div#header

Wednesday, December 3, 2008

საპროტესტო აქცია ქობულეთში


{ეთერ თურაძე/ბათუმელები}
წუხელ, გვიან ღამით, ქობულეთში, გამგეობის შენობასთან პაატა კაიკაციშვილის ნათესავებმა და გულშემატკივრებმა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. მათი პროტესტის მიზეზი 25 წლის პაატა კაიკაციშვილის დაკავება გახდა. კაიკაციშვილი ზურაბ ნოღაიდელის ცოლის დეიდაშვილია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნინო გოგიტიძის თქმით, ”პაატა კაიკაციშვილის ნათესავებმა გაიგეს, რომ გუშინ ქობულეთის სასამართლოს, დაკავებულისთვის ცხრიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯა და მათ სწორედ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას შეუშალეს ხელი”.

ნინო გოგიტიძე ამბობს, რომ ის საქართველოში ახლახან დაბრუნდა, დაკავებულის ნათესავი არ არის, არც ”პოლიტიკა - ნოღაიდელი, სააკაშვილი” აინტერესებს, მაგრამ უსამართლობას ვერ იტანს და ქუჩაში ამიტომ გავიდა: ”დაკავების პირველივე დღეს ორ ორასი ათასის ღირებულების სახლს ითხოვდნენ. მეორე დღეს 200 ათასი ლარი ფულად მოითხოვეს”.

ნოღაიდელის ნათესავები და ნინო გოგიტიძე ამბობენ, რომ, შესაძლოა, დაკავების საფრთხე ემუქრებოდეს ყოფილი პრემიერის ცოლის ძმას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პაატა კაიკაციშვილის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებით მოხდა. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, პაატა კაიკაციშვილი ნარკოტიკების მომხმარებელი არ იყო და მას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

დაპატიმრებების ახალი ტალღა - აჭარაში ნოღაიდელის კადრებს აკავებენ

გასულ კვირას სამართალდამცავებმა ფინანსთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს _ ზურაბ ბერიძე და ჯონი ბაბილოძე. არც ერთი დაპატიმრების შესახებ დღემდე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ორივე დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის კადრი იყო.

ეთერ თურაძე/ბათუმელები

ფოტოზე: ზურაბ ბერიძე

ზურაბ ბერიძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი, გასულ შაბათს დააკავეს. დაკავების შესახებ სამართალდამცავებს ინფორმაცია დღემდე არ გაუვრცელებიათ.

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა `ბათუმელებს” განუცხადა, რომ ბერიძეს სასამრთლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.

კოდექსის აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლების ბოროტად გამოყენებას თავისთვის ან სხვისთვის და ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას, ან კიდევ თანამდებობის დაკავებისა თუ საქმიანობითი უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.

ვის სასარგებლოდ გამოიყენა ზურაბ ბერიძემ უფლებამოსილება ბოროტად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებენ. თუმცა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია საგადასახადოში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ამოწმებდა.

ფინანსური პოლიცია შემოსავლების სამსახურს სასამართლო დადგენილებით ამოწმებდა. რევიზია შეეხო 2006-2007 წლებს. თუმცა ამ უწყებაში არ იციან (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ), რა მოტივით დააკავეს მათი ყოფილი ხელმძღვანელი.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ალეკო ბეჟანიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბათუმის საბაჟოს რეგიონული ცენტრის (ბათუმის საბაჟო და საგადასახადო ცენტრები შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრს ექვემდებარება) უფროსი იყო, ამბობს, რომ მის კომპეტენციაში არ შედის იმის ცოდნა, თუ რა ბრალი წაუყენეს მის ყოფილ უფროსს.

ინფორმაციას არ ფლობს ზურაბ ბერიძის კიდევ ერთი მოადგილე, ბათუმის საგადასახადოს ხელმძღვანელი ელდარ ვარშალომიძეც: ”ჩვენთან არანაირი ცნობა არ მოსულა, ამიტომ არ ვიცი, რას ედავებიან. საგამოძიებო დეპარტამენტი იყო შემოსული, ისინი ჩვენთან არ კონტაქტობდნენ, ზურასთან იყვნენ შესული”.
24 ნოემბრიდან, ორშაბათიდან ზურაბ ბერიძე შვებულებაში იყო. სამართალდამცავებმა იგი საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

შემოსავლების სამსახური, რომელსაც ზურაბ ბერიძე ხელმძღვანელობდა, დასავლეთ საქართველოს მოიცავს. ამ სამსახურმა 2008 წელს ბიუჯეტში 295 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა: 203 მილიონი საბაჟო, 92 მილიონამდე კი საგადასახადოს კუთხით. შემოსავლების სამსახური გეგმას ყოველთვიურად ასრულებდა, გამონაკლისი მხოლოდ ბოლო თვე იყო.

ზურაბ ბერიძე ამ სფეროში პირველ პირად 2004 წლიდან დღემდე მუშაობდა. ბრალდებული ამ თანამდებობაზე ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა და დღემდე ყოფილი პრემიერის კადრად ითვლება.
ზურაბ ნოღაიდელის კადრად მოიხსენიებენ ამ დღეებში დაკავებულ კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს - ”საბაჟო დასავლეთის” ყოფილ ხელმძღვანელს, ჯონი ბაბილოძეს.

”ჯონი ბაბილოძე არც ნათესავია ზურასი, არც კლასელი და არც კურსელი. უბრალოდ, ზურა მის ნიჭს აფასებდა”, _ აცხადებს ყოფილი პრემიერის და, რუსუდან ნოღაიდელი.

ბაბილოძე მათემატიკოსია და საბაჟოს ხელმძღვანელად დანიშვნამდე ბათუმის საზღვაო აკადემიაში ლექციებს კითხულობდა. საბაჟოს უფროსად მან რამდენიმე თვე იმუშავა და შემდეგ ისევ საზღვაო აკადემიას დაუბრუნდა. აკადემიის რექტორი, ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ არ იცის, რა ბრალი აქვს ჯონი ბაბილოძეს წაყენებული. ბაბილოძის ოჯახთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გასულ კვირას ასევე დააკავეს საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი პაატა კაიკაციშვილიც. არაოფიციალური ინფორმაციით, დაპატიმრება ნარკოტიკს უკავშირდება. `ბათუმელებმა” ვერ მოახერხა იმის დადგენა, თუ რომელმა უწყებამ დააკავა კაიკაციშვილი. შს სამინისტროს აჭარის პოლიციისა და სოდ-ის სამმართველოებში ამბობენ, რომ კაიკაციშვილი მათ არ დაუკავებიათ. დაკავებული კაიკაციშვილი ზურაბ ნოღაიდელის ახლობელია.

`ბათუმელების” ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), ის ადამიანები, რომლებიც ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ მომხრეებად ითვლებიან ქობულეთში - ძირითადად ნათესავები, ძალოვან უწყებებში დაიბარეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ყველას დააპატიმრებენ.
ზურაბ ნოღაიდელის და, რუსუდან ნოღაიდელი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია. თუმცა იქვე კითხულობს: ”თქვენ არ იცით, რომ ჩემი ტელეფონი ისმინება?
აქვს თუ არა დაპატიმრებების ახალ ტალღას პოლიტიკური სარჩული? ”ბათუმელები” შეეცადა ყოფილი პრემიერის მოსაზრება გაეგო თავისი ე.წ გუნდის წევრების დაპატიმრებებზე, თუმცა ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ოფისში, თბილისში, გაგვიცხადეს, რომ ”ყოფილი პრემიერი ბათუმში როცა ჩამოვა, ამ ყველაფერზე კომენტარს მაშინ გააკეთებს”.



მამაკაცური ღირსების ტელევიზია


ტელეკომპანია ”მაესტროს” მფლობელი ”ბათუმელებთან” აცხადებს, რომ ”ლიცენზიისა და გაჩუმების” სანაცვლოდ ხელისუფლებამ ფული შესთავაზა. გასულ კვირას კი ”მაესტრომ” ყოფილ პრემიერ-მინისტრს უარი უთხრა საკონტროლო პაკეტის მიყიდვაზე. უფრო ადრე მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მზადაა აიღოს ფული ყველასგან, თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია ტელევიზიის სარედაქციო საქმიანობაში არ ჩაერევა.

ლელა დუმბაძე, ნესტან ცეცხლაძე/ ბათუმელები
ფოტზე: მამუკა ღლონტი, თამარ ჩიქოვანი

ლიცენზიის მოდიფიცირება - პოლიტიკური გადაწყვეტილება


ტელეკომპანია ”მაესტროს” უკვე შეუძლია საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები გადასცეს - კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო გადაწყვეტილება არხის ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ. ანუ, თუ აქამდე ”მაესტროს” სპეციალიზებული ლიცენზიით მხოლოდ შემეცნებით-გასართობი პროგრამების გადაცემის უფლება ჰქონდა, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ შეუძლია საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები მოამზადოს.

თუმცა კომისიის გადაწყვეტილებამდე პოლიტიკური შეთანხმება მოხდა: 10 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მონაწილეობით, კონსულტაციები გაიმართა `მაესტროსთვის~ ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და გადაწყდა, რომ ეს შესაძლებელია. საერთოდ კი, ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის გაცემისა და მოდიფიცირების საკითხი კანონით, მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაში შედის და პარლამენტის კომპეტენციას არ განეკუთვნება.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ”მაესტრომ” უარი თქვა ლიცენზიის მოდიფიცირების სამართლებრივ გზებზე და რამდენიმე თვის წინ დაწყებული სასამართლო დავა შეწყვიტა.

”მაესტროს” სასამართლოში მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას შემდეგი წინაპირობები ჰქონდა: არხმა კომისიას მიმართა ახალი ლიცენზიის ან გასართობი-შემეცნებითი ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კომისიამ მოსთხოვა დაეზუსტებინა, ახალ ლიცენზიას ითხოვდა თუ ლიცენზიის მოდიფიცირებას. ამასობაში, `მაესტრომ~ პარალელურ რეჟიმში დაიწყო პოლიტიკური პროგრამების გადაცემა, რისთვისაც მარეგულირებელმა კომისიამ სანქციები დააკისრა, რაც აღარ იძლეოდა ახალი ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას. ”მაესტრო” სასამართლოში სანქციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ლიცენზიას თხოვდა.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისში იმართებოდა ე.წ. პირაკრულების აქციები - მონაწილეები არხისთვის ლიცენზიის მიცემას ითხოვდნენ.
ამავე დროს, შეიქმნა ”მაესტროს” საბჭო, რომლის შემადგენლობაში ცნობილი ჟურნალისტები: ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, თამარ ჩიქოვანი, ნინო ჟიჟილაშვილი და სხვები შევიდნენ.

დღეს, როგორც არხის მფლობელი მამუკა ღლონტი ”ბათუმელებთან” აცხადებს, მარტში სააკაშვილის ხელისუფლებამ ფული შესთავაზა ლიცენზიის და გაჩუმების სანაცვლოდ, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო. აქამდე ეს ინფორმაცია უცნობი იყო. მამუკა ღლონტი ამბობს, რომ მას ელაპარაკა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც დღესაც ხელისუფლებაშია და ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, მის ვინაობას არ გაამხელს: `მამაკაცი ვარ და მამაკაცური ღირსება გამაჩნია”.

”მაესტრომ” საქმე პირველ ინსტანციაში წააგო. არხის უფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, რომლის წარმომადგენლის, თამარ კორძაიას თქმით, სასამართლოს მეორე ინსტანციაში მარეგულირებელმა `მაესტროს~ მორიგება შესთავაზა პარლამენტის მიერ ზემოთ მოყვანილი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, რაზეც ”მაესტრო” დათანხმდა.

თუ რატომ აღარ ჩათვალა საჭიროდ ”მაესტროს” ხელმძღვანელობამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლის სასამართლო წესით გაგრძელება, მამუკა ღლონტი პასუხობს, რომ ეს შეიძლება წლობით გაგრძელებულიყო. ”მე ის მივიღე, რაც მეკუთვნოდა. ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. ვფიქრობ, ტელევიზიის ტრიბუნა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლო ბრძოლა”.

”მაესტროს” უკვე ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ `იმ ფონზე, როცა სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობდა, საკითხის ასეთი ფორმით (მორიგებით) გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, დიდ დარტყმას აყენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადობის ნდობას. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ საკითხის გადაწყვეტისას პოლიტიკური ნებაა გადამწყვეტი და არა კანონიერი, სამართლებრივი გზა”.

ფული, მედია და გავლენა - საიდან დაფინანსდება ”მაესტრო”?

„ტელეწარმოება ძვირია და დიდ სახსრებს მოითხოვს“, - განაცხადა „მაესტროს“ ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 24 ნოემბერს, გადაცემა „უცნობი კავკასიის“ ეთერში. თუ „მაესტრომ“ შეძლო ფინანსების მოზიდვა, საეთერო დროის დიდი ნაწილი დაეთმობა საინფორმაციო გამოშვებებს, რადგან, რაც დღეს საინფორმაციო სივრცეში ხდება, სრული კატასტროფაა”.

ამავე გადაცემაში ღლონტმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მას უკვე შესთავაზეს ფინანსური დახმარება და ის მზად არის ასეთი დახმარება მიიღოს, მხოლოდ ერთი პირობით: ისინი არ უნდა ჩაერიონ ჟურნალისტების საქმიანობაში.
ჩვენი ტელეკომპანია მზად არის დაფინანსება თვით სააკაშვილისგანაც მიიღოს, თუ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს ანუ „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება“.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მამუკა ღლონტი დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან აწარმოებდა. თუმცა ეს საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა არხი იძულებული გახდა უარი ეთქვა ნოღაიდელის წინადადებაზე, რადგან ამ უკანასკნელმა დაფინანსების სანაცვლოდ ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტი მოითხოვა, რაც მას არხის გაკონტროლების საშუალებას მისცემდა.

ია ანთაძე, ”მაესტროს” სამეურვეო საბჭოს წევრი, ”ბათუმელებთან” ამბობს, რომ მამუკა ღლონტი ”თითქმის თანახმა იყო” მიეღო ფული ნოღაიდელისგან: `სამწუხაროდ, ჩვენ, საბჭოს წევრებმა, ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა, რომ უარი ეთქვა ამ ფულზე. თვითონ ნოღაიდელმა ათქმევინა უარი, როცა საკონტროლო პაკეტი მოსთხოვა”.

მისივე ინფორმაციით, როცა არხის დირექტორი ნოღაიდელთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, საბჭოს რამდენიმე წევრმა _ ია ანთაძემ, ზვიად ქორიძემ, თამარ ჩიქოვანმა და ლაშა ტუღუშმა უარი თქვეს საბჭოს წევრობაზე.

ია ანთაძის თქმით, ”მამუკამ იცის, რომ ახლა დიდი მოთხოვნაა სწორედ სიმართლეზე, რაც სხვა ტელევიზიებით იგნორირებულია. ამიტომ, მას ჰქონდა ილუზია, რომ შესაძლებელი იყო კერძო თანხების მოზიდვა სიმართლის სათქმელად. მე ვეკითხებოდი, მიშა ხვალ რომ წავიდეს, ეს ფული რას მოემსახურება-მეთქი? ამბობდა, სერიოზული შეკითხვააო, მაგრამ მაინც თავისას ცდილობდა. ახლა არ ვიცი, რას ფიქრობს”.
მამუკა ღლონტმა ”ბათუმელებთან” დააზუსტა, რომ, როცა საუბრობდა სხვადასხვა წრეებიდან დაფინანსების მიღებაზე, მას მხედველობაში ჰქონდა ”სუფთა ფული”: ”ვიცი, რომ ასეთი ფული ამ ძალებს არა აქვთ”.

”ნებისმიერი სხვა ტიპის ფული იწვევს გავლენას და ამას ვერავინ გაექცევა”, _ ამბობს ბადრი კოპლატაძე, მედიის ექსპერტი, კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის ლექტორი. - მამუკა ღლონტის ამ განცხადებას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ნებისმიერ ტელევიზიას თუ მედიასაშუალებას აქვს შემოსავლის რამდენიმე წყარო - სარეკლამო შემოსავლები, საკაბელოს შემთხვევაში გადასახადები და ა. შ. ამიტომ ცნება - ”ფულის ჩადება” ჩემთვის გაურკვეველია. სხვა ტიპის ფული, იწვევს გავლენას - მთავრობის თუ ოპოზიციის. არის ასევე, სხვადასხვა ტიპის ფონდები, რომლებიც მხარდაჭერის მიზნით აძლევენ გრანტებს. ეს კიდევ ფულის მოზიდვის სხვა ფორმაა”.

სწორედ საერთაშორისო ფონდებიდან დაფინანსების იმედი აქვს ია ანთაძეს: ”ყველანი დავრბივართ დონორებთან - საბჭოს ყველა წევრი. რადგან, როგორც ჩანს, მამუკა მაინცდამაინც, უცხოურ ფულს არ ეძებს. თქვა, მე არ ვიცი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თქვენ დამეხმარეთო. მე მზად ვარ, ცოტა ხანს კიდევ ვცადო უცხოური ფულის მოზიდვა ამ ტელევიზიისთვის. თუმცა, გული ნამდვილად მთელი აღარ მაქვს. ბოლო შანსია და არ მინდა, ასე ადვილად შეველიო. თუ მაესტრო დაფინანსდება საერთაშორისო ფონდების მიერ, მე ვითანამშრომლებ ამ კომპანიასთან. თუ დაფინანსდება კერძო პირების მიერ, არ ვითანამშრომლებ. დანარჩენი მამუკას გადასაწყვეტია”.
”მაესტრო”, ჯერჯერობით, თბილისში მაუწყებლობს. ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, მას შეუძლია საზოგადოებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები შესთავაზოს. რადგან ტელევიზიას ფული არა აქვს, ჟურნალისტები, ჯერჯერობით, უხელფასოდ იმუშავებენ, აცხადებს არხის მფლობელი.


ახალი საბჭო ძველი თავმჯდომარით

აჭარის ახლად არჩეულმა უმაღლესმა საბჭომ პირველი სხდომა ჩაატარა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ მიხეილ მახარაძე აირჩიეს, მოადგილედ _ ”ქრისტიან-დემოკრატი~ ნიაზ ზოსიძე. ორივე კენჭისყრის დროს თითო ბიულეტენი გაბათილდა, რადგან დეპუტატებმა კანდიდატის ნაცვლად კითხვა შემოხაზეს.

ლელა დუმბაძე / ბათუმელები

პირველივე სხდომაზე აირჩიეს და დაამტკიცეს კომისიის წევრები და თავმჯდომარეები. სულ ხუთი კომისია შეიქმნა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ამჯერადაც პეტრე ზამბახიძე გახდა, აგრარულ საკითხთა კომისიის _ ვაჟა ბოლქვაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის _ ასმათ დიასამიძე, საბიუჯეტო კომისიის _ ბადრი ფარტენაძე, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ, ყოფილი მინისტრი მიხეილ მჟავანაძე აირჩიეს.

უმაღლესი საბჭო 18 წევრისგან შედგება. მმართველი პარტია - ”ნაციონალური მოძრაობა”, უმაღლეს საბჭოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ორი ადგილი `ქრისტიან-დემოკრატებს~ შეხვდათ. ერთი მაჟორიტარის ბედი, ხელვაჩაურის ოლქში განმეორებითი არჩევნების შემდეგ გაირკვევა. ”ქრისტიან-დემოკრატები” ვარაუდობენ, რომ ეს ადგილიც მათ შეხვდებათ, რის შემდეგაც ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ.

პირველი სხდომა, საბჭოს უხუცესმა წევრმა, რამაზ სურმანიძემ გახსნა. მას პროცესუალური ნორმების წარმართვაში კონსულტაციებს უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, პეტრე ზამბახიძე უწევდა. დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარედ ასმათ დიასამიძე იქნა არჩეული, რომელიც ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი იყო და ერთადერთი ქალი დეპუტატია ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში. სხდომას არ დასწრებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები. ისინი არც სტუმრის სტატუსით ყოფილან მიწვეული.

უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის თავმჯდომარეც უნდა დაამტკიცოს. კონკრეტული ვადები ჯერ ცნობილი არ არის. ამ პროცედურას უმაღლესი საბჭო, საქართველის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ დაიწყებს.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. არაერთი ამომრჩეველი აცხადებდა საჯაროდ, რომ ახალი უმაღლესი საბჭო, წინას მსგავსად, მორჩილი უმრავლესობით დაკომპლექტდებოდა. ”პირველი სხდომით აღელვებული~, უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, მიხეილ მახარაძე ამბობს, რომ ამ მოსაზრებას ყურადღებას არ აქცევს: `მთავარია, საქმე გაკეთდეს~.
ამაღლებულ განწყობაზე იყო ზაზა გოგოტიშვილიც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოვიდა. იგი ამბობს, რომ მისი განწყობის მიზეზი, აქტიური მუშაობის პერსპექტივაა.

კოლეგის აზრს იზიარებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვაჟა ბოლქვაძეც, _ ”კარგ განწყობაზე ვარ, რადგან ის ნდობა უნდა გავამართლო, რაც ამომრჩეველმა გამომიცხადა. არა მგონია, მორჩილი ვიყო, ჩემთვის მიუღებელ საკითხზე ხმას ყოველთვის ვიმაღლებდი”.
ახალმა უმაღლესმა საბჭომ ყველა საკითხს კენჭი ხმაურისა და აზრთა გამოთქმის გარეშე უყარა.

” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, ხოლო თუ ფრაქციები არ არის შექმნილი - ერთპიროვნულად, თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას...

თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო” (აჭარის კონსტიტუცია, მუხლი 29).



თინა ხიდაშლი: ნოღაიდელს ოპოზიციას ვერ ვუწოდებ


გაზაფხულისთვის ვადამდელი არჩევნების მოლოდინში, პოლიტიკური პარტიები ახალ ლიდერებსა და ხელისუფლებაში მოსვლის გზებზე ფიქრობენ. ”გაერთიანებული ოპოზიცია”, ფაქტობრივად, დაშლილია, `რესპუბლიკელები~ და `მემარჯვენეები~ კი ალიანსს ქმნიან. პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპა და რუსეთი საქართველოს მომავალი ხელისუფლების სავარაუდო კანდიდატზე თანხმდებიან. `ბათუმელებთან” ”რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი საუბრობს.

ლელა დუმბაძე / ბათუმელები
- ქალბატონო თინა, რამდენად რეალურია ”რესპუბლიკელებისა” და ”მემარჯვენეების” ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია გახდეს?

- ჩვენ ყველა რაციონალურ ადამიანთან და ძალასთან ვითანამშრომლებთ, რომელიც სააკაშვილის კრიმინალურ ძალასთან არ ასოცირდება. თუმცა, აქვს თუ არა ალასანიას ლიდერის შანსები, ეს ექსპერტების თემაა. ვფიქრობ, იმ ფონზე, რაც ქვეყანაშია, კონკრეტული გვარების გარეშეც შეიძლება საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობის მოპოვება. ამის საშუალება, სამწუხაროდ, 2008 წლის 5 იანვარს არ იყო.
- რამდენად მართალი შეიძლება იყოს, რომ ევროპა და რუსეთი ალასანია-ბურჯანაძის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავენ?
- ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ბურჯანაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ რუსეთს მისი ხელისუფლებაში მოყვანა აწყობდეს, ირაკლი ალასანიასი კი, მით უმეტეს. საერთოდ კი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რაზე თანხმდება, რადგან ხელისუფლებას ხალხი ირჩევს. თუ კიდევ გაყალბებული არჩევნებით უნდა მოვიდეს შემდეგი ხელისუფალი, შემიძლია გითხრათ, რომ მე მაგ სცენარში არ მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის მთავარია, სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში და იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომელთაც სუფთა წარსული აქვთ.
- საერთაშორისო მხარდაჭერისა და დაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებაში ხალხისთვის არასასურველი მმართველი მოვიდეს?
- 2003-2004 წლებში დასავლეთის რჩეული ნამდვილად არ იყო მიხეილ სააკაშვილი. ყველამ იცის, რომ მაშინ სხვა ადამიანებზე კეთდებოდა აქცენტები. მიუხედავად ამისა, მაინც ის მივიღეთ, რაც ხალხმა აირჩია. არის პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. ვფიქრობ, ვერანაირი ძალა და ფული ვერ მოიყვანს ადამიანს ხელისუფლებაში, თუ მას რაღაც დოზით საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება.
- გარკვეული პოლიტიკური ძალები რუსეთთან მოლაპარაკების გამართვაზე საუბრობენ. ამას როგორ შეაფასებთ?
- ვერაფერს გეტყვით. როგორც ვხედავთ, გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალა, ზურაბ ნოღაიდელს კი ოპოზიციას ვერ ვუწოდებ. დღეს ადვილია დაცემული სააკაშვილის ოპონირება და იმ სერიალების კეთება, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ. ჩემი მეგობარი ალეკო ელისაშვილი ხუმრობდა, ყველა ორშაბათს იმის შიშით ველი, რომ რომელიმე ჩინოვნიკი განცხადებას გააკეთებს და ხელისუფლებას დაგმობსო. ამიტომ, რთული წარმოსადგენია, ამ ძალებს ოპოზიცია ვუწოდო და მათთან რაიმე საერთო მქონდეს.
- როგორ ფიქრობთ, ეროსი კიწმარიშვილიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე მუშაობს თუ სხვა ინტერესები აქვს?
- კიწმარიშვილი ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. მისგან უფრო მეტ გულწრფელობას ველი. ვფიქრობ, ის მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობს. უბრალოდ, მასზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ და თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. არ არის გამორიცხული, რომ მისი ინტერესები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებსაც დაემთხვეს.
- თქვენი აზრით, ამ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსები აქვთ?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის ქურდები ხელისუფლებაში აღარ მოვლენ და ამ შეცდომას ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს. მაგრამ თუ ასე მოხდება, ყველაფერი კარგი კიდევ რამდენიმე წლით უკან გადაიწევს.
- გაზაფხულზე ახალ არჩევნებს რატომ ელით?
- სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა, რამდენად ფიქრობს ის ამაზე, ვერ გეტყვით.

ადლიასა და პორტში ტვირთბი აღარ განბაჟდება


საბაჟო სამსახურში რეორგანიზაცია იგეგმება. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილება ადლიის ტერმინალსა და ბათუმის პორტიდან, შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრაციის შენობაში გადადის. ბიზნესმენებიც, ახალი წლიდან, დეკლარაციის შესავსებად, ბათუმის რეგიონალურ ცენტრს მიაკითხავენ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციას თანამშრომელთა შემცირებები არ მოჰყვება.

ირმა ზოიძე / ბათუმელები

32 მებაჟე, რომლებიც საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილებებში, ადლიის ტერმინალსა და პორტში მუშაობდნენ, ბათუმის რეგიონული ცენტრის შენობაში (ფიროსმანის ქუჩაზე) გადავლენ. `აქვე გაფორმდება ყველა დოკუმენტი, მაგრამ თუ ტვირთის დათვალიერება გახდება საჭირო, მაშინ ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გავა~, _ ამბობს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ალქსანდრე ბეჟანიძე.

იმპორტიორმა საბაჟო პროცედურები _ ტვირთის გაფორმება და გატანა, კანონის შესაბამისად, ორ საათში უნდა შეძლოს, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ტვირთის მარტივად ანუ შემოწმების გარეშე გატანა მხოლოდ იმ იმპორტიორებს შეუძლიათ, რომელთა საქონელიც ე.წ. `ყვითელ დერეფანში~ გაივლის. ამ დროს ტვრთს არ ათვალიერებენ, საბუთების შემოწმების შემდეგ, მებაჟე მხოლოდ დეკლარაციას ავსებს.

რაც შეეხება შესამოწმებელი ანუ `წითელ დერეფანში~ გატარებული ტვირთის მფლობელებს, ისინი ორ საათში მხოლოდ იმაზე მიიღებენ პასუხს, თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ტვირთის გატანა ტერმინალიდან.

გამომგზავნი ქვეყანა, იმპორტიორის ვინაობა და საქონლის ტიპი _ ეს არის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რითაც ხდება განსაზღვრა, თუ რომელ დერეფანში გაატარებენ საქონელს. `წითელ დერეფანში~, საშუალოდ, იმპორტის მხოლოდ 10-15 პროცენტი გაივლის.

ალეკო ბეჟანიძის თქმით, ახალი სერვისცენტრის შექმნის შემდეგ, `წითელ დერეფანში~ ტვირთის გატანის გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანური ფაქტორი გამოირიცხება: `დიდი ტვირთისა და სხვადასახვა დასახელების საქონლის შემოწმება დროს მოითხოვს. მიუხედევად ამისა, ვადები აქაც განსაზღვრულია. საბაჟოზე ტვირთი, მაქსიმუმ ხუთ დღეს შეიძლება დაკავდეს. ზოგჯერ ერთი გემის ტვირთზე შესაძლოა ერთი დეკლარაცია იყოს წარმოდგენილი. ასეთ დროს, გამორიცხული არაა ტვირთი შეჩერდეს, რის შესახებაც იმპორტიორს აუცილებლად ეცნობება~.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი თვლის, რომ ადმინისტრაციულ შენობაში სერვისცენტრის გადატანით, კონტროლის მექანიზმიც გაიზრდება და მომსახურება თავად იმპორტიორისთვისაც უფრო მოსახერხებელი გახდება: `თუ ტვირთის მფლობელს რამე გასარკვევი ექნება, ადგილზე გაარკვევს. ზოგჯერ, იმპორტიორს, გარკვეულ კითხვებზე პასუხი ან კონსულტაციები სჭირდება, ამის მოგვარება აქ უფრო ადვილია. ადლიიდან განბაჟების თანხის გადასახდელადაც ქალაქში უწევთ ჩამოსვლა, შემდეგ გადახდის ქვითრით ისევ უკან ბრუნდებიან. ამ ყველაფერს დრო მიაქვს, ტერმინალზე კი დრო ფულია~.

ადლიისა და პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დღე-ღამეში 60-70 დეკლარაცია ივსება, სხვადასხვა დასახელების საქონელზე. ბიუჯეტში კი, დღეში, საშუალოდ, ნახევარმილიონ ლარამდე თანხის მობილიზება ხდება.

ვირტუალური ინტეგრაცია ევროპასთან

”კავკასუს ონლაინმა” შავი ზღვის ფსკერზე 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსებაში 50 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ გზით, მესამე თაობის, ევროპის უსწრაფესი ინტერნეტი უკვე საქართველოშიც შემოვიდა. ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ფოთამდე კაბელის გამოყვანას სამი წელი დასჭირდა.

ირმა ზოიძე / ბათუმელები
ფოტოზე: მამია სანადირაძე პრეზენტაციაზე

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გამანაწილებელი ცენტრი („Data-center) ფოთში გასულ კვირას ოფიციალურდ გაიხსნა. მაგისტრალი კომპანიას საშუალებას აძლევს ინტერნეტი იმაზე ორჯერ მეტი სიჩქარით მიიღოს, ვიდრე ბრიტანეთსა და აშშ-ს შორისაა. თუმცა, იმისთვის, რომ მოსახლეობამაც იმავე ხარისხის ინტერნეტი მიიღოს, საკომუნიკაციო პრობლემები კომპანიამ ხმელეთზეც უნდა გადაჭრას.
საკაბელო მეურნეობის უქონლობის გამო, ”კავკასუს ონლაინს” პრობლემებს ხან ის კომპანიები უქმნიან, რომელთაც არხების გამოყენებისთვის არენდას უხდის, ხან კიდევ იმ კაბელების ხარისხი, რომლებითაც სარგებლობს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გარეშე კი, `მესამე თაობის~ სწრაფი ინტერნეტით სარგებლობას საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი შეძლებს. შესაბამისი კომუნიკაციები მხოლოდ დიდი ქალაქების რამდენიმე უბანშია.

`აქამდე ჩვენ ინტერნეტს თურქეთისა და რუსეთისგან საკმაოდ მაღალ ფასში ვიღებდით და, შესაბამისად, მოსახლეობაში ძვირად ვყიდდით. ახლა უკვე თავად ვართ ინტერნეტის პირველწყაროები, ამიტომაც, ფასი დაიკლებს, თუმცა, ჯერ კონკრეტულ ტარიფებზე ვერაფერს გეტყვით~, _ ამბობს გენერალური დირექტორი მამია სანადირაძე.

აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი დავით ქაჯაიაც ადასტურებს, რომ `ონლაინს~ რეგიონული ტარიფები მოეხსნება და მთელ ქვეყანაში ერთნაირი ტარიფები იქნება. თუმცა, კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ მომსახურების ტარიფების გაზრდას არ აპირებენ.

პროექტის პირველი ეტაპი ბრიტანული ინვესტიციებით განხორციელდა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ზღვის ფსკერზე განთავსებას (ევროპიდან საქართველოში ინტერნეტის შემოყვანას) გულისხმობდა, პროექტის მეორე ნაწილი კი, საქართველოს ყველა კუთხეში შესაბამისი კომუნალური მეურნეობის ამოქმედებას ითვალისწინებს.

საქართველოს პატარა ქალაქებში კომუნიკაციების გასამართავად კომპანიას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა დამატებით 25-მილიონიანი დოლარი სესხი მისცა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გათვლებს მომავალზე აკეთებენ და მოგებასაც მომავლისთვის გეგმავენ: `გვინდა ინტერნეტი საყოველთაო გავხადოთ, რომ მისით საქართველოს ყველა კუთხეში ისარგებლონ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ექსპლუატაციის ვადა 50 წლით განისაზღვრება. ასე რომ, ჩვენ არ გვეჩქარება, მთავარია, ჯერ კომუნიკაციები განვავითაროთ~.
კომპანია მოგების მიღებას სწორედ აბონენტთა რაოდენობის გაზრდით გეგმავს და ამიტომაც ახალი ბაზრის ათვისებაზე ზრუნავს. თუმცა, პირველი პროექტისგან განსხვავებით, სადაც ვადები დეტალურად იყო გაწერილი, საკაბელო მეურნეობის სამუშაოების დასრულების ვადებზე `ონლაინის~ მეპატრონეებს საუბარი უჭირთ.
`ბულგარეთში საკუთარი არხები გავიყვანეთ. ყველა ორგანიზაციული საკითხი, ნებართვის ჩათვლით, თვენახევარში მოვაგვარეთ. იქ ევროპაა და ერთი სარკმლის პრინციპი მუშაობს. აქ კი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ვადები დაგვჭირდება. ყველაფერი ჩინოვნიკების ნებაზეა დამოკიდებული. თანხა არის, ხელს არაფერი გვიშლის. მთავარია, ნებართვები მივიღოთ და მუშაობასაც დავიწყებთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვჯერა ფორმალურ მხარეებს მალე მოვაგვარებთ. ასე რომ არ ვფიქრობდეთ, ამხელა პროექტს არ წამოვიწყებდით~, _ აცხადებს მამია სანადირაძე.

`კავკასუს ონლაინის~ მენეჯერები აქცენტს ეთიკურ კონკურენციაზეც აკეთბენ. `კავკასუს ონლაინს~ პრობლემები საქართველოში კომუნიკაციის სფეროში მონოპოლისტად აღიარებულმა `საქართველოს გაერთიანებულმა ტელეკომმაც~ შეუქმნა. საქართველოს ხელისუფლებამ ამ კომპანიას 90 მილიონ დოლარად ქვეყანაში არსებული საკომუნიკაციო არხები, ჭები და ანძები გადასცა. `ტელეკომმა~ ამის შემდეგ სხვა კერძო კომპანიებს სერიოზული ბარიერები შეუქმნა.

”კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ პრობლემების მოგვარება კანონის ძალით შესაძლებელია, თუმცა, ამის ნება არ არის. ამიტომაც, ასეთი `დამოკიდებულებიდან გამოსავალის მიზნით”, კომპანიამ გადაწყვიტა, დამატებით თავისი არხები გაიყვანოს. 25 მილიონი დოლარის სესხი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან სწორედ ამ მიზნით აიღო.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი `ონლაინს~ საშუალებას აძლევს მეზობელ ქვეყნებს _ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც გაუწიოს მომსახურება, რასაც კომპანია გეგმავს კიდეც.


ქაფშიას სეზონი და გასაღების ბაზარი

თევზმჭერი სეინერები ზღვაში უკვე გავიდნენ. ზამთრის სეზონზე შავი ზღვის ქართულ აკვატორიაზე შემოსული ქაფშია ქართულის გარდა თურქეთის, სომხეთისა და უკრაინის ბაზარსაც ამარაგებს.

ირმა ზოიძე / ბათუმელები
გარემოს დაცვის სამინისტროს წლევანდელ სეზონზე ქაფშიის წარმოების კვოტა არ გაუზრდია. ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც 60 ათასი ტონა ქაფშიის წარმოება დაუშვა. მისი ათვისების უფლება კი 10-წლიანი ლიცენზიის მქონე თბილისსა და ფოთში დარეგისტრირებულ შვიდ კომპანიასა და საქართველოში არსებულ მცირე ზომის 43 სეინერს აქვს.

სწორედ ამ პატარა გემებს შეუძლიათ ნებადართული რაოდენობის 10 პროცენტი, ანუ ექვსი ათასი ტონა ქაფშია დაიჭირონ. სწორედ ეს სეინერები ამარაგებენ ადგილობრივ ბაზრებს ქაფშიით, ლიცენზირებული კომპანიები კი ქაფშიის ექსპორტს ახორციელებენ შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში, რადგან დაზამთრებისას ქაფშია, ძირითადად, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ბათუმისა და ფოთის აკვატორიაში შემოდის.

ზღვაში სამას მეტრ სიღრმეში ნავით შესასვლელად და თევზის დასაჭერად კი ლიცენზია არ არის საჭირო, ასევე არ სჭირდებათ ნებართვები ზღვის ნაპირზე მდგომ მებადურებსაც.

კანონით, თევზის ორი მესამედი საქართველოში უნდა დამუშავდეს. ლიცენზიანტებს კი თავის მხრივ, უფლება აქვთ თევზჭერის მათთვის მიცემული ნებართვიდან ქაფშიის დაჭერა არამარტო ქართულ სეინერებს, არამედ თურქულსაც დაუკვეთონ.
იმის გამო, რომ ქაფშიის სეზონი შავ ზღვაში ახალი დაწყებულია ბათუმში, თევზის ბაზარში, კილოგრამი ქაფშიის ფასი ლარიდან იწყება და ორ ლარამდე ადის. ზღვისპირელებს ვერ გაუგიათ, რატომ გაძვირდა თევზი. ისინი ვარაუდობენ, რომ თევზის ფასს მისი დეფიციტი განსაზღვრავს, ანუ, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ზღვაში თევზი იკლებს.

`ჩემს ბავშვობაში ყველაზე ადვილი და მისაწვდომი თევზის პროდუქტი იყო. ახლა თევზის ყიდვას მხოლოდ ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ოჯახები ახერხებენ _ თევზი, ლამის, ხორცზე ძვირი გახდეს~, _ ამბობს ბათუმელი ირმა მიქელაძე.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული კვოტებით თუ ვიმსჯელებთ, თევზის რაოდენობა არ იცვლება: რამდენიმე წელია კვოტა ზუსტად 60 ათასი ტონაა. თევზზე ფასების მომატებას სხვაგვარად ხსნის რამაზ მიქელაძე, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ბათუმის განყოფილების უფროსი და იხტიოლოგი (თევზების ექსპერტი): `ცოცხალი~ თევზი ყველგან გაძვირდა. ახალი პროდუქტები, ზოგადად, ძვირად ფასობს, გაყინულს სხვა ფასი აქვს, ახლად დაჭერილს კი _ სხვა. ფასს ისიც განსაზღვრავს, რომ თევზი მალფუჭებადია და რისკიც დიდია~.
გარემოს დაცვის სამინისტრო ბათუმის აკვატორიაში თევზმჭერი გემების ლიცენზიის გარდა თევზჭერის წესებსაც აკონტროლებს. რამაზ მიქელაძის თქმით, კანონს როგორც ადგილობრივი, ისე თურქეთიდან შემოსული მეთევზეებიც არღვევენ. თუმცა, უკანონო მეთოდებით თევზის დაჭერით, ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი, მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან შემოსული თევზმჭერი გემების მხრიდან გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ქართული სეინერების, რომელთა ზომაც გაცილებით ნაკლებია და შესაძლებლობებიც ბევრად უფრო მცირე აქვთ.
წელს, სეზონის დასაწყისშივე, თევზჭერის წესების დარღვევისთვის, გარემოს დაცვის ინსპექციამ უკვე დააჯარიმა რამდენიმე ქართული სეინერი. შარშან წვრილი ზომის ქაფშიის დაჭერისთვის 400 ათასი ლარით დაჯარიმდნენ თურქი მეთევზეები, 100 ათასი ლარით კი თურქული გემი, რომელმაც აკრძალული მეთოდებით კამბალა დაიჭირა.

მართალია, დეკემბერი, ძირითადად, ქაფშიის სეზონია, მაგრამ ამ პერიოდში ქართულ აკვატორიაში კეფალი და სტავრიდაც შემოდის, თუმცა, არა დიდი რაოდენობით. შესაბამისად, ამ სახეობის თევზებზე კვოტები ნაკლებია. წელს, დაახლოებით, 1000 ტონა სტავრიდისა და ამდენივე რაოდენობის კეფალის დაჭერაა ნებადართული. შავ ზღვაში წითელ წიგნში შეტანილი თევზებიც არის, მაგალითად, ზუთხი, რომლის დაჭერა კანონით აკრძალულია. ამიტომაც ბაზარზე გამოტანილი ზუთხი, ძირითადად, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი უნდა იყოს.

რამაზ მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ ბაზარზე გამოტანილი ზუთხის მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოს აკვატორიაში იყოს დაჭერილი. ზუთხი კასპიის ზღვაშიც ბინადრობს, მისი დაჭერა არც იქ არის ნებადართული. თუმცა, ბაზარზე გამოტანილი ამ ჯიშის თევზი ყოველთვის კონდრაბანდა არ არის _ მისი გაყიდვის უფლება იმ კომპანიებს აქვთ, რომლებსაც ზუთხი ხელოვნურად გამოჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ფირმა სომხეთის ტერიტორიაზეა და ქართულ ბაზარზეც იქედან შემოდის.

დაპირისპირება სატელეფონო ბაზარზე - ტელეკომის მონოპოლია


ბათუმში ატს-3 აღარ მუშაობს. სამიანი ინდექსით ტელეფონები 3 800 ოჯახს უკვე მესამე კვირაა გაუთიშეს. კომპანია ”საბატელის” დირექტორი ამის გამო ”აჭარის ელექტროკავშირს” ადანაშაულებს. ”აჭარის ელექტროკავშირმა” ოფისის შეცვლასთან დაკავშირებით, გადაჭრა საკაბელო მეურნეობა ატს-3-ის ხაზები და აღარ ჩართო. ”საბატელის” მომსახურებაზე, ყოველდღიურად, ათობით ადამიანი ამბობს უარს.

ნათია როყვა/ბათუმელები

”საბატელის” დირექტორი, მაია სიხარულიძე აცხადებს, რომ ”აჭარის ელექტროკავშირს” სასამართლოში უჩივლებს, მაგრამ ვერ წარმოუდგენია კომპანია როგორ მოახერხებს აბონენტების შენარჩუნებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო პროცესს მოიგებს. როგორც წესი, ამ ტიპის დავები წლობით გრძელდება, ადამიანებს კი ტელეფონები ყოველდღიურად სჭირდებათ.
სამი ათას რვაასი აბონენტიდან `საბატელის~ მომსასახურებაზე უარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ექვსასმა აბონენტმა უკვე განაცხადა. აბონენტების ნაწილმა კომპანიას მხარდამჭერი წერილით მიმართა კიდეც, ზოგმა კი განცხადება `აჭარის ელექტროკავშირის~ ქსელში ჩართვაზე დაწერა.

”საბატელის” დირექტორი ამ ყველაფერში `აჭარის ელექტროკავშირს~ ადანაშაულებს. მაია სიხარულიძის განცხადებით, `აჭარის ელექტროკავშირმა~, რომელშიც ყაზახური ინვესტიციაა ჩადებული, გადაწყვიტა, რომ ბაზარზე არსებული ყველა პატარა კომპანია გაანადგუროს. სწორედ ამიტომ მოითხოვეს ყაზახებმა იმ ვალის დაუყოვნებლივ გადახდა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით `საბატელს~ 2009 წელს უნდა დაეფარა. საუბარია 47 ათას ლარზე. `აჭარის ელექტროკავშირს~ კი დავალიანებას, როგორც ”საბატელში” ამბობენ, თანდათანობით უხდიდნენ.
სიხარულიძის მტკიცებით, ”ელექტროკავშირმა”, ”საბატელისთვის” მდგომარეობის დასამძიმებლად, სექტემბერში ფართის იჯარის თანხა რვაჯერ გაზარდა, შესაბამისად დავალიანებამ ორ თვეში 60 ათას ლარს მიაღწია.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ `აჭარის ელექტროკავშირმა~ ოფისი შეიცვალა, ანუ მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე ფოსტის შენობიდან სხვა შენობაში გადავიდა. ამას სადენების ასი პროცენტით ჩაჭრა მოჰყვა, მათ შორის გადაიჭრა `საბატელის~ ის საკაბელო წყვილები, რომლებიც იჯარით ჰქონდა აღებული. `აჭარის ელექტროკავშირმა~ ამ სადენების ჩართვა თავის ქსელში აღარ მოინდომა.
მაია სიხარულიძე, შპს `საბატელის~ დირექტორი: `სადგურიდან იჯარით ვიღებ კაბელის წყვილს, რომლის იჯარის თანხას ხელშეკრულების მიხედვით ვიხდი. ხელშეკრულება არაა შეწყვეტილი, მაგრამ `გაერთიანებულმა ტელეკომმა~ ჩვენს აბონენტებს კაბელები მაინც გადაუჭრა. ამით დაარღვიეს სახელშეკრულებო პირობები, რაც ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია.

3-ინდექსიანი ტელეფონები დღემდე სწორედ ამის გამო არის გათიშული. იმ აბონენტებსაც კი, რომლებიც ქსელში არიან ჩართული, სხვა ქსელის აბონენტები ვერ უკავშირდებიან. ეს კი ერთგვარი ბერკეტია მონოპოლიის~.
სიხარულიძის ინფორმაციით, `სამიანის~ აბონენტებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ `სამიანი~ აღარ ჩაირთვება და `შვიდიანზე~ ურჩევენ გადასვლას. ადამიანები კი იძულებული ხდებიან, ნომრები შეცვალონ.

მონოპოლიის წინააღმდეგ შპს `საბატელის~ დირექტორი, სასამართლოში ჩივილს აპირებს: `აჭარის ელექტროკავშირი~ ისეთ პირობებს აყენებს, რომლის შესრულებაც წარმოუდგენელია: კომპანია ჩვენი აბონენტებისთვის ფასების მატებით თავის აბონენტებს უმცირებს ფასს, რაც ეკონომიკური დანაშაულია. ჩემმა ბევრმა აბონენტმა დაწერა საჩივარი, იქნებ სასამართლოში გამოგადგესო~.

აქამდე ორივე კომპანიას ერთნაირი ტარიფი ჰქონდა ანუ სააბონენტო გადასახადი ოთხი ლარი იყო, წუთობრივი _ ერთი წუთი ერთი თეთრი. მაგრამ დეკემბრიდან `აჭარის ელექტროკავშირმა~ თავის აბონენტებს უფასო მომსახურება შესთავაზა: `ჩვენთან მოდიან უკმაყოფილო ადამიანები, ზოგი ბოდიშს იხდის და ისე წერს განცხადებას _ შვიდიანზე გადადიან. აბონენტების ქუჩაში გამოყვანას და რევოლუციის მოწყობას არა, მაგრამ სასამართლოში ჩივილს ვაპირებ, როგორც კომპანიის დირექტორი და აბონენტი, რადგან მეც ისე გამითიშეს ტელეფონი, არ გამაფრთხილეს. არც იმის საშუალება მომცეს, რომ ტელეფონის გათიშვის შესახებ ჩემი მომხმარებელი გამეფრთხილებინა~ _ ამბობს მაია სიხარულიძე.
`საბატელის~ დირექტორის განცხადებით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, `საბატელში~ დასაქმებული ოცი ადამიანი უმუშევარი დარჩება.

კახა ფალავანდიშვილი, იურისტი: ”კანონით, ხელოვნური მონოპოლია სამეწარმეო თავისუფლებას ხელყოფს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რა ხდება, ჩემთვის უცნობია. როგორც იურისტს, ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება იმ შემთხვევაში შემეძლება, როცა ხელშეკრულების პირობებს გავეცნობი. იმის დაჯერება მიჭირს, რომ აბონენტებს ურეკავენ და ”შვიდიანზე” გადასვლას ურჩევენ, მაგრამ თუ ასეა, ეს მეწარმეობის ჩარჩოებში არ ჯდება, უსამართლობა და ზიანის მიყენებაა კონკურენტისთვის. ასევე, უკანონობაა ხელშეკრულების დარღვევა. საერთოდ კი, ბაზარზე ხელოვნური მონოპოლია აკრძალული და დაუშვებელია.თუ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობით ზიანი დადგება, დაზარალებულ მხარეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, ამის ერთადერთი გზა კი სასამართლოა”.


ტურიზმის რეაბილიტაცია ომის შემდეგ

ნოემბრის ბოლოს ბათუმში ტურიზმისა და ბიზნესინტეგრირებული ფინანსური და პროექტების მენეჯმენტის პირველი კონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები აჭარის ტურიზმის ასოციაცია და ბათუმის ბიზნესსკოლა იყვნენ.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესინტეგრირებული პროექტებისა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხებს დაეთმო. კონფერენციაზე ასევე განხილული იყო საქართველოში, ომის შემდეგ, ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები.
კონფერენციაზე სიახლე იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, `საბავშვო ევროვიზია 2009”, შესაძლოა, ბათუმში გაიმართოს.

კონფერენციის ბოლოს, `ბათუმელები~ ომის შემდგომ ტურიზმის რეაბილიტაციაზე ექსპერტებს ესაუბრა.
ნიკო კვარაცხელია, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სრული პროფესორი:
”გასაკეთებელი საქმეების აქცენტები სწორად დაისვა, მაგრამ საქართველოში განვიცდით სტატისტიკის ნაკლებობას. სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენი ტურისტი არ ჩამოვიდა საქართველოში, რამდენმა დაარღვია ხელშეკრულება. ზოგადად, ტურიზმს საქართველოში ასაზრდოებს არა ე.წ. პაკეტური, არამედ საქმიანი ტურიზმი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საქმიანი კონფერენციები და ბიზნესვიზიტები არ გადადებულა.
ომის შემდგომ ტურიზმის რეაბილიტაცია საკმაოდ რთულია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში, სადაც ომი იყო, პირველ რიგში, მშენებლები და ტურისტები ჩადიან”.
კნუტ გერბერი, გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების პროექტების კოორდინატორი საქართველოში:
”ტურიზმზე კონფლიქტების გავლენა ყოველთვის აისახება, ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება. მე საქართველო 9 აგვისტოს დავტოვე, ერევანში გავემგზავრე. გზაზე ვნახე უამრავი სომეხი ტურისტი, რომლებიც საქართველოს ტოვებდნენ. პირველ რიგში, სწორედ ამ ტურისტების დაბრუნებაა საჭირო. ტურიზმისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტის ეროვნებას, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ფული მოაქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ომის გარდა, ტურიზმზე ნეგატიურად არასწორი პოლიტაკაც აისახება”.

გაზის ხარისხი ბათუმში

ბათუმის მოსახლეობა ყველაზე დაბალკალორიულ ანუ დაბალი თბოწარმადობის გაზს მოიხმარს. მომხმარებელს, რომელიც გაზის დაბალ თბოუნარიანობაში დარწმუნებულია, ბუნებრივი აირის ხარისხში შეაქვს ეჭვი.

ნათია კოპალიანი, თედო ჯორბენაძე/ბათუმელები
უხარისხო, ნაკლებკალორიული გაზის მოხმარება იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სითბოს მისაღებად მეტი რაოდენობის გაზი იხარჯება. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, უხარისხო ანუ არასტანდარტული გაზი სხვადასხვა დანადგარებსა და მილებშიც ილექება და აბინძურებს მათ.

ყველაზე ხარისხიანად დღეს ირანული გაზია მიჩნეული, რომელიც საქართველოში, ფაქტობრივად, არ შემოდის. ნაკლებად შემოდის რუსული გაზიც. ქართული ბაზარი ამ დროისთვის, ძირითადად, აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული.

ექსპერტი ენერგეტკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ ”გაზის მთავარი მახასიათებელი მისი თბოწარმადობაა ანუ ერთეული რაოდენობის გაზს რამდენი ერთეული სითბოს მოცემა შეუძლია. სხვანაირად ამას გაზის კალორიულობა ჰქვია. ცნობილია, რომ ყველაზე კალორიული ირანული გაზია. ხარისხობრივი განსხვავება რუსულ და აზერბაიჯანულ გაზს შორის კი უმნიშვნელო უნდა იყოს”.

”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მიხედვით, `ბუნებრივი გაზი~ ეს არის ნახშირწყალბადები, რომლებიც, გარკვეულ წნევასა და ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობა არანაკლებ 31.8 მჯ/მ3-ია ანუ 7600 კკალ/მ3.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განმარტავენ, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ნორმატივი უშვებს დაბალი თბოუნარიანობის მქონე გაზის გამოყენების შესაძლებლობას, ოღონდ არის ქვედა მაქსიმალური ზღვარი, რომელზე ნაკლები თბოუნარიანობის გაზი, უკვე აღარ შეესაბამება სტანდარტებს. ასეთი ქვედა ზღვარი რუსული გაზისთვის 7600 კკლ/მ3-ია დაშვებული.

ბათუმის მოსახლეობა (`აჭარის ბუნებრივი აირის~ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით), სწორედ ასეთ დაბალკალორიულ (7600 კკლ-მ3) ანუ ყველაზე დაბალი თბოწარმადობის გაზს მოიხმარს. ექსპერტთა ერთი ნაწილის განცხადებით კი, გაზის ხარისხზე, მაშინ, როცა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, არ უნდა ვისაუბროთ.
კორპორაციის მონაცემებით საქართველო გაზს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზისა და ადგილობრივი, ნინოწმინდის საბადოდან იღებს. ამათგან რუსული ბუნებრივი აირი თავისი შემადგენლობით ყველაზე სუფთაა, ხოლო აზერბაიჯანული აირი ნაწილობრივ შეიძლება თანმყოლ გაზსაც შეიცავდეს. ექსპერტების თქმით, ბუნებრივი აირი, რომელსაც დღეს საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს, მთლიანობაში, დაბალკალორიულია, თანმყოლი გაზი კი გაცილებით უხარისხოა.

ქვეყანაში შემოსული ბუნებრივი აირის ხარისხზე ექსპერტები, მათივე თქმით, ოფიციალურ და ამომწურავ ინფორმაციას ვერ იღებენ. ადვილად ხელმისაწვდომი არც ბუნებრივი აირის სფეროში მომუშავე ფირმებთან დადებული ხელშეკრულებები თუ სხვადასხვა სახის დოკუმენტაციაა. ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, ”დოკუმენტების მოპოვება ექსპერტებისთვის თითქმის შეუძლებლია, ვინაიდან გაზის ბაზარი ოფიციალურად არის დარეგულირებული. აქედან გამომდინარე, კომპანიები ვალდებული არ არიან დოკუმენტაცია სადმე წარადგინონ~.

გაზიფიცირების სამუშაოებს დღეს აჭარაში აზერბაიჯანული კომპანია ”სოკარ ჯორჯია გაზი” აწარმოებს. მოსახლეობის ნაწილს კი ბათუმში ბუნებრივ აირს, ამ ეტაპზე, შპს `აჭარის ბუნებრივი აირი” აწვდის.

აღსანიშნავია, რომ ხარისხის (თბოწარმადობის) მიხედვით, გაზზე ფასებიც განსხვავებულია. რაც შეეხება გაზის გადასახადს, ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, `არსებული ტარიფი დაწესდა იმ დროს, როცა 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის ფასი 230 აშშ დოლარი იყო. მას შემდეგ ტარიფი არ შეცვლილა~. ჯერვალიძის თქმით, განსხვავებულია გაზის ფასები ევროპაშიც: `თუმცა, იქ ფასი დგინდება მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულებში და არა კუბურ მეტრებში~.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ზოგადად გაზზე ფასმა უნდა დაიკლოს: `გაზის ფასი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასზეა მიბმული. მას შემდეგ, რაც ბარელ ნავთობზე ფასები დაეცა, გაზის ფასმაც უნდა დაიწიოს. გაზზე ფასის გადახედვა ხანგრძლივ კონტრაქტებში ყოველ 6-9 თვეში ხდება და კორექტირება ნავთობზე არსებული ფასების მიხედვით კეთდება~.

რაც შეეხება ბათუმში ბუნებრივი აირის ფასს, მოსახლეობისთვის, 1 კუბ/მ-ის ღირებულება 41,89 თეთრია, დღგ-ს გარეშე.



გათბობის ფასები ზამთარში

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ალტერნატივად, როგორც გათბობის საშუალება, ბათუმის მცხოვრებთათვის, ძირითადად, კვლავ შეშა რჩება. შეშით გათბობა კი, არცთუ ისე იაფი სიამოვნებაა. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზამთარში შეშის ღუმელის გაყვანილობებზე აკრძალვები არ არის.

ნათია კოპალიანი/ბათუმელები


ე.წ. ჭაობის დასახლებაში, კერძო სახლში მცხოვრები ნათელა გურგენიძე ამბობს, რომ უკვე ერთი წელია ზამთარში მისი ოჯახი ბუნებრივი აირით თბება და ამ სერვისში ყოველთვიურად 140 ლარს იხდის: ”ერთ გამათბობელს ვრთავ, გაზი აბაზანასა და სამზარეულოც მაქვს გაყვანილი. მთლიანი სახლის გასათბობად თვეში, ალბათ, 400-500 ლარი დამჭირდებოდა. ცხადია, ამდენს ვერ გადავიხდი, ამიტომაც გათბობას მთელ სახლში არ ვრთავ”.

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ნუნუ კონცელიძე კი ამბობს, რომ მისი ოჯახი გასათბობად ელექტროღუმელს იყენებს: ”ზამთარში 20 ლარით მეტს ვიხდით, ვიდრე ზაფხულში. მაგრამ ელექტროენერგიას ძალიან ეკონომიურად ვხარჯავთ, ყველას დავსდევ და ოთახებში შუქს ვაქრობ”.

გასულ ზამთარში, გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები ეთერიკო დონდოლაძის ოჯახისთვისაც გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგია იყო. ოჯახი შუქის გადასახადს, მინიმუმ, 100 ლარს იხდიდა თვეში.ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. შეშის ბაზრობაზე ერთი კუბ/მეტრი დაჩეხილი შეშა 120-130 ლარი ღირს, მორების ფასი კი _ 90-100 ლარამდეა. ერთი ტომარა შეშის ფასი ოთხი-ექვსი ლარია. შეშის ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორი დამუშავებულია და რა სახეობისაა. სავარაუდოდ, შეშაზე ფასების მატება არ არის მოსალოდნელი. გამყიდველები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები, შეშა არ გაძვირებულა. `საწვავიც უნდა ვიყიდოთ და მძღოლსაც თავისი უნდა მივცეთ. რაც შეეხება დოკუმენტაციას, ვაუჩერს სატყეო მეურნეობაში ვიღებთ. საშეშედ ერთი კუბამეტრი წიფელის მოჭრისთვის სამ ლარს ვიხდით. მართალია, შეშა არ გაძვირებულა, მაგრამ მაინც ნაკლებად იყიდება - ხალხს ფული არ აქვს”, _ ამბობს დავით აბაშიძე. შეშის გამყიდველთა თქმით, ერთ ოჯახს, ზამთარში, გათბობისთვის, დაახლოებით ექვსი-შვიდი კუბამეტრი შეშა სჭირდება. ერთი მანქანა მორი, რომელიც დაახლოებით ხუთი კუბამეტრია, 500-ლარამდე ღირს. ბაზრობაზე მხოლოდ წიფელი იყიდება, შეშად წყავი და რცხილაც კარგია.შეშას, რომელსაც ბათუმის ბაზრობაზე ყიდიან, აჭარის სხვადასხვა სოფლებში ჭრიან. ”ხეებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ვჭრით, ქალაქში ჩამოგვაქვს და ვყიდით _ ამბობენ შეშით მოვაჭრეები.

სოფელში თითოეულ ოჯახს, ზამთრის მარაგისთვის, 7-8 კუბური მეტრი ტყე-კაფი აქვს გამოყოფილი. შეშა რომ დაამზადო და გაყიდო, არსებობს სპეციალური ვაუჩერები, რითაც გამოყოფილი ხეების მოჭრის უფლებას იღებ”. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, კახაბერ გუჩმანიძის ინფორმაციით: ”აჭარაში, წელს ვაუჩერი 145 533 კუბურ მეტრ საშეშე მერქანზეა გაცემული. აჭარის მაღალმთიან ზონაში ვაუჩერები მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაურიგდა. გამოყოფილია უბნები, სადაც ვაუჩერების მქონე პირებს წინასწარ დანომრილი ხეების მოჭრა შეუძლიათ. შეშის ტყიდან გატანა და ტრანსპორტირება კი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხდება”.

და ბოლოს, ხულოს რაიონიდან არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა რედაქციაში ტყის უკანონოდ ჩეხვასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები გვატყობინებენ, რომ ტყე ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე, მასიურად იჩეხება და იყიდება. მათი აზრით, თუ ასე გაგრძელდა, მეწყრის საფრთხე კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ისინი შესაბამის სამსახურებს ბრაკონიერებისგან ტყის რეალურ დაცვას სთხოვენ.

ბრძოლა საკუთრებისთვის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ანგისის მცხოვრებს საბჭოური პერიოდის საკარმიდამო ნაკვეთი წაართვეს. აღნიშნული ფართობი, რომელიც ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, ოფიციალურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც ეკუთვნის და ქალაქ ბათუმსაც. ბათუმის საჯარო რეესტრი ამ ნაკვეთის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს იძლევა.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

ამ მიწას ნევრესტან და ირმა ტარიელაშვილები ბათუმის მერიას ედავებიან. დავა არ დასრულებულა, მაგრამ სადავო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. ქართულ-უკრაინულმა ფირმა ”ედელვაისმა” ეს ტერიტორია ორჯერ შეიძინა. ფირმის წარმომადგენელი გივი დარჩიძე აცხადებს: `ჩვენ ჯერ 2006 წელში გამოცხადებული კონკურსი მოვიგეთ. იმის გამო, რომ ტარიელაშვილებმა დავა დაგვიწყეს, მერიამ ხელშეკრულება გაგვიუქმა. შემდეგ მათ შევთავაზეთ, სხვა ინვესტორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს თანხას აგვინაზღაურებდა და ახალ კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებდით. ისინი არ დაგვთანხმდნენ. ახლა ჩვენ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გაგვაჩნია”.

დარჩიძე არაოფიციალურად აცხადებს, რომ მისი კომპანია ტარიელაშვილებთან გარიგებას ცდილობს: `თქვან, რომელ სართულზე უნდათ და ბინებით დავაკმაყოფილებთ”.

გუშინ, ტერიტორიაზე შესულ ტექნიკას, რომელმაც ტარიელაშვილების ნარგავის _ ციტრუსებისა და ხილის ამოძირკვა დაიწყო, ნევრესტან ტარიელაშვილი გადაუდგა. ის სამართალდამცავებმა დააკავეს. დაპატიმრებამდე კი იგი `ბათუმელებთან~ აცხადებდა: `მერიას ეს მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნის და არც მისი გასხვისების უფლება ჰქონდა. დოკუმენტების გაყალბებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწა ქალაქის საკუთრებად გამოაცხადეს, რაც კრიმინალია. მაშინ, როცა ამ მიწის ნაკვეთზე ჩემსა და მერიას შორის დავა გრძელდებოდა, 2008 წლის იანვარში მერიამ ამ მიწაზე აუქციონი გამოაცხადა, რაც ასევე უკანონობაა”.

მართლაც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნევრესტან ტარიელაშვილმა გაასაჩივრა ბათუმის სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ სასამართლო დავა მოცემულ მიწის ნაკვეთზე გრძელდებოდა და ქალაქის მერიას მისი გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

ამ საქმეში კიდევ ერთი კურიოზიცაა: ეს ტერიტორია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებადაც ითვლება _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ნაკვეთს ყადაღა ადევს.

ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი
2007 წლის 11 ნოემბერს, ბათუმის საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე საკადასტრო #05.05.06.030 _ 3626 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიის საკუთრებაა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულია 2006 წელში მერიის მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონი. დოკუმენტს ხელს აწერს საჯარო რეესტრის ბათუმის სამსახურის თანამშრომელი ე. მოქია.

2008 წლის 3 მარტს, იმავე სამსახურის უფროსის, ლ. კეკელიძის ხელმოწერილ ცნობაში ნათქვამია: `გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთი ფართობით 3626 კვ/მეტრი საკადასტრო #05.05.06.030 საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული~.
მოგვიანებით საჯარო რეესტრში ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალი უფროსის, კ. თავდგირიძის ხელმოწერილ დოკუმენტში კი წერია, რომ ეს მიწა ამჟამად შპს `ედელვაისის~ საკუთრებაა, მანამდე კი ბათუმის მერიას ეკუთვნოდა.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელვაჩაურში მიწების საკუთრებაში დარეგისტრირება დაიწყო. კომისიას განცხადებით ტარიელაშვილებმაც მიმართეს. კომისიის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში წერია: `განხილულ იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის განცხადება 724,5 კვ/მეტრ და 1880 კვ/მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მათ 724,5 კვ/მეტრი საკუთრებაში გადაეცათ. რაც შეეხება 1880 კვ.მეტრს, ვინაიდან აღნიშნულ ფართზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, მის დასრულებამდე კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს~.
როგორ გადაიქცა ხელვაჩაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად, გაურკვეველია. ამის კონკრეტული დოკუმენტი არ არსებობს. დოკუმენტებით აღმაშენებლის ქუჩის მარცხენა მხარე _ ე.წ. მახვილაურის ციტრუსების მეურნეობის ბაღები ხელვაჩუარის საკუთრებაში ჯერ კიდევ რჩება, მარჯვენა მხარეს განთავსებული ათეულობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კი ბათუმს ეკუთვნის.

ტარიელაშვილის ვერსია
ნევრესტან ტარიელაშვილის განცხადებით, მათი მიწით ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებული: `ფირმა `ედელვაისი~ ფიქტიური ორგანიზაციაა. მის უკან დგას კონკრეტული პიროვნება, შოთა მიქელაძე. იგი არის ყოფილი პარლამენტარის, ედვარდ სურმანიძის სიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ედვარდ ფუტკარაძის მოყვარე (მისი ქალიშვილი ჰყავს რძლად). სწორედ ის ცდილობს ჩემი ტერიტორიის მითვისებას~.

როგორც ტარიელაშვილი ამბობს, მან ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძესაც მიმართა: `ბატონ ლევანს რომ ვუთხარი, დაინტერესდა და მითხრა, დამიწერე ყველაფერი და მომიტანეო. დავწერე განცხადება და მის კანცელარიაში ჩავაბარე. სამწუხაროდ, პასუხი არ მიმიღია~.
ტარიელაშვილების ოჯახი ანგისაში საუკუნეა ცხოვრობს. ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი საბჭოთა პერიოდამდე ტარიელაშვილების საკუთრება იყო.

კოლექტივიზაციის პერიოდში მათ მხოლოდ სარგებლობის უფლება საკარმიდამო ნაკვეთზე დაუტოვეს. ციალა ტარიელაშვილს ტბელ აბუსერიძის ქუჩის გაყოლებაზე 0,34 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი 2006 წლამდე ჰქონდა, რასაც ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკომლო წიგნის ჩანაწერები ადასტურებს.
ტარიელაშვილების მიწის ნაკვეთი ორად 1985 წელს, ე.წ. ხოფის ბაზრობის დასახლების შექმნის შემდეგ (აღმაშენებლის ქუჩის მშენებელობა) გაიყო. მაშინ, ამ ოჯახმა, მეზობლებისგან განსხვავებით, კომპენსაცია არ მიიღო. გაყოფილი ნაკვეთის შემდეგ აღმაშენებლის ქუჩის მარჯვნივ დარჩა სახლი და 724,5 კვ/მეტრი მიწა, ხოლო ქუჩის მარცხნივ _ 1880 კვ/მეტრი. ორივე მიწის ნაკვეთს ტარიელაშვილები 2006 წლამდე სასოფლო-სამეურნო დანიშნულებით სარგებლობდნენ.

ტარიელაშვილებსა და ბათუმის მერიას შორის დავა 2006 წლიდან დაიწყო, როცა მერიამ აღნიშნულ მიწის ფართზე პირველი აუქციონი გამოაცხადა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ტარიელაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ნაკვეთს ყადაღა დაადო. ნევრესტან ტარიელაშვილმა ბათუმის სასამართლოსაც მიმართა და აუქციონის შეჩერება და შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. პირველ ინსტანციაში მან პროცესი წააგო. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმე ისევ ბათუმის სასამართლოს დაუბრუნდა. დავა გაგრძელდა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში, თბილისში და ისევ ქუთაისში. სასამართლო პროცესებზე ბათუმის მერიამ წარადგინა ბათუმის საჯარო რეესტრის ცნობა, რომ ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ამ ცნობაზე დაყრდნობით სასამართლოებმა გადაწყვეტილება მერიის სასარგებლოდ გამოიტანეს.


ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

{ბათუმელები}
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა მომავალი წლისათვის იგეგმება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სემინარი გაიმართა, რომელშიც ბათუმელმა ადვოკატებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ახალი კოდექსით შემოღებული იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ნაფიცი მსაჯულები, საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა სიიდან შეირჩევა. ადვოკატ რამინ პაპიძის განცხადებით, კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ზოგი მისაღებია, ზოგი კი _ არა: ”კარგია, რომ ახალი კოდექსით წინასწარი გამოძიება აღარ იქნება. გამოძიების პრეროგატივა მხოლოდ სასამართლოს ექნება. აღარ იქნება მოწმის წინასწარ დაკითხვა, იქნება მხოლოდ მოწმეების გამოკითხვა. გამოძიება ვალდებული იქნება მოაგროვოს მტკიცებულებები და დაცვასთან სასამართლო პროცესზე შეჯიბრობითობის პრინციპით მოახდინოს თავისი პოზიციების მტკიცება. დაცვა გაეცნობა გამოძიების მტკიცებულებებს, თავის მასალებს კი მხოლოდ სასამართლომდე ხუთი დღით ადრე გააცნობს გამოძიებას. პროექტით ისიც იყო გათვალისწინებული, რომ დაცვას ჩხრეკის უფლებაც ექნებოდა, რაც მერე ამოიღეს”.

შემოდის ”სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი. დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, უფლება ექნებათ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს გაეცნონ და სასამართლოს თავიანთი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარუდგინონ. აპელაციას უფლება ეძლევა გამოიტანოს განაჩენი. პაპიძის განცხადებით, ცუდია ის, რომ ჩხრეკის პროცესი ისევ უცვლელი რჩება: ”დაკავებული პირის მიმართ კვლავ რჩება იმის საშიშროება, რომ ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებენ. საუბარი იყო ჩხრეკის გადაღებაზე, რაზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა მეიშვილმა განაცხადა, რომ ამდენი კამერების შეძენა ტექნიკურად შეუძლებელია”

. პროექტით, უქმდება ეჭვმიტანილთა ინსტიტუტი და ისინი პირდაპირ ბრალდებულად გამოცხადდებიან. უქმდება ასევე კერძო ბრალდებისა და დაზარალებულის ინსტიტუტებიც. ამასთან დაკავშირებით კანონშემოქმედებს ასეთი არგუმენტი აქვთ _ ევროპაში დაზარალებულის ცნება არ არსებობს. ამავე პროექტით, ამა თუ იმ პიროვნებაზე სისხლის სამართლის დევნის დაწყება პროკურორის შეხედულებისამებრ მოხდება. ადვოკატის თქმით, `ამით შეიძლება პროკურატურამ ბოროტად ისარგებლოს _ ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა ზოგ პირზე შეიძლება დაიწყოს და ზოგზე _ არა”.

ბრალდება კანონიერი ქურდობისთვის

{ემზარ დიასამიძე/ბათუმელები}

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ რომან ხმალაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. მისი ექსტრადირება უკრაინიდან მოხდა. მას ბრალად კანონიერი ქურდობა ედება.

ასეთი ბრალდება ქართულ სამართალში ორიოდე წლის წინ გაჩნდა: პირი, რომელიც სიტყვიერად აღიარებს კანონიერ ქურდობას, 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუ ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანი, სასამართლო პროცესზე კანონიერ ქურდობას უარყოფს, სასჯელს აიცდენს. თუმცა, ამ შემთხვევაში ე.წ. ქურდულ კანონი მუშაობს, რომელიც ასევე დასჯადია.

ადვოკატ შაქრო პაპიძის განცხადებით, ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა: ”ხმალაძე უკრაინის ციხეში იჯდა და გათავისუფლების შემდეგ მისი ექსტრადირება მოხდა. როგორ დაუმტკიცებენ კანონიერ ქურდობას, არ ვიცი. განსასჯელს ამაზე ნოტარიუსთან დამოწმებული ხელშეკრულება არ აქვს. მოწმეებად პოლიციელები გამოდიან”.

ექსპერიმენტების თაობა - გამოცდები მეცხრე კლასში

2009 წლის გაზაფხულზე, მაისში, საქართველოს სკოლების მეცხრე კლასებში ჩატარდება ტესტირება ანუ შემოწმდება მოსწავლეების ცოდნის ხარისხი, _ ამის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ტესტირების ჩატარების ინსტრუქციაში წერია.
ნათია როყვა / ბათუმელები

საჯარო სკოლებში გამოცდების გაუქმების შემდეგ, პირველად გასულ კვირას, ბათუმის ორ სკოლაში ექსპერიმენტი ჩატარდა _ მეათეკლასელებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებმა საცდელი ტესტირება ქართულსა და მათემატიკაში ჩაუტარეს.

ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის ჯგუფის კოორდინატორის, შორენა საძაგლიშვილის ინფორმაციით, ”ტესტირება, რომელიც 2009 წლის გაზაფხულზე, ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდება (შერჩევა პროცენტული მაჩვენებლებით რეგიონების მიხედვით მოხდება), დასკვნების გასაკეთებლადაა საჭირო: რას მიაღწიეს მოსწავლეებმა ბოლო ოთხ წელში; რა ზეგავლენა მოახდინეს ამ შედეგებზე მასწავლებლებმა და სახელმძღვანელოებმა; ზოგადად, რა ხდება განათლების სფეროში.

გასულ კვირას პილოტირებულ სკოლებში ჩატარებული საცდელი ტესტები ჰოლანდიაში საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დამუშავდება. თუმცა, შედეგები _ რა მდგომარეობაა საქართველოს საჯარო სკოლებში, გაზაფხულზე ჩატარებული ტესტირების შემდეგ დაიდება. გასულ კვირას ჩატარებული ტესტირება არაა გადამწყვეტი იმისათვის, მოსწავლე გააგრძელებს თუ არა სწავლას სკოლაში, მომდევნო საფეხურზე”.

ბათუმში ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლის, იურისტ ასლან ჭანიძის ინფორმაციით, `ბავშვებმა როცა გაიგეს, რომ ეს მათ ნიშნებზე ზეგავლენას არ მოახდენდა, ტესტების შევსებაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ მოზარდებს მუშაობა გაუჭირდათ. მათ ტესტებზე დაახლოებით სამი საათი იმუშავეს და დაიღალნენ”.

ტესტები, რომლებიც მეოთხე საჯარო სკოლის მეათეკლასელებს დაურიგეს ამოსახსნელად, სულ 42-გვერდიანი იყო (22-ქართულში, დანარჩენი კი _ მათემატიკაში).

არიან თუ არა საქართველოში მეცხრეკლასელები მზად იმისათვის, რომ სამომავლოდ ტესტირება ჩააბარონ? მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საცდელი ტესტირება გაიარეს, ამბობენ, რომ ტესტების ამოხსნა მათემატიკაში გაუჭირდებათ.
მეათეკლასელი თამუნა დიასამიძე ტესტების სიმრავლეზე, დროის სიმცირესა და გადაღლაზე საუბრობს: `ტესტი იყო ძალიან ბევრი, სამუშაოდ კი ოთხი საათი გვქონდა. თავიდან გვითხრეს, რომ დრო განსაზღვრული არ იყო, მაგრამ ბოლოს შეგვზღუდეს. 42-გვერდიანი ტესტის შევსება ამ დროში შეუძლებელია: მათემატიკაში ორნიშნა ციფრებს ზეპირად ვიყვანდით. ბოლოს ხელის გულებსა და მერხებზე ვანგარიშობდით, თან ვცდილობდით გამომცდელებს არ დავენახეთ”.

”ქართულის გამოცდის შემდეგ გადავიღალეთ და ვეღარ ვაზროვნებდით. ვფიქრობ, მათემატიკის ტესტები რთული იყო”, _ ამბობს მარი ხოზრევანიძე. მარის აზრით, მეცხრეკლასელებს მათემატიკაში მსგავსი ტესტირების გავლა გაუჭირდებათ.
მალხაზ შაინიძეც თვლის, რომ ტესტების ამოხსნა ქართულში უფრო გაუადვილდა. თანაკლასელებისგან განსხვავებით კი, ჯაბა ქამადაძე თვლის, რომ მისთვის მათემატიკაში ტესტები მარტივი იყო და სამუშაო მხოლოდ იმიტომ ვერ დაამთავრა, რომ `დრო არ ეყო”.

სკოლაში საცდელი ტესტირების ჩატარების თაობაზე ინფორმირებული არ იყო მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი, ზოია სტურია. დირექტორსა და პედაგოგებს ტესტების გაცნობის საშუალება არ მიეცათ: `ტესტები დალუქული იყო, მაგრამ როგორც მოსწავლეებმა გვითხრეს, რთული არ იყო. უბრალოდ, ბავშვები დაიღალნენ”.

დირექტორის აზრით, სკოლებში მსგავსი ტესტების ჩატარებით სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მართალია, კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ დირექტორი უფლებამოსილია, პედსაბჭოსთან შეთანხმებით, კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები ჩაატაროს: ”კათედრები ამუშავებენ ტესტებს და ყოველწლიურად ვატარებ ტესტირებას ექვს საგანში, მეშვიდე და მეცხრე კლასებში”.
დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს მეცხრე კლასში ხუთბალიანი სისტემა 15-მა მეცხრეკლასელმა ვერ დაძლია, ისინი სკოლიდან წავიდნენ: ”თავად არჩიეს წასვლა, უმრავლესობამ კოლეჯებში ჩააბარა”. დირექტორის თქმით, თუ მოსწავლე ვერ სწავლობს, უმჯობესია პროფესია მეცხრე კლასის შემდეგ აირჩიოს.

ასლან ჭანიძის აზრით, თუ ტესტირების შედეგებით განისაზღვრება, გააგრძელებს თუ ვერა სწავლას მოზარდი მეათე კლასში, რეაქცია იქნება უარყოფითი, რადგან ამისთვის მზად არავინაა: `მშობლებს და მით უფრო მოზარდებს, თუ წინასწარ არ ექნებათ ინფორმაცია ამის თაობაზე, ისინი, ფაქტობრივად, დაკარგავენ მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებობას და, შესაბამისად, უმაღლესი განათლების მიღების შანსს”.

ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრმა საქართველოში, ასი საჯარო სკოლა, სახელმძღვანელოების გამოცდისა და სწავლების ახალი მეთოდების დანერგვის მიზნით, სამი წლის წინ შეარჩია. აქედან აჭარის ცხრა საჯარო სკოლა შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა: ბათუმში ორ საჯარო სკოლაში დაინერგა პილოტირებული სწავლება _ მცირეკონტიგენტიან და მაღალკონტიგენტიან სკოლებში.

საქართველოში პილოტირებული მეთოდით პირველი, მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეები სწავლობენ.

ვირტუალური რეალობა

მოსაწყენი ამინდია... და მთელი ზამთარი ასეთი ამინდი იქნება ბათუმში. როგორ უნდა გაერთო? “შედი და გაერთე” _ ეს ვირტუალური ჩათის სამყაროა. აქ არც მარტოობა გაგტანჯავს და ვერც ვერავინ შეგაწუხებს, თავისუფალი ხარ.

ნათია კოპალიანი /ბათუმელები

30 წლის ეკა აზრით, “ერთი რამე უდავოა _ სკაიპში კარგი მეგობრები შევიძინე. უცხოელებსაც ველაპარეკები. როდესაც მილანში ჩავედი, ჩათში გაცნობილი მეგობარი დამხვდა და ძალიან კარგი მასპინძლობა გამიწია”.

იყო დრო, როცა ქალი და კაცი შეყვარებასაც ვერ ასწრებდნენ, ისე აქორწინებდნენ მშობლები; მერე მაჭანკლობა იქცა `სარფიან“ ხელობად; მოგვიანებით გარიგება უნივერსიტეტის ეზომ, კაფე-ბარებმა და ბულვარებმა შეცვალა.

ამ ყველაფერს 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ჩაენაცვლა. ცივილიზაციამ ადამიანები ერთმანეთს დააშორა, საკუთარ თავში ჩაკეტა... და აქტუალური გახდა ინტერნეტნაცნობობა. 35 წლის მადონა ამბობს, რომ ჩათით ცხოვრებას იხალისებს: `მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, დამღლელი. იმიტომ მიხარია კომპიუტერთან ჯდომა, რომ ახალ ადამიანებთან ურთიერთობას ვახერხებ. ალბათ, ეს, რეალობაში მაკლია. ადამიანების გაცნობა ახალ ენერგიას მაძლევს”.

ჩათი უკვე იმდენად მასობრივია, რომ მსხვილმა ორგანიზაციებმა სამუშაო საათებში მისი გამოყენება აკრძალეს. მას ყველა ასაკის მომხმარებელი ჰყავს. `შვილი მყავს საზღვარგარეთ და ამ ფაქტმა ინტერნეტთან დამამეგობრა, ვკონტაქტობ მასთან და არა მარტო... მავნე ჩვევად მექცა ახალი ინტერნეტნაცნობების შეძენა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თავს უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ~, _ ამბობს 44 წლის ნანა. 40 წლის ემზარისთვის კი, `ეს კომუნიკაციის საშუალებაა, რომლითაც შეგიძლია გაესაუბრო შორს მყოფ მეგობრებს, ჩაერთო საინტერესო დისკუსიაში, გაიცნო ახალი ადამიანები, დაამყარო მათთან კონტაქტები, მათ შორის ინტიმურიც”.

ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავის პარტნიორს ინტერნეტში ხვდება, უყვარდება და ქორწინდება კიდეც. დღეს ერთი მეგობარი გამომიტყდა, მგონი, ის ბიჭი შემიყვარდაო. გაკვირვება ვერ დავმალე, რადგან ვიცოდი, რომ რეალურ სამყაროში არავის ხვდებოდა. შევეკითხე, რომელი? აღმოჩნდა, რომ `ის~ ვირტუალურ სამყაროში გაიცნო. მეგობარი ისე აღფრთოვანებული მელაპარაკებოდა, ამ `ზღაპრის~ დაჯერებამდე ცოტაღა მაკლდა.

მათი აზრით, ვინც ვირტუალურ სამყაროში “ცხოვრობს”, ჩათს ბევრი კარგი თვისება აქვს. აჩი: `ერთი გოგო გავიცანი ვირტუალურად. შევხდი და ძალიან მომეწონა. ახლაც ვხდები. არ ვიცი, საბოლოოდ რა იქნება, ვნახოთ”.

კონსტანტინე: “სკაიპი” რომ არ იყოს, ”გავაფრენდი”. დედაჩემი ოთხი წელია ამერიკაში ცხოვრობს და სკაიპის საშუალებით ვუკავშირდები. რამდენიმე მეგობარი მყავს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია”.
ქეთინო: ”ინტერნეტის საშუალებით ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. ვიგებ სერიოზულ ინფორმაციებს მათ შესახებ. მყავს ბევრი ინტერნეტმეგობარი, რომელთაც ჯერ არ შევხვედრივარ”.

24 წლის დათოს აზრით კი, `შეიძლება შეხვდე, გაერთო, დრო ატარო მასთან, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის წამოწყება არარეალურია. თუმცა, თუ მისი ვიზუალური მხარე მომხიბლავს, რატომაც არა...”

ფსიქოლოგ ქეთი ბერიძის აზრით, `ჩათს უარყოფითი მხარეებიც აქვს: `ადამიანს ვერ ეხები ანუ ჩათის საშუალებით იმდენად ხშირად ელაპარაკები მას, რომ მერე მასთან ფიზიკური კონტაქტი ნაკლებად გინდა. ჩათი ვერასოდეს შეავსებს იმას, რასაც ურთიერთობა ჰქვია. ჩათში ადამიანმა შეიძლება დრო ვერ გააკონტროლოს და საქმეც გაიფუჭოს”.

ფსიქოლოგის განმარტებით, ჩათი ქვეშეცნეულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა: ”როცა იცი, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ელაპარაკები, შეიძლება ვერც კი შეხვდე, ისეთ რაღაცას ეუბნები, რაც შეიძლება ახლო მეგობრისთვისაც არ გქონდეს ნათქვამი. ადამიანები ასეთ საუბრებში უფრო გახსნილი არიან. ასეთ დროს ისინი უარყოფითი ენერგიისგან იცლებიან და სიამოვნებას განიცდიან. ახსნა აქვს იმასაც, რომ `აქ~ ადამიანები ხშირად იტყუებიან: უნდათ ისეთები იყვნენ, რასაც ამბობენ, როგორც სოციალურად ისე ფიზიკურად”.

იმას, რომ სკაიპმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა, ამ სახის ურთიერთობის კიდევ ერთი მოყვარული _ ქეთი, არ ეთანხმება: ”თუ ვიღაცასთან შეხვედრის სურვილი გექნება, მის ნახვას მოახერხებ ანუ ჩათით უბრალოდ ეტყვი _ მოდი რა, შევხვდეთ”.
27 წლის გიორგი კი ცოტა სხვაგვარად ფიქრობს: ”კარგია, როცა ათასობით კილომეტრზე დაშორებულ ადამიანს ეხმიანები, მაგრამ მათ, ვინც შენს ქალაქში ცხოვრობს ან სულაც ერთი კედელი გყოფს… სჯობს, ალალად ეურთიერთობო, ინტერნეტის გარეშე...”


Sunday, November 30, 2008

ია ანთაძე: ღია წერილი საქართველოს ჟურნალისტებს

ია ანთაძე, ჟურნალისტი

ძვირფასო კოლეგებო, მოგმართავთ ყველას, მათ – ვისთანაც მრავალი წელია, ვმეგობრობ და მათაც – ვისაც მხოლოდ შორიდან ვიცნობ, ან, შესაძლოა, ჯერჯერობით, არც ვიცნობდე. მინდა თქვენ და, თქვენი მეშვეობით, საქართველოს მთელ მოსახლეობას გავაცნო ერთი ინიციატივა, რომელიც თითოეული ჩვენგანის პროფესიული მისიის შესრულებას ეხება. ამ ინიციატივის ავტორები არიან ჟურნალისტები – ჩვენი კოლეგები და მეგობრები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

რეგიონული ჟურნალისტების საუკეთესო ნაწილი მზად არის, ნებაყოფლობით უარი თქვას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით“ მინიჭებულ თითქმის შეუზღუდავ თავისუფლებაზე და შექმნას კონკრეტული ეთიკური პრინციპების ჩამონათვალი, რომელთაც განუხრელად დაიცავს თავის საქმიანობაში.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (რომელსაც მე ვხელმძღვანელობ) და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია უკვე ორი წელია, კოორდინაციას ვუწევთ რეგიონული ჟურნალისტების მიერ არჩევნების გაშუქებას. მიმდინარე წელს, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენ შევძელით, ერთობლივად შეგვემუშავებინა შვიდი პრინციპი, რომლებიც თანაბრად მისაღები აღმოჩნდა რეგიონული პრესისთვის და რადიოკომპანიებისთვის. საპარლამენტო არჩევნები სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად გაშუქდა საქართველოს ათ ქალაქში.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ რაიმე განსაკუთრებულ ხარვეზებს შეიცავს. პირიქით, ეს არის ძალიან ლიბერალური, კარგი კანონი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჟურნალისტების უფლებებს და საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად თამამად დავუპირისპირდეთ ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკებს. მაგრამ ამ კანონით მინიჭებულ დიდ თავისუფლებას ყველა ჟურნალისტი კეთილსინდისიერად არ იყენებს და ამით აკნინებს ნდობას ზოგადად ჟურნალისტის პროფესიისადმი. კანონი მაქსიმალურად გვაცილებს პასუხისმგებლობის ტვირთს, რაც ზოგიერთ ჩვენგანს უბიძგებს, ნაკლები სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ მოვალეობებს საზოგადოების თუ კონკრეტული ადამიანების მიმართ.

სწორედ ამიტომ, რეგიონულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც პროფესიული ღირსებით გამოირჩევიან, გადაწყვიტეს, საკუთარი ნებით შექმნან ახალი, უფრო შეზღუდული ჩარჩო, რომელსაც ჩვენ საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიას დავარქმევთ. ქარტია იქნება პრინციპების ერთობლიობა, რომელთაც ასევე ერთობლივად შევიმუშავებთ და რომელთა დაცვის პირობას თითოეული მსურველი საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებს. ხელმომწერები იქნებიან არა მედიაორგანიზაციების მფლობელები, არამედ კონკრეტული ჟურნალისტები. სწორედ ამ პროცესში გვინდა ჩაერთოს საქართველოს ყველა ჟურნალისტი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიული სტანდარტი და საკუთარი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე; ყველა, ვინც მზად არის, წინ აღუდგეს ტყუილის თუ ნახევრად სიმართლის გავრცელებას.

ქარტიის პრინციპების ჩამოყალიბებისა და ხელმოწერის შემდეგ, ხელმომწერები კენჭისყრით ავირჩევთ საბჭოს, რომლის წევრები როტაციის წესით შეიცვლებიან და რომელიც მუდმივად თვალყურს მიადევნებს, რამდენად ვიცავთ ჩვენ – ხელმომწერები – ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე დადებულ პირობას. ის ჟურნალისტები, რომლებიც ერთობლივად შემუშავებულ წესებს დაიცავენ, საბჭოს თანხმობით მიიღებენ ქარტიის ლოგოს – ერთგვარ ხარისხის ნიშანს, რომელიც მუდმივად დაერთვება მათ ნამუშევარს. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე ჩვენგანი დაარღვევს წინასწარ შემუშავებულ პირობებს, ლოგოს დაკარგავს. ლოგო იქნება როგორც ვიზუალური, ისე – ხმოვანი, სპეციალურად რადიოს ჟურნალისტებისთვის.

ქარტიის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც პრინციპების შემუშავებაშიც გვეხმარებიან და შუამავლობასაც გაგვიწევენ როგორც დიდი მედიაორგანიზაციების მფლობელებთან, ასევე, ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, დაგვეხმაროს ქარტიის მომზადებასა და მონიტორინგში, აგრეთვე, დაეხმაროს დამწყებ ჟურნალისტებს პროფესიულ ზრდაში ქარტიის ლოგოს მისაღებად.

საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ და თითოეული მათგანი საკუთრივ გადაწყვეტს, ენდობა თუ არა ქარტიის დაცვისთვის გაცემულ ხარისხის ნიშანს.

ღია წერილის დასასრულს გულწრფელად ვიტყვი, რომ ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოწოდება ხშირად სამართლიანად იყო გაიგივებული ცენზურის მცდელობასთან. ინიციატივის და ტექსტის ავტორებიც, როგორც წესი, ჟურნალისტიკის მიღმა მდგომი ადამიანები იყვნენ. ამჯერად ინიციატივა გვეკუთვნის ჩვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც ვაცნობიერებთ ჩვენს პროფესიულ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, ფორმალიზებული სახე მივცეთ ჩვენს მოვალეობებს საზოგადოების წინაშე.

საქართველოს თითოეულ ჟურნალისტს, რომელსაც მიმართვის წაკითხვის შემდეგ სურვილი გაუჩნდება, შემოურთდეს რეგიონული ჟურნალისტების ინიციატივას ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iaantadze@yahoo.com

აქვე გაგაცნობთ რეგიონული ჟურნალისტების მიმართვას, რომლის ტექსტი ერთობლივად დაიწერა გუდაურში, სამუშაო შეხვედრისას:

რეგიონული ჟურნალისტების მიმართვა კოლეგებისადმი

ძვირფასო კოლეგებო, რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა, ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, დავინახეთ საჭიროება, შევიმუშაოთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, რომელთა დაცვა საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის ამაღლებაში დაგვეხმარება.
გვინდა, ამ პროცესში საქართველოს ყველა ჟურნალისტი ჩაერთოს. გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ იმ ეთიკური ნორმების ჩამოყალიბებაში, რომლებიც აუცილებელია ქართული მედიის შემდგომი განვითარებისთვის და, იმავდროულად, აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტით.

მოვიპოვოთ მაღალი ნდობა პრინციპულობითა და პასუხისმგებლობით.

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“
გაზეთი „კახეთის ხმა“
გაზეთი „სპექტრი“
ტელეკომპანია „გურჯაანი“
გაზეთი „ხალხის გაზეთი“
გაზეთი „ქართლის ხმა“
გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“
გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
გაზეთი „ხალხის გაზეთი“
გაზეთი „P.S.”
ტელეკომპანია „რიონი“
რადიო „ძველი ქალაქი“
გაზეთი „სამტრედიის მაცნე“
გაზეთი „გურია ნიუსი“
გაზეთი „გურიის მოამბე“
გაზეთი „რეზიუმე“
„გაზეთი ბათუმელები“
„ტელეარხი 25“
გოგა აფციაური, ჟურნალისტი