div#header

Wednesday, December 10, 2008

ენერგეტიკის მონოპოლისტები


აჭარას ელექტროენერგიით მონოპოლისტი ორგანიზაცია ამარაგებს. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" რეგიონებში ოჯახები საერთო მრიცხველებს მიუერთა და გადასახადს კოლექტიური წესით ითხოვს. ამ კომპანიის მსგავსად, საერთო მრიცხველები ბათუმში, შესაძლოა, წყალზეც დაამონტაჟონ. მოსახლეობას, რომელსაც კოლექტიური გადასახადი არ მოსწონს, წყალს გრაფიკით აწვდიან. აჭარაში გაზის მიწოდებასაც მონოპოლისტი კომპანია იწყებს.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

"ტარიფი უნდა იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან", _ აღნიშნულია პარლამენტის მერ 2006 წელს მიღებულ დადგენილებაში, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს ეხება. ელექტროენერგიაზე საფეხურებრივი ტარიფების დაწესებით კი მომხმარებელი, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა.

"ელექტროენერგიაზე სამსაფეხურიანი ტარიფის შემოღება არ იყო სამართლიანი და გადახდის ეს წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს", _ აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძე. საქართველოს ენერგოომბუდსმენი კი ამ ტარიფების ლიმიტის მომატებისთვის მესამე წელია ამაოდ იბრძვის.

"კვლავ აქტუალურია საფეხურებრივი ტარიფის ლიმიტის მომატება პირველი საფეხურისათვის მაინც, ვინაიდან 100 კვტ.-სთ მოხმარება ძალიან მცირეა (დღეში, საშუალოდ, შეადგენს 3,3 კვტ.-სთ-ს) და მისი გაზრდა 150 კვტ.სთ-მდე (დღეში 5 კვტ.-მდე), სოციალურად ხელმოკლე ოჯახებისათვის დამატებითი სოციალური გარანტია იქნება", _ აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის, მალხაზ ძიძიკაშვილის ერთ-ერთ ანგარიშში.

სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, აჭარაში მოსახლეობა 100 კვტ.სთ-მდე გახარჯულ ელექტროენერგიაზე 12,98 თეთრს იხდის (ყოველ გახარჯულ 1 კვტ.სთ-ზე), 101-დან 300 კვტ.სთ-ის შემთხვევაში _ 16,52 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-იდან ზევით _ 17,5 თეთრს (საერთო მრიცხველების შემთხვევაში, აბონენტები ყველაზე დაბალი ტარიფით, ანუ 12,98 თეთრს, იხდიან).

სემეკის მიერ დადგენილია საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფებიც: "ენგურჰესის" შემთხვევაში _ 1,18 თეთრი/1კვტ.სთ, "ვარდნილჰესი" _ 1,17; ხოლო დანარჩენი 16 სხვადასხვა ჰესისთვის გასაყიდი ზღვრული ტარიფები მერყეობს 1,25 თეთრიდან 4-თეთრამდე ანუ ჰესს შეუძლია ელექტროენერგია ამ ტარიფებზე დაბალ ფასადაც კი გაყიდოს. ამასთან, ჩამოთვლილი ჰესებიდან ექვსი `ენერგო-პრო ჯორჯიას~ საკუთრებაა. ანუ, თვითონ კომპანია ერთ კილოვატ საათ ელექტროენერგიაში იხდის მინიმუმ 1,17 თეთრს და მოსახლეობაში ყიდის მინიმუმ 12,98 თეთრად. ეს კომპანია აჭარაში ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში~ არ ამბობენ, თუ რა უჯდებათ შეძენილი 1კვტ/სთ ელექტროენერგიის მოსახლეობისთვის მიწოდება და რომელი ჰესებიდან ყიდულობენ ენერგიას. ასეთ ინფორმაციას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, არც ამ სამინისტროში ფლობენ. ინფორმაცია არ აქვს `ელექტროენერგეტიკის სისტემის კომერციულ ოპერატორსაც".

"ახალი გასაჭირი"
"... აჭარის ხალხს ახალი გასაჭირი უდგას, კომუნალური მრიცხველები. _ ისედაც სიდუხჭირეში მყოფი ხალხის ჯიბიდან უსამართლოდ ამოცლილი დენის გადასახადი... ჩვენი პროგრამით, მომავალი 15 თვის განმავლობაში, აჭარაში კომუნალური მრიცხველები აღარ იარსებებს და არც ერთი ოჯახი აღარ იქნება ვალდებული გადაიხადოს ეს უსამართლო გადასახადი", _ განაცხადა ლევან ვარშალომიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 3 ნოემბრის არჩევნების წინ.

"სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლის უფლება დაირღვა კომუნალური (საერთო) მრიცხველებისა და ასეთი მრიცხველებით მოსარგებლე აბონენტებზე გადასახადების დარიცხვის წესის შემოღებით. აქედან გამომდინარე, ამ კატეგორიის მომხმარებელთა უფლებები დღესაც ირღვევა. კომუნალური მრიცხველები მიჩნეულია იძულებით ღონისძიებად", _ აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.

დასრულდება თუ არა "15 თვეში" აჭარაში ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ამის შესახებ არაფერს ამბობს ის კომპანია, რომელიც მრიცხველებს ამონტაჟებს. თუმცა, საერთო მრიცხველების გამო ბევრ ოჯახს შუქი დღესაც არ მიეწოდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა კი "ბათუმელების" შეკითხვებს ზოგადი პასუხი გასცა: "2009 წლის 1 ივლისამდე ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული იქნება აჭარის რეგიონის დიდი ნაწილი, მათ შორის ქ. ბათუმი, ანუ ამით დასრულდება გამრიცხველიანების პირველი ეტაპი, შესაბამისად, ინდ. გამრიცხველიანება გაგრძელდება შემდეგაც და აჭარის რეგიონი სრულად იქნება გამრიცხველიანებული". თუმცა, სახელმწიფოსა და `ენერგო-პროს~ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ინდ. გამრცხველიანებისთვის კომპანიას ვადა 2017 წლამდე აქვს მიცემული.

მონოპოლია
"ენერგო-პრო ჯორჯიას", ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, სახელმწიფომ ისეთი ხელშეკრულება გაუფორმა, რაც ბაზარზე კონკურენტის დაშვებას გამორიცხავს და ეს ამ კომპანიას მონოპოლისტად აქცევს.

მონოპოლისტებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა კი, უნდა დაარეგულიროს კანონმა `დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ~. ამ კანონით, მარეგულირებელი ორგანო დამოუკიდებელია, თუმცა, ექსპერტების თქმით, ხელისუფლება კომისიის საქმიანობაში ხშირად უხეშად ერევა.

"ყველა პრობლემა, რომელიც ეხება `ენერგო-პრო ჯორჯიას~ და სხვა კომპანიებს, გამოწვეულია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე არ გამოცემულა არც ერთი ნორმატიული აქტი, რაც დაადგენდა ელექტროენერგიის მიმწოდებელი საწარმოების საქმიანობის წესებს, დაარეგულირებდა ურთიერთობას მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის; მარტივი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში განსაზღვრავდა მიმწოდებლის პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობაზე, მის ხარისხზე და უხარისხო ელექტროენერგიით მომარაგების შემთხვევაში განსაზღვრავდა მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესს", _ წერია ენერგოომბუდსმენის ანგარიშში.

ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და მათით სარგებლობის წესების დამტკიცება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, რომელსაც დოკუმენტის გამოცემის ვალდებულება ორი წლის წინ დაეკისრა. სამინისტროს მსგავსი ხასიათის დოკუმენტი დღემდე არ მიუღია. ენერგოომბუდსმენის თქმით, შესაბამის კომპანიებს ეს აძლევს საშუალებას, თვითნებურად განსაზღვრონ ახალი აბონენტების მიერთებისთვის ჩასატარებელი სამუშაოები. `ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტები მომხმარებელს ტექნიკურ პირობებში მიუთითებენ ისეთ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია~.

წყალი შეზღუდვით
მოსახლეობას ბათუმში სასმელ წყალსაც მონოპოლისტი კომპანია (წილის 100%-ს ბათუმის მერია ფლობს) აწვდის. კომპანიამ ამ დღეებში წყლის მიწოდება ცალკეულ უბნებს შეუწყვიტა.

"დავალიანების გამო თქვენს კორპუსს წყლის მიწოდება ექნება შეზღუდვით. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება თქვენს მიერ დავალიანების დაფარვამდე", _ ამ შინაარსის განცხადება შპს `ბათუმის წყალმა~ ერთ-ერთი იმ სატუმბი სადგურის კარზე გააკრა, რომელიც რვა კორპუსს ემსახურება. ანუ "ბათუმის წყალმა" სასმელი წყალი 500-მდე ოჯახს შეუწყვიტა, მათ შორის იმათაც, ვისაც დავალიანება არ გააჩნია. `ძველ დავალიანებას ნელ-ნელა ვიხდიდით, ამ წლის დავალიანება არ მაქვს"; "იმდროინდელი გადასახადები დაგვარიცხეს, როცა ეს საშინელი წყალი არ მოგვეწოდებოდა. ამ წყალს ახლაც ვერ ვასმევ ბავშვებს"; "გადასახადს ვიხდი, დავალიანება არ მაქვს, მაგრამ წყალი მაინც გამითიშეს. ვის ვედავო ვიცი, მაგრამ რის საფუძველზე? ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ", _ აცხადებენ გენ. ა. აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები. მათ წყალი დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათით _ დილისა და საღამოს 8-დან 9-საათამდე მიეწოდებათ.

წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები არ არსებობს
დავალიანების გამო სასმელი წყლის მიწოდების შეზღუდვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. `სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე~ სემეკი ამჟამად მუშაობს. უნდა დამტკიცდეს წყალმომარაგების ხელშეკრულების ფორმა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციაც. ამ პროექტის მიხედვით, ბუნდოვანი რჩება იმ ოჯახების ბედი, რომლებსაც წყალზე ინდივიდუალური მრიცხველები არ ექნებათ. ჯერჯერობით, არც საერთო მრიცხველების შესახებ არის მიღებული გადაწყვეტილება და არც იმის შესახებ, თუ კონკრეტული წყლის მიმწოდებელი კომპანია რა დროში მოაწესრიგებს გამრიცხველიანებას.

ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მასთან დადოს წყალმომარაგების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, გამყიდველი ვალდებული ხდება მიაწოდოს მყიდველს ხარისხიანი წყალი 24 საათის განმავლობაში, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი. ეს იქნება შემდგომში ერთადერთი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს.
წყლის მრიცხველის შეძენა და დამონტაჟება, პროექტით, მიმწოდებელ კომპანიას ევალება; ინდივიდუალური მრიცხველების შემთხვევაში _ გადახდა მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოხდება, ხოლო ის მომხმარებელი, რომელსაც არ ექნება ინდივიდუალური მრიცხველი, გადასახადს სულადობის მიხედვით გადაიხდის; მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელი იქნება მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ეტაპობრივი გადახდაც. სამომხმარებლო ტარიფებს კი ცალკეული კომპანიებისთვის, სავარაუდოდ, სემეკი დაადგენს.

გაზის მოხმარების წესები მოძველდა
აჭარაში კიდევ ერთი მონოპოლისტი `სოკარ ჯორჯია გაზი~ გახდა. მას რეგიონის გაზიფიცირება ევალება. ენერგოომბუდსმენის სამსახურში თვლიან, რომ სემეკის მიერ 2004 წელში დამტკიცებული `ბუნებრივი გაზის მოხმარების წესები~ ვეღარ პასუხობს რეალობებს და საჭიროა ახალი წესების დამტკიცება.

ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ ახალი წესები შედგენილი უნდა იქნეს მკაცრი იურიდიული ტერმინოლოგიითა და მოთხოვნებით, რაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ერთგვარი გარანტია იქნება.

ლიცენზიანტის დაჯარიმება
სემეკის დადგენილებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, მომხმარებელთა უფლების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პირდაპირ მიმართოს მარეგულირებელ კომისიას ამ ლიცენზიანტის ან მისი ხელმძღვანელისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (92(1) მუხლი) საფუძველზე 5 000 ლარი ჯარიმის დაკისრების თაობაზე. სამსახურს ანალოგიური შესაძლებლობა მიეცემა სხვა სექტორებშიც (გაზი, წყალმომარაგება), ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოხმარების ახალი წესები იქნება მიღებული.

No comments: