div#header
Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკა. Show all posts

Thursday, April 9, 2009

9 აპრილის პროტესტი ბათუმში - ზურაბ, ზურაბ


ბათუმი. 9 აპრილი

„ბათუმელები“

9 აპრილს ბათუმში  გამართული საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.


 საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის "სამართლიანი საქართველო" და ლეიბორისტური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვა ოპოზიციურ პარტიების ადგილობრივი ლიდერები და მათი მომხრეები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას.

 

აქციის მონაწილეების უმრავლესობა ბათუმში გურიიდან და ქობულეთიდან ჩამოვიდა.  ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აქციაზე რვა ათასამდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა. `მაგრამ უამინდობის გამო მხოლოდ ხუთი ათასის ორგანიზება შევძელით~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ზურაბ ნოღაიდელმა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად გურიიდან აჭარაში 500-მდე ადამიანი ჩამოვიდა.

გაზეთ "ბათუმელების" გამოთვლით  აქციაში ორი ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.


ბობოყვათში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 9 აპრილს აქცია არ გამართულა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომიტინგეების ავტოკოლონა რეზიდენციასთან არ გაჩერებულა. რეზიდენციის დაცვა 9 აპრილს გაძლიერებული არ იყო.


ბათუმში, თეატრთან გამათულ აქციაზე ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევას და პატიმრობაში მყოფი ნოღაიდელის ნათესავის პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.


„ძირს სააკაშვილთან“ ერთად აქციის მონაწილეები ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის გადადგომის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ზოგიერთი მონაწილე კი სკანდირებდა „ზურაბ, ზურაბ“. 


ბათუმის თეტრთან საპროტესტო აქცია 16 საათსა და 35 წუთზე დასრულდა. აქციის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იქამდე  შეიკრიბებიან, სანამ „ხელისუფლებას არ გამოაგდებენ და გააპანღურებენ“, და მოქალაქეებს 6 მაისს შეკრებისგან მოუწოდა. შეგახსენებთ, 6 მაისს  ე.წ. აჭარის რევოლუციის ხუთი  წლისთავია.


ბათუმში 9 აპრილს არ შეინიშნებოდა ძალოვანთა გასაკუთრებული მობილიზება. ქუჩაში მოძრაობა აქციის მიმდინარეობის გამო არ შეფერხებულა.

 

 

Thursday, December 25, 2008

ამერიკა-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება

{ემზარ დიასამიძე/ბათუმელები}
ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო ხელშეკრულება ახალ წლამდე დაიდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები აკეთებენ. ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის ღია ვერ იქნება, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. მათი აზრით, ხელისუფლებას ხალხის ნდობის მანდატი უკვე დაკარგული აქვს, ამიტომ ისინი ხელშეკრულების საზოგადოებისთვის გაცნობას ითხოვენ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტები, ხშირ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებისთვის დახურულია. თუმცა, "საერთო პათოსი, თუ რა ვალდებულებას იღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, სასურველია, საზოგადოებამ მეტი იცოდეს დოკუმენტის თაობაზე”.

მაშინ, როცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა მაპ-ზე უარი გვითხრეს, ამერიკა ცალმხრივად დებს საქართველოსთან სამხედრო შეთანხმებას. მსგავსი შეთანხმება ამერიკამ უკრაინასთან უკვე გააფორმა. რას მოიმოქმედებს ნატო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკას რუსეთთან დაპირისპირება მოუწევს?

არეშიძის აზრით, რუსეთ-ამერიკას შორის სამხედრო დაპირისპირება, სავარაუდოდ, არ იქნება: "როგორც ვიცი, სამხედრო ძალების განლაგებაზე საუბარი არ მიდის. დახმარებაში, ალბათ, იარაღის, აღჭურვილობის მოწოდება, სამხედრო ინფრასტრუქტურაში თანხის ჩადება იგულისხმება. შეიძლება საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნაში დაგვეხმარონ, შესაძლებელია ჩაგვრთონ პატრიოტის სისტემის გამოყენებაშიც, რომელიც ნატოს გააჩნია რეგიონში, მაგალითად, თურქეთში. ეს ის სისტემაა, რითაც ამერიკა ერაყის პირველ ომში ისრაელს იცავდა. ასევეა საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება, თანამგზავრული სისტემების უფრო ინტენსიურად გამოყენება და სხვა”.

ბუნებრივია, ამერიკის ახალი ინიციატივა მძაფრ რეაქციას გამოიწვევს მეზობელ რუსეთში. თუმცა, რეაქცია დამოკიდებული იქნება ამერიკის ქმედებებზე. არეშიძის აზრით, თუკი აშშ აქ საკუთარი ჯარების განლაგებას დაიწყებს, ამაზე რუსეთს მძაფრი რეაქცია ექნება და ამას შეიძლება ახალი სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვეს: "გამორიცხული არაა, რუსეთმა დაასწროს და სამხედრო ოპერაცია თავად წამოიწყოს. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო დახმარება მხოლოდ შეიარაღების მოწოდებას მოიცავს, მაშინ, ალბათ, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან".

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მოვლენებში რუსეთი საქართველოსთან ერთად მთავარ დამნაშავედ ამერიკას აცხადებს და მას `სააკაშვილის რეჟიმის~ შეიარაღებასა და ომის დაწყების წაქეზებაში ადანაშაულებს, ბოლო დროს აშშ-სთან მიმართებაში რუსი პოლიტიკოსები რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისიც კი განაცხადა, რომ მას ამერიკელები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას შეჰპირდნენ. ამასთან, ობამას ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შემდეგ განახლდება ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობაც.

ზუსტად ამ მოვლენებს უსწრებს წინ საქართველო-აშშ-ს სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობაში მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. ექსპერტების აზრით, რუსეთის ვარაუდი მხოლოდ ვარაუდია: "ლავროვი ბევრ ურთიერთგამომრიცხავ რამეს ამბობს. რაც შეეხება ობამას, დარწმუნებული ვარ, იმავე პოლიტიკას გააგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში, რაც ახლა აქვს ამერიკას. განსხვავება ის იქნება, რომ ჰილარი კლინტონი, რომელიც ამ პოლიტიკას გააკონტროლებს, ჩვენ ხელისუფლებას ბევრად უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარებას მოსთხოვს რუსეთთან მიმართებაში".

არეშიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე, ამ ეტაპზე, უსაფუძვლოა: "სააკაშვილს ეს პროცესი არ დაუწყია და ვერც დაიწყებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებაში, ჯერჯერობით, ტაიმ-აუტი აქვთ აღებული. ისინი ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას ელოდებიან. თანაც, მათ ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ სააკაშვილთან საქმე არ ექნებათ

კირთაძე: რატომ გავხდი თავმჯდომარე

საკრებულოს თავმჯდომარეს არც კანდიდატად დასახელების დროს და არც მუშაობის გარკვეულ ეტაპზე, კანონი არ ავალდებულებს, რომ ამომრჩევლის/ კოლეგების წინაშე წერილობითი პროგრამით წარდგეს. ეს მხოლოდ მის მორალზე ყოფილა დამოკიდებული. არასამთავრობო სექტორი კი, გიორგი კირთაძის წერილობით პროგრამას ჯერ კიდევ ელის. თუმცა, როგორც `ბათუმელებმა~ საკრებულოს თავმჯდომარესთან გაარკვია, პროგრამა ამ სახით არ იქნება.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ოპოზიცია ამას კანონის კაზუსად მიიჩნევს. ამ კაზუსიდან გამომდინარე, საკრებულოს წინაშე ანგარიში არ გაუკეთებია ყოფილ თავმჯდომარეს, ბადრი ქაჯაიას. გიორგი კირთაძე კი ამბობს: "ჩემი თავმჯდომარედ არჩევისას სიტყვიერი პროგრამა მქონდა წარმოდგენილი".
გიორგი კირთაძის სიტყვიერი პროგრამა: "მინდა თითოეულმა ჩვენმა თანაქალაქელმა იგრძნოს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს. ეს არასამთავრობოებთან ურთიერთობით მიიღწევა. MDI-იმ შესანიშნავი პროექტი დაიწყო _ თვითმმართველობა და ენჯეო სექტორი საკითხებს ერთობლივად, საჯაროდ განიხილავენ. ამასთან, `ამხანაგობის~ ხელმძღვანელებს 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეებამდე მისატანად დავურიგეთ. მოსახლეობასთან შეხვედრას ბიუროს წევრებიც ვაპირებთ".

გიორგი კირთაძის აზრით, გამჭვირვალობის მაჩვენებელი იქნება, თუ კომისიის თავმჯდომარეები მოსახლეობას ანგარიშს ყოველთვიურად ჩააბარებენ. ისინი კი, რომლებიც საკრებულოში ანგარიშის მოსასმენად მივლენ `მხოლოდ ენჯეო სექტორის მიერ წარმოდგენილი ადამიანები არ უნდა იყვნენ. ალბათ, ქალაქის გამგეობებიც უნდა ჩაერთონ ამ საქმეში".

თავის დროზე მერიამ ე.წ. სოციალური კვლევის პროგრამაში 600 ათასი ლარი დახარჯა. კვლევები კი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა, ე.წ. "სოცმუშაკებმა" ჩაატარეს, წინასაარჩევნოდ. საკრებულოში პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების მიყვანას გიორგი კირთაძე გამორიცხავს.

კირთაძის "პროგრამის" ერთ-ერთი აქტივობა ურბანულ ინსტიტუტს უკავშირდება. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, "ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული (ექიმები, არქიტექტორები და ა.შ.), ვისაც ამ ქალაქში რაიმე ეთქმის". "ეს პატიოსანი ადამიანები" კი (ასაკის მიუხედავად) იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბათუმი. კირთაძის აზრით, "ასეთი განხილვები და კონსულტაციები გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანების მონაწილეობას ხელს შეუწყობს".

ხომ არ იქნება ეს ყველაფერი "ფასადური დემოკრატია?" მოხდება კი "პატიოსანი, ნაღები საზოგადოების" აზრის გათვალისწინება? კირთაძე თვლის, რომ უმრავლესობა პოზიციებს იმ შემთხვევაში დათმობს, თუ მოწინააღმდეგეს დასაბუთებული მოსაზრება ექნება: "ინათიანი" არც ერთი არ ვართ. ვფიქრობ, საერთო ენას გამოვნახავთ". თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე, თავისი თავმჯდომარეობით გამართულ პირველივე სხდომაზე უკომპრომისო იყო. მაგალითად, მან საჭიროდ არ ჩათვალა, ოპოზიციისთვის იმ არგუმენტების მიწოდება, თუ რატომ უნდა გადასცეს ბათუმმა ხელვაჩაურს საცხოვრებელი ბინები.

გიორგი კირთაძის თავმჯდომარედ არჩევას მერიის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია, რაც ოპოზიციამ მერიის მხრიდან საკრებულოს "აგდებად" მონათლა. კირთაძე ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ტონს არ გაამკაცრებს. "მნიშვნელოვან საკითხებზე მერი ყოველთვის მოდის. საზოგადოება კი მხოლოდ იმიტომ არ იყო წარმოდგენილი, რომ საკრებულოს საქმიანობა არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა იყოს".

კირთაძის აზრით, საკრებულო მოსახლეობისთვის მისაღები მაშინ გახდება, თუ საკრებულოს წევრები შეთანხმებულად იმუშავებენ. "ეს არის ჩემი მთავარი იდეა".

დეპუტატებმა ხელფასები შეიმცირეს

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
უმაღლესი საბჭოს წევრის შრომითი ანაზღაურება მცირდება. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბადრი ფარტენაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს და ხელისუფლების დირექტივა არ ყოფილა.

ძველი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, თავმჯდომარის ანაზღაურება სამი ათასი ლარი იყო, მოადგილის _ 2 350, უმაღლესი საბჭოს წევრისა კი _ 1900 ლარი. რამდენი პროცენტით შემცირდა ხელფასები, უცნობია, _ "20 პროცენტზეა საუბარი", _ ამბობს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე.

ცვლილებები შევიდა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტშიც, რომელიც ადრინდელი ინიციატივების განხილვის პროცედურას ითვალისწინებს. "წინა მოწვევის საბჭომ რამდენიმე ინიციატივა დატოვა გადასაწყვეტი, შესაბამისად, გადაწყვეტილებები ახლა უნდა მივიღოთ", _ აცხადებს ზამბახიძე. იგი არ აკონკრეტებს რა ინიციატივებზეა საუბარი _ `ეს კონკრეტულ სხდომაზე გადაწყდება".


Wednesday, December 17, 2008

ალასანია და ალიანსი: გაურკვევლობის მომხიბვლელობა

„ალასანიას ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მის შესახებ არ არსებობს ამომწურავი ინფორმაცია“, _ ამბობს პოლიტოლოგი დავით აფრასიძე. საქართველოში ირაკლი ალასანიას დაბრუნებას ელიან. ექსპერტები ალასანიას, რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების ალიანსსა და შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ:

ნესტან ცეცხლაძე/ბათუმელები

„რამდენადაც ნისლით და ბურუსითაა მოცული ალასანიას შემდგომი ნაბიჯები, უფრო დიდია მისი ძალა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაჩერდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით აფრასიძე. მისი აზრით, „ალასანიამ კარგად უნდა გათვალოს, რაა მისთვის უკეთესი – დარჩეს ცალკე მოთამაშედ თუ დადგეს ვინმეს გვერდით. გვერდით დადგომამ შეიძლება "რესპუბლიკელებსა" და "მემარჯვენეებს" პლუსი შესძინოს, თუმცა მისთვის შესაძლოა ცოტა ხანი ცალკე ყოფნა ჯობდეს“.

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის „რესპუბლიკელები-მემარჯვენეების“ ალიანსის შესაძლო ლიდერობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა ალასანიამ განაცხადა, რომ ის ხელისუფლებამ კი არ გაათავისუფლა, არამედ თავად დაწერა განცხადება გადადგომაზე და რომ ამას ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე აპირებდა.

რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, განმარტება არ გაუკეთებია. მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით თქვა, რომ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის მერე გააკეთებს და დაადასტურა კონსულტაციები "რესპუბლიკელებთან".

დავით აფრასიძე ამბობს, რომ ალასანიასთან დაკავშირებით მოლოდინები გადაჭარბებულია და ორივე ცდება – ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ალასანიასი და ოპოზიციაც, რომელსაც ალასანიას იმედი აქვს: „ალასანიას ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ, ჯერჯერობით, არ ვიცით, რას აპირებს“.

„ბათუმელები“ სამშაბათს საღამოს ნიუ-იორკში დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას. მან განგვიცხადა, რომ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექსპერტ ანდრო ბარნოვისის აზრით კი, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ალასანია ქარიზმატული ლიდერის ტიპი არ არის. სინამდვილეში, სიდინჯითა და გაწონასწორებულობით სწორედ რომ ქარიზმატული ლიდერია.

ბარნოვი ამბობს, რომ მისი ლიდერობის შემთხვევაში "რესპუბლიკელებისა" და "ახალი მემარჯვენეების" ალიანსს სერიოზული წარმატების შანსი აქვს.

ამ ორმა პარტიამ ალიანსის შექმნის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს გააკეთა. ორივე პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ალიანსის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.
ანდრო ბარნოვს მიაჩნია, რომ, „ეს ორი პარტია ცხადია განსხვავდება ერთმანეთისგან (ძირითადად, ეკონომიკური ხედვით, მემარჯვენეები მომხრე არიან ბიზნესის გათავისუფლების, ლიბერალები – პირიქით), მაგრამ არა მგონია, რომ ამან პრობლემები შექმნას“. მისი აზრით, იდეოლოგიური სხვაობები ასეთი კრიზისის პირობებში ვერ იქონიებს გავლენას არჩევანის გაკეთებისას, რადგან ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

ბარნოვისგან განსხვავებით უფრო მეტი კითხვები აქვს დავით აფრასიძეს: „როგორც წესი, კონსერვატიულ და ლიბერალურ პარტიებს კოალიციაში ვხედავთ, მაგრამ არა წინასაარჩევნო პერიოდში. „ნორმალურ ვითარებაში“ ცოტა შეუთავსებელია ლიბერალური და კონსერვატული იდეოლოგიები.
ავიღოთ, მაგალითად, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება _ როგორც მოდელში, ასევე ამ ადამიანების გულებში, კონსერვატორები უფრო ეკლესიის განსაკუთრებულ როლს უჭერენ მხარს და გამყრელიძე არც მალავს ამას, მაშინ, როდესაც განსხვავებული პოზიცია აქვთ ლიბერალებსა და რესპუბლიკელებს ამ შემთხვევაში.

მეორე საკითხი არის ყბადაღებული თემა სახელმწიფოს მოწყობასთან დაკავშირებით. მართალია, უსუფაშვილმა თქვა, რომ ორივე საპარლამენტო მოდელია, მაგრამ დიდი განსხვავებაა კონსტიტუციურ მონარქიასა და რესპუბლიკურ საპარლამენტო მოდელს შორის. კონსერვატორები, როგორც წესი, არიან ძლიერი ცენტრის მომხრეები, ლიბერალები დეცენტრალიზაციას უჭერენ მხარს, თანაც არა ისე, რომ მერები და გამგებლები არჩეულ იქნას, არამედ ისე, რომ მათ ძალაუფლება რეალურად გადაეცეთ. ახლა კი ამბობენ, რომ რეგიონული პარლამენტები და ასე შემდეგ უნდა არსებობდეს. მაგრამ რამდენად შორს წავა ეს საკითხები, ვთქვათ, ბიუჯეტთან მიმართებაში?

კიდევ ერთი საკითხი, ზოგადად, საზოგადოებრივი ღირებულებებია – საკითხი ასე დგას: როგორ მიუდგებიან კონსერვატორები და ლიბერალები, რომ დაისვას საქართველოში, ვთქვათ, აბორტის თემა, დაისვას ჰომოსექსუალების უფლებების საკითხი? ექნებათ ერთი პოზიცია? ვეჭვობ, რომ ჰქონდეთ. კონსერვატორები, როგორც წესი, უფრო კონსერვატიულები არიან ამ საკითხში, ლიბერალებისთვის კი პიროვნული თავისუფლებაა მნიშვნელოვანი“.

კითხვაზე, რა საერთო აქვს ამ ორ პარტიას, აფრასიძე პასუხობს: „ორივე პარტია მემარჯვენე და მემარჯვენე ცენტრისტული, ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის მომხრეა. ანუ ზოგად პრინციპში ფესვი ერთი და იგივე აქვთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე დიდი გამაერთიანებელი (და ამაში დასამალი არაფერია), ხელისუფლების გამოწვევის მცდელობაა. რესპუბლიკელებსაც და მემარჯვენეებსაც სჯერათ, რომ გაერთიანებული ძალებით უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან მთავრობას, ვიდრე ცალკ-ცალკე. ამაში, ჩემი აზრით, ჭეშმარიტების მარცვალი არის“.

თუმცა დავით აფრასიძე ამბობს, რომ 2009 წელს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლების სურათი არ შეიცვლება. ასეთი პროგნოზის საფუძველს მას სხვადასხვა კვლევა აძლევს და ამბობს, რომ ჯობია პარტიებმა 2009 წელი საარჩევნო კანონის შეცვლაზე ზრუნვას დაუთმონ, რომლის ტესტიც 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება.

ვადამდელი არჩევნები შესაძლებლად მიაჩნია ანდრო ბარნოვს. მისი თქმით, ხელისუფლებაში ამის ნება ახლა არ არსებობს, მაგრამ „პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, საერთაშორისო ნება, ამ გადაწყვეტილებას მიაღებინებს“.

კომპრომისი არაექსკლუზიური ოცნებებისთვის

„რესპუბლიკელებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ალიანსზე, იმ კითხვებზე, რომელიც ექსპერტებს და საზოგადოებას ამ ალიანსთან და მის შესაძლო პარტნიორ, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით აქვთ, „ბათუმელები“ დავით უსუფაშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. უსუფაშვილის თქმით, ჟენევაში რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი მოლაპარაკებებისა და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების გარდა, რიგგარეშე არჩევნებზეც ისაუბრეს:

ნესტან ცეცხლაძე/ბათუმელები

– ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საკუთარი ხელისფლების უგუნური პოლიტიკის გამო, რომელიც გრძელდება. ბრაიზას ვუთხარით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ალტერნატიული დემოკრატიული ძალის ფორმირება, რასაც, ჩვენი რწმენით, მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. ეს 2009 წელს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლამდე მიგვიყვანს.
– რა განაცხადა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მეთიუ ბრაიზამ?
– ბრაიზამ თქვა, ქართველი ხალხი რასაც გადაწყვეტს, მსოფლიო მხარს ამას დაუჭერს; და რომ ხალხის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გამოხატული დემონსტრაციებში, სოციალურ გამოკითხვებში. მოკლედ, მან ცალსახად თქვა, რომ ესაა შიდა საქმეები და შეერთებული შტატები არ აპირებს რაიმე მოიმოქმედოს, არც არსებული ხელისუფლების გადასარჩენად და არც იმისთვის, რომ ვინმე კონკრეტული ძალა გაძლიერდეს. ეს ფორმულა ჩვენთის სავსებით მისაღებია.
– თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ, თქვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებთ თუ – საპრეზიდენტოს?
– ეს ტაქტიკაა, შესაცვლელია ორივე – საკანონმდებლოც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ჩემი პირადი არჩევანი რომ იყოს, ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე ვიფიქრებდი, ოღონდ იმ წინაპირობით, რომ იქნება სრულად სხვა საარჩევნო კანონი, საარჩევნო ადმინისტრაცია და დავების განხილვის სხვა მექანიზმი. და კიდევ ბევრი სხვა გარანტია არჩევნებისთვის, შემდეგ კი – საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, ეს პირიქითაც შეიძლება მოხდეს ან ერთდროულად.
– რაზეა გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული, სხვა ლიდერებს სხვა პოზიცია აქვთ?
– ეს დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მე თუ რამეს ხელს მოვაწერ, ეს არ იქნება გადაწყვეტილება, ხომ? შესაბამისად, თუ პარლამენტი დარწმუნდება იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნებია საჭირო ქვეყნისთვის, შეიძლება საპარლამენტო არჩევნებისკენ წავიდეს საქმე; თუ სააკაშვილი დარწმუნდება, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა თანამდებობიდან წასვლაა, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
– პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. როგორ აპირებს ალიანსი, აიძულოს ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები?
– თუ გახსოვთ, შარშან, სექტემბერ-ოქტომბერში სააკაშვილი არათუ თავის ვადამდელ გადადგომას, არამედ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც კატეგორიულად გამორიცხავდა. მერე ორივე არჩევნები დაინიშნა.
– დიახ, მაგრამ რა ფორმით აიძულებთ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღებას?
– რაც კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იქნება და რაც იმ მომენტში ყველაზე ეფექტური იქნება, ყველაფერს გამოვიყენებთ.
– მათ შორის მიმათავთ საპროტესტო აქციებსაც?
– რაც კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იქნება ყველაფერს
– ნიშნავს თუ არა ალიანსი იმას, რომ „რესპუბლიკელები“ და „ახლები“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ერთად მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
– ეს ალიანსი უფრო ფართოდ უყურებს საკითხებს, ვიდრე ერთი კონკრეტული არჩევნებია. ამიტომ საარჩევნო საკითხები ამ კონტექსტში მიმდინარე საკითხებია. ჩვენ ალიანსის შექმნისთანავე განვაცხადეთ, რომ დაინტერესებული ვართ უფრო ფართო პოლიტიკური კოალიციის შექმნით და გვაქვს კონსულტაციები შესაძლო პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს პროცესი იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება და „რესპუბლიკელები“ იქნებიან იმ კოალიციაში, რომელიც დასაბუთებულ ამბიციას განაცხადებს ხელისუფლების შემცვლელობაზე.
– ნიშნავს ეს, რომ არჩევნებში ერთ ბლოკად გამოხვალთ? შეგიძლიათ მარტივად, კონკრეტულად გვითხრათ?
–უფრო კონკრეტულად გამიჭირდება, რადგან თუ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, მაშინ დარწმუნებული ვარ, კოალიცია კიდევ უფრო გაფართოვდება და კონკრეტულ კანდიდატს სხვა ძალებიც დაუჭერენ მხარს. თუ საპარლამენტო არჩევნები იქნება, ალბათ, კოალიცია, როგორც კოალიცია, ისე გავა არჩევნებზე. რომელი არჩევნები იქნება, იმაზეა დამოკიდებული საარჩევნო ბლოკის თემა.
– წინა არჩევნებში, ოპოზიციის გაერთიანების მიუხედავად, „რესპუბლიკელებმა“ ცალკე მიიღეთ მონაწილეობა.
– დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ერთიანობა მხოლოდ მაშინაა პროდუქტიული, თუ თავსებადი მიზნებისა და გეგმების მქონე ადამიანები ერთიანდებიან. სხვა შემთხვევაში, ერთიანობა ყაყანი, ქაოსია. საბოლოო ჯამში კი პროცესი არაეფექტურია.
– სწორედ ამიტომ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენ მემარჯვენეებთან ერთად აღარ აღმოჩნდეთ საარჩევნო ბლოკში? ვთქვათ, ისეთ საკითხებზე თუ შეთანხმდით, როგორიცაა ეკლესიისადმი დამოკიდებულება?
– ჩვენ გვქონდა სამთვიანი კონსულტაციები და მოვძებნეთ ის ფორმულები, რომლითაც ყველა საკითხზე აზრთა შეჯერებას შევძლებთ. ის ფაქტი, რომ ორი პარტია რჩება, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ნიშნავს, რომ შეხედულებებს ყველა ძირითადი მიმართულებით ვინარჩუნებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროცესში ერთად დგომა აუცილებლობად მიგვაჩნია. ერთად დგომა ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე მოიძებნება კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც ორივესთვის მისაღებია. ჩვენ გვწამს, რომ ასე წინ წასვლას შევძლებთ. ასეთი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ლიბერალ რესპუბლიკელებს გვინდა.
– ანუ რაღაც საკითხებში კომპრომისზე წახვალთ?
–რა თქმა უნდა, ისევე როგორც ახალი მემარჯვენეები. იდეებსა და ღირებულებებზე შევთანხმდით, რაც შეეხება მიმდინარე თემებს, ეს კომპრომისების სფეროა.
– მაგალითად, ეკლესიის თემა არის ის სფერო, რომელზეც შეთანხმდით?
– ეკლესიასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული ხედვა, განსაკუთრებით სახელმწიფოსთან მიმართებაში, ნამდვილად არ აღმოგვაჩნდა. თუ იმას მეკითხებით, რამდენი „რესპუბლიკელი“ მარხულობს...
– ამას ნამდვილად არ გელითხებით. ვგულისხმობ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დამოკიდებულებაზე. ექსპერტებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, რომ ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც თქვენი და მემარჯვენეების პოზიციები განსხვავებულია.
– თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, კონკორდატის იდეა, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების იდეა, რესპუბლიკელებისგან მოდიოდა. ეს შეგიძლიათ მოიძიოთ 1993-1995 წლების მასალებში, როდესაც ამ თემებზე მსჯელობა მიდიოდა და საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა. ანუ ჩვენ ვიყავით არათუ მხარდამჭერები კონკონდარტის, არამედ ინიციატორები.
– ეს ცოტათი წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თქვენი პარტიის ლიბერალურ ღირებულებებთან?
– რა ნაწილში?
– მაგალითად, სხვა რელიგიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს კონსტიტუციური შეთანხმება მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.
– არათანაბარ პირობებში ბევრი სხვა რამ აყენებს და არა კონკორდატი. ამ ნაწილში არის პრობლემები, რის შესახებაც ჩვენ ბოლო საარჩევნო პროგრამაში გამოვაქვეყნეთ. 50-გვერდიან დოკუმენტში საუბარია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზეც. სჯობს გაეცნოთ ამას, შეადაროთ „ახლების“ წარმოდგენებთან და ნახოთ თუ რა გადაულახავი სხვაობაა აზრებში.
–სახელმწიფო მოწყობის საკითხზე შეთანხმდით?
– სწორედ იმაზე შევთანხმდით, რომ არჩევნები, უნდა იყოს იმ მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტი, რაც დღესაა კონსტიტუციურად. არც „მემარჯვენეები“ ამბობენ, რომ ორ თვეში შესაძლებელია მონარქიაზე გადასვლა და არც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც საპარლამენტო მმართველობას დაამკვიდრებს. ამასთან, ორივე ვთანხმდებით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შედგებოდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიებისგან. განსხვავებაა იმაში, თუ ვინ იქნება სახელმწიფოს მეთაური, მემკვიდრეობით მონარქი თუ არჩეული პრეზიდენტი. ეს სხვაობა გვაძლევს კომპრომისის საშუალებას, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში საქმე იმ მოდელის დამკვიდრებისკენ წავიყვანოთ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იქნება პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამარჯვებულ საპარლამენტო ძალას დაეყრდნობა. რაც შეეხება მონარქს თუ არჩეულ პრეზიდენტს ეს საკითხი გადავდოთ ოთხი წლით, და მოსახლეობამ გადაწყვიტოს. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა კომპრომისებზე ვსაუბრობ.
– ერთ-ერთმა ექსპერტმა გვითხრა, რომ აინტერესებს, ღირებულებების თვალსაზრისით, როგორ მიუდგებიან „რესპუბლიკელები“ და „მემარჯვენეები“, ვთქვათ, სექსუალური უმცირესობის უფლებების ან აბორტების საკითხს.
– ნამდვილად არ ყოფილა სექსუალური უმცირესობის საკითხი განსახილველი და არც ვთვლით, რომ უახლოეს ხანებში ამ საკითხებზე მოგვიწევს მსჯელობა. არ ვთვლით, რომ ეს ქვეყნის კრიზისში ყოფნის ან მიზეზია, ან გამოსავალი. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნის მოწყობაზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, საპენსიო სისტემაზე, თვითმმართველობის მოდელზე, პრივატიზაციის პროცესზე, მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე. ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ ახლო მეზობლებთან ურთიერთობაზე; ეროვნული უმცირესობების თემებზე, რომელიც ქვეყანას ძვირად დაუჯდა, რადგან თავის დროზე სწორად და კარგად არ იყო განხილული ეს ყველაფერი; ვისაუბრეთ, შრომის კანონმდებლობაზე, რეგიონული განვითარების ეკონომიკურ პროგრამებზე, სამხედრო მოწყობის პრინციპებზე, რა სტრატეგიის და ამოცანის ჯარი უნდა ჰყავდეს ქვეყანას; ვისაუბრეთ იმ დინამიკაზე, როდის რისი მიღწევაა რეალისტური და შესაძლებელი, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
– და ყველაფერზე შეთანხმდით?
– გავიმეორებ რაც მოგახსენეთ _ ჩვენ ან შევთანხმდით, ან მოვძებნეთ ის ფორმულა, რომელმაც ყველა მიმდინარე საკითხზე შეთანხმება უნდა მიგვაღწევინოს. რესპუბლიკური პარტიის ხედვა საპარლამენტო მმართველობის თაობაზე, ემყარება მრავალპარტიულობას და იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სანუკვარი, ექსკლუზიური ოცნებები რჩება შეუსრულებელი, მაგრამ არის რეალობა, თუ არ იქნება კოალიცია, ვერც ამა თუ იმ პარტიის არაექსკლუზიური ოცნებები შესრულდება. დღეს ჩვენ ვართ ამ რეჟიმში და ვთვლით, რომ კოალიციის შექმნა კოალიციური მთავრობის წინაპირობაა. ალბათ, დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ კოალიციური მთავრობები არსებობს, ესაა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების წესი. მაგალითად გერმანელი ლიბერალები არიან კოალიციაში ხან ქრისტიან–დემოკრატებთან, ხან სოციალ–დემოკრატებთან, ვთქვათ შვედი ლიბერალები ახლა არიან კოალიციაში შვედ კონსერვატორებთან. ბევრისთვის ეს შეიძლება უცხო ხილია, რადგან, სამწუხაროდ, ქართველი ხალხი, დღემდე არსებულმა ყველა ხელისუფლებამ მიაჩვია ერთპარტიულობას. ყველაფერი უნდა იმართოს ერთი მესიის მიერ. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ამან შეგვაძლებინა კოალიციაზე საუბარი.
– ვინ იქნება ალიანსის ლიდერი, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, უარს იტყვის ალიანსის ლიდერობაზე?
– ალასანიასთან არ მიმდინარეობს საუბრები ლიდერობაზე, ალასანიასთან იქნება საუბარი პარტნიორობაზე. შემდეგ უკვე პარტნიორები გადავწყვეტთ ვინ, როდის, რა ლიდერობას გაუწევს ამ კოალიციას. ჩვენ ალასანიას სახით წარმოგვიდგენია შესაძლო პარტნიორი კოალიციაში. ეს საკითხი დაახლოებით 10 დღეში გაირკვევა.
– ალიანსის სხვა წევრებმა ალასანიას შესაძლო ლიდერობაზე განცხადება ხომ გააკეთეს?
– ჩვენ ალასანიასთან ვეძებთ პარტნიორობას და თუ პარტნიორები გავხდით, მერე გადავწყვეტთ ლიდერის საკითხს. ეს არც იმის გარანტიას იძლევა, რომ ალასანია იქნება ლიდერი და არც იმას გამორიცხავს, რომ არ იქნება. პარტნიორობის საკითხი მისი ჩამოსვლის მერე გაირკვევა. ჩვენთვის საინტერესოა მისი მოსაზრებები და ხედვები ბევრ საკითხზე, ისევე როგორც სხვა შესაძლო პარტნიორების.

პროკურატურის შერჩევითი სამართალი– ორი ერთნაირი ბრალდება და სხვადასხვა სასჯელი

27 ნოემბერს პოლიციამ პაატა კაიკაციშვილი დააკავა. გამოძიების ვერსიით, მას ნახევარი გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. დაკავებულს მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ შვიდი წელი მიუსაჯა და ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. პროკურატურა დაკავებულს გირაოდ 200 ათას ლარს სთხოვდა. 20 ნოემბერს დააკავეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც. საქმის მასალებით, ბადრი ქაჯაიას დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოუღეს. ქაჯაიას პროკურატურამ გირაოს სახით ორი თასი ლარი გადაახდევინა. ის მოსამართლე როინ კახიძემ გაათავისუფლა. ქაჯაია დღესაც დეპუტატია.

ნათია როყვა/ბათუმელები

თვითმხილველების თქმით, ბადრი ქაჯაიასა და პაატა კაიკაციშვილის დაკავების ოპერაცია რამდენიმე ერთმანეთის იდენტური იყო. ორივე თანამდებობის პირი დღის საათებში, ხალხმრავალ ადგილას დააკავეს და ორივე ყველას დასანახად, სასტიკად სცემეს; ორივეს ბრალი 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ანუ ორივესგან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ კაიკაციშვილს განაჩენი საქმის წარმოებაში მიღებიდან ერთ დღეში გამოუტანა. ამ სასამართლო პროცესს ბევრი ადვოკატი სწორედ ამიტომ უწოდებს უპრეცედენტოს. იურისტები ვერ იხსენებენ ისეთ პროცესს, როცა ეჭვმიტანილი ასე მოკლე დროში გაასამართლეს. როგორც წესი, სასამართლო პროცესები წლობით გრძელდება.
რატომ იყო ეს სასამართლო პროცესი უკანონო თუ უპრეცედენტო?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გენო ქარცივაძის განმარტებით, ადვოკატს წინასწარი გამოძიების პერიოდში უფლება არ აქვს საქმის მასალები გადაიღოს. შესაბამისად, მას საქმის გასაცნობად, გამოძიების დასრულებიდან მინიმუმ ხუთი დღე მაინც უნდა მიეცეს: "როცა დამცველი გამოძიების დასრულებიდან ხუთ დღეში საქმეს გაეცნობა, უფლება აქვს შუამდგომლობა დააყენოს. ამ შემთხვევაში, ადვოკატს საბრალდებო დასკვნის გასაცნობად და მოწმეების მოსაყვანად მხოლოდ ნახევარი საათი მისცეს".

გენო ქარცივაძისთვის კონკრეტული შემთხვევა იმის მანიშნებელია, რომ "სასამართლო მიკერძოებულია, სასამართლომ რაღაცაზე თვალი დახუჭა ან რაიმეს ანგარიში გაუწია, რაღაცა დამალა".

კაიკაციშვილი ოთხი პოლიციელის _ მამუკა ზოიძის, მურად ანთაძის, ოთარ კერესელიძისა და დავით ბიაძის ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს. ადვოკატის თქმით, პოლიციელების ჩვენებები განსხვავებული იყო: "ერთმა თქვა, დაკავებული თავისი ფეხით გადმოვიდა მანქანიდან; მეორემ _ გადმოვიყვანეთო; ერთი პოლიციელის თქმით, კაიკაციშვილს ნარკოტიკი დაკავების დროს ამოუღეს, მეორის განცხადებით _ ძებნისას აღმოაჩინეს, მესამემ თქვა - ფეხის ცერა თითიდან ამოვარდაო".

იუზა ბუცხრიკიძემ, ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, კაიკაციშვილის პროცესი 3 დეკემბერს ბათუმში ჩაატარა. ცნობილია, რომ კაიკაციშვილი 2 დეკემბერს უნდა გაესამართლებინათ, მაგრამ ნათესავებმა ქობულეთის სასამართლო შენობის პიკეტირება მოახდინეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. თუმცა, ოფიციალური ვერსიით, ქობულეთის სასამართლო შენობას არემონტებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, კა¬იკა¬ციშვილს პროკურატურამ გირაოდ ორასი ათასი ლარი მოსთხოვა. ოჯახმა თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონება შესთავაზა, მაგრამ იმ დღესვე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადეს და საქმე სასამართლოს გადასცეს.

ადვოკატის განმარტებით, ეს კიდევ ერთი უკანონობა იყო და მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ საკუთარი ბრძანება დაარღვია. `მოსამართლემ განსასჯელის გირაოს უზრუნველყოფისთვის თხუ¬თმეტი დღე მოგვცა. თუმცა, წინასწარი გამოძიება ეჭვმიტანილის დაკავებიდან ხუთ დღეში დასრულდა. საქმე სასამართლოში 2 დეკემბერს შევიდა, მოსამართლემ კი პროცესი 3 დეკემბერს ჩაატარა და განაჩენიც გამოიტანა. მე მოწმეების დაკითხვის უფლება არ მომეცა ანუ თანასწორობის უფლება დაირღვა~, _ ამბობს ადვოკატი.

დავით საფარიძე პაატა კაიკაციშვილის დაკავების მიზეზად, ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ნათესაობას ასახელებს. ადვოკატის განმარტებით, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩაუდეს მსჯავრდებულს ნარკოტიკი: `მერე მოიყვანეს ოპერატორი და ჩხრეკის მომენტი ვიდეოკამერით დააფიქსირეს. ამასთან, ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ეჭვმიტანილს არც ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მისცეს".

კაიკაციშვილის დაკავებამდე ზუსტად შვიდი დღის წინ, სოდ-მა ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბადრი ქაჯაია დააკავა. გამოძიების ვერსიით, ქაჯაიას 0,108 გრამი ჰეროინი ამოუღეს. დეპუტატი დაკავებიდან სამ დღეში გაათავისუფლეს ორი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ. საქმის გამოძიება და ქაჯაიას დეპუტატობა გრძელდება.
იმ შემთხვევაში, თუკი ბადრი ქაჯაიას ან ორთვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდნენ, ან სულაც გაასამართლებდნენ, კანონით მის ადგილს ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელი დაიკავებდა.


უპრეცედენტო სასამართლო პროცესი

რამინ პაპიძე, იურისტი: ქართულ მართლმსაჯულებაში მსგავსი ფაქტი არ მახსოვს. ვფიქრობ, კაიკაციშვილის სისხლის სამართლის საქმეში გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევით მიიღეს. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კაიკაციშვილის მოწმეების დაკითხვას, რისი საშუალებაც დაცვის მხარეს არ მიეცა. ამ შეთხვევაში, მოსამართლემ და პროკურორმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს. ესაა პოლიტიკური დაკვეთა, ისევე, როგორც ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის გათავისუფლება.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობაც, არადა ბადრი ქაჯაიას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსამართლის გადაწყვეტილება არასამართლიანია.
მერაბ პაქსაძე, იურისტი: საქმეში არ ჩამიხედავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, მსგავსი შემთხვევა, რომ საქმის არსებით განხილვისთვის ნახევარი საათი მოეცათ, პირადად მე პრაქტიკაში არ მქონია. არც განაჩენი გამოუტანიათ ერთ კვირაში.

რამინ გვარიშვილი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" იურისტი: ერთ დღეში სასამართლო პროცესის დასრულება და განაჩენის გამოტანა, რა თქმა უნდა, არაობიექტურია. ჭეშმარიტების დასადგენად მოწმეთა დაკითხვა აუცილებელია, ამიტომ სასამართლოს უარი მოწმეების დაკითხვაზე არაკანონიერად მიმაჩნია. არაობიექტურია პროკურატურის მიერ გამოძიების ხუთ დღეში დასრულება. ადვოკატისთვისაც საქმის გასაცნობად კანონმდებლობით გონივრული ვადაა გათვალისწინებული და ნახევარი საათი მიუღებელია. რაც შეეხება გირაოს, ერთსა და იმავე დანაშაულზე ერთი განსასჯელისთვის ორი ათასის, ხოლო მეორისთვის ორასი ათასი ლარის დაკისრება კანონის დარღვევა არაა, მაგრამ პრაქტიკის თვალსაზრისით, ძალიან ცუდია.

ვაჟა მელაძე, იურისტი: "პრაქტიკაში არ მახსოვს, როცა სასამართლომ მიიღო საქმე, მეორე დღესვე პროცესი ჩაატარა და განაჩენი გამოიტანა. კანონის უხეში დარღვევაა, როცა ადვოკატს საქმის გასაცნობად ნახევარ საათს აძლევენ. უნდა გადადებულიყო სასამართლო პროცესი და ადვოკატს შუამდგომლობა უნდა დაეყენებინა მოწმეების დასაკითხად. კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატს დაცვის უფლება არ მიეცა.
ლადო მგალობლიშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში: "სხდომას, რომელზეც პაატა კაიკაციშვილს მიუსაჯეს, ძნელია უწოდო სასამართლო, რადგან ის არ აკმაყოფილებდა ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა შესახებ მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ მუხლის მიხედვით, როცა ადამიანს ბრალად სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება, უფლება აქვს ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობები თავის დასაცავად. ამ პროცესზე მხოლოდ ბრალდების მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს. განსასჯელის მხარეს საქმის გასაცნობად და მოწმეების წარმოსადგენად ნახევარი საათი მიეცა".
გენო ქარცივაძე - საიას იურისტი: "ამ შემთხვევაში ადამიანის კონსტიტუციური უფლება დაირღვა. ეს ყველაზე მთავარი უფლებაა, რის საფუძველზეც შესაძლებელია განაჩენის გაუქმება სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში, დაცვის უფლება გარანტირებულია საერთაშორისო დაცვისა და საქართველოს კონსტიტუციით. კაიკაციშვილს სწორედ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. გამოდის, სასამართლო მიკერძოებული და ტენდენციურია~.

გასხვისებული ფოთის პორტი და ექსპერტების დანახული საფრთხეები

ეკატერინე შარაშიძემ, სანამ ეკონომიკური განვითარების მინისტრის პორტფელს გამოემშვიდობებოდა, რამდენიმე დღით ადრე, ერთ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერა ხელი: "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი "RAK INVESTMENT AUTHORITY"–ი გახდა. არაბული კომპანიის მფლობელობაში, სახელმწიფოს ოქროს აქციების 49%-იც გადავიდა. ფოთის ნავსადგურის ანუ როგორც მას უწოდებენ _ საზღვაო კარიბჭის მომავალს ამიერიდან უცხოელი ინვესტორი განსაზღვრავს.

ლაშა ზარგინავა /სპეციალურად ბათუმელებისთვის

"ყველაფერი რაც კეთდება, ეს არის "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში, როდესაც ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის პრეზენტაცია მოეწყო. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა და ფოთის პორტის დარჩენილი 49 პროცენტი არაბულმა კომპანიამ 65 მლნ დოლარად იყიდა. ამ ექვსი თვის განმავლობაში, ამის გარდა ახალი არაფერი გაკეთებულა. აპრილის თვეში არაბებმა, უკვე ფოთის პორტის 51-პროცენტიანი წილი და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეიძინეს, მათზე დამაგრებული 304 637 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით. ამაში არაბულმა კომპანიამ 90 მლნ დოლარი გადაიხადა.

ფოთის პორტი მთავარ შემგროვებელ და გამანაწილებელ პორტად უნდა გადაიქცეს, სადაც მსოფლიოს ტვირთები მოიყრის თავს. ამის შესახებ არაბული `Rak Investment Authority"-ის დირექტორმა ჰატერ მასაადმა შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. `მოხარული ვარ, რომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ფოთის პორტის გასაძლიერებლად. ჩვენ გვინდა ქართული პორტი ერთ-ერთ მთავარ პორტად გარდავქმნათ", _ აცხადებს უცხოელი ინვესტორი.

"კომპანია, რომელიც უკვე იყო 51-პროცენტიანი წილის მფლობელი, ორი წლის განმავლობაში ფოთში, პორტის მახლობლად ააშენებს ახალ ტერმინალს, რომელიც იქნება მოდერნიზებული. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 200 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება და 20-ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა", _ აღნიშნა უკვე ექს-მინისტრმა შარაშიძემ. მისივე თქმით, ძალაში დარჩება "ოქროს აქციის" პირობები _ მფლობელს არ შეეძლება რაიმე მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის განხორციელება, მაგალითად, ობიექტის ლიკვიდაცია.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტიების მხრიდან სხვადასხვა შეფასება მოჰყვა. ზოგმა არაბული კაპიტალის უკან ტერორისტული დაჯგუფების საფრთხე იგრძნო, ზოგმაც _ ხელისუფლების უგუნურობის. ამ მხრივ, ყველაზე უფრო რადიკალური "ლეიბორისტული პარტიაა". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის თქმით, "პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს, მეშვიდე საუკუნის ეპოქაში დაგვაბრუნოს, ამჯერად `RAK INVESTMENT AUTHORITY"-ის მფლობელი ჰატერ მასაადი იბატონებს, რომლის უკან "ალ-ქაედა" დგას". "ლეიბორისტები" ევროპულ სტრუქტურებსა და აშშ-ს ფოთის პორტის გაყიდვის დაბლოკვისკენ მოუწოდებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ `ხელისუფლებამ ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციაში ერთიანი ეკონომიკური თამაშის წესები არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ გაწევრიანების შემდეგ თავისუფალი ზონის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ევროკავშირი არ უშვებს ასეთ პრეცედენტებს. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, თუ ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვსურს, მაშინ რას ვუშვებით ინვესტორებს, რომლებთანაც გარკვეული ვალდებულება გვაკისრია და პირიქით, თუ ინვესტორთან 49-წლიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, მაშინ 49 წელი ევროკავშირში შესვლას დავემშვიდობოთ?"

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ლადო პაპავა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ფოთში მთავრობის უდიდეს შეცდომად აფასებს: "ინდუსტრიული ზონა დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. როცა საქართველოში ინვესტიციური შიმშილია, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი შემოვა არა ზოგადად ქვეყანაში, არამედ შეღავათების მქონე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. იმავეს გააკეთებენ ადგილობრივი ინვესტორები. როცა მათ გაუჩნდებათ შემოსავლები ბიზნესში ჩასადებად, ისინი მათ არა რუსთავში ან ქუთაისში დააბანდებენ, არამედ დაელოდებიან იმ შეღავათებს, რაც ფოთშია".

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი, ჩვენთან საუბრისას აქცენტს პოლიტიკურ რისკებზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ფოთის პორტის აქციათა 100% არაბული კომპანიის _ `RAK INVESTMENT AUTHORITY~ მფლობელობაში გადავიდა, ფოთის პორტი შესაძლოა, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ აქციათა 100% რუსეთს გადასცეს.

"ომის დროს ფოთის პორტი დაიბომბა, მაგრამ არანაირი ზიანი არ მისდგომია არც სპილენძის, არც ოქროს მოპოვებას, არც გადამცემ ხაზებს და არც თბოენერგოგენერაციას, ანუ არც ერთი ის ობიექტი, რომელიც საქართველოში რუსული ინვესტიციების სიმბოლოა, არ დაზიანებულა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით პროვოკაციები მუდმივად გაგრძელდება. საკმაოდ დიდია იმის ალბათობაც, რომ არაბებმა აქციები რუსეთს ნებაყოფლობით გადასცენ, რადგან ფოთის პორტის გამო რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს. ერთია, რომ ვკარგავთ ამ ობიექტს, მეორე _ არსებობს საფრთხე ფოთის პორტის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოყენების. თუ არაბული კომპანია დაინახავს, რომ რუსეთთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს, ის ადვილად დათანხმდება პორტის გადაცემაზე", _ აცხადებს ცისკარიშვილი.

ქართველი ექსპერტის აზრით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფოთის პორტი კვლავ მაღალი რისკის მატარებელია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალს, ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზარალი მაშინ შეიძლება მივიღოთ, თუ აქციების გაყიდვის პირობები საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამო იქნება. თუმცა, იქვე დასძენს, რომ პირობები, როგორც წესი, იქამდე არ ხმაურდება, ვიდრე კრიტიკულ სიტუაციას არ წავაწყდებით.
ხელშეკრულების თანახმად, არაბული კომპანია ფოთში კიდევ ერთ ნავსადგურს ააშენებს. ახალი პორტის აშენების პარალელურად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამოქმედდება. 300 ჰექტარზე განთავსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხუთი წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება, 450 ახალი საწარმოს და 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი.

ნოღაიდელი ვარშალომიძეების კორუმპირებულობაზე საუბრობს

ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვის, პასუხისმგებლობას არ იღებს იმ საქმეებზე, რომელიც მისი პრემიერობის დროს მოხდა, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე; 7 ნოემბერზე; სამაგიეროდ, აჭარის ხელისუფლებაში მოსასვლელად ლევან ვარშალომიძისთვის, ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის გაწეულ რეკომენდაციას აფასებს როგორც დანაშაულს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ყოფილ პრემიერთან, რომელმაც საკუთარი პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა აჭარაში გასულ კვირას ისე დააფუძნა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ აურჩევია.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

_ ბატონო ზურაბ, პრესაში თქვენ აცხადებთ, რომ აჭარას უავტორიტეტო და კორუმპირებული კლანი მართავს, ახლა რატომ ამბობთ ამას?
_ ეს დიდწილად ჩემი ბრალია, რადგან, თავის დროზე, ჩემს სიტყვაზე ბევრი იყო დამოკიდებული, თუ ვინ იქნებოდა აჭარაში მთავრობის თავმჯდომარე. ამ დანაშაულს აუცილებლად გამოვასწორებ. არ შეიძლება აჭარას ასეთი ზნედაცემული კლანი მართავდეს, მამა-შვილის სახით. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელ ბიზნესს აკონტროლებენ ვარშალომიძეები, მაგრამ თითქმის არ არის დარჩენილი ბიზნესი, სადაც მათი კლანი ამა თუ იმ ფორმით არ მონაწილეობს. ძალოვანებმა ზუსტად იციან, ვარშალომიძეები კორუფციაში რომ არიან.
_ თქვენ ამბობთ, რომ ვარშალომიძეს რეკომენდაცია გაუწიეთ. მის ოჯახს მაშინაც ხომ იცნობდით?
_ გურამ ვარშალომიძის წარსულს კარგად ვიცნობდი, მაგრამ არ მეგონა, ასე ერთიანი ძალებით თუ იმოქმედებდნენ. ამის ნიშნები მაშინ არ ჩანდა, რადგან ეს იმდენად კლანზე არ იყო დამოკიდებული, რამდენადაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე. არ მეგონა, ამდენ შეცდომას თუ დაუშვებდა. ვარშალომიძეების კორუმპირებულობაზე შს მინისტრთან, პროკურორებთან და პრეზიდენტთანაც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ალბათ, რაღაც ფორმით, ამ კორუფციასთან ისინიც კავშირში არიან.
_ ზოგადად, თქვენზეც ამბობენ, რომ კორუმპირებული ხართ. თუ არ წარმოადგენთ მტკიცებულებებს, რატომ უნდა დაგიჯეროთ საზოგადოებამ?
_ დოკუმენტები გვაქვს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ხელისუფლების ხელში გამოძიება ბოლომდე მივა. ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლების პირობებში გამოვიძიებთ.
_ თქვენ მილიონერთა სიაში მაშინ მოხვდით, როცა პრემიერ-მინისტრი იყავით. ღარიბი ქვეყნის მთავრობაში გამდიდრება როგორ მოახერხეთ?
_ სამწუხაროდ, მილიონერი არ ვარ. საკონსულტაციო კომპანია `ნ კონსალტინგი~ (ადრე `ნოღაიდელი კონსალტინგი~ ერქვა) მთავრობაში მოსვლამდე დავაფუძნე, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს დაიხურა. ხელისუფლებიდან როცა წამოვედი, საკუთარი ბინაც კი არ მქონდა თბილისში, მაგრამ მუშაობა კერძო სექტორში დავიწყე, კარგ ანაზღაურებას ვიღებდი და გარკვეული ქონება დავაგროვე. მილიონერთა სიაში გამიზნულად შემიყვანეს: `ჯორჯიან თაიმსმა~ შეკვეთილი სტატია დაბეჭდა. ვნანობ, რომ თავის დროზე პასუხი არ გავეცი, რადგან პოლიტიკაში დაბრუნება აზრად არ მომსვლია. რაც შეეხება ჩემს ბიზნესს, `კალა-კაპიტალიდანაც~ წამოვედი. არც `სახალხო ბანკში~ მაქვს წილები, როგორც ამას ამბობენ.
_ მილიონერი თუ არ ხართ, ორ მილიონ დოლარს როგორ დებდით საკაბელო არხის, `მაესტროს~ განვითარებაში?
_ საკუთარ ფულს არ ვდებდი. იმასაც გეტყვით, რომ არავისთან მივსულვარ და არაფერი მითხოვია. თუმცა ის, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ტელევიზია, მნიშვნელოვანი საკითხია და ეს ყველა ჩვენგანის ინტერესში შედის, დღეს კი ყველა არხს მთავრობა აკონტროლებს.
_ ფული რომ ჩაგედოთ ამ ტელევიზიის განვითარებაში, თქვენზე კომპრომატების გამოქვეყნების უფლებას მისცემდით?
_ როგორ ფიქრობთ, ჩემ შესახებ კომპრომატები რომ არსებობდეს, აქამდე არ გამოაქვეყნებდნენ?
_ გარდა ვარშალომიძის რეკომენდაციისა, სხვა პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, იმავე გვირგვლიანისა და რობაქიძის საქმეზე?
_ ნამდვილად არ ვიღებ მაგ საკითხებზე პასუხისმგებლობას. ისევე როგორც არ ვიღებ პასუხისმგებლობას 2 ან 7 ნოემბერზე. იმიტომ მოვდივარ პოლიტიკაში, რომ სხვის ქმედებებზე არ ვაგო პასუხი.
_ რატომ გაგათავისუფლათ მიხეილ სააკაშვილმა?
_ ხელისუფლებიდან წამოსვლა 7 ნოემბრის შემდეგ გადავწყვიტე. ვფიქრობ, ორივეს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კი 8 აგვისტოს შემდეგ მივიღე.
_ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე რაიმე ახალს ხომ არ იტყვით?
_ მაგაზეც ვისაუბრებ, როცა დრო მოვა. ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი.
_ თქვენი პრემიერობის დროს აჭარაში შემოვიდა კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი", რომელსაც ის სასტუმროები მიყიდეთ, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიის უკან ნიკა რურუა და მისი მეგობრები დგანან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
_ არ ვიცი... ყველაფერს მაშინ დავაკონკრეტებ, როცა ამის დრო მოვა. ამაზე პასუხი პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ უნდა გასცეს.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის რუსული კაპიტალი სახიფათოა?
_ ხომ ვხედავთ, რომ პრობლემებს ვერ გვიქმნის. თუმცა, რუსეთმა თუ მოინდომა, ამას კაპიტალის გარეშეც გააკეთებს. საქართველო, ენერგომატარებლების თვალსაზრისით, რუსეთზე არ არის დამოკიდებული და ეს სწორია. ქვეყანას სულ სხვა პრობლემა აქვს, ეკონომიკურ კრიზისშია და ამ ხელისუფლების პირობებში კრიზისი კიდევ უფრო გაიზრდება. 2009 წლისთვის, მოსახლეობა შემოსავლების დიდ ნაწილს დაკარგავს.
_ ბოლო საკადრო ცვლილებები ხომ არ უკავშირდება პოლიტიკური კურსის ცვლას?
_ პოლიტიკური კურსი დიდი ხნის წინ შეიცვალა, _ რუსულ კურსს არ ვგულისხმობ, როცა ეკონომიკასა და პოლიტიკაშიც გაურკვეველ გზას დავადეგით. ამის მიზეზია შეცდომები, რომელიც პირამიდასავით იზრდება. ამ ცვლილებებში ვერ ვხედავ ლოგიკას, ეს არაადეკვატური ქმედებებია. როცა საგარეო საქმეთა მინისტრს, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მისდამი, შუა გზაში ათავისუფლებ, არა მარტო მას აყენებ შეურაცხყოფას, არამედ პარტნიორ ქვეყნებსაც. ასეთი რამ დიპლომატიაში არ ხდება.
_ თქვენ ხისტ პოლიტიკოსს გიწოდებენ. ეს თვისება მხარდამჭერების მოპოვებაში ხელს თუ გიშლით?
_ სიხისტეს მე მაინც და მაინც უარყოფით თვისებად არ განვიხილავ. პირიქით, ქათინაურია იმ თვალსაზრისით, რომ სიხისტეში პრინციპულობა იგულისხმება და საკუთარ პოზიციაზე დგომა, მით უფრო თუ ეს ქვეყანას ეხება.
_ ვისთან აპირებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას?
_ ამაზე ვერ ვისაუბრებ. არჩევნები არ არის და განცხადების გაკეთება ნაადრევია.
_ ხელისუფლებაში თუ მოხვალთ, ისევ პრემიერ-მინისტრი იქნებით?
_ ჩვენი პარტიის კარი ყველა ლიდერისთვის ღიაა. ახლა თანამდებობების განაწილებაზე საუბარი იმას ჰგავს, მოუკლავი დათვის ტყავს რომ ვინაწილებდეთ. მთავარია, შევქმნა ისეთი პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც არამარტო ხელისუფლებას აიღებს ხელში, არამედ ქვეყანას კრიზისიდანაც გამოიყვანს.
_ რითია საზოგადოება დაზღვეული, რომ ამ ხელისუფლებას ახალი კლანები არ ჩაენაცვლება და ყველა საეჭვო საქმე გამოძიებული იქნება?
_ ვისაც შევპირდი, მათ იციან ჩემი სიტყვის ფასი.
_ რა ინფორმაცია გაქვთ ზურაბ ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას ედავებიან ხომ არ იცით?
_ ზურაბ ბერიძეს, ჯონი ბაბილოძეს და პაატა კაიკაციშვილს ჩემ გამო ედავებიან. დანაშაული ვერც ერთ მათგანს ვერ აღმოუჩინეს. ესენი წესიერი ადამიანები არიან და აუცილებლად იპოვიან სამართალს. თუ არა, მაშინ ამ მოვლენებს მთავრობა გადაყვება.
_ პაატა კაიკაციშვილი ნარკომომხმარებელი არ იყო?
_ ნარკოტიკების მომხმარებელს ან გამსაღებელს დავიცავდი? ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ვპირდები შემსრულებლებს, რომ აუცილებლად დაისჯებიან, თანაც სასტიკად.

დეპუტატის სარჩელი არ დააკმაყოფილეს

{ლელა დუმბაძ/ბათუმელები}

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სამნიძე რამდენიმე თვის წინ, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდა. მას აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს და გაადგილება შეუზღუდეს. ყოფილმა დეპუტატმა ვიზიტის ჩაშლის გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოტივით, სასამართლოს მიმართა.

`სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ წერილობით არ მომსვლია, თუმცა სამივე უწყებამ, შს სამინისტრომ, სასაზღვრო დეპარტამენტმა და სამოქალაქო რეესტრმა ბრალი აიცილეს. არგუმენტად ახალ ბაზებზე გადასვლა მოიყვანეს, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. თუმცა, სამივე უწყებიდან მაქვს წერილობითი პასუხი, რომ პასპორტი მათი მითითებით ჩამომართვეს~, _ აცხადებს სამნიძე. ხათუნა სამნიძის თქმით, პირველ სხდომაზე სასამართლომ აღიარა, რომ ნამდვილად დაირღვა დეპუტატის უფლებები. თუმცა, საბოლოოდ, მოსამართლემ სარჩელი მოტივის უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

აჭარის "ახალი" მთავრობა

{ბათუმელები}

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, უმაღლეს საბჭოს მოქმედი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა. გამონაკლისი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ვაჟა ბოლქვაძე იყო, რომელიც თანამდებობიდან უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მოტივით გაათავისუფლეს.
ვაჟა ბოლქვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში `ნაციონალების~ მაჟორიტარი კანდიდატი იყო. ამ ოლქის შედეგების გაუქმების შემდეგ, `ნაციონალებს~, განმეორებით არჩევნებში კანდიდატი აღარ წარუდგენიათ.

ვაჟა ბოლქვაძე ისევ მინისტრის სავარძელს დაუბრუნდა. თანამდებობა ყველა მოქმედმა მინისტრმა შეინარჩუნა. განათლების, კულტურისა და სპორტს მინისტრი ისევ მათე ტაკიძე იქნება, სოფლის მეურნეობს მინისტრი _ ემზარ ძირკვაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი _ ლევან ანთაძე. მათ წინააღმდეგ ხმა ოპოზიციამ მისცა.

ვახტანგ ტატიშვილი: სატირალს იუმორით ვამბობ

„ყველა ტელევიზიაში ყველაფერზე ჩამწერეს _ როგორ ვერთობი, როგორი რემონტი გავაკეთე, ქალები როგორ მიყვარს, როგორი ურთიერთობა მაქვს ოჯახთან. არავინ მეკითხება, რას ვფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც ძალიან მაწუხებს. აქ ჩამოსულმა როცა გავიგე, რომ არსებობს გაზეთი, სადაც ჩემს წუხილზე შემეძლება ლაპარაკი, პირდაპირ აქეთ გამოვეშურე. ხომ მომცემთ ამის საშუალებას?" _ იკითხა "ბათუმელების" რედაქციაში მოსულმა ვახტანგ ტატიშვილმა. ის ბათუმში იუმორისტულ შოუში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ცნობილი მსახიობი "ბათუმელებს" პოლიტიკურ იუმორსა და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე ესაუბრა.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

_ ბატონო ვახტანგ, თქვენი იუმორი, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკას ეხება, ცენზურას თუ გადის?
_ ჩემთვის არავის დაურეკავს და უთქვამს, ეს არ თქვაო. ოჯახის წევრმა შეიძლება გითხრას გაჩერდი, ეს არ თქვა, მაინც არაფერი არ შეიცვლებაო. საზოგადოებაში სწორედ ეს არ მომწონს, ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებს.
"იუმორინაში" ბევრი პოლიტიკური კბენაა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ "იუმორინაზე" ხელისუფლება არ დადის. წინა მთავრობას უფრო ჰქონდა იუმორის გრძნობა, ახლა ბრაზდებიან.
_ იცით კონკრეტული ფაქტი, როცა თქვენმა იუმორმა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გააბრაზა?
_ არა, მაგრამ ეს ადვილი შესამჩნევია, ამას თქმაც არ სჭირდება. ჩემი ლოზუნგი "გადადექი _ გადადექი" კი არა, "გამოსწორდია!" "ბაბუ-ბაბუ", "ზვიადი-ზვიადი" და "მიშა-მიშა" კი არა, ხალხი... ამას დაძახება არ უნდა, გულში უნდა თქვა. "მიშას" მეც ვიძახდი 60-იან წლებში, როცა მიშა მესხი თამაშობდა ფეხბურთს, მაშინ მთელი სტადიონი გუგუნებდა და ეს იყო გულიდან ნათქვანი "მიშა".
_ როგორ ფიქრობთ, თქვენი იუმორი რატომ უნდა აბრაზებდეს ხელისუფლებას?
_ ძალიან მორწმუნე ან ძალიან ცრუმორწმუნე კაცი არა ვარ. ტელეფონით მაქვს გამოწერილი ყოველდღიური ჰოროსკოპი. დღეს ასეთი მესიჯი მივიღე: "რაც არ უნდა დამღუპველად მიგაჩნდეთ ხელმძღვანელობის პოლიტიკა თუ საქციელი, ეცადეთ თავი შეიკავოთ კრიტიკისგან და ნურავისთან განიხილავთ ამ საკითხს". დავიჯერო, ესეც ჩაწყობილია?
ზუსტად ამ დროს დაბარებული ვიყავი აჭარის ტელევიზიაში, უნდოდათ ჩაეწერათ საჭმელს როგორ ვაკეთებ. უნდა წავსულიყავი ტელევიზიაში შუა მარხვაში და მესწავლებინა ხალხისთვის, როგორ უნდა გააკეთონ საჭმელი?! მიეცი ხალხს ხორცისა და ყველის ყიდვის საშუალება და ნახე, როგორი საჭმელი გააკეთოს, სულ არ უნდა ამას ჩემი სწავლება. თან ყველა ტელევიზიაში ამაზე რომაა ლაპარაკი? "იმედშიც" და "რუსთავი 2 –შიც", ასე ვეძახი მე მაგათ.
ამიტომაც ავდექი და პროტესტის ნიშნად თქვენს გაზეთში მოვედი. მილიონი ჟურნალისტი მოდის ჩემთან, მხოლოდ იმას მეკითხებიან, რა საჭმელი მიყვარს, როგორ დავდიოდი ქალებში, რაიმე კურიოზს ხომ ვერ გავიხსენებ... არავინ მეკითხება, რას ვფიქრობ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
– და რას ფიქრობთ, თქვენი აზრით, რა ხდება საქართველოში?
– დემოკრატია, რომელიც გვეუბნებიან რომ გვაქვს, არის ფასადური. არასოდეს ვყოფილვარ მიტინგებზე, ერთადერთხელ წავედი, შარშან, 2 ნოემბერს... ხელისუფლებას ხალხი მტერი ჰგონია... მაშინ მიტინგი დაარბიეს და მერე პოლიციას მადლობა გადაუხადეს ხალხის დარბევისთვის.
თანამედროვე ქართული დემოკრატია ჩერნობილის ტრაგედიას მაგონებს. ეს კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. "პერესტროიკა" გამოცხადებული იყო მაშინ, მაგრამ ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ მხოლოდ 2 მაისს თქვეს, პირველი მაისის აღლუმის შემდეგ. ექვსი დღე ავარია არ გამოაცხადეს. იცით რატომ? პირველ მაისს რომ "დიმპიტაური" მოეწყოთ. ამ ექვს დღეში კი ბევრი ადამიანი მოიწამლა.
რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს. წარმოიდგინეთ დათვი, რომელიც ზოოპარკში ზის, გალიაში და ზედ აწერია, ხელს ნუ შეყოფ, თორემ მოგაჭამს - ხედავ ამას და ნუ შეყოფ ხელს. შეყოფ და... რაც მოხდა ვხედავთ, მოგჭამა სამაჩაბლოც და აფხაზეთიც.
პარლამენტში ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს, ყველა მთავრობაში არიან. კი, მაგრამ სულ მართალი როგორ არის ეს ხალხი? ყველა მთავრობაში კარგად იყო და პროტესტი არასოდეს გამოხატო. როგორც ბაზარში თამაშობენ ჭიქებითა და ბურთით ყალთაბანდები, ისე გვითამაშებენ მინისტრებს და ამბობენ, იქ კი კარგი მინისტრი იყო, მაგრამ ახლა მთლად უკეთესი იქნებაო.
_ თქვენი აზრით, სწორია, როცა მსახიობი ან მომღერალი პოლიტიკურ კომეტარებს აკეთებს?
_ აბა რას ვშვები ახლა მე?! უმეტესობა, უფრო მეტად ახალგაზრდები, ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკურ პროცესებს. მაგრამ გვინდა არ გვინდა, ჩვენ, ყველანი პოლიტიკაში ვართ. მაინც და მაინც შენს ნათესავს უნდა დაუნგრიონ სახლი, შენ უნდა ჩაგარტყან თავში, რომ დაინტერესდე რა ხდება ქვეყანაში?! გამოდიან ახალგაზრდა მომღერლები და ამბობენ, პოლიტიკაში არ ვერევიო, მეორე დღეს კი მთავრობის მხარდამჭერ "პაკაზუხა" კონცერტში იღებენ მონაწილეობას. რაც ეს მთავრობა მოვიდა, არც ერთ კონცერტში არ დაუძახიათ ჩემთვის.
_ გინდათ, რომ მიგიწვიონ?
_ რა თქმა უნდა, მინდა და წავალ კიდეც, მაგრამ ჩემს სათქმელს ვიტყვი აუცილებლად. როგორც ჩანს, ამიტომაც არ მეძახიან.
ხალხი იმის გამო კი არ მცნობს, რომ ვუყვარვარ, არამედ იმიტომ, რომ მე მათ სათქმელს ვამბობ. როცა პოლიტიკურ სატირას აკეთებ, უნდა თქვა ის, რაც ხალხს აწუხებს. მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელსაც ხალხის ერთი ნაწილი არ აკრიტიკებს. მსახიობი სწორედ იმ ნაწილში უნდა იყოს, რომელიც აკრიტიკებს. ხალხის სათქმელი უნდა თქვას იუმორისტმა, "გულს უფხანს" ხალხს ეს იუმორი. მე იუმორს კი არა, სატირას ვაკეთებ. ეს სიტყვა, სატირა _ ძალიან ჰგავს სატირალს. მე ამ სატირალს ვამბობ იუმორით.
– თქვენი თაობის ადამიანებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ გული წყდებათ შევარდნაძისა და აბაშიძის დროინდელ საქართველოზე. ამაზე რას იტყვით?
_ ვეტერანები, რომლებიც 9 მაისს ხვდებიან ერთმანეთს, იძახიან, რა კაი დრო იყო, გახსოვს, ომში რომ ვიყავით სანგარშიო... რა იყო კარგი, ომი და უბედურება? ახალგაზრდა იყო მაშინ და იმიტომ არის კარგი მისთვის. ნიკოლოზის დრო სჯობია თუ ახლანდელიო? _ ჰკითხეს მოხუცს. რა თქმა უნდა, ნიკოლოზის, მაშინ ახალგაზრდა ვიყავიო. ესაა მთავარი. როგორ შეიძლება მომწონებოდა ის დრო, ან აბაშიძე, რომლის დროსაც სუნიც არ იყო დემოკრატიის?
შევარდნაძეს სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ იმას იუმორის გრძნობა ჰქონდა. შევარდნაძემ როცა ღირსების ორდენი გადმომცა, იმ დღეს ერთ-ერთ გაზეთში ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა. ჯილდოს რომ მაძლევდა, ვკითხე: თუ გაქვთ გაზეთი წაკითხული-მეთქი. კიო – მიპასუხა, მაგრამ არ ჰქონდა წაკითხული. ინტერვიუში ჟურნალისტი მეკითხებოდა: არ გერიდებათ შევარდნაძე რომ გაჯილდოვებთ, რომელსაც თქვენ მუდმივად აკრიტიკებთო? ვუპასუხე, რა ვქნა, ჩემი პროფესია ესაა, სამაგიეროდ ისე, როგორც ოლღა ბებია, ჩემი ძუძუები ლოცავენ-მეთქი. თქვენ რომ ძუძუები არა გაქვთო? – ჩამეკითხა ჟურნალისტი – რაც მაქვს, იმით ვლოცავ-მეთქი – ვუთხარი.

Wednesday, December 10, 2008

ლევან ვარშალომიძე ისევ მთავრობის თავმჯდომარეა

17 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი _ აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ ლევან ვარშალომიძე დაამტკიცა. იგი ამ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. უმაღლესი საბჭო მომავალ სხდომაზე აჭარის მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, მინისტრების კანდიდატურებს კი საბჭოში ლევან ვარშალომიძე წარადგენს.

ლელა დუმბაძე /ბათუმელები
"კარგი ოჯახიშვილი, ჩვენი თანაქალაქელი, პრინციპული და ლიდერის განსაკუთრებული თვისებების მქონე", _ ეს ის კრიტერიუმებია, რის გამოც დეპუტატებმა ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ დაამტკიცეს.

ლევან ვარშალომიძემ ერთსულოვნებისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიურად ითანამშრომლებს: "არა მარტო უმაღლესი საბჭოს, არამედ თითოეული დეპუტატის გამოძახებაზეც მზად ვარ მოვიდე". მანამდე კი მთავრობის თავმჯდომარე დეპუტატების წინაშე გარკვეული ანგარიშით წარსდგა და აქცენტი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზეც გააკეთა. მისი აზრით, ერთ-ერთი შეცდომა რეგიონში გეოლოგიური დეპარტამენტის გაუქმება და მელიორაციის სამსახურის არარსებობაა.


"რაც გავაკეთეთ, ეს არის ზღვაში წვეთი" _ განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, გასაკეთებელი მეტია. განსაკუთრებული ყურადღება კი სოციალურ სფეროს და დასაქმებას სჭირდება. ვარშალომიძემ მთავრობის მუშაობის წარმატებად ინფრასტრუქტურის განვითარება დაასახელა. მან პირობა დადო, რომ მომავალი ოთხი წელი ხალხის კეთილდღეობაზე იფიქრებს.


სხდომაზე ლევან ვარშალომიძეს სამი კითხვა დაუსვეს. მას რამაზ სურმანიძემ აჭარის მწერალთა კავშირის შენობის საკითხის გარკვევა სთხოვა. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, შეცდომა იყო მწერლებისა და მხატვრების უყურადღებოდ დატოვება და "ამიტომ გამოიყო ბიუჯეტში მათთვის 10-10 ათასი ლარი, რომ ნორმალურად გავნითარდნენ".


საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ეკომიგრანტების პრობლემას შეეხო, ოპოზიციის წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე კი _ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მომავალ ურთიერთობებს.


`ქრისტიან-დემოკრატმა~ ნიაზ ზოსიძემ ლევან ვარშალომიძეს, შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით ზომების მიღება სთხოვა: "ვიცით, რომ შრომის კანონს ჩვენ ვერ შევცვლით და ეს არც თქვენი პრეროგატივაა, მაგრამ გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც კაბალურ პირობებში მუშაობენ ახალგახსნილ ფაბრიკებში". დეპუტატმა ლევან ვარშალომიძეს შეახსენა, რომ "ახლა სისხლიანი ისტორიის გარდა, კაცობის დავთარიც იწერება".


ამ "კაცურ დავთარში" უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, უმრავლესობის იმ ლიდერის მხარდამჭერად შევა, რომელსაც რეგიონის კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაგდებას საყვედურობდა. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი, ვარშალომიძის კანდიდატურის დამტკიცებისას, მის წინააღმდეგ ხმა ორმა დეპუტატმა, "რესპუბლიკელმა", მურმან დუმბაძემ და გია მასალკინმა მისცა.


საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ვარშალომიძის კანდიდატურის არდამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს სხვა ან ისევ ვარშალომიძის კანდიდატურა უნდა წარედგინა. თუ დეპუტატები კვლავ არ დაამტკიცებდნენ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, მაშინ აჭარის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა დაეთხოვა უმაღლესი საბჭო.


უმაღლესი საბჭოს მე-18 წევრს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი, 14 დეკემბერს აირჩევს.


Wednesday, December 3, 2008

საპროტესტო აქცია ქობულეთში


{ეთერ თურაძე/ბათუმელები}
წუხელ, გვიან ღამით, ქობულეთში, გამგეობის შენობასთან პაატა კაიკაციშვილის ნათესავებმა და გულშემატკივრებმა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. მათი პროტესტის მიზეზი 25 წლის პაატა კაიკაციშვილის დაკავება გახდა. კაიკაციშვილი ზურაბ ნოღაიდელის ცოლის დეიდაშვილია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნინო გოგიტიძის თქმით, ”პაატა კაიკაციშვილის ნათესავებმა გაიგეს, რომ გუშინ ქობულეთის სასამართლოს, დაკავებულისთვის ცხრიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯა და მათ სწორედ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას შეუშალეს ხელი”.

ნინო გოგიტიძე ამბობს, რომ ის საქართველოში ახლახან დაბრუნდა, დაკავებულის ნათესავი არ არის, არც ”პოლიტიკა - ნოღაიდელი, სააკაშვილი” აინტერესებს, მაგრამ უსამართლობას ვერ იტანს და ქუჩაში ამიტომ გავიდა: ”დაკავების პირველივე დღეს ორ ორასი ათასის ღირებულების სახლს ითხოვდნენ. მეორე დღეს 200 ათასი ლარი ფულად მოითხოვეს”.

ნოღაიდელის ნათესავები და ნინო გოგიტიძე ამბობენ, რომ, შესაძლოა, დაკავების საფრთხე ემუქრებოდეს ყოფილი პრემიერის ცოლის ძმას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პაატა კაიკაციშვილის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებით მოხდა. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, პაატა კაიკაციშვილი ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო და მას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.