მარგარიტა ახვლედიანი, სპეციალურად „ბათუმელებისთვის“
სტატია გამოქვეყნდა 2009 წლის 18 თებერვლის ნომერში
როდესაც მოვლენებს ქვეყნის შიგნიდან, საქართველოდან აკვირდები, არ ჩანს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი კავკასია გადავიდა ახალ რეალობაში. მანამდე მხოლოდ ახალი გამწვავების ტენდენციები და ახალი პოლიტიკური კავშირების ალბათობა არსებობდა. ომმა ეს ყველაფერი შეცვალა და შექმნა ახალი პროდუქტი. ახლა უკვე კავკასიაში, ყველამ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ ახალი პირობებიდან გამომდინარე.
როგორია ეს ახალი პირობები? ჩვენთვის, ყველასთვის არც ისე სასიკეთო პირობებში, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ცოტათი მაინც წინ წავიწიოთ, ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე და არ გავნადგურდეთ საბოლოოდ და უიმედოდ? ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ეს ორი საკითხი არა მხოლოდ პრეზიდენტებისა და მთავრობების წინაშე დგას… რეგიონის ყველა მცხოვრებზე დღეს არსებობს მოთხოვნილება არა, როგორც ექიმზე, პედაგოგზე, მძღოლზე, გლეხზე, არამედ როგორც საზოგადოებაზე, რომელსაც მოუწევს ახალი რეალობის სხვადასხვა ასპექტის გააზრება. გააზრება არა პოლიტიკური განათლებისთვის, არამედ _ გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ გაიგო _ უნდა იცოდე. ყოველი დაპირისპირებული საზოგადოება კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, ფიქრობს, რომ მას სრული ინფორმაცია გააჩნია, მაშინ როცა, სინამდვილეში მხოლოდ პატარა ნაწილი ფლობს. რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს ნაწილები გაერთიანდება და მთლიანი სურათის დანახვას შევძლებთ. იქნებ ბოლოს და ბოლოს მოვახერხოთ განხეთქილების გადალახვა და დავინახოთ, რომ მარტო ვერც ერთი ქვეყანა და ტერიტორია ვერაფერს გადაწყვეტს; შემდეგ კი, თავი დავაღწიოთ შიდა და გარე კონფლიქტებს _ და, უბრალოდ, დავიწყოთ ცხოვრება. ვინმემ პირველმა უნდა დაიწყოს იმის გაგება, რომ დახურულ საზღვრებს მიღმა ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, პირველები, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მიეკუთვნებიან „სამოქალაქო საზოგადოებას“– უფლებათადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები. იანვრის ბოლოს, ბრიუსელში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის International Alert-ის დახმარებით, ერთმანეთს შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ჯგუფი _ ქართველები, აფხაზები, ოსები, აზეირბაიჯანელები, სომხები. ომის შემდგომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხვედრა; ურთიერთობა იყო რთული, ამიტომაც ის მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში. შესაბამისად, ამ სტატიაში არც ერთი მონაწილის სახელი არაა მოხსენებული. ერთმანეთის მოსმენამ და საერთო სურათის გააზრებამ, ხელი შეუწყო საერთო შეთანხმებას ორ მთავარ საკითხზე: 1. ომმა ვერ გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი _ მშვიდობა ვერ დამყარდა; 2. თუ თავად საზოგადოებები არ დაიწყებენ ერთმანეთის შეცნობას, მოსმენას და ერთმანეთის გრძნობებისა თუ აზრების გათვალისწინებას, კატასტროფა გარდაუვალია.
და აი, პირველი მცდელობა _ რას ფიქრობს კავკასიის სხვადასხვა კუთხეში საზოგადოება?: „ამ ომით სინამდვილეში ყველამ მოიგო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი _ მათ უკვე აღარ ეშინიათ, აქვთ დამოუკიდებლობა და არიან დაცულები. საქართველო _ მრავალი წლის შემდეგ ჭრილობები გაეხსნა; ტერიტორიული პრობლემის მოგვარება დიდი ხნით გადაიდო, მას ქვეყნის სხვა რეგიონების განვითარებაზე შეუ- ძლია კონცენტრირება. რუსეთი _ დაამტკიცა თავისი ძლიერება და მიიღო ახალი საშუალება ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებისთვის. სომხეთი _ ომის გვერდითი მოვლენების შედეგად, აქტიურად დაიწყო სომხეთ-თურქული ურთიერთობის განვითარება, და გარკვეული დროით გაიყინა ყარაბაღის პრობლემები. აზეირბაჯანი _ შემცირდა მზარდი მუქარა ყარაბაღში ახალი ომის თაობაზე, რადგან `ცხელი თავები~ შეგრილდა; დაინახეს არაღიარებული ტერიტორიების საკითხი როგორ წყდება და ასევე დაინახეს, ყოველივე ამით რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ნავთობსადენებს. აშშ _ დაინახა, როგორი ფეთქებადი მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში და თავს შეიკავებს ირანში სიტუაციის ესკალაციისაგან“.
„ამ ომით ყველამ წააგო _ გარდა რუსეთისა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და დამცირებულია. აფხაზეთმა და ოსეთმა დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი _ ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოუკიდებლობა, რაც მათ გააჩნდათ, სანამ არ აღმოჩნდნენ რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. მთელ რეგიონში, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი დაუცველობა და უსუსურობა, შიშისა და იმედგაცრუების ფონზე, რამაც მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად საზოგადოება, სწრაფად ყვავის დიქტატურა. მხოლოდ რუსეთმა გააძლიერა თავისი დიქტატორული და იმპერიალისტური შესაძლებლობები“.
„აფხაზეთში ესმით, რომ არ არის მიღწეული სტაბილური მშვიდობა და მომავალიც გაურკვეველია. ოღონდაც, ილუზიაა, როცა ამბობენ _ აი, აფხაზეთი დაინახავს რუსეთის რეალურ თამაშს და უკან, საქართველოსთან მოუნდება. ეს რეალური სიტუაციისა და აფხაზეთის განწყობის უცოდინრობაა. გარდა ამისა, თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება საქართველოდან, აფხაზეთში რუსეთის პოზიციას აძლიერებს, და არა პირიქით“.
„თბილისშიცა და ცხინვალშიც არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი. ომის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რეალურად _ Human Rights Watch-მა და რუსეთის უფლებადამცველებმა იმუშავეს. ისინი ყოველთვის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სახელისუფლებო თუ პატრიოტული პოზიციებისგან დამოუკიდებელ შეფასებებს აკეთებდნენ. ბევრი ქართველის სიცოცხლე გორისა და ახალგორის რაიონში სწორედ მათ გადაარჩინეს, რამდენადაც პირადად აჩერებდნენ ოს ბოევიკებს“.
„ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, სად უფრო მწიფეა სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა. აფხაზეთის მთავრობა არ წამოეგო პროვოკაციას, მოწოდებას არც მაშინ, როცა იყო კოდორის მოვლენები და იქ ქართული ძალები შევიდნენ და არც აგვისტოს მოვლენების დროს. აფხაზეთი, არც ისეთი მარიონეტია რუსეთის, როგორც ამბობენ. ომის დაწყებისთანავე რამდენიმე აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერს აკონტროლებდა გალის რაიონში, რათა მოვლენების საშიში განვითარების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აერიდებინათ“.
„ჩვენ, კავკასიის მცხოვრებლებს, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთის შესახებ. ჯერჯერობით, არარეალურია Euronews-ის მსგავსი დამოუკიდებელი კავკასიური არხის შექმნა. მაგრამ შეიძლება, მაგალითად, მოველაპარაკოთ RTVI-ს, რომელიც ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და რომელსაც უყურებს მთელი კავკასია, და ყოველდღიურად კავკასიის ახალი ამბების ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვება მოვამზადოთ“.
„რუსეთი დღეს კავკასიაში არსებულ ყველა ქვეყნისა და ტერიტორიისთვის მთავარი ფაქტორია. კავკასიას შეუძლია გამარჯვება თუ გაერთიანდება _ არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის საკითხის გარშემო“. „საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად კონფლიქტები გვარდება მშვიდობიანი გზით და არა ომით. ჩვენ კი, ვინც მტრობაში ვართ ჩაფლული, გვეჩვენება, რომ კონფლიქტებს მხოლოდ ომით აგვარებენ“.
უნდა ავაღორძინოთ რეალური თანამშრომლობა ადამიანებისა, კავკასიის რესურსის მეშვეობით. ამ ტიპის კავშირებში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ასე მოვახერხებთ რაღაცის გაგებას, სწავლას. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, არსებობს ასეთი პრინციპი: „იტყვი – და მე ვერ დავიმახსოვრებ, მაჩვენებ – და მე რაღაცას დავიმახსოვრებ, ჩამრთავ –და მე ყველაფერს დავიმახსოვრებ“.