div#header

Wednesday, October 8, 2008

უმაღლესი საბჭო მკვდრის სტატუსით

ამ სტატიის მიზანი არ არის მოქმედი საარჩევნო კანონის, ე.წ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობისა თუ ბოიკოტის არგუმენტების განხილვა. ჩემი მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, როგორც რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსის მოკლე ანალიზი. ვეცდები პასუხი გავცე კითხვას, რამდენად ძალუძს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დღევანდელი ფორმატით, რეგიონში და, საერთოდ, ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გატარების პროცესში პოზიტიური წვლილის შეტანა.

ზვიად დიასამიძე. პოლიტოლოგი. სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”

უმაღლესი საბჭოს, როგორც რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს, სტატუსისა და კომპეტენციების პროგნოზირება ბევრი ექსპერტისთვის უკვე მის შექმნამდე გახდა შესაძლებელი. კერძოდ, 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, რის შედეგადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდით საქართველოს პარლამენტის ფუნქციები მკვეთრად შეიკვეცა.

ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, ქვეყანაში ერთპიროვნული, ცენტრალიზებული მმართველობის სტილის დამკვიდრებისკენ, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის პარლამენტის გადაქცევას პრეზიდენტის ნება-სურვილზე დამოკიდებულ ორგანოდ.

აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ბედს რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოც გაიზიარებდა. 2004 წლის ივლისში მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციურმა კანონმა `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ~ და 2008 წლის თებერვალში მიღებულმა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციამ ექსპერტთა ეს ვარაუდი დაადასტურა.
ამ კანონმა საქართველოს პრეზიდენტს აჭარის უმაღლეს საბჭოზე უშუალო ზემოქმედების ისეთი მძლავრი ბერკეტი მიანიჭა, როგორიცაა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა, ამ უკანასკნელის მიერ პრეზიდენტის წარმოდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის ორჯერ არდამტკიცების შემთხევაში. ამასთან, პრეზიდენტი უფლებამოსილია, ჩაანაცვლოს უმაღლესი საბჭო დროებითი საპრეზიდენტო საბჭოთი, რომელსაც უშუალოდ თვითონ ნიშნავს. მოგვიანებით განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის კანდიდატურის განხილვის ნომინალური უფლებაც კი მოუსპო. პრეზიდენტს მიეცა უფლება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, წარმოადგინოს აჭარის მთავრობის თავჯდომარის კანდიდატურა.

ამ ყველაფრით ცხადი ხდება, რომ უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილებებით მიეკუთვნება უუფლებო, უმოქმედო ორგანოთა იმ რიცხვს, რომლებიც მრავლადაა დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში და რომლებიც უპირობოდ პრეზიდენტს არიან დაქვემდებარებულნი.

1 ოქტომბერს თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ჯანმრთელი სისტემა უწოდა, როგორც აღნიშნა, ცოცხალი პარლამენტით და კონსოლიდირებული მთავრობით. თუმცა, უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილებებით უფრო მკვდარ ორგანოდ გვევლინება.

დღევანდელი ხელისუფლება ხაზს უსვამს ძლიერი კონსოლიდირებული ქვეყნის მშენებლობის სურვილს. თუმცა, ამავდროულად, მას ავიწყდება უკვდავი აქსიომა, რომ ქვეყნის სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, რეგიონების სიძლიერით იწყება. ქვეყნის ჯანმრთელი, დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა მხოლოდ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძლავრი რეგიონებით იზომება.

შემიძლია მაგალითად მოვიყვანო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი მიწის, ბავარიის პარლამენტი, რომელსაც თავისი ძლიერი უფლებამოსილებებით შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობასა და განვითარებას არამარტო თავის რეგიონში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. მიწის პარლამენტს უფლება აქვს აქტიურად ჩაებას მიწის მთავრობის დაკომპლექტებასა და კონტროლში. მის კომპეტენციაში შედის: აირჩიოს მიწის მინისტერ-პრეზიდენტი (მთავრობის თავჯდომარე). თანხმობა მისცეს მინისტერ-პრეზიდენტს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი მთავრობის წევრების დანიშვნაზე. მიწის მინისტერ-პრეზიდენტს მხოლოდ ბავარიის პარლამენტის თანხმობით აქვს უფლება მთავრობის ესა თუ ის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. რაც შეეხება ბავარიის მიწის პარლამენტის დათხოვნას, ეს მხოლოდ პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი; ასევე პარლამენტის თავჯდომარის მიერ მიწის მინისტერ-პრეზიდენტის გადადგომის ან სიკვდილის შემთხვევაში, თუ მიწის პარლამენტმა ოთხი კვირის განმავლობაში არ დაამტკიცა მთავრობის ახალი მეთაური; და ბოლოს, ბავარიის მიწაზე მცხოვრები ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ბავარიის კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
გერმანიის კონსტიტუცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი უფლებები მისცეს გერმანიის მიწების პარლამენტებს, მაგრამ, ამასთან, იტოვებს მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია გააკონტროლოს ამა თუ იმ მიწის საკანონმდებლო უფლებამოსილება, თანაც ისე, რომ ისინი არ შეზღუდოს. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო კონტროლი ისაა, რომ მიწის პარლამენტების მიერ მიღებული აქტები ფედერაციულ კანონებთან წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდეს.

ასევე საინტერესოა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოხატული აღფრთოვანება ესპანეთის ასიმეტრიული ფედერაციის მიმართ.
ხელისუფლებას, რატომღაც ავიწყდება ფაქტი, რომ ესპანეთის, როგორც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი მძლავრი დემოკრატიული ქვეყნის სიძლიერის უპირობო წინაპირობას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი უფლებამოსილებებით აღჭურვილი რეგიონები წარმოადგენენ.

ამ რეგიონებს ძალუძთ გაატარონ პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები და ამგვარად ხელი შეუწყონ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, არა მარტო რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

ბუნებრივია, აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისა და რუსული აგრესიის ფონზე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებმა, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, დაკარგა რეგიონული არჩევნების ფორმატი. ქართული და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად.

პირადად ჩემთვის, ჩემი ქვეყნის სიძლიერე მისი ძლიერი რეგიონებით იწყება, მოცემულ შემთხვევაში, ქმედუნარიანი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოთი, რომელსაც ძალუძს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარება, შეეძლება რეგიონის მოსახლეობას შეუქმნას სათანადო პირობები განვითარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციისთვის.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ასეთი სტატუსის მიღება მხოლოდ პოლიტიკური რეფორმების პროცესის დაწყებით, სამართლებრივ პრინციპებზე აგებული საარჩევნო კანონმდებლობითა და ქვეყნის მართვაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი. ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს ეს ყველასათვის უტყუარი რეალობა. სხვა შემთხვევაში, მას კვლავ თავისი უფლებამოსილებებით მკვდარ ორგანოსთან მოუწევს თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამოჯანსაღების პროცესს ვერანაირად ვერ დაეხმარება.


No comments: