div#header
Showing posts with label ბათუმი. Show all posts
Showing posts with label ბათუმი. Show all posts

Thursday, April 9, 2009

9 აპრილის პროტესტი ბათუმში - ზურაბ, ზურაბ


ბათუმი. 9 აპრილი

„ბათუმელები“

9 აპრილს ბათუმში  გამართული საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.


 საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის "სამართლიანი საქართველო" და ლეიბორისტური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვა ოპოზიციურ პარტიების ადგილობრივი ლიდერები და მათი მომხრეები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას.

 

აქციის მონაწილეების უმრავლესობა ბათუმში გურიიდან და ქობულეთიდან ჩამოვიდა.  ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აქციაზე რვა ათასამდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა. `მაგრამ უამინდობის გამო მხოლოდ ხუთი ათასის ორგანიზება შევძელით~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ზურაბ ნოღაიდელმა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად გურიიდან აჭარაში 500-მდე ადამიანი ჩამოვიდა.

გაზეთ "ბათუმელების" გამოთვლით  აქციაში ორი ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.


ბობოყვათში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 9 აპრილს აქცია არ გამართულა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომიტინგეების ავტოკოლონა რეზიდენციასთან არ გაჩერებულა. რეზიდენციის დაცვა 9 აპრილს გაძლიერებული არ იყო.


ბათუმში, თეატრთან გამათულ აქციაზე ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევას და პატიმრობაში მყოფი ნოღაიდელის ნათესავის პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.


„ძირს სააკაშვილთან“ ერთად აქციის მონაწილეები ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის გადადგომის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ზოგიერთი მონაწილე კი სკანდირებდა „ზურაბ, ზურაბ“. 


ბათუმის თეტრთან საპროტესტო აქცია 16 საათსა და 35 წუთზე დასრულდა. აქციის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იქამდე  შეიკრიბებიან, სანამ „ხელისუფლებას არ გამოაგდებენ და გააპანღურებენ“, და მოქალაქეებს 6 მაისს შეკრებისგან მოუწოდა. შეგახსენებთ, 6 მაისს  ე.წ. აჭარის რევოლუციის ხუთი  წლისთავია.


ბათუმში 9 აპრილს არ შეინიშნებოდა ძალოვანთა გასაკუთრებული მობილიზება. ქუჩაში მოძრაობა აქციის მიმდინარეობის გამო არ შეფერხებულა.

 

 

Thursday, December 25, 2008

ფასები მთის კურორტებზე– შევძლებთ თუ ვერა დასვენებას?

ექიმები ამბობენ, რომ აჭარის ზღვისპირა ზოლში მცხოვრებთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მთებში გასვლა, თუნდაც ორი კვირით, აუცილებელია. ბათუმელებისთვის ბაკურიანი და გუდაური ყველაზე სასურველი კურორტებია, თუმცა ამ კურორტებზე დასვენება, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაძვირდა.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები

ბათუმში ნესტიანობა განსაკუთრებით ზამთრობით მატულობს. ამ გარემოდან თუნდაც ათი დღით გაცლა, სასურველი სწორედ ამ სეზონზეა. `აჭარა მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, ამიტომაც, როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს, მშრალ ჰავაზე ყოფნა მინიმუმ ორი კვირით სჭირდებათ. თუ ბავშვს ბრონხიალური ან ალერგიული დაავადებები აწუხებს, მას მშრალი მთის ჰავა გადაუდებლად ესაჭიროება", _ ამბობს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ექიმი, ნინო კვაჭაძე.

ბაკურიანსა და გუდაურში დასვენება იაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ წელს ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. შარშან სასტუმრო `ვილა ბაკურიანი~ დამსვენებელს ასეთ პირობებს სთავაზობდა: ორადგილიანი ნომერი _ 80 დოლარი; ლუქსი _ 150 დოლარი (სამჯერადი კვებით); ახლა ორადგილიანი _ 140 დოლარი; ლუქსი _ 180 დოლარი (შვედური სამზარეულოთი) ღირს.

წელს, ბაკურიანსა და გუდაურში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებს ლარის დევალვაციამ და ბუნებრივი აირის გაძვირებამაც პრობლემები გაუჩინა. ერთი კუბ/მეტრი ბუნებრივი აირი ბაკურიანში 81, ხოლო გუდაურში 71 თეთრი ღირს. ამის შედეგია, რომ სასტუმროს მეპატრონეებმა ნომრები, სულ მცირე, 20 ლარით გააძვირეს.

ქალბატონი ნატო, რომელსაც ბაკურიანში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს, ამბობს, რომ მის სასტუმროში ერთი ადამიანის ღამის გათევა, კვების გარეშე, 35 ლარი ეღირება, ხოლო კვების ჩათვლით _ 60 ლარიდან (კვებას გააჩნია). ბაკურიანში იმედი აქვთ, რომ წელს ტურისტები მაინც ეყოლებათ.

ტურსააგენტოების ინფორმაციით კი, მოთხოვნა მთის კურორტებზე, ჯერჯერობით დაბალია. ბათუმში არსებული სააგენტო "ჯემინის" დირექტორის, ლია რომანაძის თქმით, მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.

იგივეს ამბობს სააგენტო "ხინოს" წარმომადგენელი, გია ჭანკურაძეც: "მთის კურორტებიდან ბათუმში მოთხოვნა, ძირითადად, ბაკურიანზეა, მაგრამ წელს არავის მოუმართავს. ამის მიზეზი ფასებია".

ბათუმელი ნანა ცეცხლაძე ბაკურიანში წასვლას ყველაფრის მიუხედავად გეგმავს: "იქ ყოველ წელს დავდივარ და ვიცი, რა ფასებიცაა, მაგრამ ეს ჩემთვის აუცილებელია. დღევანდელ პირობებში გართობის მიზნით წასვლა თითქმის შეუძლებელია".

მარიამს ბრონხული პრობლემები აქვს. ელენეს, ბავშვის დედას, შვილის ზაფხულში სურამში, ხოლო ზამთარში ბაკურიანი მინიმუმ სამი კვირით დასვენება ექიმმა ურჩია: `სამი კვირით ისეთ ძვირ კურორტზე წასვლა, როგორიც ბაკურიანია, ჩემი ოჯახისთვის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის ეს აუცილებელია. მე უმუშევარი ვარ, ჩემი ქმარი მძღოლია".

ბაკურიანში სერვისი და გართობის საშუალებები ისეთივეა, როგორიც შარშან იყო: საბაგირო გზები, თოვლმავლები და თხილამურები. ვისაც ეს არ იზიდავს, შეუძლია ცხენით ისეირნოს. ბავშვებისთვის კი ციგებისა და პატარა ზომის თოვლმავლების დაქირავებაა შესაძლებელი.
წელს გუდაურსა და ბაკურიანში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტთა 40-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. საგულისხმოა, რომ შარშან, ამავე პერიოდში ბაკურიანს 40 ათასი, ხოლო გუდაურს _ 22 ათასი ტურისტი სტუმრობდა.

2008 წელს, საქართველოში, ერთ მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას გეგმავდნენ, მათი შემოსვლა, ძირითადად, აჭარის ზღვისპირა ზოლში იგეგმებოდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, წელს აჭარაში, ნოემბრის ჩათვლით, 279 162 ტურისტი ჩამოვიდა. 2007 წელს კი აჭარაში 352 085 ადამიანმა დაისვენა, აქედან 112 299 უცხოელი იყო.

გუდაური _ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარე კურორტი, სიმაღლე, ზღვის დონიდან, 2003 მეტრი. აქ თოვლი ნოემბრიდან მაისის თვის ჩათვლით დევს. ფერდობებზე თოვლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.

ბაკურიანი, სამთო-სათხილამურო კურორტი, ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. აქ უნიკალური მთის კლიმატია. კურორტის სიმაღლე 1700 მეტრი, ფერდობის მაქსიმალური სიმაღლე _ 2850 მეტრი, საბილიკო გზა _ ხუთი კილომეტრია.

ნავთობი, წყალი და ნაგავი- ეკოსაფრთხეები ერთი უბანში

ნავთობის სუნი, დაბინძურებული მდინარე და ძლიერი წვიმის შიში _ ეს ბათუმის ერთი პატარა ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებია. დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრები ორმოცდაათამდე ოჯახის ჯანმრთელობა და საყოფაცხოვრებო პირობები საფრთხის წინაშე დგას. მოსახლეობა ატმოსფერული ჰაერის კვლევის შედეგებს ელოდება, აჭარაში კი შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

ნავთობის სუნი
"ყელში რომ ჩაგაფრინდება, ასე გგონია,
გახრჩობს..."
ბარცხანაში, დიმიტრი ბაქრაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დილაობით ფანჯარას არავინ აღებს. ბაქრაძის ქუჩიდან ორმოცდაათამდე მეტრში მდებარე ნავთობ-ტერმინალიდან გავრცელებული სუნი ქუჩის მცხოვრებლებს თავბრუს ახვევს. ამ ქუჩასთან ტერმინალი ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს, მაგრამ აქ მცხოვრებთა თქმით, ნავთობპროდუქტების ასეთი ძლიერი სუნი არასდროს ყოფილა.

ნავთისა და ნავთობპროდუქტების სუნი ქუჩაზე პერიოდულად დგას, ძირითადად, დილაობით და შაბათ-კვირას.
ნავთობის სუნი მიმდებარე ქუჩებზეც აწუხებთ, მაგრამ ბაქრაძის ქუჩას ტერმინალისგან მხოლოდ მდინარე ბარცხანა ჰყოფს, ნავთობის მილების ერთი ნაწილი ამ ქუჩაზე გადის და სუნი ყველაზე მძაფრად აქ იგრძნობა. არქივის მონაცემებით, ეს უბანი 1926 წლიდან აღებაშია.

ეკა გოგიბერიძე: "ვის ჰყავს პატრონი, რომ გაარკვიოს, რამდენად მოქმედებს ნავთობის სუნი ჯანმრთელობაზე... რამდენიმე თვეა ალერგიული ხველა დამეწყო, საჭმელს დილით ვერ შეჭამ, რამდენიმე ბავშვს ასთმა დაემართა. ყველას ექიმთან მისვლის საშუალება არც აქვს".
ეკა გოგიბერიძე ამბობს, რომ ხუთი წლის შვილი სოფელში წაიყვანა, სუნს მოარიდა. მისი თქმით, ნავთობის სუნის გამო ბავშვს ჭამა უჭირს.

აქაურებმა მერიასა და გარემოს დაცვას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ნინო ყურშუბაძე: `დილით ფანჯარას ვერ გააღებ, პირიქით, უნდა დახურო, სუნი სახლში რომ არ შემოვიდეს, ეს დიდზეც მოქმედებს და ბავშვზე მით უფრო. ყელში რომ ჩაგაფრინდება, ასე გგონია, გახრჩობს".

აკაკი ქორიძე: "დილით და შაბათ-კვირას უნდა ნახოთ რა სუნია, როცა ნავთს ქაჩავენ მილებით. კბილების პრობლემა დამეწყო, ექიმი მეუბნება, რომ ამის მიზეზი შეიძლება ეს სუნიც იყოს".

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ `ბათუმელებთან~ დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რამდენიმე წლის წინ იგი გამოკვლევებს ატარებდა და დადგინდა, რომ ბენზე-ბარცხანას დასახლებაში მცხოვრებთ ხშირად უმწვავდებათ ბრონქული ასთმა და სხვადასხვა ალერგიული დაავადებები. ვახტანგ ბერიძე: "ნავთობპროდუქტების სისტემატურად ჩასუნთქვა კონიუქტივიტს, ბრონქოსპაზმსა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. შესაძლებელია, ეს ასთმის მაპროვოცირებელიც გახდეს, ან უკვე არსებული დაავადება გაამწვავოს. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების მძაფრმა სუნმა შეიძლება ნერვული სისტემაც დააზიანოს".

რამდენიმე კვირის წინ ამ უბანში ეკოლოგიური ინსპექციისა და ტერმინალის თანამშრომლები მივიდნენ. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის ტერმინალიდან მომდინარე სუნი.
გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ტერმინალზე შემოტანილი ნავთობპროდუქტების ხარისხსა და მასში ქიმიური მინარევების დონეს ტერმინალი სწავლობს და შედეგებს გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობებს. აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი გიორგი ერმაკოვი: "ტერმინალმა სიტუაციის შესასწავლად დრო მოითხოვა. ლაბორატორიულ ანალიზს დამოუკიდებელი ექსპერტიც ატარებს. ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე გადავწყვეტთ, დარღვეულია თუ არა უსაფრთხოებისა და სანიტარული დაცვის ნორმები".

გიორგი ერმაკოვმა "ბათუმელებთან" ხაზი გაუსვა იმას, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია პრობლემას არ გაურბის, მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელიც მათ მუშაობას აფერხებს. კერძოდ, აჭარაში არ არის ლაბორატორია, სადაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოიკვლევენ. შესაბამისად, ჰაერის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საშუალება მხოლოდ ტერმინალის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
გიორგი ერმაკოვის განცხადებით, აჭარის გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებს და ლაბორატორიის ჩამოტანა რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

ეკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია `ჭაობის~ თავმჯდომარე იზო მაჭუტაძე ამბობს, რომ ტერმინალიდან ნავთობპროდუქტების სუნის გავრცელება უკვე დარღვევაზე მიუთითებს. დადგენილი ნორმების დაცვის შემთხვევაში სუნი არ უნდა ვრცელდებოდეს: `ჩვენს ქვეყანას აქვს გარემოს დაცვის კარგი პრინციპები, მაგრამ რიგ შემთხვევებში კანონი ვერ მუშაობს. თუ ტერმინალთან ახლოს მცხოვრებლები დაამტკიცებენ, რომ ნავთობპროდუქტების სუნი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, შეუძლიათ კომპენსაცია მოითხოვონ".

წყლის სტიქია
"ეზო არასოდეს შრება, გუბეებში კი ნავთი
ტივტივებს..."
ნავთობის სუნი ერთადერთი არ არის, რაც ბარცხანის დასახლებაში აწუხებთ. სამი თვის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ბარცხანა ადიდდა და წყალმა ეზოებსა და სახლებში შეაღწია. აქაურებს მდინარის მსგავსი ადიდება არ ახსოვთ. წყალმა ქვის ჯებირები ჩამოშალა და ეზოში სათავსოები დააზიანა.
ეთერ ქამადაძე: "ისედაც ბრონხები მაწუხებს, თან ნავთის სუნი, თან წყალი... სახლი ნახევრად წყალში დგას, აქ არ იცხოვრება. ჩემს ეზოში წყლის მილია გახეთქილი მიწის ქვეშ. ეზო არასოდეს შრება, გუბეებში კი ნავთი ტივტივებს..."

გიმა ჩახოიანი მდინარის პირას ცხოვრობს. მის ეზოში ნავთობის მილები გადის, რომელთაც ნავთობის გადაქაჩვისას ცეცხლსასროლი იარაღის ხმა აქვს. სუნისა და ხმაურის გარდა ქალბატონ გიმას ახლა მდინარის ადიდებისაც ეშინია: `ერთხელ კიდევ რომ ადიდდეს, წყალი ყველაფერს წაიღებს, სახლს დაანგრევს. ნიაღვრის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა აქაურობას. მერია 250 ლარით დაგვეხმარა დაზარალებულებს, მაგრამ... არ ვიცი, რაზე ვიფიქრო _ წყალზე, ნავთის სუნსა თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე".

ლალი შეროზია ამბობს, რომ მის ეზოში წყალი წელამდე იდგა და იქაურობა სახანძრო სამსახურის მანქანებით გაწმინდეს: "წყალმა ეზოს ღობე გამოანგრია, ეზოში წელამდე წყალი იდგა, სახლებში შეაღწია, პირველი სართულები დატბორა. მეზობლების `ქუხნები~ წაიღო, ჩვენი სასწაულის წყალობით გადარჩა".

"ბათუმელებთან" მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნეს, რომ ქალაქის მერია ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი ღონისძიებების გატარებასაც გეგმავს. თენგიზ პეტრიძე, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე: "სანიაღვრე არხი ბოლომდე უნდა გაიწმინდოს და გაღრმავდეს, რომ წვიმის შემთხვევაში წყალი ქუჩაზე არ გადმოვიდეს. თუ საჭირო იქნება, ჯებირებსაც გავამაგრებთ, მაგრამ სათავსოები მდინარის პირასაა გაკეთებული. კანონით, მდინარესთან ასე ახლოს დამხმარე ნაგებობების აშენება იკრძალება, მაგრამ ხალხს ამის გაგონება არ უნდა".

მოსახლეობის განცხადებით, მხოლოდ სანიაღვრე არხის გაწმენდა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ჯებირების გაუმაგრებლობის შემთხვევაში ძლიერი წვიმა რამდენიმე საათში გაავსებს არხს და სახლები ისევ დაიტბორება.

ნაგავი
მდინარე, რომელშიც პირუტყვის ლეში აგდია,
ზღვაში ჩაედინება
ქუჩაზე, სადაც ორმოცდაათამდე ოჯახი ცხოვრობს, არც ერთი ნაგვის ურნა არ დგას. მოსახლეობის ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირდაპირ მდინარეში ყრის. ტერმინალის მილები ნაირფერი პარკებითაა მორთული. ნაგავი კი მდინარეს მიაქვს, რომელიც დაახლოებით ნახევარ კილომეტრში ზღვაში ჩაედინება.

ბარცხანის სანაპირო ზოლი ზაფხულში დამსვენებლებითაა სავსე. თავად ბარცხანის მოსახლეობა აქ საბანაოდ არ დადის, რადგან იციან, რომ დაბინძურებული მდინარის წყალი პლაჟის მახლობლად ჩაედინება ზღვაში.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა მდინარეში მკვდარ ცხოველებსაც ნახავთ. რეპორტაჟის მომზადებისას `ბათუმელების~ ფოტოობიექტივში მდინარეში ჩაგდებული ბატკნის ლეში მოხვდა. ბაქრაძის ქუჩაზე ეს არ უკვირთ, აქ ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ხშირია. ქუჩისაგან საკმაოდ მოშორებით ცხოველების ბაზრობა იმართება და გარდაცვლილ პირუტყვს მოვაჭრეები პირდაპირ მდინარეში ყრიან.

მომავალი წლისთვის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები გარემოს დაბინძურების წყაროების აღმოფხვრა, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ეკო-ტურიზმის განვითარებაა. იმავე ბიუჯეტის პროექტში ისიც არის აღნიშნული, რომ მომავალ წელს არ დაფინანსდება ატმოსფერულ ჰაერსა და წყლებზე მონიტორინგის მიზნობრივი პროგრამა. როგორ განხორციელდება აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები და რამდენად აისახება ეს ერთი კონკრეტული ქუჩის მაგალითზე, ამას "ბათუმელები" 2009 წლიდან მიადევნებს თვალს.

კირთაძე: რატომ გავხდი თავმჯდომარე

საკრებულოს თავმჯდომარეს არც კანდიდატად დასახელების დროს და არც მუშაობის გარკვეულ ეტაპზე, კანონი არ ავალდებულებს, რომ ამომრჩევლის/ კოლეგების წინაშე წერილობითი პროგრამით წარდგეს. ეს მხოლოდ მის მორალზე ყოფილა დამოკიდებული. არასამთავრობო სექტორი კი, გიორგი კირთაძის წერილობით პროგრამას ჯერ კიდევ ელის. თუმცა, როგორც `ბათუმელებმა~ საკრებულოს თავმჯდომარესთან გაარკვია, პროგრამა ამ სახით არ იქნება.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ოპოზიცია ამას კანონის კაზუსად მიიჩნევს. ამ კაზუსიდან გამომდინარე, საკრებულოს წინაშე ანგარიში არ გაუკეთებია ყოფილ თავმჯდომარეს, ბადრი ქაჯაიას. გიორგი კირთაძე კი ამბობს: "ჩემი თავმჯდომარედ არჩევისას სიტყვიერი პროგრამა მქონდა წარმოდგენილი".
გიორგი კირთაძის სიტყვიერი პროგრამა: "მინდა თითოეულმა ჩვენმა თანაქალაქელმა იგრძნოს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს. ეს არასამთავრობოებთან ურთიერთობით მიიღწევა. MDI-იმ შესანიშნავი პროექტი დაიწყო _ თვითმმართველობა და ენჯეო სექტორი საკითხებს ერთობლივად, საჯაროდ განიხილავენ. ამასთან, `ამხანაგობის~ ხელმძღვანელებს 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეებამდე მისატანად დავურიგეთ. მოსახლეობასთან შეხვედრას ბიუროს წევრებიც ვაპირებთ".

გიორგი კირთაძის აზრით, გამჭვირვალობის მაჩვენებელი იქნება, თუ კომისიის თავმჯდომარეები მოსახლეობას ანგარიშს ყოველთვიურად ჩააბარებენ. ისინი კი, რომლებიც საკრებულოში ანგარიშის მოსასმენად მივლენ `მხოლოდ ენჯეო სექტორის მიერ წარმოდგენილი ადამიანები არ უნდა იყვნენ. ალბათ, ქალაქის გამგეობებიც უნდა ჩაერთონ ამ საქმეში".

თავის დროზე მერიამ ე.წ. სოციალური კვლევის პროგრამაში 600 ათასი ლარი დახარჯა. კვლევები კი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა, ე.წ. "სოცმუშაკებმა" ჩაატარეს, წინასაარჩევნოდ. საკრებულოში პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების მიყვანას გიორგი კირთაძე გამორიცხავს.

კირთაძის "პროგრამის" ერთ-ერთი აქტივობა ურბანულ ინსტიტუტს უკავშირდება. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, "ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული (ექიმები, არქიტექტორები და ა.შ.), ვისაც ამ ქალაქში რაიმე ეთქმის". "ეს პატიოსანი ადამიანები" კი (ასაკის მიუხედავად) იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბათუმი. კირთაძის აზრით, "ასეთი განხილვები და კონსულტაციები გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანების მონაწილეობას ხელს შეუწყობს".

ხომ არ იქნება ეს ყველაფერი "ფასადური დემოკრატია?" მოხდება კი "პატიოსანი, ნაღები საზოგადოების" აზრის გათვალისწინება? კირთაძე თვლის, რომ უმრავლესობა პოზიციებს იმ შემთხვევაში დათმობს, თუ მოწინააღმდეგეს დასაბუთებული მოსაზრება ექნება: "ინათიანი" არც ერთი არ ვართ. ვფიქრობ, საერთო ენას გამოვნახავთ". თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე, თავისი თავმჯდომარეობით გამართულ პირველივე სხდომაზე უკომპრომისო იყო. მაგალითად, მან საჭიროდ არ ჩათვალა, ოპოზიციისთვის იმ არგუმენტების მიწოდება, თუ რატომ უნდა გადასცეს ბათუმმა ხელვაჩაურს საცხოვრებელი ბინები.

გიორგი კირთაძის თავმჯდომარედ არჩევას მერიის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია, რაც ოპოზიციამ მერიის მხრიდან საკრებულოს "აგდებად" მონათლა. კირთაძე ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ტონს არ გაამკაცრებს. "მნიშვნელოვან საკითხებზე მერი ყოველთვის მოდის. საზოგადოება კი მხოლოდ იმიტომ არ იყო წარმოდგენილი, რომ საკრებულოს საქმიანობა არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა იყოს".

კირთაძის აზრით, საკრებულო მოსახლეობისთვის მისაღები მაშინ გახდება, თუ საკრებულოს წევრები შეთანხმებულად იმუშავებენ. "ეს არის ჩემი მთავარი იდეა".

Wednesday, December 17, 2008

საკრებულოს საჩუქარი მთავრობას

(ბათუმელები}
გუშინ, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, პირველ საკითხად ქალაქის გენგეგმა განიხილეს. მერიის იურისტმა, გელა მახარაძემ განაცხადა, რომ გენგეგმა დასამუშავებლად თბილისშია გადაგზავნილი და პროექტის დამტკიცების შემდეგ, მერია კონკრეტულად განიხილავს, თუ რომელ ზონაში როგორ უნდა წარიმართოს ქალაქის განაშენიანება.

დიდი ხმაური მოჰყვა ბულვარის გაგრძელების საკითხს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ჩხეიძის განცხადებით, საკრებულო აპირებს, აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს საბინაო ფონდი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გონიოს ზღვისპირა ზოლში ცხოვრობენ და ბულვარის პროექტის გამო საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწევთ (საუბარია რვა ბინაზე, რომელიც მერიას ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ეკუთვნის).

საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა იმ ოჯახების სახელობითი სია მოითხოვეს, ვის შესახლებასაც აჭარის მთავრობა ამ ფართში აპირებს. საკრებულოს თავმჯდომარემ სია არ წარმოადგინა, რადგან გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს მის კომპეტენციაში არ შედის: `ჩვენ ბინებს მთავრობას ვაძლევთ და სიაც მას ექნება. თუ გაინტერესებთ, გამოითხოვეთ~.
`რესპუბლიკელი~, ირაკლი ჩავლეიშვილი საკითხის მომავალი სხდომისთვის გადადებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, საკრებულოს არ გააჩნდა საკმარისი არგუმენტები: `იქნებ, იძულებით ასახლებენ ამ ოჯახებს, მათი აზრი უნდა მოვისმინოთ. როგორც ვიცი, ამ ზოლში გემთმშენებელი ქარხანაცაა, სადაც 800-მდე ადამიანი მუშაობს. ამ ქარხნის დანგრევასაც აპირებთ?~.

თემურ ყურაშვილის თქმით კი, ხელვაჩაურის სანაპირო ზოლს ზღვა რეცხავს და სანამ ბულვარის განაშენიანების ახალი პროექტი დაიწყება, მანამ მთავრობამ სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებაზე უნდა იზრუნოს. `ამ ფინანსური კრიზისის დროსაც წყალში ვყრით თანხებს. ზღვამ ეს ზოლი შეიძლება საერთოდ გადარეცხოს~, _ განაცხადა მან.

`რესპუბლიკელების~ თქმით, ეს ტერიტორია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ამიტომ ბათუმის მთავრობა არ არის ვალდებული, სხვა რაიონის მოსახლეობა ბათუმის საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს: `იყიდოს აჭარის მთავრობამ ეს ბინები და იმ თანხით ჩვენ იმ ბათუმელ ოჯახებს დავაკმაყოფილებთ, რომლებიც წლებია ბინებს ელიან~.
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უმრავლესობამ საკითხს კენჭი მაინც უყარა.
ამავე სხდომაზე ბიუჯეტის შესრულებაზე შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხიც გადაწყდა. როგორც ბაჩუკი ჩხეიძემ განაცხადა, ბიუჯეტის შესრულებაზე აუდიტს კერძო სტრუქტურა ჩაატარებს.


მუსლიმანური სასწავლებლის ყოფილი დირექტორი შეზღუდვებზე

სოფელ ანგისაში მდებარე, ეგრეთ წოდებული, მუსლიმანური სასწავლებელი, როგორც მისი ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, საგადასახადომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა. ამ ფაქტის შესახებ `ბათუმელებმა~ გასულ კვირას, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სტატიის მომზადების პროცესში გაიგო.


ნინო მგელაძე/ბათუმელები
ფოტო: "ბათუმელები" – ყურბან ბაირამი, რომელიც მუსლიმანურმა სამყარომ 8 დეკემბერს აღნიშნა, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანებს ლევან ვარშალომიძემ ბათუმის მეჩეთში მიულოცა

ბათუმში ოთხი მუსლიმანური სასწავლებელია, ერთი გოგონების, სამი _ ვაჟების. თითოეულ სასწავლებელში 30-მდე სტუდენტი ცხოვრობს. უახლოეს დღეებში, მეჩეთის მახლობლად, ამ რელიგიის მიმდევრებისთვის კიდევ ერთი სასწავლებელი გაიხსნება. `მუსლიმანური სასწავლებლები, ძირითადად, შემოწირულობის ხარჯზე ფუნქციონირებს~, _ ამბობს აჭარის მთავარი მუფთი, ბექირ ბოლქვაძე.

ერთ-ერთი ასეთი სასწავლებელი ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ანგისაში მდებარეობს. ანგისის სასწავლებელი 2005 წელს ახმედ გაბაიძის ხელმძღვანელობით გაიხსნა. აქ, ძირითადად, მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსული მუსლიმანური რელიგიის მიმდევარი სტუდენტები ცხოვრობენ, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ. სასწავლებელს კერძო საცხოვრებელი სახლი აქვს ნაქირავები.

ამ სასწავლებლის ყოფილი დირექტორის, ახმედ გაბაიძის თქმით (ის თანამდებობიდან ორი თვეა რაც გადადგა), სასწავლებელი გახსნიდან შვიდი თვის შემდეგ საგადასახადომ ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმა: `ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმეს, თანაც ნახევარი მილიონით. საქმე სასამართლოშია. სასწავლებელს ნამდვილად არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. რით დავიმსახურეთ ამდენი ჯარიმა, დღემდე ვერ გამიგია. ეს კომერციული ორგანიზაცია არ არის და არც მოგებაზე ვმუშაობდით. ვფიქრობ, ეს მუსლიმანური რელიგიის მიმდევრების ერთგვარი შეზღუდვის მცდელობაა".

თუმცა, სასწავლებელს, ოფიციალურად, ცრუმაგიერობას ედავებიან (ანუ თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერს).

გარდა ამისა, ანგისის მუსლიმანური სასწავლებელი ოფიციალურად დარეგისტრირებული დღემდე არ არის. ახმედ გაბაიძის თქმით, მათ ამისთვის როგორც საგადასახადოს, ისე იუსტიციის დეპარტამენტსა და საჯარო რეესტრს მიმართეს, მაგრამ დარეგისტრირება ვერ მოახერხეს: `საგადასახადოში დაგვპირდნენ, რომ შემოწმების შემდეგ დაგვარეგისტრირებდნენ, მაგრამ არ მოვიდნენ. საჯარო რეესტრმა კი უარი ასეთი მოტივით გვითხრა: ოფიციალურად დარეგისტრირებამდე მინიმუმ ერთი წელი უნდა ფუნქციონირებდეთო. ამ ყველაფრის მიუხედავად, საშემოსავლო გადასახადს მაინც ვიხდიდით, ხელვაჩაურში".

ახმედ გაბაიძე მუსლიმანური სასწავლებლის დირექტორად უკვე ორი თვეა აღარ მუშაობს. როგორც ის ამბობს, მისი წამოსვლის შემდეგ ეს სასწავლებელი კიდევ 40 000 ლარით დააჯარიმეს.

ამჟამად სასწავლებლის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძეა. ის ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მან არც სასწავლებელში მისვლისა და სტუდენტებთან გასაუბრების უფლება მოგვცა: `ამ თემაზე საუბარი არ მინდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ~.
აჭარის მუფთი, ბექირ ბოლქვაძე კი თვლის, რომ მათი უფლებები არ იზღუდება. `ამ სასწავლებლის დაჯარიმების შესახებ მსმენია, მაგრამ ზუსტი მიზეზი არ ვიცი, ეს კერძო ორგანიზაციაა. ბათუმის მეჩეთთანაც არის ამ ტიპის სასწავლებელი და არავის დავუჯარიმებივართ. ჩვენი სასწავლებელი რეგისტრირებულია და ყველა გადასახადს ვიხდით~.

ახმედ გაბაიძეს მიაჩნია, რომ მის მიერ გახსნილი სასწავლებელი საქველმოქმედო დაწესებულება უფროა, ვიდრე სასწავლებელი: "ჩვენი მიზანი ახალგაზრდების დახმარება იყო. ამ სასწავლებელში ცხოვრობენ და სწავლობენ ის სტუდენტები, რომლებიც მაღალმთიანი რაიონებიდან პროფესიის მისაღებად ბათუმში ჩამოდიან და თავის რჩენისა თუ ბინის ქირით აღების შესაძლებლობა არ აქვთ. ეს სასწავლებელი კი არა, უფრო ხელმოკლე სტუდენტთა თავშესაფარია. "მოსწავლეთა სადგომი", ასე ჰქვია ამ ტიპის სასწავლებლებს თურქეთში".

მუსლიმანურ სასწავლებელში ცხოვრება უფასოა, უფასოა კვებაც. `შემოწირულობის სახით ფულზე მეტი საკვები პროდუქტი შემოდის, ძირითადად, ხორცი. მუსლიმანურ რელიგიაში წესია, რომ ეკონომიკურად შეძლებულმა ადამიანმა შესაწირი უნდა გასცეს ასეთი თავშესაფრებისთვის. ეს მადლია~, _ ამბობს გაბაიძე.

ამ ტიპის სასწავლებლების ზედამხედველები, ძირითადად, თურქები არიან, ბათუმში კი ხელმძღვანელებად ქართველი მუსლიმანები მუშაობენ. აქ მოსახვედრად რამდენიმე პირობა არსებობს: `შემომსვლელი უნდა იყოს მორწმუნე და ისლამის კანონებით უნდა ცხოვრობდეს. ისლამის კანონებით ცხოვრება ითვალისწინებს კაცთმოყვარეობას, კეთილშობილებას. სწავლების მხრივ აქ მხოლოდ ყოფა-ქცევისა და აღზრდის ლექციები იკითხება, სალექციო დრო დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათია".
და ბოლოს, ქართულ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ საქართველოში არსებულ მუსლიმანურ სასწავლებლებს ფინანსურად ტერორისტები ეხმარებიან ანუ ამ სასწავლებლებში ტერორისტებს ზრდიან.

ამის შესახებ იცის ახმედ გაბაიძემაც და ეს ძალიან აწუხებს: "მუსლიმანურ სარწმუნოებაში თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა, ეს საქციელი ყურანით დაგმობილია. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ტერორისტები მუსლიმანები არიან, ეს აბსურდია. შეუძლებელია, მორწმუნე ადამიანი ტერორისტი იყოს".

მეზღვაურთა დასაქმება და რისკები

ბათუმში მეზღვაურობა ერთ-ერთ დასაქმებად პროფესიად ითვლება. მეზღვაურებს, ბოლო წლებში, ბევრი კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას, თუმცა, ძალიან ცოტა ახერხებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კრუინგულ კომპანიებთან ურთიერთობას. ბათუმელი მეზღვაურების პრაქტიკაში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ხშირია შემთხვევა, როცა მეზღვაურებმა ანაზღაურება ვერ მიიღეს. ეს, ძირითადად, იმიტომ ხდება, რომ ისინი ხელშეკრულების გარეშე მუშაობას თანხმდებიან.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

კონკურენციისა და უმუშევრობის მიუხედავად, მეზღვაურობის სურვილი სულ უფრო მეტს უჩნდება. ბევრი მეორე პროფესიად სწორედ მეზღვაურობას ირჩევს. ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტში გემზე სამუშაოების მაძიებლებისთვის სპეციალურად "დახელოვნების კურსებიც" კი შეიქმნა. ამ ინსტიტუტთან არსებულ "საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში" მატროსებსა და მექანიკოსებს რვა თვეში ამზადებენ.

"35 წლის ასაკში მეზღვაურობას რომ გადაწყვეტ, ძალიან უნდა გიჭირდეს. მაგრამ, როცა ოჯახის წევრები შენზე არიან დამოკიდებული, იძულებული ხარ, ყველა პირობაზე წახვიდე. ამ შემთხვევაში უნდა იცოდე, რომ იქ საშინელი პირობები იქნება და სახლში ან დაბრუნდები და ან _ არა. ასეთი არაკვალიფიციური მეზღვაური 400-დოლარიან ანაზღაურებასაც თანხმდება", _ ამბობს ანდრო კალანდაძე.

ქართველები, ფილიპინელები, ბირმელები, უკრაინელები და რუსები დაბალ ანაზღაურებად მეზღვაურებად ითვლებიან. "ქართველი მეზღვაურები კარგად მუშაობენ. გერმანელმა, თავისი ქვეყნის მეზღვაური რომ დაასაქმოს, სამჯერ უფრო მეტი უნდა გადაუხადოს. ჩვენი კაპიტნები, თანაშემწეები და მექანიკოსები პროფესიონალები არიან, კარგადაც უხდიან, მაგრამ ხელფასში განსხვავება მაინც არის", _ ამბობს ანდრო კალანდაძე.

ანდრო ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გემიდან ანაზღაურების გარაშე გამოუშვეს. იგი იმ ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც თურქულ პორტში შვიდი თვის მუშაობის შემდეგ, ანაზღაურების გარეშე ჩამოსვეს. ამავე გემზე კაპიტნის თანაშემწე გოჩა აბუსერიძე და მისი ძმა კობაც მუშაობდნენ.

"ერთი თვის ხელფასი მოგვცეს, შემდეგ ავანსი გადაგვიხადეს. გვპირდებოდნენ, ახლა მოგცემთ, ახლა მოგცემთო. რაც დრო გადიოდა, უფრო გვიჭირდა გემის დატოვება, უფულოდ როგორ წამოვიდოდით. ბოლოს თურქეთში თავად ჩამოგვსვეს გემიდან. იქ რა უნდა გვექნა?! ველოდი, რომ ეს გემი საქართველოს წყლებში შემოვიდოდა", _ ამბობს კაპიტნის თამაშემწე, რომელიც ერთი პერიოდი იმავე გემზე კაპიტნის მოვალეობასაც ასრულებდა.

გემი, რომელზეც გოჩა აბუსერიძე მუშაობდა, ფოთის პორტში ერთი თვის წინ დააკავეს. ოთხი ქართველი, ერთი თურქი და ერთიც უკრაინელი მეზღვაური გემის მფლობელს მათ კუთვნილ ხელფასს, 80 ათას ლარს ედავებიან. საქმეს ქართული სასამართლო განიხილავს.
`გემთმფლობელს ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან შევხვდი, ადვოკატის თანხლებით. მითხრა, არ ვიცი ვინ ხარო. ხელშეკრულებაც მივაწოდე, პასპორტიც თავისი ბეჭდით. მიპასუხა, ეგ ყველას შეუძლია გააკეთოსო; მერე მის გემზე გადაღებული სურათები დავანახე და, ალბათ, გემზე სტუმრად იყავი ამოსულიო, მითხრა. კონფლიქტის პროვოცირება უნდოდა, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. გემზე იმდენი რამე გადავიტანეთ და კონფლიქტის მიზეზით თავი რომ დაეძვრინა, არ დავუშვებდით", – ყვება გოჩა აბუსერიძე.
გოჩა იხსენებს, რომ მუშაობაზე უარი თურქმა კაპიტანმაც თქვა: "მასთან ერთად გემიდან შვიდი თურქი მეზღვაურიც ჩამოვიდა. იმათ თურქეთის სასამართლოში იჩივლეს. სასამართლომ დავალიანების დასაფარად გემის მფლობელს წელიწადნახევარი მისცა. ეს საკმაოდ დიდი დროა, ჩვენ ამდენს როგორ მოვიცდით?!"

თურქი გემთმფლობელი საქმის თურქეთში გადატანას ითხოვს. მეზღვაურების ადვოკატი, ანლექსანდრე ბერაია ამ შემთხვევაში კიდევ რამდენიმე პრობლემას ასახელებს: "სამართლებრივად საქმის მოგება არც თურქეთშია პრობლემა, მაგრამ წინააღმდეგობებს მაინც ვაწყდებით _ დიდი ბაჟია გადასახდელი, თუ თურქეთში იჩივლებ, აქედან თურქეთში საქმის მიხედვა რთულია".

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ამ დღეებში ფოთში კიდევ ერთი გემი დააკავეს. "რვა ქართველი მეზღვაური ხელფასის გაუცემლობას აპროტესტებდა. კონტრაქტი არ ჰქონდათ გაფორმებული და ისე მუშაობდნენ თვეობით. ხელშეკრულების გარეშე გემზე ადამიანის დასაქმება დანაშაულია. საერთაშორისო კონვენციით, ამ შემთხვევაში, მფლობელი ჯარიმდება. ვიჩივლებთ და ქართული სასამართლო დაადგენს მეზღვაურებისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას თუ ანაზღაურების პირობებს", _ აცხადებს მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირების "ITF"-ის ინსპექტორი საქართველოში მერაბ ჩიჯავაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ მეზღვაურთა უფლებების დარღვევის ფაქტები გახშირდა, მეზღვაურებზე ხელფასის გაუცემლობა კი, ფაქტობრივად, წესად იქცა.

საქართველოს კუთვნილი გემები არ აქვს, მაგრამ ქართული დროშის ქვეშ 250-ზე მეტი გემი დაცურავს. ქართველი მეზღვაურებიც, ძირითადად, უცხოურ გემებზე არიან დასაქმებული. როგორც მეზღვაურთა პროფკავშირებში ამბობენ, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია ქართული დროშით ცურვაზე ისე გასცემს ნებართვას, რომ გემთმფლობელს ადგილობრივი მეზღვაურების დასაქმებას არ ავალდებულებს, თუმცა ამის უფლება ადმინისტრაციას აქვს.
საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირების ხელმძღვანელის, ანატოლი ჩიჯავაძის თქმით, ასეთი ვალდებულება თავის დროზე იმ გემთმფლობელებმა აიღეს, რომლებმაც ქართული გემები შეიძინეს: "2003 წელს ცხრა გემთმფლობელმა აიღო ვალდებულება, რომ 15 წლის განმავლობაში მისი ეკიპაჟი ნაწილობრივ ქართველებით დაკომპლექტდებოდა. ეს პირობა არ სრულდება. გემთმფლობელები ამბობენ, რომ მათ სამუშაო ადგილები არა აქვთ და პირობას მაშინ შეასრულებენ, როგორც კი წარმოება გაეზრდებათ".

მეზღვაურის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ძირითადად, მათ სოციალურ და შრომით უფლებების დაცვას გულისხმობს. იმისთვის, რომ პრობლემები ადვილად გადაიჭრას, საერთაშორისო ორგანიზაცია "ITF"–ი, რომლის სათავო ოფისი ლონდონშია, მეზღვაურების გარდა მათთან გემთმფლობელებსაც აწევრიანებს. ამ შემთხვევაში, მას ე.წ. `ცისფერი სერტიფიკატი~ ეძლევა. ამ სერტიფიკატის ფლობა გულისხმობს, რომ `ITF~-ის წევრი კომპანია აღიარებს და ასრულებს საერთაშორისო ნორმებს.

პროფკავშირები მეზღვაურებს ურჩევს, გემზე წასვლამდე, აუცილებლად გაეცნონ გემთმფლობელის შესახებ ინფორმაციას: "კომპანია, რომელიც თავს არიდებს ასეთი ტიპის კავშირებს, თავისთავად გულისხმობს, რომ არ ზრუნავს უსაფრთხოებაზე, ხელფასებიც დაბალია, რაც ეს იმას ნიშნავს, რომ კონვენციას არ იცავენ".

ქართველი მეზღვაურები, ოფიციალურად, არსად ირიცხებიან. პროფკავშირებში ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა 2000-ზე მეტია, აქედან პროფკავშირში 1200 მეზღვაურია გაწევრიანებული.

წყალზე ახალი წესები ამოქმედდა

წყლის გადასახადს მოსახლეობა კომუნალური მრიცხველების მიხედვით არ გადაიხდის, ინდივიდუალური მრიცხველები კი კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა დაამონტაჟოს. წყლის მიწოდება არ უნდა შეეზღუდოს იმ მომხმარებელს, ვისაც ძველი დავალიანება გააჩნია. ამ კატეგორიის აბონენტებთან კომპანიამ სემეკის ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. სემეკის დადგენილება, რომლითაც სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები განისაზღვრა, ძალაში გუშინ შევიდა.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

ბათუმს წყალს შპს "ბათუმის წყალი" აწვდის. კომპანია სახელმწიფო საკუთრებაა, წყლის ტარიფები კი ბათუმის საკრებულომ დაადგინა. მოსახლეობა მოხმარებული წყლის საფასურსა და კანალიზაციით სარგებლობის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის, ერთ სულზე _ 1 ლარსა და 85 თეთრს. ქალაქი გამრიცხველიანებული არ არის, არსებული დავალიანების გადაუხდელობის მიზეზით კი, "ბათუმის წყალმა" რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლის მიწოდება რიგ კორპუსებს შეუზღუდა.

"წყლის გათიშვა თუ მიწოდების შეზღუდვა, აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. გადახდის კულტურა სხვანაირად უნდა ჩამოყალიბდეს და არა ფიზიკური იძულებთ, რასაც დღეს აქვს ადგილი და რაც უკანონობაა. მითუმეტეს, დაუშვებელია წყლის მიწოდება შეუზღუდო მომხმარებელს, რომელსაც დავალიანება არ აქვს, _ განაცხადა "ბათუმელებთან" მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (ენერგოომბუდსმენმა) მალხაზ ძიძიკაშვილმა. - კომპანიას თუ ჰყავს აბონენტი, რომელიც ფულს არ უხდის, საქმე სასამართლოს უნდა გადასცეს ანუ სასამართლოს ძალით დააკისროს დავალიანების გადახდა. სასამართლოს ხარჯებიც იმ მხარეს დაეკისრება, ვინც პროცესს წააგებს. მომხმარებელი, რომელიც, ვთქვათ, მიჩვეულია გადაუხდელობას, თუ დაინახავს, რომ გადასახადს სასამართლოს მეშვეობით იღებენ, დაფიქრდება და შეეცდება თვითონაც გადაიხადოს".

წყლის ტარიფის დადგენის ექსკლუზიური უფლება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) გადაეცა. სემეკის მიერ ახალი ტარიფების დადგენამდე კი, ძალაში ძველი ტარიფები რჩება. მომხმარებელს, თავის მხრივ, უფლება აქვს სასმელ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ სულადობის მიხედვით ან ინდივიდუალური მრიცხველის მეშვეობით.
კანონით, მიმწოდებელი "ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობა, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას".
მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია წყალზე მრიცხველი საკუთარი ხარჯითაც დაამონტაჟოს ანუ კომპანიას არ დაელოდოს. "ბათუმის წყალის" ინფორმაციით, მრიცხველის შეძენა და დამონტაჟება მოქალაქეს 50-დან 100-ლარამდე დაუჯდება _ იმის მიხედვით, თუ რა მრიცხველია და რა სახის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე გადაუხადა კომპანიას სასმელი წყლის მრიცხველის შესაძენი თანხა, ასევე, წყალმომარაგების სისტემის ან წყალარინების ქსელის რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის ან/და გაფართოებისთვის _ მას შეუძლია ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა მოითხოვოს.
გამრიცხველიანებული მომხმარებელი გადასახადს მოხმარებული წყლის მიხედვით გადაიხდის, 51 თეთრს ყოველ გახარჯულ 1 კუბ/მ. წყალზე.

წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა, 2009 წლის 1 იანვრამდე, სემეკში უნდა წარადგინონ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ _ მომხმარებლებისთვის წყლის უწყვეტად ან გრაფიკით მიწოდებაზე ცალკეული უბნების მიხედვით, ხოლო 2009 წლის 1 მაისამდე _ მოსახლეობის სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უზრუნველყოფის გეგმა.

მხოლოდ ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ დაადგენს სემეკი ცალკეული კომპანიისთვის წყლის ტარიფს, მიწოდებისა და გამრიცხველიანების გრაფიკს კონკრეტული უბნებისთვის. მიმწოდებელი კი ვალდებული იქნება, "დამტკიცებული წესებისა და გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოს მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივი (24-საათიანი) მომარაგება ". თუმცა, ენერგოომბუდსმენის თქმით, გამორიცხული არაა, სემეკმა ამ ეტაპზე ზოგიერთ კომპანიას დართოს ნება და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების არა 24-საათიანი, არამედ გარკვეული გრაფიკი დაუმტკიცოს. ეს დამოკიდებული იქნება იმ ტექნიკურ და სხვა მონაცემებზე, რასაც კომპანიები კომისიაში წარადგენენ.


„ტიკინებიდან“ თოჯინებამდე


ბათუმში თოჯინების თეატრი 1936 წლიდან არსებობს. მაშინ მას „ტიკინების“ თეატრს უწოდებდნენ. 80-იან წლებში თეატრმა სახელმწიფო თეატრის სტატუსი შეიძინა და სტალინის ქუჩაზე დაიდო ბინა. ახლა უკვე აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან, ლამაზ შენობასთან ბევრ ბათუმელს აკავშირებს საუკეთესო მოგონებები. თოჯინების თეატრი დღემდე ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ბათუმში.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

მაყურებლისთვის, ვინც დღეს შვილებთან ერთად მიდის თოჯინების თეატრში, წლების მანძილზე არაფერი შეცვლილა. საკმაოდ შელახული შენობა, იგივე დარბაზი და ხის სკამები... თეატრის წინ თითქმის ყოველდღიურად დგანან ხელიხელჩაკიდებული პატარები.

ბათუმის თოჯინების თეატრი არაკომფორტულ პირობებშიც ახერხებს მუშაობას. რამდენიმე დღის წინ მაყურებელმა აქ პრემიერა ნახა. თოჯინების თეატრმა ძმები გრიმების ცნობილი ზღაპარი, `ბრემენელი მუსიკოსები~ დადგა. ამჯერად სპექტაკლი თოჯინური არ ყოფილა, მთავარ პერსონაჟებს მსახიობები განასახიერებდნენ.

პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ბავშვებისა და მათი მშობლების აპლოდისმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებელს სპექტაკლი მოეწონა. განსაკუთრებული ტაში მუსიკალურმა ნომრებმა დაიმსახურა.

თოჯინების თეატრში მალე საახალწლო პრემიერაც გაიმართება, `ჯადოსნური საათის~ ნახვა ბავშვებს ახალი წლის დღეებში შეეძლებათ. მაისისთვის კი, თეატრი უკრაინაში, ვინიცაში გამგზავრებას გეგმავს, სადაც თოჯინების თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

თოჯინების თეატრს საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი, 350 ათასი ლარი აქვს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთ საქართველოში მოზარდ მაყურებელთა სულ ორი სახელმწიფო თეატრია და მისი მნიშვნელობა რეგიონში დიდია, თანხა არც ისე ბევრი გამოდის.

ბათუმის თოჯინების თეატრის მთავარი პრობლემა შენობაა. ამ თეატრს დღემდე არა აქვს საკუთარი სცენა, სადაც სპექტაკლების ჩვენება იქნება შესაძლებელი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობის დარბაზი მასწავლებელთა პროფკავშირებს ეკუთვნის, თოჯინების თეატრი აქ ქირას იხდის. მართალია, თეატრს ყოფილი `თითების თეატრის~ შენობა ეკუთვნის, მაგრამ თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, სანამ სცენა არ გადაკეთდება, იქ სპექტაკლების დადგმა შეუძლებელია.

მედეა ჩარკვიანი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მმართველი: – პრემიერის გამართვა საკმაოდ ძვირი ჯდება: კოსტიუმები, დეკორაციები, რეკვიზიტები, მსახიობების ჰონორარების ჩათვლით... ერთ პრემიერას დაახლოებით 7-10 ათას ლარამდე სჭირდება. თეატრს ბევრი მაყურებელი ჰყავს. აჭარაში ორმოცდაათამდე საჯარო სკოლაა, მოსწავლეები ჩვენთან ხშირად მოდიან.
_ აჭარის მაღალმთიან რაიონებში თუ მართავს თოჯინების თეატრი სპექტაკლებს?
_ რეკვიზიტებისა და საჭირო მოწყობილობის წაღება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ბავშვს საჯარო სკოლის ფიზკულტურის დარბაზში ვერ აჩვენებ სპექტაკლს, ეს არ იქნება ხარისხიანი, კარგი წარმოდგენა. კარგი სპექტაკლის ჩვენებას სჭირდება შესაბამისი განათება და პირობები, ატრიბუტიკის გარეშე ეფექტები იკარგება. ამიტომ, უმჯობესია, ბავშვებმა სწორედ თეატრში, ესთეტიკურ გარემოში ნახონ სპექტაკლები.
- რომელია ყველაზე წარმატებული სპექტაკლი, რაც თოჯინებში თქვენი მუშაობის პერიოდში დაიდგა?
_ ჩემგან ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლო სპექტაკლი _ "ბრემენელი მუსიკოსები" ძალიან წარმატებულია. ასევე პოპულარული სპექტაკლია "ნიანგი გენა და მისი მეგობრები". ასე თვლიან სპეციალისტებიც. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი შემფასებელი მაყურებელია, ეს სპექტაკლები მათაც მოსწონთ.
ზურაბ ცინცაძე, სპექტაკლის რეჟისორი: _ ფაქტობრივად, სპექტაკლი _ "ბრემენელი მუსიკოსები" სამიდან ოთხმოც წლამდე ადამიანებისთვისაა. ვთვლი, რომ მსახიობებმა კარგად იმუშავეს. სპექტაკლის დადგმის იდეა კომპოზიტორ მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის. დავაინტერესეთ დრამატურგი, მხატვარი და ასე აღმოჩნდა მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ამ სპექტაკლის დადგმის იდეით შეპყრობილი.
_ პრემიერის შემდეგ, რამდენად კმაყოფილი ხართ?
_ არასდროს ვყოფილვარ კმაყოფილი ჩემი მუშაობის შედეგით. სულ მაკლია რაღაც. ახლაც, როცა ვუყურებ სპექტაკლს, ვცდილობ, შევცვალო ის წვრილმანი ნაკლოვანებები, რაც არ მომწონს. სანამ სპექტაკლი სცენაზეა, მას თვალყურის დევნება სჭირდება.
_ `ბრემენელი მუსიკოსები" საბჭოთა დროის პოპულარული მულტფილმია. მუშაობის პროცესში არსებობდა თუ არა საფრთხე, მულტიპლიკაციური ფილმის გავლენის ქვეშ ყოფილიყო კომპოზიტორი ან მსახიობი?
_ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ამისათვის თავი აგვერიდებინა. ის მხატვრული სახეები, რომელიც ჩვენ შევქმენით, აბსოლუტურად განსხვავდება ცნობილი მულტფილმის პერსონაჟებისგან. იყო საშიშროება მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისითაც, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავა სპექტაკლის კომპოზიტორმა, მინდია ხითარიშვილმა, რომლისთვისაც "ბრემენელი მუსიკოსები" მესამე ნამუშევარია ბათუმის თოჯინების თეატრში. ვფიქრობ, ამ გავლენას ავცდით.




Wednesday, December 3, 2008

ქაფშიას სეზონი და გასაღების ბაზარი

თევზმჭერი სეინერები ზღვაში უკვე გავიდნენ. ზამთრის სეზონზე შავი ზღვის ქართულ აკვატორიაზე შემოსული ქაფშია ქართულის გარდა თურქეთის, სომხეთისა და უკრაინის ბაზარსაც ამარაგებს.

ირმა ზოიძე / ბათუმელები
გარემოს დაცვის სამინისტროს წლევანდელ სეზონზე ქაფშიის წარმოების კვოტა არ გაუზრდია. ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც 60 ათასი ტონა ქაფშიის წარმოება დაუშვა. მისი ათვისების უფლება კი 10-წლიანი ლიცენზიის მქონე თბილისსა და ფოთში დარეგისტრირებულ შვიდ კომპანიასა და საქართველოში არსებულ მცირე ზომის 43 სეინერს აქვს.

სწორედ ამ პატარა გემებს შეუძლიათ ნებადართული რაოდენობის 10 პროცენტი, ანუ ექვსი ათასი ტონა ქაფშია დაიჭირონ. სწორედ ეს სეინერები ამარაგებენ ადგილობრივ ბაზრებს ქაფშიით, ლიცენზირებული კომპანიები კი ქაფშიის ექსპორტს ახორციელებენ შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში, რადგან დაზამთრებისას ქაფშია, ძირითადად, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ბათუმისა და ფოთის აკვატორიაში შემოდის.

ზღვაში სამას მეტრ სიღრმეში ნავით შესასვლელად და თევზის დასაჭერად კი ლიცენზია არ არის საჭირო, ასევე არ სჭირდებათ ნებართვები ზღვის ნაპირზე მდგომ მებადურებსაც.

კანონით, თევზის ორი მესამედი საქართველოში უნდა დამუშავდეს. ლიცენზიანტებს კი თავის მხრივ, უფლება აქვთ თევზჭერის მათთვის მიცემული ნებართვიდან ქაფშიის დაჭერა არამარტო ქართულ სეინერებს, არამედ თურქულსაც დაუკვეთონ.
იმის გამო, რომ ქაფშიის სეზონი შავ ზღვაში ახალი დაწყებულია ბათუმში, თევზის ბაზარში, კილოგრამი ქაფშიის ფასი ლარიდან იწყება და ორ ლარამდე ადის. ზღვისპირელებს ვერ გაუგიათ, რატომ გაძვირდა თევზი. ისინი ვარაუდობენ, რომ თევზის ფასს მისი დეფიციტი განსაზღვრავს, ანუ, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ზღვაში თევზი იკლებს.

`ჩემს ბავშვობაში ყველაზე ადვილი და მისაწვდომი თევზის პროდუქტი იყო. ახლა თევზის ყიდვას მხოლოდ ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ოჯახები ახერხებენ _ თევზი, ლამის, ხორცზე ძვირი გახდეს~, _ ამბობს ბათუმელი ირმა მიქელაძე.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული კვოტებით თუ ვიმსჯელებთ, თევზის რაოდენობა არ იცვლება: რამდენიმე წელია კვოტა ზუსტად 60 ათასი ტონაა. თევზზე ფასების მომატებას სხვაგვარად ხსნის რამაზ მიქელაძე, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ბათუმის განყოფილების უფროსი და იხტიოლოგი (თევზების ექსპერტი): `ცოცხალი~ თევზი ყველგან გაძვირდა. ახალი პროდუქტები, ზოგადად, ძვირად ფასობს, გაყინულს სხვა ფასი აქვს, ახლად დაჭერილს კი _ სხვა. ფასს ისიც განსაზღვრავს, რომ თევზი მალფუჭებადია და რისკიც დიდია~.
გარემოს დაცვის სამინისტრო ბათუმის აკვატორიაში თევზმჭერი გემების ლიცენზიის გარდა თევზჭერის წესებსაც აკონტროლებს. რამაზ მიქელაძის თქმით, კანონს როგორც ადგილობრივი, ისე თურქეთიდან შემოსული მეთევზეებიც არღვევენ. თუმცა, უკანონო მეთოდებით თევზის დაჭერით, ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი, მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან შემოსული თევზმჭერი გემების მხრიდან გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ქართული სეინერების, რომელთა ზომაც გაცილებით ნაკლებია და შესაძლებლობებიც ბევრად უფრო მცირე აქვთ.
წელს, სეზონის დასაწყისშივე, თევზჭერის წესების დარღვევისთვის, გარემოს დაცვის ინსპექციამ უკვე დააჯარიმა რამდენიმე ქართული სეინერი. შარშან წვრილი ზომის ქაფშიის დაჭერისთვის 400 ათასი ლარით დაჯარიმდნენ თურქი მეთევზეები, 100 ათასი ლარით კი თურქული გემი, რომელმაც აკრძალული მეთოდებით კამბალა დაიჭირა.

მართალია, დეკემბერი, ძირითადად, ქაფშიის სეზონია, მაგრამ ამ პერიოდში ქართულ აკვატორიაში კეფალი და სტავრიდაც შემოდის, თუმცა, არა დიდი რაოდენობით. შესაბამისად, ამ სახეობის თევზებზე კვოტები ნაკლებია. წელს, დაახლოებით, 1000 ტონა სტავრიდისა და ამდენივე რაოდენობის კეფალის დაჭერაა ნებადართული. შავ ზღვაში წითელ წიგნში შეტანილი თევზებიც არის, მაგალითად, ზუთხი, რომლის დაჭერა კანონით აკრძალულია. ამიტომაც ბაზარზე გამოტანილი ზუთხი, ძირითადად, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი უნდა იყოს.

რამაზ მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ ბაზარზე გამოტანილი ზუთხის მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოს აკვატორიაში იყოს დაჭერილი. ზუთხი კასპიის ზღვაშიც ბინადრობს, მისი დაჭერა არც იქ არის ნებადართული. თუმცა, ბაზარზე გამოტანილი ამ ჯიშის თევზი ყოველთვის კონდრაბანდა არ არის _ მისი გაყიდვის უფლება იმ კომპანიებს აქვთ, რომლებსაც ზუთხი ხელოვნურად გამოჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ფირმა სომხეთის ტერიტორიაზეა და ქართულ ბაზარზეც იქედან შემოდის.

დაპირისპირება სატელეფონო ბაზარზე - ტელეკომის მონოპოლია


ბათუმში ატს-3 აღარ მუშაობს. სამიანი ინდექსით ტელეფონები 3 800 ოჯახს უკვე მესამე კვირაა გაუთიშეს. კომპანია ”საბატელის” დირექტორი ამის გამო ”აჭარის ელექტროკავშირს” ადანაშაულებს. ”აჭარის ელექტროკავშირმა” ოფისის შეცვლასთან დაკავშირებით, გადაჭრა საკაბელო მეურნეობა ატს-3-ის ხაზები და აღარ ჩართო. ”საბატელის” მომსახურებაზე, ყოველდღიურად, ათობით ადამიანი ამბობს უარს.

ნათია როყვა/ბათუმელები

”საბატელის” დირექტორი, მაია სიხარულიძე აცხადებს, რომ ”აჭარის ელექტროკავშირს” სასამართლოში უჩივლებს, მაგრამ ვერ წარმოუდგენია კომპანია როგორ მოახერხებს აბონენტების შენარჩუნებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო პროცესს მოიგებს. როგორც წესი, ამ ტიპის დავები წლობით გრძელდება, ადამიანებს კი ტელეფონები ყოველდღიურად სჭირდებათ.
სამი ათას რვაასი აბონენტიდან `საბატელის~ მომსასახურებაზე უარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ექვსასმა აბონენტმა უკვე განაცხადა. აბონენტების ნაწილმა კომპანიას მხარდამჭერი წერილით მიმართა კიდეც, ზოგმა კი განცხადება `აჭარის ელექტროკავშირის~ ქსელში ჩართვაზე დაწერა.

”საბატელის” დირექტორი ამ ყველაფერში `აჭარის ელექტროკავშირს~ ადანაშაულებს. მაია სიხარულიძის განცხადებით, `აჭარის ელექტროკავშირმა~, რომელშიც ყაზახური ინვესტიციაა ჩადებული, გადაწყვიტა, რომ ბაზარზე არსებული ყველა პატარა კომპანია გაანადგუროს. სწორედ ამიტომ მოითხოვეს ყაზახებმა იმ ვალის დაუყოვნებლივ გადახდა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით `საბატელს~ 2009 წელს უნდა დაეფარა. საუბარია 47 ათას ლარზე. `აჭარის ელექტროკავშირს~ კი დავალიანებას, როგორც ”საბატელში” ამბობენ, თანდათანობით უხდიდნენ.
სიხარულიძის მტკიცებით, ”ელექტროკავშირმა”, ”საბატელისთვის” მდგომარეობის დასამძიმებლად, სექტემბერში ფართის იჯარის თანხა რვაჯერ გაზარდა, შესაბამისად დავალიანებამ ორ თვეში 60 ათას ლარს მიაღწია.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ `აჭარის ელექტროკავშირმა~ ოფისი შეიცვალა, ანუ მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე ფოსტის შენობიდან სხვა შენობაში გადავიდა. ამას სადენების ასი პროცენტით ჩაჭრა მოჰყვა, მათ შორის გადაიჭრა `საბატელის~ ის საკაბელო წყვილები, რომლებიც იჯარით ჰქონდა აღებული. `აჭარის ელექტროკავშირმა~ ამ სადენების ჩართვა თავის ქსელში აღარ მოინდომა.
მაია სიხარულიძე, შპს `საბატელის~ დირექტორი: `სადგურიდან იჯარით ვიღებ კაბელის წყვილს, რომლის იჯარის თანხას ხელშეკრულების მიხედვით ვიხდი. ხელშეკრულება არაა შეწყვეტილი, მაგრამ `გაერთიანებულმა ტელეკომმა~ ჩვენს აბონენტებს კაბელები მაინც გადაუჭრა. ამით დაარღვიეს სახელშეკრულებო პირობები, რაც ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია.

3-ინდექსიანი ტელეფონები დღემდე სწორედ ამის გამო არის გათიშული. იმ აბონენტებსაც კი, რომლებიც ქსელში არიან ჩართული, სხვა ქსელის აბონენტები ვერ უკავშირდებიან. ეს კი ერთგვარი ბერკეტია მონოპოლიის~.
სიხარულიძის ინფორმაციით, `სამიანის~ აბონენტებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ `სამიანი~ აღარ ჩაირთვება და `შვიდიანზე~ ურჩევენ გადასვლას. ადამიანები კი იძულებული ხდებიან, ნომრები შეცვალონ.

მონოპოლიის წინააღმდეგ შპს `საბატელის~ დირექტორი, სასამართლოში ჩივილს აპირებს: `აჭარის ელექტროკავშირი~ ისეთ პირობებს აყენებს, რომლის შესრულებაც წარმოუდგენელია: კომპანია ჩვენი აბონენტებისთვის ფასების მატებით თავის აბონენტებს უმცირებს ფასს, რაც ეკონომიკური დანაშაულია. ჩემმა ბევრმა აბონენტმა დაწერა საჩივარი, იქნებ სასამართლოში გამოგადგესო~.

აქამდე ორივე კომპანიას ერთნაირი ტარიფი ჰქონდა ანუ სააბონენტო გადასახადი ოთხი ლარი იყო, წუთობრივი _ ერთი წუთი ერთი თეთრი. მაგრამ დეკემბრიდან `აჭარის ელექტროკავშირმა~ თავის აბონენტებს უფასო მომსახურება შესთავაზა: `ჩვენთან მოდიან უკმაყოფილო ადამიანები, ზოგი ბოდიშს იხდის და ისე წერს განცხადებას _ შვიდიანზე გადადიან. აბონენტების ქუჩაში გამოყვანას და რევოლუციის მოწყობას არა, მაგრამ სასამართლოში ჩივილს ვაპირებ, როგორც კომპანიის დირექტორი და აბონენტი, რადგან მეც ისე გამითიშეს ტელეფონი, არ გამაფრთხილეს. არც იმის საშუალება მომცეს, რომ ტელეფონის გათიშვის შესახებ ჩემი მომხმარებელი გამეფრთხილებინა~ _ ამბობს მაია სიხარულიძე.
`საბატელის~ დირექტორის განცხადებით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, `საბატელში~ დასაქმებული ოცი ადამიანი უმუშევარი დარჩება.

კახა ფალავანდიშვილი, იურისტი: ”კანონით, ხელოვნური მონოპოლია სამეწარმეო თავისუფლებას ხელყოფს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რა ხდება, ჩემთვის უცნობია. როგორც იურისტს, ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება იმ შემთხვევაში შემეძლება, როცა ხელშეკრულების პირობებს გავეცნობი. იმის დაჯერება მიჭირს, რომ აბონენტებს ურეკავენ და ”შვიდიანზე” გადასვლას ურჩევენ, მაგრამ თუ ასეა, ეს მეწარმეობის ჩარჩოებში არ ჯდება, უსამართლობა და ზიანის მიყენებაა კონკურენტისთვის. ასევე, უკანონობაა ხელშეკრულების დარღვევა. საერთოდ კი, ბაზარზე ხელოვნური მონოპოლია აკრძალული და დაუშვებელია.თუ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობით ზიანი დადგება, დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, ამის ერთადერთი გზა კი სასამართლოა”.


გაზის ხარისხი ბათუმში

ბათუმის მოსახლეობა ყველაზე დაბალკალორიულ ანუ დაბალი თბოწარმადობის გაზს მოიხმარს. მომხმარებელს, რომელიც გაზის დაბალ თბოუნარიანობაში დარწმუნებულია, ბუნებრივი აირის ხარისხში შეაქვს ეჭვი.

ნათია კოპალიანი, თედო ჯორბენაძე/ბათუმელები
უხარისხო, ნაკლებკალორიული გაზის მოხმარება იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სითბოს მისაღებად მეტი რაოდენობის გაზი იხარჯება. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, უხარისხო ანუ არასტანდარტული გაზი სხვადასხვა დანადგარებსა და მილებშიც ილექება და აბინძურებს მათ.

ყველაზე ხარისხიანად დღეს ირანული გაზია მიჩნეული, რომელიც საქართველოში, ფაქტობრივად, არ შემოდის. ნაკლებად შემოდის რუსული გაზიც. ქართული ბაზარი ამ დროისთვის, ძირითადად, აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული.

ექსპერტი ენერგეტკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ ”გაზის მთავარი მახასიათებელი მისი თბოწარმადობაა ანუ ერთეული რაოდენობის გაზს რამდენი ერთეული სითბოს მოცემა შეუძლია. სხვანაირად ამას გაზის კალორიულობა ჰქვია. ცნობილია, რომ ყველაზე კალორიული ირანული გაზია. ხარისხობრივი განსხვავება რუსულ და აზერბაიჯანულ გაზს შორის კი უმნიშვნელო უნდა იყოს”.

”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მიხედვით, `ბუნებრივი გაზი~ ეს არის ნახშირწყალბადები, რომლებიც, გარკვეულ წნევასა და ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობა არანაკლებ 31.8 მჯ/მ3-ია ანუ 7600 კკალ/მ3.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განმარტავენ, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ნორმატივი უშვებს დაბალი თბოუნარიანობის მქონე გაზის გამოყენების შესაძლებლობას, ოღონდ არის ქვედა მაქსიმალური ზღვარი, რომელზე ნაკლები თბოუნარიანობის გაზი, უკვე აღარ შეესაბამება სტანდარტებს. ასეთი ქვედა ზღვარი რუსული გაზისთვის 7600 კკლ/მ3-ია დაშვებული.

ბათუმის მოსახლეობა (`აჭარის ბუნებრივი აირის~ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით), სწორედ ასეთ დაბალკალორიულ (7600 კკლ-მ3) ანუ ყველაზე დაბალი თბოწარმადობის გაზს მოიხმარს. ექსპერტთა ერთი ნაწილის განცხადებით კი, გაზის ხარისხზე, მაშინ, როცა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, არ უნდა ვისაუბროთ.
კორპორაციის მონაცემებით საქართველო გაზს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზისა და ადგილობრივი, ნინოწმინდის საბადოდან იღებს. ამათგან რუსული ბუნებრივი აირი თავისი შემადგენლობით ყველაზე სუფთაა, ხოლო აზერბაიჯანული აირი ნაწილობრივ შეიძლება თანმყოლ გაზსაც შეიცავდეს. ექსპერტების თქმით, ბუნებრივი აირი, რომელსაც დღეს საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს, მთლიანობაში, დაბალკალორიულია, თანმყოლი გაზი კი გაცილებით უხარისხოა.

ქვეყანაში შემოსული ბუნებრივი აირის ხარისხზე ექსპერტები, მათივე თქმით, ოფიციალურ და ამომწურავ ინფორმაციას ვერ იღებენ. ადვილად ხელმისაწვდომი არც ბუნებრივი აირის სფეროში მომუშავე ფირმებთან დადებული ხელშეკრულებები თუ სხვადასხვა სახის დოკუმენტაციაა. ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, ”დოკუმენტების მოპოვება ექსპერტებისთვის თითქმის შეუძლებლია, ვინაიდან გაზის ბაზარი ოფიციალურად არის დარეგულირებული. აქედან გამომდინარე, კომპანიები ვალდებული არ არიან დოკუმენტაცია სადმე წარადგინონ~.

გაზიფიცირების სამუშაოებს დღეს აჭარაში აზერბაიჯანული კომპანია ”სოკარ ჯორჯია გაზი” აწარმოებს. მოსახლეობის ნაწილს კი ბათუმში ბუნებრივ აირს, ამ ეტაპზე, შპს `აჭარის ბუნებრივი აირი” აწვდის.

აღსანიშნავია, რომ ხარისხის (თბოწარმადობის) მიხედვით, გაზზე ფასებიც განსხვავებულია. რაც შეეხება გაზის გადასახადს, ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, `არსებული ტარიფი დაწესდა იმ დროს, როცა 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის ფასი 230 აშშ დოლარი იყო. მას შემდეგ ტარიფი არ შეცვლილა~. ჯერვალიძის თქმით, განსხვავებულია გაზის ფასები ევროპაშიც: `თუმცა, იქ ფასი დგინდება მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულებში და არა კუბურ მეტრებში~.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ზოგადად გაზზე ფასმა უნდა დაიკლოს: `გაზის ფასი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასზეა მიბმული. მას შემდეგ, რაც ბარელ ნავთობზე ფასები დაეცა, გაზის ფასმაც უნდა დაიწიოს. გაზზე ფასის გადახედვა ხანგრძლივ კონტრაქტებში ყოველ 6-9 თვეში ხდება და კორექტირება ნავთობზე არსებული ფასების მიხედვით კეთდება~.

რაც შეეხება ბათუმში ბუნებრივი აირის ფასს, მოსახლეობისთვის, 1 კუბ/მ-ის ღირებულება 41,89 თეთრია, დღგ-ს გარეშე.



გათბობის ფასები ზამთარში

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ალტერნატივად, როგორც გათბობის საშუალება, ბათუმის მცხოვრებთათვის, ძირითადად, კვლავ შეშა რჩება. შეშით გათბობა კი, არცთუ ისე იაფი სიამოვნებაა. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზამთარში შეშის ღუმელის გაყვანილობებზე აკრძალვები არ არის.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები


ე.წ. ჭაობის დასახლებაში, კერძო სახლში მცხოვრები ნათელა გურგენიძე ამბობს, რომ უკვე ერთი წელია ზამთარში მისი ოჯახი ბუნებრივი აირით თბება და ამ სერვისში ყოველთვიურად 140 ლარს იხდის: ”ერთ გამათბობელს ვრთავ, გაზი აბაზანასა და სამზარეულოც მაქვს გაყვანილი. მთლიანი სახლის გასათბობად თვეში, ალბათ, 400-500 ლარი დამჭირდებოდა. ცხადია, ამდენს ვერ გადავიხდი, ამიტომაც გათბობას მთელ სახლში არ ვრთავ”.

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ნუნუ კონცელიძე კი ამბობს, რომ მისი ოჯახი გასათბობად ელექტროღუმელს იყენებს: ”ზამთარში 20 ლარით მეტს ვიხდით, ვიდრე ზაფხულში. მაგრამ ელექტროენერგიას ძალიან ეკონომიურად ვხარჯავთ, ყველას დავსდევ და ოთახებში შუქს ვაქრობ”.

გასულ ზამთარში, გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები ეთერიკო დონდოლაძის ოჯახისთვისაც გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგია იყო. ოჯახი შუქის გადასახადს, მინიმუმ, 100 ლარს იხდიდა თვეში.ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. შეშის ბაზრობაზე ერთი კუბ/მეტრი დაჩეხილი შეშა 120-130 ლარი ღირს, მორების ფასი კი _ 90-100 ლარამდეა. ერთი ტომარა შეშის ფასი ოთხი-ექვსი ლარია. შეშის ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორი დამუშავებულია და რა სახეობისაა. სავარაუდოდ, შეშაზე ფასების მატება არ არის მოსალოდნელი. გამყიდველები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები, შეშა არ გაძვირებულა. `საწვავიც უნდა ვიყიდოთ და მძღოლსაც თავისი უნდა მივცეთ. რაც შეეხება დოკუმენტაციას, ვაუჩერს სატყეო მეურნეობაში ვიღებთ. საშეშედ ერთი კუბამეტრი წიფელის მოჭრისთვის სამ ლარს ვიხდით. მართალია, შეშა არ გაძვირებულა, მაგრამ მაინც ნაკლებად იყიდება - ხალხს ფული არ აქვს”, _ ამბობს დავით აბაშიძე. შეშის გამყიდველთა თქმით, ერთ ოჯახს, ზამთარში, გათბობისთვის, დაახლოებით ექვსი-შვიდი კუბამეტრი შეშა სჭირდება. ერთი მანქანა მორი, რომელიც დაახლოებით ხუთი კუბამეტრია, 500-ლარამდე ღირს. ბაზრობაზე მხოლოდ წიფელი იყიდება, შეშად წყავი და რცხილაც კარგია.შეშას, რომელსაც ბათუმის ბაზრობაზე ყიდიან, აჭარის სხვადასხვა სოფლებში ჭრიან. ”ხეებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ვჭრით, ქალაქში ჩამოგვაქვს და ვყიდით _ ამბობენ შეშით მოვაჭრეები.

სოფელში თითოეულ ოჯახს, ზამთრის მარაგისთვის, 7-8 კუბური მეტრი ტყე-კაფი აქვს გამოყოფილი. შეშა რომ დაამზადო და გაყიდო, არსებობს სპეციალური ვაუჩერები, რითაც გამოყოფილი ხეების მოჭრის უფლებას იღებ”. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, კახაბერ გუჩმანიძის ინფორმაციით: ”აჭარაში, წელს ვაუჩერი 145 533 კუბურ მეტრ საშეშე მერქანზეა გაცემული. აჭარის მაღალმთიან ზონაში ვაუჩერები მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაურიგდა. გამოყოფილია უბნები, სადაც ვაუჩერების მქონე პირებს წინასწარ დანომრილი ხეების მოჭრა შეუძლიათ. შეშის ტყიდან გატანა და ტრანსპორტირება კი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხდება”.

და ბოლოს, ხულოს რაიონიდან არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა რედაქციაში ტყის უკანონოდ ჩეხვასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები გვატყობინებენ, რომ ტყე ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე, მასიურად იჩეხება და იყიდება. მათი აზრით, თუ ასე გაგრძელდა, მეწყრის საფრთხე კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ისინი შესაბამის სამსახურებს ბრაკონიერებისგან ტყის რეალურ დაცვას სთხოვენ.

ვირტუალური რეალობა

მოსაწყენი ამინდია... და მთელი ზამთარი ასეთი ამინდი იქნება ბათუმში. როგორ უნდა გაერთო? “შედი და გაერთე” _ ეს ვირტუალური ჩათის სამყაროა. აქ არც მარტოობა გაგტანჯავს და ვერც ვერავინ შეგაწუხებს, თავისუფალი ხარ.

ნათია კოპალიანი /ბათუმელები

30 წლის ეკა აზრით, “ერთი რამე უდავოა _ სკაიპში კარგი მეგობრები შევიძინე. უცხოელებსაც ველაპარეკები. როდესაც მილანში ჩავედი, ჩათში გაცნობილი მეგობარი დამხვდა და ძალიან კარგი მასპინძლობა გამიწია”.

იყო დრო, როცა ქალი და კაცი შეყვარებასაც ვერ ასწრებდნენ, ისე აქორწინებდნენ მშობლები; მერე მაჭანკლობა იქცა `სარფიან“ ხელობად; მოგვიანებით გარიგება უნივერსიტეტის ეზომ, კაფე-ბარებმა და ბულვარებმა შეცვალა.

ამ ყველაფერს 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ჩაენაცვლა. ცივილიზაციამ ადამიანები ერთმანეთს დააშორა, საკუთარ თავში ჩაკეტა... და აქტუალური გახდა ინტერნეტნაცნობობა. 35 წლის მადონა ამბობს, რომ ჩათით ცხოვრებას იხალისებს: `მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, დამღლელი. იმიტომ მიხარია კომპიუტერთან ჯდომა, რომ ახალ ადამიანებთან ურთიერთობას ვახერხებ. ალბათ, ეს, რეალობაში მაკლია. ადამიანების გაცნობა ახალ ენერგიას მაძლევს”.

ჩათი უკვე იმდენად მასობრივია, რომ მსხვილმა ორგანიზაციებმა სამუშაო საათებში მისი გამოყენება აკრძალეს. მას ყველა ასაკის მომხმარებელი ჰყავს. `შვილი მყავს საზღვარგარეთ და ამ ფაქტმა ინტერნეტთან დამამეგობრა, ვკონტაქტობ მასთან და არა მარტო... მავნე ჩვევად მექცა ახალი ინტერნეტნაცნობების შეძენა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თავს უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ~, _ ამბობს 44 წლის ნანა. 40 წლის ემზარისთვის კი, `ეს კომუნიკაციის საშუალებაა, რომლითაც შეგიძლია გაესაუბრო შორს მყოფ მეგობრებს, ჩაერთო საინტერესო დისკუსიაში, გაიცნო ახალი ადამიანები, დაამყარო მათთან კონტაქტები, მათ შორის ინტიმურიც”.

ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავის პარტნიორს ინტერნეტში ხვდება, უყვარდება და ქორწინდება კიდეც. დღეს ერთი მეგობარი გამომიტყდა, მგონი, ის ბიჭი შემიყვარდაო. გაკვირვება ვერ დავმალე, რადგან ვიცოდი, რომ რეალურ სამყაროში არავის ხვდებოდა. შევეკითხე, რომელი? აღმოჩნდა, რომ `ის~ ვირტუალურ სამყაროში გაიცნო. მეგობარი ისე აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა, ამ `ზღაპრის~ დაჯერებამდე ცოტაღა მაკლდა.

მათი აზრით, ვინც ვირტუალურ სამყაროში “ცხოვრობს”, ჩათს ბევრი კარგი თვისება აქვს. აჩი: `ერთი გოგო გავიცანი ვირტუალურად. შევხდი და ძალიან მომეწონა. ახლაც ვხდები. არ ვიცი, საბოლოოდ რა იქნება, ვნახოთ”.

კონსტანტინე: “სკაიპი” რომ არ იყოს, ”გავაფრენდი”. დედაჩემი ოთხი წელია ამერიკაში ცხოვრობს და სკაიპის საშუალებით ვუკავშირდები. რამდენიმე მეგობარი მყავს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია”.
ქეთინო: ”ინტერნეტის საშუალებით ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. ვიგებ სერიოზულ ინფორმაციებს მათ შესახებ. მყავს ბევრი ინტერნეტმეგობარი, რომელთაც ჯერ არ შევხვედრივარ”.

24 წლის დათოს აზრით კი, `შეიძლება შეხვდე, გაერთო, დრო ატარო მასთან, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის წამოწყება არარეალურია. თუმცა, თუ მისი ვიზუალური მხარე მომხიბლავს, რატომაც არა...”

ფსიქოლოგ ქეთი ბერიძის აზრით, `ჩათს უარყოფითი მხარეებიც აქვს: `ადამიანს ვერ ეხები ანუ ჩათის საშუალებით იმდენად ხშირად ელაპარაკები მას, რომ მერე მასთან ფიზიკური კონტაქტი ნაკლებად გინდა. ჩათი ვერასოდეს შეავსებს იმას, რასაც ურთიერთობა ჰქვია. ჩათში ადამიანმა შეიძლება დრო ვერ გააკონტროლოს და საქმეც გაიფუჭოს”.

ფსიქოლოგის განმარტებით, ჩათი ქვეშეცნეულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა: ”როცა იცი, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ელაპარაკები, შეიძლება ვერც კი შეხვდე, ისეთ რაღაცას ეუბნები, რაც შეიძლება ახლო მეგობრისთვისაც არ გქონდეს ნათქვამი. ადამიანები ასეთ საუბრებში უფრო გახსნილი არიან. ასეთ დროს ისინი უარყოფითი ენერგიისგან იცლებიან და სიამოვნებას განიცდიან. ახსნა აქვს იმასაც, რომ `აქ~ ადამიანები ხშირად იტყუებიან: უნდათ ისეთები იყვნენ, რასაც ამბობენ, როგორც სოციალურად ისე ფიზიკურად”.

იმას, რომ სკაიპმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა, ამ სახის ურთიერთობის კიდევ ერთი მოყვარული _ ქეთი, არ ეთანხმება: ”თუ ვიღაცასთან შეხვედრის სურვილი გექნება, მის ნახვას მოახერხებ ანუ ჩათით უბრალოდ ეტყვი _ მოდი რა, შევხვდეთ”.
27 წლის გიორგი კი ცოტა სხვაგვარად ფიქრობს: ”კარგია, როცა ათასობით კილომეტრზე დაშორებულ ადამიანს ეხმიანები, მაგრამ მათ, ვინც შენს ქალაქში ცხოვრობს ან სულაც ერთი კედელი გყოფს… სჯობს, ალალად ეურთიერთობო, ინტერნეტის გარეშე...”