div#header

Wednesday, December 10, 2008

ლევან ვარშალომიძე ისევ მთავრობის თავმჯდომარეა

17 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი _ აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ ლევან ვარშალომიძე დაამტკიცა. იგი ამ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. უმაღლესი საბჭო მომავალ სხდომაზე აჭარის მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, მინისტრების კანდიდატურებს კი საბჭოში ლევან ვარშალომიძე წარადგენს.

ლელა დუმბაძე /ბათუმელები
"კარგი ოჯახიშვილი, ჩვენი თანაქალაქელი, პრინციპული და ლიდერის განსაკუთრებული თვისებების მქონე", _ ეს ის კრიტერიუმებია, რის გამოც დეპუტატებმა ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ დაამტკიცეს.

ლევან ვარშალომიძემ ერთსულოვნებისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიურად ითანამშრომლებს: "არა მარტო უმაღლესი საბჭოს, არამედ თითოეული დეპუტატის გამოძახებაზეც მზად ვარ მოვიდე". მანამდე კი მთავრობის თავმჯდომარე დეპუტატების წინაშე გარკვეული ანგარიშით წარსდგა და აქცენტი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზეც გააკეთა. მისი აზრით, ერთ-ერთი შეცდომა რეგიონში გეოლოგიური დეპარტამენტის გაუქმება და მელიორაციის სამსახურის არარსებობაა.


"რაც გავაკეთეთ, ეს არის ზღვაში წვეთი" _ განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, გასაკეთებელი მეტია. განსაკუთრებული ყურადღება კი სოციალურ სფეროს და დასაქმებას სჭირდება. ვარშალომიძემ მთავრობის მუშაობის წარმატებად ინფრასტრუქტურის განვითარება დაასახელა. მან პირობა დადო, რომ მომავალი ოთხი წელი ხალხის კეთილდღეობაზე იფიქრებს.


სხდომაზე ლევან ვარშალომიძეს სამი კითხვა დაუსვეს. მას რამაზ სურმანიძემ აჭარის მწერალთა კავშირის შენობის საკითხის გარკვევა სთხოვა. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, შეცდომა იყო მწერლებისა და მხატვრების უყურადღებოდ დატოვება და "ამიტომ გამოიყო ბიუჯეტში მათთვის 10-10 ათასი ლარი, რომ ნორმალურად გავნითარდნენ".


საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ეკომიგრანტების პრობლემას შეეხო, ოპოზიციის წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე კი _ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მომავალ ურთიერთობებს.


`ქრისტიან-დემოკრატმა~ ნიაზ ზოსიძემ ლევან ვარშალომიძეს, შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით ზომების მიღება სთხოვა: "ვიცით, რომ შრომის კანონს ჩვენ ვერ შევცვლით და ეს არც თქვენი პრეროგატივაა, მაგრამ გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც კაბალურ პირობებში მუშაობენ ახალგახსნილ ფაბრიკებში". დეპუტატმა ლევან ვარშალომიძეს შეახსენა, რომ "ახლა სისხლიანი ისტორიის გარდა, კაცობის დავთარიც იწერება".


ამ "კაცურ დავთარში" უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, უმრავლესობის იმ ლიდერის მხარდამჭერად შევა, რომელსაც რეგიონის კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაგდებას საყვედურობდა. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი, ვარშალომიძის კანდიდატურის დამტკიცებისას, მის წინააღმდეგ ხმა ორმა დეპუტატმა, "რესპუბლიკელმა", მურმან დუმბაძემ და გია მასალკინმა მისცა.


საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ვარშალომიძის კანდიდატურის არდამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს სხვა ან ისევ ვარშალომიძის კანდიდატურა უნდა წარედგინა. თუ დეპუტატები კვლავ არ დაამტკიცებდნენ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, მაშინ აჭარის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა დაეთხოვა უმაღლესი საბჭო.


უმაღლესი საბჭოს მე-18 წევრს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი, 14 დეკემბერს აირჩევს.


No comments: