div#header

Wednesday, December 10, 2008

ინფორმაციის შეზღუდვა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო მოხელეები ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ ან მაქსიმუმ 10 დღის ვადაში, ნებისმიერ მოქალაქეს, ჟურნალისტს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რასაც მათგან ითხოვენ. ჩემი აზრით, კანონის ამ მოთხოვნას ძალიან ცოტა მოხელე იცავს და თუ არ ვცდები, ამ დარღვევისთვის მხოლოდ ერთხელ დაითხოვეს მოხელე სამსახურიდან.

ეთერ თურაძე/ბათუმელები
პირადი გამოცდილების მაგალითზე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონს ყველა ისე ასრულებს, როგორც თავად თვლის საჭიროდ. აი, მაგალითად, ინფორმაციას დაუყოვნებლივ თითქმის არავინ გასცემს. ათი და მეტი დღის ლოდინის შემდეგ კი, შეიძლება ისეთი რამე მოგწერონ, რაც არაფერში აღარ გამოგადგება. უკვე არც ის მიკვირს, საერთოდ თუ არ გაგცემენ პასუხს.
პასუხის გაცემას თავს, უფრო მეტად, ძალოვანი უწყებები არიდებენ.

ცოტა ხნის წინ აჭარის პროკურატურას ასეთი ინფორმაცია მოვთხოვეთ: `გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე ნატალია ზავალკოს გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით".

ბათუმის საზოგადოებამ ამ ფაქტის შესახებ ის იცის, რომ უკრაინელ ქალბატონზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა იძალადა.

პროკურატურიდან მოგვწერეს: "ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან~.
იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, აჭარის პროკურატურის კანონდარღვევა (ჩემი აზრით), გენერალურ პროკურატურაში გავასაჩივრეთ. აი, ზემდგომიდან კი პასუხი საერთოდ ვერ მივიღეთ. გენპროკურატურას მალე სასამართლოში ვუჩივლებთ, ვნახოთ, იქ რას გადაწყვეტენ.

ახლახან გენპროკურატურამ კიდევ ერთ საკითხზე არ გვიპასუხა: გვაინტერესებდა, ამ წელში რამდენ პატიმართან გაფორმდა საპროცესო გარიგება და რა თანხა შევიდა ბიუჯეტში.
კონკრეტული მაგალითი, რომელზეც ქვემოთ უნდა დავწერო, ჩემი აზრით, ერთ-ერთი "კლასიკური ნიმუშია" პრესცენტრებისა და მედიის "თანამშრომლობისა". ქედის მუნიციპალიტეტიდან ასაკოვანი მოქალაქე გვთხოვდა, გაგვერკვია, ხომ არ იწყებდა სახელმწიფო ანაბრების დავალიანების ანაზღაურებას. ბუნებრივია, წერილი ფინანსთა სამინისტროს მივწერე.... ცოტა ხანში ომი დაიწყო და ანაბრებზე ინფორმაცია აღარავის აინტერესებდა. როცა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ამ ასაკოვანმა ადამიანმა ისევ მოგვმართა იმავე თხოვნით და ჩვენც ისევ ფინანსთა სამინისტროს მივწერეთ.
"ბათუმელები" ასეთ ინფორმაციას ითხოვდა:
ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
_ 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილების საფუძველზე შექმნილ საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას (რომლის ერთ-ერთი წევრიც არის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური) 2009 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინა მოქალაქეების ანაბრების ანაზღაურების მექანიზმები. მოახერხა კომისიამ ამ მექანიზმების შემუშავება თუ ვერა; და თუ ვერა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ამ კომისიის მუშაობა?
_ თუ ეს მექანიზმები შემუშავებულია, რაში მდგომარეობს იგი?
_ რამდენი მეანაბრისთვის აქვს სახელმწიფოს ვალი დასაბრუნებელი და რა თანხას შეადგენს ეს?
_ რას აპირებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, როდისთვის გეგმავს სახელმწიფო ამ დავალიანების დაფარვის დაწყებას?
_ ხომ არ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რის საფუძველზეც მეანაბრეებს უარს ეტყვიან თანხის ანაზღაურებაზე?
_ აქვს თუ არა სახელმწიფოს იმის რესურსი, რომ ანაბრების ეტაპობრივი გადახდა დაიწყოს, თუნდაც ღრმა მოხუცებულებისთვის?
13 დღეში ფინანსთა სამინისტროდან ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ: "სახელმწიფო ვალის შესახებ~ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, მოწესრიგებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილების საფუძველზე შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, უფლებამოსილია, სახელმწიფო საშინაო ვალის კატეგორიების მიმართ შეიმუშაოს ანაზღაურების მექანიზმი და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს~.
არ დამითვლია, მაგრამ რედაქციაში, ალბათ, ასამდე ასეთი პასუხმიუღებელი წერილი ინახება.

სულ სხვა ფენომენი და ცალკე განხილვის საგანია ამ საკითხისადმი აჭარის ჩინოვნიკების მიდგომა. ძალოვანი უწყების პირველ პირებსა თუ ბათუმის მერიის რიგით მოხელეებს კომენტარს როცა სთხოვ, ერთი პასუხი აქვთ _ "პრესცენტრს მიმართეთ". ანუ მარტივი სქემა მუშაობს: ინტერვიუ გინდა ჩაწერო აჭარის პოლიციის, სოდის, კუდის და ასე შემდეგ გავლენიან უწყებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, ის კი თბილისში, პრესცენტრთან გამისამართებს. ანუ პრესცენტრს ჟურნალისტმა უნდა სთხოვოს, რომ ბატონ X-ს საუბრის უფლება მისცეს.

ეს ადამიანები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ მათ კომენტარების გაკეთება აკრძალული აქვთ. როცა ადამიანს, მოხელეს ლაპარაკს უკრძალავ, ეს მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. იმის ვარაუდი, თუ ვინ რის გამო ამბობს უარს თავის კონსტიტუციურ უფლებაზე, არაფრის მომცემია. უბრალოდ, საინტერესოა, იმის შესწავლა, თავად ეს ადამიანები რატომ თანხმდებიან ამას.

ისე გამონაკლისებიც არიან. თუმცა, მე, პირადად, ერთი ხელის თითებიც მეყოფა იმ მოხელეების ჩამოსათვლელად, ვინც "პრესცენტრს" არ ეკითხება, სად, როდის და რაზე ილაპარაკოს.

2 comments:

gurchiani said...

დიდი მადლობა გაზეთ ბათუმელებს, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ინფორმაციის თავისუფლებაზე გაამახვილეთ ყურადღება,

ევროპის საბჭო მალე მიიღებს კონვენციას ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ და იმედია ეს რეალობა ოდნავ მაინც შეიცვლება. თუმცა კონვენცია არ არის იდეალური, ის მაინც მისაღები კომპრომისია.

პატივისცემით,

თამარ გუჩიანი

Newspaper Batumelebi said...

გმადლობთ თამარ გამოხმაურებისთვის.
კონვენცია ახალი იმედია? :)))