div#header
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts

Wednesday, December 17, 2008

კომპრომისი არაექსკლუზიური ოცნებებისთვის

„რესპუბლიკელებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ალიანსზე, იმ კითხვებზე, რომელიც ექსპერტებს და საზოგადოებას ამ ალიანსთან და მის შესაძლო პარტნიორ, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით აქვთ, „ბათუმელები“ დავით უსუფაშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. უსუფაშვილის თქმით, ჟენევაში რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი მოლაპარაკებებისა და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების გარდა, რიგგარეშე არჩევნებზეც ისაუბრეს:

ნესტან ცეცხლაძე/ბათუმელები

– ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საკუთარი ხელისფლების უგუნური პოლიტიკის გამო, რომელიც გრძელდება. ბრაიზას ვუთხარით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ალტერნატიული დემოკრატიული ძალის ფორმირება, რასაც, ჩვენი რწმენით, მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. ეს 2009 წელს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლამდე მიგვიყვანს.
– რა განაცხადა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მეთიუ ბრაიზამ?
– ბრაიზამ თქვა, ქართველი ხალხი რასაც გადაწყვეტს, მსოფლიო მხარს ამას დაუჭერს; და რომ ხალხის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გამოხატული დემონსტრაციებში, სოციალურ გამოკითხვებში. მოკლედ, მან ცალსახად თქვა, რომ ესაა შიდა საქმეები და შეერთებული შტატები არ აპირებს რაიმე მოიმოქმედოს, არც არსებული ხელისუფლების გადასარჩენად და არც იმისთვის, რომ ვინმე კონკრეტული ძალა გაძლიერდეს. ეს ფორმულა ჩვენთის სავსებით მისაღებია.
– თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ, თქვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებთ თუ – საპრეზიდენტოს?
– ეს ტაქტიკაა, შესაცვლელია ორივე – საკანონმდებლოც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ჩემი პირადი არჩევანი რომ იყოს, ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე ვიფიქრებდი, ოღონდ იმ წინაპირობით, რომ იქნება სრულად სხვა საარჩევნო კანონი, საარჩევნო ადმინისტრაცია და დავების განხილვის სხვა მექანიზმი. და კიდევ ბევრი სხვა გარანტია არჩევნებისთვის, შემდეგ კი – საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, ეს პირიქითაც შეიძლება მოხდეს ან ერთდროულად.
– რაზეა გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული, სხვა ლიდერებს სხვა პოზიცია აქვთ?
– ეს დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მე თუ რამეს ხელს მოვაწერ, ეს არ იქნება გადაწყვეტილება, ხომ? შესაბამისად, თუ პარლამენტი დარწმუნდება იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნებია საჭირო ქვეყნისთვის, შეიძლება საპარლამენტო არჩევნებისკენ წავიდეს საქმე; თუ სააკაშვილი დარწმუნდება, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა თანამდებობიდან წასვლაა, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
– პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. როგორ აპირებს ალიანსი, აიძულოს ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები?
– თუ გახსოვთ, შარშან, სექტემბერ-ოქტომბერში სააკაშვილი არათუ თავის ვადამდელ გადადგომას, არამედ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც კატეგორიულად გამორიცხავდა. მერე ორივე არჩევნები დაინიშნა.
– დიახ, მაგრამ რა ფორმით აიძულებთ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღებას?
– რაც კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იქნება და რაც იმ მომენტში ყველაზე ეფექტური იქნება, ყველაფერს გამოვიყენებთ.
– მათ შორის მიმათავთ საპროტესტო აქციებსაც?
– რაც კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იქნება ყველაფერს
– ნიშნავს თუ არა ალიანსი იმას, რომ „რესპუბლიკელები“ და „ახლები“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ერთად მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
– ეს ალიანსი უფრო ფართოდ უყურებს საკითხებს, ვიდრე ერთი კონკრეტული არჩევნებია. ამიტომ საარჩევნო საკითხები ამ კონტექსტში მიმდინარე საკითხებია. ჩვენ ალიანსის შექმნისთანავე განვაცხადეთ, რომ დაინტერესებული ვართ უფრო ფართო პოლიტიკური კოალიციის შექმნით და გვაქვს კონსულტაციები შესაძლო პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს პროცესი იანვრის შუა რიცხვებში დასრულდება და „რესპუბლიკელები“ იქნებიან იმ კოალიციაში, რომელიც დასაბუთებულ ამბიციას განაცხადებს ხელისუფლების შემცვლელობაზე.
– ნიშნავს ეს, რომ არჩევნებში ერთ ბლოკად გამოხვალთ? შეგიძლიათ მარტივად, კონკრეტულად გვითხრათ?
–უფრო კონკრეტულად გამიჭირდება, რადგან თუ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, მაშინ დარწმუნებული ვარ, კოალიცია კიდევ უფრო გაფართოვდება და კონკრეტულ კანდიდატს სხვა ძალებიც დაუჭერენ მხარს. თუ საპარლამენტო არჩევნები იქნება, ალბათ, კოალიცია, როგორც კოალიცია, ისე გავა არჩევნებზე. რომელი არჩევნები იქნება, იმაზეა დამოკიდებული საარჩევნო ბლოკის თემა.
– წინა არჩევნებში, ოპოზიციის გაერთიანების მიუხედავად, „რესპუბლიკელებმა“ ცალკე მიიღეთ მონაწილეობა.
– დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ერთიანობა მხოლოდ მაშინაა პროდუქტიული, თუ თავსებადი მიზნებისა და გეგმების მქონე ადამიანები ერთიანდებიან. სხვა შემთხვევაში, ერთიანობა ყაყანი, ქაოსია. საბოლოო ჯამში კი პროცესი არაეფექტურია.
– სწორედ ამიტომ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენ მემარჯვენეებთან ერთად აღარ აღმოჩნდეთ საარჩევნო ბლოკში? ვთქვათ, ისეთ საკითხებზე თუ შეთანხმდით, როგორიცაა ეკლესიისადმი დამოკიდებულება?
– ჩვენ გვქონდა სამთვიანი კონსულტაციები და მოვძებნეთ ის ფორმულები, რომლითაც ყველა საკითხზე აზრთა შეჯერებას შევძლებთ. ის ფაქტი, რომ ორი პარტია რჩება, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ნიშნავს, რომ შეხედულებებს ყველა ძირითადი მიმართულებით ვინარჩუნებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროცესში ერთად დგომა აუცილებლობად მიგვაჩნია. ერთად დგომა ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე მოიძებნება კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც ორივესთვის მისაღებია. ჩვენ გვწამს, რომ ასე წინ წასვლას შევძლებთ. ასეთი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ლიბერალ რესპუბლიკელებს გვინდა.
– ანუ რაღაც საკითხებში კომპრომისზე წახვალთ?
–რა თქმა უნდა, ისევე როგორც ახალი მემარჯვენეები. იდეებსა და ღირებულებებზე შევთანხმდით, რაც შეეხება მიმდინარე თემებს, ეს კომპრომისების სფეროა.
– მაგალითად, ეკლესიის თემა არის ის სფერო, რომელზეც შეთანხმდით?
– ეკლესიასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული ხედვა, განსაკუთრებით სახელმწიფოსთან მიმართებაში, ნამდვილად არ აღმოგვაჩნდა. თუ იმას მეკითხებით, რამდენი „რესპუბლიკელი“ მარხულობს...
– ამას ნამდვილად არ გელითხებით. ვგულისხმობ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დამოკიდებულებაზე. ექსპერტებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, რომ ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც თქვენი და მემარჯვენეების პოზიციები განსხვავებულია.
– თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, კონკორდატის იდეა, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების იდეა, რესპუბლიკელებისგან მოდიოდა. ეს შეგიძლიათ მოიძიოთ 1993-1995 წლების მასალებში, როდესაც ამ თემებზე მსჯელობა მიდიოდა და საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა. ანუ ჩვენ ვიყავით არათუ მხარდამჭერები კონკონდარტის, არამედ ინიციატორები.
– ეს ცოტათი წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თქვენი პარტიის ლიბერალურ ღირებულებებთან?
– რა ნაწილში?
– მაგალითად, სხვა რელიგიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს კონსტიტუციური შეთანხმება მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.
– არათანაბარ პირობებში ბევრი სხვა რამ აყენებს და არა კონკორდატი. ამ ნაწილში არის პრობლემები, რის შესახებაც ჩვენ ბოლო საარჩევნო პროგრამაში გამოვაქვეყნეთ. 50-გვერდიან დოკუმენტში საუბარია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზეც. სჯობს გაეცნოთ ამას, შეადაროთ „ახლების“ წარმოდგენებთან და ნახოთ თუ რა გადაულახავი სხვაობაა აზრებში.
–სახელმწიფო მოწყობის საკითხზე შეთანხმდით?
– სწორედ იმაზე შევთანხმდით, რომ არჩევნები, უნდა იყოს იმ მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტი, რაც დღესაა კონსტიტუციურად. არც „მემარჯვენეები“ ამბობენ, რომ ორ თვეში შესაძლებელია მონარქიაზე გადასვლა და არც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც საპარლამენტო მმართველობას დაამკვიდრებს. ამასთან, ორივე ვთანხმდებით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შედგებოდეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიებისგან. განსხვავებაა იმაში, თუ ვინ იქნება სახელმწიფოს მეთაური, მემკვიდრეობით მონარქი თუ არჩეული პრეზიდენტი. ეს სხვაობა გვაძლევს კომპრომისის საშუალებას, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში საქმე იმ მოდელის დამკვიდრებისკენ წავიყვანოთ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იქნება პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამარჯვებულ საპარლამენტო ძალას დაეყრდნობა. რაც შეეხება მონარქს თუ არჩეულ პრეზიდენტს ეს საკითხი გადავდოთ ოთხი წლით, და მოსახლეობამ გადაწყვიტოს. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა კომპრომისებზე ვსაუბრობ.
– ერთ-ერთმა ექსპერტმა გვითხრა, რომ აინტერესებს, ღირებულებების თვალსაზრისით, როგორ მიუდგებიან „რესპუბლიკელები“ და „მემარჯვენეები“, ვთქვათ, სექსუალური უმცირესობის უფლებების ან აბორტების საკითხს.
– ნამდვილად არ ყოფილა სექსუალური უმცირესობის საკითხი განსახილველი და არც ვთვლით, რომ უახლოეს ხანებში ამ საკითხებზე მოგვიწევს მსჯელობა. არ ვთვლით, რომ ეს ქვეყნის კრიზისში ყოფნის ან მიზეზია, ან გამოსავალი. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნის მოწყობაზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, საპენსიო სისტემაზე, თვითმმართველობის მოდელზე, პრივატიზაციის პროცესზე, მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე. ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ ახლო მეზობლებთან ურთიერთობაზე; ეროვნული უმცირესობების თემებზე, რომელიც ქვეყანას ძვირად დაუჯდა, რადგან თავის დროზე სწორად და კარგად არ იყო განხილული ეს ყველაფერი; ვისაუბრეთ, შრომის კანონმდებლობაზე, რეგიონული განვითარების ეკონომიკურ პროგრამებზე, სამხედრო მოწყობის პრინციპებზე, რა სტრატეგიის და ამოცანის ჯარი უნდა ჰყავდეს ქვეყანას; ვისაუბრეთ იმ დინამიკაზე, როდის რისი მიღწევაა რეალისტური და შესაძლებელი, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
– და ყველაფერზე შეთანხმდით?
– გავიმეორებ რაც მოგახსენეთ _ ჩვენ ან შევთანხმდით, ან მოვძებნეთ ის ფორმულა, რომელმაც ყველა მიმდინარე საკითხზე შეთანხმება უნდა მიგვაღწევინოს. რესპუბლიკური პარტიის ხედვა საპარლამენტო მმართველობის თაობაზე, ემყარება მრავალპარტიულობას და იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სანუკვარი, ექსკლუზიური ოცნებები რჩება შეუსრულებელი, მაგრამ არის რეალობა, თუ არ იქნება კოალიცია, ვერც ამა თუ იმ პარტიის არაექსკლუზიური ოცნებები შესრულდება. დღეს ჩვენ ვართ ამ რეჟიმში და ვთვლით, რომ კოალიციის შექმნა კოალიციური მთავრობის წინაპირობაა. ალბათ, დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ კოალიციური მთავრობები არსებობს, ესაა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების წესი. მაგალითად გერმანელი ლიბერალები არიან კოალიციაში ხან ქრისტიან–დემოკრატებთან, ხან სოციალ–დემოკრატებთან, ვთქვათ შვედი ლიბერალები ახლა არიან კოალიციაში შვედ კონსერვატორებთან. ბევრისთვის ეს შეიძლება უცხო ხილია, რადგან, სამწუხაროდ, ქართველი ხალხი, დღემდე არსებულმა ყველა ხელისუფლებამ მიაჩვია ერთპარტიულობას. ყველაფერი უნდა იმართოს ერთი მესიის მიერ. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ამან შეგვაძლებინა კოალიციაზე საუბარი.
– ვინ იქნება ალიანსის ლიდერი, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, უარს იტყვის ალიანსის ლიდერობაზე?
– ალასანიასთან არ მიმდინარეობს საუბრები ლიდერობაზე, ალასანიასთან იქნება საუბარი პარტნიორობაზე. შემდეგ უკვე პარტნიორები გადავწყვეტთ ვინ, როდის, რა ლიდერობას გაუწევს ამ კოალიციას. ჩვენ ალასანიას სახით წარმოგვიდგენია შესაძლო პარტნიორი კოალიციაში. ეს საკითხი დაახლოებით 10 დღეში გაირკვევა.
– ალიანსის სხვა წევრებმა ალასანიას შესაძლო ლიდერობაზე განცხადება ხომ გააკეთეს?
– ჩვენ ალასანიასთან ვეძებთ პარტნიორობას და თუ პარტნიორები გავხდით, მერე გადავწყვეტთ ლიდერის საკითხს. ეს არც იმის გარანტიას იძლევა, რომ ალასანია იქნება ლიდერი და არც იმას გამორიცხავს, რომ არ იქნება. პარტნიორობის საკითხი მისი ჩამოსვლის მერე გაირკვევა. ჩვენთვის საინტერესოა მისი მოსაზრებები და ხედვები ბევრ საკითხზე, ისევე როგორც სხვა შესაძლო პარტნიორების.

ვახტანგ ტატიშვილი: სატირალს იუმორით ვამბობ

„ყველა ტელევიზიაში ყველაფერზე ჩამწერეს _ როგორ ვერთობი, როგორი რემონტი გავაკეთე, ქალები როგორ მიყვარს, როგორი ურთიერთობა მაქვს ოჯახთან. არავინ მეკითხება, რას ვფიქრობ იმ ყველაფერზე, რაც ძალიან მაწუხებს. აქ ჩამოსულმა როცა გავიგე, რომ არსებობს გაზეთი, სადაც ჩემს წუხილზე შემეძლება ლაპარაკი, პირდაპირ აქეთ გამოვეშურე. ხომ მომცემთ ამის საშუალებას?" _ იკითხა "ბათუმელების" რედაქციაში მოსულმა ვახტანგ ტატიშვილმა. ის ბათუმში იუმორისტულ შოუში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ცნობილი მსახიობი "ბათუმელებს" პოლიტიკურ იუმორსა და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე ესაუბრა.

ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

_ ბატონო ვახტანგ, თქვენი იუმორი, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკას ეხება, ცენზურას თუ გადის?
_ ჩემთვის არავის დაურეკავს და უთქვამს, ეს არ თქვაო. ოჯახის წევრმა შეიძლება გითხრას გაჩერდი, ეს არ თქვა, მაინც არაფერი არ შეიცვლებაო. საზოგადოებაში სწორედ ეს არ მომწონს, ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებს.
"იუმორინაში" ბევრი პოლიტიკური კბენაა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ "იუმორინაზე" ხელისუფლება არ დადის. წინა მთავრობას უფრო ჰქონდა იუმორის გრძნობა, ახლა ბრაზდებიან.
_ იცით კონკრეტული ფაქტი, როცა თქვენმა იუმორმა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გააბრაზა?
_ არა, მაგრამ ეს ადვილი შესამჩნევია, ამას თქმაც არ სჭირდება. ჩემი ლოზუნგი "გადადექი _ გადადექი" კი არა, "გამოსწორდია!" "ბაბუ-ბაბუ", "ზვიადი-ზვიადი" და "მიშა-მიშა" კი არა, ხალხი... ამას დაძახება არ უნდა, გულში უნდა თქვა. "მიშას" მეც ვიძახდი 60-იან წლებში, როცა მიშა მესხი თამაშობდა ფეხბურთს, მაშინ მთელი სტადიონი გუგუნებდა და ეს იყო გულიდან ნათქვანი "მიშა".
_ როგორ ფიქრობთ, თქვენი იუმორი რატომ უნდა აბრაზებდეს ხელისუფლებას?
_ ძალიან მორწმუნე ან ძალიან ცრუმორწმუნე კაცი არა ვარ. ტელეფონით მაქვს გამოწერილი ყოველდღიური ჰოროსკოპი. დღეს ასეთი მესიჯი მივიღე: "რაც არ უნდა დამღუპველად მიგაჩნდეთ ხელმძღვანელობის პოლიტიკა თუ საქციელი, ეცადეთ თავი შეიკავოთ კრიტიკისგან და ნურავისთან განიხილავთ ამ საკითხს". დავიჯერო, ესეც ჩაწყობილია?
ზუსტად ამ დროს დაბარებული ვიყავი აჭარის ტელევიზიაში, უნდოდათ ჩაეწერათ საჭმელს როგორ ვაკეთებ. უნდა წავსულიყავი ტელევიზიაში შუა მარხვაში და მესწავლებინა ხალხისთვის, როგორ უნდა გააკეთონ საჭმელი?! მიეცი ხალხს ხორცისა და ყველის ყიდვის საშუალება და ნახე, როგორი საჭმელი გააკეთოს, სულ არ უნდა ამას ჩემი სწავლება. თან ყველა ტელევიზიაში ამაზე რომაა ლაპარაკი? "იმედშიც" და "რუსთავი 2 –შიც", ასე ვეძახი მე მაგათ.
ამიტომაც ავდექი და პროტესტის ნიშნად თქვენს გაზეთში მოვედი. მილიონი ჟურნალისტი მოდის ჩემთან, მხოლოდ იმას მეკითხებიან, რა საჭმელი მიყვარს, როგორ დავდიოდი ქალებში, რაიმე კურიოზს ხომ ვერ გავიხსენებ... არავინ მეკითხება, რას ვფიქრობ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
– და რას ფიქრობთ, თქვენი აზრით, რა ხდება საქართველოში?
– დემოკრატია, რომელიც გვეუბნებიან რომ გვაქვს, არის ფასადური. არასოდეს ვყოფილვარ მიტინგებზე, ერთადერთხელ წავედი, შარშან, 2 ნოემბერს... ხელისუფლებას ხალხი მტერი ჰგონია... მაშინ მიტინგი დაარბიეს და მერე პოლიციას მადლობა გადაუხადეს ხალხის დარბევისთვის.
თანამედროვე ქართული დემოკრატია ჩერნობილის ტრაგედიას მაგონებს. ეს კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. "პერესტროიკა" გამოცხადებული იყო მაშინ, მაგრამ ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ მხოლოდ 2 მაისს თქვეს, პირველი მაისის აღლუმის შემდეგ. ექვსი დღე ავარია არ გამოაცხადეს. იცით რატომ? პირველ მაისს რომ "დიმპიტაური" მოეწყოთ. ამ ექვს დღეში კი ბევრი ადამიანი მოიწამლა.
რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს. წარმოიდგინეთ დათვი, რომელიც ზოოპარკში ზის, გალიაში და ზედ აწერია, ხელს ნუ შეყოფ, თორემ მოგაჭამს - ხედავ ამას და ნუ შეყოფ ხელს. შეყოფ და... რაც მოხდა ვხედავთ, მოგჭამა სამაჩაბლოც და აფხაზეთიც.
პარლამენტში ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს, ყველა მთავრობაში არიან. კი, მაგრამ სულ მართალი როგორ არის ეს ხალხი? ყველა მთავრობაში კარგად იყო და პროტესტი არასოდეს გამოხატო. როგორც ბაზარში თამაშობენ ჭიქებითა და ბურთით ყალთაბანდები, ისე გვითამაშებენ მინისტრებს და ამბობენ, იქ კი კარგი მინისტრი იყო, მაგრამ ახლა მთლად უკეთესი იქნებაო.
_ თქვენი აზრით, სწორია, როცა მსახიობი ან მომღერალი პოლიტიკურ კომეტარებს აკეთებს?
_ აბა რას ვშვები ახლა მე?! უმეტესობა, უფრო მეტად ახალგაზრდები, ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკურ პროცესებს. მაგრამ გვინდა არ გვინდა, ჩვენ, ყველანი პოლიტიკაში ვართ. მაინც და მაინც შენს ნათესავს უნდა დაუნგრიონ სახლი, შენ უნდა ჩაგარტყან თავში, რომ დაინტერესდე რა ხდება ქვეყანაში?! გამოდიან ახალგაზრდა მომღერლები და ამბობენ, პოლიტიკაში არ ვერევიო, მეორე დღეს კი მთავრობის მხარდამჭერ "პაკაზუხა" კონცერტში იღებენ მონაწილეობას. რაც ეს მთავრობა მოვიდა, არც ერთ კონცერტში არ დაუძახიათ ჩემთვის.
_ გინდათ, რომ მიგიწვიონ?
_ რა თქმა უნდა, მინდა და წავალ კიდეც, მაგრამ ჩემს სათქმელს ვიტყვი აუცილებლად. როგორც ჩანს, ამიტომაც არ მეძახიან.
ხალხი იმის გამო კი არ მცნობს, რომ ვუყვარვარ, არამედ იმიტომ, რომ მე მათ სათქმელს ვამბობ. როცა პოლიტიკურ სატირას აკეთებ, უნდა თქვა ის, რაც ხალხს აწუხებს. მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელსაც ხალხის ერთი ნაწილი არ აკრიტიკებს. მსახიობი სწორედ იმ ნაწილში უნდა იყოს, რომელიც აკრიტიკებს. ხალხის სათქმელი უნდა თქვას იუმორისტმა, "გულს უფხანს" ხალხს ეს იუმორი. მე იუმორს კი არა, სატირას ვაკეთებ. ეს სიტყვა, სატირა _ ძალიან ჰგავს სატირალს. მე ამ სატირალს ვამბობ იუმორით.
– თქვენი თაობის ადამიანებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ გული წყდებათ შევარდნაძისა და აბაშიძის დროინდელ საქართველოზე. ამაზე რას იტყვით?
_ ვეტერანები, რომლებიც 9 მაისს ხვდებიან ერთმანეთს, იძახიან, რა კაი დრო იყო, გახსოვს, ომში რომ ვიყავით სანგარშიო... რა იყო კარგი, ომი და უბედურება? ახალგაზრდა იყო მაშინ და იმიტომ არის კარგი მისთვის. ნიკოლოზის დრო სჯობია თუ ახლანდელიო? _ ჰკითხეს მოხუცს. რა თქმა უნდა, ნიკოლოზის, მაშინ ახალგაზრდა ვიყავიო. ესაა მთავარი. როგორ შეიძლება მომწონებოდა ის დრო, ან აბაშიძე, რომლის დროსაც სუნიც არ იყო დემოკრატიის?
შევარდნაძეს სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ იმას იუმორის გრძნობა ჰქონდა. შევარდნაძემ როცა ღირსების ორდენი გადმომცა, იმ დღეს ერთ-ერთ გაზეთში ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა. ჯილდოს რომ მაძლევდა, ვკითხე: თუ გაქვთ გაზეთი წაკითხული-მეთქი. კიო – მიპასუხა, მაგრამ არ ჰქონდა წაკითხული. ინტერვიუში ჟურნალისტი მეკითხებოდა: არ გერიდებათ შევარდნაძე რომ გაჯილდოვებთ, რომელსაც თქვენ მუდმივად აკრიტიკებთო? ვუპასუხე, რა ვქნა, ჩემი პროფესია ესაა, სამაგიეროდ ისე, როგორც ოლღა ბებია, ჩემი ძუძუები ლოცავენ-მეთქი. თქვენ რომ ძუძუები არა გაქვთო? – ჩამეკითხა ჟურნალისტი – რაც მაქვს, იმით ვლოცავ-მეთქი – ვუთხარი.

Wednesday, December 3, 2008

თინა ხიდაშლი: ნოღაიდელს ოპოზიციას ვერ ვუწოდებ


გაზაფხულისთვის ვადამდელი არჩევნების მოლოდინში, პოლიტიკური პარტიები ახალ ლიდერებსა და ხელისუფლებაში მოსვლის გზებზე ფიქრობენ. ”გაერთიანებული ოპოზიცია”, ფაქტობრივად, დაშლილია, `რესპუბლიკელები~ და `მემარჯვენეები~ კი ალიანსს ქმნიან. პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპა და რუსეთი საქართველოს მომავალი ხელისუფლების სავარაუდო კანდიდატზე თანხმდებიან. `ბათუმელებთან” ”რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი საუბრობს.

ლელა დუმბაძე / ბათუმელები
- ქალბატონო თინა, რამდენად რეალურია ”რესპუბლიკელებისა” და ”მემარჯვენეების” ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია გახდეს?

- ჩვენ ყველა რაციონალურ ადამიანთან და ძალასთან ვითანამშრომლებთ, რომელიც სააკაშვილის კრიმინალურ ძალასთან არ ასოცირდება. თუმცა, აქვს თუ არა ალასანიას ლიდერის შანსები, ეს ექსპერტების თემაა. ვფიქრობ, იმ ფონზე, რაც ქვეყანაშია, კონკრეტული გვარების გარეშეც შეიძლება საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობის მოპოვება. ამის საშუალება, სამწუხაროდ, 2008 წლის 5 იანვარს არ იყო.
- რამდენად მართალი შეიძლება იყოს, რომ ევროპა და რუსეთი ალასანია-ბურჯანაძის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავენ?
- ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ბურჯანაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ რუსეთს მისი ხელისუფლებაში მოყვანა აწყობდეს, ირაკლი ალასანიასი კი, მით უმეტეს. საერთოდ კი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რაზე თანხმდება, რადგან ხელისუფლებას ხალხი ირჩევს. თუ კიდევ გაყალბებული არჩევნებით უნდა მოვიდეს შემდეგი ხელისუფალი, შემიძლია გითხრათ, რომ მე მაგ სცენარში არ მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის მთავარია, სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში და იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომელთაც სუფთა წარსული აქვთ.
- საერთაშორისო მხარდაჭერისა და დაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებაში ხალხისთვის არასასურველი მმართველი მოვიდეს?
- 2003-2004 წლებში დასავლეთის რჩეული ნამდვილად არ იყო მიხეილ სააკაშვილი. ყველამ იცის, რომ მაშინ სხვა ადამიანებზე კეთდებოდა აქცენტები. მიუხედავად ამისა, მაინც ის მივიღეთ, რაც ხალხმა აირჩია. არის პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. ვფიქრობ, ვერანაირი ძალა და ფული ვერ მოიყვანს ადამიანს ხელისუფლებაში, თუ მას რაღაც დოზით საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება.
- გარკვეული პოლიტიკური ძალები რუსეთთან მოლაპარაკების გამართვაზე საუბრობენ. ამას როგორ შეაფასებთ?
- ვერაფერს გეტყვით. როგორც ვხედავთ, გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალა, ზურაბ ნოღაიდელს კი ოპოზიციას ვერ ვუწოდებ. დღეს ადვილია დაცემული სააკაშვილის ოპონირება და იმ სერიალების კეთება, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ. ჩემი მეგობარი ალეკო ელისაშვილი ხუმრობდა, ყველა ორშაბათს იმის შიშით ველი, რომ რომელიმე ჩინოვნიკი განცხადებას გააკეთებს და ხელისუფლებას დაგმობსო. ამიტომ, რთული წარმოსადგენია, ამ ძალებს ოპოზიცია ვუწოდო და მათთან რაიმე საერთო მქონდეს.
- როგორ ფიქრობთ, ეროსი კიწმარიშვილიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე მუშაობს თუ სხვა ინტერესები აქვს?
- კიწმარიშვილი ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. მისგან უფრო მეტ გულწრფელობას ველი. ვფიქრობ, ის მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობს. უბრალოდ, მასზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ და თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. არ არის გამორიცხული, რომ მისი ინტერესები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებსაც დაემთხვეს.
- თქვენი აზრით, ამ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსები აქვთ?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის ქურდები ხელისუფლებაში აღარ მოვლენ და ამ შეცდომას ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს. მაგრამ თუ ასე მოხდება, ყველაფერი კარგი კიდევ რამდენიმე წლით უკან გადაიწევს.
- გაზაფხულზე ახალ არჩევნებს რატომ ელით?
- სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა, რამდენად ფიქრობს ის ამაზე, ვერ გეტყვით.

Wednesday, November 19, 2008

ბათუმი ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე

ბათუმში სატელეფონო მომსახურება 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად, 20 ათას აბონენტს შეუწყდება. ამჟამად ქსელიდან გათიშულია ათასზე მეტი აბონენტი, შესაბამისად გაითიშა ინტერნეტიც. აბონენტების გაფრთხილება ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, ვერ მოახერხა.
ქალაქის ცენტრში აბონენტებს მომსახურება გათიშვიდან სავარაუდოდ, 5-6 დღეში აღუდგებათ, გარეუბნებში კი ქსელის აღდგენას უფრო დიდი დრო დასჭირდება.
ბლიც-ინტერვიუ გ აერთიანებული ტელეკომის რეგიონულ მმართველთან, მერაბ სტეფანიასთან:

ნათია როყვა/ბათუმელები

_ ბატონო მერაბ, რატომ ვერ მოხერხდა მოსახლეობის ინფორმირება?
_ კარგი იქნებოდა, აბონენტები წერილობით გაგვეფრთხილებინა, მაგრამ 20 ათასი აბონენტი გვყავს და ეს შეუძლებელი იყო. ამასთან, რთული იყო განსაზღვრა, რომელი აბონენტი კონკრეტულად როდის გაითიშებოდა. ადრე გამოვაცხადეთ აბონენტების რეგისტრაცია, პარალელურად, აქ მოსულ ადამიანებს ვეუბნებოდით, როდის გაეთიშებოდათ ტელეფონი. ერთი კვირის შემდეგ რეგისტრაცია შევწყვიტეთ. ასობით ადამიანი მოვიდა, ერთ დღეს 235 აბონენტსაც კი მოვემსახურეთ. რეგისტრაციის დროს აბონენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულებაც ფორმდებოდა.
_ ეს პროცესი აღარ გაგრძელდება?
_ აუცილებლად. 1 იანვრიდან ხელშეკრულება ყველა აბონენტთან გაფორმდება.
_ ამჟამად რა სამუშაოები მიმდინარეობს?
_ ჩვენი ძირითადი შენობა განთავსდება 26 მაისის ქუჩაზე, #47-ში, სადაც ამჟამად ქალაქის სატელეფონო ქსელია. მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობის დაცლასთან დაკავშირებით კი კაბელების მიმართულებებიც უნდა შეიცვალოს. ახლა ამიტომ გავთიშეთ აბონენტები. პარალელურად ქსელი განახლდება მთელ ქალაქში. ბათუმში შევიძინეთ ახალი ციფრული სატელიტური სადგურები, ქობულეთისთვის _ სამი ათასი ნომერი. ქედა, შუახევსა და ხულოში ამჟამად მიმდინარეობს ახალი ვერსიის დაპროგრამება, მისი მორგება ახალ ქსელთან.
21-22 ნოემბერს ქსელიდან გაითიშებიან შემდეგ მისამართზე მცხოვრები აბონენტები: 26 მაისის ქუჩა _ #34-38, 27-29; ერას ქუჩა _ #20-38, 19-37; ჰ. აბაშიძის ქ. _ #1-3; მელიქიშვილის ქ. _ #4-6; ჯინჭარაძის ქ. _ #2-16.
_ გადასახადების გაზრდას ხომ არ გეგმავთ?
_ 1 ნოემბრიდან სააბონენტო გადასახადი ერთი ლარით გავაძვირეთ, ანუ აბონენტი ოთხი ლარის ნაცვლდ ხუთ ლარს გადაიხდის, თუმცა გავაუქმეთ წუთობრივი გადასახადი. ჩვენი აბონენტები ერთმანეთში უფასოდ ისაუბრებენ.
_ საქალაქთაშორისო სასაუბრო ტარიფი რამდენია?
_ ჩვენი ქსელის აბონენტები ერთმანეთთან ქვეყნის მასშტაბითაც უფასოდ ისაუბრებენ. სხვა კომპანიის აბონენტებთან საუბარი კი ექვსი თეთრი ეღირება. ეს გადასახადი ვრცელდება 1 და 3-ინდექსიან აბონენტებთან დაკავშირების დროსაც. ანუ ამ შემთხვევაშიც ერთი წუთის ღირებულება ექვსი თეთრია.
_ თბილისის რომელ ინდექსებთანაა საუბარი უფასო?
_ 22, 23, 25, 29, 31-დან 40-ის ჩათვლით, 40, 41, 47, 51, 60-68-ის ჩათვლით, 71-74-ის ჩათვლით, 78 და 90-99-ის ჩათვლით.
_ ერთი ნომრიდან მეორეზე გადართვა ფასიანია?
_ ჩვენი ქსელის შიგნით უფასოა, მაგრამ თუ სხვა ქსელის აბონენტი ჩაერთვება ჩვენს ქსელში, გადასახადი ერთი ლარია.

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

საკრებულოს უკვე ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გიორგი კირთაძესთან ერთი კვირით ადრე ჩაიწერა. მასალის მომზადების პროცესში იგი თავმჯდომარედ აირჩიეს. ვფიქრობთ, ინტერვიუ ისევ აქტუალურია.

_ ბატონო გიორგი, ლევან ვარშალომიძემ თქვენი კანდიდატურა საკრებულოს მართლა შესთავაზა?
_ არის საუბარი, მაგრამ ვნახოთ. ამას უახლესი მომავალი გვიჩვენებს. ჯერ საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა, ამიტომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ მინდა. თუ საკრებულოს თავმჯდომარე გადადგება, არის რეგლამენტით გათვალისწინებული პერიოდი და შესაბამისი ფორმები თუ როგორ უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა. რაც შეეხება ვარშალომიძეს, ფრაქციის სხდომა, ბუნებრივია, ჩატარდა. ლევან ვარშალომიძე, როგორც პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი, ფრაქციის სხდომებს არცთუ ისე იშვიათად ესწრება. ერთ-ერთ საკითხად თავმჯდომარის საკითხიც იქნა განხილული, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ლევან ვარშალომიძემ გადაწყვიტა, უბრალოდ, საუბრის დონეზე იყო.
_ როგორც თქვეს, თქვენი კანდიდატურის წინააღმდეგი უმრავლესობაშიც ბევრია.
_ კატეგორიულად უარვყოფ ამ აზრს. ის, რომ ვიღაცა ხათრს ვერ უტეხს ვარშალომიძეს და თურმე ამიტომ მომცემს ხმას, აბსურდია.
_ ვარშალომიძემ თქვენზე არჩევანი რატომ შეაჩერა?
_ ვადასტურებ, რომ ამ თემაზე საუბარი იყო, მაგრამ რადგან გაგრძელება აღარ აქვს, ოპოზიციის ჭორებზე დაყრდნობით ნუ ვისაუბრებთ...
_ საკრებულოს რეგლამენტი ხშირად ირღვევა, რატომ?
_ ვაღიარებ, რომ რეგლამენტს ხშირად ვარღვევთ, მაგრამ ეს ფორსმაჟორული სიტუაციებითაა გამოწვეული.
_ როცა მერია არ აწვდის ინფორმაციას საკრებულოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
_ ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ მერიისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ და პასუხსაც ვიღებთ. თუ ღრმად პატივცემული ოპოზიციის დეპუტატები პასუხს ვერ იღებენ, ეს იმის ბრალია, რომ ოფიციალურ მოთხოვნას არ აკეთებენ. თუმცა, მე ინფორმაციას ზეპირი მოთხოვნის შემთხვევაშიც ვიღებ...
_ ითქვა, რომ საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე სწავლის გაგრძელებას აპირებს და ამიტომ მიდის თანამდებობიდან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
_ ჯერჯერობით, ბადრი ქაჯაია აქ არის და მუშაობს. თუ დატოვებს თანამდებობას, ის მაინც ჩვენი გუნდის წევრად დარჩება.
_ თქვენ რა განათლება გაქვთ და თუ აპირებთ სწავლის გაგრძელებას ახლო ან შორეულ პერსპექტივაში?
_ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. ხარისხი დავიცავი და სწავლის გაგრძელებას დოქტურანტურაში ვაპირებ. თუმცა, უახლოეს გეგმებში ეს არ შედის.


Wednesday, November 12, 2008

დავით ამაღლობელი: ლარის დევალვაცია აღარ გაგრძელდება

ლარის კურსმა რამდენიმე დღეში 1,49 ნიშნულიდან 1,65-ს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, დავით ამაღლობელის განცხადებით, ლარის დევალვაცია აღარ გაგრძელდება. დავით ამაღლობელი ბლიც-ინტერვიუში ლარის საფრთხეებზე საუბრობს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

_ ბატონო დავით, რამდენად ბუნებრივი იყო ლარის კურსის ასეთი უეცარი ვარდნა?
_ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთის აგრესიის გამო, მივიღეთ შეგნებული გადაწყვეტილება, რომ სავალუტო ბაზარზე შეგვენარჩუნებინა ლარის კურსის სტაბილურობა დოლართან მიმართებაში. ეს იმით იყო გამართლებული, რომ არ შეგვექმნა დამატებითი სირთულეები ჩვენი ეკონომიკისთვის.
ამას ეროვნული ბანკის დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვი მოხმარდა _ აგვისტოს თვეში ჩვენ 187 მილიონი დოლარი გავყიდეთ. სექტემბერში, ფაქტობრივად, სიტუაცია სტაბილური გახდა და კურსის შენარჩუნებაში ხელოვნურად აღარ ჩავერიეთ. სექტემბრის ბოლოს კი გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყება მეორე შოკი იყო, რის შედეგად დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა.
_ ამბობენ, რომ თავდაპირველად ლარის კურსის ხელოვნური შენარჩუნებით, ახლა კი კურსის ვარდნით, ხელისუფლება სარგებლობს?
_ ეს აბსურდია. კურსის ცვალებადობით შეიძლება მხოლოდ იმან მოიგოს ან წააგოს, ვინც კურსის პროგნოზირებას შეძლებს. კურსი საბოლოო ჯამში განისაზღვრება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით. როცა ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვეღარ შევძლებდით კურსის შეკავებას, კურსის ერთბაშად კორექტირების გადაწყვეტილება მივიღეთ.
_ როგორ ფიქრობთ, მიაღწევს ლარის კურსი 2-იანის ნიშნულს?
_ როგორც ვთქვი, ეს იყო ერთჯერადი კორექტირება, ანუ ზოგადად არსებობდა მოლოდინი გაუფასურების, ეს მოხდა ერთჯერადად და ერთბაშად.
_ საბანკო სისტემაზე როგორ აისახება ეს?
_ ეს კრიზისი არ არის. ერთადერთი მიზანი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაა. მანამდე კი არაკონკურენტუნარიანს ხდიდა ჩვენს პროდუქტს და აზარალებდა ეკონომიკას. და მეორეც, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები უნდა შევინარჩუნოთ.
_ საქართველოში შემოსული ფინანსური დახმარება თუ აისახება კურსის შენარჩუნებაზე?
_ რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ უცხოური ვალუტის საკმარისი რესურსი იყოს ქვეყნის ბაზარზე, რომელიც დადებითად იმოქმედებს ლარის კურსის დინამიკის ფორმირებაზე.

ევროპა ამერიკის ზურგით

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
რუსული ენერგომატარებლები თუ საქართველო _ ევროპას არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს. საქართველო-რუსეთს შორის მტყუან-მართალი 18 ნოემბერს, ჟენევაში გამოიკვეთება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის პროგნოზები მომავალი კვირის ჟენევის შეხვედრაზე:

_ რაც უფრო ახლოვდება ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების თარიღი, მით უფრო მკაცრდება ევროპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ამ შეხვედრაზე უნდა ველოდოთ ევროპის გადახრას რუსეთისკენ, რაც ჩანს კიდეც და ეს გაუგებარი არ არის. საქმე იმაშია, რომ ევროპის გაბედულებას რუსეთთან ამერიკული ზურგი აქვს. როცა ამერიკას არ სცალია სხვა ქვეყნებისთვის, მაშინ ევროპა უსუსური ხდება რუსეთთან დაპირისპირებაში. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ. შეფასება მეტ-ნაკლებად კრიტიკული იქნება, მაგრამ რუსეთისთვის მტკივნეული ნაბიჯები არ გადაიდგმება.
_ ამერიკას არ დააზარალებს ევროპის პასიურობა?
_ რაც უფრო გათამამდება რუსეთი, რა თქმა უნდა, საზიანოა ორივესთვის, მაგრამ ევროპა დღეს ირჩევს ცუდ ვარიანტებს შორის უკეთესს. ახლა ევროპას იმაზე ფიქრიც მოუწევს, რომელი რუსეთია უფრო სახიფათო _ კმაყოფილი თუ უკმაყოფილო. რუსეთი თავისი განვითარების იმ ფაზაშია შესული, რომ თუ რეალური ძალა არ დაინახა, უკან არ დაიხევს.
_ გამოდის, რუსეთის ერთადერთი შემაჩერებელი ძალა ამერიკაა?
_ ამერიკაც არ იქნება, თუ გაბედულება არ გამოიჩინა. იქნება თუ არა ობამას ამერიკა გაბედული, წავა თუ არა რადიკალურ ნაბიჯებზე, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
ობამა, ალბათ, უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე ბუში იყო, რომელმაც თავისი გაუფრთხილებლობით ბევრი პრობლემა გააჩინა. მას რომ არ აეკვიატებინა კოსოვოს დამოუკიდებლობა, არც აფხაზეთი და ოსეთი მოყვებოდა ამას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ტიპის ნაბიჯებს ობამა გადადგამს.
ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბარაკ ობამამ უპირატესობა ეკონომიკურ ბერკეტებს მიანიჭოს. ეს არ იქნება რაღაც სადამსჯელო სანქციები, არამედ ფარული ეკონომიკური ომი, რის შემდეგ შეიძლება რუსული ეკონომიკა ცუდ დღეში ჩავარდეს.
_ აღმოსავლეთ ევროპის პოზიციები როგორი იქნება?
_ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც ისევე დამოკიდებული არიან ეკონომიკურად რუსეთზე, როგორც დანარჩენი ევროპა, ამიტომ პარტნიორების ანგარიშის გაწევა მაინც მოუწევთ.
_ რას უნდა ველოდოთ კონფლიქტებთან მიმართებაში?
_ პირველ რიგში, საქართველო უნდა დაფიქრდეს ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც გადაგდამს. საქართველომ ურთიერთობა გაიფუჭა დასავლეთის პარტნიორებთან. როცა დასავლეთი ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საქართველო ქმნის რაღაც გაურკვეველ სიუჟეტს იმაზე, სხვა როგორ დაესხა თავს, ეს გამაღიზიანებელია ევროპისთვის. გამოდის, ევროპას არ შეუძლია იმის დადგენა, ვინ დაიწყო ომი? ამიტომ იდიოტის როლში გამოდის.
ჩვენ როგორ უნდა გვქონდეს ევროპის იმედი, როცა ევროპას არ აქვს საქართველოს იმედი. ევროპა თხოვდა საქართველოს, არ ჩაბმულიყო საომარ მოქმედებებში, მაგრამ საქართველო მაინც ჩაება. ევროპას შეუძლია აირიდოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც საქართველოში მოხდება. რაღაცის პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა ავიღოთ თავზე.
_ ეს შეაჩერებს რუსეთს?
_ არ ვიცი, რუსეთი რა ნაბიჯებს გადადგამს. მას ბევრი მოტივი აქვს იმისათვის, რომ იყოს გაბუტული. მაგრამ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი შერბილდება, თუ საქართველო რაღაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც აიღებს.
_ გამოდის, ჟენევის სამიტი ბევრს არაფერს შეცვლის საქართველოსთვის?
_ რაც არ უნდა გადაწყდეს, ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება. რუსეთთან მოლაპარაკებით სიტუაცია არ გამოსწორდება, სიტუაცია დასავლეთთან უნდა გამოსწორდეს და მასზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამიტომ ეს პარტნიორები არ უნდა დავკარგოთ.

Wednesday, November 5, 2008

კახა ლომაია: 7 ნოემბრისთვის სამართალდამცავებს სპეციალური წვრთნები უტარდებათ

როგორ ემზადება ხელისუფლება და ოპოზიცია 7 ნოემბრისთვის. კახა ლომაია _ უშიშროების საბჭოს მდივანი, ”ბათუმელებთან” იმაზე საუბრობს, თუ რის გაკეთებას აპირებს საშვიდნოემბროდ საქართველოს ხელისუფლება.
ლელა დუმბაძე /ბათუმელები

_ ბატონო კახა, თუ ელის ხელისუფლება 7 ნოემბრისთვის ფართომასშტაბიან აქციას და როგორ ემზადება ამისთვის?
_ ჯერ 7 ნოემბრის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ. ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია უახლესი წლების ისტორიაში, რომელმაც გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯუფების შიგნით, აზრთა სხვაობის მიუხედავად, დიალოგი წარმოებს. ამ დიალოგის წარმოებისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრია, რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც, მაგრამ უფრო ხელისუფლებას. ამიტომაც მოჰყვა ამ ყველაფერს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გადადგომაზე, რომლის ანალოგს ხშირად ვერ ნახავთ დემოკრატიულ ქვეყნებში.
_ თუ გაჟღერდება იგივე მოთხოვნები, რაც გასული წლის ნოემბერში იყო, როგორი იქნება ხელისუფლების რეაგირება?
_ ის, რომ გამოხატონ უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკის ამა თუ იმ ასპექტის მიმართ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ ეს უფლება, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის გარანტირებულია. ბევრი შეიკრიბება თუ ცოტა, თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს. თუმცა გვესმის, რომ არსებობს კანონის საზღვრები.
_ პროვოკაციებს ელით?
_ არა. ყოველ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებული არიან და სპეციალური წვრთნებიც უტარდებათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამოქალაქო დემონსტრაციების დროს. ხელისუფლება ელის კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიან შეკრებას და არა უკანონო, ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს. ვფიქრობ, საზოგადოების მოლოდინი არ არის სიტუაციის გამწვავება.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 7 ნოემბრის აქცია რუსეთის მხრიდან იყო მართული. ახლაც იგივე განცხადებები გაკეთდება?
_ ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებზეც რუსეთის ზეგავლენა დიდია, მგონი ამის უარყოფას აზრი არ აქვს. პოლიტიკური კონსესუსის მთავარი ფაქტორი ის იქნება, რუსეთის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს რამდენად გამჭვირვალეები იქნებიან არასამთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურები. რუსეთს აქვს ზეგავლენა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილზე, მაგრამ არ მჯერა, რომ გავლენა აქვს მნიშვნელოვან ნაწილზე.
_ ხელისუფლებას აქვს რაიმე ბერკეტები იმისთვის, რომ რუსეთმა ვეღარ გამოიყენოს ეს გავლენა?
_ ჩვენმა საზოგადოებამ რუსეთის აგრესიის დროს ისეთი სამოქალაქო მოწიფულობა გამოიჩინა, რომ ჭკუა არავისგან სასწავლებელი არ აქვს. ყველამ ბრწყინვალედ იცის, უკმაყოფილების გამოხატვის როგორი ფორმაა კონსტიტუციურად დაშვებული.
რუსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ ყველანაირ ვითარებას გამოიყენებს. ეს იქნება პოლიტიკური, ენერგეტიკული თუ სამხედრო. ეს ესმის ოპოზიციის დიდ ნაწილსაც. ხელისუფლება თანამშრომლობს `ქრისტიან-დემოკრატებთან~, `ქართულ დასთან~, `მრეწველებთან~, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე ვთანხმდებით. თუმცა, არსებობს ფუნდამენტური პრინციპები, ეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტია.
_ ორი დღის წინ ბათუმიდან ჯარისკაცები წაიყვანეს თბილისის მიმართულებით, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რას უკავშირდება ეს?
_ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაიდინა, თეორიულად მისი მხრიდან არაფერია გამორიცხული, მაგრამ რაიმე პრაქტიკულ ნიშნებს ვერ ვხედავთ. თუმცა გვესმის, რომ თბილისიდან 60 კილომეტრში რუსული ჯარების დგომა, სტაბილურობის ნიშანი არ არის.

ეკა ბესელია: 7 ნოემბრის აქცია ერთ დღეში ვერ დასრულდება

{ბათუმელები}
_ ქალბატონო ეკა, 7 ნოემბრის აქციაზე მიდიხართ?
_ არა თუ მივდივარ, არამედ ოფიციალურად ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი. გეტყვით, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო მანიფესტაცია იგეგმება.
_ რა მოთხოვნები იქნება?
_ მოთხოვნები ეტაპობრივად გამწვავდება. ვინაიდან ჩვენ ამ დღისთვის ვგეგმავთ ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებას, ბუნებრივია, აქცია ერთ დღეში ვერ დასრულდება. ჩვენი სამოქმედო პროგრამა კონკრეტული ვადებითაა გაწერილი. ეს პროგრამა აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ. მოთხოვნები იქნება მედიის თავისუფლება და `იმედის~ კანონიერ მფლობელისთვის დაბრუნება, საარჩევნო კოდექსის დახვეწა. დაისმება ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. მანიფესტაცია დაიწყება რუსთაველის გამზირიდან და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციამდე გაგრძელდება.
_ როგორ ფიქრობთ, ექნება ხელისუფლებას რეაგირება თქვენს მოთხოვნებზე?
_ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი მშვიდობიანი იქნება, ხელისუფლებას საპროტესტო ტალღის ეშინია. ამის მიუხედავად, ხელისუფლებას აქვს სამზადისი, ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი სამხედრო შენაერთები. თუმცა, არა მგონია, რომ ამ აქციის დარბევა გაბედოს. აქციის მიზანი სწორედ ის არის, რომ ხალხის წინააღმდეგ გამოსვლა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერასოდეს ვეღარ გაბედოს. ხელისუფლებამ არა მარტო შვიდში, რვაშიც დაარბია მიტინგი ბათუმის უნივერსიტეტის წინ და ამაზე რატომღაც ყურადღება არ მახვილდება.
_ თუ არ შესრულდება თქვენი მოთხოვნები, როგორი იქნება შემდეგი ეტაპი?
_ უფრო მწვავე და რადიკალური. საბოლოოდ კი დადგება სააკაშვილისა და მისი მთავრობის უპირობო გადადგომის მოთხოვნა და აქცია ამის შესრულებმადე აღარ დაიშლება.
_ ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდება, რომ ოპოზიცია რუსეთის დაკვეთას ასრულებს...
_ ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთის ინტერესების შესრულებას ხელი სააკაშვილმა შეუწყო. ამიტომ გარე ძალებზე თუ ვსაუბრობთ, რუსეთმა თავისი იმპერიალისტური ამოცანები სააკაშვილის ხელისუფლების წყალობით შეასრულა. არავინ ისე არ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, როგორც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. რუსეთი ასეთ დასაყრდენს ოპოზიციაში ვერასოდეს იპოვის.
_ ყველა ოპოზიციურ ძალაზე შეგიძლიათ ამის თქმა?
_ იმათზე, ვინც ჩვენ გვერდით დგას. ჩვენ ყველა აქციაზე დავგმობთ რუსეთის ინტერესებს და ეს იქნება ყველაზე დიდი ფარი რუსეთის ინტერესებისგან დასაცავად. რუსეთს აწყობს ისეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს საქართველოშია.
_ რამდენად მზადაა საზოგადოება პერმანენტული გამოსვლებისთვის?
_ ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებას მოკლე დროში უნდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს მიგვიყვანს ძალადობამდე. ამიტომ ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ დაღლა ქვეყნის გათავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, არ შეიძლება.

ომის ფსიქოზი

ინტერვიუ ექიმ ფსიქიატრ და ფსიქოლოგ ნონა ნაკაშიძესთან.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები


_ ქალბატონო ნონა, ომის შემდეგ ჯარისკაცებს შორის ფსიქიკური პრობლემები ხშირია?
_ ომის შემდეგ ფსიქიკური პრობლემა, მეტნაკლებად, ყველა ადამიანს უჩნდება. ეს მძიმე სტრესია. ძალიან გულგრილი ადამიანი თუ შეძლებს, რომ სტრესი არ დაემართოს. ეს ადამიანების ნორმალური რეაქციაა.
ეტყობა, ჯარისკაცთა უმრავლესობას ომი მაინც ვირტუალურად წარმოედგინა. ჯარში მყოფ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამას სახელმწიფოს სახის შესანარჩუნებლად აკეთებდნენ. ის შემაძრწუნებელი კადრები, რაც კინოებში გვინახავს, თურმე რეალურადაც შეიძლება ნახო: ადამიანების დაგლეჯილი სხეულები _ იმათი სხეულის ნაწილები, ვინც რამდენიმე წუთის წინ შენ გვერდით იყო და ბევრთან მეგობრობდი კიდეც. ბუნებრივია, ამაზე ადეკვატური რეაქცია გექნება. არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ყველაზე შემაძრწუნებელ სტრესსაც უმკლავდებიან, მაგრამ სხვა ტიპის ადამიანები ამას ვერ უძლებენ. ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმის ასატანად ყველა ადამიანს რესურსი არ ჰყოფნის.
_ თქვენ ბევრმა ჯარისკაცმა მოგმართათ. როგორია მათი მდგომარეობა?
_ ეს პრობლემა ბევრმა უკვე გადალახა. არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ სტრესის გადახარშვა. სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ცოტას აქვს. მცირე ნაწილმა, შესაძლოა, შრომის უნარი დაკარგოს.
მარცხზე მეტად სტრესული მდგომარეობა გააღრმავა ურთიერთგამომრიცხავმა, გაუგებარმა მდგომარეობამ. საზოგადოებამ ვერ გაარკვია, ამ ომით საბოლოოდ დავმარცხდით თუ გავიმარჯვეთ. ხალხს გაურკვევლობა, დისოციაცია (ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა) დაემართა. ეს განსაკუთრებით მძაფრად ჯარისკაცებზე აისახა.
_ ამ ომის მონაწილე ჯარისკაცების ნაწილი შეიძლება დაისაჯოს. ამას ფსიქოლოგიურად რა გართულება მოჰყვება?
_ თუ ასე იქნება, ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს სამუშაო მოგვემატება. ახლა მათი უმუშევრად დატოვება კიდევ უფრო გაამწვავებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამ ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა. როცა ასეთი რამ ხდება, ადამიანებს ინდივიდუალური განცდები უქრებათ და კოლექტიური შფოთები ეწყებათ. თითქოს ნორმალურია პატრიოტიზმი, მაგრამ მაინც ხდება ადამიანების ზოგადი დისტრესი. მე, პირადად, ამაზე პროტესტი მაქვს.
_ ომით გამოწვეული მასობრივი ფსიქოზის პრობლემა მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს წარმოჩნდა. ეს თანამედროვე ადამიანის პრობლემაა?
_ ეს საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი შეუსწავლელი იყო. ევროპელმა და ამერიკელმა ფსიქიატრებმა ამ პრობლემის შესწავლა ვიეტნამისა და ავღანეთის მოვლენების შემდეგ დაიწყეს. საქართველოში ამაზე ორგანიზებული დახმარება ახლახან დაიწყო. აფხაზეთში არანაკლები სტრესი გადაიტანეს ადამიანებმა, მაგრამ მაშინ მათი დახმარებისთვის არავის ეცალა.
_ ვიეტნამის სინდრომზე რას იტყვით. საქართველოში ეს საკითხი უფრო მკაცრად დადგება?
_ ნაომარი ადამიანის სტრესული მდგომარეობა, როცა საზოგადოებაში ვერანაირ უკუკავშირს ვერ ჰპოვებს, კიდევ უფრო ღრმავდება. როცა საზოგადოებაში არავის აინტერესებს, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული ომში და რა გააკეთა, არათუ დაფასება, უბრალოდ, ინტერესიც არ არის მის მიმართ, მას მიტოვებულობის, უარყოფილის განცდა უჩნდება.
_ ამ ადამიანების რეაბილიტაციისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ ჯარისკაცების პრობლემებზე, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და ისინიც, ძირითადად, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა სახის სოციალური თანადგომა, პირველ რიგში კი _ დასაქმება.
_ სამოქალაქო საზოგადოებაზე რა გავლენა მოახდინა აგვისტოს მოვლენებმა?
_ ძალიან მძიმე. მუდმივად ნეგატიური ფონი როცა ვითარდება, პროტესტი და ბრაზი გროვდება. ჩნდება ვიღაცის დასჯის მოთხოვნა. ამ დროს ხახაში შეუგდებენ ვიღაცას, ვთქვათ მოღალატეს. ამის გამოა, რომ ქუჩაში ადამიანის მოკვლა პროტესტს არ იწვევს, თუნდაც მოღალატე იყოს ანუ სასამართლოს არსებობა არავის ახსოვს.

Wednesday, October 29, 2008

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე იზრდება

განმეორდება თუ არა რუსული ინტერვენცია, როგორ აისახება ჩრდილო კავკასიური კონფლიქტები საქართველოზე, რას უნდა ველოდოთ ჟენევის შეხვედრიდან და როგორ დამთავრდება წლევანდელი 7 ნოემბერი? ამ საკითხებზე ”ბათუმელები” პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტო: გაზეთი ბათუმელები - რუსული ტანკები ენგურჰესზე.

-ბატონო პაატა, ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაციის დაწყებასა და რუსული ტექნიკის გაორმაგებაზე ტელევიზიებით ვრცელდება კადრები. საომარი მოქმედებების განახლებას არც ვანო მერაბიშვილი გამორიცხავს. როგორ ფიქრობთ, რისთვის ემზადება რუსეთი და რისთვის საქართველო?
-დიდი ხანია თბილისში არ ვარ, რაჭაში ვიმყოფები და მხოლოდ რადიოზე თუ მიმიწვდება ხელი. როცა რაღაცის შეფასებას ვახდენ, ყოველთვის ვამოწმებ ინფორმაციას, როგორც აფხაზურ და ოსურ მხარესთან, ასევე პირადი კავშირებით. შესაბამისად, მე ახლა ამის საშუალება არ მაქვს. თუმცა, ვიცი, რომ მხოლოდ ქართულ წყაროებზე დაყრდნობა სანდო არ არის. რაკი მერაბიშვილმა დაადასტურა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეა, რადგან ძალიან ხშირად მერაბიშვილიც ტყუის. ვფიქრობ, რუსეთის გააქტიურება 18 ნოემბერთანაა კავშირში, როცა ჟენევაში მოლაპარაკებების ეტაპი უნდა განახლდეს. რუსეთს სურს შექმნას იმის ილუზია, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მისი არსებობა აუცილებელია.
ქართული მხარე ომით ვერ იქნება დაინტერესებული, რადგან მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოშლილია.
-დეკემბერში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების განახლება რამდენად შესაძლებელია?
-მანამდე ჟენევის შეხვედრაა, შემდეგ კი ნატოს მინისტერიალი. ყველამ ვიცით, რომ მაპს არ გვაძლევენ, თუმცა რუსეთს მაინც ეშინია, ამიტომ დაძაბულობას ქმნის. ის ქართული მხარის პროვოკაციაში ჩათრევას ცდილობს.
- ქართულმა მხარემ რა უნდა გააკეთოს ახალი ომის ასაცილებლად?
-- მაქსიმალურად უნდა აამუშაოს ევროკავშირის დამკვირვებლები. როგორც ვიცი, ისინი ყოველდღე წერენ ანგარიშებს და ეროკავშირის შტაბს აწვდიან. ამ ინფორმაციას თუ არსად არ ავრცელებენ, ესეც განგაშის ნიშანია. სანამ ჟენევის შეხვედრა არ დასრულდება, ძნელია იმის თქმა, რისი მონიტორინგის უფლება აქვთ. ისინი, ჯერჯერობით, მხოლოდ ე.წ. `ბუფერულ ზონებში~ არიან.
-ამერიკელ და რუს გენერლებს ჰელსინკში საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ. თქვენი აზრით, ისინი რაზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ?
-ეს შეხვედრა იყო არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის და ეჭვი მეპარება, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოს საწინააღმდეგო იყოს. ამერიკაში, სანამ არჩევნები არ დასრულდება და ახალი ადმინისტრაცია არ დაიწყებს მუშაობას, რუსეთთან ურთიერთობებს არავინ გადახედავს. 20 იანვარს ინაუგურაცია იქნება. ასე, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, საქართველოსთვის თებერვალ-მარტამდე ვერ მოიცლის.
-ამით, ალბათ, ისარგებლებს რუსეთი. რა გართულებებს უნდა ველოდეთ?
-პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ დროისა და გეოგრაფიის ფაქტორს, კლიმატსაც კი, დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, რუსეთი ეცდება ეს ფაქტორი მის სასარგებლოდ გამოიყენოს.
- საუბარია გალის რუსულ სამხედრო ქალაქად გადაქცევაზე, ეს რა საფრთხეებს შეიცავს?
- აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე იზრდება. ადრე არ მჯეროდა ამის. თუ რუსეთს სურს, რომ სოჭის ოლიმპიადა უზრუნველყოს, უსაფრთხოების ზონა მეტ-ნაკლებად შორს, ვთქვათ, გალის რაიონში უნდა გადმოიტანოს. როგორც ჩანს, ისინი ფსოუზე სახელმწიფო საზღვრის მოსპობასა და ამ საზღვრის დადგენას მდინარე ენგურის გასწვრივ აპირებენ. თუ ეს ვერსია განხილვადია, მაშინ, ცხადია, საფრთხე არსებობს.
- ოლიმპიადის ჩატარება ეჭვის ქვეშ იდგა, რატომ დაუთმეს რუსეთს?
- ევროპამ შუამავლის როლი, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის საქმეში ითავა. დანარჩენს ჟენევის კონფერენცია გადაწყვეტს. იქ გამოჩნდება, რამდენად გაუვიდა რუსეთს და რა სახელი დაერქმევა კონფლიქტის მხარეებს. თუმცა, ყველაფერს ეს შეხვედრა მაინც ვერ გადაწყვეტს, მაგალითად, ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსს... მნიშვნელოვანია ოცეულის შეხვედრა ვაშინგტონში ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც 15 ნოემბერს შედგება. იქაც გამოჩნდება, რა დონეზეა მსოფლიოსა და რუსეთს შორის დამოკიდებულება. საქართველოსთვის ოლიმპიადის ჩატარება მაინც საფრთხეებს წარმოადგენს, რადგან რუსეთში ბევრი ფული შევა და სწრაფად მოხდება აფხაზეთის ინფრასტრუქტურის ათვისება.
- ჩრდილო კავკასიაში განვითარებული მოვლენები თუ აისახება საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე?
- თუ ეს პროცესები რუსეთის პროვოცირებულია და უნდა, რომ კავკასიაში ერთი ხელის მოსმით დაამყაროს სიმშვიდე, მაშინ არაფერში წაადგება საქართველოს. თუმცა, რუსეთი ხშირად იქცევა სულელურად. ვფიქრობ, ჩრდილო კავკასიაში გრძელვადიანი პერმანენტული აჯანყებები არ იქნება. შეიძლება მხოლოდ პატარ-პატარა აჯანყებები, ტერაქტები და ისლამური საფრთხეები გაჩნდეს, რაც საქართველოს სულაც არ აძლევს ხელს. საქართველო ისლამურ სახელმწიფოებს შორის, შეიძლება სატრანზიტო ქვეყნადაც იქცეს.
- სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთი სამეგრელოსა და სვანეთის ავტონომიების შექმნაზე მუშაობს და სიტუაციასაც აკონტროლებს... რამდენად რეალურია ეს და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ამ მუხტის შესაჩერებლად?
- რუსეთს ასეთი სულელური და უპერსპექტივო პროექტები აჭარასა და სამეგრელოში ჰქონდა. ქართველები ხშირად იქცევიან არასწორად, მაგრამ როგორც ერი, შექმნილია. ეს გეგმა ვერ განხორციელდება.
- 7 ნოემბერს იგეგმება ოპოზიციის აქცია თბილისში. რას ფიქრობთ ამ აქციაზე?
- ეს იქნება წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მას 7 ნოემბერს არ აპატიებენ.
- შეიძლება, ხელისუფლებამ თქვას, რომ ოპოზიციაში არიან რუსეთის აგენტები და მის დაკვეთას ასრულებენ. თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით.
- თუ რუსეთის აგენტებში ჩემნაირ ხალხს ეძებენ, კარგად ყოფილა ხელისუფლების საქმე. ხელისუფლებას ყველგან აგენტები ელანდება, სხვა არაფერი დარჩენია. აქციის შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლებას 7 ნოემბერი შეახსენოს და აჩვენოს ის, თუ როგორ უნდა ატარებდეს აქციას ერი, რომელმაც სამხედრო წარუმატებლობა იწვნია, და არა ტაშ-ფანდურით.


Wednesday, October 22, 2008

რექტორი რეფორმასა და ნათესავურ კლანზე

ალეკო ბაკურიძე: "ამერიკაში, სამსახურებში უფროსი არავის უყვარს, სამსახური არავის მოსწონს, მაგრამ ყველა მუშაობს. ჩვენთან კი საქმისადმი დამოკიდებულება არასწორადაა გაგებული. უნივერსიტეტი კიდევ ჩვეულებრივი სამსახური არაა... როდესაც დისერტაცია დავიცავი, ეს იმ დროს იყო კარგი, მაგრამ შეუძლებელია ყოველთვის მაგით ვიამაყო..."

რუსთაველის უნივერსიტეტის დაბალი რეიტინგის შეცვლის მიზნით, რექტორის ბრძანება სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებმა უკვე მიიღეს; სტუდენტებისა და ექსპერტების გამოკითხვით, პროფესორ-მასწავლებლების მუშაობის ხარისხის შემოწმებაც იგეგმება. სამსახურის დაკარგვის მომლოდინე თანამშრომლები რექტორს უნივერსიტეტში `ნათესაური კლანის~ შექმნას ედავებიან. მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შესახებ `ბათუმელები~ ალეკო ბაკურიძეს ესაუბრა.
ნათია როყვა

_ ბატონო ალეკო, თქვენი აზრით, როგორია ბათუმის უნივერსიტეტის რეიტინგი სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან მიმართებაში?
_ ჩვენთან გრანტიან სტუდენტთა რაოდენობა მცირეა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი რეიტინგი საშუალოც არაა. ხარვეზები, ძირითადად, საქმის სწორად წარმართვასა და ადმინისტრაციაშია.
_ უნივერსიტეტი პროგრამული აკრედიტაციის გავლას შეძლებს?
_ საზოგადოებამ არ უნდა იფიქროს, რომ აქ დაბალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი მუშაობს. ადამიანური რესურსებით ნამდვილად არ გაუჭირდება, თუმცა, გაყვითლებული ფურცლებითაც კითხულობენ ლექციებს, და ასეთ ვითარებაში რომელ პროგრამულ აკრედიტაციაზეა საუბარი.
_ ვინ კითხულობს ლექციებს გაყვითლებული ფურცლით?
_ ამის შემოწმება უკვე დავიწყეთ. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მინიმუმ ორი დეპარტამენტის ანგარიშს ვსწავლობთ. უკვე შევადგინეთ კითხვარი, ლექტორს შევისწავლით ანონიმურად, სტუდენტების გამოკითხვითა და იმ სპეციალობაში მომუშავე ექსპერტების შეფასებით. დასკვნების შეჯერების შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ქიმიის, ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტების კვლევას მალე დავასრულებთ.
_ თუ გაირკვევა, რომ პროფესორ-მასწავლებლები სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მათთან ხელშეკრულებას გააუქმებთ?
_ დავიბარებთ და ავუხსნით რა პრობლემებია, მივცემთ გონივრულ ვადას გამოსწორებისთვის. თუ არა, ბუნებრივია, შევწყვეტთ ხელშეკრულებას.
_ ზოგადად, ბათუმის უნივერსიტეტში დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სწავლების ხარისხს რა შეფასებას მისცემთ?
_ ერთიც და მეორეც უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან. არ შეიძლება ყველაფერი ისწავლებოდეს და ყველანაირი სამეცნიერო ნაშრომი კეთდებოდეს ბათუმში, ამის არც ადამიანური რესურსია და არც მატერიაული. უნდა კეთდებოდეს ის, რაც ჩვენი რეგიონისთვის პრიორიტეტულია.
ვაპირებ, სწავლება გავხადო სამსემესტრიანი _ ორ სემესტრს სტუდენტები ჩვეულებრივი განრიგით ისწავლიან, მესამე სემესტრი იქნება საერთაშორისო. სტუდენტები უცხოელი პარტნიორების მიერ ჩატარებულ ლექციებს მოისმენენ.
_ ეს დამატებით გადასახადთან იქნება დაკავშირებული?
_ არა. ჩვენ უზრუნველვყოფთ სტუდენტების საცხოვრებელ პირობებს. საგარეო საქმეთა სამსახური მთლიანად შევცვალე. ახალი პიროვნებები, რომლებიც მოვიყვანე, აქტიურად არიან ჩართული ამ საქმიანობაში, ხელშეკრულებები გაფორმებულია ინგლისთან, გერმანიასთან, საბერძნეთთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან.
_ `ბათუმელების~ ელფოსტაზე შემოვიდა ვრცელი წერილი, წერილის ერთი მონაკვეთზე თქვენი კომენტარი ვფიქრობ საინტერესოა. წერილში წერია: `ამჟამად მოქმედი რექტორის წინასაარჩევნო გამოსვლა ვიმნეს რომ მოესმინა, იფიქრებდა მაქსიმუმ ერთ თვეში ევროპული უნივერსიტეტი გავხდებით და ხელფასებიც შესაბამისი გვექნებაო. მაგრამ, როგორც თანდათანობით გამოიკვეთა, ვერც ახალმა რექტორმა გაუძლო ზეწოლას (დაწყებული მიხეილ მახარაძით _ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარით და დამთავრებული სხვა წვრილფეხა ჩინოვნიკებით) და ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც იყო. უფრო მეტიც, სასწავლო პროცესი გაუარესდა კიდეც~.
_ ვინც ეს დაწერა, ის სხვაგან მუშაობდა და აქ მუშაობა იმიჯად ჰქონდა. სასწავლო პროცესი კი არ გაუარესდა, სასწავლებელი, რომელიც მათთვის მეორე სამსახური იყო, როცა შუა ლექციიდან მიდიოდნენ, უნივერსიტეტს ემსგავსება. თუ დამისახელებთ ერთ ლექციას, რომელიც არ ჩატარდა ან ჩაიშალა, ის ლექტორი ჩემთან ვერ იმუშავებს. გამორიცხულია, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ვაპატიო. ზეწოლა არავისგან მაქვს. მაგას ვერ უძლებს ის, ვისაც სკამი, ხელფასი და თანამდებობა აინტერესებს. ამათგან მე არც ერთი არ მაინტერესებს.
_ თუ არ გაინტერესებთ, რატომ მიიღეთ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა?
_ ეს არის ჩემთვის სპორტული ჟინი. მონაწილეობას ვიღებ იქ, სადაც კონკურსია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აკადემიის ინსტიტუტში დამიძახეს და მითხრეს მობრძანდით ბატონო დირექტორადო, ცდება, იქაც მყავდა კონკურენტები. ესაა ჩემი ადამიანური ვალდებულება, ჩემი კუთხეა და შემიძლია საქმე ვაკეთო.
_ უნივერსიტეტში ამბობენ, ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ახალი საგნები გამოიგონა, მაგალითად, `აუდიტის მენეჯმენტიო~. ცალკეულ მასწავლებლებს ახალი საგნები გაუნაწილა არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პირადი შეხედულებით. მათი თქმით, ამ ფაკულტეტზე, სწავლების მხრივ, სრული ქაოსია. ამაზე რას იტყვით?
_ უნივერსიტეტია არ არის სოფლის სკოლა, სადაც ერთი ინგლისურის მასწავლებელი ჰყავთ. დეპარტამენტში შეიძლება ისწავლებოდეს 15 დისციპლინა. ერთ ლექტორზე მიბმული სწავლა რატომ უნდა იყოს, იმდენად უნდა ერკვეოდეს ყველა ყველა მიმართულებაში, რომ როტაციული სისტემით უნდა შედიოდნენ ლექციებზე. ყველას თავისი ხედვა და მეცნიერული მიდგომა აქვს, ერთმანეთს ამიტომაც უნდა ენაცვლებოდნენ ლექტორები.
_ თქვენს მოადგილეს, ალექსანდრე ლაშხს, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ბრძანება გაუგზავნეთ, ეს რამ გამოიწვია?
_ სასწავლო და აკადემიურ დეპარტამენტებს გავუგზავნეთ გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და ალექსანდრე ლაშხს ვერ გამოვტოვებდი. ბევრი ფიქრობს ჩემზე, რომ `ახალი ცოცხია~, მაგრამ მე ყოველთვის ერთგული ვრჩები. საქმისთვის არასოდეს მიღალატია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რექტორის გვერდით კლანური მმართველობა შეიქმნება _ ეს გამორიცხულია.
_ ამბობენ, რომ სამსახურში ახლობლები დაასაქმეთ, მაგალითად, პირადი მდივანი.
_ ყოფილი მდივანი შემოვიდა და მითხრა, იქნებ ვინმე შეარჩიოთო. ირმა ცეცხლაძე მოვიყვანე, ჩემი ნათესავია, მაგრამ ჩემი მდივანი ჩემი სინდის-ნამუსია. პირადმა მდივანმა ჩაი ხომ უნდა შემომიტანოს... აქ უცხოს ვერ შემოვიყვან, ეს ჩემთვის მიუღებელია. სადაც მიმუშავია, ერთადერთი ადამიანი - მდივანი, ყველგან მიმყავდა.
_ მძღოლიც გაათავისუფლეთ?
_ მძღოლიც ჩემი მოვიყვანე. სამსახურის მანქანით არ ვსარგებლობ, თბილისში დავდივარ ხშირად ოჯახში და მატარებს. ყველაფერს ხომ არ ვილაპარაკებ. `წყალი მიდგება მოდგება და კალაპოტში ჩადგება~. ეს თემები წინ წამოწეული იმიტომაა, რომ ადამიანები საქმით არ არიან დაკავებული.

Wednesday, October 15, 2008

ტესტირება და ხელფასები სკოლებში


პედაგოგების ტესტირებასა და ხელფასებზე, სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობასა თუ `მშობლების თავხედურ მიდგომაზე~, `ბათუმელებს~ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გია ნოდია ესაუბრა.
ნათია როყვა/ბათუმელები

_ ბატონო გია, იგეგმება თუ არა პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება?
_ ჯერჯერობით, ამაზე საუბარი არ მიდის. მასწავლებელთა ხელფასებზე მსჯელობას ამ თვის ბოლოს დავიწყებთ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დონორთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 22 ოქტომბერს იგეგმება და ამის შემდეგ უფრო გასაგები იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები.
_ ანუ პედაგოგებს, რომელთაც 18 საათი აქვთ, იანვრიდან 50 ლარი არ მოემატებათ?
_ ამაზე მაშინ ვმსჯელობდით, როცა 2009 წლის ბიუჯეტს ვგეგმავდით, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო ომი. კანონით 15 აგვისტომდე უნდა ჩაბარებულიყო ბიუჯეტის პირველი ვარიანტი. ახლა სხვა მდგომარეობაა.
_ დაბალ ხელფასზე ჩივიან დირექტორებიც, განსაკუთრებით იქ, სადაც მცირეა მოსწავლეთა კონტიგენტი. `მინუსებიან სკოლებში~ ცარცის შესაძენი ფულიც არ აქვთ. განათლების სამინისტრო ამ მხრივ თუ გეგმავს რამეს?
_ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. როცა ბიუჯეტს შევიმუშავებთ, ცხადია, ამას გავითვალისწინებთ. შევეცდებით მცირეკონტიგენტიან სკოლებს მივხედოთ, თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა სახის დახმარებას მიიღებენ ისინი. სანამ ბიუჯეტის პარამეტრები არ გვექნება ვერაფერს ვიტყვი.
_ რამდენად სრულდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის მუშაობის ხარისხი თუ შემოწმდება?
_ აკრედიტაციის პროცესი, რომელსაც მომავალი წლიდან ვიწყებთ, სწორედ ამის შემოწმებას ემსახურება. ზოგადად ვსწავლობთ ამას, მაგრამ სისტემური მეთოდი, რითაც უნდა შემოწმდეს სკოლაში სწავლების ხარისხი და სასკოლო საქმიანობის სხვადასხვა პარამეტრები, ეს აკრედიტაციაა. აკრედიტაცია საერთაშორისო პრაქტიკაში ყველაზე აპრობირებული მეთოდია.
_ კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ სკოლამ აკრედიტაცია გაიაროს?
_ ორ კვირაში მივიღებთ აკრედიტაციის დებულებას და კონკრეტული მოთხოვნებიც მასში იქნება გათვალიწინებული.
_ პედაგოგების თქმით, მათემატიკის სახელმძღვანელო, განსაკუთრებით მე-11 და მე-12 კლასებში, თემატურად მკვეთრად განსხვავდება იმ მოთხოვნებისგან, რასაც ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს. სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეები რეპეტიტორთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდას ვერ ჩააბარებენ. სახელმძღვანელოების შედგენისას პრაქტიკოსი მასწავლებლების რჩევას თუ ითვალისწინებენ?
_ სახელმძღვანელოები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია. თუ რომელიმე მასწავლებელი ამბობს, რომ პირიქითაა, ეს შემაშფოთებელია. ამისი დამამტკიცებელი საბუთები უნდა წარმოადგინონ და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს და გვგონია, რომ არის კიდეც. ბევრი რამ ახალია, შესაძლოა, მასწავლებლებმა ჯერ ვერ მოასწრეს ყველაფერში გარკვევა, არაა გამორიცხული მათ არასწორად გაიგეს ახალი პროგრამა. მოკლედ, თუ არასწორად დაგეგმილი სახელმძღვანელოები გვაქვს, დაგვისაბუთონ და აუცილებლად მოვაგვარებთ.
_ აჭარაში ბევრი სკოლა კვლავ დირექტორის გარეშეა, აჭარის განათლების სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, როდის ჩატარდება დირექტორთა გამოცდები თუ ტესტირება. თქვენ გაზაფხულზე აღნიშნეთ, რომ დირექტორების საკითხი სექტემბერში უნდა გადაწყვეტილიყო.
_ ომიანობამ შეგვაფერხა, ზუსტი თარიღის დადგენაზე ახლა ვმუშაობთ, პროცესი აუცილებლად წელს დაიწყება, მაგრამ ზუსტად როდის გვექნება არჩევნები, გაურკვეველია. ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, რაც დროს მოითხოვს.
_ მასწავლებელთა ატესტაცია როდის ჩატარდება?
_ ჯერ იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყება. სასერტიფიკატო გამოცდები კი 2010 წლიდან დაიწყება. მასწავლებლებმა ეს გამოცდა რომ გაიარონ, რამდენიმე წელი ექნებათ _ სულ მცირე 2013 წლამდე.
_ რა ელით იმ მასწავლებლებს, ვინც გამოცდებს ვერ ჩააბარებენ?
_ ვინც წარმატებით გაივლის სერტიფიცირებას, იმათ წავახალისებთ. თუმცა, ვინც ვერ შეძლებს ტესტირების ჩაბარებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში გავუშვებთ.
_ მაშინ რატომ ტარდება ეს ტესტირება?
_ იმიტომ, რომ ისინი წავახალისოთ, ვინც სერტიფიცირებას წარმატებით გაივლის.
_ გადაწყვეტილია პედაგოგები ვინ უნდა გადაამზადოს?
_ ახლა გადამზადების ცენტრების ატესტაცია მიდის. განათლების სამინისტრო დაარიგებს ვაუჩერებს, რომლის საშუალებითაც პედაგოგები გადაემზადებიან. ტესტებზე პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა.
_ საჯარო სკოლის მოსწავლეები მასობრივად ემზადებიან რეპეტიტორებთან. თქვენი აზრით, ეს პრობლემა რატომ ვერ გადაიჭრა?
_ ყველა არ ემზადება! მაგალითად, მე არ დავდიოდი და წარმატებულად ჩავაბარე გამოცდები. ახლაც ყველა იმიტომ ვერ დადის, რომ ზოგს ფული არ აქვს, ზოგსაც არ სჭირდება. არის თავხედური მიდგომა მშობლების, თუ სხვა ამზადებს შვილს, საკუთარს არ ჩაგრავენ. ნაწილობრივ კი ეს იმის ბრალია, რომ სკოლებში არ გვყავს მაღალი დონის მასწავლებლები. სწორედ ამიტომ ვამზადებთ მასწავლებლებს და ვაკეთებთ სკოლების აკრედიტაციას.

Wednesday, October 8, 2008

თორნიკე შარაშენიძე: ნატო და მაპი დიდი ხნით გადაიდო

ომის დღეებში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯერ სოჭსა და მერე თბილისში თქვა, რომ საქართველოს თუ ექნება ნატოში გაწევრიანების სურვილი, აუცილებლად გაწევრიანდება. გასულ კვირას კი მერკელმა სანკტ-პეტერბურგში განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დეკემბერში მაპ-ს ვერ მიიღებენ. საქართველოში ეს განცხადება (გაზაფხულისგან განსხვავებით) არავისთვის იყო მოულოდნელი და, შეიძლება ითქვას, მსჯელობის საგანიც კი არ გამხდარა. ამის მიზეზებზე ბლიც-ინტერვიუში, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე საუბრობს.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ფოტოზე: თორნიკე შარაშენიძე

- ბატონო თორნიკე, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დეკემბერში მაპ-ს ვერ მიიღებენ. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
-ეს იმას ნიშნავს, რომ მაპ-ი და ნატო საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო. ამიტომაც, თუ რუსეთს ამ მხრივ დაუთმობენ, ჩვენთვის დიდი ტრაგედია არ იქნება. მთავარია, რომ მერკელმა და ევროპამ რუსეთს სხვა რამე არ დაუთმონ, ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ჯარები გაიყვანონ ბუფერული ზონებიდან და შემდეგ აფხაზეთიდან და ოსეთიდანაც გავიდნენ. ახლა ეს უფრო მთავარია, ვიდრე ნატო.
- მერკელის ასეთ კატეგორიულობას რითი ახსნით?
- რა გითხრათ... ჩვენ ისეთი პრობლემები გვაქვს, რაც ნატოში ჯერ არავის ჰქონია. ალიანსს თავისი წესები აქვს. საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია იყოს დემოკრატიული, მთლიანი და ნორმალური სახელმწიფო, ვიდრე ნატოს წევრობა.
-ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველო დიდი ხნით გახდა დასავლეთისთვის არასათანადო პარტნიორი?
- არა, რატომ. ნატოში მიუღებლობა არ ნიშნავს, რომ როგორც პარტნიორი, დასავლეთს დავშორდებით.
- გაზაფხულზე მაპ-ის არმონიჭების შემდეგ, რუსეთი აშკარა აგრესიაზე გადავიდა, ამჟამად ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობაც დაიწყო... მერკელის განცხადების შემდეგ, რუსეთისგან რას უნდა ველოდოთ?
- რუსეთი თუ გზებს ააშენებს, ეს საქართველოს ნებართვის გარეშე არ მოხდება. შეიცავს თუ არა საფრთხეებს ამ გზების მშენებლობა, ეს ხელისუფლებამ უნდა გათვალოს. თუ ააშენებენ, შეიძლება კარგიც იყოს _ ოდესღაც ხომ გავლენ აქედან და აშენებული ინფრასტრუქტურა ჩვენ დაგვრჩება.
- ფიქრობთ, რომ დასავლეთი კავკასიაში საკუთარ ინტერესებზე უარს ამბობს, ჯერჯერობით მაინც?
- ევროპას ჯერ არაფერი დაუთმია, ბრძოლა მიდის. რუსეთს ის უპირატესობა აქვს, რომ ახლოსაა, მისი ბაზები აქვეა განლაგებული. იმედია, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება და იძულებული იქნება აქედან გავიდეს.
- რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საფრთხეები აღარ იარსებებს?
- თუ ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება, რუსეთს ისეთი დღე დაუდგება, რომ დიდხანს არ ექნება თავდასხმის შესაძლებლობა.
- თუ შესწევს უნარი აშშ-ს, შეცვალოს ევროპის პოზიცია ამ შემთხვევაში?
- არა მგონია, რომ მერკელმა შეცვალოს პოზიცია და ამის არგუმენტებიც ექნება. ამ სიტუაციაში ჩვენი მთავარი საზრუნავი რუსეთის გასვლაა.


Wednesday, September 24, 2008

დავით ამაღლობელი: სწორი პოლიტიკა ინფლაციას გამორიცხავს


უცხოეთიდან დაპირებული დახმარებების მიღების სავარაუდო ვადებზე, მისი განკარგვის მეთოდებსა და იმაზე, როგორ დაიხარჯება ეს თანხები, `ბათუმელებთან" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ამაღლობელი საუბრობს:

ირმა ზოიზე/ბათუმელები
ფოტოზე: დავით ამაღლობელი

დ.ა: არსებობს წინასწარი ინფორმაცია, ქვეყანამ რა მოცულობის დახმარებები შეიძლება მიიღოს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისე ცალკეული ქვეყნებიდან. მაგალითად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა, რომ ამერიკის მთავრობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს საქართველოს. გადაწყვეტილება მიღებულია და 450 მილიონი დოლარი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიყოფა. დანარჩენ თანხას, სავარაუდოდ, მომავალ წელს მივიღებთ. ერთადერთი, უკრაინამ განაცხადა, რომ 10 მილიონი დოლარით დაეხმარებოდა საქართველოს და ეს თანხა გადმორიცხა კიდეც.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აქ პოზიცია ბოლომდე გაჟღერებული ჯერ არ არის. ოქტომბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია მეორე საერთაშორისო კონფერენცია ბრიუსელში, სხვა საერთაშორისო ორგანზაციები და ქვეყნები იქ უკვე საბოლოოდ დაადასტურებენ, თუ რა მასშტაბის დახმარება გაეწევა საქართველოს უახლოეს წლებში. ნაწილი პირდაპირ ბიუჯეტში ჩაირიცხება და, შესაბამისად, იქვე გაიწერება მისი დახარჯვა. დანარჩენი ნაწილი ცალკეულ პროექტებზე იქნება მიმართული.
ბათ: როგორ მოხდება მათი განკარგვა?
დ.ა. საქართველოში პროექტების აღსრულების მექანიზმები მსოფლიო ბანკს აქვს ჩამოყალიბებული და, შესაძლოა, მისი საშუალებით მოხდეს ამ თანხების განკარგვა. საუბარია, რომ ინფრასტრუქტურის აღსადგენი პროექტებისთვის სახსრები მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით გაიცეს.
ბათ: თანხები თავიდანვე მიზნობრივად გამოიყოფა, თუ ქართული მხარე შესთავაზებს პროექტებს?
დ.ა. ეს ორმხრივი პროცესია. თანხის ერთი ნაწილი დაზიანებული სამოქალაქო ობიექტების აღდგენას მოხმარდება, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის აღსადგენ პროექტებზე. გზებში ჩადებული ინვესტიცია, ასევე ენერგეტიკაში, წყლის სისტემებში, ჯანდაცვასა და განათლებაში დახარჯული თანხა ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.
ბათ: დაახლოებით რა თანხაზე შეიძლება საუბარი?
დ.ა. შეიძლება ორი-სამი მილიარდი დოლარი იყოს. ჩვენ ამ თანხის ერთბაშად მიღებაზე არ ვლაპარაკობთ. ეს სამი-ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.
ბათ: ზარალი, ალბათ, სამ-ოთხ მილიარდზე დიდია.
დ.ა. პირდაპირ ზარალს თუ გულისხმობთ, ზარალი გაცილებით ნაკლები იყო. რაც შეეხება, არაპირდაპირს, ანუ შეუსრულებელ საინვესტიციო პროექტებს, აქ გათვლა სწორედ იმაზეა გაკეთებული, რომ რაღაც პერიოდში, დაახლოებით ერთი-ორი წლის შემდეგ, ძველი ინვესტიციები ისევ დაიწყებს შემოსვლას. ამას ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დასახულმა ღონისძიებებმა უნდა შეუწყოს.
ბათ: საქართველოს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც საკმაოდ დიდი თანხები გადმოეცა, მაშინ სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ აღებული ვალდებულებები დღეს ქვეყანას ტვირთად აწევს. ხომ არ არის იგივე მოსალოდნელი?
დ.ა. შემოსული თანხის დიდი ნაწილი ამ ქვეყნების საჩუქარია. რაც შეეხება სესხებს, რა თქმა უნდა, ესეც იქნება, მაგრამ შეღავათიანი პირობებით. იგი ქვეყანას მძიმე ტვირთად არ დააწვება, რადგან ვალის მოცულობა ჩვენი ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით საკმაოდ დაბალია.
ბათ: როგორია ეროვნული ბანკის როლი თანხის განკარგვის საკითხში?
დ.ა. პრიორიტეტებს მთავრობა განსაზღვრავს. ჩვენი როლია უზრუნველვყოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რათა ინფლაციური საფრთხეები არ შეიქმნას.
ბათ: ინფლაცია მოსალოდნელია?
დ.ა. თუ ყველაფერი სწორად იქნება დაგეგმილი და განხორციელებული, არ არის მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის სახარჯო პოლიტიკა შესაბამისობაში იყოს ეროვნული ბანკის ერთიან მაკროეკონომიკურ მიზნებთან.
ბათ: რამდენად დამოუკიდებელია ეროვნული ბანკის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში?
დ.ა. ბანკი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს.
ბათ: დღეს რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ და თუ ითვალისწინებენ მას?
დ.ა. ჩვენ ვეუბნებით მთავრობას თუ რა მოცულობის დეფიციტი შეიძლება დაგეგმოს. ეს მაჩვენებელი შემდგომ მთლიან მაკროეკონომიკურ სურათს განსაზღვრავს, მოახდენს გავლენას მონეტარული მასის მოცულობაზე ქვეყანაში, რომელიც ინფლაციის მთავარი ფაქტორია. ჩვენი ამოცანაა დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა დაგეგმავს, ეროვნული ბანკის მიერ დასახულ ინფლაციურ ამოცანებთან შესაბამისობაში იყოს.
როცა ჩვენ ვნახავთ 2009 წლის ბიუჯეტს, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში, უფრო კონკრეტულად გავაკეთებთ პროგნოზს. შეგვიძლია კონკრეტული ციფრობრივი მაჩვენებლები დავდოთ.
ბათ: დონორების მიერ გადმოსარიცხ თანხებთან დაკავშირებით რას სთავაზობთ ხელისუფლებას?
დ.ა. მეეჭვება, ახალ ბიუჯეტში, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში იქნება წარდგენილი, სრული მასშტაბით იყოს გაწერილი საერთაშორისო დახმარებები. რადგან ჯერ არ არის სრული ინფორმაცია.
საერთოდ, დიდი დახმარების შემოსვლაც პრობლემაა, მაგრამ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით ამ თანხის სწორად განკარგვა შესაძლებელია. მისი დიდი ნაწილი სასურველია გაიწეროს ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. ეს ყველაფერი გაზრდის მთლიან შიდა პროდუქტს. თანხა ნაკლებად უნდა დაიხარჯოს პენსიებზე, დახმარებებსა და ასეთი ტიპის სოციალურ პროექტებზე.
ბათ: მაგრამ ჩვენთან დევნილების დაბინავების პრობლემაა, მათთვის დახარჯული თანხა კი სამომხმარებლო ხარჯებში გადის.
დ.ა. მათ იმდენი უნდა მიიღონ, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. დახმარების კუთხით გასაცემი თანხა იმდენად დიდი მოცულობის არ არის, რომ პრობლემა შექმნას.
ბათ: გათვლილია დევნილებისთვის დასახარჯი თანხის რაოდენობა?
დ.ა. დიახ, ბიუჯეტში ეს უკვე გაიწერა და ეროვნულმა ბანკმა გაწერილ თანხებზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო, დადებითი დასკვნა გააკეთა. ამ ეტაპზე სრულიად მისაღებია სახელმწიფომ გაზარდოს ხარჯები, რადგან კერძო სექტორი ამ დროს ხარჯებს ამცირებს. ეკონომიკური ზრდა რომ არ შეჩერდეს, ეს აუცილებელია.
ბათ: ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეყნის რესურსებით ხდება ომის შედეგების რეაბილიტაცია?
დ.ა. სახელმწიფოს ჰქონდა დანაზოგი, რომელიც გამოიყენა. ბიუჯეტი, ხარჯვითი ნაწილი, 323 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს თანხა, ძირითადად, სწორედ დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად იქნება მიმართული.
ბათ: ანუ, ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმია?
დ.ა. რაღაც ნაწილში მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ რაღაცა უკვე კონკრეტულად გადაწყვეტილია. ის, რომ ამერიკა 450 მილიონი დოლარით წელს დაგვეხმარება, ეს უკვე ვიცით. სახსრები კონკრეტულ დროში რომ გაიწეროს, შემდეგ კონკრეტულ სახელმწიფოებთან გვექნება კონსულტაციები.



ქართული ეკონომიკის აბსურდი

”როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსული ტანკები თბილისისკენაა მომართული, ქალაქს კი რუსული კომპანია _ ”რაო ჰესი” აჩახჩახებს, საომარი რიტორიკა ძალიან სასაცილოა”, _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. გთავაზობთ მის შეფასებებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათ: ყაზახებმა უარი განაცხადეს ფოთსა და ბათუმში ინვესტიციების ჩადებაზე. როგორ ფიქრობთ, რა ზიანი მიადგება ამით ქართულ ეკონომიკას?
გ.ხ. ამ ინვესტიციების შეჩერებას როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური ისაა, რომ როცა მაღალი პოლიტიკური რისკებია ქვეყანაში, როგორც წესი, არც ერთი საღად მოაზროვნე ინვესტორი გრძელვადიან ინვესტიციას არ ჩადებს.
რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზს, _ ყაზახები არც არასდროს აპირებდნენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ბათუმში. ეს გარკვეული აქტივების ხელში ჩაგდების მიზნით განაცხადეს და ოქროს გორების სიტყვიერი აშენება დაიწყეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ რეგიონში ბაზარი დატვირთულია, ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აზრი არ აქვს. თავიდანვე ცხადად ჩანდა, რომ წმინდა წყლის ბლეფი იყო. ახლა კი მიეცათ საბაბი თავიანთი პირვანდელი ჩანაფიქრი გამოაცხადონ არგუმენტებით.
ბათ: როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ ეს ინვესტიცია ბლეფი იყო?
გ.ხ. არ გამოვრიცხავ, რომ თავის დროზე ხელისუფლებაც შეცდომაში შეიყვანეს. ვინც იცნობს რეგიონის ინფრასტრუქტურას, რუმინეთისა თუ ბულგარეთის ფონზე, ამ ქარხნის გაკეთებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში, შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიტიკურ თამაშებზე მეტად ტექნოლოგიური სვლებია გაკეთებული.
ბათ: მარცვლეულის ტერმინალის აგებაც ფუჭი დაპირება იყო? ისინი ხომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რუსეთის გვერდის ავლით შეძლებდნენ მარცვლეულის გატანას.
გ.ხ. ამას მათთვის მნიშვნელობაც ჰქონდა და სტრატეგიული დანიშნულებაც, ანუ ბიზნესმოტივაცია ფოთში ამ მხრივ მათთვის არსებობდა. მაგრამ ყაზახებმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებიდან გამომდინარე თქვეს უარი ამ პროექტზე.
ბათ: საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია, რა შეფასებას მისცემთ ამას?
გ.ხ. შემიძლია დავეთანხმო ამ ინფორმაციას. საქართველოს ოკუპაცია რუსეთს დღეს არ განუხორციელებია, ეს იყო ოკუპაციის დასკვნითი ეტაპი. პროცესი ათი წელია მიმდინარეობს და ძირითადი მონოპოლური სისტემები რუსეთის ხელშია. როცა ვლაპარკობთ, რომ რუსული ტანკები მომართულია თბილისისკენ და ამ დროს თბილისი რუსული კომპანიის, `რაოჰესის~ მიერაა გაჩახჩახებული, საომარი რიტორიკა ძალიან სასაცილოა. ეს არის ეკონომიკური აბსურდი, რაშიც ხელისუფლება დღემდე გვამყოფებს. მით უფრო, რომ რუსული ინვესტიციების ჩადება დღესაც გრძელდება.
ბათ: რომელ ინვესტიციაზეა საუბარი?
გ.ხ. აი, მაგალითად, `თბილისის წყალი~. არსებობს ეჭვი, რომ აქაც რუსული ინტერესებია. `თელასი~, იგივე `ენერგოპრო~ აჭარაში... რა თქმა უნდა, ჩვენი ჩინოვნიკებიც სადღაც იქვე ახლოს არიან.
ბათ: რუსეთი ცდილობს ენგურჰესზე კონტროლის დამყარებას, რა შეიძლება მოჰყვეს ამას და თუ არსებობს რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ ზამთარში ქვეყანა ენერგოკრიზისის წინაშე არ დადგეს?
გ.ხ. რუსეთი კი არ ცდილობს, არამედ რაც უნდა იმას აკეთებს. თუ მიიღეს რუსეთში ამის გადაწვეტილება, გააკონტროლებენ კიდეც. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს არ მოხდება. თუ თეორიულ შანსს დავუშვებთ, რომ ენგურჰესი მართლა რუსეთის ხელში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ენერგოპრობლემები შეიქმნება.
ბათ: კიდევ რა ბერკეტი აქვს რუსეთს ენერგოკრიზისის დასაწყებად?
გ.ხ. ბევრი ბერკეტი შეიძლება გამოიყენოს, როგორც ჩვენი ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით _ მთელი ქვეყანა ტროას ცხენებით აქვს გავსებული. ასე, რომ ამ ცხენებიდან შეიძლება ჯარისკაცუნები გამოვიდნენ. შეძახილების გარდა, ამ ხელისუფლებას სხვა რაიმე დამცავი მექანიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ აქვს. ერთი თვის წინ რუს გენერალს შეეძლო ტაქსში ჩამჯდარიყო და გორიდან თბილისში ჩამოსულიყო, ისე რომ მისი გამჩერებელი არავინ იყო.
ბათ: ოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში კომპანია, `სილქროუდ ტრანსატლანტიკური ალიანსი~ დაარსდა, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით იქნება დაკავებული. რამდენად ეფექტური იქნება ამ კომპანიის მცდელობა?
გ.ხ. როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ლობისტური ჯგუფი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ინვესტორის მოზიდვას კარების გაღება და მუხლებში ჩავარდნა კი არ სჭირდება, არამედ, ქვეყანამ ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ ინვესტორები თვითონ მოვიდნენ. ლობისტური ჯგუფების მეშვეობით ვიღაც ძალით შემოაგდო... ასეთი რამ არ ხდება. საქართველოში საინვესტიციო გარემო ცუდია და არა მხოლოდ ომის გამო. ომამდეც ასე იყო. ჩვენ გვაქვს ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალისტური ფორმაცია, როდესაც ხელისუფლება არის ყველა ბიზნესის დირექტორი. ასეთ მაღალ პოლიტიკურ რისკებს კი, ნორმალური, ცივილიზებული ინვესტორი ყოველთვის ერიდება.
ბათ: ესე იგი, თუ ამ კომპანიის მეშვეობით რაიმე ინვესტიცია შემოვიდა, ყველა შემთხვევაში, ნომენკლატურული იქნება?
გ.ხ. გარეგნულად, ჯერჯერობით, ასეა. აქ ხელისუფლების გარეშე ბიზნესი არ კეთდება.
ბათ: საქართველო ევროპულმა ტურსააგენტოებმა თავიანთი მარშრუტებიდან ამოიღეს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
გ.ხ. ბუნებრივია, ამოიღებდნენ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეკონომიკური რისკები ჩვენი სინამდვილიდან მალე გავა.
ბათ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მზად არიან, ქართული მუშახელი ლეგალურად დაასაქმონ. ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე?
გ.ხ. როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სხვა ქვეყნები მზად არიან დაასაქმონ ჩვენი მუშახელი, უკვე ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საქმე ცუდადაა. ეკონომიკის ზრდის ინდიკატორი სამუშაო ადგილებია. თუ ჩვენი მუშახელი იძულებულია სხვაგან წავიდეს, ესე იგი, ჩვენ არც ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს და არც ეკონომიკა.


რა მოხდა კოდორში?

რა ხდებოდა კოდორში ომის დროს, რა რაოდენობის და ღირებულების იარაღი ჩააბარა რუსებს ქართულმა არმიამ, რა ააფეთქეს, იყო თუ არა მსხვერპლი, ვინ გასცა კოდორის დატოვების ბრძანება, რატომ ვერ ამყარებდნენ კავშირს კოდორში მყოფი მეთაურები თავდაცვის სამინისტროსთან, რატომ აღმოჩნდა თითქმის რვა ათასი ჯარისკაცი იზოლაციაში _ ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, პასუხი დღემდე ოფიციალურად არავის გაუცია. ხუთდღიანი ომის შემდეგ კი 53 დღე გავიდა. კოდორში მებრძოლი ჯარისკაცი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ითხოვა, ამ კითხვებს მეტნაკლებად სცემს პასუხს.
ემზარ დიასამიძე/ბათუმელები

_ კოდორში როგორ მოხვდით?
_ ჯარში კონტრაქტით გასულ წელს წავედი. რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ ჩვენი ნაწილი კოდორში გაამწესეს. იქ ომის დაწყებამდე შვიდი თვით ადრე წაგვიყვანეს და 14 აგვისტოს გამოვედით.
_ ცხინვალის კონფლიქტი რომ დაიწყო, იმ დღეს რა ვითარება იყო კოდორში?
_ ჩვენთან საომარი მოქმედებები უფრო ადრე, 5 აგვისტოს დაიწყო. აფხაზები ჩვენი პოზიციების დაბომბვას არტილერიით ცდილობდნენ. 7-ში უკვე მსხვილკალიბრიანი იარაღით დაგვიწყეს სროლა. ჰაერში ავიაცია გამოჩნდა, გვბომბავდნენ. ყველა სარადარო დანადგარი აგვიფეთქეს. მტრის ავიაციას მხოლოდ ვიზუალური დანახვის შემდეგ ვესვროდით. ერთ-ერთმა ჩვენმა ჯარისკაცმა მათი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.
ლათას მხრიდან, წინახაზზე ძლიერი ტექნიკა და ხალხი შემოიყვანეს. ჩვენ საკმარისად მომზადებული ვიყავით და მათი წინსვლა შევაჩერეთ. ისინი ინტენსიურად გვიხსნიდნენ ცეცხლს ხმელეთიდან და ჰაერიდან, მაგრამ ისე ვიყავით გამაგრებული, ვერ გვწვდებოდნენ. საბოლოო ჯამში, კოდორში არც ერთი ჯარისკაცი კი არ დაგვიკარგავს, მხოლოდ ერთი დაიჭრა მსუბუქად.
_ ამბობენ, კოდორში ღალატს ჰქონდა ადგილიო…
_ სამწუხაროდ, ჰქონდა. ყველაზე ბრძოლისუნარიანმა ნაწილმა, სპეცრაზმმა, რომელიც 700 მებრძოლს ითვლიდა, ომის დაწყების პირველსავე დღეს დაყარა იარაღი და გამოიქცა. ეს ნაწილი საკმაოდ სერიოზული ძალა იყო. როგორც ვიცი, მათ სამშობლოს ღალატის ბრალდება აქვთ წაყენებული. ისინი სპეციალიზებული იყვნენ დესანტთან საბრძოლვებლად და სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციის შესასრულებლად.
_ როდის გაიგეთ სპეცრაზმის გამოქცევის ამბავი?
_ ეს ჩვენ თვალწინ მოხდა. ერთი ჯგუფი, მათ შორის მეც, რაღაც დანადგარის დასამონტაჟებლად სპეცრაზმის მისახმარებლად გაგვიშვეს. ამ დროს გადმოფრინდა რუსების ავიაცია. სპეცრაზმელებმა ყველაფერი დაყარეს – იარაღი, აღჭურვილობა და ა.შ. დასხდნენ ყველგანმავალ მსუბუქ ავტომანქანებზე (ჯიპებსა და პიკაპებზე) და თბილისისკენ წამოვიდნენ.
_ თქვენ როდის დატოვეთ ხეობა და რატომ?
_ როცა ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი მოაწერეს და, ფაქტობრივად, ცხინვალში საომარი მოქმედებები შეჩერდა, ჩვენთან ბრძოლა გრძელდებოდა. მერე ზურგში დესანტი გადმოგვისხეს. მათი მოგერიებაც შევძელით, მაგრამ შემდეგ მეთაურმა, როცა შეხედა, რომ მდგომარეობა გამოუვალი იყო _ რამდენ ხანსაც არ უნდა ვყოფილიყავით, არავინ მოგვეშველებოდა, ხოლო მოწინააღმდეგე ყოველ საათში აძლიერებდა ძალებს, გადაწყვიტა, ჯარისკაცების ტყვილად ჩახოცვას, ხეობას გამორიდებოდა.
_ მოსახლეობას რა ბედი ეწია?
_ როცა ცხინვალის ომის დაწყების შესახებ გავიგეთ და კოდორზეც დაიწყო შეტევები, ჩვენი ბრიგადის მეთაურმა, გივი აგლაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობა ხეობიდან გაეხიზნა და გავხიზნეთ კიდეც, რითაც მოსახლეობის დაცვის პრობლემა მოვიხსენით. იქ ომის პერიოდში აღარავინ იყო.
_ ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა კოდორის მოვლენებს?
_ იყო მოსახლეობის ნაწილი, რომელიც რუსებისა და აფხაზების შემოსვლას მიესალმა კიდეც. ჩვენს წინააღმდეგ ხშირ დივერსიებს აწყობდნენ _ მშვიდობიან პერიოდში რამდენჯერმე გადაგვიჭრეს საველე კაბელები; მოსასმენი აპარატებით ჩვენს საუბრებს ისმენდნენ. პირველად რომ ჩავედით კოდორში, იმ წუთშივე ვიგრძენი, უმეტესობას როგორ არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა. ბევრი იყო პროქართულად ანუ პროთბილისურად განწყობილი, მაგრამ თბილისს ბევრიც აგინებდა. ამიტომაცაა, რომ ბევრი დევნილი დაბრუნდა უკან, კოდორში.
_ ე.ი. კოდორში იძახდნენ დამოუკიდებელ აფხაზეთს გაუმარჯოსო?!
_ კი, ზოგჯერ იძახდნენ და ამას ასაბუთებდნენ კიდეც. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენი სამხედროების იქ ასვლამდე, როცა `მონადირე~ აკონტროლებდა იქაურობას, უფრო კარგად ცხოვრობდნენ. სოხუმშიც უპრობლემოდ ჩადიოდნენ და ეკონომიკურადაც უკეთესად იყვნენ. ჩვენ იქ რუსული პროდუქციის შემოტანა, რომელიც უფრო იაფი ღირდა, აღვკვეთეთ და ამაზე წუხდნენ.
_ ცხინვალსა და სენაკში რუსებს ქართული ჯარის ტექნიკა და იარაღი დარჩათ, კოდორში რა მოხდა?
_ არტილერიის გარდა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი წამოვიღეთ. რისი წამოღებაც ვერ შევძელით, ადგილზე ავაფეთქეთ, გავანადგურეთ, კოტეჯებიდან დაწყებული ტყვიაწამლით დამთავრებული. ასევე დავტოვეთ ამერიკული ავტომატები _ ემ-4. ამ იარაღით რუსული კალაშნიკოვების შეცვლა იგეგმებოდა, მაგრამ იარაღი ამოგვიტანეს, ტყვია-წამალი კი _ არა, ამიტომაც ცარიელი ავტომატები ჩვენთვის გამოუსადეგარი იყო. ყველაზე ბოლოს ჩვენი 150-კაციანი ჯგუფი გამოვიდა. ტერიტორიები დავნაღმეთ, სატყუარები გავაკეთეთ, ერთი სიტყვით, `სიურპრიზები~ დავტოვეთ და ისე წამოვედით.
_ აგლაძემ ჯარის გამოყვანა თავად გადაწყვიტა თუ ბრძანება მიიღო?
_ რამდენადაც ვიცი, თავად გადაწყვიტა. კავშირი თბილისთან რამდენიმე დღით ადრე აღარ გვქონდა.
_ ამაზე აგლაძეს პრობლემა ხომ არ შექმნია?
_ არა, პირიქით, დააწინაურეს, რადგან ჯარი გადაარჩინა და სამხედრო დავალებები პირნათლად შეასრულა. იგი სახმელეთო ჯარების სარდალი გახდა.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოდორელ ჯარისკაცთა დიდ ნაწილს დეზერტირობის ბრალდება წაუყენეს. რა ხდება?
_ ჩვენ საბოლოოდ ქუთაისში უნდა დავბანაკებულიყავით. უფროსობამ გამოგვიცხადა, რომ ქუთაისში იარაღს ჩავაბარებდით და მერე სახლებში გაგვიშვებდნენ. მოხდა ისე, რომ ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ბრძანება შეიცვალა _ ცხინვალისკენ უნდა დავძრულიყავით. იქ ჩარჩენილი ჩვენი მოსახლეობა და სამხედრო ნაწილები უნდა გამოგვეყვანა. ამ დროს საბრძოლო განწყობა უკვე ჩვენს ნაწილშიც შეირყა. ბევრმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა დაყარა იარაღი და წავიდა. ბატალიონში 300 კაცი დავრჩით, დანარჩენი, ერთი ამდენი _ წავიდა. ორი კვირის უკან ნაწილში ეს საკითხი განვიხილეთ. პირობითად თუ ვიტყვი, შიდა სასამართლო იყო. უფროსობა არკვევდა, რა ვითარებაში, რატომ დაიშალა ჯარი. ვინც ქუთაისიდან წამოვიდა და უარი განაცხადა შემდეგი დავალებების შესრულებაზე, მათ სულ ცოტა, ჯარიდან გაუშვებენ. შესაძლოა, კონტრაქტის დარღვევისთვის ჯარიმა მთელი სიმკაცრით არ დააკისრონ _ 14 ათასი ლარი არ გადაახდევინონ, მაგრამ რაღაც რაოდენობას, ალბათ, გადაახდევინებენ. ყველას დეზერტირობის მუხლი წაუყენეს და ისე გაუშვეს. მარტო ჩვენი ბატალიონიდან დაახლოებით 250 კაცი წავიდა. როგორც ვიცი, ამ რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე ყველა ბატალიონიდან გაუშვეს, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ეს ზუსტი ინფორმაციაა. ჩვენს ნაწილებში საკონტრაქტო პირობით ახალი მიღება უკვე დაიწყო.

წვიმის შემთხვევაში, მეწყერი კიდევ უფრო გააქტიურდება

მოვლენებს აჭარის გეოლოგიის ყოფილი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელ, გეოლოგი ტარიელ ტუსკია აფასებს.
თედო ჯორბენაძე/ ბათუმელები
- ბატონო ტარიელ, ბოლოდროინდელი მეწყრული პროცესები მხოლოდ კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია?
- ეს იყო კატასტროფული მოვლენა. ამ რაოდენობის ნალექი რამდენიმე წელია არ მახსოვს. ისეთ ადგილებში იყო წყალდიდობა, რომ შეიძლება ატმოსფერულ ანომალიადაც ჩავთვალოთ. ასეთ პირობებში კი სტიქიურ მოვლენებს ვერ გაექცევი, მითუმეტეს, მეწყერს და თანაც ჩვენთან, სადაც თითქმის ყოველი გოჯი მიწა ათვისებულია. ასეთ ანომალიურ ნალექს კატასტროფული შედეგი უნდა მოჰყოლოდა.
- მეწყერის გამომწვევი სხვა ფაქტორები თუ არსებობდა?
- ჩვენთან რთული გეოლოგიური პირობებია. მაღლობები აგებულია ლატერიტური ქანებით. ამ ქანებთან მიმართებაში კი ფორმულა არ მოქმედებს, ანუ ვერ განსაზღვრავ, რა რაოდენობის ნალექის მიმართ და რა პერიოდში იქნება ნიადაგი მდგრადი. ასეთ კანონზომიერებას ეს ქანები არ ემორჩილება. მაგალითად, სადაც შანთაძე დაიღუპა, ახალსოფელში, ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთ პატარა მონაკვეთში, მიწის იმოდენა მასა თუ წამოვიდოდა, სახლი რომ დაენგრია. ზოგადად, გეოლოგიურ აგებულებასთან ერთად, სტიქიის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ზემოქმედებაცაა _ მიწა გადათხარა, ჩამოჭრა, სახლი აიშენა და არ გაამაგრა სათანადო კედლით, რათა ნიადაგის მდგრადობა გარანტირებული ყოფილიყო; სოფლებში გაყვანილია სარწყავი არხები და სხვა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის თითქმის ყველა სოფელში ისეთ ადგილებში ცხოვრობს ხალხი, სადაც გაჩერება არ შეიძლება.
- ეს ხალხი რამდენადაა ინფორმირებული ამის შესახებ?
ტ.ტ: ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით გლეხს, რომ, აი, ამ ფერდზე ხე არ მოჭრა, არ დაამუშაო, მაგრამ ნიადაგის სიმცირის გამო, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. არ ვამართლებ მის მოქმედებას, ისე გამოდის, საკუთარ თავს ძირს უთხრის თავისი ხელით... ეს ყველაფერი არის ადამიანის ზემოქმედებისგან გამომდინარე. ადრე ეკონომიკური მდგომარეობა სხვაგვარი იყო და მეწყრული პროცესებიც ნაკლებად ვითარდებოდა _ გაზი შემოდიოდა, ხე-ტყე ნაკლებად იჭრებოდა.
სახლის აშენების, იმავე გზის გაყვანის დროსაც კი, გეოლოგების დასკვნა აუცილებელია. ბოლო დროს ასეთი დასკვნის გარეშე არ აძლევენ მშენებლობის უფლებას, თუმცა აქ სხვა პრობლემაა სოფლის მოსახლეობისთვის _ გეოლოგიური სამსახურები დღეს კერძო სტრუქტურაა. შესაბამისი დასკვნის გაკეთება, სულ მცირე, 200-300-ლარი ჯდება, გააჩნია რა საინჟინრო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
- აჭარაში გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო?
- როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ვთვლი, რომ ჩვენს რეგიონში და, საერთოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, გეოლოგიური, მითუმეტეს, საინჟინრო-გეოლოგიური სამსახურის გაუქმება, არასწორია. ასეთ რეგიონში ყოველთვის წარმოიშობა მეწყრული პროცესები. მართალია, ამ პროცესების შეჩერებას და აღმოფხვრას დიდი საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და თანხა სჭირდება, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მორალური იმედი მაინც ვიყავით გლეხისთვის. მივდიოდით და ვეუბნებოდით, აქ საშიშია ცხოვრება, აქ – არა, ეს ბევრს ნიშნავდა.
- რეგიონის გეოლოგიური შესწავლა რამდენად აუცილებელია?
- აუცილებელია, თუნდაც იმისთვის, რომ წყლები შესწავლილ და გადაყვანილ იქნას უსაფრთხო მიმართულებით, დაზუსტდეს ადგილები, სადაც საყრდენი კედლის აგებაა აუცილებელი და ა.შ. ეს გამოკვლეული უნდა იყოს საფუძვლიანად, რაც სამომავლოდ ბევრ პრობლემას მოხსნის და სტიქიის შედეგად მოსახლეობასა და სახელმწიფოზე მიყენებულ ზარალსაც შეამცირებს. რამდენჯერ მომისმენია გლეხებისგან, რომ აქ ასი წელია არაფერი მომხდარა და არც არაფერი მოხდებაო. გეოლოგიური პროცესისთვის 100 წელი არაფერია. წამის მეასედი უფროა, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია.
- აჭარის მაღალმთიანეთისა და ზღვისპირა რაიონების მთის სოფლებს შორის განსხვავება თუ არსებობს, მეწყრული პროცესების განვითარების თვალსაზრისით?
- მკვეთრი განსხვავება არ არის. პირობითად ვამბობთ, მაღალმთიან აჭარას, თორემ ქობულეთისა და ხელვაჩაურის ბევრ სოფელში ნაკლები დახრილობა არ აქვს ფერდს და უფრო მჭიდროდაცაა დასახლებული. თითქმის ყველა სოფელში ისეთ ადგილებში ცხოვრობს ხალხი _ შესაბამისი პირობების შემთხვევაში, იქ გაჩერება არ შეიძლება.
მაღალმთიან აჭარაში მეწყერი გაზაფხულზე აქტიურდება. მთელი ზამთარი თოვლი დევს, ნიადაგი იჟღინთება და როცა ინტენსიური დნობა იწყება, მიწა იმდენად გაჯერებულია წყლით, რომ მეწყრული პროცესები აქტიურდება. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი ასეთი რამ წვიმების შედეგად ხდება. არის გეოლოგიური პროცესების ციკლი. როდის მოვა ნალექი, რა რაოდენობის, რას გამოიწვევს და ა.შ. ამას რაღაც კანონზომიერებაში ვერ მოაქცევ.
მაგალითად, 1991 წელს ქობულეთის რაიონში, სოფელ წითელ ოქტომბერში კატასტროფული მოვლენები განვითარდა. თითქმის ნახევარი სოფელი მთლიანად დაინგრა. მაშინ ასევე დაზიანდა აჭყვა, აჭყვისთავი, ჩაქვი _ ჩაქვის სათავე ნაგებობაც, მსხვერპლიც იყო. მოკლედ, ამ რაიონებში ატმოსფერულ ნალექებს მეწყრული პროცესები ყოველთვის ახლდა.




ტელევიზიების კონტროლი საქართველოზე კონტროლის სანაცვლოდ

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან
`რა გირჩევნიათ, ხელისუფლებისგან ტელევიზიების კონტროლი თუ კონტროლის დაკარგვა საქართველოზე?~ _ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, სააკაშვილმა შეიძლება ასე უპასუხოს ნატოს გენერალური მდივნის, იააპ დე ჰოოპ სხეფერის მოთხოვნებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ამ საკითხზე `ბათუმელები~ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ლელა დუმბაძე/ბათუმელები

-ბატონო რამაზ, იააპ დე ჰოოპ სხეფერმა, საქართველოს ხელისუფლებას ხაზგასმით უთხრა, რომ ომი არ უნდა იყოს მიზეზი რეფორმების შეჩერების, რომ ხელისუფლებამ უნდა განავითაროს თავისუფალი ინსტიტუტები. როგორ ფიქრობთ, შეელევა სააკაშვილი მედიასა თუ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს?
-ნატოს ხათრით, შეიძლება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ იძულებული იქნება, დემოკრატიული ხელისუფალის იმიჯს შეელიოს. მაგრამ ახალგაზრდა კაცია და ვფიქრობ, დასავლეთის თვალში ასეთი იმიჯი არ გამოადგება.
-როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, `რუსთავი 2~-ის თავისუფლება, მაშინ როდესაც საზოგადოებამ არც კი იცის, ვინ არიან ამ კომპანიის მეპატრონეები?
-რა თქმა უნდა, არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა. საერთოდ, ყველა იმ ხარისხით ტყუვდება, რა ხარისხითაც უნდათ რომ მოტყუვდნენ. შესანიშნავად იცოდა დასავლეთმა, როგორ ჩატარდა არჩევნები, მაგრამ სჭირდებოდა, რომ მოტყუებულიყო და მოტყუვდა.
-თუ არ შესრულდა ეს მოთხოვნები, მაშინ...
-სააკაშვილი საკმაოდ გონებამახვილი კრიტიკოსია. მოულოდნელი სვლები სჩვევია, და იგი არასოდეს შეეწირება ვინმეს ინტერესებს. მას მიაჩნდა, რომ ცხინვალზე შეტევა სწორი იყო და ჩაება კიდეც ამ კონფლიქტში. მიუხედავად იმისა, რომ მისი დასავლელი და ევროპელი პატრნიორები ურჩევდნენ, არ ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია (რამდენად ადეკვატური იყო იგი ამ მხრივ, ეს სხვაა. ამ ნაწილში მისი შეცდომა ნაწილობრივ იმ გარემოცვამაც უნდა გაიზიაროს, ვისგანაც გარანტიებს იღებდა). პროცესებს კი ისეთი მსვლელობა მიეცა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური რენომე, გარკვეული თვალსაზრისით, კიდევ უფრო განმტკიცდა. შეიქმნა განწყობა, რომ რახან რუსეთს არ უნდა სააკაშვილის წასვლა, ევროპა იძულებულია, მისი პოლიტიკური სტატუსი დაიცვას.
-თუ დეკემბერში საქართველოს არ მიანიჭეს მაპ-ი, მაშინ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
-მეშინია, რომ დეკემბრამდე პროცესები შეიძლება სხვა მიმართულებით განვითარდეს. ანუ გამართლდეს ეჭვი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. თუ სააკაშვილმა ისევ დაასკვნა, რომ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები არ არის მართებული, ისევე როგორც ეს დაასკვნა აგვისტოში, მან შეიძლება ახალ რევანშზეც იფიქროს. მითუმეტეს, თუ ნატო-სგან მაპ-იც ვერ მიიღო. ასეთი ლოგიკის საფუძველი არსებობს.
- თუ კონფლიქტი განახლდება, რა იქნება ეს ქვეყნისთვის, ან ისევ დაუჭერს კი დასავლეთი საქართველოს მხარს?
- დასავლეთს იმდენად ფართო სპექტრში აქვს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოცხადებული, რომ იძულებული იქნება დანარჩენ ნაბიჯებსაც დაუჭიროს მხარი. სააკაშვილი რასაც ამბობდა, გააკეთა კიდეც. ის იძახდა, თუკი სამშვიდობო პოლიტიკა არაფერს მომცემს, სამხედრო ზემოქმედების თავისუფლებას ვიტოვებო. მან არაერთხელ გააკრიტიკა ევროპა და ეჭვის ქვეშ დააყენა ბუქარესტის, ევროპის სამიტები. ამიტომ ჩნდება მოსაზრება, რომ თუ დასავლეთმა ისევ არ გადადგა ის ნაბიჯები, რასაც სააკაშვილი ელის, შეიძლება ისევ სააკაშვილმა დაასწროს, რაც დასავლეთს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს.
საომარი მოქმედების განახლების შემთხვევაში, სხვა რამეცაა შესაძლებელი, _ თუ რუსეთმა დაასკვნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მის სამხედრო სვლებს წარმატება არ ექნება, მაშინ ის თბილისზე მიიტანს იერიშს და ხელისუფლების ჩამოგდებას შეეცდება. შესაბამისად, პოლიტიკური კონტროლის დაკარგვით, დასავლეთი საქართველოზე კონტროლს საერთოდ დაკარგავს. ამიტომ სააკაშვილს შეუძლია ეს ალტერნატივაც დადოს, _ რა გირჩევნიათ, კონტროლირებადი ტელევიზიები თუ კონტროლის ბერკეტების დაკარგვა საქართველოზე?
- თუ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობის დათხოვნის პროცედურებს გაამარტივებს, ხოლო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნას გაართულებს, _ ამით როგორი შედეგი დადგება?
- არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, ეს არავითარ ცვლილებას არ გამოიწვევს. იმიტომ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებების კონტროლი სააკაშვილის ხელშია. რამდენადაც არ უნდა გაუზარდოს პარლამენტს უფლება, მას, როგორც პრეზიდენტს, საფრთხე არ ექმნება.
- როგორ ფიქრობთ, დემოკრატიული პროცესების განვითარება, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების არსებობას გაახანგრძლივებს, თუ პირიქით?
- რა თქმა უნდა, გაახანგრძლივებს. რადგან, დემოკრატია ყველაზე უფრო ელასტიური და ხანგრძლივი პოლიტიკური კონსტრუქციაა. რევოლუციები დიქტატურის დროს ხდება. დემოკრატიის პირობებში უფრო რთულია ხელისუფლების მართვა, რადგან მეტი მანევრები სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი გარანტიებიცაა. ამასთან, დემოკრატიის პირობებში, ხელისუფლება ოპოზიციას ძირითად არგუმენტსაც გამოაცლის.