div#header

Wednesday, September 3, 2008

ევროსამიტის შედეგები საქართველოსათვის


”ამ შეთანხმებაში არის რუსეთის საწინააღმდეგო ბერკეტი, რომელიც რუსეთის ხელითვე ამოქმედდება”
იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტს, `ბათუმელები~ ევროპასთან ინტეგრაციის შემსწავლელი ცენტრის პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა.

ნანა კვაჭაძე/ ბათუმელები
ფოტო: ”გაზეთი ბათუმელები”

_ ბატონო ვასილ, თქვენი შეფასებით, როგორია ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება და ამან რა შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს?
_ ეს საკმაოდ ქმედითი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, შესაბამის შედეგებს მოიტანს. ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ.
ის, რომ დეკლარაციულ ნაწილში ევროპის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, სამიტამდეც ცნობილი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებები ახალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ მანამ გადადო, სანამ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან და არ შეასრულებს იმ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც სარკოზიმ მხარეებს შესთავაზა. ანუ რუსეთის მიერ ჯარების საქართველოდან გაყვანა ავტომატურად მიება რუსეთ- ევროკავშირის ახალ შეთანხმებას.
ეს შეთანხმება კომპლექსურია, მოიცავს პარტნიორობას, დახმარებას და ეკონომიკურ ბერკეტებს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. დოკუმენტში, რომელიც სამიტზე მიიღეს, პირდაპირ წერია, რომ თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება.
_ საზოგადოებაში იყო უფრო მკაცრი სანქციების მოლოდინი. თქვენი აზრით, რატომ არ მიიღეს ასეთი სანქციები რუსეთის მიმართ?
_ ამ შეთანხმების გადადება, თავისი მნიშვნელობით, სანქციებზე მეტია. ევროკავშირის რუსეთთან დადებულ შეთანხმებას ვადა გაუვიდა, შესაბამისად, საჭიროა ახალი შეთანხმების დადება. თუ ეს შეთანხმება არ გაფორმდა, ეს ურთიერთობების სერიოზულ დონეზე გაწყვეტაა რუსეთთან.
ეს არ ყოფილა კომპრომისული გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან. ჯარის გაყვანა ნიშნავს თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას, არ გაყვანა _ ამ თანამშრომლობის დამთავრებას, დახმარებებისა და ეკონომიკური პროცესების შეწყვეტას.
ევროკავშირმა, უბრალოდ, ნელ ტემპში ჩართო ეს მექანიზმი. მან აჩვენა რუსეთს, რომ თავის ქმედებაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა ის იზოლაციაში.
არის მეორე მომენტიც, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას ახლავე განახორციელოს უსაფრთხოების ზომები, ჩაანაცვლოს რუსეთი კონფლიქტურ რეგიონებში დროებითი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის.
_ რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, დათმობს რუსეთი მშვიდობისმყოფელის როლს?
_ ეს რეალურია. დღეს რუსეთიც აღარ ლაპარაკობს თავის სამშვიდობო მისიაზე. რუსეთის სამშვიდობო მისიას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ის შეეცდება, თავისი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე იმით გაამართლოს, რომ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ დადო იქ დარჩენის სამხედრო შეთანხმება. ამ ფორმით ისინი დროებით თუ დარჩებიან კონფლიქტურ ზონაში, რადგან ევროკავშირის მხრიდან დიდი ზეწოლაა.
სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ჯერ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგალითად, კარალეთიდან ადმინისტრაციულ საზღვრამდე. შემდეგ, ეტაპობრივად, მთელი კონფლიქტის ზონაზე გავრცელდება. მთავარია, პრეცენდენტი შეიქმნას, რომ ევროკავშირი ახორციელებს საპოლიციო მისიას. რუსეთიც არ არის ამის წინააღმდეგი, რადგან გამოუვალ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. უბრალოდ, მიდის ვაჭრობა, რომ ტერიტორიის რაღაც ნაწილი რუსეთმა აკონტროლოს, დანარჩენი ევროკავშირმა, თანდათან, ალბათ, მათი შეიარაღებული ძალები მთლიანად გავლენ.
_ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მკაცრი სანქციების მოთხოვნით გამოდიოდნენ, უფრო თავშეკავებული იყო დასავლეთ ევროპა. აზრთა სხვადასხვაობა რით იყო გამოწვეული?
_ ეს დოკუმენტი სწორედ აზრთა სხვადასხვაობის შეჯერების შედეგია. ეს არ არის არც რბილი და არც ისეთი რადიკალური დოკუმენტი, როგორსაც პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები ითხოვდნენ. ეს საკმაოდ მკაცრი დოკუმენტია, უბრალოდ, დროში გაწერილი. ევროკავშირის მხრიდან ახლა არანაირი ქმედება საჭირო აღარ არის, ყველაფერი დამოკიდებული იქნება რუსეთზე, ანუ თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს, ის ავტომატურად ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირთან ურთიერთობას ყველა შედეგით. ევროკავშირის სამიტზე მიღებულ შეთანხმებაში არის რუსეთის საწინააღმდეგო ბერკეტი, რომელიც რუსეთის ხელითვე ამოქმედდება.
_ თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს, რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ევროპამ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად?
_ ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოსთან რუსეთი ვერ გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას, რომელსაც დიდწილად ეფუძნებოდა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა. თუ რუსეთმა შეთანხმება ვერ გააფორმა, ეს იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოითხოვდნენ, რუსეთის ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას, ეს ჯერ კიდევ არსენალში დარჩა ევროპას. თუ რუსეთმა იგნორირება გაუკეთა ევროკავშირთან თანამშრომლობას, ამას უკვე სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება, იგივე სავიზო რეჟიმის გართულება, რუსი ოლიგარქებისთვის ბანკებში ანგარიშის გაყინვა და ა.შ.
_ სამიტის დაწყებამდე ითქვა, რომ განხორციელდებოდა მკაცრი სანქციები იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განახორციელებდნენ ინვესტიციებს. ეს ძალაში თუ რჩება?
_ რჩება და დოკუმენტშიც აისახა. ჩვენ ველოდით, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ევროკავშირი უფრო შორს წავიდა, მან მოუწოდა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს, არ აღიარონ სეპარატისტული რეგიონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკებს და რაიმე ფორმით ურთიერთობებს დაამყარებს მათთან, მათ ევროკავშირთან პრობლემები შეექმნებათ.
_ მომავალში თუ არსებობს იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ევროკავშირმა გადახედოს თავის პოზიციას ამ რეგიონებთან დაკავშირებით?
_ მე ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკავშირი ამ საკითში ერთსულოვანია. კოსოვოს შედარება ამ სიტუაციასთან არასწორია. სანამ ევროპის სახელწიფოების ნაწილი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებდა, ამას წინ ოთხწლიანი დებატები უძღოდა. კოსოვოს აღიარება (რომელსაც ევროპული ქვეყნების ერთი ნაწილი დღემდე არ უჭერს მხარს) რამდენიმეწლიანი დებატების შემდეგ მოხდა. რუსეთის მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარება იყო სპონტანური ნაბიჯი, რაც წარმოაჩენს, რომ ეს აგრესიის შედეგის დაკანონების მცდელობაა.
_ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს რუსული პასპორტები აქვს. რა იქნება მაშინ, თუ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები რუსეთის აღიარების შემდეგ რუსული პასპორტების მიღებას გააგრძელებენ?
_ ეს ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითია _ ჩრდილოეთ კვიპროსის მოქალაქეები იღებენ თურქულ ან ბერძნული ნაწილის ოფიციალურ პასპორტებს ევროკავშირში გადასაადგილებლად. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება აქაც. მხოლოდ რუსეთმა შეიძლება დართოს მათ რუსეთის ფედერაციაში გადაადგილების უფლება.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს ხალხი რუსული პასპორტებით იცხოვრებს, ვითომ დამოუკიდებლად აღიარებულ ტერიტორიაზე, ამას უკვე სხვა სამართლებრივი შეფასება მიეცემა. გამოვა, რომ არსებობს სახელმწიფო, რომლის ყველა მცხოვრები რუსეთის მოქალაქეა. ეს აბსურდია.
_ რამდენად დამაჯერებელია ევროპისთვის ქართველების სურვილი და მონდომება, ვიყოთ ევროპული სახელმწიფო?
_ საკმაოდ დამაჯერებელია. ჩვენ აგრესიას ვუპასუხეთ პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯებით. საქართველომ ბოლომდე შეასრულა ის ვალდებულებები, რაც აიღო სარკოზის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. როცა ქვეყანას აქვს ამის უნარი, ეს ნიშნავს, რომ მისი ნდობა შეიძლება. ამ ფაქტორებმა განაპირობა გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. გარდა ამისა, ევროკავშირი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის არეალის შექმნაზე. ეს, ფაქტობრივად, ნახევარი ნაბიჯია ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

No comments: