div#header

Wednesday, October 8, 2008

დეპუტატის გასაიდუმლოებული საქმის გამოძიება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მალხაზ კალანდაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 10 ივლისს აღიძრა. მას უკრაინის მოქალაქის, ნატალია ზავალკოს გაუპატიურება და ცემა ედება ბრალად. აჭარის პროკურატურა და შსს გონიოს ქვეგანყოფილების გამომძიებელი საქმის გასაიდუმლოებას ცდილობენ. გამოძიება უკვე ორი თვეა დაზარალებულის ადვოკატს საქმეს არ აცნობს.
ემზარ დიასამიძე/ ბათუმელები
ფოტოზე: დეპუტატ მალხაზ კალანდაძე

ამ საქმესთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას `ბათუმელებმა~ სამჯერ მიმართა. პირველ წერილში გვაინტერესებდა, აღიძრა თუ არა დეპუტატ მალხაზ კალანდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურიდან ოპერატიულად გვიპასუხეს, რომ ეს არ იყო საჯარო ინფორმაცია. მეორე წერილით პროკურატურას 30 ივნისს მივმართეთ და მოთხოვნის შინაარსი ამ სახით ჩამოვაყალიბეთ: `გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე ნატალია ზავალკოს გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით”.

ამ წერილზე პროკურატურიდან საერთოდ არ გვიპასუხეს. აჭარის პროკურატურის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონის დარღვევა (მოთხოვნილ ინფორმაციაზე მაქსიმუმ ათ დღეში პასუხის არგაცემა) აჭარის პროკურორთან გავასაჩივრეთ. საჩივარზე სიმონ გოგოლიშვილმა, ბათუმის რეგიონული პროკურორის მოადგილემ, 29 სექტემბრით დათარიღებულ წერილში გვიპასუხა: ”თქვენ მიერ 12 სექტემბერს აჭარის არ პროკურატურაში შემოტანილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საჩივარში მითითებულ საჯარო ინფორმაციას ვერ მოგაწვდით... რადგან ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, გენო ქარცივაძის თქმით, ამ შემთხვევაში პროკურატურამ ინფორმაციის გაცემაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი: `პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონით~ პროკურატურა არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, ამიტომ კანონის ეს მუხლი პროკურატურაში არასწორად აქვთ წაკითხული. ინფორმაცია გაუპატიურების შესახებ ფაქტზე დაიწყო თუ არა გამოძიება, არის საჯარო~.


ნატალია ზავალკოს გაუპატიურების საქმეს არ იცნობს მისი ადვოკატი. `ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის~ იურისტი, სულხან რუხაძე ამბობს, რომ მას ამის უფლებას გამომძიებელი არ აძლევს: `ორდერი ჩემ ს სახელზე 4 აგვისტოს გამოიწერა. იმ დღესვე მივედი გონიოს განყოფილებაში გამომძიებელთან. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ გამომძიებელი ჯემალ აბუსერიძე ეზოში იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მაცნობეს, რომ აბუსერიძე ქუთაისში, პროცესზეა და სამ დღეში იქნებაო. მერე ინტენსიურად ვურეკავდი. ხან მეუბნებოდა, რომ არ იყო ჩამოსული, ხან საომარი მდგომარეობა მოიმიზეზა, ხან სოფელში იყო და ა.შ. ასე მიცილებდა თავიდან. ბოლოს შემპირდა, რომ ქალაქში შემხვდებოდა. შეხვედრისას მან მითხრა, რომ ორდერი უნდა დამეტოვებინა ხელვაჩაურის პოლიციაში, ის გადაამოწმებდა დაზარალებული თანახმაა თუ არა, რომ მე მისი ადვოკატი ვიყო. ამას კანონი არ ითვალისწინებს~.

ადვოკატს სერიოზული ეჭვი აქვს, რომ გამოძიებას საქმეში მისი ჩართვა არ სურს.
გამომძიებელ აბუსერიძესთან დაკავშირება `ბათუმელებმაც” სცადა: ”მე არ ვიცი, ჟურნალისტი ხარ თუ ვინ ხარ”. ამ სიტყვებით გამომძიებელმა ტელეფონი გათიშა და არაერთი მცდელობის მიუხედავად აღარ გვიპასუხა.
დაზარალებულის წარმომადგენელი, მედეა ვასაძე გამოძიების თავშეკავების ვერსიებზე საუბრობს: `თუ რატომ არ აცნობენ ადვოკატს საქმეს, ზუსტი მიზეზი ჩემთვის უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ზავალკომ თავისი განცხადება უკან გაიტანოს და ამით საქმეს ჩამოგვაცილონ. ამის შემდეგ გამოძიება შეეცდება საქმე ან შეწყვიტოს, ან საბოლოო გადაწყვეტილებით დამნაშავეს პასუხისმგებლობა ააცილოს”.

მალხაზ კალანდაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და `ნაციონალური მოძრაობის” სახეა. მისი პოლიტიკური ოპონენტი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ კალანდაძე აქტიურად იყო ჩართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო საარჩევნო კამპანიაში და გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლებამ მას ხელი დააფაროს: ”ზავალკომ რომ გაიტანოს საჩივარი, ამით კალანდაძეს მაინც არაფერი ეშველება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 10 ივლისს აღიძრა. კალანდაძე გირაოთია გათავისუფლებული. ჩვენ გვაქვს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და პროკურატურიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დოკუმენტი. ასევე ხელვაჩაურის პოლიციიდან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზავალკომ განცხადება შეიტანა კალანდაძის წინააღმდეგ. თუ ადვოკატს საქმეს არ აცნობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს ხელი დააფაროს კრიმინალს, მაგრამ შეიცვლება ხელისუფლება და ამ კაცს პასუხი მოეკითხება”.

უკრაინის მოქალაქე, ნატალია ზავალკო ბათუმში სამუშაო ვიზიტით წელს, ივნისის თვეში ჩამოვიდა. იგი აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარების პროექტის განსახორციელებლად პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად იმყოფებოდა. სტუმარს ოფიციალურად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მალხაზ კალანდაძე და მირიან ნუმანიშვილი მასპინძლობდნენ. ზავალკომ თავისი ვიზიტი პროკურატურაში საჩივრის შეტანის შემდეგ შეწყვიტა. მან მალხაზ კალანდაძეს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე უჩივლა და საქმის გამოძიება მოითხოვა.
თვითონ დეპუტატი კითხვაზე, არის თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

უმაღლესი საბჭო მკვდრის სტატუსით

ამ სტატიის მიზანი არ არის მოქმედი საარჩევნო კანონის, ე.წ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობისა თუ ბოიკოტის არგუმენტების განხილვა. ჩემი მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, როგორც რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსის მოკლე ანალიზი. ვეცდები პასუხი გავცე კითხვას, რამდენად ძალუძს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დღევანდელი ფორმატით, რეგიონში და, საერთოდ, ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გატარების პროცესში პოზიტიური წვლილის შეტანა.

ზვიად დიასამიძე. პოლიტოლოგი. სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”

უმაღლესი საბჭოს, როგორც რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს, სტატუსისა და კომპეტენციების პროგნოზირება ბევრი ექსპერტისთვის უკვე მის შექმნამდე გახდა შესაძლებელი. კერძოდ, 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, რის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდით საქართველოს პარლამენტის ფუნქციები მკვეთრად შეიკვეცა.

ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, ქვეყანაში ერთპიროვნული, ცენტრალიზებული მმართველობის სტილის დამკვიდრებისკენ, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის პარლამენტის გადაქცევას პრეზიდენტის ნება-სურვილზე დამოკიდებულ ორგანოდ.

აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ბედს რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოც გაიზიარებდა. 2004 წლის ივლისში მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციურმა კანონმა `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ~ და 2008 წლის თებერვალში მიღებულმა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციამ ექსპერტთა ეს ვარაუდი დაადასტურა.
ამ კანონმა საქართველოს პრეზიდენტს აჭარის უმაღლეს საბჭოზე უშუალო ზემოქმედების ისეთი მძლავრი ბერკეტი მიანიჭა, როგორიცაა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა, ამ უკანასკნელის მიერ პრეზიდენტის წარმოდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის ორჯერ არდამტკიცების შემთხევაში. ამასთან, პრეზიდენტი უფლებამოსილია, ჩაანაცვლოს უმაღლესი საბჭო დროებითი საპრეზიდენტო საბჭოთი, რომელსაც უშუალოდ თვითონ ნიშნავს. მოგვიანებით განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის კანდიდატურის განხილვის ნომინალური უფლებაც კი მოუსპო. პრეზიდენტს მიეცა უფლება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, წარმოადგინოს აჭარის მთავრობის თავჯდომარის კანდიდატურა.

ამ ყველაფრით ცხადი ხდება, რომ უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილებებით მიეკუთვნება უუფლებო, უმოქმედო ორგანოთა იმ რიცხვს, რომლებიც მრავლადაა დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში და რომლებიც უპირობოდ პრეზიდენტს არიან დაქვემდებარებულნი.

1 ოქტომბერს თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ჯანმრთელი სისტემა უწოდა, როგორც აღნიშნა, ცოცხალი პარლამენტით და კონსოლიდირებული მთავრობით. თუმცა, უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილებებით უფრო მკვდარ ორგანოდ გვევლინება.

დღევანდელი ხელისუფლება ხაზს უსვამს ძლიერი კონსოლიდირებული ქვეყნის მშენებლობის სურვილს. თუმცა, ამავდროულად, მას ავიწყდება უკვდავი აქსიომა, რომ ქვეყნის სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, რეგიონების სიძლიერით იწყება. ქვეყნის ჯანმრთელი, დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა მხოლოდ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძლავრი რეგიონებით იზომება.

შემიძლია მაგალითად მოვიყვანო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი მიწის, ბავარიის პარლამენტი, რომელსაც თავისი ძლიერი უფლებამოსილებებით შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობასა და განვითარებას არამარტო თავის რეგიონში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. მიწის პარლამენტს უფლება აქვს აქტიურად ჩაებას მიწის მთავრობის დაკომპლექტებასა და კონტროლში. მის კომპეტენციაში შედის: აირჩიოს მიწის მინისტერ-პრეზიდენტი (მთავრობის თავჯდომარე). თანხმობა მისცეს მინისტერ-პრეზიდენტს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი მთავრობის წევრების დანიშვნაზე. მიწის მინისტერ-პრეზიდენტს მხოლოდ ბავარიის პარლამენტის თანხმობით აქვს უფლება მთავრობის ესა თუ ის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. რაც შეეხება ბავარიის მიწის პარლამენტის დათხოვნას, ეს მხოლოდ პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი; ასევე პარლამენტის თავჯდომარის მიერ მიწის მინისტერ-პრეზიდენტის გადადგომის ან სიკვდილის შემთხვევაში, თუ მიწის პარლამენტმა ოთხი კვირის განმავლობაში არ დაამტკიცა მთავრობის ახალი მეთაური; და ბოლოს, ბავარიის მიწაზე მცხოვრები ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ბავარიის კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
გერმანიის კონსტიტუცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი უფლებები მისცეს გერმანიის მიწების პარლამენტებს, მაგრამ, ამასთან, იტოვებს მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია გააკონტროლოს ამა თუ იმ მიწის საკანონმდებლო უფლებამოსილება, თანაც ისე, რომ ისინი არ შეზღუდოს. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო კონტროლი ისაა, რომ მიწის პარლამენტების მიერ მიღებული აქტები ფედერაციულ კანონებთან წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდეს.

ასევე საინტერესოა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოხატული აღფრთოვანება ესპანეთის ასიმეტრიული ფედერაციის მიმართ.
ხელისუფლებას, რატომღაც ავიწყდება ფაქტი, რომ ესპანეთის, როგორც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი მძლავრი დემოკრატიული ქვეყნის სიძლიერის უპირობო წინაპირობას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი უფლებამოსილებებით აღჭურვილი რეგიონები წარმოადგენენ.

ამ რეგიონებს ძალუძთ გაატარონ პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები და ამგვარად ხელი შეუწყონ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, არა მარტო რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

ბუნებრივია, აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისა და რუსული აგრესიის ფონზე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებმა, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, დაკარგა რეგიონული არჩევნების ფორმატი. ქართული და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად.

პირადად ჩემთვის, ჩემი ქვეყნის სიძლიერე მისი ძლიერი რეგიონებით იწყება, მოცემულ შემთხვევაში, ქმედუნარიანი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოთი, რომელსაც ძალუძს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარება, შეეძლება რეგიონის მოსახლეობას შეუქმნას სათანადო პირობები განვითარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციისთვის.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ასეთი სტატუსის მიღება მხოლოდ პოლიტიკური რეფორმების პროცესის დაწყებით, სამართლებრივ პრინციპებზე აგებული საარჩევნო კანონმდებლობითა და ქვეყნის მართვაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი. ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს ეს ყველასათვის უტყუარი რეალობა. სხვა შემთხვევაში, მას კვლავ თავისი უფლებამოსილებებით მკვდარ ორგანოსთან მოუწევს თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამოჯანსაღების პროცესს ვერანაირად ვერ დაეხმარება.


თორნიკე შარაშენიძე: ნატო და მაპი დიდი ხნით გადაიდო

ომის დღეებში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯერ სოჭსა და მერე თბილისში თქვა, რომ საქართველოს თუ ექნება ნატოში გაწევრიანების სურვილი, აუცილებლად გაწევრიანდება. გასულ კვირას კი მერკელმა სანკტ-პეტერბურგში განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დეკემბერში მაპ-ს ვერ მიიღებენ. საქართველოში ეს განცხადება (გაზაფხულისგან განსხვავებით) არავისთვის იყო მოულოდნელი და, შეიძლება ითქვას, მსჯელობის საგანიც კი არ გამხდარა. ამის მიზეზებზე ბლიც-ინტერვიუში, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე საუბრობს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: თორნიკე შარაშენიძე

- ბატონო თორნიკე, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დეკემბერში მაპ-ს ვერ მიიღებენ. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
-ეს იმას ნიშნავს, რომ მაპ-ი და ნატო საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო. ამიტომაც, თუ რუსეთს ამ მხრივ დაუთმობენ, ჩვენთვის დიდი ტრაგედია არ იქნება. მთავარია, რომ მერკელმა და ევროპამ რუსეთს სხვა რამე არ დაუთმონ, ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ჯარები გაიყვანონ ბუფერული ზონებიდან და შემდეგ აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც გავიდნენ. ახლა ეს უფრო მთავარია, ვიდრე ნატო.
- მერკელის ასეთ კატეგორიულობას რითი ახსნით?
- რა გითხრათ... ჩვენ ისეთი პრობლემები გვაქვს, რაც ნატოში ჯერ არავის ჰქონია. ალიანსს თავისი წესები აქვს. საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია იყოს დემოკრატიული, მთლიანი და ნორმალური სახელმწიფო, ვიდრე ნატოს წევრობა.
-ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველო დიდი ხნით გახდა დასავლეთისთვის არასათანადო პარტნიორი?
- არა, რატომ. ნატოში მიუღებლობა არ ნიშნავს, რომ როგორც პარტნიორი, დასავლეთს დავშორდებით.
- გაზაფხულზე მაპ-ის არმონიჭების შემდეგ, რუსეთი აშკარა აგრესიაზე გადავიდა, ამჟამად ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობაც დაიწყო... მერკელის განცხადების შემდეგ, რუსეთისგან რას უნდა ველოდოთ?
- რუსეთი თუ გზებს ააშენებს, ეს საქართველოს ნებართვის გარეშე არ მოხდება. შეიცავს თუ არა საფრთხეებს ამ გზების მშენებლობა, ეს ხელისუფლებამ უნდა გათვალოს. თუ ააშენებენ, შეიძლება კარგიც იყოს _ ოდესღაც ხომ გავლენ აქედან და აშენებული ინფრასტრუქტურა ჩვენ დაგვრჩება.
- ფიქრობთ, რომ დასავლეთი კავკასიაში საკუთარ ინტერესებზე უარს ამბობს, ჯერჯერობით მაინც?
- ევროპას ჯერ არაფერი დაუთმია, ბრძოლა მიდის. რუსეთს ის უპირატესობა აქვს, რომ ახლოსაა, მისი ბაზები აქვეა განლაგებული. იმედია, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება და იძულებული იქნება აქედან გავიდეს.
- რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საფრთხეები აღარ იარსებებს?
- თუ ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება, რუსეთს ისეთი დღე დაუდგება, რომ დიდხანს არ ექნება თავდასხმის შესაძლებლობა.
- თუ შესწევს უნარი აშშ-ს, შეცვალოს ევროპის პოზიცია ამ შემთხვევაში?
- არა მგონია, რომ მერკელმა შეცვალოს პოზიცია და ამის არგუმენტებიც ექნება. ამ სიტუაციაში ჩვენი მთავარი საზრუნავი რუსეთის გასვლაა.


მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია რუსული ფულით

მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის, ბრაიან ადამსის თბილისში გამართული კონცერტი იმ კომპანიამ დააფინანსა, რომელშიც რუსული ინვესტიციაა ჩადებული. მომღერალს პრეზიდენტიც შეხვდა და შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას მომღერლის მიერ გორში სკოლის აშენების გადაწყვეტილების შესახებ თავად აცნობა. რუსული ფულით საქველმოქმედო კონცერტები გაიმართა ცხინვალსა და სოხუმშიც. ამ ქალაქებში საქართველოზე გამარჯვებას ზეიმობდნენ.

ნანა კვაჭაძე/ ბათუმელები

რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ცნობილი კომპოზიტორი, ვალერი გერგიევი ცხინვალში ჩავიდა და 50-წუთიანი კონცერტი გამართა. მან თავის კომენტარში ხაზი გაუსვა, `რომ არა დიდი რუსეთის ძალისხმევა, ტრაგედია უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევდა~. ეს 22 აგვისტოს იყო. 15 სექტემბერს კი, სოხუმში რუსეთის `დუმის~ დეპუტატმა და მომღერალმა, იოსიფ კობზონმა აკადემიურ ანსამბლთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა და საბჭოეთის გამარჯვების სიმბოლო _ `დენ პაბედი~ შეასრულა.
ერთი სიტყვით, საქართველოზე გამარჯვება საქართველოს დე-ფაქტო რესპუბლიკებში რუსული ფულით იზეიმეს.

გამარჯვების სიმღერები ამ დღეებში არც თბილისს მოკლებია. მუსიკალურ პროპაგანდას საქართველო არ ჩამორჩა და ჯერ ქართველი ესტრადის ვარსკვლავებმა გაუმართეს გრანდიოზული კონცერტი ევროპელ პრეზიდენტებს და ამ ომს სახელდახელოდ სიმღერებიც მიუძღვნეს; 19 სექტემბერს კი, თბილისში, რიყეზე მსოფლიო პოპ-ვარსკვლავმა, ბრაიან ადამსმა ჩაატარა უფასო კონცერტი სახელწოდებით: `მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია.

სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე მომღერალმა განაცხადა, რომ მშვიდობის მოყვარული ადამიანია, ამიტომაც იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში. კონცერტის დაწყებამდე კანადელ მომღერალს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრაიან ადამსი გორში დაზარალებულებისათვის სკოლას ააშენებს.

ბრაიან ადამსის კონცერტის სპონსორი კომპანია `მადნეული~ იყო. რამდენადაც ცნობილია, ამ კომპანიაში რუსული ინვესტიციაა ჩადებული. `მადნეული~ 2005 წელს რუსული `პრომიშლენნიე ინვესტორის~ შვილობილმა კომპანიამ შეიძინა. გამოდის, რომ კანადელი პოპ-ვარსკვლავის საქართველოს მხარდამჭერი კონცერტი რუსული კაპიტალით ჩატარდა.

მაშინ, როცა რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, რამდენად მისაღებია, რომ რუსული კაპიტალის მქონე კომპანიამ თბილისში, თუნდაც ისეთი ვარსკვლავის კონცერტი დააფინანსა, როგორიც ბრაიან ადამსია, ამის შესახებ ”ბათუმელებს” კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ესაუბრა:
_ ქალბატონო თეო, თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თუ არა ხალხს პროტესტის გრძნობა, როცა რუსეთთან საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველოში ასეთი სახელწოდების კონცერტი რუსული ფულით ტარდება?
_ საკამათო და უხერხულია დღემდე გაგრძელებული აგრესიული პოლიტიკის ფონზე რუსული ფულით ისარგებლო. თუმცა, პროტესტი ქართულ საზოგადოებას მაშინ უნდა გამოეთქვა, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებსა თუ მსხვილ საწარმოებს რუსული კომპანიები იძენდნენ.
_ ამ კონცერტს წინ უძღოდა გერგიევის კონცერტი ცხივნალში და კობზონის კონცერტი სოხუმში. გამოდის, რომ საქართველოს სამივე ქალაქში `გამარჯვების~ აღსანიშნავი კონცერტები რუსული ფულით გაიმართა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?
_ მუსიკალური პროპაგანდა საქართველოში დიდი ხანია რუსული ფულის გარეშეც მიმდინარეობს; მხედველობაში მაქვს პატრინოტის კონკურსები და მილიტარისტული ხასიათის კლიპები. ვერ გეტყვით, რომ ამ კლიპებმა მიგვიყვანა საბოლოოდ ომამდე, თუმცა, საამისო განწყობა არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილშიც რომ არსებობდა, ფაქტია. მე საერთოს ვერ ვხედავ ბრაიან ადამსისა და კობზონის კონცერტებს შორის. თუ მართლა გვინდა საბოლოოდ ჩამოვშორდეთ რუსეთის გავლენების სფეროს, პოლიტიკური რიტორიკა და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. აქ საერთო ეკონომიკური სტრატეგიაა უფრო მნიშვნელოვანი და არა კონკრეტული კომპანიის მიერ დაფინანსებული კონცერტი, მით უმეტეს, თუ მას სამშვიდობო ხასიათი აქვს.
_პოსტ-საბჭოთა სივრცეში, კონკრეტულად რუსეთსა და საქართველოში რამდენად ხშირად იყენებდნენ კულტურულ პროპაგანდას და თქვენი აზრით, რამდენად არის ამის ნიშნები ახლა?
_ საბჭოური მენტალიტეტი, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად არ აღმოფხვრილა. როგორც ხელისუფლება იყენებს მის მეთოდებს, ისე ვერც კულტურის მოღვაწეები თავისუფლდებიან იდეოლოგიის ნებაყოფლობითი სამსახურისგან. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი დირექტივა ყოველთვის არ არსებობს, მაგრამ არჩევანი, ძირითადად, იმის სასარგებლოდ კეთდება, რაც მოწონებული იქნება.

მაგალითად მოვიყვან ყველაზე თვალნათელ, რელიგიურ საკითხს _ მართალია, ხელისუფლება რელიგიური სიმბოლიკითა და ეკლესიით ხშირად სპეკულირებს, მაგრამ, საბედნიეროდ, მართლმადიდებლური პროპაგანდის გატარება ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებში არ არის `სავალდებულო~. თუმცა როგორია სურათი? ჩემთვის ნაცნობ სფეროს მოვიშველიებ _ უკანასკნელ ხანებში ასობით დოკუმენტური ფილმია გადაღებული, რომელიც ეკლესიის ნანგრევებს, ხატების გადასვენებას, რაიმე დღესასწაულს თუ რიტუალს და ა.შ. გვიჩვენებს თხრობითი ნარატივის დონეზე. მაშინ, როდესაც გამიჭირდება, თუნდაც ორი-სამი ფილმის გახსენება, ვთქვათ, აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან 90-იან წლებში დევნილებზე, სოციალურ პრობლემებზე, საქართველოს არამართლმადიდებელი თუ არაქართული მოსახლეობის შესახებ და ა.შ.

რუსეთიც, რა თქმა უნდა, იყენებს კულტურულ პროპაგანდას და თანაც ბოლო ათწლეულის რუსულ კულტურაზე ძალზე ფრაგმენტული წარმოდგენის მიუხედავად, გავბედავ და გამოვთქვამ ეჭვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ინტენსიურად. კულტურულ პროპაგანდას, პრინციპში, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს, მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმის გამოცდილება, სამწუხაროდ, დიდხანს განსაზღვრავს მისი დოზირების მაღალ ნიშნულს.



არჩევნები: მაჟორიტარი კანდიდატები

”ნაციონალები” ტრადიციას არც ამჯერად ღალატობენ და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმელებს მაჟორიტარ კანდიდატად ისევ მშენებელს სთავაზობენ: ზაზა გოგოტიშვილი სამშენებლო ფირმა `ანაგის~ მეპატრონეა, რომელიც `ცენტრ-პოინტის~ ბიზნესპარტნიორიცაა. გოგოტიშვილი 19 წელია სამშენებლო ბიზნესშია და, როგორც თვითონ ამბობს, საქმეს სამთავრობო კლიშეების გარეშე აკეთებს. ამბობს, რომ ჭორების მიუხედავად, მის ფირმას არც ერთი სამთავრობო დაკვეთა არ მიუღია. ბიზნესის დატოვება არ ენანება, რადგან ფიქრობს, რომ მას საიმედო ხელში ტოვებს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: ჯონდი ბაღათურიას წარდგენილი კანდიდატები

ზაზა გოგოტიშვილს ხელისუფლებამ, რამდენიმე თვის წინ, ბათუმის მერის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. იგი ამ ინფორმაციასაც ქალაქურ ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ კონკრეტული შეთავაზება არავისგან ჰქონია.
საკანონმდებლო ორგანოში საგადასახადო კოდექსის დახვეწაზე მუშაობას აპირებს, თუმცა, რამდენად შეძლებს ინიციატივების რეალიზებას, ამაზე ნაკლებადაა ინფორმირებული. გოგოტიშვილი ამბობს, რომ საკუთარი იდეების არარეალიზების შემთხვევში საკანონმდელო ორგანოს დატოვებს.

`ქართული დასის~ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი, ბესიკ რატიანიც ინჟინერ-მშენებელია და როგორც ამბობს, `მეოთხე თაობის ბათუმელია~. სამუშაო გამოცდილება, ძირითადად, სახელმწიფო სტრუქტურებში აქვს მიღებული. მუშაობდა საზღვაო ნავსადგურში მეზღვაურად, აჭარის სახალხო კონტროლის კომიტეტში, საქართველოს სოფლის მეურნეობის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში, ბათუმის ძაღლსაშენ კომბინატში და აჭარის საბაჟო დეპარტამენტში. მისი აზრით, ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირება მიუღებელია. თუ რას გააკეთებს უმაღლეს საბჭოში, კონკრეტულად ჩამოყალიბებული არ აქვს.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, `ქრისტიან-დემოკრატები~ ამომრჩეველს ამჯერადაც ნიაზ ზოსიძის კანდიდატურას სთავაზობენ. ზოსიძე ასლან აბაშიძის პრესსმსახურში მუშაობდა, გარკვეული პერიოდი შუახევის რაიონის გამგებელიც იყო. ზოსიძე აბაშიძესთან მუშაობის წლებს, როგორც საუკეთესოს ისე იხსენებს. მისი მთავარი მესიჯი წინა არჩევნებზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყო. ამ არჩევნებზე კი აღნიშნული სლოგანის გამოყენებას აღარ აპირებს, ამჯერად, `ქრისტიან-დემოკრატები~ აქცენტს სოციალურ თემაზე გააკეთებენ.
პარტია `ჩვენ თვითონ~, პარტიული სიის პირველ ნომრად და ბათუმის მაჟორიტარად ზურაბ ცეცხლაძეს ასახელებს, რომელიც პროფესიით იურისტია. ცეცხლაძე გარკვეული პერიოდი მერიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ადვოკატობით იყო დაკავებული. იგი გამარჯვების შემთხვევაში ავტონომიის სტატუსის შესახებ კანონის გადახედვას აპირებს.
`კონსერვატორებს~ ბათუმში მაჟორიტარი არ ეყოლებათ. ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, თუმცა განაცხადი მაინც შეიტანეს. დავით ბაციკაძე ამბობს, რომ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული. მოგვიანებით ეს ჩანაფიქრი ზვიად ძიძიგურმა განმარტა. მისი თქმით, ისინი წინასაარჩევნოდ გამოყოფილ საეთერო დროს მოსახლეობასთან სასაუბროდ გამოიყენებენ და მათ არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ.

`მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ ბათუმის მაჟორიტარად ისევ ირაკლი ჯაშის კანდიდატურას ასახელებს. იგი წლებია, რაც არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა დეპუტატი არც ერთხელ არ გამხდარა. მას საკუთარი ბიზნესი აქვს, რომელიც ბოლო დროს ფინანსურ კრიზისს განიცდის. ირაკლი ჯაში შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებას ბიზნესრეკეტში ადანაშაულებს და წართმეული საკუთრების დასაბრუნებლად სტრასბურგის სასამართლოში ჩივის.

`ქართული პოლიტიკის~ მაჟორიტარი კანდიდატი, ფეხბურთელი მალხაზ მახარაძეა. იგი ბათუმის `დინამოს~ კაპიტანი იყო. `კარგი ფეხბურთელი, სუფთა წარსულით და ჯანსაღი ცხოვრებით~, _ ასე აფასებენ მას პოლიტიკური თანამოაზრეები. პოლიტიკაში იმიტომ მიდის, რომ `ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა~. საკანონმდებლო ორგანოში ფეხბურთზე ზრუნვას აპირებს. `ამ ხელისუფლებას რომ ვუყურებ, მაგათზე ნაკლები არ უნდა ვიყო~, _ ამბობს მახარაძე.

საკანონმდებლო ორგანოში მოსასვლელად ემზადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ვაჟა ბოლქვაძეც. იგი მაჟორიტარად კენჭისყრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აპირებს. მინისტრის მოვალეობას კი ერთ-ერთი მოადგილე, სულხან ჯორთმენაძე შეასრულებს. საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტულად რას გააკეთებს, არ იცის, როგორც ვარაუდობს, `ფინანსურ საკითხებს მიხედავს”.

ახალი დირექტორის შერჩევა, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებსაც მოუწევთ, რადგან ასმათ დიასამიძე `ნაციონალების~ სიის მესამე ნომერია. მას დირექტორის უფლებამოსილება ათ დღეში შეუწყდება, მოვალეობას კი მისი მოადგილე ნინო რუსეიშვილი შეასრულებს. ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გადასვლა დაგროვილი პრობლემების გამო გადაწყვიტა, _ `აქედან უფრო გავაგონებ ჩემს ხმას”.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.



დეპუტატი ახალი კანდიდატების შესახებ

3 ნოემბრის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების სია უკვე გამოაქვეყნა. ამ არჩევნებში ძირითადად ის პარტიები მონაწილეობენ, რომლებსაც აჭარაში წარმომადგენლებიც კი არ ჰყოლიათ, თუ არ ჩავთვლით ”ნაცმოძრაობას”.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, `კონსერვატორი~ დავით ბაციკაძე და მისი პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ამიტომაც ბაციკაძეს, რომელიც მოვლენებს აქტიურად აკვირდება, მმართველი პარტიის სიის შეფასება ვთხოვეთ.

მისი აზრით, მმართველ პარტიას სიის შედგენისას დიდი თავსატეხი არ ჰქონია: ”ახლა იმაზე ფიქრობენ, რამდენი ადგილი დაუთმონ ოპოზიციას. ჩემი ინფორმაციით, ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ, ხოლო პროპორციულში ცხრა დეპუტატი ეყოლებათ. სამ ადგილს აძლევენ ოპოზიციას, კერძოდ `ქრისტიან-დემოკრატებს~, ერთ მანდატს რომელიმე სხვა ოპოზიციურ სუბიექტსაც დაუთმობენ. მიხეილ მახარაძის, პეტრე ზამბახიძისა და მურმან ბერიძის გარდა სიაში პოლიტიკოსი არ ჰყავთ”.

საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება კანდიდატებს არა რევოლუციური დამსახურების, არამედ პროფესიონალური ნიშნით შეარჩევდა, ანუ თავის სტრატეგიას გადახედავდა. ბაციკაძეს მიაჩნია, რომ ეს ასე არ არის: `სია, ძირითადად, ერთგულების ნიშნით დაკომპლექტდა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, მაგალითად, გელა ცხომელიძე. ის, ალბათ, ვანო მერაბიშვილს წარმოადგენს. არის ზაზა გოგოტიშვილი და სხვებიც, აპოლიტიკური ადამიანები. მათ რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებინებენ. ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს საბჭოში სპეცსამსახურებს თავისი წარმომადგენელი სჭირდებათ. სიის გასალამაზებლად საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელიც ჩასვეს: პროფესორი რამაზ სურმანიძე, #1-ლი სკოლის დირექტორი ასმათ დიასამიძე”.

ბაციკაძის აზრით, წინა უმაღლესი საბჭო გამოცდილი პოლიტიკოსებით იყო დაკომპლექტებული: `აქ იყო ხალხი, ვინც ასლან აბაშიძეს ებრძოდა. მართალია, საბოლოოდ ხმას ხელისუფლების სასარგებლოდ აძლევდნენ, მაგრამ სხდომებზე აქტიური გარჩევები იყო ხოლმე. ახალი პარლამენტი გაცილებით მორჩილი იქნება. გამსვლელ სიაში ვინც ჩაწერეს, დარწმუნებული ვარ, ათასჯერ გადამოწმებული ჰყავთ. როგორც წინა პარლამენტის შერჩევისას, უშიშროებასთან გაივლიდნენ სპეცკურსს. მაგალითად, წინა არჩევნების დროს სასტუმრო `დავითში~ ვიკრიბებოდით; იყო საუბრები პირობებსა და ვალდებულებებზე”.
დავით ბაციკაძე `ნაციონალების~ სიაში მიხეილ მახარაძისა და პეტრე ზამბახიძის მოხვედრასაც ასეთ ახსნას უძებნის: `მიხეილ მახარაძის ჩასმაც პრობლემა იყო, მაგრამ რომ არ ჩაესვათ, უმაღლესი საბჭოს მუშაობა ნეგატიურად უნდა შეფასებულიყო. თუმცა, თავმჯდომარედ, ალბათ, მურმან ბერიძეს ვიხილავთ. პეტრე ზამბახიძე კი, როგორც გამოცდილი ”კანონშემოქმედი”, უბარალოდ სჭირდებათ”.


ომის შემდეგ - ნაცმოძრაობიდან რესპუბლიკელებისკენ

ხელისუფლების ერთ-ერთი აქტივისტი, საკრებულოს წევრი, დავით ჩხარტიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. ჩხარტიშვილის ამ გადაწყვეტილებით ”რესპუბლიკელებს” საკრებულოში ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცათ. ჩხარტიშვილი, ვახტანგ ღლონტის შემდეგ, ბათუმის საკრებულოში მეორე დეპუტატია, რომელმაც უმრავლესობა დატოვა. ვახტანგ ღლონტმა 8 ნოემბერს სტუდენტების დარბევა გააპროტესტა. `ბათუმელები~ შეეცადა გაერკვია, რა ხდება საკრებულოში ან რატომ მიიღო დავით ჩხარტიშვილმა ეს გადაწყვეტილება:

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: დავით ჩხარტიშვილი

_ `გადაწყვეტილება ღირებულებების გადაფასების შემდეგ მივიღე. ავტორიტარული მმართველობა არ აძლევს საშუალებას ინდივიდს, გამოხატოს თავისი აზრი. გუნდურ პრინციპს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში, გუნდი კი არა, ფარა არსებობს, რომელიც ელამ ვაცს დაჰყავს. დემოკრატია შინაგანი მოთხოვნილებაა, რომელიც უნდა აღზარდო ადამიანში.
ჯიბის საკრებულო, ჯიბის სასამართლო, დამშეული ხალხი, სააღლუმო ჯარი, რომელიც პირველი შეტევისთანავე გაიქცა. ომის დღეებში დაცარიელებული ბათუმის მერია და გაზიდული აპარატურა, ეს არის ღირსება? საკვანძო პოსტები რომ უკავიათ და კრიტიკულ დღეებში არ გამოჩენილან. სამი კაცი ვიყავით მერიიდან გორში წასული. მე, ვახტანგ ღლონტი და ნოდარ დუმბაძე. სახალხო დამცველი გიორგი ჩარკვიანი და რამდენიმე ვეტერანიც შემოგვიერთდა, მაგრამ გორში ხუთი კაცი ეგრევე სადღაც გაქრა. ვხედავდი, როგორ გარბოდნენ ღამით ჩვენი მანქანები და ჯარისკაცებს გზაზე ტოვებდნენ. მეთაურების ღალატის გამო ბიჭები ტიროდნენ...
-არც ქალაქის მერი და ვიცემერები გამოჩენილან?
- როგორც ვიცი, ისინი შტაბში იმყოფებოდნენ, სხვა თანამშრომლებზეა აქ საუბარი.
- თქვენ თქვით, რომ საკრებულოში არიან ადამიანები, რომლებსაც საკრებულოს უუფლებობის გამო შინაგანი პროტესტი აქვთ. რატომ არ გამოხატავენ ამას?
-ყველას ვერ მოთხოვ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. ზოგი კომფორმისტია, ზოგი კონიუნქტურას აყოლილი და ზოგიც, უბრალოდ, რაღაცას ელის. ნუ ვიქნებით კატეგორიული. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა იტყვიან სათქმელს.
ადამიანის ნამდვილი სახე კრიტიკულ სიტუაციაში ვლინდება. მე მაშინ გამოვხატე პროტესტი, როცა ჩემს ღირებულებებს შეეხნენ. როგორც ჩანს, მათ სათანადოდ არ შეხებიან... ამიტომ ვამბობ, რომ თუ ადამიანი შინაგანად არ არის თავისუფალი, ყოველთვის იქნება ფარის წევრი. ბევრი ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ღირებულებების მოტივით `ნაციონალებში~ გაწევრიანდა, სულით `რესპუბლიკელია~. ამიტომ მინდა ვუთხრა მათ, რომ დროულად გააკეთონ არჩევანი. `ნაციონალებმა~ ევროპული ხედვა შირმად აქციეს, შინაგანად კი `ლეიბორისტები~ არიან.
-საკრებულოს თავმჯდომარეზე რას იტყვით, ისიც `სულით რესპუბლიკელია?~
- ჩემგან არ გამოდის ამაზე საუბარი, ვმეგობრობ მაგ ბიჭთან...
- როგორც საკრებულოში ამბობენ, ფრაქციის შექმნის სურვილი ჰქონია, მართალია?
-მისი ბრალი არ არის საკრებულო დეკორაციად რომ იქცა... კარგი ბათუმელი ბიჭია...
- რას ნიშნავს `კარგი ბათუმელი ბიჭი?~
- კარგ მეგობარს... ყველას გმირობას ნუ მოვთხოვთ. უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, სახლში რა მიიტანოს. რა აჭამოს ოჯახს, როგორ იცხოვროს კომფორტულად... როგორც კოლეგაზე, შემიძლია ვთქვა, რომ მას არასახარბიელო როლს ასრულებინებენ. ის სახეა ამ ხელისუფლების, მსხვერპლი და მძევალი. სათანადოდ რომ ვერ წარმართა სიტუაცია, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ განათლება და გამოცდილება არ ეყო. ეს კი აუცილებლად სჭირდება ადამიანს, ვინც ამხელა ქალაქს იბარებს. არ ვიცი, თვითონ აცნობიერებს თუ არა ამას, მაგრამ ის ნამდვილად ხვდება, ვინაც იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა.
- საკრებულოს თავმჯდომარე კატეგორიულად უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე, ამიტომ თქვენ გკითხავთ _ ლევან ვარშალომიძესთან კონფლიქტი მართლა ჰქონდა?
- არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. მოარული ჭორებია, არ ვიცი. ვფიქრობ, კარგი ადამიანია, უბრალოდ, თავისი თანამდებობისთვის შეუთავსებადია.
- როგორც ვიცი, საკრებულოს წევრებს ნარკოლოგიური შემოწმება არ გაგივლიათ, ხომ არ აპირებთ ამ ინიციატივით შეხვიდეთ?
- ამ საკითხის დაყენებას შემდეგ სხდომაზე ვაპირებთ. ეს შემოწმება საკრებულოსა და მერიის ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს.
- საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კირთაძის კანდიდატურის განხილვას აპირებენ, მას თუ მისცემთ ხმას?
- როგორც მეგობარს, მივცემ ხმას, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ფიგურას, _ არა. მნიშვნელობა არ აქვს, ქაჯაია იქნება თუ კირთაძე, რადგან აქ სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად შეიცვლება. `რესპუბლიკელები~ ალტერნატივის შეთავაზებასაც ვაპირებთ. ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რაღაც მარგინალური ფენებიდან, რომლებსაც არაფერი უკეთებიათ. საზოგადოების შპანიზაცია მოხდა, ბიჭუკელების ხელში ვართ.
- თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ `დღევანდელი საზოგადოება ღრმად გროტესკულია~, რა იგულისხმეთ?
- ამაში ვიგულისხმე საზოგადოება, რომელიც ტაშ-ფანდურით, აღლუმებით და სადღეგრძელოებით შემოიფარგლება. ის, როცა ფორმა არ შეესაბამება შინაარს. ერს დონ-კიხოტის სინდრომი გაუჩინეს, რეალობას სათანადოდ ვერ აფასებენ. ეს ის ხალხია, ვინც ხმა 30 ვერცხლად გაყიდა.
- საკრებულოს წევრები არ ყიდით ხმას 30 ვერცხლად?
- ხელისუფლებას ვადანაშაულებ, რადგან მან აიძულა ადამიანები ასეთები ყოფილიყვნენ. არ შეიძლება მილიონები დაიხარჯოს თითიდან გამოწოვილ ტურისტულ პროგრამაზე. არ შეიძლება იმ ოლიგარქებთან თანამშრომლობა, რომლებიც, ზოგადად, ბიზნესს ვნებენ... იცით როგორ ხდება საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება? სხდომის წინა დღეს შემოდის საკითხები და ერთ დღეში იღებენ გადაწყვეტილებას.
რეალური თვითმმართველობა გვინდა. ბათუმელებს მარტო ჩვენი იმედიც არ უნდა ჰქონდეთ. ამ ფონზე ჩვენ ბეგრაუნდს შევქმნით, მაგრამ მათი მხარდაჭერაც გვჭირდება. შემომძახეს კიდეც, შენ არ იყავი ამ სისტემას რომ ქმნიდიო? ვუთხარი, _ ეროსი კიწმარიშვილიც აღარ უყურებს `რუსთავი 2~-ს-მეთქი. მე რედაქტორი ვიყავი და მაქსიმუმს ვაკეთებდი, ჟურნალისტები იმაზე თავისუფალი რომ ყოფილიყვნენ, ვიდრე მანამდე.


ისრაელის მოქალაქე დახმარებას ითხოვს

ისრაელის მოქალაქე, ცვი საარი, რომელიც პროფესიით იურისტია და ამჟამად ბათუმში იმყოფება, როგორც თავად ამბობს, კავკასიაში მოგზაურობის დროს გაძარცვეს. საარის თქმით, მას ბრალს აგენტობაში სდებენ და ავიწროებენ.

ნათია როყვა/ბათუმელები

ცვი საარმა ჯერ თურქეთში იმოგზაურა, შემდეგ სომხეთში, ერევნიდან მატარებლით კი საქართველოში ჩამოვიდა. იგი ირწმუნება, რომ მგზავრობისას გაქურდეს და რომ მის პროვოკაციაზე წამოგებას ბოშა ქალის ამპლუაში გამოწყობილი ისრაელის სპეცსამსახურის თანამშრომელი ცდილობდა: ”ნამდვილად კრიმინალები დამსდევენ. ”მისტერ აგასი”, რომელიც მგზავრებს აცილებდა მატარებელში, მოვიდა ჩემთან და მგზავრობის ბილეთი მთხოვა. მერე ბილეთი უკან აღარ დამიბრუნა, ასე ვიქეცი არალეგალურ მგზავრად”.

მისი მტკიცებით, `მისტერ აგასიმ~ შემთხვევის ადგილზე დაცვის სამსახური არ გამოიძახა (როცა მას ეძინა, მისი ჩანთიდან დოკუმენტები მოიპარეს). ამიტომ თავისი უფლებების დასაცავად ბათუმში სომხეთის საკონსულოს მიმართა განცხადებით: `საკონსულოში არც იმას მეუბნებიან, რომ მატყუარა ან გიჟი ვარ და არც ჩემს განცახადებებს განიხილავენ. რამდენჯერმე დავრეკე და მითხრეს, ჯერ პასუხი არ გვაქვსო”.

აღნიშნულთან დაკავშირებით `ბათუმელებმა~ კომენტარი სომხეთის გენერალურ კონსულს აკოფ ჰაჯი აკოფიანს სთხოვა. როგორც აკოფიანი აცხადებს, ისრაელის მოქალაქის ბრალდებები გაურკვეველია: ”დიახ, მან მოგვმართა განცხადებით, რომ იგი მატარებელში გაძარცვეს და მას სდევნიან. ის, როგორც ჩანს, მთელ დედამიწაზე გადაადგილდება თავისი ამბიციებით, რომ დაჩაგრული კაცია. სადაც უნდა იქ იაროს და აკეთოს განცხადებები”.
ცვი საარი ამბობს, რომ მას უკვე წლებია ისრაელის საიდუმლო სპეცსამსახურები სდევნიან.

პატიმარი მოსამართლეები განაჩენის მოლოდინში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მომსამართლეების საქმეზე პროცესი 9 ნოემბრამდე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უნდა დაიწყოს. მოსამართლეები, ნინო ვაშაყმაძე და მურმან ხამაშურიძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ბრალდებით 8 თვის წინ დააკავეს.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

მურმან ხამაშურიძე თბილისში იმყოფებოდა, როცა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით ბინის ჩხრეკა განხორციელდა. მოსამართლის ბინაში ძალოვანებმა ასდოლარიანი კუპიურა აღმოაჩინეს, რომელზედაც სპეციალური სითხით გაკეთებული წარწერა `ქრთამი~ იკითხება. სწორედ ამ ბრალდებით დააპატიმრეს მოსამართლე, რომლის პროცესიც საკმაოდ გაჭიანურდა.

ხამაშურიძის ადვოკატი პაატა ნაკაიძე კომენტარისგან თავს იკავებს: `არ მინდა წინასწარ ჩემს არგუმენტებზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, ხამაშურიძის გამამართლებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები გაგვაჩნია. დანარჩენზე პროცესის შემდეგ ვისაუბრებთ~.

ნაკაიძე თავისი კლიენტის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ მოსამართლის მიმართ აბსურდული ბრალდება აქვთ წაყენებული.

კომენტარისგან თავს იკავებს ნინო ვაშაყმაძის ადვოკატი ემზარ პაქსაძეც. მასაც მიაჩნია, რომ მოსამართლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. `ჩვენ ამჟამად სასამართლო პროცესს ველით, რომელიც 9 ნოემბრამდე უნდა დაიწყოს. თუკი არ დაიწყება, მოსამართლეები უკანონო პატიმრებად გამოცხადდებიან~, _ აცხადებს პაქსაძე.

რამდენად საჭირო იყო მოსამართლეების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა და რატომ არ გაათავისუფლეს ისინი გირაოთი? _ პაქსაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეები არსებული პოლიტიკის მსხვერპლნი არიან: `მოსამართლეებს იმუნიტეტი არ იცავს. მათი დაკავება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით ხდება. ხელისუფლება სასამართლოს მექრთამე მოსამართლეებისგან განთავისუფლებით თავს იწონებს~.


ვარშალომიძეები ქონებას იბრუნებენ

სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, კომუნისტური ეპოქის შემდეგ, უსუფ ვარშალომიძის მემკვიდრეებმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება შეძლეს. ვარშალომიძის სახლში, გორგილაძის ქუჩა #4-ში ათეულობით ოჯახი ცხოვრობს. სასამართლომ სწორედ ეს ოჯახები გამოასახლა კომპენსაციის გარეშე.

ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩა #4-ში მცხოვრებ ადამიანებს აქ შესახლება იმ უბრალო მიზეზის გამო არ ახსოვთ, რომ იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. საცხოვრებელი ფართი მათ წინაპრებს საბჭოთა კანონმდებლობით გამოუყვეს.

ამ სახლის ამჟამინდელმა მობინადრეებმა საცხოვრებელი 2010 წელს, ხელისუფლებისგან კომპენსაციის მიღების შემდეგ, უნდა დატოვონ. მაგრამ მათ კომპენსაციაზე უარს ეუბნებიან. მობინადრეებმა სასამართლოს მიმართეს.

მანამდე, 1995 წელს, სასამართლოს ვარშალომიძეებმა მიმართეს. მობინადრე ნანული კომახიძე ამბობს, რომ `ვარშალომიძეების მიერ სახლის დაბრუნების მცდელობის შესახებ ყურმოკვრით ვიცოდი. უზენაესმა სასამართლომ ჩვენი სახლი ჰაიდარ, ჯემალ, ზურაბ, ლევან, გენადი და დონარ ვარშალომიძეებს გადასცა~.

მობინადრეთა ერთი ნაწილის თქმით, ბათუმის ცენტრში მდებარე მაღაზიები და საცხოვრებელი ბინები მარტო უსუფ ვარშალომიძის საკუთრება არ იყო, ვარშალომიძეებმა კი ქონების მითვისება რაღაც მანქანებით შეძლეს. `არ ვიცი და არც მაინტერესებს, როგორ დაიბრუნეს ვარშალომიძეებმა ქონება. ჩვენ აქ სახელმწიფომ შემოგვასახლა და ისაა ვალდებული საცხოვრებელი ფართით დაგვაკმაყოფილოს~, _ აცხადებს გენად კაკაბაძე.
კანონით, `მესაკუთრემ, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია მოითხოვოს, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო საცხოვრებლის საბაზრო ღირებულებას აუნაზღაურებს~. ეს კანონი ძალაშია 2010 წლამდე. თუ ამ ვადებში არ გაიცა კომპენსაცია, მაშინ ვარშალომიძეებს უფლება აქვთ, გორგილაძის ქუჩის #4-იდან რვა ოჯახი გაასახლონ.

კანონით კომპენსაციის გაცემა 2007 წლის 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, კომახიძის თქმით, ამის გაკეთება ხელისუფლებას არ უნდა: `როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მივიღეთ, მერიას ფართით დაკმაყოფილება ვთხოვეთ. 1995 წელს გვიპასუხეს, რომ მერიას ამის საშუალება არ აქვს. ამჟამად კი გვეუბნებიან, რომ მერია არაა ვალდებული ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოს~.

ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესები, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. პროცესი პირველი ინსტანციაში თითქმის ყველა მობინადრემ წააგო. გენადი კაკაბაძის ადვოკატის, ვალერი გიორგაძის განცხადებით, `უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო და პარადოქსულია: სარჩელი ქვედა ინსტანციებში არ განხილულა. სასამართლომ უსუფ ვარშალომიძის ნაცვლად ქონება მის მემკვიდრეებს დაუბრუნა.
საკუთრების დაბრუნებას საქართველოში ათასობით მოქალაქე ითხოვს, მაგრამ არავის უბრუნებენ. არ ვიცი, ვარშალომიძეებმა ეს როგორ მოახერხეს. თუ ეს ოჯახები აღმასკომმა სხვის ბინაში უკანონოდ შეასახლა, მაშინ კეთილი ინებოს და ეს ხარვეზი მისმა სამართალმემკვიდრემ, ბათუმის მერიამ გამოასწოროს, _ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაუხადოს~.

გენადი კაკაბაძე ბინით დაკმაყოფილებას ითხოვდა, მისი ძმისშვილი _ კომპენსაციას. ბათუმის სასამართლომ არც ერთის სარჩელი არ დააკმაყოფილა. `მერია ამ ხალხს ეუბნება, რომ სასამართლოს მიმართონ, სასამართლო აცხადებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. ამ მართლმსაჯულების პირობებში სახელმწიფოსთან დავა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, საქმე სტრასბურგამდე არ მივა~, _ აცხადებს გიორგაძე.

ბათუმის მერიის იურისტი, გელა მახარაძე ამბობს, რომ ამ მოქალაქეების მოთხოვნები სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს: `სასამართლოში მოპასუხე არა მერია, არამედ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უნდა იყოს და ამიერიდან იგი იქნება კიდეც~.
მერიის ეს პოზიცია ადვოკატისთვის მიუღებელია: `მერია სახელმწიფო არ არის? სასამართლოზე ეს საკითხი არ დამდგარა და არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაურთავს ვინმეს საქმეში~.

1922-1940 წლებში ბათუმში ათასობით მოქალაქეს ჩამოართვეს სახლი. სახელმწიფომ ამ სახლებით `მშრომელთა~ საბინაო პრობლემები გადაწყვიტა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ რეპრესირებულთა უფლებები აღიარეს, მაგრამ ქონების რესტიტუციაზე (კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე) ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოაცხადა. მაშინ ჩამორთმეული ქონება ათეულობით ადამიანს თუ დაუბრუნეს.

საქართველოსგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა კომუნისტური რეჟიმების დასრულებისთანავე ნაციონალიზებული ქონება მთლიანად დააბრუნეს. ესტონეთის ექსპრემიერმინისტრმა, მართ მალენმა `ბათუმელებს~ უთხრა: `ყველა ქონება, რომელიც კერძო პირებს ჩამოართვეს, მფლობელებს ან მათ კანონიერ მემკვიდრეებს დავუბრუნეთ; მათ შორის, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებიც, რომელიც მერე ხელისუფლებამ უკან, კომერციულ ფასებში გამოისყიდა~.

ჟურნალისტების თამაში

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტები _ ნანა ლეჟავა და თამარ რუხაძე, რომლებიც ერთი წლის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრები გახდნენ, ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდებიან _ სტუდიის გაკეთებას გეგმავენ. ”ბათუმელები” შეეცადა მათგან გაეგო, რატომ გადაწყვიტეს უკან დაბრუნება; რატომ ხდება ისე, რომ ქართული ჟურნალისტიკა იქცა ტრამპლინად სხვა, უკეთესი მდგომარეობის მოსაპოვებლად.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: ნანა ლეჟავა, თამარ რუხაძე

ბათ: პოლიტიკაში წასვლის წინ თქვენ თქვით, რომ მედიაში საქმის კეთების შანსი არ არსებობს. ახლა რა მოხდა, უკეთესი მდგომარეობაა?

ნანა ლეჟავა: ვინ თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა? გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ორი ან სამი წლის წინ იყო. ახლა შეიცვალა ქართული მედიისადმი დამოკიდებულება, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. შეიცვალა ის, რომ ახლა კიდევ უფრო დიდი დეფიციტი გაჩნდა, არა მხოლოდ ობიექტურად მოწოდებული ინფორმაციის, არამედ, საერთოდ, ინფორმაციის; შეიცვალა ის, რომ 8 აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა ახალი რეალობა _ ომმა, მედიასთან დაკავშირებით ბევრი რამ აშკარა გახადა; აშკარა გახადა ასევე, რომ საჭიროა სატელევიზიო სივრცეში გაჩნდეს ინფორმაციის ალტერნატიული წყარო.
ბათ: ირაკლი ოქრუაშვილი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, მაშინ თუ დაბრუნდებოდით ჟურნალისტიკაში. ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ წარუმატებლობას ხომ არ უკავშირდება?
თამარ რუხაძე: რატომაც არა, ვინ დაგვიშლიდა? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკაში წასვლა იყო იძულებითი ნაბიჯი და არა პროფესიაზე სამუდამოდ უარის თქმა. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა _ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების ძალიან დიდი სურვილი და სხვა არაფერი.
ბათ: ფაქტობრივად, ვერ შეძელით იმ მიზნების განხორციელება, რის გამოც პოლიტიკაში წახვედით. უშვებთ იმის ალბათობას, რომ იგივე განმეორდება ჟურნალისტიკაში?
ნანა ლეჟავა: ვუშვებთ თუ არა ისევ პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობას? _ არა.
ბათ: როგორ ფიქრობთ, პოლიტიკიდან მობრუნებულ ჟურნალისტს რამდენად ენდობა საზოგადოება შემდეგში, როგორც ჟურნალისტს და თქვენი აზრით, უნდა ენდოს თუ არა?
თამარ რუხაძე: არც მე და არც ნანა საკუთარ თავს პოლიტიკოსებად მაშინაც კი არ მივიჩნევდით, როდესაც პოლიტიკაში ვიყავით. რაც შეეხება საზოგადოების ნდობას, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია და მოიპოვება საქმით. თუკი საზოგადოება მიიჩნევს, რომ შენი საქმე მის ნდობას იმსახურებს, გენდობა კიდეც.
ბათ: ხომ არ ჩაიდება ამ სტუდიის მუშაობაში `პოლიტიკური ფული~?
ნანა ლეჟავა: პოლიტიკოსებისგან, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებას მიეკუთვნებიან ისინი თუ ოპოზიციას, სტუდია ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას არ მიიღებს. შემოთავაზებისგან თავს ვერ დაიზღვევ, ეს მისი საქმეა, ვინც გთავაზობს, შემოთავაზებებზე უარის თქმა კი, _ უშუალოდ ჩვენი.
ბათ: როგორ ფიქრობთ, შეძლებთ იყოთ იმ ადამიანებისგან დამოუკიდებელი, ვინც თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებად ითვლებოდნენ თვეების წინ?
ნანა ლეჟავა: დარწმუნებული ვარ, შევძლებთ. პოლიტიკური პარტნიორები ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ჩვენ პოლიტიკაშიც კი ჟურნალისტური საქმიანობით ვიყავით დაკავებული _ პრესსამსახური, პიარი.
ბათ: პოლიტიკოსებთან მეგობრობა თქვენს ჟურნალისტურ იმიჯზე არ აისახება?
ნანა ლეჟავა: საქმე და მეგობრობა ერთმანეთში არასოდეს აგვირევია. ჩემთვის პირად ურთიერთობებს ხელი არასოდეს შეუშლია იმაში, რომ სიუჟეტი ჩვეულებრივ მომემზადებინა. ჟურნალისტურ იმიჯს კი, გაკეთებული საქმე შეგიქმნის და არა მეგობრების რაოდენობა ან სიძლიერე.
ბათ: თუ შეიძლება, კონკრეტულად აუხსნათ მკითხველს, რის გაკეთებას აპირებთ.
ნანა ლეჟავა:
წინასწარ კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არასწორადაც მიმაჩნია და შეუძლებლადაც. თუ პროექტი წარმატებულად შედგა, ამას თვითონ ნახავს თქვენი მკითხველი. შემიძლია გითხრათ, რომ დამოუკიდებელი სტუდია მოამზადებს გარკვეულ ტელეპროდუქტს. დასაწყისში ყოველდღიურ და ძვირადღირებულ პროექტებს ვერ შევეჭიდებით _ პირველ ეტაპზე საუბარია ყოველკვირეულ საავტორო გადაცემაზე. ეთერში გასვლამდე გეგმაშია პირველი საჩვენებელი ვარიანტის მომზადება და ამ ჩვენების მოწყობა, როგორც პრესისთვის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ ამ წუთში თოქ-შოუზე ან მსგავსი ტიპის გადაცემაზე. თუ სტუდია წარმატების მიღწევას შეძლებს, რა თქმა უნდა, მომავალში ამაზეც შეიძლება მუშაობა.
თამარ რუხაძე: აუცილებელია სიახლეების შეთავაზება მაყურებლისთვის, როგორც შინაარსით, ასევე ფორმით. ჩვენი გადაცემის ფორმატი განსხვავებული უნდა იყოს დღეს არსებულისგან, რა თქმა უნდა, განსხვავებული უნდა იყოს თემატიკა. საზოგადოებას აქვს კონსტიტუციური უფლება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, ნახოს, როგორია მისი ქვეყნის დღევანდელი რეალობა. შეიტყოს თუნდაც ის ფაქტები, რომელთა შესახებაც ან არ იცის, ან ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს, სწორედ იმის გამო, რომ ეს ამბები არ არის ტელევიზიების ინტერესის საგანი და მათზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მხოლოდ პრესა ცდილობს.
ბათ: თქვენ რომ გეგმავთ, იმ ტიპის გადაცემები საქართველოში იხურება, ბოლო იყო ინგა გრიგოლიას `პრაიმტაიმი~. ამაზე რას იტყვით?
ნანა ლეჟავა: სრულიად გაუგებარია, რატომ იხურება პოპულარული გადაცემა ფინანსური პრობლემების მიზეზით. თუ გავითვალისწინებთ რეკლამის რაოდენობას ამ გადაცემაში, აშკარა იქნება, რომ ფინანსური პრობლემა `პრაიმტაიმს~ არ უნდა შექმნოდა. უფრო კონკრეტულად, ალბათ, აჯობებს თვითონ ინგა გრიგოლიას ჰკითხოთ. მე, უბრალოდ, მარტივ პასუხს მოგიძებნით თქვენს კითხვაზე და ასევე კითხვით გიპასუხებთ: რატომ გექმნებათ პრობლემები თქვენ, რატომ ემუქრებიან ხოლმე თქვენს ჟურნალისტებს, როდესაც ესა თუ ის მწვავე თემა ჩნდება გაზეთში?
ბათ: როგორც ვიცი, სხვა სტუდიებს, რომლებიც დონორებზე არიან ფინანსურად დამოკიდებული, უჭირთ ფინანსების მოძიება (თუნდაც ვახტან კომახიძესა და ნინო ზურიაშვილს). მსგავს ვითარებაში ხომ არ აღმოჩნდებით?
თამარ რუხაძე: იოლი არ არის დაარწმუნო დონორი, რომ შენს პროექტზე ფულის დახარჯვა ფულის გადაყრას არ ნიშნავს. ვიცით, რომ რთულია, თუმცა ნინო ზურიაშვილიცა და ვახტანგ კომახიძეც ახერხებენ საკუთარი საგამოძიებო ფილმების მომზადებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია.
ბათ: რომელი მედია ორგანიზაციები ითანამშრომლებენ თქვენთან?
ნანა ლეჟავა:
ჯერჯერობით, `კავკასია~ ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ბათ: როდის დაიწყებთ მუშაობას და თუ იქნება თქვენთან ერთად სხვა კიდევ საზოგადოებისთვის ნაცნობი ჟურნალისტი?
თამარ რუხაძე: საზოგადოებისთვის ნაცნობი, ჯერჯერობით, არავინაა. დიდი ინტერესია დამწყები ჟურნალისტების მხრიდან. ვფიქრობ, ამ საქმეში ახალი თაობაა საჭირო.
ნანა ლეჟავა: საჭიროა, მომზადდეს ეგრეთ წოდებული, საპილოტე გადაცემა, ერთ თვეში კი გადაცემის ეთერში გასაშვებად უნდა ვიყოთ მზად.
ბათ: ხელისუფლებისგან ზეწოლას გამორიცხავთ?
ნანა ლეჟავა:
პრობლემებს ნამდვილად ველით. დანარჩენი, ალბათ, მოგვიანებით გამოჩნდება. ტელეჟურნალისტის თავდაცვის მექანიზმი, პირველ რიგში, ჩართული ვიდეოკამერაა, შემდეგ ეთერი, შემდეგ კი ის არასამათვრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ საელჩოები, რომლებსაც მუშაობის დაწყების დღიდანვე დეტალურად ეცოდინებათ ჩვენი საქმიანობის შესახებ.


რუსული პროდუქცია: ”არ ვაფინანსებ ომს საქართველოს წინააღმდეგ”

სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის რუსეთს მეხუთე ადგილი უკავია. ამ ქვეყნიდან შემოსულ პროდუქციას ქართული ბაზრის შვიდი პროცენტი უჭირავს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ კონტრაბანდის სახით შემოსული რუსული პროდუქციაც, რომელიც ომამდე, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან შემოდიოდა.
ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში რუსეთის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების მიუხედავად, რუსულ პროდუქციაზე უარის თქმა საქართველოში არავის უფიქრია. პროტესტი მხოლოდ ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე გამოითქვა, სადაც სახელდახელოდ სლოგანიც შეიქმნა: `მე არ ვყიდულობ რუსულ პროდუქციას, არ ვაფინანსებ ომს საქართველოს წინააღმდეგ~. ამ სლოგანს მომხრეც ბევრი გამოუჩნდა და მოწინააღმდეგეც, ბევრმა რუსული პროდუქციის მიმართ პროტესტს აბსურდულიც კი უწოდა. მიზეზი: ქართული ბაზრის წილი და მისგან მიღებული მოგება რუსეთისთვის მიზერულია და რატომ უნდა ვთქვათ უარი ნაცნობი პროდუქციის შეძენაზე?
რა თქმა უნდა, რუსეთის ბიუჯეტს ქართული ბაზრის პროტესტი ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქე ასეთი ფორმით გააპროტესტებს რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას და ზუსტად ეცოდინება, რომ მის მიერ გადახდილი არც ერთი თეთრი არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული.
ის აზრი, რომ რუსულ ბაზარს საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ვერაფერს დააკლებს, საზოგადოებაში დამკვიდრებულია. ამაში დასარწმუნებლად ბათუმში, ე.წ. `ხოფის~ ბაზრობაზე გავლაც საკმარისია.

ბაზარზე რუსული პროდუქციის ნახვა ადვილია. სავაჭრო ობიექტების მფლობელების თქმით, მოთხოვნა რუსულ პროდუქციაზე დიდია, მყიდველები ხშირად სწორედ რუსული წარმოების ზეთს, შოკოლადს, საყოფაცხოვრებო ნივთებს ითხოვენ. რატომ მაინცადამაინც რუსული? `ბათუმელები~ შეეცადა ამ კითხვაზე პასუხი მყიდველებისგან მიეღო.
ზეინაბ ბოლქვაძე: `რუსული პროდუქცია ყოველთვის უკეთესია. არ მეშინია, რომ მომწამლავს. ალბათ, სხვა ქვეყნების პროდუქტიც კარგია, მაგრამ დასავლური პროდუქცია ბაზრობაზე არ არის~.

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება რუსული პროდუქციის მიმართ ომის შემდეგ, ზეინაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ შეიცვალა. ის თვლის, რომ რუსეთმა თავისი სახე აჩვენა, მაგრამ რუსული წარმოების პროდუქციის მიმართ აზრი არ შეუცვლია: `არ მიფიქრია, ომი ასეთი ფორმით გამეპროტესტებინა. შეიძლება ასეც უნდა მოვიქცეთ~.
სხვა მყიდველი, თამარ ცირეკიძე ამბობს, რომ რუსულ პროდუქციას უფრო ენდობა: `მართალია, უფრო ძვირია, მაგრამ უკეთესია~. კითხვაზე, გაუსინჯავს თუ არა სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტები, ქალბატონ თამარს პასუხის გაცემა უჭირს.
ბაზრობაზე რამდენიმე ისეთი ადამიანიც ვნახეთ, რომელიც რუსულ პროდუქციას, ძირითადად, ერთი მოტივით არ იძენს: რუსული პროდუქტი ხარისხით არ გამოირჩევა. მაკა დონდოლაძე ამბობს, რომ რუსულ შოკოლადს ყოველთვის უკრაინულს ამჯობინებს, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ახალია და ფასიც ხელმისაწვდომია. მაკას არჩევანს პოლიტიკაც განაპირობებს: `მირჩევნია უკრაინული ვიყიდო, რადგან ამ ქვეყანასთან საერთო ინტერესები გვაქვს~.

ნათია სიხარულიძეს კი ქართული პროდუქციის შეძენა ურჩევნია, თუკი ასეთი ბაზრობაზე მოიპოვება: `მინდა ქართველ მეწარმეებს შევუწყო ხელი. მიხარია, როცა ბაზრობაზე ქართულ ნაწარმს ვხედავ. სამწუხაროდ, ბათუმში არც ქართული ფქვილი შემოდის და არც სხვა პროდუქტი. არ ვიცი, ბევრს რატომ არ აწარმოებენ~.

ნათია ამბობს, რომ რუსული პროდუქცია არასოდეს შეუძენია: `ჩვენი მშობლების თაობა ფიქრობს, რომ მხოლოდ რუსული პროდუქცია შეიძლება იყოს საუკეთესო. მე კი არ მჯერა, რომ რუსული პროდუქცია სჯობს ევროპულსა და ამერიკულს~

ის აზრი, რომ რუსული პროდუქცია სჯობს სხვა დანარჩენს, საბჭოთა მითების კატეგორიას განეკუთვნება, როცა დიად საბჭოთა კავშირში ყველაზე გემრიელი ძეხვი და ნამცხვარი აუცილებლად მოსკოვში იყიდებოდა. შეიძლება ეს ოდესღაც მართლაც ასე იყო, მაგრამ დღეს, როცა ბაზარზე დიდი არჩევანია, რუსული პროდუქციის საუკეთესო ხარისხის მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თუ სჯერათ.

დღეს ქართულ ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება. იმავე ფასის მქონე თურქული, უკრაინული და თუნდაც ევროპული პროდუქციის შეძენა ნებისმიერ ბაზრობაზეა შესაძლებელი. არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა გააკეთოს, ეს ყოველი ადამიანის მოქალაქეობრივი პოზიციაა. მაგრამ, როცა ქართული საზოგადოება ევროპას აყვედრის, რომ მას რუსულ გაზთან შელევა უჭირს და ამიტომ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ უწესებს, იქნებ ვუპასუხოთ კითხვას, რატომ უნდა შეიქმნას ევროპამ პრობლემა რუსეთთან საქართველოს გამო, თუკი ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვერაფრით ელევა რუსულ `კალბასსა~ და `პეჩენიას~?

ყველამ ნახა ტელესიუჟეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან _ პატარა მაღაზიიის მფლობელმა, რიგითმა ამერიკელმა, როგორ აალაგა თავისი მაღაზიის დახლიდან რუსული არაყი, მის ნაცვლად ქართული ღვინის გაყიდვა დაიწყო და ასე შეეცადა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაპროტესტებას.

ეს ერთი, რიგითი ამერიკელის პროტესტია. ამ ადამიანმა უარი თქვა მოგებაზე, რადგან არ უნდოდა იმ ქვეყნის პროდუქცია გაეყიდა, რომელიც მოგებულ თანხას სხვა ქვეყნის ანექსიისთვის იყენებდა.

ჩვენ არ ვცხოვრობთ ამერიკაში, არც ევროპაში, ჩვენ ზუსტად იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის თავზე ორი თვის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა ჭურვები ჩამოყარეს, სოფლები დაანგრიეს და ასი ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქციეს.

100 მილიონი ბათუმის ახალ ბიუჯეტში

ომის გამო არაერთი ტენდერი ჩაიშალა; მაშინ, როცა საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, ინვესტორებმა უარი თქვეს ქონების შესყიდვაზე; შედეგად, ქალაქის წლევანდელმა ბიუჯეტმა მილიონობით ლარი იზარალა _ აცხადებენ ბათუმის მერიაში.

თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

შემოსავლების შემცირების გამო, მერია იძულებულია პროექტების დასასრულებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან 12 მილიონი ლარი ისესხოს. განუხორციელებელი პროექტები კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
შეძლებს თუ არა მერია სრულად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, იმ ტრანსფერის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტში უნდა გადმორიცხოს.

მერია სამინისტროსგან ტრანსფერის სახით, ამ ეტაპზე, 50 მილიონ ლარს ითხოვს; ქალაქის ბიუჯეტს გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით კიდევ 10 მილიონამდე ლარი გადაეცემა; წინასწარი გათვლებით, ბიუჯეტში 35-40 მილიონი ლარი სხვადასხვა შემოსავლებიდან, მათ შორის კაპიტალურიდან უნდა შევიდეს. გამომდინარე აქედან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გადასახადები 100-მილიონ ლარამდეა გაზრდილი (მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯებში 81 მილიონი იყო გაწერილი).

ქალაქის ხელისუფლების პრიორიტეტი 2009 წლისთვის კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, ძველი ბათუმის რეაბილიტაცია, ჯანდაცვისა და სხვა პროექტების დაფინანსება იქნება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან საბოლოო პასუხი მერიაში 10 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ. მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი არაერთი პროექტის დაფინანსების ბედიც ამის შემდეგ გადაწყდება.

საფინანსო ეკონომიკური სამ¬სახურის უფროსის, ჯემალ ანანიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯები მკაცრად გაითვლება: რამდენი და კონკრეტულად რა ღონისძიებაში უნდა დაიხარჯოს. პროგრამულად გაწერილი ბიუჯეტის დადებითი მხარე კი ის იქნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები უშუალოდ პროგრამაში შევა და არა ბიუჯეტში. პროგრამული ბიუჯეტი იქნება გაცილებით გამჭვირვალე. მერია კი ყოველკვარტალურ ანგარიშს საკრებულოს ჩააბარებს. მერიაში ვარაუდობენ, რომ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ოქტომბრის ბოლოს მომზადდება. ამ ეტაპზე კი ცალკეული პროგრამები მუშავდება.

`ბიუჯეტის პროექტი ზედმეტად მშრალი რომ არ გამოვიდეს, ვამუშავებთ განმარტებით ბარათს, სადაც შეჯამდება ბოლო რამდენიმე წლის საბიუჯეტო მონაცემები. ვცდილობთ, სამწლიანი პროგრამები შევიმუშაოთ, მაგრამ გათვლა ძნელია. შეიძლება, რომელიმე პროგრამა, რომელსაც, ვთქვათ, ახლა დავამტკიცებთ, ორი წლის შემდეგ არ იყოს აქტუალური~, _ აცხადებს ანანიძე.

მერიის ეკონომიკურ სამსახურში ისიც სირთულედ მიაჩნიათ, რომ ქალაქის ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლები მცირეა. ამის გამო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსება, ძირითადად, ფედერალური უწყებებიდან მისაღებ ტრანსფერსა და კაპიტალურ შემოსავლებზეა დამოკიდებული. ქალაქის ადგილობრივი შემოსავლები კი, ფაქტობრივად, განსაზღვრულია _ 7-მილიონამდე ლარი, ძირითადად, ქონების გადასახადი. `ქონების გადასახადი თუნდაც 1000 ლარით რომ გაიზარდოს, ქალაქში, სულ მცირე, მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს~, - ამბობენ საფინანსო ეკონომიკურ სამსახურში.

მერიის სამსახურებში 2009 წლისთვის შტატების შემცირება მოსალოდნელი არ არის. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურებში უკვე გაიჟღერა, რომ გაისად საჯარო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება. ხელფასების ოდენობას საქართველოს პრეზიდენტი ადგენს. ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტი იანვრამდე უნდა დამტკიცდეს. თუ ხელფასები შემდეგ გაიზრდება, მერიას გაზრდილი ხელფასების გაცემა დამტკიცებულ ბიუჯეტში ეკონომიის ხარჯზე მოუწევს, რაც, თავის მხრივ, ზოგი პროგრამის დაფინანსებას შეამცირებს. ხოლო იმის მოლოდინი, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამატებით ტრანსფერს მიიღებენ, მერიაში ნაკლებად აქვთ.

მერია ქალაქის ქონების სრულ ინვენტარიზაციასაც გეგმავს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ უნდა გაირკვეს ქალაქს რა ქონება აქვს.
მერია მის დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო-კულტურული დაწესებულებების თანამშრომელთა დაზღვევასაც გეგმავს (პედაგოგები, ტექნიკური პერსონალ). სავარაუდოდ, დააზღვევენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლებსაც.

ბიზნესმენები ხორბლის ალტერნატიულ ბაზარს ეძებენ

სამთავრობო პროექტში _ `იაფი სესხები~ აჭარას ცალკე ხუთი მილიონი ლარის კვოტა გამოეყო. ეს თანხა თითქმის ათვისებული იყო, როცა, რამდენიმე დღეში ბათუმის წისქვილკომბინატს, შპს `ურეხს~ ხელისუფლებამ დამატებით მილიონ 430 ათასი ლარი ცალკე, კვოტების გარეშე დაუმტკიცა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის გაცხადებით, სასწრაფო ზომების მიღება საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა. ამ სახით თანხა კი მხოლოდ იმიტომ გაიცა, რომ სესხების სხვა პროგრამა სახელმწიფოს არ აქვს.

ირმა ზოიძე/ბათუმელები


`ურეხმა~ ყველაზე მომგებიანი პირობა მიიღო _ ხუთწლიან კრედიტზე, ორი წლის განმავლობაში პროცენტის გადასახადისგან თავისუფლდება, შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი სამპროცენტიანი გადასახადი დაეკისრა. წისქვილკომბინატის მფლობელი, მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომ ასეთი სწრაფი და მომგებიანი კრედიტის გაცემის მიზეზი საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენები იყო.

ამავე არგუმენტზე საუბრობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. `ჩვენ მოვიკითხეთ, ვის რა მარაგი და შესაძლებლობა ჰქონდა, კვლავაც შემოეტანა ხორბალი. ყველაზე მეტი შანსები ამ კომპანიას აღმოაჩნდა~, _ აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ვახტანგ გოგუაძე.


სესხის დამატებით გაცემას საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც ადასტურებენ. `ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სწრაფად შექმნილიყო მარაგი, რადგან საომარი მდგომარეობა იყო. ეს სესხია და დაბრუნდება. ძნელი საპროგნოზო იყო, როდის მორჩებოდა ომი და ამიტომ თავი დავიზღვიეთ~, _ ეს კომენტარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იმ პირობით გააკეთა, რომ სახელსა და გვარს არ დავასახელებდით.


ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა აგრეთვე განაცხადა, რომ მარაგის პრობლემა ქვეყანაში ზოგადად არ არსებობდა: `სახელმწიფო უზრუნველყოფას~, რომელიც ასევე შპს-ეა, საკმაოდ დიდი მარაგი ჰქონდა, მაგრამ, როგორც იცით, მაშინ გზები გადაიკეტა და ამიტომაც სასწრაფოდ გახდა საჭირო ისეთი კომპანიის მოძებნა, ვინც დასავლეთის რეგიონის ფქვილით უზრუნველყოფას შეძლებდა”.


`ურეხის~ წისქვილკომბინატს პურის ფქვილის დაახლოებით ექვსი თვის მარაგი აქვს. `მაშინ ორი თვის მარაგი გვქონდა, მაგრამ დამატებით შემოტანა როცა გახდა საჭირო, რუს კომპანიონს მივმართეთ და ხუთი ათასი ტონა ხორბალი შემოვიტანეთ. სამი მილიონი დოლარი გადავიხადეთ, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი იყო ხელისუფლების. იმის გამო, რომ ქართულ პორტებში დატვირთული გემი ვერ შემოვიდა, თურქეთში, ქალაქ ხოფაში ჩამოვცალეთ და იქედან ავტოტრანსპორტით გადმოვზიდეთ~, _ ამბობს მერაბ ბოლქვაძე.
`ურეხის~ წისქვილკომბინატს ფქვილი სტავროპოლის მხრიდან შემოჰქონდა. რუსულმა კომპანიამ, ქვეყნებს შორის დაძაბული მდგომარეობის გამო, ქართულ კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.


წისქვილკომბინატის მფლობელები ახალ ბაზრებს ეძებენ. განიხილება კანადის, ყაზახეთისა და უკრაინის ბაზრები, საიდანაც ხორბლის შემოტანაა შესაძლებელი. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოში პურის ფქვილის იმდენი მარაგია, რომ წისქვილკომბინატის მფლობელის ვარაუდით, ფქვილზე ფასი არ მოიმატებს.


ლევან ვარშალომიძე და ”თავზარდაცემული” სკოლა

ადლიის საჯარო სკოლაში ლევან ვარშალომიძის სტუმრობით გამოწვეული კურიოზული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია სოფლის ფარგლებს გასცდა. სკოლის დირექტორი და მისი მოადგილეები შიშობენ, რომ ლევან ვარშალომიძე მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს. თუმცა, ოფიციალურად, ადმინისტრაციას საყვედურიც კი არ მიუღია. სკოლის პედაგოგების, სასწავლო ნაწილისა და დირექტორის მონათხრობით ყველაფერი ასე იყო:

ნათია როყვა/ბათუმელები


22 სექტემბერს, იმ დღეს, როცა სწავლა დაიწყო, სკოლაში სტუმრებს 9 საათზე ელოდნენ, მაგრამ ლევან ვარშალომიძემ მოსწავლეებს სკოლაში მისვლა 50 წუთით მიასწრო. დაბნეულმა პედაგოგებმა ბავშვების ძებნა სახლებში დაიწყეს. ნაკლებ დღეში არ ყოფილა სკოლის დირექტორიც. დაბნეულობისგან მან ის მაკრატელიც კი ვერ იპოვა, რომელიც საგულდაგულოდ გარემონტებული სკოლის პრეზენტაციისთვის იყიდა და რომლითაც ლევან ვარშალომიძეს წითელი ლენტი საზეიმოდ უნდა გაეჭრა. მოსწავლემ `დაჭმუჭნული~ ლენტი მიარბენინა, ვარშალომიძემ კი ლენტის გაჭრა ძველი მაკრატლით `ძლივს~ მოახერხა:).

მოკლედ, ნახევრად გარემონტებული სკოლა გახსნილად გამოცხადდა (ნახევრად გარემონტებული იმიტომ, რომ სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს იატაკი ამოცვივდა. რამდენიმე საკლასო ოთახში ისევ ძველი კარები შეამჩნიეს, ასევე გაფუჭებულია საკეტები; შენობაში არც წყალი აქვთ. – ავტ.). ამის შემდეგ სკოლის ეზოში საქართველოს დროშა აღმართეს. მაგრამ როცა ჰიმნის დრო დადგა, უცებ შუქი გაითიშა:).



მოვლენები ამის შემდეგაც დაუგეგმავად განვითარდა. იმის ნაცვლად, რომ ვარშალომიძეს მოსწავლეების მიერ დადგმული თეატრალური წარმოდგენა და ცეკვები ენახა (თუმცა, როგორც პედაგოგები ამბობენ, ბავშვებმა ვერც ჩოხებისა და თეატრალიზებული ფორმების ჩაცმა მოასწრეს), ერთ-ერთ კლასში `დაუპატიჟებლად~ შევიდა და პრეზიდენტის საჩუქრის _ სასკოლო ფორმირების შემოწმება დაიწყო. თეთრი მაისური ყველა მოსწავლეს ეცვა, მაგრამ ფორმა:)...
`ფორმები დაგირიგეს?~ _ ჰკითხა ვარშალომიძემ მეორეკლასელებს. `არა, ფორმები არ მოუციათ~, _ უპასუხა მოსწავლემ:). `ბატონი ლევანი ამაზე გაბრაზდასავით, _ ვარშალომიძის სტუმრობის დღეს იხსენებს სკოლის დორექტორი გიორგი რუხაძე _ ბატონი ლევანის ადგილზე მე რომ ვიყო, დღესვე მოვისვრიდი ჩემნაირ სკოლის დირექტორს. მთავრობის თავმჯდომარე მოვიდა და არაორგანიზებულად დავხვდით. ფორმების 50 პროცენტის დარიგება იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ მოსწავლეები ოჯახებში არ იყვნენ ~.

`არადა, როცა დამლაგებლები ფანჯრებზე იყვნენ გასულები, ბატონი გიორგი (დირექტორი) იატაკს საკუთარი ხელით ხეხავდა სკოლაში, _ მდგომარეობას ამსუბუქებს სასწავლო ნაწილის გამგე ლელა გათენაძე. ის აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის, როინ ტაკიძის მადლიერია _ ხედავდა, ხელდაკაპიწებული რომ ვაკეთებდით ყველაფერს და ეს არ დაგვიკარგა. მგონი, საყვედურსაც გადავრჩით~.



`ჩემთვის საყვედური ის იყო, რომ მეორე დღეს სკოლაში მთავრობის აპარატიდან კომისია მოვიდა შესამოწმებლად. კომისია კი მინისტრმა შეცვალა. მათემ მითხრა, დღეს თუ შეიძლებოდა ყველა ბავშვი ფორმით ყოფილიყო, გუშინ რატომ არ იყოო~, _ საკუთარ თავზეა განაწყენებული სკოლის დირექტორი, რომელმაც მოსწავლეებს სკოლის დაწყებამდე შინ ვერ მიუტანა ფორმები:). სკოლაში საკუთარ შეცდომად სწორედ ამას თვლიან.

პედაგოგების თქმით, მეორე დღეს მთავრობის აპარატიდან ადლიის საჯარო სკოლაში შეამოწმეს, მოსწავლეებს ფორმები თუ ეცვათ და წიგნები თუ ჰქონდათ. დირექტორს კი საკუთარი ვერსიები აქვს: `ხარვეზი მეორე დღეს რომ არ აღმოგვეფხვრა, დღეს დირექტორი არ ვიქნებოდი~.

სკოლაში მინისტრის სტუმრობასაც მთავრობის თავმჯდომარეს უკავშირებენ. `ბატონი ლევანი თავისთავად ჰკითხავდა ჩვენს სკოლაზე მინისტრს. როცა ბატონი მათე მიდიოდა, თავად ვუთხარი საყვედურის ღირსი ვარ-მეთქი. მანქანაში რომ ჯდებოდა, მითხრა, ვინც იმსახურებთ, საყვედურს ყველა მიიღებთო. თუმცა, ოფიციალურად ფურცელი არ მოგვსვლია~, _ აღნიშნა დირექტორმა.

დირექციას სტუმრად მყოფმა ხელვაჩაურის რესურსცენტრის წარმომადგენელმა მადონა ტაბატაძემაც უსაყვედურა, რა თქმა უნდა, სიტყვიერად.
მოკლედ, სკოლაში ამბობენ, რომ `არ გაუმართლათ~.

პედაგოგები სკოლის დირექტორის მხარდაჭერასა და მთავრობისთვის იმის დამტკიცებას, რომ `კარგები და პასუხისმგებლიანები~ არიან, ნოემბერში ზურაბ გორგილაძის საღამოს მომზადებით შეეცდებიან. ასევე გადაწყვიტეს, რომ მთავრობის ყველა წარმომადგენელი ღონისძიებაზე დასასწრებად, გაზეთის მეშვეობით დაპატიჟონ.
და ბოლოს, გაზეთის მომზადების დღეს ადლიის საჯარო სკოლის პედაგოგებისგან შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება: ”`მოსწავლეების ფორმირებისთვის პრეზიდენტს, სახელმძღვანელოების გამო აჭარის მთავრობასა და მხარდაჭერისათვის _ როინ ტაკიძეს დიდი მადლობა”:).



Tuesday, October 7, 2008

ყაზახეთი: მარცვლეულის ტერმინალი ბათუმში აშენდება

ყაზახეთის კომპანია Food Contract Corporation -ი გეგმავს ააშენოს საექსპორტო მარცვლეულის ტერმინალი ბათუმის პორტში ფოთის ნაცვლად _ განაცხადა ყაზახეთის ელჩმა საქართველოში იგორ მუსალიმოვმა.

მისი თქმით, თავდაპირველად საქართველო და ყაზახეთი საუბრობდნენ ტერმინალის ფოთში აშენებაზე, თუმცა შემდეგ მხარეებმა შეთანხმება გააუქმეს.
ყაზახეთის კომპანია "Ak Biday – Terminal"--ის მონაცემებით (რომელიცFood Contract Corporation -ის სუბსიდიორია) და ბათუმის პორტი გეგმავენ შექმნან გაერთიანებული საწარმო ტერმინალის მშენებლობისთვის, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 350 000 ტონა მარცვლეული იქნება.

წყარო: agrimarket.info
ამავე თემაზე:
ყაზახეთი ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აღარ ააშენებს
ყაზახეთმა უარი თქვა "ფოთის გეგმაზე"