ დაუბომბავთ. რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქგარეთ _ სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყარეს ჭურვები, დაზიანდა სახლები ახლომდებარე სოფლებში. მსხვერპლი არ ყოფილა.
ნატოს თანამშრომელი, კურტ რაიცი, საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა। ხშირად რეკავს და ამბობს, როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ჩამოვალო.

ნატოს აზრით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს კვლავ ექნება შანსი ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს.
ბათუმელი ზვიად დიასამიძე რვა წელი გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობდა. გერმანიაში სასწავლებლად 2000 წელში წავიდა, იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობას შუქი გრაფიკით მიეწოდებოდა, როცა ფუფუნებად ითვლებოდა ცხელი წყალი, ტელეფონი, სარეცხი მანქანა და ელექტროგენერატორი... ზვიადისთვის მთავარი ის იყო, რომ გერმანიაში პოლიტიკაზე არავინ საუბრობდა: `ყოფითი პრობლემები _ წვრილმანებია. ყველაზე უფრო პოლიტიკისგან ვიყავი გადაღლილი. აქ ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობდა და ასეა დღესაც, ვინაიდან ჩვენთან სოციალური მდგომარეობა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო საზოგადოებად შევმდგარიყავით. ტრავმები, იმედები, ისევ ტრავმები... და ასე გრძელდება ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ოცი წელი~.
დასავლეთ ევროპაში გატარებული წლების გახსენებისას სასტუმროს მენეჯერი ეკა გოგიბერიძე ამბობს, რომ საქართველოდან წასული 20 წლის გოგონა მოხვდა სამყაროში, რომლის არსებობა მხოლოდ გაგონილი ჰქონდა. 1998 წელი იდგა, საქართველოსთვის ძალიან მძიმე დრო: `დევნილი ვიყავი, ამ დროს ჩვენთან დევნილობა ნამდვილი კოშმარი იყო. პირველივე შოკი აეროპორტში მივიღე. გაჩახჩახებული დარბაზი, ირგვლივ ყველა იღიმებოდა. ღიმილი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან საქართველოში ქუჩაში არავინ გიღიმოდა, ყველას თავისი საფიქრალი და ტრაგედია ჰქონდა~.
ეკა ცოტა ხნით გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა। იხსენებს, რომ საარბრუკენში ჩასვლის პირველსავე დღეს მოხვდა `თბილისის მოედანზე~: `ერთდროულად სიხარულის, მონატრებისა და დარდის ცრემლები მომადგა, რადგან ვიცოდი, რომ თბილისში `საარბრუკენის მოედანი~, არც ასეთი ლამაზი იქნებოდა და არც ასეთი მოვლილი~.

რამდენიმე ხნის შემდეგ ეკა შვეიცარიაში ჩავიდა. ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მიიღო როგორც დევნილი და ამის მიუხედავად, არასოდეს უგრძვნია თავი ასე დაცულად.
`შვეიცარიაში არ მინახავს უმუშევარი ადამიანი, არც მათხოვარი შემხვედრია। თუ ადამიანი სამსახურს ვერ ნახავს, მას სახელმწიფო სოციალურად ეხმარება, არ ეშინია, რომ მშიერი დარჩება~. 90-იან წლებში საქართველოდან წასული ადამიანისათვის ასეთ პირობებში ცხოვრება სამოთხეში მოხვედრას ნიშნავდა. მაშინდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობა იყო, ასეა დღესაც.

ეკა საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა। ბევრი რამ დახვდა შეცვლილი, უკეთესად ცხოვრების იმედიც გაუჩნდა, მაგრამ ახლა უკვე არ იცის, რა იქნება: `კიდევ მეტი დარჩება უმუშევარი, არიან ახალი დევნილებიც, მათი რიცხვი უკვე ასი ათასს აღწევს. ასეთ დროს ყველა ყოფითი პრობლემა სასაცილოა. არ ვიცი, რა მოგველის. ევროპა შორსაა, ისე შორს, რომ ხანდახან ეჭვი მეპარება, მართლა თუ არსებობს~.

საუბრის დასასრულს ეკა ნოუთბუქში იმ სახლს მაჩვენებს, სადაც შვეიცარიაში ყოფნის დროს ცხოვრობდა, როგორც დევნილი। თეთრი, ლამაზი სახლი შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე არაფრით ჰგავს `სახლს~, სადაც კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილები ცხოვრობენ. ეს ქობულეთის #2 საჯარო სკოლაა. საკლასო ოთახებში საწოლები დგას. თითოეულ ოთახში დაახლოებით ექვსი ადამიანი ცხოვრობს. ოთახებში სისუფთავე და სიმშვიდეა, საკვები სპეციალურ სამსახურს მოაქვს. ტელევიზორი სკოლის ფოიეში დგას და თითქმის მთელი დღე ჩართულია. აქ ადამიანების სასაუბრო თემა რუსეთ-საქართველოს ომია.

გულნარა ბერუაშვილი შვილთან, 11 წლის გიორგისთან ერთად ცხოვრობს। გულნარა პედაგოგია და დანანებით ამბობს, რომ მათთან, სოფელ ერედვში სწორედ ასეთი სკოლა ჰქონდათ, სანამ რუსული ავიაცია დაბომბავდა.

მისი სოფელი თითქმის დაცარიელდა, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ। როგორც გულნარამ გაიგო, მოხუცები დახოცეს. წამოსვლის წინ ხალხმა პირუტყვი ტყეში გაუშვა, ნაწილი კი ბოსელში დარჩა დამწყვდეული: `ისეთ სისასტიკეზე საუბრობენ, იმედი აღარ მაქვს, რომ სოფელი დამხვდება. მჯერა, ცივილიზებული სამყარო შეძლებს ჩვენს დახმარებას. აქ ევროპის ყველა ლიდერის განცხადებას სულგანაბული ვუსმენთ. არ მინდა, 20 წლის შემდეგ დაბრუნება, მშვიდობიან ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო~.

მალე სწავლა დაიწყება. 11 წლის გიორგიმ ჯერ არ იცის, სად ისწავლის და სად იქნება მისი ახალი თავშესაფარი, მაგრამ ინგლისურში მაინც მეცადინეობს. გიორგი ახლა ერთ რამეზე ოცნებობს, ტყვიების ზუზუნში გაზრდილ ბიჭს, თავდაცვის მინისტრობა სურს, რომ მის ქვეყანაში ომი აღარ იყოს. დედას ყოველდღე ეკითხება, როდის დაბრუნდებიან სახლში. იქ გიორგის სკოლაა, სახლში კი საყვარელი თუთუყუში, `კაკა~ ელოდება.




No comments: