div#header

Wednesday, December 10, 2008

ლიბერალური კანონი და შიში

ბიზნესის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დაცულობის შეფასებისას ორი განსხვავებული კატეგორია იკვეთება. ერთი _ როცა საქმიანი ადამიანები ბიზნესის პარალელურად პოლიტიკის `კეთებასაც~ ცდილობენ და მეორე, როცა მათი ურთიერთობა ხელისუფლების სტრუქტურებთან კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებით იფარგლება.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

ბიზნესსა და პოლიტიკას საქართველოში, თითქმის ერთი და იგივე ადამიანები "აკეთებენ". ბიზნესმენები, რომლებსაც მმართველი პარტია თანაგუნდელებად მოიაზრებს, ძირითადად, საკანონმდებლო ორგანოში ხვდებიან. ამის ბოლო მაგალითი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია, სადაც საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატად ნაციონალებმა მშენებელი დაასახელეს.

პოლიტიკურ აქტივობებს "თავის ტკივილი" რომ შეიძლება მოჰყვეს, ეს აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ კარგად იცის. ის ყველა საქმიან ადამიანს ურჩევს, პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეიკავონ: `შეიძლება პოლიტიკას თვალს ადევნებდე, უსმენდე და უყურებდე, მაგრამ არ უნდა ჩაერიო. თუ ჩარევას გადაწყვეტ, შეიძლება ეს ერთ მხარეს მოეწონოს, მეორეს _ არა. ამიტომაც, ვფიქრობ, თავშეკავება სჯობს. ასე უფრო მშვიდადაც იქნები, უფრო წარმატებულიც და შეგერგება კიდეც~.
ბიზნესი და საგადასახადო
საქართველოში საგადასახადო კოდექსი თანდათან მარტივდება, მაგრამ ბიზნესმენები ახლა, ძირითადად, საგადასახადო კოდექსის ადმინისტრირებას უჩივიან. როგორც თენგიზ ბაკურიძე ამბობს, ბიზნესმენებს სხვა სახის პრობლემა ექმნებათ: `მაკონტროლებელი ფირმაში იმ განწყობით არ უნდა შევიდეს, რომ რამენაირად ბიუჯეტში ფული შეატანინოს. დასაჯარიმებელი უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. საჯარიმო სანქციები კი ძალიან მაღალი და მკაცრია.

კომუნისტების დროს არსებობდა მაკონტროლებელი ორგანო _ "ობეხე", რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას. ის თუ სადმე შევიდოდა, ცუდად იყო საქმე. ასეთი შიში არ უნდა არსებობდეს.

შორს წასვლა საჭირო არ არის, მეზობელი თურქეთის მაგალითს გეტყვით, იქ ფირმებს, რომლებიც გადასახადებს კეთილსინდისიერად იხდიან, წლების განმავლობაში არ ამოწმებენ. ადამიანს, რომელიც 20-30 კაცს ასაქმებს, უნდა გაუფრთხილდე".

საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს ყოველთვის თვალს ადევნებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი და პედაგოგი პაატა აროშიძე. იგი, როგორც ექსპერტი, ამბობს, რომ კანონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა დღეს ბიზნესმენების მიმართ მოთხოვნები უფრო მეტია, ვიდრე შეღავათები: "საგადასახადო ორგანოს ორი ფუნქცია აქვს _ სტიმული მისცეს ბიზნესს და შეავსოს ბიუჯეტი. დღეს საგადასახადო კოდექსი უფრო მეტად მოწოდებულია ფისკალური ეფექტისკენ ანუ გადასახადების ამოღებისა და ბიუჯეტის ზრდისკენ".

განვითარებულ ქვეყანაში გადასახადები მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესზე დიფერენცირებულია. საქართველოში კი ყველა ბიზნესი ერთნაირად იბეგრება და საჯარიმო სანქციაც ყველასთვის ერთნაირია. "თუმცა, ყველაფერი შედარებითია. ადრე იმდენნაირი გადასახადი არსებობდა, რომ მათი გადახდის შემთხვევაში, მოგება შეუძლებელი იყო. ის კი არა და კანონის წაკითხვა და გაგებაც ჭირდა", _ ამბობს პაატა აროშიძე.

თენგიზ ბაკურიძის თქმით, მთავარი მაინც ნება და განწყობაა. კანონი მხოლოდ მაშინ იმუშავებს ეფექტურად, თუ ამოსავალი ბიზნესმენების ინტერესები იქნება, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი პროგრესი შეიძლება ბიზნესმენს და, შესაბამისად, ქვეყანას პრობლემად მოუბრუნდეს.

ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად თენგიზ ბაკურიძე საბაჟო გადასახადების გაუქმებას ასახელებს. იგი მიიჩნევს, რომ დღეს საბაჟო ტარიფებზე დაწესებული შეღავათებით ადგილობრივი ბიზნესმენები დაზარალდნენ: `მეზობელ ქვეყანასთან რამდენიმე სახეობის პროდუქტზე საბაჟო გადასახადი შემცირდა. თუ ეს საქონელი მანამდე შემოვიტანე და განვაბაჟე, იმათ კონკურენციას როგორ გავუწევ, ვინც ამ ცვლილებებით ახლა ისარგებლა?! გამოდის, უნდა დავზარალდე. ხომ შეიძლებოდა ბიზნესმენები ორი-სამი თვით ადრე გაეფრთხილებინათ _ ასეთი ხელშეკრულება გავაფორმეთ და იცოდეთო. მაშინ ამხელა მარაგს აღარ გავაკეთებდი.

საზღვრების ამ დონეზე გახსნამ, შესაძლებელია, საწარმოები გააკოტროს. თურქეთში ინდუსტრია დიდი ხანია ვითარდება, ეკონომიკურადაც გაცილებით ძლიერი ქვეყანაა, ჩვენთან კი ახლა ვიდგამთ ფეხს. ხარისხით კონკურენციის გაწევა ძნელი იქნება, ახლა უკვე ფასითაც ვერ მოიგებ. რაღაც დროის შემდეგ ეს სიახლე, ალბათ, კარგად იმუშავებს, მაგრამ დღეს ის მხოლოდ პრობლემას შექმნის".

წელს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის მიერ დარღვევებთან დაკავშირებით დარიცხული საჯარიმო სანქციებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 3,9 მილიონი ლარი, სასამართლო გადაწყვეტილებით კი 6 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. საგადასახადო ინსპექცია ბეზნესმენებს სასამართლოში 23,6 მილიონ ლარსა და 51 800 დოლარს ედავება. ამ ეტაპზე 236 საქმიდან, რეგიონალური ცენტრის სასარგებლოდ, სასამართლომ 68 საქმე გადაწყვიტა.


No comments: