div#header
Showing posts with label საქართველოს რეგიონები. Show all posts
Showing posts with label საქართველოს რეგიონები. Show all posts

Thursday, December 25, 2008

სტიქიის პირისპირ

ბერიძეების სახლი სოფელ ხერთვისში 11 დეკემბერს მეწყერმა ნაწილობრივ დაანგრია. მეწყერი დილით განვითარდა, ამიტომ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლი არ არის. წვიმის დროს ბერიძეების სახლი შეიძლება მთლიანად დაინგრეს.

ნათია როყვა/ბათუმელები

საბედნიეროდ, მეწყრულ მოვლენას ხელვაჩაურში ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია, ოღონდ თორმეტსულიანი ოჯახი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩა (მათ შორის ორი პატარა ბავშვია). "დათვი არ ვარ, ტყეში რომ ვიცხოვრო", _ ამბობს ოჯახის უფროსი უშანგი ბერიძე. ბერიძეები დღისით სახლის იმ ნაწილში ცხოვრობენ, რომელიც ნგრევას გადაურჩა, ღამეს კი მეზობლებთან ათევენ.

"სახლი დეფორმირებულია, აღინიშნება გრუნტი წყლების გამოვლინებები. საშიში გეოლოგიური პროცესების გამო შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს. საკარმიდამო ნაკვეთი საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს", _ წერია გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც უკვე რვა წელია ბერიძეების ოჯახში ინახება. ამ დასკვნაში კიდევ ბევრი მიზეზია ჩამოთვლილი, რის გამოც სახლში ცხოვრებას გეოლოგები შეუძლებლად მიიჩნევენ.

მიუხედავად ამისა, მრავალსულიანი ოჯახი დახმარებას სახელმწიფოს წლებია უშედეგოდ თხოვს. მათთვის ძალიან საშიში გასული კვირა იყო, მეწყერმა სახლის ნაწილი დაანგრია (პირველ სართულზე სამზარეულო და მეორე სართულის ნახევარი). ნგრევის დროს შინ ბერიძეების მხოლოდ ერთი შვილი, ოთარი იმყოფებოდა.

"სახლმა რყევა რომ დაიწყო, 12 საათი იქნებოდა. გარეთ გამოვიქეცი, თორემ ნანგრევების ქვეშ მოვყვებოდი. გადავრჩი~, _ ყვება 25 წლის ოთარი; "ჯერ სახლის ჩამონგრევის და მერე ბიჭის ღრიალის ისეთი ხმა იყო, მეგონა ეს საცოდავები ნანგრევებში მოყვნენ" _ ამბობს მეზობლის ქალი.

ბერიძეების ოჯახი მიწის მონაცვლეობას ითხოვს. 2001 წლიდან დღემდე ყველა გამგებელს მიმართეს, მათ შორის ასლან თავდგირიძესაც, რომელიც ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრია და წინასაარჩევნოდ დახმარებას დაჰპირდა კიდეც.
ოჯახის დიასახლისმა, სახლის დანგრევის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებით სცადა მთავრობის ყურადღების მიქცევა. `საგანგებოდ ჩამოვედი ბათუმში და აჭარის ტელევიზიას მივმართე დახმარების თხოვნით. დამპირდნენ, რომ ამოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენი ამბის გაშუქება არ ისურვეს~, _ ამბობს ნაზიკო შველიძე.

როცა ბერიძეების მეზობლებმა შეიტყვეს, რომ მათი ამბის გასაშუქებლად `ბათუმელების~ ჟურნალისტი იყო მისული, მთელი სოფელი დამეწყრილის ეზოში შეიკრიბა. შეშფოთებული მეზობლების მოთხოვნა ასეთია: "ამ ოჯახს რამენაირად დავეხმაროთ". ისინი სოფელში გეოლოგების ასვლასაც ითხოვენ.

"სანამ მიწა არ დაგვმარხავს, მანამდე არ დაგვეხმარება მთავრობა", _ ამბობს დიასახლისი, რომელიც მხარდასაჭერად შეკრებილ მეზობლებს ყავას უხარშავს. ღუმელი სახლის იმ ნაწილში უდგას, რომელიც ჯერ კიდევ არ დანგრეულა. მასპინძელი სტუმრებს ხის მაგიდასთან ეპატიჟება. მაგიდასთან კედელზე პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოა გაკრული წარწერით _ "საქართველო სიღარიბის გარეშე".

"მთავრობა იცვლება, მაგრამ ჩემი დამხმარე კაცი არაა, _ ამბობს ბატონი უშანგი. - ამას რომ ვამბობ, ზოგი ოპოზიციონერს მეძახის, მარა არაა მასე, ჩემი პრეზიდენტის სურათი აგერ მაქვს გაკრული".

წელს, აჭარაში, სექტემბერ-ოქტო¬მბერში მეწყერმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში ჩავლეიშვილების ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა, სოფელ ახალსოფელში _ ერთი, ქობულეთში, სოფელ ხალაში კი _ ექვსი ადამიანი.
ხერთვისში, უშანგი ბერიძის სოფელში, სულ 45 კომლი ცხოვრობს. აქ ამბობენ, რომ რამდენიმე ეროზირებული ოჯახი მთავრობამ უკვე დააკმაყოფილა. ამჟამად საფრთხე მხოლოდ სამ ოჯახს ემუქრება. ერთი სახლი უკვე დაინგრა, ორი ოჯახიც მეწყრის შიშით ცხოვრობს.

თანასოფლელების თქმით, გადაუდებელი დახმარება დავით გვიანიძის ოჯახსაც ესაჭიროება, რადგან მისი სახლის ქვეშაც წყალი დგას ანუ ყოველი გაწვიმება შეიძლება მსხვერპლით დასრულდეს.

ბერიძეების ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა II კატეგორიაში იყო. ამ კატეგორიაში ხვდება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია იმდენად, რომ საცხოვრებლად გამოუსადეგარია; სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. ამჯერად კი, ბერიძეები, ფაქტობრივად, I კატეგორიაში (სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად) აღმოჩნდნენ.

დაზარალებულებს განსახლებას სხვა რეგიონში სთავაზობენ
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოად¬გილის ირაკლი ბარამიძის განცხადებით, ბერიძეების ოჯახის შესახებ ინფორმაციას მანამ არ ფლობდნენ, ვიდრე ამის შესახებ "ბათუმელებმა" არ აცნობა. ყოველ შემთხვევაში, სამინისტროში დაზარალებულთა ოჯახის შესახებ არც ვინმეს უცნობებია და არც განცხადება არ შესულა.

ირაკლი ბარამიძე, რომელიც დაზარალებულთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წევრიცაა, აცხადებს, რომ თუ აღნიშნულ ოჯახს სურვილი ექნება, ჯანდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოში უზრუნველყოფს ბინით: "კონკრეტულად, ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია საცხოვრებელი სახლები, ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონებში, სადაც ეკომიგრანტი ოჯახები უნდა შევასახლოთ. რაც შეეხება მიწის მონაცვლეობას, ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია".

დაზარალებულთა მხრიდან თანხმობის შემთხვევაში ოჯახის სხვა რეგიონში ჩაყვანას სამინისტრო უზრუნველყოფს, ანუ გაიღებს ტრანსპორტირების ხარჯებს. "ეკომიგრანტები ადგილზე დამკვიდრებისთვისაც მიიღებენ თანხას. თუმცა, ეს თანხა დაკონკრეტებული არაა _ შეიძლება 700 ან 1000 ლარი იყოს ", _ აცხადებს მინისტრის მოადგილე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფელ ხერთვისში დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ამ დღეებში ადგილზე შეისწავლიან.

"წინასწარ არ ვიცით რამდენი დაზარალებული გვეყოლება. გარკვეული თანხა დაზარალებულებისთვის ყოველთვის არის მიმართული, გნებავთ ბიუჯეტიდან, ან სარეზერვო ფონდიდან"_ აცხადებს ბარამიძე _ გაზაფხულზე სამთავრობო კომისია აჭარის ყველა სოფელში მონიტორინგს ჩაატარებს. მუნიციპალიტეტის, საკრებულოს თავმჯდომარეები და სოფლის რწმუნებულები გვაწვდიან ინფორმაციას დაზარალებულთა შესახებ, შემდეგ ამ ინფორმაციის საფუძველზე ყველა გამგეობაში მივდივართ და ვამოწმებთ დაზარალებულებს".

კითხვაზე, ვის ეკისრება დაზარალებულთა სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, მინისტრის მოადგილე პასუხობს: "ვისაც ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული ოჯახის შესახებ, ვფიქრობ ნაწილობრივ ყველას".

აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თუ პრევენციული ზომების გასატარებლად მიზნობრივი პროგრამები დაფინანსებული არ ყოფილა. შესაბამისი ხარჯები არც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი.
`სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების ფონდი¬სთვის~ 746 000 ლარი მხოლოდ 2007 წლის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, ანალოგიური ფონდი კი მიმდინარე წლიდან აღარ არსებობს.
აჭარის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სარეზერვო ფონდში 1,5 მილიონი ლარია გაწერილი.

ადლიის სანაპირო ზოლში ბულვარი გაკეთდება

მომავალ წელს, ადლიის სანაპირო ზოლში მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდებათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ ბათუმში ჩაასახლებენ. ამ ტერიტორიაზე ბულვარის გაგრძელება იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან გეგმაში, ამ პროექტს გონიოს სანაპიროც მიუერთდეს.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობას მერიის საბინაო ფონდიდან ექვსი საცხოვრებელი ბინა გადასცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა, ეს ბინები მთავრობას იმ ოჯახების დასაკმაყოფილებლად სჭირდება, რომლებიც მომავალი წლიდან, ბულვარის გაგრძელების პროექტის გამო, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დატოვებენ.

საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხის ირგვლივ დასაბუთებულ ინფორმაციას ითხოვდა: `ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად ამ ოჯახებს გადაეცემა თუ არა ეს ბინები. მოგვეცით ზუსტი ინფორმაცია, რამდენ ოჯახს ეხება განსახლება და არიან თუ არა ისინი თანახმა".

ოპოზიციის ამ მოთხოვნას გიორგი კირთაძემ ასე უპასუხა: "ამ ადამიანების განსახლებას აჭარის მთავრობა აპირებს. სიასთან დაკავშირებით მას მიმართეთ".

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არქიტექტორის, ედნარ მამულაიშვილის ინფორმაციით, ადლიის სანაპირო ზოლი ახალი პროექტით, ბათუმის საზღვრებში მოექცევა. "ამიტომ პროექტის გეგმაც ბათუმის მერიას უნდა ჰქონდეს. ჩვენთან ეს საკითხი არ განიხილება".
აჭარის მთავრობას ამ ინფორმაციის მოთხოვნით "ბათუმელებმა" მიმართა. მთავრობის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ მოცემულ ეტაპზე "აჭარის არ მთავრობის აპარატში არ არის დაცული ინფორმაცია, თუ რა საცხოვრებელი ბინები გადაეცა ბათუმის საკრებულოს მიერ აჭარის მთავრობას მოქალაქეთა განსახლებისთვის. თუკი თვითმმართველი ბათუმის საკრებულოში, მერიაში ან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში (აჭარის არ ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილ ორგანოში) მოიპოვება თქვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, უნდა მიმართოთ აღნიშნულ ორგანოებს".

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჰენრი სანიკიძე ადასტურებს, რომ ეს ბინები ნამდვილად გადაეცა აჭარის მთავრობას. თუმცა, რამდენ ოჯახს შეეხება განსახლება და როდის დაიწყება პროცესი, ინფორმირებული არ არის: `ეს იმის მიხედვით მოხდება, როცა დაზუსტდება ყველაფერი და ოფიციალურად გამოქვეყნდება პრესაში".

ჰენრი სანიკიძის განცხადებით, ბულვარის გაგრძელების პროექტი დამუშავების პროცესშია, ამიტომ რამდენ ოჯახს მოუწევს საცხოვრებლის დატოვება, ზუსტი მონაცემი არ არსებობს: `თუ ეს ბინები საკმარისი არ აღმოჩნდა, სხვა რეზერვი გამოინახება. ჯერჯერობით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ ვისაუბრებ".

ადლიის ზღვისპირა ზოლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის, თუმცა გაფართოების შემდეგ, ის ბათუმის საზღვრებში მოექცევა. ამ ზოლში ათობით ოჯახია დასახლებული. შესაბამისად, ამ ოჯახებს, საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზეც მოუწევთ უარის თქმა. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კი, ტურიზმია.
კახაბრის საკრებულოს თავმჯდომარის (ამ საკრებულოში შედის ადლიაც), თენგიზ თავდგირიძის თქმით, შესაძლებელია, განსასახლებელთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. `პროექტს არ ვიცნობ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, სანამდე გრძელდება ბულვარის გაფართოება".

"როგორც ვიცი, ბულვარის პროექტი მხოლოდ ადლიის სანაპირო ზოლს მოიცავს და გონიოზე არ ვრცელდება", _ ამბობს გონიოს საკრებულოს თავმჯდომარე, როინ ჯაფარიძე. ამ ინფორმაციას ჰენრი სანიკიძეც ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ "პერსპექტივაში ყველაფერია შესაძლებელი. ამ ეტაპზე ნებისმიერი ვარიანტი განიხილება".

Wednesday, December 17, 2008

აჭარის "ახალი" მთავრობა

{ბათუმელები}

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, უმაღლეს საბჭოს მოქმედი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა. გამონაკლისი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ვაჟა ბოლქვაძე იყო, რომელიც თანამდებობიდან უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მოტივით გაათავისუფლეს.
ვაჟა ბოლქვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში `ნაციონალების~ მაჟორიტარი კანდიდატი იყო. ამ ოლქის შედეგების გაუქმების შემდეგ, `ნაციონალებს~, განმეორებით არჩევნებში კანდიდატი აღარ წარუდგენიათ.

ვაჟა ბოლქვაძე ისევ მინისტრის სავარძელს დაუბრუნდა. თანამდებობა ყველა მოქმედმა მინისტრმა შეინარჩუნა. განათლების, კულტურისა და სპორტს მინისტრი ისევ მათე ტაკიძე იქნება, სოფლის მეურნეობს მინისტრი _ ემზარ ძირკვაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი _ ლევან ანთაძე. მათ წინააღმდეგ ხმა ოპოზიციამ მისცა.

Wednesday, December 3, 2008

ბრძოლა საკუთრებისთვის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ანგისის მცხოვრებს საბჭოური პერიოდის საკარმიდამო ნაკვეთი წაართვეს. აღნიშნული ფართობი, რომელიც ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, ოფიციალურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც ეკუთვნის და ქალაქ ბათუმსაც. ბათუმის საჯარო რეესტრი ამ ნაკვეთის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს იძლევა.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

ამ მიწას ნევრესტან და ირმა ტარიელაშვილები ბათუმის მერიას ედავებიან. დავა არ დასრულებულა, მაგრამ სადავო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. ქართულ-უკრაინულმა ფირმა ”ედელვაისმა” ეს ტერიტორია ორჯერ შეიძინა. ფირმის წარმომადგენელი გივი დარჩიძე აცხადებს: `ჩვენ ჯერ 2006 წელში გამოცხადებული კონკურსი მოვიგეთ. იმის გამო, რომ ტარიელაშვილებმა დავა დაგვიწყეს, მერიამ ხელშეკრულება გაგვიუქმა. შემდეგ მათ შევთავაზეთ, სხვა ინვესტორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს თანხას აგვინაზღაურებდა და ახალ კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებდით. ისინი არ დაგვთანხმდნენ. ახლა ჩვენ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გაგვაჩნია”.

დარჩიძე არაოფიციალურად აცხადებს, რომ მისი კომპანია ტარიელაშვილებთან გარიგებას ცდილობს: `თქვან, რომელ სართულზე უნდათ და ბინებით დავაკმაყოფილებთ”.

გუშინ, ტერიტორიაზე შესულ ტექნიკას, რომელმაც ტარიელაშვილების ნარგავის _ ციტრუსებისა და ხილის ამოძირკვა დაიწყო, ნევრესტან ტარიელაშვილი გადაუდგა. ის სამართალდამცავებმა დააკავეს. დაპატიმრებამდე კი იგი `ბათუმელებთან~ აცხადებდა: `მერიას ეს მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნის და არც მისი გასხვისების უფლება ჰქონდა. დოკუმენტების გაყალბებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწა ქალაქის საკუთრებად გამოაცხადეს, რაც კრიმინალია. მაშინ, როცა ამ მიწის ნაკვეთზე ჩემსა და მერიას შორის დავა გრძელდებოდა, 2008 წლის იანვარში მერიამ ამ მიწაზე აუქციონი გამოაცხადა, რაც ასევე უკანონობაა”.

მართლაც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნევრესტან ტარიელაშვილმა გაასაჩივრა ბათუმის სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ სასამართლო დავა მოცემულ მიწის ნაკვეთზე გრძელდებოდა და ქალაქის მერიას მისი გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

ამ საქმეში კიდევ ერთი კურიოზიცაა: ეს ტერიტორია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებადაც ითვლება _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ნაკვეთს ყადაღა ადევს.

ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი
2007 წლის 11 ნოემბერს, ბათუმის საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე საკადასტრო #05.05.06.030 _ 3626 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიის საკუთრებაა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულია 2006 წელში მერიის მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონი. დოკუმენტს ხელს აწერს საჯარო რეესტრის ბათუმის სამსახურის თანამშრომელი ე. მოქია.

2008 წლის 3 მარტს, იმავე სამსახურის უფროსის, ლ. კეკელიძის ხელმოწერილ ცნობაში ნათქვამია: `გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთი ფართობით 3626 კვ/მეტრი საკადასტრო #05.05.06.030 საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული~.
მოგვიანებით საჯარო რეესტრში ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალი უფროსის, კ. თავდგირიძის ხელმოწერილ დოკუმენტში კი წერია, რომ ეს მიწა ამჟამად შპს `ედელვაისის~ საკუთრებაა, მანამდე კი ბათუმის მერიას ეკუთვნოდა.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელვაჩაურში მიწების საკუთრებაში დარეგისტრირება დაიწყო. კომისიას განცხადებით ტარიელაშვილებმაც მიმართეს. კომისიის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში წერია: `განხილულ იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის განცხადება 724,5 კვ/მეტრ და 1880 კვ/მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მათ 724,5 კვ/მეტრი საკუთრებაში გადაეცათ. რაც შეეხება 1880 კვ.მეტრს, ვინაიდან აღნიშნულ ფართზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, მის დასრულებამდე კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს~.
როგორ გადაიქცა ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად, გაურკვეველია. ამის კონკრეტული დოკუმენტი არ არსებობს. დოკუმენტებით აღმაშენებლის ქუჩის მარცხენა მხარე _ ე.წ. მახვილაურის ციტრუსების მეურნეობის ბაღები ხელვაჩუარის საკუთრებაში ჯერ კიდევ რჩება, მარჯვენა მხარეს განთავსებული ათეულობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კი ბათუმს ეკუთვნის.

ტარიელაშვილის ვერსია
ნევრესტან ტარიელაშვილის განცხადებით, მათი მიწით ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებული: `ფირმა `ედელვაისი~ ფიქტიური ორგანიზაციაა. მის უკან დგას კონკრეტული პიროვნება, შოთა მიქელაძე. იგი არის ყოფილი პარლამენტარის, ედვარდ სურმანიძის სიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ედვარდ ფუტკარაძის მოყვარე (მისი ქალიშვილი ჰყავს რძლად). სწორედ ის ცდილობს ჩემი ტერიტორიის მითვისებას~.

როგორც ტარიელაშვილი ამბობს, მან ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძესაც მიმართა: `ბატონ ლევანს რომ ვუთხარი, დაინტერესდა და მითხრა, დამიწერე ყველაფერი და მომიტანეო. დავწერე განცხადება და მის კანცელარიაში ჩავაბარე. სამწუხაროდ, პასუხი არ მიმიღია~.
ტარიელაშვილების ოჯახი ანგისაში საუკუნეა ცხოვრობს. ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი საბჭოთა პერიოდამდე ტარიელაშვილების საკუთრება იყო.

კოლექტივიზაციის პერიოდში მათ მხოლოდ სარგებლობის უფლება საკარმიდამო ნაკვეთზე დაუტოვეს. ციალა ტარიელაშვილს ტბელ აბუსერიძის ქუჩის გაყოლებაზე 0,34 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი 2006 წლამდე ჰქონდა, რასაც ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკომლო წიგნის ჩანაწერები ადასტურებს.
ტარიელაშვილების მიწის ნაკვეთი ორად 1985 წელს, ე.წ. ხოფის ბაზრობის დასახლების შექმნის შემდეგ (აღმაშენებლის ქუჩის მშენებელობა) გაიყო. მაშინ, ამ ოჯახმა, მეზობლებისგან განსხვავებით, კომპენსაცია არ მიიღო. გაყოფილი ნაკვეთის შემდეგ აღმაშენებლის ქუჩის მარჯვნივ დარჩა სახლი და 724,5 კვ/მეტრი მიწა, ხოლო ქუჩის მარცხნივ _ 1880 კვ/მეტრი. ორივე მიწის ნაკვეთს ტარიელაშვილები 2006 წლამდე სასოფლო-სამეურნო დანიშნულებით სარგებლობდნენ.

ტარიელაშვილებსა და ბათუმის მერიას შორის დავა 2006 წლიდან დაიწყო, როცა მერიამ აღნიშნულ მიწის ფართზე პირველი აუქციონი გამოაცხადა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ტარიელაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ნაკვეთს ყადაღა დაადო. ნევრესტან ტარიელაშვილმა ბათუმის სასამართლოსაც მიმართა და აუქციონის შეჩერება და შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. პირველ ინსტანციაში მან პროცესი წააგო. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმე ისევ ბათუმის სასამართლოს დაუბრუნდა. დავა გაგრძელდა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში, თბილისში და ისევ ქუთაისში. სასამართლო პროცესებზე ბათუმის მერიამ წარადგინა ბათუმის საჯარო რეესტრის ცნობა, რომ ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ამ ცნობაზე დაყრდნობით სასამართლოებმა გადაწყვეტილება მერიის სასარგებლოდ გამოიტანეს.


Wednesday, November 26, 2008

ნარკოტიკები და ბათუმის საკრებულო

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
გასულ კვირას სოდ-მა ბათუმის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბადრი ქაჯაია სპეცოპერაციით დააკავა. ბადრი ქაჯაიას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალი წაუყენეს.

ბათუმის მერიის თანამშრომლები, ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით წინა წლებშიც არაერთხელ დაითხოვეს სამსახურიდან. ამის მიუხედავად, არც მერიაში და არც საკრებულოში თანამშრომლებს ნარკოტიკზე ტესტი არ ჩაუბარებიათ.


ნოდარ დუმბაძე, ფრაქცია `ნაციონალების” თავმჯდომარე: მე ნარკოლოგიური შემოწმება ორჯერ მაქვს გავლილი, პირველად, როცა მთავრობის აპარატში დავიწყე მუშაობა და მეორედ, როცა საგზაო მოძრაობის წესები დავარღვიე. ყოფილი თავმჯდომარე რატომ დააკავეს, არ ვიცი. კულუარებშიც კი არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ნარკოტიკებთან რაიმე შეხება ჰქონდა. ვფიქრობ, შემოწმება ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება, ბიუჯეტში ამისთვის თანხები უნდა გამოიყოს. გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე: ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ.
ჯუმბერ კახიძე, თავმჯდომარის მოადგილე: ბადრი ქაჯაიას დაკავების თაობაზე არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ვერც იმას ვიტყვი, რომ რაიმე შეხება ჰქონდა ნარკოტიკთან. სულ ერთად ვიყავით, ჩვენი მეგობარია.
ვახტანგ ღლონტი, საკრებულოს წევრი: ამ თემაზე საუბარი ჩვენგან ძალიან ძნელია. გაუგებრობაში ვართ, ყველაფერი გაირკვევა.
დავით რობაქიძე, ”ლეიბორისტი”: იყო თუ არა მომხმარებელი, ვერ გეტყვით, ჭორის დონეზე ვიცით, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საკრებულოსა და მერიის მიმართ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება რომ დამთავრდეს, ყველა თანამშრომელმა ნარკოლოგიური შემოწმება აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.
დავით ჩხარტიშვილი, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”: ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მთელი საკრებულო ავგიას თავლაა და ჩვენ ვაპირებთ ამის გამოსწორებას. თუ საზოგადოება არ იაქტიურებს და პასუხს არ მოსთხოვს საკრებულოს, ისე აქ არაფერი შეიცვლება.
თემურ ყურაშვილი, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”: საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ თავიანთ რჩეულებს პასუხი მოსთხოვოს. ყველას უნდა, რომ ეს სხვამ გააკეთოს. ჩვენ წინა სხდომაზეც მოვითხოვეთ, რომ ნარკოლოგიური შემოწმება არა მარტო დეპუტატებმა, არამედ მერიის ყველა თანამშრომელმა ჩაიტაროს. როცა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ავირჩიეთ, მასაც მოვთხოვეთ, ტესტი წარმოედგინა.
ირაკლი ჩავლეიშვილი, ფრაქცია `რესპუბლიკელები”: მართლაც ბევრი ჭორი ვრცელდება მერიისა და საკრებულოს მისამართით. ერთმა ახლობელმა ისიც მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ აქ ვიღაცები ისე ცუდად ყოფილან, სასწრაფოები დარბოდნენო. პიროვნულად ვისზე იყო საუბარი, არ ვიცი.
გენო თებიძე, უმრავლესობის წევრი: ვერაფერს გეტყვით, რატომ აღმოჩნდა ბადრი ქაჯაია ამ მდგომარეობაში. მე მომხრე ვარ, რომ საკრებულოს წევრებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ.

შენიშვნები ლევან ვარშალომიძეს


აჭარის მთავრობას 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის უმაღლესი საბჭოდან გატანა და ხელახლა შედგენა მოუწევს. პროექტი მთავრობას საშემოსავლო გადასახადის 24-პროცენტიან განაკვეთზე აქვს გათვლილი, 20-პროცენტიან განაკვეთზე გადასვლის შემთხვევაში კი, მასში გაწერილი შემოსავლები (შესაბამისად, ხარჯებიც) 12 მილიონი ლარით მცირდება.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

უმაღლეს საბჭოში, 26 დღის წინ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა დღემდე არ დაწყებულა. კანონით, ეს პროცედურა ორ კვირაში უნდა დასრულებულიყო და მთავრობაში პროექტი შენიშვნებთან ერთად უნდა დაებრუნებინათ. შენიშვნები მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც რიგითმა დეპუტატმა, ისე გაუგზავნა. ამასთან, კანონის პროექტი განსახილველად მერაბ ქიძინიძისთვის, უმაღლეს საბჭოში, ოფიციალურად არავის გადაუცია.

უმაღლესი საბჭოს კომიტეტებთან არც მთავრობა თანამშრომლობს. `...ბიუჯეტის პროექტის მომზადებასთან მიმართებაში თანამშრომლობა უმაღლესი საბჭოს შესაბამის კომიტეტებთან კვლავ უგულებელყოფილია, რაც არაა გამართლებული. ვიმედოვნებ, ამ მდგომარეობის გამოსწორებას მომავალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეძლებს და შექმნის თანამშრომლობის სასურველ პირობებს~, _ აცხადებს მერაბ ქიძინიძე.

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა 4 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს. მომავალი წლის ბიუჯეტს სწორედ ახალი უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, ბიუჯეტის გადაკეთებულ კანონპროექტს წარუდგენს. გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ქიძინიძის შენიშვნებს, წესით 1 იანვრამდე უნდა გამოჩნდეს.

ბიუჯეტის პროექტს, კანონით, სრული სახით უნდა ერთვოდეს მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალი, რაც ამ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული. ამასთან, შენიშვნებში აღნიშნულია, რომ `წარდგენილი უნდა იყოს 2, 3 და მრავალწლიანი მიზნობრივი პროგრამები. ყველა მათგანზე კი სავალდებულოა შესაბამისი სამინისტროს დასკვნა. ასევე საჭირო და არსებითია დამოუკიდებელ ექსპერტთა (ან სპეციალიზებულ ორგანიზაციათა) შეფასებები~.

დეპუტატი საკანონმდებლო მოთხოვნათა მორიგ უგულებელყოფად თვლის პროექტიდან სოფელ ხინოში მდებარე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა-რესტავრაციის (250 ათასი ლარი) ამოღებას, ვინაიდან აპრილ-მაისში ამ ღონისძიების დაფინანსება, როგორც მთავრობამ ისე უმაღლესმა საბჭომ მოიწონა.

მთავრობის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ შენიშვნებში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საპრემიო მოცულობების სხვადასხვაობა და გამოქვეყნებული დებულებები ცხადყოფს მნიშვნელოვანი ხარვეზის არსებობას, რაც გამოიხატება საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვით, პრემიის შინაარსის გაიგივებით დანამატის სახეობებთან; აუცილებელია, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე პრემიების გაცემის ერთიანი წესის შემოღება, რაც საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად, მომჭირნეობით და ეფექტურად ხარჯვის საშუალებას შეუწყობს ხელს; სასურველია შეჭირვებულ მოსახლეობაზე შეშითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის ასიგნებების გათვალისწინება; ასევე, დაფინანსების გათვალისწინება მეორე და მესამე კატეგორიის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

არსებულ კანონპროექტში ხარჯები არ არის დაკონკრეტებული და გამჭვირვალე. ამასთან, ქიძინიძის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის `მიმდინარე ხარჯების~ დასაფარავად, ფინანსური დახმარების (52 მილიონი ლარი) გაწევა არა სპეციალური, არამედ მიზნობრივი ტრანსფერით უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აკუმულირდება თვითმმართველი ერთეულების საშემოსავლო გადასახადის სახით და შემდეგ, როგორც ფინანსური დახმარება, ისე გადაეცემა ისევ თვითმმართველობებს. ”ეს არაა გამართლებული. ეს რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის მაჩვენებლით ლავირებაა, ანუ რეალური ბიუჯეტი შეადგენს 52 მილიონით ნაკლებს”. აჭარის მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, არა პროექტით გაწერილი 116 მილიონი, არამედ 52 მილიონით ნაკლები, ანუ 64 მილიონია; უფრო რეალისტები თუ ვიქნებით, ამას ზემოაღნიშნული 12 მილიონიც უნდა გამოვაკლოთ.

შენიშვნების მიხედვით, მომავალი წლისთვის აჭარის მთავრობას არაფერი აქვს დაგეგმილი დასაქმების, სესხებით უზრუნველყოფის (წინასაარჩევნო დაპირება), მცირებიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის კონკრეტული, დასაბუთებული პროგრამების შესახებ, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება სოფლის მეურნეობისა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულებს, რასაც ბევრი სახელმწიფო (თუნდაც მეზობელი თურქეთი) ეფექტურად ახორციელებს: ამ მიზნით გასცემს საბიუჯეტო დაბალპროცენტიან სესხებს, რათა მაქსიმალურად წახალისდეს (დასაქმდეს) ადგილობრივი მოსახლეობა და გაიზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები (ნაცვლად გადინებისა): ”მიზანშეწონილია, ამ მიზნით, 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში გათვალისწინებულ იქნეს ხუთ მილიონ ლარამდე ასიგნებების გამოყოფა.... აუცილებელია, პროექტის ხელახალი გადამუშავება, შემოსულობებისა და გადასახადების დაბალანსება, პროგრამების დახვეწა, სოციალურ ეფექტზე გადაწყობა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში დარეგულირება”.



სკოლა ბავშვებს საფრთხეს უქმნის

ქედის რაიონის სოფელ ხარაულას საჯარო სკოლას ჩამონგრევის საშიშროება ყოველი წვიმის დროს იქმნება: სკოლის მთავარი კედელი შერყეულია, შენობას გაუჩნდა ნაპრალები. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სკოლაზე მიერთებულია სპორტული დარბაზი, რომელიც მცოცავ მიწაზეა განთავსებული.

ეკა ბარამიძე/ბათუმელები

ხარაულას საჯარო სკოლის სპორტდარბაზის კედლები ინგრევა და ეს მთლიანად სკოლის შენობას უქმნის პრობლემას. `სკოლა რომ არ ჩამოინგრეს, მთავარი კედლები სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას~, _ ამბობს სკოლის დირექტორი, მაყვალა ზანაქიძე.დირექტორის განცხადებით, სკოლის ასეთი დაზიანება ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ წვიმის დროს სკოლის შენობაში წყალი ჩადიოდა.

დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენჯერმე მიმართეს განათლების სამინისტროს, მაგრამ დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღიათ: `რადგან სკოლის დემონტაჟი არ მოხდა, ამიტომ სკოლა ბოლოს ჩვენი ხარჯებით გადავხურეთ~.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, განათლების სამინისტრო ხარაულის საჯარო სკოლის რეკონსტრუქციას მომავალში გეგმავს. მაგრამ დირექტორის თქმით, იქამდე სკოლის ასე დატოვება არ შეიძლება. მას იმედი აქვს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ანუ ბავშვებისთვის საფრთხის ასაშორებლად, ვინმე დროულად გამოეხმაურება. ხარაულას საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტში ერთადერთია, რომელმაც მოსწავლეთა მოზიდვის მიზნით, ავტოსწავლების უფლება მოიპოვა. სწავლების ხარჯებს სკოლა ანაზღაურებს ანუ მოსწავლეები მანქანის მართვას უფასოდ სწავლობენ.ხარაულის სკოლის სამსართულიანი კაპიტალური შენობა 1985-86 წლებშია აშენებული. მას შემდეგ შენობას რემონტი არ ჩატარებია. 265 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში ამჟამად 150 ბავშვი სწავლობს.

Wednesday, November 19, 2008

ხალხის მმართველობა თუ მმართველობა ხალხის ხარჯზე

ოქტომბრის თვეში ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბადრი ქაჯაიას ხელფასისა და პრემიის სახით 6000 ლარი აქვს ხელზე აღებული: 2500 ლარი ხელფასი, 3200 ლარი პრემია, 800 ლარი სადებუტატო სარგო.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

ათ თვეში ბადრი ქაჯაიამ, მთლიანობაში, 39 862 ლარი (დაქვითვის შემდეგ) აიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის პარალელურად, ქაჯაია მიწის მართვის კომისიის თავმჯდომარეც იყო და თვეში 1500 ლარ ხელფასსაც იღებდა.

საკუთარ თავს პრემიებს 15-წევრიან საკრებულოში თანამდებობის პირები ყოველთვიურად უნიშნავენ. მაგალითად, ჯუმბერ კახიძეს სახელფასო ანაზღაურების სახით, ათ თვეში 15 400 ლარი აქვს მიღებული. პრემიალური თანხა _ 10 130, სადეპუტატო სარგო _ 8 ათასი ლარი. ეს მთლიანობაში (დაქვითვის შემდეგ) 25 147 ლარს შეადგენს.

საკრებულოს 15 დეპუტატზე, ათ თვეში, სადეპუტატო სარგოს სახით, დახარჯულია 120 ათასი ლარი. პრემიის სახით _ 59 740 ლარი; თანამდებობის პირებზე კი სახელფასო განაკვეთის მიხედვით _ 83 000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, `პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შესახებ~ კანონით 4720 ლარია; აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის შრომითი ანაზღაურება კი _ 3310 ლარს შეადგენს.

პრემიების განაწილების პრინციპი

ასეთი კონკრეტული პრინციპი არ არსებობს. პრემიების საკითხს თავად საკრებულო წყვეტს. თუმცა, ცნობილია, რომ პრემიას ადამიანს იმ შემთხვევაში აძლევენ, როცა ის არასამუშაო საათებში მუშაობს ან სამუშაო კარგად აქვს შესრულებული.

ამ საკითხსაც ბადრი ქაჯაიას მაგალითზე თუ განვიხილავთ, ასეთი მდგომარეობა იყო: ოქტომბერში, როცა მან 3200 ლარი მიიღო პრემიის სახით, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაჯაია ვარშალომიძის მოთხოვნით თანამდებობას ტოვებდა.
იმ პერიოდში `ბათუმელები~ თითქმის ყოველდღე ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, მაგრამ იგი მობილურზე საუბრისას აცხადებდა, რომ კომენტარს არ აკეთებდა, ხოლო საკრებულოს პრესცენტრში ამბობდნენ, რომ ქაჯაია სამსახურში არ დადიოდა.

ერთადერთი კომენტარი ქაჯაიამ თანამდებობიდან წასვლის დღეს გააკეთა. ”რა დამსახურებისთვის მომცეს პრემია? კომისიას ჰკითხეთ”, _ განაცხადა მან. მისი `რესპუბლიკელი~ კოლეგები კი ამბობენ, რომ `ნაციონალური~ დამსახურებისთვის: ”3 ნოემბრის არჩევნების დროს იგი დილიდან საღამომდე საარჩევნო შტაბში იჯდა”.
თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე, რომელიც ამავე დროს საპრემიო კომისიის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ ბადრი ქაჯაიამ პრემიის სახით მათგან ბოლო საჩუქარი მიიღო (საკრებულოდან წასვლის შემდეგ იგი გზების დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ დანიშნეს). `წლის ბოლოს დიდ პრემიებში ვეღარ მოხვდება, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საჩუქარი მისთვის ოქტომბერში გაგვეკეთებინა”.

ჯუმბერ კახიძის თქმით, საპრემიერო ფონდი `შინაურულად ნაწილდება~. კომისია ყოველი თვის ბოლოს ჯდება და პრემიას თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ანაწილებს. `ამ ციფრების მოსახლეობაში გამომზეურება არ არის ლამაზი, რადგან ბევრი უმუშევარი გვყავს~, _ ამბობს კახიძე, რომელიც ფიქრობს, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაცილებით მეტს იმსახურებენ. პრემიებს საკრებულოში, ძირითადად, რვა თანამდებობის პირი იღებს.

წელს საკრებულოს ბიუჯეტი 853 ათასი ლარია. მარტო ათი თვის განმავლობაში, დეპუტატების ხელფასებზე 262 740 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოს დეპუტატების საქმიანობა

ბადრი ქაჯაიამ საკრებულოს თავმჯდომარედ ორი წელი და ერთი თვე იმუშავა. ამ პერიოდში, როგორც ოპოზიციონერი წევრები ამბობდნენ, `საკრებულოში არ ტარდება კომისიის სხდომები, იგნორირებულია რეგლამენტი, ყალბდება დოკუმენტაცია, არ ტარდება ბიუროს სხდომები და დებენ ყალბ დოკუმენტებს~. რეგლამენტის დარღვევას ადასტურებს გიორგი კირთაძეც, რომელიც 15 ნოემბერს საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.
საკრებულოს სხდომებზე საკითხების განხილვა-დისკუსია არ მიმდინარეობს.

გადაწყვეტილება მექანიკურად, ხელის აწევ-დაწევით მიიღება. მსგავსი აქტიურობა იყო ბოლოს წინა სხდომაზეც _ 12 საკითხიდან ათი, დეპუტატებმა ყოველგვარი კომენტირების გარეშე, რამდენიმე წუთში დაამტკიცეს.

`ამ წლებში საკრებულოს დისკრედიტაცია გაიზარდა _ ვირტუალურ სამყაროშია~ _ აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი აზრით, საკრებულო უსუსურ ორგანოდ, მოქმედმა ქალაქის მერმა და ხელისუფლებამ აქცია, რადგან ისინი უხეშად ერევიან საკრებულოს ფუნქციებში.

ბათუმის საკრებულოს არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა. ბათუმში 90 ათასი ამომრჩეველია.

24 წლის საკრებულოს თავმჯდომარე

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ოპოზიცია ყოფილი თავმჯდომარისგან ანგარიშის მოსმენას ითხოვდა, თუმცა ბადრი ქაჯაია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ვინც ქაჯაიას შრომა ანგარიშის მოსმენის გარეშეც დაუფასა, მისი მემკვიდრე _ გიორგი კირთაძე იყო. `დიდი მადლობა ბადრის საკრებულოს ჩამოყალიბებისთვის~, _ განაცხადა მან. გიორგი კირთაძე აქამდე `ნაციონალების~ ფრაქციას თავმჯდომარეობდა. უმრავლესობამ განაცხადა, რომ მისი მთავარი ღირსებაც ესაა.

კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციასაც ჰყავდა _ `ნაციონალი~ ბაჩუკი ჩხეიძე; თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა. საკრებულოს 15 წევრიდან ოთხმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, `ლეიბორისტმა~ რობაქიძემ ბიულეტენი გააფუჭა _ ხმა `ეძგვერაძე ბარნაბას~ მისცა. დანარჩენებმა გიორგი კირთაძე აირჩიეს.

ოპოზიცია კირთაძის კანდიდატურას პროტესტით შეხვდა. `24 წლის ბიჭი თავმჯდომარედ?~, `ბარემ კოკა-კოლას ბოთლი დანიშნეთ~ _ განაცხადა დავით ჩხარტიშვილმა. ამ რეპლიკაზე `ნაციონალმა~ გიორგი დიასამიძემ კუნთებზე დაიხედა. `ვიღაცის ხუშტურებით რატომ ვირჩევთ თავმჯდომარეს~, _ თქვა ჩავლეიშვილმა. `რადგან ვარშალომიძეს მოსწონს, იმიტომ~, _ არ ცხრებოდა რობაქიძე.

ოპოზიცია ქალაქის მერსაც გადაწვდა. `რობერტ ჩხაიძე საკრებულოს პატივს არ სცემს, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ?~ _ ჰკითხა უმრავლესობას ირაკლი ჩავლეიშვილმა. `რესპუბლიკელებმა~ დარბაზი დატოვეს.

სხდომაზე ბევრი ითქვა `ქუჩურ და სიაფანდ ნათქვამებსა~ თუ `კაი ტიპობაზე~. ამ ფრაზებით საკრებულოს წევრები, თავმჯდომარის მოადგილეს მიმართავდნენ.

ოპოზიციის შეცდომები

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე ფინანსებთან დაკავშირებით `ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე~ საუბრობს: `ლეიბორისტი~ დავით რობაქიძეც ოპოზიციაა, მაგრამ უსკოს კომისიაშია და ოთხ თვეში 15 ათას ლარს აიღებს.

`რესპუბლიკელებმა~ უსკოში თავიანთი კანდიდატურა მოხსნეს. მათგან კომისიაში ადგილი თემურ ყურაშვილს ეკუთვნოდა. არ მძინებია იმაზე ნერვიულობით, რომ რაღაც აბსურდული პოლიტიკის გამო, ყურაშვილს 15 ათასი ლარი დააკარგვინეს. გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება მეგობარს ასეთი რამ გაუკეთო~.



აჭარის ბიუჯეტი მცირდება

მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, წლევანდელზე ორი მილიონით ნაკლები იქნება


აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული. პროექტში გათვალისწინებული არ არის თანხები დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; ერთი მილიონით შემცირებულია ჯანდაცვის დაფინანსება, 2,7 მილიონი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩამოაჭრეს. სტიქიის ზონაში მოქცეულ რეგიონში, ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენიანებისთვის გამოყოფილია 900 ლარი. სამაგიეროდ გაზრდილია აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული ხარჯები.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

`წელს და 2009 წელშიც ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპებია მოსალოდნელი~, _ აცხადებს აჭარის მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე კი, 3 ნოემბრის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სწორედ ეკონომიკის გაძლიერებით ასაბუთებდა.

რამდენად ადეკვატურია აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებები, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით: ბიუჯეტში ამ კუთხით თითქმის არანაირი ღონისძიება თუ პროგრამა არ არის დაფინანსებული. მთავრობის თავმჯდომარემ ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც იცოდა, ვინაიდან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 14 ოქტომბერს გადასცეს, ანუ 3 ნოემბრის არჩევნებამდე. ეს ვარიანტი კი თითქმის უცვლელად გადაიგზავნა უმაღლეს საბჭოში.

ცენტრალურ ხელისუფლებაზე მიბმული და მისი მოიმედე ადგილობრივი მთავრობა სამომავლოდ, წლევანდელთან შედარებით, რესპუბლიკურ ბიუჯეტსაც ამცირებს _ 2,3 მილიონი ლარით.
`თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებებით მოხდება უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა. 2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ჩვეულ სწრაფ ზრდას; ხოლო აჭარის რეგიონი იქნება ქვეყნის ფლაგმანი~, _ აღნიშნულია 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც მთავრობამ უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა.

პროექტი მთავრობამ უმაღლეს საბჭოში, კანონით 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს, უმაღლესმა საბჭომ კი 14 დღეში განიხილოს და შენიშვნებთან ერთად ისევ მთავრობას გადაუგზავნოს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონპროექტი 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა 14 ნოემბრისთვის კანონმდებლებს მისი განხილვაც კი არ აქვთ დაწყებული. ამით, ჯერ კიდევ მოქმედმა უმაღლესმა საბჭომ, მის მიერვე მიღებული კანონი დაარღვია.
მთავრობა კი, ვიდრე `აგვისტოს ცნობილი მოვლენებისა~ თუ `მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით~ დაზარალებული საქართველოს ეკონომიკა `ჩვეულ სწრაფ ზრდას გააგრძელებს~, დაფინანსებას უმცირებს აჭარის სოფლის მეურნეობის, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ამასთან, სხვადასხვა უწყების დაფინანსება თითქმის 50 პროცენტით მცირდება.

`გასულ წელთან მიმართებაში, კიდევ უფრო გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება~, _ აღნიშნულია მთავრობის განმარტებით ბარათში. საპირისპირო მონაცემია ბიუჯეტის პროექტში, სადაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯები ერთ მილიონამდე ლარითაა შემცირებული.

ავტონომიის მთავრობისთვის `პრიორიტეტულია გზების გაუმჯობესა-რეაბილიტაციის პროგრამები... კიდევ უფრო გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება~, თუმცა, იგივე მთავრობა, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსებას 2,7 მილიონი ლარით უმცირებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს.

13 მილიონამდე ლარია გაწერილი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის; აქედან 8 167 800 ლარი, როგორც დავალიანება, სამინისტრომ სს `თუსთაშს~ უნდა გადაურიცხოს. განმარტებით ბარათში ისიც აღნიშნულია, რომ `გრანტების მოცულობა 2009 წელში, განსხვავევბით 2008 წლისა, როცა რესპუბლიკურ ბიუჯეტს გრანტები საერთოდ არ მიუღია, შეადგენს 8 167.8 ათას ლარს~, ანუ ზუსტად იმ თანხას, რაც მთავრობამ `თუსთასშს~ უნდა მისცეს (თურქული ფირმა `თუსთაში~ მახინჯაურის გვირაბს აშენებდა. მას მშენებლობის უფლება ჩამოართვეს. ფირმამ ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფირმის სასარგებლოდ თანხის გადახდა აჭარის მთავრობას ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა).

სტიქიის ზონაში მოქცეული რეგიონის ბიუჯეტიდან, მომავალ წელს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომელთა ხელფასებში 1,3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამავე სამმართველოს სამ მიზნობრივ პროგრამაში კი _ 12 800 ლარი (`ტყის განახლებისა და დაცვის პროგრამა~ _ 1 600 ლარი, `ეროზიულ ტერიტორიაზე ტყის განაშენების ღონისძიება~ _ 900 ლარი, `აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი~ _ 10 300 ლარი).

იზრდება აჭარის ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხარჯები. დეპარტამენტისთვის გამოყოფილი 5,4 მილიონი ლარიდან, 4,3 მილიონი `ტელევიზიის საინფორმაციო-სამაუწყებლო ღონისძიებებში~ უნდა დაიხარჯოს.
აჭარის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, მთლიანობაში, 116 317 800 ლარითაა განსაზღვრული (თუ ქვეყანაში გადასახადების ოდენობა შემცირდება, გამორიცხული არაა, ეს მაჩვენებელი შემცირდეს). ზემოაღნიშნული თანხიდან საჯარო მოხელეთა ხელფასებში სულ 10,5 მილიონი ლარი (აქედან მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 1,2 მილიონი ლარი) დაიხარჯება, 18,8 მილიონი სხვა მომსახურებაზე, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფას 2,3 მილიონი ლარი მოხმარდება.

ბიუჯეტის კანონპროექტი უმაღლესმა საბჭომ 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.
მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 118 667 700 ლარითაა განსაზღვრული.



სეზონი ორჯერ ნაკლები ციტრუსით

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წელს, გასულ წელთან შედარებით, ციტრუსის ნაკლებ მოსავალს ელიან. ეს, შესაბამისად, მის ფასზეც აისახება. წლევანდელ სეზონზე, სავარაუდოდ, 48-50 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს აიღებენ, მაშინ, როდესაც გასულ წელს საერთო მოსავალმა 103 ათას ტონას მიაღწია.
ირმა ზოიძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები

გონიოში მანდარინი ყველაზე ადრე და კარგად ყვითლდება. აქაური ციტრუსი გემოთიც განთქმულია. თუმცა სოფელში შესვლის დროს `ოქროს რთველისთვის~ დამახასიათებელი გადაძახილები და `სეკატორების~ ტკაცანი არ ისმის. კარგი ამინდების მიუხედავად, ისეთი სიჩუმეა, იფიქრებ, რომ ციტრუსის სეზონი დამთავრდა. მანდარინი მოკრეფილი რომაა, ხეებზე აქა-იქ შერმორჩენილი ნაყოფიც გაფიქრებინებს. თუმცა, ეს მოსავლის სიმცირის გამოა. უწინ კრეფის სეზონი 20-25 დღე მაინც გრძელდებოდა, ისიც იმ შემთხვევაში თუ ამინდებიც შეუწყობდა ხელს. ახლა კი ციტრუსის დაბინავებას ერთი კვირაც არ დასჭირდება.
ბერიძეების ოჯახი წელს ტონანახევარ მოსავალს ელის, მაშინ როცა ადრე შვიდ ტონას კრეფდნენ. მართალია, სამუშაო გაცილებით ნაკლებია და მანდარინის დაბინავებასაც რამდენიმე დღეში აპირებენ. როგორც მთელი სოფელი, რეალიზაციას ისინიც ჩქარობენ. მყიდველები ადგილზე მიდიან და საშუალო მანდარინს 50-60 თეთრად ყიდულობენ.
ბაზარზე კი მანდარინის ფასი 80 თეთრიდან ლარამდე ღირს, მაგრამ, როგორც უმრავლესობას, რამაზ ბერიძესაც ურჩევნია კლიენტს სახლში დაელოდოს: `რა თქმა უნდა, ბაზარზე გატანაც შესაძლებელა, მაგრამ იქ გადაგირჩევ-გადმოგირჩევენ, ჯობს ისევ აქ მისცე იმ ფასში, რასაც იძლევიან. აქ მოსულისთვის მანდარინის ზომა პრობლემური არ არის, მთავარია, მწვანე არ იყოს. თან ტრანსპორტის ხარჯსაც აღარ იხდი”.

სოფელში, ძირითადად, სომეხი ბიზნესმენები დადიან, რომლებსაც ქართული ციტრუსი თავიანთ სამშობლოში მიაქვთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკით, დღემდე ყველაზე მეტი ციტრუსი სწორედ ამ ბაზარზე გავიდა. ამჟამად 2663 ტონა ციტრუსია რეალიზებული. აქედან 123 ტონა სომხეთში, 38 ტონა _ უკრაინაში, ათას ტონამდე კი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეა გატანილი.

უკრაინაში ციტრუსის გადაზიდვები ახლა დაიწყო. მართალია, იქ ქართულ მანდარინს მაღალი ფასი აქვს და ბორანიც ბათუმიდან ოდესის მიმართულებით ყოველ კვირას გადის, მაგრამ გადამზიდავ ფირმებს, ძირითადად, გადაზიდვის ხარჯები უქმნის პრობლემას. შპს `სხალთის~ ხელმძღვანელი, როსტომ ზაქარაძე ამ სეზონზე უკვე მეორედ აგზავნის ციტრუსს უკრაინაში. ჯერ მოგებაზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებით, რომელიც ციტრუსის გადაზიდვას თან ახლავს, შესაძლებელია უარი თქვას მის გატანაზე: `უკრაინის საბაჟოზე გადამყიდველები კილოგრამ მანდარინში ერთ დოლარს იხდიან, ბაზარზე, ბუნებრივია, უფრო ძვირად გააქვთ, მაგრამ ბორანი გაგვიძვირეს _ ერთი ტონის ტრანსპორტირებაში 260 დოლარს ითხოვენ, უკრაინის საბაჟოზეც გაზარდეს საბაჟო გადასახადი. ამიტომ ვერ გადამიწყვეტია, გავაგრძელო თუ არა გატანა”.
უკრაინის საბაჟომ გადაწყვიტა, ტონა ციტრუსის განბაჟება 800-დოლარამდე გაეძვირებინა. `არარეალური ფასი აიღეს. შემდეგ გადახედეს ტარიფებს და საბოლოოდ გასაბაჟებელი თანხა, ტონაზე 400 დოლარი დატოვეს. აქედან აითვლება დღგ და საბაჟო მოსაკრებელი, რაც საბოლოოდ 80 დოლარია~, _ აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, დონარა სურმანიძე.

რაც შეეხება ფასებს, მანდარინი გასულ წელთან შედარებით ორჯერ ძვირი ღირს. `შარშან მოსავალი ბევრი იყო, მაგრამ იაფი ღირდა _ 30-35 თეთრში გავყიდეთ. წელს 60-თეთრამდე ავიდა. არ არის ცუდი ფასი~, _ ამბობს ეთერ დუმბაძე.

წელს არასტანდარტული, გადარჩეული მანდარინის ჩაბარების საშუალებაც იქნება. იმისთვის, რომ მოსახლეობამ ე.წ. `ენესი~ აღარ გადაყაროს, მთავრობამ ხუთი ათას ტონა ციტრუსზე ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. დონარა სურმანიძე ამბობს, რომ ფასს ქარხნები ნაყოფის ხარისხით განსაზღვრავენ, მთავრობა კი ნებისმიერ ნაყოფში, სტანდარტულად, ერთ ფასს გადაიხდის: `ქარხნებში გადაამუშავებენ არასტანდარტულ ნაყოფს _ როგორც მანდარინს, ისე ფორთოხალს, გრეიფრუტს, ლიმონს. ეს პროდუქცია ქარხნამდე გლეხმა უნდა მიიტანოს, ბიზნესმენი თავის ფასს გადაიხდის, სახელმწიფო კი ყოველ კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრს დაამატებს. ქარხნებში რამდენად ჩაიბარებენ ციტრუსს, ჯერ განსაზღვრული არ არის”.

ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, აჭარაში არსებული ციტრუსის გადამამუშავებელი ოთხი ქარხნიდან რომელი ამუშავდება. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, იმისთვის, რომ მოსახლეობას ტრანსპორტირების ხარჯები შეუმცირდეს, ერთი ქობულეთში ამოქმედდება, ერთიც
_ ხელვაჩაურში.
ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნები `ენესის~ მიღებას, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის დაიწყებენ.

Wednesday, November 12, 2008

აფხაზური ენა - კომუნიკაციის პერსპექტივა აჭარაში

”_ თქვენი ყველაზე კარგი მეფე დავით აღმაშენებელი ხომ იყო?
_ მე დავეთანხმე.
_ აღმაშენებელმა ყივჩაყები ჩამოასახლა, მაგრამ ახლა სად არიან ეს ყივჩაყები?”
ამ კითხვებს ბათუმში ეთნიკური აფხაზები ეთნიკურ ქართველებს უსვამენ.
კომუნიკაცია მთავრობასა და ეთნიკურ აფხაზებს შორის აჭარაში აფხაზური ენის კურსების გახსნის თაობაზე აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეწყდა...


ეთერ თურაძე/ბათუმელები
ფოტო: ნათია როყვა- აფხაზური უბანი ბათუმში

აფხაზები აჭარაში
”თქვენმა კარგმა მეფემ ყივჩაყები ქართველებს შეაზილა”, _ უთხრა ერთ-ერთმა ბათუმელმა აფხაზმა ზემოთ დასმული კითხვების შემდეგ დავით ჩხაიძეს. ჩხაიძე ბათუმის მე-17 სკოლის ქართული ენის პედაგოგია და თავის მოსწავლეებთან ერთად აფხაზების მუჰაჯირობის ისტორიას იკვლევდა. კვლევის დროს პედაგოგი და მოსწავლეები ბათუმელი აფხაზების ბევრ ოჯახში მივიდნენ და მათი ერთგვარი ნდობაც მოიპოვეს. კითხვებიც მაშინ დაისვა.

აჭარაში 1 558 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. მათ შორის 800 -ბათუმში, 645 კი - ხელვაჩაურში. ეს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემია. ასეთივე ციფრია 1989 წლის აღწერის შედეგებში _ 1600-მდე. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აჭარაში მცხოვრები აფხაზების დიდი ნაწილი 1992 წლის მოვლენების შემდეგ სოხუმში გადასახლდა, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს.
”არ გამიგია, რომ 92 წლის ომის შემდეგ ვინმე ბათუმიდან წავიდა და მით უფრო ახლა. სად უნდა წავიდე, სამშობლო ისაა, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც ცხოვრობ. მე იქეთ (აფხაზეთში) ნათესავებიც კი არ მყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, არც ისინი წასულან”, _ ამბობს ნონა ხალითბა.

ნონა ხალითბა ერთ-ერთი გამონაკლისია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისგან, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრესასთან საუბარს არ გაურბის. უმრავლესობამ ინტერვიუზე უარი გვითხრა. ნინო ხალითბამ ამის ზუსტი მიზეზი არ იცის, ისე კი ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს შიშის გამოა: ”პივზაოდზე მცხოვრებ აფხაზებს ნათესავები ჰყავთ იქეთ, შეიძლება საკუთარი თავის გამო ეშინიათ, შეიძლება იმათ გამო”.
კიდევ ერთი აფხაზი, ასლან სმირბა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელ პირველ პირებს არაერთხელ შეხვედრია (მისი შუამავლობით აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა ქართველი სტუდენტები, რომლებიც გალის რაიონში გასულ წელს დააპატიმრეს), ამბობს, რომ აჭარაში ქართველებსა და აფხაზებს შორის კარგ ურთიერთობებს თავისი მიზეზები აქვს: ”ჩვენი წინაპრები იძულებულნი იყვნენ 1867 წელში აფხაზეთიდან რუსეთის იმპერიას გამოქცეოდნენ. აჭარაში შემოღწეულ აფხაზებს მუსრს ავლებდა შიმშილის ტიფი. მაშინ აჭარლებმა და გურულებმა დააწესეს ”გადარჩენის ხარკი” _ ჩვენი წინაპრებისთვის საჭმელსა და ტანსაცმელს ურმებით ეზიდებოდნენ. ამის დავიწყება არ შეიძლება. ეს ჩემი თაობის აფხაზებმაც კი იციან”.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მას შემდეგ რაც მეფის შამილი დაამარცხა, მუსლიმანი აფხაზები აყარა თავიანთი სამშობლოდან. აფხაზები თავდაპირველად მაშინდელი ოსმალეთის სახელმწიფოს სიღრმეში ჩასახლდნენ. ზოგიერთი მათგანი კი, ამჟამად ბათუმში მცხოვრები აფხაზების წინაპრები, პირველი ჩასახლების ადგილიდან აჭარაში ჩამოვიდნენ.
ბათუმელი აფხაზების ისტორიის მკვლევარი, პედაგოგი დავით ჩხაიძე ამბობს, რომ ბევრი აფხაზი მეგობარი და შორეული ნათესავი ჰყავს. თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ნათესავები ”გაქართველდნენ”: ”მათ გაორებას საკუთარი ისტორიის არცოდნაც იწვევს. ისტორია რომ იცოდნენ, ასეთი დაბნეული არ იქნებიან. ისტორიის სახელმძღვანელოში არაფერი წერია თუ ვინ არიან აჭარაში მცხოვრები აფხაზები და რა გადახდათ თავს”.

დავით ჩხაიძე ამბობს, რომ აჭარაში მცხოვრებმა აფხაზებმა ტრადიციების შენარჩუნება მცირე დოზით მოახერხეს: ”აფხაზები აჭარლებისგან განსხვავებულად მხოლოდ ხალვას ამზადებენ. უფრო იშვიათად, ძალიან ტრადიციულ ოჯახებში სხვა რამეც შეინარჩუნეს, მაგალითად, ერთ-ერთ ოჯახში რძალს მამამთილი 17 წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მამამთილი როცა ოთახში შედიოდა, რძალი ოთახიდან გადიოდა”.

ჩხაიძე ამბობს, რომ ადგილობრივი აფხაზები ყველაზე მტკივნეულად მაინც ენის დაკარგვის საკითხს აღიქვამენ. აფხაზური ენა თითქმის აღარავინ იცის.

აფხაზური ენა - თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა

ნონა ხალითბა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს და თავისი სამსახურით კმაყოფილიცაა, ბევრი აფხაზური ტრადიცია (რძალ-მამამთილის ურთიერთობა) დიდად არ მოსწონს. მოსწონს, როცა სტუმარს, თუნდაც ის პატარა ბავშვი იყოს, ოთხმოცი წლის აფხაზი, მაგალითად, მისი ბებია, ფეხზე ადგომით ეგებება. თუმცა მას ტრადიციების დაკარგვაზე უფრო სხვა რამ აწუხებს. ეს ენაა. აფხაზური არ იცის და ძალიან უნდა, რომ ბათუმში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნას. ამბობს, რომ მისი თაობის აფხაზებს მშობლიური ენის უცოდინრობა აწუხებთ.
აფხაზური ენა არც დედით ქართველმა სმირბამ და არც მისმა შვილებმა იციან. თუმცა ნონა ხალითბა ამბობს, რომ კურსებისთვის ხალხის შეგროვება როცა დაიწყო, სმირბას შვილები პირველი ჩაეწერნენ.

”კურსების გახსნის იმედი გადაწურული მქონდა, _ ამბობს ხალითბა _ რადგან აფხაზური ენის პედაგოგის პრობლემას ვერაფერი მოვუხერხეთ. არ მეგონა, სამინისტროში თუ მომისმენდნენ; უფროსი თაობის აფხაზებიც იმას მეუბნებოდნენ, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი. მაგრამ ეს საკითხი აჭარის განათლების სამინისტრომ მოულოდნელად მოაგვარა. ერთ დღეს მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ აფხაზურის ორი თუ სამი სპეციალისტი იპოვა. საქმე ფართობის გამოყოფაზე იყო მისული, მაგრამ აგვისტოს ომი დაიწყო. 30-კაციანი ჯგუფი დაკომპლექტებულია”.

ომის შემდეგ ნონას განათლების სამინისტროდან არავინ შეხმიანებია. მას კი ერიდება, რომ ასეთ ვითარებაში აფხაზური ენის კურსების გახსნაზე ვინმე შეაწუხოს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ბარამიძე, რომელიც ნონას აფხაზური ენის კურსის გახსნაში ეხმარებოდა, ”ბათუმელებთან” ამბობს: ”ოთახის გამოყოფას ვაპირებდით სკოლის ბაზაზე. ასევე ვგეგმავდით პედაგოგის დაფინანსებას. სახელმძღვანელოები თბილისიდან უნდა ჩამოგვეტანა. ახლა, ალბათ, პედაგოგის პრობლემა იქნება, რადგან მისი ჩამოყვანა სოხუმიდან იგეგმებოდა. კონფლიქტის მიუხედავად, კურსების გახსნის ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ. უბრალოდ, კონტაქტები გაწყდა _ ის გოგონა, რომელიც ამ საქმეს კურირებდა, აღარ გამოჩენილა”.

ამავე თემაზე

იონა არშბა: თუ ჩემს ეთნოსს დავკარგავ, ენას, კულტურას, ეს რის ხარჯზე მოხდება მნიშვნელობა არ აქვს.

Wednesday, November 5, 2008

უმაღლეს საბჭოზე ხუთ წელიწადში 23 მილიონი დაიხარჯა

გასული ოთხი წლის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს შენახვა ხალხს 13 101 800 მილიონი ლარი დაუჯდა. 3 ნოემბრის არჩევნების ჩასატარებლად კი ბიუჯეტიდან 2,7 მილიონი ლარი გამოიყო. მომდევნო წელში უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კიდევ 2,888 მილიონ ლარს აითვისებენ. რა დაუჯდება მოსახლეობას 18 დეპუტატის შენახვა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით, უცნობია. ამას უსკოს შესანახად ყოველწლიურად გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარიც ემატება.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

3 ნოემბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რიგით მე-5, მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა. თუკი საქართველოს დამოუკიდებლობამდე კომუნისტური არჩევნები შინაარსით ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს, არც დემოკრატიული არჩევნები განსხვავდება ერთმანეთისგან.

პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები აჭარაში 1991 წლის 23 ივნისს გაიმართა. მაშინ უმაღლეს საბჭოს უზენაესი საბჭო ეწოდა. მასში სულ 80 დეპუტატი იყო, 40 პროპორციული და ამდენივე მაჟორიტარი წესით არჩეული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები თავისი შინაარსით მომდევნო არჩენებზე გაცილებით სამართლიანი იყო, წინასაარჩევნოდ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებაში მოსულმა `მრგვალმა მაგიდამ~, პრეზიდენტმა გამსახურდიამ, არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ და მის მოადგილედ თანაპარტიელები, ასლან აბაშიძე და ნოდარ იმნაძე დანიშნა. ისინი უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ იყვნენ.

არჩევნების წინ, 22 აპრილს, აჭარის ავტონომიის დასაცავად ბათუმში ხალხმრავალი მიტინგი მოეწყო. ამ მოვლენების შემდეგ აბაშიძის კაბინეტში ნოდარ იმნაძე მოკლეს და უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც დაძაბულ ფონზე გაიმართა.

არჩევნებში შვიდი პარტია იღებდა მონაწილეობას. მასში 228 749 ამომრჩევლიდან 137 817-მა, ანუ 60,2 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. კომპარტიის ნაცვლად გამარჯვება ახალმა მმართველმა პარტიამ `მრგვალმა მაგიდამ~ მოიპოვა. პარტიამ არჩევნებში 47,5 პროცენტი მიიღო და 21 მაჟორიტარი გაიყვანა, მაჟორიტარულ არჩევნებში კი 10 მანდატი აიღო.
მეორე ადგილზე რესპუბლიკელები გავიდნენ, 19,81 პროცენტით. კომუნისტებმა 17,57 პროცენტით შვიდი პროპორციული და ექვსი მაჟორიტარული მანდატი აიღეს. ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს თენგიზ ასანიძის `ეკონომიკური აღორძინების კავშირმა~ და ავღანელთა კავშირმა. შესაბამისად, მათ ორ-ორი ადგილი შეხვდათ. ბარიერი ვერ გადალახა რუსთაველის საზოგადოებამ, რომელმაც ხმების 3,46 პროცენტი მიიღო.
უმაღლესი საბჭოს პირველმა სესიამ სკანდალით ჩაიარა. იმნაძის მკვლელობის შემდეგ ასლან აბაშიძეს თანაპარტიელთა დიდმა ნაწილმაც არ დაუჭირა მხარი. ამის გამო სხდომას პრეზიდენტი გამსახურდია დაესწრო და ღია კენჭისყრით დეპუტატები აიძულა აბაშიძისთვის მიეცათ ხმა. ამ ფაქტის გამო გაბრაზებულმა აბაშიძემ, გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად, დაითხოვა და მისი როლის შესრულება რვაკაციან პრეზიდიუმს დაავალა.

მომდევნო არჩევნები 1996 წლის 23 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ასლან აბაშიძე სიტუაციას აჭარაში სრულად აკონტროლებდა და არჩევნების შედეგებიც წინასწარ დაიგეგმა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 100 პროცენტს მიახლოებული გამოცხადება დაფიქსირდა. აქედან `აღორძინება-მოქკავშირის~ ბლოკმა 81,9 პროცენტი მიიღო. 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ კომპარტიამ გადალახა - ორი დეპუტატის გაყვანა მოახერხა. ორი მაჟორიტარის გაყვანა მოახერხეს ტრადიციონალისტებმაც.
აჭარის კონსტიტუცია შეიცვალა 2001 წლის არჩევნებისას _ შეიქმნა აჭარის ორპალატიანი პარლამენტი. წარმომადგენლობითი ორგანო შემცირდა 50-კაცამდე. ასარჩევი იყო 10 სენატორი მაჟორიტარული წესით და 40 პროპორციული წესით. 45 მანდატი `აღორძინებამ~ მოიპოვა, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს მრეწველებმა და ედპ-მ. პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ფორმალობა იყო.

აჭარის რევოლუციის შემდეგაც მხოლოდ საარჩევნო სუბიექტები შეიცვალა. 2004 წლის 24 ივნისის არჩევნებში 30 დეპუტატი აირჩიეს. აქედან 28 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას ერგო. ბარიერი ოპოზიციიდან მხოლოდ რესპუბლიკელებმა გადალახეს. მათ ორი მანდატი მიიღეს.

ბოლო არჩევნები კი დანარჩენებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ადგილები კიდევ უფრო შემცირდა – უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი აირჩა: ექვსივე მაჟორიტარული მანდატი მმართველმა პარტიამ მოიპოვა, 12 პროპორციული ადგილიდან კი ოპოზიციას ფორმალურად ერთი (თეორიულად შეიძლება ორიც) დაეთმო.

2004 წლის 20 ივნისს არჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, თავისი მუშაობის განმავლობაში ძალადაკარგულად გამოაცხადა 22 კანონი, მიიღო 15 ახალი კანონი, 51-ჯერ შეიტანა ცვლილება კანონში, ოთხჯერ დაამტკიცა ბიუჯეტი, მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და დაამტკიცა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.


სპეცუბანი და... უმისამართოები

{თედო ჯორბენაძე/ბათუმელები}

არჩევნები შედგა. როგორც უსკოში აცხადებენ, ყველაფერი რიგზეა. უსკოს ინფორმაციით, დარღვევები მხოლოდ სამ უბანზე დაფიქსირდა და კითხვები რომ არ გაჩნდეს, სამივე უბნის შედეგებს გააუქმებენ.

ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც ბათუმში 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად მოავლინეს და რომელსაც ოფიციალური კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს (შესაბამისად, მის ვინაობას ვერ დავასახელებთ), ეგონა, რომ გაუქმებული სამი უბნიდან ერთ-ერთი ბათუმის #74 უბანი, ანუ ის უბანი იქნებოდა, სადაც თვითონ დაესწრო ხმების დათვლას. მაგრამ ამ სტატიის მომზადების დროს #74 უბნის გაუქმების შესახებ უსკოს არაფერი უთქვამს.

#74 სპეცუბანზე ევროკავშირის დამკვირვებლის მიერ აღმოჩენილი დარღვევები და საეჭვო გარემოებები, რაზედაც `ბრიუსელისთვის მომზადებულ ანგარიშში დაწერენ~, ასეთია: `თავიდანვე საეჭვო ის მოგვეჩვენა, რომ შვიდის წუთებისთვის ყუთი ბიულეტენებით უკვე სავსე იყო.

მოგვიანებით, წილისყრის მიხედვით ხმები ვისაც უნდა დაეთვალა თქვა, რომ ამ საქმის კეთება არ შეეძლო. მოკლედ, ამის კეთება იმას დაევალა, `ვისაც შეეძლო~.
როდესაც ხმების დათვლა დაიწყეს, ერთმა დამთვლელმა ყველას გასაგონად სხვები გააფრთხილა, რომ ათ-ათობით გადაწყობილი ბიულეტენების შეკვრისთვის თითო-თითო გამოეკლოთ. ანუ ისედაც გადატენილ საარჩევნო ყუთს ხმებს ხელოვნურად კიდევ ამატებდნენ. ამას ყველა დამკვირვებელი ხედავდა. `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ წარმომადგენელს ვკითხე თუ რატომ არ ახდენდა რეაგირებას. როცა მივხვდი, რომ ის შეშინებული იყო, ამის გამოსწორება პირადად მოვითხოვე~.

ევროკავშირის დამკვირვებლის თქმით, ასეთი უხეში დარღვევები, სხვაგან არც ერთ უბანზე არ დაუფიქსირებია.
რა ხდება #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის ე.წ. 74-ე სპეცუბანზე. ამ უბანზე, ოფიციალური ინფორმაციით, ხმას ძალოვანი უწყების (ძირითადად დაცვის პოლიციის) თანამშრომლები და ე.წ. უმისამართოები აძლევენ. მისამართის გარეშე სიაში შეყვანილი 333 ამომრჩევლიდან (მათ შორის დევნილები) არც ერთზე არ იყო მითითებული მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

3 ნოემბრის არჩევნებისთვის უბანში გამოკრულ სიაში ჩაწერილი ჰყავდათ ის მოქალაქეებიც, რომლებიც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრის გარეთ ცხოვრობენ, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქუთაისში მცხოვრები ადამიანები (250-ზე მეტი ამომრჩეველი).

კანონმდებლობით, აჭარის უმა¬ღ¬ლესი საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.
თუმცა, ამასთან დაკავშირებით უსკოს იურიდიულმა სამსახურმა განმარტა: `უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტისა და საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სამხედროები ხმას დისლოკაციის ადგილზე აძლევენ~.74-ე უბანს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ კანდიდატმა სააკაშვილმა კანდიდატ გაჩეჩილაძეზე ძირითადი უპირატესობა ბათუმში სწორედ ამ უბნიდან შესული ხმებით მოიპოვა.

3 ნოემბრის არჩევნების წინასწარი შედეგები

უსკოს ოფიციალური ინფორმაცია
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შედგა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. უკვე ცნობილია წინასწარი მონაცემების შედეგები. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა.
პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:
1. `საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია~ _ 1.6% (2026);
2. პოლიტიკური გაერთიანება `ქართული დასი~ _ 1.55% (1964);
3. პოლიტიკური მოძრაობა `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ _ 1.24% (1565);
4. პოლიტიკური გაერთიანება `ჩვენ თვითონ~ _ 2.07% (2620);
5. `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ _ 78.82% (99582);
10. `გიორგი თარგამაძე _ ქრისტიან-დემოკრატები~ _ 14.71% (18579).
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ამ დროისთვის ექვსივე ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ.
უბნებში შესულია 102 საჩივარი, ოლქებში კი _ ოთხი. დარღვევები იყო, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ მას რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგებზე. დარღვევები დაფიქსირდა ხელვაჩაურის მე-16 და 37-ე უბნებზე. რომ არ დარჩენილიყო რაიმე კითხვის ნიშნები, ამ უბნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ანალოგიური მდგომარეობაა შუახევის 43-ე უბანთან დაკავშირებით.
არჩევნების საბოლოო შედეგები, კანონის შესაბამისად, გამოცხადდება არჩევნებიდან არაუგვიანეს 18 დღისა.

Monday, November 3, 2008

არჩევნები: საარჩევნო სიების უცნაურობები

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის 74-ე უბნის ამომრჩეველთა სიაში შეყვანილნი არიან მოქალაქეები, რომელთა რეგისტრაციის ადგილი აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთაა.

აღნიშნული უბნის სპეციალურ სიაში შეტანილია ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქუთაისში მცხოვრები ადამიანების გვარები (250-ზე მეტი ამომრჩეველი).

ზემოაღნიშნულ უბანზე ხმას ძალოვანი უწყების (ძირითადად დაცვის პოლიციის) თანამშრომლები და ე.წ. უმისამართოებიც აძლევენ. ამასთან, მისამართის გარეშე სიაში შეყვანილი 333 ამომრჩევლიდან (მათ შორის დევნილებზეც) არც ერთზე არაა მითითებული მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

კანონმდებლობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.

2,7 მილიონი აჭარის არჩევნებისთვის

{ბათუმელები}
აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებისთვის აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2 700 000 ლარი გამოყო.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციისთვის კი აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 389 000 ლარია გაწერილი, აქედან 333 000 ლარი მარტო მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისთვის (უსკოში სულ 19 ადამიანია დასაქმებული).

უსკოს მიერ დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშისს უმაღლეს საარჩევნო კომისიას წარუდგენს არაუგვიანეს 11 ნოემბრისა.

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 20 დღისა (11 დეკემბერი) დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში.
უსკო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არაუგვიანეს 26 ნოემბრისა.

27 დეკემბერს კი უნდა დასრულდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საფინანსო ანგარიშის წარდგენა უსკოსთვის.



”ნაციონალების” წინასაარჩევნო შეცდომა


{ბათუმელები}
”აჭარის ნაციონალური მოძრაობა” არარსებული ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს. ყოველ შემთხვევაში პარტიამ ამომრჩევლები მათ მხარდასაჭერად სწორედ ასეთ არჩევნებში მიიწვია.
”3 ნოემბერი
აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები...
გთხოვთ, მობრძანდით და ხმა მიეცით აჭარის ნაციონალურ მოძრაობას” _ წერია ნაცმოძრაობის საარჩევნო ბუკლეტში, რომელიც 45 000 ტირაჟით დაბეჭდა და ამომრჩეველს ოჯახებში დაურიგდა.

”უზენაესი საბჭო” აჭარის საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წლის წინ ეწოდებოდა, მანამ, ვიდრე ასლან აბაშიძის ინიციატივით ”პარლამენტად” არ გადაკეთდა. აჭარის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს შემდგომში აჭარის უმაღლესი საბჭო ეწოდა.
3 ნოემბერს, ანუ დღეს, აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევენებია.
რამდენიმე დღის წინ #79 ოლქის მე-17 უბნის ამომრჩევლებს საუბნო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო ხასიათის ფურცლებიც დაურიგა. ცნობარში აღნიშნულია: `თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეგიძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, დაგვიკავშირდით ტელეფონზე ________~; მოკლედ, ტელეფონის ნომერი მითითებული არ არის.
თუმცა, კომისიის წევრებმა ასეთ ამომრჩეველს, ანუ მათ, ვისაც `ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლიათ”, იქვე განუმარტეს: `ან განცხადებით მოგვმართეთ საარჩევნო უბნის შენობაში”.


დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია

დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლეს საბჭოს აირჩევენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭს 6 პოლიტიკური სუბიექტი იყრის - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ,,ერთიანი კომუნისტური პარტია", ,,ქართული დასი", ,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები" და ,,ჩვენ თვითონ".

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ბათუმის საარჩევნო ოლქში წარდგენილი არიან ,,კომუნისტური პარტიიდან" თიმურაზ სამნიძე, ,,ქართული დასი" - ბესიკ რატიანი, ,,მრეწველობა გაადარჩენს საქართველოს" - ირაკლი ჯაში, ,,ჩვენ თვითონ" - ზურაბ ცეცხლაძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ზაზა გოგოტიშვილი, ,,ქრისტიან-დემოკრატებიდან" - ნიაზ ზოსიძე.

ქედაში - პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული დასი" - ნუნუ ავალიანი, ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - ჯამბულ შარაბიძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რევაზ არძენაძე, ,,გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატები" - მურმან დავითაძე.

ქობულეთში – ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" - ლევან დავითაძე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული დასი" - კირჩხელი სულიკო, პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - იმედა გოლიაძე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ჩვენ თვითონ" - მანუჩარ ანანიძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ომარ ჭყონია, ,,გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატები" - ანზორ თხილაიშვილი.
შუახევის საარჩევნო ოლქში - დავითაძე ლევან – ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", დავითაძე ზაზა - პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", მჟავანაძე მიხეილი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დავითაძე თეიმურაზ – ,,გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატები".
ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში - სურმანიძე მერაბ -,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", ფაღავა იაშა – პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული დასი",
კახიძე იაშა - პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", წულუკიძე ალი - პოლიტიკური გაერთიანება ,,ჩვენ თვითონ", ბოლქვაძე ვაჟა - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", შაშიკაძე ზაზა - ,,გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატები".

ხულოში - ანანიძე ამირან - ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", ბოლქვაძე ნადიმი – პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული დასი", ნაკაიძე ტარიელი - პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ხოზრევანიძე ზურაბი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ხალვაში რამაზი - ,,გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატები".

აჭარაში სულ 289 196 ამომრჩეველია. ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა 98 350-ია, ქედაში - 15 334, ქობულეთში - 66 885, შუახევში - 15 175, ხელვაჩაურში - 69 608, ხულოში - 23 844.

რაც შეეხება უბნების ოდენობას, ექვსივე ოლქში სულ 334 საარჩევნო უბანია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებს მონიტორინგს 20-ზე მეტი საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია გაუწევს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი უნდა აირჩეს, აქედან ექვსი მაჟორიტარია. წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო 30-კაციანი იყო. უმრავლესობამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რიცხვი რამდენიმე თვის წინ შეამცირა.

აჭარაში 3 ნოემბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

Friday, October 31, 2008

ლევან ვარშალომიძე კანონს არღვევს - უსკოს ახალი წესები

{ლელა დუმბაძე/ გაზეთი ბათუმელები}

”აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არალეგიტიმურია”, _ აცხადებენ ”რესპუბლიკელები”, რადგან კანონი, რომლითაც არჩევნები ტარდება, უმაღლეს საბჭოს არ მიუღია. ”საკანონმდებლო პროცედურის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა, რადგან გადაწყვეტილებას იღებს არა აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, არამედ უმაღლესი საარჩევნო კომისია”, _ აცხადებს მურმან დუმბაძე.

ახალი დადგენილება სახელისუფლებო პრესაში გამოქვეყნდა და ხელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე აწერს. დადგენილების მიხედვით, პოლიტიკური პარტია, რომელიც ხუთ პროცენტიან ბარიერს გადალახავს, უმაღლეს საბჭოში ერთ წარმომადგენელს შეიყვანს.

აჭარის უმაღლესი საბჭო 18-კაციანი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელშიც ექვსი მაჟორიტარი იქნება წარმოდგენლი. ამიტომ, ამ რაოდენობის წარმომადგენლობით ორგანოსთვის, ხუთ პროცენტიანი ბარიერის დაწესება დაუშვებელია, ანუ უმაღლეს საბჭოში ერთი ადამიანის შესაყვანად ნებისმიერ პარტიას 8,1 პროცენტი სჭირდება. ”12-ის ხუთი პროცენტი 0,6 პროცენტია, რაც ერთ კაცს არ ნიშნავს. რას აპირებს ხელისუფლება, ნახევარ კაცს შეყვანას?” - კითხულობს მურმან დუმბაძე. დუმბაძის განცხადებით, უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი მაშინ ვერ გათვალა, როცა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში გასამარჯვებლად ხუთ პროცენტიან ბარიერს დაუჭირა მხარი: ”ამ რაოდენობის წარმომადგენლობით ორგანოში დაწესებული ბარიერი შეცდომა იყო. ახლა ამის გამოსწორებას შეეცადნენ, თუმცა უარესი რამ გამოუვიდათ”. დუმბაძის თქმით, ”ამ დადგენილებით ხელისუფლება უმაღლეს საბჭოში სატელიტი ოპოზიციური პარტიების შეყვანას ცდილობს, რადგან ევროპის თვალში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების იმიტაციის შექმნა სურს”.

კანონის დარღვევის გამო, ”რესპუბლიკელებმა” სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოტივით, პროკურატურას მიმართეს.

Wednesday, October 29, 2008

ოპოზიციას ფაქტები არ აქვს

ლელა დუმბაძე
”კონსერვატორ” დავით ბაციკაძის განცხადებით, ხელისუფლება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კომისიის წევრების მოსყიდვას ცდილობს: ”კომისიის ჩვენს წევრებს, არჩევნების შემდეგ სამსახურებს შეჰპირდნენ, ზოგს 300 ლარი პირდაპირ შესთავაზეს”.

ბაციკაძის განცხადებით, შეთავაზება, ძირითადად, კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან ან მმართველი პარტიის წევრებისგან მოდის. ისინი კომისიის წევრებს დარღვევებზე თვალის დახუჭვას სთხოვენ. ბაციკაძის ინფორმაციით, `ნაციონალები~ ხმების გაყალბებას სკოლის მოსწავლეებითაც გეგმავენ: ”ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ პირადად მითხრა, რომ ყველა სკოლას დავალებული აქვს, მაღალი კლასის მოსწავლეებს პირადობის მოწმობები დაუმზადონ. უნდათ, რომ ეს საარჩევნო უბნებზე შესასვლელად გამოიყენონ”.

საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მოსყიდვის ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს ადგილი არ აქვს.

”ქართული დასისა” და პარტია _ ”ჩვენ თვითონ”, მაჟორიტარი კანდიდატები, ილია წულუკიძე და ზურაბ ცეცხლაძე ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები მათ არ დაუფიქსირებიათ. დაახლოებით იმავეს იმეორებს `ქართული პოლიტიკის~ მაჟორიტარობის კანდიდატი, მალხაზ მახარაძეც: `დასაბუთებით ის შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრები ეწევიან აგიტაციას, სხვა შემთხვევა ჩემთვის ცნობილი არ არის”.

`ნაციონალების~ მიმართ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეტენზია აქვთ `ქრისტიან-დემოკრატებს~. გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ დარღვევებზე მათ ინფორმაცია პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფსაც მიაწოდეს.

თარგამაძის განცხადებით, ბათუმის მერიისთვის 12 მილიონი ლარის გამოყოფა წინასარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა: `სხვა ფაქტებიც გვაქვს, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები პარტიის შტაბებში იკრიბებიან და გარკვეულ თანხებს გასცემენ. თუმცა, ამის ვიდეო ან აუდიო მასალით დადასტურება ძნელია”.

თარგამაძის თქმით, ბოლო დღეებში ძალოვანებიც გააქტიურდნენ, ისინი რაიონებში არიან მიმაგრებული: `ადგილი აქვს ზეწოლას, მუქარასა და შემწეობების შეწყვეტას. ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ტრაქტორზე მუშაობს, უთხრეს, რომ თუ ხმას `ნაციონალებს~ არ მისცემს, ტრაქტორს გამოემშვიდობება~. `ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერის აზრით, ამ ფაქტებზე დროულად უნდა ატყდეს განგაში, თუმცა დასძენს, რომ ადამიანებს ამ ფაქტების ხმამაღლა აღიარების ეშინიათ.

საარჩევნო კანონმდებლობით და იმ მემორანდუმით, რომელიც 17 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმდა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკრძალებათ. მათ შორის, მინისტრებს, დეპარტამენტის უფროსებს, ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, წევრებსა და გამგეობის ხელმძღვანელებს. ასევე, ყველა საჯარო მოსამსახურეს. გამონაკლისია მხოლოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები არც `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას~ დაუფიქსირებია. ასოციაციის იურისტის, თეონა დიასამიძის განცხადებით, სახელისუფლებო კანდიდატებს მერი და მინისტრები დაჰყვებიან, `თუმცა, ისინი ამას დასვენების დღეებში აკეთებენ, რაც დარღვევად არ ითვლება, ამიტომ მონიტორინგი ამ კუთხით აღარ გაგვიგრძელებია”.

საარჩევნო კანონმდებლობით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება შემთხვევა, როცა სახელმწიფო შენობა-ნაგებობების გამოყენების უფლება მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ეძლევა. ასევე, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საინფორმაციო საშუალებები; უფლება არ აქვთ შეღავათიან ფასებში გამოიყენონ სატრანსპორტო საშუალებები. სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაში კი, საწვავის ხარჯები პარტიის ბიუჯეტიდან უნდა იქნეს გაღებული.
იურისტ გენო ქარცივაძის აზრით, ”ვერ ვიტყვით, რომ კანონი სრულფასოვანია, რადგან სახელისუფლებო პარტიას შეზღუდვა არ აქვს”.