div#header

Saturday, November 28, 2009

ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა

http://www.tavisupleba.org/content/blog/1890179.html

ავტორი ია ანთაძე

დღევანდელი წერილი ჩემს მეგობრებს ეძღვნება, მეგობრებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და გამხნევება სჭირდებათ. ისინი ბათუმში ცხოვრობენ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და გზა-გზა ბევრ ჭირ-ვარამს უძლებენ.

ძველ ამბებს აღარ მოვყვები, შარშანდელს ვიტყვი: ზაფხულში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი მიიღეს – ამა და ამ ადამიანს სულ მალე ნახავთ მკვდარს, პირში გაზეთგაჩრილსო; ხოლო შემდეგ ამის და ამის ჯერი დადგებაო. წერილის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ღამით უცნობი პირები აედევნენ მანქანით და ცდილობდნენ, დევნა რაც შეიძლება შესამჩნევი ყოფილიყო. მის თანამშრომელ გოგონას კი – ქვეითად მოსიარულეს – აედევნა მანქანა, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მოკლედ, ჩემს მეგობრებს აშინებდნენ. და ამ ქვეყანაში, სადაც კარგა ხანია თითქმის ყველა შეშინებულია, ჩემი მეგობრები არ შეშინდნენ.

ჰოდა, თუ არ გეშინია, სხვა ხერხებიც არსებობს: ახლა აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს შორის ერთ-ერთს მთლად სოდი გამოეცხადა და უთხრა – შენს ავადმყოფ მამას თავისი შვილის ისეთ ფოტოებს ვაჩვენებთ, არ გაუხარდებაო, მერე ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებთ და ინტერვიუსაც აღარავინ მოგცემსო. მძიმე მუქარაა. ეჭვი არ მეპარება, იციან, რასაც ამბობენ. და, რაც მთავარია, იციან, რასაც აკეთებენ.

გუშინ ერთმა ადამიანმა საჯაროდ იკითხა: კი მაგრამ, რას ბეჭდავს ასეთს „გაზეთი ბათუმელები“, ყველამ რომ მაგათთვის მოიცალაო.

ინფორმაციას რომ სანდო წყაროებთან ამოწმებს, ღირებულებებს რომ არ ღალატობს და ადამიანების გაჭირვება რომ მართლა ენაღვლება, – ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ.

http://www.tavisupleba.org/content/blog/1890179.html

Friday, November 27, 2009

გაზეთი ”ბათუმელები” ჟურნალისტის დაშანტაჟების შესახებ იტყობინება

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მიმართა ბათუმის პროკურატურას გამოიძიოს ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთის ”ბათუმელების” ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული დევნის საქმე.

გაზეთის ჟურნალისტების განცხადებით, გასულ კვირას მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს მუქარის წერილი. კერძოდ, უცნობი პირი წერდა: ,,დაზაკაზებულია“ ემზარ დიასამიძის [გაზეთის ჟურნალისტის] მოკვლა და მალე ვნახავთ მას პირში გაზეთგაჩრილს, მკვდარს.“

ამ წერილის მიღებამდე გაზეთის მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს და ჟურნალისტ ნათია როყვას უცნობი პირები აედევნენ მანქანით ქუჩაში. გაზეთის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში ავტომანქანაში მყოფი პირები იქცეოდნენ ისე, რომ შესამჩნევი ყოფილიყო დევნის ფაქტი.

სახალხო დამცველის აპარატმა 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმე პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, რადგანაც საქმეში მუქარის ნიშნები შეინიშნება.

საია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის – თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.

საქართველოს კონტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ხელშეუხებელია “ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი”.

კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დამატებითი დაცვის გარანტიებს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომლის თანახმად:

“საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან”.

ამასთან, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად `პოლიციელს უფლება აქვს დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს აბსოლუტური აუცილებლობა, ხორციელდება კანონის შესაბამისად და მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად~.

საიას შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ უგულებელყოფას, კერძოდ კი – იძულებას, ასევე, სახეზეა სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შსს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვს დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული გამოძიებიება 25 ნოემბერს მომხდარი ფაქტზე და დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა შესაბამის პირს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტის დაცვას ახორციელებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მეშვეობით.