div#header

Wednesday, October 15, 2008

კოდორიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს აპატიმრებენ

{ბათუმელები}
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა, ზვიად შანიძემ 10 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 51-ე ბატალიონის ჯარისკაცები: შოთა ჯაფარიძე (22 წლის), ზურაბ ბერიძე, გოჩა ფუტკარაძე (24 წლის), გოჩა დიასამიძე (20 წლის), ვახტანგ გოგუაშვილი, რამაზ გოგუაძე, გელა ქარდავა, რომან ტაკიძე, იაგო გოგაძე და გელა შეწირული (25 წლის) მიიყვანა. ჯარისკაცებს, რომლებიც მეხუთე ბრიგადის წევრები არიან, ერთი დღით ნაწილის მიტოვებაში ედებათ ბრალი.

მოსამართლე დავით გელაშვილმა ნაწილის ერთი დღით მიტოვების მიზეზი იკითხა: ”ყველა ერთად რომ წახვედით, შეთქმულება მოაწყვეთ?”. პასუხი შანიძემ გასცა: ”ეს რაა, სასამართლოში ნაწილის მიტოვებისთვის კიდევ ბევრი მოვა”.

`არეული იყო სიტუაცია, ვისთვის რა მეკითხა~, _ აღნიშნა შოთა ჯაფარიძემ. ზაურ ბერიძემ მიზეზად ახლობლის გასვენებაში წასვლა დაასახელა: `მითხრეს, რამდენიმე დღეში გაგიშვებთო. რამდენიმე დღეში დაკრძალული დამხვდებოდა, ამიტომ დაუკითხავად წავედი, ნაწილში მეორე დღესვე დავბრუნდი~.

იმ დღეს ქობულეთელი გოჩა დიასამიძეც სახლში წავიდა, გოგუაშვილს შვილის ავადმყოფობა შეატყობინეს, გელა ქარდავას თქმით კი, `გარადოკის~ სამხედრო ნაწილში განუკითხაობა იყო და მესამე ბრიგადაში გადაწყვიტა წასვლა. შუახევის რაიონის სოფელ ზვარეს მკვიდრი, რომან ტაკიძე მოსამართლეს არწმუნებდა, რომ სამხედრო ნაწილში `ვინ სად იყო და რას აკეთებდა, ვერავინ იგებდა~.

რომან ტაკიძემ კოდორში შვიდი თვე იმსახურა. საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ოჯახს დიდ ხანს ვერ უკავშირდებოდა, 17 აგვისტოს გადაწყვიტა მშობლებისთვის დაერეკა და თავისი ადგილსამყოფელი ეცნობებინა. `მშობლები შვიდი თვის უნახავი მყავდა, ომის დროს მკვდარი ვიყავი თუ ცოცხალი არ იცოდნენ, გადატვირთული იყო სატელეფონო ქსელი და ოჯახთან დაკავშირება დიდ ხანს ვერ მოვახერხე. მერე გაიგეს, რომ ბათუმში ვიყავი და რაიონიდან ჩამოვიდნენ, რამდენიმე საათი მათთან გავატარე. სწორედ ამ დროს მოხდა აღრიცხვა და შარშიც გავეხვიე~, _ განაცხადა ტაკიძემ.

მოსამართლე გელაშვილმა მათ ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯარისკაცები ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს ჰოლში აპროტესტებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ კოდორის შემდეგ ამას არ იმსახურებდნენ.
ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი 17 აგვისტოს მიატოვეს, 18-ში კი ისევ ადგილზე გამოცხადდნენ.


სახალხო დამცველი მკაცრ რეჟიმში მყოფ პატიმრების შესახებ

{ნათია როყვა/ბათუმელები}
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ყოველდღიური გასეირნების უფლების დაცვა მოითხოვა.

სახალხო დამცველის რწმუნებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში მონიტორინგისას გაირკვა, რომ დაწესებულებაში ყოველდღიური გასეირნების უფლებით მხოლოდ უვადო თავისუფლებააღკვეთილი და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულები სარგებლობენ. სხვა პატიმრებს მხოლოდ სამ დღეში ერთხელ ეძლევათ სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება.

დაწესებულების დირექტორის, დავით მარგებაძის განმარტებით, მსჯავრდებულებს ყოველდღიურად ვერ ასეირნებენ, რადგან თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ და აღნიშნულ პრობლემას კადრების შევსება თუ გადაჭრის.

`პატიმრობის შესახებ~ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის `ბ~ პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ყოველდღიური ორსაათიანი გასეირნებით. ამავე კანონის მე-80 მუხლის „ბ“ პუნქტით, მკაცრ რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ისარგებლონ ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნებით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ციხის ევროპული წესების შესახებ მიღებული რეკომენდაციის 86-ე პრინციპის მიხედვით, „ყველა პატიმარს, რომელიც არ არის დასაქმებული გარე სამუშაოზე, ან განთავსებული ღია დაწესებულებაში, ნება უნდა დაერთოს, ყოველდღიურად, მინიმუმ ერთი საათი ისეირნოს ან ივარჯიშოს ღია ცის ქვეშ, თუ ამის შესაძლებლობას ამინდი იძლევა. თუკი არა, ეს უნდა განხორციელდეს გადახურულ ტერიტორიაზე“.

ამდენად, პატიმრის გასეირნების უფლება აღიარებულია, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო დოკუმენტებით. შესაბამისად, იგი დაცული უნდა იყოს სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულებაში.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბაჩო ახალაიას საკითხის შესწავლისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციით მიმართა.

გიორგი თავდგირიძე: თავდაცვის მინისტრი უნდა გადადგეს

ომის წაგების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი, საქართველოშიც აუცილებლად უნდა გადადგეს, მიაჩნია სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორს, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს (მან სამხედრო განათლება ევროპაში მიიღო), რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დააკავეს და მის პირად პატიმარსაც უწოდებდნენ.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

თავდგირიძის თქმით, ხელისუფლებას დავით კეზერაშვილისთვის მარტო კითხვები კი არ უნდა დაესვა, არამედ უნდა დაეწყო გამოძიება და არა მხოლოდ საპარლამენტო დონეზე. `თუმცა, ამ ომში, კეზერაშვილი ყველაზე ნაკლებ დამნაშავედ მიმაჩნია. არა იმიტომ, რომ მას შეცდომები არ დაუშვია, არამედ იმიტომ, რომ ის არაფერს წარმოადგენს. როცა სამხედრო ოპერაცია წარუმატებელია, იქ პასუხს უმაღლესი მთავარსარდალი აგებს, რადგან არსებული სამხედრო სისტემა მან შექმნა~, _ ამბობს გიორგი თავდგირიძე.

თავდგირიძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეროგატივა იყო გენერალური შტაბის უფროსის შერჩევა, `მან კი პოლიციელი შეარჩია, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროცესები ნორმალურად არ წავიდოდა. ზაზა გოგავა არის ჩვეულებრივი პოლიციელი, მას ჯარში არ უმსახურია. არც მის მოადგილე ტატიშვილს აქვს სამხედრო გამოცდილება~.

ომის შემდეგ ბევრი სამხედრო პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თავდაცვის მინისტრისთვის კი არავის არაფერი უკითხავს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ. ომის პერიოდში და ცოტა მოგვიანებითაც დავით კეზერაშვილმა ერთი დასამახსოვრებელი რამ თქვა _ თურმე რუსეთის ქმედება ქართული მხარისთვის მოულოდნელი იყო. და კიდევ, კეზერაშვილი ომში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვაზეც ჩნდებოდა.

გიორგი თავდგირიძის აზრით, `თავდაცვის მინისტრი ისე მოიქცა, როგორც პარტიამ უბრძანა. ეს სისტემის პრობლემაა. გენერალურ შტაბში ის პირები უნდა იყვნენ, რომლებიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევენ. თუ სამოქალაქო ნაწილი გადაწყვეტს, რომ ომი უნდა წამოიწყოს, სამხედროები ასაბუთებენ, რამდენად შესაძლებელია ამ ომის მოგება. ისინი უნდა ეკამათონ ხელისუფლებას გონიერების დონეზე და თუ ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ავანტიურაა, მაშინ სამხედროები უნდა გადადგენ~.

თავდგირიძის თქმით, ქართულ შეიარაღებულ ძალებში არ აღმოჩნდა სამხედრო პირი, ვინც ეტყოდა ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი დამღუპველია: ”სამხედროები ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ეს პროცესი ოქრუაშვილმა დაიწყო, როცა უამრავი ოფიცერი გაყარა და მორჩილები დააწინაურა. ძალიან შურაცხმყოფელია ოფიცრისთვის, როცა პოლიტიკოსი კარნახობს რა უნდა გააკეთოს. უსისტემობის შედეგი იყო, როცა ვერ შეძლეს ტექნიკის დაცვა _ კატერების გამორიდება და ბრძოლის პროცესის მართვა”.

თავდგირიძის ინფორმაციით, ბევრი ოფიცერი, რომელიც ომის გამო შეიძლება ხელისუფლებამ გაასამართლოს, გაჩუმებას აღარ აპირებს: ”მეგონა, პირში წყალს ჩაიგუბებდნენ, მაგრამ როგორც მითხრეს, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას აპირებენ. ხელისუფლება წასასვლელად ემზადება და სამხედროების დაშინებას ცდილობს. უნდათ ყველაფერი მოასუფთაონ, რაც მათ დანაშაულს ამხელს”.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ბოლო წლებში მილიარდობით ლარი დაიხარჯა. მარტო გასულ წელს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1,395 მილიარდ ლარს შეადგენდა. მომავალში ამ სფეროს დაფინანსება 600 მილიონი ლარით შემცირდება. თავდგირიძე ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან, მისი აზრით, სისტემა, რომელსაც ეს ხელისუფლება ქმნის, ვერ იმუშავებს.

ომის შემდეგ ამ სისტემის ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი პრეზიდენტმაც დაასახელა _ რეზერვი. არადა რეზერვის შექმნაზე, სულ ცოტა 700-800 მილიონი ლარი დაიხარჯა. ომმა აჩვენა, რომ ეს წყალში გადაყრილი ფულია. `ის, რომ ომის დროს სასწრაფოდ გამოიძახეს რეზერვისტები და არაორგანიზებულად მოუყარეს თავი, სახიფათო იყო. ეს სისტემის ნაკლია და არა ცალკეული მეთაურის, _ ამბობს თავდგირიძე და იქვე დასძენს, რომ ისეთი ფორმის რეზერვს, რაც ქართულ არმიაში იყო, სამხედრო თეორია არ იცნობს. ჩვენთან პარტიული ჯარი იყო~.

ხელისუფლება ჯარში საკონტრაქტო სისტემის გაუქმებასაც აპირებს. თავდგირიძის აზრით, ეს ახალ პრობლემებს გამოიწვევს. `ჩვენთან არ არსებობენ გენიოსები, რომლებიც სამხედრო სფეროში ახალ ველოსიპედს გამოიგონებენ. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ ორ დღეში ჩატარებული სამხედრო კამპანია და ისიც, რომ საქმე გვაქვს უცოდინრობისა და სიბრიყვის სიმბიოზთან~, _ ამბობს პოლკოვნიკი. მისი აზრით, სამხედრო სფეროში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც სამხედრო სფეროს, ასე თუ ისე ლოგიკურად უდგებიან.

`საყოველთაო გაწვევა, პრუსიული სამხედრო სკოლის მონაპოვარია, რომელმაც ამ საუკუნეში თავი ამოწურა. ეს იყო ტოტალური ომების საჭიროებიდან გამომდინარე. ამერიკელმა სამხედროებმა ჯარის პროფესიონალიზაციის ერთადერთ გამოსავლად, საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა მიიჩნიეს, რადგან სამხედროების მომზადებაზე ერთხელ გიწევს თანხების დახარჯვა, შედეგად კი პროფესიონალები გყავს.
ახალწვეულებზე დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ნაკლებეფექტურია, რადგან წელიწადნახევრის შემდეგ ისინი მიდიან, შემდეგ კი ახალი ნაკადის გადამზადებაა საჭირო. თუ საკონტრაქტო სისტემაზე უარს ვიტყვით, ძალიან ცუდ ჯარს მივიღებთ~.

თავდგირიძის განცხადებით, საკონტრაქტო სისტემაზე ხელისუფლება იმიტომ ამბობს უარს, რომ მათ პროფესიონალების პარტიული პროპაგანდისთვის გამოყენება ვერ შეძლეს. `როცა ჯარი მობრუნდა, რიგითებმაც, კაპრალებმაც და ოფიცრებმაც დასვეს კითხვები, რომელიც ხელისუფლებას არ ესიამოვნა. ისინი კითხულობენ, სამხედრო ოპერაცია კარგად ჩატარდა თუ ცუდად. ეს დაჭერებიც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი სამხედროების პროტესტის ჩახშობას ცდილობენ~.

თავდგირიძის თქმით, ხელისუფლებას გაუჭირდა სამხედროების დაყოლიება 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროსაც. `მან ძალიან დიდი ფული დახარჯა ამისთვის. 18-20 წლის ბიჭების დაყოლიება კი გაცილებით მარტივია. ამიტომ ცდილობს ის გაწვევითი სამსახურის შექმნას~.


დასაქმებული ვარშალომიძე დაუსაქმებელი აჭარისთვის

`აჭარის ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ამიერიდან მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტებს დაუჭერს მხარს, სადაც ინვესტორი აიღებს ვალდებულებას, რომ დასაქმებულთა არანაკლებ 90 პროცენტისა იქნება აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა. ვარშალომიძის დასაქმების პროგრამით აჭარის ყოველ ახალ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი აჭარის მკვიდრი იქნება. ნაციონალური მოძრაობა დასაქმებული აჭარისთვის!~

ირმა ზოიძე/ბათუმელები

ადგილობრივ ტელევიზიებში წინასაარჩვენოდ გამოტანილი ნაციონალების ამ სარეკლამო რგოლის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პრიორიტეტი დასაქმებაა. ამ პრობლემის გადაჭრას კი ადგილობრივი მთავრობა ინვესტორებისთვის გარკვეული პირობების წაყენებით აპირებს.

კლიპს თუ დავუჯერებთ, ამას ლევან ვარშალომიძე გეგმავს. მისი სტატუსის შესახებ კლიპში არაფერია ნათქვამი, შინაარსით კი მხოლოდ ის ჩანს, რომ ეს ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის.

საინტერესოა, რამდენად შეიძლება ეს წინასაარჩევნო დაპირებები რეალური იყოს. არის თუ არა დღეს ქვეყანაში ინვესტორების ისეთი მოზღვავება, რომ ლევან ვარშალომიძემ პირობებით ელაპარაკოს მათ, ან რამდენად აქვს ლევან ვარშალომიძეს სამართლებრივად უფლება, დემოკრატიულ ქვეყანაში, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გადაწყვიტოს, რას და როგორ გაასხვისებს რეგიონში.

შეხსენებისთვის _ ლევან ვარშალომიშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი, გარკვეულ შემთხვევებში, მართლაც აძლევს ავტონომიის პირველ პირს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლებას. მას, პრეზიდენტის მსგავსად, შეუძლია აჭარის ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს. კანონში ეს ცვლილება ხელისუფლებაში ვარშალომიძის მოსვლის შემდეგ შევიდა. მთავრობის თავმჯდომარემ, როგორც ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ჩანს, ამ პრივილეგიით სულ ცხრაჯერ ისარგებლა. თუმცა, პირობაში დასაქმების თაობაზე არაფერია ნათქვამი.

არსებობს პრივატიზების კიდევ ერთი წესი, სადაც გარკვეული პირობების ჩადება შესაძლებელია. ეს, ეგრეთ წოდებული `პირობადადებული აუქციონია~. აუქციონის მონაწილე ინვესტორმა თავიდანვე იცის, თუ რა ობიექტის მშენებლობა სურს მთავრობას, რა ვადებში, რა პირობებით, აქვე შესაძლებელია დასაქმების ვალდებულებაც არსებობდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია ფასი და არა პირობა. `აუქციონზე იმაზე საუბარი, დისკუსია, ვინ მეტს გადაიხდის, ვინ რას გააკეთებს, იმ შემთხვევაშიც კი შეუძლებელია, თუ ვინმეს დათქმულზე უკეთესი პირობის შეთავაზება სურს~, _ ამბობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების უფროსი, ზურაბ ჭურკვეიძე.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო კონკურსის წესით გაეყიდა ობიექტი. ამ შემთხვევაში ინვესტორს შეეძლო სრულად დაეხატა სურათი, რას და როგორ გააკეთებდა. 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონკურსი აუქციონმა შეცვალა. `კონკურსის შემთხვევაში ინვესტორები ამბობდნენ, რას გააკეთებდნენ და მათგან საუკეთესო წინადადება ირჩეოდა. აუქციონის დროს კი სამინისტრო თავად აყენებს პირობას და შემდეგ, ვინც მეტს გადაიხდის, მასთან გაფორმდება ხელშეკრულება. კონკურსის წესით გაყიდვისას ფასი იშვიათად იცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი თანხაა~, _ ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.
ეს ტენდენცია გასული წლის მონაცემებით ჩანს კიდეც: 2008 წელს სამინისტროს მიერ პრივატიზირებულ 69 ობიექტიდან მხოლოდ 14 გაიყიდა პირობიანი აუქციონით, სამი კი პირდაპირი მიყიდვის წესით. 52 ობიექტის გაყიდვისას მთავარი თანხა იყო.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ 2008 წელს გამართული 14-პირობებიანი აუქციონიდან 11 შემთხვევაში სხვა პირობებთან ერთად დასაქმებაც დევს. ინვესტორებმა ამ ხელშეკრულებით ათასამდე `საქართველოს მოქალაქის~ დასაქმების ვალდებულება აიღეს. თუმცა, იმავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინვესტიციების განხორციელების დროს, ძირითადად, მაინც უპირობო აუქციონები ტარდება.
რეგიონული ხელისუფლების ინიციატივა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკის ექსპერტის, ნათია თურნავას აზრით, შეიძლება, მხოლოდ დროებით ზომად განიხილოს, რომელიც იქამდე იქნება, `სანამ ქვეყანას უჭირს~. ამასთან, ეს მოთხოვნა ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული. `მთავარია, რომ გაზრდილი პოლიტიკური რისკების მიუხედავად, ინვესტორი ისევ შემოვიდეს. აუცილებელია, ეკონომიკაში მეტი ლიბერალიზმი იყოს~.

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება აქცენტს არა ფისკალურ პოლიტიკაზე, როგორც აქამდე იყო, არამედ დასაქმებაზე აკეთებს, ამით პრიორიტეტებს ცვლის. ექსპერტი თვლის, რომ დიფერენცირებული მიდგომა რაღაც დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წახალისებაა, თუმცა მეორეა, თუ რამდენად რეალურია საქართველოში ამჟამად ამის გაკეთება: `მოთხოვნების დამძიმება, ალბათ, მთლად სწორი პოლიტიკა არ არის. თუმცა, თუ ინვესტორი არ ზარალდება, შეიძლება `მოვთხოვოთ~ კიდევაც ასეთი პირობებით მუშაობა. უბრალოდ, ჩვენ შეიძლება მათ გავაგებინოთ, რომ ამ საქმის გაკეთება ადგილობრივებსაც არანაკლებ შეუძლიათ~.

გაზრდილი პოლიტიკური რისკების ფონზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო სამი თვის მონაცემებით სულ 145 მილიონი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა, მათ შორის უცხოური 116 მილიონია. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს, ძირითადად, უკვე აღებული ვალდებულების განხორციელების შედეგია.

რეკლამის შეფასებას თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი, იურისტი ასლან ჭანიძე აკეთებს: `რგოლში გამოყენებული ფრაზა `ნაციონალური მოძრაობა მხარს მხოლოდ იმ პროექტებს დაუჭეს...~ ცოტა გამაღიზიანებელია. არ მომწონს, როცა პარტიას ხელისუფლებასთან აიგივებენ. ეს ქვეყანას ღუპავს~.

ვარშალომიძეზე აქცენტების გადატანას ასლან ჭანიძე ასე აფასებს: `პირველად როცა მოვისმინე რეკლამა, ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მთავრობის თავმჯდომარის არჩევნებია. მაგრამ ვიცით, რომ არც მთავრობის თამჯდომარის და არც მით უმეტეს ლევან ვარშალომიძის არჩევნები არ არის. იგი არც ამ პარტიის ლიდერია. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ლევან ვარშალომიძის რეკლამაში ხშირი ჩვენება უფრო მომგებიანია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობისა და იმ კანდიდატების, რომლებიც ამ არჩევნებში არიან ჩართულები~.


არჩევნებისა და სიყვარულის ადგილი

ეთერ თურაძე/ბათუმელები

მახსოვს, აჭარის ტელევიზიამ ერთხელ ისეთი რესპონდენტის მოძებნაც კი შეძლო, რომელმაც თქვა, საქალაქო ტრანსპორტზე ფასების მომატებით ძალიან ბედნიერი ვარო. სასაცილო ამბავი იყო. ჟურნალისტს დაავალეს, რომ ფასების მომატებით უკმაყოფილო რესპონდენტები კმაყოფილებით დაებალანსებინა. როგორი დასაბალანსებელია, არა? მაგრამ დააბალანსა _ აი, ის ერთი ადამიანი დაიყოლია...

აჭარის ტელევიზიაში ორი დღის წინ კიდევ ერთი კადრი ვნახე. ერთი კაცი ამბობდა, ძალიან კარგადაა ყველაფერი და მჯერა, ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო ბევრ კარგ რამეს გააკეთებსო. სიუჟეტი ნაციონალების საარჩევნო კანდიდატს ეძღვნებოდა, კონკრეტულად რომელს არ მახსოვს.

ტელევიზიას თავისი პლუსი აქვს: ინფორმაციას ვიზუალურად აფორმებ, შეგიძლია აჩვენო ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა. თუ ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა, ზომაზე მეტად გამხდარი მამაკაცია, რომელსაც წინა კბილები ნაადრევად ჩამოსცვენია და ამას მის გამომეტყველებასაც დაამატებ, ხვდები, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ხარ, რადგან ამ კადრებსა და ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი გიყვება, არაფერი აქვთ საერთო. იმასაც თუ გაიხსენებ, რომ ტვინის გამორეცხვას შენი ფულით გიტარებენ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობ, შეიძლება გაბრაზდე კიდეც (წელს აჭარის ტელევიზიას ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი).

ვიცი, ყოველი არჩევნების წინ ბევრ რამეს ატყუებენ პოლიტიკოსები და ამომრჩევლები ერთმანეთს. ვის არ გვინახავს მათი `ტრფიალი~; ეს ჩემთვის ყველაზე აღვირახსნილი სიყვარულის მაგალითია. სიყვარული, რომელიც ქვეყანას, პერიოდულად, რამდენიმე მილიონი უჯდება.

მართალია, ეს ყველაფერი ომამდე იყო. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ცნობიერებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს გორის დაბომბვის დღეს მივხვდი. იმ დღეს, ბათუმში, ლენინის ქუჩაზე (ახლა გამსახურდია ჰქვია, მაგრამ ყველა მაინც ლენინს ეძახის) `სულერთია~ მამაკაცებით თუ ახალგაზრდა ბიჭებით სავსე ტოტალიზატორები საკუთარი თვალით ვნახე. როგორც მეგობრებმა მითხრეს, დარი-დურის ხმა იმ დღეებში თბილისში, სანაპიროს რესტორნებშიც არ შეწყვეტილა. კი ბატონო, მაშინ ვაღიარე, რომ ამ ქვეყანაში ტვინს მეტნაკლებად ხარისხიანად გირეცხავენ...

ომზე არ მინდა წერა. არც იმაზე მინდა ფიქრი, რომ `მეორე გროზნო გვემუქრება~, როგორც მედიის ერთ-ერთმა სპეციალისტმა მითხრა. მაგრამ თუ ხვდები, რომ ქართული ტელევიზიები თითქმის ყველაფერს გატყუებენ, ალბათ, ისიც უნდა იფიქრო, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გიმალავენ.

ეს ძალიან კარგად ახსნა სოზარ სუბარმა, როცა თქვა, რომ ჰიტლერს `რუსთავი 2~ რომ ჰქონოდა, გერმანელი ერი დღემდე ვერ გაიგებდა, მეორე მსოფიო ომი რომ წააგო.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

თუმცა, მეჩვენება, რომ ტელევიზიებში პროპაგანდამ სხვა მასშტაბებს მიაღწია. აბა სხვა როგორ ავხსნა, როცა მეუბნებიან, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ ბათუმი გამონაკლისია, აქ აშენება და დამშვენება არ შეჩერდებაო.
`აი, რა კარგი სტატია მოუმზადებია ამერიკელ ჟურნალისტს~, _ მითხრა ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. Hერალდ თრიბუნე-ის კორესპონდენტის ეს სტატია საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და მედიის მდგომარეობას ასახავს.

ის ჟურნალისტი წერს: `როდესაც ნიუ-იორკში ბოლო ვიზიტისას სააკაშვილს ატლანტიკურ საბჭოში მედიის თავისუფლებაზე ჰკითხეს, მან აღიარა, რომ საქართველოს „სჭირდება უფრო მეტი დებატები და გამჭვირვალობა“. ამავე დროს ის ამტკიცებდა, რომ „აკრძალვები არ არსებობს“ .

ეს ამერიკელი ჟურნალისტი თავის სტატიას ასე ამთავრებს: `პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელი ნონა ყანდიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს გასაჩივრებული აქვს ქეის უფლებამოსილება ტელეარხის მმართველობაზე. ამასობაში, ქართველმა ჟურნალისტებმა, „იმედს“, ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, სახელი მოუძებნეს - „რუსთავი 3“ .
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მხოლოდ ის ვიცი, რომ მისი ბიუჯეტი 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა.



ვაქცინაცია წითელასა და წითურას წინააღმდეგ

{ნანა კვაჭაძე/ბათუმელები}

20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ჩატარდება. მოქალაქეებს პოლიკლინიკებსა და საექიმო ამბულატორიებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აცრავენ, აიცრებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებშიც. აცრები სავალდებულოა 1981-2002 წლებში დაბადებულ, ანუ ექვსიდან ოცდაშვიდ წლამდე პირებისთვის. აჭარაში აცრა ასი ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. აცრა უფასოა.

წითელასა და წითურას საწინააღმდეგო აცრების შედეგად ამ დაავადებათა გავრცელებამ იმდენად დაიკლო, რომ მედიკოსები 2010 წლისთვის მის სრულ ლიკვიდაციაზე ფიქრობენ. 1980 წლისთვის აცრების საშუალებით გაქრა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება _ ყვავილი.
რატომ არის აუცილებელი წითელასა და წითურას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება? _ `ბათუმელები~ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსს მარო ჩხაიძეს ესაუბრა:
_ ვაქცინა შეიცავს წითელასა და წითურას ცოცხალი ვირუსების დასასუსტებელ ფორმებს. ვაქცინის მეშვეობით ორგანიზმი გამოიმუშავებს დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ადამიანს და იცავს მას ამ დაავადებებისგან.
_ აუცილებელია თუ არა ექვსიდან ოცდაშვიდ წლამდე ადამიანმა ჩაიტაროს აცრა, თუ მას გადატანილი აქვს ეს დაავადებები?
_ აცრის ჩატარება იმ შემთხევაშიც კი აუცილებელია, თუ ექვსი წლის და მასზე დიდი ასაკის ბავშვი აცრილია ამ დაავადებებზე.
კამპანია არ მოიცავს 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან ამ ასაკის ბავშვებში მიღწეულია გეგმიური აცრების მაღალი მაჩვენებელი წითელასა და წითურას წინააღმდეგ.
_ გააჩნია თუ არა ამ ვაქცინას უკუჩვენება?
_ ვაქცინის უკუჩვენებათა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. უკუჩვენება არის ონკოლოგიური დაავადებები, შიდსი, ორსულობა. ორსული მართალია არ იცრება, მაგრამ თუ შემთხევით მაინც აიცრა, არ არის საჭირო აბორტის გაკეთება. ასევე სასურველია აცრის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ მოხდეს დაორსულება. მართალია, ლიტერატურაში არ არის დაფიქსირებული გართულებები ორსულობის შემთხვევაში ჩატარებული აცრის შედეგად, მაგრამ სამიზნე კონტიგენტი დიდია, ამიტომაც ვფრთხილობთ.
თუკი ექვსიდან ოცდაშვიდ წლამდე პირმა 2 ნოემბრამდე რაღაც მიზეზით ვერ შესძლო ვაქცინის გაკეთება, მას შემდეგშიც ექნება საშუალება, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკასა თუ ამბულატორიაში უფასოდ აიცრას.
კამპანიის ინიციატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ტექნიკური და ფინანსური მხარდამჭერები კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვიშნევსკაია როსტროპოვიჩის ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ამერიკის განვითარების სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. კამპანიის ორგანიზატორია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.




23-ე ბატალიონის 50-მდე მოსამსახურის დაკავების ისტორია თითქმის იდენტურია

ცხინვალის კონფლიქტის დაწყების წინადღით, 6 აგვისტოს, სენაკის ბაზაზე, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდებით 23-ე ბატალიონის 50-მდე სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. მათი უმრავლესობა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდება ანგარიშსწორებაა.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები
23-ე ბატალიონი თავის დროზე ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა და მასში, ძირითადად, აჭარის მცხოვრებლები შევიდნენ. თავდაპირველად ეს ბატალიონი, ძირითადად, აბაშიძის ცნობილი `ობეერის~ გაწვრთნილი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიასაც ასრულებდა.

ნარკოტიკის ბრალდებით დაკავებულ 50 ჯარისკაცს შორის აჭარის რეგიონის მცხოვრებლები _ როინ მაკარაძე, გიორგი სანიკიძე, ირაკლი წუწუნავა, ვიტალი ხოზრევანიძე, დათო ქათამაძე, ზვიად ნაკაშიძე და რამაზ გელაძე აღმოჩნდნენ. მათი დაკავების ისტორია თითქმის იდენტურია.

ბრალდებულ გიორგი სანიკიძის დაცვის ინფორმაციით, სანიკიძე 6 აგვისტოს დააკავეს. იმ დღეს ჯარისკაცები, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლებში არ გაუშვეს. მოგვიანებით სანიკიძე ასმეთაურთან დაიბარეს, თან თხოვეს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაეცვა. ასმეთაურის კაბინეტში სანიკიძეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. პოლიციელებმა ის გაჩხრიკეს, მაგრამ დანაშაულებრივი ნივთიერება არ აღმოუჩენიათ.
როგორც სანიკიძემ თავის ადვოკატს უთხრა, შემდეგ ის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში ჩამოაცილეს. იქ მას სამოქალაქო პირები დახვდნენ, რომლებმაც ბათუმში წამოყვანა სთხოვეს. ფოთის გადასახვევთან სანიკიძეს მანქანა გააჩერებინეს და დააპატიმრეს. `მანქანიდან ჩამოსვეს და ჩხრეკა ჩაუტარეს. ჩხრეკამდე ის გააფრთხილეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ. სანიკიძემ ეს ფაქტი გააპროტესტა, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. როგორც თვითონ თქვა, ჩხრეკის დროს უკანა ჯიბეში ნივთის ჩადება იგრძნო. მას ერთი ჩეკი ჰეროინი უპოვეს~, _ ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ნოდარ გელაძე.

გელაძის ინფორმაციით, სანიკიძეს ნარკოტიკის უკანონო შენახვას ედავებიან. იგი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. სანიკიძეს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

გელაძე არ გამორიცხავს, რომ სანიკიძის დაპატიმრება პიროვნულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს: `მათი ძველი ასმეთაური, ირაკლი სიმონიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. მას ჯარისკაცებმა ყაზარმაში სპეციალური კუთხე გაუკეთეს, სადაც იყო მისი სურათი. ახალმა ასმეთაურმა _ რატი წაქაძემ სურათი ჩამოაგდო, რასაც ჯარისკაცებთან დაპირისპირება მოჰყვა. მიცვალებულის შეურაცხყოფა ბიჭებმა ვერ აპატიეს და შეხლა-შემოხლა მოუხდათ. სიტუაცია ამის მერე დაიძაბა~.

კიდევ ერთი ჯარისკაცის, ზვიად ნაკაშიძის დაკავების ანალოგიურ ისტორიას ადვოკატი პაატა ბოლქვაძე გენპროკურორს წერს: `ნაკაშიძე ასმეთაურთან დაიბარეს. უბრძანეს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც სამხედრო პოლიციამ გაჩხრიკა (მას ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა) ის ავტომობილში ჩასვეს შსს-ს თანამშრომლებთან. ბაზიდან გასვლის შემდეგ, ნაკაშიძე მანქანიდან ჩამოსვეს და სიბნელეში სცემეს. შემდეგ კი მანქანის შუქფარების წინ დააყენეს, ხელახლა გაჩხრიკეს და ერთი ჩეკი ჰეროინიც აღმოუჩინეს. ნაკაშიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა კითხვაზე, თუ რატომ უკეთებდნენ ამას, უპასუხა, _ `ზემოდან გვაქვს დავალებულიო~.

პაატა ბოლქვაძის განცხადებით, გამომძიებელმა კახა ქარჩავამ მას პირად საუბარში ძალოვნებთან გარიგება ურჩია: `მითხრა, ამ საქმეზე ბრძოლა უშედეგოდ დასრულდება და ჯობია საპროცესო შეთანხმებაზე წამოხვიდეო. თან დამემუქრა, რომ თუ არ დავეთანხმები, ბრალს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც დაუმატებს~.
ანალოგიური ცნობებია სხვა ჯარისკაცების დაკავების საქმეებშიც. ისინიც თავდაპირველად სამხედრო პოლიციამ ნაწილში გაჩხრიკა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში, სხვადასხვა გარემოებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები ქუჩაში აღმოჩდნენ და სამოქალაქო პოლიციამ მათ თითო ჩეკი ჰეროინი აღმოუჩინა.

ადვოკატების მტკიცებით, ჯარისკაცებისთვის ნარკოტიკული დანაშაული შეთითხნილია, რადგან ყველა ჯარისკაცს დაკავებისთანავე ჩაუტარდა ნარკოტიკული ექსპერტიზა და მოხმარების კვალი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. მათ ნარკოტიკზე ინტენსიურად სხვა დროსაც ამოწმებდნენ, მათ შორის მოულოდნელად და არასამუშაო დღეებშიც. ამ შემოწმების თანახმად, ნარკოტიკის მოხმარების კვალი არც ერთის სისხლში არ არის დაფიქსირებული.

და ბოლოს, ამავე ბატალიონის სერჟანტი როინ შავაძეც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, შავაძე 16 აგვისტოს გაქცევის მცდელობისთვის მოკლეს.
კახა ქარჩავამ, რომელიც ჯარისკაც ზვიად ნაკაშიძის საქმეს იძიებს, `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარი ამ სიტყვებით შეწყვიტა: `არაფერი არ მესმის~. გამომძიებელთან დაკავშირება ამის შემდეგ აღარ მოხერხდა.

მაპი: რეალობა თუ ფიქცია

ავტორები: ზვიად დიასამიძე (პოლიტოლოგი), ბექა ნაცვლიშვილი (პოლიტოლოგი)
სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”

ქართული საზოგადოება დიდი იმედით ელოდა დეკემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტს, სადაც ნატოს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ საქართველოსათვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის, ეგრეთ წოდებული მაპის გადაცემის საკითხი. ალბათობა იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას იმედი გაუცრუვდება, საკმოდ დიდია.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ბოლო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოსთვის მაპის გადაცემის შესაძლებლობა, სწორედ ამ მოსაზრებას ადასტურებს. ამ სიტყვებით ანგელა მერკელმა კიდევ უფრო გაამაგრა უცხოელი და ქართველი ექსპერტების აზრი ნატოს წევრ ქვეყნებში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციაზე.

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ ნატოს წევრ ქვეყანათა იმ ჯგუფს, რომლებიც კვლავინდებურად უარყოფენ საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის გადაცემის შესაძლებლობა. საქართველოზე ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭებით რუსეთის გაღიზიანების საშიშროება, ის მთავარ დამაბრკოლებელი ბარიერია, რომლის გადასალახავად დასაველეთ ევროპის წამყვანი ქვეყნები დღეს მზად არ არიან.
ეს განპირობებულია მათი დამოკიდებულებით რუსეთის ენერგორესურსებსა და მათ სურვილზე ჩართონ რუსეთი ევროპის ერთიან ენერგო სისტემაში. აგრეთვე ნაკარნახევია რუსეთის, როგორც ევროპული პროდუქციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზრის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, საქართველომ, როგორც კასპიის აუზში მოპოვებული ენერგორესურსების მთავარმა დერეფანმა, შეიძლება მალე დაკარგოს მნიშვნელობა. ყაზახეთი და თურქმენეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგორესურსების მომწოდებლები, თავს იკავებენ შეუერთდნენ კასპიის ენერგოსატრანსპორტო პროექტს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ენერგორესურსებით მომარაგებას ითვალისწინებს.

არსებული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი ამ ქვეყნების მონაწილეობის გარეშე მალე დაკარგავენ მნიშვნელობას, რადგან აზერბაიჯანის ენერგორესურსების მარაგი საკმაოდ შეზღუდულია.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საქართველო დღევანდელი ინსტიტუციონალური განვითარებით ვერ აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს. დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტემ, მოუგვარებელმა ტერიტორიულმა კოფლიქტებმა, რომელმაც აგვისტოს მოვლენების შემდგომ საბოლოოდ შეარყია საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის იმიჯი, ნულამდე დაიყვანა ქვეყნის ევროპისთვის სანდო პარტნიორად ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს თავისი ჩრდილო ატლანტიკური მოკავშირეები საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაში.
ამერიკის ეს გადაწყვეტილება არა მარტო საქართველოს, როგორც დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ეტაბლირების სურვილით, არამედ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობითაა განპირობებული. ნატოში მყოფი საქართველო დააბალანსებდა ძალთა გადანაწილებას დსთ-ს ქვეყნების სივრცეში; ხელს შეუწყობდა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას კავკასიაში, შეასუსუტებდა რუსეთის გავლენას მასზე და რეგიონში არსებულ ენერგო-სატრანსპორტო სივრცეზე. საყურადღებოა ისიც, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში საქართველო მოიაზრება ირანისა და ავღანეთის მიმართულებით შესაძლო ოპერაციების მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, შეიძლება, მოიაზრებოდნენ ევროპულ სივრცეში ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამტარებლებად. ეს ეგრეთ წოდებული `ძველი~ ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ამერიკის საგარეო პოლიტიკისგან ემანციპირების განეიტრალებას ითვალისწინებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია ნაკარნახევია ისტორიული გამოცდილებით, რაც გულისხმობს ამ ქვეყნების ტრადიციულ შიშს რუსეთის მიმართ და ამ ქვეყნების საზოგადოების კოლექტიური მახსოვრობით, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც ამ ქვეყნებს საშუალება მისცა თავი დაეღწიათ რუსეთისაგან დომინირებული საბჭოური სივრციდან.

მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო დარჩება მაპის გარეშე, ახლად შექმნილი ნატო-საქართველოს კომისიაა. რადგან ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას კონსენსუსის შედეგად იღებენ, ჩანს, რომ მათ მიაგნეს იმ შუალედურ გზას, რომლის მიხედვითაც ორივე ჯგუფის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დეკემბრის სამიტამდე სამი თვით ადრე ურთიერთობის ამ ფორმატში უმიზნოდ არ გადაიყვანდნენ. ეს ფორმატი უზრუნველყოფს ნატო-საქართველოს დიალოგის გაგრძელებას და არც რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებას გამოიწვევს.



ტესტირება და ხელფასები სკოლებში


პედაგოგების ტესტირებასა და ხელფასებზე, სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობასა თუ `მშობლების თავხედურ მიდგომაზე~, `ბათუმელებს~ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გია ნოდია ესაუბრა.
ნათია როყვა/ბათუმელები

_ ბატონო გია, იგეგმება თუ არა პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება?
_ ჯერჯერობით, ამაზე საუბარი არ მიდის. მასწავლებელთა ხელფასებზე მსჯელობას ამ თვის ბოლოს დავიწყებთ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონორთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 22 ოქტომბერს იგეგმება და ამის შემდეგ უფრო გასაგები იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები.
_ ანუ პედაგოგებს, რომელთაც 18 საათი აქვთ, იანვრიდან 50 ლარი არ მოემატებათ?
_ ამაზე მაშინ ვმსჯელობდით, როცა 2009 წლის ბიუჯეტს ვგეგმავდით, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო ომი. კანონით 15 აგვისტომდე უნდა ჩაბარებულიყო ბიუჯეტის პირველი ვარიანტი. ახლა სხვა მდგომარეობაა.
_ დაბალ ხელფასზე ჩივიან დირექტორებიც, განსაკუთრებით იქ, სადაც მცირეა მოსწავლეთა კონტიგენტი. `მინუსებიან სკოლებში~ ცარცის შესაძენი ფულიც არ აქვთ. განათლების სამინისტრო ამ მხრივ თუ გეგმავს რამეს?
_ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. როცა ბიუჯეტს შევიმუშავებთ, ცხადია, ამას გავითვალისწინებთ. შევეცდებით მცირეკონტიგენტიან სკოლებს მივხედოთ, თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა სახის დახმარებას მიიღებენ ისინი. სანამ ბიუჯეტის პარამეტრები არ გვექნება ვერაფერს ვიტყვი.
_ რამდენად სრულდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის მუშაობის ხარისხი თუ შემოწმდება?
_ აკრედიტაციის პროცესი, რომელსაც მომავალი წლიდან ვიწყებთ, სწორედ ამის შემოწმებას ემსახურება. ზოგადად ვსწავლობთ ამას, მაგრამ სისტემური მეთოდი, რითაც უნდა შემოწმდეს სკოლაში სწავლების ხარისხი და სასკოლო საქმიანობის სხვადასხვა პარამეტრები, ეს აკრედიტაციაა. აკრედიტაცია საერთაშორისო პრაქტიკაში ყველაზე აპრობირებული მეთოდია.
_ კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლამ აკრედიტაცია გაიაროს?
_ ორ კვირაში მივიღებთ აკრედიტაციის დებულებას და კონკრეტული მოთხოვნებიც მასში იქნება გათვალიწინებული.
_ პედაგოგების თქმით, მათემატიკის სახელმძღვანელო, განსაკუთრებით მე-11 და მე-12 კლასებში, თემატურად მკვეთრად განსხვავდება იმ მოთხოვნებისგან, რასაც ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს. სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეები რეპეტიტორთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდას ვერ ჩააბარებენ. სახელმძღვანელოების შედგენისას პრაქტიკოსი მასწავლებლების რჩევას თუ ითვალისწინებენ?
_ სახელმძღვანელოები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია. თუ რომელიმე მასწავლებელი ამბობს, რომ პირიქითაა, ეს შემაშფოთებელია. ამისი დამამტკიცებელი საბუთები უნდა წარმოადგინონ და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს და გვგონია, რომ არის კიდეც. ბევრი რამ ახალია, შესაძლოა, მასწავლებლებმა ჯერ ვერ მოასწრეს ყველაფერში გარკვევა, არაა გამორიცხული მათ არასწორად გაიგეს ახალი პროგრამა. მოკლედ, თუ არასწორად დაგეგმილი სახელმძღვანელოები გვაქვს, დაგვისაბუთონ და აუცილებლად მოვაგვარებთ.
_ აჭარაში ბევრი სკოლა კვლავ დირექტორის გარეშეა, აჭარის განათლების სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, როდის ჩატარდება დირექტორთა გამოცდები თუ ტესტირება. თქვენ გაზაფხულზე აღნიშნეთ, რომ დირექტორების საკითხი სექტემბერში უნდა გადაწყვეტილიყო.
_ ომიანობამ შეგვაფერხა, ზუსტი თარიღის დადგენაზე ახლა ვმუშაობთ, პროცესი აუცილებლად წელს დაიწყება, მაგრამ ზუსტად როდის გვექნება არჩევნები, გაურკვეველია. ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, რაც დროს მოითხოვს.
_ მასწავლებელთა ატესტაცია როდის ჩატარდება?
_ ჯერ იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყება. სასერტიფიკატო გამოცდები კი 2010 წლიდან დაიწყება. მასწავლებლებმა ეს გამოცდა რომ გაიარონ, რამდენიმე წელი ექნებათ _ სულ მცირე 2013 წლამდე.
_ რა ელით იმ მასწავლებლებს, ვინც გამოცდებს ვერ ჩააბარებენ?
_ ვინც წარმატებით გაივლის სერტიფიცირებას, იმათ წავახალისებთ. თუმცა, ვინც ვერ შეძლებს ტესტირების ჩაბარებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში გავუშვებთ.
_ მაშინ რატომ ტარდება ეს ტესტირება?
_ იმიტომ, რომ ისინი წავახალისოთ, ვინც სერტიფიცირებას წარმატებით გაივლის.
_ გადაწყვეტილია პედაგოგები ვინ უნდა გადაამზადოს?
_ ახლა გადამზადების ცენტრების ატესტაცია მიდის. განათლების სამინისტრო დაარიგებს ვაუჩერებს, რომლის საშუალებითაც პედაგოგები გადაემზადებიან. ტესტებზე პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა.
_ საჯარო სკოლის მოსწავლეები მასობრივად ემზადებიან რეპეტიტორებთან. თქვენი აზრით, ეს პრობლემა რატომ ვერ გადაიჭრა?
_ ყველა არ ემზადება! მაგალითად, მე არ დავდიოდი და წარმატებულად ჩავაბარე გამოცდები. ახლაც ყველა იმიტომ ვერ დადის, რომ ზოგს ფული არ აქვს, ზოგსაც არ სჭირდება. არის თავხედური მიდგომა მშობლების, თუ სხვა ამზადებს შვილს, საკუთარს არ ჩაგრავენ. ნაწილობრივ კი ეს იმის ბრალია, რომ სკოლებში არ გვყავს მაღალი დონის მასწავლებლები. სწორედ ამიტომ ვამზადებთ მასწავლებლებს და ვაკეთებთ სკოლების აკრედიტაციას.

ორი ათასზე მეტ სტუდენტს ფინანსური დავალიანება აქვს

{ნათია როყვა/ბათუმელები}
უნივერსიტეტში სწავლის საფასური სტუდენტებს 29 სექტემბრამდე უნდა გადაეხადათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანცლერის, მალხაზ ნაკაშიძის თქმით, მათ სტუდენტის სტატუსი დავალიანების დაფარვამდე შეუჩერდებათ: `სულ ოთხი ათასი სტუდენტია, ამათგან ორი ათას ორას სტუდენტს სწავლის საფასური გადახდილი ჯერ კიდევ არ აქვს. გამოდის, რომ სასწავლო პროცესი არ უნდა დაგვეწყო. დავალიანების გადახდა კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო.

სტუდენტი, რომელიც 20 ოქტომბრამდე სწავლის საფასურს არ გადაიხდის, დავალიანების დაფარვამდე ლექციებზე არ დაიშვება~.
`როგორც რექტორი, არანაირ სადამსჯელო ღონისძიებას არ გავატარებ, უნივერსიტეტი სადამსჯელო ორგანიზაცია არაა~, _ აცხადებს ალეკო ბაკურიძე, დავალიანების მქონე სტუდენტების მიმართ.

სახელმწიფო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დააფინანსებს

2008-2009 სასწავლო წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე და პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობამ 650 000 ლარი გამოყო.
1) სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა სრული გრანტი ან მოიპოვა გრანტი ნაწილობრივი.
2) დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში პირს ეძლევა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა, მთლიანობაში 150 სტუდენტს უნდა მიეცეს. ანუ იმათ, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ სკოლებში სწავლობდა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიც იქვე მიიღო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშტაბით სრულად დაფინანსდება:
ქედის მუნიციპალიტეტში:
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე _ 12 სტუდენტი,
პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე _ 6 სტუდენტი.
შუახევის მუნიციპალიტეტში:
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე _12 სტუდენტი,
პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე _ 6 სტუდენტი.
ხულოს მუნიციპალიტეტში:
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე _ 16 სტუდენტი,
პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე _ 8 სტუდენტი.
თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდებში თანაბარი სკალირებული ქულა აქვთ ორ ან მეტ სტუდენტს დაფინანსება აკადემიურ უმაღლეს პროგრამაზე გაიცემა:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულების შესაბამისად,
ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულების შესაბამისად.
ეკა ბარამიძე

კარტოფილის ბიზნესი ინტერნეტით

აჭარისა და სამეგრელოს რეგიონების მცირე მეწარმეებისთვის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებისთვის სარეალიზაციო ბაზრის მოსაძიებლად ბრიტანულმა ორგანიზაციამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გადაწყვიტა _ ინფორმაციული ბაზის შესაქმნელად ვებ-საიტი შეიქმნა. პროქტი ორი წელია მუშაობს და ორგანიზაციის ქართველი წარმომადგენლების განცხადებით, საკმაოდ წარმატებულადაც.

ირმა ზოიძე/ბათუმელები

`სოფლის მეურნეობაში, პროდუქცია რომც მოიყვანო, მისი გასაღება ძნელია _ მყიდველი შენამდე არ მოდის. მაგალითად, სოფელ კვაშტაში გლეხს, რომელსაც თაფლიც აქვს, ვაშლის, ყურძნის და ხურმის მოსავალიც, პროდუქცია ბაზარზე ვერ გააქვს. იგივე პრობლემაა ხულოს სოფლებშიც, სადაც მოსახლეობას ახალი ჯიშის კარტოფილის თესლი დავურიგეთ. ვერც ისინი და ვერც სხვები ვერ ყიდიან პროდუქციას. სწორედ მათი საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის გადაწყდა ვებ-საიტის შექმნაც~, _ განმარტავს ბრიტანული ორგანიზაცია `Oხფამ~-ის პროექტის კოორდინატორი საქართველოში ვახტანგ მშვიდობაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტი სიღარიბის დაძლევაზეა ორიენტირებული. ბრიტანული ორგანიზაცია პრიორიტეტს იმ პროექტებს ანიჭებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაზეა გათვლილი, ვინაიდან ყველაზე ღარიბი მოსახლეობა სწორედ სოფელში ცხოვრობს. საქართველოში ასეთ პროექტებს აჭარასა და სამეგრელოში ახორციელებენ. მათი მონაცემებით ყველაზე ღარიბი მოსახლეობა და ლტოლვილების ყველაზე დიდი კონცენტრაციაც სწორედ ამ რეგიონებშია.

მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და ბაზრების მოძიებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ. ეს შეიძლება იყოს საკოლმეურნეო ბაზარზე დახლების დაქირავება, სოფლის ცენტრში ბაზრობის მოწყობა და ამ ყველაფერზე პოტენციური კლიენტების ინფორმირება.
ონლაინ ბაზრის ეფექტურობაში დარწმუნებულია სიღარიბის დაძლევისა და ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი: `ეს ვებ-საიტი ჩაფიქრებული იყო როგორც რეგიონალური გვერდი საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ეს ელექტრონული ბიზნესია, ე.წ. ელექტრონული ბირჟა. გვინდა ონლაინ ბაზარი საქონლისა და მომსახურების გაცვლა-გამოცვლის საშუალებად ვაქციოთ~.

საინფორმაციო ბაზაში მხოლოდ აჭარისა და სამეგრელოს დაახლოებით 3000-მდე მცირე მეწარმის მონაცემი დევს, მათ შორის ნახევარი აჭარიდანაა. `მონაცემთა ბაზა ახლდება. თვეში, საშუალოდ, 60-70 მეწარმის შესახებ ემატება ინფორმაცია. ამასთან, პერიოდულად მოწმდება ბაზაში არსებული მონაცემი _ ხომ არაფერი შეცვლილა და კვლავაც მუშაობენ თუ არა მეწარმეები. ინფორმაცია დაყოფილია რეგიონების, სფეროებისა და ასაკის მიხედვით~, _ აცხადებს გიორგი ნანობაშვილი.

პირველადი მოხმარების სურსათის ბაზარი, პროექტის ავტორების აზრით სომხეთი, აზარბაიჯანი, უკრაინა და ბელორუსიაა. თხილი, კივი, ციტრუსი, ხურმა _ ეს ის პროდუქტებია, რომლებზეც ამ ქვეყნების ბაზარზე მოთხოვნა არის.
`საიტზე იდება ინფორმაცია, რომ ამა და ამ სოფელში, კონკრეტულ პიროვნებას აქვს გარკვეული კილო მანდარინი, კივი, ხურმა ან თხილი. ამავე საიტზეა პოტენციური მყიდველების მონაცემებიც. სამეგრელოში ყველის რეალიზების მიზნით გვინდა მონაცემების შეგროვება. ადგილობრივი გლეხები არ არიან ინფორმირებული ელექტრონული ბაზრების შესახებ და ამიტომაც სჭირდება მათ დახმარება~, _ ამბობს `Oხფამ~-ის ქართველი კოორდინატორი.

საიტზე წარმოდგენილია აზერბაიჯანისა და სომხეთის ხუთი ათასამდე პოტენციური მყიდველის მონაცემები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი. კოორდინატორთა თქმით, წელს უკრაინისა და ბელორუსიის მეილინგლისტებზე დაგეგმეს მუშაობა და აპირებენ ბალტიის ქვეყნებთანაც დაამყარონ კონტაქტი. მათივე ინფორმაციით არსებული ბაზით უკვე სარგებლობენ ადმიანები. წინა წელს 120 მოსალოდნელი გარიგება იყო დაფიქსირებული: `შესაძლებელია გარიგება ისე დაიდოს, რომ ჩვენ ამის შესახებ ვერც გავიგოთ თუ უკუკავშირი არ შედგა~.

საიტზე განთავსებული ინფორმაცია რუსულ ენაზეა, რადგან დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორებისთვის ინგლისურთან შედარებით რუსული უფრო ნაცნობია. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ საიტი რუსულია, რამდენიმე პროვაიდერი, მაგალითად `გრენა~ მას ბლოკავს.

ადამიანებს, რომლებმაც დამოუკიდებლად შეეცადნენ სიღარიბიდან გამოსულიყვნენ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, უფასო ვებსაიტები დაუმზადეს. `ჩვენ ვებსაიტზე მათი მხოლოდ მონაცემი კი აღარ დევს, ბანერია, რომლითაც მათ გვერდებზე შეიძლება გადასვლა. მართალია, მარტივი საიტია, მაგრამ იქ ფოტოებიც არის და ჩანს კონკრეტულად რა პროდუქციას აწარმოებენ~, _ ამბობს გიორგი ნანობაშვილი.

საიტის ვიზიტორები, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც ბაზაშია და ამ პროგრამის შესახებ ინფორმირებულია. იმისთვის, რომ ვებ-გვერდის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, აჭარის რეგიონალური კოორდინატორის, ალეკო მახარაძის თქმით, ორგანიზაცია ბილბორდების დაქირავებასაც ფიქრობს: `გვინდა ბაზრობებთან და ხალხმრავალ ადგილებში გავაკრათ ჩვენი ვებ-გვერდის შესახებ რეკლამები. პოსტერების გავრცელებასაც ვფიქრობთ~.

საიტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტში უკვე აპრობირებულ ხერხს _ ბარტერსაც მიმართავენ. წწწ.სმბუსინესს.ნეტ-ზე ცნობილი ქართული ფირმების ბანერების გამოფენაც იგეგმება. შესაბამისად, ამ პროექტის ვებმისამართიც ცნობილი ბრენდების ვებ-გვერდებზე გამოჩნდება.

ევრო - ქართველებისთვის საიმედო ვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით დიდი რაოდენობის კრედიტი კომერციულმა ბანკებმა ვაჭრობის სფეროზე გასცეს. ამას შემდეგ სესხებით მრეწველობა და მშენებლობა მოდის. კომერციული ბანკების კრედიტების ყველაზე დიდი ხვედრითი წილი, 80 პროცენტზე მეტი, სწორედ ამ სამ სფეროზე მოდის.
ირმა ზოიძე/ბათუმელები

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ გრძელვადიანი სესხების გაცემის ტენდენციაზეც მიუთითებს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების 70-პროცენტიდან 45 პროცენტი სწორედ გრძელვადიანი სესხია. აქედან აგვისტოს ბოლოსათვის იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით 842 მილიონი ლარი გაიცა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 პროცენტით მეტია. უცხოური ვალუტით კი ორგანიზაციებმა 2,2 მილიარდი ლარის სესხი მიიღო.

ყველაზე მეტად სესხები ბანკებს უძრავი ქონების ოპერაციებზე, კომერციული საქმიანობისა და კვლევების სფეროში აქვთ გაცემული. ამ სფეროების დაკრედიტირებისთვის კომერციულმა ბანკებმა, გასულ წელთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტი თანხა - 129,2 მლნ ლარი გაიღო. ბანკებმა 29,2 მილიონი ლარი ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროსაც ასესხა, თუმცა ეროვნული ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, სესხების საერთო მოცულობაში იგი უმნიშვნელოა.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 45.7 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 7.9 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი 20.9 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1 სექტემბრისთვის 633.1 მლნ ლარით განისაზღვრა (28.6 პროცენტით მეტი, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
13.6 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 410.5 მლნ ლარია (შესაბამისად, 36.0 პროცენტით მეტი).

ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 1.9-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 სექტემბრისათვის 2.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების შესახებ კი ეროვნული ბანკის მონაცემებით აგვისტოს ბოლოს ბანკში თანხის შენახვას ადამიანები წინა ორი წლისგან განსხვავებით, უცხოურ ვალუტაში, უფრო ზუსტად კი ევროში ამჯობინებენ. თუმცა, საერთო მონაცემით დეპოზიტზე თანხის შეტანის პროცენტი გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის დეპოზიტის მოცულობამ 2,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0,7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბანკის მომაცემებით, ერთ თვეში ფიზიკური პირების დეპოზიტები 17.1 პროცენტით, ანუ 260.0 მლნ ლარით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 8.5 პროცენტით, ანუ 129.0 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან, ამავე პერიოდში 1.3 პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და სექტემბრის დასაწყისისათვის 10.7 პროცენტი შეადგინა.


რეტროსპექტივა: საავტორო კინო დიდ ეკრანზე

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება. საკონკურსო ფილმების გარდა მაყურებელს საშუალება ექნება საავტორო კინოს ცნობილი რეჟისორების - ერიკ რომერისა და ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმები დიდ ეკრანზე ნახოს. რეტროსპექტივა 23-29 ოქტომბერს გაიმართება.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
ფოტოზე: ერიკ რომერი

ისტორიები მორალზე ”ერიკ რომერისგან


ერიკ რომერის ფილმების რეტროსპექტივა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთის საელჩოსა და ალექსანდრე დიუმას ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. რეჟისორისა და ფილმების არჩევანიც ფრანგულ მხარეს ეკუთვნის. ბათუმელ მაყურებელს კინოდარბაზში ერიკ რომერის ექვსი ფილმის ნახვის საშუალება ექნება.
ერიკ რომერი ჟან-მარი შერერის ფსევდონიმია, რეჟისორმა ფსევდონიმისთვის სახელი რეჟისორ ერიხ ფონ შტროგეიმისაგან, ხოლო გვარი მწერალ საკს რომერისაგან აიღო. რეჟისორს კინომცოდნეები საავტორო და ფსიქოლოგიური კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მიიჩნევენ.

რომერმა კარიერა დაიწყო როგორც ლეტერატორმა. ახალგაზრდობაში კინოს საკითხებზე წერდა სხვადასხვა ჟურნალებში, 1950 წელს გოდართან და ჟაკ რივეტთან ერთად დაარსა გაზეთი `Lა Gაზეტტე დუ ჩინემა~, 1957 წელს კი გახდა გავლენიანი გამოცემის, `ჩაჰიერს დუ ჩინემა~-ს მთავარი რედაქტორი. ერიკ რომერი ჰიჩკოკის დიდი თაყვანისმცემელია, მან 1975 წელს კლოდ შაბროლთან ერთად წიგნიც კი გამოსცა ალბერტ ჰიჩკოკის შესახებ.
ერიკ რომერის კინოკარიერა 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო, წარმატება რეჟისორს ფილმების ციკლმა, `ექვსი მორალური ისტორია~ მოუტანა. ფილმები რომერმა ფრანგი მწერლის, ჟან-ფრანსუა მარმონტელის მოთხრობების მიხედვით გადაიღო; მე-18 საუკუნიდან მოქმედება თანამამედროვეობაში გადმოიტანა და ციკლში ოთხი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. ამ ფილმებიდან ერთ-ერთმა _ `კლერის მუხლი~, სან-სებასტიანის ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო. კინოკრიტიკოსების აზრით, ეს რომერის ერთ-ერთი საუკეთესო სურათია. ფილმი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელიც ცდილობს საკუთარი ემოციები სრულად აკონტროლოს. `კლერის მუხლი~ რომერის სხვა ფილმებთან ერთად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის რეტროსპექტივაში იქნება წარმოდგენილი.



`მორალური ისტორიებიდან~ ბათუმელი მაყურებელი კიდევ სამ ფილმს, `ღამე მოდთან ერთად~, `საფუნთუშე მონსოზე~ და `სიუზენის კარიერა~-ს ნახავს.
რომერი საკუთარი ფილმების სცენარის ავტორი თავადაა. ის თავს ბუნების მონას უწოდებს. მისი სურათების საუკეთესო ეპიზოდებში რომერი მაყურებელს საშუალებას აძლევს ბუნების საოცარი პეიზაჟები ნახოს. კინოკრიტიკოსები ამბობენ, რომ რომერი გრძნობს ფერს, როგორც ცოცხალ მატერიას, ხედავს გამჭვირვალე ჰაერს, ავსებს მას დიალოგებითა და მონოლოგებით და, ამასთან ერთად, დიალოგებსაც ნივთიერ სახეს სძენს.



ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე ნაჩვენები იქნება რომერის კიდევ ოთხი სურათი: `ლამაზი ქორწილი~, `პოლინა პლაჟზე~, `ჩემი შეყვარებულის მეგობარი~ და `შარლოტა და მისი სტეიკი~. ამ ფილმებიდან ერთ-ერთმა, `პოლინა პლაჟზე~ ბერლინალეს `ვერცხლის დათვი~ მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის. სურათი რომერმა 1983 წელს გადაიღო, ეს არის მესამე ფილმი ციკლიდან `კომედიები და ანდაზები~. ფილმში მოქმედება ნორმანდიის სანაპიროზე ხდება, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რომერის ეს სურათი ჟან რენუარის ნამუშევრებს ჰგავს.
ამბობენ, რომ რომერი არ ლაპარაკობს სამუშაო პროცესის შესახებ. იმასაც ამბობენ, რომ ის ძალიან კეთილსინდისიერი და სიტყვაძუნწია, მინიმალისტი _ რომელიც მოკრძალებული რესურსებით მაქსიმალურ შედეგს აღწევს.
88 წლის ასაკში კინოკლასიკოსი ეკსპერიმენტებს აგრძელებს. მან ციფრული კამერით ისტორიულ ჟანრში გადაიღო ფილმი `ინგლისელი ქალი და ჰერცოგი~ და თავის კინობიოგრაფიაში პირველი ფილმი შპიონაჟზე - `სამმაგი აგენტი~, რომელიც 1936 წელს მომხდარ რეალურ ამბავზე მოგვითხრობს.

კიშლოვსკი: `ასეთი კოცნის გამო ღირს ფილმის გადაღება...~
ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ტრადიციული პარტნიორია. გასულ წელს ფესტივალის რეტროსპექტივაში ანდჟეი ვაიდას ფილმები იყო ნაჩვენები. პოლონური კინო წლევანდელ ფესტივალზეც იქნება წარმოდგენილი, საავტორო კინოს ფესტივალი მაყურებელს რეტროსპექტივაში ცნობილი პოლონელი რეჟისორის, ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმებს აჩვენებს.
პოლონურ კინოში `ახალი ტალღას~ გამოჩენას კინომცოდნეები კიშლოვსკის სახელს უკავშირებენ. მან კინოკარიერა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როგორც კინოდოკუმენტალისტმა, მაგრამ საკმაოდ მალე გახდა ცნობილი, როგორც მხატვრული კინოს დიდი რეჟისორი.



ყველაზე დიდი პოპულარობა ქშიშტოფ კიშლოვსკის პოლონურ-ფრანგულმა ტრილოგიამ - `სამი ფერი: ლურჯი, თეთრი, წითელი~ მოუტანა. ტრილოგიის განხილვისას ხშირად საუბრობენ ფერთა სიმბოლიკაზე (ლურჯი, თეთრი და წითელი საფრანგეთის დროშის ფერებია), ლურჯი ნიშნავს თავისუფლებას, თეთრი _ თანასწორობას, წითელი – ძმობას, მაგრამ ფერების სიმბოლიკის მხოლოდ ასეთი ახსნა ამ ფილმების გასაღებად არ გამოდგება.
თითოეული ფილმი ცალკე, დამოუკიდებელი სურათია და მხოლოდ კარგი მაყურებელი დაინახავს მათ შორის კავშირს. ტრილოგიაში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ირენ ჟაკობი, ჟან-ლუი ტრენტინიანი და ჟულიეტ ბინოში. `ლურჯი~ 1993 წელს ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალზე, ხოლო `წითელი~ 1995 წელს `სეზარით~ დააჯილდოვეს საუკეთესო მუსიკისთვის. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა 1994 წელს კანში შედგა, სადაც რეჟისორმა განაცხადა, რომ კინოკარიერას წყვეტდა.



კიშლოვსკის ტრილოგია ბათუმის კინოფესტივალზე რეტროსპექტივის პროგრამაში იქნება ნაჩვენები. რეტროსპექტივაში მოხვდა კიშლოვსკის სხვა ცნობილი ფილმებიც: `ვერონიკას ორმაგი ცხოვრება~, `მოკლე ფილმი სიყვარულზე~ და რამდენიმე მოკლემეტრჟიანი ფილმი.
`ვერონიკას ორმაგი ცხოვრება~ კიშლოვსკიმ თავისი კინოკარიერის დასაწყისში გადაიღო. ფილმში ირენ ჟაკობი თამაშობს, რომელიც კანის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.



კიშლოვსკის ფილმებიდან არანაკლებ პოპულარულია `დეკალოგი~, ათი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაღებული ათი მცნების მიხედვით. `დეკალოგი~ კიშლოვსკიმ პოლონური ტელევიზიის შეკვეთით გადაიღო. ამ ციკლიდან ბათუმელი მაყურებელი ნახავს `მოკლე ფილმს სიყვარულზე~.
კიშლოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:`ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა მაყურებელი მეუბნება, რომ ეს ფილმი მის შესახებაა, რომ ჩემმა სურათმა მის ცხოვრებაში რაღაც შეცვალა.

ბერლინში, სადაც აჩვენებდნენ `მოკლე ფილმს სიყვარულზე~, ქუჩაში სეირნობისას მომიახლოვდა ქალი, რომელიც ტიროდა და მითხრა, რომ ჩემი მადლიერია. ის 50 წლის იყო და უთანხმოება ჰქონდა ქალიშვილთან. წინა დღეს ჩემი ფილმი ქალიშვილთან ერთად ნახა და პირველად 6 წლის შემდეგ, შვილმა მას აკოცა. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგ ისინი ისევ იჩხუბებენ, მაგრამ ხომ იყო რამდენიმე წამი, რომელმაც ისინი გაათბო! ასეთი კოცნის გამო ღირს ფილმის გადაღება, თუნდაც მხოლოდ ერთი ქალისთვის~.



კიშლოვსკიმ კინოდან წასვლის შესახებ 1994 წელს განაცხადა, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მუშაობა დაიწყო ახალ ტრილოგიაზე, რომელიც სამი ნაწილისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი: სამოთხე, ჯოჯოხეთი და განსაწმენდელი, დანტეს `ღვთაებრივი კომედიის~ მიხედვით. რეჟისორმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, იგი 1996 წელს, 54 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ვარშავაში.





კოელიოს მოდური რომანები

ვისაც უყვარს ლიტერატურა, მისთვის პაულო კოელიოს სახელი უცხო არ არის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, კოელიოს რომანები ლიტერატურულ მოდად იქცა. სანამ კრიტიკოსები მისი შემოქმედების ლიტერატურულ ღირებულებებზე დაობენ, კოელიოს წიგნები ბესტსელერებად რჩება.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები


გოგონებს ვკითხე, რატომ უყვარდათ კოელიო ასე განსაკუთრებით: `იმიტომ მიყვარს, რომ ადვილი საკითხავია, არ ვიღლები კითხვის დროს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ ამ ავტორის უფრო მეტი წიგნი წავიკითხო. თანაც ჩვენი დროა ასახული~, _ ამიხსნა ერთ-ერთმა მათგანმა, თამილა აბაშიძემ.

წიგნების მაღაზიის გამყიდველიც ამბობს, რომ კოელიოს წიგნები კარგად იყიდება. თუმცა ამ ავტორის წიგნები შარშან უფრო მეტი გაიყიდა.
იმის გასარკვევად, თუ რაში მდგომარეობს კოელიოს პოპულარობის საიდუმლო, `ბათუმელები~ ფილოლოგს, ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნათია მიქელთაძეს ესაუბრა.

ნათია მიქელთაძის თქმით, კოელიოს პოპულარობა ყველაზე მეტად იმან განაპირობა, რომ მისი წიგნები ადამიანებისთვის ადვილად გასაგებია. `პატივს ვცემ მის შემოქმედებას, რაღაც მომენტში სიამოვნებაც კი მივიღე. მაგრამ ისიც ვიცი, რომ კოელიოს მეორედ აღარ დავუბრუნდები, მისი ახალი ნაწარმოებები, რაღაც დროს შემდეგ, ჩემთვის საინტერესო აღარ იქნება~.

`ხშირად ხდება ისე, რომ მწერლის პოპულარობა დროის გამოცდას ვერ უძლებას, _ ამბობს ნათია მიქელთაძე, რომელიც ეჭვობს, რომ კოელიოს ნაწარმოებები პოპულარული სამოცდაათი წლის შემდეგაც იქნება. - კოელიოს რაიმე ახალი არ უთქვამს. უბრალოდ, უფრო გასაგებად მოყვა ამბები, რომელსაც მანამდეც ყვებოდნენ მარკესი, დოჩანაშვილი, ჭელიძე და სხვები. მან ლიტერატურა მასებამდე დაიყვანა~.

ლიტერატორის თქმით, კოელიოს სხვადასხვა ასაკის ხალხი კითხულობს. ზრდასრულებს ის მისი პოპულარულობის გამო აინტერესებთ, ხოლო ახალგაზრდები მისი წიგნებით ცდილობენ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ: `ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა~, ძალიან აქტუალურია მოზარდებისთვის. ახალგაზრდები, რომლებსაც თავი ვერ უპოვიათ ამ სამყაროში, ან გაუცხოვებას განიცდიან, პოულობენ ანალოგიურ განცდას, რომელიც ამ წიგნში ძალიან მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული~.
თავად ნათია მიქელთაძეს ყველაზე მეტად `რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი~ მოსწონს. ამბობს, რომ გაუჭირდა `ალქიმიკოსის~ წაკითხვა, რადგან ლიტერატორის თვალით წაიკითხა და ბევრ შეუსაბამობას წააწყდა.

`მე კოელიოს მკითხველი არა ვარ. თუ მხატვრულ ღირებულებაზე, წერის მანერასა და სამწერლობო გემოვნებაზე ვისაუბრებთ, ცხადია, მორჩილაძე უფრო ღირებულია, ვიდრე კოელიო. მაგრამ შეიძლება ის ყველასთვის გასაგები არ იყოს. ქართველ კლასიკოსებზე გაზრდილ მკითხველს არ აკმაყოფილებს კოელიო, მას უფრო მეტი სულიერი საზრდო სჭირდება~, _ დასძინა ნათია მიქელთაძემ.

პაულო კოელიო არა მარტო ცნობილი, არამედ ამ ათასწლეულის ყველაზე უფრო ავტორიტეტული მწერალია _ ასეთ შესაფასებას აძლევს პოპულარულ ბრაზილიელ მწერალს ერთ-ერთი ინტერნეტ საიტი. კოელიოს მკითხველი 150-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს, მისი წიგნები ინტენსიურად ითარგმნება 56 ენაზე.

ქართულ ბაზარზე კოელიოს წიგნები საკმაოდ მაღალი ტირაჟით იყიდება. ყველაზე მეტი პოპულარობით `ალქიმიკოსი~ სარგებლობს, რომელმაც მწერალს მსოფლიო წარმატება მოუტანა. მისი ბოლო რომანი - `პორტობელოელი ჯადოქარი~ ქართული წიგნის ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და მკითხველი მას უკვე იცნობს. საკმაოდ ბევრ ავტობიოგრაფიულ დეტალს შეიცავს მისი `ზაჰირი~, რომელიც მწერალმა თავის ცოლს მიუძღვნა. კრიტიკოსების რისხვა არც ერთ მათგანს არ მოჰკლებია, მაგრამ `11 წუთი~ ყველაზე უფრო სკანდალური გამოდგა.

`ვერინიკამ სიკვდილი გადაწყვიტა~ პაულო კოელიომ ფსიქიატრიული საავადმყოფოში მოხვედრიდან 30 წლის შემდეგ დაწერა. ექიმის თქმით, იგი ავად არ იყო, მას, უბრალოდ, უნდოდა ესწავლა ცხოვრება ამ ქვეყანაში. `ვიცი, რომ შეიძლება დავკარგო საყვარელი ქალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობ ბოლომდე მივიღო სიამოვნება ცხოვრებისგან: მინდა ვიგრძნო ის მადლი, რაც დღეს ღმერთმა მომანიჭა. არ არსებობს ბანკი, რომელშიც მისი დაბანდება შეიძლება, რომ მერე, როცა დავმშვიდდები, ისევ გამოვიყენო. თუ ახლა ვერ დავტკბები ცხოვრებით, სამუდამოდ დავკარგავ ამ შანსს~, _ ამბობს კოელიო.
ნათია მიქელთაძე ამბობს, რომ ლიტერატურაშიც არსებობს ცნება `მოდური~, მაგრამ ხელოვნებას კარგი თვისება აქვს, ის ძალიან შეუბრალებელია. რაც ღირებულია, ის დროს უძლებს და მარადიული ხდება.
სანამ კოელიო დროის გამოცდას ჩააბარებს, მისი წიგნები მილიონიანი ტირაჟებით იყიდება და მოდურიცაა.



ბათუმის საკრებულო კანონს არღვევს

ბათუმის საკრებულოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულება არ შეუფასებია. მიზეზად მერიის მიერ შესაბამისი ანგარიშების არწარდგენა სახელდება. ეს ფაქტი საკმარისი იქნებოდა ქალაქის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასმულიყო, თუკი საკრებულო კანონის შესაბამისად იმოქმედებდა.

ავტორი: თედო ჯორბენაძე
ფოტოზე: ბათუმის საკრებულო

ადგილობრივი მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ არა-ერთ პრობლემასთან ერთად, ბათუმის საკრებულო დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულებასაც არ აფასებს. `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საკრებულო ახდენს `დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შეფასებას კვარტალში ერთხელ მაინც”.

საკრებულოს წერილის მიხედვით, ამ შეუფასებლობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ქ. ბათუმის მერიას საბიუჯეტო პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური ანგარიშები არ წარმოუდგენია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, `მერიის მიერ კვარტალური ანგარიშის წარმოუდგენლობა საკრებულოს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რადგან მას კანონმდებლობით აქვს ისეთი ბერკეტები, როგორიცაა ქალაქის მერის საკრებულოში დაბარება და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის უფლება~, _ აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი გოჩა კამკია.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით (მუხლი 39, პუნქტი 4), როგორც მერიის საქმიანობაზე, ასევე საკრებულოში შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენაზე პასუხისმგებელი ქალაქის მერია.

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში საკრებულოს მიერ ზემოთ მოყვანილი მიზეზი, არც მყარ არგუმენტად მიაჩნიათ და არც იმის სათანადო პასუხად, თუ რატომ არღვევს საკრებულო კანონს.
`საკრებულოს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია იმისთვის, რომ მერიიდან საბიუჯეტო პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური ანგარიშები ყოფილიყო წარმოდგენილი. საკრებულოს შესაბამისი ღონისძიებები რომ გაეტარებინა, ზემოაღნიშნული ფაქტი ქ. ბათუმის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად საკმარისი საფუძველი იქნებოდა~, _ აცხადებენ ცენტრში.

ბათუმის მერის პირველმა მოადგილემ, დავით სამნიძემ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ყოველკვარტალური ანგარიშები საკრებულოს არ მოუთხოვია: `არ მოუთხოვიათ და არც წარგვიდგენია... ჩვენ ყოველკვარტალური ანგარიშების წარდგენის აუცილებლობას ვერც ვხედავდით. ვთვლით, რომ წლიური ანგარიში საკმარისია~.

ბათუმის საკრებულომ, ყოველკვარტალურად, ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლებიც უნდა აკონტროლოს. ასეთი კონტროლი არ ხდება. ეკონომისტ ეკა თარგამაძის თქმით, ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშების განხილვა კანონის მოთხოვნაა, რაც, ძირითადად, იმ მიზანს ემსახურება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო _ საკრებულო და საზოგადოება საქმის კურსში იყოს ბიუჯეტის ხარჯვისა და შემოსავლების შესახებ.

რაც შეეხება პროგრამების შესრულების წლიურ ანგარიშებს, მათი მოსმენა და შეფასება საკრებულოში მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
თვითმმართველობის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს კი მერია საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ორი თვისა, განსახილველად წარუდგენს საკრებულოს, თუმცა შესრულების ანგარიში განხილვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, საკრებულო საჯაროდ იხილავს და აფასებს ბიუჯეტის შესრულებას, აგრეთვე შეიმუშავებს რეკომენდაციებს მომავალი, ახალი საბიუჯეტო წლისთვის, რაც აუცილებელია საბიუჯეტო პროცესის ეფექტური წარმოებისა და სახსრების მიზნობრივად გამოყენებისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შესრულებაზე, გარდა შიდა ორგანიზაციული ზედამხედველობისა, არსებობს სახელმწიფო კონტროლიც. კერძოდ, სავალდებულო აუდიტორული დასკვნა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაცემული მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე სხვა ნებისმიერი დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად გაცემული სახსრების გამოყენების კანონიერებასა და მოზნობრიობაზე კონტროლი.

სტატია მომზადებულია პროექტის `ჩემი ქალაქი _ ჩემი ფული~ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. მასალაში მოყვანილი მოსაზრებები არ გამოხატავს დონორის ოფიციალურ პოზიციას.




შემცირების მოლოდინი- რეორგანიზაცია ბათუმის უნივერსიტეტში

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. თანამშრომლების ნაწილი პანიკაშია. ისინი შიშობენ, რომ სამსახურს დაკარგავენ. რექტორის თქმით, რეორგანიზაცია იმითაა გამოწვეული, რომ “უნივერსიტეტში რაც უნდა გაკეთებულიყო, ვერ გაკეთდა”.

ნათია როყვა/ბათუმელები
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ოფიციალურად, უნივერსიტეტში 34 თანამშრომელი გააფრთხილეს. ბრძანება #2-579-ში, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერილია და 6 ოქტომბრითაა დათარიღებული (ბრძანება `ბათუმელებმა~ არაოფიციალურად მოიპოვა) წერია: `უნივერსიტეტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შტატის შემცირების გამო ვბრძანებ, გაფრთხილდეს უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ~.

ამ სიაში არიან რექტორის მოადგილე ალექსანდრე ლაშხი (ყოფილი რექტორი) დეპარტამენტების უფროსები – ომარ გივრაძე და მამია ფაღავა, რამდენიმე მთავარი სპეციალისტი, პრესსამსახურის ხუთივე თანამშრომელი, კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელები...

რექტორის მოადგილე ალექსანდრე ლაშხი ამბობს, რომ გაფრთხილება სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არ მიუღია: `ბათუმის უნივერსიტეტის დატოვება და თბილისში გადასვლა მე თვითონ მაქვს გადაწყვეტილი~.
კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი (რექტორის ყოფილი მოადგილე) პროფესორი ციცინო სარაჯიშვილი, რომელსაც გაფრთხილება მიუვიდა ამბობს, რომ ყველა ადამიანს უნივერსიტეტის მართვის საკუთარი ხედვა აქვს: `რექტორი რომ ვიყო, მეც ჩავატარებდი რეორგანიზაციას და ეს ტკივილის გარეშე არ ჩაივლიდა~. პროფესორს მიაჩნია, რომ ამ რეორგანიზაციას ადამიანები არ უნდა შეეწიროს.

სამეცნიერო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნოდარ ჩხეიძე, კომენტარს არ აკეთებს, რადგან `რა ხდება~ არ იცის: `გაფრთხილებას სამსახურის დატოვების შესახებ ხელი მოვაწერე, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი რა ხდება~.
`ეს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული სამუშაო პროცესია~, თვლის სასწავლო-აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თემურ ავალიანი, რომელსაც მსგავსი გაფრთხილებისთვის გასულ წელსაც მოუწერია ხელი.

სტუდენტთა მომსახურების სამსახურის უფროსი რეზო ოკუჯავა, ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება; წამყვანი სპეციალისტი ლაშა ბაჟუნაიშვილი კი მათი სამსახურის გაუქმებას კატეგორიულად გამორიცხავს: `კონკურსის ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან კონკურსით ვართ შერჩეულები. ჩვენი სამსახურის გაუქმება კი დაუშვებელია~. ამავე სამსახურის თანამშრომელი, თეონა აბულაძე, კონკურსის წესით რამდენიმე კვირის წინ შეარჩია ადმინისტრაციამ.

ემუქრება თუ არა ახლად არჩეულ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლება? _ უნივესრიტეტის კანცლერის მალხაზ ნაკაშიძის თქმით, `ეს გოგონა ძალიან მოგვეწონა, ავიყვანეთ სამსახურში და შემცირება არ ემუქრება. ალბათ, რაღაც გაუგებრობაა. ვიცი, რომ მაგას არ უნდა მისვლოდა ბრძანება. თუმცა, ვისაც ბრძანება მიუვიდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გათავისუფლდება~.

კანცლერის განცხადებით, უნივერსიტეტში რამდენიმე სამსახური უნდა გაერთიანდეს, შესაბამისად, შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა: `ვინც ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი, თანამშრომლობას მათთან შევწყვეტთ, შიშისა და პანიკის საფუძველი არც ერთ თანამშრომელს არ აქვს~.

უნივერსიტეტის რექტორი ალეკო ბაკურიძე კი აცხადებს, რომ გაფრთხილებულ თანამშრომლებს `შიშის საფუძველი აქვთ, ვინაიდან ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციურ დავალებას~.

რექტორი ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანების გაცნობა ვერ მოასწრო, მაგრამ მათ საქმიანობას ხუთი თვეა აკვირდება: `დავინახე, რომ უნივერსიტეტში რაც უნდა გაკეთებულიყო, ვერ გაკეთდა, დაწყებული პრესსამსახურით და კულტურის ცენტრით დამთავრებული. ბოლო ხუთი თვის გამავლობაში ვერ ვნახე თუნდაც ერთი ქმედითი, სპორტული ან კულტურული ღონისძიება, სადაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მასობრივად იქნებოდნენ ჩართულები. გაფრთხილება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემცირდება, თუმცა თანამშრომლები აუცილებლად შეირჩევა კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით. მაგალითად, პრესსამსახურში ხუთი თანამშრომელი არ მჭირდება, მაშინ, როცა პროფესორები მყავს გარეთ, უხელფასოდ. კონკრეტული პიროვნება არ მაინტერესებს, სამსახურებზე ვსაუბრობ~.

ალეკო ბაკურიძემ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ `სამსახურები არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება~. რექტორის ხელმოწერილ ბრძანებაში ისიც ხაზგასმით წერია, რომ `ბრძანება განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას, საყოველთაო გაცნობის მიზნით~. მაგრამ ეს ბრძანება, ჯერჯერობით, არც უნივერსიტეტის ვეგ-გვერდზეა განთავსებული და არც შენობაშია გამოკრული.

და ბოლოს, ქართული კანონმდებლობით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გააფრთხილოს.