div#header

Wednesday, December 10, 2008

ექიმის დაცულობის ხარისხი

იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს ემსახურებიან, ხშირად ხდებიან დაუსაბუთებელი ბრალდებების ობიექტები. მიზერული ანაზღაურება, პაციენტის ხელში მომზირალი ექიმი და უკმაყოფილო პაციენტი _ ასეთ რეალობაში ილახება ექიმისა და პაციენტის ადამიანური და პროფესიული უფლებები.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
"ყველა მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის~, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში.
რამდენად შეესაბამება დეკლარაციის ეს მუხლი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი პროფესიის, ექიმის ანაზღაურებას საქართველოში? _ ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

ექიმების ანაზღაურება, ძირითადად, მათ სამუშაო ადგილსა და პროფესიულ პრესტიჟზეა დამოკიდებული. თუმცა, საერთო სურათი ასეთია: საქართველოს პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში დასაქმებული ექიმების საშუალო ხელფასი 150-300 ლარია.

საკმარისია თუ არა ეს თანხა `ღირსეული ადამიანური არსებობისათვის~? _ ამ კითხვაზე `ბათუმელების~ მიერ გამოკითხული ექიმები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ _ `არა~.
გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, მაია ბუცხრიკიძე ამბობს, რომ კარგი სამედიცინო მომსახურებისთვის, ექიმს მისი პასუხისმგებლობის შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება: "კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც ასე საჭიროა ექიმისთვის, დაბალი ანაზღაურების პირობებში შეუძლებელია. მედიცინაში ყველაფერი სწრაფად იცვლება, უამრავი სიახლეა, რასაც თუ არ გაეცანი, პროფესიულად ვერ გაიზრდები. ექიმი, რომელსაც ხელფასი თვიდან თვემდე ოჯახის გამოსაკვებად ძლივს ყოფნის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად თბილისში გამგზავრებასა და საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალური ლიტერატურის შეძენას ვერ შეძლებს~.

ექიმები, ბოლო წლებში უამრავი ბრალდების ობიექტები იყვნენ და არიან. ყველაზე მეტად მათ ანგარებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. "მხოლოდ იმას ცდილობენ, რა გამოგძალონ", ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ", _ ასეთ და უფრო მწვავე შეფასებებსაც ექიმების მისამართით ხშირად გაიგონებთ.

ექიმებისთვის ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ექიმი პაციენტს ფასზე ხშირად ევაჭრება. ექიმების დიდი ნაწილი ამას დაბალი ანაზღაურებით ხსნის. ნათია გრიგალაშვილი, თერაპევტი: "არავის სიამოვნებს პაციენტთან თანხაზე საუბარი, ეს უხერხული და დამამცირებელია ექიმისა და პაციენტისთვის. ექიმის კაბინეტში მხოლოდ ჯანმრთელობაზე უნდა იყოს საუბარი და არა იმაზე, პაციენტმა სად, რამდენი უნდა გადაიხადოს. ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როცა მედპერსონალს ეცოდინება, რომ თავისი შრომის შედეგად პირად საყოფაცხოვრებო პრობლემებს გადაჭრის".

ექიმების კრიტიკა ხშირად ისმის მასმედიაში. ექიმები ამბობენ, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებები მათ ადამიანურ და პროფესიულ ღირსებას ლახავს.
ზაირა ხმელიძე, კარდიოლოგი: "არასპეციალისტს, ჟურნალიტს არ შეუძლია შეაფასოს კონკრეტული შემთხვევა ექიმის შეცდომის ბრალი იყო თუ არა. თუკი ავადმყოფის მდგომარეობა გართულდება, იწყება იმაზე საუბარი, რომ "საკმარისად არ გადავუხადე და ამიტომ..."

გივი ცივაძე, რომელსაც ექიმად მუშაობის 36-წლიანი სტაჟი აქვს, ამბობს, რომ მედიცინის მუშაკის მომსახურების ხარისხს ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები და ექიმთა დამოუკიდებელი ასოციაცია უნდა აფასებდეს. მისი განცხადებით, ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია: "ხშირად ჟურნალისტები სამედიცინო საკითხების გაშუქებისას, არამარტო ფაქტებზე საუბრობენ, არამედ აფასებენ და დასკვნასაც კი აკეთებენ. პირდაპირ ამბობენ, რომ ექიმმა დანაშაული ჩაიდინა, იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. ასეთ შემთხვევაში, ექიმის დაცულობის ხარისხი ნულია".

"ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა" (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 11).

ექიმების თქმით, როცა მათი ბრალმდებელი მედიასაშუალებაა, პროფესიული ღირსება უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაშიც კი ელახებათ. გივი ცივაძის თქმით, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩამოყალიბებას ათეული წელი სჭირდება. ჟურნალისტის უსაფუძვლო კომენტარით კი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს უყრის საფუძველს, წლებით მოპოვებული რეპუტაცია შეიძლება ერთ წუთში განადგურდეს. შედეგად, საზოგადოება კარგავს კარგ სპეციალიტს, რომლის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
ქვეყნის კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (მუხლი 23) აღნიშნულია, რომ "ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე". ამის მიუხედავად და იმის გათვალისწინებითაც, რომ თანამედროვე მსოფლიოში 65 წელი საშუალო ასაკად ითვლება, საქართველოში ექიმებს სამსახურის დაკარგვის შიში ასაკობრივი დისკრიმინაციის გამოც აქვთ. ასაკობრივი დისკრიმინაციისაგან ექიმები დაცული არ არიან. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მედიცინის სფეროში ძალიან ძვირად სწორედ გამოცდილება ფასობს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები გაიყიდა, შედარებით ხანდაზმული ექიმები შიშობენ, რომ შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ. მადონა წულაძე, ბავშვთა ნევროპათოლოგი: "50 წელს ვარ გადაცილებული, ვფიქრობ, დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ იმის გამო, რომ ინგლისური ენა და კომპიუტერი არ ვიცი, შეიძლება უმუშევარი დავრჩე".

აჭარის მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე, შალვა მამულაძე ამბობს, რომ ექიმებისა და მედპერსონალის ასაკობრივი ნიშნით გათავისუფლება სამსახურიდან ხშირად ხდება: `რამდენიმე ხნის წინ ხელვაჩაურის სასწრაფო დახმარების სადგურიდან ასაკობრივი ნიშნით ოთხი მედდა გაათავისუფლეს. არადა, კანონით, დამქირავებელს არ აქვს უფლება ასაკის გამო გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუ ეს ადამიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს და მისი შრომის ნაყოფიერება მაღალია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დახმარებით შევძელით საქმის მოგება".

No comments: