div#header

Wednesday, November 12, 2008

შავაძის ოჯახს ემუქრებიან - 50 ათასი დოლარი ან განადგურება

ბათუმში მოკლული სერჟანტ შავაძის საქმე კვლავ დახურულია. ოჯახის წევრების განცხადებით მათ გარკვეული პირები გაჩუმების სანაცვლოდ დიდ თანხას ჰპირდებიან, ხოლო თუ ამ წინადადებას არ დათანხმდებიან, განადგურებით ემუქრებიან. ოჯახი გარიგებაზე წასვლას არ აპირებს და დეპუტატ გივი თარგამაძის წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჩივარი შეაქვს.
ემზარ დიასამიძე/გაზეთი ბათუმელები

ბათუმში სპეცრაზმის მიერ მოკლული ჯარისკაცის ოჯახზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურად ჩამოვიდა. სახალხო დამცველი შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: ”როინ შავაძის მკვლელობა მეორე გირგვლიანის საქმეა, ოღონდ აქ გაცილებით მეტი ცინიზმია. ამ შემთხვევაში მკვლელების დასჯასაც ვერ მივაღწიეთ. ოჯახზე ყოველდღე ხორციელდება მუქარა. ეს მიანიშნებს რა დემოკრატიის ახალ ტალღაზეა საუბარი”.


სოზარ სუბარი ”ბათუმელებთან” აცხადებს: ”ყველა უფლებადამცავ ორგანიზაციას გავუგზავნი ღია წერილს და მივმართავ თავად საქართველოს პრეზიდენტს, რომ საკუთარ თავზე აიღოს ამ საქმის კონტროლი, რათა ოჯახი იყოს დაცული. ამასთან, უნდა გაიფანტოს ის დეზინფორმაცია, რომელიც როინ შავაძესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ სრულიად შეგნებულად გაავრცელეს”.
შავაძის ოჯახის წევრთა განცხადებით, შანტაჟისა თუ მოქრთამვის მცდელობები მას შემდეგ დაიწყო, როცა ჯარისკაცის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა-შეძენის შესახებ პროკურატურის შეწყვეტილი საქმე ბათუმის სასამართლომ კვლავ განაახლა. ზეწოლა თავდაპირველად სერჟანტის ქვრივის, ციცინო შავაძის მიმართ დაიწყო, რომელიც ამბობს: ”კვირაზე მეტია ჩემთან ხალხი დადის. თავდაპირველად ერთი ქალი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა და თუ გავჩუმდები, კომპენსაციას მივიღებ. იმ ქალბატონს ავუხსენი, რომ ქმრის საფლავით ვაჭრობას არ ვაპირებდი. ამის შემდეგ გარკვეულმა ადამიანებმა თურქეთში მცხოვრებ ჩემს ძმას, ფრიდონ კონცელიძეს დაუწყეს ძებნა. მის სახლს ქართველები უთვალთვალებდნენ. ჩემმა ძმამ პოლიციას მიმართა და მის სახლს ახლა ისინი იცავენ”.

ამის შემდეგ ზეწოლა ციცინოს შავაძის განცხადებით უმცროს ძმაზე, ბათუმში მცხოვრებ მურად კონცელიძეზე დაიწყო. მას გაჩუმების სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი შესთავაზეს: ”როცა უარი ვუთხარი, ამიხსნეს, რომ მაინც არაფერი გამოგვივა. მალე სახალხო დამცველსაც გააჩუმებენ, ადვოკატსაც და ჟურნალისტებსაც. მერე კი მუქარაზე გადავიდნენ და მითხრეს, რომ მთავრობასთან ჭიდილი ძვირი დამიჯდება. ან ავარიაში მოვხდები, ან ნარკოტიკს ჩამიდებენ, ან კიდევ პროფილაქტიკა, სადაც ვმუშაობ, აფეთქდება.

შავაძის ოჯახმა თავდაცვის მიზნით სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მიმართა. აჭარაში სუბარის რწმუნებულის გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, ოჯახზე ზეწოლა მათი თანდასწრებითაც განხორციელდა: ”მურად კონცელიძის ოჯახში ვიყავით, როცა დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. ჩვენ ზეწოლის შესაჩერებლად მედიას მივმართეთ. ამ ამბის გაშუქების შემდეგ ზეწოლა, ჯერჯერობით, შეწყდა”.

ოჯახმა საჩივრით პროკურატურას მიმართა. ადვოკატ რამინ პაპიძის განცხადებით, ოჯახთან ერთად გარკვეული სახის ზეწოლა მასზეც დაიწყო: ”უკვე რამდენიმე ჩემმა კლიენტმა მომმართა. მათ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ მე ამ საქმეს ჩამოვცილდები, მათთან საპროცესო გარიგებას უპრობლემოდ გააფორმებენ”.

ერთ-ერთ ასეთ პიროვნებას ”ბათუმელები” დაუკავშირდა, რომელმაც, ცხადია, ვინაობის გამხელა არ ისურვა: ”არ მინდა, ჩემი სახელი რომ დასახელდეს, ისედაც ბევრი უსამართლობა გადავიტანე. პროკურორმა დავით ჭარბაძემ მითხრა, რომ საპროცესო შეთანხმებას გამიფორმებენ, თუ პაპიძის ადვოკატობაზე უარს ვიტყვი”.

ჭარბაძემ ბრალდების უარყოფას ჟურნალისტის მისამართით რჩევაც მოაყოლა: ”შენც და ადვოკატსაც გირჩევთ, ასეთ რამეებს თავი დაანებოთ”. თუმცა, არ დაუკონკრეტებია ”ასეთ რამეებში” რას გულისხმობდა. ადვოკატს შავაძის საქმეს არ აცნობენ. განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრული საქმე, პაპიძის თქმით, ჯერ არ დასრულებულა _ ოჯახი დაზარალებულად არ უცვნიათ. ადვოკატს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აღძრული საქმის გაცნობის უფლებასაც არ აძლევენ. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრულ საქმის გაცნობაზე იმიტომ ეუბნება უარს, რომ სერჟანტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს. "თუკი პროკურატურა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აღძრულ საქმეს გაგვაცნობს, ძალიან ბევრი რამის დადგენა ამითაც შეიძლება”.
შავაძის ოჯახი გარდაცვლილი ჯარისკაცის პატივისა და ღირსების შელახვისთვის დეპუტატ გივი თარგამაძის წინააღმდეგ საჩივრის შეტანასაც აპირებს: ”ძალოვნები და პროკურატურა შავაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებას არ აყენებენ. ჩვენ გვაინტერესებს დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შავაძის შესახებ ინფორმაციები ომამდე ჰქონდა. ვითხოვთ იმის გაცნობას, მისი დანაშაულის შესახებ რა დადასტურებული ინფორმაცია აქვს”.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. გამოძიების მასალებით, ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული შავაძე გაქცევის მცდელობის დროს დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, შავაძე, როგორც სამშობლოს მოღალატე ლინჩის წესით სამართალდამცავებმა გაასამართლეს. პირველადი დათვალიერებით, მას სხეულის სხვადასხვა ნაწილი მოტეხილი ჰქონდა, წინა მხრიდან კი 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
-------------------------------------------------------------------------------------------

რედაქციისგან: ყველას ვთხოვთ, ნუ შეგვაწუხებთ, ამ და სხვა თემებზე სტატიების ”დაბლოკვის” თხოვნით........
----------------------------------------------------------------------------------------------

ამავე თემაზე
შავაძის საქმეს ადვოკატს კვლავ არ აცნობენ
მოკლული სპეცრაზმელის ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრეს
სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

აფხაზური ენა - კომუნიკაციის პერსპექტივა აჭარაში

”_ თქვენი ყველაზე კარგი მეფე დავით აღმაშენებელი ხომ იყო?
_ მე დავეთანხმე.
_ აღმაშენებელმა ყივჩაყები ჩამოასახლა, მაგრამ ახლა სად არიან ეს ყივჩაყები?”
ამ კითხვებს ბათუმში ეთნიკური აფხაზები ეთნიკურ ქართველებს უსვამენ.
კომუნიკაცია მთავრობასა და ეთნიკურ აფხაზებს შორის აჭარაში აფხაზური ენის კურსების გახსნის თაობაზე აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეწყდა...


ეთერ თურაძე/ბათუმელები
ფოტო: ნათია როყვა- აფხაზური უბანი ბათუმში

აფხაზები აჭარაში
”თქვენმა კარგმა მეფემ ყივჩაყები ქართველებს შეაზილა”, _ უთხრა ერთ-ერთმა ბათუმელმა აფხაზმა ზემოთ დასმული კითხვების შემდეგ დავით ჩხაიძეს. ჩხაიძე ბათუმის მე-17 სკოლის ქართული ენის პედაგოგია და თავის მოსწავლეებთან ერთად აფხაზების მუჰაჯირობის ისტორიას იკვლევდა. კვლევის დროს პედაგოგი და მოსწავლეები ბათუმელი აფხაზების ბევრ ოჯახში მივიდნენ და მათი ერთგვარი ნდობაც მოიპოვეს. კითხვებიც მაშინ დაისვა.

აჭარაში 1 558 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. მათ შორის 800 -ბათუმში, 645 კი - ხელვაჩაურში. ეს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემია. ასეთივე ციფრია 1989 წლის აღწერის შედეგებში _ 1600-მდე. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აჭარაში მცხოვრები აფხაზების დიდი ნაწილი 1992 წლის მოვლენების შემდეგ სოხუმში გადასახლდა, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს.
”არ გამიგია, რომ 92 წლის ომის შემდეგ ვინმე ბათუმიდან წავიდა და მით უფრო ახლა. სად უნდა წავიდე, სამშობლო ისაა, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც ცხოვრობ. მე იქეთ (აფხაზეთში) ნათესავებიც კი არ მყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, არც ისინი წასულან”, _ ამბობს ნონა ხალითბა.

ნონა ხალითბა ერთ-ერთი გამონაკლისია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისგან, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრესასთან საუბარს არ გაურბის. უმრავლესობამ ინტერვიუზე უარი გვითხრა. ნინო ხალითბამ ამის ზუსტი მიზეზი არ იცის, ისე კი ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს შიშის გამოა: ”პივზაოდზე მცხოვრებ აფხაზებს ნათესავები ჰყავთ იქეთ, შეიძლება საკუთარი თავის გამო ეშინიათ, შეიძლება იმათ გამო”.
კიდევ ერთი აფხაზი, ასლან სმირბა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელ პირველ პირებს არაერთხელ შეხვედრია (მისი შუამავლობით აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა ქართველი სტუდენტები, რომლებიც გალის რაიონში გასულ წელს დააპატიმრეს), ამბობს, რომ აჭარაში ქართველებსა და აფხაზებს შორის კარგ ურთიერთობებს თავისი მიზეზები აქვს: ”ჩვენი წინაპრები იძულებულნი იყვნენ 1867 წელში აფხაზეთიდან რუსეთის იმპერიას გამოქცეოდნენ. აჭარაში შემოღწეულ აფხაზებს მუსრს ავლებდა შიმშილის ტიფი. მაშინ აჭარლებმა და გურულებმა დააწესეს ”გადარჩენის ხარკი” _ ჩვენი წინაპრებისთვის საჭმელსა და ტანსაცმელს ურმებით ეზიდებოდნენ. ამის დავიწყება არ შეიძლება. ეს ჩემი თაობის აფხაზებმაც კი იციან”.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მას შემდეგ რაც მეფის შამილი დაამარცხა, მუსლიმანი აფხაზები აყარა თავიანთი სამშობლოდან. აფხაზები თავდაპირველად მაშინდელი ოსმალეთის სახელმწიფოს სიღრმეში ჩასახლდნენ. ზოგიერთი მათგანი კი, ამჟამად ბათუმში მცხოვრები აფხაზების წინაპრები, პირველი ჩასახლების ადგილიდან აჭარაში ჩამოვიდნენ.
ბათუმელი აფხაზების ისტორიის მკვლევარი, პედაგოგი დავით ჩხაიძე ამბობს, რომ ბევრი აფხაზი მეგობარი და შორეული ნათესავი ჰყავს. თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ნათესავები ”გაქართველდნენ”: ”მათ გაორებას საკუთარი ისტორიის არცოდნაც იწვევს. ისტორია რომ იცოდნენ, ასეთი დაბნეული არ იქნებიან. ისტორიის სახელმძღვანელოში არაფერი წერია თუ ვინ არიან აჭარაში მცხოვრები აფხაზები და რა გადახდათ თავს”.

დავით ჩხაიძე ამბობს, რომ აჭარაში მცხოვრებმა აფხაზებმა ტრადიციების შენარჩუნება მცირე დოზით მოახერხეს: ”აფხაზები აჭარლებისგან განსხვავებულად მხოლოდ ხალვას ამზადებენ. უფრო იშვიათად, ძალიან ტრადიციულ ოჯახებში სხვა რამეც შეინარჩუნეს, მაგალითად, ერთ-ერთ ოჯახში რძალს მამამთილი 17 წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მამამთილი როცა ოთახში შედიოდა, რძალი ოთახიდან გადიოდა”.

ჩხაიძე ამბობს, რომ ადგილობრივი აფხაზები ყველაზე მტკივნეულად მაინც ენის დაკარგვის საკითხს აღიქვამენ. აფხაზური ენა თითქმის აღარავინ იცის.

აფხაზური ენა - თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა

ნონა ხალითბა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს და თავისი სამსახურით კმაყოფილიცაა, ბევრი აფხაზური ტრადიცია (რძალ-მამამთილის ურთიერთობა) დიდად არ მოსწონს. მოსწონს, როცა სტუმარს, თუნდაც ის პატარა ბავშვი იყოს, ოთხმოცი წლის აფხაზი, მაგალითად, მისი ბებია, ფეხზე ადგომით ეგებება. თუმცა მას ტრადიციების დაკარგვაზე უფრო სხვა რამ აწუხებს. ეს ენაა. აფხაზური არ იცის და ძალიან უნდა, რომ ბათუმში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნას. ამბობს, რომ მისი თაობის აფხაზებს მშობლიური ენის უცოდინრობა აწუხებთ.
აფხაზური ენა არც დედით ქართველმა სმირბამ და არც მისმა შვილებმა იციან. თუმცა ნონა ხალითბა ამბობს, რომ კურსებისთვის ხალხის შეგროვება როცა დაიწყო, სმირბას შვილები პირველი ჩაეწერნენ.

”კურსების გახსნის იმედი გადაწურული მქონდა, _ ამბობს ხალითბა _ რადგან აფხაზური ენის პედაგოგის პრობლემას ვერაფერი მოვუხერხეთ. არ მეგონა, სამინისტროში თუ მომისმენდნენ; უფროსი თაობის აფხაზებიც იმას მეუბნებოდნენ, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი. მაგრამ ეს საკითხი აჭარის განათლების სამინისტრომ მოულოდნელად მოაგვარა. ერთ დღეს მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ აფხაზურის ორი თუ სამი სპეციალისტი იპოვა. საქმე ფართობის გამოყოფაზე იყო მისული, მაგრამ აგვისტოს ომი დაიწყო. 30-კაციანი ჯგუფი დაკომპლექტებულია”.

ომის შემდეგ ნონას განათლების სამინისტროდან არავინ შეხმიანებია. მას კი ერიდება, რომ ასეთ ვითარებაში აფხაზური ენის კურსების გახსნაზე ვინმე შეაწუხოს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე, რომელიც ნონას აფხაზური ენის კურსის გახსნაში ეხმარებოდა, ”ბათუმელებთან” ამბობს: ”ოთახის გამოყოფას ვაპირებდით სკოლის ბაზაზე. ასევე ვგეგმავდით პედაგოგის დაფინანსებას. სახელმძღვანელოები თბილისიდან უნდა ჩამოგვეტანა. ახლა, ალბათ, პედაგოგის პრობლემა იქნება, რადგან მისი ჩამოყვანა სოხუმიდან იგეგმებოდა. კონფლიქტის მიუხედავად, კურსების გახსნის ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, კონტაქტები გაწყდა _ ის გოგონა, რომელიც ამ საქმეს კურირებდა, აღარ გამოჩენილა”.

ამავე თემაზე

იონა არშბა: თუ ჩემს ეთნოსს დავკარგავ, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.

ჟურნალისტები პრეზიდენტის ”ტელესაჩუქარზე”

{ნათია როყვა/ბათუმელები}

„პოლიტიკური ძალები, როგორც წესი, ტელევიზიაში გამოსვლის დროს ყვებიან, რომ მათ არა აქვთ ტელევიზიაში გამოსვლის საშუალება. ამ განცხადებებისგან იმდენად დავიღალე, რომ ჩვენ მათ ვჩუქნით არხს, რომელიც ფარავს მთელ საქართველოს. _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 4 ნოემბერს. - მე გამოვედი წინადადებით „მეორე არხის“ სადისკუსიო კლუბად ჩამოყალიბების შესახებ, რასაც პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს“.
როგორ ესმით ქართველ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სიტყვები _ ”ჩვენ მათ ვჩუქნით არხს”:
პაატა ვეშაპიძე - გაზეთ ”24 საათის” რედაქტორი
: ”ვჩუქნი ცოტა გადაჭარბებულია. თანაც, ვიცი, რომ ”მეორე არხი” მთლიან საქართველოს არ ფარავს. ”მეორე არხის” სადისკუსიოდ გადაკეთება კარგი იდეაა, მაგრამ მგონი, ეს გაგრძელებაა იმ მცდარი პოლიტიკისა, როცა, თავის დროზე, საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდა პოლიტიკური ძალების შეთანხმებით; როცა პარლამენტში კონსულტაციების შედეგად დაინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი; როცა სახელმწიფო უკვეთავს პოლიტიკურ დებატებს მედიას და არა საზოგადოება. ეს დავალებული დებატები იქნება. ვფიქრობ, ეს მცდარი პოლიტიკაა მედიის მიმართ.
ლაშა ტუღუში - გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი: ”ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ”ვჩუქნი”. ეს არავის საკუთრება არაა, არც პრეზიდენტის. საზოგადოებისაგან არ უნდა აღიქმებოდეს, რომ ვიღაცამ მოწყალება გამოიჩინა და გადაუგდო ლუკმა მას, ვისაც არ ეკუთვნოდა. ასეთი ფორმულირება ჩემთვის მიუღებელია, არ მესმის, რატომ სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასეთი ფორმით ურთიერთობა”.
ზვიად ქორიძე, თავისუფალი ჟურნალისტი: ”მეორე არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემადგენელი ნაწილი. არხი, რომელსაც პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს ჩუქნის და მათ შორის ოპოზიციას, არაა მისი პირადი, და არც სახელმწიფოს საკუთრება, შესაბამისად, მისი გაჩუქების უფლება არც ჰქონდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი შემადგენელი ერთეული რომ გაიყიდოს, ამისათვის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაა აუცილებელი. მათ უნდა განაცხადონ და თან დაასაბუთონ, რომ ეს ქონება ზედმეტია. შემდეგ შესაძლებელია მისი ტენდერზე გატანა და გაყიდვა. პრეზიდენტის განცხადებაში გაურკვეველია რას ნიშნავს ჩუქება და ვინ ვის რას ჩუქნის”.
ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი: ”ამერიკაში არსებობს მსგავის არხი, ალბათ, იდეაც აქედან გაჩნდა. ან რომელიმე ამერიკელმა მეგობარმა ურჩია პრეზიდენტს, რომ ასეთი არხი შეექმნა. ამ არხს არ აფინანსებს პრეზიდენტი ან მთავრობა, ამას აფინანსებს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ამიტომ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება ოდნავ უხერხულია. მაგრამ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ამ ქვეყანაში ინდივიდები იღებენ გადაწყვეტილებას, მოქალაქეები არ მართავენ სიტუაციას. საინტერესოა, როგორი იქნება საეთერო ბადე, თან ეს არხი არ ფარავს მთელ საქართველოს”.
დავით კიკალიშვილი, ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი: ”მსგავსი რამ შეერთებულ შტატებშია. როგორც ჩანს, აქაც უნდა გაკეთდეს იგივე არხი. ვფიქრობ, კარგია. გააჩნია, როგორ გაკეთდება და რამდენად ობიექტური იქნება, რა პრინციპით შეირჩევა მასალა. შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ეთერში მხოლოდ თვითონ იყოს”.
მერაბ მერკვილაძე, ”25-ე არხის” დირექტორი: ”ცუდია, როცა პრეზიდენტი ერევა საზოგადოებრივი არხის მართვაში და აკანონებს რომელ არხზე რა პოლიტიკური დებატები გავა. სასურველია, მედია გათავისუფლდეს სახელისუფლებო ზეწოლისგან. ამ ტელევიზიას საზოგადოება აფინანსებს და ხელისუფლების მიერ ამ არხის გაჩუქება მიუღებელია”.
თეა ცეცხლაძე, აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი: ”ძალიან კარგად აღვიქვამ, კარგი იდეაა”.
გენო თებიძე, გაზეთ ”აჭარის” რედაქტორი: ”მეორე არხი ექვემდებარებოდა პირველ არხს, დაფინანსების და მისი დაფარვის ზონიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კარგი გადაწყვეტილებაა. ”მეორე არხს” ჰყავს მაყურებელი, ახლად შექმნილი ტელევიზიებისგან განსხვავებით ხანდაზმული არხია, შესაბამისად, გამოცდილების მხრივ, კარგი კადრები ეყოლებათ. აქედან გამომდინარე, შეძლებენ საზოგადოებას დაუმახინჯებლად მიაწოდონ დიდი დაკვეთა.
ჯონი კალანდაძე, ტელეკომპანია ”იმედი”: ”მეორე არხი” აჭარაში აჩვენებს? რამდენადაც ვიცი, ყველაგან არ მაუწყებლობს. ამ ეტაპზე ”მეორე არხს” იყენებენ საპარლამენტო სხდომების ტრანსლაციისთვის და მისი რეიტინგი ნულის ტოლია.
რაც შეეხება არხის გაჩუქებას, ვფიქრობ, ეს ბრჭყალებში იყო ნათქვამი, რადგან ნაჩუქრობის ხელშეკრულებას არავინ გააფორმებს. საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ მივიდნენ და აზრი დააფიქსირონ.
მერაბ მეტრეველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი: ”როგორც თქვა პრეზიდენტმა, ისე მესმის. ერთადერთი, რაც არ ვიცი, ისაა, ფარავს თუ არა ”მეორე არხი” მთლიან საქართველოს, თუ ამ პოლიტიკურ დებატებს მარტო თბილისში უნდა უყურონ?”

თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან-შეთანხმების დეტალები

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმებით, ორ ქვეყანას შორის საბაჟო გადასახადები გაუქმდა. შეთანხმება ძალაში 1 ნოემბრიდან შევიდა. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ პროდუქციაზე ფასები დაიწევდა. ექსპერტის თქმით, ეს შეთანხმება ფასებზე არ იმოქმედებს.
თედო ჯორბენაძე /ბათუმელები

”ბათუმელების” მიერ გამოკითხულ ათამდე ბიზნესმენსა და იმპორტიორს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპით ჯერ არ უსარგებლია. რამდენიმე მათგანმა ვინაობის დაფიქსირება იმ მოტივით არ ისურვა, რომ შეიძლება შემდეგში საბაჟოზე პრობლემები შეექმნას. თუმცა, ამბობენ, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ იციან. ”ახლა გადავამოწმე საბაჟოზე და მითხრეს, რომ ყველაფერი ძველებურად ბაჟდება”, _ ამბობს ერთ-ერთი მეწარმე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, გიგა ხვინგიას ინფორმაციით, მეწარმე საბაჟო გადასახადისგან რომ გათავისუფლდეს, უნდა გააჩნდეს გადაადგილების სერტიფიკატი _ ”ევრო 1”. საქართველოდან ექსპორტის შემთხვევაში, სერტიფიკატს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გასცემს, ხოლო თურქეთის მხარეს, თურქეთის შესაბამისი სამსახური. ახალი შეთანხმებით, საბაჟო გადასახადი გაუქმდა თითქმის ყველა საქონელზე, რომელიც თურქული წარმოშობისაა და ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოდის, ასევე გაუქმდა საბაჟო გადასახადი საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ ქართულ საქონელზე.
გიგა ხვინგიას თქმით, ”იმ პროდუქციის შემოტანა, რომელიც საბაჟო გადასახადით იბეგრებოდა, უფრო ნაკლები უჯდებათ იმპორტიორებს. ისინი ამ შეღავათით უკვე სარგებლობენ, ამიტომ ფასები შემცირდება”.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება პროდუქციის გაიაფებას არ გამოიწვევს: ”12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი ფისკალური არ არის, რომ გადასახადი აკრიფო და ამან ღირებულებაზე იმოქმედოს”.

ამ შეთანხმებას ქართულ ბაზარზე თურქული პროდუქციის გაიაფება არ მოყოლია, უფრო პირიქით მოხდა: მაგალითად, თურქული წარმოების ცემენტი ორი ლარით, ზეთი 50-70 თეთრით გაძვირდა. გია ხუხაშვილის აზრით, ეს შეთანხმება ქართულ წარმოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

”ეს ხელისუფლების გაუაზრებელ პიარ-აქციას ჰგავს. საქართველოსა და თურქეთის განვითარების დონეების ანალიზიდან ჩანს, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი ხელშეკრულებაა~, _ აცხადებს ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი შეთანხმება ქვეყნისთვის წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ქვეყნების ეკონომიკა თანაბრადაა განვითარებული:
”ვინც შედარებით სუსტია და ნაკლებად კონკურენტულია, ის ძალიან მძიმე დღეში ვარდება. ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თურქული პროდუქციის მორიგ ექსპანსიას ყველა სფეროში”.

საბაჟო კონტროლის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბაზრის დაცვის მიზნით, შეთანხმებაში არის ჩამონათვალი, რაც დაიბეგრება საბაჟო გადასახადით: ციტრუსი, გარკვეული ბოსტნეული, კვერცხი და ა.შ. ასევე არის იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც საქართველოდან გატანისას დაიბეგრება. გიგა ხვინგიას თქმით: ”ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში განვითარდეს წარმოება და ნაწარმი თურქეთის დიდ ბაზარზე გავიდეს”.
ხუხაშვილის მტკიცებით კი, ქართული პროდუქცია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუწევს კონკურენციას თურქულს: ”ერთადერთი, შეიძლება ითქვას ღვინოზე და ისიც კვოტირებულია _ არის ზღვარი და იმაზე მეტს ვერ მივაწვდით. ამიტომ ძალიან სერიოზული დისბალანსი იქნება”.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ეკონომიკური საზღვრები გარკვეული პერიოდით მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეს შიდა ბაზრის ათვისებისა და კონკურენტული პროდუქტის შექმნის საშუალება მიეცეს: ”სხვანაირად ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. ეს ჩვენი ხელისუფლების ცუდი არჩევანია... საბაჟო გადასახადის გაუქმება იმპორტიორებისთვის, ვინც ვაჭრობის სფეროშია, მომგებიანი იქნება, მაგრამ მხოლოდ ვაჭრობა არ ნიშნავს ქვეყნის განვითარებას. ვაჭრობა სამუშაო ადგილების ძალიან დაბალ პროცენტს ქმნის”.

საბაჟოს წარმომადგენლის განმარტებით, ორმხრივი შეთანხმება ისე არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს მეწარმეს არც ერთ გადასახადს არ გადაახდევინებენ. საქართველოს საბაჟოზე ჩვეულებრივად მოხდება დღგ-ს, აქციზის გადასახადის გადახდა (გარდა იმ საქონელისა, რომელიც საგადასახადო კოდექსით არის გათავისუფლებული გადასახადებისგან: მედიკამენტები, ბავშვთა კვების პროდუქტები).

კიდევ ერთი პრობლემა საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ხარისხზე კონტროლია. საბაჟოზე აცხადებენ, რომ მათ მიერ ასეთი კონტროლი (როგორც ფიტოსანიტარული და ვეტერინარული) ხორციელდება; შესაბამისი დოკუმენტაცია მოწმდება და თუ პროდუქცია არ აკმაყოფილებს საქართველოში დაწესებულ ნორმებს, მას ვერ შემოიტანენ საქართველოს ტერიტორიაზე.

ექსპერტი კი თვლის, რომ ხარისხის მხრივ საქართველოს ეკონომიკური საზღვარი დაუცველია; შესაბამისი სამსახურები ეკონომიკურ საზღვრებზე გაუქმებულია და, ფაქტობრივად, არანაირი კონტროლი არ არსებობს: ”ისედაც ძალიან ბევრი გენმოდიფიცირებული საკვები შემოდის, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ისე გამოვიდა, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით იმპორტს და ამით, ამ მიმართულებიდანაც დარტყმა მივაყენეთ ადგილობრივ პროდუქტს. ხელისუფლების ლოგიკა ასეთია: სპეციალური სამსახურები საზღვრებზე კორუმპირებულები იყვნენ, პრობლემა კი მარტივად გადაწყვიტეს _ ეს სამსახურები გააუქმეს. მებაჟის მიერ პროდუქციის ხარისხის შემოწმება კი ძალიან სასაცილო თემაა”.


პროდუქცია, რომელზეც საბაჟო გადასახადები არ უქმდება

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან გაუქმდა თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციისა:
შინაური ფრინველი, ცოცხალი, ანუ Gallus domesticus (შინაური ფრინველი) სახეობის ფრინველები: იხვი, ბატი, ინდაური და ციცარი (პროდუქციის კოდი: 0105); ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული (0204); რძე და ნაღები, შეუსქელებული და შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობის გარეშე (0401); ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული (0407) ნატურალური თაფლი (0409); პომიდორი, ახალი ან შეყინული (მხოლოდ 1 ივნისი-31 ოქტომბრის პერიოდის განმავლობაში) (0702); ხანმოკლე შენახვისათვის დაკონსერვებული ბოსტნეული (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით უშუალოდ საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი (0711); კაკალი სხვა, ახალი ან გამხმარი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე (0802); ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან შეყინული (0805, ლიმონისა (Citrus limon, Citrus limonium) და ლაიმას (Citrus aurantifolia, Citrus latifolia) გარდა); ყურძენი ახალი (0806); ვაშლი (0808.10); ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), ოღონდ ასეთი სახით უშუალოდ საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი (0812); ჩაი (0902); თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები (2401); სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, სიგარილები და სიგარეტები (2402).
თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები არ უქმდება ასევე შემდეგ სამრეწველო პროდუქციაზე: მანიტი; სორბიტი; ეთერზეთები; სურნელოვანი ნივთიერებები კვების მრეწველობაში ან სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი; ალბუმინის შემცველი ნივთიერებები, მოდიფიცირებული სახამებლები, წებოები; გასაწყობი საშუალებები, ღებვის დამაჩქარებლები სახამებლიანი ნივთიერებების ფუძეზე; სორბიტი, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება; დაუმუშავებელი ტყავი; ნედლი ბეწვეული; ნედლი აბრეშუმი და აბრეშუმის ნარჩენები; შალი და ცხოველის ბეწვი, მატყლის ნარჩენები; ნედლი ბამბა, ბამბის ნარჩენები და დაჩეჩილი ბამბა; ნედლი სელი; ნედლი კანაფი.


დავით ამაღლობელი: ლარის დევალვაცია აღარ გაგრძელდება

ლარის კურსმა რამდენიმე დღეში 1,49 ნიშნულიდან 1,65-ს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, დავით ამაღლობელის განცხადებით, ლარის დევალვაცია აღარ გაგრძელდება. დავით ამაღლობელი ბლიც-ინტერვიუში ლარის საფრთხეებზე საუბრობს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

_ ბატონო დავით, რამდენად ბუნებრივი იყო ლარის კურსის ასეთი უეცარი ვარდნა?
_ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთის აგრესიის გამო, მივიღეთ შეგნებული გადაწყვეტილება, რომ სავალუტო ბაზარზე შეგვენარჩუნებინა ლარის კურსის სტაბილურობა დოლართან მიმართებაში. ეს იმით იყო გამართლებული, რომ არ შეგვექმნა დამატებითი სირთულეები ჩვენი ეკონომიკისთვის.
ამას ეროვნული ბანკის დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვი მოხმარდა _ აგვისტოს თვეში ჩვენ 187 მილიონი დოლარი გავყიდეთ. სექტემბერში, ფაქტობრივად, სიტუაცია სტაბილური გახდა და კურსის შენარჩუნებაში ხელოვნურად აღარ ჩავერიეთ. სექტემბრის ბოლოს კი გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყება მეორე შოკი იყო, რის შედეგად დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა.
_ ამბობენ, რომ თავდაპირველად ლარის კურსის ხელოვნური შენარჩუნებით, ახლა კი კურსის ვარდნით, ხელისუფლება სარგებლობს?
_ ეს აბსურდია. კურსის ცვალებადობით შეიძლება მხოლოდ იმან მოიგოს ან წააგოს, ვინც კურსის პროგნოზირებას შეძლებს. კურსი საბოლოო ჯამში განისაზღვრება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით. როცა ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვეღარ შევძლებდით კურსის შეკავებას, კურსის ერთბაშად კორექტირების გადაწყვეტილება მივიღეთ.
_ როგორ ფიქრობთ, მიაღწევს ლარის კურსი 2-იანის ნიშნულს?
_ როგორც ვთქვი, ეს იყო ერთჯერადი კორექტირება, ანუ ზოგადად არსებობდა მოლოდინი გაუფასურების, ეს მოხდა ერთჯერადად და ერთბაშად.
_ საბანკო სისტემაზე როგორ აისახება ეს?
_ ეს კრიზისი არ არის. ერთადერთი მიზანი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაა. მანამდე კი არაკონკურენტუნარიანს ხდიდა ჩვენს პროდუქტს და აზარალებდა ეკონომიკას. და მეორეც, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები უნდა შევინარჩუნოთ.
_ საქართველოში შემოსული ფინანსური დახმარება თუ აისახება კურსის შენარჩუნებაზე?
_ რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ უცხოური ვალუტის საკმარისი რესურსი იყოს ქვეყნის ბაზარზე, რომელიც დადებითად იმოქმედებს ლარის კურსის დინამიკის ფორმირებაზე.

ევროპა ამერიკის ზურგით

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
რუსული ენერგომატარებლები თუ საქართველო _ ევროპას არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს. საქართველო-რუსეთს შორის მტყუან-მართალი 18 ნოემბერს, ჟენევაში გამოიკვეთება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის პროგნოზები მომავალი კვირის ჟენევის შეხვედრაზე:

_ რაც უფრო ახლოვდება ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების თარიღი, მით უფრო მკაცრდება ევროპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ამ შეხვედრაზე უნდა ველოდოთ ევროპის გადახრას რუსეთისკენ, რაც ჩანს კიდეც და ეს გაუგებარი არ არის. საქმე იმაშია, რომ ევროპის გაბედულებას რუსეთთან ამერიკული ზურგი აქვს. როცა ამერიკას არ სცალია სხვა ქვეყნებისთვის, მაშინ ევროპა უსუსური ხდება რუსეთთან დაპირისპირებაში. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ. შეფასება მეტ-ნაკლებად კრიტიკული იქნება, მაგრამ რუსეთისთვის მტკივნეული ნაბიჯები არ გადაიდგმება.
_ ამერიკას არ დააზარალებს ევროპის პასიურობა?
_ რაც უფრო გათამამდება რუსეთი, რა თქმა უნდა, საზიანოა ორივესთვის, მაგრამ ევროპა დღეს ირჩევს ცუდ ვარიანტებს შორის უკეთესს. ახლა ევროპას იმაზე ფიქრიც მოუწევს, რომელი რუსეთია უფრო სახიფათო _ კმაყოფილი თუ უკმაყოფილო. რუსეთი თავისი განვითარების იმ ფაზაშია შესული, რომ თუ რეალური ძალა არ დაინახა, უკან არ დაიხევს.
_ გამოდის, რუსეთის ერთადერთი შემაჩერებელი ძალა ამერიკაა?
_ ამერიკაც არ იქნება, თუ გაბედულება არ გამოიჩინა. იქნება თუ არა ობამას ამერიკა გაბედული, წავა თუ არა რადიკალურ ნაბიჯებზე, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
ობამა, ალბათ, უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე ბუში იყო, რომელმაც თავისი გაუფრთხილებლობით ბევრი პრობლემა გააჩინა. მას რომ არ აეკვიატებინა კოსოვოს დამოუკიდებლობა, არც აფხაზეთი და ოსეთი მოყვებოდა ამას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ტიპის ნაბიჯებს ობამა გადადგამს.
ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბარაკ ობამამ უპირატესობა ეკონომიკურ ბერკეტებს მიანიჭოს. ეს არ იქნება რაღაც სადამსჯელო სანქციები, არამედ ფარული ეკონომიკური ომი, რის შემდეგ შეიძლება რუსული ეკონომიკა ცუდ დღეში ჩავარდეს.
_ აღმოსავლეთ ევროპის პოზიციები როგორი იქნება?
_ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც ისევე დამოკიდებული არიან ეკონომიკურად რუსეთზე, როგორც დანარჩენი ევროპა, ამიტომ პარტნიორების ანგარიშის გაწევა მაინც მოუწევთ.
_ რას უნდა ველოდოთ კონფლიქტებთან მიმართებაში?
_ პირველ რიგში, საქართველო უნდა დაფიქრდეს ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც გადაგდამს. საქართველომ ურთიერთობა გაიფუჭა დასავლეთის პარტნიორებთან. როცა დასავლეთი ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საქართველო ქმნის რაღაც გაურკვეველ სიუჟეტს იმაზე, სხვა როგორ დაესხა თავს, ეს გამაღიზიანებელია ევროპისთვის. გამოდის, ევროპას არ შეუძლია იმის დადგენა, ვინ დაიწყო ომი? ამიტომ იდიოტის როლში გამოდის.
ჩვენ როგორ უნდა გვქონდეს ევროპის იმედი, როცა ევროპას არ აქვს საქართველოს იმედი. ევროპა თხოვდა საქართველოს, არ ჩაბმულიყო საომარ მოქმედებებში, მაგრამ საქართველო მაინც ჩაება. ევროპას შეუძლია აირიდოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც საქართველოში მოხდება. რაღაცის პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა ავიღოთ თავზე.
_ ეს შეაჩერებს რუსეთს?
_ არ ვიცი, რუსეთი რა ნაბიჯებს გადადგამს. მას ბევრი მოტივი აქვს იმისათვის, რომ იყოს გაბუტული. მაგრამ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი შერბილდება, თუ საქართველო რაღაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც აიღებს.
_ გამოდის, ჟენევის სამიტი ბევრს არაფერს შეცვლის საქართველოსთვის?
_ რაც არ უნდა გადაწყდეს, ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება. რუსეთთან მოლაპარაკებით სიტუაცია არ გამოსწორდება, სიტუაცია დასავლეთთან უნდა გამოსწორდეს და მასზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამიტომ ეს პარტნიორები არ უნდა დავკარგოთ.

ცვლილება შედგა: ბარაკ ობამას ისტორიული გამარჯვება

ავტორი: ზვიად დიასამიძე, პოლიტოლოგი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მაგისტრი


,,I have a dream” (მე მაქვს ოცნება) _ ლეგენდარული შავკანიანი ამერიკელის, მარტინ ლუტერ კინგის მიერ ვაშინგტონში ამ სიტყვების წარმოთქმიდან ორმოცდახუთი წლისა და მისი მკვლელობიდან ორმოცი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შავკანიანი ბარაკ ობამა გახდა. ამ არჩევნებით შეერთებულმა შტატებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ახლახან არჩეულმა 47 წლის პრეზიდეტმა თავისი გამარჯვება ამერიკელ ხალხს ჩიკაგოდან მიულოცა და აღნიშნა: ,,არის აქ ვინმე, ვისაც კიდევ ეეჭვება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია? არის აქ პიროვნება, რომელსაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ დღეს კიდევ ცოცხლობს ჩვენი ქვეყნის დამაარსებლების იდეალები და კითხვის ქვეშ აყენებს დემოკრატიის ძალას? _ დღეს ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა”.

მიუხედავად ობამას პოპულარობისა, რაც განპირობებული იყო ამერიკის სენატში მისი წარმატებული მუშაობით და ერაყის ომის გამო ბუშის ადმინისტრაციის მკვეთრი კრიტიკით, 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვისას ექსპერტების პროგნოზები უფრო რესპუბლიკელების კანდიდატის, სენატორ ჯონ მაკკეინის სასარგებლოდ იხრებოდა.

ობამას მიერ წარმოებულმა საუცხოო წინასაარჩევნო კამპანიამ, ამერიკელი ამომრჩევლისთვის მისი კამპანიის მთავარი მესიჯის _ `Change~ (ცვლილება) წინ წამოწევამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის გამარჯვებას.

ბარაკ ობამას დამაჯერებელ გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა ბუშის ადმინისტრაციის რეკორდულ ზღვარს მიღწეულმა არაპოპულარობამ, რომლისგან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობდა ჯონ მაკკეინი. ბუშის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულმა წარუმატებელმა ომის კამპანიებმა ერაყსა და ავღანეთში, ამერიკულ საზოგადოებაში ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესების მოთხოვნამ და სოციალური საკითხების გაუარესებამ, კიდევ უფრო გააძლიერა ობამას პოზიციები 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ყველაფერ ამას თან დაერთო შეერთებული შტატების ისტორიაში უმძიმესი ფინანსური კრიზისი, რამაც რესპუბლიკელების მმართველობას წერტილი დაუსვა.
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი 2009 წლის 20 იანვარს შეუდგება თავის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში აბრაამ ლინკოლნისა და ფრანკლინ რუზველტის შემდგომ ძნელად თუ მოინახება პრეზიდენტი, რომელიც როგორც საშინაო, ასევე საგარეო სფეროში ისეთი ურთულესი ამოცანების წინაშე დგას, როგორც ბარაკ ობამა.

ეს არის ფინანსური კრიზისი, რომელმაც შეერთებული შტატების ეკონომიკას მძლავრი დარტყმა მიაყენა, ჯამრთელობისა და განათლების სისტემის რეორგანიზაციის აუცილებლობა და არალეგალი ემიგრანტების საკითხი, რასაც შტატებში დიდი ყურადღება ეთმობა.

საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვან პრობლემებს ერაყის ომი, ახლოაღმოსავლეთის, ავღანეთის, ირანის, კრიზისი და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის ამბიციების მომძლავრება წარმოადგენს.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის და როგორი იქნება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის კითხვები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში აქტუალურია.

ბარაკ ობამა შეეცდება აქტიური ნაბიჯები გადადგას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური კრიზისიდან გამოყვანისთვის. საგარეო პოლიტიკაში მისი ადმინისტრაციის ნაბიჯები კი მიმართული იქნება ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ, რაც აშშ-ის მკვეთრად დაცემული საგარეო ავტორიტეტის ამაღლებას გულისხმობს. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა, აშშ-ის საგარეო ზეგავლენის აღდგენა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

შეერთებული შტატების საგარეო სიძლიერე ისტორიულად ეყრდნობოდა ამერიკისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მყარ ალიანსს. ამის უგულებელყოფა ბუშის ადმინისტრაციის დამსახურებაა. სწორედ მისი ადმინისტრაციის მიერ, 2003 წელს, ერაყის ომის დაწყების წინ წამოწეულმა სლოგანმა `პუნისჰ ტჰე Fრანცე, იგნორე Gერმანყ ანდ ფორგივე ღუსსია~ (`დასაჯე საფრანგეთი, იგნორირება გაუკეთე გერმანიას და შეუნდე რუსეთს~), რომელიც ევროპაში ამერიკის ძველი მოკავშირეების _ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელი შეუწყო მსოფლიო პოლიტიკაში შეერთებული შტატების ავტორიტეტის მკვეთრ შესუსტებას.

საგარეო ზეგავლენის შესუსტებამ კი, თავის მხრივ, გამოიწვია აშშ-ს მუდმივი კონტრაგენტი სახელმწიფოების გააქტიურება. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის ბარბაროსული ქმედება საქართველოში სწორედ შეერთებული შტატების საგარეო როლის სისუსტის გამოხატულებაა.

ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ობამას ადმინისტრაციის მოქმედება იქნება კოორდინირებული ევროპის წამყვან ქვეყნებთან, რაც რუსეთისთვის მეტად არასასურველ პროცესს გულისხმობს. ცხადია, ობამა არ აპირებს გადაუხვიოს ბუშის ადმინისტრაციის გეგმებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, პოლონეთში შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსებას, რასაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ განიხილავს.

რუსეთი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს აშშ-სა და ევროპის ერთიან პოზიციას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სრულ იზოლაციაში მოქცევის რისკი უჩნდება, რაც ამ ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამღუპველი იქნება. აქედან გამომდინარე, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში მაკკეინის დამარცხებით გამოხატული სიხარული ისეთივე `სიმართლეა~, როგორიც რუსული მედიის საუბარი რუსეთში პუტინის `დემოკრატიულ~ სახელმწიფოს მშენებლობაზე.

აშშ-ის ახლი პრეზიდენტისთვის საქართველო ამიერკავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ რჩება. ობამამ ეს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხაზგასმით აღნიშნა. ეს გულისხმობს აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება ამიერკავკასიაში დაკარგული პოზიციების დაბრუნებისკენ. ამასთან, შტატები შეეცდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების პროცესს შეუწყოს ხელი.
ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას თავის ერთ-ერთ `წარმატებულ~ პროექტად განიხილავდა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბევრ შეცდომას პატიობდა, ობამას ადმინისტრაცია შეეცდება გაატაროს განსხვავებული პარტნიორული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ეს არ იქნება ბუშის ადმინისტრაციის მიერ პრაქტიციზირებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი პოლიტიკა. ეს პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების _ პარლამენტის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.

ამ მოსაზრებას საფუძველს უმაგრებს არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის განსაკუთრებული მგრძნობელობა და ტრადიციული ზრუნვა მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, არამედ ის ფაქტიც, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამიერკავკასიაში საქართველოს სახით სჭირდება სტაბილური, ძლიერი მოკავშირე. სტაბილურობის მიღწევა კი დემოკრატიული რეფორმების წარმატების გარეშე შეუძლებელია.

წვრილი ბიზნესი მსხვილის პირისპირ

ლატვიის ქალაქ ლუდზის ყოფილი მერი ვალენტინა ლაზოვსკაია, თამარის დასახლებაში სასტუმრო კომპლექსის აშენებას აპირებს. შპს ”ლადგალიამ”, რომლის მფლობელიც ლაზოვსკაიაა, ყოფილი საავადმყოფოს შენობა წელს, აპრილში იყიდა. ფირმის წარმომადგენლის განცხადებით, ლაზოვსკაიას საკუთრების მიმდებარე ტერიტორია ბათუმის საკრებულომ კერძო პირებს უკანონოდ გადასცა, რაც სასტუმროს აშენებას სარისკოს ხდის.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

`ლადგალიას~ დირექტორის, შალვა აბაშიძის განცხადებით, საკრებულოს მიერ ტერიტორიის კერძო პირებზე დაკანონება, სასტუმროს პროექტიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო: `საკრებულოს მიწის მართვის კომისიას ის მონაკვეთი აქვს სხვაზე გადაცემული, საიდანაც სასტუმრო კომპლექსის ცენტრალური შესასვლელი უნდა გაკეთდეს. ახალ მეპატრონეს კი იქ უსახური ჯიხური უდგას”.

აბაშიძე იმედოვნებს, რომ მერია უკანონოდ დაკანონებულ მიწებზე საკუთრების უფლებას გააუქმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს. `სასტუმრო მაღალი კლასის იქნება. ვალენტინამ განაცხადა, რომ ზაფხულში რიგა-ბათუმის თვითმფრინავიც დაინიშნება, ბევრი უცხოელი სტუმარი ჩამოვა, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე არაკომფორტული ნაგებობების არსებობა პრობლემებს შეგვიქმნის~ _ ამბობს აბაშიძე.
საავადმყოფოს მიმდებარე მიწის ფართობი საკუთრებაში ორ პიროვნებაზე, ნური ირემაძესა და ზურაბ ბერიძეზეა გადაცემული. საკუთრების მოწმობა კომისიას მაისის თვეში გაუცია. დანარჩენი მიწის ნაკვეთი, 11-წლიანი იჯარით რეზო ყურშუბაძეს აქვს სარგებლობაში. ტროტუარის გასწვრივ კი, 11-მდე ოჯახს სავაჭრო ჯიხურები აქვს ჩადგმული, თუმცა, მათთვის მერიას საკუთრების დოკუმენტი ჯერ არ გადაუცია. ისინი შიშობენ, რომ ამ დავის გამო, მერია დროებით სარგებლობაში მათთვის გადაცემულ ობიექტებსაც წაართმევს.
`რაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიხურა, მას შემდეგ უმუშევრები ვართ. ოჯახში ექვსი სული ვცხოვრობთ და ამ ჯიხურიდან მიღებული შემოსავლის გარდა, სხვა არაფერი გვაქვს... მერიას ჯიხურების დაკანონების მოთხოვნით ჯერ კიდევ გასულ წელს მივმართეთ~, _ აცხადებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ლუიზა ტუღუში.


`უსამართლობა იქნება, თუ ამდენ ოჯახს ლუკმა-პურის გარეშე დატოვებენ~, _ ამბობს სხვა მოვაჭრე. მერიისგან პრობლემების შექმნას არც რეზო ყურშუბაძე მოელის: `წესით, პრობლემები არ უნდა შემიქმნან, რადგან ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს და იჯარის გადასახადსაც ვიხდი~.


მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით დავითაძის განცხადებით, ქალაქში არსებული ყველა ჯიხური უკანონოა და მათი აღების საკითხი აუცილებლად დადგება.


საკრებულოს იურისტი, სულიკო შვენთიძე კი აცხადებს, რომ შპს `ლადგალიას~ წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით კომისიისთვის არ მიუმართავთ: `განცხადებას თუ შემოიტანენ, საკითხს შევისწავლით და თუ მართლაც უკანონოდაა გადაცემული, მაშინ საკუთრებას გავაუქმებთ. ყოფილ მესაკუთრეს კი საკუთრების აღიარებისთვის გადახდილი თანხები უკან დაუბრუნდება~.


რაც შეეხება ვალენტინა ლაზოვსკაიას, იგი საკმაოდ სკანდალური პიროვნებაა. მას ქალაქ ლუდზის საკრებულოს დეპუტატები, როგორც ერთპიროვნულ მმართველს, ისე ახასიათებენ. იგი მერად არჩევის შემდეგ, პირველ ეტაპზე საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. მასზე, როგორც ენერგიულ მმართველზე, ადგილობრივი პრესა ხშირად წერდა. თუმცა, ბოლო წლებში, ავტორიტარული მართვის სტილის გამო, ლაზოვსკაიას დეპუტატები ხშირად საყვედურობდნენ.


ადგილობრივი პრესის ფურცლებზე ასევე ხშირად იწერებოდა მერის ქონებასა და ბიზნესწილებზე. მას ფარულ გარიგებებშიც სდებდნენ ბრალს. დეპუტატების განცხადებით, მერი საკრებულოს წინაშე თავს ანგარიშვალდებულად აღარ თვლიდა. ამიტომ, მერის პოსტზე ხელმეორედ არჩევისას, 11 დეპუტატიდან ექვსმა ხმა ვალენტინა ლაზოვსკაიას წინააღმდეგ მისცა.

რეპეტიტორები და მშობლების უცნოურობები

ქართული სკოლების პარადოქსი: მოსწავლეები, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ და წელიწადში, საშუალოდ, 600-დან 1000-მდე ლარს იხდიან, პარალელურად რეპეტიტორთან ემზადებიან. მოზარდის ერთ საგანში მომზადება მშობლებს ყოველთვიურად 70-დან 100-ლარამდე უჯდებათ. ამ თანხებს თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ მშობლების ხარჯი სასკოლო ასაკში ბავშვის განათლებაში, წელიწადში, 3120-დან 4610 ლარია. ამას ემატება კერძო სკოლის გადასახადი.
ნათია როყვა/ბათუმელები

ამ ციფრების მიხედვით, საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება უფრო იაფი ღირს, ვიდრე სასკოლო. თუ ყველა მოსწავლე, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში მაინც რეპეტიტორთან ემზადება (ცხადია, ისინი, ვის ოჯახსაც ამის ფინანსები აქვს. არიან ბავშვები, რომლებიც რეპეტიტორს უფულობის გამო ვერ ქირაობენ), მაშინ რა უპირატესობა აქვს კერძო სკოლას, ცოდნის მიღების თვალსაზრისით?

ის, რომ კერძო სკოლებში ბავშვები უფრო დაცულნი არიან და მშობლების უმრავლესობაც დროს იგებს, ამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, მაგრამ გაუგებარია, რატომ იღებენ მათი მშობლები ორმაგ ხარჯს _ კერძო სკოლისა და რეპეტიტორის.

სკოლიდან სკოლაში თითქმის ორი დღე დავდიოდით, მაგრამ მე-12-კლასელები გაკვეთილებზე, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ (გამოკითხვა მხოლოდ კერძო სკოლებში ერთი მოტივით გადავწყვიტეთ: ცნობილია, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეები რეპეტიტორთან ემზადებიან). არადა, სწორედ ის გვაინტერესებდა, მე-12 კლასის მოსწავლეები როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის.

სკოლა ლიცეუმ ”თაობა XXI”_ს, სადაც გამოსაშვებ კლასებში სწავლა წელიწადში 1300 ლარი ღირს, სასწავლო ნაწილის გამგის ეთერ ქემხაძის განმარტებით, სკოლამ აბიტურიენტებს მოსამზადებელი ცენტრის გახსნა შესთავაზა, ”თუმცა ამის მსურველი, ჯერჯერობით, არავინაა. მე-12 კლასი სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობს. ეს ბავშვებმა ითხოვეს, რადგან დილით სახლებში მეცადინეობენ და შემდეგ უტარდებათ გაკვეთილები”.

”თაობა XXI” დირექტორის, ომარ მიქელაძის თქმით, მშობლებს მე-12-კლასელები სხვა სკოლაში ხშირად იმ მიზნით გადაჰყავთ, რომ რეპეტიტორებთან მოამზადონ: ”მოსამზადებელ პროგრამაზე უარი რომ მეთქვა, ყველა საჯარო სკოლაში წავიდოდა, ამიტომ მოსამზადებელი კურსის გახსნა გადავწყვიტეთ. ამაში მოსწავლეები დამატებით 300 ლარს იხდიან”.
”თაობა XXI”_ში გამოკითხული მე-10-11-კლასელები რეპეტიტორთან არ ემზადებიან. ისინი ამბობენ, რომ დამატებით მომზადება არ სჭირდებათ, რადგან მათთან გაძლიერებულად ასწავლიან. `ამ სკოლაში იმიტომ გადმოვედი, რომ აქვე მამზადებენ”, _ განაცხადა მეთერთმეტეკლასელმა მალვინა ფარტენაძემ. ერთ-ერთი მოსწავლე კი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ამბობს, რომ მე-12 კლასში მხოლოდ არჩეულ საგნებს სწავლობენ გაძლიერებულად და ამაში 2500 ლარს იხდიან. თუმცა ამ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია უარყოფს.

”თაობა XXI”_ს გასულ წელს გამოსაშვები კლასი არ ჰყოლია. მიქელაძის ინფორმაციით, ხუთი მოსწავლე გადავიდა რუსულ სკოლაში და ხუთივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები.

”ევრო 2000”-ის დირექტორის, მარინა ცივაძის თქმით, მათი სკოლა გასულ წელს 23-მა მოსწავლემ დაამთავრა, `აქედან ექვსმა რუსეთში განაგრძო სწავლა, ჩვიდმეტმა _ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, მხოლოდ ერთმა ვერ ჩააბარა, ისიც გვიან გადმოვიდა”. დირექტორის მონაცემებით, რამდენიმე მოსწავლემ გრანტიც მოიპოვა.

”ევრო 2000”-ში, სადაც მაღალ კლასებში სწავლის გადასახადი 700 ლარია, მე-12-კლასში _ შვიდიდან ორი მოსწავლე ესწრებოდა ისტორიის გაკვეთილს. ლაშა ირემაძე სამ საგანში ემზადება რეპეტიტორთან და ეროვნულ გამოცდებამდე კიდევ რამდენიმე საგანში აპირებს მომზადებას. ლაშას თანაკლასელი, არჩილი, რეპეტიტორთან არ ემზადება და არც აპირებს მომზადებას. ფიქრობს, რომ ისედაც შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. მოზარდების თქმით, მათი თანაკლასელები დამატებით ემზადებიან და სკოლაში ამიტომ ვერ დადიან.

სკოლა-ლიცეუმ ”ნერგებში”, სადაც წლიური გადასახადი 700 ლარია, გაკვეთილის მსვლელობის დროს არც ერთი მე-12-კლასელი არ იყო სკოლაში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მე-12 კლასში სულ ცხრა მოსწავლეა, ისინი გადასახადს არ იხდიან: `გასულ წელს მე-12 კლასი არ გვყავდა, რადგან შარშან 18 მოსწავლე სომხურ და რუსულ სკოლებში გადავიდა. წელი რომ არ ჩაგვვარდნოდა, ამ კლასში წელს მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსებით ვასწავლით”.

მე-11-კლასელი ვერიკო უშვერიძე მომავლიდან აპირებს რეპეტიტორებთან მომზადებას. ავთანდილ ბერიძე ჯერ მხოლოდ მათემატიკაში ემზადება, ამირან შავაძე კი რეპეტიტორებთან მომზადებას მათემატიკაში, ქართულსა და უცხო ენაში სამომავლოდ გეგმავს. გუგა ფუტკარაძე კი ამჟამად სამ საგანში ემზადება: `მათემატიკაში ჩემი სკოლის პედაგოგთან ვემზადები, დანარჩენში _ სხვაგან~. კლასის დამრიგებელი გუგას ნათქვამს აზუსტებს: ”რეპეტიტორთან კი არ ემზადება, მასწავლებელი ეხმარება და ამეცადინებს დამატებით”.
გამოსაშვები კლასები გასულ წელს არც ”ნერგებს” ჰყავდა.


ოპოზიცია ბათუმის მერის გადადგომას ითხოვს


{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ბათუმის მერის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მათი აზრით, საკრებულოს დისკრედიტაცია დღითიდღე იზრდება.

”საკრებულო, ფაქტობრივად, არ მოქმედებს”, _ აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი თქმით, არეულია საკრებულოსა და მერიის ფუნქციები: ”თავმჯდომარე ფუნქციებს თავს ვერ ართმევს. არ ტარდება კომისიისა და ბიუროს სხდომები, იგნორირებულია რეგლამენტი, ყალბდება დოკუმენტაცია _ სხდომები ქაღალდზე ტარდება. მოვუწოდებ კოლეგებს, ამ უმსგავსობაზე ხმა აიმაღლონ და ვაყენებთ თავმჯდომარისა და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხს”.

”რესპუბლიკელების” განცხადებით, ქალაქის მერს საკრებულო თავისი გავლენის ქვეშ ჰყავს მოქცეული. `ის ერევა საკრებულოს საქმიანობაში. არ ხდება ბიუჯეტის დროული წარმოდგენა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ყველა პროექტი შეჩერებულია. ჩვენ მისი პასუხისმგებლობის საკითხსაც ვსვამთ”, _ აცხადებს ოპოზიცია.

”რესპუბლიკელები” შეეხენ საკრებულოს მიწის მართვის კომისიასაც. მათი განცხადებით, კომისიის მუშაობა, როგორც საკრებულოს წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის დახურულია: ”კომისიის თავმჯდომარეს ბადრი ქაჯაიას, ჩამორთმეული აქვს ბეჭედი. ყველაფერს საკრებულოს იურისტი განაგებს. როგორც ამბობენ, ხდება კორუფციული გარიგებები. ამიტომ, კომისიაში გამჭვირვალობის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლის შეყვანას მოვითხოვთ”.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები დაიწყება.


საბავშვო კარუსელი არჩევნებზე

{დავით ბაციკაძე
წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი}

3 ნოებრის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ბოლო წლებში პირველი არჩევნები იყო, რომელშიც მე და ჩემი თანაგუნდელები პასიურ როლში ვიყავით. ჩვენ დემოკრატიულ ანტურაჟს არ შევუქმნიდით მიხეილ სააკაშვილს, სატელიტური ოპოზიციისაგან განსხვავებით, მაგრამ წინა საარჩევნო პერიოდსაც ვადევნებდით თვალყურს და არჩევნებსაც.

წინასაარჩევნო კამპანია ხომ უამრავი კურიოზით მიმდინარეობდა _ გამოცდილი ჟურნალისტ-პოლიტიკოსები სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ სააგიტაციო პლაკატებში. ბატონი ნიაზ ზოსიძე, ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი, არ იყო გარკვეული ბათუმში იყრიდა კენჭს თუ `ბათუმის რაიონში~. ამაზე მისი პლაკატი მეტყველებდა. ბატონ გიორგი თარგამაძის განცხადებაზე ორი სამშობლოს შესახებ, _ `აჭარა ჩემი მეორე სამშობლოა~, ჩემმა კოლეგებმაც გაამახვილეს ყურადღება და ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო.
ჩემთვის ასევე დღემდე გაუგებარი დარჩა, რას ნიშნავდა `ვარშალომიძის პროექტი~, მაგრამ ახლა მხოლოდ არჩევნების დღეზე მინდა ვისაუბრო.

რაც შეეხება არჩევნებს, ყველა თანამდებობაზე _ დაწყებული თავმჯდომარეობით და მდივნებით დამთავრებული, ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული ადამიანები მუშაობდნენ. ის ინფორმაცია, რომ კარუსელში მონაწილეობას მიიღებდნენ 14-15-16 წლის ბავშვები, #13, #20, #30, #52 უბნებზე დადასტურდა. ეს ბავშვები, რომლებსაც ყალბი პირადობის მოწმობები ეკავათ აკანკალებულ ხელებში, დამფრთხალი თვალებით, დაბნეული შედიოდნენ საარჩევნო უბნებზე.

#52 უბანზე კი ნამდვილი კურიოზი მოხდა: ამომრჩეველი ბიჭუნას ყველა მონაცემი ემთხვეოდა კახა ცისკარიძის მონაცემებს, მომღერალ კახუჩელაზეა ლაპარაკი. ის ბიჭი თავგამოდებით ამტკიცებდა უბანზე, რომ სწორედ თვითონ იყო კახა ცისკარიძე და არა სხვა ვინმე. გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე მართლაც მომღერალი კახა ცისკარიძე ცხოვრობდა.

ყველა საარჩევნო უბნის წინ იდგა კოორდინატორი, ვისთანაც საჯარო მოხელეები გადიოდნენ რეგისტრაციას და შემდეგ შედიოდნენ უბანზე ხმის მისაცემად.
მმართველი პარტიის ამდენი მცდელობის, ყველანაირი უღირსი ხერხის გამოყენების მიუხედავად, ბათუმში ამომრჩეველთა 32%-ზე მეტი ვერ `მიიყვანეს~.
გადასატანი ყუთების მონაცემები, ჩვენი დიდი ძალისხმევით, ბევრ უბანზე გაუქმდა. მაგრამ, როცა მოვითხოვეთ, რომ ის უბნებიც გაუქმებულიყო, სადაც მოქალაქეები ყალბი პასპორტებით აძლევდნენ ხმას, ეს არ დაუშვეს. თუმცა, ამ უბნების კომისიის თავმჯდომარეები გაათავისუფლეს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. ცოტა პარადოქსია. ეს იმას ნიშნავს, რომ გათავისუფლებულ თავმჯდომარეებს ოლქი აღარასოდეს დანიშნავს ამ სისტემაში.

რაც შეეხება ხელვაჩაურის ოლქის გაუქმებას, ეს იყო მორიგი ფარსი ხელისუფლებისა, და მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან ჰქონდა გარიგება დადებული. ცხადია, ეს ოლქი გაუქმებას ექვემდებარებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კანონის უხეში დარღვევით იმოქმედეს. სხვა პარტიები კი 5%-იანი ბარიერის შეცვლით მოატყუეს.
ხელვაჩაურში ხელახალი არჩევნების დანიშვნა კი იცით რამ განაპირობა? _ ნაციონალურ მოძრაობას ზედმეტი მოუვიდა, რატომღაც ვერ გათვალეს და პროცენტების რაოდენობამ დაგეგმილ ზღვარს გადააჭარბა.

რაც შეეხება 14-17 წლის ახალგაზრდების სულის დამახინჯებას, ვიმედოვნებ, ვინც ეს დაგეგმა, ოდესმე პასუხს აგებს. ჩემი აზრით, უბედურება ისაა, რომ ამ საშინელ ფარსში მშობლებიც იღებდნენ მონაწილეობას და მათაც ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩემი ასაკისა, მწამს, რომ ბოროტების მანქანა დაიმსხვრა, როგორც ეს 2003 წელში მოხდა. კიდევ იმისი მწამს, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. და ღმერთმა ქნას, რომ ეს საბოლოოდ მოხდეს და ამაზე ბრძოლა აღარასოდეს დაგვჭირდეს.