div#header

Wednesday, September 3, 2008

ომი და ინფლაცია


`ლარის კურსის ცვლა მოსალოდნელი არ არის~

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყანაში 9,8-პროცენტიანი ინფლაციაა. `ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის~ ხელმძღვანელი, დავით ნარმანია კი მიიჩნევს, რომ ეს ციფრი გაცილებით მაღალია და დაახლოებით 18 პროცენტს შეადგენს. თუმცა, მისივე პროგნოზით, ინფლაციის კიდევ უფრო ზრდის საშიშროება არ არსებობს.

ირამა ზოიძე/ ბათუმელები

ფასების მატება გაცილებით უფრო მკვეთრი იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის გაცემული მითითებები და არაოფიციალური რეკომანდაციები। ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ინფლაციის ნაკლებად ზრდა საომარი მდგომარეობის დროს საწვავის ფასის 5 თეთრით შემცირებისა და ბანკების მხრიდან გარკვეული შეზღუდვების დაწესების შედეგიც არის: `საბანკო შეზღუდვების დაწესებამდე მოსახლეობას თანხები, თავიანთი დანაზოგები და სესხები, დიდი ინტენსივობით გაჰქონდა. ეს რომ გაგრძელებულიყო, ინფლაცია გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა. ეროვნული ბანკის მითითებით, კომერციულმა ბანკებმა სესხები შეზღუდეს, ერთი დღე საერთოდ არ მუშაობდნენ და ა.შ. ამან, მართალია, ადამიანების გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ საფინანსო სისტემის მდგრადობას შეუწყო ხელი. წმინდა ეკონომიკური კუთხით ამდაგვარმა პოლიტიკამ დადებითად იმოქმედა, თუმცა მომხმარებელი გაანაწყენა~.

ასევე იმოქმედა საწვავზე ფასების დაწევის სიტყვიერმა შეთანხმებამ საწვავის მიმწოდებელსა და ხელისუფლებას შორის। `საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურად აისახება ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტის ფასზეც. ასეთ დროს, როცა მოსახლეობა მობილიზებას აკეთებს და საწვავზე მოთხოვნა მაღალია, საწვავზე ფასის ზრდის მოლოდინიც მაღალი იყო, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ ეს არ მოხდა~.


ინფლაციის მიზეზი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მხრიდან ბლოკადის, ფასების საერთო ზრდისა და პროდუქციის გაძვირების მოლოდინი იყო। `მაღაზიები არ დაცარიელებულა, მაგრამ ზოგადად, პროდუქტების ნაწილზე მაღალი მოთხოვნა შეინიშნებოდა, მაგალითად, პურის ფქვილზე, შაქარზე, პირველდი მოხმერების პროდუქტებზე. ამ მოთხოვნამ, გარკვეულწილად, ინფლაციის პროცენტული ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით _ დედაქალაქში, იმის გამო, რომ გზები იყო ჩაკეტილი და დასავლეთ საქართველოდან გარკვეული პროდუქცია, მაგალითად, მინერალური წყალი `ნაბეღლავი~ არ მიდიოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმპორტირებულ პროდუქციაზე. ეს ყველაფერი ცოტა უფრო მეტი ხანი რომ გაგრძელებულიყო, უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნებოდა~, _ ამბობს დავით ნარმანია.


ფასების მომატების შესაჩრებელად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის თქმით, დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარია საჭირო। ამის შესახებ მან ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგართან შეხვედრისას განაცხადა. თუ ამ მიმართულებით დროულად არ გადაიდგა ნაბიჯები, შესაძლებელია, შიდა პროდუქტის წარმოება 10%-ით დაეცეს _ ამის შესახებ ინფორმაცია პრესას ამერიკელმა სენატორმა მიაწოდა.


დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული თანხა ზარალს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საკმარისი იქნება: `დღეს ძნელია, კონკრეტულ ციფრებზე ისაუბრო, მაგრამ, უხეში გათვლებითაც კი, ზარალი ორჯერ უფრო დიდია. 3-4 მილიარდი ის ციფრია, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შეიძლება მოხმარდეს. მარტო გატაცებული სამხედრო ტექნიკა რა ღირდა?! 3-4 მილიარდი გზების, პორტის, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების, გორში დაზიანებული სახლების რეკონსტრუქცია-აღდგენას სჭირდება~.
რაც შეეხება შიდა პროდუქტების წარმოებას, ეკონომისტის თქმით, ხელისუფლება 10-პროცენტიანი ზრდის პროგნოზს აკეთებდა, თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, შარშანდელი მაჩვენებლის შენარჩუნებაც უკვე მიღწევა იქნება. თანხას, რომელიც ხელისუფლებისგან დასახელდა, დავით ნარმანიას თქმით, საქართველო, სავარაუდოდ, დახმარების სახით მიიღებს. თუმცა იმის გამო, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პირობები შეუსრულებია ბოლომდე, ამ რაოდენობის დახმარებას ევროკავშირიდან არ უნდა ელოდოს, მაგრამ ევროკავშირის მიერ აღთქმული დახმარების გარდა, მასში შემავალი კონკრეტული ქვეყნები ცალ-ცალკეც აპირებენ ზარალის ანაზღაურებაზე მხარდაჭერას, ჯამში კი დასახელებული თანხის მიღების შესაძლებლობას ეკონომისტი არ გამორიცხავს.
თუმცა, ნარმანიას აზრით, ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ამ თანხის განსაკარგავად სწორი პოლიტიკა შეიმუშავოს। საქართველომ უკვე მიიღო გარკვეული დახმარება ამერიკის, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის მხრიდან. ჯერჯერობით, ეს ჰუმანიტარული მხარდაჭერაა, რომელიც პროდუქტების სახით შემოდის. მაგრამ როცა დახმარება ფულადი სახით შემოვა, მას სახელმწიფო პოლიტიკის გატარება დასჭირდება. ფულის ასეთი რაოდენობით შემოდინება მაკრო-ეკონომიკურ არასტაბილურობას იწვევს და შესაძლებელია, ინფლაციის მიზეზიც გახდეს: `ჩვენ რომ ვიცოდეთ, დაახლოებით რა მოცულობის დახმარებას მივიღებთ სხვადასხვა სახელმწიფოსგან, ქვეყანა ამას მზად დახვდებოდა. ყველაზე კარგი ვარიანტი ამ თანხის ისეთ რამეში დახარჯვაა, რაც აქტივებს მოიტანს, მაგალითად, ინფრასტრუქტურაში. კარგია, თუ ის არ დაიხარჯება სამომხმარებლო ბაზარზე. ფულის დარიგება დევნილებისთვის გაცილებით უფრო არაეფექტურია მაკროეკონომიკური თვლსაზრისით და უფრო მეტად იწვევს ინფლაციას, ვიდრე ამ ფულით გზის დაგება~ _ ამბობს დავით ნარმანია.


თუმცა, ნარმანიას განცხადებით, რეალობის გათვალისწინებით თანხის ნაწილი უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რადგან ზამთარი ახლოვდება და დევნილებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა უპირველესი ამოცანაა.
ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინფლაციის შეჩერება არსებულ ზღვარზე, შესაძლებელია: `ინფლაციის ზრდის მოლოდინი არ მაქვს। პოლიტიკური სტაბილურობა მაფიქრებინებს, რომ ის შეიძლება შეჩერდეს. მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა დაიხია და გზა გაიხსნა, ფასები აღარ მომატებულა~.


და კიდევ, არსებობს ერთი დეტალიც _ საქართველო დღესაც, ნაწილობრივ, რუსული გაზით მარაგდება. არ არის გამორიცხული, ზამთარში, როგორც უწინ, რუსეთმა კვლავაც შეწყვიტოს, ან გააძვიროს გაზი, რაც ავტომატურად აისახება სხვა პროდუქტების ფასებზეც. ინფლაცია იმ შემთხვევაშიცაა მოსალოდნელი, თუ რუსეთმა გაზის ფასი საქართველოს არა, მაგრამ სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუძვირა.






No comments: