div#header

Friday, August 22, 2008

რუსი სამხედროები სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდებიან

ვიდეომასალა, რომელიც ირაკლი შონიამ მოგვაწოდა ხობიდან, 16.55 წუთზეა გადაღებული

Thursday, August 21, 2008

რუსმა სამხედროებმა ფოთში "საქართველოს ბანკის" ბანკომატი ააფეთქეს






/"ბათუმელები"/
ფოთში, საზღვაო ძალების მთავარ ბაზაზე "საქართველოს ბანკის" ბანკომატი დღეს დილით რუსმა სამხედროებმა ჯერ გატეხეს, შემდეგ კი ააფეთქეს.
თვითმხილველების განცხადებით როცა რუსმა სამხედროებმა ნახეს, რომ ბანკომატში თანხა არ იყო, ააფეთქეს. დაცხირლეს ის საგუშაგო პუნქტიც, სადაც ბანკომატი მდებარეობდა.



Wednesday, August 20, 2008

პაატა ზაქარეიშვილი ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესახებ

"რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს და ექნებათ 10-კილომეტრიან ზონაში მონიტორინგის უფლება", - ექვს პუნქტიანი შეთანხმებაზე "ბათუმელებთან" კომენტირებისას აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადებული სამშვიდობო გეგმას საქართველოს პრეზიდენტმა 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.
ნესტან ცეცხლაძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: 24 საათი

შეთანხმების პუნქტები:
1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.


_ ბატონო პაატა, იქნებ განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს შეთანხმების თითოეული ეს პუნქტი?
_ ამ ექვსი პუნქტიდან მხოლოდ მეხუთე პუნქტია მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ მე-5 მე-6 მუხლები ძალიან კაბალურია საქართველოსთვის და ძალიან შემაშფოთებელი. იძლევა ორმაგი და ბუნდოვანი წაკითხვის საშუალებას და, შესაბამისად, ეს საქართველოს ცუდად მოუბრუნდება. მართლაც სამარცხვინოა ამ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველო.
მეხუთე პუნქტში იგულისხმება ის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის სტატუსის შემუშავებამდე განახორციელებენ სამშვიდობო ოპერაციას. ეს დროებითი პოზიცია შეიძლება სამუდამო იყოს. დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.
_ ცოტათი ბუნდოვანია მე-5 მუხლი. რა იგულისხმება უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელებაში?
_ ძალიან ბუნდოვანია და ბევრ რამეს გულისხმობს. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ უკვე გამოაგზავნა წერილი, სადაც ჩანს რას გულისხმობენ - რუსებს უფლება აქვთ, 10-კილომეტრიან ზოლში განახორციელონ მონიტორინგი. ანუ ეს სცილდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს.
_ ამ 10-კილომეტრიან ზოლში არ ხვდება გორი, არა?
_ და ეს უნდა გვიხაროდეს? სამაგიეროდ ხვდება ქვეყნის ცენტრალური გზატკეცილი. ტრასაზე მუდმივად ვნახავთ რუსულ სამხედროებს რუსული დროშით. თუ არ ვცდები იგოეთი ხვდება…
_ შეთანხმების მე-6 პუნქტი საერთაშორისო დისკუსიების დაწყების შესახებ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე რას ნიშნავს?
_ ძალიან ზოგადია. პირველ ვარიანტში საერთოდ ეწერა სტატუსის შემუშავება, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა. კოსოვოშო მოხდა ასე. სერბეთი გამოთიშეს და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესთავაზეს კოსოვოს სტატუსი. მე ასე წავიკითხავდი ამ პუნქტს, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის პრინციპულობას ამ მუხლის მიმართ. ეს მუხლი იმდენად ზოგადია, შეიძლება კარგიც კი ყოფილიყო საქართველოსთვის, რომ არა რუსეთის პრინციპულობა. ამ მუხლში სულ სხვა რაღაცას დებენ, ვიდრე იკითხება.
_ და რაც შეეხება კოდორის ხეობას?
_ ამ შეთანხმებაში კოდორი არ იგულისხმება. კოდორი სხვა მოვლენაა. 2006 წელს იქ განხორციელდა ოპერაცია, ქართული შენაერთები შევიდნენ და ჩაითვალა, რომ დაირღვა მოსკოვის ხელშეკრულება. ახლა აფხაზებს ჩაუვარდათ ხელში შესაძლებლობა შეექმნათ პირობები, რათა თვითონაც დაერღვიათ მოსკოვის ხელშეკრულება. რაკი ქართველებმა დაარღვიეს, ჩვენც დავარღვევთო და დაიკავეს ტერიტორია. რუსებმა დაბომბეს კოდორი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ ვითომ აფხაზებმა გააკეთეს. აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება, რომელიც უკვე იყო დარღვეული ქართველების მიერ, მათი მოსაზრებით.
_ მაშინ როგორ შეიძლება უზრუნვეყოს საქართველოს მთავრობამ კოდორის უსაფრთხოება?
_ არაფერი, დაკანონდება უკანონობა, ანუ მოგვბაძეს ჩვენ აფხაზებმა, თქვენ სჩადიოდით უკანონობას, რასაც გინდოდათ იმას აკეთებდით და ახლა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდაო. დაირღვა მოსკოვის ხელშეკრულება. უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება, რადგან მოსკოვის ხელშეკრულება ვეღარ იმუშავებს - მოსკოვის ხელშეკრულებით იქ არც ქართველები უნდა იყვნენ და არც აფხაზები. უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება ახალი რეალობებიდან გამომდინარე.
_ საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, ბოლო 2 პუნქტის გათვალისწინებით. თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა დაიკანონა მათი უფლებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მეტი გავლენები. თუ აქამდე დადებული იყო ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის 1992 წელს, დღეს დაიდო რუსეთსა და საფრანგეთს შორის. მათი დოკუმენტია: საფრანგეთმა ხელი მოაწერინა საქართველოს და რუსეთმა - ბაღაფშსა და კოკოითს. ანუ, რანგით ქვემოთ ჩამოვედით, სამწუხაროდ. დოკუმენტში სარკოზის ხელმოწერაა და ქვემოთ სააკაშვილის. დიპლომატიაში ეს ძალიან სერიოზული რამეა. გვერდი-გვერდზე უნდა იყოს ხელმოწერები, თუ თანასწორები არიან. აშკარად ჩანს, რომ სარკოზი სთავაზობს სააკაშვილს რაღაცას. იმათ დოკუმენტში კიდევ რუსები სთავაზობენ ბაღაფშს და კოკოითს რაღაცას. ბაღაფშს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ამ დოკუმენტთან, რატომ მოაწერინა ხელი რუსეთმა არ ვიცი.
_ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე დაბრუნების შესახებ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
_ მოვლენები დამთავრდა. მორჩა. რუსეთმა მიიღო თავისი. რუსეთმა თავისი ულტიმატუმი დაგვიყენა და მიიღო ეს ულტიმატუმი. რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს და ექნებათ 10-კილომეტრიანი ზონაში მონიტორინგის უფლება.

გაქცევის ქრონიკები






მანანა ცეცხლაძე "ბათუმელებთან"ომის პირველი დღესა და თავისი ოჯახის დევნილობაზე საუბრობს. მისი ოჯახი ახლა "კარვების ქალაქშია" შეხიზნული.

ნინო ძანძავა/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: ნინო ძანძავა

მე გორიდან ვარ. ჩემი სახლი სატანკო ბატალიონის წინ დგას. 7 აგვისტოს, ქართული ტანკები იქ იყო განლაგებული. ტანკები პერიოდულად გამოჰყავდათ, ბენზინს ასხამდნენ და ისევ უკან აყენებდნენ. როცა ტანკები მთებიდან უკან ბრუნდებოდნენ, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ ქართული დროშები ააფრიალეს, წავიდნენ და მთელი ღამე ცხინვალის მხარეს ცაზე სროლებს ვხედავდით. ეს ხდებოდა რვაში გამთენიისას. ვერ ვისვენებდი, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და იქიდან გადავცქეროდი, მთელი ღამე არ გვძინია. დილით ბაზარში წავედი, მეთქი რა ხდება გავიგო. ბაზარში როგორც კი მივედი, 15 წუთი არ იყო გასული, ბომბი ჩამოვარდა.
თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავები გვეგონა. გორიჯვართან რომ დაეცა, თქვეს, ეტყობა ჩვენებს ჩამოუვარდათო.

ბაზარში ატყდა აურზაური. ყველაფერი დავყარე, რაც კი ნაყიდი მქონდა. მსხვერპლი არ მინახავს. თქვეს, პერაშკს რომ დაატარებდა, ის ქალი მოკვდაო.
სახლში ვეუბნები, ხალხნო გვბომბავენ-მეთქი. სიცილად არ ეყოთ მეზობლებს. არაო, ქალაქს ვინ დაბომბავსო. რუსეთის ჯარმა ბომბები შეიძლება ისეთ ადგილზე ჩამოყაროს, რომ შეგვაშინოს, მაგრამ დასახლებულ ადგილზე რომ ჩამოაგდოს - ეგ არ არსებობსო.

ჩვენ როცა წამოვედით, დაგვცინოდნენ. ამ დროს ტელევიზორში არაფერს აცხადებდნენ. გამოვედით, ხალხი თბილისისკენ გარბოდა. ჩემი ძმაც იქვე ცხოვრობს. ძმიშვილს ვუთხარი, წამოდით შვილო-მეთქი. რას წამოვალთო, მანქანა ჰყავდათ, რაც იქნება იქნებაო. სულ გრუხუნი ისმოდა, გული მისკდებოდა ისე მივდიოდი.
ცხრაში, დილით, გორში ვაპირებდი წამოსვლას, ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ ჩემი ბინა აფეთქდა. ჩემი ძმა რეზერვში იყო, ძმისშვილები და რძალი კი იქ იყვნენ.
ვერ ვუკავშირდები ვერც ძმას, ვერც ძმიშვილებს და თბილისიდან ჩამოვედი. შიგ ხომ არ მოყვნენ-მეთქი. პატრული არ გვიშვებდა, მაგრამ როგორც იქნა შევედით. ჩემი ძმის ოჯახი სახლში ყოფილა. უნდა ებანავათ, თურმე ონკანი ვერ მოუშვეს ვერაფრით და გარეთ გავიდნენ. ბომბი ჩამოვარდა და მათი მეზობლები დაიხოცნენ. ამბობენ, რომ კორპუსში 17 ადამიანი დაიღუპა. ისეთ დროს ჩამოაგდეს, ხალხს რომ ეძინა. დაჭრილებიც აუარება. ჩემი ძმის სადარბაზო მეორე სართულამდე ჩამოიტანა.
გრუხუნში დავბორიალობდი, ვერ ვიხსენებდი საბუთები სად მქონდა. ტელევიზორი იყო მეორე ოთახში გადავარდნილი, ფანჯრები აღარ იყო.

გული მიგრძნობდა ბაზებს არ დასცხონ-მეთქი. იქ რომ ვცხოვრობდი, ყოველთვის შიში მქონდა რაღაცის... საბედნიეროდ გადავრჩით.
ამბობდნენ, მსხვერპლი არა გვყავსო. 7-ში ღამე დაბომბვის მერე, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. 8-ში დილით ეგეთი მსხვერპლი იყო და მერე რაღა იქნებოდა.
პირველ დღეს 40 კაციაო ამბობდნენ, დაჭრილიც და დაღუპულიც. დაღუპული პირველ დღეს 9-10 არისო, მერე აბა...

ჩემი ქმარი თბილისში მუშაობს და ბინა ჰქონდა ქირით აღებული, ბიჭებთან ერთად. ეს ბიჭები წავიდნენ, ცოლ-შვილი იმათაც გორში ჰყავდათ. ეს ბინა თურმე ლიფტთან ყოფილა და ღამე ერთი სამჯერ წამოვხტი, გვეგონა გვბომბავდნენ. შიში გამომყვა.
ახლა ქირას ვეღარ გადავიხდით, სამუშაო აღარ არის და ვიღა დაგვარჩენდა აბა? გვითხრეს, გვჭირდება ეს ბინაო, წამოვედით და გუშინ აქ მოვედით. სხვა წასასვლელი არ გვაქვს. აქ არის ჩემი სოფლელი ბიჭიც. მე სოფელში, აძვიში მშობლები მყავს.
გუშინ წავიდა მამაჩემი თბილისიდან. აძვიში დედაჩემი იყო მარტო და ფეხით წავიდა. დედაჩემიც, მამაჩემიც პრინციპიანი ხალხია. დაგვხოცონ და ჩვენ სახლში ვიქნებით, არსად წავალთო. ჩვენთან ქართველები და ოსები ძალიან ახლოს არიან. ჩვენს მაღლა არცევი და აძვისთავია (ოსური სოფლები). იმ ხალხს, ჩვენი ოჯახის წევრებად ვთვლით. გუკა, დათო... რა ვიცი, ყველა ისე არიან ჩვენთან, როგორც ერთი ოჯახი. მამაჩემმა და დედაჩემმა თქვეს, ისინი არ გაგვიმეტებენო - ჩვენი ოსები. ჩემმა ძმამ დაურეკა იქ ოსს - რა ხდებაო და ნუ გეშინიათო, ასე უთხრეს.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მათთან. ომი რომ იყო პირველად, ერთმანეთს ვინახავდით. ოსებს არ ვუჭირვებდით, ერთმანეთს მხარში ვედექით. ამ სამ სოფელში ისეთი მარადიორობა არ ხდება, როგორც, მაგალითად, კარალეთში. ესენი უფრო ქართული დასახლებებია. მეჯვრისხევს ღრომი ინახავსო, ჯერჯერობით. ღრომი ოსური სოფელია და ერთად არიან.
რუსებიც რა, ესენი კაზაკები და ჩეჩნები არიან, ფაქტიურად. დედამაც ეგა თქვა, რომ გამოიარეს, ოსები არ იყვნენო.

სანტემ ამოგვიტანა ქვეყანა რაღაცეები, მოსახლეობა ამოდის, აი, ეს (ლეიბი), ოჯახმა მომიტანა, ბავშვი გყავთო. მოსახლეობა მხარში გვიდგას. ძალიან ვებრალებით.
ჰუმანიტარული ტანსაცმელი ჯერ არ მიგვიღია. მოსახლეობამ მოიტანა, მაგრამ ისეთი გამოუსადეგარია, ბალიშად ვიყენებთ, თავი რომ ავიმაღლოთ.

ლეიბები მოიტანეს, მაგრამ ხუთ-ხუთი აიღო ხალხმა, არათანაბრად გაანაწილეს. რაღაცას რომ მოიტანენ, ზედახორაა. ვეუბნები - ხალხნო, პირველ რიგში ბავშვებს მიეცით-მეთქი. ხალხი ძალაობს მაინც. უკვე ისეა დაშინებული, დაპანიკებული.
როცა ვიყავით ვაჟა ფშაველას 20 ნომერში, იწერდნენ უცხოელი ჟურნალისტები, იწერდნენ და გვისვამდნენ კითხვას, ეს ყველაფერი სააკაშვილისგან მოდისო? ვეუბნებოდით, რომ არა.

ბათუმი - თბილისი


ავიარეისი თბილისი-ბათუმი-თბილისი აღსდგა, ფასი გაიზარდა, ფრენის ზუსტი განრიგი კი არ არსებობს.


ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ბათუმელები

რუსი სამხედროების მიერ სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ აჭარაში დარჩენილი დამსვენებლებისთვის შემოვლითი გზის (სამცხე-ჯავახეთი) გარდა, თბილისში დაბრუნებისთვის საჰარეო მიმოსვლა დარჩა.
ბათუმის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენას ამჟამად ორი ქართული ავიაკომპანია _ `საქართველოს ნაციონალური ავიახაზები~ და `აირზენა~ ასრულებენ. რეისები თბილისის მიმართულებით მეოთხე დღეა აღსდგა. თუმცა რეგულარული რეისიები არ არსებობს. ბათუმის აეროპორტში მგზავრები საათობით ელოდებიან ავიაკომპანიებიდან ინფორმაციას ფრენის განრიგის შესახებ.
40 წლის ფატიმა თოდუა ამბობს, რომ აეროპორტში არაფერი იციან: `გაფრინდა ახლა და არ იციან იქნება თუ არა დამატებითი რეისი. პასუხს თბილისიდან ელიან~.
`გვეუბნებია, რომ ერთ საათში ეცოდინებათ, ხვალ გაფრინდება თუ არა `აირზენა~ _ ამბობს ნატო ბეროზაშვილი. კიდევ ერთი მგზავრი, ლელა მარტიროსიანი კი ამბობს, რომ ვერ გაიგო რა ხდება: `დღეს ვიყიდე ბილეთი, გვითხრეს სამის ნახევარზე აფრინდებაო, მოვედი და ვიგებ, რომ ჩვენი ადგილები სხვამ დაიკავა. ბავშვები დასვეს. ჩვენ დავრჩით~.
`გაუგებრობა კი იმან გამოიწვია, რომ თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან კიევში, ახლა შეაკეთებენ და გამოფრინდება~, _ განაცხადა ბათუმის აეროპორტის დირექტორის თანაშემწემ, ნოდარ კაკაბაძემ.
19 აგვისტოს ავიარეისები დაიწყო კომპანია `აირზენამაც~, რომელიც საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე კვირაში ერთხელ ასრულებდა ბათუმი-თბილისი-ბათუმი რეისს და ბილეთი 120 ლარი ღირდა. ახლა ამ კომპანიით ფრენა 160 ლარი ღირს.
`აირზენას~ პრესმდივნის, ნინო გიორგობიანის თქმით, ფასის გაზრდა იმან გამოიწვია, რომ `ეს ჰუმანიტარული რეისია _ უფასოა 7-წლამდე ბავშვების, ინვალიდებისა და ვეტერანებისთვის. ამასთან, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრების რაოდენობა თითქმის არ არის~.
გიორგობიანის თქმით, `აირზენამ~ რეისები ეკონომიკური სამინისტროს თხოვნით დამსვენებელთა გაყვანის მიზნით აღადგინა, მგზავრები ბოინგით გადაჰყავთ და თუ საჭირო იქნება, რეისებს დღესაც განახორციელებს.
`ნაციონალური ავიახაზების ბილეთი 220 ლარი ღირს. ეს ნორმალურია? არანაირი ფასდაკლება არ არის ბავშვზე. ასე როგორ შეიძლება ხალხის გაწვალება? თან არც ინფორმაცია იციან. ზოგი ღამეს ათევს აეროპორტში. ჩემი რვა წლის შვილი დილიდან მშიერია. გუშინაც აქ ვიყავი~, _ ამბობს 38 წლის თეა ცერცვაძე.
`ნაციონალური ავიახაზების~ ბათუმიდან ჩარტერულ რეისზე ბილეთის ფასი მართლაც 220 ლარია. ავიაკომპანიის დირექტორი, გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ფრენები ბათუმიდან ოთხი დღის წინ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თხოვნით განაახლეს: `მესმის, რომ ტარიფი ძვირია, მაგრამ ასეთი შიდა რეისი ძალიან არარენტაბელურია. ეს იყო თხოვნა. თბილისიდან მგზავრი არ არის. ამასთან, შიდა რეისებზე ძალიან მაღალია ხარჯი. უნდა გადავიხადოთ აეროპორტის, საჰაერონავიგაციის, საწვავის ღირებულება. ჩვენ არა ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მე 50 ათასი ლარი გავიღე გორიდან დაზარალებულებისთვის. რაც შეეხება მგზავრს, რომელიც ისვენებს, ამ მგზავრზე აეროპორტი თუ საქაერონავიაგაცია თანხას მთხოვს, საწვავის თანხას ვუხდი `ვისოლისაც~. ჩარჩენილი მგზავრები მარტო მე უნდა მახსოვდეს? მხოლოდ ერთი სტრუქტურა არ უნდა მიაჭყლიტო~.

"ჯარს გენშტაბი კი არა, პოლიტიკოსები სარდლობდნენ"


ინტერვიუ ცხინვალის ბრძოლების ერთ-ერთ მონაწილესთან. ქართული სპეცრაზმის ოფიცერმა `ბათუმელებს~ ანონიმურობის დაცვა სთხოვა.

ემზარ დიასამიძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: 24 საათი

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ომში ბევრი ქართველი სპეცნაზელი დაიღუპა...
_ პირიქით, სპეცნაზელი ყველაზე ცოტა დაგვეღუპა. ეს იყო ქართული ჯარის ყველაზე ძლიერი მხარე. კარგად ორგანიზებულები და მობილიზებულები ვიყავით. საომარი მოქმედებების დროს სპეცნაზი, როგორც წესი, ჯგუფურად არ მოქმედებს. ამიტომაც მათზე შეტევისას დიდი დანაკარგები არ არის. მთელი ამ ოპერაციების დროს, სულ რამდენიმე სპეცნაზელი დავკარგეთ, რასაც სხვა ნაწილებზე ვერ ვიტყვით.
_ ამბობენ, მსხვერპლი ძალზე დიდია. ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით კი 200 კაცზე ნაკლები...
_ ზუსტი რიცხვი ამ დროს არავის ეცოდინება. შეიძლება მსხვერპლი იმაზე მეტი იყოს, რასაც ოფიციალურად ამბობენ, მაგრამ არა იმდენი, რაზეც არაოფიციალურად საუბრობენ.
_ შეიძლებოდა თუ არა ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო?
_ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ჩვენი ჯარისკაცი უშუალო ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილების გამო დაიღუპა. ამასთან, იყო საერთო-ტაქტიკური შეცდომები, რაც ზემოდან მოდიოდა, ანუ ჩვენი ძალები ისეთ წერტილებზე განლაგდნენ, რომ მტრის იოლ სამიზნედ იქცნენ.
_ ამბობენ, რომ ადლიის ბატალიონი სრულად დაიღუპა?
_ ადლიის, ანუ ე.წ. `ობეერის~ ბატალიონი ასეთი სახით არ არსებობს. ამ ბატალიონის ბიჭები სხვადასხვა უწყებებში არიან გადანაწილებულები. რამდენიმე ბრიგადამ მართლაც სერიოზული ზარალი მიიღო, მაგრამ არც იმდენი, რამდენზეც ლაპარაკობენ.
_ რა იყო დამარცხების მიზეზი?
_ თავდაპირველად ჯარისკაცებზე ვიტყვი. ისინი მოტივირებულები და თავდადებულები იყვნენ. ჩვენ სახმელეთო ოპარაციებში რუსები ნამდვილად დავამარცხეთ. მიუხედავად იმისა, რომ მტერი შეირაღებითაც და რიცხოვნებითაც თითქმის ათჯერ მეტი იყო. ჩვენგან რეალურად 6 000 კაცი იბრძოდა, რომელსაც რუსეთმა 60 ათასიანი არმია დაუპირისპირა.
რაც შეეხება შეიარაღებას, აშკარა გახდა, რომ ჰაერი წავაგეთ. ამ მხრივ საჭიროა უფრო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა, მაგრამ რაც გვქონდა, სრულად ისიც ვერ გამოვიყენეთ.
რაც შეეხება სარდლობას, აქ მართლაც სერიოზული პრობლემები იყო. მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ ჯარს პოლიტიკოსები სარდლობდნენ და არა გენშტაბი. გენშტაბს მართვის უფლება მაშინ მისცეს, როცა ომი, ფაქტობრივად, წაგებული გვქონდა.
_ თქვენ ახსენეთ 6000 კაცი, ჯარში გაცილებით მეტი მსახურობს.
_ ძალიან ბევრი ნაწილი მოუმზადებელი აღმოჩნდა. შეცდომა იყო რეზერვისტების გაწვევა და საერთოდ ეს სისტემა. მაგალითად, სენაკში პირველსავე დაბომბვისას რეზერვისტებმა ნაწილი მიატოვეს და გაიფანტნენ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების გამო საქართველომ ძალიან ბევრი შეიარაღება მტერს ჩააბარა. სამწუხარო სიტუაცია განვითარდა კოდორშიც, ჩვენმა ჯარმა, ფაქტობრივად, იქაურობაც უბრძოლველად დატოვა.
_ პოლიტიკოსებმა რა შეცდომები დაუშვეს?
_ ყველაზე დიდი შეცდომა იყო უგულავას გამოსვლა 3-საათიანი მორატორიუმის შესახებ. მაშინ, როცა ჩვენ ჯავის მიდამოებში სერიოზული პოზიციები დავიკავეთ და 58-ე არმიას სერიოზული ზიანი მივაყენეთ, ჩვენი შეჩერება ღალატის ტოლფასი იყო. როკის გვირაბამდე 15 კილომეტრში ვიდექით. სწორედ ამ პერიოდში რუსებმა დიდი ძალა შემოიყვანეს და მათ საომრად განლაგება შეძლეს. ჩვენ ამის მერე გვირაბზე იერიში მივიტანეთ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი საჰაერო დარტყმები მივიღეთ, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარ ვუპასუხეთ. თუმცა ცხინვალიდან ჩვენ დამარცხებულები არ წამოვსულვართ. როცა აშკარა გახდა, რომ დასავლეთ საქართველოში ვითარება ცუდად გვქონდა, ჯარს ბრძანებით დაატოვებინეს ბრძოლის ველი.
_ ავიაციამ ბოლო ეტაპზე მონაწილეობა ვეღარ მიიღო, გაანადგურეს?
_ არა. სამწუხაროდ რუსებმა ასაფრენი ბილიკები დაგვიბომბეს და ისინი ვეღარ აფრინდნენ. თუ რატომ ვერ მოხერხდა აეროპორტების და სხვა სტრატეგიული უბნების დაცვა, ეს სხვა თემაა.
_ თავდაცვის საშუალებები არ იყო?
_ იყო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვერ ან არ გამოიყენეს, თუმცა ეს უფრო გამოძიების პრეროგატივაა.
_ ეს ომი დამარცხებისთვის თითქოს თავიდანვე იყო განწირული, თქვენ რას ფიქრობთ?
_ არა მგონია. რუსეთის არმიის უძლეველობის მითი, ფაქტობრივად, დავამსხვრიეთ. მათ მსოფლიოში საუკეთესო სპეცნაზი ჰყავთ, რომლებიც ქართველებმა ისე გავანადგურეთ, მხოლოდ ერთი დანაკარგი გვაქვს. თუკი დასავლეთი და ამერიკა ანტისარაკეტო ფარის რაკეტებს მოგვცემენ, შესაძლოა ომის მორიგი ეტაპი დაიწყოს. ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთს ნამდვილად დავამრცხებთ.
_ ომის ბოლო პერიოდში არმიაში დეზორგანიზება დაიწყო. ამის მიზეზი რა იყო?
_ დასავლეთ საქართველოში შექმნილმა ვითარებამ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გაჟონვასაც. რუსული ავიაცია სრული სიზუსტით ბომბავდა ჩვენ საარტილერიო დანადგარებს. მაგალითად, გრადის სისტემები, როცა ისვრიან, ტერიტორიას ტოვებენ, ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ამ საქმეზე სერიოზული მოკვლევა უკვე დაიწყო და ათეულობით ადამიანი, რამდენადაც ვიცი, უკვე დაკავებულია.

გამოსავალი - დიპლომატია



ინტერვიუ კავკასიის საკითხებში ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან.

ემზარ დიასამიძე/ გაზეთ ბათუმელები
ფოტო: "24 საათი "

_ რამდენად შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება?
_ ჩვენ კონფლიქტში 8 აგვისტოს ჩაგვითრიეს. შეგვეძლო არ გვეპასუხა საარტილერიო დარტყმისთვის. თუ უკან დავიხევდით, კონფლიქტის გადადებას შევძლებდით, მაგრამ მის დასაწყებად რუსეთი რაღაც მიზეზს მაინც გამონახავდა. კუბის მაგალითს თუ გავიხსენებთ, იქ კინაღამ ბირთვული ომი დაწყო, მაგრამ შესაძლებელი გახდა ამ კონფლიქტის აცილება. რა თქმა უნდა, არსებობს დიპლომატიური გზები, რომლითაც კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა. პრინციპში რუსების გეგმა ომის დაწყებაზე ჩემთვის და ბევრი ექსპერტისთვის ცნობილი იყო. ჩვენ გვქონდა პატარა, მაგრამ სერიოზული შანსი, რომ ეს შეგვეჩერებინა.
_ როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად რამდენად მომგებიან სიტუაციაში ახლა საქართველო?
_ ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს ასეთი პოლიტიკური გათვლა ჰქონოდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ომის წაგება შედარებით ნაკლები დანაკარგებით შეიძლებოდა. რადგან ასეთი კატასტროფა მოხდა, გათვლები მაინდამაინც არ მუშაობდა.
_ როგორ ფიქრობთ, ეს კონფლიქტი რა გზებით შეიძლება მოგვარდეს?
_ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით სერიოზული სკეპტიციზმი მაქვს, არა მგონია ახლო მომავალში მოგვარდეს. ვფიქრობ, გამოსავალი დიპლომატიურ სვლებშია. დასავლეთის უფრო მკაფიო და აგრესიული ქმედებებია საჭირო, რომ მდგომარეობა ჩიხიდან გამოვიდეს. მერე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.
_ ჯერჯერობით რუსეთი არ აპირებს დასავლეთის მოთხოვნების შესრულებას. გაუძლებს თუ არა იგი დასავლეთის წნეხს?
_ ეს წნეხი არ არის. ეს არის განცხადებები და მეტი არაფერი. წნეხი არის, როდესაც არის სანქციები, სამხედრო ან ეკონომიური. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ასე იოლად დანებდება, თუნდაც სატელეფონო საუბრების მეშვეობით დაყანებულ მოთხოვნებს. იგი მხოლოდ ძალის დემონსტრირების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას.
_ რა მოხდებოდა თუ რუსეთი კონფლიქტის ზონას არ გამოსცდებოდა?
_ იგი იქნებოდა აბსოლუტურად გამარჯვებული. ეს ტერიტორიები პრაქტიკულად ჩვენთვის სამუდამოდ დაიკარგებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ არც ერთი არგუმენტი ხელთ არ გვექნებოდა, იმდენად კარგად ჰქონდათ საინფორმაციო პოლიტიკა აგებული. კონფლიქტის საზღვრებს რომ გადმოვიდა, რუსეთმა დაუშვა შეცდომა. ეს მდგომარეობა ჩვენთვის არის ახლა ტრაგიკული, მაგრამ სინამდვილეში რუსეთისთვის ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. ეს მათი მხრიდან შეცდომა იყო.
_ რა იყო ამ შეცდომის მიზეზი?
_ ეს იყო პუტინის ახირება, პირად დამოკიდებულებაზე აგებული გადაწყვეტილება. როცა პოლიტიკაში პირადი გადაწყვეტილებები საქვეყნო ინტერესებზე მაღლა დგება, ის უკვე წამგებიან მდგომარეობაში გაყენებს.
_ ვრცელდება ინფორმაციები, რომ ასეთი ახირებები ქართული მხრიდანაც იყო.
_ ამაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ოპერაციებში ჩართული არ ვყოფილვარ. პირველ დღენახევარში ქართულმა არმიამ თავისი სამხედრო სული და პროფესიონალიზმი გამოავლინა, მაგრამ ვერავინ ამიხსნა, თუ რატომ არ იყო ეს არმია დაცული ჰაერიდან, როდესაც ამბობდნენ, რომ ამდენი ფული დაიხარჯა შეიარაღებაში. აქედან გამომდინარე, მე შეიძლება ვილაპარაკო კონკრეტული პირების მართვის სტილზე და არაპროფესიონალიზმზე. მე უმცროს სამხედრო ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან უამრავი პირადი გმირობის მაგალითი ვიცი. წარმოგიდგენიათ, რომ `უდაბნოს ქარიშხლის~ ოპერაციის დროს შვარცკოფი დაეჭრათ და მას მარტოს, პისტოლით ხელში, უმისამართოდ ერბინა?! ცხინვალის მისადგომებთან განადგურდა 58-ე არმიის შტაბი და მათი ხელმძღვანელი გენერალი ხულევი დაიჭრა.
_ რა შანსები აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?
_ ამ წუთში ამაზე საუბარი რთულია. ჯერ საომარი მოქმდებები უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი ძალიან ეფემერულია. ჯარები აქედან უნდა გავიდნენ. მერე საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე რუსეთის გარდა. ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, როგორ აღვადგინოთ მდგომარეობა ქვეყანაში და ვილაპარაკოთ ტერიტორიების დაბრუნებაზე.
_ თბილისში რომ გამართულიყო ხელისუფლების საწინააღმდეგო თუნდაც 200-კაციანი აქცია, მაშინ რა შეიძლება მომხდარიყო?
_ მაშინ რუსების ტანკები თბილისში იქნებოდა. რუსი ოფიცრების სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში. ისინი სამეგრელოში მუშაობენ თემაზე, რომ მეგრელები ქართველები არ არიან. ისინი მიიწევენ ახალქალაქისკენ, ურეკავენ ყოფილ კონტრაქტორებს. ეს არის რუსული აგრესიის პოლიტიკური ნაწილი.
მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, ვინც ამ მდგომარეობაში მიიყვანა ქვეყანა. ვინც გვატყუებდა წლების განმავლობაში, რომ ჩვენ თავდაცვისუნარიანობა ისეთი გვქონდა, რომ არავის არ გავაჭაჭანებდით.
_ საქართველოს მოსახლეობა კონფლიქტის დროს ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა?
_ ქართულ მხარეს დაგეგმილი ამ მხრივაც არაფერი ჰქონია. ეს იყო ისევ და ისევ არაკვალიფიციური მუშაობა, სურვილი მოსახლეობისთვის რეალური მდგომარეობის დამალვისა, რამაც გამოიღო უკუშედეგი. ხალხი ჭორებითა და რუსული ტელეარხებით აპელირებდა. ეს კიდევ უფრო მეტ პანიკას და უბედურებას თესდა.
_ და ბოლოს, თქვენი აზრით, ამ კონფლიქტის ესკალაციაში ვინაა უფრო მეტად დამნაშავე?
_ მე აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ვფლობ, რაც ომის დაწყებას უკავშირდება. ოსურ საარტილერიო ცეცხლს უპასუხა ქართულმა არტილერიამ. ხშირად ისმის დასავლეთიდან, რომ რუსეთის მხრიდან არ იყო ადეკვატური პასუხი, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან ისინი ცდილობდნენ ომში ჩავეთრიეთ. ასევე ჩვენის მხრიდან ოსური არტილერიის ცეცხლზე არ იყო ადეკვატური პასუხი. არ იყო საჭირო გრადების გამოყენება.

როგორ გადაურჩა ბათუმი რუსულ ბომბებს



8 აგვისტოს, ბათუმში ხმა გავრცელდა, რომ რუსული თვითმფრინავები ბათუმის პორტსა და ხელვაჩაურის სამხედრო ბაზას დაბომბავდნენ. ქალაქი პანიკამ მოიცვა, მაღაზიის დახლებიდან უეცრად გაქრა პური, ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა და ერთმანეთს უყვებოდნენ, რომ `სარწმუნო წყაროებიდან~ იცოდნენ, რომ ბათუმის დაბომბვა იგეგმებოდა. საღამოს საათებში ქალაქი აბსოლუტურმა წყვდიადმა მოიცვა. ჩააქრეს ქუჩის განათებები, ბანერები, სხვადასხვა ფერად განათებული სახლები. ღამის ეთერში რეგიონალური ტელევიზიით ბათუმის მერი და მთავრობის თავმჯდომარეც გამოვიდნენ და ხალხს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, თუმცა დაბომბვის შიში მათი ეკრანზე გამოჩენით არ გამქრალა.
ნანა კვაჭაძე/ გაზეთი ბათუმელები
ფოტო: ნესტან ცეცხლაძე. ბათუმში გამართული საპროტესტო აქციიდან

საბედნიეროდ, ბათუმი დაბომბვას გადაურჩა. ხელვაჩაურში რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ჭურვი ჩამოყარეს, მაგრამ მოსახლეობა არ დაშავებულა. ბათუმის მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კონკრეტული წყარო უცნობია, ამ თემაზე საზოგადოებასა და ექსპერტებს სხვადასხვა აზრი აქვთ. ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე, რომელმაც 8 აგვისტოს მიმართა ბათუმის მოსახლეობას და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ამბობს, რომ ამ ჭორსა თუ მართალს თავისი საფუძველი ჰქონდა: `რუსული მხარის მოქმედება არავითარ ჩარჩოს არ ექვემდებარებოდა და აქედან გამომდინარე რამდენად რეალურად არსებობდა ბათუმის დაბომბვის საფრთხე, ცოტა რთულია. ამ დღეებში რაც ხდებოდა, არ ექვემდებარება არავითარ ლოგიკას. საიდან გავრცელდა ეს ჭორი, ძნელი სათქმელია. ხალხი ამ დღეებში ბევრ რამეზე საუბრობდა, ზოგმა მახინჯაურის გვირაბშიც კი დაინახა ტანკი~.

ბათუმში ომის ცხელ დღეებში საუბრობდნენ, რომ რუსეთის აგრესია ბათუმს ვერ შეეხებოდა, ამ მოსაზრებას საზოგადოების ერთი ნაწილი 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით ამყარებდა, რომელიც ბათუმის სამხედრო ხელშეუხებლობას ითვალისწინებს. 1921 წლის ხელშეკრულება დღემდე არ არის გაუქმებული, თუმცა მისით თურქულ მხარეს არასოდეს უსარგებლია. ქართულ-თურქული ურთიერთობების სპეციალისტ, ისტორიკოს ზაზა შაშიკაძის განცხადებით, ეს ხელშეკრულება მოძველებულია, მაგრამ თეორიულად მისი ამოქმედება შესაძლებელია.

გარდა წინა საუკუნეში დადებული ხელშეკრულებისა, ბათუმის ხელშეუხებლობის არგუმენტად თურქეთის, როგორც ევროატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის სიახლოვე მოჰყავდათ.

`ნატოს~ საკითხების ექპერტის, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ნატოს წესდებაში არ არის აღნიშნული, რომ ნატო შეიძლება ჩაერთოს კონფლიქტში, თუკი საომარი მოქმედებები მისი წევრი ქვეყნის საზღვართან მიმდინარეობს. ევროატლანტიკური ალიანსი საბრძოლო მოქმედებაში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ნატოს წევრი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე, თუმცა ნიკა ჩიტაძის განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს: `ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩათვლის თუ არა საჭიროდ საომარ მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა. ავღანეთში ნატომ ეს საჭიროდ ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ ავღანათი ბევრად შორს არის ევროატლანტიკური რეგიონიდან. არ არის გამორიცხული, ნატომ საქართველოში გარკვეული სამშვიდობო მისია განახორციელოს, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია~.
იმ შემთხვევაში, თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოს საზღვართან მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რაც საფრთხეს უქმნის ალიანსის წევრ ქვეყანას, შესაძლებელია მეოთხე მუხლის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ნატო აწარმოებს მოლაპარაკებას თავის წევრ ქვეყანებთან და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში სამხედრო ძალების უშუალო გამოყენებაზე საუბარი არ არის.

"გვირაბის აფეთქება შეუძლებელი იყო"


ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, გენერალ გია ყარყარაშვილთან

ემზარ დიასამიძე/გაზეთი ბათუმელები
ფოტო: 24 საათი

_ როგორ შეაფასებთ ქართული ჯარის მოქმედებას კონფლიქტის დროს?! შედეგი გარდაუვალი იყო თუ შეიძლებოდა სხვა მდგომარეობა ყოფილიყო?
_ შეფასებების გაკეთების დრო ჯერ კიდევ არ არის. ყველაფერს შესწავლა უნდა... რაც შეეხება შედეგებს, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სხვა, უკეთესი შედეგის მიღება.
_ რამდენად გამართლებული იყო სამსაათიანი მორატორიუმის გამოცხადება?
_ სხვაა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და სხვაა საბრძოლო მოქმედებების დროს არსებული ვითარება. ომის დროს საგანგებო ვითარებაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაციის მიღება. ჩვენ რაც ვიცით მორატორიუმის შესახებ, ეს იყო საინფორმაციო პოლიტიკა და არა რეალობა.
_ რა მოხდა როკის გვირაბთან, რატომ ვერ მოხერხდა მისი ჩახერგვა ან აფეთქება?
_ გვირაბის აფეთქება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს საკითხი ჯერ კიდევ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს იქნა შესწავლილი. ის ბომბებით ვერ აფეთქდება. საჭიროა მასთან მისვლა, გვირაბის კედლების გაბურღვა და შიგ ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადება.
_ რამდენად მზად იყო ქართული არმია ცხინვალის კონფლიქტის წარმატებით მოსაგვარებლად?
_ მე ვთვლი, რომ ხელსაყრელი პირობა იყო.
_ ომის დასაწყისში ამბობდით, რომ ქართული არმიის სტრატეგია სწორი იყო...
_ შემიძლია იგივე გავიმეორო. ის, რომ ეს ნაბიჯი ოდესღაც უნდა გადადგმულიყო, ამაში ახლაც დარწმუნებული ვარ. მუდმივად გეუბნებიან, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვარეთ კონფლიქტი, მაგრამ მოწინააღმდეგე რეალურად არ მოდის დიალოგზე. ამავდროულად ვიცით ვინ დგას მის უკან. საჭირო იყო სხვა მეთოდების გამოყენება. ეს მეთოდები არის პოლიტიკური, სამხედრო, იდეოლოგიური. სამხედრო გზით ცეცხლის შეწვეტის იძულება კარგად იყო ახსნილი როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე მოწინააღმდეგისთვის. შემდეგ რა მოხდა, ეს უკვე ოპერატიული ხელოვნების საგანი და მოქმედების ტაქტიკაა. ამაზე მოგვიანებით შემეძლება ლაპარაკი, როდესაც ყველაფერი დასრულდება.
_ როგორი იყო გენერალური შტაბის მოქმედება. ამბობენ, რომ უკან დახევის დროს არაორგანიზებულად მოქმედებდნენ.
_ ამბობენ. მეც ასე ვიგებ. არა მარტო უკან დახევის დროს, არამედ წინ სვლის დროსაც.
_ რა მოხდა გორთან, ფაქტობრივად ქართული არმია იქ დაიშალა.
_ როცა სტრატეგია შევაფასე, მე მაშინ ვთქვი, რომ მთავარია არა შეტევის ორგანიზება, არამედ რამდენად არის ოპერაციის დასასრული განსაზღვრული, რამდენად იციან როგორ უნდა დაასრულონ ოპერაცია. სამწუხაროდ, ქართულ მხარეს სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი ოპერაციის დასრულების ვარიანტი.
_ 58-ე არმიის შემოსვლით კონფლიქტში რუსეთი აშკარად ჩაერთო. რამდენად მართებული იყო ამ არმიაზე შეტევა?
_ ორი თვის წინ მქონდა საუბარი ერთ-ერთ მაღალი რანგის სამხედრო პირთან ამ თემაზე. როგორც აღმოჩნდა, მოვლენების განვითარების შეფასებისას ან ზედმეტად თვითდაჯერებულობა იყო რუსეთის სავარაუდო მოქმედებებზე, ან საერთოდ უგულვებელყოფილი იყო ეს ფაქტორი. რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელი იყო რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, თუ სწორად განსაზღვრავ, ბრძოლა რუსების წინააღმდეგაც შეიძლება.
_ რა ძალები იქნა მიმართული ცხინვალისაკენ, რატომ მოხდა რომ საქართველოს სხვა ტერიტორიები დაუცველი აღმოჩნდა?
_ მთავარი ამოცანის შესრულებისას, ოპერატიული ვითარება მოითხოვს ძალების მობილიზებას მთავარი დარტყმის მიმართულებით. მე როცა 15 წლის წინ ოპერაცია დავიწყე ამ რეგიონში, მთავარი დარტყმის მიმართულებად ქალაქი ცხინვალი არ ამიღია. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ თავი ავარიდე რუსეთთან დაპირისპირებას, მით უმეტს, რომ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი არ მქონდა. სტრატეგიულ სიმაღლეებს დავარტყი და ამით მოწინააღმდეგე ვაიძულე ბევრ დათმობაზე წასულიყო. მაშინ, 25 წლის ბიჭმა, ასე განვსაზღვრე, მერჩივნა სიმააღლეებზე ავსულიყავი, ვიდრე ქვაბულში (ცხინვალში) ჩავსულიყავი. მიმაჩნია, რომ მთავარი დარტყმის მიმართულებად ცხინვალი არც ახლა უნდა აღებულიყო.
_ ამბობენ, ყველაზე დიდი დანაკარგი ქართულ ჯარს სწორედ ცხინვალთან ჰქონდა. ხომ არ გაქვთ მონაცემები დანაკარგებზე?
_ ერთის მხრივ საზოგადოებიდან მესმის, რომ დანაკარგი ძალიან დიდია. მეორე მხრივ, რასაც ოფიციალურად გვიდასტურებენ, მათ შორის სამხედრო წრეებში, ჯერჯერობით, დიდი ციფრი არ სახელდება. ეს ისეთი საკითხია, რომელიც არ დაიმალება.
_ ქართულ ავიაციაზე რას იტყვით, რატომ გაუჩინარდა კონფლიქტის დღეებში?
_ ბოლოს, სამწუხაროდ, ბევრი რამე გამოჩნდა. დასაწყისში ჩვენ წარმატებით დავიკავეთ რამდენიმე სოფელი. რეალურად ქართული არმია პირისპირ შეეჩეხა მასზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს. ამას არ ელოდა. აი, ეს გამოჩნდა.

ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები აჭარიდან:

ედნარ დიასამიძე _ ქობულეთი, დაბა ჩაქვი;
რაულ მჟავანაძე _ ქობულეთი, სოფელი ლეღვა;
ამირან შაინიძე _ ქობულეთი, დაბა ოჩხამური;
ვაჟა შაინიძე _ ქობულეთი, დაბა ოჩხამური;
ომარ ასლანიძე _ ქობულეთი, დაბა ოჩხამური;
გიორგი შაინიძე _ ქობულეთი, დაბა ოჩხამური;
ავთანდილ ქამაშიძე _ ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი;
ამირან მამულაძე _ შუახევი, სოფელი ბარათაული;
მერაბ ჭელიძე _ ხულო, სოფელი ირემაძეები;
ნადიმ ართმელაძე _ ხულო, სოფელი ბეღლეთი;
ფრიდონ თურმანიძე _ ქედა, სოფელი მერისი.

აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 19 აგვისტოს ინფორმაციით, ეს იმ ჯარისკაცთა ჩამონათვალია, რომელთა ცხედრები ოჯახებში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
აჭარაში მცხოვრები სხვა ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დანაღმული და დაცარიელებული ქალაქი

თედო ჯორბენაძე/ გაზეთი ბათუმელები


`ბათუმელები~ დაუკავშირდა `ხალხის გაზეთის~ რედაქტორს, რეზო ოქრუაშვილს, რომელმაც ქალაქი გორი მხოლოდ გუშინ დატოვა:
გორში ათასობით დევნილის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რუსების მიერ ქალაქში შესასვლელი ყველა გზა დღემდე ჩაკეტილია და იქ არავის უშვებენ, მითუმეტეს მოქალაქეებს. მე წუხელ გამოვედი იქედან. რომ არ გავაზვიადო სიტუაცია, ქალაქში სიმშვიდეა. დღესაც დამირეკა იქ დარჩენილმა ახლობელმა და მითხრა, რომ მშვიდი ღამე იყო. რაიმე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. გორის დაბომბვისა და რუსი ჯარისკაცების შემოსვლის შემდეგ ქალაქი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, ფაქტობრივად, დაიცალა. ჩანდა, რომ ვიყავით მხოლოდ 100-200 ადამიანი. როგორც კი ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს, ხალხი გამოჩნდა. არ ვიცი სად იყვნენ. ალბათ, სარდაფებიდან ამოვიდნენ. ამასთან, არის გორს გადაბმული სოფლები. ხალხი ამ სოფლებშიც იყო გადასული. ტრანსპორტით ვერა, მაგრამ ფეხით გადი-გამოდიან. იქ სახლები აქვს უმეტესობას. როცა ნახეს, რომ გორში სერიოზული მაროდიორობა აღარ იყო, ქალაქში დარჩნენ~.
მაროდიორობა
ესაა, რომ მასობრივად მიდის მაროდიორობა სოფლებში. 50-60 სოფელი იქნება გორსა და ცხინვალს შორის... შიგ გორში ნაკლებად, თუმცა თავად შევესწარი, როცა ერთ საათში ქალაქიდან 7-8 მანქანა გაიტანეს. რუსის ჯარმა კი... მართალია, არ მინდა ახლა დაკონკრეტება, მაგრამ... ძირითადად, ოფიციალური სტრუქტურების შენობები, სამხედრო ნაწილები გაძარცვა. რისი წაღებაც შეიძლებოდა _ ჩასაცმელიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული _ ყველაფერი წაიღეს, თუმცა არა მოსახლეობიდან~. დაბომბვის დღიდან ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში არ იმყოფებოდა. მოსახლეობა რუსებს იქეთ ვეხვეწებოდით, პოსტები დაეკავებინათ, მაროდიორები რომ არ შემოსულიყვნენ.
`ბევრი დაღუპული~
დაღუპულების შესახებ კონკრეტული რიცხვის დასახელება შეუძლებელია. მითუმეტეს, როცა უამრავი სოფლიდან ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. მსხვერპლი არის, მაგრამ რაოდენობის შესახებ, ამ ეტაპზე, მიახლოებითაც ვერავინ ვერაფერს იტყვის. გორის ჰოსპიტალში, სანამ იგი ფუნქციონირებდა, 1000 კაცზე მეტი იყო დაჭრილი, ძირითადად, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც შემდეგ თბილისში გადაიყვანეს. ამ რაოდენობით დაჭრილების რეგისტრაციის მიხედვით (რა თქმა უნდა, იმათი, რომელთა გამოყვანაც მოხერხდა. არიან დაჭრილები, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან ვერ გამოიყვანეს) თუ ვივარაუდებთ, ბევრი იქნება დაღუპული. როგორც მიღებულია, დაჭრილთა რაოდენობის 30-40 პროცენტი უნდა იგულისხმო რომ დაღუპულია. ეს მარტო გორის ჰოსპიტალის მაგალითზე.
`ძალიან ბევრი~ ცხედარი
ამჟამად გორისა და ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან ეტაპობრივად, მიცვალებულთა ცხედრები უმნიშვნელო რაოდენობით გამოაქვთ. ამ კუთხით ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთან კონტაქტის საშუალებასაც გორში მყოფ მოსახლეობას და ჟურნალისტებს არ აძლევენ.გუშინაც, გორში ეკლესიის წინ ვიდექი და გამოიარეს მანქანებმა, რომელშიც ქალები აირწინაღებით ისხდნენ... გასაგები იყო, რომ გვამები გადმოჰქონდათ. ამბობენ, რომ არის ძალიან ბევრი გვამი და ვერ გამოაქვთ, თუმცა, კონკრეტულად, არავინ არაფერს გვეუბნება. გორშიც კი, იმ დროს დაღუპულები, როცა ბომბები ჩამოაგდეს, დღემდე რჩებიან ნანგრევებში... თუმცა რაღაც ნაწილი დასახიჩრებული გვამებისა აკრიფეს. მეც იქ ვიყავი _ ბავშვის გვამიც იყო, გოგოს ფეხი, ქალის ტანის ნაწილი... რუსების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გვამების გამოტანის პროცესი ფაქტობრივად შეუმჩნეველია. ამის მთავარი მიზეზი რუსი სამხედროებია. რაღაც ადგილამდე თუ მიგიყვანენ, თან მოგსდევენ სამხედროები, მეტ გასაქანს არ გაძლევენ... არადა, ერთ ადგილას ხომ არ იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები, დაფანტულები იყვნენ სოფლებში, სხვადასხვა ადგილებში. ამიტომ ცხედრების შესახებ ინფორმაცია მწირია... სრული სურათის შექმნა ამ ეტაპზე რთულია, საამისოდ სერიოზული სამუშაოს ჩატარება და ადგილებზე მიღებული ინფორმაციების თავმოყრაა საჭირო~.
`შეშინებული~ რუსები
რუსი ჯარისკაცები, რომლებიც პოსტებზე დგანან, იქეთ ეხვეწებიან ქართველებს, არაფერი დაგვიშავოთო. ეტყობა, რაღაც იდეოლოგიაა. ისე დამუშავებულნი არიან, რომ ჰგონიათ კაცისმჭამელები ვართ. დიდი პროპაგანდა გაწიეს ეტყობა და რუს ჯარისკაცებს დააჯერეს, რომ ჩვენ, ქართველები, სისხლისმხსმელები ვართ... რუსები, რომლებიც დგანან ამ პოსტებზე, რაღაცნაირად შეშინებულები იყურებიან.
ქართველ ტყვეებს ცხინვალში ამუშავებენ
გორში დარჩენილ მოსახლეობაში ინფორმაცია ქართველი ტყვეების შესახებაც მწირია. თუმცა, როგორც მითხრეს, ცხინვალში ქართველ ტყვეებს ამუშავებენ მიცვალებულების გატანაზე. ოსები და რუსები აცხადებენ, თითქოსდა ეს ხალხი დაქირავებულია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები ქართველი ტყვეები არიან _ ჩვენი ხალხი, რომლებსაც ცხინვალის დასუფთავებაზე ამუშავებენ. უცხოელებსაც არ მისცეს ამ ხალხთან დაკონტაქტების საშუალება.
კონტაქტი რუსებთან
გორში რუს სამხედროებსა და იქ დარჩენილ მოქალაქეებს შორის ურთიერთობა გართულებული არ არის. ჯარისკაცები მაღაზიაშიც იყვნენ შემოსულები (კანტი-კუნტად რაღაც მარკეტები მუშაობს), წვენი უნდოდათ ორი ბოთლი და თანხას იხდიდნენ. არ გადაახდევინა გამყიდველმა. რუს ჯარისკაცებს არაყს, ღვინოს მიუტანენ პოსტებზე და არიან თავისთვის. ის ორი გენერალიც, რომლებიც გორში სიტუაციას აკონტროლებენ, კონტაქტურები არიან. ეკლესიაშიც კი შემოვიდნენ წირვაზე, სადაც, რა თქმა უნდა, თავის ენაზე ლოცულობდნენ. ისიც გვითხრეს, 12 მაროდიორი გვყავს დაჭერილი და ვის ჩავაბაროთ, სად არის თქვენი ხელისუფლებაო. გენერლების თქმით, ოთხი დაკავებული ქართველია, დანარჩენების ეროვნებას კი, თურმე, ვერ არკვევენ.
გორის გზაზე
რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, საომარ მზადყოფნაში არიან, საბრძოლო პოზიციები უკავიათ, გათხრილი აქვთ სანგრები... ქალაქის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია კიდეც. ჯარისკაცები `მასკიროვკას~ რომ იკეთებენ ხის ტოტებით, რაღაც ასე არიან მოფენილები _ გორის შესასვლელიდან იგოეთამდე, მთელს ფერდობზე დგას ტანკები, თავად კი გაწოლილები არიან მინდორში, ისე რომ გეგონება ომის დაწყებას ელიანო. ეტყობა, მეთაურები ცდილობენ, რომ ეს ჯარისკაცები ფხიზლად ამყოფონ. გუშინ, როცა გამოვდიოდი ღამით ქალაქიდან, გორიდან იგოეთის ჩათვლით, 20 საგუშაგო მაინცაა რუსების. ყველგან გვაჩერებდნენ და ბოდიშის მოხდით გვეუბნებოდნენ, _ ბრძანება გვაქვს ასეთი, საბარგული უნდა გავჩხრიკოთო.