ტელ.: 7 03 59, მობ.: 877 45 63 36.
ელ-ფოსტა: batumelebi2@yahoo.com
გაზეთ „ბათუმელები“ აპროტესტებს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების, შანტაჟის მცდელობას და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს; ასევე გაზეთის იმიჯის შელახვის მცდელობას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 18 საათზე, გაზეთ „ბათუმელების“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია.
ამასთან, გაზეთი „ბათუმელები“ დღესვე მიმართავს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
გუშინ, 25 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე იმყოფებოდნენ ყოფილი უშიშროების შენობაში.
შენობაში მისვლამდე ნახევარი საათით ადრე ბათუმში, „ბათმელების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თედო ჯორბენაძეს, რომელიც არის „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი, დახვდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და განყოფილებაში წაყოლა თხოვეს. განუმარტეს, რომ მასთან კითხვები ჰქონდათ პირად საკითხებზე, რომელზეც დეტალურად განყოფილებაში დაელაპარაკებოდნენ.
თედო ჯორბენაძემ შესთავაზა, რომ რამდენიმე წუთში თავად მივიდოდა განყოფილებაში, რადგან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
მან აღნიშნულის შესახებ აცნობა გაზეთის ხელმძღვანელობას. ამ დროს მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს (მობილურის ნომერი ცნობილია) და უთხრეს, რომ ელოდებოდნენ განყოფილებაში. სატელეფონო საუბარში ჯორბენაძეს ასევე განუმარტეს, რომ საქმე ეხებოდა მის სექსუალურ პარტნიორს.
განყოფილებაში წავიდნენ გაზეთის ხელმძღვანელები მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე თედო ჯორბენაძესთან ერთად.
თედო ჯორბენაძე სოდის (ყოფილი უშიშროების სამინისტროს შენობა, ბათუმი, გრობოედოვის ქ.4) შენობაში მისვლის შემდეგ შესთავაზეს, რომ მარტო ასულიყო შენობის მეოთხე სართულზე, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ 2 ადამიანი (ერთ ერთი მათგანი იყო ის პიროვნება, ვინც ქუჩაში დახვდა) გამოვიდა და შეიყვანეს თედო ჯორბენაძე შენობის პირველ სართულზე. რედაქციის ხელმძღვანელებს შენობის ჰოლში შესვლაზე უარი უთხრეს.
თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული.
სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ.
უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.
ჯორბენაძემ განუცხადა, რომ მას ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით, რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული შენობა.
რამდენიმე წუთში თედო ჯორბენაძეს დაუკავშირდნენ იგივე ტელეფონის ნომრიდან და თხოვეს დაბრუნებულიყო უკან გაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად. რედაქციის სამივე ხელმძღვანელი პირი აიყვანეს იგივე შენობის მეოთხე სართულზე.
ეთერ თურაძემ იკითხა იყო თუ არა საქმე აღძრული თედო ჯორბენაძეზე, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ არა!
ამ საუბარში უწყების თანამშრომელმა ეთერ თურაძეს განუცხადა, რომ ჯორბენაძე არ იყო „ბათუმელებში“ მუშაობის ღირსი და რომ იყო „უნამუსო“, რაზეც გაზეთის რედაქტორმა კატეგორულად განუმარტა, რომ არავის მისცემდა მისი თანამშრომლების შეურაცყოფის უფლებას, მათ შორის არც სპეცსამსახურის თანამშრომლებს.
ამასთან, სოდის თანამშრომლებმა საუბარში ვითომდა გაზეთის მიმართ კეთილგანწყობის ნიშნად უთხრეს, რომ „ბათუმელებს“ პატივისცემის ნიშნად ელაპარაკებოდნენ ასე დელიკატურად, თორემ „თედოს სხვანაირადაც მიიყვანდნენ განყოფილებაში“.
“ბათუმელები” შანტაჟის ამ ფორმაზე, ადამიანების `დავერბოვკების~ საბჭოთა კგბ-სეულ მეთოდებზე დეტალურად პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
`ბათუმელები~ ასევე აპირებს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს შანტაჟის ამ ფორმას.
No comments:
Post a Comment