div#header

Thursday, August 28, 2008

ფოთის სავაჭრო ნავსადგურმა ზარალი დაითვალა


/ბათუმელები/
ფოტოზე: ”ჩენელ ენერჯის” რეზერვუარი, რომელიც ზემოდანაა დაზიანებული
8 აგვისტოს ფოთის პორტის დაბომბვის შემდეგ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურმა ორი მილიონი დოლარი იზარალა.

ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ნავსადგურის დირექტორის მოადგილემ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ვახტანგ ლემონჯავამ გააკეთა.
მისი თქმით, დღეისათვის ფოთის პორტი მხოლოდ 35% -ი დატვირთვით მუშაობს. ზარალი ტვირთნაკადების შემცირებამ გამოიწვია

დაბომბვის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 279 ათასი დოლარის ტექნიკა და ქონება. 100 ათასი დოლარით დაზარალდნენ პორტის მეიჯარე კომპანიები.

ერთი მილიონ 100 ათასიანი ზარალი მიადგა თურქულ -ქართულ ნავთობკომპანია `ჩენელ ენერჯის”. კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა დააზიანეს ამ კომპანიის რეზერვუარები
ეს ციფრები აისახება სარჩელში, რომელსაც ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს.

დუმბაძე ყველა ქართველ ტყვეში გაიცვალა

/ბათუმელები/

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარემ, გივი თარგამაძემ “ბათუმელებთან” საუბარში დაადასტურა, ინფორმაცია გენერალ რომან დუმბაძის ქართველ ტყვეებში გაცვლის შესახებ. მისი ინფორმაციით, გენერალი დუმბაძე გაიცვალა არა მხოლოდ 12 ქართველ ტყვეზე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ფოთის პორტში დააკავეს, არამედ ყველა ქართველ ტყვესა და 45 ცხედარზე, რომელიც გუშინ გადმოსცეს ქართულ მხარეს.

თარგამაძის განცხადებით, გენერალ დუმბაძის გადაცემა რუსმა გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა.

საქართველოდან რუსული ჯარის ნაწილების გაყვანამდე გენერალი ბორისოვი აჭარაში დისლოცირებული რუსული შენაერთის მეთაური იყო.

გენარალი დუმბაძე 2004 წლის 6 მაისიდან პატიმრობაშია. სასამართლომ მას 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დუმბაძემ ე.წ. აჭარის კრიზის დროს განაცხადა, რომ არ ემორჩილეობადა საქართველოს პრეზიდენტს და მისი მეთაური მხოლოდ ასლან აბაშიძე იყო.


საქარტველოს პროკურატურა გენერალ დუმბაძის შესახებ:

გენერალ-მაიორ რომან დუმბაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2004 წლის 31 მარტს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, გამოძიება დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის #20350-ე სამხედრო ნაწილის მეთაურის, გენერალ-მაიორ რომან ნოდარის ძე დუმბაძის მიმართ, არაერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.2004 წლის 20 აპრილს, სამხედრო პროკურატურის მიერ, გამოტანილი იქნა დადგენილება ნოდარ დუმბაძის დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. იმავე დღეს, დუმბაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება სამი თვის ვადით და მასზე გამოცხადდა ძებნა.2004 წლის 6 მაისს, რომან დუმბაძე თავად გამოცხადდა თბილისში - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრტერორისტულ დეპარტამენტში, სადაც ის დააკავეს კიდეც. ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე გ. ფუტკარაძე) 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენით, რომან დუმბაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის "ბ" და "დ" პუნქტებით, III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით(თაღლითობა), 182-ე მუხლის II ნაწილის "ა"",ბ"",გ" და "დ" ქვეპუნქტებით, III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით(სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება-გაფლანგვა), 223-ე მუხლის I ნაწილით(უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა), 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით(ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა და გასაღება), 237-ე მუხლის I ნაწილით, III ნაწილის "ბ"",გ" და "დ" ქვეპუნქტებით(ცეცხლსასროლო იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება მისაკუთრების მიზნით), 307-ე მუხლით, 312-ე მუხლის II და III ნაწილით(სახელმწიფოს ღალატი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა), 316-ე მუხლის I, II და III ნაწილებით(სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება), 332-ე მუხლის I ნაწილით, III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით(სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე მუხლის I ნაწილით, III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 383-ე მუხლის I ნაწილით, II ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით(დადგენილი წესით გაცემული უფროსის ბრაძანების შეუსრულებლობა) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.2006 წლის 10 თებერვლის განაჩენითვე, რომან დუმბაძე #20350 სამხედრო ნაწილის კუთვნილი, ოთხი ზილ-131 და ერთი ურალი 4320 ავტომანქანების მითვისების, ამავე სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის ქობულეთში სანატორიუმ " ოქროს სანაპირო"-ში და ქაქუთის გამშვებ პუნქტთან გადაადგილების, თავმოყრისა და დისლოკაციის ადგილის შეცვლის, ასევე დოკუმენტების გაყალბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვის ფაქტებთან დაკავშირებული ბრალდების ეპიზოდებში (რაც დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II ნაწილის "ბ"",გ"",დ"ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 316-ე მუხლის II ნაწილით, 333-ე მუხლის III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით(სამსახურებრივი სიყალბე), 236-ე მუხლის III ნაწილით), ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, რომან დუმბაძის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში. განაჩენი გასაჩივრებული იქნა დაცვის მხარის მიერაც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ # 20350 სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის ქობულეთში სანატორიუმ "ოქროს სანაპირო"-ში და ქაქუთის გამშვებ პუნქტთან გადაადგილების, თავმოყრისა და დისლოკაციის ადგილის შეცვლისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" პუნქტით წარდგენილი ბრალდების; ასევე დოკუმენტების გაყალბებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წაყენებული ბრალდების და ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილი ბრალდების გამართლების ნაწილში რომან დუმბაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ. სასჯელის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი და საბოლოოდ, რომან დუმბაძეს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.





Wednesday, August 27, 2008

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ (რომან) შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ახლობლების მტკიცებით, შავაძე სასტიკად იყო ნაწამები.

ემზარ დიასამიძე/გაზეთი ბათუმელები

გარდაცვლილის მეუღლის, ციცინო შავაძის განცხადებით, ცხედარი სასტიკად ნაწამები იყო: “მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი დამტვრეული ჰქონდა _ სკოჩით მივაბნიეთ. მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა. ცხინვალში სასწაულით გადარჩენილი, სახლში ასეთ დღეში ჩააგდეს”.

ბათუმელი სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო. ოჯახის ინფორმაციით, შავაძე სამშვიდობო მისიით ავღანეთსა და ერაყშიც იმყოფებოდა.

შავაძე სპეცრაზმმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟის მიდამოებთან 16 აგვისტოს დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ, 20 შეირაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში დაესხა თავს, წააქციეს და სასტიკად სცემეს: `ისე არაადამიანურად ურტყამდნენ, გამვლელები შოკში ჩავარდნენ. ზოგმა მიშველებაც კი სცადა. სპეცნაზელები ყვიროდნენ, რომ დაკავებული სამშობლოს მოღალატეა და მის სინდისზე ათეულობით ჯარისკაცის სიცოცხლეა~.
ციცინო შავაძე იხსენებს, 16 აგვისტოს როგორ უშედეგოდ ეძებდა ქმარს: `როინის დაკავებიდან რამდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა ნაცნობი და მითხრა, რომ ჩემი ქმარი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე ახლობელს დავურეკე და პოლიციაში მივედით. იქ გვითხრეს, რომ როინი არ დაუკავებიათ. შემდეგ სამხედრო პოლიციაში მივედით, ხელვაჩაურის ნაწილში, სადაც მსახურობდა, პატრულში, სოდ-ში და კუდ-ში. მის კვალს ვერსად მივაკვლიეთ~.

შავაძის ახლობლებმა დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობასაც მიმართეს. ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, ძალოვანი უწყებები შავაძის დაკავების ფაქტს უარყოფდნენ: `მოგვიანებით, საღამოს საათებში, შსს აჭარის მთავარ სამმართველოდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სერჟანტი თბილისის სპეცრაზმს ჰყავდა აყვანილი და დასაკითხად დედაქალაქში წაიყვანეს~.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ამ ინფორმაციის მიღებიდან სახლში დაბრუნებულებს, ერთი საათის შემდეგ, `ბენზეს~ პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ `როინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. სასწრაფოდ წავედით, მაგრამ როინი უკვე მორგში ჰყავდათ~.
მისივე განმარტებით, დაკავების წინა ღამეს შავაძეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაკითხეს, სადღაც წაიყვანეს, დაკითხეს და უკან გამოუშვეს: `ღამის 3 საათი იქნებოდა, ვიღაცამ დაურეკა, ეზოში ჩამოდი, საქმე გვაქვსო. ჩემმა მეუღლემ ფანჯარა გააღო და ვიღაცას დაუძახა, მაქ რას დგეხართ, ამოდითო. შემდეგ ფოსტლებით ჩავიდა ეზოში. ფანჯარაში გადავიხედე. ჩემმა ქმარმა იმათ უთხრა, არ გრცხვენია ბიჭებო, ასე რომ მოდიხართ ჩემთან, რა პრობლემაა, სადაც გინდათ იქ წამოვალო~.

ციცინო შავაძის თქმით, კუდ-ის თანამშრომლები მაყუჩიანი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. შავაძე წაიყვანეს და ორი საათის შემდეგ მოიყვანეს: `გაგიჟებული იყო. სამშობლოს ღალატს მაბრალებენო. ვერ წარმოედგინა ასეთ ბრალს თუ წაუყენებდნენ~.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, გასვენებაში თანამებრძოლებმა მისვლა ვერ გაბედეს: `მისი სამშობლოს მოღალატეობის შესახებ იმდენი ხმა ვრცელდებოდა, რომ ბევრმა მოსვლა ვერ გაბედა. გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ როინმა სიკვდილს გადაარჩინა და ბოდიშს იხდიდნენ, რომ ვერ მოდიოდნენ~.

ოჯახის წევრებისთვის ძალოვანების ვერსიაც შეურაცმყოფელია: `ამბობენ, რომ ნარკოტიკზე დააკავეს. ეს შეუძლებელია, რადგან მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა და ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. ომში წასვლის წინა დღეს სისხლის შემოწმება გაიარა~.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახლობლებმა დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მიმართეს: `ვერც ერთმა ადვოკატმა ჩვენი ინტერესების დაცვა თავზე ვერ აიღო. სუბარის დახმარებით ჩვენს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, გენო ქარცივაძე იცავს, მაგრამ ეტყობა მასაც ეშინია. უკვე ათი დღე გავიდა და ჯერ ჩვენი დაზარალებულებად ცნობაც კი არ მომხდარა~.

ადვოკატ ქარცივაძის თქმით, საქმე აღძრულია შავაძის განზრახ მკვლელობის მუხლით და აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, გიორგი რატიაშვილი იძიებს: `ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. როცა ოჯახის წევრების დაზარალებულად ცნობა მოხდება, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მერე მექნება~.

შავაძეს მორგში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტი მამუკა მეტრეველი ამბობს, რომ მას ექსპერტიზის შედეგებზე საუბრის უფლება არ აქვს: `ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის. ლაბორატორიიდან ველოდებით შედეგებს. ჩვენ დასკვნას გამოძიებას გადავცემთ და მერე დაზარალებულებს ექნებათ მისი გაცნობის უფლება~.
გამომძიებელი გიორგი რატიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. `ვერაფერს გეტყვით. დაუკავშირდით გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს და ყველა კითხვაზე ის გაგცემთ პასუხს~.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირება კი, ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა (საიტზე დაფიქსირებულ ნომრებს არავინ პასუხობს).
`გაქცევის მცდელობის გამო მოკლეს და ახლა იმასაც ვიძიებთ, რამდენად აუცილებელი იყო ამ ღონისძიების გატარება~, _ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან პროკურატურიდან. როინ შავაძის გარდაცვალების ცნობაში წერია, რომ იგი ქობულეთში გარდაიცვალა.


სწავლა სექტემბერში დაიწყება

ნათია როყვა/გაზეთი ბათუმელები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტში სწავლება 29 სექტემბერს დაიწყება. აჭარის განათლების სამინისტროს, ლიცენზიების განყოფილების ინფორმაციით კი, აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გია ნოდიას განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი კონფლიქტის რეგიონებშიც აღდგება.

აჭარა ომის დროს და შემდეგ

[ნესტან ცეცხლაძე, გაზეთი ბათუმელები]

”ბოლოს გორიდან მყავდა დამსვენებელი. ერთი ოთახი მქონდა გაქირავებული. როცა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა, წავიდნენ და უკან დაბრუნდნენ მეგობრებთან ერთად. უფასოდ შევუშვი, შემეცოდნენ”-ამბობს გონიოს მცხოვრები 47 წლის შუშანა აბაშიძე.

ტურისტების უმრავლესობამ აჭარა, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე დატოვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით დაახლოებით 34 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა აჭარაში საომარი მოქმედებების დაწყების დროს.

- ”უცხოელი ტურისტების უმრავლესობამ აჭარა თურქეთის გზით დატოვა” - განგვიცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ დიასამიძემ – პირველივე დღეებში მოგვმართა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა კორპუსებმა დავხმარებოდით მათ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში.

თავდაპირველად, 8 აგვისტოს, როცა რუსეთის არმიამ საქართველოს სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო, მოსახლეობა და დარჩენილი ტურისტები აჭარაში თავს ყველაზე უსაფრთხო ადგილას გრძნობდნენ.

9 აგვისტოს ღამე კი მთელს ბათუმში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროს განხორციელდა ბათუმის პორტის და ტერმინალის 2000 მდე თანამშრომლის ევაკუაცია. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და მთელი ღამე ქალაქის დაბომბვას ელოდა.
10 აგვისტოს ღამე კი თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელი დაიბომბა, რომელიც სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს, თუმცა არავინ დაშავებულა.

- ”იმის იმედი მქონდა, რამე მოხდა, თურქეთის საზღვართან მივალ, იქ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ასე ადვილად რუსეთი ვერ დაარტყამდა ” - განგვიცხადა 33 წლის მაია აფრიდონიძემ, რომელმაც აჭარა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დატოვა და თბილისში დაბრუნდა, სახლში. აფრიდონიძის მსგავსად ბევრი ფიქრობდა, რომ თურქეთის საზღვრიდან 20-იოდე კილომეტრში მდებარე ქალაქი ბათუმი უსაფრთხო იყო სწორედ ნატოს საზღვრის გამო.

თუმცა მაშინ როცა აჭარაში უსაფრთხოდ თავს თურქეთის მეზობლობის გამო გრძნობდნენ თავს, თურქეთის საკონსულო თავისი მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანაზე ზრუნავდა: ”კონსულმა გვითხრა დატოვეთ აქაურობაო, მაგრამ არ დავტოვე. ბევრი ბიზნესმენი წავიდა, თუმცა ახლა ბრუნდებიან” - გვითხრა აჭარაში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მუსტაფა კათიფოღლუმ

ბათუმში ჩარჩენილი შეშფოთებული მგზავრების თბილისში გადასაყვანად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით 2-მა ავიაკომპანიამ ბათუმი-თბილისის ავიარეისების შესრულება დაიწყო. ბევრმა მგზავრმა სწორედ ამ გზით დატოვა აჭარა.
- ”წავიდნენ და დაგვტოვეს მარტო” - აცხადებს 35 წლის გიორგი წერეთელი, რომელიც გონიოში ერთერთიბუნგალოს მეპატრონეა - ”ჰოლანდიელი დიჯეი გვყავდა ჩამოყვანილი და ძლივს გავიყვანეთ თურქეთში”.

წერეთელმა ბუნგალოს გასამართად 30.000 ლარი სესხი აიღო ბანკიდან, 15.000 ლარად კი სკუტერი შეიძინა. კაფემ სულ 4 დღე იმუშავა. ახლა მეპატრონემ არ იცის, როგორ უნდა გადაიხადოს ბანკიდან აღებული სესხი. ასეთივე მდგომარეობაშია ბევრი ბიზნესმენი, თუ მცირე მეწარმე.

აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის და სერვისის განვითარებისთვის ბანკებს დიდი ოდენობით სესხები აქვთ გაცემული, თუმცა კონკრეტულ თანხას არც ერთი ასახელებს. ბიზნესმენების ნაწილმა უკვე მიმართა აჭარის მთავრობას თხოვნით, გაუწიონ შუამდგომლობა ბანკებთან სესხების გადახდის გადავადების შესახებ. პროკრედიტბანკის პრესამსახურმა განგვიცხადა, რომ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სესხის გადახდის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე.
ტურისტული სეზონისგან მიყენებულ ზარალის დათვლას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ცოტა მოგვიანებით აპირებს: ”ამის გაანგარიშება უნდა მოხდეს ტურისტების შესაძლო რაოდეობის, მათ მიერ დღეში დახარჯული თანხის და იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მიადგა ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს. ანუ აქ არ იგულისხმება მხოლოდ საბიუჯეტო ზარალი” - განაცხადა დიასამიძემ.

ტურისტული საბიუჯეტო ზარალი, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტში აისახება,სავარაუდოდ არ იქნება 6 მილიონ ლარზე მეტი – განაცხადა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული უწყების ხელმძღვანელმა, ზურაბ ბერიძემ. მისივე თქმით, ტურისტული ობიექტებიდან ივნის-ივლისში საბიუჯეტო შემოსავლებმა დაახლოებით 3 მილიონი ლარი შეადგინა.
თუმცა ქვეყნის ბიუჯეტს ასევე დააკლდება თანხები სარფის საბაჟოდან და ბათუმის პორტისა და ტერმინალის შეფერხებული მუშაობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო.
რკინიგზის და საავტომობილო გზის გადაკეტვამ თურქეთიდან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა ამ დროისთვის ზარალის შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

აჭარის ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციებს საფრთხე არ ემუქრება. მათ შორის რუსულ და ყაზახურ ინვესტიციებს, რადგან აჭარის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ”ინვესტიციას ეროვნება არ აქვს”.

ამავე დროს 2 დღიანიპაუზის შემდეგ ბათუმში განახლდა სასტუმროების მშენებლობა, რომელშიც ჩადებულია თურქული და ყაზახური ინვესტიციები.

მას შემდეგ რაც ბათუმის პორტში აშშ-ს სამხედრო ხომალდი ”მაკ ფოლი” შემოვიდა, აჭარის მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს. ამერიკულ გემს ხალხი საქართველო-ამერიკის დროშებით დახვდა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე კი მოსახლეობა ევროკავშირის დროშებით გამოვიდა.





“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის მხრიდან ქურდბაცაცობაა”





ინტერვიუ რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრ თემურ იაკობაშვილთან.

ნანა კვაჭაძე/გაზეთი ბათუმელები
ფოტოზე: თემურ იაკობაშვილი

- ბატონო თემურ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რა კონკრეტულ საფრთხეებს შეიცავს ეს საქართველოსთვის?

- რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს. უკვე ჩანს, რომ ცივილიზებული მსოფლიოდან ამას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება. რუსეთის ეს ნაბიჯი გამოიწვევს მის უფრო მეტ იზოლაციას, მაგრამ ჩვენ ჩვენი სადარდებელი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სიტუაცია კრისტალიზებულია. თუ ადრე ვიღაც გვეუბნებოდა, რომ აფხაზებსა და ოსებს უნდა ველაპარაკოთ, ახლა გაირკვა, რომ ეს სინამდვილეში კრიმინალური რეჟიმებია და ამ ტერიტორიების გათავისუფლება არის არა მარტო საქართველოს, არამედ ცივილიზებული ქვეყნების საქმე.
- სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით რა ბერკეტს იძენს რუსეთი?
- თავის ტკივილის გარდა არავითარ ბერკეტს არ იძენს. ჩემი აზრით, არის ბრიყვული ნაბიჯი, რომელიც რუსეთისთვის ძალიან საშიშია. ვიღაცას თუ კლიმაქსი აქვს და ამიტომაც ჰგონია, რომ საქართველო ასე უნდა დასაჯოს, ვფიქრობ, არასწორი ნაბიჯია.
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა რა ფორმით წარმოგიდგენიათ?
- ჩვენ ამ ტერიტორიას ვერავინ წაგვართმევს და ვერსად ვერ წაიღებს. რაც არ უნდა აღიაროს რუსეთმა და ასე შემდეგ, ეს არის ჩვეულებრივი ქურდბაცაცობა, ვიღაცის სამშობლოს მოპარვა. ქურდბაცაცობა თანამედროვე მსოფლიოში დასჯადი ქმედებაა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დაპირისპირება უკვე აღარ არის ქართულ-რუსული დაპირისპირება, ეს დაპირისპირება რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაა. ძალიან ცუდია, რომ საქართველო ამ შემთხვევაში საომარი ტერიტორიაა, მაგრამ ფაქტია, რომ რაც რუსეთმა გააკეთა, პირველ რიგში, დასავლეთის წინააღმდეგ გააკეთა. რასაკვირველია, საქართველოს ავნო, მაგრამ ავნო დროებით, რადგან არავინ აპირებს სიტუაციასთან შეგუებას. ახლა უნდა დაველოდოთ საერთაშორისო რეაქციებს. გარდა იმისა, რომ ისინი არ აპირებენ არც ერთის და არც მეორის ცნობას, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო რამ მოხდება. დაველოდოთ.
- რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს ამ რეგიონების დასაბრუნებლად?
- პირველ რიგში, საუბარია საერთაშორისო ბერკეტებზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით წინასწარ სპეკულირება არ მინდა, უმჯობესია დავიცადოთ.
- საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დღეებში არაერთხელ გაისმა დასავლეთის კრიტიკა, რამდენად მიზანშეწონილია ეს კრიტიკა დღევანდელ სიტუაციაში?
- ჩვენ ვაკრიტიკებდით დასავლეთს იმის გამო, რომ აქამდე არ მივსულიყავით, თორემ ახლა ჩვენ ისევ დასავლეთი თუ გადაგვარჩენს. ჩვენი კრიტიკა ასეთი იყო: ადრე რომ მიგვეღო რაღაც ზომები, აქამდე არ მივიდოდით.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს ბევრ რამეს, მათ შორის რეზერვისტების საკითხს. რას გულისხმობთ ამაში?
- ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს შიდა გამოძიებები, უნდა იქნას გამოძიებული ყველაფერი, რაც ამ პერიოდში მოხდა. იყო საკითხები, სადაც აშკარად არ მიდიოდა საქმე ისე, როგორც საჭირო იყო. იყო გარკვეული პრობლემები რეზერვთან დაკავშირებით. რომ ვიცოდეთ, რა როგორ მოხდა, რა შეცდომები იყო დაშვებული, შიდა გამოძიება საჭიროა. ეს ნორმალური პროცესია ნებისმიერ სახელმწიფოში დასკვნების გამოსატანად.
- რა ინფორმაციას ფლობთ ტყვეებთან და მძევლებთან დაკავშირებით, რამდენი ადამიანი რჩება ამჟამად ტყვეობაში და როდის იქნება მათი გათავისუფლება შესაძლებელი?
- იქეთ მხარეს ტყვეები აღარ არიან, არის მძველად აყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა. მძევლების რაოდენობა ზუსტდება. უნდა გითხრათ, რომ ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლებაში ყველაზე დიდი როლი არა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არამედ საქართველოს საპატრიარქომ ითამაშა. მთელი ერი უნდა იყოს მადლიერი საპატრიარქოსი, მათ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და უამრავი ადამიანი გადაარჩინეს.

`თუ რუსეთი ჩაერთვება ახალ ცივ ომში, ფატალურ შედეგებს მიიღებს

ინტერვიუ ექსპერტთან საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძესთან

ემზარ დიასამიძე/გაზეთი ბათუმელები


- ბატონო თორნიკე, რუსული მხარე აცხადებს, რომ სოხუმთან გააფორმებს ხელშეკრულებას და თავის სამხედრო ხომალდებს იქ ჩააყენებს, ნატო-ს სამხედრო გემები შემოდიან შავ ზღვაში. შემდეგ რა შეიძლება მოხდეს?
- რაც აქამდე ხდებოდა ის გაგრძელდება, მეტი რა უნდა მოხდეს?! დაპირისპირებების ხაზი გადავა ენგურზე. რუსეთი შავ ზღვაში თავის ფლოტს რომ ჩააყენებდა, ეს დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ამას დიდი არჩევანი არ სჭირდებოდა. თუ ამას ჩვენს მთავრობაში ახლა მიხვდნენ, ეს ძალიან ცუდია.
- რუსული მხარე აცხადებს, რომ ნატო-ს უფრო სჭირდება მათთან თანამშრომლობა, იმავე ავღანეთთან დაკავშირებით, რა ბერკეტები შეიძლება გამონახოს სამხედრო ალიანსმა?
- ის დათმობები, რაც თავის დროზე გაუკეთა რუსეთს, უნდა წაიღოს უკან. ეს არის ბირთვული რაკეტების არგანლაგება აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო, ალბათ, ამ შეთანხმებას გადახედავს.
- რუსული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო ახალი კონფლიქტისთვის ემზადება, ამჯერად აფხაზეთისკენ. რატომ ავრცელებს რუსული მხარე მსგავს ინფორმაციებს?
- გასაგებია, რომ ეს პროვოკაციაა. თვითონ უნდა ხვდებოდეს, რომ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ვერ იომებს. ისინი, ალბათ, აქედან მალე გავლენ და საზღვრებზე გაჩერდებიან.
- ევროკავშირის ლიდერები 1 სექტემბერს იკრიბებიან. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს?
- ვნახოთ. ევროკავშირს უამრავი ბერკეტის გამოყენება შეუძლია, მათ შორის ეკონომიკურის. ბუნებრივია, გამძაფრდება ურთიერთობები. რუსეთის ქმედებებს სერიოზული რეაქცია მოჰყვება.
- აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, თქვენი აზრით, რა დამატებითი ბერკეტია რუსეთისთვის და რა არის საქართველოსთვის?
- ეს, რა თქმა უნდა, ართულებს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას. დასავლეთი ემზადებოდა კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ჩაყენებისთვის და ამით კონფლიქტის მოგვარებას აპირებდა. რუსეთმა `დაასწრო~. ის იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო: ოსებისა თუ აფხაზების მოთხოვნებს მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ ის ყოველმხრივ შეეცდება, რომ არ დაუშვას სხვა სამხედრო ძალები ამ რეგიონში.
- ე.წ. სარკოზის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაწყებულიყო საერთაშორისო მოლაპარაკებები კონფლიქტური რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით. ასეთი ცალსახა გადაწყვეტილება რამ გამოიწვია?
- რუსეთმა იჩქარა. ის ეტყობა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის საფრთხეს მიხვდა. შავ ზღვაში ნატოს გემების შემოსვლით მან იგრძნო დაწოლა და ამ ჟესტით დასავლეთის ქმედებებს უპასუხა.
- ტერიტორიების დაბრუნების რა შანსი რჩება საქართველოს?
ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები. თუ რუსეთი ჩაერთვება ახალ ცივ ომში, ბუნებრივია, იგი წააგებს და ფატალურ შედეგებს ძალიან მალე მიიღებს.
- რამდენად უღირს ამ ტერიტორიების მისაკუთრებისთვის ასეთი იზოლაცია?
- რა თქმა უნდა, უღირს, განსაკუთრებით შავი ზღვის აკვატორიაში. შავი ზღვის ზოლი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დასავლეთთან პოლიტიკური თამაშის დროს რისკსა და ავანტურაზე ამიტომაც წავიდა.
- თითქოს რუსეთი უკვე განიცდის ეკონომიკურ დაღმასვლას.
- ბუნებრივია, ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება. მას დამოუკიდებელი ეკონომიკა არ გააჩნია და იზოლაციაში დიდხანს ყოფნას ვერ შეძლებს. იგი, ძირითადად, ენერგეტიკულ რესურსებზეა დამოკიდებული. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი გაზსადენის მშენებლობა უკვე ჩავარდა. ევროპა ალტერნატიულ ენერგომატარებლებს ეძებს. თუკი შუა აზია ამაზე წავა, უახლოეს მომავალში გაჩნდება ალტერნატიული ენერგომომარაგების გზები.
- ამჟამად ქართულმა მხარემ რა უნდა მოიმოქმედოს?
- როგორმე უნდა გავძლოთ. ასეთ შემთხვევაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს შიდა დაპირისპირებებს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა ბევრი რამის მოთმენაც მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მდგომარეობა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

რომელი უფრო მალე დატოვებს შავი ზღვის აკვატორიას - რუსეთის თუ ნატო-ს სამხედრო გემები?




კობა ლიკლიკაძე/ რადიო “თავისუფლება”
ფოტო: ნესტან ცეცხლაძე - ამერიკული გემი ”მაკფოლი”

ათდღიანი ლოდინის შემდეგ ამერიკულმა ავიამზიდმა და პოლონურმა ფრეგატმა შავი ზღვის აკვატორიას მიაღწია და საქართველოს სანაპიროებთან რეიდზე გაჩერდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე შავ ზღვაში ღუზას ამერიკის მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდიც ჩაუშვებს. სამხედრო გემების შემოსვლა ბათუმის აკვატორიაში, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსათვის. მაგრამ აქვს თუ არა ნატო-ს ხომალდების ვიზიტს უფრო გამოკვეთილი სამხედრო-პოლიტიკური მიზანი იმ პირობებში, როცა სოხუმსა და ოჩამჩირესთან მორიგეობს რუსული ფლოტი, ხოლო ფოთს კვლავ აკონტროლებენ რუსი სამხედროები?

ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ამერიკული ნაღმოსანი ”მაკფოლი” მეოთხე დღეა ბათუმის პორტთან ახლოს რეიდზე დგას. მას მალე დაემატება სასაზღვრო დაცვის კატარღა ”დალასი” და შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ფლაგმანი ”მაუნთ უიტნი”. რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ, რომელმაც ნატო-ს ქვეყნების ხომალდების გამოჩენას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თავიდან დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ბოლო ხანს აშკარა კონფრონტაციას თავი აარიდა და შავი ზღვის ფლოტის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს გაარიდა.
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, პირველი რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას თქმით, მალე საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დატოვებს რამდენიმე რუსული სადესანტო კატარღაც, რომელიც გასვლის რეჟიმში ოჩამჩირის პორტში ჯერ კიდევ იმყოფება: `ყველა გემი, გარდა სადესანტოებისა (რუსებს სამი დიდი სადესანტო გემი ჰყავდათ, `მოსკოვი~ და სხვა), შესულია სევასტოპოლში. ეს უკრაინელებისგან ვიცით, რომელთანაც კავშირი გვაქვს. სადესანტო კატარღები ოჩამჩირე-სოხუმის რეიდზე იდგნენ და იტვირთებოდნენ. ანუ გასვლის რეჟიმში არიან, რადგან ტექნიკას, რომელიც რუსებს შემოტანილი ჰქონდათ _ ტვირთავენ და უკან გააქვთ~.

ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, გამანადგურებელი ამერიკული გემი `მაკფოლი~ ბათუმის მახლობლად დაახლოებით ორ კვირას გაჩერდება. თავდაპირველად ქართულ მხარეს სურდა, რომ ამერიკული ხომალდები ფოთის რეიდზე გაჩერებულიყვნენ, თუმცა რუსი ოკუპანტების მიერ ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და რამდენიმე ერთეული კატარღის ჩაძირვის გამო, ამერიკული გამანადგურებლის ეკიპაჟმა ბათუმთან არჩია ღუზის ჩაშვება. თუმცა, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით ბათუმიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდგარი ამერიკული `მაკფოლი~ სერიოზული მხარდაჭერაა საქართველოსათვის და სულ მცირე იმის გარანტიაა, რომ ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდები იმორიგევებენ, საქართველოს ვერც საჰაერო და ვერც საზღვაო სივრცეს რუსული ხომალდები ვერ გადმოლახავენ.

”მაკფოლი~ _ ეს არის საესკადრო ნაღმოსანის კლასი, გააჩნია ფრთოსანი რაკეტები, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, აქვს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო და ასევე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ახლა, თუ ასეთი გემი საქართველოს სანაპირო ზოლში დადგა, მას შეუძლია 100 კილომეტრის რადიუსში გააკონტროლოს საქართველოს საჰაერო სივრცე. 50 კილომეტრის რადიუსში ჩამოაგდოს სხვადასხვა საფრენი აპარატი. მაშინ, როცა საქართველოს საჰაერო სივრცე თითქმის უკვე დაუცველია, _ ამას მნიშვნელობა აქვს~, - განმარტავს გაზეთ `კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. თუმცა იგი არ ფლობს ინფორმაციას, აპირებენ თუ არა ამერიკული სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ხნით დარჩენას ან საბრძოლო მორიგეობას. მაგრამ, ჩემი თანამოსაუბრე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ირგვლივ მოვლენების სწრაფმა განვითარებამ, ამერიკის სამხედრო სარდლობას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტროლის გაფართოებაც აიძულოს: `ამერიკა რუსეთთან პირდაპირ ომში არ აპირებს ჩართვას. მაგრამ საქართველოს საზღვაო აკვატორიის დაცვაში დადგებიან თუ არა, ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. თუმცა, მსოფლიოში ისეთი ამბები ხდება რუსული აგრესიის გამო, რომ გამორიცხული არაფერია~.

საქართველოში, ცხადია, სურთ, ნატოსა და ამერიკის სამხედრო ხომალდებმა ფეხი საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც მოიკიდონ და აკონტროლონ როგორც საჰაერო, ისე საზღვაო სივრცე. თუმცა, როგორც სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი ბესიკ შენგელია ამბობს, დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამერიკული გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მხოლოდ რამდენიმე კვირით დარჩებიან: `სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჩვენი გემები აქ იქნებიანო, _ ასე მითხრა ოფიციალურმა პირმა, ამერიკის სამხედრო ატაშემ. მათ მონაცვლეობის გრაფიკი აქვთ _ ერთი გავა, მეორე _ შემოვა. ამ პერიოდში ჩვენ აკვატორიაში 4 გემი იქნება~.

ამერიკული სამხედრო ხომალდების გარდა, 21 აგვისტოს, შავი ზღვის აკვატორიაში ასევე შევიდა ესპანური და გერმანული ფრეგატი, რამაც რუსეთის სამხედრო სარდლობას საფუძველი მისცა `ნატო სიტუაციის გამწვავებაში~ დაედანაშაულებინა. რუსეთის სარდლობის თქმით, ნატო საბაბად იყენებს ჰუმანიტარულ დახმარებას, რეალურად კი შავ ზღაზე პლაცდარმს ქმნის. თუ ვინ ამწვავებს სიტუაციას შავი ზღვის აკვატორიაში, ეს რუსეთის ორკვირიანმა ოკუპაციამ და ფოთის სამხედრო პორტის დარბევამაც ცხადად აჩვენა. თუმცა, რუსეთის სარდლობა ერთ რამეში, ალბათ, მართალია _ შეუძლებელია, რომ ამერიკულ ნაღმოსნებსა და ფრეგატებს, საქართველოში მხოლოდ სასმელი წყლის ჩამოსატანად გაევლოთ ათასობით მილი.

დაბრუნების საფრთხეები

17 აგვისტოს, საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch -ი კონფლიქტურ რეგიონში მყოფი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის ვადლებულებას რუსეთის მხარეს აკისრებდა.

ავტორი: თამარ კორძაია
ფოტო: ნესტან ცეცხლაძის - ფოთში ჩამოგდებული კასეტური ბომბი


Human Rights Watch -ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის რეიჩელ დენბერის განცხადებით: `გორის რაიონი, ფაქტობრივად, კონტროლდება რუსეთის სამხედროების მიერ, ამიტომ სწორედ მათ აკისრიათ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ვალდებულება. რუსეთმა არ უნდა დაუშვას ახალი თავდასხმები ოსი მოხალისეების მხრიდან და გახსნას ჰუმანიტარული კორიდორი რაიონში ათასობით დარჩენილ მცხოვრებთა დასახმარებლად, რომელთა შორის ბევრი მოხუცია~.

ორგანიზაციის თანამშრომლების ინფორმაციით, გორსა და მეზობელ სოფლებს თავს ესხმოდნენ ოსი მოხალისეები, იტაცებდნენ ადამიანებს და ქონებას. ეს ქმედებები თან სდევდა რუსეთის ჯარების გადაადგილებას. გახიზნული მოსახლეობა აღწერდა, თუ როგორ ძარცვავდნენ და წვავდნენ ისინი სოფლებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი გაქცევასაც ვერ ბედავდა ორმაგი საფრთხის გამო, რადგან ადგილი ჰქონდა დევნილებზე თავდასხმას და ძარცვას.

სოფელ ატენის ერთ-ერთი მცხოვრების, ქეთევან შატაკიშვილის მონაყოლით, მათ სოფელს გორიდან უამრავმა დევნილმა შეაფარა თავი. მის სახლში 30 ადამიანი იყო შეხიზნული. იმათ კი, ვისაც ასეთი თავშესაფრის შესაძლებლობა არ გააჩნდათ, საქართველოს ხელისუფლებამ კარვები დაუდგა.

25 აგვისტოს აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა დედაქალაქსა და გორს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც ამჯობინებს ტერიტორიის დატოვებას. დატოვებული ნაღმები მათ დაუცველობისა და შიშის საფუძველს აძლევს.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთის მხარეებს თანაბრად მოუწოდებს, ყველა ღონე იხმარონ გორისა და კონფლიქტური რეგიონის სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობის უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად. ` Human Rights Watch ~-ის განცხადებით, `რუსეთის მიერ საქართველოში კასეტური იარაღის გამოყენების შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მოსკოვი უარყოფს ამ სახის ბარბაროსული იარაღის გამოყენების ფაქტს. მოკლულთა და დაჭრილთა რაოდეობა იქნება გაცილებით მეტი, თუკი რუსეთის მხარე დაუყოვნებლივ არ გახსნის დანაღმულ რაიონებს პროფესიული განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად (21 აგვისტო).

დღეს არსებული გაურკვეველი სიმშვიდე ვერ შეუქმნის მოსახლეობას სტაბილურობისა და უსაფრთოების განცდას. არ არის გამორიცხული, შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობის ორმხრივი მიგრაციის საფუძველი გახდეს.

ასეთ პირობებში, არსებითი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს მოსახლეობისათვის ამ ვალდებულებების შესრულების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ყველა ღონისძიების გატარება, იქნება ეს უშუალოდ საქართველოს პოლიციური ძალებით ადამიანების უფლებების დაცვა თუ რუსეთის სამხედრო ძალების სხვადასხვა საშუალებებით იძულება, დაიცვან საერთაშორისო ნორმები.
დევნილთა და კონფლიქტურ რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს გავესაუბრეთ:

_ ქალაქ გორში ამჟამად არ არის პრობლემები, შესაძლოა სადმე ნაღმი იყოს და ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა გორის რაიონის სოფლებში. აბსოლუტურად დაუცველია ზემო ზონა, ანუ დღეს საზღვარი სოფელ კარალეთთან გადის. იქ დგანან რუსეთის ჯარები. ამ ადგილის ზემოთ 31 სოფელია, რომლებიც აბსოლუტურად დაუცველია; დამატებით, დაახლოებით 10 სოფელი ქარელის რაიონში. ეს სოფლები ხელისუფლების კონტროლს მიღმაა, სადაც თავისუფლად დათარეშობენ ბანდფორმირებები, მაროდიორები, არაფორმალური თუ ფორმალური შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, იქ არც ქონება და არც ადამიანების სიცოცხლე არ არის დაცული.
_ Human Rights Watch -მა გაავრცელა მოთხოვნა, რომ ცნობილი უნდა გახდეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.
_ ნაღმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის გახსნილი და არავინ არაფერი იცის. სავარაუდოდ, რუსების მიერ დანაღმვა ხდებოდა ქაოტურად და არა მგონია დანაღმული ტერიტორიების რუქები არსებობდეს.
_ გორში დაბრუნებული ადამიანი ნაღმზე რომ აფეთქდეს, ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?
_ პასუხიმგებლობა ვისაც ეკისრება იმას ვერ დავაკისრებთ. ეს არის ის, ვინც დანაღმა, ანუ რუსეთის არმია.
_ ასეთ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ?
_ საქართველოს მთავრობამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და არა მხოლოდ ეს, გამოკრულია პლაკატები, ნაღმი როგორი სახის შეიძლება იყოს, რომ მოსახლეობა მას არ გაეკაროს. საომარ ვითარებაში 100-პროცენტიანი დასტური უსაფრთხოებაზე არ შეიძლება არსებობდეს, ნაღმი შეიძლება ათი წლის შემდეგაც აფეთქდეს. ამის გამო პასუხისმგებლობას ვერავის დავაკისრებთ.




თურქი ბიზნესმენების დაბრუნება

საომარი მდგომარეობით გამოწვეული რისკის შესახებ თურქეთის საკონსულომ აჭარაში მომუშავე ყველა თანამემამულე ბიზნესმენს კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა. დიპლომატის ამ მოწოდებას ბიზნესმენთა ნაწილი დაემორჩილა.

ირმა ზოიძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტოზე: მუსტაფა კათიფოღლუ
ფოტო: ნესტან ცეცხლაძე


შეკრებას სამშენებლო ფირმა `KODI BATUMI -ის მფლობელი მუსტაფა კათიფოღლუ ესწრებოდა. ის წარმოშობით ლაზია: `ბათუმში სამშენებლო ბიზნესი 15 წელია მაქვს. ეს მხარე `ჩემი დედაქალაქია. მისი დატოვება არ შემეძლო, თუნდაც ომის დროს და ამის გამო ჩვენი კონსული ცოტა გამინაწყენდა.”


თურქული ინვესტიცია აჭარაში, რაოდენობრივი თვალსაზრისით, რუსულის შემდეგ ყველაზე მეტია და 28 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ჯორთმენაძეც ადასტურებს, რომ მათი წასვლა რეგიონს და მთლიან ქვეყანას საგრძნობლად დააზარალებდა, მაგრამ ძალიან მალე, კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თურქი ინვესტორები ისევ დაბრუნდნენ საქართველოში.


`მართალია, თურქი ბიზნესმენების რაღაც ნაწილი წავიდა, მაგრამ მათ უმრავლესობას აქ ქართველი პარტნიორი ჰყავს. ისინი მუშაობდნენ~, _ ამბობს მუსტაფა კათიფოღლუ.
`ავტონომიურ რესპუბლიკაში ვერ ნახავთ ინვესტორს, რომელმაც შეწყვიტა საქმიანობა და გაიქცა. ყველა, ვინც კი ცოტა ხნით დატოვა ქვეყანა, უკან დაბრუნდა და მუშაობს, _ ამბობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონული უწყების ხელმძღვანელი, ზურაბ ბერიძე. _ თუმცა, ამ საწარმოებს მუშაობა მაინც გაუჭირდათ. მშენებლობების ნაწილის გაჩერების მიზეზი ბანკებიდან სესხების გაცემის შეწყვეტა იყო. სამკერვალო ფაბრიკებში თავად დასაქმებულების სამსახურში გამოუცხადებლობამ შეაჩერა მუშაობა~.


ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კი ირწმუნება, რომ საომარი მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ ხელი კიდევ ორ მსხვილ პროექტს მოეწერება: `ვერ ვიტყვი, რომ ყველა გეგმა ინვესტიციებთან დაკავშირებით ასი პროცენტით განხორციელდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგება, მოლაპარაკებები განახლდება. ორი მსხვილი კომპანია კი კვლავ გვიდასტურებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილს. აჭარაში უცხოური ინვესტიციებისთვის არანაირი ხელშემშლელი პირობა არ არის. შეიძლება, რაღაც ნაწილი, პროექტების დაწყების თვალსაზრისით, რამდენიმე კვირით გადავადდეს”.


მუსტაფა კათიფოღლუს აზრითაც (მან ბათუმში კოლეგების ინტერესების დასაცავად ბიზნესმენთა ასოციაცია ჩამოაყალიბა), საქართველოში საკუთარი კაპიტალის დაბანდების ინტერესი ბევრს აქვს: `ბევრი თურქი ბიზნესმენი ვიცი, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში ბიზნესის კეთებით. მიწისა და სახლების შეძენის სურვილი ბევრს ჰქონდა. არ ვიცი, სიტუაცია როგორ შეიცვლება, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი მაინც ჩამოვლენ. სამყარო ისე დაპატარავდა, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, როცა თქვენ ომში ხართ, ეკონომიკური ზარალი ჩვენც გვაქვს. ჩვენი ფაბრიკა-ქარხნები გაჩერდა. თურქულ მხარეს, საბაჟოზე, სამიათასამდე ტრაილერი დგას რიგში”.


რაც შეეხება რუსულ ინვესტიციას. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კაპიტალის წარმოშობას მნიშვნელობა არ აქვს და აღებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, პირობა ყველა ინვესტორისთვის ერთნაირი იქნება. სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთ-ერთი მსხვილი ობიექტის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნესცენტრის მშენებლობაზე, რუსული კორპორაცია `GIMG~ 35 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას კვლავაც გეგმავს. ამ ეტაპზე მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აქ 500 ადამიანი იმუშავებს.





კახა ლომაია: ეს აღარ არის რუსეთის კონფლიქტი საქართველოსთან


ინტერვიუ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან, კახა ლომაიასთან


ნესტან ცეცხლაძე
ფოტო: პრესა.გე


-ბატონო კახა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს `მაინც არ იმუშავებს~. რას ნიშნავს `არ იმუშავებს~ და რა რესურსი დარჩა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობას, რუსეთის წინააღმდეგ?
- ეს არის ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური ხასიათის ზომები. საქართველო არ არის მარტო და იმოქმედებს როგორც ცივილიზებული თანამეგობრობის წევრი. ამ ზომების მიზანი იქნება, რუსეთმა იგრძნოს შედეგები თავის ეკონომიკაზე, ფინანსებზე, პოლიტიკურ რეპუტაციასა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე. გადაიხადოს ფასი ამ უპასუხისმგებლო, უკანონო მოქმედებაზე, რომელსაც ის სჩადის 7 აგვისტოდან დღემდე. ევროპის მხრიდან იქნება გამალებული დახმარება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, მხარდაჭერა საქართველოსთვის იმ მიზნების მიღწევაში, რის გამოც დაიწყო და განახორციელა რუსეთმა ეს აგრესია საქართველოში. ანუ, დაჩქარებული ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში, ნატოში.
_ იმის მიუხედავად, რომ ამ დღეების განმავლობაში ბუში, ასევე ევროპის ლიდერები ინტენსიურად აკეთებდნენ განცხადებებს, მოსკოვმა უფრო გაამკაცრა პოლიტიკა და ბოლოს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე მივიდა. ფიქრობთ, რომ რუსეთი იძულებული გახდება გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს?
_ ეს აღარ არის რუსეთის კონფლიქტი საქართველოსთან. ეს არის რუსეთის კონფლიქტი დანარჩენ ცივილიზებულ კაცობრიობასთან. უბრალოდ, ამ კონფლიქტის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოა. თუ მსოფლიოს უნდა, და უნდა რუსეთის შეჩერება, რომ მან ეს აგრესია აღარ გაავრცოს და ამავე დროს იყოს დაცული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მან უნდა მიმართოს ზომებს. განცხადებები იყო ძალიან სწორი, კარგი, დროული, მაგრამ იყო მხოლოდ განცხადებები. ახლა დგება მოქმედების დრო. რა არის ეს მოქმედებები? - სანქციები. რუსეთის ეკონომიკა უფრო დამოკიდებულია დასავლურ ინვესტიციებზე, ვიდრე დასავლეთი რუსეთის გაზსა და ენერგეტიკაზე. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში აგრესიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთიდან დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი გავიდა. ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის საფონდო ბირჟა ჩამოიშალა.
კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრია არა დასავლეთის სამყაროს სამხედრო, არამედ ეკონომიკურმა და ფინანსურმა მოქმედებებმა. რუსეთი დღეს გაცილებით მეტადაა დამოკიდებული დასავლეთზე, ვიდრე საბჭოთა კავშირი. ამიტომ დროული, სწორი და ადეკვატური ზომები, რომელსაც დასავლეთი და მთელი ცივილიზებული საზოგადოება მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ რუსეთის ახალი იმპერიალიზმის დასასრულის დასაწყისია.
მიუხედავად ჩვენი შეგონებისა და გაფრთხილებისა, რომ რუსეთი სწორედ აქეთკენ მიდიოდა, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველასთვის, რომ პირველი რეაქციებიდანაც ჩანს - ზომები ძალიან სერიოზული იქნება... დევიდ მილიბანდმა დღეს ისიც კი განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსეთის შესაჩერებლად. ჩვენ უახლოეს მომავალში მოვლენების ძალიან სწრაფი განვითარების მომსწრენი გავხდებით.
_ თქვენ ახსენეთ სიტყვა ჩვენი შეგონების მიუხედავადო. გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე მკაცრი განცხადება გააკეთა ევროპის ქვეყნების მიმართ. დღეს მსგავსი განცხადება გააკეთა თემურ იაკობაშვილმა. რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადებები?
_ მხოლოდ იმას, რაც ითქვა, რომ ჩვენ ვემადლიერებით ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოთქვამენ. იმ ინიციატივებს, რომლითაც ისინი გამოდიან. ჩვენ ვამბობთ: ცოტა ადრე რომ გაკეთებულიყო ასეთი განცხადებები - არა აგვისტოში, არამედ ერთი წლის წინ, როცა ქართველების გამოყრა დაიწყეს რუსეთიდან, შესაძლოა მოვლენები ასე არ განვითარებულიყო.
_ მოსახლეობა საუბრობს იმაზე, რომ ოსურმა მხარემ ცხინვალში ქართველი ჯარისკაცების ცხედრები გაანადგურა, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
_ ეს ინფორმაცია დოკუმენტირებული არ გვაქვს. არ გამოვრიცხავთ ამას. მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურის ცხედარს პატივი მივაგოთ და დავკრძალოთ ისე, როგორც ეს შეეფერებათ გმირებსა და ქრისტიანებს.
_ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია სამოქალაქო თუ სამხედრო ტყვეების შესახებ?
_ ჩვენი ინფორმაციით, სამოქალაქო 101 მძევალი ჰყავთ. სამხედრო ტყვეებზე ინფორმაცია აღარ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ფოთში აყვანილ 12 ჯარისკაცს.
_ ტყვეების გასათავისუფლებლად მოლაპარაკება რა ეტაპზეა?
_ მოლაპარაკებებს ჩვენი მხრიდან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მამუკა მუჯირი აწარმოებენ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მათ გავათავისუფლებთ.
_ მართალია, ქვეყანაში ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობაა, მაგრამ დაიწყეთ თუ არა სამხედრო ოპერაციების ანალიზი? მოსახლეობაში აქტიურად საუბრობენ, რომ სარდლობის მხრიდან დაშვებულ იქნა შეცდომები, რასაც ჯარისკაცების მსხვერპლი მოჰყვა. აღძრულია თუ არა საქმე ვინმეს მიმართ?
_ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ჯარების მიერ არ დამთავრებულა. ვფიქრობ, ახლა მთავარია დეოკუპაციის განხორციელება. ანალიზი, რა თქმა უნდა, გაკეთდება და შესაბამისი დასკვნებიც დაიდება. ამ პროცესზე მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ისეთი ზიანი მიაყენეს რუსეთს, რომელიც მას არ განუცდია ავღანეთის ინტერვენციის შემდეგ. ამას მოწმობს ციფრები, ამას მოწმობს თვითონ რუსი სამხედრო სარდლობის ჩვენებები. ერთ-ერთი რუსი გენერალი მეუბნებოდა, რომ ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ისეთი ზარალი მიაყენა მათ ავიაგამანადგურებლებსა და ბომბდამშენებს, მათ შორის სტრატეგიულ ბომბდამშენს - ტვ 22-ს, რომ ასეთი ზარალი ავღანეთშიც კი არ გაგვიცდიაო.
იგივე ითქმის არტილერიაზე. ჩვენი მონაცემებით მათ 80-მდე ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა გაანადგურეს. როკი-ჯავის მონაკვეთზე იყო ერთი აბსოლუტურად სამაგალითო და ქრესტომათიული ოპერაცია, რომელიც ჩაატარა ჩვენი სპეციალური დანიშნულების რაზმმა, როდესაც გაანადგურა 30-ბეტეერიანი კოლონა ცხინვალის ჩრდილოეთით. გენერალი დატყვევებას სასწაულად გადაურჩა. ხრულოვი დღესაც მკურნალობს.
ასეთი მაგალითი ბევრი იყო, საქართველოს არმიამ გმირული წინააღმდეგობა გასწია. მოდით ვთქვათ ასე _ რუსეთმა თავისი საუკეთესო ძალები ჩართო ამ ბრძოლაში. ნოვოროსიისკის სადესანტო დივიზიები, ყველაზე ბრძოლისუნარიანი 58-ე ჩრდილოკავკასიური არმია, 80-მდე ავიაგამანადგურებელი და 25-მდე სხვადახვა დანიშნულების სამხედრო გემი. ის სამი დღე იყო გმირული მიღწევა. რაც შეეხება ანალიზს, ანალიზი ყოველთვის გაკეთდება...
_ ანუ, ჯერჯერობით, საქმე არავის წინააღმდეგ არ არის აღძრული?
_ არა. ეს არ იქნება სწორი. გაანალიზებაზე საუბარი იქნება მას შემდეგ, როცა დეოკუპაციას მივაღწევთ.
_ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზუგდიდში რუსეთის ჯარის შესვლის წინა დღით, ქართულმა მხარემ 50-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დააკავა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ომის შემდეგ კიდევ 20-მდე ოფიცერია დაკავებული. ეს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?
_ მე ასეთი ცნობები არ მაქვს.
_ ბათუმში მოკლეს ქართული დაზვერვის ერთ-ერთი სერჟანტი - შავაძე. ოფიციალური ინფორმაციით, ის 13 აგვისტოს გაქცევის მცდელობისთვის მოკლა სპეცრაზმმა. თვითმხილველების თქმით, შავაძის დაკავების ოპერაციის დროს სპეცრაზმის წევრები იძახდნენ, რომ ის მოღალატე იყო. ოჯახის ახლობლების თქმით, ის იბრძოდა ცხინვალში. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს აღმოაჩნდა მრავალგზის მოტეხილობა და საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა, ასევე მრავლობითი ჭრილობები.
_ მკვლელობას თუ ჰქონდა ადგილი, გამოძიებაც იქნება, მე საქმის კურსში არ ვარ. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. არ შემიძლია აზრი გამოვთქვა იმაზე, რაც არ ვიცი.

ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე

ვახტანგ კომახიძე/ სპეციალურად "გაზეთ ბათუმელებისთვის"

ქართული პროპაგანდა
ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ბრძანებულებით პრეზიდენტს შესაბამისი დეკრეტით მედიაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება შეეძლო. თუმცა, ლეგიტიმური საფუძვლის მიუხედავად, პრეზიდენტს მედია ფორმალურდ არ შეუზღუდავს.
იმას, თუ რატომ არ დაწესდა მედიის შეზღუდვა, ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველი - მედიასაშუალებები თავად იცავდნენ საომარი მდგომარეობისთვის შესაფერის წესებს და მეორე - მედია იმდენად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რომ საომარი მდგომარეობის პროპაგანდის წარმართვისთვის დამატებით რაიმე ფორმალური შეზღუდვა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა, პირველი ვარიანტის გამორიცხვაც შეიძლება, რადგან საცეცხლე ობიექტების კოორდინატების სატელევიზიო კორექტივებით განმეორებით იბომბებოდა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საავიაციო ქარხნის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ფოთის პორტი და ა.შ.
ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები საცეცხლე ობიექტებს დაუზიანებლად ტოვებდნენ, ტელევიზიები მაშინვე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ზიანი არ იყო და რუსეთის თავდასხმები მიზანს ვერ აღწევდა. ამით პროპაგანდის მანქანა მაყურებელს აჯერებდა, რომ რუსული არმია არც ისე ძლიერი იყო. მაგრამ, ამის შემდეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ და ტელევიზიებისთვის საამაყო აღარაფერი რჩებოდა. ცხადია, ტელეკომპანიებისთვის `კოორდინატების დაზუსტება~ პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენდა, ეს უბრალოდ, პროპაგანდის ნაკლოვანი მხარე იყო.
ცხადია, რომ ასეთი პროპაგანდის გეგმა ომის დაწყებიდან ხუთ წუთში არ ცხვება.
წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში არ ენდობოდა მედიას, საომარი მდგომარეობის დროს არ ეცდებოდა კანონიერად შეეზღუდა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პირობები, თუ მას სრულად არ აკონტროლებდა. საინფორმაციო პოლიტიკის უკან იგრძნობოდა მყარი გარანტიები, რომ ქართული მედია სამხედრო პროპაგანდის პირობებს განუხრელად დაიცავდა.
ომის დაწყებისთანავე გაითიშა რუსული ვებ-გვერდები, რომელიც პროპაგანდის სულისკვეთებას არ შეესატყვისებოდა, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის წყარო ავტორიტეტული იყო და ა. შ.

რუსული პროპაგანდა
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსული მედიის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზეც.

ვინ დაიწყო ომი
8 აგვისტოს შემდეგ ქართული მხარე ომის დაწყებას რუსულ მხარეს აბრალებდა, რუსული - ქართულს.
ახალ წელს ცხინვალში შეხვედრაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით, ქართულმა მხარემ აშკარად პირველმა წამოიწყო საომარი რიტორიკა. 2004 წელს ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალზე იერიშიც მიიტანეს.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.
უფრო მეტიც, 8 აგვისტოს წინა პერიოდში ქართული საავადმყოფოები მოამარაგეს უფასო მედიკამენტებით და სისხლით.
სასწრაფო დახმარების ექიმები უფასოდ გაატარეს გადაუდებელი დახმარების კურსებზე, რაც მანამდე 135 ლარი ღირდა.
ომის დაწყებამდე არაერთი სამხედრო და პოლიტიკური პირი აკეთებდა ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, რომ ცხინვალის კონფლიქტს ქართული არმია მალე წერტილს დაუსვამდა. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. პირველადაც და მეორედაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაჯერებული იყო, რომ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას შესძლებდა.
ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, რომ წმინდა სამხედრო ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ასეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, თუ იგი სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად იქნა განხორციელებული. და `კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაც~ ომის დაწყების შენიღბული ფორმა იყო, რაც ვერ ჩაჯდებოდა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან ფორმატში.

კონფლიქტის ისტორია
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცხინვალის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო. ავტონომიის ხელმძღვანელობა კი კრემლთან პარტნიორობას ამჯობინებდა. კრემლმა საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე მომეტებული ქართული ნაციონალიზმი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენა. სწორედ რუსული სამხედრო პოლკიდან დაიწყო ცხინვალელი მოქალაქეების შეიარაღება, რომლებიც სეპარატისტებად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული.
რუსულ კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ გავლენაში მოქცეულ საბჭოეთის პერიფერიებს ვერ წარმოედგინათ ბოლშევიკური სოციალიზმის აღსასრული და კრემლს უფრო საიმედო პარტნიორად აღიქვამდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური ოსებისა და ქართველების დიდი ნაწილი რეგიონში შერეული ოჯახების სახით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური დაპირისპირება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქართული პრესა მრავლად ბეჭდავდა თეორიებს, რომ ოსები ცხინვალის ავტონომიის ტერიტორიაზე ავტოქთონური ერი არ იყო, რომ ისინი მხოლოდ ორიოდე ასეული წლის წინათ ჩამოსახლდნენ ჩრდილო ოსეთიდან და ა. შ. ოსები თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტად ოსურ ენაში არსებულ სამხრეთულ დიალექტს ასახელებდნენ, რაც არ შეიძლებოდა დროის ასე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.
ქართულმა მხარემ ეთნიკური ოსების დისკრიმინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწო. ჩემი თვალით მაქვს, ნანახი თეთრიწყაროს რაიონში ავტომატით დაცხრილული და დაცარიელებული ოსების სახლები, გაპარტახებული ნასახლარები საქართველოს სხვა კუთხეებში. ბაკურიანში მცხოვრები ოსები დღემდე ყვებიან შეიარაღებული ქართველების აგრესიაზე, თუ როგორ ყრიდნენ ავტობუსებში, სატვირთო მანქანების ძარებზე და ჩრდილო ოსეთში აძევებდნენ, მათ ქონებას კი ანიავებდნენ. ამ ადამიანებმა ოსურიც კი არ იცოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, კონფლიქტამდე თავი ჩვეულებრივი ქართველი მეგონა, ისეთივე, როგორც კახელია ან მეგრელიო, მაგრამ სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და ვლადიკავკაზში მიაბრძანეს.
მოგვიანებით, ვლადიკავკაზში ვნახე როგორ ცხოვრობდა ქალაქის პარკში, კარუსელის ფიცრულში ერთი ოსური ოჯახი. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის ადამიანი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იქ დაბრუნება, საიდანაც ასე დამამცირებლად გამოაძევეს. დისკრიმინაციის მოტივით, არაერთმა ეთნიკურმა ოსმა მოქალაქემ ითხოვა და მიიღო თავშესაფარი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეთნიკური ოსებისთვის თავშესაფრის მინიჭება იმასაც ნიშნავდა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის ეს პერიოდი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არ აღიქმებოდა დემოკრატიულად, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიულად იყო არჩეული ქართველი ხალხის მიერ. თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა კი სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ ეპითეტად ფრაზა _ `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება~ აქციეს.
ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და აშკარად გამოჩნდა ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივები (სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეუწყო ხელი ჩიბიროვის ხელისუფლების გახანგრძლივებას). ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად მანკიერი ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო პოლიტიკურ იარაღად იქცა და ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ოსები იღებდნენ მატერიალურ შემოსავალს, ქართული ეკონომიკური სისტემა კი - გარკვეულ პრობლემებს. თუმცა, ამ ფონზე ეთნიკური უთანხმოებები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა.
სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველ რიგში ერგნეთის ბაზრობა დახურა, თუმცა, კონტრაბანდა გრძელდებოდა და მასში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ოსებმა დაკარგეს შემოსავლები და საქართველო მათთვის საერთოდ უსარგებლო გახდა. ამასთან, სააკაშვილის ჰუმანიტარული აგრესია, ფქვილის ჩატანა, რკინიგზის აღდგენა და სამხედრო რიტორიკა ოსებს აიძულებდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ.
სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ერთი დამნაშავე, რომლებსაც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსულ აგრესიას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებდა ის ადამიანიც, რომელმაც 1991 წელს ცხინვალის შემოგარენში ქალებით და ბავშვებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რაც კონფლიქტის გაღვივების საბაბი გახდა.
ერთადერთი მშვიდობიანი პროექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, სანაკოევის ადმინისტრაცია და `კოკოითი ფანდარასტი~ იყო, რომელიც ცხინვალის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებულ პირთა წრეს დაეფუძნა. თუმცა, ეს მშვიდობიანი აქციაც მხოლოდ დაპირისპირებას და მოწინააღმდეგე ოსური ნაწილის გამასხარავებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, არც სოფელ ქურთის აღმშენებლობა იყო აღქმული კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოდ ცხინვალის მოსახლეობის მხრიდან (სამწუხაროდ, ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტი `კოკოითი ფანდარასტ~, ყოველგვარი ირონიის გარეშე, სანაკოევის `ფანდარასტით~ დამთავრდა).
სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ხოცავდა ქუჩებში, ახორციელებდა უკანონო დაპატიმრებებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციებს, ერეოდა მართლმსაჯულების სფეროში, ავიწროვებდა მედიას და, ფაქტობრივად, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, არანაირად მიმზიდველი არ აღმოჩნდა კონფლიქტური ზონის ოსი მოსახლეობისთვის.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებს იმაზე, რომ სეპარატისტები დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და რომ მათი თავისუფლების ხარისხი რუსეთზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეს შეზღუდულობის ხარისხიც, მაგრამ, აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი იბრძვის იარაღით ხელში და იბრძვის არა ქართველებთან ერთად, არამედ ქართველების წინააღმდეგ.

ვის სურდა ომის დაწყება

უკვე გამოვთქვით მოსაზრებები იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, ის, ვინც ომი დაიწყო, შესაძლებელია არ იყოს ომის ინსპირატორი. ახლა შედეგების მიხედვით შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული სამხედრო ესკალაციით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კონფლიქტში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობებისგან.
რუსეთმა მოიგო ომი და მიიღო ის, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე; კიდევ უფრო გაუარესდა კომუნიკაცია ქართველებსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის; გაიზარდა რუსეთის გავლენა მთლიანად კავკასიაში; გაიზარდა გავლენა ამიერკავკასიის ენერგოდერეფნის პოტენციურ ინვესტიციებზე.
იმის მიუხედავად, რომ საომარი რიტორიკა საქართველოდან დაიწყო, რუსეთს არ უცდია პოლიტიკური მეთოდებით ამ გაუმართლებელი აღტკინების ჩახშობა. პირიქით, რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, მას ამ კონფლიქტიდან კონკრეტული სარგებლის მიღება შეეძლო.
ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ, მაგრამ არ იყო სათანადოდ კატეგორიული, როცა საქართველოს სამხედრო სამზადისი თავდაცვის მოთხოვნებს აშკარად აჭარბებდა. შესაძლებელია, ევროკავშირის მოზომილი დამოკიდებულება დემოკრატიულად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისადმი საომარი მოქმედებების ინსპირაციას აღვივებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ, სწორედ ამ ომის წყალობით, ევროკავშირმა შემოდგომის პირზე მიიღო პოლიტიკური ფრონტის საწინააღმდეგო ხაზზე მყოფი გაბრაზებული ენერგომიმწოდებელი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ომით მიიღო ვალდებულება ევროკავშირისგან, რომ იგი უფრო ერთგული პარტნიორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, მიიღო გალაწუნებაც რეგიონში საკუთარი ინტერესების (შესაძლოა არასწორი ან არასაკმარისი) ინვესტირების გამოც;
შესაძლბელია მიიღო ამერიკელი ხალხის ნებართვაც რეგიონში სამხედრო კომპონენტის გამოყენებაზე.
საქართველომ წააგო ომი, დაკარგა (როგორც ხელისუფლება აცხადებდა) რეგიონის საუკეთესო არმია და მიიღო ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა, თუ წარმოსახვით რეალობაში ომში გამარჯვებულ საქართველოს პრეზიდენტს შევაფასებთ, ის იქნებოდა გმირი 7 ნოემბრის მოვლენების მიუხედავად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის აშკარა გაუარესების მიუხედავად, ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისადმი საზოგადოების სრული უნდობლობის მიუხედავად. საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობის აღსადგენად საქართველოში ტერიტორიული საკითხის მოგვარება ერთადერთი პანაცეა იყო.

ყბადაღებული წარმატება
ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სხვა წარმატებულ კომპონენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. უცნაურია, რომ წარმატებაზე საქართველოს მხარის გარდა არავინ ლაპარაკობს. სააკაშვილი ამაყობს იმით, რომ მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. არის ეს იმის გარანტია, რომ აფხაზები და ოსები მოინდომებენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას და რუსი სამხედროების გასვლას?!
11 აგვისტოს, როცა რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, მთავრობა განიხილავდა საკითხს, როგორ ეჩვენებინათ, რომ მთავრობა წარმატებულად მუშაობდა.
იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს ომი რუსეთის პროვოცირებული, ხელისუფლებამ იგი ვერ აიცილა და აქტიური საომარი მოქმედებები წამოიწყო. რამდენიმე საათში ომში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები ჩაერთო და საბრძოლო სურათი ისე მომენტალურად შეცვალა, გაუგებარი დარჩა, რას ეფუძნებოდა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმეწლიანი გაუთავებელი ხმაური ქართული არმიის წარმატებული აღმშენებლობის შესახებ.
რუსულმა არმიამ საქართველოდან წარმატებით გაზიდა საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით შეძენილი სამხედრო აღჭურვილობა. იმ ბიუჯეტით შეძენილი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ მოთხოვნებს იგნორირებდა და უდიდეს ნაწილს საქართველოს სამხედრო წარმატებაში აბანდებდა.
ომის პერიოდში იყო ეპიზოდები, როცა ხელისუფლება წარმატებებზე ვეღარ მოგვითხრობდა, მაგრამ წარუმატებლობებს მაინც არ ავლენდა: ხელისუფლება და საპროპაგანდო მანქანა არ ამბობდა, რომ ქართული შენაერთები დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი სამხრეთისკენ გადაჯგუფდნენ, რომ ათიათასობით მოქალაქე ტოვებდა საცხოვრებელს; უფრო მეტიც, დევნილები იკრიბებოდნენ მერიასთან, პარლამენტის შენობასთან, ისინი დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლება ამ ადამიანებს არ იმჩნევდა. ხელისუფლება არ ასახელებდა მსხვერპლის რაოდენობასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი პრესისთვის წარმატებული განცხადებების შემდეგ მთავრობის კულუარებში ჟურნალისტებთან ჩურჩულებდა, რომ საქართველოს ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად იყო შერყეული.
ომის დღეებში დასავლეთი ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს, როგორც აგრესიის მსხვერპლს და საქართველოს პრეზიდენტი ამ დახმარებასაც საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა. დასავლეთის ძალისხმევა - შეეჩერებინათ რუსეთის აგრესია, ქართულმა პროპაგანდამ საქართველოს მთავრობის დამსახურებად გაასაღა.

ფაქტი იყო, რომ...
საქართველოს სამხედრო წარმატებას რუსეთი არ დაუშვებდა ერთი მთავარი მიზეზით - ოსეთში საქართველოს სამხედრო წარმატებას ჯაჭვურად მოჰყვებოდა გაყინული კონფლიქტების გააქტიურება ყარაბაღში, აფხაზეთში და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთის გავლენა შემცირდებოდა;
კონფლიქტში რუსული რეგულარული ჯარების ჩართვამ და საომარი მოქმედებების კონფლიქტის ზონის გარეთ გატანამ გადაფარა `დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების~ მილიტარისტული აქტივობები და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ აღარ გაჟღერებულა (განსაკუთრებით ქართული ტელეკომპანიებით).
დასავლეთმა არასათანადოდ შეაფასა სააკაშვილის დასავლური თამაშები. მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი გამოაცხადა ნატოს და დასავლური დემოკრატიის მოკავშირედ და სათანადოდ არ აფასებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმს აშენებდა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ დემოკრატიის ის დოზა, რაც სააკაშვილის დროს საქართველოში დარჩა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისთვის.

და ბოლოს
სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისგან გაიჟღერა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების გადაყენება სურდათ. ეს მოწოდება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც დასავლელი პოლიტიკური წრეებისთვის, ასევე ქართული ოპოზიციისთვის.
რუსეთის მხარემ კი, რომელმაც სააკაშვილის გადაყენება მოითხოვა, მშვენივრად ისარგებლა სააკაშვილის მიერ გაყვანილი გზით კოდორის ხეობაში და კოდორის ხეობა აფხაზეთს შეუერთა. ასევე, ისარგებლა ქართული პოზიციებიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით და ომში ჩაერთო, საიდანაც მიიღო მინიმუმ ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.
რატომ უნდა მოეთხოვათ რუსებს ყოველივე ამის შემდეგ სააკაშვილის გადაყენება და, თუ მაინც და მაინც ეს სურდათ, განა მათთვის ცხადი არ იქნებოდა, რომ მათი ლოზუნგები მოწინააღმდეგე მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა და ისევ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს...


Tuesday, August 26, 2008

U.S. Warship in Batumi

http://nestantsetskhladze.blogspot.com/2008/08/blog-post_26.html