div#header

Wednesday, November 12, 2008

თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან-შეთანხმების დეტალები

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმებით, ორ ქვეყანას შორის საბაჟო გადასახადები გაუქმდა. შეთანხმება ძალაში 1 ნოემბრიდან შევიდა. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ პროდუქციაზე ფასები დაიწევდა. ექსპერტის თქმით, ეს შეთანხმება ფასებზე არ იმოქმედებს.
თედო ჯორბენაძე /ბათუმელები

”ბათუმელების” მიერ გამოკითხულ ათამდე ბიზნესმენსა და იმპორტიორს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპით ჯერ არ უსარგებლია. რამდენიმე მათგანმა ვინაობის დაფიქსირება იმ მოტივით არ ისურვა, რომ შეიძლება შემდეგში საბაჟოზე პრობლემები შეექმნას. თუმცა, ამბობენ, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ იციან. ”ახლა გადავამოწმე საბაჟოზე და მითხრეს, რომ ყველაფერი ძველებურად ბაჟდება”, _ ამბობს ერთ-ერთი მეწარმე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, გიგა ხვინგიას ინფორმაციით, მეწარმე საბაჟო გადასახადისგან რომ გათავისუფლდეს, უნდა გააჩნდეს გადაადგილების სერტიფიკატი _ ”ევრო 1”. საქართველოდან ექსპორტის შემთხვევაში, სერტიფიკატს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გასცემს, ხოლო თურქეთის მხარეს, თურქეთის შესაბამისი სამსახური. ახალი შეთანხმებით, საბაჟო გადასახადი გაუქმდა თითქმის ყველა საქონელზე, რომელიც თურქული წარმოშობისაა და ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოდის, ასევე გაუქმდა საბაჟო გადასახადი საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ ქართულ საქონელზე.
გიგა ხვინგიას თქმით, ”იმ პროდუქციის შემოტანა, რომელიც საბაჟო გადასახადით იბეგრებოდა, უფრო ნაკლები უჯდებათ იმპორტიორებს. ისინი ამ შეღავათით უკვე სარგებლობენ, ამიტომ ფასები შემცირდება”.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება პროდუქციის გაიაფებას არ გამოიწვევს: ”12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი ფისკალური არ არის, რომ გადასახადი აკრიფო და ამან ღირებულებაზე იმოქმედოს”.

ამ შეთანხმებას ქართულ ბაზარზე თურქული პროდუქციის გაიაფება არ მოყოლია, უფრო პირიქით მოხდა: მაგალითად, თურქული წარმოების ცემენტი ორი ლარით, ზეთი 50-70 თეთრით გაძვირდა. გია ხუხაშვილის აზრით, ეს შეთანხმება ქართულ წარმოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

”ეს ხელისუფლების გაუაზრებელ პიარ-აქციას ჰგავს. საქართველოსა და თურქეთის განვითარების დონეების ანალიზიდან ჩანს, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი ხელშეკრულებაა~, _ აცხადებს ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი შეთანხმება ქვეყნისთვის წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ქვეყნების ეკონომიკა თანაბრადაა განვითარებული:
”ვინც შედარებით სუსტია და ნაკლებად კონკურენტულია, ის ძალიან მძიმე დღეში ვარდება. ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თურქული პროდუქციის მორიგ ექსპანსიას ყველა სფეროში”.

საბაჟო კონტროლის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბაზრის დაცვის მიზნით, შეთანხმებაში არის ჩამონათვალი, რაც დაიბეგრება საბაჟო გადასახადით: ციტრუსი, გარკვეული ბოსტნეული, კვერცხი და ა.შ. ასევე არის იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც საქართველოდან გატანისას დაიბეგრება. გიგა ხვინგიას თქმით: ”ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში განვითარდეს წარმოება და ნაწარმი თურქეთის დიდ ბაზარზე გავიდეს”.
ხუხაშვილის მტკიცებით კი, ქართული პროდუქცია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუწევს კონკურენციას თურქულს: ”ერთადერთი, შეიძლება ითქვას ღვინოზე და ისიც კვოტირებულია _ არის ზღვარი და იმაზე მეტს ვერ მივაწვდით. ამიტომ ძალიან სერიოზული დისბალანსი იქნება”.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ეკონომიკური საზღვრები გარკვეული პერიოდით მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს იმისთვის, რომ ქართველ მეწარმეს შიდა ბაზრის ათვისებისა და კონკურენტული პროდუქტის შექმნის საშუალება მიეცეს: ”სხვანაირად ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. ეს ჩვენი ხელისუფლების ცუდი არჩევანია... საბაჟო გადასახადის გაუქმება იმპორტიორებისთვის, ვინც ვაჭრობის სფეროშია, მომგებიანი იქნება, მაგრამ მხოლოდ ვაჭრობა არ ნიშნავს ქვეყნის განვითარებას. ვაჭრობა სამუშაო ადგილების ძალიან დაბალ პროცენტს ქმნის”.

საბაჟოს წარმომადგენლის განმარტებით, ორმხრივი შეთანხმება ისე არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს მეწარმეს არც ერთ გადასახადს არ გადაახდევინებენ. საქართველოს საბაჟოზე ჩვეულებრივად მოხდება დღგ-ს, აქციზის გადასახადის გადახდა (გარდა იმ საქონელისა, რომელიც საგადასახადო კოდექსით არის გათავისუფლებული გადასახადებისგან: მედიკამენტები, ბავშვთა კვების პროდუქტები).

კიდევ ერთი პრობლემა საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ხარისხზე კონტროლია. საბაჟოზე აცხადებენ, რომ მათ მიერ ასეთი კონტროლი (როგორც ფიტოსანიტარული და ვეტერინარული) ხორციელდება; შესაბამისი დოკუმენტაცია მოწმდება და თუ პროდუქცია არ აკმაყოფილებს საქართველოში დაწესებულ ნორმებს, მას ვერ შემოიტანენ საქართველოს ტერიტორიაზე.

ექსპერტი კი თვლის, რომ ხარისხის მხრივ საქართველოს ეკონომიკური საზღვარი დაუცველია; შესაბამისი სამსახურები ეკონომიკურ საზღვრებზე გაუქმებულია და, ფაქტობრივად, არანაირი კონტროლი არ არსებობს: ”ისედაც ძალიან ბევრი გენმოდიფიცირებული საკვები შემოდის, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ისე გამოვიდა, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით იმპორტს და ამით, ამ მიმართულებიდანაც დარტყმა მივაყენეთ ადგილობრივ პროდუქტს. ხელისუფლების ლოგიკა ასეთია: სპეციალური სამსახურები საზღვრებზე კორუმპირებულები იყვნენ, პრობლემა კი მარტივად გადაწყვიტეს _ ეს სამსახურები გააუქმეს. მებაჟის მიერ პროდუქციის ხარისხის შემოწმება კი ძალიან სასაცილო თემაა”.


No comments: