div#header

Friday, September 12, 2008

სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო

ნათია როყვა/ბათუმელები
`აჭარის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბრის ნაცვლად 22 სექტემბერს განახლდება~, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, როინ ტაკიძემ। როგორც მან `ბათუმელებთან~ საუბარში აღნიშნა, ამის მიზეზი სასკოლო სახელმძღვანელოებია, რომელთა შეტანა სკოლებში 22 სექტემბრამდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე წიგნებს უფასოდ მიიღებს. `22-ში, როცა სწავლა დაიწყება ყველა მოსწავლეს წიგნები მაგიდაზე მინდა დახვდეს დალაგებული~,_ განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყების დროისთვისაც შეიძლება ყველა სახელმძღვანელო არ იყოს შემოტანილი, რადგან ზოგიერთი საზღვარგარეთ იბეჭდება.

ბათუმის უნივერსიტეტში ხელფასების გაცემა შეფერხდა

ნათია როყვა/ბათუმელები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის თანამშრომლების განცხადებით, ნაკლული ხელფასები მიიღეს, თუმცა დაინტერესებულ მხარეს საქმის გარკვევაც სურს და ინკოგნიტოდ დარჩენაც.

ბათუმის უნივერსიტეტის კანცლერის, მალხაზ ნაკაშიძის თქმით, ამ თემაზე ბევრი `მითქმა-მოთქმა~ არსებობს, მაგრამ პროფესორ-მასწავლებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ხელფასების შემცირების თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობა სტუდენტებზეა დამოკიდებული, ხოლო სტუდენტთა უმრავლესობა სოციალური პირობების გამო გადასახადს ვერ იხდიან და პროფესორებმა სწორედ ამიტომ საშვებულებო ხელფასი, რომელიც მათ წინასწარ (სწორედ მაშინ, როცა ისინი კუთვნილი შვებულებით სარგებლობას იწყებდნენ), ივლისის თვეში, უნდა მიეღოთ, დაგვიანებით სექტემბერში ჩაერიცხებათ.
`ჩვენ პროფესორებისთვის ხელფასები არც შეგვიმცირებია და არც მოგვიმატებია~, _ განაცხადა უნივერსტეტის კანცლერმა.

Wednesday, September 10, 2008

სარკოზის ახალი შეთანხმება და იძულებითი მორჩილება

8 სექტემბერს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ, დიმიტრი მედვედევსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზს შორის ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას:რუსული ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიებს ერთი თვის ვადაში დატოვებენ; ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის, სულ ცოტა, 200 დამკვირვებელი განთავსდება; ეუთოს დამკვირვებლები ცხინვალში დაბრუნებას შეძლებენ; გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში დარჩებიან; 15 ოქტომბერს საერთაშორისო განხილვები დაიწყება; სააკაშვილმა ძალის არგამოყენების პირობა დადო.
ამ შეთანხმების ანალიზი ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ.

ეთერ თურაძე/ბათუმელები
_ ბატონო პაატა, რა პოზიტიური შედეგები შეიძლება მიიღოს საქართველომ 8 სექტემბრის შეთანხმებით?
_ შედეგი ერთი ან ორი თვის შემდეგ დადგება. გუშინ დაიწყო პროცესი. ევროპამ მიაღწია ცეცხლის, ომის შეწყვეტას. ახლა იწყება ამ შედეგების გაფორმება. სადამდე მივლენ, ეს მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებები დაიწყება 15 ოქტომბერს და ალბათ, თვის ბოლოსთვის ახალ ხელშეკრულებებს მივიღებთ. შეიძლება ასეთი შეფასება გავაკეთოთ - გუშინ დაწყებულმა პროცესმა უნდა მიგვიყვანოს რაღაც შეთანხმებამდე. ალბათ, ცალკე იქნება შეთანხმებები სამხრეთ ოსეთის, ცალკე _ აფხაზეთის მიმართულებით. _ ამ რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს?
_ ქართული მხარე შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ რაც ამდეხანს გვქონდა, იმაზე უარეს ვარიანტს მივიღებთ. აქამდე ხომ ვიყავით უკმაყოფილო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებით, ახლა უფრო მეტად ვიქნებით უკმაყოფილოები. რუსები კიდევ უფრო მეტად გაავრცელებენ თავის გავლენას, როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით _ რუსეთს მივეცით საშუალება, ჩავეთრიეთ საომარ მოქმედებებში. რუსები ტყუილად არ გაიხარჯნენ, ტყუილად არ შეირცხვინეს სახელი მსოფლიოში. გახდა აგრესორი, ოკუპანტი მხარე და ახლა მაქსიმალურად გაიფორმებს როგორც აფხაზეთს, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას.
_ ეს მაქსიმალური რა იქნება, მიიერთებს?
_ რა მნიშვნელობა აქვს მიიერთებს თუ არა _ ჯარებს განათავსებს, ეკონომიკას რუსულ ეკონომიკად აქცევს, პასპორტებს დაარიგებს. ყველაფერი იქნება, გარდა გაფორმებისა.
_ გუშინ საუბარი იყო დევნილების დაბრუნებაზე...
_ ღმერთმა უწყის, ეს რამდენ წელს გაგრძელდება, შეიძლება 10-15 წელიც კი. ახალ დევნილებს უფრო მალე დააბრუნებენ. მაგრამ ქართველები იცხოვრებენ არა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, არამედ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი რაღაც წარმონაქმნის ქვეშ.
ხალხი ინდივიდუალურად გადაწყვეტს მიიღებენ თუ არა არაქართულ პასპორტებს: ზოგი მიიღებს, ზოგი _ არა. ადამიანებს ექნებათ ორმაგი ცხოვრება.
_ გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, სარკოზიმ თქვა, რომ სააკაშვილმა ძალის არგამოყენების დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც მედვედევს გადაეცა. აქამდე ამ სახის დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარს ამბობდნენ, რადგან აფხაზეთსა და ოსეთს მხარედ არ აღიარებდნენ...
_ მე დოკუმენტი არ მინახავს. როცა გამოაქვეყნებენ, მერე შეიძლება საუბარი. კარგი რომ იყოს, გამოაქვეყნებდნენ. რატომ უნდა იღებდეს თავისთავზე სახელმწიფოს მეთაური (სააკაშვილი) სხვა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას, არ მესმის. სახელმწიფოს მეთაური თავის ხალხის წინაშეა ვალდებული და არა მტრული სახელმწიფოსი.
ამ დოკუმენტით, ალბათ, თავის ხელისუფლებას უფრთხილდება. ალბათ, გარანტიები მიიღო, რომ დარჩება ხელისუფლებაში. მაგას ხომ საქართველო ფეხებზე ჰკიდია. მთავარია, თავი გადაირჩინოს და თავისი ჯგუფი გადაარჩინოს.
_ საბოლოოდ მაინც ხომ გამოჩნდება, რას მოაწერა ხელი?
_ როცა გამოჩნდება, გვიან იქნება. მაშინ სხვა რაღაც იქნება დღის წესრიგში.
მე ის უფრო მაშფოთებს, რომ რუსეთი ცალსახად აღარ თვლის საქართველოს ტერიტორიებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და ჯარებს იქ ტოვებს. ჩვენი პროპაგანდა ბრიყვულად იმეორებს, რომ რუსები ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანენ. რა, აფხაზეთი და ოსეთი აღარაა საქართველო? ცალსახად უნდა უთხრან მოსახლეობას, რომ აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან არათუ გაიყვანს რუსეთი ჯარს, პირიქით _ შეიყვანს, სამხედრო ბაზები ექნება. ასე რომ, საქართველოდან რუსეთს ჯარი არ გაჰყავს.
ახლა პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად მიდის. ჩვენ მივაღწიეთ იმას (რა არის ამაში წარმატება, არ ვიცი), რომ აღარ არსებობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. ძალიან უნდოდა სააკაშვილს და მიაღწია ამას. უხეშად ვიტყვი, ჩვენ გვაუპატიურებენ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებთ.
- თქვენი აზრით, მაქსიმალურად რომ ეცადათ ამ პროვოკაციისგან თავის არიდება, რუსეთის გაჩერება, თუნდაც დეკემბრამდე, შესაძლებელი იყო?
_ მაქსიმალურად კი არა და მინიმალურად უნდა ეცადა _ ჯარები ცხინვალსა და ოსურ სოფლებში არ უნდა შეეყვანა. სულ არ იყო მაქსიმალური გადაწყვეტილება საჭირო, რასაც დღემდე აკეთებდა, ახლაც ის უნდა გაეკეთებინა, არ უნდა ეპასუხა პროვოკაციაზე. მაგრამ ვიღაცამ დააჯერა, რომ ახლა კარგი დროა ოსეთის ასაღებად, ოლიმპიადაა და ასე შემდეგ...
- ამ ვიღაცაზე ხშირად საუბრობენ, ვინაა ეს ვიღაცა?
_ რა მნიშვნელობა აქვს ვინ, ვიღაცამ დააჯერა, რომ ახლა კარგი დროა. სააკაშვილს ჰკითხეთ. ან ვის რაში აინტერესებს ეგ ვინაა. პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზეა. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, კი ის ხალხია პასუხისმგებელი, ვინც სააკაშვილი აირჩია, ქართველი ერი.
- სარკოზიმ თქვა, რომ `შეიძლება ეს არ არის ბრწყინვალე შედეგი, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეგვეძლო~. ეს მაქსიმუმი რა შედეგია საქართველოსთვის?
_ ჩვენ არაფრისთვის მიგვიღწევია, ამას მიაღწია სარკოზიმ. სარკოზი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარეა და ის ბედნიერია, რომ საომარი მოქმედებები გააჩერა. ის მთელი ცხოვრება კონფლიქტის მომგვარებელი იქნება. მან ქულები ჩაიწერა თავისი ხალხის წინაშე და ამას შემდგომში გამოიყენებს. ქართველი ხალხისა და სარკოზის წარმატებები სხვადასხვაგვარია. მან გააჩერა სისხლის ღვრა, თითქოსდა, თბილისი აღებისგან გადაარჩინა. კი ბატონო, მაგრამ წარმატება სულ სხვა რამეა. მას სულ არ აინტერესებს, რუსეთმა აღიარა თუ არა აფხაზეთი. მთავარია, რომ ომი აღარაა.
თუ რა იქნება, ამაზე ჟენევაში ილაპარაკებენ. საუბარია იმაზე, ეს როგორ გაფორმდება.
- თქვენი აზრით, როგორ გაფორმდება?
_ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ღრმა ორმოში ჩავვარდით, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ჭაში აღმოვჩნდით. თუ ჩვენებმა ვერ დაიცვეს საქართველოს ინტერესები, სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით დავკარგავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს იცით რას ჰგავს, ექიმმა ხელი რომ უნდა მოგაჭრას, მაგრამ არ გეუბნება, შენ კი გგონია, რომ ხელი შეიძლება გადაგირჩეს. გაგიკეთებენ ნარკოზს და რომ გაიღვიძებ, ხელი აღარ გექნება.
რა იქნება, არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებულია ჟენევის მოლაპარაკებაზე. თავის დროზე ჯაბა იოსელიანი მონაწილეობდა ასეთ მოლაპარაკებებში და დღემდე ყველა იმის გვარს ახსენებს, ცუდ დოკუმენტებს მოაწერა ხელიო. ვნახოთ, როგორ კარგ დოკუმენტებს მოაწერს ხელს სააკაშვილი.
- ევროკავშირი მუდმივად აფიქსირებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს...
- გუშინდელ დოკუმენტში არსად წერია, რომ მხარეები საქართველოს ტერიტოტრიულ მთლიანობას იცავენ. 8-ში საუბარი იყო, რომ ევროპა არ მიესალმება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. შედეგებს თაობები 20-25 წლის შემდეგ იგრძნობენ. დღეს რაც მოხდა, ვერ გავიაზრებთ. ამას ჰქვია კატასტროფა. კატასტროფა, რომლის შედეგებს ანგარიში უნდა გაუწიო. თუ მთა დაინგრა, იმ მთას ვეღარ ააშენებ. ჩვენ სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით დავკარგეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შანსები. ეს ის შედეგებია, რომელსაც ქართველი ხალხი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს. ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არხეინადაა. ვერ აღიქვამს ამ მდგომარეობას ან, უბრალოდ, იტყუება. თვალში ნაცარს ხომ გვაყრიან, როცა გვეუბნებიან, რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს საქართველოდანო. როცა სააკაშვილი ამბობს, რომ რუსებს საერთაშორისო ძალები ჩაენაცვლება, ეგეც სიცრუეა, არავინ ჩაენაცვლება რუსებს. დამკვირვებლები ჩამოვლენ და შეამოწმებენ, როგორ ახორციელებს რუსეთი სამშვიდობო ოპერაციებს.
_ თქვენი აზრით, გამოსავალი აღარ არსებობს?
_ ახლა გამოსავალს ჩვენ აღარავინ გვეკითხება. გამოსავალი არის ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება. ევროპა იცავს თავის ინტერესებს და არანაირად არ დაიცავს ჩვენს ინტერესებს თუ ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაიცვა იგი. შევიგნოთ, რომ რუსეთის ყველას ეშინია. ყველა ებრძვის რუსეთის აგრესიას, რომელიღაცა X სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს X სახელმწიფო ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი სამშობლო, საქართველოა. ისინი ჭკუას ისწავლიან ჩვენ უბედურებაზე, მათაც იგივე რომ არ დაემართოთ.
- დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაციები სააკაშვილის წასვლაზეც...
- ახლა რა მნიშვნელობა აქვს მაგას - გინდ შეცვალე და გინდ - არა. სააკაშვილმა ქვეყანა დააჩოქა. იძახის, არ დავიჩოქეთო, მაგრამ არათუ დააჩოქა, წაკუზა კიდევაც. მორჩა, აღარაფერი გვეშველება. არის ქართული ანდაზა - ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოს. კი არ გააცოცხლოს, გადაათრიოსო. ახლა კეთილი ინებოს სააკაშვილმა და რაც გააფუჭა, გამოასწოროს. სააკაშვილს შეიძლება კიდევაც აწყობს აქაურობისგან მოცილება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, რაც 8 აგვისტოს წამოიწყო, გამოასწოროს.
ორჯერ მივმართე ღია ეთერით - გამოცდილება მაქვს, ვთქვათ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში და ჩამრთეთ პროცესებში-მეთქი. ზედაც არ შემომხედეს. დღეს თქვენი გაზეთით ვთავაზობ თანამშრომლობას, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. რა რეაქცია ექნება? არანაირი. მას ისეთი ხალხი სჭირდება, ვინც მის დანაშაულებრივ აზროვნებას ემორჩილება.
- თქვენი აზრით, რატომ არ არის საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ქვეყანაში დიდი ტრაგედია, კატასტროფა მოხდა...
- წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის ”ბედნიერი ერი”, თუ ამანაც არ დაგაკმაყოფილათ, წაიკითხეთ ”კაცია ადამიანი?!”. იქნებ მერე მაინც მივხვდეთ, რა მდგომარეობაში ვართ.

ჯარისკაცები ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს

”ცხინვალი დღეს ჩვენი იქნებოდა, სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება რომ არ გაეცათ”, _ ასე დაიწყო ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცმა საუბარი ”ბათუმელებთან”. რესპონდენტმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა
ნათია როყვა/ბათუმელები

”ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი და სარდალი იყო. დაბნეული ჯარისკაცების ნაწილი მინდორში ყრიდა იარაღს და უგზო-უკვლოდ გარბოდა... სარდლები და მეთაურები წინ უსწრებდნენ…

ჯავაში შესასვლელად 25 წუთი იყო საჭირო, მერე როკის გვირაბს გავამაგრებდით და მარტო საჰაერო სივრცე გვექნებოდა გასაკონტროლებელი. გვირაბის აფეთქება არა, მაგრამ დანაღმვა და მასზე კონტროლის დამყარება მანამ იყო შესაძლებელი, ვიდრე რუსის ჯარი შემოვიდოდა. კონკრეტულად ვინ გასცა სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, არ ვიცი, იქნებ სააკაშვილის ბაგა-ბაღის მინისტრებმა…
ჩვენთან სააკაშვილიც მოვიდა. რა უნდოდა დღესაც არ ვიცი, ორი ჯავშანჟილეტი ეცვა და დაცვის თანამშრომლებმა, სროლები რომ დაიწყო, სამიც თავზე დააყარეს, ძლივს გაიყვანა სპეცრაზმმა. რუსებმა გაიგეს, იქ რომ იყო და მათი გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ის ტერიტორია ჰაერში აწიეს.

უმეტესად ღამით გვიტევდნენ… კარგად დავიწყეთ, სულ 29 ავიაგამანადგურებელი ჩამოვაგდეთ. რუსი ჯარისკაცების კივილის ხმა ჩვენამდე მოდიოდა, მეცოდებოდნენ. რა გგონიათ, იმათ უნდოდათ ჩვენი ჩახოცვა? ბრძანებას ასრულებდნენ…
ომი რომ დაიწყო, პირველ დღეს ძალიან შევშინდი, მეორე დღეს შიშის დრო არ მქონდა... გორი იბომბებოდა, ბომბი თბილისშიც ჩამოაგდეს... ამ გაგანია ომში, ჩვენთან უგულავა მოვიდა და სულ მოღალატეები გვეძახა, თუ რატომ, ახლაც ვერ გამიგია. გაგვაგიჟა ბიჭები, დავყარეთ ყველამ იარაღი და ვუთხარით, რომ თითონ ებრძოლა… მერე ბოდიშები გვიხადა…

ცხინვალთან ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მიწაზე პატარა ბავშვის ხელი დავინახე... პაწუა თითების დანახვაზე, ტვინში სისხლი გამეყინა… არადა, ჩვენებს იქ არც ერთი ქალისთვის და ბავშვისთვის არ უსვრიათ.
ცხინვალი და მიმდებარე სოფლები დაცარიელებული იყო, მაგრამ ჩარჩენილებიც იყვნენ...

სიგარეტი გაგვითავდა, ერგნეთში გადავწყვიტე წასვლა, გინდ აქ, გინდ გზაში მოვკვდე-მეთქი, ვიფიქრე და სანგრიდან ამოვძვერი. ყველა მხრიდან ისროდნენ, ცოტა ქვემოთ რომ ჩავედი, ჩვენი ჯარი დავინახე მწყობრში, დაახლოებით ორი ათასი შეიარაღებული კაცი იქნებოდა, ამან მოგების ჟინი გაგვიძლიერა…

მეორე დღეს ისევ ჩავედი ქვევით, სიგარეტის საყიდლად, რამდენი უნდა გეყიდა, სამოცდაათ კაცს რომ გყოფნოდა. რისი მაღაზიები, ხალხი ან გაქცეული იყო ან მკვდარი. ის ტერიტორია, სადაც წინა დღეს ქართველი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული, დაცარიელებული იყო...
მოკლედ, ორი ოფიცერი და 70 ჯარისკაცი ალყაში აღმოვჩნდით. ცეცხლი, ალყა, მორჩა რა, დამთავრდა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ... ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენი დასასრული იყო. ყველაზე საშინელება ისაა, როცა არავისი დახმარების იმედი არ გაქვს. ტყვია-წამალიც დაგვიმთავრდა...

რაციით გავიგეთ, რომ მოპირდაპირე მხარე დაიბომბა... რამდენიმე წამში შეტყობინება მოვიდა, რომ ჩვენ ჰაერიდან დაგვიცავენ, გავიხარეთ, გადარჩენის იმედი მოგვეცა. ვხედავთ, ერთი თვითმფრინავი მოფრინავს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვეგონა და შეყუჟულები გამოვედით, გავიფანტეთ და ვესალმებით. უცებ ცაზე, ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად არ ვიცი რამდენი იქნებოდა, თვითმფრინავები გამოჩნდნენ და ახლომახლო ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს. ახლაც ვერ ვხვდები, ჩვენ რატომ არ დაგვბომბეს, ყველა გარეთ ვიყავით, მინდორში… ალბათ, ალყაში რომ ვიყავით, მაგიტომ აღარ დაგვბომბეს. ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს, კორიდორი გაგვიხსნეს, გვითხრეს, წადით რა ბიჭებოო - 22 ჩეჩენი ჯარისკაცი იყო, სამი რუსი. რამდენიმე წუთში კი ყველა ჩეჩენი ადგილზე დახოცეს, ეტყობა, რუსებმა ჩაუშვეს და ჩვენს გადამრჩენებს ვინ აცოცხლებდა.
წინა ხაზზე ვიყავით, რუსები, ჩვენს არმიაზე გამწარებულები, მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ. მაგათ მგონი რამდენიმე ათასი დაკარგეს, ჩვენ სადღაც 1200 ჯარისკაცი და დანარჩენი მშვიდობიანი მოსახლეობა... ოფიციალურად ნაკლებს ამბობენ… მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის ბიჭები სულ გაანადგურეს, მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გაქცევა მოახერხა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ბომბავდნენ მაგათ… აფეთქებდნენ ჩვენსკენ მომავალ მანქანებს, რომლებსაც ჩვენთვის ტყვია-წამალი, საჭმელი, წყალი და სიგარეტი მოჰქონდა. ბოლოს ვიხვეწებოდით, რომ არავინ გამოეშვათ...

ხომ გვწყუროდა, გვშიოდა, ყველაზე მეტად სიგარეტის ლომკა გვქონდა, მაგრამ ოსების ოჯახში როცა შევედით, მაგიდაზე დაყრილ სიგარეტებს თუ ფულს ვერც ერთი ვერ გავეკარეთ _ ერთმანეთს გადავხედეთ და გარეთ გამოვედით…
ქართული ჯარი გიჟს გავს… ბევრს ფსიქიკა შეერყა, უპატრონობით, უცოდინრობით, დაბნეულობით. ტყეში ხარ მშიერი, მწყურვალი, ომია და გეძინება … ჩვენები უაზროდ ისროდნენ ტყვიებს, ვის ესროდნენ, სად, რატომ… უბრალოდ, ისროდნენ. რადგან ომია და ყველა ისვრის, შენც უნდა ისროლო, ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი იყო. ომი, სადაც სარდალი არაა და ვერ ხვდები, ვინ რა ბრძანებას სცემს…
ომის დაწყებამდე ბრძანება გაიცა და ფორმებზე ყველას სახელი და გვარი მოგვახსნევინეს. ძნელია გაარკვიო, ვინაა მკვდარი. ხელი, ფეხი ან მარტო თავი თუ ტანი ყრია მინდორში… ბევრი გამოყვანილი არაა. მაგათ, ალბათ, ტრაქტორით თუ ახვეტენ, თორემ უკვე პატრონიც ვეღარ იცნობს თავის მკვდარს…

ერთ-ერთ ოჯახში შევდიოდით დასაზვერად ოსეთში, ჩემთან ერთად ვინც იბრძოდა, იმ ბიჭმა ხელი მკრა, გადი დანაღმული არ იყოს, შენ ცოლ-შვილი გელოდებაო. იქ კიდევ ის პონტი იყო, რომ დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად ბიჭები თავს ტყვიებს უშვერდნენ. ერთ-ერთი მომიბრუნდა და მთხოვა, თუ მომკლეს, დამმარხე, გეხვეწებიო. ბოლოს ამას ვთხოვდით ერთმანეთს _ გაყვანას თუ ვერ მოვახერხებდით, ტურების და მგლების საჯიჯგნად არ დაგვეტოვებინა ერთმანეთი…
ღალატიც ბევრი იყო. ეგენი რომ მანახა, ალბათ, შუბლს გავუხვრეტდი. ან ის კონცერტები, თბილისში რაც იმართებოდა... იმათ ორგანიზატორებს და იქ მოცეკვავეებს გაუმართლათ, რომ შემთხვევით იქ არ მოვხვდი.



დევნილების უფლებებზე აქამდე არავის უფიქრია

ნელი კუხალეიშვილი, ინგლისური ენის სპეციალისტი,
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული

ამ მოვლენის განხილვა ჰააგის სასამართლოში მაშინვე უნდა მომხდარიყო, როგორც კი ჩვენ იქედან გამოგვდევნეს. ჩვენ, დევნილებს მაინც უნდა გვევარგა. მობილიზება გაგვეკეთებინა და დაგვეწყო ეს პროცესი, მაგრამ მაშინ ისეთი დათრგუნულები და შეურაცყოფილები ვიყავით, ამაზე არც გვიფიქრია. სამასი ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მარტო სვანეთის გზაზე რამდენი დაიღუპა, ამის სტატისტიკაც არ არსებობს. დამცირებული ვიყავით იმითაც, რომ არავის აინტერესებდა ჩვენი მდგომარეობა და ბედი.

იმის დასამტკიცებლად, რომ დისკრიმინაცია ნამდვილად მოხდა, სტატისტიკაც საკმარისია _ რამდენი ადამიანი იქცა დევნილად, რამდენი დაიღუპა. არქივით და მონაცემებით ამ ყველაფრის დამტკიცება შეიძლება. მარტო ის კადრები რომ აჩვენონ, როგორ მოდიოდნენ ადამიანები ზამთარში, სვანეთის გავლით აფხაზეთიდან. ჩვილი ბავშვებით მორბოდნენ, უკან კი ყუმბარებს ესროდნენ.
რუსულ არხებზე ამ კონფლიქტის განხილვისას მესმის, ქართველები აფხაზებს მეორეხარისხოვნებად მიიჩნევდნენო. აქაც სტატისტიკა ნახონ. რამდენი ქართულ-აფხაზური ოჯახია. კარგი ურთიერთობები რომ არ ყოფილიყო, განა ოჯახები შეიქმნებოდა? ისიც ნახონ, რამდენი ოჯახია აფხაზურ-რუსული. ამ ბრალდებებს ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა უნდა უპასუხონ. ოღონდ, ყველაფერ ამას დამტკიცება სჭირდება.

თანამდებობების პირები ვინ იყვნენ? თავად ბაღაფში ვინ იყო? ოჩამჩირეში, საიდანაც მე ვარ, რაიკომის პირველი მდივანი იყო. შემდეგ სოხუმში გადაიყვანეს. სამეცნიერო დაწესებულებებსა და სახელწიფო სამსახურებშიც ყველა თანამდებობაზე აფხაზი მუშაობდა. ისინი ბერიასა და სტალინის დროს იხსენებენ, აფხაზური სკოლები დაგვიხურესო, მაშინ ყველა ტერორში იყო და ამაში ქართველების ხელი არ ურევია. პროვოკაცია რუსებმა შემოგვიგდეს და ჩვენ ეს `ვჭამეთ~.

ის, რაც აფხაზეთიდან დევნილებმა გადავიტანეთ, საშინელებაა. გახსენებაც არ მინდა. სალაპარაკო იყო, რა უნდათ დევნილებს ქალაქის ცენტრში, სასტუმროებში რომ ცხოვრობენო. სასტუმრო არც ბათუმის ცენტრში მჭირდებოდა და არც თბილისის, ჩემი სახლი მერჩივნა. არა მარტო ახლო ნათესავები, მეზობლები და მეგობრები დავკარგე, არამედ ფესვები დავკარგე. აქ არავინ იცის, ვინ ვარ. 40 წლის ასაკში თავიდან დავიწყე ცხოვრება. ჩემი ახლობლები, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, ზოგი სად არის და ზოგი სად.
როცა საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, მხოლოდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ. დევნილების სახელითაც ვლაპარაკობ. ჩემი უფლებები რომ შეილახა, ამაზე ვინ იფიქრა? ჩემს ძმიშვილებს და ძალიან ბევრს იმის კომპლექსი ჰქონდა, რომ დევნილი ერქვა. არ ვიცი, რა მოხდება ამ სასამრთლო პროცესზე. აქ მოგების შანსი 50\50-ზეა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ამის შესახებ ალაპარაკდნენ. არ შეიძლებოდა, ეს დამალული ყოფილიყო. როგორ შეიძლება 300 ათასი ადამიანის ბედი არავის აინტერესებდეს?!

ახალქალაქელები ომის შესახებ

რა ხდებოდა ჯავახეთში აგვისტოში? რა განწყობაა მოსახლეობაში? საიდან იღებენ ადგილობრივები ინფორმაციას და როგორ აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს?

რიმა ღარიბიანი, ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
1 სექტემბერს, ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე 200-მდე მოქალაქემ ქართულ-ოსური კონფლიქტისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.
ცოცხალ ჯაჭვში სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები ჩაებნენ. მოსახლეობა მხოლოდ დამკვირვებლის როლში იყო.
ახალქალაქელებს ომი უშუალოდ არ შეხებიათ. მათ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მაგრამ ომის დაწყებას ყველა განიცდიდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 200 იძულებით გადაადგილებული პირი შეიფარა. ნაწილი ნაცნობებთან დაბინავდა, ნაწილი კი ქალაქის სხვადასხვა შენობებში შეასახლეს.

`ლტოლვილები სოფლებში: ხულგუმოში, დილისკასა და სხვებში დაბინავდნენ। ამ სოფლებიდან ისინი უკვე წავიდნენ. კოთელიაში დარჩენილი ოთხი დევნილი კი დახმარების მისაღებად ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის~, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამმართველოს ხელმძღვანელი რაფაელ თოქმაჯიანი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა თითოეულ დევნილს დღეში ხუთი ლარი გამოუყო। იძულებით გადაადგილებულ პირებს ფინანსური დახმარება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმაც გაუწიეს. სამსახურების ხელმძღვანელებმა ხელფასიდან 50 ლარი, ხოლო სპეციალისტებმა 20-20 ლარი გაიღეს. ლტოლვილებს დახმარება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ `მერსი ქორი~, დახმარება შემოვიდა რეგიონული ცენტრიდანაც.

ადგილობრივ მოსახლეობას ლტოლვილთა დახმარებაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან საჭიროება არ იყო. მაგრამ ხალხი ამბობს, რომ დევნილებს სიამოვნებით შეიფარებდნენ.
ახალქალაქის მცხოვრებნი თანაუგრძნობენ ორივე მხარეს დაღუპულთა ოჯახებს। ისინი დაძაბულად ადევნებენ თვალს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას, რადგან უმრავლესობას რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს.

`მინდა, საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. რუსეთში ვსწავლობდი. მაშინ ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსეთთან საუკუნოვანი კავშირი გვაქვს. სჯობს, ახლო მეზობელთან ვიმეგობროთ, ვიდრე შორეულთან~, - ამბობს ექიმი-გინეკოლოგი კლარა პეტროსიანი.

კლარას სამივე ქალიშვილი რუსეთში ცხოვრობს. მისი თქმით, მოსახლეობა ფინანსურად და გეოგრაფიულად რუსეთზეა დამოკიდებული. იგი იმედოვნებს, რომ ოდესმე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მოგვარდება, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არარეალურია. ექიმი არავის ადანაშაულებს.

`ვინც არ უნდა ომობდეს, უარყოფითად ვარ განწყობილი. ომი საქართველომ დაიწყო, რადგან მათ თავიანთი მიზეზები ჰქონდათ, საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა არ უნდოდათ. ვინც უნდა იყოს დამნაშავე, ორივე მხარე მეცოდება. ეს პოლიტიკური საკითხია, შედეგად კი უბრალო ადამიანები ზარალდებიან~, - ამბობს პეტროსიანი.
მოსაზრებას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამა თუ იმ ხარისხით რუსეთზეა დამოკიდებული, ბევრი იზიარებს.

სტუდენტი იუჰაბერ კაზარიანი მიიჩნევს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ არ უნდა დაეწყო, რადგან გამარჯვების შანსი არ ჰქონდა.। მისი მამა ოჯახის შესანახად ყოველწლიურად რუსეთში დადის სამუშაოდ. იუჰაბერს უნდა, რომ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგეს.

`ისეთი ურთიერთობა მაინც დამყარდეს, როგორიც ომამდე იყო। საქართველოსა და რუსეთს მაინცადამაინც კარგი დამოკიდებულება არც მაშინ ჰქონდათ, მაგრამ ახლანდელთან შედარებაც არ შეიძლება~, - ამბობს სტუდენტი.

პროფესიით ჟურნალისტ ნინო მახარაძეს რუსეთში ბევრი ნათესავი ჰყავს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მისთვისაც არასასურველია. მაგრამ, ომის შემდეგ ნინოს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს:
`რუსეთს ჩვენთვის მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წართმევა არ უნდოდა, სადამდე მოვიდნენ, თავადაც ხედავთ, შესაძლოა, მომავალში წავიდეთ რუსეთში, მაგრამ ახლა საერთო არაფერი მინდა ამ ქვეყანასთან~.

ნინო მახარაძე მიმდინარე მოვლენებს ქართულ და რუსულ სატელევიზიო არხებზე ადევნებდა თვალყურს। ამბობს, რომ რუსული მასმედია ობიექტური და დამოუკიდებელი არ იყო: `მათ თავისუფალი პრესა არ გააჩნიათ. ამბობენ, რომ საქართველომ თავისი ხალხი გაწირა, მაგრამ როგორ შეეძლო ჩვენს ქვეყანას ეს გაეკეთებინა?! სროლა მათ დაიწყეს და ჩვენ ვუპასუხეთ~.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, ძირითადად, რუსულ არხებსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა `მოამბეს~ სომხურ თარგმანს უყურებს, რომელიც დღეში ერთხელ, მხოლოდ საღამოს რვა საათზე გადის। ომის პერიოდში საინფორმაციო გადაცემების სიხშირე არ გაზრდილა, მხოლოდ ხანგრძლივობა გაიზარდა ორ საათამდე.

ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე საუბრობს, რადგან ქართული არ იცის। ამიტომ მოსახლეობა ინფორმაციას, ძირითადად, რუსული და სომხური არხებიდან იღებს. მოსახლეობაში რუსული პროპაგანდის გავლენა იგრძნობა. აშკარაა, რომ ჯავახეთში საინფორმაციო ომი რუსეთმა მოიგო.

სოფელ ბავრას მცხოვრებმა ჟორა შირინიანმა არ იცის, რომელ ინფორმაციას ენდოს, რადგან იგი ორ, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად საწინააღმდეგო ვერსიებს ისმენს। შირინიანი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქართულ ვერსიას იჯერებს, ზოგჯერ კი _ რუსულს. მას სურს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, რადგან მისი თქმით, სოფელ ბავრასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია: `სოფელში დაახლოებით 400 ოჯახია, 200-მდე ადამიანი წელს სამუშაოდ რუსეთში წავიდა~.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შირინიანს საქართველოს `კარგად ყოფნა~ სურს და არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ექნება ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა: `რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მთავრობა, ჩვენც მით უკეთ ვიცხოვრებთ”.

ფოთი - რუსული ბომბების სამიზნე

9 აგვისტო, 00।15 საათი. ფოთის პორტში პირველი რუსული ბომბი ვარდება, მერე მეორე, მესამე და ბოლოს მათი რიცხვი 8-ს აღწევს. 12 დაღუპული და 52 დაჭრილი ნავსადგურის მუშა და დაცვის თანამშრომელი. თავშესაფარი არსადაა, ყველგან ხანძარი და რუსული ბომბები მძვინვარებს...
ლაშა ზარგინავა/ფოთი/სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”
ფოტო : ნ.ცეცხლაძე/ბათუმელები
დაახლოებით ნახევარი საათი ადამიანებს იმის გაფიქრებისთვის სჭირდებათ, თუ რა მოხდა, თუმცა მანამ ყველა ექიმის, ექთნისა და სანიტრის ფუნქციას ითავსებს... ქალაქს სახანძროებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების საყვირის გაბმული კივილი აყრუებს। არ კმარა არც მანქანა, არც ექიმი და არც სისხლი, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა სრულიად უდანაშაულოდ დაკარგა და საბედისწერო გახდა.


მთლიანად შეწყვეტილია ნავსადგურის ელექტროფიკაცია, რაც დაუცველობის, უფრო მეტი, ომის საშინელების განცდას აათკეცებს.
საერთო გნიასში, ერთადერთ სიტყვას თუ გაარჩევ _ `მიშველეთ!~
ამის შემდეგ, ყურადღების ცენტრში საავადმყოფოები ექცევა, სადაც ზოგი თავის მიცვალებულს ეძებს, ზოგიც _ დაჭრილს. ნავსადგურში კი, სამარისებური სიჩუმე ისადგურებს, რუსულმა ბომბებმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა.
ბომბების უმრავლესობა იყო მსხვრევადი ტიპის, ე।წ კასეტური სისტემის, როგორსაც, ძირითადად, ცოცხალი ძალის დასაზიანებლად იყენებენ.


დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საკონტეინერო ტერმინალის ოფისები, ელექტროტრანსფორმატორი; დაზიანდა მახლობლად მდებარე სხვადასხვა აღჭურვილობა: სატვირთო მანქანები, მისაბმელები და ტერმინალზე განთავსებული რამდენიმე კონტეინერი.


მას შემდეგ, დღემდე ფოთის ნავსადგური ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაჯდა. დატვირთულია სამრეწველო პორტის მხოლოდ 35-40%. უცხოურმა გემებმა ფოთს ზურგი აქციეს.
`ტვირთნაკადის შემცირების გამო, ნავსადგურმა 2 მლნ। აშშ დოლარი იზარალა, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. 1 მლნ 100 ათასი დოლარის ზარალი მიადგა თურქულ-ქართულ ნავთობკომპანია `ჩენელ ენერჯის~. კასეტური ბომბის ნამსხვრევებმა მისი რეზერვუარები დააზიანა. ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ~, _ აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნავსადგურის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ლემონჯავა.


საერთაშორისო სასამართლოში ჩივილის თაობაზე განცხადება 16 ივნისს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალურ დირექტორად დანიშნულმა ალან მიდლტონმაც გააკეთა। ინგლისელი ხელმძღვანელის თქმით, „ჩემი და ჩემი კომპანიის უპირველესი მიზანი, ფოთის პორტის და საერთოდ, ამ რეგიონის განვითარებაა, რათა თანამედროვე მსოფლიო რუქაზე ფოთმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. აქ ჩაიდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია, გაჩნდება ათასობით სამუშაო ადგილი. პირველ რიგში დასაქმდება და უპირატესობა მიენიჭება ამ რეგიონის მოსახლეობას. რაც შეეხება ნავსადგურის თანამშრომლებს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათ რაიმე საშტატო ცვლილება არ ემუქრებათ, პირიქით, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათ გადამზადებას და შევუქმნით ისეთ სამუშაო პირობებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას“.


ალან მიდლტონი ნავსადგურში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ფოთის პორტის მმართველ კომპანიად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად არაბული - `ღAK Iნვესტმენტ Aუტჰორიტყ~ გამოვლინდა। ფოთის საზღვაო ნავსადგურის 51 პროცენტი და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული ოთხი ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით შპს `რაკ საინვესტიციო სააგენტოს~ 15 აპრილს საზეიმო ვითარებაში თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადასცა. სახელმწიფო, პორტის აქციების 49 პროცენტს და ე.წ. `ოქროს აქციას~ იტოვებს. კუთვნილი წილიდან მთავრობა ნაწილის ადგილობრივ საფონდო ბაზარზე გატანასაც გეგმავდა.


`რაკ საინვესტიციო სააგენტო~ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პორტის აშენებას აპირებს, რაშიც დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება। გარდა ამისა, დაგეგმილია, ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, 40-მდე ახალი საწარმოს აშენება. პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის განმარტებით, ახალ პორტში თავდაპირველად აქცენტი საკონტეინერო ტერმინალებზე გაკეთდება. ახალი პორტი, დაახლოებით 100 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად განვითარდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც~.


რამდენადაა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი რუსული საოკუპაციო ჯარების მხრიდან განხორციელებული საომარი ქმედებების შემდეგ? ეკონომიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ფოთის პორტში მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად შეფერხდება: `ვფიქრობ, დღეს სახარბიელო დრო არ არის იმისათვის, რომ ფოთში ტენდერი გამოცხადდეს। არაბული კომპანია, რომელსაც აღებული აქვს მართვის სადაავეები, ჯერჯერობით, არაფრის გაკეთებას არ ფიქრობს, არადა ყველას ახსოვს, როგორი იმედებით შემოვიდა ეს კომპანია, რამხელა გეგმები ჰქონდა. კონფლიქტებამდე არაფერი გაუკეთებიათ და ეჭვი მეპარება, ამ სიტუაციაში რამე გააკეთონ. რაც შეეხება ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ჩემი აზრით, მას დიდი პერსპექტივა აქვს. მთავარია, ყველაფერი სწორად გაკეთდეს, კვლავ აღვადგინოთ ინვესტორებთან ნდობა. თუმცა, არავინ ამბობს, რის გაკეთებას აპირებს~.


გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი ექსპერტი ლადო პაპავა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ძვრები მაშინვე იქნება, როცა საქართველოს ტერიტორიას რუსული საოკუპაციო ძალები დატოვებენ.
`საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, ეკონომიკა მანამ ვერ განვითარდება, სანამ რუსული შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიას არ დატოვებენ। იმედი მაქვს, ევროპა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას მანამ აიძულებს, სანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს ეკონომიკური საფრთხე დაემუქრება~.


რუსი ჯარისკაცები ისევ დაუღალავად აგრძელებენ სანგრების თხრას, გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე, აწიოკებენ და აყაჩაღებენ მშვიდობიან მოსახლეობას და კერძო მეწარმეებს। ქალაქის შემოსასვლელ ხიდთან, ე.წ `მეშვიდე კილომეტრთან~ რუს ჯარისკაცებს ერთი შეხედვით, ძალიან პატარა ტერიტორია უჭირავთ, მაგრამ თუ კარგად განვსაზღვრავთ ამ ადგილის მნიშვნელობას, მათი დისლოკაციის ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული. `მეშვიდე კილომეტრიდან~ ყველაზე ხელსაყრელია ფოთის პორტში შესასვლელი და გამომსვლელი ყველა ტვირთის კონტროლი, რომელმაც ეს გზა უნდა გაიაროს სამანქანე ან სარკინიგზო ტრანსპორტით. რუსული ხომალდები აკონტროლებენ პორტში შემსვლელ და გამსვლელ გემებსაც.


ფოთში განლაგებული ბლოკ-პოსტის მეშვეობით რუსებმა შეძლეს იზოლაცია გაეკეთებინათ ისტორიული `აბრეშუმის გზისთვის~, სადაც ამჟამად იშვიათად თუ გადაადგილდება ტვირთები ევროპიდან აზიისკენ და პირიქით.


მეორე, ასევე სტრატეგიული ტერიტორია, რომელსაც ამჯერად რუსები იყენებენ, ნაბადას უბანში მდებარეობს, იქ სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს და ახლო მომავალში ახალი, არსებულზე თითქმის ოთხჯერ დიდი სიმძლავრეების პორტი უნდა აშენებულიყო. არაბულ `რაკ ინვესტმენტს~ უკვე ჰქონდა შერჩეული 100 ჰექტარი ტერიტორია.


უიმედო განწყობაა ხალხში। ფოთელი მზია დანელიას ოჯახმა რუსული ინტერვენციის სიმწვავე ისევე იგრძნო, როგორც ათასობით სხვა ფოთელმა ოჯახმა: `ეს საშინელება იყო, გვეგონა ბომბები პირდაპირ ეზოში ცვიოდა. გასაქცევი არსად გვქონდა, იმ წუთებში ყველანი დაუცველები ვიყავით. ის გავიფიქრე, შვილები სად დამემალა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს, ფოთში განმეორდა ის, რაც ამერიკაში 11 სექტემბერს ხდებოდა. არ იცი, როდის მოგადგებიან კარზე, რას გააკეთებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ესენი აქედან უმოკლეს ვადაში უნდა გაიყვანოს~.


რუსული აგრესიის უარყოფით შედეგებზე საუბრობს ფოთელი ზურაბ აბრალავაც, `ფოთი, ერთი პატარა ქალაქია, სადაც დატვირთვა ეკონომიკაზე იყო, ეს არ გახლდათ რაიმე სტრატეგიული დანიშნულების ქალაქი. არ მესმის, რა საჭირო იყო აქ მათი შემოსვლა მძიმე შეიარაღებით?! რაც ეს ჯარები ქალაქში შემოვიდნენ, ხელსა და თვალს შუა გაქრა ყოველგვარი ეკონომიკური პერსპექტივა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სიკეთე. ეს უცხოელებიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგნენ და წავიდნენ. არავინ გაჩერდება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბომბები ციდან სეტყვასავით ცვივა~.


60 წლის ლორა დადიანი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა რუსულმა ჯარმა დაუყოვნებლივ დატოვოს ქალაქი: `ნიკორას~ ქარხანა ორჯერ დააყაჩაღეს მთვრალებმა, როცა უნდათ მაშინ უდანაშაულო მოსახლეობის ხან ძროხას კლავენ და ხან ღორს. ლეკიანობაა თუ რა ხდება? ქუჩაში ახალგაზრდები ვეღარ გამოდიან, ეშინიათ, რუსი არ დახვდეს და არ ცემოს, ან არ ესროლოს. ეს ცხოვრება კი არა ჯოჯოხეთია. რას უყურებს ჩვენი მთავრობა, მაინცადამაინც მათ უნდა შეუვარდნენ სახლებში. ბუშის აღშფოთება უშველის გაჭირვებულ ხალხს?”
დაკარგავს თუ არა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავის ხიბლს და აქცევენ თუ არა ზურგს ინვესტორები ფოთს, ეს მას შემდეგ გაირკვევა, როცა რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ.


: ნ

პოლიტიკური და სამხედრო შეცდომები

`რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოში არის პრობლემები, როგორც თავდაცვის, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს~, _ ამ შეფასებას ცხინვალის ომის შემდეგ, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის _ `არსენალის~ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი აკეთებს. `ბათუმელებთან~ იგი ბრძოლის დროს დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათ: საქართველო ნატოს საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემაში ჩაერთო, როგორც განაცხადეს, რადარების აღდგენის შემდეგ, ერთიანი სისტემა ამოქმედდება, რა იგულისხმება ამაში?
ი.ა: ნატოს საინფორმაციო სივრცეში რეალურად, უფრო ადრე უნდა ჩართულიყო საქართველო, რადგან ამაზე შეთანხმება მიღწეული იყო. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ დროულად მოხდებოდა 50 თვითმფრინავის დანახვა, რომელიც საქართველოს საზღვრებისკენ მოემართებოდა. ქართულ საჰაერო სივრცეს თურქეთიც აკონტროლებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე. 10 კილომეტრზე ქვემოთ კი, მთების გამო, თვითმფრინავების დანახვა უჭირთ. ამიტომ ნატოს სისტემაში ჩართვა დაგვეხმარება დროულად მივიღოთ ინფორმაცია საჰაერო სივრცეზე. განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოკატორები რუსეთისა და კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით.
ბათ: ევროპაში ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომაც გააკეთა განცხადება. ეს რას ნიშნავს, საქართველო და უკრაინა შემოდგომაზე აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები?
ი.ა: მაპ-ის საკითხი ხელმეორედ დეკემბერში უნდა განიხილონ, მაგრამ არავინ იცის, მანამდე რა მოხდება. ვფიქრობ, უკრაინაში ამ დღეებში ვითარება სერიოზულად დაიძაბება. ეს ვითარება უკრაინას რამდენად შეუშლის ხელს, ამის პროგნოზირება ძნელია. ევროპა არ არის ერთიანი. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
ბათ: რა გაქვთ მხედველობაში?
ი.ა: გარკვეული გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ყველაფერი მყიფეა. მსოფლიო ასე თუ ისე გაწონასწორებული იყო, მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ აირია. თუ ევროპაში ფიქრობენ, რომ ეს პროცესები საქართველოს დონეზე გაჩერდება, ცდებიან. ამას მოჰყვება უკრაინა, რომლის ნიშნებიც გამოჩნდა და აზერბაიჯანსაც შეექმნება პრობლემები. რუსეთი შეეცდება, დაბლოკოს ნავთობსადენი ან მასზე დაამყაროს კონტროლი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთმა ნავთობსადენს ოპერატიულ ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები, _ ფოთთან `ტოჩკა უ~ და თბილისთან, სულ ახალი რაკეტა _ `ისკანდერ მ~-ი ესროლა, რომელიც სულ რაღაც 40 მეტრით ასცდა ნავთობსადენს.
ბათ: მოსკოვი `კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების~ ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შედიან, ცხინვალისა და სოხუმის ჩართვას აპირებს. რუსეთს ამ გაერთიანებით ნატოს ალტერნატივის შექმნა ხომ არ სურს?
ი.ა: ამ გაერთიანებაში დიდი ხანია უნდოდათ საქართველოს მიღებაც. რუსეთს არ უნდა მისი სამხრეთი საზღვარი ნატოს კონტროლის ქვეშ მოექცეს, ამიტომ არის გაგიჟებული. მას შეეძლო უარესის გაკეთება საქართველოში, მაგრამ შეაჩერეს. თუმცა, იგივე სარკოზი და მერკელიც არიან იმაში დამნაშავე, რაც საქართველოში მოხდა. აქ უკვე დასწრება იყო მთავარი _ თუ ნატოში ვერ შევასწრებდით, დიდი შანსი იყო, რომ რუსეთი ომში ჩაგვითრევდა.
ბათ: თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებენ საქართველოს და უკრაინას ნატოში, რუსეთი შეჩერდება?
ი.ა: რუსეთმა ევროპას აჩვენა, რომ თავხედობა შეუძლია. ახლა ნატომ და ევროპამ უნდა აჩვენონ, მათ რა შეუძლიათ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მტკიცე აღმოჩნდება ევროპა და არ იქნება მხოლოდ პრაგმატული. ვნახეთ, რომ რუსეთს საქართველოს სუსტმა თავდაცვამაც კი საფრთხე შეუქმნა, თუ ევროპაში შეჰყოფს ცხივრს, იქ უარესი მოუვა.
ბათ: მოსკოვი მოითხოვს, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდეს. ეს შესრულებადია?
ი.ა: რუსეთს არ აქვს ამის მოთხოვნის უფლება, ეს გაეროს გადასაწყვეტია. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას უფლება აქვს იყიდოს ან გაყიდოს იარაღი.
ბათ: ამ ეტაპზე შეიარაღებაზე აქცენტის გაკეთება საჭიროდ მიგაჩნიათ?
ი.ა: ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ყველაფრის ანალიზია, რაც მოხდა. როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. არმიაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე, რადგან ამ ომმა რეალურად გვანახა ჩვენი მინუსი. ვისაც სწავლა უნდა, ისწავლოს, ვისაც არ უნდა _ წავიდეს. ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც კადრებია. ხალხის გარეშე ყველანაირი ტექნიკა არის ჯართი. აღლუმზე გამოსვლა და წვრთნებზე ყოფნა სხვაა, ომი კი _ სხვა. არმიაში მხოლოდ ის უნდა მსახურობდეს, ვინც ბრძოლის ველზეც ჯარისკაცია.
ბათ: მაინც რა შეცდომები იქნა დაშვებული?
ი.ა: კონკრეტული შეცდომები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ რამდენი თვითმფრინავიც არ უნდა ჩამოგვეგდო, რეალურად, დანარჩენი საქართველო მაინც დაუცველი აღმოჩნდა. ქალაქები, აეროდრომები, საზღვაო სივრცე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და მთელი მოსახლეობა დაუცველი იყო. თავდაცვა არ ნიშნავს იმას, რომ რა შეიარაღებაც გაქვს, მხოლოდ კონფლიქტის ზონაში განათავსო. სერიოზული პრობლემები იყო კავშირგაბმულობისა და მმართველობის მხრივ. ბრძოლის დროს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებას ტელეფონებით ცდილობდა, ვერ წარმოიდგენთ, რა საგიჟეთი იყო. ამას ოფიცრების სუსტი მომზადება და პანიკაც დაემატა. უფრო მეტი პრობლემები იყო დაშვებული პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე სამხედრო დონეზე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, საომარი მოქმედებების წარმართვაში სახელმწიფო მოხელეებიც ერთვებოდნენ, რაც დაუშვებელია.
ბათ: როგორც ვიცით, თავდაცვის სამინისტროს აქვს სტრატეგიული თავდაცვის სისტემის დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი იყო თუ არა კომპეტენტურად შემუშავებული?
ი.ა: ფურცელზე დაწერილი სხვაა, რეალობა - სხვა. არ ვიცი. ახლა, მთავარია, იმის ანალიზი გაკეთდეს, რაც მოხდა.
ერთი რამ ცხადია, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ამაში იგულისხმება ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამებიც ფეკალურ მასებზე და ის ქმედებებიც, რასაც პოლიცია აკეთებდა დაკავებული რუსი სამხედროების მისამართით. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში შემოსვლისას ის ჯარისკაცები და ოფიცრები ჩადიოდნენ საშინელებებს, რომლებიც ჩვენმა პოლიციელებმა კამერების წინ დააჩოქეს და ეთერში ატრიალეს მთელი კვირა. როგორ ფიქრობთ, ამას დაივიწყებდნენ ისინი?
ბათ: რამდენად ადეკვატურია თავდაცვაზე დახარჯული თანხები?
ი.ა: თავდაცვაზე თანხები უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ის, რაც თავდაცვის სამინისტრომ 15 მილიონად იყიდა, 9 მილიონადაც შეგვეძლო გვეყიდა. ამის მტკიცებულებები მაქვს და დამიწერია კიდეც, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი `ატკატებში~ იცვლებოდა. ამის შემდეგ სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ. ახლა საქართველო ზამბარას ჰგავს. ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც. ზამბარა აუცილებლად გაიშლება, მთავარია, არ გადატყდეს.


თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან

`საქართველო არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ინვესტიციების ჩადება. აქ თქვენ ბიზნეს საფრთხე არ ემუქრება”, _ ასე განმარტავს ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAჩ) დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ევროკავშირის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ.
ირმა ზოიძე/ბათუმელები


”თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი საშუალებაა, როცა ქვეყნები ერთმანეთთან სატარიფო ბარიერების გარეშე ვაჭრობენ”, _ ამბობს ექსპერტი, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს სწავლობს.

დასავლეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი სხვადასხვაგვარია. იგი სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადების გაუქმებას გულისხმობს, მაგრამ თუ შეთანხმება ეგრეთ წოდებულ ”ღრმა თავისუფალ ზონებზეა”, მაშინ შეღავათები სოფლის მეურნეობის, ფულად-საკრედიტო და მომსახურების სხვა სფეროებზეც ვრცელდება. ”ქართულ მხარეს სწორედ ასეთ რეჟიმს სთავაზობენ და მოლაპარაკებებიც სწორედ ამაზე მიდიოდა”, _ აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება ევროპელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება და ისინი თავიანთ ბიზნესს გადახედავენ: ”თუ ასეთი რეჟიმი ამოქმედდა, დასავლელი ინვესტორები, რომლებიც პროდუქციას ჩინეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ, რათა მერე ევროპაში შეიტანონ, რატომ წავლენ ასე შორს?! თავიანთ საწარმოს ისინი საქართველოში გადმოიტანენ და აქვე დააბანდებენ კაპიტალს~.
დღევანდელ სიტუაციაში ასეთ რეჟიმზე მსჯელობა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი უფროა, ვიდრე ეკონომიკურის. თუმცა, ეს შეთავაზება შეიძლება ყველა იმ რისკ-ფაქტორების საპირწონეც გახდეს, რაც საქართველოში არსებობს, _ მიიჩნევს ექსპერტი და დასძენს, რომ სწორედ რისკ-ფაქტორების დასაბალანსებლადაა აუცილებელი ამ შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან: `ეს პოლიტიკური სიგნალიცაა. თუ ევროკავშირი აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ე.ი. დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა, მუშაობს კანონი, შეთანხმებები, რომლებიც აქ დაიდება სრულდება, რომ მათ ბიზნესს არავინ შეავიწროვებს, კორუფცია მოთოკილია, საბაჟო და სხვა სამსახურები შესაბამის რეჟიმში იმუშავებენ. ეს კარგი სიგნალია ინვესტორებისთვის”.

`ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურება აქვს გადაწყვეტილი, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის ფართო არეალის საშუალებით, როგორც კი ამისათვის აუცილებელი პირობები იქნება შექმნილი~, _ აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი რეჟიმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება. `აუცილებელი პირობების~ შექმნა მეტწილად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. გარდა სატარიფო ბარიერების მოხსნისა, ეს რეჟიმი შიდა ბარიერების მოხსნასაც გულისხმობს, ანუ იმ კანონების ჰარმონიზაციას, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე, ახდენენ ზემოქმედებას.
`უნდა შეიცვალოს სურსათის უვნებლობის პოლიტიკა, უნდა დაწესდეს კონტროლი, შეიქმნას ფიტოსანიტარული სამსახურები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებით იმუშავებენ~, _ აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტის აზრით, გამორიცხული არ არის, რეფორმის სწრაფად გასატარებლად საჭირო ხარჯი (რაც ქართული მხრიდან სტანდარტების ამოქმედებას შეიძლება დასჭირდეს) ევროკავშირმა გაიღოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, შესაბამისი პირობების შესრულებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ერთი წელიც კი იმ ხელშეკრულების ამოქმედებას, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსთან გაფორმდება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინვესტიციების დაბანდებას და ადამიანების დასაქმებას უკავშირდება, იაფი მუშახელია। ამის, ასე ვთქვათ, გამოცდილება აჭარაში უკვე არსებობს. რეგიონში გახსნილ შვიდ სამკერვალო ფაბრიკაში მომუშავე ადამიანები, სადაც, ჯერჯერობით, ყველაზე მეტი მუშახელია დასაქმებული, დაბალ ხელფასს უჩივიან. კახა გოგოლაშვილი ირწმუნება, რომ მდგომარეობა ამ მხრივაც გამოსწორდება, რადგან ევროპული ინვესტიციების შემოდინება ბაზარზე ახალი ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს და `მუშახელის ფასი~ გაიზრდება.

სამუშაო ადგილების გარდა, ექსპერტის აზრით, სამუშაოს ფორმების არჩევანის საშუალებაც იქნება: `მაგალითად, ჩინეთში იაფი მუშახელია, მაგრამ საუბარი არ არის მხოლოდ იმ წარმოებაზე, სადაც ასეთი მუშახელია საჭირო। არის სხვა სფეროები, უფრო მაღალტექნოლოგიური ოპერაციებით, რომლებიც გაცილებით მეტ ინტელექტს მოითხოვს, ვიდრე ტექსტილის წარმოებაში მარტივი ოპერაციების შესრულება. აქ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას. მხოლოდ მუშახელზე კი არა, ნებისმიერი ტიპის პერსონალზეა საუბარი~.

რა პერსპექტივები აქვთ ადგილობრივ ბიზნესმენებს და რა შეიძლება მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ჰქონდა და აქვს GშP+ ცალმხრივი შეღავათები। ეს 2700 დასახელების სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადების დაახლოებით 90-პროცენტიან შეღავათს გულისხმობს. ამით ქართული მხარე თითქმის არ სარგებლობდა. `ევროპაში თავისუფალი კონკურენციაა და ყოველთვის შეიძლება თავის დამკვიდრება, ძლიერი და კონკურენტუნარიანი თუკი იქნები. თავად ბიზნესმენებმა თუ არ გამოიჩინეს მარიფათი, ისე ფიანდაზად არავინ მიართმევს ბაზარს. ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა ამ უკანასკნელის ხარისხზეა დამოკიდებული, აგრეთვე მარკეტინგზე _ რამდენად ორიგინალური და მიმზიდველია შენი პროდუქცია. ჩვენთან, შესაბამის დონეზე, არც წარმოების და არც ბიზნესის კულტურა არ არის, ბაზრებზე თავის დამკვიდრება ამიტომაც გვიჭირს~.

ექსპერტის აზრით, ევროპელი ინვესტორები კაპიტალთან ერთად მოიტანენ თავიანთ ტექნოლოგიებს, ბიზნესისა და ბაზრების ცოდნას, `ნოუჰაუს~. ასე კი ქვეყანა შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად განვითარდეს.

ლეგალური დასაქმება ევროპაში

საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ ლეგალურად, დამსაქმებელთან ოფიციალური ხელშეკრულებითა და სამუშაო ვიზით ჩავიდნენ ევროპაში. ამას ორი მიზეზი აქვს _ ერთი ის, რომ აღმოსავლეთ ევროპას გარკვეული სიმპათიები გააჩნია საქართველოს მიმართ. და მეორე, იქ მუშახელისა თუ მომსახურე პერსონალის დეფიციტია.
უცხოეთში ლეგალურად მუშაობის ახალ ტენდენციებზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ ჰულსტი საუბრობს.

ირმა ზოიძე/ბათუმელები
ფოტო: ნ.ცეცხლაძე

_ ბატონო მარკ, დასაქმების სააგენტოში გაჩნდა განცხადებები, სადაც უცხოეთში მუშაობის მსურველებს ლეგალურად გამგზავრებას სთავაზობენ. როგორც წესი, სამუშაო ვიზების მიღება რთული იყო, დღეს რა შეიცვალა?
_ ევროკავშირმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა მზადყოფნა, რომ `მობილური პარტნიორობის ფარგლებში~, ერთ-ერთი პარტნიორი საქართველო ყოფილიყო. მარტივად რომ ვთქვათ, ამით ამ ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისა და ლეგალურად დასაქმების ნებართვა ეძლევათ, ოღონდ მუდმივი ბინადრობის შესაძლებლობის გარეშე. თუ რა ხანგრძლივობით შეიძლება ადამიანი წავიდეს სამუშაოდ, ეს მოლაპარაკების საგანი იქნება: სავარაუდოდ, ორი წლით. ეს იმას ნიშნავს, რომ საემიგრაციო სამსახურისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა გამჭვირვალე იქნება. ადამიანები დასაქმდებიან, ოღონდ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდებიან.
_ გამოდის, რომ ეს საკითხი სახელმწიფოების დონეზე გადაწყდა?
_ დიახ, ეს პოლიტიკური ნებაა და კერძო სექტორის დონეზე არ წყდება. საქართველო მესამე ქვეყანაა, რომელთანაც ასეთი პარტნიორობა შედგა. პირველი იყო მოლდავეთი, არის კიდევ პატარა სახლმწიფო ატლანტიკის ოკეანეში; ახლა კი ასეთი პარტნიორობის უფლება საქართველოსთან ერთად სენეგალმა მიიღო. უბრალოდ, განვითარებული მოვლენების შემდგომ დაგვიანდა ხელშეკრულების გაფორმება. ასევე საუბარია ვიზების გამარტივებაზეც. ევროკავშირის დელეგაციის ჩამოსვლის შემდეგ უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ ანუ, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ქართველებისთვის არა მარტო სამოგზაუროდ გაიღება
_ დასაქმების პერსპექტივები, ევროკავშირის მთლიან ტერიტორიაზე არ იქნება, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველომ ორმხრივი ხელშეკრულება დადო, 2009 წლის დასაწყისში ეს დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს. სავარაუდოდ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება: პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთი, შვედეთი, რომლებმაც საქართველოს მხარდაჭერა მკაფიოდ გამოხატეს. ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების უფრო მეტი საშუალება გაჩნდება. ისინი დასაქმდებიან დროებით, მაგრამ ლეგალურად. ხოლო ვინც უკვე მუშაობს არალეგალურად, მათი ლეგალიზაცია ნაკლებად სავარაუდოა. ამით უფრო ისინი ისარგებლებენ, რომლებსაც სურვილი აქვთ წავიდნენ, ოღონდ თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდნენ.
_ 2-წლიანი ვადა კვლავაც ხომ არ შექმნის არალეგალურად იქ ყოფნის პერსპექტივას. იცით, ალბათ, რომ ამ გზით დასაქმებულების მიერ გამომუშავებული თანხის ნაწილი სააგენტოებს უბრუნდება.
_ თუ ადამიანი კარგად მუშაობს, გამოცდილება აქვს და თუ დამსაქმებელმა გადაწყვიტა კვლავ გაუგრძელოს კონტრაქტი, ეს შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში ის მაინც უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, ერთი წლით მაინც. მერე კვლავ ექნება შანსი იმუშაოს საზღვარგარეთ, ისევ იმ ქვეყანაში, სადაც მანამდე მუშაობდა, ან სხვაგან, სადაც მას მოესურვება. ევროკავშირის სივრცე მისთვის უკვე ღია იქნება.
_ საქართველოდან წასული მამაკაცები, ძირითადად, მშენებლობაზე მუშაობენ, ქალები კი _ ძიძებად და მომვლელებად. ესეც პოლიტიკური ნებაა თუ, უბრალოდ, ვაკანსია?
_ დიახ, აღმოსავლეთ ევროპიდან ადამიანები ინგლისში, ირლანდიაში, გერმანიაში და ა.შ. გავიდნენ, შესაბამისად იქ მუშახელი ჭირს. ამასთან, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, ამიტომ მზად არიან საქართველოსთან ითანამშრომლონ.
_ თუმცა, იმავე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მიგრაციამ შრომის ბაზარზე ფასები შეამცირა. მაგალითად, გერმანიაში საკმაოდ აღიზიანებთ ემიგრანტები, რომლებიც დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ.
_ მართალია, მაგრამ, როცა ადამიანი ლეგალურად მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმალური ხელფასი ისეთივე უნდა ჰქონდეს, როგორიც ადგილობრივ მოქალაქეს. დაიდება ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივ მოქალაქეებთან თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ. ამას კი შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.
_ და მაინც, რატომ მხოლოდ ძიძა და მომვლელი?
_ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში _ იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში ძიძებისა და მოხუცების მომვლელების სადღეღამისო მომსახურების ტენდენცია გაჩნდა. მათ სურთ სახლში არა მარტო დღის საათებში, არამედ ღამითაც იყოს ვინმე. ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევნია საღამოს სახლში წავიდეს. ეს, ძირითადად, მოხუცების მომვლელებს ეხებათ. საქართველოს მოქალაქეს კი პირიქით, აწყობს ასეთი სამსახური, რადგან სახლი არ აქვს. თუ იქვე დარჩება, ნაკლები ხარჯი ექნება და სახლშიც მეტ თანხას გამოაგზავნის.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ქართველები ასრულებენ ასეთ სამუშაოს. მოლდაველებიც ასეთ სამუშაოზე მუშაობენ და სხვებიც. მოხუცების მომვლელები უფრო იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში აჰყავთ.
იმის გამო, რომ არ ფლობენ ენებს, სხვაგან დასაქმებაზე პრობლემა ექმნებათ. ამიტომაც ბაზარზე რა მოთხოვნაც არის, იმას აკმაყოფილებენ.
_ მას შემდეგ, რაც ლეგალურად მუშაობის შესახებ განცხადებები გაკეთდა, ხომ არ იცით, როგორია საელჩოებში სამუშაო ვიზების გაცემის სტატისტიკა?
_ საელჩოების ნაწილი ამ ინფორმაციას დიდი ხალისით არ იძლევა, თუმცა ჩვენი მონაცემებით ჯერ არალეგალური მიგრაცია უფრო არის. იმას, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს და უმრავლესობა ევროპაში სამუშაოდ ლეგალურად გავიდეს, ორი- სამი წელი მაინც დასჭირდება.
_ უფრო კონკრეტულად, რა სამსახურებზეა საუბარი?
_ 2012 წელს პოლონეთში ტარდება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მიმდინარეობს მშენებლობები. ადგილობრივი მოსახლეობა სრულად ვერ აკმაყოფილებს მუშა-მოსამსახურის ვაკანსიებს, ამიტომაც, კარგი მუშა, რა თქმა უნდა, სჭირდებათ. ასეთივე ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი უკრაინაშიც, ლიტვაში კი უფრო სატყეო მეურნეობაში სჭირდებათ მუშახელი, კანადაში _ ხორცისა და თევზის მრეწველობაში.
ერაყსა და ავღანეთში ამერიკული დაცვის სამსახურები მუშაობენ, რომლებსაც დაცვის თანამშრომლები სჭირდებათ. ქუვეითში სატვირთო მანქანებზე ქართველი მძღოლებიც მუშაობენ.
_ ყველაზე ინტენსიურად ქართველები მაინც არალეგალურად თურქეთსა და საბერძნეთში მიდიან სამუშაოდ.
_ თურქეთში დამსაქმებელს ლეგალურად დასაქმების ინტერესი არ აქვს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება. იქ ისეც ხდება, რომ დამსაქმებელი და პოლიცია შეკრულია. ანკარასა და დასავლეთში უფრო მეტი კონტროლია. თუმცა სახლებში მუშაობის კონტროლი იქაც ძნელია.
საბერძნეთშიც იგივე პრობლემაა. კანონით კი რეგულირდება ყველაფერი, მაგრამ არ მუშაობს. ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი ასე არ ხდება. თავად ქართველები საბერძნეთში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ _ მუშაობენ და პრობლემას არავის უქმნიან. ამიტომაც ხუჭავენ თვალს და არ ავიწროებენ. მაგალითად, ალბანელების, აფრიკელებისა და აზიელების მიგრაციას უფრო მეტად აკონტროლებენ.
_ ასე ხომ ის გადასახადები იკარგება, რომელიც ამ მუშახელის ლეგალიზების შემთხვევაში ბიუჯეტში შევიდოდა, ხელფასების დაქვითვით?!
_ ამას მეორე მხარე აქვს. `შავი~, იაფი მუშახელი უფრო მეტ პროდუქციას ქმნის და მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე შესაძლებელი იყო გადასახადების შეტანით მიეღოთ. ამიტომაც ხუჭავენ ამაზე თვალს.




ომის ზონა- როგორ იქცა ევროპა მირაჟად

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე საქართველო უცხოელების დიდმა ნაწილმა დატოვა. ქვეყანა, რომელსაც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის სურვილი ჰქონდა, უცებ გადაიქცა კონფლიქტურ ზონად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროპა _ შორეულ მირაჟად.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

ნატო ელიზიანი, ტურისტული სკოლის ოფის-მენეჯერი, აგვისტოს პირველ კვირაზე დღემდე ვერ საუბრობს მშვიდად: `ახალ ამბებში თქვეს, რომ სამხრეთ ოსეთში სეპარატისტებთან დაწყებული ბრძოლა რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა და რუსულმა ავიაციამ გორის მოსახლეობა დაბომბა। სამსახურში მისულმა ჩვენი გერმანელი ექსპერტი, კურტ რაიცი მოვიკითხე. მითხრეს, რომ იგი საქართველოდან წავიდა. ჩემთვის ეს იყო იმის დადასტურება, რომ ზუსტად ორ დღეში სტაბილური ქვეყნიდან საქართველო ცხელ წერტილად იქცა~.

ბათუმი ერთ დღეში დაცარიელდა। ტურისტებმა ქალაქი დატოვეს. ბათუმელების ერთი ნაწილი სოფლებში გაიხიზნა. ადამიანებმა დაიწყეს საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა, დახლებზე საღამოობით პური აღარ იყო. რამდენიმე დღეში ეს ისტერია ჩაწყნარდა. 8 აგვისტოს ღამეს ხმა გავრცელდა, რომ ბათუმის დაბომბვა იგეგმებოდა. ქალაქში ქუჩის განათებები გამორთეს და ქალაქი წყვდიადში ჩაიძირა. ნატოს იმ ღამით თბილისიდან მეგობარმა დაურეკა და ურჩია, სარდაფში გაეთია ღამე. `ვუყვირე, რომ ჩემი კორპუსის სარდაფი წყლითაა სავსე და იქ ჩასვლა შეუძლებელია-მეთქი~, _ ამბობს ნატო.

იმ დღეს ბათუმში ბევრმა გაათენა ღამე თეთრად. ქალაქი არ დაუბომბავთ. რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქგარეთ _ სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყარეს ჭურვები, დაზიანდა სახლები ახლომდებარე სოფლებში. მსხვერპლი არ ყოფილა.
ნატოს თანამშრომელი, კურტ რაიცი, საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა। ხშირად რეკავს და ამბობს, როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ჩამოვალო.

ნატოს აზრით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოს კვლავ ექნება შანსი ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს.
ბათუმელი ზვიად დიასამიძე რვა წელი გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობდა. გერმანიაში სასწავლებლად 2000 წელში წავიდა, იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობას შუქი გრაფიკით მიეწოდებოდა, როცა ფუფუნებად ითვლებოდა ცხელი წყალი, ტელეფონი, სარეცხი მანქანა და ელექტროგენერატორი... ზვიადისთვის მთავარი ის იყო, რომ გერმანიაში პოლიტიკაზე არავინ საუბრობდა: `ყოფითი პრობლემები _ წვრილმანებია. ყველაზე უფრო პოლიტიკისგან ვიყავი გადაღლილი. აქ ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობდა და ასეა დღესაც, ვინაიდან ჩვენთან სოციალური მდგომარეობა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო საზოგადოებად შევმდგარიყავით. ტრავმები, იმედები, ისევ ტრავმები... და ასე გრძელდება ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ოცი წელი~.
დასავლეთ ევროპაში გატარებული წლების გახსენებისას სასტუმროს მენეჯერი ეკა გოგიბერიძე ამბობს, რომ საქართველოდან წასული 20 წლის გოგონა მოხვდა სამყაროში, რომლის არსებობა მხოლოდ გაგონილი ჰქონდა. 1998 წელი იდგა, საქართველოსთვის ძალიან მძიმე დრო: `დევნილი ვიყავი, ამ დროს ჩვენთან დევნილობა ნამდვილი კოშმარი იყო. პირველივე შოკი აეროპორტში მივიღე. გაჩახჩახებული დარბაზი, ირგვლივ ყველა იღიმებოდა. ღიმილი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან საქართველოში ქუჩაში არავინ გიღიმოდა, ყველას თავისი საფიქრალი და ტრაგედია ჰქონდა~.
ეკა ცოტა ხნით გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა। იხსენებს, რომ საარბრუკენში ჩასვლის პირველსავე დღეს მოხვდა `თბილისის მოედანზე~: `ერთდროულად სიხარულის, მონატრებისა და დარდის ცრემლები მომადგა, რადგან ვიცოდი, რომ თბილისში `საარბრუკენის მოედანი~, არც ასეთი ლამაზი იქნებოდა და არც ასეთი მოვლილი~.

რამდენიმე ხნის შემდეგ ეკა შვეიცარიაში ჩავიდა. ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მიიღო როგორც დევნილი და ამის მიუხედავად, არასოდეს უგრძვნია თავი ასე დაცულად.
`შვეიცარიაში არ მინახავს უმუშევარი ადამიანი, არც მათხოვარი შემხვედრია। თუ ადამიანი სამსახურს ვერ ნახავს, მას სახელმწიფო სოციალურად ეხმარება, არ ეშინია, რომ მშიერი დარჩება~. 90-იან წლებში საქართველოდან წასული ადამიანისათვის ასეთ პირობებში ცხოვრება სამოთხეში მოხვედრას ნიშნავდა. მაშინდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობა იყო, ასეა დღესაც.

ეკა საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა। ბევრი რამ დახვდა შეცვლილი, უკეთესად ცხოვრების იმედიც გაუჩნდა, მაგრამ ახლა უკვე არ იცის, რა იქნება: `კიდევ მეტი დარჩება უმუშევარი, არიან ახალი დევნილებიც, მათი რიცხვი უკვე ასი ათასს აღწევს. ასეთ დროს ყველა ყოფითი პრობლემა სასაცილოა. არ ვიცი, რა მოგველის. ევროპა შორსაა, ისე შორს, რომ ხანდახან ეჭვი მეპარება, მართლა თუ არსებობს~.

საუბრის დასასრულს ეკა ნოუთბუქში იმ სახლს მაჩვენებს, სადაც შვეიცარიაში ყოფნის დროს ცხოვრობდა, როგორც დევნილი। თეთრი, ლამაზი სახლი შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე არაფრით ჰგავს `სახლს~, სადაც კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილები ცხოვრობენ. ეს ქობულეთის #2 საჯარო სკოლაა. საკლასო ოთახებში საწოლები დგას. თითოეულ ოთახში დაახლოებით ექვსი ადამიანი ცხოვრობს. ოთახებში სისუფთავე და სიმშვიდეა, საკვები სპეციალურ სამსახურს მოაქვს. ტელევიზორი სკოლის ფოიეში დგას და თითქმის მთელი დღე ჩართულია. აქ ადამიანების სასაუბრო თემა რუსეთ-საქართველოს ომია.

გულნარა ბერუაშვილი შვილთან, 11 წლის გიორგისთან ერთად ცხოვრობს। გულნარა პედაგოგია და დანანებით ამბობს, რომ მათთან, სოფელ ერედვში სწორედ ასეთი სკოლა ჰქონდათ, სანამ რუსული ავიაცია დაბომბავდა.

მისი სოფელი თითქმის დაცარიელდა, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ। როგორც გულნარამ გაიგო, მოხუცები დახოცეს. წამოსვლის წინ ხალხმა პირუტყვი ტყეში გაუშვა, ნაწილი კი ბოსელში დარჩა დამწყვდეული: `ისეთ სისასტიკეზე საუბრობენ, იმედი აღარ მაქვს, რომ სოფელი დამხვდება. მჯერა, ცივილიზებული სამყარო შეძლებს ჩვენს დახმარებას. აქ ევროპის ყველა ლიდერის განცხადებას სულგანაბული ვუსმენთ. არ მინდა, 20 წლის შემდეგ დაბრუნება, მშვიდობიან ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო~.

მალე სწავლა დაიწყება. 11 წლის გიორგიმ ჯერ არ იცის, სად ისწავლის და სად იქნება მისი ახალი თავშესაფარი, მაგრამ ინგლისურში მაინც მეცადინეობს. გიორგი ახლა ერთ რამეზე ოცნებობს, ტყვიების ზუზუნში გაზრდილ ბიჭს, თავდაცვის მინისტრობა სურს, რომ მის ქვეყანაში ომი აღარ იყოს. დედას ყოველდღე ეკითხება, როდის დაბრუნდებიან სახლში. იქ გიორგის სკოლაა, სახლში კი საყვარელი თუთუყუში, `კაკა~ ელოდება.




უფასო წიგნები მოსწავლეებს

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე წიგნებს საჩუქრად მიიღებს. სახელმძღვანელოებს საჩუქრად მიიღებენ კერძო სკოლების მე-3, მე-4, მე-6, მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც.

ნათია როყვა/ბათუმელები

`ხელშეკრულებები გამომცემლობებთან ახლა ფორმდება, ამიტომ არ არის გამორიცხული წიგნების სკოლებისთვის გადაცემა სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის დაგვიანებით მოხდეს~, _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და ლიცენზირების მთავარმა სპეციალისტმა, ნაირა აბულაძემ.
პედაგოგებმა თავად უნდა აირჩიონ თუ რომელი გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნებით იხელმძღვანელონ। სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოები სკოლებს ამიტომაც მათთან შეთანხმების შემდეგ გადაეცემათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი თავის დროზე რამდენიმე გამომცემლობამ გაიმარჯვა (მათ შორისაა `დიოგენე~, `საქართველოს მაცნე~ და `ინტელექტი~).

გამომცემლობა `დიოგენეს~ წარმომადგენლის, თამარ ლაბაძის ინფორმაციით, ამავე გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ავტორები ბათუმში, პედაგოგებთან შეხვედრას ხვალ, 12 საათზე გამართავენ. ბათუმში `დიოგენეს~ წარმომადგენლის, აზა გაბუნიას ინფორმაციით, ჯერჯერობით, ამ გამომცემლობის წიგნები ბაზარზე არ იყიდება. საერთოდ კი, მაგალითად, მე-12 კლასის ქართული ენა-ლიტერატურის სახელმძღვანელო 17 ლარი ეღირება, ისტორიის _ 10, რუსულის _ 6 ლარი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის, კახა კაცაძის ინფორმაციით, მე-12 კლასის სახელმძღვანელოები, მთლიანობაში, დაახლოებით, 75-დან 90-ლარამდე ღირს.
გამომცემლობა `ინტელექტის~ მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოების შეძენა ბათუმში, ჭავჭვაძისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ წიგნების სალონში უკვე შესაძლებელია। `ინტელექტის~ დირექტორის, კახმეგ კუდავას თქმით, ქართულენოვანი სკოლებისთვის წელს გამომცემლობამ 400 დასახელებაზე მეტი სახელმძღვანელო გამოსცა. ცალკე გამოიცა სახელმძღვანელოები რუსული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლებისთვის. წიგნების ტირაჟსა და დახარჯულ თანხას `ინტელექტის~ დირექტორი ასაიუდუმლოებს.

მე-12 კლასში მოსწავლეები რამდენიმე საგანს არჩევით ისწავლიან। არჩევითია უცხო ენა. მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ეძლევა ერთდროულად ორ უცხო ენას დაეუფლოს. არჩევითია ქიმია ან ფიზიკა, თუმცა მსურველს, ამ შემთხვევაშიც, ორივე საგნის სწავლის უფლება ექნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მიერ არჩეულ სახელმძღვანელოებს პილოტირებულ კლასებს გადასცემს. ამ პროგრამისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 757 625 ლარია გამოყოფილი.
აჭარის მთავრობისგან კი საჯარო და კერძო სკოლებისთვის წიგნების შესაძენად გამოყოფილია 1 850 000 ლარი।

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. აჭარის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სწავლა ერთი კვირის შემდეგ დაიწყება. კახა კაცაძის ინფორმაციით, მოსწავლეები დროებით ალტერნატიულ შენობებში ისწავლიან.

ლევან ბერძენიშვილი: არ მჯერა, რომ ტელეფონით სამშობლოს ღალატი შეიძლება

ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის წევრ, ლევან ბერძენიშვილთან.
ნანა კვაჭაძე/ ბათუმელები


_ ბატონო ლევან, პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაკავების შემდეგ პოლიტიკური პარტიების მხრიდან თითქმის არავითარი შეფასება არ ყოფილა, როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ ვფიქრობ, რომ დაპატიმრების შესახებ თვითონ ცოტნე გამსახურდიამაც იცოდა. განცხადებები არ გაკეთებულა, რადგან ინფორმაციაა ნაკლები. იყო ცალკეული განცხადებები, მე ვთქვი, რომ არ მჯერა მისი დანაშაულის, მაგრამ ამის მტკიცება არ შემიძლია, რადგან ფაქტები არ მაქვს. ვფიქრობ, მას გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებით და პრეზიდენტი, ალბათ, არჩევნების წინ შეიწყალებს ან მანამდე... არ მჯერა, რომ ცოტნე გამსახურდია 20 წელი იქნება ქართულ ციხეში, ისე როგორც არ მჯერა, რომ ტელეფონით სამშობლოს ღალატი შეიძლება. გახსოვთ, როგორ იყო დაპატიმრებული ირაკლი ბათიაშვილი.
რაიმე სპეციალური განცხადების გაკეთება იმ კაცზე, რომელიც რუსეთში სტატიას სტატიაზე აქვეყნებდა და ჩემთვის მიუღებელ აზრებს ავითარებდა, არ შემიძლია. წინასწარ იმის განცხადება, ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ის წმინდანია, მაშინ როცა ის თავის დროზე ჯერ აბაშიძესთან მუშაობდა და მერე მოსკოვის მერიასთან თანამშრომლობდა _ არ შემიძლია. როცა გაირკვევა, რომ ის უდანაშაულოა, ჩვენ მას დავიცავთ, როგორც ნებისმიერს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რამდენიმე მუხლით, მათ შორისაა ბათუმში 90-იან წლებში მომხდარი ცნობილი ინციდენტიც და, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატის ბრალდებაც, რომელიც გულისხმობს ნოემბრის თვეში მის სატელეფონო საუბრებს.
- მაშინ საუბარი იყო თქვენზე და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერზეც. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც საფრთხე შეიძლება თქვენც გემუქრებოდეთ?
- მე ბატონ გამსახურდიას არ ვიცნობ, მას არასოდეს შევხვედრივარ და ამიტომ არ ველოდები, რომ მის დაპატიმრებას ამ მიმართულებით რაიმე განვითარება მოჰყვება. მე და გოგა ხაინდრავა ამ ადამიანს არ ვიცნობთ და ჩვენზე გამოსასვლელი ამ საქმიდან არ არის, მე არაფერს ველი.
- ხომ არ არის მოსალოდნელი შალვა ნათელაშვილის დაკავება და საერთოდ, რამდენად მოსალოდნელია რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით?
- ვერ გეტყვით. რეპრესიები შეიძლება ვინმეს თავში ჰქონდეს, მაგრამ ეს იმდენად არასწორია, რომ მსოფლიო ამას არ მიიღებს. ფაქტია, რომ დღეს საქართველო მოქმედებს მსოფლიოს კარნახის მიხედვით. ჩვენს პრობლემებს წყვეტს ევროკავშირი, ისინი კი არ იბრძოლებენ იმ ქვეყნის ინტერესებისთვის, რომელშიც პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდება.
- მოსალოდნელია თუ არა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნებით გამოვა?
- სანამ ქართულ მიწაზე დგას თუმდაც ერთი რუსი ჯარისკაცი, ვგულისხმობ კონფლიქტის რეგიონის გარეთ, ასეთი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არ იქნება. რა მოხდება შემდეგ, ვერ გეტყვით. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება აღიაროს თავისი შეცდომები, შეიძლება არ აღიაროს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. რომ არ ვარგა, ეს ფაქტია, მაგრამ ახლა რუსეთის კარნახით მისი გადაყენება არ მოხდება.
- დავით უსუფაშვილი იმყოფებოდა ამერიკაში ნინო ბურჯანაძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად. როგორ შეაფასებთ ქართველი პოლიტიკოსების ამერიკულ ვიზიტს?
- დავით უსუფაშვილი რამდენიმე თვით ადრე იყო იქ მიწვეული დემოკრატების ყრილობაზე. დანარჩენები წავიდნენ თავისი ნებით, ყოველი შემთხვევისთვის, დემოკრატებმა რომ გაიმარჯვონ, იქ რომ ახსოვდეთ ასეთი პოლიტიკოსების არსებობა. ნინო ბურჯანაძე ორივე ყრილობაზე იყო, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების, ეს მისთვის დამახასიათებელია. იმის გამოხატვა, თუ ვის უჭერს მხარს, მას არ შეუძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატებს და გვაქვს წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს შეერთებულ შტატებში ობამას გამარჯვების შემთხვევაში. საქართველო უყვარს მთელ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ოღონდ არის განსხვავება; ბარაკ ობამას უყვარს დემოკრატიული საქართველო, მაკ კეინს უყვარს ნებისმიერი საქართველო. რომელი უფრო სასარგებლო აღმოჩნდება ქვეყნისთვის, არ ვიცი. ვფიქრობ, თავისი ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო ბარაკ ობამა აღმოჩნდება, რომელიც ახალგაზრდაა, ენერგიულია და ინტერნეტი იცის.
მაკ კეინმა თქვა, ინტერნეტით არ ვსარგებლობ, არც ელექტრონული ფოსტა მაქვსო. მოკლედ, 21-ე საუკუნეში ისე ცხოვრობს, როგორც მე-19 საუკუნის კაცი. ეს ამერიკელების გადასაწყვეტია, ორივე კანდიდატს თანაბარი პირობები აქვს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
- აჭარის არჩევნებში არც გაერთიანებული ოპოზიცია და არც `რესპუბლიკელები~ არ იღებენ მონაწილეობას, ამას რითი ახსნით?
- ოკუპირებულ ქვეყანაში არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს. მიხეილ სააკაშვილი პატიოსან არჩევნებს არ ჩაატარებს და ფარსში მონაწილეობა, რომ ქვეყანაში თურმე არჩევნები და საზეიმო მდგომარეობაა _ ჩვენ არ შეგვიძლია. საარჩევნო კანონმდებლობა ისეთია, ვისაც უნდა, იმას გაიყვანენ. ასეთი საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში, ამ ჩამორჩენილი დემოკრატიის ქვეყანაში, ჯერ არ ყოფილა. ამიტომ მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არავითარი აზრი არ ჰქონდა.
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ ბათუმი იტყვის, რომ ბერძენიშვილს სჯობს ბაღათურია, პრობლემა არ არის. ორივე ბათუმელია და ეს გემოვნების საკითხია.



გარე რეკლამები ბათუმის ბიუჯეტს აზარალებს

გარე რეკლამის განთავსებიდან ბათუმის ბიუჯეტში თანხები არ შედის. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საკითხის მოუგვარებლობის გამო, რეკლამის გავრცელებით მიღებული შემოსავლები მთლიანად კერძო ფირმებს რჩებათ. ამასთან, გარე რეკლამები ქალაქის ტერიტორიაზე კანონდარღვევითაა განთავსებული.
თედო ჯორბენაძე

ქალაქში განთავსებულია ასეულობით გარე რეკლამა, მეპატრონეები იხდიან გადასახადებს, თუმცა ვის ჯიბეში მიდის ეს ფული, გაურკვეველია~, _ აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონულ ცენტრში.
ბათუმის მერიის ოფიციალური წერილით `გარე რეკლამის განთავსებიდან 2007 წლის ბათუმის ბიუჯეტში შემოსავალი მიღებული არ ყოფილა~। მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, რეკლამის განთავსებიდან ქალაქის ბიუჯეტში თანხა არც მიმდინარე წელს შესულა.

ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადს ის ფირმები (`აჯადი~ და `კანტი~) არ იხდიან, რომლებიც გარე რეკლამას ბათუმის ტერიტორიაზე ათავსებენ და რომლებმაც თავის დროზე შესაბამისი ნებართვა მერიისგან მიიღეს. ამასთან, `კანტის~ (შესაბამისად, ქალაქში განთავსებული `კანტის~ კუთვნილი სარეკლამო საშუალებების) მფლობელი დღეს `იმპერიალი აჭარაა~, რომელიც კომპანია `ვისოლის~ შვილობილი ფირმაა.
შესაბამისად, დამკვეთთა მიერ ქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის გადახდილი თანხაც მთლიანად ფირმებს _ `აჯადსა~ და `იმპერიალ აჭარას~ რჩება। ქალაქის ტერიტორიაზე 1 კვ/მ გარე რეკლამის განთავსებისთვის კი თვეში 28-33 ევროა საჭირო. ანუ დაახლოებით ამდენს ახდევინებენ რეკლამის გამავრცელებელი ფირმები რეკლამის დამკვეთებს.

`რეკლამის შესახებ~ საქართველოს კანონით, `გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი~। არც ერთ გარე რეკლამაზე ასეთი ნომერი მითითებული იმ მიზეზით არ არის, რომ მერიას იგი არ გაუცია. მერიაში არც გარე რეკლამის გავრცელების გეგმა გააჩნიათ, რომელიც კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა უწყებებთან უნდა იყოს შეთანხმებული. მეტიც, თვითმმართველობის დონეზე ბათუმში გარე რეკლამის განთავსების სამართლებრივი მექანიზმიც კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებების შესრულება მერიას არც უცდია.

საკრებულომ გარე რეკლამის (სარეკლამო საშუალების) განთავსების რეგულირების წესის შესახებ დადგენილება გასული წლის მაისში მიიღო। განისაზღვრა მოსაკრებელიც. კერძოდ, ქალაქ ბათუმის განკარგვაში არსებული უძრავი ობიექტების სარგებლობის მინიმალური ქირის (საწყისი) ოდენობა: ქალაქის ცენტრალურ ზონაში 1კვ.მ-ზე 10 ლარი, შუალედურ ზონაში _ 7 ლარი, ხოლო პერიფერიულში _ 5 ლარი. რაც შეეხება სარეკლამო საშუალებების გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ქირის საწყისი ოდენობა მეტია _ შესაბამისად _ ცენტრალური უბნებისთვის 1კვ.მ-ზე 15 ლარი, შუალედურ ზონაში _ 11, ხოლო პერიფერიებში _ 8 ლარი.

საკრებულოს დადგენილებით: `გარე რეკლამის გავრცელების გეგმის მიხედვით სარეკლამო საშუალებების განთავსება-გამოყენების უფლების მოპოვების მიზნით, მერია კომერციულ კონკურსს აცხადებს~.
მერიას კი არც კომერციული კონკურსი გამოუცხადებია და არც გარე რეკლამის გავრცელების გეგმა დაუმტკიცებია।

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის იურიდიულ სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ქონების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის განმარტებით კი, გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, კონკურსი, როგორც პრივატიზების ფორმა, გაუქმდა, რის გამოც საკრებულოს დადგენილება ვერ ამოქმედდებოდა.
`ეს დადგენილება, ფაქტობრივად, ძალადაკარგულად შეიძლება მივიჩნიოთ~, _ აცხადებს ჩხეიძე।

მიუხედავად ამისა, ბათუმის საკრებულომ, მიმდინარე წლის მაისში დამატებით ახალი განკარგულება გამოსცა। გარე რეკლამის გავრცელების უფლების მოპოვება კი, ამ განკარგულებითაც კონკურსის გზითაა შესაძლებელი. ამასთან, გაზრდილია სარეკლამო საშუალებების სარგებლობისთვის ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობაც _ თვეში 20, 18 და 15 ლარი ერთ კვ.მ-ზე, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. მერიას არც ეს განკარგულება შეუსრულებია.

ვინაიდან გარე რეკლამის განთავსება თვითმმართველობის ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში თვლიან, რომ `ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ სწორი პოლიტიკის შემუშავების შემთხვევაში, ადგილობრივ ბიუჯეტს სოლიდური შემოსავალი ექნებოდა, რაც გაზრდიდა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხს. ამასთან, შესაძლებელი იქნებოდა არაერთი ახალი და მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამის განხორციელება~.
ქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესების დასარეგულირებლად, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, მერია ახლა მუშაობს. ქალაქის საკრებულოში გადაგზავნილია შესაბამისი კანონპროექტიც. გარე რეკლამის გავრცელების გეგმას კი მერია ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტში რეკლამის გავრცელებისგან მისაღებ შემოსავლებს, პროექტის მიხედვით გადასახადი აუქციონის საშუალებით დადგინდება, თუმცა საწყისი ოდენობა კანონით განისაზღვრება.



ოპოზიციური ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

”რესპუბლიკელები” ბათუმის საკრებულოში ფრაქციას ქმნიან। საკრებულოს წევრი, ”ნაციონალი” დავით ჩხარტიშვილი მმართველ პარტიას ტოვებს და ”რესპუბლიკელებში” გადადის.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მისი მმართველი პარტიიდან წასვლა, ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა: `8 აგვისტოს წაგებული ომის შედეგად ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია. საქართველოს ხელისუფლებამ კი ხელი მოაწერა საქართველო-საფრანგეთ-რუსეთის ექვსპუნქტიან კაპიტულანტურ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით რუსი სამხედროები საქართველოში რჩებიან, _ ამბობს ჩხარტიშვილი და დასძენს _ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ტყუის და ტრაბახობს. მე არ მინდა ვიყო მატყუარა და მოტრაბახე ხელისუფლების ნაწილი”.

დავით ჩხარტიშვილი საკრებულოში გადასვლამდე გაზეთ `აჭარას~ რედაქტორი იყო, რომლის ფინანსურმა მენეჯერმა სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ეს პირადი ტრაგედია იყო და რედაქციის ფინანსურ საკითხებს არ უკავშირდებოდა. იგი ოპოზიციაში გადასვლას ჯერ კიდევ `აჭარადან~ წამოსვლის შემდეგ აპირებდა. თუმცა გადაიფიქრა, რადგან, საკრებულოში მას ახალი გაზეთის `ბათუმური ქრონიკების~ რედაქტორობა შესთავაზეს. ჩხარტიშვილი ამ რედაქციიდანაც უკმაყოფილო წავიდა.

ოპოზიცია ცდილობს 15-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს, ამიტომ ფრაქციის შესაქმნელად `ლეიბორისტებიც~ იბრძვიან. ფრაქციის შესაქმნელად საკრებულოს სამი წევრია აუცილებელი. `რესპუბლიკურ პარტიას~ საკრებულოში ორი წარმომადგენელი, _ ირაკლი ჩავლეიშვილი და თემურ ყურაშვილი ჰყავს, მათ დავით ჩხარტიშვილი დაემატა, `ლეიბორისტებს~ კი მხოლოდ ერთი წევრი ჰყავთ.



არჩევნებში გამარჯვებისთვის ცხრა პარტია იბრძოლებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ცხრა პარტიამ: ”ქართული დასი”, ”ჩვენ თვითონ”, "ქრისტიან-დემოკრატები", "კონსერვატორები", "საქართველოს კომუნისტური პარტია", "ქართული პოლიტიკა", "ნაციონალური მოძრაობა", "მრეწველები", და "ეროვნულ დემოკრატიული პარტია". "ქართული დასი" უსკო-მ რეგისტრაციაში უკვე გაატარა. განაცხადების განხილვა 13 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

”ქრისტიან-დემოკრატების” ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის। ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მისი ლიდერი გიორგი თარგამაძე, ასლან აბაშიძის პოლიტიკური პარტიის, `აღორძინების~ წევრი და გამორჩეული სახე იყო. თარგამაძემ ახალი პარტია ტელეკომპანია `იმედიდან~ წამოსვლის შემდეგ დააფუძნა. პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი, ნიაზ ზოსიძეც აბაშიძესთან წლების განმავლობაში მთავრობის პრესსამსახურში მუშაობდა. იგი ამ წლებს, დღემდე როგორც საუკეთესოს, ისე იხსენებს. აპირებს თუ არა უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას ნიაზ ზოსიძე, ჯერ არ ადასტურებს. მისი განცხადებით, პარტია ყველა რაიონსა და ოლქში აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას.

`ქართული დასიც~ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მისმა ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პოლიტიკური კარიერა `აღორძინებიდან~ დაიწყო. ამის შემდეგ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. ბოლოს იგი გაერთიანებულ ოპოზიციაში `მემარჯვენეებს~ წარმოადგენდა. მას ოპოზიციაში, როგორც არასაიმედო პოლიტიკურ პარტნიორს, ისე აფასებენ. ჯონდი ბაღათურია ბათუმში ოფისის გახსნას კვირის ბოლოს გეგმავს. როგორც აცხადებს, კანდიდატები შერჩეული ჰყავს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს. `შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი აჭარლები არიან~, _ ამბობს იგი.
პოლიტიკურ გაერთიანებას `ჩვენ თვითონ~, აჭარაში წარმომადგენლები არ ჰყავს, პარტიული ოფისის გახსნას 20 სექტემბრისთვის აპირებს। პაატა დავითაია `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ პარტია პროპორციულ სისტემაში მიიღებს მონაწილეობას, ამიტომ `მაჟორიტარი კანდიდატები, სავარაუდოდ, არ გვეყოლება~.

`ქართული პოლიტიკაც~ ახალი პარტიაა। საპარლამენტო არჩევნების დროს, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ბათუმში შოთა ზოიძე იყო, რომელიც პოლიტიკაში ასლან აბაშიძის მთავრობის დროს მოვიდა. ზოიძე აჭარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. ამბობს, რომ არჩევნებს პროტესტს უცხადებს. პარტიის წარმომადგენლის, გურამ თურმანიძის თქმით, მწერალ ანზორ კუდბას კანდიდატურის დასახელება სურთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

`საქართველოს კომუნისტური პარტიის~ ხელმძღვანელი პანტელეიმონ გიორგაძე, იგორ გიორგაძის მამაა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული। მას რამდენიმე ბრალდებას უყენებენ. პანტელეიმონ გიორგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხსნა რუსეთთან ურთიერთობაშია.

არჩევნებში მონაწილეობას `მრეწველების~ წარმომადგენელი, ირაკლი ჯაში აღარ აპირებს, სავარაუდო კანდიდატები არც მათგანაა ცნობილი. `მრეწველები~ ყველა არჩევნებში მონაწილეობენ, თუმცა კანდიდატურის გაყვანა ერთხელაც ვერ შეძლეს.
`ეროვნულ დემოკრატიული პარტიის~ ხელმძღვანელი ბაჩუკი ქარდავაა। ბათუმში ოფისი არ აქვთ. ადრე მათ პარტიას აჭარაში ილია ვერძაძე წარმოადგენდა, რომელიც ამჟამად აჭარის პროფკავშირებში მუშაობს. იგი პარტიის გეგმებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ეს პარტია ირინა სარიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეა, რომელიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევა.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, _ `კონსერვატორებმა~ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეს, თუმცა მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის მიზეზად ისინი საკანონმდებლო ხარვეზებს ასახელებენ.
არჩევნებში არც `რესპუბლიკელები~ მიიღებენ მონაწილეობას। პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი სამხედრო გენერალიტეტის მიმართ იმდენად ბევრი კითხვა გაჩნდა, რომ ის ფარავს აჭარის უმაღლესი საბჭოს საპოლიტიკო დებატებს. `ხელისუფლებას პასუხს ვთხოვთ მთავარ კითხვაზე, _ ვინ იყო ომის ინსპირატორი, რატომ დამარცხდა საქართველო რუსეთთან ომში ასე უეცრად და რატომ იქნა ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება, რომელსაც ბაღაფში და კოკოითიც აწერენ ხელს?~, _ აცხადებს მურმან დუმბაძე. ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, `რესპუბლიკელები~ არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების ვადაზე ადრე შეცვლის მოთხოვნის ინიციატივითაც გამოვიდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა। მათგან ექვსი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ ხმების 1/3-სა, გამარჯვებულად გამოცხადდება. დანარჩენ 12 ადგილს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ.

ცვლილებების შედეგად, საარჩევნო ბარიერი 7-დან 5-პროცენტამდე შემცირდა.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.


Tuesday, September 9, 2008

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადება საკაბელო ტელეკომპანია `მაესტროსთვის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების აკრძალვასთან დაკავშირებით
09/09/2009


უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ ხელისუფლების დამოკიდებულების გამო საქართველოში სიტყვის და აზრის თავისუფლების მიმართ.

სიხშირეების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ყოვლად აბსურდული საბაბით საკაბელო ტელეკომპანია `მაესტროსთვის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების აკრძალვა და გაჭიანურებული სასამართლო პროცესი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დაპატიმრებულია.

ხვალ, 10 სექტემბერს, 14 საათზე დანიშნულია სასამართლო პროცესი, სადაც გაირკვევა, შერჩა თუ არა ხელისუფლებას ელემენტარული პატივისცემა დემოკრატიის უმთავრესი ღირებულებებისადმი.

საქართველოს მომავალი კეთილდღეობა მის დემოკრატიულ განვითარებაშია, ამაზეა დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნოს ტელეკომპანია `მაესტროს” ის, რაც კანონით ეკუთვნის და რაც ადამიანის უზენაესი უფლებაა.

მოვუწოდებ საქართველოს საზოგადოებას, იყოს უკომპრომისო დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში და გვერდით დაუდგეს `მაესტროს” სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ეს არის ჩვენი ღირსების საქმე და ამას ითხოვს ჩვენი ქვეყნის მომავალი!